სახლი ნიუ-იორკის გარეუბანში

ფკანც კაფკა - ამერიკა

← დასაწყისი

– აი, კიდეც ჩამოვედით, – თქვა ბატონმა პოლუნდერმა სწორედ იმ

დროს, როცა კარლმა კვლავ ჩათვლიმა. მანქანა ვილის წინ იდგა, რომელიც, ნიუ-იორკის გარეუბნის მდიდართა ვილების მსგავსად, გაცილებით დიდი და მაღალი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი, ერთი ოჯახისათვის განკუთვნილი სახლი. რადგან სახლის მხოლოდ ქვედა სართული იყო განათებული, მისი სიმაღლის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. სახლის წინ წაბლის ხეები შრიალებდნენ, რომელთა შორის – რკინის ჭიშკარი უკვე ღია იყო – მოკლე ბილიკი სახლში შესასვლელ კიბემდე მიდიოდა.

ავტომობილიდან გადმოსულმა კარლმა, რომელიც გვარიანად დაღლილიყო, დაასკვნა, რომ მგზავრობამ საკმაოდ დიდხანს გასტანა. ჩაბნელებულ წაბლების ხეივანში თავის გვერდით გოგონას ხმა მოესმა: – ბოლოს და ბოლოს, ბატონი იაკობიც მოვიდა.

– მე კარლ როსმანი ვარ, – გამოეპასუხა კარლი და ხელი ჩამოართვა

გოგონას, რომლის სილუეტი ახლაღა გაარჩია.

– ეს იაკობის დისწულია, – აუხსნა ბატონმა პოლუნდერმა, – კარლ

როსმანი.

– მისი სტუმრობა არანაკლებ სასიხარულოა, – მიუგო გოგონამ, რომლისთვისაც სტუმრის სახელს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, კარლმა, ვიდრე ბატონ პოლუნდერსა და გოგონას შორის სახლისაკენ მიდიოდა, ჰკითხა: 

– თქვენ კი ფროილაინ კლარა ბრძანდებით, არა?

– დიახ, – უპასუხა მან და სახე, რომელიც სახლიდან გამოსულმა სინათლემ გაუნათა, კარლისაკენ მიაბრუნა, – მაგრამ არ მინდოდა, ამ სიბნელეში გაგცნობოდით.

«მაშ ჭიშკართან რატომ გველოდებოდა?» – გაიფიქრა კარლმა, რომელიც სიარულში თანდათან გამოფხიზლდა.

– სხვათა შორის, ამ საღამოს კიდევ ერთი სტუმარი გვყავს, – თქვა

კლარამ. – შეუძლებელია! – წამოიძახა გაკვირვებულმა პოლუნდერმა.

– ბატონი გრინი, – მიუგო კლარამ.

– როდის ჩამოვიდა? – თითქოს რაღაც წინათგრძნობა დაეუფლა

კარლს.

– ეს წუთია. არ შეგიმჩნევიათ, მისი მანქანა რომ მოდიოდა თქვენ

წინ? კარლმა პოლუნდერს ახედა, რათა გაეგო, რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ამ ამბავმა, მაგრამ მას ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეყო და მძიმედ მიაბოტებდა.

– ვერაფერი სახარბიელოა ნიუ-იორკთან ასე ახლოს ცხოვრება, სიურპრიზებს თავს ვერ დააღწევ. უფრო შორს უნდა გადავიდეთ საცხოვრებლად, თუნდაც ნახევარი ღამე დამჭირდეს სახლში მისასვლელად.

კიბესთან შეჩერდნენ.

– მაგრამ ბატონი გრინი ხომ დიდი ხანია, რაც აქ არ ყოფილა, – თუმც

მამას ეთანხმებოდა, მაინც მის დამშვიდებას შეეცადა კლარა.

– კი მაგრამ, რაღა მაინცდამაინც ამ საღამოს მოვიდა, – გაცხარებისგან პოლუნდერს სქელი ქვედა ტუჩი აუთამაშდა; ამ მოდუნებულ ხორცის

მასას მღელვარება ადვილად ერეოდა.

– მართლაცდა! – წამოიძახა კლარამ.

– იქნებ მალევე წავიდეს, – კარლი თავადვე გააკვირვა იმ ურთიერთთანხმობამ, რომელიც მას და მისთვის გუშინ ჯერ კიდევ უცნობ ადამიანებს შორის დამყარდა.

 

– ოჰ, არა, – უპასუხა კლარამ, – რაღაც დიდი საქმე აქვს მამასთან, რომელზე მსჯელობაც ალბათ კარგა ხანს გაგრძელდება. ხუმრობით უკვე დამემუქრა, რომ, თუ მინდა თავაზიანი დიასახლისი ვიყო, დილამდე მომიწევს მათი მოსმენა.

– ესღა მაკლდა. ესე იგი, მთელი ღამე დარჩება! – წამოიძახა პოლუნდერმა, თითქოს უარესი არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, – ღმერთმანი, – თავში ახალი აზრი მოუვიდა და ტონი შეარბილა, – ღმერთმანი,

ბატონო როსმან, დროა ისევ ავტომობილში ჩავსხდეთ და თქვენს ბიძასთან წაგიყვანოთ. დღევანდელი საღამო ამთავითვე გაფუჭებულია, და ვინ იცის, კიდევ როდის გვანდობს თქვენი ბიძია თქვენს თავს. თუ ამ საღამოსვე დაგაბრუნებთ, ვერ გვეტყვის უარს, რომ მალე კვლავ გვესტუმროთ.

და კარლს ხელი ჩაჰკიდა, რომ გეგმა სისრულეში მოეყვანა, მაგრამ

კარლი ადგილიდან არ იძვროდა და კლარამაც სთხოვა, დარჩენილიყო

– მას და კარლს ბატონი გრინი არაფერში შეუშლიდა ხელს, და ბოლოს

თავად პოლუნდერიც მიხვდა, რომ მისი გადაწყვეტილება არც თუ გონივრული იყო. გარდა ამისა – და ალბათ ეს იყო გადამწყვეტი – კიბის ზედა საფეხურიდან ბატონმა გრინმა გადმოსძახა: – სად დაიკარგეთ?

– წამოდით, – და პოლუნდერი კიბისაკენ გაემართა. უკან კარლი და

კლარა მიჰყვებოდნენ, რომლებიც ახლა სინათლეში ათვალიერებდნენ

ერთმანეთს.

«რა წითელი ტუჩები აქვს», გაიფიქრა კარლმა და ბატონი პოლუნდერის ლაშები გაახსენდა, ასე ლამაზად რომ გარდაქმნილიყვნენ კლარას

ტუჩებად.

– ვახშმის შემდეგ, – თქვა კლარამ, – თუ წინააღმდეგი არ იქნებით,

ჩემს ოთახებში ავიდეთ, რომ ბატონ გრინს მაინც დავაღწიოთ თავი,

ვიდრე მამა მასთან საუბრით იქნება დაკავებული. დიდად მასიამოვნებთ, თუ პიანინოზე დაუკრავთ, მამამ უკვე მითხრა, რა კარგად უკრავთ.

მე, სამწუხაროდ, სრულებით არ მაქვს მუსიკალური ნიჭი, და ჩემს ინსტრუმენტს არ ვეკარები, თუმცა მუსიკა ძალიან მიყვარს. 

კარლი დაეთანხმა კლარას წინადადებას, თუმცა ერჩია, ბატონი პოლუნდერიც მათთან ერთად ყოფილიყო. მაგრამ ბატონი გრინის ვეება ფიგურის დანახვაზე – პოლუნდერის გაბარიტებს კარლი უკვე შეეჩვია – რომელიც ყოველ საფეხურთან ერთად ნელ-ნელა იკვეთებოდა მათ წინ,

კარლს ყოველგვარი იმედი გადაეწურა, რომ ამ საღამოს ამ კაცს ბატონი

პოლუნდერის თავს ხელიდან გამოჰგლეჯდა.

ბატონი გრინი მათ ნაჩქარევად მიესალმა, თითქოს ბევრი რამ ჰქონდათ ასანაზღაურებელი, ბატონ პოლუნდერს ხელი გამოსდო და მის წინ

მიმავალ კარლსა და კლარას სასადილო ოთახისაკენ უბიძგა, რომელიც

ძალზე საზეიმოდ გამოიყურებოდა, განსაკუთრებით მაგიდაზე შემოდგმული ყვავილების წყალობით, ნახევრად რომ ამოეყოთ თავი მწვანე ფოთლებიდან, რაც ბატონი გრინის არასასურველი სტუმრობით გამოწვეულ უსიამო გრძნობას ერთიორად აძლიერებდა. ვიდრე კარლი ელოდა, როდის შემოუსხდებოდნენ მაგიდას დანარჩენები, და ღია ბაღში გამავალი დიდი მინის კარიდან მონაბერი ძლიერი სურნელით ტკბებოდა, ბატონი გრინი ქშენა-ქშენით მიიჭრა კართან, ჯერ ქვედა ურდულისაკენ დაიხარა, მერე ზედასაკენ აიმართა, და მინის კარი ისეთი ჭაბუკური სიმარდით ჩაკეტა, მათკენ მომავალ მსახურს გასაკეთებელი აღარაფერი დარჩა. მაგიდასთან წარმოთქმული პირველივე სიტყვებით ბატონმა გრინმა გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ ბიძამ კარლს ამ სტუმრობის ნება დართო. წვნიანს სავსე კოვზებით სულმოუთქმელად ხვრეპდა,

თან მარჯვნივ კლარას, მარცხნივ კი ბატონ პოლუნდერს უხსნიდა, რატომ იყო გაკვირვებული იმით, თუ როგორ დასტრიალებდა ბიძია კარლს თავზე და რომ მისი სიყვარული კარლის მიმართ გაცილებით მეტი იყო,

ვიდრე უბრალოდ ბიძის სიყვარული.

«ის არ კმარა, რომ ასე უბოდიშოდ შემოიჭრა აქ, ახლა მე და ბიძიას

შორის ჩადგომასაც ცდილობს», – გაიფიქრა კარლმა და ოქროსფერი

წვნიანი ყელში გაეჩხირა. მაგრამ არ უნდოდა შეემჩნია, უხერხულად

რომ გრძნობდა თავს და უსიტყვოდ დაიწყო წვნიანის ხვრეპა. ვახშამი

სატანჯველივით გაიჭიმა. მხოლოდ ბატონი გრინი და კლარა საუბრობდნენ ცოცხლად და დროდადრო ჩაცინების საბაბსაც პოულობდნენ. ბატონი პოლუნდერი მხოლოდ რამდენჯერმე ჩაერია, როცა ბატონმა გრინმა საქმიანი საუბარი წამოიწყო. თუმცა მალევე ეთიშებოდა ხოლმედა ბატონ გრინს ხელახლა უწევდა მისი საუბარში ჩართვა. გარდა ამისა,

რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა, – კარლი ამ დროს ყურებდაცქვეტილი უსმენდა და კლარამ შეახსენა

კიდეც, რომ მის წინ მწვადი იდო და რომ ვახშამზე იყო – რომ თავიდან არ აპირებდა ამ მოულოდნელ სტუმრობას. რადგან, მართალია, ის

საქმე, რომელზეც კიდევ მოუწევთ საუბარი, ძალზე საჩქაროა, ამიტომ

მის უმნიშვნელოვანეს პუნქტებზე ამ საღამოს ქალაქში შეიძლებოდა ემსჯელათ, დანარჩენზე კი ხვალ ან მოგვიანებით. და სამუშაო დღის დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე შეიარა კიდეც ამ მიზნით ბატონ პოლუნდერთან, მაგრამ რადგან იქ არ დახვდა, იძულებული გახდა, სახლში დაერეკა, რომ ამაღამ არ მივიდოდა და აქეთ გამოემგზავრა.

– რაკი ასეა, ბოდიში უნდა მოგიხადოთ, – ხმამაღლა თქვა კარლმა,

ვიდრე ვინმე მოასწრებდა, რაიმე ეპასუხა ბატონი გრინისათვის, – ჩემი

ბრალია, რომ ბატონმა პოლუნდერმა დღეს ადრე დაამთავრა თავისი

საქმეები, და ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა.

ბატონმა პოლუნდერმა სახეზე ხელსახოცი აიფარა, კლარამ კი

კარლს გაუღიმა, მაგრამ ეს იყო არა თანაგრძნობის ღიმილი, არამედ

თითქოს აფრთხილებდა მას.

– საბოდიშო არაფერია, – მიუგო ბატონმა გრინმა, თან მარდად აქნა

მტრედი, – პირიქით, მოხარულიც ვარ, რომ ასეთ სასიამოვნო საზოგადოებაში ვატარებ საღამოს, თორემ სახლში მარტო მომიწევდა ვახშმობა, სადაც ჩემი მნე ქალი მომემსახურებოდა, რომელიც ისე მოხუცია, კარიდან მაგიდამდე გაჭირვებით მოდის და შემიძლია კარგად დავისვენო

სავარძელში, სანამ ამ გზას გამოივლიდეს. სულ ცოტა ხანია, რაც ჩემი

დაჟინებული თხოვნით სასადილო ოთახის კარამდე მსახურს მოაქვს

კერძები, ხოლო მანძილი კარიდან ჩემს მაგიდამდე მას ეკუთვნის.

– ღმერთო ჩემო, – წამოიძახა კლარამ, – აი, მესმის ერთგულება! 

– დიახ, ჯერ კიდევ არსებობს ერთგულება ქვეყანაზე, – თავი დაუქნია

ბატონმა გრინმა და ხორცის მოზრდილი ნაჭერი პირისაკენ გააქანა, სადაც ენა, რასაც შემთხვევით მოჰკრა თვალი კარლმა, ლუკმას მარჯვედდაუხვდა. კინაღამ ცუდად გახდა და წამოდგა, მაგრამ ბატონმა პოლუნდერმა და კლარამ თითქმის ერთდროულად ჩაავლეს ხელი.

– ცოტა ხანს კიდევ უნდა დარჩეთ, – უთხრა კლარამ, და როცა კარლი

კვლავ დაჯდა, ჩასჩურჩულა: – მალე აქედან გავქრებით, მოთმინება იქონიეთ.

ბატონი გრინი ამასობაში მშვიდად განაგრძობდა ტრაპეზობას,

თითქოს ბატონი პოლუნდერი და კლარა მოვალენი იყვნენ დაემშვიდებინათ კარლი, როცა მას გული აერეოდა.

ვახშამი კარგა ხანს გაგრძელდა, განსაკუთრებით იმ გულმოდგინების გამო, რომლითაც ბატონი გრინი თითოეულ კერძს უმასპინძლდებოდა. ისე დაუღალავად ეგებებოდა ყოველ ახალ კერძს, იფიქრებდით,

თავისი მოხუცი მნე ქალისაგან საფუძვლიანად დასვენება გადაუწყვეტიაო. დრო და დრო კლარას დიასახლისობის ხელოვნებას უქებდა,

რაც მას აშკარად სიამოვნებდა, კარლი კი ცდილობდა, მოეგერიებინა მისი ქათინაურები, თითქოს ეს კლარას გაანაწყენებდა. მაგრამ ბატონმა

გრინმა ეს როდი იკმარა, არამედ რამდენჯერმე თეფშიდან თავაუწევლად კარლის თვალშისაცემი უმადობის გამო თავისი გულისტკივილიც გამოხატა. ბატონმა პოლუნდერმა სცადა კარლს გამოქომაგებოდა,

თუმც, როგორც მასპინძელს, მასაც კარლის შეპატიჟება მართებდა. მართლაც, ამ ზეწოლის გამო, კარლი მთელი ვახშმის განმავლობაში ისე უხერხულად გრძნობდა თავს, რომ ბატონი პოლუნდერის სიტყვები, მიუხედავად კეთილი ზრახვებისა, მისდამი არაკეთილგანწყობილად აღიქვა. ამიტომ ხან მიუღებელი სისწრაფით ყლაპავდა უზარმაზარ ნაჭრებს, ხან დაქანცული, დანა-ჩანგალს დადებდა და უძრავად იჯდა, ისე რომ, მსახური, კერძები რომ შემოჰქონდა, მასთან მიდგომას ვერ ახერხებდა. 

– ხვალვე ვუამბობ ბატონ სენატორს, როგორ გაანაწყენეთ ფროილაინ კლარა თქვენი უმადობით, – უთხრა ბატონმა გრინმა და, იმის ხაზგასასმელად, რომ ეს სიტყვები ხუმრობით იყო ნათქვამი, დანა-ჩანგალი შეათამაშა.

– ერთი შეხედეთ, რა დაღონებულია გოგონა, – განაგრძო და კლარას

ნიკაპზე ხელი მოუთათუნა. კლარას არაფერი უთქვამს, მხოლოდ თვალები დახუჭა.

– შე კუდრაჭა, – წამოიძახა, სკამის ზურგზე გადაწვა და სახეწამოწითლებულმა გულიანად გადაიხარხარა. ამაოდ ცდილობდა კარლი, ბატონი პოლუნდერის საქციელისათვის რაიმე ახსნა მოეძებნა. ის კი იჯდა და თავის თეფშს ჩასცქეროდა, თითქოს იქ ხდებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. კარლის სავარძელი ახლოს მიიწია და თითქოს მას ელაპარაკებოდა, მაგრამ ყველას მიმართავდა, კარლისათვის კი არაფერი განსაკუთრებული სათქმელი არ ჰქონდა. პირიქით, ითმენდა, რომ გრინი, ეს ბებერი, გაქნილი ნიუ-იორკელი ბერბიჭა, კლარას უბოდიშოდ ხელით

ეხებოდა, რომ კარლს, მის სტუმარს, შეურაცხყოფას აყენებდა, ან, ყოველ შემთხვევაში, ბავშვივით ექცეოდა და ღმერთმა იცის, კიდევ რის უფლებას აძლევდა თავს.

სუფრიდან რომ წამოიშალნენ – როცა გრინმა საერთო განწყობილება შენიშნა, პირველი ის წამოდგა და გარკვეულწილად დანარჩენებიც

მან აიყოლია – კარლი ერთ-ერთ დიდ ფანჯარასთან განმარტოვდა, რომელიც ვიწრო თეთრი ლარტყებით იყო დაყოფილი და ტერასაზე გადიოდა, მაგრამ როგორც სინამდვილეში აღმოჩნდა, კარი ყოფილა. სად გაქრა ის ანტიპათია, ბატონმა პოლუნდერმა და მისმა ქალიშვილმა რომ გამოავლინეს თავიდან გრინის მიმართ და რაც კარლს მაშინ გაუგებრად მოეჩვენა? ახლა გრინთან ერთად იდგნენ და ყველაფერზე კვერს უკრავდნენ. ბატონი გრინის სიგარის ბოლი – ამსისხო სიგარაზე მამას ხშირად უამბნია შინ, თუმცა საკუთარი თვალით, შესაძლოა, არც არასოდეს ენახა

– რომელიც პოლუნდერმა მიართვა, მთელ დარბაზს ედებოდა და გრინის გავლენას ყველა კუთხე-კუნჭულში ავრცელებდა, სადაც ის თავად ალბათ არც არასოდეს მოხვდებოდა. და თუმც კარლი საკმაოდ მოშორებით იდგა, ეს ბოლი ცხვირში უღიტინებდა და ბატონი გრინის საქციელი, რასაც მან თავისი ადგილიდან მოჰკრა თვალი, სიბილწედ მოეჩვენა. იქნებ ბიძია იმის გამო ყოყმანობდა იმდენ ხანს, ნება დაერთო მისთვის ამ სტუმრობაზე,

რომ იცნობდა ბატონი პოლუნდერის სუსტ ხასიათს და შესაძლოა, ზუსტად არ განუჭვრეტია, მაგრამ ვარაუდობდა მაინც, რომ კარლს იქ რაიმეს აწყენინებდნენ. არც ეს ამერიკელი გოგონა მოუვიდა თვალში, თუმც არც წარმოსახვაში წარმოედგინა მზეთუნახავად; მაგრამ როცა ბატონი გრინი ელაპარაკებოდა, კარლი გააოცა მისმა უნარმა, რა მომხიბლავი შეეძლო ყოფილიყო, განსაკუთრებით კი მისი ცოცხალი თვალების გამოსხივებამ. კარლს ჯერ არასოდეს ენახა ტანზე ასე მჭიდროდ შემოტკეცილი ბოლოკაბა, პატარა ნაკეცები გამოკვეთდა მოყვითალო, ნაზი, მტკიცე ქსოვილის დაჭიმულობას. და მაინც, სრულებით არ მიუწევდა მისკენ გული და არავითარი სურვილი აღარ ჰქონდა, თავის ოთახებში გაჰყოლოდა კლარას. უმჯობესია, გამოაღოს კარი, რომლის სახელურზეც ყოველი შემთხვევისათვის ხელი უკვე ჩავლებული აქვს, ჩაჯდეს მანქანაში, და თუ მძღოლს სძინავს, მარტო გაუდგეს გზას ნიუ-იორკისაკენ. განათებული ღამე, მისადმი კეთილად განწყობილი სავსე მთვარით, ყველასათვის ღიაა, ღია ცის ქვეშ რაიმეს შიში კი კარლს უაზრობად ეჩვენებოდა.

წარმოიდგინა – და ამ დარბაზში პირველად იგრძნო თავი კარგად – როგორ დაადგება ბიძიას დილით თავზე – უფრო ადრე ალბათ ვერც მიაღწევს სახლამდე. მართალია, არასოდეს ყოფილა მის საძინებელში, არც იცის მისი მდებარეობა, მაგრამ როგორმე გაიგნებს გზას. შემდეგ კარზე დააკაკუნებს და როცა გაიგონებს – შემობრძანდითო, – ოთახში შევარდება და ძვირფას ბიძიას, აქამდე რომ მხოლოდ საგულდაგულოდ გამოწყობილი, თავიდან ფეხებამდე მოწესრიგებული უნახავს, ღამის საცვლებში, საწოლში წამომჯდარს წაადგება თავზე. ამაში იქნებ არც არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ამას მოჰყვეს: ალბათ პირველად ისაუზმებს ბიძიასთან ერთად, ის საწოლში, თვითონ სავარძელში, მათ შორის კი პატარა მაგიდა საუზმით, იქნებ ეს ერთობლივი საუზმე ყოველდღიურ რიტუალადაც იქცეს; იქნებ ამგვარი

საუზმის შემდეგ უფრო ხშირად შეხვდნენ ხოლმე ერთმანეთს, არა მხოლოდ ერთხელ დღეში, როგორც აქამდე, და ცხადია, უფრო გულახდილად შეძლებენ ერთმანეთთან საუბარს. ბოლოს და ბოლოს, განა სწორედ გულახდილობის ნაკლებობა არ არის იმის მიზეზი, რომ დღეს არ გაუგონა, უფრო სწორად, ასე გაუჯიუტდა ბიძიას? და ამაღამ აქ დარჩენაც რომ მოუწიოს – სამწუხაროდ, ალბათ, ასეც იქნება, თუმცა აქ, ფანჯარასთან, საკუთარ თავთან მარტო დატოვეს, – იქნებ ეს საბედისწერო სტუმრობა შემობრუნების წერტილად იქცეს ბიძიასთან ურთიერთობაში, იქნებ ბიძიასაც მსგავსი ფიქრები უტრიალებს თავში თავის საძინებელ ოთახში?!

ცოტათი დამშვიდდა და შემოტრიალდა. მის წინ კლარა იდგა.

– ნუთუ სრულებით არ მოგწონთ ჩვენთან? არ გინდათ, ცოტა შინაურულად იგრძნოთ თავი? წამომყევით, უკანასკნელად შევეცდები თქვენს მოშინაურებას.

დარბაზი გადაჭრეს და კარისკენ წავიდნენ. ორივე ბატონი პატარა

გვერდით მაგიდასთან იჯდა და წინ შუშხუნა სასმელით სავსე ბოკალები ედგა; კარლისათვის ეს სასმელი უცხო იყო და სიამოვნებით დააჭაშნიკებდა. ბატონი გრინი ცალი იდაყვით მაგიდას დაყრდნობოდა და სახე ბატონ პოლუნდერთან ისე ახლოს მიეტანა, ვინც ბატონ პოლუნდერს არ იცნობდა, იფიქრებდა, საქმეზე კი არ მსჯელობენ, რაღაც დანაშაულის ჩადენას აპირებენო. ბატონმა პოლუნდერმა კეთილმეგობრული მზერა გააყოლა კარლს, გრინს კი, – თუმცა ადამიანები ნებით თუ უნებლიეთ თანამოსაუბრის მზერას იმეორებენ ხოლმე, – კარლისათვის არც კი შეუხედავს, რაშიც კარლმა გრინის რწმენის გამოხატულება დაინახა: თითოეული მათგანი – კარლი და გრინი – საკუთარი შესაძლებლობების იმედად უნდა იყოს, ხოლო შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობები მათ შორის მოგვიანებით ჩამოყალიბდება, იმის მიხედვით, რომელი მათგანი გაიმარჯვებს თუ დამარცხდება. 

«თუ ასე ფიქრობს, – გულში გაივლო კარლმა, – მაშინ ბრიყვი ყოფილა. მე მისგან არაფერი მჭირდება და უჯობს, თავი დამანებოს.»

დერეფანში რომ გავიდა, გაიფიქრა, მგონი ძალზე უთავაზოდ მოვიქეციო, რადგან გრინს ისე დაჟინებით მიშტერებოდა, კლარამ ძლივს გაათრია ოთახიდან. ახლა სიამოვნებით მიჰყვებოდა გვერდით. დერეფნებში რომ მიაბიჯებდა, ჯერ თვალებს არ დაუჯერა, როცა დაინახა, რომ ყოველ ოც ნაბიჯში მდიდრულ ლივრეებში გამოწყობილი ლაქიები იდგნენ, რომლებსაც კანდელების მსხვილი ფეხი ორივე ხელით ეჭირათ.

– ახალი ელქტროგანათება ჯერ მხოლოდ სასადილო ოთახშია შეყვანილი, – აუხსნა კლარამ, – ეს სახლი დიდი ხანი არ არის, რაც შევიძინეთ და მთლიანად გადავაკეთებინეთ, რამდენადაც შესაძლებელია ძველი სახლის გადაკეთება, რომელსაც თავისებური არქიტექტურა აქვს.

– ესე იგი, ამერიკაშიც ყოფილა ძველი სახლები, – დაასკვნა კარლმა.

– რა თქმა უნდა, – სიცილით მიუგო კლარამ და გზა გააგრძელა, –

ძალზე უცნაური წარმოდგენა გაქვთ ამერიკაზე.

– ნუ დამცინით, – გაღიზიანდა კარლი. ბოლოს და ბოლოს, ის უკვე

ევროპასაც იცნობს და ამერიკასაც, კლარა კი – მხოლოდ ამერიკას.

სიარულში კლარამ ხელის მსუბუქი მოძრაობით ერთი კარი შეაღო

და არ შეჩერებულა, ისე უთხრა კარლს: – თქვენ აქ დაიძინებთ.

კარლს უნდოდა მაშინვე შეეხედა ოთახში, მაგრამ კლარამ მოუთმენლად, თითქმის ყვირილით აუხსნა, ეს საჩქარო არ არის და ჯერ მე გამომყევიო. ერთხანს კინკლაობდნენ დერეფანში, მერე კარლმა გადაწყვიტა, ვალდებული არ ვარ, ყველაფერში კლარას დავემორჩილოო, ხელიდან დაუსხლტა და ოთახში შევიდა. ფანჯრის მიღმა სრული წყვდიადი იდგა, რადგან მას მთლიანად ფარავდა მაღალი ხის ტოტები. გარედან ჩიტების ჟღურტული მოისმოდა. თვით ოთახში, სადაც მთვარის შუქი ვერ აღწევდა, შეუძლებელი იყო

თვალთან თითის მიტანა. კარლმა ინანა, რომ ბიძის ნაჩუქარი ჯიბის

ელექტროფარანი არ წამოიღო. ამ სახლში აუცილებელი იყო ჯიბის ფარანი. რამდენიმე ასეთი ფარანი რომ ჰქონოდათ აქ, ხომ გაუშვებდნენ 

მსახურებს დასაძინებლად. ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და მიაყურადა,

რა ხდებოდა გარეთ. დამფრთხალი ჩიტი ბებერი ხის ტოტებში ფართხალებდა. სადღაც შორს ნიუ-იორკის საგარეუბნო მატარებლის საყვირის ხმა გაისმა. სხვა მხრივ სიწყნარე იდგა.

მაგრამ სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა. ოთახში აჩქარებით შემოიჭრა კლარა. აშკარად გაბრაზებულმა წამოიძახა: – ეს რას ნიშნავს? – და ბოლოკაბაზე ხელი დაირტყა. კარლი პასუხს არ აპირებდა, ვიდრე კლარა უფრო თავაზიანად არ მიმართავდა. მაგრამ ის დიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ჰკითხა: – მაშ, წამოხვალთ ჩემთან ერთად თუ არა? – განზრახ თუ აღელვებულმა მკერდზე ისე ძლიერად ჰკრა ხელი, რომ კარლი კინაღამ ფანჯრიდან გადავარდა, მაგრამ რაფიდან ჩამოცურებული, ბოლო წამს ფეხებით იატაკს დასწვდა.

– კინაღამ გადავვარდი, – საყვედურით უთხრა კლარას.

– დასანანია, რომ ასე არ მოხდა. რატომ ხართ ასეთი გაუგონარი? აი,

ავდგები და კიდევ ერთხელ გკრავთ ხელს.

და მართლაც, ხელები მოხვია, და რადგან მოულოდნელობისაგან

დაბნეულმა კარლმა თავიდან წინააღმდეგობა ვერ გაუწია, სპორტით გაკაჟებული კუნთების წყალობით კლარამ თითქმის ფანჯრამდე მიათრია. აქ კი კარლი გონს მოვიდა, მკვეთრად შემოტრიალდა და წელზე ხელი შემოხვია.

– ო, მტკივა, – მაგრამ კარლმა გადაწყვიტა, აღარ გაეშვა ხელიდან.

ნაბიჯების აქეთ-იქით გადადგმის საშუალებას კი აძლევდა, მაგრამ თვითონაც მასთან ერთად მოძრაობდა და ხელს არ უშვებდა. თან ასეთ ვიწრო კაბაში მისი შეკავება არც ისე ძნელი იყო.

– გამიშვით, – წაიჩურჩულა და ალეწილი სახე სახესთან ისე ახლოს

მიუტანა, რომ კარლი მის ნაკვთებს თითქმის ვეღარ არჩევდა, – გამიშვით, და რაღაც საინტერესოს გაჩვენებთ.

«რატომ ხვნეშის ასე, – გაიფიქრა კარლმა, – მე ხომ არ ვტკენ, მაგრად

ხომ არ ვუჭერ ხელს», – და ხელი არ შეუშვია. მაგრამ უცებ, წამიერი მოდუნებისა და დუმილის შემდეგ, კვლავ მთელი სხეულით იგრძნო მისი წინააღმდეგობის ძალა, ქალი ხელიდან დაუსხლტა, ხელები მკვირცხლად გადაუგრიხა, კარლისათვის უცნობი საბრძოლო ილეთების დახმარებით ფეხები გაუკავა და კედელთან მიაყენა, თან ღრმად და სრულიად თანაბრად სუნთქავდა. იქ დივანი იდგა, კარლი მასზე დააგდო და მისკენ ძალიან არ დახრილა, ისე უთხრა:

– აბა ახლა გაინძერი, თუ შეგიძლია.

– კატა, გადარეულო კატა, – ესღა წამოიძახა გააფთრებისა და სირცხვილისაგან გაცოფებულმა კარლმა, – გიჟო, გადარეულო კატა!

– სიტყვები შეარჩიე, – უთხრა და ცალი ხელი ყელში ისე წაუჭირა,

კარლი სულს ძლივსღა ითქვამდა, მეორე ხელი კი ჯერ ლოყაზე მოუთათუნა, მერე ისევ უკან წაიღო, თითქოს საცაა, სილა უნდა გააწნასო.

– რა მოხდება, – ჰკითხა თან, – თუ ქალის მიმართ შენი ამგვარი საქციელისათვის კარგად გასილაქებულს გაგიშვებ სახლში? ალბათ შენი ცხოვრების შემდგომ გზაზე ეს გაკვეთილი გამოგადგება, თუმც არცთუ სასიამოვნო მოსაგონარი იქნება. მეცოდები, სანდომიანი ყმაწვილი ხარ და ჯიუ ჯისტუ რომ გესწავლა, ალბათ კარგადაც მიმტყეპავდი. და მაინც, მაინც, ხელები მექავება, რომ სილა გაგაწნა, ვიდრე აქ წევხარ. მართალია, შეიძლება მერე ვინანო, მაგრამ თუ მაინც გავაკეთებ ამას, იცოდე, ეს ჩემი სურვილის წინააღმდეგ მოხდება. ამასთან, ცხადია, ერთ ალიყურს არ გაკმარებ, იმდენს გილაწუნებ, სანამ ლოყები არ გაგისივდება.

შენ კი, თუ ღირსების გრძნობა გაგაჩნია – მინდა დავიჯერო, რომ ასეცაა – არ მოინდომებ, გასილაქებულმა გააგრძელო სიცოცხლე და თავს მოიკლავ. მაგრამ მაინც რატომ მომექეცი ასე? იქნებ არ მოგწონვარ? არ ღირდა ჩემს ოთახში შემოსვლა? ნახე, კინაღამ უცაბედად გითავაზე ალიყური. თუ დღეს იოლად გინდა გადარჩე, ჯერ რიგიანად მოიქეცი. მე შენი ბიძია არა ვარ, რომ სიჯიუტე გაგივიდეს. და კიდევ, დაიმახსოვრე, თუ გაუსილაქებელს გაგიშვებ აქედან, არ იფიქრო, რომ ღირსების თვალსაზრისით შენი ახლანდელი მდგომარეობა და გაუსილაქებლობა ერთი და იგივეა. თუ ასე იფიქრებ, მირჩევნია, ნამდვილად გაგაწნა სილა.

რას იტყვის მაკი, როცა ყველაფერს ვუამბობ? 

მაკის ხსენებაზე კარლს ხელი გაუშვა. თავის არეულ ფიქრებში მაკი

კარლს მხსნელად წარმოუდგა. ერთხანს კიდევ გრძნობდა კლარას ხელს კისერზე, ამიტომ ცოტათი კიდევ შეინძრა და მერე გაჩერდა.

კლარამ ადგომა შესთავაზა, მაგრამ მან არაფერი უპასუხა და არც

განძრეულა. კლარამ სადღაც სანთელი მოძებნა და აანთო. ოთახი განათდა, ჭერზე ცისფერი ზიგზაგი გამოისახა. კარლი გაუნძრევლად იწვა, თავი დივანის მუთაქაზე ედო, ისევე, როგორც კლარამ დააწვინა, და ერთი გოჯითაც არ მოუბრუნებია. კლარა ოთახში მიდი-მოდიდა, მის ბოლოკაბას შარიშური გაჰქონდა, ეტყობა, ფანჯარასთან ცოტა ხანს გაჩერდა. – მორჩი სიჯიუტეს? – იკითხა მერე.

კარლი საშინლად გრძნობდა თავს იმის გამო, რომ ამ ოთახში, რომელიც ბატონმა პოლუნდერმა მისთვის მოამზადა, სიმშვიდე ვერ ჰპოვა.

აქ ეს გოგონა მიდი-მოდის, ხან გაჩერდება, ხან ლაპარაკობს, რამაც საშინლად მოაბეზრა თავი. მხოლოდ ის უნდა, გამოიძინოს და მერე აქედან წავიდეს. საწოლში ჩაწოლა სულაც არ სურს, აქ, დივანზე დარჩება. მის წასვლასღა ელოდა, რომ წამომხტარიყო, კარი ურდულით ჩაეკეტა და ისევ დივანზე დამხობილიყო. ერთი გაზმორება და დამთქნარება ახლა ყველაფერს ერჩია, მაგრამ კლარას თანდასწრებით ასე ვერ მოიქცეოდა. იწვა, ჭერს მიშტერებოდა, გრძნობდა, რომ სახე თანდათან უქვავდებოდა, თვალებთან კი ბუზი დაბზუოდა, თუმც კარგად ვერ გაეგო, რა იყო ეს.

კლარა კვლავ მიუახლოვდა, ისე დაიხარა, რომ მისი მხედველობის

არეში მოხვედრილიყო, და კარლს რომ დროზე არ აერიდებინა მზერა,

თვალებით შეხვდებოდნენ ერთმანეთს.

– მე მივდივარ, – უთხრა კლარამ, – იქნებ მოგვიანებით მოგინდეს

ჩემთან შემოსვლა. აქედან მეოთხე ჩემი ოთახის კარია, დერეფნის ამავე მხარეს. სამ კარს გამოტოვებ და შემდეგი ჩემია. დარბაზში აღარ ჩავალ, ჩემს ოთახში დავრჩები. ძალიან დამღალე. დალოდებით არ დაგელოდები, მაგრამ თუ მოისურვებ, მოდი. არ დაგავიწყდეს, შენ დამპირდი, რომ ფორტეპიანოზე დაუკრავდი ჩემთვის. თუმცა ალბათ უკვე ისე დაგღალე, რომ ვეღარ ინძრევი; მაშინ დარჩი აქ და გამოიძინე. ჩვენი კინკლაობის შესახებ მამას ჯერ არაფერს ვეტყვი. ამას იმიტომ გეუბნები, რომ არ ინერვიულო, – და მიუხედავად მოგონილი დაღლილობისა, ოთახიდან ორი ნახტომით გავარდა.

– კარლი მაშინვე წამოჯდა, ეს წოლა უკვე ყელში ამოუვიდა. მუხლის

გასამართავად კართან მივიდა და დერეფანს გახედა. რა სიბნელე იყო!

კარი რომ მიხურა, ჩაკეტა და ისევ სანთლის შუქით განათებულ მაგიდასთან შეჩერდა, შვება იგრძნო. გადაწყვიტა, ამ სახლში აღარ დარჩენილიყო, ჩასულიყო ბატონ პოლუნდერთან, პირდაპირ ეთქვა მისთვის, როგორ მოექცა კლარა – თავისი მარცხის აღიარება სულაც არ ერცხვინებოდა – და ამ სრულიად საკმარისი მიზეზით ეთხოვა მისთვის, სახლში გაემგზავრებინა, ან ნება დაერთო, თავად წასულიყო. თუ ბატონი პოლუნდერი წინააღმდეგი იქნება მისი ასე სასწრაფოდ გამგზავრებისა, მაშინ

სთხოვს, ერთ-ერთმა მსახურმა უახლოეს სასტუმრომდე მიაცილოს. საერთოდ, ამგვარად, როგორც კარლი აპირებდა, სტუმართმოყვარე მასპინძელს არ ექცევიან, მაგრამ არც სტუმარს ექცევიან ისე, როგორც მას კლარა მოექცა. თავისი დაპირება, რომ ამ კინკლაობის შესახებ მამას ჯერჯერობით არაფერს ეტყოდა, სიკეთედაც კი მიაჩნდა, ეს ხომ აღმაშფოთებელია! იმისათვის ხომ არ გამოიწვიეს კარლი ამ ბრძოლაში, რომ სამარცხვინო მარცხი განეცადა გოგონასთან, რომელმაც, როგორც ჩანს, თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი საბრძოლო ილეთების შესწავლაში

გაატარა? და მაკი ხომ არ იყო მისი მასწავლებელი? დე, უამბოს მაკს ყველაფერი; ის გონიერი ადამიანია, ეს იცის კარლმა, თუმცა არ მისცემია

შემთხვევა, უშუალოდ დარწმუნებულიყო ამაში. კარლმა ისიც იცის, რომ თუ მაკი ამეცადინებს, კლარაზე მეტ წარმატებას მიაღწევს; მაშინ კიდევ მოვა აქ ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ დაუპატიჟებლად, თავდაპირველად, ცხადია, გარემოს შეისწავლის, რისი ზუსტი ცოდნაც იყო სწორედ კლარას უპირატესობა, დაავლებს ხელს ამ კლარას და ცხვირს დაარტყმევინებს იმ დივანზე, კარლი რომ დააგდო დღეს. 

ახლა მთავარია, დარბაზისაკენ გაიკვლიოს გზა, სადაც, როგორც ახსოვს, თავდაპირველი დაბნეულობის გამო კეპი დარჩა უადგილო ადგილზე. სანთელს, ცხადია, თან წაიღებს, მაგრამ არც სანთლის შუქზეა ადვილი გზის გაგნება. მაგალითად, ისიც კი არ იცის, იმავე სართულზეა თუ არა მისი ოთახი, რომელზეც სასადილო. აქეთობას კლარა ისე ექაჩებოდა, მიხედ-მოხედვა ვერ მოასწრო. ბატონმა გრინმა და კანდელიანმა მსახურებმაც გაუფანტეს ყურადღება. მოკლედ, ახლა ფაქტობრივად ისიც კი არ იცის, ერთი კიბე აიარეს თუ ორი, თუ საერთოდ არც ერთი.

ხედის მიხედვით თუ იმსჯელებს, ოთახი საკმაოდ მაღლა მდებარეობს,

ამიტომ გადაწყვიტა, რომ კიბით ამოვიდნენ; მაგრამ სახლში შემოსვლამდეც ხომ ამოიარეს საფეხურები, და ხომ შეიძლება, შენობის ეს ნაწილიც ამიტომ იყოს შემაღლებული? ნეტავი დერეფნის რომელიმე კარიდან სინათლის სხივმა გამოაღწიოს, ან რაიმე ხმას მაინც მოჰკრას ყური, თუნდაც შორიდან.

მისი ჯიბის საათი, ბიძიას ნაჩუქარი, თერთმეტს აჩვენებდა. სანთელი აიღო და დერეფანში გავიდა. კარი ღია დატოვა, რათა იმ შემთხვევაში, თუ მისი ძიება ამაო აღმოჩნდება, თავის ოთახს მაინც მოაგნოს და

შემდეგ, უკიდურეს შემთხვევაში – კლარას ოთახის კარს. გულის დასაიმედებლად, რომ კარი თავისთავად არ ჩაკეტილიყო, სავარძელი მიადგა. დერეფანში ერთი დაბრკოლება დახვდა: მის საპირისპიროდ – ცხადია, ის კლარას კარიდან მარცხნივ წავიდა – ორპირი ქარი უბერავდა,

მართალია, სუსტი, მაგრამ ადვილი შესაძლებელი იყო, სანთელი ჩაექრო, ისე რომ კარლს ხელი უნდა მოეფარებინა ალისათვის და ხშირად შეჩერებულიყო, რათა შესუსტებული ალი კვლავ მოძლიერებულიყო. ამიტომ ნელა მიიწევდა წინ, რის გამოც გზა ორმაგად გრძელი ეჩვენა.

კარლმა უკვე საკმაოდ გრძელი მონაკვეთი გაიარა, მაგრამ არც ერთი კარი არ შეხვედრია, ვერ გაეგო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ კედელს მიღმა. მერე კარი კარს მოჰყვა. კარლი შეეცადა გამოღებას, მაგრამ ყველა კარი ჩაკეტილი იყო. ჩანს, ამ ოთახებში არავინ ცხოვრობდა. რამხელა ფართობი იკარგება სრულიად უსარგებლოდ. ეს ხომ გაუგონარია! 

და კარლს გაახსენდა საცხოვრებლები ნიუ-იორკის აღმოსავლეთ კვარტალში, რომლის ჩვენებასაც დაჰპირდა ბიძია, სადაც, როგორც ბიძია უამბობდა, ერთ პატარა ოთახში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა და თითოეული ოჯახის სამყოფს ოთახის კუთხე წარმოადგენდა, სადაც ბავშვები მშობლების გარშემო ირეოდნენ. აქ კი ამდენი ოთახი უქმადაა და კარზე რომ დააკაკუნებ, მხოლოდ ყრუ ექო გამოგეპასუხება. კარლის აზრით,

ბატონი პოლუნდერი ვითომდა მეგობრებმა შეიყვანეს შეცდომაში, სიგიჟემდე უყვარს თავისი ქალიშვილი და მისი საქმე წასულია. ბიძია ალბათ სწორად აფასებდა მას და მხოლოდ მისი პრინციპი – არ მოეხდინა კარლზე გავლენა ადამიანების შეფასებაში – იყო ამ ავბედითი სტუმრობისა

და დერეფნებში უთავბოლო ბორიალის მიზეზი. ხვალ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ეტყვის ამას ბიძიას, რადგან, მისი პრინციპის თანახმად, დისწულის აზრსაც მშვიდად მოისმენს თავის თავზე. გარდა ამისა, სწორედ ეს პრინციპია ერთადერთი, რაც კარლს ბიძიაში არ მოსწონს, თუმცა არც ეს არმოწონებაა კატეგორიული.

უცებ დერეფნის ერთ მხარეს კედელი შეწყდა და მას ყინულივით ცივი მარმარილოს მოაჯირი შეენაცვლა. კარლმა სანთელი გვერდით დაიდგა და ფრთხილად გადაიხარა ქვემოთ. იქიდან ბნელმა სიცარიელემ

შემოუბერა. ეს თუ სახლის მთავარი ჰოლია – სანთლის მბჟუტავ შუქზე

მაღალი თაღოვანი ჭერი გამოჩნდა – მაშინ რატომ აქედან არ შემოვედით? რისთვისაა ეს უზარმაზარი სივრცე? აქ, ზემოთ – თითქოს ეკლესიის ქანდარაზე დგახარ. კარლს უკვე დაენანა, რომ ხვალამდე ვერ დარჩება ამ სახლში, – სიამოვნებით დაათვალიერებდა დღის სინათლეზე ბატონ პოლუნდერთან ერთად მთელ სახლს და ყველაფერს გაეცნობოდა. მოაჯირი გრძელი არ იყო და კარლი ისევ ჩაკეტილ დერეფანში აღმოჩნდა. დერეფნის მკვეთრ მოსახვევში უცებ ინერციის მთელი ძალით

გალავანს დაეჯახა, და რომ არა ის მოუდუნებელი სიფხიზლე, რომლითაც სანთელი ჰქონდა ჩაბღუჯული, ხელიდან გაუვარდებოდა და ჩაქრებოდა. რადგან დერეფანს ბოლო არ უჩანდა, არსად ფანჯარა ან გასახედი, ამ თვალუწვდენ სივრცეში კი არსაიდან სიცოცხლის ნიშანწყალი არ ისმოდა, დაასკვნა, რომ განუწყვეტლივ წრეზე დადიოდა და გადაწყვიტა, თავისი ოთახის ღია კარი მაინც მოეძებნა, მაგრამ კარიცა და მოაჯირიც თითქოს მიწამ ჩაყლაპა. აქამდე ხმამაღალი დაძახებისაგან თავს იკავებდა, არ უნდოდა, ამ უცხო სახლში ხმაური აეტეხა, მაგრამ ახლა მიხვდა, რომ ამ ჩაბნელებულ

შენობაში სხვა გზა აღარ ჰქონდა და ის იყო, დერეფნის ორივე მხარეს

გასძახა, რომ იქით, საიდანაც მოვიდა, პაწაწინა სინათლე გამოჩნდა,

რომელიც თანდათან უახლოვდებოდა. ახლაღა გააცნობიერა, რამსიგრძე ყოფილა დერეფანი; ეს სახლი ვილა კი არა, ნამდვილი ციხესიმაგრე იყო. ამ მხსნელი შუქის გამოჩენამ კარლი ისე გაახარა, ყოველგვარი სიფრთხილე დაავიწყდა და შუქისკენ გაიქცა; პირველივე ნახტომებზე სანთელი ჩაუქრა. ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან სანთელი აღარ სჭირდებოდა – მისკენ ხომ მოხუცი მსახური მოდიოდა ფარნით

ხელში და გზას ის მიასწავლიდა.

– ვინ ხართ? – ჰკითხა მსახურმა და ფარანი სახესთან მიუტანა, რითაც ამავე დროს თავისი სახეც გაანათა. გრძელი თეთრი წვერი, აბრეშუმის კულულებივით რომ ეფინა მკერდზე, მის სახეს კუშტ იერს აძლევდა,

– ეტყობა ერთგული მსახურია, ამგვარი წვერის ტარების უფლებას რომ

აძლევენ, – გაიფიქრა კარლმა, წვერს მთელ მის სიგრძე-სიგანეზე აკვირდებოდა, თუმცა ამავ დროს თვით ისიც დაკვირვების ობიექტი იყო. პასუხი კი არ დაუგვიანებია, ბატონი პოლუნდერის სტუმარი ვარ, ჩემი ოთახიდან სასადილო ოთახში მივდიოდი, მაგრამ გზა ვერ გავიგენიო.

– აჰ, – თქვა მსახურმა, – ელექტროგანათება ჯერ არ შემოგვიყვანია.

– ვიცი, – მიუგო კარლმა.

– თქვენს სანთელს ჩემს ფარანზე ხომ არ მოუკიდებდით? – ჰკითხა

მსახურმა.

– გმადლობთ, – და კარლი ასეც მოიქცა.

– დერეფნებში ისე უბერავს, – განაგრძო მსახურმა, – რომ სანთელი

ადვილად ქრება, ამიტომაც ფარანი წამოვიღე.

– დიახ, ფარანი გაცილებით პრაქტიკულია, – კვერი დაუკრა კარლმა. 

– თქვენი კოსტიუმი სანთლის ნაღვენთით მთლად დაწინწკლულა, –

და მსახურმა კარლის კოსტიუმს ფარანი მიანათა.

– ეს არც კი შემიმჩნევია! – წამოიძახა შეწუხებულმა კარლმა, რადგან

ეს ის შავი კოსტიუმი იყო, რომელზეც ბიძიამ უთხრა, ყველაზე მეტად

გიხდებაო. არც კლარასთან ძიძგილაობა წაადგებოდა კოსტიუმს სასიკეთოდ, რაც ახლაღა გაახსენდა. მსახური იმდენად თავაზიანი აღმოჩნდა,

რომ კოსტიუმი გაუწმინდა, რამდენადაც სიჩქარე ამის საშუალებას აძლევდა; კარლი ხან აქეთ შემობრუნდებოდა, ხან – იქით და მსახურს

ახალ-ახალ ლაქებს უჩვენებდა, ისიც მორჩილად აშორებდა.

– კი მაგრამ, რატომ უბერავს აქ ასე ძლიერად? – იკითხა კარლმა, გზა

რომ გააგრძელეს.

– აქ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, – მიუგო მსახურმა, – გადაკეთება უკვე დაწყებულია, მაგრამ საქმე ნელა მიიწევს წინ. თან ახლა, ალბათ იცით, მშენებლები გაფიცულები არიან. მშენებლობას, საერთოდ,

უამრავი დავიდარაბა მოსდევს. კედელი რამდენიმე ადგილას გამოტეხეს, მაგრამ კვლავ ამოშენებაზე არავინ ფიქრობს, და აი, ორპირი ქარი

მთელ სახლში დათარეშობს. ყურებში რომ ბამბა არ მქონდეს ჩატენილი, ამას ვერ ავიტანდი.

– უფრო ხმამაღლა ხომ არ ვილაპარაკო? – ჰკითხა კარლმა.

– არა საკმაოდ ძლიერი ხმა გაქვთ, – უპასუხა მსახურმა, – მაგრამ ისევ

მშენებლობას დავუბრუნდეთ; აქ, სამლოცველოს სიახლოვეს, რომელიც

მოგვიანებით მთავარი ნაგებობისაგან უნდა გამოიყოს, განსაკუთრებით

ძლიერად უბერავს.

– ესე იგი, გალერეა, რომელშიც ამ დერეფნიდან შეიძლება მოხვედრა, სამლოცველოში გადის?

– დიახ.

– ეს მაშინვე ვიფიქრე, – თქვა კარლმა.

– ძალზე საინტერესო სანახავია, – განაგრძო მსახურმა, – ეს სამლოცველო რომ არა, ბატონი მაკი ალბათ ამ სახლს არც იყიდდა.

 

– ბატონი მაკი? – გაკვირვება ვერ დამალა კარლმა, – მე მეგონა, სახლი ბატონ პოლუნდერს ეკუთვნოდა!

– ასეცაა, – განაგრძო მსახურმა, – მაგრამ ბატონმა მაკმა სახლის ყიდვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. იცნობთ ბატონ მაკს?

– ჰო, დიახ, – მიუგო კარლმა, – მაგრამ რა ურთიერთობა აქვს მას ბატონ პოლუნდერთან?

– ის ფროილაინ კლარას საქმროა, – უპასუხა მსახურმა.

– ეს კი არ ვიცოდი, – თქვა კარლმა და შეჩერდა.

– ასე გაგაკვირვათ ამ ამბავმა? – ჩაეკითხა მსახური.

– უბრალოდ, მინდა გავიაზრო. როცა ასეთ ურთიერთობებზე არაფერი იცი, შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა.

– საკვირველია, რომ არაფერი გითხრეს ამის შესახებ, – თქვა მსახურმა.

– ნამდვილად, – მიუგო დარცხვენილმა კარლმა.

– ალბათ ჩათვალეს, რომ ყველაფერი იცოდით, – განაგრძო მსახურმა, – ეს ხომ ახალი ამბავი არ არის. აი, მოვედით კიდეც, – მსახურმა კარი

გამოაღო და გამოჩნდა კიბე, რომელიც უწინდებურად განათებული სასადილო ოთახის უკანა კართან ჩადიოდა.

ვიდრე კარლი სასადილო ოთახში შევიდოდა, საიდანაც, ისევე, როგორც ორი საათის წინ, ბატონი პოლუნდერისა და ბატონი გრინის ხმები

ისმოდა, მსახურმა შესთავაზა: – თუ გნებავთ, აქ დაგელოდებით და შემდეგ თქვენს ოთახში გაგაცილებთ. რაც არ უნდა იყოს, ძნელია აქ პირველივე საღამოს გზის გაგნება.

– ჩემს ოთახში აღარ დავბრუნდები, – უთხრა კარლმა და თვითონაც

ვერ გაეგო, რატომ დააღონა ასე ამ ამბავმა.

– ნუ დაღონდებით, – დაამშვიდა მსახურმა, თანაგრძნობით გაუღიმა

და მხარზე ხელი დაარტყა. ეტყობა, დაასკვნა, რომ კარლი მთელი ღამე

სასადილო ოთახში ბატონებთან სასაუბროდ დარჩენას და მათთან ერთად სმას აპირებდა. კარლს ახლა ახსნა-განმარტებების სურვილი არ

ჰქონდა, მაგრამ თან გაიფიქრა, რომ ეს მსახური, რომელიც მას სხვა აქა-

 

ურ მსახურებზე მეტად მოეწონა, მისთვის ნიუ-იორკისაკენ გზის მისწავლებას შეძლებდა და ამიტომ უთხრა:

– თუ აქ დამელოდებით, ეს დიდი თავაზიანობა იქნება თქვენი მხრიდან და მადლობელი დაგრჩებით. ყოველ შემთხვევაში, მალე გამოვალ

და გეტყვით, შემდეგ რას დავაპირებ. ვფიქრობ, მაინც დამჭირდება

თქვენი დახმარება.

– კეთილი, – უპასუხა მსახურმა, ფარანი ძირს დადგა და იქვე, დაბალ

კვარცხლბეკზე ჩამოჯდა, რომელიც ალბათ სახლის გადაკეთების გამო

ჯერ თავისუფალი იყო, – მაშინ აქ დაგელოდებით. სანთელი შეგიძლიათ

დამიტოვოთ, – მიაძახა კარლს, რომელიც ანთებული სანთლით აპირებდა დარბაზში შესვლას.

– რა დაბნეული ვარ, – კარლმა სანთელი მსახურს გაუწოდა, რომელმაც ოდნავ შესამჩნევად დაუკრა თავი, თუ უბრალოდ, ხელი წვერზე დაისვა.

კარლმა გამოაღო თუ არა, კარი უცებ ხმამაღლა აწკარუნდა, რადგან

მთლიანი მინის ფურცლისაგან იყო, და მკვეთრად გამოღებისას, თუ

მხოლოდ სახელურზე გეკიდათ ხელი, იზნიქებოდა. შეშინებულმა კარლმა კარს ხელი შეუშვა, რადგან სიჩუმის დარღვევა არ უნდოდა. თავი

აღარ მოუბრუნებია, მაგრამ შენიშნა, როგორ წამოდგა მსახური კვარცხლბეკიდან და მის უკან ფრთხილად და სრულიად უხმაუროდ მიხურა

კარი.

– მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, – მიმართა კარლმა ორივე ბატონს, რომლებიც მას გაკვირვებული გამომეტყველებით შესცქეროდნენ. თან დარბაზს თვალი მოავლო, ხომ არ იდო სადმე მისი კეპი. მაგრამ კეპი არსად

ჩანდა, სასადილო მაგიდა ალაგებული იყო და შესაძლოა, სამწუხარო გაუგებრობის გამო სამზარეულოში გაიტანეს.

– კი მაგრამ, კლარა სად დატოვეთ? – ჰკითხა ბატონმა პოლუნდერმა,

რომელსაც თითქოს ესიამოვნა კიდეც კარლის მოულოდნელი გამოჩენა,

რადგან მაშინვე შეიცვალა მდგომარეობა და მთელი კორპუსით კარლისაკენ შემოტრიალდა. ბატონმა გრინმა მოჩვენებითი გულგრილობით

 

ჯიბიდან უჩვეულო სიდიდისა და სისქის საფულე ამოიღო, თითქოს მის

უამრავ განყოფილებებში რაღაც საბუთს ეძებსო, მაგრამ სხვა ქაღალდებსაც კითხულობდა, რომლებიც ამ ძებნისას ხელში მოჰყვებოდა.

– თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, ოღონდ არასწორად ნუ გამიგებთ, –

სწრაფად მიიჭრა კარლი ბატონ პოლუნდერთან, და მეტი სიახლოვისათვის მკლავით სავარძლის სახელურს დაეყრდნო.

– ასეთი რა თხოვნა უნდა იყოს? – ბატონმა პოლუნდერმა კარლს პირდაპირი, უეშმაკო მზერა მიაპყრო, – ჩათვალე, რომ ის უკვე შესრულებულია, – კარლს მკლავი მოხვია და მუხლებს შორის ჩაიყენა. კარლს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა საერთოდ ასეთი მოპყრობისათვის თავი

საკმაოდ მოზრდილად მიაჩნდა. მაგრამ თხოვნის ამოთქმა, რა თქმა უნდა, ძალზე გაუჭირდა.

– მაინც, როგორ მოგწონთ აქაურობა? – ჰკითხა პოლუნდერმა, – არ

გაქვთ თქვენც ისეთი გრძნობა, რომ სოფლად, როგორც კი ქალაქს თავს

დააღწევთ, თავისუფლება გეუფლებათ? საერთოდ, – და კარლისაგან

დაფარულად, ბატონ გრინს გვერდულად გახედა, – საერთოდ, მე კვლავ

და კვლავ, ყოველ საღამოს მეუფლება ეს გრძნობა.

«ისე ლაპარაკობს, – გაიფიქრა კარლმა, – თითქოს არაფერი იცოდეს

ამ უზარმაზარ სახლზე, უსასრულოდ გრძელ დერეფნებზე, სამლოცველოზე, ცარიელ ოთახებზე, ყველგან გამეფებულ სიბნელეზე.»

– აბა, რა თხოვნა გაქვთ? – და პოლუნდერმა მეგობრულად შეანჯღრია კარლი, რომელიც ენაჩავარდნილი იდგა.

– გთხოვთ, – მიუხედავად კარლის მცდელობისა, ხმადაბლა ელაპარაკა, გვერდით მჯდომ გრინს მაინც ვერ გამოაპარებდა ვერც ერთ სიტყვას, რომელსაც შეიძლება კარლის თხოვნა პოლუნდერისათვის შეურაცხმყოფელად აღექვა,– გთხოვთ, ნება მომეცით, ახლავე, ამაღამვე

დავბრუნდე სახლში.

და რაკი ყველაზე ძნელად სათქმელი უკვე ამოთქვა, დანარჩენიც თავისთავად, – ყოველგვარი ტყუილის გარეშე მოჰყვა, ისეთი რამეებიც კი,

რაზეც იქამდე არც უფიქრია, – ყველაფერზე მეტად ახლა სახლში

 

წასვლა მინდა. სიამოვნებით გეწვევით კიდევ, რადგან ჩემთვის სასიამოვნოა იქ ყოფნა, ბატონო პოლუნდერ, სადაც თქვენ ხართ. ოღონდ

დღეს ვერ დავრჩები აქ. თქვენ იცით, როგორ გაუჭირდა ბიძიას, ნება დაერთო ჩემთვის ამ სტუმრობაზე. მას ალბათ ჰქონდა საამისო მიზეზი,

როგორც ყველაფრისათვის, რასაც აკეთებს, მე კი, მისი სურვილის წინააღმდეგ, ძალისძალად გამოვგლიჯე ეს ნებართვა; უბრალოდ, ბოროტად

გამოვიყენე მისი ჩემდამი სიყვარული. ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რა

ჰქონდა ამ სტუმრობის საწინააღმდეგო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბატონო პოლუნდერ, არაფერი ისეთი, რაც თქვენთვის საწყენი იქნებოდა,

რადგან თქვენ მისი საუკეთესო მეგობარი ხართ. ბიძაჩემის მეგობრებს

შორის ამ მხრივ ვერც ერთი თქვენთან ახლოსაც კი ვერ მოვა. სწორედ ეს

არის ჩემი ამგვარი ურჩობის ერთადერთი, თუმც არასაკმარისი საპატიო

მიზეზი. თქვენ ალბათ არ გეცოდინებათ ყველაფერი ჩემი და ბიძიას ურთიერთობის შესახებ, ამიტომ მხოლოდ ყველაზე არსებითს გეტყვით.

ვიდრე ინგლისურ ენას საფუძვლიანად არ დავეუფლები და საკმარისად

არ გავიწაფები პრაქტიკულ კომერციაში, მთლიანად ბიძიას კეთილგანწყობაზე ვარ დამოკიდებული, რასაც ის, როგორც თავის ღვიძლ ნათესავს, არ მაკლებს. არ გეგონოთ, რომ მე უკვე შემწევს საიმისო ძალა, წესიერი გზით ვიშოვო ლუკმაპური – სხვაგვარად კი ღმერთმა დამიფაროს!

ამისათვის ჩემი აღზრდა, სამწუხაროდ, მეტისმეტად არაპრაქტიკული

იყო. ევროპული გიმნაზიის ოთხი კლასი საშუალო შეფასებით დავამთავრე, ფულის შოვნის თვალსაზრისით კი ეს სრულიად არაფერია, რადგან ჩვენი გიმნაზიების სასწავლო პროგრამა არაპროგრესულია. ალბათ

გაგეცინებათ, რომ გიამბოთ, რას ვსწავლობდი. თუ სწავლას გააგრძელებ, გიმნაზიას დაამთავრებ და უნივერსიტეტში შეხვალ, ალბათ ყველაფერი, ასე თუ ისე, გაწონასწორდება და, ბოლოს და ბოლოს, რიგიანი

განათლება გიჭირავს ხელში, რომლითაც შეგიძლია რაღაცას ეწიო და

გარკვეული ანაზღაურებაც მოითხოვო. მე, სამწუხაროდ, განათლების ამ

სისტემიდან ამომგლიჯეს; ხანდახან ვფიქრობ, რომ საერთოდ არაფერი

ვიცი, და ბოლოს და ბოლოს, რაც არ უნდა მესწავლა იქ, ამერიკელები-

 

სათვის ეს მაინც არაფერია. ამ ბოლო ხანებში ჩემს სამშობლოშიც აქაიქ დაარსდა რეფორმირებული გიმნაზიები, სადაც თანამედროვე ენებსაც ასწავლიან და ალბათ კომერციულ მეცნიერებებსაც; როცა მე სახალხო სკოლა დავამთავრე, ასეთი რამ ჯერ არ იყო. მამას კი უნდოდა, ინგლისური ენა მესწავლა, მაგრამ ჯერ ერთი, მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რა უბედურება დამატყდებოდა თავს და როგორ დამჭირდებოდა ეს

ენა, მეორეც, გიმნაზიაში ძალიან ბევრი სამეცადინო მქონდა და სხვა

საქმისათვის დრო აღარ მრჩებოდა. – ყოველივე ამას იმიტომ გიყვებით,

რომ აგიხსნათ, როგორ ვარ დამოკიდებული ბიძაჩემზე და რარიგად ვარ

მისგან დავალებული. დამეთანხმებით უთუოდ, რომ ასეთ ვითარებაში

ვერ მივცემ თავს უფლებას, სულ უმნიშვნელო რამეც კი მოვიმოქმედო

მისი თუნდაც გამოუთქმელი სურვილის წინააღმდეგ. ამიტომ, ნაწილობრივ მაინც რომ გამოვისყიდო ის წყენა, რომელიც მას მივაყენე, დაუყოვნებლივ უნდა გავემგზავრო სახლში.

კარლის ამ გრძელ აღიარებას ბატონი პოლუნდერი ყურადღებით უსმენდა; თან დროდადრო კარლს, – განსაკუთრებით როცა ის ბიძიას ახსენებდა ხოლმე, – მსუბუქად მიიკრავდა მკერდზე, და რამდენჯერმე სერიოზულად და მომლოდინედ გადახედა გრინსაც, რომელიც კვლავ თავის საფულეში იქექებოდა. კარლს კი, რაც უფრო მეტად აცნობიერებდა

ლაპარაკის დროს თავის დამოკიდებულებას ბიძიას მიმართ, სულ უფრო

და უფრო მეტად იპყრობდა მოუსვენრობა და უნებურად ცდილობდა, გათავისუფლებულიყო პოლუნდერის მკლავებიდან. ყველაფერი აწუხებდა მას აქ, რაც ბიძიასაკენ მიმავალს გზად უნდა გაევლო –

მინის კარი, კიბე, ხეივანი, შარაგზა, რომელიც გარეუბნიდან მთავარი მაგისტრალის გავლით ბიძიას სახლისაკენ მიდიოდა, – ყოველივე

ამას მის წარმოდგენაში რაღაც მკაცრი, უდაბური, გლუვი მთლიანობის

სახე მიეღო, რომელიც მას ელოდა და დაჟინებით მოუხმობდა თავისკენ.

ბატონი პოლუნდერის სიკეთე და ბატონი გრინის სიბილწე მისთვის უკვე

აღარ არსებობდა და არაფერი მეტი ამ გაბოლილი ოთახისაგან აღარ უნდოდა, ოღონდ კი, რაც შეიძლება მალე გასცლოდა აქაურობას. და თუმ-

 

ცა ბატონი პოლუნდერისაგან თავს უკვე გამოთავისუფლებულად

გრძნობდა, და მზად იყო ბატონ გრინთან საბრძოლველად, რაღაც გაურკვეველი შიში ღრღნიდა მაინც მის მთელ არსებას, რომლის შემოტევა

თვალებს უბინდავდა.

ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ახლა ბატონი პოლუნდერისა და ბატონი გრინისაგან თანაბარ მანძილზე იყო დაშორებული.

– არ გინდათ რაიმე უთხრათ? – ჰკითხა ბატონმა პოლუნდერმა ბატონ გრინს და თხოვნის ნიშნად ხელი ხელზე მოუჭირა.

– არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა, – მიუგო ბატონმა გრინმა, საფულიდან,

ბოლოს და ბოლოს, წერილი ამოიღო და მაგიდაზე წინ დაიდო.

– ნამდვილად საქებარია, ბიძასთან დაბრუნება რომ სურს, და თუ

ადამიანურად განვსჯით, უნდა ვიფიქროთ, რომ ამით განსაკუთრებულ

სიხარულს მიანიჭებს მას. მაგრამ ესეც ხომ შესაძლებელია, რომ თავისი

გაუგონრობით გვარიანად გააბრაზა ბიძია; მაშინ აჯობებს, აქ დარჩეს.

თუმცა გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია; ჩვენ ორივენი ბიძიას მეგობრები ვართ და გაგვიჭირდება იმის დადგენა, რომელი ჩვენგანი უფრო ახლობელია მისთვის, მაგრამ ბიძიას გულში ვერ ჩავიხედავთ, მით უმეტეს, მანძილიდან, რომელიც ნიუ-იორკს გვაშორებს.

– მაპატიეთ, ბატონო გრინ, – მიმართა კარლმა და თავს ძალა დაატანა, რომ მას მიახლოებოდა, – როგორც თქვენი სიტყვებიდან გავიგე,

თქვენც მიგაჩნიათ, რომ უმჯობესია დავბრუნდე.

– მე ეგ სულაც არ მითქვამს, – და ბატონმა გრინმა წერილის თვალიერება გააგრძელა, თან ორი თითით მის ნაპირებს ასწორებდა. ამით

თითქოს უნდოდა მიენიშნებინა, რომ ბატონი პოლუნდერის შეკითხვას

უპასუხა და კარლთან საქმე არ ჰქონდა.

ამასობაში ბატონი პოლუნდერი კარლს მიუახლოვდა, ფრთხილად

მოაშორა ბატონ გრინს და ფანჯრისკენ წაიყვანა, – ძვირფასო ბატონო

როსმან, – კარლის ყურთან დაიხარა, მოსამზადებლად სახე ცხვირსახოცით მოიწმინდა და ცხვირი მოიხოცა, – ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი

სურვილის წინააღმდეგ დაგაკავებთ აქ. ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

 

სამწუხაროდ, არ შემიძლია ავტომობილით მოგემსახუროთ, რადგან ის

აქედან მოშორებით, საზოგადოებრივ ფარეხშია, – ჯერ ვერ მოვიცალე

საიმისოდ, რომ აქ საკუთარი

ავტოფარეხი მომეწყო, აქ ხომ ჯერ ყველაფერი ჩამოყალიბების

პროცესშია. მძღოლსაც აქ კი არ სძინავს, არამედ ფარეხის მახლობლად,

თავადაც არ ვიცი ზუსტად, სად. გარდა ამისა, ის არ არის ვალდებული,

ახლა აქ, სახლში იყოს. მისი მოვალეობაა, ხვალ დილით დროულად მოვიდეს. მაგრამ ყოველივე ეს არ არის დაბრკოლება, რომ თქვენ დაუყოვნებლივ გაემგზავროთ სახლში. თუ თქვენ ასე დაჟინებით მოითხოვთ,

ახლავე გაგაცილებთ უახლოეს სარკინიგზო სადგურამდე, რომელიც,

სხვათა შორის, იმსიშორესაა, რომ იმაზე ბევრად ადრე ვერ ჩახვალთ

სახლში, ვიდრე დილით –შვიდ საათზე რომ გავემგზავროთ ერთად ჩემი

მანქანით.

– მაშინ, ბატონო პოლუნდერ, მირჩევნია მატარებლით წავიდე, – უთხრა კარლმა, – მატარებელი არ გამხსენებია. თქვენც ხომ ამბობთ, რომ

მატარებლით უფრო ადრე ჩავალ, ვიდრე ხვალ დილით რომ გავემგზავრო მანქანით.

– დიახ, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო განსხვავებით.

– მაინც, მაინც, ბატონო პოლუნდერ, თქვენი თავაზიანობის იმედით

ყოველთვის სიამოვნებით გესტუმრებით, თუ, ცხადია, ჩემი დღევანდელი საქციელის შემდეგ კიდევ გექნებათ ჩემი დაპატიჟების სურვილი, და

ალბათ შემდეგ სტუმრობაზე უკეთესად შევძლებ იმის გამოხატვას, თუ

რატომ არის დღეს ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი ყოველი წუთი, რაც შეიძლება ადრე ვნახო ბიძაჩემი, – და თითქოს უკვე მიიღო წასვლის ნებართვა, დაუმატა: – მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამაცილოთ.

ეს სრულებით არ არის საჭირო. გარეთ მსახურია, რომელიც სიამოვნებით მიმაცილებს სადგურამდე. ახლა კი მხოლოდ ჩემი ქუდი დამრჩა მოსაძებნი, – და ამ ბოლო სიტყვებით ოთახი გადაჭრა, რათა კიდევ ერთხელ მოევლო თვალი იქაურობისათვის კეპის მოსაძებნად.

 

– ჩემი კეპი რომ შემოგთავაზოთ? – და ბატონმა გრინმა ჯიბიდან კეპი

ამოაძვრინა, – იქნებ შემთხვევით მოგერგოთ.

დაბნეული კარლი შედგა: – თქვენ კეპს ხომ არ წაგართმევთ?! თავშიშველიც მშვენივრად წავალ, არ მჭირდება.

– ეს ჩემი კეპი არ არის, წაიღეთ!

– მაშინ მადლობელი ვარ, – მიუგო კარლმა და რომ აღარ შეჩერებულიყო, კეპი ჩამოართვა, დაიხურა, და რადგან ზუსტად მოერგო, გაეცინა,

შემდეგ ისევ მოიხადა და შეათვალიერა, მაგრამ ის განსაკუთრებული ნიშანი, რასაც ეძებდა, ვერ იპოვა; კეპი სრულიად ახალი იყო, – ზუსტად მომერგო! – თქვა მან.

– მაშ, მოგერგოთ, არა? – წამოიძახა ბატონმა გრინმა და ხელი მაგიდას დაჰკრა.

კარლი უკვე კარისკენ გაემართა მსახურის დასაძახებლად, რომ ბატონი გრინი წამოდგა, მსუყე ვახშმისა და კარგი დასვენების შემდეგ გაიზმორა, მკერდზე მჯიღი დაირტყა და რჩევისა თუ ბრძანების კილოთი

უთხრა: – წასვლამდე ფროილაინ კლარას უნდა დაემშვიდობოთ.

– ცხადია, უნდა დაემშვიდობოთ, – კვერი დაუკრა ბატონმა პოლუნდერმა და ისიც წამოდგა. თან ხმაზე დაეტყო, რომ ეს გულით ნათქვამი

არ იყო. შეცბუნებულმა ხელები ჩამოუშვა, ხან გაიხსნა, ხან შეიკრა პიჯაკი, რომელიც, უკანასკნელი მოდის მიხედვით, ისე მოკლე იყო, თეძოებამდე ძლივს სწვდებოდა, რაც ბატონი პოლუნდერისნაირ მსუქნებს

სრულებითაც არ უხდებათ. და სხვათა შორის, განსაკუთრებით, როცა ბატონი გრინის გვერდით იდგა, უთუოდ იფიქრებდით, ბატონი პოლუნდერის სიმსუქნე ავადმყოფური იყო: დამძიმებული, წახრილი ზურგი, მოშვებული ღიპი, ფერმკრთალი და გატანჯული სახე. ბატონი გრინი კი, შესაძლოა, ბატონ პოლუნდერზე ცოტა სრულიც იყო, მაგრამ მკვრივი და

შეკრული სხეული ჰქონდა, ჯარისკაცურად ერთმანეთთან მიტყუპებული

ფეხებით მიწაზე მყარად იდგა, ქედშემართული სიარულისას თავის ოდნავ გადახრა სჩვეოდა; მოკლედ, ეტყობოდა, კარგი ტანმოვარჯიშე იყო,

სანიმუშოც კი.

 

– მაშ, ჯერ ფროილაინ კლარასთან წადით, – განაგრძო ბატონმა

გრინმა, – ეს თქვენც სიამოვნებას მოგანიჭებთ და ჩემს გეგმაშიც კარგად ჩაჯდება. საქმე ისაა, რომ ვიდრე აქედან წახვიდოდეთ, რაღაც საინტერესო უნდა გითხრათ, რასაც თქვენი დაბრუნებისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. სამწუხაროდ, სასტიკად ვარ გაფრთხილებული,

შუაღამემდე არაფერი გაგიმხილოთ. წარმოიდგინეთ, ეს ჩემთვისაც

ძალზე მძიმეა, რადგან ღამის ძილი გამიტყდება, მაგრამ დავალება უნდა შევასრულო. ახლა თორმეტის თხუთმეტი წუთია, ისე რომ მე იქამდე

შემიძლია დავამთავრო ჩემი საქმეების განხილვა ბატონ პოლუნდერთან, რაშიც თქვენი თანდასწრება მხოლოდ ხელს შემიშლის, ამასობაში

კი თქვენ ფროილაინ კლარასთან სასიამოვნოდ გაატარებთ დროს. ზუსტად თორმეტ საათზე აქ გამოცხადდებით და შეიტყობთ ყველაფერს, რაც საჭიროა.

განა შეეძლო კარლს უარი ეთქვა ამ მოთხოვნაზე, რომელიც მისგან

მართლაცდა თავაზიანობისა და მადლიერების უმცირესი გამოხატულება იქნებოდა ბატონი პოლუნდერის მიმართ, თუმცა ამას ეს გარეშე, უხეში ადამიანი უყენებდა, ხოლო ბატონი პოლუნდერი, რომელსაც ეს უშუალოდ ეხებოდა, არც სიტყვებითა და არც გამოხედვით არაფერში

ერეოდა? და რა არის ნეტავ ის ძალზე საინტერესო, რაც მან მხოლოდ

შუაღამით უნდა შეიტყოს? თუ ეს ამბავი მის სახლში დაბრუნებას ორმოცდახუთი წუთით მაინც ვერ დააჩქარებს, მაშინ ის მისთვის ნაკლებად საინტერესოა. მაგრამ ყველაზე დიდი საკითხავი ახლა მისთვის ის არის, შეუძლია კი საერთოდ წავიდეს კლარასთან, ის ხომ ასე მტრულადაა მისადმი განწყობილი? ის რკინის ძელაკი მაინც ჰქონდეს თან, პრესპაპიეს

მაგივრად რომ აჩუქა ბიძიამ! იქნებ კლარას ოთახი მისთვის მოწყობილი

მახეა? მაგრამ ახლა ხომ სრულიად შეუძლებელია, ერთი აუგი სიტყვაც

კი დაძრას კლარაზე? ის ხომ პოლუნდერის ქალიშვილია და როგორც ახლა გაიგო, მაკის საცოლე? სულ ცოტათი მაინც სხვაგვარად რომ მოქცეოდა, მისთვის ხომ მხოლოდ საამაყო იქნებოდა კლარას მეგობრობა? ეს  ფიქრები უტრიალებდა თავში, მაგრამ შენიშნა, რომ ფიქრის დრო აღარ ჰქონდა: ბატონმა

გრინმა კარი გამოაღო და მსახურს უხმო, რომელიც მაშინვე წამოხტა

კვარცხლბეკიდან: – მიაცილეთ ეს ახალგაზრდა ფროილაინ კლარას

ოთახამდე. «აი, როგორ უნდა ბრძანებების შესრულება,» გაიფიქრა კარლმა, როცა უკვე ჯანგატეხილ მოხუცს სირბილ-სირბილით, ბერიკაცული ხვნეშით, უმოკლესი გზით მიჰყავდა კლარას ოთახისაკენ. თავის ოთახს რომ

ჩაუარა, რომლის კარი ჯერ ისევ ღია იყო, ალბათ გულის დასამშვიდებლად, უნდოდა ერთი წამით მაინც შესულიყო იქ. მაგრამ მსახურმა ამის

ნება არ მისცა.

– არა, – უთხრა მან, – თქვენ ფროილაინ კლარასთან უნდა მიხვიდეთ.

თავადაც ხომ გაიგონეთ.

– მხოლოდ ერთი წამით შევიდოდი, – და კარლმა წარმოიდგინა, როგორ გაიშოტებოდა ცოტა ხნით დივანზე, რათა შუაღამის მოახლოვება

დაეჩქარებინა.

– ნუ მირთულებთ დავალების შესრულებას, – უთხრა მსახურმა.

«ეტყობა, სასჯელი ჰგონია, ფროილაინ კლარასთან რომ უნდა მივიდე,» გაიფიქრა კარლმა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ისევ გაჯიუტდა და შეჩერდა.

– წამობრძანდით, ბატონო, – მიმართა მსახურმა, – რაკი აქ ხართ. ვიცი, თქვენ ჯერ კიდევ ღამით გინდოდათ წასვლა, მაგრამ ყველაფერი

ჩვენი სურვილის თანახმად როდი ხდება, მე ხომ მაშინვე გითხარით,

რომ ეს თითქმის შეუძლებელია.

– დიახ, წასვლა მინდა და კიდეც წავალ, – მიუგო კარლმა, – და ახლა

მხოლოდ ფროილაინ კლარას უნდა გამოვემშვიდობო.

– ასეა? – კარლმა შეატყო, რომ მსახურს მისი არც ერთი სიტყვისა არ

სჯეროდა, – მაშ რატომ ითრევთ ფეხს, წავიდეთ.

– ვინ არის დერეფანში? – გაისმა კლარას ხმა და მაშინვე ერთ-ერთი

კარიდან თავი გამოყო. ხელში დიდი, წითელაბაჟურიანი მაგიდის ნათუ-

 

რა ეჭირა. მსახური მისკენ გაეშურა და საქმის ვითარება მოახსენა. კარლიც ნელი ნაბიჯებით მიჰყვა.

– გვიან მობრძანდით, – თქვა კლარამ.

ვიდრე მას უპასუხებდა, კარლი მსახურს მიუბრუნდა და ხმადაბლა,

მაგრამ რადგან მის ბუნებას უკვე კარგად იცნობდა, მკაცრი კილოთი უთხრა: – ცოტა ხნით კართან დამელოდეთ!

– უკვე დაძინებას ვაპირებდი, – და კლარამ ნათურა მაგიდაზე დადგა.

როგორც ქვემოთ, სასადილო ოთახში, მსახურმა აქაც ფრთხილად მიხურა გარედან კარი, – უკვე თორმეტის ნახევარზე მეტია.

– თორმეტის ნახევარზე მეტი? – კითხვა შეუბრუნა კარლმა, თითქოს

ამ რიცხვმა შეაშინა, – მაშინ ახლავე უნდა დაგემშვიდობოთ, რადგან

ზუსტად თორმეტ საათზე ქვემოთ უნდა ვიყო, სასადილო ოთახში.

– ძალიან სასწრაფო საქმეები კი გქონია! – უპასუხა კლარამ, თან დაბნეული, ხალვათი საღამურის ნაკეცებს ისწორებდა. სახე ალეწოდა და სულ იღიმებოდა. კარლმა გადაწყვიტა, რომ კლარას მხრიდან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, – ხომ ვერ დამიკრავდით ფორტეპიანოზე, როგორც გუშინ მამა და დღეს თავად თქვენ დამპირდით?

– ძალიან გვიანი ხომ არ არის? – კარლს უნდოდა კლარასათვის ესიამოვნებინა, რადგან ის ახლა სულ სხვანაირი იყო, თითქოს რაღაცნაირად გადაინაცვლა ბატონი პოლუნდერის და შემდეგ მაკის წრეში.

– კი, ნამდვილად გვიანია, – თქვა და როგორც ჩანს, მუსიკის მოსმენის სურვილმა უკვე გადაუარა, – აქედან ყოველი ბგერა მთელ სახლს მოედება; დარწმუნებული ვარ, თუ დაუკრავთ, ზემოთ, მანსარდაში, მსახურებსაც გაეღვიძებათ.

– მაშინ ამჯერად თავი დავანებოთ მუსიკას, იმედი მაქვს, კიდევ გესტუმრებით; ისე, თუ თქვენთვის ძნელი არ იქნება, იქნებ ერთხელ ჩემს

ბიძიას ესტუმროთ და თან ჩემს ოთახშიც შემოიხედოთ. მე შესანიშნავი

ინსტრუმენტი მაქვს. ბიძიამ მაჩუქა. მაშინ, თუ თქვენი სურვილიც იქნება, ჩემს ყველა ოპუსს დაგიკრავთ. სამწუხაროდ, ეს ბევრი არ არის, თან ასეთი დიდი ინსტრუმენტი, როგორზეც მხოლოდ ვირტუოზები უკრავენ, მათ არ შეეფერება; მაგრამ ეს სიამოვნებაც შეგიძლიათ მიიღოთ, თუ წინასწარ შემატყობინებთ, როდის ჩამოხვალთ – უახლოეს მომავალში ბიძია ჩემთვის ცნობილი პედაგოგის მოწვევას აპირებს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია – და მისი დაკვრის მოსასმენად ღირს, გაკვეთილის დროს მეწვიოთ. მართალი გითხრათ, მიხარია კიდეც, რომ ახლა გვიანია, რადგან ვერაფრით გაგაკვირვებდით, ისე ცოტა რამ შემიძლია

ჯერ. ახლა კი, ნება მომეცით, დაგემშვიდობოთ, ბოლოს და ბოლოს, უკვე ძილის დროა, – და რაკი კლარა მის მიმართ უკვე კეთილგანწყობილი ჩანდა და ცოტახნისწინანდელი შეტაკებაც თითქოს აღარ ახსოვდა, ხელი გაუწოდა და ღიმილით დაუმატა: – ჩემს სამშობლოში ასე იტყვიან:

მშვიდი ძილი და ტკბილი სიზმრები.

– მოიცადეთ, – გამოწვდილი ხელი ჰაერში შეარჩინა კლარამ, – იქნებ

მაინც დაგეკრათ, – და პატარა კარში გაუჩინარდა, რომლის გვერდითაც

პიანინო იდგა. «ახლა რაღა უნდა? – გაიფიქრა კარლმა, – დიდხანს ვერ მოვიცდი,

რაც უნდა თავაზიანად მთხოვოს». დერეფნის კარზე დააკაკუნეს და მსახურმა, რომელსაც კარის მთლიანად გამოღება ვერ გაებედა, ღრიჭოდან უჩურჩულა:

– მაპატიეთ, ეს-ესაა დამიძახეს და მეტს ვეღარ მოვიცდი.

– წაბრძანდით, – უპასუხა კარლმა, რომელიც უკვე დარწმუნებული

იყო, მარტო გაიგნებდა გზას სასადილო ოთახისაკენ, – ოღონდ ლამპარი

კართან დამიტოვეთ. ისე, რომელი საათია?

– თითქმის თხუთმეტი წუთი აკლია თორმეტს.

«რა ნელა გადის დრო!» გაიფიქრა კარლმა. მსახურს უკვე კარი უნდა

დაეხურა, როცა კარლს გაახსენდა, რომ მისთვის გასამრჯელო არ გადაუხდია, შარვლის ჯიბიდან ერთი შილინგი ამოიღო – ამერიკული ჩვეულების მიხედვით, ახლა ყოველთვის ეყარა ჯიბეში ხურდა ფული, ბანკნოტებს კი ჟილეტის ჯიბეში ინახავდა – და მსახურს გაუწოდა სიტყვებით: – ეს თქვენი სამსახურისათვის. 

კლარა ისევ შემოვიდა, ხელებით ვარცხნილობას ისწორებდა;

კარლს უცებ გაახსენდა, რომ მსახური ჯერ არ უნდა გაეშვა. ვინ გააცილებს ახლა რკინიგზის სადგურამდე? თუმცა ბატონ პოლუნდერს შეუძლია სხვა მსახურიც გამოიძახოს, ან იქნებ ეს მსახური ახლა სასადილო ოთახში დასჭირდათ და მერე ისიც მის განკარგულებაში იქნება. – გთხოვთ, მაინც დაუკრათ ცოტა. აქ ისე იშვიათად მაქვს მუსიკის

მოსმენის შესაძლებლობა, რომ არ მინდა შემთხვევა ხელიდან გავუშვა.

– მაშინ ნუღარ გადავდებთ, – ბევრი აღარ უფიქრია კარლს და ინსტრუმენტს მიუჯდა.

– ნოტები ხომ არ დაგჭირდებათ? – ჰკითხა კლარამ.

– გმადლობთ, ნოტებს კარგად ვერც კი ვარჩევ, – უპასუხა კარლმა და

მელოდია ააჟღერა. ეს იყო პატარა სასიმღერო მელოდია, და თუმცა კარლმა მშვენივრად იცოდა, მას ნელი შესრულება მოუხდებოდა, რათა,

განსაკუთრებით უცხო ყურს, კარგად აღექვა, მარშის რიტმში დაუდევრად ჩააბრახუნა. დაკვრა რომ დაამთავრა, მთელ სახლში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. ორივე გაშეშებული იჯდა და ადგილიდან არ იძვროდა.

– მშვენიერია, – თქვა კლარამ, მაგრამ არ მოიძებნებოდა თავაზიანობის გამომხატველი არც ერთი გამოთქმა, რომლითაც ასეთი შესრულების შემდეგ კარლის გულს მოიგებდა.

– რომელი საათია? – იკითხა კარლმა.

– თორმეტს თხუთმეტი წუთი აკლია.

– მაშინ ცოტა დრო კიდევ მაქვს, – და კარლმა გაიფიქრა: «ან – ან», –

მართალია, ათივე სიმღერას ვერ დავუკრავ, რომლებიც ვიცი, მაგრამ

ერთ-ერთი ხომ შემიძლია რიგიანად შევასრულო, – და თავისი საყვარელი ჯარისკაცური სიმღერა წამოიწყო. უკრავდა ისე ნელა, რომ მსმენელის გაღვიძებული სურვილი შემდეგი ბგერის მოლოდინში იმატებდა,

რომელსაც კარლი თითქოს აყოვნებდა და ძალისძალად გამოსცემდა.

სინამდვილეში სიმღერის შესრულებისას საჭირო კლავიშებს ჯერ თვალებით ეძებდა, მაგრამ გრძნობდა, როგორ ეღვრებოდა გულში სიმღერით გამოწვეული ნაღველი და რაღაც სხვა გამოსავალს ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა, – მე ხომ არაფერი არ შემიძლია, – თქვა კარლმა სიმღერის დამთავრების შემდეგ და კლარას ცრემლიანი თვალები მიაპყრო.

უცებ მეზობელი ოთახიდან ხმამაღალი ტაში გაისმა, – კიდევ ვიღაც

გვისმენს! – წამოიძახა გამოფხიზლებულმა კარლმა.

– მაკი, – ხმადაბლა თქვა კლარამ.

იქიდან უკვე მაკმაც გამოსძახა:

– კარლ როსმანი, კარლ როსმანი!

კარლი ორივე ფეხით მარდად გადმოევლო ფორტეპიანოს სკამს და

კარი გამოაღო. დიდ ბალდახინიან საწოლზე ნახევრად წამომჯდარი მაკი დაინახა, საბანი სხვათაშორის ჰქონდა ფეხებზე გადადებული. ცისფერი აბრეშუმის ბალდახინი ამ უბრალო, დაუმუშავებელი შავი ხისაგან უხეშად გამოჩარხული საწოლის ერთადერთი, ოდნავ ზღაპრული სამკაული იყო. ტუმბოზე მხოლოდ ერთი სანთელი ენთო, მაგრამ ლოგინის თეთრეული და მაკის პერანგი მის შუქზე თვალისმომჭრელად ქათქათებდა; ბალდახინიც ელვარე სხივს გამოსცემდა, ყოველ შემთხვევაში მისი კიდე, რომელზეც ოდნავ დატალღული აბრეშუმი მსუბუქად იყო გადაჭიმული. მაკს იქით კი საწოლი და მთელი სივრცე სრულ წყვდიადში

იყო ჩაძირული. კლარა საწოლის თავს მიყრდნობოდა და მაკს თვალს

არ აშორებდა.

– სალამი, – და მაკმა კარლს ხელი გაუწოდა, – საკმაოდ კარგად უკრავთ. აქამდე მხოლოდ თქვენს მხედრულ ხელოვნებას ვიცნობდი.

– რიგიანად არც ერთი მეხერხება და არც მეორე, – უპასუხა კარლმა,

– რომ მცოდნოდა, თქვენ მისმენდით, არავითარ შემთხვევაში არ დავუკრავდი. მაგრამ თქვენი ფროილაინი, –კარლი შეყოვნდა, ყოყმანობდა,

კლარა «საცოლედ» მოეხსენიებინა, რადგან მათი თანაცხოვრება უკვე

აშკარა იყო. – მე ხომ ვიცოდი, ამიტომაც გამოგიტყუათ კლარამ ნიუ-იორკიდან,

თორემ თქვენს დაკვრას საერთოდ ვერ მოვისმენდი. რა თქმა უნდა, ეს

დამწყების შესრულებაა, და იმ სიმღერებშიც კი, რომლებშიც 

გავარჯიშებული ხართ და რომელთა არანჟირება საკმაოდ პრიმიტიულია, რამდენიმე შეცდომა დაუშვით, მაგრამ მაინც გამახარეთ, მით უმეტეს, რომ მე არავის შესრულებას არ უგულებელვყოფ. არ გნებავთ,

ცოტა ხანს კიდევ დარჩეთ ჩვენთან? კლარა, მოუწიე სავარძელი.

– გმადლობთ, – ენის ბორძიკით მიუგო კარლმა, – ვერ დავრჩები, რაც

უნდა დიდი იყოს ჩემი სურვილი. სამწუხაროდ, გვიან შევიტყვე, რომ ამ სახლში ასეთი მყუდრო ოთახებიც ყოფილა.

– მთელ სახლს ამგვარად გადავაკეთებ, – თქვა მაკმა.

ამ დროს ზარმა თორმეტჯერ დარეკა, სწრაფად, ერთიმეორეზე მიყოლებით, ერთის ხმას მეორე ფარავდა. კარლმა სახეზე იგრძნო ამ ზარების მძლავრი მოძრაობა. რა სოფელია ეს, ასეთი ზარებით?

– უკვე დროა, – კარლმა მაკსა და კლარას ხელი გაუწოდა, მაგრამ მათ

ხელის ჩამორთმევას აღარ დალოდებია, ისე გავარდა ოთახიდან. ლამპარი იქ არ დახვდა და ინანა, რომ მსახურს ადრე გადაუხადა გასამრჯელო.

უნდოდა კედელზე ხელის ცეცებით თავისი ოთახის ღია კარამდე მიეღწია, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, რომ მისკენ ქანაობით მომავალი ბატონი გრინი დაინახა, რომელსაც სანთლიანი ხელი ზემოთ აეწია და იმავე ხელში წერილი ეჭირა.

– კი მაგრამ, როსმან, სად დაიკარგეთ? რატომ მაცდევინებთ? რას

აკეთებდით ამდენ ხანს ფროილაინ კლარასთან?

«რამდენი კითხვას სვამს! – გაიფიქრა კარლმა, – ახლა კედელთანაც

მიმაყენებს», – და მართლაც, გრინი კარლის ცხვირწინ აღმოჩნდა, ის კი ზურგით კედელს მიეყრდნო. ამ დერეფანში გრინი განსაკუთრებით ვეება და სასაცილო ჩანდა, და კარლმა გულში გაიხუმრა, ნეტავ საბრალო ბატონი პოლუნდერი ხომ არ გადაყლაპაო.

– სიტყვის კაცი ნამდვილად არ ყოფილხართ. დამპირდით, რომ

თორმეტზე ჩამოხვიდოდით, ამის ნაცვლად კი ფროილაინ კლარას კართან ატუზულხართ. მე შუაღამისათვის რაღაც საინტერესოს დაგპირდით, და თქვენგან განსხვავებით, უკვე აქ ვარ.

და კარლს წერილი გაუწოდა. კონვერტზე ეწერა: – კარლ როსმანს, შუაღამისას საკუთარ ხელში გადასაცემად, სადაც არ უნდა იყოს.

– ბოლოს და ბოლოს, – უთხრა ბატონმა გრინმა, ვიდრე კარლი წერილს ხსნიდა, – ჩემი აზრით, თქვენგან

მადლიერებას ვიმსახურებ იმის გამო, რომ თქვენი გულისთვის ნიუიორკიდან აქ ჩამოვედი, და არაფერში არ მჭირდება, დერეფნებში გდიოთ კიდევ უკან.

– ბიძიასგანაა! – წამოიძახა კარლმა, როგორც კი წერილს ჩახედა, –

მე ამას ველოდი, – და ბატონი გრინისაკენ მიბრუნდა.

– ელოდით თუ არა, ჩემთვის ეს სულერთია. წაიკითხეთ ერთი, – და

სანთელი მიუნათა.

კარლმა სანთლის შუქზე კითხვა დაიწყო:

«ძვირფასო დისწულო! როგორც შენ ალბათ ჩვენი სავალალოდ

ძალზე ხანმოკლე ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში შეიტყვე, მე,

უპირველეს ყოვლისა, პრინციპების მიმდევარი ადამიანი ვარ. ეს ძალზე  არასასიამოვნო და შემაწუხებელია არა მარტო ჩემი გარემოცვისათვის,

არამედ თვით ჩემთვისაც, მაგრამ სწორედ ჩემს პრინციპებს ვუმადლი

ყველაფერს, რასაც მივაღწიე, და არავის აქვს უფლება მოითხოვოს ჩემგან, საკუთარ თავს ვუღალატო, არავის, არც შენ, ჩემო ძვირფასო დისწულო, თუმცა, თუკი ოდესმე ასეთ რაიმეს დავუშვებ, სწორედ შენ იქნები პირველი, ვისაც ორივე ხელით, რომლებითაც ახლა ფურცელი მიჭირავს და ამ წერილს ვწერ, გულში ჩავიკრავ და ავიტაცებ. მაგრამ რაკი ჯერჯერობით არაფერი იმის მომასწავებელი არ ჩანს, რომ ოდესმე ასეთი რამ მოხდება, დღევანდელი შემთხვევის შემდეგ იძულებული ვარ, ყოველგვარი პირობის გარეშე მოგიწყვიტო გულიდან და დაჟინებით გთხოვ,

არც პირადად, არც წერილობით, არც შუაკაცის მეშვეობით ჩემთან დაკავშირებას არ შეეცადო. შენ ამ საღამოს ჩემი სურვილის წინააღმდეგ გადაწყვიტე, წასულიყავი ჩემგან, ამიტომ, დე, მთელი შენი სიცოცხლის

განმავლობაში ამ გადაწყვეტილების ერთგული დარჩე; მხოლოდ მაშინ

იქნება ეს ნამდვილი კაცური გადაწყვეტილება. ამ ამბის გადმოსაცემად

ჩემი საუკეთესო მეგობარი, ბატონი გრინი ავირჩიე. იმედია, ის იპოვის

შენთვის იმ სანუგეშო სიტყვებს, რომლებიც მე ამ წუთში, ვაი რომ, ვერ

მიპოვია. ის გავლენიანი კაცია და ჩემი ხათრით პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმისას მხარში ამოგიდგება კეთილი რჩევითა და

საქმით. ვცდილობ ჩავწვდე ჩვენი განშორების არსს, რაც ჩემთვის ახლაც, ამ წერილს რომ ვამთავრებ, ჯერ კიდევ შეუძლებელია, ისევ და

ისევ ვუმეორებ საკუთარ თავს: შენი ოჯახიდან, კარლ, არაფერი კარგი არ გამოვა. თუ ბატონ გრინს დაავიწყდება შენთვის ჩემოდნისა და ქოლგის გადმოცემა, შეახსენე. შენი შემდგომი კეთილდღეობის მსურველი, შენი ერთგული ბიძია იაკობი.»

– დაამთავრეთ? – ჰკითხა გრინმა.

– დიახ, – უპასუხა კარლმა, – მომიტანეთ ჩემოდანი და ქოლგა?

– აგერ არის, – და გრინმა კარლის ძველი ჩემოდანი, რომელსაც იქამდე მარცხენა ხელით ზურგს უკან მალავდა, მის გვერდით დადგა.

– და ქოლგა?

– ყველაფერი აქ არის, – გრინმა შარვლის ჯიბეზე ჩამოკიდებული

ქოლგა მოიხსნა, – ეს ნივთები ვინმე შუბალმა მოიტანა, ჰამბურგ-ამერიკის ხაზის უფროსმა მემანქანემ, რომელსაც ისინი გემზე უპოვია. თუ შემთხვევა მოგეცემათ, შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ.

– ახლა ჩემი ძველი ნივთები მაინცაა ისევ ჩემთან, – თქვა კარლმა და

ქოლგა ჩემოდანზე დადო.

– მომავალში უკეთესად უნდა მიხედოთ თქვენს ნივთებს, ასე შემოგითვალათ ბატონმა სენატორმა, – და, ალბათ საკუთარი ცნობისმოყვარეობის გამო ბატონმა გრინმა ჰკითხა: – რა არის ეს, კაცმა რომ თქვას,

ასეთი უცნაური ჩემოდანი?

– ასეთი ჩემოდნით ჩემს სამშობლოში ჯარისკაცები სამხედრო სამსახურში მიდიან, – მიუგო კარლმა, – ეს მამაჩემის ძველი სამხედრო ჩემოდანია. ისე, ძალიან მოხერხებულია, –დასძინა ღიმილით, – თუ, რა

თქმა უნდა, სადმე უყურადღებოდ არ მიატოვებ. 

– ბოლოს და ბოლოს, საკმაოდ განსწავლული ხართ, – უთხრა ბატონმა გრინმა, – და მეორე ბიძა ამერიკაში ალბათ არ გყავთ. აი, სან-ფრანცისკოში გასამგზავრებელი მესამე კლასის ბილეთი. გადავწყვიტე, სანფრანცისკოში გაგამგზავროთ, რადგან, ჯერ ერთი, იქ თქვენთვის უფრო ადვილია სამუშაოს შოვნა და მეორეც, აქ, ყველაფერი, რაც თქვენთვის შეიძლება გამოდგეს, ბიძათქვენის ხელშია, თქვენი შეხვედრა კი ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან. ფრისკოში შეგიძლიათ სრულიად მშვიდად იმუშაოთ; ოღონდ ჯერ დაბალი საფეხურიდან დაიწყეთ და შეეცადეთ თანდათან წაიწიოთ წინ.

გრინის სიტყვებში კარლს არავითარი ნიშნის მოგება არ უგრძვნია.

ცუდი ამბავი, რომელსაც ის მთელი საღამო მალავდა, უკვე გამჟღავნებულია, და ამის შემდეგ გრინი სრულიად უწყინარი კაცი ჩანდა, რომელთანაც ალბათ უფრო გულახდილად შეიძლებოდა ლაპარაკი, ვიდრე ვინმე

სხვასთან. საუკეთესო ადამიანიც კი, რომელსაც, საკუთარი უდანაშაულობის მიუხედავად, ამგვარი საიდუმლო და უსიამოვნო დავალების შესრულება უწევს. ვიდრე ამ საიდუმლოს ინახავს, ცხადია, საეჭვოდ გვეჩვენება. – მე ახლავე დავტოვებ ამ სახლს, – თქვა კარლმა და გამოცდილი ადამიანისაგან დასტურს ელოდა, – რადგან აქ მიმიღეს მხოლოდ როგორც სენატორი ბიძიას დისწული, როგორც უცხოს კი აქ არაფერი მესაქმება. ამიტომ დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ გასასვლელამდე მიმაცილებთ, შემდეგ კი უახლოესი სასტუმროს გზას მიმასწავლით. – ოღონდ სწრაფად, – უთხრა გრინმა, – უამრავი თავსატეხი გამიჩინეთ.

როცა კარლმა დაინახა, რამხელა ნაბიჯები გადადგა მაშინვე გრინმა,

შედგა, მისი აჩქარება საეჭვოდ მოეჩვენა, უეცრად ჩასწვდა საქმის ნამდვილ ვითარებას, გრინს პიჯაკის ბოლოზე მოქაჩა და უთხრა:

– ერთი რამ კიდევ უნდა ამიხსნათ: წერილის კონვერტზე, რომელიც

ჩემთვის უნდა გადმოგეცათ, ეწერა მხოლოდ, რომ მე ის შუაღამით უნდა

მიმეღო, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. მაშ რატომ შემაჩერეთ აქ, ამ წერილის მომიზეზებით, როცა მე თორმეტის თხუთმეტ წუთზე აქედან წასვლას ვაპირებდი? ამით თქვენს უფლებამოსილებას გადაამეტეთ.

გრინმა პასუხად ხელი აიქნია, რითაც კარლის შენიშვნა უაზრობად

და გაზვიადებად წარმოაჩინა, შემდეგ კი უთხრა:

– განა კონვერტზე ის წერია, რომ თან უნდა გადაგყვეთ, ან იქნებ წერილის შინაარსიდან დაასკვენით, რომ წარწერა ასე უნდა გაიგოთ? რომ

არ შემეჩერებინეთ, მაშინ შუაღამით შარაგზაზე მომიწევდა წერილის

გადმოცემა.

– არა, – არ შეეპუა კარლი, – მთლად ასე არ არის. კონვერტზე წერია:

– შუაღამისას გადასაცემად, – თუ ძალიან დაღლილი იყავით, მაშინ ალბათ ჩემს გამოყოლასაც ვერ შეძლებდით, ანდა მე – მართალია, ამას ბატონი პოლუნდერი არ დაეთანხმა – შუაღამისთვის უკვე ბიძიასთან ჩავიდოდი, ან, ბოლოს და ბოლოს, მოვალე იყავით, თქვენი ავტომობილით წაგეყვანეთ ბიძიასთან, მაგრამ ამაზე რატომღაც კრინტიც არ დაგიძრავთ; მე ხომ ასე დაჟინებით მოვითხოვდი უკან დაბრუნებას. განა კონვერტის წარწერა გარკვევით არ მეტყველებს იმაზე, რომ შუაღამე ჩემთვის უკანასკნელი ვადა უნდა ყოფილიყო? და თქვენ ხართ დამნაშავე, რომ ეს ვადა გამოვტოვე.

კარლი დაჟინებით შესცქეროდა გრინს და ხედავდა, როგორ ებრძოდა მასში ორი გრძნობა ერთმანეთს: სირცხვილისა იმის გამო, რომ ამხილეს და სიხარულის, რომ თავისი ჩანაფიქრი წარმატებით აისრულა. ბოლოს თავი ხელში აიყვანა და ისეთი ტონით, თითქოს კარლს სიტყვა გააწყვეტინაო – ის უკვე კარგა ხნის გაჩუმებული იყო – დაუყვირა: – სიტყვა

აღარ გავიგონო! – და კარლი, რომელმაც ჩემოდანი და ქოლგა კვლავ

აიღო, მის წინ გამოღებულ პატარა კარში ხელის კვრით გარეთ გააგდო.

გაკვირვებული კარლი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. სახლზე მიშენებული

ერთ-ერთი უმოაჯირო კიბე ქვემოთ ჩადიოდა. ამ კიბით დაბლა ჩავა და

შემდეგ მარჯვნივ გაუხვევს ხეივნისაკენ, რომელიც შარაგზაზე გადის.

მთვარიან ღამეში გზა არ აერევა. ქვემოთ, ბაღში, ძაღლების ყეფა ისმოდა, რომლებიც აეშვათ და სიბნელეში ხეებს შორის დარბოდნენ. ღამისსიჩუმეში გარკვევით ისმოდა, როგორ შრიალებდა ბალახი მათი მძლავრი ნახტომების ქვეშ.

კარლმა ძაღლებს გვერდი აუარა და მშვიდობიანად გავიდა ბაღიდან. ზუსტად ვერ დაედგინა, რომელ მხარეს იყო ნიუ-იორკი. აქეთობას

ნაკლებად აკვირდებოდა ცალკეულ დეტალებს, რომლებიც ახლა შეიძლებოდა გამოსდგომოდა. ბოლოს გაიფიქრა, არაა აუცილებელი ნიუიორკში წასვლა, სადაც არავინ ელოდება, და მით უფრო, ის ერთი ხომ ნამდვილად არ ელოდება. ამიტომ მიმართულება ალალბედზე აირჩია და გზას გაუდგა.

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, kafka, კაფკა, მოთხრობები, ნოველები

ნახვა: 25

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დაისუგი - კედარის ახალი სიცოცხლე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2020.
საათი: 11:11pm 0 კომენტარი

      იაპონური გამოგონებები ყოველთვის იწვევს გაოცებასა და აღფრთოვანებას. ამჯერად, ხეების სწრაფი ზრდის ტექნიკა უნდა წარმოგიდგინოთ. მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული, ძველი სიცოცხლე ახალი სიცოცხლი მიზეზი ხდებოდა და კედარი კიდევ უფრო სწრაფად და მაღლა იზრდებოდა. კედარი აღმოსავლურ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ხეა (ცხადია, ბამბუკების შემდეგ). მისი რბილი მერქნიდან გამოდინარე, მას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ნივთების დასამზადებლად, ამიტომ…

გაგრძელება

რაჭის სტიქია, 4 წელი პატიმრობა რურუას, კორონა და ანაკლიის საჩივარი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 30, 2020.
საათი: 9:42pm 3 კომენტარი

      ივლისის ბოლოა და სტიქიები უკვე დღის მთავარი ამბავია. ამჯერად რაჭა მოექცა დღის მეინსტრიმში. არჩევნების მოახლოება ჯერ თითქოს არ უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება სწორედ არჩევნებს მიწერება, მათ შორის რურუას 4 წლიანი პატიმრობა, ამერიკული წერილები და ანაკლიის კონსორციუმის სარჩელიც კი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 ივლისი, 2020

      ფეხმოკიდებული კორონა საქართველოს ტერიტორიაზე -…

გაგრძელება

კორონას ფეხმოტეხილი დაბრუნება, ზარი პომპეოსგან და არჩევნები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 28, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      ჩამოუყალიბებეი და მიმობნეული ამინდის პარალელურად, ქვეყანაშიც არეულობა და მიმობნეულობაა. უკვე ყოველდღიური ნიუსის შემადგენელი ნაწილია ვისამე დაკარგვა და მერე ძებნა-ძიება და პოვნის შიშიც კი. არჩევნები ახლოვდება და უკვე მრავალგზის გამოცდილი და ნამუშევარი ხერხებით ისევ-ისე ასმენინებენ ამომრჩეველს იმას, რაც მათი აზრი მოეწონება ხალხს. დღის მთავარი ამბავი ისევ კოვიდია, ისევ არჩევნები, ზარი ამერიკიდან და იდუმალი გარდაცვალების…

გაგრძელება

პროკურატურის პრობლემები და ლოცვა-გალობა აია სოფიას გარშემო

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 23, 2020.
საათი: 10:30pm 3 კომენტარი

      აია სოფიას გარშემო ლოცვა და გალობა - მსოფლიოს ერთი მთავარი თემა სწორედ ეს გახლავთ. მეორე თემა ცხადია, კორონას მსოფლიო სტატისტიკური ამბები რჩება და ახლა უკვე ვაქცინის შექმნა-შეუქმნელობა, მილიარდელები ახალი ბიზნეს ქეისებით. ლოკალური ამბები მედიაში მხოლოდ გარდაცვალებებს ეხებოდა - შაქარაშვილის საქმეს დაემატა ბაჩალიაშვილის საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 ივლისი, 2020

      პადემიის მეორე ტალღა -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters