1919 წელი იდგა, ანწლი უკვე აყვავილებული იყო, როდესაც უნტერ-ოფიცერი იოზეფ თიდემანი სახლში დაბრუნდა. სადგურზე მას ცოლი დახვდა ეტლით, მარტო, მეეტლის გარეშე.

      ცოლ-ქმარი მთელი გზა ჩუმად იჯდა ერთმანეთის გვერდით. მათ თვალწინ მსუბუქად ირწეოდნენ ცხენების მოელვარე ყავისფერი ზურგები. სოფლის ქუჩაზე შეუხვიეს, ნელა მიიწევდნენ წინ. მზე ჩადიოდა და ხალხი თავისი სახლების წინ გამოფენილიყო, ცოლი ქმარს შიგადაშიგ მკლავზე ხელს წაავლებდა ხოლმე, მაგრამ თიდემანი ვერავის ცნობდა, თავის ცოლსა და ცხენებსაც კი.

      1918 წლის ივლისში ბომბსაფარს, რომელშიც თიდემანი რამდენიმე ამხანაგთან ერთად იმყოფებოდა, ნაღმი მოხვდა და მიწით დაფარა. მისი გადარჩენა წმინდა წყლის შემთხვევითობა იყო. ბომბსაფრის დალეწილი ძელჭერის ერთ-ერთმა კოჭმა, რომელიც მას გარდიგარდმო დაეცა, იოზეფი გაჭყლეტისაგან გადაარჩინა. რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს. ყველა ფიქრობდა, რომ უკვე გაგუდული იქნებოდა, მაგრამ ორი დალეწილი ბოძი ისე იყო ჩაჭედილი, რომ მათ შორის ვიწრო ხვრელიდან ცოტა ჰაერი შედიოდა. ამან სიკვდილს გადაარჩინა.

      როდესაც იქიდან ამოიყვანეს, თიდემანი ჯერ კიდევ გონებაზე იყო, გარეგნულად დაზიანება, პრაქტიკულად, არ ეტყობოდა. ცოტა ხანი სანგრის პირას იჯდა აპათიური გამომეტყველებით და დაბნეული დაშტერებოდა თავისი ამხანაგების ცხედრებს. ერთ-ერთმა სანიტარმა შეანჯღრია და შეეცადა, ერთი ფინჯანი არყიანი ყავა დაელევინებინა. შემდეგ კი თიდემანმა ღრმად ამოიოხრა და ძალაგამოცლილი დაეცა.

      როგორც ჩანს, ძლიერი შოკი ჰქონდა მიღებული. მთელი ერთი წლის განმავლობაში ერთი ფსიქიატრიული კლინიკიდან მეორეში გადაჰყავდათ. ბოლოს კი მისმა ცოლმა, როგორც იქნა, მიიღო ნებართვა, სახლში წამოეყვანა.

      როდესაც ეტლმა იმ გზაზე შეუხვია, რომელიც მისი კარ-მიდამოსკენ მიდიოდა და სათავსისკენ წარახრახდა, თიდემანი წამოიმართა. ცოლს ფერი წაუვიდა და სუნთქვა შეეკრა. ბოსელში ღორები ღრუტუნებდნენ, მათკენ ცაცხვების სურნელი მოდიოდა. თიდემანმა თავი ჯერ აქეთ მოაბრუნა, მერე - იქით, თითქოს რაღაცას ეძებდა. შემდეგ კვლავ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა და ისევ გულგრილი გახდა. მაშინაც კი არ ჰქონდა რეაქცია, როდესაც მაგიდასთან იჯდა და დედამისი შემოვიდა. რაც კი შესთავაზეს, შეჭამა და სახლის შემოვლას შეუდგა. ყველგან კარგად ახდენდა ორიენტაციას, იცოდა, სად ჰყავდათ პირუტყვი და სად იყო საძინებელი, მაგრამ ვეღარაფერს ცნობდა. ძაღლი, რომელმაც თავიდან აღელვებულმა დაყნოსა, ისევ ღუმლის გვერდით დაწვა და წკმუტუნი დაიწყო. არც ხელები აულოკა მას და აღარც შეახტა.

      პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში თიდემანი ხშირად იჯდა განმარტოებით მზეზე, ბეღლის გვერდით. ყურადღებას არავის აქცევდა. არც უშლიდნენ იმის კეთებას, რაც უნდოდა. ხშირად ღამღამობით თითქოს იხრჩობოდა. წამოხტებოდა ხოლმე, ხელებს აქეთ-იქით იქნევდა და ყვიროდა. ერთხელ, როდესაც ფანჯარა ჩაამტვრია და მაჯა დაიზიანა, თითქმის სისხლისაგან დაიცალა. ამის შემდეგ ცოლმა გისოსებიანი ფანჯრები ჩაასმევინა.

      მოგვიანებით თიდემანი ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც ბავშვებთან თამაშობდა. მათ პატარა ქაღალდის გემებს უკეთებდა, მტირალა ტირიფის ტოტებისგან სასტვენებს უჭრიდა. ბავშვებს უყვარდათ ის და როდესაც მოცვი დამწიფდა, ტყეში წაიყვანეს შესაგროვებლად. უკან რომ ბრუნდებოდნენ, გზის შემოკლება უნდოდათ და რაღაც მანძილი გაშლილ მინდორზე უნდა გაევლოთ. ცოტა ხნის გამოსულები იყვნენ ტყის საფრიდან, რომ თიდემანი აღელდა. შეშინებული და განერვიულებული რაღაცას ეძახდა ბავშვებს, შემდეგ მიწაზე დაეცა. ბავშვებმა გაკვირვებულებმა შეხედეს. მან ერთ-ერთ პატარა ბიჭსაც წაავლო ხელი და თავის გვერდით დაიწვინა. ვერაფრით ვერ დაითანხმეს, რომ წამომდგარიყო და გაშლილ მინდორზე გაევლო. ხოხვა უნდოდა და მუდმივად იკუზებოდა. ბავშვებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ და მისი ცოლის მოსაყვანად წავიდნენ. როგორც კი დაინახა, რომ ბავშვები მინდორში გაიქცნენ, აღელვებულმა თიდემანმა რაღაცის ძახილი დაუწყო და თვალები დახუჭა, თითქოს რაღაც საშინელება უნდა მომხდარიყო.

      დროთა განმავლობაში გასუქდა და გასივდა - არაფერს აკეთებდა და უაზროდ და მეტისმეტად ბევრს ჭამდა. ნელ-ნელა გაიცნო ადამიანები, რომლებიც ამ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რომ თვითონაც ერთი მათგანი იყო. მათი გარეგნობა მისთვის უცხო იყო. თითქმის ყოველთვის მეგობრული და კმაყოფილი, მხოლოდ ზოგჯერ, როდესაც შემთხვევით ახალდაჩეხილ ღია ფერის შეშას დაინახავდა, ტიროდა და ძლივს აწყნარებდნენ.

      ცოლი მარტო უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას. დამხმარე გაუშვა, რადგან მან ერთხელ მაგიდასთან თიდემანის უსუსურ ჟესტს დასცინა. რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭი უკან დაბრუნდა იმის ასახსნელად, რომ ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ ქალმა არც მოუსმინა, მხოლოდ გასამრჯელო მისცა და ოთახიდან გავიდა. ერთ საღამოს ადგილობრივი მეწისქვილის შვილი შეეცადა გაარშიყებოდა და ზურგს უკან კარი ჩაკეტა. ქალმა სპორტულ თოფს წაავლო ხელი, რომელიც კედელზე ეკიდა და მის წინ დადგა. ბიჭი სულელური ღიმილით გაიძურწა. სხვებსაც ჰქონდათ ანალოგიური მცდელობები, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. თიდემანის ოცდათხუთმეტი წლის ცოლი მკაცრი, ღირსებით აღსავსე სილამაზით გამოირჩეოდა. მას მძიმე მუშაობა უწევდა, მაგრამ მაინც მარტო დარჩენა ამჯობინა.

      პირველ თვეებში ექიმები ხშირად მოდიოდნენ მათ სახლში. ყოველ ჯერზე თიდემანი იმალებოდა და მისი ძებნა უწევდათ. მხოლოდ ცოლის დაძახილზე გამოდიოდა. ერთი ექიმი თითქმის ნახევარი წელი გაჩერდა მათ კარ-მიდამოში თიდემანის სამკურნალოდ. როდესაც ექიმი გაემგზავრა, ქალს რამდენიმე პირუტყვის გაყიდვა მოუხდა. იმ წელს ზაფხულის თავსხმა წვიმებმა მარცვლეულის მოსავალი დააზიანა, კარტოფილსაც არ დაადგა კარგი დღე. რთული წელი იყო.

      თუმცა თიდემანის მდგომარეობა არ იცვლებოდა. ცოლი აუღელვებლად ისმენდა ექიმების დიაგნოზებს, თითქოს ეს მისთვის სულერთი იყო. მაგრამ როდესაც თიდემანი ღამღამობით ძილში გაურკვეველ სიტყვებს ბუტბუტებდა და საწოლში ბორგავდა, ქალი ეკვროდა ხოლმე ქმარს, თითქოს მისი სხეულის სითბო შეძლებდა მის დახმარებას. ის უსმენდა კაცს, კითხვებს უსვამდა და ცდილობდა, ესაუბრა მასთან. კაცი არ პასუხობდა, მაგრამ მშვიდდებოდა და მალე იძინებდა.

      ასე გადიოდა წლები.

      ერთხელ თიდემანს რამდენიმე დღით ერთ-ერთი ამხანაგი ეწვია. ომის დროს გადაღებული რამდენიმე ფოტო ჰქონდა თან და ბოლო საღამოს უჩვენა ქალს. სურათებს შორის იყო თიდემანის ოცეულის ჯგუფური ფოტო. წელს ზევით შიშველი კაცები ბომბსაფრის წინ ისხდნენ და იკრიჭებოდნენ, იმავდროულად კი პერანგებს ტილებს აშორებდნენ. თიდემანი მარჯვნიდან მეორე იყო და იღიმებოდა, ერთი ხელი ზემოთ ჰქონდა აწეული და ცერა და საჩვენებელ თითებს ერთმანეთს მაგრად უჭერდა.

      ცოლი ერთმანეთის მიყოლებით ყურადღებით ათვალიერებდა სურათებს. ამ დროს თიდემანი შემოვიდა ოთახში, მძიმე ნაბიჯებით მივიდა ღუმელთან და სკამზე ჩამოჯდა. ცოლმა ჯგუფური ფოტო აიღო და ცოტა ხანს ხელში ეჭირა. სპონტანურად გადაღებული ფოტოდან მზერა ღუმელთან მჯდარ აპათიურ ფიგურაზე გადაიტანა.

      - აქ იყო, ესე იგი, არა? - იკითხა მან. ქმრის მეგობარმა თავი დაუქნია.

      ცოტა ხანს ცოლი დუმდა. სიჩუმეში მხოლოდ თიდემანის მძიმე სუნთქვა ისმოდა. ფანჯრიდან ფარვანა შემოფრინდა და ლამპის გარშემო ფარფატებდა. მისი ფრთების მოკანკალე ჩრდილი მაგიდისა და ფოტოების თავზე ციმციმებდა და მათ მოძრაობისა და სიცოცხლის ილუზიას სძენდა. ცოლმა საფლავებისა და დანგრეული სოფლების სურათებზე მიუთითა და ჰკითხა:

      - ახლაც ასეა?

      - უთუოდ, - უპასუხა ქმრის ამხანაგმა. ცოლმა სწრაფი მოძრაობით მისცა მას ფანქარი და შაქრის დაჭმუჭნილი პაკეტი გაასწორა, რომელიც იქვე ფანჯრის რაფაზე იდო.

      - იმ ადგილის სახელი დამიწერეთ, და როგორ მივიდე იქ.

      ამხანაგმა თავი ასწია.

      - იქ წასვლა გინდათ?

      ცოლი სურათს დააცქერდა, რომელზეც თიდემანი, ჯერ კიდევ ჯანმრთელი და მოღიმარი ბომბსაფრის წინ იდგა. შემდეგ მშვიდად ამოიხედა.

      - ჰო, - უპასუხა მან.

      - ჩვენ, ყველანი, სიამოვნებით გავემგზავრებოდით იქ კიდევ ერთხელ, - თქვა ამხანაგმა ფრთხილად, თან ნელა გამოჰყავდა ასოები. - მეტცის გავლით უნდა გაემგზავროთ.

      გასამგზავრებელი სამზადისი დიდხანს გაგრძელდა. ხალხს არ ესმოდა, რატომ უნდოდა ქალს იქ წასვლა და ცდილობდნენ, გადაეფიქრებინათ მისთვის. მაგრამ ის არავის აზრს არ აქცევდა ყურადღებას, მტკიცე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული და ალაგებდა ყველაფერს, რაც კი მგზავრობისათვის აუცილებელი იყო. ხალხის შეკითხვებს მოკლედ პასუხობდა. მხოლოდ ამას ამბობდა: - ასეა საჭირო.

      მოგზაურობა რთული გამოდგა. თიდემანს მგზავრობისაგან თავი ასტკივდა, ქალს კი გვერდზე არავინ ჰყავდა ისეთი, ვინც დაეხმარებოდა. არც ენა იცოდა. უბრალოდ, იდგა და ხალხს თვალებში შესცქეროდა, ვიდრე ისინი მიხვდებოდნენ, რა უნდოდა.

      მესამე დღის ნაშუადღევს ჩავიდნენ იმ ადგილას, სადაც თიდემანის ასეული იყო განლაგებული. უკაცრიელი, პირქუში სოფელი იყო რუხი სახლების გრძელი რიგებით. ფოტოზე გამოსახული ნანგრევები არსად ჩანდა. ადგილი მთლიანად იყო აღდგენილი.

      სასტუმროს წინ რამდენიმე ეტლმა ჩაიარა, რომელშიც ტურისტები ისხდნენ. ქალს თარჯიმანი მიუახლოვდა და გამოელაპარაკა. იოზეფის ცოლმა ჰკითხა, იცოდა თუ არა რაიმე ფრონტის იმ მონაკვეთის შესახებ, სადაც თიდემანი ჩაიმარხა მიწაში. თარჯიმანმა მხრები აიჩეჩა, - ახლა ყველგან მინდვრებიაო, გარკვეული ხანია, ისევ დაუწყიათ მიწის დამუშავებაო.

      - ყველგან? - იკითხა ქალმა.

      - ოჰ, არა! - თარჯიმანი, როგორც ჩანს, მიუხვდა ქალს და თქვა, რომ იქვე ახლოს, დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით ტერიტორიაა, სადაც საფლავები და ჭურვების მიერ ამოთხრილი ორმოები ყოფილა. იქ ყველაფერი თითქმის ისე გამოიყურება, როგორც ადრე ყოფილაო. ჰკითხა, იქ ხომ არ მიგიყვანოო?

      ქალმა თავი დაუქნია. როგორც კი ბარგი სასტუმროში დააბინავეს, გზას გაუდგნენ.

      ნათელი და ლამაზი დღე იდგა. ფერდობებზე მსუბუქი სიო უბერავდა და პაწაწინა ლურჯი პეპლები საფლავებსა და მავთულხლართებს შორის დაფარფატებდნენ. ორმოების პირას ყაყაჩოები და გვირილები ამოზრდილიყვნენ. თანდათან უკან დარჩა მდელოები, რომლებიც აქა-იქ ჯერ კიდევ ეწერებოდნენ ამ პეიზაჟში. სოფელი თვალს მიეფარა. ერთი ბორცვის თხემიც გადაიარეს და უცებ ირგვლივ ბრძოლის ველების სამარისებური სიჩუმე გამეფდა, რასაც მხოლოდ ადამიანთა მეორე ჯგუფების ხმაური არღვევდა, რომლებიც აქა-იქ ორმოებს შორის მუშაობდნენ. როგორც გიდმა უთხრა, ისინი მეტალის შემგროვებლები იყვნენ და რკინას, ალუმინსა და ფოლადს ეძებდენ.

      - აქ? - იკითხა ქალმა. გიდმა თავი დაუქნია.

      - მიწა საბრძოლო მასალითაა სავსე, - უპასუხა თარჯიმანმა, - ამიტომ მთელი ეს ტერიტორია მეტალის გადამამუშავებელ ფირმას აქვს იჯარით აღებული. ნაპოვნ ცხედრებს აგროვებენ და ახლომდებარე სხვადასხვა სასაფლაოზე მარხავენ. - მან მარჯვნივ გაახედა ქალს, სადაც მზეში მოელვარე თეთრი ჯვრების გრძელი რიგები მოჩანდა.

      ქალი თიდემანთან ერთად საღამომდე ამ ადგილზე დარჩა. მასთან ერთად ბევრი საფლავი და ორმო მოიარა, ბევრი ჩამოშლილი და დანგრეული ბომბსაფრის წინ გაჩერდა. ხშირად შეხედავდა ხოლმე, მერე კი ისევ გზას აგრძელებდა. მაგრამ თიდემანი უემოციოდ მიჰყვებოდა უკან. მისი ჩამქრალი სახის გამომეტყველებას სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

      მეორე დილას ქალი ისევ წავიდა იმ ადგილას. ახლა გზა უკვე იცოდა. ყოველდღე ხედავდნენ მათ, თუ როგორ მიუყვებოდნენ ნელა თიხიან გადათხრილ მინდვრებს - დაღლილი, მოხრილი კაცი და მაღალი, მდუმარე ქალი. საღამოს უკან, სასტუმროში, ბრუნდებოდნენ და თავიანთ ოთახში ადიოდნენ.

      ზოგჯერ მათ თარჯიმანი მიჰყვებოდა ბრძოლის ველზე. ერთხელ ისეთ ადგილას მიიყვანა, სადაც ტურისტები იშვიათად მიდიოდნენ. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, გარდა მუშაობაში გართული შემგროვებლების რამდენიმე მეორე ჯგუფისა.

      ერთ ადგილას სანგრების ლაბირინთი, პრაქტიკულად, ხელშეუხებლად იყო დარჩენილი. თიდემანი ერთი ბომბსაფრის წინ გაჩერდა და დაიხარა. ეს ხშირად გაუკეთებია, მაგრამ ამჯერად ცოლს სუნთქვა შეეკრა და თარჯიმანს მკლავზე წაავლო ხელი. შესასვლელიდან ამოჩრილი იყო რამდენიმე დამპალი ფიცარი, რომლებითაც ადრე ბომბსაფრის კედლები იყო შეკრული. თიდემანი ხელებით ფრთხილად შეეხო მათ, თითქოს იკვლევსო.

      ამ მომენტში უცებ დარტყმის მკვეთრი ხმა გაისმა, შემგროვებლებმა რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით თხრა დაიწყეს. ქალს ისე აუტანლად ხმამაღალი მოეჩვენა ეს ხმაური, რომ უნებლიეთ ხელის ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ამით ხმაურის შეჩერება უნდაო. ამ დროს ძლიერმა გრუხუნმა მიწა ააზანზარა. ამას მოჰყვა სტვენა, ღმუილი, შიშინი, შემდეგ კი შემგროვებელთა ჯგუფიდან ვიღაცის სასოწარკვეთილი, გამგმირავი ყვირილი.

      - აფეთქება! - იყვირა თარჯიმანმა და იქით გაიქცა. - თხრის დროს ჭურვს გამოედნენ!

      თიდემანის ცოლი თავისდა უნებურად მუხლებზე დაჩოქილი აღმოჩნდა კაცის გვერდით, რომლის ფეხი დაფლეთილი იყო. ვიღაცის სამუშაო ქურთუკს სახელო მოაგლიჯა და ბარძაყი გადაუხვია. ძირიდან რკინის ნაჭერი აიღო, ნასკვში გაატარა და კაცს ჭრილობა მჭიდროდ შეუკრა. დაჭრილი იდაყვებზე წამოიწია, რომ ჭრილობა ენახა, მაგრამ გრძნობა დაკარგა. ამხანაგებმა ის ბარაკებისკენ წაიყვანეს. ქალი წამოდგა. თარჯიმანი შეუსვენებლივ ელაპარაკებოდა მას, - ეს უკვე მეშვიდე აფეთქებაა ამ ორი კვირის მანძილზეო! ქალმა მიმოიხედა, ბალახს ეძებდა, რომ ხელებიდან სისხლი მოეწმინდა. უცებ გამოფხიზლდა და მიაყურადა. დაჭრილი კაცი უკვე ისე შორს იყო, რომ მისი ხმა, წესით, ვეღარ უნდა გაეგონა, მაგრამ ჯერ კიდევ ისმოდა ყრუ, მოგუდული ყვირილი. ის უკან გაიქცა.

      ეს თიდემანი ყვიროდა. მიწაზე პირქვე იყო გაწოლილი. როგორც ჩანს, შიშისგან შეშლილი რაღაცნაირად შეეცადა, შეუმჩნეველი გამხდარიყო. მხრები უცახცახებდა და მიწაზე პირქვედამხობილი ყვიროდა. თარჯიმანი გაოცებული უყურებდა და უნდოდა წამოეყენებინა, მაგრამ ქალმა შეაჩერა.

      ბარაკებიდან რამდენიმე მუშამ მოირბინა. ისინი ფიქრობდნენ, რომ თიდემანი დაჭრილი იყო და მისი წაყვანა უნდოდათ. თუმცა ქალმა არავინ მიუშვა. თითქოს სრულიად გარდაიქმნაო, სწრაფად მოძრაობდა და მისი თვალებიდან ისეთი ძალა, ვედრება და შიში გამოსჭვიოდა, რომ ყველა იძულებული გახდა, წასულიყო. თავის ქნევით დატოვეს ადგილი, თარჯიმანიც კი წავიდა. ქალი უყურებდა, როგორ გაუჩინარდნენ ისინი საფლავების ლაბირინთში. შემდეგ ბომბსაფრის კიბეზე ჩამოჯდა და ლოდინი დაიწყო.

      ბინდი ჩამოწვა და თიდემანი გაჩუმდა. ახლა ის მიწაზე იწვა ისე, როგორც მაშინ. ბანაკის თავზე რეკავდნენ ეკლესიის ზარები, რომლებიც საღამოს ლოცვის დაწყებას იუწყებოდნენ. ქალი კი იჯდა და ადგილიდან არ იძვროდა.

      ბოლოს თიდემანი გაინძრა. შეეცადა იდაყვებზე წამომჯდარიყო, მაგრამ ისევ უკან გადავარდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მეორედ შეეცადა. ცოლი არ ეხმარებოდა. ის უფრო უკან, ბომბსაფრის სიბნელეში მიიყუჟა.

      თიდემანი მიწაზე გახოხდა. ხელებით ხის ყალიბის ნაწილი მოარყია. შეეცადა ამდგარიყო, მაგრამ ამაოდ. შემდეგ დაჯდა და ხელებს ბალახს უსვამდა. თავი ასწია და ნელა ატრიალებდა აქეთ-იქით. დიდხანს გაგრძელდა ასე.

      ცოლ-ქმრის თავებზე ჩიტი აჭიკჭიკდა. თიდემანმა ხელები გააჩერა.

      - ანა! - თქვა მან ცოტათი გაოცებულმა.

      ცოლი ჯერ კიდევ არაფერს ამბობდა. მაგრამ როდესაც თიდემანს ხელი ჩაჰკიდა, რომ წაეყვანა, უცებ სახე შეუკრთა, თითქოს ნაწილებად დაეშლებაო. მერე კი ერთი წამით შეტორტმანდა.

      რამდენიმე კვირის შემდეგ თიდემანმა შეძლო კარ-მიდამოს მოვლის თავის თავზე აღება.

      ცოლს კარგად მოევლო მეურნეობისათვის. საქონლისთვის თოთხმეტი დეკეული შეემატებინა და, გარდა ამისა, რამდენიმე საძოვარი და სახნავი ნაკვეთიც ჰქონდა ნაყიდი.

ერიხ მარია რემარკი

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველები, რემარკი

ნახვა: 961

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters