ლევ ტოლსტოი - ინდური ყავახანა (ბერნარდენ დე სენ-პიერის მიხედვით)

1
   იყო ინდოეთის ქალაქ სურატში ცნობილი ყავახანა. მასში ერთმანეთს გადაეყრებოდნენ ხოლმე მოგზაურები მსოფლიოს ნაირ-ნაირი კუთხიდან და საუბრობდნენ, გადაწვდებოდნენ ცისას და ბარისას. ერთხელაც ყავახანაში სპარსელი ღვთისმეტყველი შემოვიდა. ის მთელი თავისი ცხოვრება ღვთის ბუნებას სწავლობდა. კითხულობდა წიგნებს ამ თემაზე და თვითონაც წერდა. ბევრი იფიქრა, იკითხა და წერა მან ღმერთზე. როგორც იტყვიან, ტვინი იჭყლიტა. ბოლოს ყველაფერი აერია თავში და იქამდე მივიდა, რომ ღვთის რწმენა დაკარგა. გაიგო ეს ამბავი მეფემ და გააძევა იგი სპარსეთის სამეფოდან. დიახ, პირველ მიზეზზე განუწყვეტელმა ფიქრმა დააბნია საბრალო ღვთისმეტყველი. იმის მაგივრად, რომ ეფიქრა, ჩემში აღარაა გონებაო, იფიქრა, სამყაროში არააო უმაღლესი გონება, არსთა გამრიგე. ღვთისმეტყველს ჰყავდა აფრიკელი მონა, ვინც თან დაჰყვებოდა ხოლმე. როცა ღვთისმეტყველი ყავახანაში შემოვიდა, აფრიკელი ეზოში დარჩა, კარებს იქით. ქვაზე ჩამოჯდა და მზეს მიეფიცხა. იჯდა და ბუზებს იგერიებდა. თვითონ ღვთისმეტყველი კი ყავახანაში დივანზე წამოწვა და ერთი ფინჯანი ბანგი შეუკვეთა. როცა ფინჯანი გამოსცალა და ბანგმა ტვინი აუმოძრავა, თავის მონას მიმართა. – აბა, უბედურო მონავ, მითხარი ერთი, როგორ გგონია, არსებობს თუ არა ღმერთი? – რა თქმა უნდა, არსებობს! – მიუგო მონამ და მაშინვე ქამრიდან ამოაძრო ხისგან გამოთლილი პატარა ხატი. – აი, – დასძინა მან, – აი ის ღმერთი, მე რომ მიფარავს მთელი ცხოვრება. ის გამოთლილია იმ უწმინდესი ხისგან, რომელსაც ყველა ეთაყვანება ჩემს ქვეყანაში. ღვთისმეტყველისა და მონის ამ საუბარს ყური მოჰკრეს ყავახანაში მყოფმა ადამიანებმა და გაკვირვებულნი დარჩნენ. მათ გაუკვირდათ ბატონის შეკითხვა და კიდევ უფრო მეტად – მონის პასუხი. ერთი ბრამინი, ვინც გაიგონა მონის სიტყვები, მიუბრუნდა მას და უთხრა: – საცოდავო უგუნურო, განა შეიძლება ღმერთი ადამიანის ქამარში იყოს გარჭობილი?! ღმერთი ხომ ერთია – ბრაჰმა! იგი აღემატება მთელ სამყაროს, რადგან მთელი სამყარო მისი შექმნილია. ბრაჰმა ერთიანი დიადი ღმერთია. მისთვისაა აგებული ტაძრები მდინარე განგის ნაპირებზე. მას ემსახურებიან მისი ერთადერთი ნამდვილი ქურუმები – ბრამინები. მხოლოდ ამ ქურუმებმა იციან ნამდვილი ღმერთი. უკვე ოცი ათასი წელი გავიდა და ქვა ქვაზე აღარ დარჩა დედამიწაზე. ქურუმები კი არ შეცვლილან. ისეთნი დარჩნენ, როგორიც იყვნენ მუდამ. ასეა, რადგან ბრაჰმა, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, იფარავს მათ. ბრამინმა დაასრულა და ფიქრობდა, ყველა დავარწმუნეო. მაგრამ ებრაელი ვაჭარი გამოედავა: – არა, – თქვა მან, – ჭეშმარიტი ღმერთის ტაძარი ინდოეთში არ გახლავთ. არც ბრამინების კასტას მფარველობს ღმერთი. ჭეშმარიტი ღმერთი ბრამინების ღმერთი კი არაა, არამედ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. თან ჭეშმარიტი ღმერთი მფარველობს მხოლოდ თავის ებრაელ ხალხს. ღმერთს დასაბამიდანვე უყვარდა და უყვარს მხოლოდ ჩვენი ხალხი. მართალია, ამჟამად ჩვენი ხალხი მიმოფანტულია დედამიწაზე, მაგრამ ეს მხოლოდ გამოცდაა. ღმერთი, როგორც ის შეგვპირდა, თავის ხალხს ისევ მოუყრის თავს იერუსალიმში, რათა აღადგინოს უძველესი საოცრება – იერუსალიმის ტაძარი და გახადოს ისრაელი ყველა ხალხის ბატონი. აი ეს თქვა ებრაელმა და ცრემლები მოერია. სურდა განეგრძო სიტყვა, მაგრამ იტალიელმა გააწყვეტინა: – არა ხართ სწორი. – ღმერთს თქვენ უსამართლობას მიაწერთ. როგორ შეიძლება ღმერთს ერთი ხალხი სხვებზე მეტად უყვარდეს?! იქნებ ღმერთი დიახაც მფარველობდა უწინ ისრაელს. მაგრამ აწ უკვე ათას რვაასი წელია, რაც, პირიქით, გამწყრალია მასზე. თავისი წყრომის ნიშნად მან წერტილი დაუსვა ისრაელის არსებობას და მიფანტ-მოფანტა მისი ხალხი დედამიწაზე. ასე რომ, ებრაელთა რწმენა არა თუ ვრცელდება, არამედ ალაგ-ალაგღა შთენილა ოდენ და სულს ღაფავს. ღმერთი ერთ რომელსამე ხალხს კი არ გამოარჩევს, არამედ მოუწოდებს ყველას, ვისაც გადარჩენა სურს, რომის ერთიანი კათოლიკური ეკლესიისკენ. აკი ხსნა მხოლოდ ამ ეკლესიაშია. ასე თქვა იტალიელმა. მაგრამ იქ მყოფი პროტესტანტი ბერი გაფითრდა და კათოლიკე მისიონერს უპასუხა: – როგორ ამბობთ ამას, რომ ხსნა მხოლოდ თქვენს აღმსარებლობაშია?! უწყოდეთ: ეშველება მხოლოდ მათ, ვინც სულიერად და ჭეშმარიტად ემსახურება ღმერთს იესოს მცნების მიხედვით. მაშინ თურქი, ვინც სურატის საბაჟოში მსახურობდა და ყავახანაში ჩიბუხს აბოლებდა, მედიდურად მიუბრუნდა ორივე ქრისტიანს: – სულ ტყუილად გჯერათ მაგ თქვენი რომაული რჯულის ჭეშმარიტება. – თქვა მან. – უკვე ექვსასი წელია, რაც თქვენი სარწმუნოება შეიცვალა მუჰამედის ჭეშმარიტი რწმენით. თავადაც ხედავთ, რომ მუჰამედის ჭეშმარიტი რწმენა სულ უფრო და უფრო ვრცელდება ევროპაშიც, აზიაშიც, თვით განათლებულ ჩინეთშიაც კი. თქვენ ხომ ღვთის მიერ ებრაელთა მოკვეთის დასამტკიცებლად ის მოგყავთ, რომ ებრაელები დამცირებულნი არიან და რომ მათი რწმენა არ ვრცელდება? მაშ სცანით და აღიარეთ მუჰამედის რწმენის ჭეშმარიტება, რაღაი ის დიდ პატივშია და განუწყვეტლად ვრცელდება. ხსნას მხოლოდ ღვთის უკანასკნელი წინასწარმეტყველის, მუჰამედის მრევლი ეღირსება; ისიც მხოლოდ ომარის და არა ალის მიმდევრები, რადგან ალის მიმდევრები, მოგეხსენებათ, იმთავითვე ასცდნენ სწორ გზას. ამის გაგონებაზე სპარსელი ღვთისმეტყველი წამოენთო, რაკი სწორედ ალის სექტას ეკუთვნოდა. სურდა საკადრისი პასუხი გაეცა ომარის მიმდევრისთვის, მაგრამ ყავახანაში უკვე ყურისწამღები გნიასი იდგა. დიდი კამათი იყო გაჩაღებული იქ მყოფ სხვადასხვა სარწმუნოებისა და აღმსარებლობის ადამიანებს შორის. იქ ხომ აბისინიელი ქრისტიანებიც იყვნენ და ინდოელი ლამაისტებიც, ისმაილიტებიც და ცეცხლთაყვანისმცემლებიც. ყველანი დავობდნენ ღვთის ბუნებისთვის და იმისთვის, თუ როგორ უნდა ეთაყვანო მას. თითოეული იმას ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მის ქვეყანაში იცნობენ ჭეშმარიტ ღმერთს და იციან, თუ როგორ უნდა სცე თაყვანი მას. ჰოდა კამათობდნენ, ყვიროდნენ. მხოლოდ ერთი იქ მყოფთაგან, ჩინელი, კონფუცის მიმდევარი, იჯდა მშვიდად ყავახანის კუთხეში და არ ერეოდა კამათში; სვამდა ჩაის, უსმენდა სხვებს, თვითონ კი დუმდა. ეს შენიშნა თურქმა, მიუბრუნდა და სთხოვა: – შენ მაინც დამიჭირე მხარი, კეთილო ჩინელო. შენ დუმხარ, მაგრამ ხომ შეგიძლია ერთი სიტყვა მაინც შემაწიო? განა არ ვიცი, რომ თქვენშიც შემოაღწია ბოლო ხანებში ნაირ-ნაირმა სარწმუნოებამ. თქვენს ვაჭრებს არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, რომ ჩინელები ყველა სხვა სარწმუნოებას მაჰმადიანობას ამჯობინებენ და დიდი სიამოვნებითაც იღებენ მას. დამიჭირე მხარი და გვითხარ, რას ფიქრობ ჭეშმარიტ ღმერთზე და მის წინასწარმეტყველზე. – დიახ, დიახ, თქვი, რასაც ფიქრობ. – მიუბრუნდნენ მას სხვებიც. ჩინელმა, კონფუცის მიმდევარმა, დახუჭა თვალები, ჩაფიქრდა, შემდეგ ისევ გაახილა, ამოჰყო ხელები თავისი ტანსაცმლის განიერი სახელოებიდან, დაიკრიფა მკერდზე და ალაპარაკდა წყნარი, მშვიდი ხმით.
2
ბატონებო, – თქვა მან, – მე ასე მგონია, რომ პატივმოყვარეობა ყველაზე მეტად უშლით ადამიანებს ხელს სარწმუნოებრივი თანხმობის მიღწევაში. თუ თქვენ ცოტას გაიჭირვებთ და მომისმენთ, აგიხსნით ამას ერთი მაგალითით. მე ჩინეთიდან სურატისკენ გამოვწიე ინგლისური გემით, რამაც მთელ მსოფლიოს შემოუარა. გზად მივადექით სუმატრის კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს, წყლის მარაგის ასაღებად. შუადღის ჟამს გადავედით ხმელეთზე და დავსხედით ზღვის ნაპირას, ქოქოსის პალმების ჩრდილში, კუნძულის მცხოვრებთაგან არცთუ ისე შორს. რამდენიმე კაცი ვიყავით, ქვეყნიერების სხვადასხვა კუთხიდან. სანამ იქ ვისხედით, ჩვენთან მოვიდა ერთი უსინათლო ადამიანი. მერე გავიგეთ მისი სიბრმავის მიზეზი: თურმე დიდხანს და ჯიუტად უსწორებდა თვალს მზეს – მზის შემეცნება მოუწადინებია. ხოლო ეს ეწადა იმისთვის, რომ დაუფლებოდა მზის სინათლეს. დიდხანს იმტვრია თურმე თავი. ჩარია საქმეში ყველა მეცნიერება. მზის რამდენიმე სხივის მოპოვებას, შეპყრობას და ბოთლში დამწყვდევას ნატრობდა. დიდხანს წვალობდა, სულ მზეს უყურებდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და იმასღა მიაღწია, რომ მზისგან თვალები დაუსნეულდა და კაცი დაბრმავდა. მაშინ კი დაასკვნა: მზის შუქი არაა სითხე, თორემ გადაისხმებოდა ჭურჭელში და წყალივით შექანდებოდა ქარისგან. მზის შუქი არც ცეცხლია, თორემ ჩაქრებოდა წყლისგან. ის არც სულია, თორემ დავინახავდით; არც სხეულია, თორემ გადავაადგილებდით. ხოლო რაღაი მზის შუქი არც თხევადია და არც მყარი, არც სული და არც სხეული, მაშ იგი არცარა ყოფილა. ასე განსაჯა თურმე მან. ესე იგი, ერთდროულად მხედველობაც დაკარგა და გონებაც; ერთი – მზის ჭვრეტისგან, მეორე – მზისთვის განუწყვეტელი ფიქრისგან. როცა სრულიად დაბრმავდა, მაშინ კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მზე არ არსებობს. ბრმას თან ახლდა მონა. მან დასვა თავისი ბატონი ქოქოსის ხის ჩრდილში, აიღო მიწიდან ქოქოსის ნაყოფი და დაიწყო მისგან სანათურის კეთება. გააკეთა კიდეც, გამოწურა ნაყოფისგან ზეთი და ნაჭუჭში ჩაასხა. მერე შიგ სანათური ჩააწო. სანამ მონა ამ საქმით იყო გართული, უსინათლომ ამოიოხრა და უთხრა: – რაო, მონავ, ხომ სწორად გითხარი, რომ მზე არ არსებობს? განა ვერა ხედავ, როგორა ბნელა. ამბობენ კი მზეო... ბოლოს და ბოლოს რა არი მზე? – მე არ ვიცი, რა არი მზე. – მიუგო მონამ. – ეს არცაა ჩემი საქმე. მაგრამ სინათლე კი ვიცი. აი მე სანათური გავაკეთე და სინათლე მექნება. ამით შენც მოგემსახურები და ყველაფერსაც მივაგნებ ჩვენს ქოხში. ეს თქვა და ხელში აიღო ქოქოსის ნაჭუჭი. აიო, ამბობს, ჩემი მზე. იქვე იჯდა ყავარჯნიანი კოჭლი. მოისმინა ეს და გაეცინა: – შენ, როგორც ჩანს, დაბადებიდან ბრმა ხარ, – მიმართა მან უსინათლოს, – რაღაი არ იცი, თუ რაა მზე. მე გეტყვი რაა: მზე ცეცხლოვანი ბურთია. ის ყოველდღე ამოდის ზღვიდან და ყოველ საღამოს ჩადის ჩვენი კუნძულის მთებში. ამას ყველანი ვხედავთ და შენც დაინახავდი, მხედველობა რომ გქონდეს. იქვე მეთევზე იჯდა. გაიგონა თუ არა ეს სიტყვები, კოჭლისკენ მიბრუნდა: – ეტყობა, არასოდეს გასცილებიხარ შენს კუნძულს. შენ რომ კოჭლი არ იყო და გემოგზაურა ზღვაზე, გეცოდინებოდა, რომ მზე ჩვენი კუნძულის მთებში როდი ჩადის. ის ზღვიდან ამოდის და ზღვაშივე ჩადის. მე ვამბობ ნამდვილს, რადგან ყოველდღე ვხედავ ამას საკუთარი თვალებით. მოჰკრა ამას ყური ინდოელმა. – გასაკვირია, – თქვა მან, – როგორ შეიძლება ჭკვიანი კაცი ასეთ სისულელეებს როშავდეს. – განა შეიძლება, რომ ცეცხლოვანი ბურთი წყალში ჩადიოდეს და არა ჰქრებოდეს? მზე არანაირი ცეცხლოვანი ბურთი არაა. მზე ღვთაებაა. ამ ღვთაებას დევა ჰქვია. დადის ის ცაზე ეტლით სპერუვის ოქროს მთის გარშემო. როცა ბოროტი გველები რაგუ და ქეთუ თავს ესხმიან დევას და გადაყლაპავენ, აი მაშინ ბნელდება. მაგრამ ჩვენი ქურუმები ლოცულობენ მის დასახსნელად და ისიც თავისუფლდება. მხოლოდ თქვენისთანა უვიცებს, თავიანთ ციცქნა კუნძულს რომ ვერ გასცილებიან, ჰგონიათ, თითქოს მზე მხოლოდ მათ კუნძულს უნათებს. აი მაშინ კი ალაპარაკდა იქ მყოფი მეპატრონე ეგვიპტურ ხომალდის: – არა, – თქვა მან, – არც ესაა სწორი. მზე არაა ღვთაება და არ დასტრიალებს მხოლოდ ინდოეთსა და მის ოქროს მთას. მე ჩემი ხომალდით გადამისერავს შავი ზღვა და არაბეთის სანაპირონი. მადაგასკარზეც ვყოფილვარ და ფილიპინის კუნძულებზეც. მზე უნათებს მთელ დედამიწას და არა მხოლოდ ინდოეთს. ის ერთ რომელსამე მთას როდი დასტრიალებს. ის ამოდის იაპონიის კუნძულებიდან. ამიტომაც ჰქვია ამ კუნძულებს ჯაპანი – ესე იგი, მზის დაბადება, მათ ენაზე. ხოლო ჩადის იგი შორს, ძალიან შორს დასავლეთში, ინგლისის კუნძულებს იქით. მე ამის მეტი რა ვიცი, რადგან თვითონაც მინახავს და პაპიჩემისგანაც მსმენია. პაპაჩემი ხომ ზღვათა კიდემდე აღწევდა ხოლმე. მას კიდევ ეწადა ლაპარაკი, მაგრამ ჩვენი ხომალდის ინგლისელმა მეზღვაურმა გააწყვეტინა. – არა არს მიწა, თვინიერ ინგლისისა, – თქვა მან, – საცა უკეთ ეცოდინებოდათ მზის მოძრაობის ამბავი. ინგლისში ყველამ ვიცით, რომ მზე არც საიდანმე ამოდის და არც სადმე ჩადის. ის განუწყვეტლად გარემოექცევა დედამიწას. ვინ, ვინ და ჩვენ ეს მართლაც ვიცით, რაკი, ესეც არი, შემოვიარეთ დედამიწა და არსად გადავყრივართ მზეს. იგი ყველგან, ისევე როგორც აქ, დილით გამოჩნება და საღამოს გაუჩინარდება ხოლმე. ინგლისელმა ჯოხი აიღო, მოხაზა სილაზე წრე და დაიწყო ახსნა, თუ რანაირად მოძრაობს მზე დედამიწის გარშემო. მაგრამ კი ვერ ახსნა მთლად ხეირიანად და თავისი ხომალდის მესაჭისკენ გაიშვირა ხელი: – აი ეს კაცი, სხვათაშორის, ჩემზე მეტად განსწავლულია და უკეთ აგიხსნით ყოველივე ამას. მესაჭე გონიერი კაცი იყო და მთელ ამ საუბარს გაჩუმებული უსმენდა, სანამ არ ჰკითხეს. ახლა კი, როცა ყველანი მისკენ მიბრუნდნენ, ისიც ალაპარაკდა: – თქვენ ყველანი ერთმანეთს ატყუებთ და თვითონაც ცდებით. მზე არ მოძრაობს დედამიწის ირგვლივ. პირიქით, დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო. თან თვითონაც ბრუნავს. ამ ბრუნვატრიალში ის ოცდაოთხი საათის განმავლობაში მზეს მიუშვერს იაპონიასაც, ფილიპინის კუნძულებსაც, სუმატრასაც, სადაც ახლა ვსხედვართ, აფრიკასაც, ევროპასაც, აზიასაც და კიდევ სხვა ნაწილებს. მზე ანათებს არა ერთი რომელიმე მთისთვის, კუნძულისთვის, ზღვისთვის და, თუ გნებავთ, დედამიწის დიდი ნაწილისთვის. ის ანათებს ბევრი დედამიწისნაირი პლანეტისთვისაც. ამას თითოეული თქვენგანი გაიგებდა, რომ მაღლა, ცისკენ იყურებოდეს და არა დაბლა, თავის ჯამში. ჰოდა არ იფიქრებდა იგი, რომ მზე ანათებს მხოლოდ მისთვის და მისი სამშობლოსთვის. ასე თქვა ბრძენმა მესაჭემ. მან ხომ მთელი ქვეყნიერება მოიარა და სულ ცისკენ ეჭირა თვალი.
3
 დიახ, ადამიანთა რწმენაში ცთომილებანი და უთანხმოებანი პატივმოყვარეობისგანაა. – განაგრძობდა კონფუციანელი ჩინელი. რაც მზის გამო ხდება, იგივეა ღვთის გამოც. ყოველ ადამიანს სურს, რომ ჰყავდეს თავისი განსხვავებული ღმერთი ან, უკიდურეს შემთხვევაში, თავისი მშობლიური მიწის ღმერთი მაინც. ყოველ ხალხს სწადია მოათავსოს თავის ტაძარში ის, რაიც მთელ სამყაროში ვერ ეტევა. განა შეედრება რომელიმე ტაძარი იმას, რაც ღმერთმა ააგო ყველა ხალხის ერთ აღმსარებლობასა და ერთ რწმენაში მოსაქცევად? ადამიანთა მიერ აგებული ტაძრები იმ ერთი, ღვთიური ტაძრის ხატად და მსგავსადაა შექმნილი. თითოეულში არის ემბაზი, გუმბათი, სანათურები, ხატები, წარწერები, კანონთა კრებულები, მსხვერპლი, სამსხვერპლოები და ქურუმები. მაგრამ რომელ ტაძარშია ოკეანისდარი ემბაზი, ცისდარი გუმბათი, მზის, მთვარის, ვარსკვლავებისნაირი სანათურები, ცოცხალი, მოსიყვარულე, ერთმანეთის თანაზიარი ადამიანების სადარი ხატები? ღვთის სადიდებელი რომელი წარწერაა ისე გასაგები, როგორც ღვთის მიერ ბუნებაში უხვად მიმოფრქვეული სიკეთეები? სადღაა კანონების ისეთი წიგნი, ყველასთვის მზეებრ ნათელი, როგორც ადამიანთა გულში ღვთისგან ჩაბეჭდილი წიგნია? რომელი მსხვერპლი შეედრება სიყვარულით აღვსილი ადამიანის თავგანწირვას მოყვასისთვის? სადღაა უფრო დიადი სამსხვერპლო, ვიდრე კეთილი ადამიანის გულია? იქ ხომ თვითონ ღმერთი იღებს მსხვერპლს?! რაც უფრო ღრმად გაიგებს ადამიანი ღმერთს, მით უფრო კარგად ეცოდინება იგი. ხოლო რაც უფრო კარგად ეცოდინება ადამიანს ღმერთი, მით უფრო მიუახლოვდება მას, მიბაძავს მის სიკეთეებს, გულმოწყალებას, მის სიყვარულს ადამიანებისადმი. ამიტომ ის, ვინც ხედავს მზის მთელ სინათლეს, მთელ ამ შუქსავსეობას, დაე ნუღარ განსჯის და განიკითხავს უგუნურს; იმ საბრალო ადამიანს, ვინც თავის კერპში ერთ მოჭიატე სხივსღა ხედავს. დაე ნურც იმას შეიძულებს, ვინც დაბრმავებულა და საერთოდ ვერ ხედავს სინათლეს. ასე თქვა ჩინელმა კონფუციანელმა და ყავახანაში მყოფნი ყველანი გაჩუმდნენ. მეტი აღარ უკამათიათ იმის თაობაზე, თუ ვისი რწმენა სჯობს.
1885-1902 წწ.

ტეგები: Qwelly, ნოველები, ტოლსტოი

ნახვა: 33

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცისარტყელა თურქულ არქიტექტურაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2019.
საათი: 10:38pm 0 კომენტარი

      ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა…

გაგრძელება

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters