აკა მორჩილაძე - მფატრავი ჯეკის მხარეში

   შემოგვხედე, განა ჩვენ ჯენტლმენებს ვგავართ?   მოვაბიჯებთ სპიტელფილდის ეკლესიის ახლოს და უცხომ რომ შეგვავლოს თვალი, მოხეტიალე ცირკიდან დათხოვილი ვინმეები ვეგონებით. სემის აზრით, როდესაც კაცი ისტ ენდის აჩრდილთა ქვეყანაში დააბიჯებს, ხელმოკლე ჯენტლმენის იერი აუცილებლად უნდა ჩამოიშოროს. ეს ყველაზე წამგებიანი იერია ასეთ ადგილას. გუდამშიერი ჯენტლმენის მოყვანილობის კაცს ცხვირით მიწას ათხრევინებენ.

- როგორ უნდა ამოიცნო გუდამშიერი ჯენტლმენი?

- შენ ბითური ხარ, ჯორჯია. ხელმოკლე ჯენტლმენი ტანსაცმლით ამოიცნობა. ჭკვიანი კაცი კი თვალებითაც ამოიცნობს. იმათ თვალებში დევს უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჯენტლმენობას უსუსურობის გამო მისდევენ... სინდისი მათხოვრებმა მოიგონესო, რომ თავიანთი მათხოვრობა დამალონო...

- მერე, ეგრეა?

- მე არ ვიცი, როგორაა, ჯორჯია. ამას ის ამბობს, ვისაც ხოცვა-ჟლეტის გამართლება სწადია. იმდენი გაბედულება არასოდეს მქონია, რომ კაცი მომეკლა, და რა გითხრა?

- რაც შენი ხელიდან ხალხი დახოცილა...

- ისინი გაფრინდნენ. მე მხოლოდ გაფრენაში ვეხმარებოდი... ბედნიერება ახჩრობდა იმ ხალხს.

- დოქტორი კევორკიანი ხარ?

- მე არაფერი მომიგონია. ვინ არის ეგ კევორკიანი?

- ამერიკელია.

- შეეშვი ამ ამერიკელებს, ჯორჯია. დურვარდ სტრიტზე მოცეკვავე გოგონები გველოდებიან. აქ ისეთი ამბავია, რომ მე, შეიძლება, მომტეხონ კიდეც...

- და მე...

- შენ კაი ხნის მოტეხილი ხარ, ჯორჯია, და ახლა ამოყვინთვას ჩალიჩობ. ამდენ ხანს ვერ მიხვდი?

სწორედ ისეა, როგორც ინტერნეტში ნანახ გვერდებზე.

- ის რა ციმციმებს, სემ? - კბილებს ვაკაწკაწებდი.

- გაზის სინათლე, ქუჩის ლამპიონი, - ამოიოხრა სემმა. - მაგ ლამპიონის ქვეშ გოგო იდგება. რა ჰქვია? ჰო, მერი ენ ნიკოლსი. მერი ენ ნიკოლსი იაფი გოგოა, შილინგებში ჩაგვტევს. შენ უნდა ივაჟკაცო...

მინდოდა, მეკითხა, გუდამშიერ ჯენტლმენს ხომ არ ვგავარ-მეთქი. გამეგონა, მეძავები დაცინვით უმზერენ სექსის ხელმოკლე მყიდველებს და ზრდილობის გულისთვის ემსახურებიანო. სემს გადავხედე და რატომღაც ვიფიქრე, ნეტავ ახლა ცაში ვიყოთ-მეთქი. არ მომწონდა ისტენდური ქვაფენილი.

სემმა თითქოს ამოიცნო, რასაც ვნატრობდი, და მოწყენით მითხრა:

- აქ ცა უფრო სახიფათოა, ვიდრე მიწა, ჯორჯია. და გახსოვდეს, არავის შეხედო თვალებში. მე არ გეტყვი, რომ მაინცდამაინც ხელმოკლე ჯენტლმენს ჰგავხარ, მაგრამ ბევრიც არ გიკლია. ამ უბანში ბევრი ხელმოკლე ჯენტლმენად გადაცმული აჩრდილი შეგხვდება, მაგრამ არც ასეთებს გაუსწორო თვალი. შენ რუსეთის ამბავში გარკვეული ხარ, არა? ისტ ენდში ბევრი ასეთი რუსი შეგხვდება. საბრალო, ხელმოკლე ჯენტლმენები. დადიან ქუჩებში, ხურდას ითვლიან და გეგონება, რომ საწყალი და ჩაგრული ხალხი იპოვე. მათი თვალები! მათი თვალები, ჯორჯია! ისინი რევოლუციონერები არიან...

- აქ რევოლუციონერებს რა უნდათ?

- ციმბირიდან გამოიქცნენ და ისტ ენდში დასახლდნენ. ასე რომ, მთავარი მაინც თვალებია...

ჩვენ კვლავ მივდიოდით.

- მიდი, ჯორჯია, მიდი, მე განზე ვდგავარ, - მხარზე მისი ხელი ვიგრძენი.

- არ დამტოვო, სემ, - ძალიან შემეშინდა. - არ დამტოვო...

- რა მოგივიდა, ჯორჯია? - გაეცინა სემს. - ქალთან პირველად მიდიხარ? ქალია, რა. უნდა წამოიყვანო, უფრო სწორედ, თვითონ წაგიყვანს. მე გარეთ დაგელოდები. მიდი, მიდი...

- არ მინდა ქალი! - ჯორივით დავდექი. - არ მჭირდება.

- საქმეს სჭირდება. ვულიჩში ნახაზის მოპარვას აღარ სჯობია? მიდი, მიდი, და გახსოვდეს იმედის პენსიანი, - სემმა ჩაბუქნა და აფრინდა.

ვაი, შენს გოგიას! მაშინ ნამდვილად არ მქონდა ამის თქმის თავი.

ვაი, შენს გოგიას! პუტანებსაც გადავეკიდე. ისტ ენდის აწგარდაცვლილ პუტანებს.

გაზის ლამპიონი კი სულ ახლოს იყო. მივედი და დავეყუდე იქ. რის ქალი, რა ქალი.

- სპიტელფილდის ბაზრობისკენ არ წაიყვანო, - მომესმა სემის ხმა.

სად უნდა წავიყვანო?

გაცვეთილ ვიქტორიანულ სამოსში, რედიკულით, ქოლგით, შვიდი წყება კაბით, ბრრრ... ამ სიბნელეში. გოგო კი კედელთან იდგა. ვიღაც გოგო იდგა კედელთან, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ეს ის გოგო არ არის, მე რომ მელოდება. არ იყო იმ დროის ქალი, ვიღაც ნაშა იყო, ძალიან მაღალ ჩექმებში. კედელს მიყრდნობილი იღეჭებოდა. გაბერავდა ამ თავის BUBLEGUM-ს, გაუსკდებოდა და მიეწეპებოდა ცხვირზე. რამსიგრძე ენა ჰქონდა! ენით მოიშორებდა ცხვირიდან ამ კევსა და ისევ განაგრძობდა ღეჭვას. უფრო ახლო მიველ და ვხედავ - იცი, რომელი ქალია? რიჩარდ გირს რომ კიბეზე ასვლის ეშინია და მაინც ყვავილებს რომ აუტანს. ქალია, ქერა პარიკით. იმ კინოში რა ჰქვია, არ მახსოვს. იმ კინოს რა ჰქვია, ისიც არ მახსოვს. მაგარი სასტუმროა ჰოლივუდში და ეს ქალი იქა პუტანობს. ხო იცით, ამ მსახიობის სახელი და გვარი? ძალიან დიდი პირი რომ აქვს, კინოში რომ ყოველთვის თხოვდება და ცხოვრებაში - ვერასდროს. რაღას მალაპარაკებთ, ყველამ იცით ამ ქალის სახელი. მეც ენაზე მადგას, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ვამბობ.

ნაცნობი ქალია და რაღა ვქნა?

ახლა მეტყვის, „Хочешь развлечься“-ო. და რა ვქნა? მე ხომ სხვას ველი?

უფრო ახლოს მიველ და ვხედამ, ისევ აღლაჭუნებს იმ თავის კევსა.

- თქვენ რა გქვიათ, მისს?

ჩაიცინა და მძიმედ მოაშორა ზურგი კედელს.

- საათი - ორმოცდაათი დოლარი.

- ეგ არ მაინტერესებს, რა გქვიათ?

- მერი ენი. მერი ენ ნიკოლსი. სხვანაირად - გალუბაია კიტაიანკა. კენ რასელი გაგიგია?

- მე თვითონ ვიყავი ლორდთან, - კბილების კაწკაწს ვერ ვიმაგრებდი. ხომ ძალიან ცუდია, მეძავს რომ ელაპარაკები და კბილები გიკაწკაწებს? - მართლა მერი ენ ნიკოლსი ხართ?

- შენ როგორ გგონია? - ცოტაც და, მორისი მოვიდოდა, ბანჯგვლიანი ღამის მორიგე.

- მე არაფერი მგონია. მე მერი ენ ნიკოლსს ვეძებ.

- მე ვარ მერი ენ ნიკოლსი, მერე?

- მე სხვანაირი მახსოვს.

- შენ რომ გახსოვს, ისეთი არ არსებობს, გინდა, საბუთი გაჩვენო. მე რეგისტრირებული ვარ.

რახან ვიქტორიანულად ჩაცმული მერი ენ ნიკოლსი არ ჩანდა, ალბათ, მართლა ეს იყო ნამდვილი. ნისლი კი თანდათან ავსებდა ქუჩას. ის ყვითელი ნისლი, ადრე რომ მომეშერლოკჰოლმსა ჩემს სახლთან.

- რა თქვით, რა ვღირვარო, მერი ენ ნიკოლს? - ნეტავ ვაშლის კასრი იქნებოდეს სადმე. შევძვრებოდი შიგ და ვიცხოვრებდი. არც სანთელი მომინდებოდა, არც სხვა რამ. მხოლოდ ხანდახან - კარგი თამბაქო და ორიოდ ლუკმა პური. ტომი არ დამამადლებდა.

- საათი - ორმოცდაათი დოლარი, ღამე - ას ორმოცდაათი. დღე და ღამე - ორას ორმოცდაათი. მეტი რაღა დისქაუნთი გინდა?

- ე, ე, ე. მე რა, ჯიბეში ფორტ ნოკსი კი არა მაქვს...

- მგონი არც პეტრიოტი გაქვს ცოტა იქეთ.

- კლიენტთან ლაპარაკი არ გცოდნიათ, - და პირი ვიბრუნე.

- კარგი, ჰო, ჩემს მეტს ვის იპოვი ამ შუაღამისას? ორმოცდაათი ფუნტი იყოს, - კვლავ გამობერა ის თავისი საღეჭი ბუშტი.

- ორმოცდაათი ფუნტი ასი დოლარია! ეგრე უფრო ძვირი გამოდის!

- სულელო, ვერ ხედავ, რომ მომეწონე? ორმოცდაათი ფუნტი მომეცი და სულ შენთან ვიქნები.

- სულ ჩემთან?

- ხო, სულ შენთან.

- რო მოვკვდები?

- ჯერ რა მოგკლავს?

- შენ რომ მოკვდე?

- მაშინ მოგელანდები. მე შენ მოგელანდები, გაიგე?

სტოპ!

- არ მინდა მოლანდება. ისე ვიყოთ, შენ - შენთვის, მე - ჩემთვის.

- კარგი, არ მოგელანდები... მაშინ, - ჩაფიქრდა და ტუჩები მოილოკა - მაშინ, ლექსი მითხარი და იყოს ერთი საათით. არ მინდა ფული, მაინც მათხოვარს ჰგავხარ.

- რა ლექსი?

- რა ვიცი, ლექსი, არ იცი? მე ვიცი და შენ არა?

ლექსი. ავდექი და ვუთხარი, ლამპიონის ქვეშ დავდექი და რიხით ჩავარაკრაკე:

„ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას,

თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას,

მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,

გადმოვლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,

და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.

ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას.“

- ეგ რა ენაა?

- ერთი ძველი და დავიწყებული.

- რაღაც გრძელი იყო.

- ჰმ... თქვენ ვერ გაიგებთ ჩვენს ტკივილს. ჩვენ ერთი გზა გვაქვს...

- ეგ ვინა თქვა?

- ერთმა სომეხმა ვაჭარმა უთხრა სპარსელებს ერთ ფილმში.

თითქოს მობეზრდაო:

- მოდიხარ თუ არა? ოღონდ ნახევარ საათში უნდა ჩაეტიო.

- შენ თუ ჩაეტევი...

- შენზე უარესებთანაც ჩავტეულვარ.

- შავი იყო?

- ვინ?

- ვისთანაც ჩატეულხარ.

- რა იცი?

- მაგის მეტი რა ვიცი.

- ის შავი კაცი ვინ იყო?

- მოდიხარ თუ არა?

გეზი პირდაპირ დურვარდ სტრიტისკენ ავიღეთ.

- ჩემს დაქალს ორი ოთახი უჭირავს მეორე სართულზე, ავიდეთ და იქ აღვასრულოთ ეს საქმე.

- ეხლა შენი დაქალიც არ დამაყენო თავზე...

- ერთ ლექსად აპარტამენტი გინდა? „რიცი“?

- ნიცაში მინდა...

- ბრრრ... წვრილბურჟუაზიული ოცნებები გაქვს.

- ეგ რა სიტყვები გცოდნია?

კიბე მართლა ჭრიალებდა. ისე კი არა, სავალდებულო რომაა ასეთ დროს.

- ნიცა ძვირი ალაგია, ჰანი.

- ეგეც ისე ვთქვი. „რიცზე“ გამახსენდა და კიდევ ერთი ტიპი მოკლეს, სულ ეგრე დადიოდა და ამბობდა, ნიცაში მინდაო...

- მაგიტომ მოკლეს?

- არა. ბევრს დადიოდა და მოკლეს. თვითონ დაეჯახა ტყვიას. ტყვიები დაფრინავდნენ, ეს კიდევ დადიოდა. ჰოდა, დაეჯახა. მერე კუდი გამოაბეს. აიო, მოკლესო. მე რო გადავრჩი, რა, ცუდი ბიჭი ვარ? ღამით არ დავბოდიალობდი და გადავრჩი.

- სამაგიეროდ, ახლა დაბოდიალობ.

კარგა ხანია კართან ვიდექით. მერი ენი მოაჯირზე ჩამოყრდნობილი მისმენდა.

- აი, აქაა, - თვალით მანიშნა. - მოდი, ახლავე შევთანხმდეთ. შენ როგორი სექსი გინდა?

- რავი, - მხრები ავიჩეჩე, - ჩვეულებრივი. ნახევარ საათში სხვა რა უნდა იყოს?

- ჩვეულებრივი არ გამოვა. მე გალუბაია კიტაიანკა ვარ. მე ყველაფერი არაჩვეულებრივი ვიცი.

- არაჩვეულებრივი?

- სრულიად არაჩვეულებრივი, გინდა?

„ოჰ, ღამევ, ფიქრისა ჩემისაებრ ბნელო! არავინ იფიქროს, ვახტანგა შალითურს სიკვდილის ეშინიაო“.

- გაუშვი, მინდა.

შევედით. ჰოლი ბნელი იყო, ვიწრო და დაბალჭერიანი.

- ჰელოუ, დოლიზ! - დაიჩხავლა მერი ენმა და ოთახის კარს ჩექმის ქუსლი ჰკრა.

გაბუღულ ოთახში შევედით. პირველი, რაც დავინახე, გადმოპირქვავებული ყავის ჭიქები იყო, მთლად ჩვენებურად გადმოეპირქვავებინათ ეგ ჭიქები.

- პოლის გაუმარჯოს, - ეს გოგოები, მგონი, მთვრალებიც იყვნენ.

- პოლი? - გამიკვირდა.

- სხვანაირად პოლი, შენთვის მერი ენი, - მივხვდი, რომ კაი ხნის იყო, რაღაც უხეში და დაბზარული მოუჩანდა თვალებში.

- ეს ვინ მოგიყვანია? - ჰკითხა ერთ-ერთმა, ფაშფაშა გოგომ.

- მისტერ ჯორჯ ჯეფერსი, რომელსაც ერთი სული აქვს, სანამ მოვემსახურებით. თანაც, ყველაფერი არაჩვეულებრივი უნდა.

- ოო, - გაუხარდათ იმათ.

მე კი დასაჯდომი ადგილი ვერ აღმოვაჩინე იმ ოთახში.

- ჩემი დაქალები, მისტერ ჯეფერს. მისის ენი ჩემპენი, ქმრიანი! პირდაპირ მუგუზალივითაა, ამიტომაც უწოდა ჩვენი უბნის ჩაგრულმა კლასმა „შავი ენი“, - ვერ იყო კარგი სანახავი, თუმცა, ღიმილი უვარგოდა. - მის ელიზაბეტ სტრაიდი, თავადაც ხედავთ, წიხლები კისრიდან ეწყება, ამიტომ გრძელი ლიზი დაუძახეთ. ასაკს ნუ დაეკითხებით, - რა ვთქვა? ნეტავ არასოდეს დამსიზმრებოდა ეს ლონგლიზი - კი, მის კეტრინ იდოუსი, ჩოქბჯენში უძლიერესი, - მართლაც უჩოქბჯენოდ მძიმე წარმოსადგენი იყო. - ჩემი დაიკო, მერი ჯეინი, მერი ჯეინ კელი. მერი ჯეინთან ვესტ ენდიდან მოდიან, მისტერ ჯეფერს, თქვენ სად ცხოვრობთ?

- ვესტ ენდს იქეთ.ძ

- სოფელში?

- ასე ვთქვათ.

მერი ჯეინი, მართლაც, ლამაზი იყო. შეგეცოდებოდა კაცს, თუმცა, რატომ - ვერ მიხვდებოდი. ნაღდად ირლანდიელი იქნებოდა. ისე არ გამიწევდა მისკენ გული.

- იქეთ ვინმეა? - კარს გახედა მერი ენმა.

- ყავა მაინც შესთავაზე ამ ჯენტლმენს.

- არ უნდა. მიეჩვევა, - თქვა მერი ენმა. - წამო, არაჩვეულებრივო.

ის მეორე ოთახი სამზარეულო გამოდგა. გაზი აენთოთ და რაღაც უბადრუკ მაგიდასთან ერთადერთი უზურგო სკამი იდგა.

- გაზის სუნია, - ვთქვი მე და ისევ ნუცუბიძელი დევნილი გამახსენდა.

- სიცივეა, ჩვენ სხვანაირად ვერ ვხვდებით. მიდი, სკამზე დაჯექი და თვალები დახუჭე.

- ვაჰ.

- რა „ვაჰ“? - არაჩვეულებრივი არ გინდოდა?

დავჯექი და დავხუჭე თვალები. მაგრამ ეგეთ დროს დახუჭავ თვალებს? მთელი მუღამიც ეგაა, რომ გამოიჭვრიტო. მეც დავჯექი, მაგრამ ვცდილობდი, გამომეჭვრიტა და დამენახა, რას ჩალიჩობდა ეს მერი ენი. ეროტიკულ განწყობას ვერაფრით დავიკვეხნიდი და თან ქუთუთოებიც ამითამაშდა, რაც ჭვრეტაში გამოუცდელობის უპირველესი ნიშანი უნდა იყოს.

- ე-ე-ე, - დაიჩხავლა მერი ენმა, - ნუ იჭყიტები, თორემ სიურპრიზი აღარ გამოვა.

ჩექმას იხსნიდა და იქ, ქვემოთ, კოჭთან, რაღაც გაეჭედა - ზმეიკამ ვერ ივარგა, ასე ვთქვათ. იაფი ქალების ამბავი ეგ არის, ჩექმა პრიალებს და თან არ ვარგა. იმდენ ხანს ეწვალებოდა ამ ჩექმას, რომ თვალების ჭუტვას და შეფარვით მზერას გემო დაეკარგა. თუმცა, არც მანამდე იგრძნობოდა დიდი ნუგბარის სურნელი.

- მოიტა, მოგეხმარები, პოლი...

- გაიწი იქით, დაჯექი.

- მოიცა, მოგეხმარები... კიდეც გამეხარდება.

ვფიქრობდი, ეგებ ამ ფათურ-ფათურში რაღაც გამომივიდეს-მეთქი, და ჩექმის კიდეს წავატანე ხელი.

- გაუშვი, გაუშვი, - და ხელი არ მკრა?

ჯანიანი ჩანდა, ოხერი.

- რას იკვრევინები?

- გაიწი-მეთქი, გეუბნები!

- რო არ გავიწიო?

- რო არ გაიწიო, გაგწევ!

- მიდი, რა? - და გაბრაზებული წამოვდექი - კარგად ბრძანდებოდეთ, მერი ენ ნიკოლს, თქვენზე ბანძი იშვიათად შემხვედრია ვინმე...

კარისაკენ გადავდგი ნაბიჯი და არ მომახტა? თავისი ბასრი და საშინელი ფრჩხილებით მეტაკა. ოხ, მე შენი-მეთქი, და დავეჯაჯგურე. საკვირველი ჯანის პატრონი იყო. ისე ჩამასო ეს თავისი ფრჩხილები სახეზე, რომ დავიყმუვლე და თმებში ვწვდი.

პარიკი იყო! პარიკი იყო! ჩემმა მზემ, - შენი ჯიგარი დაიწოს, სემ! შენ რა გითხარი ჩემი აქ გამოგზავნისთვის!

პარიკი იყო და გადახოტრილი თავი და რა ვიხილე, რომ ჩემ წინაშე ამოიმართა ცრუ ჰურიფერია, სინამდვილეში კი, იფრითი, და არ მომცა გზა-გასავალი, მომეცა მე ჯანი მებარგულისა, ერთ დროს ბაღდადში რომ მოხვდა სამ უცნაურ ქალს შორის. გუნჯუთობისა იქაურობას აღარაფერი ეცხო და ვწვდი ყელში და შევყვირე:

- აი, შე ძალით იულ ბრინერო, შე ვითომ შინედ ო’კონორო, შენი ტრანსჩათლახი შუბა დავხიე!

მომეცა არაადამიანური ძალა გაურკვეველ ვიღაცათაგან და გადამავიწყდა ყოველგვარი მაასტრიხტები და ქარტიები და წამოვაქციე და ვახრჩობ, როგორც ახრჩობენ კაი ბიჭები ცუდ ბიჭებს. ეს ბედშავი მერი ენი, ისე კი, ალბათ, ვინმე სხვა, მოჰყვა ხავილს.

მიშველეთ, მიშველეთო, და შემოცვივდნენ მისი ტრანს დოსტები ჭყივილით და იმწამსვე ვერ მომწვდნენ, რახანღა შეშინდნენ, ჩემს გამხეცებულ მზერას შემოგებებულნი, არადა გაეგონა ნურადინ ვეზირს, როცა ერთად მოიყრიან თავს, უეჭველად გაწიწკნიან ვინმე დაბრიყვებულ, თან გულად კაცსაო. ამათი ალესილი ფრჩხილების შემხედვარე ნურადინ ვეზირმა, ვითარც კნუტი, ისე მიუგდო საჭურისი, მერი ენ პოლიდ რომ უხმობდნენ შინაურები. მიუგდო ამ პორჭყნია ვინმეებს და ეცა უჯრებს სამზარეულო ყუთისას: გამოგლიჯა ჯერ ერთი, მერე - მეორე, მერე - მესამე და დააძრო იქიდან საუცხოო შავტარიანი დანა პურისა და, აგრეთვე, სეკატორი, უცნაური რამ მოწყობილობა თფილის-ქალაქური, მოსახმარისი შემწვარი გოჭის დასაჭრელად ქეიფობის წინ, ანაც ზვარში, რთველი როცა იქნება და რა ხელთ იგდო ნურადინ ვეზირმა ეს ხელსაწყოები, უთხრა საკუთარ თავს მღელვარეს:

- შევუტევ ამ დანით ცრუ მეძავებსა, ვითომ ქალებსა და, ამავდროულად, ვითომ კაცებსა. შევუტევ და დავფუშავ, დავჭრი იმათ ცრუ მუცლებს და ავჩეხ-დავჩეხ და შემდგომ ამისა, ავამუშავებ ხელსაწყოს, სულ ნაწილ-ნაწილ დავკვეთ და დავჭრი ამათა და დავტოვებ აქა, გამოცანად შურტა-ნაცვალთათვის!

და დაუღერა ნურადინ ვეზირმა ამ ხუთ ქალს დანა პურის საჭრელი, შავტარიანი და ფართოპირიანი და დაეკითხა დამცინავად დამფრთხალ კნუტებს:

- აბა სად არის გუნჯუთი, ოღონდ გაფცქვნილი? ან რომელს გაგაჩნიათ მამაცის ღიღილო?

ისინი კი პასუხად მხოლოდ კრუტუნებენ და მიიყუჟნენ გაზქურასთან და ელიან, როდის დაუწყებს კვლას ნურადინ ვეზირი. ჩამოუფარებიათ თვალებზე ის თავისი მოგონილი თმები და სავსავებენ, მაღლად პლაკავენ თავიანთ ვითომ ლამაზ ფეხებს.

და აღენთო ნურადინ ვეზირი, იქნევს ხანჯალს და უღერებს. რაღა უქნას? განა რაინდის წესია მიყუჟულთა აქნა-დაკუწვა; განა აქ საყასბოა ენკავედესი? - ჰკითხავს საკუთარ თავს ნურადინ ვეზირი და წარმოიდგენს საუკეთესო საქონლის ხორცს, ბაზრის მოედანზე რომ უნახავს ბოკას-ხელმწიფის გამოგზავნილი. არ არის ძალა, ნურადინ ვეზირს რომ ხმალი აღამართინოს, და არც ის ძალაა, ხმალი დააშვებინოს და ჰფიქრობს იგი, რა ვქნა, რარიგ შევეგებო ამ გამოცდას? ისინი კიდევ სხმარტალებენ კუთხეში და დასჭყივლებს ნურადინ ვეზირი:

- აჰაიტ, ძმანო, აქა ვსდგავარ მარტოხელა მხედარი და რა ვქნა? განა შიში მაქვს მაძებართა დევნისა? ანდა შიში მაქვს უძილობისა, ამის ჩადენის შემდეგ? შიში მაქვს, არ გავეჩვიო ხალხის იმგვარად კვლას, სიმართლისათვის რომ ხდებოდეს.

და ის იყო, დაუშვა დანა შავტარიანი ნურადინ ვეზირმა და გაიფიქრა, დავაფურთხებ ზღურბლს და გავუმტვრევ დარაბას აქაურ ნოქრებს და ამის შემდეგ მოვნახავ გზას ჩემსას და შაჰრაზადსაც აღარაფერი დარჩენოდა თვინიერ ჩამოთენებისა, რომ გაისმა:

- მიდი, ჯეკ, მიდი...

- სულაც არ მქვია ჯეკი.

- მიდი, ჯეკ, გამოშიგნე ეგენი, გამოშიგნე და სთქვი, მართალია ეგ საქმე.

- არ მქვია ჯეკი. - სულაც არ მქვია ჯეკი.

- მიდი, ჯეკ, მიდი, შეხედე ერთი... მიდი, ჯეკ!

აღარ ვიცოდი, რა მექნა - გაფითრებული და აცახცახებული დანის ტარს ვუჭერდი სველ ხელს.

- შენ ვერ გიპოვის ვერანაირი სკოტლანდ-იარდი, ჯეკ. შენ ჩვენთან ხარ...

ეს ვირიშვილი სირინოზები. სირინოზები მელაპარაკებოდნენ და სადღაც მოვისროლე ეს დანა. თავპირისმტვრევით გამოვანგრიე ჯერ ერთი კარი, მერე - მეორე და კიბეზე დავეშვი. აბა, რა თქმა უნდა, რომ წინ არ ვიყურებოდი და შევასკდი კიდეც ერთ, ალბათ, აქაურ ბინადარს, რომელიც კიბეზე ამოდიოდა.

- ფ...ფ...ფ...ფ...რთხილად, ყ...ყ...ყ...მაწვილო, ა...ა...ა...გრე კისერს მოიტეხ, - შლაპიანი გრძელწვერა კაცი იყო, რუხი შლაპით, ბეწვშემოკერებული შავი პალტოთი და რბილი გამოხედვით.

- უჰ, უკაცრავად, მოვრბოდი და, - ტანსაცმლის სწორება დავიწყე. მან კი გამიღიმა და ხელი გამომიწოდა:

- კოსტროვი.

- ჯეფერსი, ბატონო.

- ჯეფერსი, - თქვა ჩაფიქრებით. - არ გამიგონია. ისე, ინგლისელი ყოფილხართ, ინგლისი კი გახლავს დღევანდელი სახელმწიფოობის სამშობლო. ბატონო ჯეფერს, შეგიძლიათ, დამეპატიჟოთ ჩაიზე და ფრანგულ ბულკზედ.

რუსი მინდოდა?

- ვჩქარობ, სერ.

- არ იფიქროთ, ბატონო ჯეფერს, რომ რახან ვაითჩეპელის მიდამოში მიჭირავს ოთახი, თახსირი ვიყვე... მე აქ ვიმყოფები ბრიტანეთის მუზეუმში სამუშაოთ და პოლიტეკონომიის საკითხის შესასწავლათ. ორი თვე არის, რაც ვიმყოფები ლონდონში და ენის შესწავლასაც ვაწარმოებ. ჩაის გთავაზობთ არა რაიმე საშიშარ მიზეზით, არამედ ენის გასატეხათ, რათა პრაქტიკა დავიჭირო ინგლისურ ენაში...

- ასეთ შემთხვევაში...

კოსტროვს ერთი სოროსავით ოთახი ეშოვა, უბადრუკი და ბნელი. ერთადერთი ფანჯარა ლამის მიბჯენოდა მეორე სახლის ყრუ კედელს. კოსტროვი მონდომებით უბერავდა პრიმუსს და თან სურდოთი შეწუხებული ქსუტუნებდა. ორივენი ქსუტუნებდნენ, კოსტროვიც და პრიმუსიც.

- რა არის თქვენი საქმიანობის განხრა? - მკითხა დაკვირვებით.

- პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობ, - ვთქვი და ჩამოვჯექი ერთადერთ სკამზე.

- ეჰ, რა გასახარელია, - ხელები მოიფშვნიტა. - ერთი ხელობის მიმდევარი ვყოფილვართ, მაგრამ როგორი არის თქვენი მიმართულება, მემარცხენე თუ მემარჯვენე?

- ეს ვერ გამირკვევია, რადგან ჯერ მხოლოდ ვსწავლობ.

- ნასწავლი კაცი უეჭველ მემარცხენე უნდა იყოს, - მითხრა მტკიცედ. - ერთი ეგ ფინჯანი გადმომაწოდეთ... აი, ჩაი ცეილონისა, ბულკი - ფრანგებისა. შლაპა ბერლინის წარმოებული მახურავს, ახალციხის ვაშლები პარიჟში იყიდება, აბა, ასეთ ვითარებაში ვინ არიან მემარჯვენენი?

- ვერას მოგახსენებთ.

- ბატონო ჯეფერს, მე გახლავარსთ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის წევრი და ვმუშაობ ამ მხარეზე, რათა ტაქტიკა იყოს გამაგრებული შესაფერი თეორიით... მარქსის სწავლების სწორი გავრცელება გახლავს ჩემი მიზანი.

- საინტერესოა, - რაღაც ხომ უნდა მეთქვა, ამ კაცს ჩემი ლაპარაკის მოსმენა უნდოდა. - რუსეთში ისევ დევნიან სოციალისტებს?

- შაქარი რამდენი გნებავსთ?

- არც ერთი.

- ეკონომიას ნუ გასწევთ, შაქარი პარიჟიდან წამოვიყოლე... სდევნიან, დიახაც, რუსეთში ერთნაირათ სდევნიან ყველაფერს. გადმოხვეწილია მრავალი მოღვაწე. აი, იმ დღეს ვიარე მეტროს მატარებლით, რათა სტატია დავწერო და რუსეთში გავაგზავნო. ორ კაპეიკ ჰონორარისთვის, ამოვდივარ სტანცია ბეიკერ-სტრიტზე და უკნიდან მომესმის: „ამხანაგო კოსტროვ, ამხანაგო კოსტროვ“. მოვიხედე და რას ვხედავ? სდგას ჩემი კაი ნაცნობი. ნიკოლოზ ლენინი. გავუწოდე ხელი, საკონფერენციოთ ჩამოსულა.

- ლენინი?

- გსმენიათ?

- ლენინი ვის არ სმენია?

კოსტროვი წამოდგა, საწოლზე მოფენილი გაცრეცილი შარფი აიღო, წელზე შემოიხვია და ჩაფიქრებით თქვა:

- არ მეგონა, რომ ლონდონის სტუდენტობაში ლენინი ცნობილია. რა ნიშნით არის ცნობილი?

- ცხადია, რევოლუციონერობით.

კოსტროვმა ტუჩები მოპრუწა:

- რა რევოლუციონერობაა ასეთი, ერთი ბლანკისტი მოღვაწეა, მაგრამ აგრე იცის დიდხანს საზღვარს გარედ ცხოვრებამ. ესე, დიდი მოხერხებული კაცია, არც მარცხნივ დაინდობს არც მარჯვნივ, საზოგადოთ მიმდევარი კი ცოტა ჰყავს. მოვიხედე ბეიკერ-სტრიტის სტანციის ამოსავალში და ვხედავ ნიკოლოზ ლენინს, და რას მეუბნება: „ამხანაგო კოსტროვ, თქვენ, ქართველები, რატომ ერევით ჩვენს საქმეებში? გვაცადეთ ჩვენ, რუსებს, რუსულად გადავსწყვიტოთ რუსული საქმეები“. გესმით, ბატონო ჯეფერს?

- საკვირველი კაცი კი ყოფილა.

- უფრო კი საშიში სჩანს.

- ეტყობა, უცხოეთში ყოფნამ თავგზა აურია, საიდან მოიტანა თქვენი ქართველობა?

- საქართველოც გსმენიათ?

- დიაღ.

- მართლაც, კარგად გასწავლიან იმ თქვენს სასწავლებელში... მაგრამ ლენინი ამ მხრით არ არის უცნაური კაცი. ჩემი ქართველობა მაგან იცის და ეს რა უცნაურობაა. ის იმგვარად ბრაზიანია, რომ ყოველ ფასით სურს თავის იდეის გატანა, ყოველ ხერხით. აბა, რათ ჰყობს ქართველებს რუსეთისგან?

- გამიგონია, ქართული გვარი სხვანაირია. კოსტროვი, ქართულად, კოსტრიძე თუ იქნება... მაგრამ რუსული დაბოლოება აგირჩევიათ...

- არავითარი კოსტრიძე ან კბილცეცხლოევი, - სთქვა ღიმილით - ჩემი გვარი არის ჟორდანია, ინგლისურად გამოვა ჯორდანი. ძირი კი იტალიური გახლავსთ - ჯორდანო. სახელად კი მქვიან ნოე. ჩემ რეგიონის ენაზედ - ნოვე.

თურმე ვინ ყოფილა! თურმე ეს ყოფილა...

- და როგორ არის საქართველოში პოლიტიკური ვითარება?

- საქართველო, როგორც სახელმწიფო ერთეული, შეერთებულია რუსეთს. ამიტომ ჩვენ ერთიან ცხოვრებით ვცხოვრობთ და ვბრძოლობთ მკლავებდაკაპიწებულები კლერიკალურ, თავადაზნაურულ და ნაციონალურ მიმართულების წინაშე. რაც ხდება ორ ჩვენ ღუბერნიაში, არის გონების ინკვიზიცია.

- ვისი მხრიდან?

- ყოველ კაცის მხრიდან, ვისაც არ დაეზარება.

- მდაა, ეს ჩაი, მართლაც, კარგია, მაგრამ, თქვენი ბრძოლა საით არის მიმართული?

- რვასაათიან სამუშაო დღისა და მსოფლიოს ერთიან ცხოვრებისკენ, რათა დავინახოთ ჩვენი ადგილი ევროპიულ ყოფაში და არა აზიურ დესპოტიაში, რაგვარისკენაც უეჭველ მივექანებით რუსეთი.

- თქვენი ვერ გავიგე, რუსეთი, რაც უნდა, ის იყოს, თქვენ რაში გეხებათ?

- ბატონო ჯეფერს, - ჩაიცინა ნოემ - გ...გ...გ...ანა ჩ...ჩ...ჩ...ვენ დ...დ...დ...ღეს რ...რ...რ...უსეთი არა ვ...ვ...ვ...ართ?

- ჩვენ სხვანაირად გვასწავლიდნენ...

- თ...თ...ქვენ ადამ სმიტი გსმენიათ? - წვერიდან ნამცეცები ჩამოიფერთხა. - ს...ს...ს...აით წავა ქვეყნიერი ცხოვრება? ი...ის წავა, რომ მთელი მსოფლიო გადაიქცეს მეტფასის კანონათ და ევროპათ. აქ ლაპარაკი სასაცილო არ გახლავსთ რაიმე ცალკეულ ერთეულობაზე? ეროვნულობა, ალბათ, ჭიდილში გამოიწვევს მთელ ქვეყნიერებაზე მეტფასის საკითხს და უეჭველ ეს იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო შეჯახება.

მართალს ვიტყვი და, მომწყინდა ამ კაცთან ლაპარაკი. თანაც, უკვე ვიცოდი, ვინც იყო. სამწუხაროდ, თავად არ უწყოდა, რა მოელოდა და იჯდა იქ, ისტ ენდის ერთ-ერთ სოროში და ლასალს სწავლობდა.

- პოლიტიკაზე მუსაიფი კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა წავიდე, - ვუთხარი ზრდილობიანად. - ჩაი დიდებული იყო.

- ეს ჩაი გემით მოდის ინდოეთის კოლონიიდან, ჰგრძნობთ კომუნიკაციის აზრს? გადაზიდვა და ამით მეტფასის კანონის ამუშავება, მოძრაობა ფულის მხოლოდ ციფრულათ და არა ჩამადნებით... ჩაი ხომ არ მოდის ინგლისში. სამაგიეროთ, ინდოეთს ა...ა...ა...რა აქვს ფართალი. კარგ საგანთა სწორი გზით მოძრაობა, რვასაათიან სამუშაო დღით გამაგრებული.

უკვე წამოვდექი, მაგრამ მაინც ვკითხე:

- როგორ გესახებათ ამის განხორციელება?

- ხალხის გათვითცნობიერება და დაჯერება, პროპაღანდა, ამას მოდევნებული საყოველთაო გამოსვლა, რათა შემოტრიალდეს ყოველივე სასარგებლოთ ამ საქმისა.

- რევოლუცია?

- დიაღ, თუნდაც ასე.

- ეს ხომ სისხლია, ხვრეტა, - ამ კაცთან ლაპარაკი მართლა ძალიან მოსაწყენი იყო.

- საფრანგეთის დიდ რევოლუციამ სიკვდილით დასაჯა გამოჩენილი ხიმიკი ლავუაზიე, მაგრამ ამისთვის რევოლუცია არავის დაუგმია. განა როგორ დაგმობ ხვალინდელ დღეს? დაჰგმობ და უეჭველათ აღმოჩნდები დღევანდელ დღიდან გუშინდელში. გუშინდელობაში ყოფნას სჯობს უცნობ ხვალინდელობაში თამამათ გადადგმა ფეხის.

- თქვენთან საუბარი საინტერესო იყო, ბატონო კოსტროვ, - ხელი გავუწოდე.

- შემოიარეთ, ხოლმე, ბატონო ჯეფერს, ჩაის საშუალება არის, ენის პრაქტიკაც ჩინებულია, კიბეზე კი ფრთხილად ჩადით. ვირთხებია.

- ჩაი საუცხოო იყო...

- რასაც ვერ ვ.ვ..ვ...იტყვით ა...ა...ა...ვეჯეულზე, არა? - ჩაიცინა კოსტროვმა. - მაინც რამ გაყო ჩვენი მსოფლიო საქმე? არ ჩათვალოთ, რომ ჩვენი საუბარი დაბალ ლამპის შუქზე შედგა ჩემი სიძუნწისა ან მომჭირნეობის გამო. ნავთის ანგარიში არა მაქვს, კრედიტი არ მიყვარს და ფულებიც მაკლია...

სანამ კიბეზე არ ჩამოვედი, კარი არ დაკეტა.

ასე იყვნენ შეკეტილები, სამი დღის პურის ყუას დაჰკანკალებდნენ, კონსპექტებს ადგენდნენ, ნავთს ზოგავდნენ და კოსტუმებს კემსავდნენ. არ ვიცოდი, რა იქნებოდა, ვინმეს, ვიღაც კეთილს, ერთს რომელსამე ნაღდ ბურჟუას კარგი სადილი რომ შეეთავაზებინა მათთვის. ბავშვობისას ეგებ ნაყინი ეჩუქებინათ. გიმნაზიელი გოგონები კორნეტებს და პარუჩიკებს კი არ აკიდებოდნენ, არამედ მათ. მაგრამ, ჰეი! სისულელეა ეს ყველაფერი - მაინც იქნებოდა. მაინც დატრიალდებოდა. რა ჩემი საქმეა ამათზე ფიქრი? ამ კაცმა ჩაი მასვა და არაფერი დაუშავებია ჩემთვის. არც კი მინახავს ასეთი უხერხემლო და უჯიგრო აჩრდილი. სად მერი ენი და სად ეს? ეგებ კეთილი აჩრდილიც იყო?

გარეთ კი გვარიანად ციოდა. სემი სადარბაზოს კართან, კიბეზე მიყუჟულიყო, ის თავისი თეთრი შლაპა ცხვირ-პირზე ჩამოეფხატა და პალტოს საყელოც წამოეწია.

- სად დაიკარგე? - მკითხა უხასიათოდ. - ვინა ხარ, ჯონ ბობიტი ხარ? ამდენ ხანს კაცი ქორწილის ღამეს არ გააგრძელებს...

- სად გამიშვი? ვისთან მიმიყვანე? - ჩამოჯდომას არც ვაპირებდი. - ეგ იყვნენ შენი ქალები? ხუთი კაცი დამესია.

სემს არ უპასუხია, ცალი თვალით გადმომხედა და წაიბურტყუნა:

- წადი, გაიარე, თავი დამანებე...

- აქეთ უნდა გებოდიშო? სად გამიშვი? რომელი ალფრედ დუგლასი მე მნახე?

- დახოცე, ხომ? - ამოიოხრა, - შენ თუ ეგენი დახოცე, ჯორჯია, მე შენ აქედან ვეღარ გაგიყვან, - ხმა აუთრთოლდა - სამუდამოდ აქ დარჩები, ისტ ენდის აჩრდილთა ქვეყანაში. მე კი სასწრაფოდ უნდა მოვხიო, ვინაიდან არ შეიძლება, ნახევრადანგელოზი აჩრდილთან მეგობრობდეს...

ჰაი, კოზირი მქონდა და სემსაც გავამასხრებდი. უცებ მოვდექი გუნებაზე, გემრიელად გადავაპურჭყე და ვეკითხები:

- შენ როგორ გგონია?

- მე არაფერიც არ მგონია. ფეხებზე მკიდია ყველა დანიანი კაცი, ზემოდან ვუყურებ...

- თუ გაგიყარეს...

- როგორ გამიყრიან, მე ზემოთა ვარ, ისინი ქვემოთ, მიწაზე დაბობღავენ. შენ, ჯორჯია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდე მბობღავი კაცი.

- ჩვენ იარაღის სიყვარული სისხლში გვაქვს.

- იმათ კი მამათმავლობა აქვთ სისხლში.

- ესე იგი, იცოდი? აქვთ და ჰქონდეთ, მე რას მითრევდნენ იმ ტილიან ოთახში?

- ჯორჯია, შენ კიდევ ბევრგან შეგითრევენ, მაგრამ ყველგან თუ ხანჯალი დაატრიალე, არაფერი გამოვა. იბობღებ და მორჩა...

- აბა, რა დავატრიალო? რის დატრიალებც მაგათ უნდოდათ, მე ვერ დავატრიალებდი.

- ჭკუა...

სემს გასაოცარი უნარი ჰქონდა, დამცინავისთვის აქეთ დაეცინა.

- თანაც, ძვირფასო, ალალო და გულუბრყვილო ჯორჯიავ, შენ დაგავიწყდა, რომ ისტ ენდის სულთა ქვეყანაში ვართ და არა ნამდვილ ცხოვრებაში. ისინი ხომ აჩრდილები იყვნენ. აჩრდილებს ხმალ-ხანჯლით რას დააკლებ? თუმცა, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. შენ უსწავლელი ბიჭი ხარ, ჯორჯია, და არ იცი ამ გამოცდის არსი. აბა, ჩამოთვალე, ვინ იყვნენ ეგ გოგოები?

- მერი ენი ერქვა, - სხვა სახელები აღარც მახსოვდა.

- მერი ენი რობინ ჰუდის ცოლს ერქვა, - ჩაიხითხითა სემმა.

- ამასაც მერი ენი ერქვა.

- სულელი ხარ, ჯორჯია, ახლა მე გეტყვი. 1888 წლის 31 აგვისტოს მავანმა უცნობმა მოჰკლა მსუქანი და მთვრალი ბებერი მეძავი მერი ენ ნიკოლსი. მერე და მერე, ნოემბრის ცივ დღეებამდე, იმავ კაცმა გამოშიგნა ანი ჩეპმენი, ლიზ სტრაიდი, კეტრინ იდოუსი და მერი ჯეინ კელი, ლამაზი ირლანდიელი გოგო.

ხომ ვთქვი, ის აირიშია-მეთქი.

- ძვირფასო ჯორჯია, ლამის ნახევარი ლონდონი დაიჭირეს, მაგრამ მკვლელს ვერ მიაგნეს. გაზეთებმა მშიგნავი ჯეკი დაარქვეს ამ უცნობ ჯალათს, ვინაც მეძავებს ემტერებოდა. რა დაგემართა, ჯორჯია, ტურისტული ბუკლეტი მაინც არ წაგიკითხავს?

- Jack the ripper! - გამახსენდა მე.

- სასაცილო არაფერია, ჯორჯია, - ჩაფიქრდა სემი. - სულ ადვილად შეიძლებოდა, სამუდამოდ აქ დარჩენილიყავი. არ გახსოვს, ლორდმა რომ გვიამბო ბიძაზე. აი, ეგ არის. შენ რომ ისინი დაგეხოცა, ნაღდი მშიგნავი ჯეკი გახდებოდი. შენში ხანჯლიანი კაცი დაიბუდებდა და სამუდამოდ აქ დარჩებოდი. ერთ-ერთი ჯეკი! გადარჩენილი ხარ, ჯორჯია, გადავრჩით! ბრძოლა გრძელდება!

- რა სისულელეა?

- ეგ არის.

- საერთოდ, აქ რა გვინდა? ლესტერ სკვერის დასალაშქრად მივდიოდით და აქ რა გვინდა?

სემმა ხელი ჩაიქნია.

- არ იცი, სადა ხარ...

- ესე იგი, არ უნდა დამეხოცა.

- ყოჩაღ!

- ესე იგი, სადღაც მივდივართ.

- კიდევ უფრო ცუდ ადგილას. აქედან თუ გავაღწიეთ...

- კიდევ ერთი კაცი შემხვდა, ჩაი მასვა...

- რევოლუციონერი?

- ჰო.

- რა გთხოვა?

- არაფერი, ჩემებური გამოდგა.

- ბედი გქონია... რუსი რომ შეგხვედროდა, გაჭირდებოდა. საიდან გამოთხარე ეგ შენებური?

- კიბეზე დავეჯახე.

- ესე იგი, თქვენი კორუმპირებულობა აქაც გამოჩნდა. აჩრდილთან საქმის ჩაწყობა აღარ გამიგია.

- არაფერი ჩამიწყვია, სემ. სოციალიზმზე ვილაპარაკეთ.

- რევოლუციონერი იყო?

- ჰო.

- მერე, ეგრე როგორ გამოგიშვა?

- მე არ მითქვამს, რომ ქართველი ვარ.

- რას გეტყვი, იცი? ამ უბანში ორი რუსი ექიმი ცხოვრობდა. ორივე - რევოლუციონერი. ერთს მიხაილ ოსტროგი ერქვა, მეორეს - ალექსანდრ პედაჩენკო. ორივე რუსეთიდან გამოქცეული, ორივე - დაპატიმრებული, როგორც მშიგნავი ჯეკი, და ორივე - გათავისუფლებული სამხილთა ვერმოძიების გამო. მე ხომ გასწავლე, ჯენტლმენებს თვალებში ჩახედე-მეთქი.

- კაი თვალები ჰქონდა, მაგრამ...

- აბა, როგორ გინდა?

- არაფერი არ მინდა, მივდიოდი ჩემთვის პიკადილიზე თავის დასახრჩობად. ამას აღარ ჯობდა?

- ვაჰ! - შლაპა მოისროლა სემმა. - ამას ვის გადავეკიდე! შენ რა გგონია? წავალ და გავმაზავ... ჯვარი კი არ დამიწერია შენზე. ერთ სილას შემოგარტყამ და გაგეღვიძება იმ შენს ტილიან ოთახში! მაგრამ რა? ეგეთი თახსირი არავინ მინახავს. მოცუხცუხდებით მერე ბაზრობაზე შენ და ის ველური კაცი... ფუ! ვაი იმას, ვისაც მოგზაურობა ეზარება და თავგადასავლების ეშინია...

სულაც არ მინდოდა სემის წყენინება, მაგრამ...

ეს ოხერი ნისლები, ჰანბერი სტრიტის გაზის შუქში ჩამბალი ყვითელი ნისლები, მთვრალი ქალები და მთვრალი კაცები. პირველი მთვრალი კაცი გამახსენდა. ის კი არა, ბიბლიაში რომ წერია, პირველი მთვრალი კაცი, რომელიც ვნახე. გოგსში ფედერაციული გერმანიის გამოფენა იყო, მე ვიქნებოდი, ეგრე, თერთმეტი წლისა, ეგებ ცოტა მეტისა ან ნაკლებისა. დედამ ხელი მომკიდა და წამიყვანა. იქ ქალებმა დაპორჭყნეს ერთმანეთი ცელოფნის ბუნდესდროშიანი პარკების გამო. ლამაზი ჟურნალები ავიღეთ, რაღაც ფილმი ვნახეთ და გამოვედით. ალექსანდროვის ბაღის კუთხეში ტირის ფარდული იდგა. ცხადია, იქით გამიწია გულმა. მანამდე, მთელი ზაფხული, კისლოვოდსკის ტირებში გავატარე და სროლაზე ტვინი მეკეტებოდა. დედამ შემიყვანა, თუმცა მაჩქარებდა და წარამარა აქეთ-იქეთ იყურებოდა. მე, რა თქმა უნდა, ვერ ვგრძნობდი ბაზრის მოედნის ჭუჭყიან სულს. ახლა სამიზნეები! ჩრდილოეთ კავკასიაში სამიზნეები ბევრად პატარა და რთული იყო, აქ კი რეზინის დაცხრილული სათამაშოები ეკიდა. მეტი რა მინდოდა? იქ ტყვია ორი კაპიკი ღირდა, აქ - ხუთი. ათი ტყვია ავიღე და დავუშინე. უნდა გამოვტყდე, რომ გვარიანად გავამაყდი, თანაც, ვიცოდი, რომ ძალიან იოლი იყო. დედა გვერდით მედგა და იცდიდა. დიდად არ აინტერესებდა ჩემი ხელგარჯილობა.

- მაგარი ბიჭია, მაგარი ბიჭია, - მხარმარცხნივ დაბალი, თვალებდაწითლებული კაცი ჩამოყრდნობოდა დახლს. ენის ბორძიკით ამბობდა ამ სიტყვებს, - მაგარია...

მერე შემომასუნთქა. ეგ შემოსუნთქება ახლაც მახსოვს. ახლაღა მივხვდი, რომ ექვსკაპიკიანი ხინკლის, ხორბლის არაყისა და წითელი წიწაკისა იყო.

დედა ძალიან შეწუხებული ჩანდა. მე კი ამ ლოთურმა შექებამ დამაბნია და ტყვია გამეჭედა თოფში. როგორც ვიცოდი, ისე მოვიქეცი - მეორე ტყვია ჩავდე და ისე გავისროლე. კვლავ მოვარტყი.

- ქურდივით ისვრის, - აღნიშნა კაცმა, კიდევ უფრო ახლოს მომიხოხდა და კიდევ ერთხელ შემომასუნთქა.

მე არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ქურდივით სროლა. ვიცოდი, რომ აქ სამიზნეები დიდია, ჩრდილოეთ კავკასიაში კი - პატარა.

- დაამთავრე ეხლა, - თქვა უცებ დედამ. - მთვრალები არიან...

- ვის ვაწუხებ, ქალბატონო? - კიდევ ერთხელ შემომასუნთქა იმ კაცმა.

- წავიდეთ, წავიდეთ, - დედამ თოფი გამომართვა, დახლზე დადო და გარეთ გამომაქცუნა.

- მაგარი ბიჭია, მაგარი, - მომესმა ენის ბორძიკით ნათქვამი. . .

- ეგებ დაგველია, სემ?

სემმა ჩაიცინა.

- იმდენს დავლევთ, რომ.. სულ სტილინგ სილიფანტის კინოებში გატარებ...

- ეგ ვინ იყო?

- „ათ ზარში“ მივდივართ.

- მანდ უყვარდა ჯდომა. იღებდა კათხას, თვლემდა და აგრე იგონებდა თავისი პიესების სიუჟეტებს.

- მე მინახავს ჰერმან სტრუკის მიერ დახატული ნორვეგიის თეთრფაფრიანი ლომი ჰენდრიკ იბსენ. სწორია?

- რა არის სწორი? - გაუკვირდა სემს.

- ეგრე იწყება ერთი ესსე იბსენის შესახებ...

- იბსენი რა არის?

- აბა, რას ყვებოდი?

- მანდ უყვარდა-მეთქი ჯდომა, მანდ ათვალიერებდა ვაითჩეპელის ტურფათა გალერეას.

- ოსკარ ვაილდი?

სემმა კიდევ ერთი სიგარა ამოაძვრინა ჯიბიდან.

- არა, ჯორჯია, არა... მშიგნავი ჯეკი. ბიძაშენი, ჩვენი ყველას საერთო-სახალხო ბიძა.

ნახვა: 204

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters