ჰერცოგინია და იუველირი

ოლივერ ბეიკონი იმ სახლის ზემო სართულში ცხოვრობდა, გრინ-პარკს რომ გადაჰყურებდა. თავის ბინაში. იქ სკამები სწორედ ისე იდგა, როგორც საჭირო იყო - ტყავგადაკრული სკამები. დივნები ფანჯრის ნიშების ზომებს შეესაბამებოდა-ქსოვილგადაკრული დივნები. ფანჯრებს, სამ გრძელ ფანჯარას, სათანადოდ კეთილგონივრულად მოხატული ტიული და ფიგურებიანი ატლასი ამშვენებდა. წითელი ხის ბუფეტში სათანადო ბრენდების კონიაკები, ლიქიორები და ვისკები მკაცრი თანმიმდევრობით ელაგა. და შუა ფანჯრიდან მას შეეძლო დამტკბარიყო მოდური მანქანების ელვარე სახურავებით, რომლითაც პიკადილის ვიწრო ქუჩები იყო გადატვირთული. ამაზე უფრო ცენტრალურ ადგილს ვერც წარმოიდგენდი. და დილის რვა საათზე მსახურ კაცს მისთვის საუზმე შეჰქონდა ლანგრით. მერე, იგივე მსახური, ალისფერ მოსასხამს მოახურავდა. გრძელი, წვეტიანი ფრჩხილებით ხსნიდა წერილებს და კონვერტებიდან სქელ, თეთრ მოსაწვევ ბარათებს იღებდა, რომლებზეც ჰერცოგინიების, გრაფინიების, ვიკონტესებისა და სხვა ტიტულიანი ქალბატონების სახელები მსხვილი ასოებით იყო გამოკვეთილი. შემდეგ იბანდა, შემდეგ ცეცხლზე შებრაწულ პურს მიირთმევდა და შემდეგ ბუხარში მოგიზგიზე ელექტრო ნახშირის შუქზე გაზეთებს კითხულობდა.

„წარმოგიდგენია, ოლივერ, - ეუბნებოდა საკუთარ თავს, - შენ, ვინც ცხოვრება ჭუჭყიან შუკაში დაიწყე, შენ, რომელმაც... და თავის ფეხებს ჩააყოლებდა თვალს, უზადო შარვლით შემოსილს, და მაღალყელიან ფეხსაცმელებს და გეტრებს. ყველაფერი პეწიანი და მასზე ზედგამოჭრილი იყო - საუკეთესო ქსოვილებისგან შეკერილი, სევილ როუს საუკეთესო მაკრატლებით გამოჭრილი. მაგრამ ხშირად თავს სამოსლისგან განიძარცვავდა და კვლავ ბნელი შუკების პატარა ბიჭი ხდებოდა. ოდესღაც ფიქრობდა, რომ ყველაზე დიდი, რისი მიღწევაც ცხოვრებაში შეეძლო მორთულ-მოკაზმული ქალებისთვის მოპარული ძაღლების მიყიდვა იყო უატჩეპელზე. და ერთხელაც, ისე მოხდა, რომ გაება. „ოჰ, ოლივერ, ოლივერ, - მოთქვამდა მაშინ დედამისი, როდის იქნება ჭკუაში რომ ჩავარდები ჩემო ბიჭო“, შემდეგ ფარდულში მუშაობდა, იაფფასიან საათებს ჰყიდდა. შემდეგ რაღაც საფულე წაიღო ამსტერდამში - როცა ეს გაახსენდებოდა მოხუც ოლივერს ახალგაზრდა ოლივერზე ეცინებოდა. ჰო, იმ სამი ბრილიანტით კარგად იხეირა, თან კიდევ ზურმუხტის საკომისიოც დაემატა. ამის შემდეგ ჰეტტონ-გარდენზე მუშაობდა ფარდულის უკან მდებარე ოთახში, სადაც უცხო პირები არ დაიშვებოდნენ. ოთახში, რომელშიც ჰქონდათ სასწორები, სეიფები, გამადიდებელი შუშები. შემდეგ კი... შემდეგ... მას ჩაეცინა. როცა ზაფხულის ცხელ საღამოს ქუჩაში მდგარ იუველირებს ჩაუვლიდა, რომლებიც ფასების, ოქროს საბადოების, ბრილიანტებისა თუ სამხრეთ აფრიკის ამბების შესახებ მსჯელობდნენ, მათგან ვინმე აუცილებლად მიიდებდა ხელს ცხვირის გვერდზე და ჩაიბურტყუნებდა: „ჰმმმ“ - მხოლოდ ჩურჩული, მხოლოდ იდაყვის გაკვრა, ცხვირზე მიდებული თითი, ჰეტტონ-გარდენზე ზაფხულის ცხელ საღამოს იუველირების რიგები აზუზუნდებოდა - ოჰ, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ! მაგრამ ოლივერი დღემდე გრძნობდა სასიამოვნო ღიტინს ზურგში - იდაყვის კვრა, ჩურჩული ნიშნავდა: „შეხედეთ, ახალგაზრდა ოლივერი, ახალგაზრდა იუველირი მოდის.“ ძალიან ახალგაზრდა იყო მაშინ. მერე სულ უფრო და უფრო კარგად იცვამდა და ჯერ ორთვლიანი ეტლი შეიძინა, მერე ავტომობილი. თეატრშიც, თავიდან ბელეტაჟში იჯდა, შემდეგ კი პარტერის პირველ რიგებში გადაინაცვლა. რიჩმონდზე ვილა შეიძინა მდინარისკენ ხედით, წითელი ვარდების მწკრივებით და მადმუაზელი ყოველ დილით თითო ვარდს წყვეტდა და საკინძეში უბნევდა.

- ასე რომ, - თქვა ოლივერ ბეიკონმა, წამოიწია და ფეხები წინ გაიწვდინა, - ასე რომ...

მოხუცი ქალბატონის სურათის ქვეშ შეჩერდა, რომელიც ბუხრის თავზე ეკიდა და ხელები ზემოთ ასწია.

- შევასრულე ჩემი სიტყვა, - თქვა და ხელისგულები ერთმანეთს ისე გადააჭდო, თითქოს მას პატივს მიაგებსო. - ნიძლავი მოვიგე.

მართლა ასე იყო. ის ინგლისის უმდიდრეს იუველირად იქცა. მაგრამ მისი ცხვირი, სპილოს ხორთუმივით გრძელი და მოქნილი, თითქოს ნესტოების უცნაური თრთოლვით ამბობდა (თუმცა გეგონებოდათ მხოლოდ ნესტოები კი არა, მთელი ცხვირი უთრთისო) რომ ჯერ კმაყოფილი არ იყო, თითქოს ჯერ კიდევ რაღაცას იყნოსავდა მიწისქვეშეთიდან, ცოტათი მოშორებული ადგილიდან. წარმოიდგინეთ გიგანტური ტახი ტრიუფელებით სავსე საძოვარზე. აი, რამდენიმე ცალი ამოჩიჩქნა მიწიდან, მაგრამ უფრო დიდი, უფრო შავი ტრიუფელის სუნი სცემს სადღაც ახლომახლოდან. და ასე, ოლივერი ყოველთვის მოიყნოსავდა მეიფერის ბარაქიან მიწაში კიდევ ერთ ტრიუფელს უფრო დიდს, უფრო შავს, ცოტა მოშორებით.

ჰოდა, ახლა ჰალსტუხში ბრილიანტის ქინძისთავი შეისწორა, თავისი მოდური, ლურჯი საზაფხულო პალტო ჩაიცვა და ყვითელი ხელთათმანები და ხელჯოხი აიღო. კიბეებზე რწევით დაეშვა და თავისი გრძელი, მკვეთრად მოხაზული ცხვირით მოიყნოსა თუ ამოიხვნეშა, როცა პიკადილის ჩაუარა, რადგან მართალია ნიძლავი მოიგო, მაგრამ ის ხომ ჯერაც დარდიანი, დაუკმაყოფილებელი ადამიანი იყო, რომელიც რაღაცას, ჯერ კიდევ მისგან დაფარულს ეძებს.

ოდნავ ირწეოდა როცა მიდიოდა, ისე, როგორც ირწევა აქლემი ზოოპარკში, როცა ასფალტის ბილიკებს მიუყვება დამძიმებული, ზურგზე შესმული მედუქნეებით და მათი ცოლებით ქაღალდის პარკებიდან რაღაცებს რომ ჭამენ და ბილიკზე დაჭმუჭვნილი ვერცხლისფერი ქაღალდის ნაკუწებს ყრიან. აქლემს არ უყვარს მედუქნეები, აქლემი უკმაყოფილოა თავისი ხვედრით. აქლემს ლურჯი ტბა ელანდება პალმებით არშიაშემოვლებული. ასევე სახელოვანი იუველირიც, მსოფლიოში ყველაზე სახელოვანი, პიკადილიზე მიაბიჯებდა, უზადოდ ჩაცმული, ხელთათმანებით, ხელჯოხით, მაგრამ ჯერ არცთუ მთლად დაკმაყოფილებული, სანამ პატარა, ბნელ მაღაზიას არ მიაღწია - მაღაზიას, ცნობილს საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში და ამერიკის ყველა კუთხეში - პატარა, ბნელ მაღაზიას ბონდ სტრიტზე.

ჩვეულებისამებრ, მაღაზიაში უსიტყვოდ შევიდა და ოთხ კაცს ჩაუარა - ორ მოხუცს - მარშალსა და სპენსერს, და ორ ახალგაზრდას - ჰემონდს და უიკსს. მის დანახვაზე წამოდგნენ, გაიჭიმნენ და შურიანი მზერა მიაპყრეს. მხოლოდ ქარვისფერ ხელთათმანს შიგნით თითის მოძრაობით გამოხატა, რომ მათი მოძრაობა შეამჩნია. თავის კაბინეტში შევიდა და კარი მიიხურა.

შემდეგ გისოსები გახსნა და ფანჯარა გამოაღო. ბონდ სტრიტის ხმები შემოვიდა, ტრანსპორტის შორეული გუგუნი. მაღაზიის უკანა მხარეს რეფლექტორების შუქი მოეფინა. ფანჯრის მიღმა ხეზე ექვსი მწვანე ფოთოლი შეირხა - ივნისი იყო. მაგრამ მადმუაზელი მისტერ პედდერს გაჰყვა ცოლად, რომელიც იქვე, რიჩმონდში ლუდის სახარშავში მუშაობდა და აღარავინ დარჩა, ვინც საკინძეში ვარდს ჩაუდებდა.

- ასე, - ამოისუნთქა თუ ამოიხვნეშა მან - ასე...

შემდეგ, კედელზე ღილაკს დააჭირა თითი და პანელები ნელა გაიღო, მათ უკან კი ფოლადის სეიფები იყო - ხუთი, არა, ახლა უკვე ექვსი - ყველა მოსავადებული ფოლადისა. გასაღები გადაატრიალა და ერთი სეიფი გააღო, შემდეგ, მეორე. შიგნით ყველას მუქი წითელი ხავერდი ჰქონდა გადაკრული. ყველა მათგანში ძვირფასეულობა ინახებოდა - სამაჯურები, ყელსაბამები, ბეჭდები, დიადემები, ჰერცოგების გვირგვინები, ცალკეული ქვები მინის ნიჟარებში - ლალები, ზურმუხტები, მარგალიტები, ბრილიანტები - საიმედოდ მილაგებულები, გაკრიალებულები, გრილები, მაგრამ მუდამ გავარვარებულები მათ შიგნით დაწნეხილი ცეცხლით.

- ცრემლები, - თქვა ოლივერმა, - მარგალიტს უყურებდა.

- გულის სისხლი - თქვა, როცა ლალს შეხედა.

- თოფისწამალი, - განაგრძო და ბრილიანტები გააჩხრიალა, ისე, რომ მათ თვალისმომჭრელად გაიბრწყინეს. - თოფისწამალი საკმარისი იმისთვის, რომ მთელი მეიფერი ააფეთქო - მაღლა, მაღლა, ცამდე აისროლო - ამ სიტყვებზე თავი უკან გადასწია და ცხენის ხვიხვინის მსგავსი ხმა გამოსცა.

ტელეფონმა მის მაგიდაზე პირფერულად წაიზუზუნა დაბალი, დახშული ხმით. ოლივერმა სეიფი დაკეტა.

- ათი წუთის შემდეგ, თქვა მან, - უფრო ადრე არა. მაგიდაზე ჩამოჯდა და თავისი სახელოს რგოლებზე ამოკვეთილ რომის იმპერატორების თავებს გახედა. ისევ განიძარცვა სამოსელი და პატარა ბიჭად იქცა მარმარილოს ბურთებით რომ თამაშობდა შუკებში, სადაც კვირაობით მოპარულ ძაღლებს ყიდდნენ. იმ პატარა ეშმაკ, აზრიან ბიჭად იქცა სველი ალუბლის მსგავსი ტუჩებით. თითებს შიგნეულში ყოფდა, ტაფაზე დააფათურებდა, რომელზეც თევზი იწვებოდა, ბრბოში დასუნსულებდა. ტანადი იყო და მოქნილი, ალოკილი ქვებივით თვალები ჰქონდა. ახლა კი, ახლა... საათის ისრები წუთებს ითვლიან - ერთი, ორი, სამი, ოთხი... ჰერცოგინია ლამბორნსკაია მის ნებართვას ელის რომ შემოვიდეს, ჰერცოგინია ლამბორნსკაია, ვისი პაპები და პაპისპაპებიც ინგლისის პერები იყვნენ. ათ წუთს მოიცდის დახლთან მჯდარი. მოიცდის, სანამ ის არ ინებებს მის მიღებას. თვალს არ აცილებდა შაგრენის შალითაშემოკერილ მაგიდის საათს. ისარი წინ მიიწევდა. საათის ერთ დაწიკწიკებას მისთვის თითქოს pate de foie gras[12] მოჰქონდა, შემდეგ დაწიკწიკებას ბოკალი შამპანური, სირჩა საუკეთესო კონიაკი, გინეად ღირებული სიგარა. საათი ამ ყველაფერს მის წინ, მაგიდაზე ახვავებდა, სანამ ათი წუთი გავიდა. და მაშინ კორიდორში ნელი, თითქმის უხმო ფეხის ხმა და შარიშური გაიგონა. კარი გაიღო. ზურგით კედელსაკრულმა ჰემმონდმა მოახსენა: - მისი მაღალკეთილშობილება.

და ასე იცდიდა, კედელსაკრული.

ოლივერი წამოდგა, კორიდორიდან ესმოდა მოახლოებული ჰერცოგინიას კაბის შარიშური. აი, თვითონ ისიც, კარი შეავსო, ოთახი ყველა ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ერთ ტალღად შერწყმული არომატით, აპლომბით, ქედმაღლობითა და მედიდურობით აავსო. და როგორც ტალღა ინავლება, ისიც ისე მიინავლა დაჯდომისას, გაიშალა, გადგაფუნდა და ქაფად გადაეღვარა ოლივერ ბეიკონს - სახელგანთქმულ იუველირს, და ის კაშკაშა, მბრწყინავი ფერებით დაფარა - მწვანით, ვარდისფრით, იისფრით, და სურნელებით და ფერადოვნებით, თითებიდან გამოტყორცნილი სხივებით, ქუდის მოსართავი ფრთების რხევით, აბრეშუმის ნაკეცების ელვარებით. რადგან ის ძალიან დიდი იყო, ძალიან სქელი, მაგრად გამონაკვთული ვარდისფერ თავთის კაბაში და აღარც მთლად ახალგაზრდა. როგორც მრავალარშიიან ქოლგას, როგორც უხვბუმბულიან ფარშავანგს სცვივა არშიები, სცვივა ბუმბულები, ისიც ასევე ჩაეშვა, მოკალათდა და ჩაიძირა ტყავის სავარძელში.

- დილა მშვიდობისა, მისტერ ბეიკონ, - უთხრა და თეთრხელთათმანიანი ხელი გაუწოდა და ოლივერი მდაბლად დაიხარა მის ჩამოსართმევად. და, როგორც კი მათი ხელები ერთმანეთს შეეხო, ძველი კავშირი მაშინვე აღდგა. ისინი მეგობრები იყვნენ, მაგრამ თან - მტრებიც. კაცი ბატონობდა, ქალი ემორჩილებოდა. ერთმანეთს ატყუებდნენ და ერთმანეთი სჭირდებოდათ, ერთმანეთის ეშინოდათ. თითოეულმა იცოდა ეს და ამას ყოველ ჯერზე გრძნობდა, როცა მათი ხელები, აი, ასე, შეეხებოდნენ ერთმანეთს მაღაზიის უკან პატარა ოთახში, სადაც გარედან დღის თეთრი შუქი და ქუჩის ხმაური აღწევდა და ექვსფოთლიანი ხე იყურებოდა, მათ უკან კი სეიფები იყო განლაგებული.

- რით შემიძლია, ამჯერად, გემსახუროთ, ჰერცოგინია? - ძალიან რბილად ჰკითხა ოლივერმა.

- ჰერცოგინიამ გული გადაუშალა, სულ მთლიანად, ბოლო სამალავამდე. ოხვრით, მაგრამ უსიტყვოდ, ჩანთიდან გამხდარი ქრცვინის მსგავსი ნატის გრძელი ტომსიკა ამოიღო და ქრცვინის მუცლის განაჭერიდან მარგალიტები გადმოყარა - ათი მარგალიტი. ისინი განაჭერიდან გადმოგორდნენ ერთი, ორი, სამი, ოთხი - როგორც კვერცხები ზღაპრული ფრინველიდან.

- სულ ეს არის რაც დამრჩა ძვირფასო მისტერ ბეიკონ, - ამოიკვნესა მან. ხუთი, ექვსი, შვიდი... ისინი ქვემოთ დაგორდნენ, უზარმაზარი მთის დაქანებულ ფერდობებს დაუყვნენ, რომელიც ქალის მუხლებსა და ვიწრო ხეობას შორის ეშვებოდა... მერვე, მეცხრე, მეათე. და იქ დარჩნენ ვარდისფერი თავთის ელვარე ანარეკლში. ათი მარგალიტი.

- ეპლბის სარტყლის სახეობებიდანაა, - ნაღვლიანად თქვა მან, - უკანასკნელები, სულ უკანასკნელები.

ოლივერმა ხელი გაიწვდინა და ერთ-ერთი მარგალიტი ორი თითით აიღო. ის მრგვალი იყო და ელვარებდა. მაგრამ ნამდვილია თუ ყალბი? ნუთუ ეს ქალი ახლაც ცრუობს? ნუთუ ბედავს?

ქალმა ფუმფულა თითი ტუჩზე მიიდო.

- ჰერცოგმა რომ იცოდეს, - წაიჩურჩულა მან, - ძვირფასო მისტერ ბეიკონ - ასეთი ბედნავსობა...

ეტყობა ისევ ითამაშა და წააგო.

- ეს არამზადა! ეს შულერი! - წაისისინა ქალმა.

ის ლოყანაიარევი კაცი? ცუდი ვინმეა. ჰერცოგი კი-ჯოხივით სწორი, ბაკენბარდებიანი, ამ ქალს მშრალზე დატოვებს, ცხრაკლიტულში გამოამწყვდევს, რომ გაიგოს... ის, რაც მე ვიცი, გაიფიქრა ოლივერმა და სეიფს გახედა.

- არამინტა, დაფნი, დიანა, - დაიკვნესა ქალმა, - მათი გულისთვის.

ლედი არამინტა, ლედი დაფნი, ლედი დიანა - ამ ქალის ქალიშვილები - ის მათ იცნობდა, ის მათ აღმერთებდა. მაგრამ სიყვარულით დიანა უყვარდა.

- თქვენგან დაფარული არაფერი მაქვს - ურცხვად გაიღიმა ქალმა. ცრემლები ჩამოუგორდა, ჩამოუვარდა, ცრემლებმა, როგორც ბრილიანტებმა ბილიკები დახაზეს მის გაპუდრულ, ვარდისფერ ლოყებზე.

- ძველი მეგობარი, - წაიბუტბუტა ქალმა - ძველი მეგობარი.

- ძველი მეგობარი, ძველი მეგობარი, - გაიმეორა კაცმა, - თითქოს სიტყვებს აგემოვნებსო.

- რამდენი? - ჰკითხა მან.

ქალმა მარგალიტები ხელისგულით დაფარა და წაიჩურჩულა: - ოცი ათასი.

მაგრამ ნამდვილია თუ არა მარგალიტები, ხელში რომ უჭირავს? ეპლბის სარტყლის სახეობა. მაგრამ ამ ქალს ის თითქოს გაყიდული უნდა ჰქონდეს? ახლავე დარეკავს და სპენსერს და ჰემმონდს დაუძახებს. „აიღეთ და შეამოწმეთ“ ეტყვის. ზარისკენ ხელი გაიწვდინა.

- ხვალ ხომ გვეწვევით? - მოუთმენლად უთხრაა ქალმა თითქოს შეაწყვეტინაო. - პრემიერ-მინისტრი და მისი სამეფო უდიდებულესობა იქნებიან, - მცირედ შეყოვნდა და დაუმატა, - და დიანაც.

ოლივერმა ზარიდან ხელი აიღო.

ქალს იქით ბონდ-სტრიტის სახლების უკანა მხარეები ჩანდა, მაგრამ ის ბონდ-სტრიტის სახლებს კი არ უყურებდა, არამედ მჩქეფარე მდინარეს, რომელშიც კალმახი და ორაგული დახტოდნენ და პრემიერ-მინისტრი და თვითონაც თეთრ ჟილეტში გამოწყობილი და დიანა.

მარგალიტს დახედა, ხელში რომ ეჭირა. როგორ უნდა დაევალებინა მისი შემოწმება მდინარის ამ ხილვის ფონზე, დიანას თვალების ფონზე. ჰერცოგინიას თვალები კი მასზე იყო მიპყრობილი.

- ოცი ათასი, - ამოიკვნესა ქალმა, - ჩემი ღირსება.

დიანას დედის ღირსება. ჩეკის წიგნაკი თავისკენ მიიწია. კალმისტარი აიღო.

ოცი - დაწერა მან. შემდეგ წერა შეწყვიტა. პორტრეტიდან მოხუცი ქალი გადმოჰყურებდა, მოხუცი ქალი. მისი დედა.

ოლივერ, - აფრთხილებდა ის, - ჭკუას მოუხმე. ნუ ჩაიდენ ასეთ სისულელეს.

- ოლივერ, - ევედრებოდა ჰერცოგინია. ახლა უკვე „ოლივერ“ და არა მისტერ ბეიკონ, - ხომ გაატარებ მთელ უიკენდს ჩვენთან?

ტყეში, მარტო დიანასთან ერთად! დიანასთან ერთად ცხენის ჭენება!

ათასი - დაამთავრა და ხელი მოაწერა.

- ინებეთ, - უთხრა.

და ქოლგის ყველა არშია გაიშალა, ფარშავანგის ყველა ბუმბული გაიშალა, გაკაშკაშდა ტალღები, აზენკურის მახვილი და შუბი - ჰერცოგინია სავარძლიდან წამოდგა. და ორი მოხუცი და ორი ახალგაზრდა კაცი - სპენსერი და მარშალი, უიკსი და ჰემმონდი დახლს იქეთ კედელს აეკრნენ და შურით უცქერდნენ როგორ მიაცილა ქალი მაღაზიის კარებამდე. მათ თავისი ყვითელი ხელთათმანი დაუქნია, ქალს კი, ხელში მაგრად ეჭირა თავისი ღირსება - მისგან ოციათას ფუნტზე ხელმოწერილი ჩეკი.

ყალბია თუ ნამდვილი? ეკითხებოდა ოლივერი საკუთარ თავს, როცა კაბინეტის კარი მიიხურა. აი, ისინი, ათი მარგალიტი მაგიდაზე, საშრობზე დევს. ფანჯარასთან მიიტანა ისინი, გამადიდებელი შუშით გახედა. აი, თურმე როგორი ტრიუფელი ამოჩიჩქნა მან მიწიდან - დამპალი ბოლომდე, გულისგულამდე დამპალი!

- მაპატიე დედა! - ამოიკვნესა, ხელები აღაპყრო, თითქოსდა პორტრეტზე გამოსახულ დედას პატიებას სთხოვდა. და კვლავ შუკის პატარა ბიჭად იქცა, სადაც კვირაობით ძაღლებს ჰყიდდნენ.

- რადგან, - წაიბუტბუტა და ხელისგულები ერთმანეთს გადააჭდო, - ეს ხანგრძლივი უიკენდი იქნება.

ტეგები: Qwelly, ვულფი, ლიტერატურა, ნოველები

ნახვა: 33

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 1 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters