qwelly | literatura | jan pol sartri | herostrate | ჟან-პოლ სარტრი - ჰეროსტრატე | filosfia | sartris filosofia

       ადამიანები მაღლიდან უნდა დაინახო. ვაქრობდი შუქს და ფანჯარასთან მივდიოდი: ვერც იფიქრებენ, რომ ვინმეს შეუძლია მათ ზევიდან დააკვირდეს. ისინი სახეს ილამაზებენ, ზოგჯერ უკანალს, მაგრამ ყველა მათი ძალისხმევა მეტრი და სამოცდაათი სანტიმეტრის სიმაღლის მაყურებელზეა გათვლილი. ოდესმე ვინმეს თუ მოსვლია აზრად, ნესვის ფორმის ქუდი დაენახა მეექვსე სართულიდან? ადამიანები რატომღაც ერიდებიან მკვეთრფერებიანი, თვალისმომჭრელი ქსოვილების ტარებას. მათ არ იციან, როგორ შეერკინონ კაცობრიობის ამ დიდ მტერს: ცრუ პერსპექტივას. ვიხრებოდი და მეცინებოდა: მაშ, სად არის იგი, ეს საყოველთაოდ აღიარებული „ფეხსალაგიანი სადგური“, რომლითაც ისინი ასე ამაყობენ? ადამიანები ტროტუარზე ერთმანეთს ასკდებიან. თითქოს ორი გრძელი, ნახევრადმოხრილი ფეხი გამოჩრილა მათი მხრებიდან.მეექვსე სართულის აივანი: ეს ის ადგილია, სადაც მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე. მატერიალურად როგორმე თუ არ განვამტკიცეთ მორალური უპირატესობანი, ეს უკანასკნელნი განადგურდებიან. სახელდობრ რაში მდგომარეობს ჩემი უპირატესობა სხვა ადამიანების მიმართ? ესაა პოზიციის უპირატესობა, მეტი არაფერი: მე ადამიანებზე უფრო მაღლა ვიმყოფები. აი, რატომ მიყვარს მე ღვთისმშობლის ტაძარი, ეიფელის კოშკი, საკრე-კერი, ჩემი მეექვსე სართული დელამბრის ქუჩაზე, ესენი არაჩვეულებრივი ადგილებია.ზოგჯერ დაბლა მიწევდა ჩასვლა, მაგალითად, ბიუროში წასასვლელად. სული მეხუთებოდა. როცა ადამიანებს ეჩვევი, ძალიან ძნელია მათზე დაკვირვება, ისინი ჭიანჭველებივით გარს გეხვევიან. ერთხელ მკვდარი დავინახე ქუჩაში. იგი ცხვირით დაცემულიყო. რომ გადმოაბრუნეს, დავინახე, რომ კაცს სისხლი სდიოდა. ვხედავდი მის ღია თვალებს, ორაზროვან გამომეტყველებას და სისხლს. ჩემს თავს ვეუბნებოდი: „არაფერია. ეს ისეთივე ამაღელვებელია, როგორც ახლადშესრულებული ნახატი. მას უბრალოდ ცხვირი წითლად შეუღებეს, სულ ეს არის.“ მე ვიგრძენი ბინძური სიამოვნება, რომელმაც თავით ფეხებამდე დამიარა, გული წამივიდა. ვიღაცეებმა აფთიაქში წამიყვანეს, შემანჯღრიეს და ალკოჰოლიც დამალევინეს. უნდა დამეხოცა ისინი.

       მე ვიცოდი, რომ ისინი ჩემი მტრები იყვნენ, მაგრამ მათ ეს არ იცოდნენ. მათ ერთმანეთი უყვარდათ. მირტყამდნენ ხან აქ, ხან იქ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათი მსგავსი ვიყავი. თუმცა, სიმართლე რომ გაეგოთ, ალბათ მცემდნენ. სხვათაშორის, ეს მათ მოგვიანებით გააკეთეს: როცა გაიგეს, ვინ ვიყავი, დამიჭირეს და ორი საათის განმავლობაში მცემდნენ. კომისარიატში სილები გამაწნეს და მუშტებს მირტყამდნენ, მკლავები გადამიგრიხეს, შარვალი ჩამხადეს, ბოლოს სათვალე გადამიგდეს და სანამ მე ოთხზე დამდგარი ვეძებდი, დამცინოდნენ და პანღურებს მირტყამდნენ. მე წინასწარ ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა: მე არა ვარ ამაყი და არ შემიძლია თავის დაცვა. არიან ისეთებიც, რომლებიც უკვე დიდი ხანია მითვალთვალებენ: ჩემზე ძლიერები. ერთხელ მათ ხელი მკრეს ქუჩაში. იცინოდნენ, აინტერესებდათ, რას ვიზამდი. მე არაფერი მითქვამს, თავი მოვაჩვენე, თითქოს ვერაფერი გავიგე. და მაინც, მათ მიაღწიეს იმას, რაც უნდოდათ: მე მათი შემეშინდა. ეს წინათგრძნობა იყო. თქვენ ხომ კარგად მოგეხსენებათ, რომ მე უფრო სერიოზული მიზეზები მქონდა მათ შესაძულებლად.ამიტომ იყო, რომ იმ დღიდან, როცა რევოლვერი ვიყიდე, ყველაფერი უკეთ წავიდა. ამაყად მაშინ იგრძნობ თავს, როცა მუდამ თან გექნება ისეთი რამ, რისი გასროლაც და აურზაურის ატეხვა შეგიძლია. კვირაობით ვიღებდი, შარვლის ჯიბეში ვიდებდი და, როგორც ყოველთვის, ბულვარებში სასეირნოდ მივდიოდი. ვგრძნობდი კიბორჩხალასავით როგორ ექაჩებოდა ჩემს შარვალს, ვგრძნობდი ბარძაყებზე მის სიცივეს, მაგრამ მერე სხეულთან შეხებით თბებოდა. გაშეშებული მივაბიჯებდი. ბინტებით შეხვეულ კაცს ვგავდი, რომელსაც სასქესო ორგანო ყოველი ნაბიჯის გადადგმაში ხელს უშლის. ჯიბეში ხელს ვიყოფდი და ვეხებოდი მას. ზოგჯერ ტუალეტში შევდიოდი. იქაც დიდი სიფრთხილით ვიღებდი რევოლვერს, რომ გვერდით მდგომებს არაფერი შეემჩნიათ: ვწონიდი, ვუყურებდი შავუჯრედებიან სახელურს და სასხლეტს, რომელიც ნახევრადდახუჭულ ქუთუთოს ჰგავს, დანარჩენები კი, ხედავდნენ რა ჩემს გაჩაჩხულ ფეხებსა და შარვლის ბოლოებს, ფიქრობდნენ, რომ ვშარდავდი. მაგრამ მე არასოდეს ვშარდავ საერთო ტუალეტებში. ერთ საღამოს აზრად მომივიდა, რომ იარაღი ადამიანებზე მომესინჯა. ეს იყო შაბათს. გამოვედი, ლეა რომ მენახა - ქერათმიანი ქალი მონპარნასის ოტელის წინ რომ იდგა ხოლმე. არასოდეს მქონია ინტიმური კავშირი ქალთან. ასე მგონია, გაქურდულად ვიგრძნობ მერე თავს. როგორც წესი, ქალები ოტელში აჰყავთ, იქ კი თავიანთი ბეწვიანი პირით გადაგისანსლავენ მუცლის ქვედა ნაწილს და, როგორც გამიგია, სწორედ ისინი რჩებიან მოგებულნი. მე კი არც არაფერს ვთხოვ ვინმეს და არც რაიმეს გაცემა მსურს. ვფიქრობ, რომ მე გამომადგებოდა ცივი და მოკრძალებული ქალი, რომელიც ზიზღით დამნებდებოდა. ყოველი თვის პირველ შაბათს ლეასთან ერთად ავდიოდი სასტუმრო დიუკენსის ნომერში. ის ტანთ იხდიდა. მე შორიდან ვუყურებდი. ზოგჯერ ჩემს შარვალში თავისთავად ხდებოდა ყველაფერი, ზოგჯერ კი იმის დრო მქონდა, რომ სახლში დავბრუნებულიყავი და დამემთავრებინა. იმ საღამოს ლეა ვერ ვიპოვე. ერთხანს ველოდე და, რომ არ გამოჩნდა, ვიფიქრე, ალბათ გრიპი შეეყარა-მეთქი. იანვრის დასაწყისი იყო და ძალიან ციოდა. გავბრაზდი, რადგან ფანტაზიორი ვარ და ცოცხლად წარმოვიდგინე ის სიამოვნება, რომლის მიღებასაც ვგეგმავდი. იმ შავგვრემანსაც არა უშავდა ოდესის ქუჩაზე რომ შევამჩნიე, თუმცა ასაკოვანი იყო, მაგრამ კარგი გარეგნობის და თანაც ბუნჩულა. მე არ მძულს ასაკოვანი ქალები: როცა გაიხდიან, მათ ორმაგად გაშიშვლებულის იერი აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს. მან არაფერი იცოდა ჩემი ჩვევების შესახებ და მეშინოდა მათი მოულოდნელად გამომჟღავნების. შემდეგ სხვებიც გავიცანი. ზოგიერთ მათგანს შეეძლო, კარს უკან დაემალა არამზადა, რომელიც საქმის დამთავრების შემდეგ მოულოდნელად გამოგეცხადებოდა და ფულს წაგართმევდა. მადლობელი უნდა ყოფილიყავი, თუ არ გცემდა. მაგრამ იმ საღამოს, არ ვიცი როგორ, გავმხნევდი და გადავწყვიტე, შინ დავბრუნებულიყავი, რევოლვერი წამომეღო და თავგადასავალიც მეძებნა.

       15 წუთის შემდეგ ქალს მივუახლოვდი. იარაღი უკვე ჯიბეში მქონდა და არაფრის მეშინოდა. ქალი ახლოდან უფრო საცოდავი მეჩვენა. ის ჩემ წინ მცხოვრებ მეზობელს ჰგავდა - ოფიცრის ცოლს. ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რადგან დიდი ხანია მინდოდა ის ქალი შიშველი მენახა. იგი ღია ფანჯარაში იცვამდა ხოლმე, როცა ოფიცერი შინ არ იყო. მე ხშირად ვუთვალთვალებდი.სტელას ოტელში მხოლოდ ერთი თავისუფალი ნომერი იყო დარჩენილი, ისიც მეოთხე სართულზე. ავედით. ქალი საკმაოდ სქელი იყო და ყოველ საფეხურზე ჩერდებოდა. მე კარგ ფორმაში ვიყავი, მიუხედავად ჩემი ღიპისა, ხმელი აღნაგობის ვარ და შემიძლია ოთხი სართული შეუსვენებლივ ავიარო. მეოთხე სართულზე იგი შეჩერდა, მარჯვენა ხელი გულზე მიიდო და ძალიან ღრმად ამოისუნთქა. მარცხენა ხელში ოთახის გასაღები ეჭირა.

- ძალიან მაღლაა, - თქვა მან და შეეცადა, ჩემთვის გაეღიმა.

მე გასაღები გამოვართვი და კარი გავაღე. რევოლვერი მარცხენა ჯიბეში ხელით მეკავა. კომუტატორის გადატრიალებისას იარაღს ხელი გავუშვი. ოთახი ცარიელი იყო. პირსაბანზე მწვანე საპონის პატარა ნაჭერი იდო. გამეცინა: ჩემთან არც ბიდე და არც საპნის ნაჭრები დასჭირდებოდა ვინმეს. ჩემ უკან ქალი ისევ ქოშინებდა. ეს მე მაგზნებდა. შემოვტრიალდი. მან ტუჩები მომიშვირა. მე ხელი ვკარი.

- გაიხადე, - ვუთხარი მას.

ოთახში ხალიჩაგადაფარებული სავარძელი იდგა. მე მასზე მოვკალათდი. მხოლოდ ასეთ შემთხვევებში ვნანობ, რომ არ ვეწევი. ქალმა კაბა გაიხადა და საეჭვოდ გადმომხედა. რა გქვია? - ვკითხე და ზურგზე გადავწექი.

- რენე.

- კარგი, რენე, იჩქარე, გელოდები.

- შენ არ გაიხდი?

- მიდი, მიდი, მე თავი დამანებე.

მის ფეხებთან პერანგი ჩაცურდა. ქალმა იგი აიღო და მზრუნველად დაადო კაბას ლიფთან ერთად.

- ესე იგი, შენ, ჩემო პატარავ, ნაკლი გაქვს თუ ზარმაცი ხარ? - მკითხა მან, - შენ გინდა, რომ მთელი საქმე შენმა პატარა ქალმა გააკეთოს?

მან ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. დივნის სახელურებს ხელებით დაეყრდნო და უნდოდა, ჩემს ფეხებშუა ჩაემუხლა. წამოვაყენე და უხეშად ვუთხარი:

- არა, ეს არ მინდა.

მან გაკვირვებით შემომხედა.

- აბა, რა გავაკეთო?

- არაფერი, გაიარ-გამოიარე, მეტს არაფერს გთხოვ.

მან უხერხულად დაიწყო სიარული აქეთ-იქით. ქალებს არაფერი ისე არ ბეზრდებათ, როგორც შიშველი სიარული. არ სჩვევიათ დაბალ ქუსლებზე დგომა. მეძავი წელში მოიხარა და მკლავები ჩამოკიდა. მიხაროდა: მე ჩუმად, ყელამდე ჩაცმული ვიჯექი ისე, რომ ხელთათმანებიც არ გამიხდია, ეს ასაკოვანი ქალი კი, მთლად გაშიშვლებული, ჩემს ბრძანებას ემორჩილებოდა და ჩემ წინ დადიოდა.

ქალმა თავი შემოატრიალა და თავისი მომხიბვლელობის შესანარჩუნებლად კეკლუცად გამიღიმა:

- ლამაზი ვარ? დატკბი ჩემი ცქერით?

- შენი საქმე არ არის.

- შენ რა, გინდა დიდხანს ვიარო ასე? - აღშფოთებით მკითხა მან.

- დაჯექი.

ის საწოლზე ჩამოჯდა და ჩვენ ერთმანეთს შევეხეთ. ქალს ხორკლიანი კანი ჰქონდა. კედლის მეორე მხრიდან საათის წიკწიკი ისმოდა. უცებ მე ვუთხარი:

- ფეხები გაშალე!

ჯერ შეყოყმანდა, მაგრამ მალე დამმორჩილდა. შევხედე მას ფეხებშუა და ქოშინი დავიწყე. მერე ისეთი სიცილი ამივარდა, რომ თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. მე ვთქვი:

- წარმოგიდგენია! - და ისევ გავიცინე.

ქალმა გაოცებით შემომხედა, მთლად გაწითლდა და ფეხები შეატყუპა.

- არამზადავ, - გამოსცრა მან კბილებში.

მაგრამ მე უფრო და უფრო ვიცინოდი, ქალი წამოდგა და სკამიდან ლიფი აიღო.

- ჰეი, - ვუთხარი, - ჯერ არ დამიმთავრებია. მე შენ 50 ფრანკს გაძლევ ერთი საათის განმავლობაში, მეც მინდა, რომ ფულის საზღაური მივიღო.

მან ნერვიულად აიღო პერანგი.

- საკმარისია, მე არ ვიცი, შენ რა გინდა. და თუ შენ იმიტომ ამომიყვანე, რომ დამცინო...

მაშინ მე რევოლვერი ამოვიღე. მან სერიოზულად შემომხედა და პერანგი უსიტყვოდ დააგდო.

- იარე, - ვუთხარი, - მიდი!

მან კიდევ ხუთი წუთი გაიარ-გამოიარა. შემდეგ ჯოხი მივეცი და ვარჯიშები გავაკეთებინე. როცა ვიგრძენი, რომ ტრუსი დამისველდა, ავდექი და 50 ფრანკიანი მივაწოდე. მან გამომართვა.

- ნახვამდის, - დავუმატე მე, - მგონი არ დაღლილხარ ამ თანხის საფასურად.

გავედი. ოთახის შუაგულში მთლად შიშველი დავტოვე - ერთ ხელში ლიფით, ხოლო მეორეში - 50 ფრანკიანი ჩეკით. ფულზე არც ვდარდობდი: მე იგი გავაოგნე. მეძავის გაოცება კი არც ისე ადვილია.

კიბეზე ჩასვლისას ვფიქრობდი: „აი, რა მინდოდა - ყველას გაკვირვება“. თავს ბავშვივით მხიარულად ვგრძნობდი. იქიდან მწვანე საპონი წამოვიღე და შინ რომ მივედი, ცხელი წყლის ქვეშ მანამ ვსრესდი, სანამ უმცირეს ფენად არ გადაიქცა. საპონი დიდხანს ნაწუწნ პიტნის კანფეტს დაემსგავსა.

ღამით გამეღვიძა და მისი თვალები და სახე წარმომიდგა, როცა რევოლვერი ვუჩვენე. გამახსენდა მისი მსუქანი მუცელიც, ყოველ ნაბიჯზე რომ ხტოდა.

რა სულელი ვიყავი - გავიფიქრე და სინდისის ქენჯნა ვიგრძენი: უნდა მესროლა, ქაფქირივით უნდა დამეცხრილა მისი მუცელი. იმ საღამოს და მომდევნო სამ ღამეს ჭიპის ირგვლივ წრიულად ჩამწკრივებული ექვსი პატარა წითელი ნახვრეტი მესიზმრებოდა.

ამის შემდეგ იარაღის გარეშე არსად დავდიოდი. ვუყურებდი ადამიანთა ზურგებს და მათი სიარულის მიხედვით წარმოვიდგენდი, როგორ წაიქცეოდნენ, თუ ზევიდან ვესროდი. კვირას, ჩვეულებისამებრ, შატლეს წინ გავედი სასეირნოდ. კლასიკური კონცერტის დასრულების დრო იყო. ექვსი საათისათვის ზარის რეკვის ხმა გავიგონე. მოსამსახურე პერსონალი მინის კარს ხურავდა. ჩემთვის ეს დასაწყისი იყო: ბრბო ნელა მოდიოდა, გაუბედავად მოაბიჯებდა, თვალები ისევ ოცნებით ჰქონდათ სავსე, გული კი - ლამაზი გრძნობებით. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გაკვირვებულნი იყურებოდნენ ირგვლივ: ქუჩა, ალბათ, მთლად ცისფერი ეჩვენებოდათ. ისინი უცნაურად იღიმოდნენ: ერთი სამყაროდან მეორეში გადმოდიოდნენ. მე კი მათ სწორედ მეორე სამყაროში ველოდებოდი. მარჯვენა ხელი ჯიბეში ჩავაცურე და მთელი ძალით ხელი იარაღის სახელურს მოვუჭირე. წუთის შემდეგ წარმოვიდგინე, თუ როგორ ვაგორებდი ხალხს ჩიბუხებივით. ისინი ერთიმეორის მიყოლებით ეცემოდნენ, გადარჩენილები კი, პანიკაშეპყრობილნი, თეატრისაკენ მირბოდნენ და მინის კარს ამტრევდნენ. ეს ძალზე გამაღიზიანებელი თამაში იყო: ხელები მიკანკალებდა და იძულებული ვიყავი, დასამშვიდებლად დრეჰერთან კონიაკი დამელია.

ქალები არ უნდა მომეკლა. მათთვის წელში ან კანჭებში უნდა მესროლა, კარგად რომ აცეკვებულიყვნენ.ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე გადაწყვეტილების დროებით შესაჩერებლად. დავიწყე იმით, რომ სხვა საქმეები მოვაწესრიგე. გავივარჯიშე სტენდზე, დანფერ-როშეროზე. ჩემი სამიზნეები ცნობილნი არ იყვნენ, მიმაჩნია, რომ ადამიანები თვითონ არიან ფართე სამიზნეები, განსაკუთრებით ახლო მანძილიდან თუ დაუმიზნებ. შემდეგ ჩემს რეკლამაზე დავიწყე მუშაობა.

ავირჩიე ერთი დღე, ორშაბათი დილა, როცა ყველა ჩემი კოლეგა ბიუროში იქნებოდა. მათთან ძალიან თავაზიანი ვიყავი იმის გამო, რომ მძულდა მათთვის ხელის ჩამორთმევაც კი. ისინი ხელთათმანებს იძრობდნენ, ერთმანეთს რომ მისალმებოდნენ. ურცხვი მანერა ჰქონდათ, ხელი გაეშიშვლებინათ, ხელთათმანი გაებრტყელებინათ, ნელა დაეჭიმათ ხელთათმანის თითების სიგრძე და ხელისგულის მსუქანი და დანაოჭებული სიშიშვლე გამოეჩინათ. მე არასოდეს ვიძრობ ხელთათმანებს. ორშაბათ დილას ბევრს არაფერს აკეთებენ. კომერციული სამსახურის მბეჭდავმა ახლახან მოგვიტანა კვიტანციები. ლემერსიემ თავაზიანად გაიხუმრა, როცა მბეჭდავი გავიდა. გაცვეთილი კომპეტენტურობით განიხილეს მისი მშვენიერება. შემდეგ ლინდბერგზე დაიწყეს საუბარი. მათ ძალიან უყვარდათ ლინდბერგი. მე ვუთხარი:

- მე შავი გმირები მიყვარს.

- ზანგები? - იკითხა მასემ.

- არა, შავები, როგორც მაგალითად „შავი მაგია“. ლინდბერგი თეთრი გმირია, ამიტომ არც მაინტერესებს.

- აბა, იფიქრეთ, ადვილია თუ არა ატლანტიკის გადალახვა, - გესლიანად შენიშნა ბუქსენმა.

მე მათ შავ გმირზე მთელი კონცეფცია ჩამოვუყალიბე.

- ანარქისტი, - დაასკვნა ლემერსიემ.

- არა, - მოვუჭერი მე, - ანარქისტებს ადამიანები თავისებურად უყვართ.

- მაშინ ეს ვიღაც შერეკილი იქნება!

მასე, რომელიც კარგად იცნობდა ლიტერატურას, საუბარში ჩაერია.

- მე ვიცნობ თქვენს ტიპს, - მითხრა მან, - მას ჰეროსტრატე ჰქვია. სურდა, ცნობილი გამხდარიყო და კარგი რომ ვერაფერი გააკეთა, შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი - ეფესოს ტაძარი დაწვა.

- რა ერქვა ამ ტაძრის არქიტექტორს?

- არ მახსოვს, - აღიარა მან, - მგონი მისი სახელი ცნობილი არც არის.

- მართლა? მაგრამ ჰეროსტრატეს სახელი ხომ გახსოვთ? თურმე არ შემცდარა ანგარიშში.

       ამ სიტყვებით დასრულდა ჩვენი საუბარი. დავწყნარდი. მათ ეს დღე საჭირო დროს გაახსენდებათ. მე, რომელსაც აქამდე არაფერი გამეგონა ჰეროსტრატეს შესახებ, მისმა ამბავმა შემაგულიანა. ორი ათას წელზე მეტი იყო გასული, რაც ის მოკვდა, მაგრამ მისი საქციელი ისევ ბრწყინავდა, როგორც შავი ბრილიანტი. ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება ხანმოკლე და ტრაგიკული იქნებოდა. თავიდან ამ აზრმა შემაშინა, შემდეგ კი შევეჩვიე. ერთი მხრივ, ეს საშინელებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ჩაუფიქრდები, მიხვდები, რომ გემატება საკმაო ღონე და სილამაზე. ქუჩაში რომ გავედი, უცნაური ძალა ვიგრძენი. რევოლვერი თან მქონდა. ეს ის საგანი იყო, რომელიც ისვრის და ხმაურს იწვევს. მაგრამ ჩემი ძალა რევოლვერზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ თვით ჩემზე: მე რევოლვერების, შუშხუნებისა და ბომბების სახეობათა შორის ერთი სულიერი არსება ვიყავი. ერთ დღეს კი, ჩემი მოსაწყენი ცხოვრების ბოლოს, ძლიერი და ხანმოკლე ცეცხლით, მაგნიუმის აფეთქების მსგავსად, ავაგიზგიზებდი და გავანათებდი ქვეყანას. ამ პერიოდში, ყოველ ღამე ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრებოდა: ვითომ ანარქისტი ვიყავი, მეფის თანმხლები პირი და ჯოჯოხეთური მანქანა მქონდა, კორტეჟის გავლის დროს ვითომ ბომბი აფეთქდა და ჩვენ - მე, მეფე და ოქროებით მორთული სამი ოფიცერი ჰაერში ავფრინდით. რამდენიმე კვირის განმავლობაში ბიუროში არ გამოვჩენილვარ. ვსეირნობდი ბულვარებში, მომავალ მსხვერპლთა გარემოცვაში, ან ჩავიკეტებოდი ოთახში და გეგმებს ვადგენდი. ოქტომბრის დასაწყისში შვებულებაში გავედი. თავისუფალ დროს შემდეგი წერილის შექმნით ვიყავი დაკავებული, რომლის 102 ეგზემპლარი გადავიღე:

„ბატონო ... ,

„თქვენ ძალიან ცნობილი ხართ და თქვენი შრომები 30 მილსაც გადასწვდა. გეტყვით რატომაც: იმიტომ, რომ თქვენ გიყვართ ადამიანები. თქვენ სისხლში გაქვთ ჰუმანიზმი, ამაში ბედი გწყალობთ. თქვენ გიხარიათ, როცა მეგობრების წრეში ხართ. როცა უყურებთ ერთ-ერთ თქვენნაირს, თუნდაც არ იცნობდეთ მას, მაინც განიცდით სიმპათიას და მისი სხეულისაკენ ისწრაფვით. ისწრაფვით იმგვარად, როგორც ეს სხეულია აგებული, მისი ფეხებისაკენ, რომლებიც სურვილის მიხედვით იშლება და იკეცება, განსაკუთრებით მიისწრაფვით მისი ხელებისაკენ. თქვენ მოგწონთ, რომ მასაც ხელზე ხუთი თითი აქვს და ცერა თითი დანარჩენებისაგან განსხვავებულია. თქვენ გსიამოვნებთ, როცა თქვენი მეზობელი მაგიდიდან ფინჯანს იღებს, რადგანაც არსებობს ფინჯნის აღების მანერა, რომელიც ჭეშმარიტად ჰუმანურია და რომელიც თქვენ ხშირად აღგიწერიათ თქვენსავე ნაწარმოებებში. არსებობს მეტ-ნაკლებად მოქნილი და სწრაფი მანერა, როგორიც აქვს მაიმუნს. ასე არ არის? მაგრამ ჩვენი მანერა უფრო ინტელექტუალურია. თქვენ გიყვართ აგრეთვე ადამიანის სხეული, ჭრილობების შემდეგ ხელახლა აღდგენილი სიარული, ადამიანის იერი, როცა იგი თითოეულ ნაბიჯზე ფიქრობს, თუ როგორ გადადგას და მისი საშინელი მზერაც, რომლის ატანა მტაცებლებსაც არ შეუძლიათ. თქვენთვის ადვილია იპოვოთ ტონი თავად ადამიანის შესახებ სასაუბროდ, მოკრძალებული, მაგრამ მაინც აბნეული ტონი. ხალხი თქვენს წიგნებს დიდი სიამოვნებით ყიდულობს, სავარძელში მოკალათებული კითხულობს, ფიქრობს უბედურ და მოკრძალებულ სიყვარულზე, რომელსაც თქვენ აღწერთ და ეს მათ ბევრ ტკივილს უმსუბუქებს - იმას, რომ არიან მახინჯები, მხდალები, მოტყუებულები, რომ ვერ მიიღეს ხელფასის დანამატი პირველ იანვარს და... მერე თქვენი ბოლო რომანის შესახებ დიდი სიამოვნებით ამბობენ, რომ მას შესანიშნავი სიუჟეტი აქვს. ვფიქრობ გაოცდებით, როცა გაიგებთ, რომ შესაძლოა არსებობდეს ადამიანი, რომელსაც ადამიანები არ უყვარს. დიახ, ასეთი ადამიანი ვარ მე და ისინი ისე მიყვარს, რომ თორმეტიდან ნახევარს მაინც უსათუოდ მოვკლავდი. მკითხავთ, ალბათ: თორმეტი კაციდან რატომ მაინცდამაინც ნახევარს? იმიტომ, რომ ჩემს რევოლვერში მხოლოდ ექვსი ტყვიაა. შემზარავია, არა? მეტიც, ნამდვილად არაპოლიტიკური აქციაა, არა? მაგრამ გეუბნებით, რომ მე არ შემიძლია მათი შეყვარება. კარგად მესმის, რასაც გრძნობთ. რაც თქვენ ადამიანებში გიზიდავთ, მე - მეზიზღება. მეც თქვენსავით ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც იატაკს აპრიალებენ და თან ყველაფერზე თვალი უჭირავთ, ან კიდევ მარცხენა ხელით ეკონომიკის შესახებ გაზეთს კითხულობენ. განა ჩემი დანაშაულია ამის ნაცვლად სელაპების სადილზე დასწრება თუ მირჩევნია? ადამიანი თავის სახეში ვერაფერს შეცვლის, ფიზიონომია თუ არ შეატრიალა. როცა მას პირი ღია აქვს და ღეჭავს, პირის კუთხეები ადიან და ჩამოდიან. მისი იერი თითქოს შეუწყვეტლივ გადადის სიმშვიდიდან გაოცებაზე. ვიცი, თქვენ ეს გიყვართ, ამას თქვენ გონების სიფხიზლეს ეძახით. მე კი ეს გულს მირევს: არ ვიცი რატომ, ასეთი დავიბადე.

       თუ ჩვენს შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ სხვადასხვა მისწრაფება გვაქვს, მაშინ თავს არ მოგაბეზრებთ. მაგრამ ყველაფერი ისე მიდის, თითქოს თქვენ დიდად გწყალობდეთ ბედი, მე კი არა. მე თავისუფალი ვარ სიყვარულში და „ამერიკული კიბორჩხალას“ არჩევაშიც. მაგრამ თქვენ ფიქრობთ, თუ მე არ მიყვარს ადამიანები, ამიტომ უბედური ვარ და არ შემიძლია ადგილი ვიპოვო მზის ქვეშ. გამოდის, რომ თქვენ იპოვეთ ცხოვრების საზრისი, იმედი მაქვს გაიგეთ, რისი თქმაც მინდა. აი, ოცდაცამეტი წელია, რაც მე იმ კარში შევდივარ, რომელზეც აწერია: „აქ არავინ შემოდის, ვინც ჰუმანისტი არ არის“. ყველაფერი, რაც წამოვიწყე, უნდა მივატოვო. უნდა ამერჩია: ან აბსურდული და განწირული მცდელობა, ან კიდევ ადამიანებისაკენ შემოტრიალება. ადამიანებისათვის იმ აზრების ჩამოცილებას, რომლებიც მათთვის არც მიმიკუთვნებია, არც ვაპირებ: ეს აზრები, როგორც მსუბუქი ორგანული მოძრაობები, ისევ არსებობენ ჩემში. რასაც მე ვგრძნობდი, მათაც ახასიათებდა. მაგალითად, სიტყვები. მე მინდოდა, ჩემი სიტყვები მქონოდა. მაგრამ სიტყვები, რომლებსაც მე ვაწყობ, ჩემს ცნობიერებაში ფეხს ითრევენ. ისინი ჩემს გონებაში ისე ჩამწკრივდნენ, თითქოს სხვების იყვნენ და ზიზღის გარეშე მათი გამოყენება, როცა თქვენ გწერთ, არ შემიძლია. უკანასკნელად გეუბნებით: ან უნდა გიყვარდეთ ადამიანები, ან კარგი იქნება, თუ ფანდების გამოყენების საშუალებას მაინც მოგცემენ. მე კი ეს არ მსურს. მე ახლავე ავიღებ რევოლვერს, გავალ ქუჩაში და ვნახავ, თუ შეიძლება მათ წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება. მშვიდობით, ბატონო, ალბათ, შეგხვდებით. არასოდეს გეცოდინებათ, რა სიამოვნებით დაგახლიდით ტყვიას. უკეთესია ხვალ გაზეთები წაიკითხოთ. მათში წაიკითხავთ, რომ ერთმა ინდივიდმა, სახელად პოლ ილბერტმა, ხუთი გამვლელი მოკლა ედგარ-კინეს ბულვარში. თქვენზე უკეთ აბა ვინ იცის, თუ რად ღირს ყოველდღიური გაზეთების პროზაულობა. თქვენ გაიგებთ, რომ მე არა ვარ „შეშლილი“, პირიქით, მე ძალიან მშვიდი ვარ და გთხოვთ, გაუგოთ, ბატონო, ჩემს განსხვავებულ გრძნობებს.“

პოლ ილბერტი

ას ორი წერილი ჩავდე ას ორ კონვერტში და ზედ დავაწერე ას ორი ფრანგი მწერლის მისამართი. მერე ყველაფერი საფოსტო მარკების ექვს დღიურთან ერთად მაგიდის უჯრაში ჩავდე. მომდევნო ორ კვირას ნაკლებად გამოვდიოდი გარეთ, თავს ცუდად ვგრძნობდი. დანაშაულზე ვფიქრობდი. სარკეში ვიხედებოდი და სიამოვნებით ვაკვირდებოდი სახის ცვლილებებს. თვალები ისე გამიდიდდა, რომ მთელ სახეს გადააჭარბა. სათვალის ქვევიდან იმზირებოდნენ მსახიობის და მკვლელის შავი და ნაზი თვალები, ვიმედოვნებდი, რომ ჟლეტის აღსრულების შემდეგ უფრო შევიცვლებოდი. მე ვნახე იმ ორი მსახური გოგონას ფოტო, რომლებმაც მოკლეს და გაძარცვეს საყვარლები. მე ვნახე მათი ფოტოები დანაშაულამდე და დანაშაულის ჩადენის შემდეგ. დანაშაულამდე მათი სახეები პიკეს საყელოებს ზევით ლამაზი ყვავილებივით ირწეოდნენ. ისინი სასიამოვნო და პატიოსან ადამიანებს განასახიერებდნენ. გოგონებს თმები ერთნაირად ჰქონდათ დახვეული. თმა, კაბის საყელოები და იერი სარწმუნოს ხდიდნენ იმას, რომ ისინი დები იყვნენ და ფოტოგრაფს სტუმრობდნენ. ეს მსგავსება მათ საერთო ოჯახზე და სისხლით ნათესაობაზე მიგვანიშნებდა. დანაშაულის შემდეგ მათი სახეები ფოტოებზე ცეცხლის ალებივით ელავდნენ. მომავალწართმეულებს შიშველ კისერზე შიშისა და სიძულვილის ნაოჭები, სხეულზე კი ბრჭყალებიანი მხეცის მიერ დატოვებული კვალი ემჩნეოდათ. მათი თვალები, ეს დიდი, შავი და უძირო თვალები ჩემსას ჰგავდნენ. ამ ფოტოებზე დები უკვე აღარ ჰგავდნენ ერთმანეთს. თითოეული ერთობლივ დანაშაულზე მოგონებას თავისებურად ატარებდა. ვფიქრობდი: „თუ დანაშაულს, რომელშიც დიდი ადგილი უკავია შემთხვევას, შეუძლია ასე ძალიან შეცვალოს ობოლთა თავშესაფრიდან გამოსულთა სახეები, მაშინ მეც ხომ შემიძლია იმ დანაშაულის იმედი მქონდეს, რომელიც ჩემი მოფიქრებული და ორგანიზებულია“. იგი დამეუფლებოდა და დაანგრევდა ჩემს მეტად ჰუმანურ სიმახინჯეს... დანაშაული ორად ჰყოფს იმის ცხოვრებას, ვინც მას სჩადის. მაშინ, როცა გაიძულებენ უკან დახევას, ეს მოციმციმე მინერალი სწორედ იქ არის, თქვენ უკან და ხელს გიშლით. მე მხოლოდ ერთ საათს ვითხოვდი, რომ გამეხარა და მეგრძნო მისი გამანადგურებელი ძალა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიგრძნო იგი: მე გადავწყვიტე, ჩემი საქმე ოდესისი ქუჩის თავში მომეყვანა სისრულეში, ვისარგებლებდი ბრბოს აღელვებით და როცა მკვდრების მოგროვებას დაიწყებდნენ, გავიქცეოდი. გადავჭრიდი ედგარ-კინეს ბულვარს და სწრაფად შემოვუხვევდი დელამბრის ქუჩაზე. მხოლოდ ოცდაათი წამი თუ დამჭირდებოდა ჩემს სახლამდე. იმ დროისათვის ჩემი მდევრები ჯერ კიდევ ედგარ-კინეს ბულვარში იქნებოდნენ, ჩემს კვალს დაკარგავდნენ და ერთ საათზე მეტი დასჭირდებოდათ მის საპოვნელად. მე მათ შინ დაველოდებოდი და როცა ჩემს კარზე დააკაკუნებდნენ, დავტენიდი რევოლვერს და პირში გავისროდი.

       ხელგაშლილად დავიწყე ცხოვრება. კარგად ვეწყობოდი მზარეულს ვავენის ქუჩიდან, რომელსაც დილა-საღამოს ჩემთან გემრიელი კერძები დაჰქონდა. მზარეულმა კარზე დარეკა, მე არ გამიღია, ცოტა ხანი ვიცდიდი, შემდეგ კი გავაღე კარი და დავინახე ძირს დადგმული კალათა, რომელშიც კერძებით სავსე თეფშები ელაგა. ოცდაშვიდ ოქტომბერს, საღამოს ექვსი საათისათვის ჩვიდმეტი ფრანკი და ორმოცდაათი სუ დამრჩა. ავიღე ჩემი რევოლვერი, წერილების პაკეტი და გავედი. კარი ღია დავტოვე, რომ გასროლის შემდეგ უკან სწრაფად დაბრუნება შემძლებოდა. თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, ხელები ცივი მქონდა, სისხლი თავში მასხამდა და თვალები მიელავდა. ვუყურებდი მაღაზიებს, სკოლებს, საკანცელარიოს, სადაც ფანქრებს ვყიდულობდი. მაგრამ მე მათ ვერ ვცნობდი. ჩემს თავს ვეკითხებოდი: „ეს რა ქუჩაა?“ მონპარნასის ბულვარი ხალხით იყო სავსე. ისინი მეჯახებოდნენ, მეხებოდნენ იდაყვებითა და მხრებით, ვბარბაცებდი, ძალა არ მყოფნიდა, რომ მათგან გამეღწია. უცებ ამ ბრბოს შუაგულში ჩემი თავი მარტო და საშინლად პატარა წარმოვიდგინე. როგორ ცუდად მომექცეოდნენ, ამის უფლება რომ ჰქონოდათ! შიში მეუფლებოდა იარაღის გამო, მეჩვენებოდა, რომ მათ იცოდნენ, რაც მქონდა ჯიბეში. მკაცრი თვალებით მიყურებდნენ, თითქოს მეუბნებოდნენ: „ჰო, მაგრამ... მაგრამ...“ ადამიანები თათებით დამიჭერდნენ და აღშფოთებით იტყოდნენ: ლინჩი! ალბათ ხელს მკრავდნენ და მათ ხელებში მარიონეტივით დავეცემოდი. გადავწყვიტე, მეორე დღისთვის გადამეტანა ჩემი გეგმის აღსრულება. „ლა კუპოლში“ ვისადილე თექვსმეტ ფრანკად და ოთხმოც სუდ. დამრჩა სამოცდაათი სანტიმი, რომელიც წყალში გადავყარე. სამი დღე ჩემს ოთახში ვიყავი ისე, რომ არც მიჭამია და არც მძინებია, დარაბები დავხურე. ფანჯარასთან მიახლოებას და შუქის ანთებასაც ვერ ვბედავდი. ორშაბათს ვიღაცამ კარზე დარეკა. სუნთქვა შევიკარი და დაველოდე: ერთი წუთის შემდეგ კიდევ დარეკეს. ცერებზე შემდგარი მივუახლოვდი კარებს და გასაღების ჭუჭრუტანიდან გავიხედე. მხოლოდ შავი ქსოვილი და ღილი დავინახე. ტიპმა კიდევ დარეკა და ჩავიდა: არ ვიცი ვინ იყო. ღამით ცოცხალი ხილვები მქონდა: პალმები, წყალი... დროდადრო ონკანის წყალს ვსვამდი. ძალიან მშიოდა. ისევ შევხვდი შავგვრემან მეძავს კოშკში, რომელიც კოსნუარზე ავაშენებინე, სოფლიდან ოცი მილის დაშორებით. შიშველი მეძავი მარტო იყო ჩემთან. იარაღის მუქარით ვაიძულებდი, დამდგარიყო ოთხ ფეხზე და ისე ერბინა. მერე ბოძზე მივაბი და ყველაფერი ვუთხარი, რის გაკეთებასაც ვაპირებდი. ბოლოს ტყვიებით დავცხრილე. ამ სურათმა ისე ამაღელვა, რომ ამ დღისათვის ეს ვიკმარე. შემდეგ გაუნძრევლად და უაზროდ ვიჯექი სიბნელეში. ავეჯმა ლაწუნი დაიწყო. დღის ხუთი საათი იყო, ოთახი უნდა დამეტოვებინა, მაგრამ არ შემეძლო, რადგან ქუჩაში ხალხი მოძრაობდა. გათენდა. შიმშილს აღარ ვგრძნობდი. ოფლი მდიოდა, პერანგიც კი დამისველდა. გარეთ მზე ანათებდა. ვფიქრობდი: „იგი დაკეტილ, ბნელ ოთახშია, სამი დღის განმავლობაში არც უჭამია, არც უძინია. კარზე რომ დარეკეს, არ გაუღია. შემდეგ ის გავა ქუჩაში და მოკლავს“. მეშინოდა. საღამოს ექვს საათზე შიმშილმა სრულიად მომიცვა. სიბრაზისაგან გიჟს ვგავდი. ერთხანს ავეჯს ვეხლებოდი, მერე ოთახებში შუქი ავანთე, მთელი ძალით სიმღერა დავიწყე, დავიბანე ხელები და გავედი. ორი წუთი საკმარისი იყო ყუთში წერილების ჩასაგდებად. ისინი ათ-ათ ცალობით ჩავყარე. შევცდი, ზოგიერთი უნდა დამეჭმუჭნა. ოდესის ქუჩამდე მონპარნასის ბულვარს გავყევი. თეთრეულის მაღაზიის სარკის წინ შევჩერდი და როცა ჩემი სახე დავინახე, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე: „ამ საღამოს“. დავდექი ოდესის ქუჩის თავში და დავიცადე. ორმა ქალმა გაიარა. ისინი ხელებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ქერათმიანი ეუბნებოდა:

- ყველა ფანჯარაზე ამ კეთილშობილმა ოჯახმა ხალიჩები გადმოკიდა.

- გავლებულები მაინც თუ იყო?

- გასავლებად ხუთი ლუიდორი უნდა გადაიხადონ.

- ხუთი ლუიდორი? - გაუკვირდა შავგვრემანს და ჩემს ახლოს რომ გაიარა, დაამატა, - წარმოგიდგენია, მათ წინაპართა ტანსაცმლის ჩაცმა ართობთ...

ისინი წავიდნენ. მციოდა, მაგრამ მაინც მდიოდა ოფლი. წუთის შემდეგ სამი კაცი დავინახე, ისინიც გავატარე. მე ექვსი მჭირდებოდა. მარჯვნივ მდგომმა გადმომხედა და ენა გააწკლაპუნა. მე თვალები გადავატრიალე.

რვის ხუთ წუთზე ედგარ-კინეს ბულვარიდან ხალხის ორი ჯგუფი გამოვიდა: კაცი და ქალი ორ ბავშვთან ერთად და მათ უკან სამი მოხუცი ქალი. წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი. ქალს ბრაზიანი სახე ჰქონდა და პატარა ბიჭს, ხელით რომ მოჰყავდა, ექაჩებოდა. კაცმა მონოტონური ხმით უთხრა:

- გააწყალა გული ამ ლაწირაკმა.

გული ისე ძლიერ მიცემდა, რომ მკლავები მტკიოდა. წავიწიე და მათ წინ გავჩერდი. სასხლეტზე თითები მომიდუნდა.

- უკაცრავად, - თქვა კაცმა და ხელი მკრა.

გამახსენდა, რომ ჩემი ბინის კარი დავკეტე და ამან ძალიან გამანაწყენა. მის გასაღებად ძვირფასი დროის დაკარგვა დამჭირდებოდა. ხალხი მიდიოდა. მე მათ ზურგი შევაქციე და ანგარიშმიუცემლად უკან გავყევი. უკვე არ მქონდა სურვილი, მათთვის მესროლა. ისინი ბულვარის ბრბოში ჩაიკარგებოდნენ. კედელს მივეყრდენი. აღარ დაველოდე რვა და ცხრა საათის დარეკვას. ჩემთვის ვიმეორებდი: „რა საჭიროა ამათი მოკვლა, ისინი ხომ ისედაც მკვდრები არიან“. და სიცილი მინდოდა. ამ დროს ძაღლი მოვიდა და ფეხებზე დამსუნა. როცა მსხვილმა კაცმა წინ გამისწრო, წამოვხტი და უკან გავედევნე. მის წითელ კეფაზე თავსა და პალტოს საყელოს შორის მოქცეული ნაკეცი დავინახე. ის მიბაჯბაჯებდა და მძიმედ სუნთქავდა, ჯმუხი იერი ჰქონდა. რევოლვერი ამოვიღე. იგი ცივი იყო და ბრწყინავდა. მეზიზღებოდა ეს იარაღი, კარგად არც მახსოვდა, რა უნდა მექნა მისთვის. ხან იარაღს ვუყურებდი, ხან იმ ტიპის კეფას, რომლის ნაკეცი მიღიმოდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი: რევოლვერი თხრილში ხომ არ გადამეგდო?

უცებ ტიპი შემოტრიალდა და გაღიზიანებულმა შემომხედა. უკან დავიხიე.

- უკაცრავად... მინდოდა მეკითხა...

ის არ მისმენდა, ჩემს ხელებს უყურებდა. მე ძლივს დავასრულე:

- შეგიძლიათ მითხრათ, სად არის გეტეს ქუჩა?

მას მსხვილი სახე ჰქონდა, ტუჩები უთრთოდა, არაფერი მითხრა, მხოლოდ ხელი გაიშვირა. მე ისევ უკან დავიხიე და ვუთხარი:

- მინდოდა...

მივხვდი, რომ მალე ღმუილს დავიწყებდი. არ მინდოდა, მაგრამ სამი ტყვია მაინც ვესროლე მუცელში. იგი იდიოტური იერით დაეცა მუხლებზე. თავი მარჯვნივ გადაუვარდა.

- არამზადა, - ვთქვი მე, - წყეული არამზადა!

გავიქეცი. მისი ხველება მომესმა. ჩემ უკან ყვირილი და სირბილის ხმა გავიგონე. ვიღაცამ იკითხა: „რა მოხდა, ჩხუბობდნენ?“ შემდეგ დაიყვირეს: „აი, მკვლელი, მკვლელი!“ არ მეგონა, ეს ხმები მე თუ მეხებოდა. თუმცა, ავისმომასწავებლად კი მეჩვენებოდა, როგორც სახანძრო მანქანების სირენების ხმა ბავშვობაში. ავისმომასწავებელი და თან სასაცილო ხმები... მე მთელი ძალით გავრბოდი. მხოლოდ ერთი უპატიებელი შეცდომა ჩავიდინე: იმის ნაცვლად, რომ ოდესის ქუჩიდან ედგარ-კინეს ბულვარისაკენ გამეწია, მონპარნასზე გადავუხვიე. ეს რომ შევამჩნიე, მობრუნება უკვე გვიანი იყო. ხალხის შუაგულში ვიყავი. გაკვირვებული სახეები შემომცქეროდნენ (კარგად მახსოვს ფერუმარილწასმული ქალის სახე, ბუმბულიანი მწვანე ქუდი რომ ეხურა). ოდესის ქუჩიდან სულელთა ყვირილი - მკვლელი დაიჭირეთო - ისევ მესმოდა. ვიღაცამ ხელი დამადო მხარზე. გონება ამერია: არ მინდოდა ამ ბრბოს გავეგუდე. ორჯერ ისევ გავისროლე. ხალხი ყვიროდა და გარბოდა. ერთ კაფეში შევვარდი, კლიენტები წამოცვივდნენ, მაგრამ ჩემი შეჩერება არავის უცდია. კაფეს მთელ სიგრძეზე გავიარე და საპირფარეშოში ჩავიკეტე. რევოლვერში კიდევ ერთი ტყვია მქონდა. ერთი წუთი გავიდა. აქოშინებული მძიმედ ვსუნთქავდი. არაბუნებრივი სიჩუმე იყო, თითქოს ხალხი განგებ გაჩუმდა. იარაღი თვალებთან მივიტანე, დავინახე პატარა შავი და მრგვალი ხვრელი: ტყვია იქიდან გამოვარდებოდა. კვამლი სახეს დამიწვავდა. მკლავი ჩამომივარდა. დავიცადე. წუთის შემდეგ ისინი მგლის ნაბიჯებით მომიახლოვდნენ. ნაბიჯების ხმის მიხედვით ვხდებოდი, რომ მთელი გროვა იყო. ერთხანს ჩურჩულებდნენ, შემდეგ გაჩუმდნენ. ისევ ვქოშინებდი და ვფიქრობდი, რომ ჩემი ქშენა კარს იქითაც ესმოდათ. ერთმა წინ წამოიწია და კარის სახელურს შეეხო. იგი კედელს იყო აკრული, ჩემი ტყვიები რომ აეცდინა. მე სროლის სურვილი კი მქონდა, მაგრამ ბოლო ტყვია ჩემთვის იყო განკუთვნილი.

„რას ელოდებიან? - ვეკითხებოდი ჩემს თავს, - თუ კარს შემოამტვრევენ, თავის მოსაკლავად დრო არ დამრჩება და ცოცხლად ამიყვანენ.“ ისინი არ ჩქარობდნენ. ნაძირლებს ეშინოდათ. თითქოს დროს მაძლევდნენ საკუთარი თავისთვის განაჩენი გამომეტანა.

წუთის შემდეგ გავიგონე:

- გააღეთ, არაფერს დაგიშავებთ.

სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ისევ იმ ხმამ თქვა:

- ხომ იცით, რომ ვერ გაიქცევით.

მე არ მიპასუხია, ისევ ვქოშინებდი. თავის მოსაკლავად გამბედაობა რომ მომეკრიბა, ჩემს თავს ვეუბნებოდი: „თუ დამიჭერენ, მცემენ, კბილებს ჩამიმტვრევენ, თვალებს დამთხრიან.“ მინდოდა გამეგო ის მსხვილი ტიპი მოკვდა თუ არა, შესაძლოა მხოლოდ დავჭერი... და ის ორი ტყვია შეიძლება არც არავის მოხვედრია... ისინი რაღაცას ამზადებდნენ, იატაკიდან რაღაცას აძრობდნენ. ვჩქარობდი. რევოლვერის ლულა პირში ჩავიდე და კბილები მაგრად მოვუჭირე... მაგრამ ვერ გავისროლე... სასხლეტს თითი ვერ დავაჭირე... ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მერე რევოლვერი მოვისროლე და კარები გავაღე.

 

*სარტრის ფილოსოფია 1905 - 1980*

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველები, სარტრი, ფილოსოფია

ნახვა: 2940

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters