ლევ ტოლსტოი - კარმა

რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში და მე შენში; რათა ისინიც ერთნი იყვნენ ჩვენში“.
იოანე: XVII, 21.

პანდუ, მდიდარი ოქრომჭედელი ბრაჰმანთა კასტიდან, თავის მსახურთან ერთად ბენარესში მიემართებოდა. გზაში დარბაისლური გარეგნობის ბერს წამოეწია, რომელიც იმავე მიმართულებით მიდიოდა და თავისთვის გაიფიქრა: „ამ ბერს კეთილშობილური და წმინდა სახე აქვს. კეთილ ხალხთან ურთიერთობას ბედნიერება მოაქვს; თუ ისიც ბენარესში მიდის, შევთავაზებ ჩემთან ერთად წამოვიდეს ჩემი ეტლით“. იგი ბერს მოწიწებით მიესალმა და ჰკითხა, საით მიემართებოდა, და როცა გაიგო, რომ ბერი, რომელსაც ნარადა ერქვა, ასევე ბენარესში მიდიოდა, თავის ეტლში მიიწვია.

– მადლობას მოგახსენებთ თქვენი სიკეთისთვის, – უპასუხა ბერმა ოქრომჭედელს, – მე მართლაც გამტანჯა ხანგრძლივმა მოგზაურობამ. რადგან საკუთრება არ გამაჩნია, არ შემიძლია ფულით დაგაჯილდოოთ, მაგრამ შესაძლოა, სამაგიერო რაიმე სულიერი განძით მოგაგოთ იმ მოძღვრებიდან, რაც საკია მუნმა, ნეტარმა დიდმა ბუდამ, კაცობრიობის მასწავლებელმა დაგვიტოვა.

მათ ერთად განაგრძეს გზა ეტლით და პანდუ სიამოვნებით ისმენდა ნარადას ჭკუის სასწავლებელ სიტყვებს. ერთი საათის შემდეგ ისინი მიადგნენ იმ ადგილს, სადაც გზა ორივე მხრიდან წალეკილი იყო და მიწათმოქმედის ფორანი გატეხილი ბორბლით გზას ღობავდა.

დევალა, ფორნის მფლობელი, ბენარესში მიდიოდა თავისი ბრინჯის გასაყიდად და ჩქარობდა, მეორე დილამდე ჩაესწრო. რომ დაეგვიანა, შესაძლოა, ბრინჯის შემსყიდველებისთვის ვეღარც მიესწრო, რომლებიც მათთვის საჭირო რაოდენობის ბრინჯის შეძენის შემდეგ ქალაქიდან გადიოდნენ.

როდესაც ოქრომჭედელმა დაინახა, რომ გზას ვეღარ გააგრძელებდა, თუ მიწათმოქმედის ფორანს არ გადაათრევდნენ, გაბრაზდა და უბრძანა მაგადუტას, თავის მსახურს, გვერდზე გადაეტანა ფორანი, ისე, რომ ეტლს გასვლა შესძლებოდა. მიწათმოქმედი ეწინააღმდეგებოდა, რადგან მისი დატვირთული ფორანი ხრამთან ახლოს იდგა და შეიძლებოდა მთელი ბრინჯი დაფანტულიყო, ვინმე უხეშად რომ შეხებოდა, მაგრამ ოქრომჭედელს მისი მოსმენაც არ სურდა და თავის მსახურს გზის გათავისუფლება უბრძანა. მაგადუტა, საოცრად ძლიერი ადამიანი, რომელსაც ხალხის აბუჩად აგდება სიამოვნებდა, თავის ბატონს დაემორჩილა და მთელი ფორანი გადააყირავა. როდესაც პანდუმ გზის გაგრძელება დააპირა, ბერი გადმოვიდა მისი ეტლიდან და თქვა:

– მაპატიეთ, ბატონო, იმის გამო, რომ გტოვებთ. მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ თქვენი სიკეთით ნება დამრთეთ ერთი საათი თქვენივე ეტლით მემგზავრა. გატანჯული ვიყავი, როცა ერთად მგზავრობა შემომთავაზეთ, მაგრამ ახლა თქვენი თავაზიანობის წყალობით დავისვენე.

ამ მიწათმოქმედში ერთ-ერთი თქვენი წინაპრის განსხეულება შევიცანი და სხვა არაფრით შემიძლია დაგაჯილდოოთ, თუ არა იმით, რომ მას დავეხმარო გასაჭირის დროს.

ოქრომჭედელმა გაოცებით შეხედა ბერს.

– თქვენ ამბობთ, რომ ეს მიწათმოქმედი ერთ-ერთი ჩემი წინაპრის განსხეულებაა, მაგრამ ეს შეუძლებელია.

– მე ვიცი, – უპასუხა ბერმა, – რომ თქვენთვის უცნობია ის რთული და მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებიც ამ მიწათმოქმედის ბედთან გაკავშირებთ, მაგრამ უსინათლოს თვალისჩინს ვერ მოვთხოვთ და ამიტომ სინანული მიპყრობს, რომ საკუთარ თავს ვნებთ, და შევეცდები დაგიცვათ იმ ჭრილობებისგან, რომლებიც თქვენს თავს გინდათ მიაყენოთ.

მდიდარი ოქრომჭედელი საყვედურებს არ იყო ჩვეული. მან იგრძნო, რომ ბერის სიტყვები, თუმცა კი დიდი სიკეთით იყო ნათქვამი, გულისმომწყვლელ საყვედურს შეიცავდა და უბრძანა თავის მსახურს, მაშინვე გზა გაეგრძელებინათ.

ბერი მიესალმა დევალა-მიწათმოქმედს და დაეხმარა მას ფორნის შეკეთებასა და გაბნეული ბრინჯის აკრეფაში. საქმე სწრაფად მიიწევდა წინ და დევალამ გაიფიქრა:

„ეს ბერი, ალბათ, წმინდა ადამიანია, – მას თითქოს უხილავი სულები ეხმარებიან. ვკითხავ, რატომ მომექცა ის კაცი ასე სასტიკად“.

და მან თქვა:

– ღირსეულო ბატონო! ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ, რისთვის განვიცადე უსამართლობა იმ ადამიანისგან, ვისთვისაც ცუდი არაფერი გამიკეთებია?

ბერმა უპასუხა:

– ძვირფასო მეგობარო, ეს უსამართლობა არ ყოფილა, თქვენ მხოლოდ ახლანდელ არსებობაში განიცადეთ ის, რაც ამ ოქრომჭედელს წინა ცხოვრებაში გაუკეთეთ. და მე არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ თქვენც იმავეს გაუკეთებდით, მის ადგილზე რომ ყოფილიყავით და ასეთივე ძლიერი მსახური გყოლოდათ.

მიწათმოქმედმა მართლაც აღიარა: ძალაუფლება რომ ჰქონოდა და სხვა ადამიანს მისთვის გზა გადაეღობა, ისევე მოექცეოდა, როგორც ოქრომჭედელი მოექცა მას, და ამას სულაც არ ინანებდა.

ბერი და მიწათმოქმედი უკვე ბენარესს უახლოვდებოდნენ, როცა დამფრთხალი ცხენი უცებ განზე გახტა.

– გველი, გველი! – შესძახა მიწათმოქმედმა.

ბერი დააკვირდა საგანს, რამაც ცხენი დააფრთხო, სწრაფად გადმოვიდა ფორნიდან და დაინახა, რომ ეს ოქროთი სავსე ქისა იყო.

„მდიდარი ოქრომჭედლის გარდა ამას სხვა არავინ დაკარგავდა“, – გაიფიქრა მან, ქისა აიღო, მიწათმოქმედს მიაწოდა და თქვა:

– აიღეთ ეს ქისა და როცა ბენარესში იქნებით, მიბრძანდით სასტუმროში, რომელსაც მიგითითებთ, იკითხეთ ოქრომჭედელი პანდუ და ქისა გადაეცით. იგი ბოდიშს მოგიხდით თავისი უხეშობისთვის, მაგრამ უთხარით, რომ აპატიეთ და წარმატებებს უსურვებთ საქმიანობაში, რადგან, მერწმუნეთ, რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს, ეს მით უკეთესი იქნება თქვენთვის. თქვენი ბედი მრავალმხრივ არის დამოკიდებული მის ბედზე. თუკი პანდუ განმარტებას მოგთხოვთ, მაშინ იგი მონასტერში გამოგზავნეთ, სადაც მე ყოველთვის მზად ვიქნები რჩევით დავეხმარო, თუკი ასეთი რამ დასჭირდება.

პანდუ ამასობაში ჩავიდა ბენარესში და მალმექას – თავის სავაჭრო პარტნიორს, მდიდარ ბანკირს შეხვდა.

– დავიღუპე, – შესჩივლა მალმექამ, – და ვერც ვერაფერს ვაკეთებ. დღესვე უნდა ვიყიდო ერთი ურემი საუკეთესო ბრინჯი მეფის სამზარეულოსთვის. ბენარესში ერთი ჩემი მეტოქე ბანკირია, რომელმაც, როცა გაიგო, რომ მე პირობა მივეცი მეფის ვეზირს, რომ დღეს დილით ერთ ურემ ბრინჯს მივუტანდი, ჩემი ჯიბრით ბენარესის მთელი ბრინჯი შეისყიდა. მეფის ვეზირი აუცილებლად მომთხოვს პირობის შესრულებას და ხვალ ჩემი აღსასრული დადგება, თუ კრიშნა ზეციდან ანგელოზს არ გამომიგზავნის.

იმ დროს, როცა მალმექა თავის უბედობას მისტიროდა, პანდუმ ქისაზე იკრა ხელი. როდესაც

მთელი თავისი ეტლი მოჩხრიკა და მას ვერსად მიაგნო, თავის მსახურ მაგადუტაზე მიიტანა ეჭვი და პოლიციელებს უხმო, მსახურს ბრალი დასდო, გაკოჭა და სასტიკად აწამებდა, რათა როგორმე გამოეტეხა. გატანჯული მაგადუტა სასტიკად ყვიროდა:

– მე უდანაშაულო ვარ, გამიშვით! ამ წამებას ვეღარ ვიტან! ბრალი არაფერში მიმიძღვის და სხვისი ცოდვის გამო ვისჯები! ოჰ, რომ შემეძლოს პატიება ვთხოვო იმ მიწათმოქმედს, ვისაც ჩემი ბატონის გულისთვის ბოროტად მოვექეცი! ეს წამება, ალბათ, სასჯელია ჩემი სისასტიკისთვის.

იმ დროს, როდესაც პოლიციელები მსახურს სცემდნენ, მიწათმოქმედი სასტუმროში მივიდა და ყველას გასაოცრად, ქისა პატრონს ჩააბარა. მსახური მაშინვე გაათავისუფლეს, მაგრამ თავისი ბატონით უკმაყოფილო, გაექცა მას და ყაჩაღებს შეუერთდა, რომლებიც მთებში ცხოვრობდნენ. როდესაც მალმექამ გაიგო, რომ მიწათმოქმედს საუკეთესო ბრინჯი ჰქონდა, რომელიც მეფის სუფრასაც კი დაამშვენებდა, მაშინვე იყიდა მთელი ფორანი სამმაგ ფასად, ხოლო პანდუმ, რომელიც ფულის დაბრუნებით იყო გახარებული, მონასტერს მიაშურა, რათა ბერისგან დაპირებული განმარტება მიეღო.

ნარადამ თქვა:

– მე შემიძლია აგისხნათ, მაგრამ ვიცი, რომ თქვენ ვერ გაიგებთ სულიერ ჭეშმარიტებას და ამიტომ დუმილს ვამჯობინებ, თუმცა ზოგად რჩევას მოგცემთ: ყოველ შემხვედრ ადამიანს ისევე მოექეცით, როგორც საკუთარ თავს, ემსახურეთ მას ისევე, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგემსახურონ. ასე კეთილ საქმეთა თესლს ჩაყრით და მისი მდიდარი სამკალიც არ დაახანებს.

– ოჰ, ამიხსენით! – თქვა პანდუმ, – და მაშინ უფრო ადვილად მივყვები თქვენს რჩევას.

და ბერმა მიუგო:

– მაშ, მომისმინეთ, მე საიდუმლოს გასაღებს მოგცემთ: რომც ვერ ჩასწვდეთ, გჯეროდეთ იმის, რასაც გეტყვით. თუ საკუთარ თავს განცალკევებულ არსებად ჩათვლით, ამით თავს მოიტყუებთ და ის, ვინც ამ განკერძოებული არსების ნებას ასრულებს, ცრუ რჩევას მიჰყვება, რაც მას ცოდვის უფსკრულში გადაჩეხავს. ის, რომ თავს განცალკევებულ არსებად ვთვლით, იმის გამო ხდება, რომ ეშმას საფარველი აბრმავებს ჩვენს თვალებს და ხელს გვიშლის დავინახოთ ურღვევი კავშირი ჩვენს მოყვასთან, ჩვენი ურთიერთობა სხვა არსებათა სულებთან. მცირედმა უწყის ეს ჭეშმარიტება. დაე, შემდეგი სიტყვები იყოს თქვენი თილისმა:

„ის, ვინც ზიანს აყენებს სხვას, საკუთარ თავს ვნებს.

ის, ვინც ეხმარება სხვებს, სიკეთეს უკეთებს თავის თავს.

ნუ ჩათვლით თავს განცალკევებულ არსებად – და თქვენ ჭეშმარიტების გზაზე დადგებით.

მისთვის, ვისი მზერაც ეშმას საფარველითაა დაბინდული, მთელი სამყარო უამრავ პიროვნებად არის დაყოფილი. და ასეთ ადამიანს არ ძალუძს გაიგოს ყოველი ცოცხალის მიმართ ყოვლისმომცველი სიყვარულის მნიშვნელობა“.

პანდუმ უპასუხა:

– თქვენს სიტყვებს, კეთილშობილო ბატონო, დიდი მნიშვნელობა აქვს, და მათ დავიმახსოვრებ. მცირე სიკეთე, რაც ჩემთვის არაფერს ნიშნავდა, საბრალო ბერს გავუკეთე ბენარესში ჩემი მგზავრობის დროს, და აი, რა სასიკეთო აღმოჩნდა მისი შედეგები. მე დიდად ვარ თქვენგან დავალებული, რადგან უთქვენოდ არა მარტო დავკარგავდი ჩემს ქისას, არამედ ბენარესშიც ვერ მოვაგვარებდი იმ სავაჭრო საქმეებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაზარდეს ჩემი ქონება. გარდა ამისა, თქვენმა მზრუნველობამ და ბრინჯის ფორნის მოსვლამ განაპირობა ჩემი მეგობრის, მალმექას კეთილდღეობა. ყველა ადამიანმა რომ შეიმეცნოს თქვენი წესების ჭეშმარიტება, რამდენად უკეთესი იქნებოდა ჩვენი სამყარო, როგორ შემცირდებოდა ბოროტება და გაიზრდებოდა საერთო კეთილდღეობა! მე ვისურვებდი, რომ ბუდას ჭეშმარიტება ყველას გაეგო, და ამიტომ მინდა დავაარსო მონასტერი ჩემს სამშობლოში – კოლშამბიში და გთხოვთ მეწვიოთ, რათა იგი ბუდას მოსწავლეთა ძმობას მივუძღვნა.

გავიდა წლები და პანდუს მიერ დაარსებული კოლშამბის მონასტერი ბრძენი ბერების თავშეყრის ადგილად იქცა და ცნობილი გახდა, როგორც სახალხო საგანმანათლებლო ცენტრი.

ამ დროს მეზობელი ქვეყნის მეფემ, რომელმაც შეიტყო პანდუს მიერ დამზადებული ძვირფასი სამკაულების სილამაზის შესახებ, მასთან ხაზინადარი გაგზავნა, რათა ინდოეთის ყველაზე ძვირფასი თვლებით მორთული ბაჯაღლო ოქროს გვირგვინი შეეკვეთა.

როდესაც პანდუმ დაასრულა ეს სამუშაო, მეფის დედაქალაქში გაემგზავრა და იქ სავაჭრო საქმეების მოგვარების იმედით ოქროს დიდი მარაგი წაიღო. ქარავანს, რომელსაც მისი ძვირფასეულობა მიჰქონდა, შეიარაღებული ხალხი იცავდა, მაგრამ როდესაც მან მთებს მიაღწია,

ყაჩაღები მაგადუტას მეთაურობით (რომელიც მათი ატამანი გამხდარიყო) თავს დაესხნენ, დახოცეს მცველები და მთელი ოქრო და ძვირფასი ქვები ხელთ იგდეს. თავად პანდუ ძლივს გადარჩა. ამ უბედურებამ დიდი დარტყმა მიაყენა მის კეთილდღეობას: პანდუს სიმდიდრე მნიშვნელოვნად შემცირდა.

ოქრომჭედელი ძალზე დანაღვლიანდა, მაგრამ თავის უბედობას უდრტვინველად იტანდა, ის ასე ფიქრობდა: „მე დავიმსახურე ეს დანაკარგი იმ ცოდვებით, რაც ჩემს წინა ცხოვრებაში ჩავიდინე. ახალგაზრდობაში ხალხს სასტიკად ვექცეოდი; და თუ ახლა ჩემი ავი საქმეების ნაყოფს ვიმკი, ამაზე არც უნდა ვიწუწუნო“.

რადგანაც იგი ყველა არსების მიმართ გაცილებით კეთილი გახდა, თვლიდა, რომ ეს განსაცდელი გულის გასაწმენდად გამოადგებოდა.

წლები სწრაფად გადიოდა და ისე მოხდა, რომ პანტაკა, ახალგაზრდა ბერი და ნარადას მოსწავლე, კოლშამბის მთებში მოგზაურობის დროს ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში. რადგან მას არავითარი ქონება არ გააჩნდა, ყაჩაღთა ატამანმა მაგრად მიბეგვა და გაუშვა.

მეორე დილით პანტაკამ ტყეზე გავლისას ბრძოლის ხმა გაიგონა, მიჰყვა მას და ყაჩაღებს მოჰკრა თვალი, რომლებიც გააფთრებით ებრძოდნენ თავიანთ ატამანს – მაგადუტას.

მაგადუტა ძაღლებით გარემოცული ლომივით იგერიებდა მათ და ბევრი თავდამსხმელი მოკლა, მაგრამ მტრები ძალზე ბევრნი იყვნენ და საბოლოოდ იგი უგრძნობლად დაეცა მიწაზე, ჭრილობებით დაფარული.

როგორც კი ყაჩაღებმა იქაურობა დატოვეს, ახალგაზრდა ბერი მიწაზე მწოლიარე ადამიანებს მიუახლოვდა, მათი დახმარების სურვილით, მაგრამ ყველა ყაჩაღი უკვე მკვდარი იყო, მხოლოდ მათ მეთაურს ეტყობოდა სიცოცხლის ოდნავი ნიშანწყალი. ბერი მაშინვე გაემართა წყაროსკენ, რომელიც იქვე ახლოს მიედინებოდა, თავისი დოქი წყაროს წყლით აავსო და მომაკვდავს მიაწოდა.

მაგადუტამ თვალები გაახილა და სუსტი ხმით წარმოთქვა:

– სად არიან ეს უმადური ძაღლები, რომლებიც ბევრჯერ მიმიყვანია გამარჯვებამდე? უჩემოდ მალე დაიღუპებიან, ხაფანგში მომწყვდეული ტურებივით.

– ნუ ფიქრობთ თქვენს ამხანაგებზე და თქვენი ცოდვილი ცხოვრების თანამგზავრებზე, – თქვა პანტაკამ, – თქვენს სულზე იფიქრეთ და უკანასკნელ წუთებში გადარჩენის ის საშუალება გამოიყენეთ, რომელიც გეძლევათ. მოსვით წყალი, ჭრილობებს შეგიხვევთ. იქნებ, შევძლო კიდეც თქვენი გადარჩენა.

– ეს უშედეგოა, – უპასუხა მაგადუტამ, – მე განწირული ვარ; იმ არამზადებმა სასიკვდილოდ დამჭრეს. უმადური ნაძირალები! ისეთ დარტყმებს მაყენებდნენ, რომლებიც ჩემგან ისწავლეს.

– თქვენ იმას იმკით, რაც დათესეთ, – განაგრძო ბერმა. – თქვენი ამხანაგებისთვის სიკეთე რომ გესწავლებინათ, ისინიც სიკეთეს მოგიზღავდნენ, მაგრამ მათ მკვლელობას ასწავლიდით და ამიტომ კვდებით მათი ხელით.

– მართალია, – უპასუხა ყაჩაღთა ატამანმა, – მე დავიმსახურე ჩემი ხვედრი, მაგრამ ის იმის გამოა ყველაზე მძიმე, რომ ჩემი ავკაცობების ნაყოფი მომავალ გარდასახვებში უნდა მოვიმკა. მასწავლეთ, მოძღვარო, რა შემიძლია გავაკეთო ცოდვების შესამსუბუქებლად, რომლებიც ლოდებივით მაწევს.

და პანტაკამ მიუგო:

– ძირფესვიანად ამოძირკვეთ თქვენი ცოდვიანი სურვილები, გაანადგურეთ ბოროტი ვნებები და აავსეთ თქვენი სული სიკეთით ყველა არსების მიმართ.

ატამანმა თქვა:

– მე ბევრ ბოროტებას ვაკეთებდი და არ ჩავდიოდი სიკეთეს. როგორ შევძლებ თავი დავაღწიო უბედურების ბადეს, რომელიც ჩემი გულის ბოროტი ზრახვებისგან მოვქსოვე? ჩემი კარმა ჯოჯოხეთში ჩამიყვანს და ვერასოდეს დავადგები გადარჩენის გზას.

და ბერმა მიუგო:

– დიახ, თქვენი კარმა მომავალ განსხეულებებში იმ თესლის ნაყოფს მოიმკის, რაც თქვენ დათესეთ. ბოროტი საქმეების ჩამდენი თავს ვერ დააღწევს თავისი ავკაცობის შედეგებს. მაგრამ იმედს ნუ დაკარაგვთ: ყოველი ადამიანი შეიძლება გადარჩეს, ოღონდ იმ პირობით, თუ თავისი არსებიდან ყველა ცდომილებას აღმოფხვრის. ამის მაგალითად გიამბობთ დიდი ყაჩაღის –

კანდატას ისტორიას, რომელიც ცოდვების მოუნანიებლად მოკვდა და ისევ დაიბადა, ოღონდ ამჯერად ეშმაკად, ჯოჯოხეთში, სადაც თავისი ავი საქმეებისათვის უსაშინლეს ტანჯვა-წამებას განიცდიდა. ჯოჯოხეთში უკვე მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა და თავის განსაცდელს თავს ვერ აღწევდა, როდესაც ბუდა დედამიწაზე გამოჩნდა და გასხივოსნების ნეტარ მდგომარეობას მიაღწია. ამ ღირსსახსოვარ დროს სინათლის სხივმა ჯოჯოხეთში შეაღწია, ყველა ტანჯულში სიცოცხლის წყურვილი და იმედი გააღვივა და ყაჩაღმა კანდატამ ხმამაღლა შესძახა: „ოჰ, ბუდა, ნეტარო, შემიბრალე! საშინლად ვიტანჯები; და თუმცა ბოროტებას ჩავდიოდი, ახლა სიკეთის გზას მინდა დავადგე; მაგრამ უბედურების ბადეს ვერ ვაღწევ თავს; დამეხმარე, უფალო, შემიბრალე!“ კარმის კანონები ხომ ისეთია, რომ ბოროტ საქმეებს დაღუპვისკენ მივყავართ.

როდესაც ბუდას მოესმა ჯოჯოხეთში ტანჯული დემონის ვედრება, მასთან ობობა გაგზავნა, და ობობამ მიუგო კანდატას: „ჩემს აბლაბუდას ჩაეჭიდე და ჯოჯოხეთიდან ამოძვერი“. როცა ობობა მხედველობიდან გაქრა, კანდატამ აბლაბუდას სტაცა ხელი და ზევით აცოცდა. იგი მეტად მტკიცე გამოდგა და სახელოვანი ყაჩაღიც სულ ზემოთ და ზემოთ მიიწევდა. უცებ იგრძნო, რომ ძაფი შეირხა და აცახცახდა, რადგან აბლაბუდაზე სხვა ცოდვილებიც მოძვრებოდნენ. კანდატა შეშინდა; მან დაინახა, უწვრილესი აბლაბუდა როგორ დაიჭიმა დიდი სიმძიმისგან, თუმცა მთლიანობას ჯერ კიდევ ინარჩუნებდა. კანდატა აქამდე მხოლოდ ზევით იყურებოდა, ახლა კი ქვემოთ ჩაიხედა და თვალი მოჰკრა, რომ კვალდაკვალ ჯოჯოხეთის ბინადართა ურიცხვი ბრბო მიჰყვებოდა. „ეს ნაზი აბლაბუდა როგორ გაუძლებს მთელი ამ ხალხის სიმძიმეს“, – გაიფიქრა მან და შეშინებულმა ხმამაღლა დაიყვირა: „მოშორდით აბლაბუდას, ჩემია!“ და უცებ ძაფი გაწყდა და კანდატა ისევ ჯოჯოხეთში ჩავარდა. ცოდვილი ვნებები ისევ ცოცხლობდა კანდატას

სულში. მისთვის უცხო იყო სიმართლის გზისკენ სწრაფვის გულწრფელი სურვილი. ეს ლტოლვა აბლაბუდასავით ნაზია, მაგრამ იგი მილიონობით ადამიანს უძლებს, და რაც უფრო მეტი ადამიანი აცოცდება აბლაბუდაზე, მით უფრო გაუადვილდება თითოეულ მათგანს. მაგრამ როგორც კი ადამიანს გაუჩნდება აზრი, რომ „ეს აბლაბუდა ჩემია“, რომ ეს სიკეთე მხოლოდ მე მეკუთვნის და დაე, ნურავინ გაიზიარებს მას ჩემთან ერთად, ძაფი მაშინვე წყდება და შენ ქვევით ვარდები, განცალკევებული პიროვნების წინანდელ მდგომარეობაში; პიროვნების განკერძოება კი წყევლაა, ხოლო ერთობა – დალოცვა, ნირვანა საერთო ცხოვრებაა...

– დამეხმარეთ, რომ აბლაბუდას ჩავეჭიდო, – თქვა ყაჩაღების მომაკვდავმა ატამანმა მაგადუტამ, როდესაც ბერმა თხრობა დაასრულა, – და მე თავს დავაღწევ ჯოჯოხეთის უფსკრულს.

მაგადუტა რამდენიმე წუთით გაყუჩდა, აზრებს თავს უყრიდა, შემდეგ განაგრძო:

– მომისმინეთ, რაღაც მინდა გაგიმხილოთ. მე პანდუს მსახური ვიყავი, კოლშამბელი ოქრომჭედლის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან უსამართლოდ დამსაჯა, მისგან გავიქეცი და ყაჩაღთა მეთაური გავხდი. რამდენიმე ხნის წინ ჩემი მზვერავებისგან შევიტყვე, რომ იგი მთების გავლით მიემგზავრებოდა და გავძარცვე, ქონების დიდი ნაწილი წავართვი. მიდით ახლა მასთან და უთხარით, რომ მთელი გულით ვაპატიე ის შეურაცხყოფა, რაც უსამართლოდ მომაყენა, და მასაც ვთხოვ მაპატიოს, რომ გავძარცვე. როდესაც მასთან ვცხოვრობდი, მისი გული ქვასავით სასტიკი იყო და მე მისგან ვისწავლე ამპარტავნობა. გავიგე, რომ ახლა გულკეთილი გახდა და სიკეთისა და სამართლიანობის ნიმუშად თვლიან. არ მინდა, მას ვალში დავრჩე; ამიტომ გადაეცით, რომ მე შევინარჩუნე ოქროს გვირგვინი, რომელიც მან მეფისთვის დაამზადა, და

მთელი მისი განძი და ისინი მიწისქვეშეთში დავმალე. მხოლოდ ორმა ყაჩაღმა იცოდა ის ადგილი, ახლა ორივე მკვდარია; დაე პანდუმ შეიარაღებული ხალხი წაიყვანოს, მივიდეს იმ ადგილას და დაიბრუნოს თავისი საკუთრება, რომელიც მე წავართვი.

ამის შემდეგ მაგადუტამ აუხსნა, სად იყო ის მიწისქვეშეთი და პანტაკას ხელებში განუტევა სული.

კოლშამბიში დაბრუნებისთანავე ახალგაზრდა ბერი პანტაკა ოქრომჭედელს ეწვია და ყველაფერი უამბო, რაც ტყეში მოხდა.

პანდუ შეიარაღებულ რაზმთან ერთად ჩავიდა მიწისქვეშეთში და მთელი განძი წამოიღო, რომელიც იქ ატამანმა დამალა. მათ პატივით დაკრძალეს მაგადუტა და მისი მოკლული ამხანაგები, და პანტაკამ საფლავთან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:

„პიროვნება სჩადის ბოროტებას და თვითონვე იტანჯება მისგან.

პიროვნება თავს იკავებს ბოროტებისგან და ის იწმინდება.

სიწმინდე და უწმინდურობა პიროვნებას ეკუთვნის: არავის ძალუძს სხვისი განწმენდა.

ადამიანი თვითონ უნდა გაისარჯოს; ყველა ბუდა მხოლოდ მქადაგებელია“.

„ჩვენი კარმა, – თქვა კიდევ ბერმა პანტაკამ, – არ არის შივარას, ბრამას ან ინდრას, ან რომელიმე

სხვა ღმერთის მიერ შექმნილი, – ჩვენი კარმა ჩვენი ქცევების შედეგია.

ჩემი საქმიანობა არის საშო, რომელიც მე მატარებს, არის მემკვიდრეობა, რომელიც მერგება, არის წყევლა – ჩემი ბოროტი საქმეებისა და კურთხევა – ჩემს სიკეთეთა გამო. ჩემი საქმიანობა ჩემი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა“.

პანდუმ კოლშამბიში წაიღო მთელი თავისი განძი, ზომიერად სარგებლობდა თავისი ასე მოულოდნელად დაბრუნებული სიმდიდრით და მშვიდად და ბედნიერად განვლო დარჩენილი სიცოცხლე და როდესაც სიკვდილის წინ მასთან მისი ყველა ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი შეიკრიბა, პანდუმ ასე მიმართა მათ:

– საყვარელო შვილებო, სხვებს ნუ დასდებთ ბრალს თქვენს წარუმატებლობაში. თქვენი უიღბლობის მიზეზები საკუთარ თავში ეძიეთ. და თუ დაბრმავებული არა ხართ ამპარტავნობით, მიაგნებთ მას, ხოლო მისი პოვნით შეძლებთ ბოროტებას დააღწიოთ თავი. თქვენი უბედურების წამალი ისევ თქვენშია... გახსოვდეთ ის სიტყვები, რომლებიც ჩემი ცხოვრების თილისმა იყო:

„ის, ვინც ტკივილს აყენებს სხვას, საკუთარ თავს უკეთებს ბოროტებას.

ის, ვინც სხვას ეხმარება, თავის თავს შველის.

ნურავის გაუმხელთ თქვენს კეთილ საქმეებს და აღიარეთ ადამიანთა წინაშე თქვენ მიერ

ჩადენილი ცოდვები – და თქვენ დაადგებით სიმართლის გზას“.

1894

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, ნოველები, ტოლსტოი

ნახვა: 27

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აუტანელი ადამი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters