ვირჯინია ვულფი - შეჯამება

გადაჭედილი დარბაზი თანდათან უფრო ჩაიხუთა, და ვინაიდან ასეთ ღამეში არ შეგეშინდებოდა ნესტი ფეხებს დამისველებსო, და წითელი და მწვანე ჩინური ფანრები ხილივით ეკიდა მოჯადოებული ტყის სიღრმეში, მისტერ ბერტრამ პრიტჩარდმა მისის ლეიზემი ბაღში წაიყვანა.

სუფთა ჰაერმა და გარეთ ყოფნის შეგრძნებამ თავბრუ დაახვია საშა ლეიზემს, მაღალ, ლამაზ, საკმაოდ ზანტი გამომეტყველების ლედის, რომელსაც ისეთი დიდებული გარეგნობა ჰქონდა, რომ ვერავინ წარმოიდგენდა რა ძალისხმევად და შფოთვად უჯდებოდა თითოეული სახალხოდ წარმოთქმული სიტყვა. მაგრამ სწორედ ასე იყო და უხაროდა, რომ ბერტრამთან ერთად იყო, რომელიც უეჭველად ბაღშიც შეუჩერებლივ ილაპარაკებდა. მისი ლაპარაკი რომ ჩაგეწერა, რაღაც დაუჯერებელი გამოვიდოდა. ყველაფერი, რაზეც ის ლაპარაკობდა, არა მხოლოდ უმნიშვნელო იყო, არამედ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულიც. მართლაც, ვინმეს რომ ფანქარი აეღო და მისი ლაპარაკი სიტყვასიტყვით ჩაეწერა, - მისი ერთ საღამოს ნალაპარაკევიც კი მთელ წიგნს გაავსებდა, - წამკითხველს ეჭვიც არ შეეპარებოდა, რომ ამ საცოდავ კაცს ძალზე მწირი ინტელექტი ჰქონდა. მაგრამ ეს სულაც არ შეეფერებოდა სინამდვილეს, რადგან მისტერ პრიტჩარდი პატივცემული სახელმწიფო მოსამსახურე და ბანის ორდენის კავალერი გახლდათ, მაგრამ, რაც კიდევ უფრო უცნაურია, ის თითქმის ყველას, უცნობებსაც კი, მოსწონდათ. თვით ჟღერადობა მისი ხმისა, მოდულაციები, ერთგვარი ბრწყინვალება შეუსაბამობებისა, ერთგვარი ემანაცია მისი მრგვალი, შავგვრემანი ფიზიონომიისა და წითელმკერდა მეჟოლიას ფიგურისა - რაღაც არამატერიალური და მოუხელთებელი არსებობდა და ყვაოდა მასში, რაც თავის თავს საცნაურს ხდიდა მისივე სიტყვებისგან დამოუკიდებლად და ხშირად მის საწინააღმდეგოდაც კი. სწორედ ამას ფიქრობდა ალბათ, საშა ლეიზემი, სანამ კაცი ლაქლაქებდა დევონშირში მოგზაურობის თაობაზე, სასტუმროებზე, პლედებზე, ტედზე და ფრედზე, ძროხებზე და ღამის მარშრუტებზე, ნაყინზე და ვარსკვლავებზე, ევროპის ვაგზლებზე და ბრედშოზე, რესტორნებზე, თევზის ჭერასა და გრიპზე, რევმატიზმსა და კიტსზე - ფიქრობდა, რომ ზოგადად კარგია ამ ქვეყანაზე ასეთი ადამიანი რომ არსებობს და მისი ლაქლაქიდან ბერტრამის სახეს ქმნიდა, რომელიც მის ნალაპარაკევს არ ჰგავდა, მაგრამ ბერტრამ პიტჩარდის ჭეშმარიტ არსს სწორედ ის ასახავდა, თუმცა ამის დამტკიცება შეუძლებელი იყო. როგორ შეიძლებოდა იმის დამტკიცება, რომ ის ერთგული მეგობარია და ძალიან გულისხმიერი და - მაგრამ აქ, როგორც ხშირად ემართებოდა ხოლმე, როცა ბერტრამს ესაუბრებოდა, მისი არსებობა საერთოდ დაავიწყდა და სხვა რამეზე დაიწყო ფიქრი.

ღამე - აი, რის შესახებ ჩაფიქრდა. როგორღაც შეინჯღრა და ცას ახედა. ეს სოფლის სუნი იყო, რაც უცებ შეიგრძნო, პირქუში მდუმარება მინდვრებისა ცის ქვეშ, მაგრამ აქ, მისის დელოუეის ბაღში, ვესტმინსტერში, ამ მშვენიერებამ განსაკუთრებით შეძრა ის - სოფელში დაბადებული და გაზრდილი. შესაძლოა კონტრასტის გამო - თივის სუნი, მის უკან კი ხალხით სავსე ოთახები. ბერტრამთან ერთად მიდიოდა, ირმის მსგავსი სიარული ჰქონდა, თითოეულ ნაბიჯზე თითქოს ზამბარასავით იწელებოდა, მარაოს იქნევდა - დიდებული, მდუმარე, ძლივს მსუნთქავი, ყურებდაცქვეტილი, ნესტოებით ჰაერს ისრუტავდა, თითქოს ველური, მაგრამ სრულიად მართვადი არსება ღამით ტკბებაო.

ეს უდიდესი საოცრებააო, ფიქრობდა. ადამიანთა მოდგმის უდიდესი მიღწევა. იქ, სადაც ძველი ნავი ტირიფების ქვეშ ჭაობში მიცურავდა, აი, იქ არის, და მშრალ, მაგარ, მკვიდრად ნაგებ სახლზე ფიქრობდა, ღირებული ნივთებით გადაჭედილ, სკასავით მოზუზუნე სახლზე, სადაც ადამიანები შორდებიან, ხვდებიან, შეხედულებებს უზიარებენ, სტიმულს აძლევენ ერთმანეთს. და, კლარისა დელოუეიმ ის ღია გახადა ღამის სივრცეებისთვის, ჭაობზე ქვებით ბილიკები გაიყვანა, და, როცა ბერტრამთან ერთად ბაღის ბოლოში გავიდა, (ბაღი ძალიან პატარა აღმოჩნდა) და შეზლონგებზე ჩამოსხდნენ, სახლს მოწიწებით, გულაჩქროლებით გახედა, თითქოს ოქროს ისარმა განგმირაო და თვალებიდან მადლობის ცრემლები წასკდა. თუმცა მორიდებული იყო და ჩვეულებრივ ხმის ამოღება უჭირდა, როცა მოულოდნელად ვინმეს გააცნობდნენ, უკიდურესად მორცხვს ძლიერი აღტაცება იპყრობდა სხვების მიმართ. რა მშვენიერი იქნებოდა, უცებ რომელიმე მათგანად რომ ქცეულიყო, მაგრამ განწირულს საიმისოდ, რომ დარჩენილიყო იმად, ვინც იყო, შეეძლო მხოლოდ უხმოდ, აი, ასე, ბაღიდან, შორიდან ყოფილიყო აღფრთოვანებული მათი საზოგადოებით, ადამიანებით, რომლებიც მისთვის მიუწვდომელნი იყვნენ. მათი საქებარი სიტყვები რითმებად ადგა პირზე. ისინი იყვნენ აღტაცების ღირსნი, ისინი იყვნენ კეთილები და უპირველეს ყოვლისა გამბედავები, დამმორჩილებლები ღამისა და ჭაობებისა, თავგადასავლების მაძიებლები, საფრთხის ქვეშ მყოფნი, სახიფათო ტალღებში გზის გამკვლევნი.

ბედის უკუღმართობის გამო არ შეეძლო მათთან შეერთება, მაგრამ შეეძლო მჯდარიყო და ისინი ედიდებინა, სანამ ლაქლაქს განაგრძობდა ბერტრამი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას გაცურვაში - იუნგად, მატროსად, თუ რიგით მეზღვაურად, ვიღაცად, ვინც იალქანზე აძვრება და მხიარულად დაუსტვენს. ამ ფიქრისას მის წინ რომელიღაც ხის ტოტი, გაჟღენთილი მისი აღტაცებით სახლში მყოფთა მიმართ, დაიხარა და ოქროსფრად წვეთავდა, შემდეგ გუშაგივით გაიჯგიმა, ეს იყო ნაწილი გალანტური და მოქეიფე კამპანიისა, იალქანი, რომლიდანაც დროშა ფრიალებდა. კედელთან ვედრო იდგა, მასაც მიაგო თავისი წილი.

უცებ, ბერტრამმა, რომელიც, როგორც ყოველთვის, ვერ ისვენებდა, გადაწყვიტა ადგილმდებარეობა გამოეკვლია. აგურების გროვაზე ახტა და კედელს მიღმა გადაიხედა. საშამაც გადაიხედა. ციცხვი დაინახა, ან იქნებ ჯალამბარი იყო. ხიბლი მყისვე გაიფანტა. გვერდით ისევ ლონდონი იყო, უზარმაზარი, გულგრილი, უსახური სამყარო. ავტომობილები, საქმეები, ფანარები ლუდხანებთან და მოწყენილი პოლიციელები.

როცა ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილა და წუთიერი სიჩუმით შეავსო ლაქლაქის მობუყბუყე წყარო, ბერტრამმა მისტერ და მისის ვიღაცები მათ გვერდით დასაჯდომად მიიპატიჟა და კიდევ ორი სკამი გამოსწია მათთვის. და აი, ისინი კვლავ ისხდნენ და უყურებდნენ იმავე სახლს, იმავე ხეებს, იმავე ვედროს, მაგრამ საშას გადახედილი ჰქონდა კედლის იქით, თვალი შევლებული ჰქონდა ციცხვისთვის, უფრო სწორად კი ლონდონისათვის და უკვე აღარ შეეძლო სამყარო ოქროს ღრუბლებში გაეხვია. ბერტრამი ლაპარაკობდა და ვიღაცები - მას, მოკალი და არ ახსოვდა მათი გვარი - უოლესები? ფრიმენები? - პასუხობდნენ და თითოეული მათი სიტყვა ოქროს თხელ ბურუსში აღწევდა და პროზაულ სინათლეში ხვდებოდა. დედოფალ ანას სტილის მშრალ, მყარად მდგარ სახლს შეხედა. მთელი არსებით ცდილობდა გაეხსენებინა რა ჰქონდა ნასწავლი სკოლაში ტორნის კუნძულის, მეთევზეების გემების, ხამანწკის, ნისლისა და გარეული იხვების თაობაზე, მაგრამ ეჩვენებოდა, რომ ეს დრენაჟის მუშების, დურგლების საქმეა, ეს თავყრილობა კი საღამოსთვის გამოწყობილი ხალხია და მეტი არაფერი.

შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხა: რომელი შეხედულებაა ჭეშმარიტი? სახლს თუ ციცხვს ხომ ასეც შეიძლება შეხედო და ისეცო.

ეს შეკითხვა იმ ვიღაცას დაუსვა, ვისაც მისთვის დამახასიათებელი მოკრძალებით, სხვა ადამიანების სიბრძნე და ძალა მიაწერა. პასუხი ხშირად შემთხვევით მოდის - ასე პასუხობდა მისი ბებერი სპანიელი - კუდის ქიცინით.

და ახლა ხემ, განძარცულმა ოქროფერისა და დიდებულებისაგან, მას თითქოს პასუხი უკარნახა, მინდვრის ხედ იქცა, შემოუღობავ ხედ - ერთადერთ ხედ ჭაობში. ის მას ხშირად ხედავდა, ხედავდა ღრუბლებს, წითლად შეტრუსულებს ტოტებს შორის, მთვარის დატეხილ, ვერცხლისფერ სხივებს. მაგრამ პასუხი რა არის? რა და მისი სული - ის გრძნობდა, რომ მის შიგნით რაღაც არსება ძგერს, გამოსავალს ეძებს და მას მაშინვე სული დაარქვა - რომ სული თავისი ბუნებით მარტოა, მეწყვილე არ ჰყავს, ქვრივი ჩიტია, ამ ხეზე ეულად მყოფი ჩიტი.

ამ დროს ბერტრამმა მკლავში ხელი გამოსდო, შინაურულად, როგორც იცოდა ხოლმე, ისინი ხომ ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს და უთხრა, ჩვენს მოვალეობას არ ვასრულებთ, დროა სახლში შევიდეთო.

და მაშინ, სადღაც მიყრუებული ქუჩიდან თუ ლუდხანიდან, ნაცნობმა, საშინელმა, უსქესო, დაუნაწევრებელმა ხმამ გაიჟღერა, წივილმა თუ მოთქმამ. და ქვრივი ჩიტი, დამფრთხალი, შორს გაფრინდა, სულ უფრო და უფრო ფართო წრეები შემოხაზა, სანამ ის, რასაც ქალი თავის სულს უწოდებდა, იმ ყვავივით შორეული არ გახ-და, რომელიც მისკენ გასროლილმა ქვამ დააფრთხო.

ტეგები: Qwelly, ვულფი, ლიტერატურა, ნოველები

ნახვა: 12

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 0 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters