ინტერვიუ მამასთან, გელა ჩარკვიანი, ლიტერატურა, მოთხრობა, რომანი, qwelly, gela charkviani, interviu mamastan, literature

გელა ჩარკვიანი

      ოთხმოციანი წლები ილეოდა. ქვეყანაში ტექტონური ძვრები დაიწყო. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გასაიდუმლოებული, ჰერმეტულად დახშული სახელმწიფო – საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა. ამ დროისათვის უკვე ოთხმოც წელს გადაცილებული მამაჩემი, კანდიდ ჩარკვიანი, იყო ერთადერთი შემორჩენილი, ან, იქნებ უმჯობესია ითქვას, სასწაულებრივად გადარჩენილი ქართველი, რომელიც ფლობდა უშუალო ინფორმაციას სტალინის კრემლისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ. თოთხმეტი წლის მანძილზე, 1938-დან 1952 წლამდე, იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს. კარგად მესმოდა, რომ მასავით კომპეტენტური წყარო იმ დროისათვის არ არსებობდა, რადგან, როგორც საბჭოთა საქართველოს პირველი პირი, კანდიდ ჩარკვიანი ფლობდა ისეთი ხასიათის ინფორმაციას, რომელიც არ შეიძლება ხელმისაწვდომი გამხდარიყო კრემლს მიღმა მყოფი სხვა ქართველისათვის. კრემლში მოღვაწე ქართველს, ლავრენტი ბერიას, როგორც ვიცით, არ დასცალდა რაიმე საჯაროდ განეცხადებინა. 20-იან და 30-იან წლებში საპასუხისმგებლო პოსტებზე მომუშავე ქართველი ბოლშევიკების დიდი უმრავლესობა რეპრესირებული იყო, ან თავისით გარდაიცვალა და ვერ მოესწრო 1937 წლის შემდგომ სტალინურ ეპოქას. ამიტომაც, მოგონებები, რაც დაიწერა და დღესაც იწერება საქართველოში ჩვენი ერის ისტორიის ამ ძალზე საინტერესო მონაკვეთის შესახებ, უმეტესად ეფუძნება ისეთი პიროვნებების გამოცდილებას, ვინც ან საერთოდ არ შეხვედრია სტალინს, ან ეპიზოდურად ხვდებოდა მას ძველი ნაცნობობისა თუ მეგობრობის გამო. გამონაკლისს წარმოადგენს აკაკი მგელაძე, ვისი მოგონებების წიგნი რეალურ გამოცდილებას ემყარება, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მგელაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს 1952 წლის აპრილიდან 1953 წლის აპრილამდე, ანუ ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისგან განსხვავებით, კანდიდ ჩარკვიანი მრავალი წლის მანძილზე საქართველოს პირველი პირის რანგში რეგულარულად ხვდებოდა სტალინს, როგორც ოფიციალურ, საქმიან, ისე საკმაოდ არაფორმალურ ვითარებაში, კერძოდ, სუფრასთან. ვიცოდი, რომ მამაჩემის მეხსიერებაში შემორჩენილი ყოველი ფაქტი, დეტალი თუ ნიუანსი მომავალში სულ უფრო მეტ ღირებულებას შეიძენდა და აუცილებელი იყო მისი მონაყოლის დროულად ჩაწერა და, თუმცა იმ დროისათვის იგი თავადაც მუშაობდა მემუარების („განცდილი და ნააზრევი“) მეორე ტომის ტექსტზე, მჯეროდა, რომ ჩემს შეკითხვებზე მისი სპონტანური რეაგირება, მის მიერ გაცემული ზეპირი პასუხები არაერთ საინტერესო უცნობ „წვრილმანს“ წარმოაჩენდა, ისეთს, რომელიც მისივე შინაგანი ცენზურის გამო ზემოთ ხსენებულ ძალზე საფუძვლიან, სოლიდურ მემუარულ ნაშრომში ადგილს ვერ დაიკავებდა. რთულ პირობებში, უხარისხო აპარატურით, ჯერ მეოთხე სამმართველოს ვაკის საავადმყოფოში, მერე კი ჩემი მშობლების ბინაში კამოს ქუჩაზე 1989-92 წლებში მოვახერხე მამაჩემის ცხრასაათიანი ინტერვიუს აუდიო და ვიდეოფირებზე დაფიქსირება. ნაწყვეტები ამ ინტერვიუდან გამოყენებული იყო „რუსთავი 2“-ის 2004 წლის სატელევიზიო ფილმში სახელწოდებით „ქართველები კრემლში და მის გარეთ“. მამაჩემთან საუბრების შეჯერებულ ვარიანტს დღეს უკვე სრული სახით წიგნად გთავაზობთ. კანდიდ ჩარკვიანის, როგორც ისტორიული წყაროს, სასარგებლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ მას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ჰქონდა კარგი მეხსიერება, იყო განათლებული ადამიანი, საფუძვლიანად ფლობდა გერმანულ ენას, ერთნაირად კარგად წერდა ქართულად და რუსულად, 30-იან წლებში მუშაობდა ჟურნალისტად – „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორად. მამაჩემი არ ყოფილა რეპრესირებული. შესაძლოა, სწორედ ამის გამო, მიუხედავად იმ სასტიკ, მარად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მიმდინარე პოლიტიკურ კონკურენციაში მონაწილეობისა, იგი ნაკლებად ავლენს მიკერძოებას. მისი შეფასებები მთლიანობაში მოკლებულია გესლსა და ქილიკს. მან 1994 წლამდე იცოცხლა. მოესწრო საბჭოთა კავშირის დაშლას და საქართველოს დამოუკიდებლობას. ოთხმოციან წლებში განვითარებულ პოლიტიკური სეისმიკის მოვლენებს თვალს ინტერესით ადევნებდა, თუმცა ნერვიულობა ეტყობოდა, რადგან არ იცოდა, რა გველოდა ჩვენ, მის შვილებს, ახალ სინამდვილეში. მისი სიცოცხლის ბოლო წლებში კვლავინდებურად გერმანულიდან თარგმნიდა საყვარელ პოეტს ჰაინრიხ ჰაინეს, სრულჰყოფდა მემუარების მეორე წიგნს და დღენიადაგ მწარედ განიცდიდა მეუღლის, თამარ ჯაოშვილის დაკარგვას.

      და მაინც, კანდიდ ჩარკვიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები გასული საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება, იმ ეპოქას, როცა უზარმაზარ საბჭოთა იმპერიას და, ფაქტობრივად, მთელს ეგრეთ წოდებულ სოციალისტურ ბანაკს ორი ქართველი მართავდა – ბელადი იოსებ სტალინი და მისი ზრახვებისა და გადაწყვეტილებების უზადო შემსრულებელი ლავრენტი ბერია. დამეთანხმებით, სიტუაცია უნიკალურია და ალბათ აღარასდროს გამეორდება. ჩემი ბავშვობა ამ ფონზე წარიმართა. ცამეტი წლის ვიყავი, როცა 1952 წლის მარტში მამაჩემი თავისი მაღალი პოსტიდან გაათავისუფლეს. ასეთი იყო ფორმულირება, ანუ არ მოუხსნიათ, გაათავისუფლეს. მაშინ ამგვარი ნიუანსები ეგზისტენციურ საფრთხეებს შეიცავდა. მოხსნას, უმეტეს შემთხვევაში, პარტიიდან გარიცხვა და, არც თუ იშვიათად, დაპატიმრება მოყვებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, სტალინი ჩარკვიანის მიმართ ინარჩუნებდა ძველი კეთილგანწყობის მცირეოდენ ნაწილს მაინც – გათავისუფლების შემდეგ იგი არამარტო მუშაობდა შუა აზიის რესპუბლიკების ინსპექტორად საკავშირო ცენტრალურ კომიტეტში მოსკოვში, არამედ ქართულ პრესაში მისი, სტალინის მიერვე სანქცირებული, გამუდმებული ლანძღვის მიუხედავად, პარტიის მე-19 ყრილობამდე, ე. ი. 1952 წლის ოქტომბრამდე რჩებოდა კომპარტიის საკავშირო ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად. დღევანდელი ადამიანების უმეტესობისათვის ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს. მაშინ კი ამ ტიტულებს ახლდა პატივისცემა და მატერიალური პრივილეგიები. მახსოვს, ბავშვობაში მამაჩემის სამუშაო ოთახი ჩვენს ბინაში, სულხან-საბას ქუჩაზე, ჩემი ცხოველი ინტერესის საგანს წარმოადგენდა – იქ იდგა კაშკაშა წითელი ტელეფონი, რომელზეც რეკავდა სტალინი. საწერ მაგიდაზე წიგნები იცვლებოდა, მაგრამ ერთი ლურჯი ფოლიანტი არასდროს იცვლიდა ადგილს. ეს იყო მარქსის „კაპიტალის“ გერმანულენოვანი გამოცემა. თუმცა კანდიდ ჩარკვიანი ბოლშევიკების პირველ თაობას არ მიეკუთვნებოდა, უიდეო, ცინიკურ-ოპორტუნისტური საბჭოთა ბიუროკრატების უმეტესობისაგან განსხვავებით, იგი სრულად ფლობდა მარქსიზმის თეორიას და ბოლომდე ამ იდეოლოგიის ერთგული რჩებოდა. ჩემი მცდელობები, კეთილად განმეწყო დასავლური ლიბერალიზმის მიმართ, ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა. ზოგჯერ ცხარედ ვკამათობდით და შემდეგ არაერთხელ მინანია, რომ გული ვატკინე. თუმცა იყო ერთი ასპექტი, რომელშიც კანდიდ ჩარკვიანი არ იჩენდა ჯეროვან ორთოდოქსულობას. ეს გახლდათ ეროვნული განსაკუთრებულობის თემა, რომელიც წითელ ხაზად მიჰყვებოდა მის აღმზრდელობით რიტორიკას. მისი თქმით, ყოველივე ქართული, იქნებოდა ეს ენა, მუსიკა, ცეკვა, ღვინო, ტრადიციები თუ ბუნება – საუკეთესო და უნიკალური, განუმეორებელი იყო. შედეგად, მთელი ბავშვობის მანძილზე დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოზე ლამაზი ქვეყანა არ არსებობს, რომ რუსთაველი ყველა პოეტზე, მათ შორის დანტეზე, მაღლა დგას, რომ „აბესალომ და ეთერი“ მსოფლიო საოპერო ხელოვნების მწვერვალია და რომ ბორჯომის ხეობას მსოფლიოში ვერცერთი ხეობა, გორულ ვაშლს კი ვერც ერთი ვაშლი შეედრება. ჩვენს ოჯახში ამ აქსიომებში მცირედი ეჭვის შეტანაც კი მკრეხელობად მიიჩნეოდა. ამ თვალსაზრისით ბოლომდე თანმიმდევრული არც სტალინი იყო. შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებულ ბანკეტზე წარმოთქმულ სიტყვაში სტალინმა ქათინაურებით შეამკო რუსი ხალხი და მას განსაკუთრებული თვისებების მქონე ერი უწოდა. ჯორჯ ორუელის გონებამახვილური გამონათქვამის პერიფრაზს თუ გამოვიყენებთ, ინტერნაციონალისტმა ბელადმა განაცხადა, რომ ყველა ერი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ერი „სხვებზე კიდევ უფრო თანასწორია“. ფაშიზმზე გამარჯვებით გამოწვეული ეიფორიის ფონზე ამგვარი გადაჭარბებული შეფასება იქნებ დიდად საკვირველი არც იყოს – რუსმა ხალხმა ხომ მართლაც მისცა იოსებ ჯუღაშვილს თავისი ნიჭის, უნარის და ზოგიერთი არცთუ უწყინარი თვისების აქტუალიზაციის სრული საშუალება. თებერვლის რევოლუციისა და მონარქიის დამხობის შემდეგ არეულ, გაპარტახებულ და შინაგანად დაპირისპირებულ რუსეთს, ვაიმარის გერმანიის მსგავსად, მარად ფხიზელი ჰომეოსტატიკური ინსტინქტი თითქოს უბიძგებდა ამ ეტაპზე ზანტი, არაფოკუსირებული დემოკრატიის ნაცვლად, შეექმნა სისტემა უსაზღვრო მობილიზაციური შესაძლებლობებით, ძალაუფლების ერთი პირამიდით, რომლის სათავეში მდგომი ბელადი ქვეყანაში ტოტალურ კონტროლს განახორციელებდა. იმას, თუ რა იქნებოდა ამ სისტემის იდეოლოგიური შემავსებელი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. რუსეთში ძალაუფლება კომუნისტებმა მოიპოვეს. ამიტომაც მათ მიერ დაფუძნებული ტოტალიტარული სისტემის იდეოლოგიად, ბუნებრივია, გამოცხადდა კომუნიზმი – პრაქტიკულად განუხორციელებადი რომანტიკული დოქტრინა. თავისი მტკიცე ნებით და გამჭრიახი გონებით სტალინმა დაამარცხა და ფიზიკურად გაანადგურა მასზე არანაკლებ ამბიციური მეტოქეები, გამოიყენა რა მათ წინააღმდეგ მეთოდების ფართო სპექტრი, დაწყებული აპარატული თამაშებითა და საჯარო პოლემიკით და დამთავრებული აშკარა ტერორით. ამ არნახულ სისასტიკეთა უწყვეტი სერიის მიუხედავად, ან სულაც მის გამო, მან მოიგო რუსი ხალხის დიდი მასების გული, რომელსაც ბატონის განდიდებისა და პირმოთნეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჰქონდა. და, თუ არ მიწყენთ პარადოქსს, ვიტყოდი, სავსებით დამსახურებულად მოიპოვა საბჭოთა ხალხების აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი წინამძღოლის, ანუ დიქტატორის მდგომარეობა. „ძალაუფლება რყვნის. აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“ და თუმცა ავტოკრატის ინდივიდუალური თვისებებისა და მას დამორჩილებული საზოგადოების ტრადიციული კულტურის შესაბამისად გადაგვარების პროცესი და ფორმები შეიძლება განსხვავებული იყოს, ლორდ ექტონის ეს მაქსიმა მაინც უნივერსალურია.

რეპრესიების მთავარი ტალღა თითქოს ოცდაათიან წლებში დარჩა. მეორე მსოფლიო ომში მოპოვებულმა გამარჯვებამ დაადასტურა ხალხის ერთგულება ბელადისა და სახელმწიფოსადმი. რეჟიმის სიმტკიცეში ეჭვს ვეღარავინ შეიტანდა. შეიქმნა დიდი სოციალისტური ბანაკი – მაშინ ჯერ კიდევ სრულად ცენტრალიზებული გაერთიანება, რომელიც საბჭოთა კავშირისა და ევროპასა და აზიაში მისი სატელიტებისაგან შედგებოდა. ამ გარეგნულად ჯანსაღ ფონზე შიგადაშიგ კვლავ გაისმოდა პარანოიდული ნოტები – გენეტიკის და კიბერნეტიკის ცრუმეცნიერებებად გამოცხადება. დღეს სწორედ ეს დისციპლინები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კაცობრიობის პროგრესს. ცნობილი ხელოვანების დაგმობა ეგრეთ წოდებული ფორმალიზმის გამო. ამ დაგმობას ახლდა ყველა ქარხანასა და დაწესებულებაში დაგმობილი მოღვაწეების კრიტიკა, რომელიც ძალიან წააგავდა ორუელისეულ „სიძულვილის ხუთ წუთს“.

      არც საქართველო იყო გამონაკლისი: ეჭვიანობა, დასმენა, შპიონომანია ომისშემდგომ წლებში აქ თანდათან მატულობდა და დაძაბულობამ პიკს 1951 წლის შემოდგომაზე მიაღწია, როცა დაიწყო ეგრეთ წოდებული „მეგრელთა საქმე“, რომელმაც გაუსაძლისი ტკივილი მიაყენა ათეულობით სრულიად უდანაშაულო ადამიანს და კვალი დაატყო ქართველი ერის სულიერ სიჯანსაღეს. ამ საქმის მიზნები სცილდებოდა ადგილობრივ ქართულ პოლიტიკას. მისი საბოლოო განზრახვის ვექტორი მიმართული იყო მოსკოვისკენ, სადაც სტალინი აპირებდა სიტუაციის რადიკალურ განახლებას. იმ ეპოქის შესახებ ერთიანი აზრი ჯერაც არ ჩამოყალიბებულა. ამას აშკარად ხელს უშლის მთავარი მოქმედი პირის, სტალინის ფიგურა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიაში ცოტა მოიძებნება ისეთი მოღვაწე, ვისაც თავისი თანამედროვეები ასე განსხვავებულად აფასებდნენ. ისეთ საკითხებშიც კი, სადაც ობიექტური აზრის ჩამოყალიბებას ხელს თითქოს არაფერი უნდა უშლიდეს, ვთქვათ, პიროვნული თვისებების თაობაზე, ორ საწინააღმდეგო აზრს წააწყდებით. სხვადასხვა მემუარულ ნაშრომში წაიკითხავთ, რომ სტალინი გამუდმებით სვამდა და სხვებსაც ძალით ათრობდა, ან პირიქით, იყო ასკეტი და ადამიანური არაფერი სჩვევოდა. რომ იგი იყო უწიგნური, რომელიც რუკაშიც კი ვერ ერკვეოდა, ან პირიქით, იყო დიდად განსწავლული ერუდიტი, ჰქონდა აბსოლუტური სმენა და თავს, უმეტესწილად, საოპერო მუსიკის მოსმენით ირთობდა. დღესაც, ზოგისთვის სტალინი ეჭვებით შეპყრობილი სისხლიანი ურჩხულია. ზოგისთვის კი მარად კაცობრიობის ბედზე მზრუნველი გენიოსი. ერთიანი აზრი არც ლავრენტი ბერიაზე არსებობს, თუმცა ყველა ერთხმად აღიარებს მის ორგანიზატორულ ნიჭს და განუზომლად დიდ როლს საბჭოთა კავშირის მიერ ბირთვული ტექნოლოგიების საიდუმლოებათა მოპოვებაში. ბევრი ავტორი მიიჩნევს მას დაუნდობელ ჯალათად, სტალინის ნების მორჩილ შემსრულებლად. სხვები კი ხედავენ მასში რეფორმატორს, რომელიც, თუკი დასცალდებოდა, წაიყვანდა საბჭოთა კავშირს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის გზით. თუ რას იზამდა ბერია, მხოლოდ ვარაუდია. სინამდვილე კი ისაა, რომ ბერიამ სტალინის გარეშე სულ სამი თვე გაძლო, რაც ნათლად მიუთითებს შექმნილ გარემოებათა მის მიერ არაადეკვატურ აღქმასა და შეფასებაზე. ამის მიზეზი ალბათ სტალინის ფრთის ქვეშ მისი არსებობისას დამოუკიდებელი პოლიტიკოსისათვის აუცილებელი თვითშენარჩუნების ინსტინქტის ატროფია გახდა. ცკ-ს პირველ მდივნად მუშაობის მანძილზე შესრულებული საქმეებიდან მამაჩემი განსაკუთრებით ამაყობდა სამი დიდი პროექტით, რომლებსაც აუარებელი დრო, გამომგონებლობა, ენერგია და კრემლთან დიპლომატიური ძალისხმევა შეალია. ესენია – რუსთავი, ქალაქი და მეტალურგიული კომბინატი, სამგორის ანუ თბილისის ზღვა და თბილისის მეტროპოლიტენის აშენების თაობაზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფა. მას ხელი სტალინმა მოაწერა. იყო სხვებიც – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დაარსება, ჰიდროელექტროსადგურები, ქართული ენის რვატომიან განმარტებით ლექსიკონზე მუშაობის დაწყება, ქალაქის მოსაზღვრე ვაკეებსა და მთის კალთებზე უამრავი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის დარგვა და ვაკის პარკის გაშენება. ეს უკანასკნელი შეიძლება კანდიდ ჩარკვიანის ახირებად ჩაითვალოს, იმდენად დიდი იყო მისი ენთუზიაზმი ამ პროექტის მიმართ. რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველ კვირადღეს დავყავდით ბავშვები იმის სანახავად, თუ არაფრიდან როგორ იძენდა ფორმას ვაკის პარკი. პირველი პირების უპირატესობა ისაა, რომ მათი ახირებაც კი მეტწილად ხორცს ისხამს. ამაში ცუდი არაფერია, თუკი „ახირებას“ შეუძლია ხალხს სარგებელი მოუტანოს. იმ დროის მოგონებებიდან ყველაზე უფრო ცოცხლად მეხსიერებაში 1951 წლის 4 ნოემბერს თბილისის ზღვის გახსნის ზეიმი შემომრჩა. შემოდგომის მზიანი დღე იყო. გამომშრალი, მოწყურებული სამგორის მიწა თითქოს დაეწაფა ნანატრ ივრის წყალს. იმ ეპოქის ხშირად ფორმალური, ძალით მოწყობილი დღესასწაულებისაგან განსხვავებით, ეს იყო ნამდვილი სახალხო სიხარულის მანიფესტაცია.

      ერთადერთი ადამიანი, ვისაც უჭირდა ბოლომდე ჩართულიყო საყოველთაო მხიარულებაში და ლაღად გაეზიარებინა თანამოქალაქეთა ხალასი ემოციები, იყო ამ ზეიმის მთავარი სტუმარი და შემოქმედი კანდიდ ჩარკვიანი. მას ალბათ გამუდმებით ჩაესმოდა ყურში წინა დღეს სტალინის მიერ რუსულად ნათქვამი ფრაზა: „ხუდო ბუდეტ, ტოვარიშჩ ჩარკვიანი!“ და დაძაბულად მოელოდა, რა იქნებოდა მის მიმართ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი. ბავშვებს მშობლები არაფერს გვეუბნებოდნენ იმაზე, თუ რა ტრიალებდა მათ გულებში, თუმცა რაღაცას მაინც ვხვდებოდით მათი შეცვლილი ქცევის გამო. კვირაობით და უქმე დღეებში მამას ქალაქგარეთ დავყავდით ხოლმე. ვნადირობდით, ვთევზაობდით ან უბრალოდ ვაკვირდებოდით ბუნებას და მამა გვასწავლიდა ყოველი ხის, ბალახისა თუ ფრინველის დასახელებას. 7 და 8 ნოემბერი უქმე დღეები იყო, ოქტომბრის რევოლუციის დღესასწაული. მახსოვს, 8-ში შავი „შევროლე“ და ყველგანმავალი „დოდჯი“ უკვე იდგა წყნეთის აგარაკის ეზოში. დაცვის ხალხი გარშემო ტრიალებდა. მაგრამ მოულოდნელად მამაჩემმა გადაწყვეტილება შეცვალა. ქალაქგარეთ აღარ წავედით. წყნეთში დავრჩით. ის დღე საოცრად გაიჭიმა. დრო თითქოს გაჩერდა. იმ დღიდან დაწყებული მარტის ბოლომდე ჩვენ, ძმებმა, სერიოზული ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღეთ. გავიარეთ, ასე ვთქვათ, ადამიანური სისუსტეების სრული კურსი. ვხედავდით, როგორ იცვლებოდა ჩვენდამი დამოკიდებულება კანდიდ ჩარკვიანის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობის მატების კვალდაკვალ. ვამჩნევდით ყოველ ახალ ნიუანსს დაცვის ოფიცრების, მომსახურე პერსონალის და, რაც განსაკუთრებით დასანანი იყო, ზოგიერთი მეგობრისა და თანაკლასელის ქცევაში. იყო ღალატი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, იყო ერთგულების მაგალითებიც და როცა თბილისიდან გაძევებული ჩვენი ოჯახი 1952 წლის ივნისში მოსკოვში მიემგზავრებოდა, მე და ჩემს ძმებს რკინიგზის სადგურში მხოლოდ ისინი გვაცილებდნენ, ვისაც – ამჯერად ორუელზე უფრო მარქსი გამოგვადგება – „თავიანთი ჯაჭვების მეტი დასაკარგი არაფერი ჰქონდათ“. მოსკოვში მოჟაისკის შოსეზე, დღევანდელ კუტუზოვის პროსპექტზე ვცხოვრობდით ცკ-ს თანამშრომლების საცხოვრებელ კორპუსში. მამას უკვე რუსი მძღოლები ემსახურებოდნენ. „პობედით“ დავდიოდით. უფრო მაღალი თანამდებობის მოხელეების, ცკ-ს განყოფილების გამგეების შვილები ზემოდან გვიყურებდნენ – მათ „ზიმები“ აკითხავდათ. სტატუსის იერარქიული სიმბოლოები საბჭოთა პოლიტიკური კლასის ყოველდღიურ ცხოვრებაში მკაცრად იყო დიფერენცირებული.

      მამა ძლიერ განიცდიდა მის გამუდმებულ ლანძღვას ქართულ პრესაში და ალბათ არ ასვენებდა აზრი იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები მისთვის და მისი ოჯახისთვის მას შემდეგ, რაც დასრულდებოდა „მეგრელთა საქმე“ და მის უდანაშაულო ფიგურანტებს სასამართლო, როგორც ყოველთვის, უმკაცრეს განაჩენს გამოუტანდა. მას ხომ ყველაზე კარგად ესმოდა ამ წამოწყების ბოროტგანზრახული უაზრობა. ჩვენ, ბავშვები, დაკავებული ვიყავით ახალ, დიდად განსხვავებულ რეალობაზე მორგებისათვის აუცილებელი სიძნელეების გადალახვით, ნამდვილ რუსულ ენასთან ჭიდილით და კვლავ არაფერი ვიცოდით იმაზე, თუ მომავლის როგორ ავბედით სურათებს ხატავდა ჩვენი მშობლების წარმოსახვა. და მაშინ, როცა „მეგრელთა საქმის“ წინასწარ განსაზღვრული საზარელი სვლა ფინალს უახლოვდებოდა, სტალინი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი 1953 წლის 9 მარტს მავზოლეუმში დაასვენეს ლენინის გვერდით. სახალხო გლოვამ ისტორიაში არნახულ მასშტაბსა და სიმძაფრეს მიაღწია. მამაჩემმა დიდი ხნის უნახავი ბერია უმალ მოინახულა და ამ შეხვედრიდან შინ გაოგნებული და გაწბილებული დაბრუნდა. გაარკვია, რომ მისი მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და განუჭვრეტელი გამხდარიყო. აგრეთვე, მაშინ პირველად შეიტყო, რომ იგეგმებოდა სტალინის პიროვნების კულტის მხილება. ეს იდეა, შესაძლოა, სტალინის სიცოცხლეშივე გაჩნდა მისი გარემოცვის წიაღში. თუმცა ამ წამოწყების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, ლავრენტი ბერია ვერ მოესწრო პიროვნების კულტის საჯარო დაგმობას საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე. იგი მამაჩემთან საუბრიდან სამი თვის თავზე დააპატიმრეს. წლის ბოლოსათვის კი სიკვდილი მიუსაჯეს, როგორც „საერთაშორისო იმპერიალიზმის“ აგენტს, რომელმაც, რაგინდ ირონიული არ უნდა იყოს ეს, საერთაშორისო იმპერიალიზმს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ხელიდან გამოსტაცა მთავარი ბერკეტი საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებაში – მონოპოლია ატომურ იარაღზე. ჯორჯ ორუელი გულიანად გაიცინებდა, რადგან სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები: „ის, ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს, ის კი, ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულს“. საბჭოთა ეპოქაში ისტორიული ფიგურების როლისა და მნიშვნელობის გაყალბება და გადაფასება ჩვეულებრივი ამბავი იყო. საშუალო სკოლაში ორჯერ გვასწავლეს შამილი, პირველად როგორც კავკასიელი ხალხების გმირი-პატრიოტი და მეორედ, როგორც ინგლისის აგენტი. თავისებურად, თუმცა უფრო შეზღუდული საშუალებებით, წარსულის მათთვის ხელსაყრელ გააზრებას და წარმოჩენას დემოკრატიული მთავრობებიც ცდილობენ, მაგრამ ერთიანი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მათ ხელს უშლის ჭეშმარიტი დემოკრატიის აუცილებელი თანმდევი ატრიბუტი – პლურალიზმი, პოლიტიკური ჯგუფებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომი წყაროების სიმრავლე და იდეური მრავალფეროვნება.

      თუ ისტორია იყო და არის მუდმივი მანიპულირების საგანი, რამდენად შეეფერება სიმართლეს ის, რაც ჩვენ ვიცით წარსულის შესახებ. როგორ უნდა მივაგნოთ ჭეშმარიტებას იქ, სადაც ყველა საინფორმაციო საშუალება ცენტრიდან მოსული დირექტივების თანახმად, ერთსა და იმავეს ამბობდა. ან იქ, სადაც ყველა აზრი ერთმანეთისგან განსხვავებულია ისევე, როგორც ამ აზრების გამომთქმელთა პოლიტიკური, ან იქნებ კომერციული ინტერესები. ამ გამოწვევებთან გამკლავება სჯობს, მომავლის ისტორიკოსებს მივანდოთ. მიკერძოების, ირაციონალური სიძულვილის თუ ნოსტალგიური ილუზიის მოშლას ზოგჯერ საუკუნეები ესაჭიროება. დღეს კი გვიანდელი სტალინური ეპოქის დასასრულიდან სულ რაღაც 60 წელია გასული. ჯერ კიდევ ბევრი ვართ ისეთები, ვინც იმ დროში იცხოვრა. ყოველ ჩვენგანს თავისებურად ახსოვს ის წლები და, შესაძლოა, კანდიდ ჩარკვიანის პასუხებმა ყველა არ დააკმაყოფილოს, ზოგი კი გააღიზიანოს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ერთი ადამიანის მონაყოლია, თუნდაც ამ საკითხებში ყველაზე უფრო ღრმად ჩახედულის. ინტერვიუში გამოთქმულ აზრებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთი გარემოება. ძველ დროში, ხალხების გეოგრაფიულ კუთვნილებას, სხვისი ტერიტორიების დასაკუთრების სურვილს და საზღვრების ურღვევობის თემას, რბილად რომ ვთქვათ, უფრო მსუბუქად უყურებდნენ.

ამიტომაც ის, რასაც ამ საკითხების თაობაზე ამბობს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი, დღევანდელი ამავე რანგის პოლიტიკოსის მიერ გახმოვანებული, შეიძლება, დიპლომატიური ნოტებისა და დემარშების მიზეზი გამხდარიყო. ბოლო ათწლეულებში რელიგიად ქცეული „პოლიტიკური კორექტულობის“ აუცილებლობასაც ასე მძაფრად ძველად არავინ განიცდიდა. დღეს საქართველოს ურთიერთობებში მოძმე აზერბაიჯანთან და თურქეთთან არ არსებობს რაიმე ხინჯი და მათ კეთილმეზობლობას არაფერი ემუქრება. მაგრამ წარსული საუკუნის ორმოციან წლებში შესაძლო ტერიტორიული ცვლილებების საკითხი საბჭოთა კავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონებში განიხილებოდა და იმაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ ჩვენი საზოგადოება ამ აქტუალობადაკარგული ისტორიული ფაქტების შესახებ ინფორმირებული იქნება. მამასთან საუბრებში, მთავარი მოქმედი პირების გარდა, არაერთი სხვა პერსონაჟიც გამოჩნდა. ზოგმა გაიელვა. ზოგი ბოლომდე გამოყვა სიუჟეტის ხაზს. ზოგმა დადებითი, ზოგმა უარყოფითი ელფერი შეიძინა. ზოგმა ერთიც და მეორეც. ადამიანები გარემოებებზე რეაგირებენ. იმ სასტიკი დროის სინამდვილე აიძულებდა მათ, შიშის ან ცდუნების ძალით, ხელისუფლების ბიზანტიურ დერეფნებში ერთმანეთი დაესმინათ ზოგჯერ თავის გადასარჩენად, ზოგჯერ დაწინაურების იმედით. ბევრი მათგანი, სხვა დროში რომ ეცხოვრა, სხვა თვისებებს გამოავლენდა, სხვაგვარად მოიქცეოდა. არსებობდა შვილების პრობლემაც. მამების დაპირისპირება, რომელიც დღევანდელისაგან განსხვავებით, არც თუ იშვიათად ერთ-ერთის მორალური ან ფიზიკური განადგურებით მთავრდებოდა, სამთავრობო აგარაკებსა თუ შავი ზღვის პლაჟებზე დამეგობრებულ შვილებს ურთულესი დილემების წინაშე გვაყენებდა.

      პოლიტიკური მამებისა და ბიძების სახიფათო კონფლიქტები, საბედნიეროდ, სტალინურ ეპოქაში დარჩა, სიმძაფრე დაკარგა ან სულაც დავიწყებას მიეცა. პოსტსტალინურ, ნაკლებად საშიშ საბჭოეთში, მიუხედავად მამებს შორის ადრე არსებული დაპირისპირებისა, კეთილი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა სტურუებთან, ბაქრაძეებთან, რუხაძეებთან, მგელაძეებთან, რაფავებთან, კარანაძეებთან და ბევრ სხვასთან. ზოგიერთ მათგანთან დღესაც ვმეგობრობ. მაგრამ ამ მეგობრობას არ შეეძლო რაიმე გავლენა მოეხდინა იმაზე, თუ როგორ წარმოვაჩენდი კანდიდ ჩარკვიანის პასუხებს ჩემს შეკითხვებზე. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ის მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა და ჩვენი ერისათვის საბედისწერო მოვლენათა ერთ-ერთი იშვიათი თვითმხილველი. პოლიტიკური მოღვაწეების შვილები თავიანთ ნაწერებსა თუ ზეპირ გამოსვლებში, უმეტესწილად, ცდილობენ, მამები განადიდონ ან მათი ქმედებები გაამართლონ. მე ამგვარ მიზანს არ ვისახავ და არც რაიმე ილუზიები მაქვს. რაკი წარმოვიდგენ 30-იანი წლების საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ რეალობას და ამ კონტექსტში მამაჩემის წარმატებული პარტიული კარიერის ელვისებურად აღმავალ ტრაექტორიას, ეჭვი არ მეპარება, რომ მაშინაც და შემდეგაც მას არაერთ მორალურ კომპრომისზე მოუხდებოდა წასვლა. და მაინც, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: კანდიდ ჩარკვიანის შვილობას ჩემთვის პრობლემა არასდროს შეუქმნია. პირიქით, ცხოვრებას მხოლოდ მიადვილებდა. ორიოდ გამონაკლისის გარდა, მასზე აუგი არავის უთქვამს, ქება კი მრავლად მომისმენია და ახლაც მესმის, ალბათ იმის გამო, რომ, იმ პრაქტიკულად უალტერნატივო სიტუაციებში, თუკი მიეცემოდა არჩევანის მინიმალური საშუალებაც კი, იგი ნიადაგ ისეთ გადაწყვეტილებას იღებდა, რომელსაც ზოგადსაკაცობრიო ეთიკის თვალსაზრისით უფრო გამართლებულად მიიჩნევდა. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ კანდიდ ჩარკვიანი ბუნებით ჰუმანური, კეთილი ადამიანი იყო. ბოლო ინტერვიუ მამაჩემისაგან 1992 წლის მარტში ავიღე. იგი უკვე 86 წლის იყო. მეგონა, მთავარი თემები ამოვწურე. მას შემდეგ მრავალი ახალი შეკითხვა გამიჩნდა, რომლებსაც პასუხი აღარასდროს გაეცემა. მაგრამ ის, რისი მიღებაც მისგან შევძელი, უთუოდ დაგვეხმარება წარსულის უკეთ გააზრებაში. ეს კი, დამეთანხმებით, საჭირო საქმეა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც ისტორიული ფაქტების მანიპულირება ლამის ყოველდღიურ რუტინად იყო ქცეული და, რეციდივების სახით, დღესაც გვახსენებს თავს.

გელა ჩარკვიანი

*

      არის თუ არა სხვა რომელიმე ქართველი დღეს, ვისაც შენოდენი, ან მეტი უფლება თუ კომპეტენცია აქვს, ილაპარაკოს სტალინის შესახებ? რამდენადაც მე ვიცი, ახლა არ არის დარჩენილი ცოცხალი ვინმე საბჭოთა კავშირში, რომელსაც შეუძლია უფრო მეტი კომპეტენტურობით და ცოდნით ილაპარაკოს სტალინის პიროვნების შესახებ. ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი სტალინთან დაახლოებული. რასაკვირველია, დაახლოება არ ნიშნავს მეგობრობას, ამაზე პრეტენზიას არ ვაცხადებ, მაგრამ მე სტალინს ძალიან ხშირად ვხვდებოდი. ვხვდებოდი ყოველგვარ სიტუაციაში – ოჯახურ პირობებში, სამსახურში მოსკოვში, აგარაკზე, შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც ის ომის შემდეგ თითქმის ყოველ წელიწადს ჩამოდიოდა. ეს კავშირი გამოიხატებოდა პირად შეხვედრებში. როცა მე საქმეები დამიგროვდებოდა და მოსკოვში მივდიოდი, მივმართავდი პირდაპირ სტალინს ნებართვის მისაღებად. სხვანაირად არ შეიძლებოდა. ნებართვა მდივნისგან უნდა აგვეღო და სტალინი იყო ჩვენი გენერალური მდივანი.

ნებართვას როგორ იღებდით? რეკავდით?

დეპეშა. პასუხისთვის ან დამირეკავდნენ, ან დეპეშა მომივიდოდა. ყოფილა უარყოფითი პასუხის მოსვლის შემთხვევა? არა, არ მახსოვს, უარი ეთქვას ჩემს თხოვნაზე. ესე იგი, როცა საჭიროება იყო, მივმართავდი სტალინს და ვღებულობდი დადებით პასუხს მოსკოვში ჩასვლის შესახებ. იგივე შეეხებოდა სტალინის შავი ზღვის პირზე ყოფნის პერიოდსაც. მაშინაც ხშირად მიხდებოდა ჩასვლა.

აქაც გჭირდებოდა დეპეშის მიცემა?

ტელეფონი. მე დავურეკავდი მის თანაშემწეს, პოსკრიობიშევს. მერე ის მოახსენებდა და პოსკრიობიშევი მირეკავდა, მეუბნებოდა, რომ შემეძლო ჩამოსვლა. აი, ასეთი იყო ეს მექანიზმი ჩვენი შეხვედრის. თვითონ სტალინს არასოდეს ელაპარაკებოდი ტელეფონით? ასეთ შემთხვევაში არა. ისე ველაპარაკებოდი, რა თქმა უნდა. სტალინთან დარეკვა ასე ადვილი არ იყო. ჩვენ ვუფრთხილდებოდით: არა მარტო მე, სხვებიც. ყველას რომ სტალინთან ერეკა, დრო აღარ დარჩებოდა, სხვა რამეზე ეფიქრა. იყო ერთგვარი, დადგენილი წესი არა ოფიციალურად, არამედ თითოეული ჩვენგანის მიერ, რომ სტალინთან ტელეფონით ლაპარაკი არ იყო მიღებული.

      ვინ ხვდებოდა სტალინს რეგულარულად 1937-1952 წლებში? ვგულისხმობ ქართველებს. ჯერ ეს ამბავი არ მითქვამს. როდესაც მე მოსკოვში ჩავდიოდი, მანქანა დამხვდებოდა, მივდიოდი სასტუმროში ან გავჩერდებოდი იმ ბინაში, რომელშიც ჩვენ მერე ვცხოვრობდით, წარმომადგენლობასთან. ავიღებდი და დავრეკავდი სამდივნოში. პოსკრიობიშევს ვეტყოდი, რომ ჩამოვედი. გავიდოდა 1-2 საათი და დამირეკავდნენ, მეტყოდნენ, რომ მივსულიყავი კუნცევოში, აგარაკზე. შეიძლება გაინტერესებთ, თუ როგორ იცოდა შეხვედრა. სტალინმა განსაკუთრებული დახვედრა სტუმრის როგორიცაა, „როგორ ბრძანდებით?“, „როგორ იმგზავრეთ?“ – არ იცოდა. შეხვედრა იყო უბრალო. ხელს ჩამოგართმევდა და მაშინვე დაგიწყებდა ლაპარაკს იმ საკითხზე, რომლის გამოც იყავი ჩასული. დეპეშაში იყო მითითებული, რის გამო ჩადიოდი? ხო, იყო. ან იმ საკითხზე დაგიწყებდა ლაპარაკს, რომლის გამოც იყავი ჩასული, ან იმაზე, რაზეც თვითონ ფიქრობდა შენს მისვლამდე. ისეთი რამ, რაც ემსახურებოდა თავაზიანობას და არ ემსახურებოდა საქმეს, სტალინის ლექსიკონში არ იყო. ქართველებიდან სტალინს 1938-52-მდე ყველაზე რეგულარულად ვხვდებოდი მე. თუ არ ჩავთვლით ბერიას, რომელიც მოსკოვში მუშაობდა, არ იყო თბილისში და, რასაკვირველია, ყოველდღე ხვდებოდა სტალინს. საერთოდ, პოლიტბიუროს წევრები შემიძლია დავყო ორ ნაწილად: მოქმედი წევრები და ფორმალური წევრები. მოქმედი წევრებიდან ყველაზე ხშირად ბერია ხვდებოდა. მალენკოვი, კაგანოვიჩი უფრო იშვიათად.

      დაახლოებით როგორი პერიოდულობით ხვდებოდი სტალინს ან ესაუბრებოდი მას ტელეფონით. სად ხედავდი უფრო ხშირად? საკითხი ცოტა სხვანაირად დგას. საქმე ის არის, ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში სულ არ შევხვედრივარ. შევხვდი 1941 წლის ივლისის დასაწყისში, ცნობილი სიტყვა რომ წარმოთქვა. მაშინ მე გზაში ვიყავი და ამიერკავკასიის მდივნებთან ერთად მივდიოდი მოსკოვში. როსტოვში მოგვიხდა ღამის გათენება. სიტყვა, რომლითაც სტალინი გამოვიდა, როსტოვის აეროპორტში მოვისმინეთ. როდესაც ჩავედით მოსკოვში, ვაცნობეთ მაშინვე სტალინის სამდივნოს და გვითხრეს, მალე დაგიძახებთო. შევხვდით სტალინს. ეს შეხვედრა, მგონი, აღწერილი მაქვს პირველ წიგნში. შეხვედრების რეგულარობა დაახლოებით ასეთი იყო – 2, 3 თვეში ერთხელ, თუ არ ჩავთვლით შემოდგომას, შვებულების პერიოდს, როდესაც სტალინი ზღვისპირას ისვენებდა რამდენიმე კვირის განმავლობაში და მაშინ მე თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი მას.შეხვედრიხარ თუ არა მას tet-a-tet, მოწმეების გარეშე?ძალიან ხშირად. მაშინ, როდესაც მოსკოვში ჩავიდოდი და აგარაკზე მიმიპატიჟებდნენ დღისით. დღისით იქ მარტო იყო და მუშაობდა, კითხულობდა. ვსაუბრობდით მოწმეების გარეშე. კიდევ მაშინ, როცა დასასვენებლად ჩამოდიოდა. პოსკრიობიშევი თუ იქნებოდა ჩვენთან. ერთად ვსეირნობდით ბაღში, ვლაპარაკობდით სხვადასხვა თემაზე. რასაკვირველია, მე ვერ ვიტყვი, რომ ვიყავი ყველა იმ საქმეების კურსში, რომელზეც სტალინი მუშაობდა, მე მეტწილად საუბარი მქონდა ჩვენს ქვეყანაზე ან ზოგად საკითხებზე... ოჯახზე, თავის პირად ცხოვრებაზე, შვილებზე თუ გეუბნებოდა რამეს? მცდარი აზრია, რომ სტალინს თავისი შვილები არ უყვარდა, ამ ჭორებს ავრცელებდა ხალხი, ვისაც სტალინი შესძულდა. მას განსაკუთრებით უყვარდა თავისი ქალიშვილი სვეტლანა. პირველად მე სვეტლანა ვნახე სტალინის ოჯახში 1939 წელს. მაშინ იგი 12 წლის იქნებოდა. სტალინს მეტწილად სვეტლანა მუხლებზე ეჯდა ჩვენთან საუბრის დროს, ეალერსებოდა ძალიან თბილი სიტყვებით: „Моя маленькая хозяюшка“.

      ქართულს არ ურევდა, ქართულ სიტყვებს? სვეტლანასთან ქართული არ გამოადგებოდა, იმიტომ, რომ მან ქართული არ იცოდა. ერთხელ, სვეტლანა რომ გავიდა ოთახიდან, სტალინმა მითხრა, ამ ბავშვს იმდენჯერ ვუთხარი хозяюшка, რომ გასულა სამზარეულოში და მართლა ბრძანებების გაცემა დაუწყია. იქ იყო ერთი ქალი, მართლა „хозяйка“, რომელმაც დაუცაცხანა და გამოაგდო: „წადი, გაკვეთილები ისწავლე, არ დაგინახო აქ მოსულიო“. მოკლედ, хозяйк-ობა არ გამოუვიდაო, მითხრა სტალინმა. ასეთი იყო სვეტლანასთან. ვასიასთან ურთიერთობა ჩემთვის მაინცადამაინც ნათელი არ არის, ხშირად არ შევხვედრივარ სტალინთან ვასიას. ვასიას შევხვდი სტალინთან აქ, ბორჯომში. სტალინი ძალიან შეწუხებული იყო იმით, რომ ვასია ბევრს სვამდა, მითხრა, არ ვიცი, რა მოსდისო და აბრალებდა ყველაფერს ჩეკისტებს, რომლებიც ზრდიდნენ. იმათ შეუწყვეს ხელიო. ვლასიკი იყო მისი დაცვის უფროსი, რომელიც ბევრს სვამდა, ლოთი კაცი იყო და შეაჩვიესო. ეს ძალიან აწუხებდა და რომ ამბობენ, შვილებზე არ ზრუნავდაო, სისულელეა. ზრუნავდა, მაგრამ თავისებურად. სტალინი უბრალოდ შვილების აღზრდას იმდენ დროს არ უთმობდა, რამდენიც უნდა დაეთმო ადამიანს, ის დაკავებული იყო სხვა საქმეებით და ფიქრობდა, რომ ეს სხვა საქმეები ყველაფერს გამოისყიდდა. არ მინახავს სტალინთან უფროსი ვაჟი იაკობი, მას ოჯახი ჰყავდა და ცალკე ცხოვრობდა. მე მას არ შევხვედრივარ, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი სტალინისა და მის ურთიერთობაზე. როდის შეხვდი მას პირველად? პირადად შევხვდი 1939 წლის თებერვალში, ნახვით კი სტალინი ვნახე პირველად მისი საქართველოში ყოფნის დროს, ეს იყო 1926 წელი. გაუმართეს დიდი საღამო, მაშინ მე თბილისის კომიტეტში ვმუშაობდი, ბილეთი ვიშოვე და წავედი. სტალინი მთავრობის ლოჟაში იჯდა, არ ჩანდა დარბაზიდან, ამიტომ ხალხმა ატეხა ერთი ამბავი და გამოიხედა. მაშინ ახალგაზრდა იყო, შავი თმებით, გადმოიხედა ერთი და გაუჩინარდა. და როდის შეხვდი პირველად (პირადად)? ეს შეხვედრა მოხდა მას შემდეგ, რაც ცკ-ს პირველი მდივანი გავხდი. შეხვედრა შედგა მოსკოვში, ბერიას აგარაკზე. ბერია მაშინ დიდი ხნის გადასული არ იყო. მეჩვიდმეტე ყრილობა იყო, მე მგონი. პირადი შეხვედრა შედგა აგარაკზე, ჩემთან ერთად იყვნენ ხოშტარია, იშხანოვი. დაგეგმილი არ ყოფილა, რომ სტალინს უნდა შევხვედროდით. უბრალოდ, ბერიამ დაგვპატიჟა თავის აგარაკზე. ჩვენ იქ ვიყავით და უცებ ნინა გეგეჭკორი შეშფოთდა, სტალინი მოდისო. დატრიალდნენ მაშინვე, რომ მოემზადებინათ რამე და ცოტა ხნის შემდეგ სტალინი მოვიდა. ჩვენთვის ეს შეხვედრა მოულოდნელი იყო, თუმცა ბევრი გვსმენოდა სტალინის უბრალოების შესახებ. და მართლაც, აღმოჩნდა ძალიან უბრალოდ ჩაცმული... არა, ეს არ იყო თებერვალი. ეს იყო მაისი და არა ყრილობის დრო, არამედ პლენუმის (ცკ-ის). მაისი იმიტომ გამახსენდა, რომ სტალინმა გადაგვიპატიჟა სახლში, ბაღი აყვავებული იყო. ხელი ჩამოგვართვა, თვითონ არაფერზე არ ლაპარაკობდა, ჩემთან მყოფი ამხანაგებიც გაჩუმებულები იყვნენ, ელოდებოდნენ, რომ მე დავიწყებდი ლაპარაკს და დავიწყე მოსკოვის ბუნებაზე. თავიდან ვთქვი, რომ ძალიან ლამაზია და სტალინი დამეთანხმა, შესანიშნავი ბუნება არისო აქ. რუსეთი დიდია და ამიტომ მისი ბუნების მთლიანობაზე საუბარი ძნელია, თუმცა მოსკოვის გარშემო ბუნება ძალიან ჯანსაღიაო. ეს კარგი ფიჭვებია, მაგრამ ბაკურიანის ფიჭვი მაინც არ არისო, „ჭაობში გაზრდილ ფიჭვს რა უნდა მოსთხოვოო“. მერე ერთი შეგონება შეგვახსენა: სახელმწიფო მოღვაწეს უნდა ახსოვდეს, რომ „სახელმწიფო „пирог“-თან ჯდომა არ ნიშნავს იმას, რომ შენ ყველაფრის უფლება გაქვსო. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ „пирог“-ი სახელმწიფოსია და არა მისიო.

      აღიქვამდი თუ არა მას ქართველ კაცად? რასაკვირველია, მე მას აღვიქვამდი როგორც ქართველს, პირველ რიგში, მაგრამ ქართველს, რომელიც ძალიან მაღალ საფეხურზე იყო ასული და განაგებდა ქვეყანას, სადაც ქართველები გადამწყვეტ როლს არ თამაშობდნენ. სტალინის ქართველ კაცად აღქმის უფლებას მაძლევდა ის, რომ იგი ლაპარაკობდა მშვენიერი ქართულით. თუ არ იყო ვინმე რუსი და მარტო ვიყავით, ყოველთვის ქართულად მელაპარაკებოდა. და თუ ვინმე ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს, გაგვაფრთხილებდა ხოლმე: „Говорите на общепонятном языке“. საქმიანი საუბარი, ე. ი. საკითხების გარშემო, რომელსაც მე ვაყენებდი, ეს იყო სამეურნეო, პოლიტიკური საკითხები, ხშირად მიმდინარეობდა რუსულად. ეს გასაგებია, იმიტომ რომ სტალინს უჭირდა ქართული ტერმინოლოგიის მოძებნა, იმ ცნებების შესატყვისების, რომლებითაც იგი სარგებლობდა.

      სხვა ენა არ იცოდა რუსულის და ქართულის გარდა? სხვა ენა არ იცოდა. გერმანულს სწავლობდა, როგორც მახსოვს. როგორ გგონია, როგორ ინარჩუნებდა ქართულ ენას, ხშირად რომ არ უხდებოდა ლაპარაკი? მოსკოვში იყო ხალხი, რომელთანაც მას შეეძლო ქართულად ელაპარაკა. ალიოშა სვანიძე, მისი ცოლისძმა, რომლის ოჯახში ხშირად დადიოდა. მერე ის წერდა ქართულად და მისი მშობლიური ენა ძალიან ღრმად იყო მასში ჩანერგილი. არის კიდევ რაიმე მომენტი, რაშიც მჟღავნდებოდა მისი ქართველობა? ეს არის ქართული ლიტერატურისადმი სიყვარული. ჩვენ მას ვუგზავნიდით ყველა მნიშვნელოვან გამოცემას. სტალინი გამუდმებით კითხულობდა, მათ შორის იმ ლიტერატურასაც, რომელსაც ჩვენ ვუგზავნიდით. ეს იმაში მჟღავნდებოდა, რომ ის ხშირად გამოთქვამდა თავის აზრს ამა თუ იმ ნაწარმოებზე, მაგალითად, დავით კლდიაშვილი მან ძალიან კარგად შეაფასა, როგორც მწერალი.

      გამოცემები ქართულად ეგზავნებოდა? რა თქმა უნდა, წელიწადში 3-ჯერ, 4-ჯერ ვუგზავნიდით ხოლმე. როგორი იყო მისი შეფასების კრიტერიუმი, უფრო სოციალურ თვალსაზრისს ანიჭებდა უპირატესობას თუ მხატვრულს? მხატვრულს, რა თქმა უნდა. ძალიან მაღალი ლიტერატურული გემოვნება ჰქონდა, თქვენ თუ იცით სიმონოვის ჩანაწერები, იქიდანაც ჩანს, როგორ აფასებდა მხატვრულ ნაწარმოებებს. საინტერესოა, რას ამბობს ის პრემიების მინიჭების პროცედურის შესახებ: ყოველ კონკრეტულ პრემიაზე წარდგენილ ნაწარმოებზე სტალინი თავის აზრს გამოთქვამს. ორმოცდაათიან წლებში, მე-20 ყრილობის შემდეგ, გავრცელებული იყო აზრი, რომ სტალინის ეპოქაში საქართველო, სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ეთანხმები თუ არა ამ აზრს? მე არ ვეთანხმები, რადგან სინამდვილეში ეს ასე არ იყო. განსაკუთრებულ მდგომარეობაში საქართველო სტალინის დროს არ ყოფილა, თუმცა საქართველოში გავრცელებული აზრი, რომ სტალინმა სრულებით არაფერი არ გაუკეთა საქართველოს, მცდარია. საქართველოს განსაკუთრებული პრივილეგიები არ ჰქონია, თუ პრივილეგიად არ მივიჩნევთ იმას, რომ საქართველოს ხელმძღვანელები სტალინს უფრო ხშირად ხვდებოდნენ, ვიდრე სხვა რომელიმე რესპუბლიკის ხელმძღვანელები. ამაში გამოიხატებოდა ის კავშირი, რომელიც სტალინს საქართველოსთან მაინც ჰქონდა. ძალიან ბევრს ფიქრობდა ჩვენი მეურნეობის განვითარებაზე, ციტრუსების, ჩაის და მევენახეობის შესახებ. ყველა დიდი გადაწყვეტილება, რაც მიღებული იყო საკავშირო მთავრობის მიერ ამ საკითხებთან დაკავშირებით, სტალინის ინიციატივით იყო განპირობებული, თუმცა ის მარტო იმაზე არ ფიქრობდა, რომ ამით საქართველოსათვის დახმარება გაეწია, ფიქრობდა იმაზეც, რომ ეს ძვირფასი კულტურები, რომელიც მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული, ისეთი მასშტაბით განვითარებულიყო, რომ საბჭოთა კავშირს ჰქონოდა ციტრუსები, ყურძენი, ღვინო. მაინც ეს უფრო საკავშირო მასშტაბის აზროვნებაა და არა კონკრეტულად საქართველოზე ზრუნვა. საკავშირო მეურნეობის ფარგლებში, მაგრამ ეს მაინც საქართველოსათვის დახმარება იყო, იმ კრედიტებით შეიქმნა ჩაის მეურნეობა და ეს ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი მეურნეობაა. ჩვენი გლეხობის ერთი ნაწილი ფეხზე დააყენა. ეს ცოტაა?

      ასევე ეხმარებოდა ალბათ სხვებსაც. რა თქმა უნდა, ასეთი ამორჩეულობა საქართველოსი არ იგრძნობოდა და სტალინის ხასიათი რომ ვიცი, არც შეიძლებოდა ყოფილიყო. გიადვილებდა თუ არა სტალინის ქართველობა საკავშირო უწყებებთან ურთიერთობას? მსტალინის ჩვენთან ურთიერთობას ჰქონდა უშუალო გავლენა საკავშირო ორგანოებზე. მარტო ის, რომ მე პირდაპირ მასთან ვაყენებდი ამა თუ იმ საკითხს, ესეც იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ეს საკითხები დადებითად გადაჭრილიყო. მაგალითად, ავიღოთ მეტალურგიული ქარხნის აშენება, ელექტროსადგურების მშენებლობა. მე გამოვიანგარიშებდი ყველაფერს, ჩავიტანდი პირდაპირ სტალინთან და მერე უკვე ეს დატრიალდებოდა საკავშირო ორგანოებში. დღეს ბევრს ლაპარაკობენ, საჭირო იყო თუ არა მეტალურგიული ქარხანა, ელექტროსადგურები. თქვენ, საქართველოს მთავრობას, სინამდვილეში რისი შექმნა გინდოდათ? გინდოდათ შეგექმნათ საქართველოსათვის ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც გამოადგებოდა საქართველოს ყველა შემთხვევაში, თუ ფიქრობდით ინტეგრირებულ საბჭოთა მოდელზე? ახლა ხშირად გაიგებ, რად უნდა მეტალურგიული ქარხანა საქართველოს, როცა ნედლეული არა აქვს, ან ქიმიური ქარხანა, რომელიც დააბინძურებს ქვეყანას. მაშინ უცნაური იქნებოდა, რომ ასეთი აზრი ვინმეს გამოეთქვა. ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია მთავარი ამოცანა იყო, ამიტომ ყველაფერი ინდუსტრიული, რაც კი შეიქმნებოდა და აშენდებოდა, მაშინ მიიჩნეოდა ძალიან დიდ საქმედ. კერძოდ, საქართველო, სამრეწველო თვალსაზრისით, ძალიან ჩამორჩენილი იყო. მე რომ მივედი ცენტრალურ კომიტეტში 1938 წელს, ჩვენ ძალიან ცოტა სამრეწველო ობიექტი გვქონდა: არ იყო მეტალურგიული ქარხანა, ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, არ გვქონდა ქიმკომბინატი. ზესტაფონის ქარხანა უკვე გვქონდა. აზრადაც არავის არ მოუვიდოდა, რომ საავტომობილო ქარხანა შეიძლება გვქონოდა. მაშინ ძალიან ჩამორჩენილი ვიყავით და ჩვენი მიზანი იყო, ინდუსტრიული საქართველო შეგვექმნა, არა როგორც საბჭოთა კავშირის დანამატი, არამედ ინდუსტრიული ქვეყანა. ამას ემსახურებოდა მთელი ჩვენი მუშაობა და, მგონი, ამას არ ჩაუვლია ტყუილად. ეს რომ არ მომხდარიყო, საქართველო ძალიან დაბალ საფეხურზე იქნებოდა და ანგარიშსაც არავინ გაუწევდა. რაც შეეხება ელექტროსადგურებს, ეს ინდუსტრიალიზაციის მთავარი საშუალებაა და უამისოდ ხალხიც ვერ იცხოვრებდა. საქართველოს მაინც არ აქვს ენერგია იმდენი, რამდენიც უნდა ჰქონდეს განვითარებულ ქვეყანას, ვთქვათ, ნორვეგიას.

      ნორვეგიას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება ენერგიის ერთ სულზე გამომუშავებით. მოხმარების თვალსაზრისითაც ჩვენ ბევრად უფრო დაბალ დონეზე ვდგავართ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ის სადგურები, რომლებიც ვაშენეთ, რა მდგომარეობა იქნებოდა? მაშინ სულ არაფერი გვექნებოდა. ე. ი. თქვენ გინდოდათ, რომ საქართველოს არა მხოლოდ როგორც საბჭოთა კავშირის ნაწილს, არამედ როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, შეძლებოდა არსებობა? რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად შეიძლებოდა ყოფილიყო და ახლაც დამოუკიდებლად შეუძლია იყოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება ინდუსტრიული ბაზა. თანამედროვე ქვეყანა შეიძლება დამოუკიდებელი იყოს, თუ მას არა აქვს ინდუსტრიული ბაზა? მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებით ვერასოდეს ავა იმ დონეზე, რომელზეც უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა. გაიხსენე, როგორ გადაწყდა კლუხორისა და სხვა ტერიტორიების შემოერთების საკითხი? ვისი ინიციატივით მოხდა ეს? რასაკვირველია, ეს მოხდა სტალინის ინიციატივით, ჩვენ მხოლოდ შემდეგ გვკითხეს, როცა საკითხი გადაწყვეტილი იყო. მაშინ სტალინს არც დაურეკავს, არც არაფერი, უბრალოდ, გადაწყვეტილება მოვიდა. მე მაინცდამაინც არ მომეწონა ეს ამბავი, თუმცა დიდი და კარგი ტერიტორიები იყო. ითუმ-ყალეს რაიონი, ჩაჩნეთ-ინგუშეთში 4.000 კვ. კმ-ია, მთა არის, კავკასიის ქედი. ამას ვერ ვიტყვი კლუხორის რაიონზე. ეს არის უმდიდრესი და ულამაზესი რაიონი, იალბუზიც იქ შედის, უმშვენიერესი ტყეა, ფიჭვნარი.

როგორ გგონია, რატომ მოუვიდა ეს აზრად სტალინს, რამ განაპირობა?

– რა ვიცი, მოუვიდა აზრად, რომ გადმოსცემოდა საქართველოს, ალბათ იმიტომ, რომ ცოტა აქვს ტერიტორია. ის ხალხი გაასახლეს, ვინც იქ ცხოვრობდა. ალბათ ფიქრობდა, რუსები რას იტყოდნენ, მაგრამ, მე მგონი, სტალინი ამაში შეცდა. ძალიან ეწყინათ ჩრდილოეთ კავკასიის ხელმძღვანელებს. საკავშირო მთავრობაში რეაქცია შეიძლება იყო, მაგრამ მე არაფერი მსმენია ამის შესახებ. ვიცი მხოლოდ ერთი, რომ სტავროპოლის მხარის მდივანმა, სამწუხაროდ, გვარი დამავიწყდა, დამირეკა, მე კარგად ვიცნობდი მას, და მითხრა, რომ თქვენ კურორტები ბევრი გაქვთო, ტყიანი ადგილები ბევრი გაქვთო, ჩვენ კი, ამ მხრივ ძალიან გვიჭირსო და ხომ არ შეიძლება, რომ დაგვიბრუნოთ უკანო? ეწყინათ ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხელმძღვანელებსაც, დამირეკეს რამდენიმეჯერ, თითქოს მე შევძლებდი ამ საკითხის გადაწყვეტას.

      თვითონ სტალინმა თუ მისცა რაიმე ინტერპრეტაცია მიწების გადმოცემას? გადაწყვეტის დროს არა, მერე კი. ჩვენ ინტელიგენციის წარმომადგენლები გვყავდა მიყვანილი სტალინთან. იყვნენ ჩვენი მსახიობები: ხორავა, ვასაძე, ეგნატაშვილი იყო, კიდევ რამდენიმე კაცი და სტალინმა წარმოადგინა ეს ფაქტი ისე, თითქოს დიდი დახმარება გაუწია საქართველოს. მოატანინა რუკა, – ამხანაგო ჩარკვიანო, აბა, ნახეთ, რა ტერიტორია გადმოგეცითო, – თქვა, – საქართველოს ამხელა მიწა-წყალი მოემატაო.

შეიძლება ითქვას, რომ ამას რაღაც კომპენსაციის სახით აკეთებდა? ფიქრობდა, რომ დაეხმარებოდა საქართველოს, რომელმაც რაღაც ტერიტორიები წააგო იქამდე.

სინამდვილეში ის, რაც ჩვენ მივიღეთ, ვერ გამოვიყენეთ. კლუხორის რაიონი დავასახლეთ, რაჭველები გადავასახლეთ, ქალაქი ავითვისეთ. მე ვიყავი იქ, ვნახე. მშვენიერი ადგილები იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ მთავარი ქედის გადაღმა ჩვენ არაფერს დაგვიტოვებდნენ. მაშინ ამას არ იფიქრებდნენ, შეეშინდებოდათ, ადამიანი ადამიანია, მაგრამ სტალინი სულ ცოცხალი ხომ არ იქნებოდა? მისი სიკვდილის მერე, იმ წუთშივე დაიბრუნეს უკან. უფრო საინტერესო იყო ჩვენთვის გაგრის ტერიტორიის გაგრძელება, ჩრდილოეთისკენ, სოჭისკენ, ადლერისკენ. ადლერამდე შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ იქ არის განსაზღვრული ტერიტორია, ქართული სოფელიც კი. ამის შესახებ დაუფარავად ვთქვი მოლოტოვთან. საზღვარგარეთ მიდიოდა და გავაცილე, ერთად ვისხედით მანქანაში და ვუთხარი, ეს რომ გადმოგვცეთ, გავაშენებთ ციტრუსებს, ჩაის და ქვეყნის ყველაზე მშვენიერ ადგილად გადავაქცევთ-მეთქი. მოლოტოვმა მიპასუხა: „Думаю, что русские тоже смогут это сделать!“ აქედან დასკვნა გავაკეთე, რომ არავითარი ხელყოფა რუსეთის ტერიტორიის არ გამოვიდოდა. სტალინისთვის არ გითქვამს? არა, სტალინისთვის ამგვარი რამ არ მითქვამს. რას ფიქრობდა სტალინი იმის შესახებ, რომ თავის დროზე საინგილო აზერბაიჯანს გადაეცა? ეგ საკითხი მე რამდენჯერმე დავაყენე სტალინთან, მხოლოდ არაოფიციალურად, ისე, სიტყვიერად. ოფიციალურად მე საერთოდ ამგვარი დიდი საკითხების დაყენებას ვუფრთხილდებოდი. ჯერ უნდა მიმეღო ერთგვარი თანხმობა, ყოველ შემთხვევაში, დავრწმუნებულიყავი, რომ წინააღმდეგობა დიდი არ იქნებოდა და მერე შემეძლო დამეყენებინა. ასეთი წესით, რამდენჯერმე ველაპარაკე სტალინს საინგილოს შესახებ, მაგრამ მან ეს ამბავი არ გაიზიარა. იმიტომ კი არა, რომ საერთოდ საინგილოს საქართველოსადმი კუთვნილება საეჭვოდ მიაჩნდა, იმიტომ, რომ საზღვრები უკვე დადგენილია, ამ საზღვრების დარღვევა არ შეიძლება და ერთხელ ისიც კი მითხრა, რომ, კაცო, ორჯონიკიძემ გადაწყვიტა ეს საკითხი თავის დროზე და ახლა მე რომ წავართვა აზერბაიჯანელებს ეს ტერიტორია, არ ივარგებსო. სტალინი ამის მონაწილე არ ყოფილა. აქ, ამიერკავკასიაში, ცენტრალური კომიტეტის რწმუნებული იყო ორჯონიკიძე და საკითხებს ის წყვეტდა. აზერბაიჯანისთვის საინგილოს გადაცემა, თუ შეიძლება ამას გადაცემა დავარქვათ, ასე მოხდა. გადაცემაზე მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ლაპარაკი, რომ ყოფილიყო გამიჯნული რესპუბლიკების ტერიტორიები. ეს ტერიტორია ითვლებოდა სადავოდ, ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული ელემენტი იქ თითქმის არ იყო. მარტო ერთი სოფელი კახია. ალიბეგლო, კიდევ რამდენიმე სოფელი, ამის გარდა, არის ქართული მაჰმადიანური სოფლები. მე იქ ბევრთან მისაუბრია, ასე რომ, აზერბაიჯანს ჰქონდა თავისი პრეტენზიები, როგორც მუსლიმანური რაიონის მიმართ. მოსახლეობა იქ აზერბაიჯანული არ იყო, მოსახლეობა ძირითადად იყო დაღესტნური ტომებისგან შემდგარი, ლეკები იყვნენ.

      ისტორიულადაც ასეა, რომ ეროვნებას იმდენად არ უყურებდნენ, როგორც სარწმუნოებას. საქართველოს ის იმდენად ეკუთვნის, რამდენადაც მიეკუთვნება ისტორიულად, სარწმუნოებით კი ისინი მუსლიმანები იყვნენ. სწორედ აქედან მომდინარეობდა მათი პრეტენზია ამ რაიონის მიმართ. აზერბაიჯანსა და მენშევიკურ საქართველოს შორის იყო შეტაკებები იმ მიწის გამო, რომელსაც ზაქათალის ოლქს ეძახდნენ. მოხდა აზერბაიჯანის გასაბჭოება, გასაბჭოების მეთაური იყო ორჯონიკიძე და ამ პირობებში მისთვის ძნელი იყო, მხარი დაეჭირა მენშევიკური საქართველოსათვის ამ ტერიტორიის საკითხში. მოხდა ისე, რომ ორჯონიკიძის ლოცვა-კურთხევით, ეს ტერიტორია გადაეცა აზერბაიჯანს. სტალინს თუ ჰქონდა რაიმე აზრი ამის შესახებ? სანამ მე დავაყენებდი ამ საკითხს, მანამ ბევრი წერილი მისდიოდა სტალინს მოსახლეობისგან. იყო ერთი აგრონომი, გვარს ვერ ვიხსენებ, ის სწერდა ძალიან ბევრს, მეც მივიღე ის კაცი და მითხრა, ეს საკითხი ჟორდანიასთან დავაყენეო და ვხედავ რუკაზე საინგილოს დასავლეთით ეძებსო, იმის ნაცვლად, რომ აღმოსავლეთისკენ მოეძებნაო. მაშინ ვიტკიცე შუბლში ხელი, ვაი, ჩვენი ცოდვა, ჩვენი საინგილო მართლა დაკარგულაო. ის წერდა და არ შეიძლებოდა, სტალინთან მისი წერილები არ მისულიყო. შემდეგ ეს საკითხი დავაყენე მე. როგორც უკვე ვთქვი, ასე მითხრა: ორჯონიკიძემ მისცა საინგილო მათ და ეს ძალიან ძნელი საკითხი იქნებაო. ეს ხდება ომის შემდეგ, 1946-ში. მაშინ თითქმის რეალურად იდგა ჩრდილოეთ სპარსეთის გასაბჭოების საკითხი, ირანის აზერბაიჯანის. ვნახოთ, როგორ წავა საქმეო და თუ ის შემოიერთა აზერბაიჯანმა, მაშინ მოგცემთო. ამის შემდეგ მოსკოვიდან პოსკრიობიშევმა დამირეკა და მითხრა, რომ ამხანაგმა სტალინმა რომ გთხოვათ, წადით საინგილოში და შეხვდით იქ ბაგიროვსო. მოაწესრიგეთ იქ სკოლების საკითხიო. იდგა იქ ეს საკითხი. მე წავედი, შევხვდი ბაგიროვს, შემოვიარეთ საინგილო, შევედით ერთ სოფელში და იმას ჰგონია, რომ აზერბაიჯანულად დაუწყებენ ლაპარაკს, ამ დროს გვხვდებიან ჩვენი კახელი გლეხები და ქართულად გველაპარაკებიან. ზის ერთი კაცი, რომელიც არ ჰგავს ქართველს; „შენ ვინ ხარ?“, ჰკითხა ბაგიროვმა. „მე ლეკი ვარ“ – უპასუხა კაცმა. „მერე ქართულად როგორ ლაპარაკობ?“. „ქართულია ჩემი ენა და, აბა, როგორ უნდა ვილაპარაკო“ – უთხრა კაცმა. მაშინ მოვიარეთ სკოლები, ერთი შედარებით ნორმალური სკოლა ჰქონდათ ქართველებს. გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით. სკოლებში რემონტის საკითხი იდგა და ქართული სექტორებისთვის მეტი ყურადღების მიქცევა იყო საჭირო. ბაგიროვმა მითხრა, თუ ეს არის ასე სადავო, წაიღეთ და ბორჩალო მოგვეცითო. ეს ხუმრობა იყო? რომ დავთანხმებულიყავით, შეიძლება ხუმრობა აღარ ყოფილიყო, მაგრამ ეს საკითხი სერიოზულად არ იდგა. ჩვენთვის ეს ხელსაყრელი არ იყო, როგორ გავცვლიდით. მერე ირანის გასაბჭოება არ მოხდა და ეს საკითხიც გადაუჭრელი დარჩა, ასე რომ, სტალინი პრინციპულად წინააღმდეგი არ იყო, რომ ეს ტერიტორია ჩვენ მიგვეღო, მაგრამ უფრთხილდებოდა აზერბაიჯანს. ახლა ხომ ხედავთ, მთიანი ყარაბაღის საკითხი ვერ წყდება, იმიტომ, რომ ის საზღვრები, რომელიც თავის დროზე დამყარდა, არავინ არ უნდა შეცვალოს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ჩვენ ის ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ნასახლარები გადმოგვცეს.

      მახსოვს, რომ ომის შემდეგ ლაპარაკი იყო ქართული მიწების დაბრუნების შესახებ თურქეთიდან? საიდან მოდიოდა ეს პოლიტიკა? ეს საკითხი აღიძრა სტალინის მიერ. სომხებმა დააყენეს თავისი ტერიტორიების საკითხი, წერილი დაწერეს. დაიბეჭდა ეს წერილი, თუ რა პრეტენზიებს უყენებენ თურქეთს. ხოდა, სტალინმა თქვა, თქვენი, ქართული მიწების ასეთი რაოდენობაა დარჩენილი იქით და რატომ არ აყენებთ ამ საკითხსო? ჩვენ ვთქვით, რომ დავაყენებდით, თუ რაიმე დახმარება იქნებოდა. ავიღე და დავაწერინე ეს წერილი ჯანაშიასა და ბერძენიშვილს[18]. დავჯექი მე და გავუკეთე რედაქტირება, შემდეგ გავუგზავნე სტალინს. მერე ვუთხარი, „პრავდამ“ გამოაქვეყნოს-მეთქი. რატომ „პრავდამ“, თქვენი ინიციატივაა და გამოაქვეყნეთ თქვენო, „პრავდა“ კი გადაბეჭდავსო. მართლაც გამოვაქვეყნეთ და „პრავდამ“ გადაბეჭდა. რეაქცია თურქეთის მხრიდან იყო ძალიან მწვავე. წითელკანიანებადაც კი მოგვნათლეს, შეიძლება, მათ პრეტენზია ჰქონდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებზეო. მეტი შედეგი ამ წერილს არ მოჰყვა, გარდა იმისა, რომ შეაშფოთა მსოფლიო. რეალურად როგორ წარმოედგინა, სამხედრო ძალით შეეძლო აეღო ეს ტერიტორიები თურქეთისგან? რასაკვირველია, სამხედრო გზით. იყო ასეთი შემთხვევა. მტკვარზე, ახალციხის იქით, ელექტროსადგურის აშენებას ვფიქრობდით. იქ უნდა აშენებულიყო საკმაოდ დიდი წყალსაცავი. მე სტალინს ველაპარაკე ამის შესახებ და ისიც ვუთხარი, საზღვართან ახლოს არის და შესაძლებელია ასეთი ჰიდროელექტროსადგურის აშენება მიზანშეწონილი არ იყოს-მეთქი. ვის საზღვართან ახლოს არისო, იკითხა. მე ვუთხარი, თურქეთის – Пусть только сунутся. ე. ი. უნდოდა чтоб они сунулись. რაღაც პროვოცირება რომ მომხდარიყო. ეს იყო ომის შემდგომ წლებში. საბჭოთა ხელმძღვანელობაში საომარი განწყობა არ იყო ჯერ ჩამქრალი. უცნაურია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთს, ამერიკის სახით, გაუჩნდა პარტნიორი და ატომის იარაღი შეიქმნა... ომის შემდეგ მსოფლიოში, პირიქით, ანტისაომარი განწყობა სუფევდა. ასეთ პირობებში, ცხადია, არ შეიძლებოდა იარაღის ძალით რამის გაკეთება. ეს ამბავი თანდათანობით ჩაწყნარდა. შემდეგ, სტალინი რომ გარდაიცვალა, ხრუშჩოვმა გამოაქვეყნა სპეციალური ნოტა, რომ ჩვენ არანაირი პრეტეზიები არა გვაქვს და ა. შ.

*

      როგორ ხედავდა სტალინი საბჭოთა კავშირის პერსპექტივას, ეგონა თუ არა, რომ მოხდება არარუსული ერების ასიმილაცია რუსეთის მიერ, უჭერდა თუ არა მხარს ამგვარ კურსს? არავითარ შემთხვევაში! სტალინთან მე ენის საკითხებზე მქონია ლაპარაკი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იგი ჩაერთო დისკუსიაში, რომელიც ჩემ მიერ დაყენებული საკითხის გამო მოხდა. სტალინი არასოდეს ამტკიცებდა, რომ შეიძლება ერთი ენა შეიქმნას. აქედან გამომდინარე, არავითარი ასიმილაცია ხალხების არ შეიძლება და არ უნდა მომხდარიყო. არ იყო ასიმილაციის მომხრე და არც სჯეროდა, რომ ასიმილაცია მოხდებოდა. პირიქით, ხანდახან, მართალია, ამას ჰქონდა ეპიზოდური ხასიათი, მოითხოვდა, რომ პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ემუშავათ ადგილობრივ ენაზე. ერთიხანობა ჩვენ ამას ვაკეთებდით კიდევაც, მაგრამ სულ თანმიმდევრულები ამ საქმეში არ ვყოფილვართ. მუშაობა წარმოებდა მაინც რუსულ ენაზე. ამას განაპირობებდა ისიც, რომ აქა-იქ იყვნენ ქართული ენის არმცოდნე მუშაკები, მათ შორის ჩვენს ცენტრალურ კომიტეტშიც. იმათ იმდენ ანგარიშს კიდევ არ გავუწევდით, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ საკავშირო ცენტრალურ კომიტეტთან ურთიერთობა ჩვენ გვქონდა მხოლოდ რუსულ ენაზე. ყველა დოკუმენტი, რომელიც ჩვენთან დგებოდა, ოქმების ჩათვლით, იქ უნდა ყოფილიყო გაგზავნილი. თავიდანვე ეს იწვევდა იმას, რომ ჩვენ ვმუშაობდით რუსულ ენაზე, ვწერდით ოფიციალურ დოკუმენტებს რუსულად. ასე იყო სამწუხაროდ. თუმცა, ოქმები ითარგმნებოდა და ქართულად იგზავნებოდა ჩვენს რაიონულ კომიტეტებში და ადგილობრივ პარტიულ ორგანოებში... შეიძლება შერწყმის არ სწამდა, მაგრამ დარწმუნებული ხომ იყო, რომ რუსული იქნებოდა გაბატონებული მთელს საბჭოთა კავშირში? რუსული, როგორც იყო, იმ ზომით იქნებოდა. რუსეთი დიდი ქვეყანაა და საბჭოთა კავშირს ის აძლევდა გარკვეულ ფორმას და შინაარსსაც. ამიტომ რუსული ენა უფრო მეტად გამოიყენებოდა, ვიდრე სხვა რომელიმე. მერე ყველა ენას არ ჰქონდა განვითარების ისეთი საშუალება, როგორც რუსულს. ქართული გამონაკლისია და ალბათ სომხურიც. სხვა ენებზე ბევრი რამ არც კი შეიძლება დაიწეროს და ითქვას. ბალტიისპირეთზეც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ დროს მათ სრულყოფილი ენები ჰქონდათ. გერმანული იყო მათი სახელმწიფო ენა ან პოლონური. თვითონ ის ენები არ იყო ისე განვითარებული, როგორც ჩვენი ან სომხური.

      როგორ წარმოგედგინა საქართველოს პერსპექტივა? ქართველობის შენარჩუნების პერსპექტივა, რასაკვირველია, ჩემთვის მთავარი იყო მუშაობაში. მე ვუყურებდი ამას ისე, რომ საქართველო არის და იქნება მუდამ და ქართველი ხალხი იქნება და მას არც გადაგვარება ელის და არც გარუსება, ასიმილაცია. ეს, ჩემი შეხედულებით, გამორიცხული იყო. სხვათა შორის, ამაში ისიც მარწმუნებდა, რომ ქართული კულტურა ძალიან ჩქარა ვითარდებოდა. საბჭოთა ხელისუფლების დროს რომ ქართული ლიტერატურა გამოიცა, ამდენი არასოდეს დაბეჭდილა ჩვენთან სტამბის შემოღების მერე. ეს რაოდენობრივი მომენტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემ წინაშე ენის დაკნინების საკითხი არ იდგა, იდგა მეორე საკითხი, რომ ხელი შეგვეწყო მისი განვითარებისათვის. რაც შეეხება პერსპექტივას, მე ვხედავდი განვითარებულ ქართულ კულტურას საბჭოთა სახელმწიფოს ფარგლებში. მე მიმაჩნდა, რომ საბჭოთა სივრციდან გამოსვლა არ არის სწორი. ვფიქრობდი, რომ ჩვენს ქვეყანას ამ საშინელ გეოპოლიტიკურ გარემოში დიდი საშიშროება დაემუქრებოდა. ჩვენ წავაგებდით და მაშინ კი შეიძლება მართლა მომხდარიყო ასიმილაცია, ენაც დაგვეკარგა და ყველაფერიც. რომ მოგაწვებოდა ეს ზღვა აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან, რა შეაჩერებდა? ვერაფერი. ასე ვფიქრობდით, თუმცა მაშინ არ იდგა ამგვარი საშიშროების საკითხი. ახლა გაჩნდა ეს დიდი სახელმწიფოები, მაგალითად, პაკისტანი, ირანმა გაიღვიძა, გაიღვიძა ერაყმა, არაბული სამყარო იღვიძებს, ჯერ ვერ ამჟღავნებს შეერთების ტენდენციას, მაგრამ აუცილებლად მოხდება მათი კონსოლიდაცია. თურქეთსაც ჩვენ ვერ განვიხილავთ, როგორც უცვლელ მეგობარს. ჩვენ რომ რუსეთს არ შევერთებოდით, ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა ქართველი კაცი დღეს. როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის კონფიგურაცია. ომები ხომ გრძელდებოდა. თურქეთის კარი არ იყო ჩაკეტილი. აჭარის დაბრუნება ასე მოხდა, ბორჯომის ხეობაც თურქეთს ეკუთვნოდა.

      შენი სამივე შვილი, მე და ჩემი ძმები, ქართულ სკოლაში ვსწავლობდით. რას ფიქრობდი იმ პარტიული მუშაკების შესახებ, რომლებიც შვილებს რუსულ სკოლაში აბარებდნენ? სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში ამგვარი პრაქტიკა ხომ ნორმად იყო ქცეული. არ მომწონდა მათი ქცევა, ბევრი არ იყვნენ. ჩხუბიანიშვილს ქართულ სკოლაში ჰყავდა, სტურუას ქართულ სკოლაში ჰყავდა, ცოტანი იყვნენ ისეთები... თქვენ ქართულ სკოლაში იმიტომ შეგიყვანეთ, რომ მინდოდა, პირველ რიგში, გცოდნოდათ ქართული ენა, საქართველოს ისტორია და ყოფილიყავით დაკავშირებული ქართულ სამყაროსთან. უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ როცა მოსკოვიდან წასვლა მომიხდა ტაშკენტში, არ წაგიყვანეთ. მოსკოვში მაძალებდნენ, ოჯახი წაიყვანეო, მაგრამ თქვენ არ წაგიყვანეთ. მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ მოსკოვში, მართალია, ისწავლიდით, მაგრამ დაბრუნდებოდით საქართველოში – ეს ხშირი მოვლენაა, მოსკოვში განათლებას მიიღებენ და ბრუნდებიან, ტრადიციაა ასეთი. ტაშკენტში რომ წამეყვანეთ, იქ (არ ვიცოდი, რამდენ ხანს დავრჩებოდი) თქვენ გაიზრდებოდით, ოჯახები შეიძლება შეგექმნათ და ჩარჩენილიყავით. ასე არ მაწყობდა. არ მაწყობდა სწორედ ეროვნული თვალსაზრისით და ამიტომ დაგტოვეთ მოსკოვში.

      მართალია, ჩვენს ოჯახში არასოდეს გამიგია სხვა ერების მიმართ დამცინავი ან ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვობიდან გვაჩვევდი საკმაოდ ეთნოცენტრისტულ აზრს იმის შესახებ, რომ ყოველივე ქართული, იქნება ეს ენა,^ ბუნება, პოეზია თუ ღვინო, განსაკუთრებულია და მსოფლიოში საუკეთესო. როგორ შეესაბამებოდა ეს მარქსიზმ-ლენინიზმს და რა მიზნით აკეთებდი ამას? ცოტათი აჭარბებ, მე არასოდეს მითქვამს, რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესოები ვართ, მაგრამ ჩვენი ერის, ენის სიკარგეს თუ ხაზს ვუსვამდი, ეს იმიტომ, რომ შემეყვარებინა თქვენთვის სამშობლო, ეს ბუნება, ეს მეურნეობა. მე ვერ ვიტყოდი, რომ ფრანგულ ღვინოებზე კარგი ღვინოები გვაქვს, მაგრამ ის, რომ ჩვენ საუკეთესო ღვინოები გვაქვს, ამაში დარწმუნებული ვარ და, ბუნებრივია, იმისთვის არ ვამბობდი, რომ ღვინო შემეყვარებინა თქვენთვის. ენას მე განსაკუთრებით ხაზს ვუსვამდი, ჩვენი ენის მაღალ თვისებებს, წარსულს, ისტორიას. ქართულ ენაზე შეიძლება გამოითქვას ყოველგვარი აზრი და თუ რაიმე აკლია ქართულ ენას, მხოლოდ იმიტომ, რომ ასი წლის განმავლობაში ქართულ ენაზე თითქმის არაფერი იქმნებოდა, გარდა მხატვრული ლიტერატურისა. ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ენა ყოველმხრივ განვითარდეს. ჩვენ არ გვქონდა საკმარისი მეცნიერული ტერმინოლოგია. მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნა მე-20 საუკუნეში მხოლოდ იწყებოდა. ეს ტერმინოლოგია კი ნამდვილად შეიქმნა საბჭოთა ხელისუფლების დროს და მეცნიერული ლიტერატურა მასობრივი მასშტაბით ნამდვილად საბჭოთა ხელისუფლების დროს განვითარდა. მე ვცდილობდი, რომ თქვენ ყოფილიყავით ინტერნაციონალისტები, მაგრამ ქართველები. შენი ეროვნებისადმი ასეთი გამორჩეული დამოკიდებულება შეესაბამება მარქსიზმ-ლენინიზმს? რატომ არ შეესაბამება, შეესაბამება. შენი ხალხი თუ არ გიყვარს, სხვაც არ გეყვარება.დღევანდელი დღის მრავალ მტკივნეულ პრობლემას სწორედ იმ ეპოქაში დაედო სათავე. დავიწყოთ თურქი მესხების საკითხით, რა შეგიძლია თქვა ამის შესახებ? სტალინის ერთი მთავარი შეცდომა, თუ ამას შეიძლება შეცდომა ეწოდოს, ის არის, რომ მან ხალხები გადაასახლა. ე. ი. დააყენა ეს საკითხი და გაატარა კიდეც. მე არ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ მისი შეცდომა იყო. ეს საკითხი დააყენა მასთან დაახლოებულმა ზოგიერთმა პირმა. საიდან წამოვიდა, კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ ომის დროს, ჩრდილოეთ კავკასიაში ყოფნისას, ფრონტისპირა სოფელში, რომლის ახლოს ყუმბარები სკდებოდა, მახსოვს სახლებში შეყუჟული რამდენიმე ოჯახი. ისინი ინგუშები იყვნენ. ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ სამხედროები, საბჭოთა გენერლები. მე ეს ინგუშები ძალიან შემეცოდა, გამოვთქვი ჩემი შეხედულება, – საწყლები, ვერ მოუსწრიათ-მეთქი, ეტყობა, წასვლა. ჩემმა თანამგზავრებმა განაცხადეს – ნუ გეცოდებათ, ესენი განზრახ არიან დარჩენილი, უნდა გერმანელების მხარეზე გადავიდნენო. აი, ასეთი ლაპარაკი გვქონდა. მე ეს არ დავიჯერე, დედაბრები იყვნენ და ბავშვები და როგორ შეეძლოთ გერმანელების მხარეზე გადასვლა. უბრალოდ, ისინი თავიანთი ოჯახის უფროსების მიერ იყვნენ მიტოვებული და ვერ მოესწროთ წასვლა. ეს რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ განწყობა გენერალიტეტის ერთ ნაწილში ისეთი იყო, რომ კავკასიის ხალხები მხოლოდ ღალატზე და გერმანელებთან გადასვლაზე ფიქრობდნენ. ამას ისიც აძლიერებდა, რომ მართლაც იყო რამდენიმე რაზმი, ინგუშებისაგან და ჩეჩნებისაგან შემდგარი, რომელიც გახიზნულიყო ზევით, კავკასიის მაღალ რაიონებში და იქიდან გერმანელებთან კავშირი ჰქონდა. ასეთი რაზმები იყო სხვა...

      მეტი რაზმი იყო სხვა ერებში. ორმილიონიანი არმია შეადგინა ვლასოვმა, მაგრამ იქ არავის უთქვამს, რომ რუსი ხალხი ღალატობდა რუსეთს. ეს არ შეიძლებოდა. მაგრამ თურქი მესხების პრობლემა ალბათ ცოტა მაინც განსხვავებული იყო. თუ შეიძლება ის ამავე კონტექსტში განვიხილოთ? ჩვენ გვქონდა ცნობა, რომ თურქებმა ჩვენი საზღვრიდან გაასახლეს ქართველები საზღვრის გაწმენდის მიზნით. ჩვენ შეიძლებოდა თურქებისთვის არ მიგვებაძა, მაგრამ საკავშირო მთავრობას საზღვრის გაწმენდა აუცილებლად მიაჩნდა. თურქ მესხებს არ ჰქონდათ საშუალება, გამოევლინათ თავიანთი მოღალატური ზრახვები, თუმცა ჩვენ ისინი ძალიან სერიოზულ სიძნელეებსა და პრობლემებს გვიქმნიდნენ. ჯერ ერთი, ვინც საზღვარგარეთ მიდიოდა, გასვლა მათი საშუალებით ხდებოდა. ყველა გზა იცოდნენ, კავშირი ჰქონდათ თურქეთის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხთან და გადაჰყავდათ გაქცეული, ანტისაბჭოთა განწყობის ადამიანები. გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა მთელი სოფელი მოიხსნა და გადავიდა იქით. გადარეკა თავისი საქონელი, ყველაფერი და ჩვენმა მესაზღვრეებმა ეს გაიგეს მას შემდეგ, რაც ხალხი უკვე გადასული იყო. აი, ასეთი ამბები ხდებოდა. მოკლედ, დიდი ერთგულებით საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ეს მოსახლეობა არ გამოირჩეოდა. მერე, ისტორიულადაც თვალი რომ გადავავლოთ მესხეთის ამბებს, მე არ ვლაპარაკობ შორეულ ისტორიაზე, ავიღებ მენშევიკების პერიოდს. ცხრამეტში იყო, მგონი, თურქებმა შემოგვიტიეს, ომი გამოუცხადეს საქართველოს. გამოცხადებით არაფერი გამოუცხადებიათ, მაგრამ, ფაქტიურად, საომარ მდგომარეობაში იყვნენ. შემოვიდნენ აქედან, მაგრამ სანამ ისინი შემოვიდოდნენ, აქაური თურქების ერთი ნაწილი, ისეთები, ახლა რომ ექსტრემისტებს ვეძახით, დატრიალდა და ადგილობრივ ქართველებსა და სომხებს მუსრი გაავლო. ეს ყველაფერი გვახსოვდა ჩვენ. მაგრამ ჩვენი ინიციატივით მაინც არ მომხდარა ეს გადასახლება. გასახლება მოხდა მინისტრთა საბჭოს დადგენილებით. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მაშინ სტალინი იყო. სტალინის ინიციატივით იყო, ბერიას ინიციატივით იყო თუ კიდევ სხვა ვინმესი, ამას ვერ გეტყვით. ჩვენ იმ ღონისძიების გატარება არ შეგვეძლო, რადგან ამას აუარებელი სატრანსპორტო საშუალების გარდა, სჭირდებოდა იმ ტერიტორიაზე მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, სადაც ასახლებდნენ და ჩვენ ისიც არ ვიცოდით, სად ასახლებდნენ მათ.

      ეს იყო მხოლოდ საბჭოთა საზღვრის გაწმენდის თუ ქართული საზღვრის გაწმენდის მცდელობა? ჩვენ ქართველები მოვიყვანეთ და ჩავასახლეთ იქ, სხვები ხომ არ ჩაგვისახლებია? ის რაიონები დასახლებულია იმერლებით, ქართლელებით, ობიექტურად ეს ქართველი ეთნოსის სასარგებლოდ მოხდა, თუმცა ინიციატივა ეკუთვნოდა საკავშირო მთავრობას, საქართველოს რესპუბლიკა ვერავის გადაასახლებდა. მაშინ გრძნობდით, რომ ეს აქტი უკანონო იყო საერთაშორისო ნორმებით? მაშინ ამაზე არ გვიფიქრია, რადგან ყველა სახელმწიფო თავის საზღვრებში რაღაცას აკეთებდა, თუნდაც თურქეთი. ეს უკვე წარმოიშვა მერე, გაერთიანებული ერების ორგანიზაცის შექმნის შემდეგ. პლანეტარული აზროვნება უფრო გვიან განვითარდა. აფხაზეთში გავრცელებულია აზრი, თითქოს ომის შემდგომ წლებში, თბილისში ან იქნებ მოსკოვში განიზრახეს აფხაზთა სრული გაქართველება. ამ მიზნით, საშუალო სკოლის პროგრამიდან ამოიღეს აფხაზური ენა და მთლიანად შეცვალეს იგი ქართულით. ამავე დროს, დაიწყეს რაჭა-ლეჩხუმიდან ოჯახების ჩასახლება, შექმნეს სოფლები ქართული ტოპონიმიკით. ამას წინათ ინგლისელმა ჰიუიტმა ბოდიშის მოხდაც გთხოვა ყოველივე ამისათვის. როგორი იყო სინამდვილე?

      ბოდიშის მოსახდელი, მე ვფიქრობ, არაფერი მაქვს. სკოლის საკითხზე გაუგებრობაა, ჩვენ აფხაზური ენა არსაიდან არ ამოგვიღია. აფხაზური ენა სკოლაში დარჩა. საკითხი ეხება მხოლოდ და მხოლოდ დაწყებით განათლებას. დაწყებითი სკოლა იყო აფხაზური, მაგრამ არა ბოლომდე, რადგან სპეციალურ საგნებს აქაც რუსულად ასწავლიდნენ, მხოლოდ რუსულად, რადგანაც არც ტერმინოლოგია იყო, არც სახელმძღვანელოები, მასწავლებლებიც არ ჰყავდათ. ამიტომ, ფაქტიურად, ეს იყო რუსული სკოლა. ჩვენი ღონისძიება, რომელიც თვითონ აფხაზეთის ინტელიგენციის ერთმა ნაწილმა წარმოადგინა, მართალია, მათ შეიძლება მგელაძე მოელაპარაკა, შეიძლება კი არა, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ, ეს დოკუმენტები შექმნეს. არქივებში შეიძლება ამის მოძებნა – სათანადო მოხსენებითი ბარათები წარადგინეს აფხაზეთის საოლქო კომიტეტში და ითხოვეს, რომ ცენტრალურ კომიტეტს ნება მიეცა მათთვის სკოლებში, იქ, სადაც რუსულად ასწავლიდნენ სპეციალურ საგნებს, ეს სასწავლო ენა შეეცვალათ ქართულით. მოსაზრება იყო, რომ შემდეგ მოწაფეებს სწავლა განეგრძოთ ქართულ სკოლაში. ქართული სკოლები იქ იყო. ახალი სკოლების დაარსება შეიძლება საჭირო გამხდარიყო, თუ ეს ღონისძიება გატარდებოდა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ზღუდავდა აფხაზური ენისა და ლიტერატურის შესწავლას, იმიტომ, რომ ამ სკოლების დაწყებით კლასებში ეს საგნები რა მოცულობითაც ისწავლებოდა, იმ მოცულობითვე დარჩა. რაც შეეხება ქართულ სკოლას, სადაც უნდა ესწავლათ აფხაზ მოწაფეებს – იქაც მათ ექნებოდათ პირობები, რომ შეესწავლათ აფხაზური ენა და ლიტერატურა. ასეთი იყო მოსაზრება. მაგრამ ახლა გადაატრიალეს ყველაფერი და ისე გამოჰყავთ, თითქოს ჩვენ საშუალო სკოლაც გავაუქმეთ. რაც არ არსებობდა, იმას როგორ გავაუქმებდით? არ იყო აფხაზური საშუალო სკოლა. თუ რაიმე საყვედური ეთქმის ვინმეს, ეს, მე მგონი, მხოლოდ ერთ რამეზე, კერძოდ, იმაზე, რომ ჩვენ შევცვალეთ სასწავლო ენა რუსული ქართულით. ისიც ყველა სკოლაში კი არა, მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც ქართული ენა, ასე თუ ისე, მაინც ფეხმოკიდებული იყო. აფხაზეთში იყო შედარებით მეტი თავისუფალი მიწა, ამ მიწას ათვისება უნდოდა, ამისთვის საჭირო იყო იქ მოსახლეობა ყოფილიყო. თვითონ აფხაზი მოსახლეობა მიწის ათვისების გარანტიას ვერ იძლეოდა თავისი მცირერიცხოვნობის გამო, თან ისინი უფრო მთებში იყვნენ ჩასახლებული, საუკეთესო მიწები კი იყო ქვევით. მეორე ის, რომ იქ სახლობდნენ ბერძნები, საბერძნეთის ქვეშევრდომნი და რატომღაც მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ საჭიროა მათი გადაყვანა სხვაგან, ყაზახეთში. ისინი წავიდნენ, რაკი უცხოელები იყვნენ. როცა ეს მიწები გათავისუფლდა, უნდა დასახლებულიყო. ჩასახლება იქ ხდებოდა გეგმაზომიერად. განთიადი ომამდე შეიქმნა. „Пыленково“ ერქვა. სახელების შეცვლა მგელაძის ინიციატივით მოხდა. აფხაზური იქ არაფერი არ იყო. აფხაზურ სახელებს არ ვცვლიდით და მითითებაც გვქონდა. ვცვლიდით მხოლოდ რუსულ სახელებს, გენერლების სახელებს. ამ გენერლების გვარებიდან წარმოქმნილი სახელები იყო „Ермолово“ და ა. შ. ყოველ შემთხვევაში აფხაზებს არაფერი დაუკარგავთ, ეს ფაქტია. იქ უნდოდათ, რომ აფხაზური სახელები დარქმეოდა, ესაა საქმე. ვუბრუნდები ომის წლებს. ცნობილია, რომ ქართველები მეტი დაიღუპა პროპორციულად, ვიდრე სხვები. რატომ მოხდა ეს და რა ღონეს ხმარობდით, რომ ეს არ მომხდარიყო?

      ჩვენი გაანგარიშებით, ფრონტზე მობილიზებული 700 000 ქართველი მეომრიდან 300 000-ზე მეტი უკან არ დაბრუნებულა. ძალიან დაწვრილებით გამოიკვლია ეს ივანე ბაბალაშვილმა და ჩვენ მის ციფრებს ვეყრდნობით დღეს, თუმცა მეც ჩემი ციფრები მქონდა. მიღებული იყო სხვადასხვა ზომა. ჩვენ მობილიზაციისაგან გავათავისუფლეთ მთიანი აჭარა, სვანეთი, ხევსურეთი. მე სპეციალურად დავაყენე ეს საკითხი თავდაცვის კომიტეტში, პირადად სტალინს გავუგზავნე დეპეშა და ეს ნებართვა ჩვენ მივიღეთ. ეს იყო 1942 წლიდან. ეს დეპეშა არსებობს ცკ-ს საიდუმლო არქივში. როდესაც გერმანელები სვანეთს მოადგნენ, იქ ავიყვანეთ ერთი დივიზია, რომელსაც მეთაურობდა პოლკოვნიკი ყურაშვილი. აი, მაშინ სვანები მობილიზებულები არ იყვნენ, თუმცა ჩვენ შევქმენით კარგი ბატალიონი სვანებისაგან, რომლებიც ომში არ წავიდოდნენ, მაგრამ მტრის შემოსვლის შემთხვევაში დაიცავდნენ სვანეთს. მეორე და უმთავრესი იყო დივიზიების შექმნა საქართველოში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხალხი, რომელიც ამ დივიზიებში იმსახურებდა, სიკვდილს გადარჩებოდა, რადგან ძალიან მცირე შანსი იყო მათი ფრონტზე გადასროლის. ასეც მოხდა. გრიშა არუთინოვმა მითხრა ამაზე, ხმები დადის, ქართველები აქ დარჩნენ და ჩვენი შვილები ფრონტზე არიან გაგზავნილებიო. ასეთი საუბრები სომხეთში იყო, მაგრამ ყურადღება ამისთვის არავის მიუქცევია. ფაქტია, რომ ეს ხალხი დარჩა აქ, და რომ არა, ნახევარი დაიღუპებოდა იმ პროპორციით, რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა. ამ სამ დივიზიაში 40 ათას კაცამდე იქნებოდა. 1944 წლის პირველ ნახევრამდე ჩვენ უსიტყვოდ ვასრულებდით ყველა ბრძანება მობილიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაც მომენტში, როცა ვიგრძენი, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანურმა რესურსებმა მეტისმეტად იკლო, აღმოჩნდა, რომ მობილიზებული იყო 17% მოსახლეობის, რაც ძალიან მაღალია. საკითხის დაყენება იმის შესახებ, რომ ჩვენ მონაწილეობას აღარ მივიღებდით არმიის შევსებაში, შეუძლებელი იყო, მაგრამ მე მივწერე სტალინს დაშიფრული დეპეშა, რომ ამდენი ხალხის წაყვანა ჩვენი რესპუბლიკიდან ამ ეტაპზე საჭირო არ იყო. მომეჩვენა, რომ ეს იყო რუსული შოვინიზმის გამოხატულება, რომელიც იმდროინდელ სამხედრო წრეებში არცთუ იშვიათი მოვლენა იყო. გენერალი იშჩენკო განაგებდა მობილიზაციის საკითხებს და სწორედ მასთან მქონდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ადამიანური რესურსები ჩვენს ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარზეა, რომ შემდგომი მობილიზაცია მიუღებლად მიმაჩნია. როცა ეს საკითხი სტალინთან დავაყენე, მეგონა, რომ დიდი უსიამოვნება შემხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მან მისწერა ვასილევსკის: „Предлагаю немедленно прекратить всякую мобилизацию в Грузии!“ იმ დღიდან არც ერთი პირის მობილიზაცია ჩვენთან არ მომხდარა. ეს იყო 1944 წლის გაზაფხულზე, ომი კი კიდევ ერთი წელი გრძელდებოდა. ამ ღონისძიებებით, ომში წასვლას 100 000 კაცამდე გადაურჩა სულ, დივიზიებთან ერთად. შემდეგ, როცა მე ჩავედი სტალინთან მოსკოვში, ამ საკითხზე იყო ლაპარაკი. ბერიამ წამოიწყო და გამოვიდა, რომ რუსეთის ზოგიერთ ოლქში 4,5% იყო წაყვანილი, ყველგან არა, უბრალოდ, განაწილებაში იყო არევ-დარევა და განუკითხაობა. თუმცა, ნაციონალური რესპუბლიკების მიმართ განუკითხაობა არ ყოფილა, ეს იყო გარკვეული პოლიტიკა. მე მოგონებებში არ შემეძლო ეს დამეწერა, რადგან ეს მაშინ არ იქნებოდა გაგებული სწორად. სრულიად განსხვავებულ თემაზე მინდა გკითხო. დღეს საქართველოს მრავალ ქალაქს, რაიონს და ქუჩას დაუბრუნეს ძველი სახელები ან დაარქვეს ახალი. როგორ ხდებოდა სახელების შერჩევა საბჭოთა პერიოდში. ხომ არ გაიხსენებ რამდენიმე მაგალითს?

      საქმე რა არის, იცი? ეს გადარქმევები მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ხდებოდა. ასე რომ, მარტო ჩემი მუშაობის დროს ეს არ იყო. გადარქმევა ხდებოდა, მეტწილად, პარტიული ორგანიზაციების კარნახით. დაიწყებოდა ადგილზე, მაგრამ ყოველთვის ადგილობრივი ინიციატივა არ იყო ეს. ინიციატივა ხშირად მოდიოდა პარტიული ორგანოებიდან და ამას ეძლეოდა ისეთი ხასიათი, თითქოს ეს ყველაფერი დაიწყო მოსახლეობიდან. მახსოვს, ჩემი მუშაობის დროს რამდენიმე ამხანაგის მიერ დაისვა საკითხი ცენტრალურ კომიტეტში იმის შესახებ, რომ ფოთისათვის დაგვერქმია ბერიას სახელი. მე ეს არ მეჩვენა მიზანშეწონილად. იმიტომ, რომ ფოთი ცნობილი ნავსადგური იყო და სახელის შეცვლა არ იქნებოდა მიზანშეწონილი. ეს ერთი და მეორეც – მნიშვნელოვანი ქალაქია და რატომ უნდა დაგვერქმია ცალკე პიროვნების სახელი. მე საერთოდ ამის წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ ამ შემთხვევაში მოვიშველიე ის, რომ ბერია არ დათანხმდება ამ წინადადებას და ამიტომ ეს საჭირო არ არის-მეთქი, და ეს საკითხი არც ადგილზე დაგვიყენებია და არც გაგვიტანია. შენი აზრით, რომ დაგეყენებიათ ეს საკითხი, ბერია დათანხმდებოდა თუ არა? როგორ გგონია? მე მგონია, ბერია დათანხმდებოდა. კიდევ ხომ არ გაიხსენებ რაიმე ამდაგვარს?

      მეორე უფრო მნიშვნელოვანი შემთხვევა ყოფილა. მე ეს ვიცი მხოლოდ ბერიას ნათქვამიდან. რასაკვირველია, ეს მოდიოდა ბერიასაგან. რადგან თვითონაც არ დაუმალავს, თქვა, რომ სტალინს მე ველაპარაკე უკანასკნელად ამ საკითხზეო. ყოფილა ასეთი წინადადება, თბილისისათვის დაერქმიათ სტალინის სახელი. ეს, ცხადია, ყოვლად მიუღებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაშინდელ დროში შეიძლებოდა გასულიყო კიდეც, სტალინს რომ არ გამოეჩინა თავდაჭერილობა, რაც მას საერთოდ ახასიათებდა. შეიძლება ზოგიერთს ჰქონდეს წარმოდგენილი ისე, რომ თვითონ აკეთებდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ტრიალებდა. მაგრამ ეს მართლა ასე არ არის. ფაქტია, ის თანხმდებოდა ქანდაკებებზე და ა. შ. თანხმდებოდა ზოგიერთ საკითხზე და ზოგიერთის სახელის გადარქმევაზეც, მაგალითად, სტალინგრადზე, მაგრამ საქართველოში, არა მარტო თბილისის გადარქმევა, არამედ, ფაქტიურად, უკვე გადარქმეული სახელებიც კი სტალინის მითითებით მოხსნეს და გეოგრაფიულ პუნქტებს დაუბრუნებს თავიანთი სახელები. ასე იყო, მაგალითად, ხაშურის შემთხვევაში. ხაშური, მოგეხსენება, რკინიგზის სადგურია და ქალაქი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩვენს პირობებში. იქაურმა ხელმძღვანელობამ – მუშაობდა იქ წითლიძე, არტემ წითლიძე, იყო ასეთი პარტიული მუშაკი, – რატომღაც მოისურვა, რომ ხაშურისათვის დაერქმიათ სტალინის სახელი. და დაარქვეს სტალინისი. მერე ეს სახელი გაატარეს ყველგან, არა მარტო ადგილობრივ დონეზე. დადგენილება ამის შესახებ რესპუბლიკამაც მიიღო. ერთი-ორი წლის განმავლობაში ხაშურს ერქვა სტალინისი. ეს რომელი წლებია? ეს არის 28-29 წლები, მაგრამ შემდეგ გაიგო სტალინმა, რომ ხაშურისთვის სტალინისი დაურქმევიათ. ძალიან იწყინა და წინადადება მისცა, აღედგინათ ძველი სახელი. იყო თუ არა მცდელობა, რომ გორისთვის დაერქმიათ სტალინის სახელი?

      ეს მე არ მახსოვს და არ გამიგია. შეიძლება იყო კიდევაც, მაგრამ, ფაქტია, არ დაურქმევიათ და მეც არაფერი მსმენია ამგვარი ინიციატივის შესახებ. და თბილისზე როგორი იყო სტალინის რეაქცია? სტალინმა კატეგორიულად უარყო ეს წინადადება, და მე არ ვიცი, რა ფორმებით, მაგრამ, ეტყობა, ბერია გააფრთხილა, ამგვარი წინადადებებით არ შესულიყო ცენტრალურ კომიტეტში. ვიცი, არ გესიამოვნება ამაზე ლაპარაკი, გაზეთში დაიბეჭდა რაღაც ახსნა-განმარტების მსგავსი და მაინც საჭიროდ მიმაჩნია გკითხო. რა მოხდა ვაჟა-ფშაველასთან დაკავშირებით? რატომ გაახსენდა ის სტალინს ან რისთვის დასჭირდა მისი კრიტიკა? რა მოხდებოდა, რომ არ დამორჩილებოდი სტალინის ნებას, როგორი სცენარით განვითარდებოდა მოვლენები?

      პირველ რიგში, უნდა ვთქვა ის, რომ სტალინი ქართული ლიტერატურით ყოველთვის იყო დაინტერესებული. ყოველი, ასე თუ ისე, მნიშვნელოვანი გამოცემა მას ეგზავნებოდა. იყო კიდევ ერთი წყარო, რომელიც კვებავდა სტალინს ამ მიმართულებით – ეს იყო ვასო ეგნატაშვილი, მისი ახლობელი კაცი, ლიტერატორი, რომელსაც განსაკუთრებული შეხედულებები ჰქონდა კუთხური პატრიოტიზმის საკითხებზე. სტალინს თავისი შეხედულება ჰქონდა საქართველოს ერთიანობის და ერთიანი ენის შესახებ. ფიქრობდა, რომ ქართული ენა არ არის ჩამოყალიბებული როგორც ერთი საერთო ეროვნული ენა. მე ამას არ ვიზიარებდი, მაგრამ სტალინი ფიქრობდა, რომ ქართულ ენას კიდევ ესაჭიროება გაერთიანება და საერთო ენის შექმნა მთელი ხალხისათვის. ამ ფონზე წარმოიშვა ეს საკითხი. ერთ-ერთი საუბრის დროს ის პოეზიას შეეხო და ვაჟა-ფშაველა ახსენა, მას ზოგიერთი მისი ლექსები ზეპირად ახსოვდა. ერთი ლექსი რომ თქვა, ვიფიქრე, რომ ვაჟას თაყვანისმცემელია. მეც გამიხარდა, რადგან ვაჟას დიდ პოეტად მივიჩნევ და ვუთხარი, უცნაურია, რომ გენიოსი, სადაც არ უნდა იყოს დაბადებული, მთაში თუ ბარში, მაინც გენიოსია და რომ ვაჟამ დიდი განძი დაგვიტოვა თავისი შემოქმედების სახით. იგი თავისებური, ორიგინალური, დიდი მოვლენაა არა მარტო საქართველოს, არამედ საერთოდ მსოფლიოს ლიტერატურაში-მეთქი. სხვათა შორის, არაფერი უთქვამს, დამეთანხმა კიდეც. ამით დამთავრდა საუბარი. უბრალოდ, მთხოვა, ხომ არ შეიძლება, რომ ვაჟას ნაწარმოებები გამომიგზავნოთო. გავუგზავნე 3 თუ 4 ტომი ის ძირითადი, რაც გამოცემული იყო. გავიდა თვე თუ თვე-ნახევარი და დამირეკა. ლაპარაკი შედგა რუსულად: „Вы говорили, что Важа-Пшавела гений, но я должен вас разочаровать. Важа-Пшавела очень большой талант, но мировоззрение у него безнадежно отсталое“. მერე ილაპარაკა იმაზე, რომ როცა ქართველი ხალხის დიდი შვილები – ილია, აკაკი, გოგებაშვილი ქმნიდნენ ერთ საერთო ენას, ვაჟა, პირიქით, ყველა ქართულ კილოკავს ენად მიიჩნევდაო (ვაჟას პოეზიას რომ იმ ენის სარჩული ჩამოაშორო, პოეზია ბევრს, ძალიან ბევრს დაკარგავს. ეს ჩემი შეხედულებაა, მაგრამ სტალინს ასეთი შეხედულება არ ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ ვაჟა, ენის თვალსაზრისით, ძალიან ჩამორჩენილია და ეს არ უწყობს ხელს ერთიანი ქართული ენის ჩამოყალიბებას). გარდა ამისა, როცა საქართველოში სოციალური განთავისუფლებისათვის იბრძოდნენ, ვაჟა გვერდზე იდგა და არაფერში არ ერეოდაო. საკვირველია, რომ აკაკი წერეთლის შეხედულება ჩვენს მეცნიერებს არ მიაჩნიათ სწორად და იმის ნაცვლად, რომ აკაკის დაუჭირონ მხარი, ვაჟას ემხრობიანო და მოიყვანა მერე აკაკის ეს ცნობილი ლექსი: „ენას გიწუნებ, ფშაველო“. ეს არ არის სწორი, მერე გერონტი ქიქოძეს შეეხო. მარქსისტია თუ არა გერონტი ქიქოძეო. ქიქოძე მასთან მუშაობდა, არალეგალურ ბოლშევიკურ ორგანიზაციაში და იქიდან ახსოვდა. თავის ძველ წერილებში ვაჟას აკრიტიკებდა, ახლა კი ცაში აჰყავსო, ყველა მის სუსტ მხარეს დადებით შეფასებას აძლევსო. ასეთი საუბარი შედგა. მაშინ მე არ გადამიწყვეტია, რომ გამოვიდოდი. მერე დამირეკა სტალინმა, რაღაც სხვა საქმეებზე და თან მკითხა, როგორ არის ვაჟა-ფშაველას საქმეო. მე ვაგრძნობინე, რომ ძალიან არ მსიამოვნებდა ამაზე ლაპარაკიც კი. ამაზე მან მითხრა, მე ჩემი გითხარით და თქვენ როგორც გინდათო. ეს ნიშნავდა, რომ მე პირდაპირ მეძლეოდა დავალება. სტალინის დავალების შეუსრულებლობა ჩვენ მაშინ ვერ წარმოგვედგინა. აი, ეს უნდა იყოს მხედველობაში მიღებული. რასაც დაგვავალებდა, ის უნდა გაგვეკეთებინა. ურჩობა და წინააღმდეგობა, გარდა იმისა, რომ არავინ იცოდა, რა მოჰყვებოდა ამას, საერთოდ წარმოუდგენელი იყო იმ იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში, რომელიც იყო შექმნილი სტალინის დროს. ამიტომ იყო, რომ მე გამოვედი და გადმოვეცი დაახლოებით ის აზრი, რაც სტალინმა გამოთქვა ვაჟას შესახებ. ჩემს იმდროინდელ გამოსვლას ათას ინტერპრეტაციას აძლევდნენ ისინიც კი, ვინც საერთოდ არ იცნობს მას. მე იქ ვლაპარაკობ მხოლოდ იმაზე, რომ ვაჟა-ფშაველა კუთხურ ენას იყენებდა, რომ ეს სწორი არ არის ქართული ენის განვითარებისათვის, რომ ჩვენი მეცნიერები სწორად არ ეკიდებიან ამ საკითხს, რომ აკაკი მართალი იყო, ისიც ვთქვი, რომ ჩაკეტილი იყო ფშავში და მთელ თავის შემოქმედებაში მთიელების ბრძოლებს აღწერდა. ამავე დროს, მე ვამბობ, რომ ვაჟას შემოქმედება შევიდა საქართველოს ოქროს ფონდში, მაგრამ ის სუსტი მხარეები მაინც უნდა იყოს გაკრიტიკებული. აი, ასეთი არის ის ჩემი გამოსვლა.

      მოჰყვა თუ არა ამას სასკოლო პროგრამებში ვაჟას შემოქმედების შეკვეცა? არავითარი სანქცია არ იყო მიღებული ცკ-ს მიერ. ვერც მოვასწრებდით, ეს იყო 1951 წლის დასაწყისში. არავითარი პროგრამის შეკვეცა არ მომხდარა, უბრალოდ, ხალხი ჩვენთან თუ რამეს გაიგებდა ზემოდან, ამძაფრებდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ სადმე შეიძლებოდა რაღაც ზომები ყოფილიყო მიღებული, მაგრამ არა ჩვენ მიერ. მე ამას ჩვეულებრივ კრიტიკად მივიჩნევდი, რის გამოც გარკვეულ სამეცნიერო შრომაში შეიძლებოდა ცვლილებები შესულიყო, მეტი არაფერი. არავითარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვაჟა-ფშაველა, როგორც პოეტი, დაგვესამარებინა, არ ყოფილა.

*გაგრძელება*

ნახვა: 1104

ბლოგ პოსტები

While the decision to eschew

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Embracing the Unknown

While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters