qwelly | literature | ჟურნალისტი | რომანი | პროზა | მოთხრობა |აკა მორჩილაძე

ჟურნალისტი


*პირველი ნაწილი*

       ის საღამოს გაზეთში მუშაობდა ყველაზე პატარა, ყველაზე ძაღლურ და ყველაზე დაბალხელფასიან თანამდებობაზე. კრიმინალურ შემთხვევათა რეპორტიორი იყო. რედაქციაში ხეირიანად არც იცოდნენ, ვინ იყო და რას წარმოადგენდა. ერთი იმას თუ გაიხსენებდნენ, რომ ოდესღაც დედაქალაქიდან გადმობარგებულიყო, რადგან იქ ხელი მოსცაროდა და ცხოვრების გამოსავალი, სახსარი და ხალისი ვერ ეპოვა. იმასაც ამბობდნენ, ცოლმა გამოაგდო სახლიდან, როგორც უიღბლო და უნიათოო. უნიათობისა მართლაც არაფერი ეტყობოდა. დედაქალაქის გაზეთებში ნამუშევარი, აქ ულაპარაკოდ მიიღეს, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ მას მუშაობის ახირებული ხერხები იზიდავდა.

       პოლიციელებთან ურთიერთობა ვერ ააწყო, ერთი სანდო კაციც კი ვერ გაიჩინა მათ შორის და ამიტომ ყოველი ახალი ამბის მოპოვებას შემოვლითი გზით ცდილობდა. ამბავს კი მოიპოვებდა ხოლმე, თუმცა სხვანი რომ ყველაფერს ერთი დარეკვით შეიტყობდნენ, მას ათასი რამის გაკეთება უხდებოდა, თუნდაც ძალიან უმნიშვნელო საქმის გამო. რედაქციაში ატყობდნენ, რომ ის ბევრს და ხშირად სვამდა. შემხმარი და ფერდაკარგული კაცი იყო, კარგად მოთელილი პიჯაკი და მამაკაცურად ნარეცხი და ნაუთოები პერანგები ეცვა. სამსახურში ცოტას ლაპარაკობდა, სათვალეს მოირგებდა და ისე მიუჯდებოდა საბეჭდ მანქანას. თვალები ყოველთვის დასიებული ჰქონდა, ან უძილობისგან, ან მეტისმეტი სმისგან. უბეში ყოველთვის ედო მეექვსედგალონიანი ბრტყელი მათარა და მალიმალ მოიყუდებდა ხოლმე.

ამბობდნენ, სადღაც გარეუბანში ცხოვრობსო.

იმ დილით, როცა წესისამებრ შეაბიჯა პოლიციის დეპარტამენტში, რათა მორიგე სერჟანტთან წინადღის შემთხვევათა ნუსხა მიეღო, რა თქმა უნდა, სასაფლაოზე მომხდარ მკვლელობას მიაქცია ყურადღება. მოკლულის ვინაობა დადგენილია? ჰკითხა სერჟანტს. არა, იყო მოკლე პასუხი: მოკლული ამ დილით იპოვეს.

დანით მოკლეს?

ტყვიით, განზე გაიხედა სერჟანტმა. აუცილებლად მჭირდება ვინაობა. გამომძიებელს ჰკითხეთ, იყო პასუხი: მაგრამ ჯერ დადგენილი არ არის. გამომძიებელიც არ არის. სასაფლაოზე წავიდა. გვამი აქ არის?

        აქ არის. მინდა ვნახო. არ შეიძლება. სისულელეს ნუ ლაპარაკობთ, აი, ჩემი მოწმობა. საბუთი მაგიდაზე დაუგდო და დერეფანს გაუყვა. ეშმაკმა წამიღოს, ფიქრობდა მერე: რა კარგად ვიცნობდი ამ კაცს. წიგნიც კი მაჩუქა ერთხელ, მესამე თუ მეოთხე შეხვედრისას. კარგი კაცი იყო. ჟურნალისტს გაახსენდა, როგორ წამოდგა ეს კაცი და ქუჩა გადაჭრა, სასტუმროს სადარბაზოში შევიდა ჩქარი ნაბიჯით. იქიდან მალევე გამობრუნებულს კი ხელში წიგნი ეჭირა. კაფეს პატრონ ქალს ფანქარი გამოართვა და იქვე წაუწერა: „დილის თანამეინახეს. აფრიკიდან“ წიგნი ახლაც სახლში ჰქონდა, თუმცაღა არ წაეკითხა. როგორღაც გული ვერ დაუდო, გადაფურცლა და მალევე მიივიწყა. აფრიკა არასოდეს უყვარდა. წიგნი შუა აფრიკის ერთი ტომის ცხოვრებას აღწერდა. უფრო სწორედ ამ ტომის მეფეთა დინასტიის თავგადასავალს. ისეთი ტომი იყო, რომ მეფეებად სულ ქალები ჰყავდათ. წიგნი მათი ამჟამინდელი დედოფლის ნაამბობს ეფუძნებოდა, „შïვი ვïრდი“ ერქვა და ზედ ულამაზომკერდიანი ზანგი დედოფალი ეხატა. ჟურნალისტი პარკსიქეთა უბანში ხშირად დადიოდა, ერთხანს კიდეც ცხოვრობდა იქ, თუმცა, სამსახურში ამის შესახებ არაფერი უთქვამს. არც უკითხავს ვინმეს, მაგრამ რომც ეკითხა, არ უპასუხებდა, რადგან საღამოს გაზეთი საკუთარ თავს რესპექტაბელურ დაწესებულებად მიიჩნევდა და ცირკის შორიახლოს დასახლებული თანამშრომლები არ სჭირდებოდა. თუმცა ჟურნალისტს ეს არ ედარდებოდა. ამგვარ უბნებს შეჩვეული იყო და თანაც გასამრჯელო, რომელსაც შემთხვევათა რეპორტიორისთვის იმეტებდნენ ასეთ გაზეთებში, სწორედ ასეთ უბნებში ცხოვრების საშუალებას იძლეოდა. მწერალიც იქ გაიცნო ჟურნალისტმა და მათი მეგობრობა მანამდე გაგრძელდა, სანამ ჟურნალისტმა ახალი, უფრო იაფი საცხოვრებელი ადგილი არ გამონახა. იმის შემდეგ სულ ორიოდეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ისიც შემთხვევით. ერთხელ დოღზეც გადაეყარნენ ერთმანეთს, სადაც ორივემ წააგო. მაშინ მწერალი როგორღაც უცნაურად გამოიყურებოდა, შლაპა თვალებზე ჩამოეფხატა და სკამზე ჩამოძინებული კაცივით ჩაექინდრა თავი... ჟურნალისტმა იფიქრა კიდეც, ვიღაცას ხომ არ ემალებაო. მაშინ უბრალოდ, ძველი ნაცნობებივით გამოელაპარაკნენ ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ ერთ ცხენზე დაედოთ ფსონი. სეზონის ბოლო რბოლა იყო. ხვალ უნდა წავიდე დოღზე, გაიფიქრა ჟურნალისტმა, „უდაბნოს პრინცი“ მოიგებს. ახლა კი სასაფლაოზე წავალ.

       ტრამვაიში იმ კაფეს სახელს იხსენებდა, მწერალს სადაც ხვდებოდა ხოლმე პარკსიქითა უბანში. იმ სასტუმროს „თეთრი საყელო“ ერქვა, კაფეს კი „კამპუსი“, თუ „ლანუსი“. თავად მწერალიც აპირებდა ამ უბნიდან დაძვრას. საერთოდ, საკვირველი იყო, რომ აქ ცხოვრობდა. ცხადი იყო, რომ ამ ქუჩაზე გაჭირვებას ანდა ხელჩაქნეულობას არ მოეყვანა. მისი ნაწერებიდან გამომდინარე, თითქოს რაღაცის გამოკვლევას აპირებდა. მოულოდნელი კი ის იყო, რომ კვლევა მშობლიურ ქალაქში წამოეწყო და თანაც – ხალხისთვის შეუმჩნევლად. იმას ვერ იტყოდი, რომ აქ მას სახეზე ცნობდნენ, მაგრამ ბევრი ნაცნობი რომ ეყოლებოდა, ლაპარაკი არ უნდოდა. ერთხელაც, დილით, მწერალმა უთხრა ჟურნალისტს, რომ აქედან გადასვლას აპირებდა. პატარა, მყუდრო ბინის ქირაობა სურდა სადმე, მოყუჩებულ ადგილას, რათა უკვე დაგეგმილ და მოფიქრებულ წიგნს ჩასჯდომოდა სიმშვიდეში. როგორც ამბობდა, წიგნის დასაწერად სამი თვეღა ჰქონდა დარჩენილი. დედაქალაქის მოზრდილ გამომცემლობასთან დადებული კონტრაქტი ახრჩობდა. ამ უბანში წერა შეუძლებელია. აქ ვერაფერს შექმნი. აქ რომ ცხოვრობ, წერა არ გინდება, რადგან ეს ყველაფერი რომანზე ან თავგადასავალზე ბევრად უკეთესი და ცოცხალია. ამიტომ აქაურობას უნდა მოშორდე, მაგრამ თან აქაურ ჰაერს უნდა გრძნობდე. გადავიდოდი სადმე კარგ სასტუმროში, მაგრამ ეგეთ ადგილებში ნაწერს ეგეთი ადგილების სუნი ასდის. „შავ ვარდს“ ნაირობიში ვწერდი, საუცხოოდ გამომივიდა. მაგრამ ახლა სხვაგვარი წიგნი მინდა დავწერო. მინდა ïმ უბანში სიყვარულის შესაძლებლობასა და მის ბოლოზე ვიფიქრო, თქვა მაშინ მწერალმა.

სიყვარულის შესაძლებლობაზე? თითქოს გაუკვირდა ჟურნალისტს.

       ჰო, აქ შესაძლებელია სიყვარული? რომეო და ჯულიეტა არ მაინტერესებს. მაინტერესებს ორი ჩვეულებრივი, ცხოვრებისგან ნაცემი ადამიანი, რომელიც აი, ამ საზიზღარ კაფეში გაიცნობს ერთმანეთს. საერთოდ რა არის გაცნობა? შემთხვევითობაა? რა მოჰყვება სექსს? ჩემთვის იოლია ორი მორგებული ხასიათის არჩევა. ამაზე იოლი არაფერია. მაგრამ ეს რომანი იქნებოდა. მე რომანი არ მინდა. მე არ ვწერ რომანებს. მე ნამდვილ თავგადასავლებს ვეძებ. გასაგებია, გაეღიმა ჟურნალისტს, მაგრამ ესეც ხელოვნურია. ალბათ, თქვენ რაღაც მახეებს აგებთ, რათა რაღაც მოვლენა გამოიწვიოთ. თქვენ მონაწილე ჩანხართ და არა მოთვალთვალე. თუნდაც ასე იყოს. მხოლოდ მე ვიცი, რომ ხელოვნურია. მაგრამ მე წესებს ვიცავ. თუმცა, ძალიან მიჭირს, ძალიან. თქვა მწერალმა: პასუხები არ არის. არავინ იცავს წესებს.

       უბრალო რეპორტიორი ვარ. ჩემთვის ძალიან ძნელია ეს, ხელები გაშალა ჟურნალისტმა. მე ცოლი მივატოვე შვიდი წლის წინათ, თქვა უცებ მწერალმა: ძალიან უცნაურად მივატოვე. მშვენივრად ვიყავით ერთად. მაგრამ ვერ გავუძელი ასეთ ჩვეულებრივ ურთიერთობებს. რაღაც ნაპერწკალი მინდოდა. ის რომ წასულიყო ასე, გამოვეკიდებოდი. მე წამოვედი და არ გამომეკიდა. ესე იგი, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. როცა მოვდიოდი, წერილი დავუტოვე. ვწერდი, გემშვიდობები-მეთქი, მაგრამ იმასაც ვწერდი, სად და რომელ საფოსტო კანტორებში მივაკითხავდი მის წერილებს. ის ვერ მიხვდა, რომ ეს სიყვარულის გამოცდა იყო. ანდა, მიხვდა და ასე ჩააბარა.

საინტერესოა, თქვა ჟურნალისტმა და კიდევ ერთი პორცია დაუკვეთა. თქვენ ბევრს სვამთ, შენიშნა მწერალმა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სმა ჩემი გამოცდა იყო, გაიცინა ჟურნალისტმა: ეს გამოცდა საერთოდ ვერავინ ვერ ჩააბარა. მწერალს გაეცინა. მეტიც, უნივერსიტეტიც კი დაწვეს.

        მართლა? ჰო, შინ მოვედი და არავინ დამხვედრია. კინაღამ ციხეში მოვხვდი. ჰო, გრძნობათა მართვა ძალიან ძნელია, თუმცა ამას ყოველთვის ვახერხებდი ასე თუ ისე. მწერალს ერთი სათხოვარი ჰქონდა. რახან გული დიდად არ მიუწევდა სხვა უბნებისაკენ, ხოლო გაზეთეBბში ამოკითხული განცხადებებით ხეირიანს ვერაფერს მიაკვლია, ჟურნალისტს სთხოვა, მოცალეობის ჟამს ან გზად, რომელიმე სამაკლერო კანტორაში შეევლო და იქაური სიები წამოეღო მისთვის. რამდენჯერმე მოუბოდიშა ამ თხოვნის გამო, თუმცა, ჟურნალისტმა ბოდიში არ მიიღო, მაინც მთელ ქალაქს ვუვლი ფეხით და ეგ რა გასაჭირიაო. ასე მოხვდა სამაკლერო კანტორში, სადაც ერთი ეშხიანი, ცალსაყურიანი ქალი უჯდა უბრალო მაგიდას. თუნდაც მათხოვარი იყო, ასეთ დაწესებულებებში მაინც ღიმილით მოგეგებებიან ხოლმე. მაგრამ ჟურნალისტმა გაიფიქრა, რომ საინტერესო იქნებოდა ამ ქალთან ერთად რაიმეს დალევა აქვე, ქუჩის მეორე მხარეს. წვრილი კანჭები ექნება, უთხრა თავის თავს და სცადა, მაგიდის ქვეშ ეს კანჭები შეეთვალიერებინა. მას უცებ გაახსენდა, რომ ძალიან მოენატრა ქალები, რომელთაც მატარებლით გამოექცა დედაქალაქიდან.

ბინის ქირაობას აპირებთ? მხიარული ქალი ჩანდა. ჩემი მეგობარი აპირებს. თქვენ კი არა? კრიზისის წლებში, როცა ჩვენს კანტორაში მოდიოდნენ, არასოდეს ამბობდნენ ბინის ყიდვა გვინდაო. სულ ასე ამბობდნენ, ჩემს მეგობარს უნდაო. ეტყობა, რცხვენოდათ, რომ იმ გაჭირვების დროს ფული ჰქონდათ. მე მაგ დროს დედაქალაქში ვცხოვრობდი, წაიბურტყუნა ჟურნალისტმა: გაზეთში ვმუშაობდი და იქ შედარებით უკეთ ვიყავით. თუმცა, ხორბლის სპეკულანტები კი მდიდრდებოდნენ. დედაქალაქში მუშაობდით? კი, იქაური ვარ. ჟურნალისტად? ასე იყო. კი მაგრამ, რას გამოექეცით იქიდან?

        სიყვარულს გამოცდებს ვუწყობდი, გაეცინა კაცს. ძალიან პირობითი რამე თქვით. ასეთი რამ არ არსებობს. ჩვენს დროში უფრო გატაცებები და სურვილებია, ვიდრე სიყვარული.დედაქალაქი დამღლელი ადგილია. თანაც, ჟურნალისტობა აქაც შესაძლებელია. საღამოს გაზეთში ვმუშაობ. მართლა? მე კი მეგონა, რომ უფრო ხეტიალი გიყვართ და ამ ქალაქშიც შემთხვევით მოხვდით. შემორჩით და ახლა ბინის დაქირავება გადაწყვიტეთ სამი თვით. შეცდომაა, მიუგო ჟურნალისტმა: ხეტიალი არ მიყვარს. მარადი მგზავრივით გაცვიათ. ეს ჩვეულებაა. ძველი ჩვეულება. პროფესიას ახლავს გაცვეთილი პიჯაკი. და დასიებული თვალები, არა? იხუმრა ქალმა. ოო, თვალებში ტკივილი გროვდება. გამოსასვლელი არა აქვს. რას ვიზამთ? ადამიანს ძალიან ცოტა ადგილი აქვს სხეულზე, საიდანაც რაღაცეების გამოშვება შეუძლია. თქვენ მართლა ჟურნალისტი ყოფილხართ. მხოლოდ ჟურნალისტებს უყვართ ასეთი რაღაცეების ლაპარაკი. ნებისმიერ სილამაზეს რაღაც ბზარს უპოვიან და იქიდან ექაჩებიან სიბინძურეებს. თავგადასავლები არ მიყვარს. პირიქით მგონია. თქვა ჟურნალისტმა: თქვენ ლაპარაკი გიყვართ, უცნობ ადამიანებთან რაღაცეების გარკვევა. თავგადასავალი კი აქედან იწყება. თქვენ მზად ხართ თავგადასავლისთვის? თითქოს გაუკვირდა ქალს. ერთადერთი, რისთვისაც ახლა მზად ვარ, ვისკის ორმაგი პორციაა, უთხრა ჟურნალისტმა: ქუჩის გადაღმა კაფეა, ახლა დაგტოვებთ და იქ ვიჯდები, სანამ თქვენ არ განთავისუფლდებით.

       ეს სერიოზულია? ჰკითხა ქალმა. ეს შემთხვევაა, შემთხვევა კი თავგადასავლის დასაწყისია. თამაშის დასაწყისი. თამაში ნამდვილად შეიძლება, ხალისიანად მიუგო ქალმა. მერე, როცა ყავას სვამდნენ ქალთან, პაწაწინა სამზარეულოში, მასპინძელი ამბობდა: თავიდან ბოლომდე ბოთლს ჰგავხარ. უცნაურია, არა? არ მინახავს ვინმე, რომ ასე ჰგავდეს ბოთლს. საიდან მოიტანე? მარტინის ბოთლს ჰგავხარ. წითელი მარტინის ბოთლს. მხოლოდ ფსკერზე რომაა დარჩენილი რაღაც წითელი და დავიწყებული. კაცმა ყავა მოსვა და წამოდგა. შენ კიდევ კატას ჰგავხარ, არ გვინდა იმაზე ფიქრი, ვინ რას ჰგავს. შემოვივლი ხოლმე, თუ არ გაგაბრაზებს ეს ამბავი. არა, რატომ... შეიძლება ხშირად შემოვიარო, შეიძლება თვეობით არ გამოვჩნდე. ის გამიკვირდებოდა, რაიმე სხვაგვარი რომ გეთქვა. არც ვაპირებ ხელშეკრულების გაფორმებას. მეც ან დაგხვდები, ან არა. უცნაურია, თქვა კარისაკენ მიმავალმა: ძალიან უცნაური. საერთოდ არ მხსომებია, რა და როგორ. სამაგიეროდ, სმა გეხერხება, დაადევნა ქალმა სმა გამოგდის ლამაზად. ისე სვამ, როგორც ჰემფრი ბოგარტის გმირები.

       დაქანცული ხალხი ვართ. ვინა? მე და ჰემფრი ბოგარტის გმირები. სასაფლაოზე მისული ჟურნალისტი დარაჯს გადაეყარა. მას მორიგეობა დაესრულებინა და შემცვლელთან ერთად იჯდა ჯიხურის წინ. რამდენ ხანს უნდა ველოდო? ამბობდა ნაწყენი და იაფფასიან ჩიბუხს ექაჩებოდა: უკვე მთელი საათია, რაც შევიდნენ და ჯერაც არ ჩანან. რაც გავიგონე, დილითვე ვუთხარი. თერთმეტის ნახევარია და არ მისაუზმია. ვის სიამოვნებს უზმოზე მოწევა? უკვე მეორედ მოვიდნენ. ჩვენ წავალთ და მალევე დავბრუნდებით. აქედან ფეხი არ მოიცვალოთო. რას ნიშნავს ფეხი არ მოიცვალოთ? პოლიციელები არიან? წვიმას იწყებს, ისინი კი ისევ იქ არიან. ერთი მელოტი, სამხრეთელი და მეორე მაღალი, მისი თანაშემწე. რამდენჯერ უნდა დამკითხონ? გასროლა არ გამიგონია. რაღაც ხმაური გავიგონე და მორჩა. ჟურნალისტი საფლავებს შორის მიდიოდა. ერთი ბილიკი ამოირჩია და იმით დაადგა დარაჯებისგან ნასწავლ გზას. არეული ნაბიჯით მიდიოდა ჯვრებსა და ქვებს შორის. ვინ მოიგონა საფლავებზე ნიშნების დადება? ფიქრობდა ჟურნალისტი: რას ნიშნავს წარწერები, რომ აქ წევს ესა და ეს? გვამისთვის ხომ სულერთია, სად წევს? მას ცოცხლებისთვის თუ აქვს მნიშვნელობა, თორემ მკვდრებისთვის – არანაირი. მკვდრები სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობენ. ორ ცაცხვს შუა, მარჯვენა მხარეს მან დაინახა მერხზე ჩამომჯდარი ორი კაცი, რომლებიც აუჩქარებლად აბოლებდნენ სიგარეტს და ხმადაბლა ლაპარაკობდნენ. გამარჯობათ. მე საღამოს გაზეთიდან ვარ, უთხრა ჟურნალისტმა: აქ მოხდა ის ამბავი? ჟურნალისტები საფლავშიაც არ მოგასვენებენ, წაიბურტყუნა მაღალმა. ასეა, გაეცინა მოსულს: მე ვიცნობდი მოკლულს. მეც შემიძლია გიამბოთ რაღაც, თუ თქვენ მიამბობთ.

მელოტმა თავი გადააქნია.

       მოკლულის ვინაობა ჯერ არ დაგვიდგენია და საიდან იცით, რომ თქვენი ნაცნობი იყო? ვიცანი. გვამი ნახეთ? ვნახე. მწერალი იყო. შარშან რამდენჯერმე შევხვდი. მაგრამ ასე არ გამოვა. ეგებ თქვენც მითხრათ რაიმე. ჩვენ რა უნდა გითხრათ? გაუკვირდა მაღალს: აი, ამ საფლავის ქვაზე ეგდო. დილით მებაღემ იპოვა. ამ საქმეში ქალია გარეული? ჰკითხა უცებ ჟურნალისტმა. საიდან მოიტანეთ? რა ვიცი, ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკულია. მოღრუბლული დილა სასაფლაოზე. ორი ჩაფიქრებული კაცი. წინა ღამით კი მწერალი მოკლეს ზუსტად ამ ადგილას. ქალი აუცილებლად იქნებოდა, სასაფლაოზე თუ არა, ცხოვრებაში მაინც... ეგებ თავი მოიკლა? დამხვდურებმა ერთმანეთს გადახედეს. გამორიცხულია? ეგებ თავი მოიკლა. თუ, რა თქმა უნდა, იარაღი იპოვეთ. აქ იყო იარაღი? მელოტი თითქოს არც უსმენდაო, განზე იყურებოდა.

       იყო იარაღი? პატარა, მონიკელებული რევოლვერი, რომელსაც სულ თან ატარებდა, აქ ეგდო? იცრუა ჟურნალისტმა. გამომძიებელმა ამოიოხრა. ვხედავ, არ გსიამოვნებთ ჩემი აქ ყოფნა, მაგრამ ასეთი ხელობა მერგო, გაიცინა ჟურნალისტმა: კარგად ბრძანდებოდეთ. საღამოს გაზეთი წაიკითხეთ. და გატრიალდა და წავიდა, გაჰყვა მოკირწლულ ბილიკს. წყეული ლოთი, გადააფურთხა თანაშემწემ. არ ვიცნობ, თქვა გამომძიებელმა. ათაშანგივით კაცია, ვერ მოიშორებ, თუ ერთხელ შემოგეჩვია. სულ სასმელის სუნი ასდის. ლოთს არ ჰგავდა. ნეტავი მართალი თქვა? მაგათ ათასი ხერხი იციან, რომ რაიმე გამოგტყუონ. ო, მაგრამ ჩვენთან მუშაობენ, ტყუილი კი არ გამოადგებათ. ხვალაც ხომ უნდა მოვიდნენ? რევოლვერზეც ზუსტად თქვა. ეს კალიბრია. თქვენს ადგილას რომ ვიყო, ახლავე დავაკავებდი და დავკითხავდი. მართლაც ცუდად მენიშნა, რევოლვერზე რომ ჩამოაგდო სიტყვა. ნუ ცხარობ. მართლა თუ იცნობდა და მართლა თუ მწერალია, გასაკვირი რაღაა. წაიკითხე საღამოს გაზეთი და იქიდან გიპასუხებს ყველაფერს.

       მაგრამ საღამოს გაზეთში არაფერი ეწერა. უფრო სწორედ, ჟურნალისტმა მოკლულის ვინაობაც კი არ გაამხილა, თუმცა, მშვენივრად იცოდა, რომ დილის გაზეთები პირველ გვერდებს ააჭრელებდნენ, მწერალი მოუკლავთო. ბევრი რამ რომ იცოდა, რედაქტორისთვის არ გაუმხელია. უთხრა, საღამოს პირზე უკვე ყველაფერი მეცოდინება, მაგრამ საგაზეთოდ აღარ მოესწრებაო. ასე იმიტომ მოიქცა, რომ როგორღაც არ მოუნდა, თავისი ძველი ნაცნობი ჩვეულებრივ საგაზეთო სტატიაში ჩვეულებრივად მოეხსენიებინა. მეორე საღამოსთვის კი ნამდვილ ბომბს ააფეთქებდა, რადგან შეატყო, გამომძიებელი გვიან საღამომდე არ გაამხელდა მოკლულის ვინაობას, რაც დილის მეგაზეთეებს ხელ-ფეხს შეუბორკავდა და იმავე დღეს რაიმე მნიშვნელოვნის მოჩხრეკას ვეღარ მოახერხებდნენ. მხოლოდ ვინაობის გამხელა კი, აბა, რა დიდი საქმე იყო. სამაგიეროდ, თვითონ ერთ-ორ ამბავს გადაამოწმებდა და მოზრდილ სტატიასაც გამოაცხობდა. რედაქციიდან გამოსულმა კაფეში შეირბინა და ლიმონჩაწურული არაყი გადაჰკრა, მერე დიდი სანდვიჩი იყიდა ქუჩის კუთხეში და პარკის კიდეზე ჩამომჯდარმა შეჭამა. საერთოდ ცოტას ჭამდა, მაგრამ სალმონის სანდვიჩი კი უყვარდა. თევზს ხომ უცნაური უნარი აქვს, ყოველთვის ცინცხალი იყოს. სანდვიჩი მიირთვა, ერთი გააბოლა და მერე პარკის ყვითელ ნაპირს გაუყვა იმ უბნისაკენ, სადაც გასულ შემოდგომაზე ცხოვრობდა. მთავარ ქუჩაზე პირდაპირ პარკიდან გავიდა, ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც კვარცხლბეკზე ძველი, ცისკენ ლულააპრეხილი ზარბაზანი იდგა, რომელსაც ამ უბანში ძალიან ცუდ სახელს ეძახდნენ. ღამღამობით ზარბაზანთან ხალხი იკრიბებოდა ხოლმე: მეძავები და უქონელი, მოლაზღანდარე ბიჭები. ბBიჭები ცდილობდნენ რაიმე ნაძლევზე გამოეწვიათ მეძავები, ეჯობნათ და ამით რაღაცა გამოეტყუათ. ჟურნალისტი ერთი ვიწრო ჩიხისკენ მიდიოდა, სადაც ადრე ასევე მეძავები იდგნენ, ოღონდ ისეთები, რომელთა შეთვალიერებაც კი გაუჭირდებოდა კაცს. ისინი ღატაკთა და უქონელთა მეძავები იყვნენ და სადარბაზოების ვიწრო კარებთან ატუზულიყვნენ. კლიენტი ამ ჩიხში ცოტა იყო, გამვლელი – კიდევ უფრო ცოტა. წივილ-კივილი მაშინ ატყდებოდა ხოლმე, როდესაც ვინმე უცხო, რომელმაც აქაურობისა ბევრი არაფერი იცოდა, ჩიხში შეაბიჯებდა. მეძავები ასეთების გაძარცვის ოსტატები იყვნენ, გარბოდნენ და უჩინარდებოდნენ. სექსის ადგილად სადარბაზო ჰქონდათ და საკმარისი იყო, ერთს გაეძარცვა ვინმე ფულის წინდაწინ გადახდის დროს, რომ ყველანი უჩინარდებოდნენ. სწორედ ამ ჩიხში, ერთ-ერთ ბნელ ბარში, იჯდა ხოლმე კაცი, რომელსაც ჟურნალისტი ეძებდა. ეს კაცი ჩუმ-ჩუმად ჰაშიშსაც ყიდდა და, როგორც ამბობდნენ, უიაფეს მეძავთა მეთაურიც იყო. ჟურნალისტი ადამიანთა იმ მცირერიცხოვან გუნდში ჩაითვლებოდა, ვისაც ამ კაცთან საუბრის გაბმა შეეძლო. ამგვარი პატივი კი იმიტომ დაემსახურებინა, რომ ერთხელ, საპოლიციო ალყის დროს, რაც ასე ხშირი იყო პარკსიქითა უბანში, პოლიციელთათვის შეუმჩნევლად მისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა. მადლობის ნიშნად, სუტენიორს მისთვის მუქთა ქალი შეეთავაზებინა, მაგრამ უარი მიეღო, რასაც კიდევ უფრო გაეოცებინა. მან ხომ არ იცოდა, რომ ჟურნალისტი ქალებს ერიდებოდა. მაშინ სუტენიორს ეთქვა, თუკი ჩემი მოკლე ენა ოდესმე რამეში დაგჭირდეს, მეგობრად მიგულეო და იშვიათად, ჟურნალისტი შეუვლიდა ხოლმე მას ბნელ და საზიზღარ ბარ „კონტრაში“, რომელიც, როგორც ჩანდა, სწორედ ამ კაცს ეკუთვნოდა.

       სუტენიორი ახლაც ბარში დაუხვდა. მაგიდაზე შლაპა ედო და გაუპარსავი და გამოუძინებელი იყო. რას დალევ? ჰკითხა უხალისოდ. დილიდან ლიმნიან არაყზე ვარ, მიუგო ჟურნალისტმა. უცნაურია. მეც, ჭიქას დახედა მასპინძელმა. ახალი რა არის? ახალი... არც არაფერი. ყველანი კვდებიან. „თეთრი საყელოს“ პატრონესა კვდება. უგონოდაა. ქმარი კი გამუდმებით კანაბისს ეწევა. ის იდიოტი, სიმპატიური კაცი?

        ჰო, ამერიკელი. ისიც მოკვდა... უფრო სწორედ, მოკლეს. მაგათი მდგმური. მწერალი. მწერალი? ჩაფიქრდა სუტენიორი: როდის? წუხელ. ამ დილით მკვდარი იპოვეს სასაფლაოზე. გულში ერთი ტყვიით. მიბჯენით. მგონი ეგ კაცი სასტუმროს გაყიდვას აპირებს. ერთადერთი მდგმურიც მოკლა და ახლა ცოლსაც კლავს. კიდევ სამი გოგო ცხოვრობს მათთან, მაგრამ ისინი იოლად იშოვიან ბინას. ეგ მწერალი კარგად არ მახსოვს. კი მინახავს, კაფეში, სწორედ სასტუმროს წინ, მაგრამ არ ვიცნობდი. ჰო, სხვა რამეები უფრო აინტერესებდა, თქვა ჟუნალისტმა და არაყი მოსვა. ეტყობა, ხელჩაქნეული კაცი იყო, ყოველთვის რაღაც ისე იჯდა. თითები სულ თამბაქოსგან ჰქონდა ჩაყვითლებული. არა. ეგეთს თამაშობდა. ასეთი როლი სჭირდებოდა. როლში იყო. იმიტომაც კვდებიან. იგონებენ რაღაცნაირ ცხოვრებას და მერე ვეღარ ერევიან. ეგ როგორ არის, იცი? ბანქოში ფულის მოგება რომ გადაწყვიტო და თამაშს გზადაგზა სწავლობდე. მე კი ეგ საქმე კისერზე მაწევს. მოგეხსენება, გაზეთი სწორედ ამგვარი რამეებისთვისაა მოგონილი. დილიდან დავდივარ და ხეირიანი ვერაფერი შევიტყვე. ერთი იმას ვხვდები, რომ უქალოდ არაფერი მოხდებოდა, რადგან ბოლო დროს... ფარაონები რას გეტყვიან? ფარაონების მოდგმა ხომ... ხელი აიქნია სუტენიორმა: წამოდგა და დახლისაკენ წავიდა. ნიანგის ტყავის, ფოლადით გაწყობილი მოკლეყელიანი ჩექმები ეცვა. დახლთან ჩამოდგა და ტელეფონს გადასწვდა. ეი, მე ვარ, მოესმა ჟურნალისტს: რას საქმიანოBბ? ეგებ გვეწვიო. ჩვენთან, რა თქმა უნდა. სიბნელე საჭიროა. ბარია, კაფე ხომ არა? კარგი, ბევრს ნუ ლაპარაკობ. მოდი, საქმე მაქვს. ოც წუთში ბარში ქალი შემოვიდა. ჟურნალისტი იცნობდა მას, მის კაფეშიც ნამყოფი იყო. იგი ორმოცს იმიტომ თუ გადასცდენოდა, რომ უფრო მიმზიდველი და ეშხიანი გამხდარიყო. ბარის მრუმე სინათლეში მთლად საოცარი ჩანდა, მაღალი და სავსე. ხავერდის შემოტკეცილი კაბა და ალბათ ვარდისფერი საგაზაფხულო პალტო ეცვა. ხშირი თმა ეფინა ამ პალტოს საყელოზე. რას დალევ, ჰკითხა სუტენიორმა: ამას ხომ იცნობ? ქალმა კეთილად შეხედა ჟურნალისტს და თქვა: როგორ არა. შენგანაც მსმენია. რა სალაპარაკოა, მოიბოდიშა ჟურნალისტმა. თუმცა, ჩემთან არასოდეს ყოფილხართ. ჩემს კაფეში არ მახსოვხართ. ამ უბანში აღარ ვცხოვრობ, თუმცა... არა, ჩემთან არ დადიოდით. ალბათ, ძალიან იშვიათად. ეგებ ჩემი მეგობარი დადიოდა თქვენთან? მეგობრებისა რა მოგახსენოთ. არავის უთქვამს, რომ თქვენი მეგობარია. მისმინე, შეაწყვეტინა სუტენიორმა: მისმინე... წუხელ ის კაცი მოუკლავთ, „თეთრ საყელოში“ რომ ცხოვრობდა. ეგებ რამე გვიამბო მის შესახებ? სწორედ იმაზე გეუბნება, ჩემი მეგობარი იყოო. ქალმა თავი ჩაღუნა.

       ერთხანს ასე იყო. თქვენ ისევ საღამოს გაზეთში მუშაობთ? ჰკითხა ბოლოს. სხვა სამუშაო არ არის. გახსოვდეს, ამ კაცს სხვა ღირსებებიც აქვს, თქვა სუტენიორმა. ამის შეხსენება არ მჭირდება. სამწუხაროა, რომ მოუკლავთ. ძალიან სამწუხარო. თუმცა, რა იცით, რომ მოუკლავთ? ჟურნალისტმა მხრები აიჩეჩა. დალიე რამე, ქვრივო, გაუმეორა მასპინძელმა. არ მინდა. იცით, რას გეტყვით? მე ვიცნობდი. ბოლო დროს ხშირად შემოდიოდა ჩვენთან. ლაპარაკის ოსტატი იყო. პირდაღებული მოუსმენდი. ვიცი, მეც ვიცნობდი, თან კარგად.გუშინწინ სასტუმროს პირდაპირ, კაფე „ლანუსში“ იჯდა ვიტრინასთან. რახან ვიცნობდი, შევედი და მოვიკითხე. მეც მიყვარს ვიტრინასთან ჯდომა სხვის კაფეში. მან კი ვახშმად დამპატიჟა. იტალიურ რესტორანში წავიდეთო. კიდევ კარგი, სხვას მოუკლავს, თორემ მე მომიწევდა მისი მოკვლა, ჩაიცინა სუტენიორმა. შენ ვერ მოკლავდი, თქვა ქალმა: არ იყო შენი ყალიბის კაცი. სულ სხვანაირი კაცი იყო. სხვა სამყაროდან. აქ რა ჯანდაბა უნდოდა? წიგნის დაწერას აპირებდა, აუხსნა ჟურნალისტმა: რაღაც ურთიერთობებს ეძებდა. სიმართლე გითხრა და, აღარც მეგონა, თუ აქ ცხოვრობდა. უკვე შემოდგომაზე ეძებდა მყუდრო ბინას კარგ უბანში. რატომღაც აქ დარჩენილა. ჩანს, კიდევ იკვლევდა რაღაცეებს. ეგეთი ხალხის არაფერი მესმის. მე მგონი, მდიდარი კაცი იყო, თქვა ქალმა: საკმაოდ მდიდარი. სასტუმროში, სადაც ცხოვრობდა, პატრონებს მისი ვალი ჰქონდათ. სასტუმროს პატრონი ქალია, მაგრამ ქმარი ნამდვილი შეშლილი ჰყავს. ლამაზი ქალი იყო. კიბომ დაადნო. ვიცი, თავი დაუქნია ჟურნალისტმა: ვიცი. თქვენ გგონიათ, რომ ის ქმარი რაიმეს გაუბედავდა და მის მოკვლას გადაწყვეტდა? მე მოვკლავ ერთხელაც იქნება, ჩაურთო სუტენიორმა. არა, ვერაფერს გაუბედავდა, რადგან ქმარს არავინ არაფერს ეკითხებოდა, სანამ ქალი ფეხზე იდგა. ერთი კვირაა წევს. მე მგონია, რომ ქალს ეგ მწერალი შეუყვარდა. თავისი ოცნებების ამხდენი დაინახა მასში. თვითონ ოდესღაც ვარიეტეში ცეკვავდა. მისი ქმარიც იჩემებდა მწერლობას და ალბათ ამიტომაც გაჰყვა. გაჰყვა კი არა, მოიყვანა. ვიღაც გიჟი, მაწანწალა ამერიკელი. რამდენი წელიწადია ასე იყო და უცებ, ეს მწერალი გამოჩნდა. ნამდვილი მწერალი. მაგრამ რაღა გამოუვიდოდა, მან ხომ იცოდა, რომ სასიკვდილოდაა ავად.

       ეგებ რაღაცის მოსწრებას შეეცადა? ჰკითხა ჟურნალისტმა: ეგებ თავზე ხელი აიღო? არ ვიცი. მისი სიკვდილი დღეების ამბავია. გუშინ უკანასკნელად მოვიდა ექიმი. ამბობენ, გონს ვეღარც მოვაო. ქმარი კი დააბოტებს გალეშილი და უწმაწურ ანეკდოტებს ჰყვება. სასტუმრო ისედაც გაკოტრებულია, ვირთხები დარბიან. მეძავები მხოლოდ იმიტომ შემორჩნენ, რომ თითქმის არაფერს იხდიან. კლიენტის მიყვანაც კი ძალიან უხერხულია. კი მაგრამ, გამოცოცხლდა სუტენიორი: რომ დაგპატიჟა, რა უთხარი? მირჩევნია, აქვე ყავაზე დამპატიჟოთ-მეთქი. და მართლაც დამპატიჟა ყავაზე. ნახევარი საათი მაინც ვისხედით იქ, მერე კი მე წამოვედი. სისულელეა, არა, როცა შენი კაფე გაქვს და სხვისი კაფესკენ მიგიწევს გული. რატომღაც მომწონს. ის ისე კარგად ლაპარკობდა, რომ ძნელი იყო არ მოგესმინა. ცხოვრებაზე ლაპარაკობდა. საერთოდ, გულღია კაცი ჩანდა, პირდაპირ ამბობდა ყველაფერს, ოღონდ ძალიან რბილად. ყველაზე უხერხულ რამესაც ისე შემოგთავაზებდა, რომ არ გეწყინებოდა. უხერხული რა შემოგთავაზა? ჩაეკითხა სუტენიორი. მე არაფერი, მერეღა ვფიქრობდი, რაიმე ურთიერთობის გაბმას ხომ არ აპირებდა-მეთქი, რადგან ბოლოს მოუხშირა ჩვენთან სიარულს და, მგონი, ჩემი გულისთვის მოდიოდა იქ..

       ეს რა ამბები მესმის, გადაიხარხარა მასპინძელმა: ხედავ, მეგობარო? ქალს ვიღაც ახირებული მწერალი მართმევდა. ის სხვა სამყაროდან იყო, აქ საჭიროებისთვის ცხოვრობდა და შენ ვერაფერს დააკლებდი, რადგან, როცა მოუნდებოდა, მაშინ აიკრავდა გუდანაბადს. შენ კი ვერ აიკრავ. რაღაცას დაეძებდა, წაიბურტყუნა ჟურნალისტმა და წამოდგა: მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ, ქალბატონო. ძველ მეგობრებს არაფერს ვუმალავთ, ხელი გაუწოდა სუტენიორმა: იმიტომ რომ, ვიცით, ძველი მეგობრები ნამდვილი კაცები არიან. ჟურნალისტს ჩაეცინა და ქალს მიმართა: არ იფიქროთ, რომ სადმე თქვენი სახელი გამოჩნდება. დიდი მადლობა. ნახვამდის, უთხრა ქალმა: ახლა კი დავლევდი რამეს. წვიმდა, მაგრამ სინათლემ მაინც თვალი მოსჭრა. თავჩაღუნულმა, სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა უშნო მეძავებს და მთავარ ქუჩაზე გამოვიდა. წამით შედგა და იქით გაიხედა, სადაც სასტუმრო „თეთრი საყელო“ ეგულებოდა. თითქოს დააპირა კიდეც იქით წასვლა, მაგრამ მერე საყელო წამოიწია და პარკისაკენ გაძუნძულდა. პირველი ადგილი, სადაც წვიმას შეაფარა თავი, პარკს აქეთ წიგნის მაღაზია იყო. წიგნის მაღაზიის პირობაზე საკმაო ხალხს მოეყარა თავი. ცხადია, წვიმის გამო. თითქმის ნახევარ საათს იყო იქ და წინაღამით მოკლულის რამდენიმე წიგნსაც გადააწყდა. ერთხანს ორჭოფობდა, მაგრამ მერე მაინც იყიდა ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც „წმინდა ელენე, იმპერატორის უკანასკნელი სამეფო“ ერქვა. წიგნს არაბუნებრივად გასუქებული ბონაპარტი ეხატა. მართლა ბევრს მოგზაურობდა, გაიფიქრა ჟურნალისტმა: მაგრამ რად მინდა ეს წიგნი? ჯანდაბას, ვიცი, რადაც მინდა, იფიქრა მერე და გარეთ გამოვიდა.

       მოედნისკენ მოდიოდა წვიმაში. გზად თევზის მაღაზიაში შეიარა. წვიმა კი მაინც არ წყდებოდა. საჩუქრებით მოვედი, უთხრა ქალს, როდესაც მან კარი გაუღო: წიგნი და სალმონი მოგიტანე. ამ წიგნის ავტორი წუხელ მოკლეს, სალმონი კი ალბათ უფრო ადრე. არ გელოდი, უხალისოდ უთხრა ქალმა: არ მიყვარს ასეთი ამინდი. ჩვენ არ ვირჩევთ ამინდს, ამინდი გვირჩევს, შენიშნა მან: რაიმე ამინდის შესაბამისი უნდა მოხდეს, როცა ასეა. რა უნდა მოხდეს, ჰკითხა ქალმა: მაღაზიაში უნდა წავიდე და წვიმაში გასვლა მეზარება. იცი, რა არ მიყვარს? როცა გაზაფხული მოვა, ლაბადა რომ უნდა ჩაიცვა. ვეღარ ვითმენ ზაფხულამდე. ესე იგი, ზაფხული გიყვარს. რამდენ საინტერესოს წააწყდები კაცი სხვის სახლში. მე მგონი, ქურდობის სურვილი აქედან იბადება. ეს ფირფიტა... შეიძლება დავდო? დადე, უთხრა ქალმა: რა არის? „შავი ვარდი“, თქვა კაცმა: იცი, რა არის უცნაური? აი, ეს წიგნი რომ მოვიტანე, ამავე მწერალმა დაწერა რაღაც, აფრიკელებზე, „შავი ვარდი“ ჰქვია. ამინდის შესაბამისი ისტორიაა. ამინდის და სალმონის. ყველა მკვდარია და შავი ვარდები მოიტანეს.

       არც ისე ცუდ გუნებაზე ყოფილხარ, ფირფიტა დადო კაცმა და ჩამრთველს დააჭირა თითი: აჰ.. აჰ.. ძველი ნაცნობი, მღელვარე წლები. ფლეიტაც როგორ ეშველება. გახსოვს, არა? გაეცინა ქალს: საშინელი დღეები იყო. ცხოვრების წესი იყო ერთ დროს. რატომ იყო საშინელი დღეები? იყო, თქვა ქალმა: ჩემთვის იყო. მაშინ სხვა წესი იყო, ამიტომაც გადაგხდა რაღაც. ახლა როგორი ცხოვრების წესია? ჰკითხა ქალმა და ბოთლი გამოიღო კარადიდან. ახლა არაფერს აქვს დასასრული, ამოიოხრა კაცმა. ამ დროს კაკუნი გაისმა. ჩუ, თქვა უცებ ქალმა: ჩუ... და ჩურჩულით დაუმატა: აკაკუნებენ, მე კი არ გავაღებ. ძალიან კარგი, ღიმილით წაიჩურჩულა კაცმა: მაგრამ ვინ არის? არ ვიცი, ხელი გააქნია ქალმა: შენი „შავი ვარდით“ გავაცილებთ. უფრო ბრაზიანად დააკაკუნეს, მერე კი ყველაფერი მიჩუმდა. თუ ვინმეს ელოდი, გეთქვა და წავიდოდი, თქვა კაცმა.  რა სისულელეა? არავის ველოდი, მაღაზიაში ვაპირებდი წასვლას. ესე იგი ამინდის შესაფერისი ისტორიის გაგრძელებაა, არა? რაც გინდა ის იყოს, აირია ქალი: არ გეჩვენება, რომ სულელურად მოხვედი? ალბათ, მაგრამ წვიმა იყო და მაღაზიაში შევედი. სხვანაირად აღარ გამოვიდოდა. ესეც არ იყოს და შენ ხომ თამაში გიყვარს? თამაში მიყვარს, თქვა ქალმა ცივად. შაბათს დოღია. გინდა წავიდეთ, დოღზე? დოღზე მივდივარ, ოღონდ უკვე შევუთანხმდი. სხვას დავპირდი, რომ წავყვებოდი, უთხრა ქალმა. ოოო, თუკი დაპირდი... მე მაინც წავალ და ეგებ იქ გნახო.

       მაინცდამაინც ნუ მომძებნი. ეს თხოვნაა? არა, მაგრამ, მაინც. ძებნა უწესობაა. არ არის ლამაზი, როცა ქალს ეძებ, მით უმეტეს მაშინ, როცა სხვასთან ერთადაა დოღზე. თუ ასეა, კარგი. არ მოგძებნი, შორიდან შეგათვალიერებთ. გვათვალიერე, რამდენიც გინდა. როცა კაცმა წასვლა გადაწყვიტა, ქალმა სთხოვა: მოიცა, მეც მოვდივარ. მიყვარს საღამოობით მაღაზიებში გავლა. ერთი ეს ნახე, კაცს ყვითელი ყვავილების პატარა თაიგული ეჭირა ხელში: სახელურში იყო გაჩრილი. რა ჰქვია ამ ყვავილს?მომეცი ეგ თაიგული, ნაჩქარევად უთხრა ქალმა და ყვავილები სამზარეულოსკენ წაიღო. ეს თაიგული ჟოკეის ხომ არ უნდა აჩუქოთ? ჰკითხა კაცმა და აღარ დალოდებია, ისე დაეშვა კიბეზე. მეორე დღეს, დილით კვლავ საპოლიციო დეპარტამენტში მივიდა. შემთხვევები გადმოიწერა წიგნაკში და რედაქციაში დაბრუნდა, დიდ სამსართულიან სახლში, რომელიც ჯერ კიდევ პირველ ომამდე აეშენებინათ. დღეს ზაფხული მოვიდა, თქვა ოთახში შესვლისას და საბეჭდ მანქანას მიუჯდა. შუადღემდე უკაკუნებდა ღილაკებს. მერე კი ხმაურით ამოაძრო უკანასკნელი ფურცელი მანქანიდან და თქვა: არ ვიცი, დაჭირდებათ თუ არა ამგვარი რამ, მაგრამ მაინც გავაკეთე. რომანების წერა დაგიწყია, ჩაიხითხითა თანამშრომელმა: შეშლილივით აკაკუნებდი. რომანებს ადრე ვწერდი. ახლა რომანების დამწერებზე ვწერ. უფრო საინტერესოა, უთხრა მხიარულად და ქაღალდები წამოკრიფა მაგიდიდან. პირველ გვერდზე დაბეჭდავენ, თქვა ოთახში შემობრუნებულმა: ძლივს ვიღაც ისეთი მოკლეს ამ ქალაქში, კვლავ ჩაიქირქილა თანამშრომელმა. ვიღაც ისეთი, პირველ გვერდზე რომ დაბეჭდონ. მე ვიცნობდი, მას. ოღონდ ადრე. მაშინ სულაც არ წერდა წიგნებს. ერთად ვსწავლობდით ლიცეუმში. მეც ხომ აქ დავიბადე და გავიზარდე.

       მართლა? სამჯერ გაიქცა სახლიდან. სამჯერვე დააბრუნეს. უფრო სწორედ თვითონვე ბრუნდებოდა. მერე სახელსა და გვარს იცვლიდა ხოლმე. იცი, რას აკეთებდა? სხვა ლიცეუმში მივიდოდა იქ ადრიდანვე შეთანხმებულ ბიჭთან და მის სახელსა და გვარს ირქმევდა. მასწავლებელი რომ გამოიძახებდა, იმ ბიჭის გვარით გადიოდა. მერე სკანდალი ტყდებოდა და გამორბოდა იქიდან. მკვლელობის ამბავი რომ შევიტყვე ამ დილით, პირველი ეგ ვიფიქრე, ეგებ თვითონ არ იყოს, ეგებ თავისი პასპორტი ვიღაცას გაუცვალა-მეთქი. მაგისგან ბევრი რამ იყო მოსალოდნელი. გამიკვირდა კიდეც, რომ ისევ აქ ცხოვრობდა. აუცილებლად უნდა მივიდე დაკრძალვაზე, ბოლოს და ბოლოს ერთ ლიცეუმში ვსწავლობდით.

       ჟურნალისტს აღარაფერი უკითხავს, მხოლოდ თქვა: დღეს ძალიან კარგი ამინდია. ეს კი ხვალინდელი დოღისთვის სასარგებლოა. ტოტალიზატორში რიგი დადგება. „უდაბნოს პრინცზე“ უნდა დავდო ფული, თუმცა ბევრს ვერაფერს მოვიგებ. მთელი ქალაქი „უდაბნოს პრინცზე“ დებს ფულს. მერე წიგნაკი ამოიღო უბიდან და კედლის ტელეფონთან მივიდა. გამარჯობათ, მე საღამოს გაზეთიდან ვარ. ვიცი, რომ თქვენთვის ახლა სამძიმოა ლაპარაკი და ჟურნალისტებთან ურთიერთობა, მაგრამ ეგებ შეძლოთ და სულ ათი წუთი დამითმოთ? თქვენს ყოფილ მეუღლეს მეც კარგად ვიცნობდი, მაგრამ არა მგონია, რომ თქვენზე კარგად იცნობდა ვინმე... მესმის, რა თქმა უნდა, მესმის, მაგრამ ახლა მის ჯიბრზე რაიმეს თქმას აზრი აღარ აქვს. ეს სამწუხარო ამბავი ყველაფერს ამთავრებს. მხოლოდ ათ წუთს წაგართმევთ. ტელეფონითაც შემეძლო ამის შეკითხვა, მაგრამ თუ ძალიან არ შეგაწუხებთ... ო, დიახ, გმადლობთ, ო დიახ. რა თქმა უნდა. გმადლობთ... ქვრივს ნათელი ბინა ჰქონდა. ფანჯრის რაფაზე კაქტუსებით გამოტენილი ქოთნები იდგა. სათვალიანი ქალი იყო, სქელი წინდებით, ღამის ხალათში გამოხვეული დააბიჯებდა ხალიჩაზე. სასმელიც კი შესთავაზა. ეტყობოდა, მართლა წუხდა, განიცდიდა ამ მკვლელობას, მაგრამ ამას საგულდაგულოდ მალავდა.

       არ გიცდიათ, რომ დაკავშირებოდით მას შემდეგ, რაც მიგატოვათ? არ მიცდია. რაღაც სულელური ქალაქების საფოსტო მისამართები მომდიოდა ხოლმე... თქვენ სამხრეთელი ხართ? არა. დედაქალაქში დავიბადე. ჰო, დიდი სისულელე იქნებოდა, რომ მიმეწერა ან გავკიდებოდი. თუ მართლა უნდოდა, რომ მომეძებნა, რატომ არ შემატყობინა, რომ ბოლო დროს აქ ცხოვრობდა? აქ უცხოვრია ზაფხულის შემდეგ. გამომძიებელმა მითხრა. ერთხელაც არ შემხვედრია სადმე, თუმცა, სად უნდა შემხვედროდა. ის ხომ უჩინმაჩინი იყო. უცებ აორთქლდებოდა ხოლმე. სიმართლე გითხრათ და ამ დილით ისიც შევიტყვე, სად უცხოვრია. ერთ საშინელ სასტუმროში. ვიღაც ყვითელპალტოიანი უცხოელი მომადგა, ყოვლად საზიზღარი და თავხედი კაცია. ჩემოდანი დააგდო ბინის კართან. იმ სასტუმროს პატრონი ყოფილა, სადაც ის ცხოვრობდა. ჩემოდანს არ ვიტოვებდი, მაგრამ დააგდო და თქვა, ჩვენ ანგარიში გავასწორეთ და არ თქვათ, რომ რაიმე მოვიპარეო. ყველაფერი გავიგე, რად მინდა მისი ჩემოდანი? რა ჯანდაბად მინდა ეს ნივთები? ყველაფერი გადავყარე, ამან კი ხელახლა მომიტანა. შეიძლება ჩემოდანი ვნახო? მაპატიეთ, მაგრამ არ შეიძლება. გამოძიებაში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ მაქვს. მე ხომ გამომძიებელი არ ვარ.თქვენ უარესი ხართ, ჟურნალისტი. თქვენი ნებაა, მაგრამ ამ ჩემოდანს გამომძიებელი მაინც მოგთხოვთ. სასტუმროში ხომ მივა? ქალმა სიგარეტს მოუკიდა და თქვა:არავის საქმე არ არის მისი საცვლები და პერანგები. მე გადავყრი. თქვენ თუ გრძნობთ, რომ ეჭვს თქვენზეც მოიტანენ? ჰკითხა უცებ კაცმა და გაიფიქრა, აი, რატომ გამექცა თვალი კედლის საათისკენ. კარგი იქნებოდა, დამელია რამე. ერთი ყლუპი მაინც. მოიტანონ, თქვა ქალმა: ისე, გამომძიებელი სამხრეთელია და სულ ოჯახის ამბები აინტერესებს. სამხრეთელები ოჯახს იქეთ იშვიათად იყურებიან. იმიტომ გკითხეთ, საიდან ხართ-მეთქი.

       დიდად მადლიერი ვარ, სასმელი რომ შემომთავზეთ. შეიძლება რამე დავლიო? რაც გნებავთ. თქვენით აირჩიეთ. კაცმა ვისკი აირჩია. სმა არ უყვარდა, არა? ბოთლის შორიახლოს ყოფნა უფრო უყვარდა. მთავარ საქმედ წერა მიაჩნდა. სწორიცაა. ვისი რა საქმეა, როგორ იქცევა მწერალი? ეგეც უთქვამს. ნუთუ არ გაინტერესებთ, ვინ მოკლა? რა მნიშვნელობა აქვს? ამას სიმშვიდე მოაქვს. თქვენ კი ალბათ ღელავთ. მე უძილობა მტანჯავდა. დღემდე წამლებით ვიძინებ... მომისმინეთ, ამ ყველაფრის გაზეთში დაწერას აპირებთ? რა თქმა უნდა არა, კაცმა მორიდებული პორცია დაისხა და ქვრივს შეხედა. სიმართლეს გეტყვით. ამ საღამოს ჩემი წერილი გამოქვეყნდება მომხდარის შესახებ. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ბევრი არ იცნობდა მას ისე, როგორც მე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გულახდილი ურთიერთობა გვქონდა. დღეს სასტუმროში ვიყავი და შევიტყვე, რომ მისი პირადი ნივთები თქვენ გადმოგცეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჩემოდნის ნახვა. ამიტომაც მოვედი. ანუ ჩემი მოსვლის ნამდვილი მიზეზი სწორედ ეგ ჩემოდანია, თორემ თქვენი ქმრის შესახებ იმდენი რამ ვიცი, რომ ნამდვილად არ შეგაწუხებდით. ამიტომაც გთხოვთ, მანახეთ ჩემოდანი და მერე გნებავთ გადააგდეთ, გნებავთ გამომძიებელს მიართვით. ვისკი ამისათვის დაგჭირდათ? თითქოს წამოწითლდა ქალი: ძალიან მოხდენილად სვამთ. გიხდებათ კიდეც. ნამდვილი პროფესიონალი ჩანხართ. ეს ერთადერთი რამაა, რასაც ვახერხებ, გაეცინა ჟურნალისტს. ასე იყოს, თქვა ქალმა და ოთახიდან გავიდა. ჩემოდანი არცთუ დიდი იყო, მუქი მწვანე ფერისა, ისეთები, ყველგან რომ იყიდება. ქალი ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. არც კი მოუხედავს კაცისკენ, რომელიც ფრთხილად ალაგებდა ჩემოდნიდან ნაჩქარევად ჩატენილ სამოსს. ჩემოდნის ჯიბეში ორიოდე კალმისტარი და საპარსი მოწყობილობის ზოგიერთი ნაწილი ეყარა. ცისფერი პერანგის ჯიბეში რაღაც ქვითრები ეწყო. ოთხად გაკეცილი სამრეცხაოს ქვითრები. იქვე იყო მოკლე სიგარები. საერთოდ, ყველაფერს თამბაქოს სუნი უდიოდა. ეტყობა იმიტომ, რომ სიგარები პირდაპირ ჩაყარეს ჩემოდანში. ნახეთ? ჰკითხა უცებ ქალმა. ის წიგნის დაწერას აპირებდა. სულ რაღაცეებს ინიშნავდა ყვითელფურცლებიან წიგნაკში. პარკსიქეთა უბანშიც ამიტომ დასახლდა. მაგრამ წიგნაკი აქ არ არის. ვერაფერს მოგახსენებთ, თქვა ქვრივმა: არ მივკარებივარ მაგ ჩემოდანს. თქვენ მართალი ხართ, ყველაფერს გამომძიებელს ვეტყვი. ეგებ ისე უთხრათ, რომ მე არ მახსენოთ, თქვა კაცმა და ნაჩქარევად შეკრა ჩემოდანი: კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. განუზომლად გმადლობთ იმისათვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. ერთიც დალიეთ, უთხრა ქალმა: მომწონს, როგორც სვამთ, თითქოს წყალი გწყურიათ, ისე იყუდებთ ჭიქას. გმადლობთ, საკმარისი იყო, უთხრა კაცმა და ჰოლისაკენ წავიდა. რა უნდა ეპოვა იმ უბანში? ვერაფერს იპოვიდა. დაადევნა ქალმა. ალბათ. ალბათ ვერ იპოვა რაც სჭირდებოდა, შედგა სტუმარი: შემოდგომაზევე უნდოდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ დარჩა. რატომ დარჩა? ქალმა მხრები აიჩეჩა.

       ქვრივისგან წამოსული ჟურნალისტი მოედნისკენ წავიდა და იქ ერთ-ერთ კაფეში შევიდა. ხურდა მოიძია ჯიბეში და ტელეფონთან მივიდა. ეს მე ვარ, თქვა მხიარულად: მივხვდი, რომ არ შეიძლება ზარის გარეშე შენთან მოსვლა.ძალიან კარგი, მოესმა იქიდან: რა გინდა? შემოგივლიდი, თუ, რა თქმა უნდა, უკვე დოღზე არა ხარ. ერთი აზრი მომივიდა. ურიგო აზრი არ უნდა იყოს. რას იტყოდი, ვახშმად რომ დამეპატიჟე? ვნახოთ, მოდი, უპასუხა ქალმა: მოდი, ვერ მოგიშორებს ადამიანი. ასეთი რა დრამა იყო? სად? იქ, წინა ცხოვრებაში. ვითომ ვერ გავიგონე, თქვა კაცმა: ყვითელი ყვავილები წამოვიღო? არ არის საჭირო, ისედაც მოიტანენ.

„შავი ვარდი“ ჩართე. უკვე ახლოს ვარ, მოედანზე.ცხრა საათი სრულდებოდა, როდესაც იტალიურ რესტორანში მივიდნენ. უცნაური წყვილი ჩანდა. კაცს უბრალოდ ეცვა, ეტყობოდა, რომ დიდად არ ზრუნავდა ტანსაცმელზე. ქალი მშვენივრად გამოიყურებოდა: პრიალა ცისფერი ჩანთით ხელში, საზაფხულოდ გამოწყობილი. კაცი დიდად არ ეტანებოდა ღვინოს, სანამ შეკვეთილს მოიტანდნენ, ორი ჭიქა გრაპა დალია და იმით გადიოდა იოლას. რა საინტერესოა, ფიქრობდა ქალი, როგორ ცოცხლობს? არაფერი აქვს ხელჩასაჭიდი ამ მძიმე სასმელების გარდა.

       კაცი კი ხითხითებდა. ეს საოცარი რამ არის. უცნობი ყვითელი ყვავილებით. ისევ მოვიდა და ისევ ზარის გარეშე. მგონი, რაღაც თავგადასავალში გავეხვიე. ასე გიყვარს ეგ ყვავილები? სულაც არ მიყვარს. უბრალოდ, ასე გამოვიდა. ასე გამოვიდა. ძალიან საინტერესოა. როგორ იწყება ამბები? აი, ახლა, ჩვენ რომ ტაქსი ვიქირაოთ და სასაფლაოზე წავიდეთ, რა გამოვა? სისულელე. არაფერიც არ გამოვა, თქვა ქალმა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიქირავებთ ტაქსს და სასაფლაოზე არ წავალთ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს ამბავს არც დასაწყისი აქვს და არც გაგრძელება. ჩვენ არაფერი გადაგვხდება თავს. ყვითელ ყვავილებს კი აქვს გაგრძელება, არა? არა მგონია, რომ სასაფლაოზე ჰქონდეს. კარგი, თქვა კაცმა: რატომ გგონია, რომ ყველაფერს ერთი გაგრძელება აქვს?

სულაც არ მგონია. უბრალოდ, მართლა ასეა.

       შუაღამე იქნებოდა, როცა ისინი იტალიური რესტორნიდან გამოვიდნენ და ტაქსში ჩასხდნენ. ჩემთან წავიდეთ, უთხრა ქალმა. რა თქმა უნდა, ჯერ შენთან წავიდეთ, გაეპასუხა კაცი. საბოლოოდ მოვიდა გაზაფხული. თუ გნებავთ, მინას ჩამოვწევ, თქვა მძღოლმა. ჩამოწიეთ, თქვა ქალმა: ძლივს გაზაფხულის ღამეს ვეღირსეთ. ფანჯრებს დავაღებ და ისე დავიძინებ. ქუჩებში თითქმის აღარავინ იყო. როდესაც მანქანა სადარბაზოსთან გაჩერდა, ქალმა კარი გამოაღო და უთხრა: ხედავ ამ ვიტრინას? აქ ყიდულობს ყვითელ ყვავილებს... არ გადმოდიხარ? ჩვენ მშვენიერი წყვილი ვიქნებოდით, გაეპასუხა კაცი: რატომღაც ასე მგონია. სამხრეთში წავიდოდით. ქალმა კარი მიაჯახუნა და სადარბაზოსკენ წავიდა. დავიძრათ, უთხრა კაცმა მძღოლს. საით? თავგადასავლების საძებნელად. ეგებ იყოს სხვანაირი გაგრძელებაც.


*გაგრძელება*

ნახვა: 736

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters