მას შემდეგ, რაც ოთხი დღის განმავლობაში მხოლოდ მკვახე ქლიავით ვიკვებებოდი, გრძნობა დავკარგე. კუჭი გახურებულ რკინასავით მქონდა, სოფლის შარაგზის ყურებისას თვალები მიჭრელდებოდა. ვიცოდი, რომ ნათელი შუადღე და მწველი მზე იყო, მაგრამ მე ყველაფერი მაინც ფერფლივით ნაცრისფრად მეჩვენებოდა, მუხლები კი ისე მიკანკალებდა, თითქოს ჭაობში უნდა გამევლო. გადმოვედი გზიდან და ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. ფიჭვის ქვეშ დავწექი, პერანგზე ღილები შევიხსენი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს უფსკრულში ვეშვებოდი. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა.

      როდესაც გრძნობაზე მოვედი, უკვე მოსაღამოებული იყო. ჩემ გვერდით ვიღაც გლეხი იდგა და მაჯანჯღარებდა. ვგრძნობდი, რომ სახე სველი მქონდა. ტუჩები მეწვოდა და ენით წვეთები მოვილოკე. არაყი იყო. გლეხს ჩემს პირთან ბოთლი ეჭირა. წამოვიმართე და ერთი ყლუპი მოვსვი. შემდეგ თავი გავაქნიე - მეტის დალევა არ შემეძლო. ეს ერთი ყლუპიც თავში ამივარდა.

      გლეხი თავისი სოფლისკენ მიდიოდა. მისი ცხენი ფრუტუნებდა და ქუჩის განაპირას მდგარი ფურგონის წინ ტლინკებს ისროდა. ბორბლებს შორის ფარანი ქანაობდა. ფარნის ყვითელი შუქი ბინდში, ცხენის თბილი სუნი, გლეხის მაღალი, მუქი ფიგურა - ეს ყველაფერი სახლს მაგონებდა და ძალას მაცლიდა. ტუჩზე ვიკბინე და წამოვდექი.

      გლეხმა მკითხა, რა გჭირსო. ვუპასუხე, რომ უმუშევარი ვარ და ერთი კვირის წინ გზაში ვიღაცამ უკანასკნელი ფული მომპარა. მან ფურგონიდან ორი უმი კვერცხი ამოიღო, გატეხა, ცოტა არაყი დაამატა და ეს ნაზავი მომცა. ნელა დავლიე. შემდეგ ჩანთიდან პური ამოიღო, რომელსაც ცოტა მოვატეხე და შევჭამე.

      მითხრა, ჩემთან ერთად წამოდიო. შევეკითხე, სამუშაოს მოცემა თუ შეეძლო. უარი მითხრა. მკითხა, რისი გაკეთება შეგიძლიაო.

  - ყველაფრის, რასაც დიდი სწავლა არ სჭირდება, - ვუპასუხე მე.

      ერთი წუთით დაფიქრდა და მითხრა, სადღაც ახლოს რკინიგზაზე მუშების ჯგუფი მუშაობსო. გაეგო, რომ ბრიგადირი რამდენიმე დამატებითი მუშის დაქირავებას აპირებდა, მაგრამ ეს სამუშაო ალბათ ჩემთვის მძიმე იქნებოდა. ვუპასუხე, რომ ცოტა ძალას აღვიდგენდი და შევძლებდი მუშაობას. ვუთხარი, რომ ხვალ მოვსინჯავდი და შეეძლო, აქ დავეტოვებინე. ამიხსნა, სად უნდა წავსულიყავი. ის ადგილი აქედან მხოლოდ სამი მილით იყო დაშორებული. შემდეგ კიდევ რამდენიმე კვერცხი, მთელი პური და ძეხვი დამიწყო გვერდზე. პატარა ჯიბის დანის გარდა, არაფერი გამაჩნდა, რომ მისთვის მიმეცა. არ უნდოდა გამორთმევა, მაგრამ ბოლოს მაინც აიღო. ალბათ მიხვდა, რატომ დავიჟინე ასე. წასვლისას ცხენის ძველი ასალიც მომცა.

      კვერცხები ხავსის ქვეშ დავმალე. პური და ძეხვი ჩემთან ახლოს ასალის ქვეშ დავიდე. ღამით ხშირად მეღვიძებოდა და ხელით ვსინჯავდი, ადგილზე იყო თუ არა ეს ყველაფერი. ასალის უხეში ნაპირი კისერზე მეხახუნებოდა და ცხენის სუნს ვგრძნობდი. ახლა ჩემი მდგომარეობა არც ისე სავალალო იყო.

      როგორც კი ინათა, გზისპირიდან დავეშვი. ჩემი ქონების შენარჩუნებაზე ფიქრი მაღელვებდა. ტყეში პატარა ველობი ვნახე, რომელზეც ნაკადული მიედინებოდა. იქ დავრჩი.

      შიმშილის გრძნობა ახლა უფრო მეტად მტანჯავდა, ვიდრე ბოლო ორი დღის განმავლობაში. მაგრამ ჩემი მარაგი გულდასმით გავანაწილე. ვერ გავრისკავდი, რომ ჩემს კუჭს ერთ ლუკმაზეც კი უარი ეთქვა. საჭმლის ყოველი ნამცეცი მჭირდებოდა, რათა მუშაობისთვის ძალა მომეკრიბა. პირველ დღეს ძალიან ცოტას ვჭამდი და სულ ჩრდილში ვიყავი. მეორე დღეს თავს კარგად ვგრძნობდი, ვიბანავე და ცოტა ხნით მზეს მივეფიცხე, თუმცა ვცდილობდი, რომ თავი მზისგან დაცული მქონოდა. ვშიშობდი, რომ სანამ დანიშნულების ადგილას ჩავიდოდი, სამუშაო უკვე გაცემული იქნებოდა; მიუხედავად ამისა, მესამე დღესაც ველობზე დავრჩი, მეძინა და ვჭამდი, ვიდრე საჭმელი არ გამითავდა.

      მომდევნო დილას რკინიგზაზე წავედი. ბრიგადირმა ეჭვის თვალით შემომხედა, მაგრამ გამიმართლა. ორი მუშა ავად გამხდარიყო და სამსახურში ამიყვანეს.

      დაახლოებით ოცი კაცი ვიყავით, ლიანდაგებთან ახლოს ვცხოვრობდით, გოფრირებული თუნუქის ფირფიტებით ნაშენ ბარაკებში. პირველ დილას თავაუღებლად ვმუშაობდი, რადგან ვხედავდი, როგორ მაკვირდებოდა ბრიგადირი. შუადღეს ძლივს ვინძრეოდი და ისეთი დაქანცული ვიყავი, რომ ძალიან ცოტა ვჭამე. სასოწარკვეთამ მომიცვა, რადგან ვიცოდი, რომ მალე გამომეცლებოდა ძალა. სიბრალულის იმედი არ უნდა მქონოდა. ერთ-ერთი მუშა, დაკუნთული, უჟმური ტიპი, რომელსაც მეკს ეძახდნენ, თავიდანვე მტრულად განეწყო ჩემ მიმართ და მაგრძნობინა კიდეც ეს. ისე გამეტებით ურტყამდა წერაქვს მიწას, რომ ქვები პირდაპირ ფეხებში მხვდებოდა. გარდა ამისა, გამუდმებით შენიშვნებს იძლეოდა იმ მუშების მისამართით, რომლებსაც ამ სამუშაოს შესრულება ეთაკილებოდათ, - ეშმაკსაც წაუღია ისინიო.

      პაპანაქება სიცხე იყო. თუნუქის ფირფიტების ბარაკები გახურებული იყო, ჩვენი შიშველი ზურგები ოფლისაგან ლაპლაპებდა, ლიანდაგები მზეზე ვარვარებდა. ჩემ გვერდით ბიჭი მუშაობდა, რომელიც ცხენივით ძლიერი იყო და ხშირი ულვაში ჰქონდა. არაფერს ამბობდა, მაგრამ შიგადაშიგ ჩემკენ გადმოიხედავდა ხოლმე. ამჩნევდა, რა მოუხერხებელი ვიყავი. ბოლოს მუშაობა შევწყვიტე. ხელები მიკანკალებდა. უცებ ცივმა ოფლმა დამასხა. მან რაღაც ჩაიბურტყუნა და გვერდზე გამიყვანა, წერაქვი გამომართვა და მაჩვენა, რა უნდა გამეკეთებინა, რომ მუშაობისას ნაკლებად დავძაბულიყავი.

  - გმადლობ, - ვუთხარი მე.

  - მოკეტე, - მიპასუხა მან, თუმცა უხეშად არ უთქვამს ეს.

      ისევ შევუდექი მუშაობას. დღეს დასასრული არ უჩანდა, მაგრამ ახლა უკვე ვიცოდი, რომ გავუძლებდი.

      საღამოს ბრიგადირთან წავედი და ავანსად ორი მარკა მივიღე. სასადილოში ორი კოლოფი სიგარეტი ვიყიდე. კაცი, რომელიც დამეხმარა, ბარაკების გვერდით ხის კუნძზე იჯდა. მას ჰაინრიხ თიესი ერქვა. თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს შემთხვევით ჩავიარე, სიგარეტს მოვუკიდე და მასაც შევთავაზე.

  - არა, გმადლობ, - მითხრა მან და ყავისფერი თუთუნი გადმოაფურთხა. მას თამბაქოს ღეჭვა ერჩივნა.

      ბრიგადირთან დავბრუნდი და რამდენიმე სიგარეტი ერთ დასაღეჭ თამბაქოზე გადავუცვალე. ერთი საათის შემდეგ ჰაინრიხს მივუტანე.

  - თხელი, მუქი სახეობაა, - ვუთხარი მე, - რომის გემოთი.

  - ერკვევი ამაში? - მკითხა და თამბაქო გამომართვა.

  - ცოტათი, - ვუპასუხე მე, - მაგრამ ღეჭვა არ მიყვარს.

  - ჰო, მიჩვევის ამბავია, - მიპასუხა თიესმა.

      ამ დღის შემდეგ საღამოობით ერთად ვვახშმობდით ხოლმე. ზოგჯერ მდინარეში თევზს იჭერდა, ჯოხზე ავაგებდით და ცეცხლზე ვწვავდით. ასეთ რაღაცებში კარგად ერკვეოდა. ერთხელ თიხაში ზღარბი გამოაცხო. მითხრა, ბოშების სადღესასწაულო საჭმელიაო. უცნაური გემო ჰქონდა, მაგრამ ცუდი არ იყო. უფრო მომეწონებოდა, რომ არ მცოდნოდა, ზღარბი იყო. ჯარისკაცობის პერიოდში ერთხელ კატა ვჭამე ისე, რომ არ ვიცოდი, რა იყო. შესანიშნავი გემო ჰქონდა.

      საღამოობით, ჭამის შემდეგ, ჰაინრიხი თავისი მოგზაურობის შესახებ მიყვებოდა. მოხეტიალე იყო და ერთ ადგილას დიდხანს არ მუშაობდა. საუცხოო ღამეებს ვატარებდით. ჰაერი თბილი იყო, უფრო მკვეთრად იგრძნობოდა ყვავილების სურნელი, ვიდრე დღისით. ჩვენს ბარაკებთან ახლოს ერთი ბაღი იყო, რომელიც ლიანდაგის დარაჯს ეკუთვნოდა. პატარა, საყვარელი ბაღი იყო, როგორებსაც მუდმივად ხედავს კაცი მატარებლის ფანჯრებიდან. ბაღში ვარდები აყვავებულიყო. სურნელი ქარს ხშირად ჩვენკენ მოჰქონდა. ახოვანი ჰაინრიხი ფეხზე წამოდგა, ჰაერი ჩაისუნთქა და ნერვიულად დაიწყო ბოლთის ცემა, თავი დახრილი ჰქონდა.

      შემდეგ ლიანდაგის დარაჯის სახლისკენ გაიხედა. ჯანმრთელობაშერყეული დარაჯი იქ თავის ცოლთან ერთად ცხოვრებდა. როგორც წესი, ქალი დილაობით ფანჯრის წმენდისას მღეროდა ხოლმე. ქმარზე ბევრად უმცროსი იყო, ჯანმრთელი და ლამაზი. ჰაინრიხ თიესი ას ოთხმოც ფუტს იწონიდა. ერთი გრამი ცხიმიც არ ჰქონდა ზედმეტი.

      უჟმური მეკი არ მეშვებოდა. ფეხში ისე ჩამარტყა ნიჩაბი, რომ მთელი ორი დღე მტკიოდა. საჭმლის კონტეინერი გადამიყირავა. როგორც კი საბაბი ეძლეოდა, მეჩხუბებოდა. თავიდან ჰაინრიხ თიესმა რამდენჯერმე დაუცაცხანა, მაგრამ ის მაინც არ მანებებდა თავს. ვძულდი, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი, თვალში არ მოვხვედროდი.

  - აზრი არა აქვს, - მითხრა ბოლოს ჰაინრიხმა, - ბრძოლაში უნდა დაამარცხო. შემეძლო, შენ მაგივრად გამეკეთებინა ეს, მაგრამ შედეგი არ ექნებოდა. მაშინ მთელი ბრიგადა შენ წინააღმდეგ განეწყობოდა. წამოდი.

      ტყეში წავედით. იქ მიჩვენა, რა უნდა გამეკეთებინა.

  - თავი მაგარი აქვს, ვიცი ეს. სამაგიეროდ, მუცელი აქვს კარაქივით. ისე უნდა ჩასცხო მუცელში, რომ ჰაერისგან დაეცალოს.

      იმ პერიოდში ბარაკებში ხშირი იყო მუშტი-კრივი მუშებს შორის ან სოფლის გლეხის ბიჭებთან. ბევრი მათგანი ქალებზე იყო გაგიჟებული. ყოველ კვირადღეს ჩხუბი იყო. ჰაინრიხი მეკს ყურადღებით აკვირდებოდა.

  - ის დაიხრება და ქვემოდან შემოგიტევს, - მითხრა ჰაინრიხმა, - პანჩური უნდა ამოარტყა და რომ გაიმართება, მაშინ დაესხა თავს.

      ყოველ საღამოს ვვარჯიშობდით.

  - მიდი, დამარტყი, - მითხრა ჰაინრიხმა ერთხელ, - გავუძლებ.

      მუცლის კუნთები მიჩვენა. როდესაც დაჭიმა, რკინასავით გაუხდა.

      კიდევ ერთი კვირა მოვიცადე. და ერთ კვირადღეს მოხდა ეს ამბავი. ბარაკებში დაძაბული სიტუაცია სუფევდა. მეკი გაცოფებული იყო. ერთ-ერთმა გოგონამ, რომელსაც დასდევდა, უარი უთხრა. ნაშუადღევიდან მოყოლებული, ჩხუბის მიზეზს ეძებდა. მე რომ გამოვჩნდი, ჩემზე გადაწყვიტა ბრაზის ამონთხევა. ეგონა, რომ, როგორც ყოველთვის, მშვიდად ვიქნებოდი, მაგრამ ამჯერად არ შევეპუე.

  - მოკეტე, შე ბინძურო ძაღლო! - ვუთხარი მე.

      ბარაკში მაშინვე ყველა გაისუსა. მეკი დაიხარა და მომიახლოვდა. ჭარბშეჭმუხნილს, პირი ოდნავ გახსნილი ჰქონდა. ეტყობოდა, გახარებული იყო, რომ, ბოლოს და ბოლოს, მიეცა მიზეზი, გამსწორებოდა.

  - რა? - მკითხა მან და პირქუშად მომაშტერდა. - რა მითხარი, შე სულელო?

      მოსაღამოებული იყო და ნახევრად ბნელ ბარაკში სახეებს მზერა შევავლე. ზოგიერთები გულგრილად იყურებოდნენ, ზოგიერთები - გაოცებული, მაგრამ ყველას გამოხედვაში იგრძნობოდა ცივი, დაუოკებელი წყურვილი, რომ ვინმეს ცემისათვის ეყურებინა.

      მაგრამ მე ჰაინრიხ თიესის სახეც დავინახე.

  - გითხარი, შენი ბინძური პირი დახურე-მეთქი! - დავუღრიალე მეკს.

      დაღრიალება ჰაინრიხის იდეა იყო. ამან გაამართლა. ერთი წამით მეკი გაოგნდა, მერე კი თავს დამესხა. მან მხრებში დამარტყა, მე კი - კეფაში. შემდეგ დაიხარა, რომ მუხლებში მწვდომოდა, ზუსტად ისე, როგორც ჰაინრიხმა მითხრა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, წინასწარ რომ არ მცოდნოდა, რეაგირებას ვერ მოვასწრებდი. უკან გადავხტი და ფეხი დავარტყი. ოდნავ ბორძიკით წამოიმართა და ვიდრე მკლავების დაფარებას მოასწრებდა, ეგრევე მუცელში ვუთავაზე. ძირს დაეცა, მძიმედ სუნთქავდა და არ ინძრეოდა.

  - ეყოფა! - დაიძახა ვიღაცამ კუთხიდან. - თავი დაანებე.

      ჰაინრიხს გადავხედე. თავი დამიქნია. ჩემ ირგვლივ სახეები დავინახე, ჩალით გამოტენილი ტომრები, კედელზე წერაქვები და ნიჩბები ეკიდა. ფანჯრიდან მოსაღამოებულზე მზით განათებული მდელოები მოჩანდა, თითქოს პირველად ვუყურებდი ყველაფერს. უცებ ვიგრძენი, რომ ვკანკალებდი. ახლა მეკი ნამდვილად გამიერთიანებდა ძვალ-რბილს.

      ჰაინრიხისკენ წავედი. უცებ ვიღაცამ წამოიძახა:

  - ფრთხილად!

      გვერდზე გადავხტი, მეორე წამსვე ჰაინრიხი წამოხტა და ჩემკენ გამოიქცა. დარტყმა, გულის გამგმირავი ყვირილი და მეკი დანით ხელში დაჩოქილი აღმოჩნდა.

  - ეშმაკმა დასწყევლოს! - დაიძახა კაცმა, რომელმაც გამაფრთხილა. - დანების ტრიალი?! ეს არ უნდა შერჩეს.

      ჰაინრიხი მისკენ წავიდა. ისე ურტყამდა, თითქოს დიდი ურო უჭირავსო ხელში. საშინელი სანახაობა იყო. ბარაკი გმინავდა. ჰაინრიხი კი ცემას განაგრძობდა. რაღაც პერიოდი მეკი ძირს იწვა. აღარ შემეძლო ამის ყურება.

  - შეეშვი, - ვთქვი მე.

      ჰაინრიხმა ისე შემომხედა, თითქოს არ მიცნობდა და თავი გააქნია.

  - დაივიწყე. ეს ისეთი რამაა, რაც შენ არ გესმის.

      სხვები არ განძრეულან.

      მოგვიანებით გავიგე, რომ ასე ჩემ გამო კი არა, დანის გამო მოიქცა. ჰაინრიხი ბარაკებში ყველაზე ძლიერ კაცად ითვლებოდა და ეს მას გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს აკისრებდა. ამას ყველა აღიარებდა. ისევე, როგორც არ შეეძლო დამხმარებოდა ერთი ერთზე ბრძოლაში, არც ზურგიდან დანით თავდასხმა შეეძლო, დაუსჯელი დაეტოვებინა.

      აგვისტო დადგა. მე და ჰაინრიხს დახუთულ ბარაკებში აღარ გვეძინა. ჩვენი ჩალით სავსე ტომრები გარეთ გავიტანეთ და ღია ცის ქვეშ ვიწექით. დაუვიწყარი ღამეები იყო. ლიანდაგები მთვარის შუქზე ლაპლაპებდა. ზოგჯერ მაშუქებითა და მწვანე ფარნებით განათებული მატარებელი ჩაიქროლებდა ხოლმე. ვარსკვლავები კიაფობდნენ, არასდროს მინახავს ასეთი უკიდეგანო და დიდებული ცა, როგორიც ამ მდელოს თავზე. ირმის ნახტომის იდუმალი შუქი ჩვენს თავზე ჰორიზონტს მიღმა გაუჩინარებული უზარმაზარი გემის კვამლივით მიიკლაკნებოდა.

      ზოგჯერ, როცა მეღვიძებოდა, ვარსკვლავებს ადგილი ჰქონდათ შეცვლილი, ცა გადაბრუნებულივით მეჩვენებოდა - დიდი დათვის თანავარსკვლავედი ყალყზე იყო შემდგარი, ორიონი კი მეორე მხარეს ეკიდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დედამიწა ეულად მიფრინავდა კოსმოსში, უხმაუროდ პატარავდებოდა, ბურთის ზომას იღებდა, უსასრულო მრუდზე მოსახვევში ჰორიზონტის მიმართულებით მიიჩქაროდა და სიცარიელეში ვარდებოდა. ეს ზმანება იმდენად მკვეთრი იყო, რომ ხშირად მინდოდა, რაღაცას ჩავჭიდებოდი, რომ უფსკრულში არ გადავჩეხილიყავი. სიზმრიდან რომ ვფხიზლდებოდი, ვხედავდი, ჰაინრიხი ჩემ გვერდით აღარ იყო. ხშირად დიდხანს ვიჯექი და მუქ ტყეებს გავცქეროდი, რომლებიც ისე ლივლივებდნენ დაბლობის თავზე, როგორც ძროხები დანისლულ მდელოზე. დილისკენ, როდესაც მიწა უცებ ნამის დიდი რაოდენობით დაიფარებოდა ხოლმე, მეღვიძებოდა და ზოგჯერ ვხედავდი, როგორ ბრუნდებოდა ჰაინრიხი, ვიცოდი, საიდან მოდიოდა - ლიანდაგის დარაჯის ცოლისგან. როდესაც წვებოდა, მე თავს ვიმძინარებდი ხოლმე.

      ერთ საღამოსაც ლიანდაგის დარაჯი მოვიდა ჩვენთან. მე და ჰაინრიხი ცეცხლთან ვისხედით. ჰაინრიხს კალმახი დაეჭირა და ხარშავდა. დარაჯი გვერდზე მოგვიჯდა, სახე ფერმკრთალი და გაოფლილი ჰქონდა. ჰაინრიხი ისე იქცეოდა, თითქოს ვერ შეამჩნია ის. დარაჯი ამინდსა და სიცხეზე ლაპარაკობდა. გარეგნულად აღელვება არ ეტყობოდა, მაგრამ რატომღაც უმიზეზოდ იქექებოდა ცეცხლში.

  - ახლავე დავბრუნდები, - ვთქვი მე.

      მოგვიანებით გავიგე, რა მოხდა. დარაჯმა ჰაინრიხს მოუყვა, რომ ომში ფილტვში დაიჭრა.

  - სად? - ჰკითხა ჰაინრიხმა.

  - არასში.

  - მეც ვიყავი იქ, - უთხრა ჰაინრიხმა.

      დარაჯი ტუბერკულოზიყ იყო ავად. ექიმის დასკვნაც აჩვენა, რომელიც თან წამოეღო. ჰაინრიხს ცნობისათვის არ შეუხედავს. სრულებით არ ცდილობდა, ჩვენში სიბრალული გამოეწვია, მშვიდად თქვა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენოდა. ისიც თქვა, რომ ცოლის გარდა არავინ ჰყავდა ქვეყანაზე. კარგად იცოდა, რომ მეტისმეტად ავად იყო მისთვის. მაგრამ ახლა სულ ცოტა ხანი ჰქონდა დარჩენილი. თანაც, სხვა არავინ გააჩნდა... აინტერესებდა, ესმოდა თუ არა ჰაინრიხს მისი.

  - ჰო, - თქვა თიესმა. ამის შემდეგ დარაჯს ბევრი აღარაფერი უთქვამს. ის ჰაინრიხის პასუხს ელოდებოდა.

      ერთხანს ყველა დუმდა. ჰაინრიხი ცეცხლს ჩაჰყურებდა. შემდეგ კიდევ ერთხელ იკითხა:

  - მეგობარო, სად დაიჭერი? არასთან? - დარაჯმა თავი დაუქნია. ჰაინრიხი ისევ ცეცხლს ჩააშტერდა, თითქოს საკუთარი შეკითხვაც არ გაუგონია.

      ცეცხლში ტოტმა დაიტკაცუნა. ჰაინრიხმა ამოიხედა.

  - კარგი მაშინ... - თქვა მან, თითქოს ყველაფერი დაავიწყდაო. - მხოლოდ მე თვითონ ვეტყვი მას.

  - კარგი, - თქვა დარაჯმა და წამოდგა.
მომდევნო ღამეს ჰაინრიხი უფრო ადრე დაბრუნდა, ვიდრე მოველოდი. ზუსტად იმ მომენტში ვარშავა-პარიზის ჩქარმა მატარებელმა ჩაიგრიალა. ორთქლმავალი შადრევანივით აფრქვევდა ნაპერწკლებს. ჰაინრიხი ბალახზე დაეგდო.

  - ხვალ მოვტყდები, პაულ, - თქვა მან.

      ვდუმდი. ვიცოდი, ასე დამთავრდებოდა, მაგრამ მაინც ისე ძლიერად მომხვდა გულზე, რომ ხმა ვერ ამოვიღე.

  - მაინც უკვე დროა, - თქვა ჰაინრიხმა ცოტა ხნის შემდეგ. - მეტისმეტად დიდხანს დავრჩი ერთ ადგილას.

  - ქალს უთხარი? - ვკითხე მე.

  - ჰო.

      დანისლულ მდელოებს გადავხედე.

  - იმ საცოდავს მაინც დიდად არ უშველის შენი წასვლა. ცოლი იჯდება და იტირებს.

  - არ იტირებს, - თქვა ჰაინრიხმა.

      შევხედე. მკვეთრად შემოტრიალდა ჩემკენ.

  - უკვე ყელში ამოვუვედი, - თქვა მან. - მოვუყევი, რომ დაქორწინებული ვარ და სახლში მინდა წასვლა, ჩემს ცოლთან.

      თავი დავუქნიე.

  - ამის მერე დიდხანს აღარ უტირია, - თქვა მან. - გაცოფებული იყო, ბრაზი, გესმის? ბრაზი! ეს დაეხმარება. ეშმაკმა დალახვროს, ისეთი ხასიათის ქალია...

      გავჩუმდით.

  - მართლა დაქორწინებული ხარ? - ვკითხე ცოტა ხნის შემდეგ.

  - ახ, რა აზრი მოგივიდა თავში?!.. - თქვა ჰაინრიხმა და ერთი ბღუჯა ბალახი მოგლიჯა.

      მეორე დილას წავიდა.

  - ცოტას გაგაცილებ, - ვუთხარი მე.

      თავი გააქნია.

  - არ გინდა. ასე ჯობია.

      გარეთ მოწმენდილი ამინდი იდგა. კარგა მანძილზე ჩანდა ყველაფერი.

  - მეკთან ფრთხილად იყავი, - თქვა ჰაინრიხმა, - ჯობია, ჩემს ადგილას დაწვე, კუთხეში. თუმცა არა მგონია, რამე პრობლემა შეგიქმნას.

  - მეც არა მგონია, - ვუპასუხე მე.

  - მაშინ, წარმატებები, პაულ.

  - წარმატებები, ჰაინრიხ.

      ბარაკების წინ ვიდექი, სანამ ტყეში შევიდოდა. უკან არ მოუხედავს.

      სამი კვირის შემდეგ მეც წავედი.

ერიხ მარია რემარკი

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველები, რემარკი

ნახვა: 49

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2021

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 2, 2021.
საათი: 1:50pm 0 კომენტარი

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II - ისა

      ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,

ეპისტოლე, პატრიარქის ეპისტოლე, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, სააღდგომო ეპისტოლე 2021,Qwelly, ბლოგი, qwellynews

ქრისტე…

გაგრძელება

ვნებული და გამარჯვებული

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2021.
საათი: 11:40pm 0 კომენტარი

      ვნების სახარებებს მედავითნის გვერდით ვუსმენდი. ცნობისმოყვარეობა მძლევდა და შიგადაშიგ თვალს ვაპირებდი მისი საკითხავებისკენ და ოდესღაც ნასწავლი ხუცური ასოების მოხაზულობებს ვიხსენებდი და სიტყვების ამოკითხვას ვცდილობდი. ბოლო სამი სახარება იყო დარჩენილი. ამ დროს უკვე ის ეპიზოდები იკითხება, როდესაც მაცხოვარი ჯვარზეა გაკრული, ნაცემი, ნაწამები წყალს ითხოვს... „შენი სხეულის თითოეულმა ნაწილმა ივნო ჩვენთვის“ - ამოიკითხა მედავითნემ.…

გაგრძელება

ჯარის იუბილე და კანონებით ჯახი პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2021.
საათი: 11:31pm 0 კომენტარი

      წინასააღდგომო ბოლო #qwellynews კვლავ საპარლამენტო კინკლაობას მიეძღვნება. კანონებით ომი დაიწყო პარლამენტში და მთავარმა გუნდმა კვლავ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც კრიტიკის და აშშ-ს საელჩოს შეშფოთების მიზეზიც გახდა. დღეს ასევე იუბილარია ქართული ჯარი და ის უკვე 30 წელს ითვლის. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 308834, ბოლო დღე-ღამეში - 1433, გამოჯანმრთელებული - 289976, ბოლო დღე-ღამეში - 1160,…

გაგრძელება

ამნისტიის კანონი და ჯანდაცვის საათი პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დღესაც ამნისტია აერთიანებდა ოპოზიციასა და პოზიციას და იგივე ამნისტია აპრობლემებდა ყველაფერს. ასევე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის საათი გამოვიდა პარლამენტში და მას უსმენდნენ. - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 307401, ბოლო დღე-ღამეში - 1551, გამოჯანმრთელებული - 288816, ბოლო დღე-ღამეში - 878, გარდაცვლილი - 4077, ბოლო დღე-ღამეში - 17; კარანტინის რეჟიმში - 221. სულ აცრილია - 41801, დღიურად აცრილია - 1706. დოლარის ფასი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters