რა თქმა უნდა, ისინი შენს გარშემო და ხელის გაწვდენაზე არაა. ჯადოსნური ნივთების პოვნა ძნელია და მრავალ თავგადასავალსა და ფათერაკს მოითხოვს.
     ასეა ზღაპრებში და მეზღაპრეები არ ტყუიან.
     ჯადოსნური ნივთების შესანახი ადგილები ამ ქვეყანაზე ჯერ არ უპოვიათ. ისინი პარალელურ სამყაროებშია დამალული, ოღონდ იმ პარალელურ სამყაროთა მმართველები, ან ბინადარნი ზოგჯერ გადაწყვეტენ ხოლმე, რომ ეს ნივთები აქეთა, ჩვეულებრივ ქვეყანაში გადმოისროლონ. რატომ გადაწყვეტენ ხოლმე ამას, ძნელი სათქმელია. როგორც ვარაუდობენ, იქაურები ასე იმიტომ იქცევიან, რომ რომელიმე აქაური თავიანთ მხარეში შეითრიონ.
     შეთრევა უცბად არ ხდება, შეიძლება ათწლეულებიც დასჭირდეს. იქაურები ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელნელა, ფიქრისა და განსჯის შემდეგ ითრევენ ხალხს ამ სამყაროდან. ქვეყნად არსებობს ჯადოსნური სიტყვებიც, რომლებიც უცნაურ და ურყევ კავშირშია იქედან გადმოსროლილ ჯადოსნურ ნივთებთან. ამ ჯადოსნური სიტყვების გარეშე წარმოუდგენელია პარალელური სამყაროდან გადმოსროლილი ჯადოსნური ნივთების პოვნა. იმ უხილავი სამყაროს მმართველები არანაირად მიგანიშნებენ, აქა და აქ ჯადოსნური ნივთი დევს და ეს ნივთი და მიდი და აიღეო. ერთადერთი მინიშნება ჯადოსნური სიტყვაა, რომელიც მხოლოდ იმ კაცისთვის არის ჯადოსნური სიტყვა, ვისთვისაც ჯადოსნური ნივთის გადაცემა გადაუწყვეტიათ.
     გადაცემა პირობითი სიტყვაა, რადგან სინამდვილეში ისინი არაფერს გადმოგცემენ და უნდა იპოვნო. თუმცა, ისიც არ იცი, რომ ეძებ. მხოლოდ ის იცი, რომ კარგი იქნებოდა, ამ ჯადოსნურ სიტყვას, რომლის ჯადოსნურობასაც ძალიან დიდი ხანია გრძნობ, რაიმე შემატებოდა.
     რა დასამალია, და რამდენიმე ასეთი ჯადოსნური სიტყვა მეც ვიცი.
     არ იფიქროთ, რომ ეს ისეთი განთქმული სიტყვებია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ გვხვდება. ვთქვათ, სიყვარული, სიძულვილი, სიცოცხლე და სხვა ასეთი რამეები. საქმე ისაა, რომ ასეთ სიტყვებს კარგახანია ჯადოსნურობა გამოეცალათ და რაც მთავარია, იმ, იქითა ქვეყანაში მათ ნივთიერი გაგრძელება არა ჰქონიათ. ანუ, როგორც იტყოდა შერლოკ ჰოლმსი, თავს უფლებას როგორ მივცემ ვინმე შემიყვარდეს, ან შემძულდეს. შამწუხაროდ, ასეთი რამ ჯადოსნურ სიტყვებში გამორიცხულია.
     ჯადოსნური სიტყვები უფრო შეუმჩნეველ, ძალიან ჩვეულებრივ საგნებს აღნიშნავს, ოღონდ ისე წარმოითქმის, რომ შეიძლება მთელი მოვლენაც გამოიწვიოს. ჯადოსნური ნივთი კი ზუსტად ისაა, რასაც ჯადოსნური სიტყვა აღნიშნავს.
     რახან ამის დროც მოსულა, გავამხელ ერთ ჩემთვის ჯადოსნურ სიტყვას. მითუმეტეს, რომ შესაბამისი ჯადოსნური ნივთიც უკვე ხელთა მაქვს.
ამ სიტყვამ არანაკლებად იმოქმედა ჩემზე, ვიდრე იმ ადამიანზე, რომელსაც სიბერემდე ჩაესმოდა ძილში და გამოაღვიძებდა ხოლმე. იმ კაცს, ვისაც ეს სიტყვა ჩაესმოდა, ჯიმ ჰოკინსი ერქვა.
     პიასტრი.
     აი, ეს სიტყვა.
     სხვანაირად, რვიანის ნატეხი (piece of eight), სხვანაირად, უბრალოდ რვიანი, კიდევ სხვანაირად ესპანური ვერცხლის დოლარიანი.
     ახლა მოგახსენებთ, რომ პიასტრი ესპანური ვერცხლის ფულია, კარგა გვარიანი ზომისა. ზედ რა ამოუტვიფრავთ, ამის მოთხრობას არ მოვყვები, მოგახსენებთ, რომ იმ სამასი წლის წინათ ფულის სინაღდე უფრო წონით და ლითონის სიწმინდით განისაზღვრებოდა. რახან წონა მთავარი იყო, ეს გვარიანი პიასტრი ერთდროულად ერთი მონეტაც იყო და ნახევარიც, მეოთხედიც და მერვედიც. ანუ, პიასტრს კუნძზე დადებდნენ და ნაჯახს დაჰკრავდნენ. ასე გაჭრიდნენ ორად და ხურდასაც დაგიბრუნებდნენ. მოკლედ, რვა ნაწილადაც იჭრებოდა და რვა ნატეხით ერთ პიასტრს შეადგენდი.
     ამიტომაც ერქვა ასე ინგლისურად მოლაპარაკე ხალხის ადგილებში.
ინგლისელი მეკობრეები, ესპანელ ვაჭართა გემები და პიასტრები. ალბათ, ყველაფერი გასაგებია.
     პიასტრი კი იმიტომ არის ჯადოსნური სიტყვა ჩემთვის, რომ ამ სიტყვამ ძალიან ბევრი რამ შემიცვალა და გადამაწყვეტინა კიდეც. ბევრს ეხსომება, როგორ მთავრდება სტივენსონის განძის კუნძული.
     გამდიდრებულ ჯიმ ჰოკინსს მძინარეს ჩაესმის ხოლმე ცალფეხა მეზღვაურის თუთიყუშის, კაპიტან ფლინტის მჭახე ხმა:
     – piece of eight, piece of eight!
     ყოველთვის, როცა ეს ხმა ჩამესმისო, ამბობს ჩვენთან გამოთხოვების წინ ჰოკინსი, შეშლილივით წამოვჯდები ხოლმე ლოგინშიო.
     თქმა არ უნდა, ეს ჯადოსნური სიტყვაა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. რადგან ოდესღაც, ამ შეძახილმა წერის სურვილი გამიჩინა. პირდაპირ არ ვიცი, რა უნდა მეკეთებინა, იმ თუთიყუშს რომ არ დაეჩხავლა, პიასტრები, პიასტრებიო. ალბათ, ფეხბურთის ყურების მეტს ვერაფერს გავაკეთებდი. თუ ეს რაიმეს კეთებად ჩაითვლება, რა თქმა უნდა.
ასე რომ, მართლაც ჯადოსნური სიტყვაა. ამ აზრს ის უფრო განმიმტკიცებს, რომ უკვე პიასტრიც მაქვს და რაც მთავარია, სწორედ ისე, რვად გაკვეთილი, იქ და იმ დროს რომ ჰქონდათ. ასეთი რამეები კი ტყუილად არ ხდება. სად უნდა მიხვიდე, რომ პიასტრს გადააწყდე? მსოფლიოს რომელ ქალაქში? შენით რომ ეძებო, რა თქმა უნდა, კოლექციონერებს მიადგები და თუ ფული გაქვს, იყიდი კიდეც, მაგრამ ჯადოსნური ნივთების და სიტყვების ურთიერთკავშირის მთავარი პირობა ხომ ის არის, რომ ჯადოსნური ნივთი არ უნდა ეძებო, ნივთს თავად წაეყრები, როცა ისინი ამის საჭიროებას დაინახავენ.
აბა, წარმოიდგინეთ:გადაფრინდი ოკეანეზე, ჩაფრინდი ერთ ქალაქში, იქედან კვლავ იფრინე და ჩაფრინდი მეორე ქალაქში. ამ მეორე ქალაქში ჩაჯექი ავტობუსში და წახვედი მესამე ქალაქში. იმ ქალაქში მანქანაში გადაჯექი და წახვედი ერთ სოფელში, უფრო კი მამულში. იმ სოფელში შეხვედი პატარა მაღაზიაში, ყოვლად უმიზნოდ, სუვენირის, ან რაიმე ასეთის საყიდლად და ამ მაღაზიის ყველაზე ბნელ, შეუხედავ და მოფარებულ კუთხეში გადააწყდი პატარა ქისას, რომელშიაც რვად დაჩეხილი პიასტრი დევს.
     თქვენთვის ეგებ სუვენირიც იყოს, თანაც, შეუხედავი და უაზრო , ჩემთვის კი ჯადოსნური ნივთია, რადგან ვნახე ის, რაც ძალიან ბევრ რამეში მეხმარება. საერთოდ კი, წერაც ამ ჯადოსნური სიტყვების ნივთებთან დაკავშირებას ჰგავს. იმათ ყველაფერი მშვენივრად იციან. იციან, რომ ეს შეძახილი ჩემში არასოდეს გაცვდება და ამიტომაც პიასტრი გამომიგზავნეს. ალბათ, თქვენც წააწყდებით თქვენს ჯადოსნურ ნივთებს, თუკი ჯადოსნურ სიტყვებს ინახავთ და არ გავიწყდებათ, სად შეინახეთ:
– piece of eight! piece of eight!

ტეგები: Aka, Morchiladze, Qwelly, აკა, ახვლედიანი, გიორგი, ლიტერატურა, მორჩილაძე, ნივთები, უბრალო, მეტი...ქართული, ჯადოსნური

ნახვა: 551

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Evaluating Recruits’ Potential

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: ოქტომბერი 11, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

6. Evaluating Recruits’ Potential

Attribute Analysis: Look beyond star ratings and evaluate individual attributes that align with your system’s needs. Consider how well a recruit's skills fit into your offensive and defensive strategies.

Potential Ratings: Assess potential ratings to determine how much a player could improve over their college career. Players with high potential may take time to develop but can be worth the investment.

Position Needs: Prioritize recruits who…

გაგრძელება

Discovering Aeternum

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 11, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

The Structure of ‘Discovering Aeternum’

The Discovering Aeternum series is divided into three distinct phases: Arrive, Survive, and Thrive. Each phase is meticulously crafted to guide players through their journey in Aeternum, providing essential knowledge and strategies at every step.

1. Arrive: Laying the Foundation

The first phase, Arrive, is all about grounding new players in the strange and mysterious world of Aeternum. The first two episodes, titled Arrive and Azoth,…

გაგრძელება

players can anticipate the arrival of level 80 content

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

As the mists of time part and the echoes of nostalgia resound once more, World of Warcraft aficionados eagerly anticipate the arrival of Cataclysm Classic, a journey back to a pivotal moment in Azeroth's history. With the unveiling of the launch schedule, players are primed to embark on a new adventure, braving the remade landscapes of a world forever changed by the cataclysmic return of Deathwing.

Weeks after the release of the pre-expansion patch, which introduced a…

გაგრძელება

Your Guide To Taxi Services with the South of France Station

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2024.
საათი: 1:00am 0 კომენტარი







Handy Taxi Transportation from Montpellier's South of France Station

Montpellier’s South of France Station (Gare de Montpellier Sud de France) is usually a crucial railway hub connecting town to numerous destinations from the location and past. Whether you’re arriving for organization or leisure, having a taxi from this station is really a practical and economical option. In the following paragraphs, we’ll examine the ins and outs of using taxi providers with the South…

გაგრძელება

Qwelly World

free counters