თეოდორ დოსტოევსკი - სუსტი გული

      მეოთხე სართულზე, ერთ ბინაში, ერთ ჭერქვეშ, ორი ახალგაზრდა თანამშრომელი ცხოვრობდა: არკადი ივანოვიჩ ნეფედევიჩი და ვასია შუმკოვი... ავტორი, ცხადია, გრძნობს იმის ახსნის აუცილებლობას, თუ რატომ გაცნობთ ერთ გმირს სრული, მეორეს კი კნინობითი სახელით, მაგალითად, თუნდაც იმიტომ, რომ გამოხატვის ეს ფორმა აუგად სახსენებლად ან, ნაწილობრივ, ფამილარობად არ მიიჩნიოთ. ოღონდ, ამისთვის საჭირო იქნებოდა მოქმედ პირთა ჩინის, წლოვანების, წოდების, თანამდებობისა და, ბოლოს, რა თქმა უნდა, ხასიათის აღწერაც კი. მაგრამ, ვინაიდან ასე ბევრი მწერალი იწყებს, წინამდებარე მოთხრობის ავტორი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ დაემსგავსოს (ან როგორც შესაძლოა, ზოგიერთმა თქვას, უსაზღვრო თავმოყვარეობის გამო), გადაწყვეტს, შესავლად ეს იკმაროს და პირდაპირ მოქმედება შემოგთავაზოთ.

      ახალი წლის წინადღეს, საღამოს ექვსი საათისთვის, შუმკოვი შინ დაბრუნდა. საწოლზე წამოწოლილმა არკადი ივანოვიჩმა გაიღვიძა და ჩუმად გახედა თავის მეგობარს. ძალიან განცვიფრდა, როდესაც დაინახა, რომ მას საუცხოო პარტიკულარული კოსტიუმი და ქათქათა პერანგი ეცვა. «ნეტავ სად იყო ასე გამოწყობილი? შინაც არ უსადილია!» ამასობაში შუმკოვმა

      სანთელი აანთო და არკადი ივანოვიჩი მყისვე მიხვდა, რომ იგი მის, ვითომდა, უნებლიეთ გაღვიძებას აპირებდა. მართლაც, ვასიამ ორჯერ ჩაახველა, ორჯერ გაიარ-გამოიარა ოთახში და ბოლოს, სრულიად შემთხვევით, ხელი გაუშვა და ძირს დააგდო ჩიბუხი, რომლის დატენასაც კუთხეში, ღუმლის გვერდით შეუდგა. არკადი ივანოვიჩს გუნებაში გაეცინა.

      – ვასია, გეყოფა ეშმაკობა! – თქვა მან.

      – არკაშა, არ გძინავს?

      – ღმერთმანი, დაზუსტებით ვერ გეტყვი; მგონი, არ მძინავს.

      – ოჰ, არკაშა! გამარჯობა, ჩემო კარგო! ძმობილო! ძამიკო! შენ ხომ არ იცი, რის თქმას ვაპირებ!

      – ნამდვილად არ ვიცი; ახლოს მოდი და ისე მიამბე.

      ვასია, თითქოს ამას ელოდაო, მაშინვე მორჩილად მიეახლა მას, რას წარმოიდგენდა, რომ მხიარულების მოყვარულ არკადი ივანოვიჩს მზაკვრობა ჩაეფიქრებინა. მან მარჯვედ გაუკავა ხელები, გადაუტრიალა, იღლიის ქვეშ მოიქცია და, როგორც იტყვიან ხოლმე, «გაგუდვა» დაუწყო მსხვერპლს. სახეზე ეტყობოდა, რომ ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.

      – გაები! – შესძახა მან, – ხომ გაები!

      – არკაშა, არკაშა, რას აკეთებ? გამიშვი, ღვთის გულისთვის, ფრაკი დამეჭმუჭნება!..

      – მერე რა? ფრაკი რაში გჭირდება? რატომ ხარ ასეთი მიმნდობი? რატომ ებმები მახეში საკუთარი ნებით? აბა, მითხარი, სად ბრძანდებოდი, ვისთან ისადილე?

      – არკაშა, ღვთის გულისთვის, გამიშვი!

      – სად ისადილე-მეთქი?

      – სწორედ ამის შესახებ უნდა მომეყოლა.

      – ჰოდა, მოჰყევი.

      – ჯერ გამიშვი.

      – არა, ბატონო, არ გაგიშვებ, სანამ არ მომიყვები!

      – არკაშა, არკაშა! როგორ ვერ ხვდები, რომ ასე არ შეიძლება, არაფრით შეიძლება! – ყვიროდა სუსტი ვასია და მოწინააღმდეგის ღონიერი მკლავებიდან თავის დაღწევას ცდილობდა, – ხომ არსებობს ისეთი მატერიები!..

      – როგორი მატერიები?..

      – ისეთი, რომ, თუ მათ შესახებ ასეთ მდგომარეობაში დაიწყებ მოყოლას, ღირსება შეგელახება; არაფრით შეიძლება: სასაცილო გამოვა – არადა, ეს სასაცილო კი არა, მნიშვნელოვანი საქმეა.

      – მოიგონა რა, მნიშვნელოვანიო! დამიჯერე: აჯობებს, ისე მომიყვე, რომ სიცილი ვერ შევიკავო; მნიშვნელოვანი კი არ მინდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, აბა, სადაური მეგობარი იქნები? ჰო, მითხარი, სადაური მეგობარი იქნები! ჰა?

      – არკაშა, არ შეიძლება, ღმერთმანი!

      – გაგონებაც არ მინდა...

      – კარგი, არკაშა! – დაიწყო საწოლზე გარდიგარდმო გაწოლილმა ვასიამ და შეეცადა, თავისი სიტყვებისთვის მეტი მნიშვნელობა მიეცა, – არკაშა! რაც არის, არის, გეტყვი; ოღონდ...

      – ოღონდ რა?..

      – ის, რომ დაქორწინებას ვაპირებ!

      არკადი ივანოვიჩმა სიტყვის უთქმელად ბავშვივით ხელში აიყვანა ვასია, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი დაბალი კი არა, საკმაოდ მაღალი იყო, ოღონდ გამხდარი, და მარჯვედ შეუდგა მის ტარებას ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში, თანაც ისეთი სახით, თითქოს რწევა-რწევით დაძინებას უპირებდა.

      – ახლა სასიძოს სახვევებში გავახვევ, – თქვა მან. მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ ვასია მორჩილად, გაუნძრევლად იწვა მის ხელებში და კრინტს აღარ ძრავდა, მაშინვე გონს მოეგო და გაიფიქრა, რომ ხუმრობა-ხუმრობაში ზედმეტი მოუვიდა. ამიტომ მეგობარი შუა ოთახში ჩამოსვა და გულწრფელად, მეგობრულად აკოცა ლოყაზე.

      – ვასია, ხომ არ მიბრაზდები?..

      – არკაშა, მომისმინე...

      – კარგი რა, ახალი წელი მოდის.

      – ისეთს არაფერს გეუბნები; მაგრამ, რატომ ხარ ასეთი გიჟი და გადარეული? რამდენჯერ გითხარი: არკაშა, ღმერთმანი, არ არის სასაცილო, არ არის-მეთქი!

      – მაშ, არ მიბრაზდები?

      – არა, განა ვინმეზე ვბრაზობ ხოლმე? მაგრამ იცოდე, რომ მაწყენინე!

      – გაწყენინე? როგორ?

      – შენთან ისე მოვდიოდი, როგორც მეგობართან, რათა გული გადამეშალა, ჩემი ბედნიერების შესახებ მეამბნა...

      – რა ბედნიერების? მერედა, რატომ არ მეუბნები?

      – ჰო, მე ხომ ცოლი მომყავს! – მიუგო გულმოსულმა ვასიამ, რადგან ოდნავ მართლაც მორეოდა სიშმაგე.

      – შენ! შენ ცოლი მოგყავს! სიმართლეს ამბობ? – იბღავლა არკაშამ, – არა, არა... ეს რაღაა? თან ამას ამბობს, თან ცრემლები მოსდის!.. ვასია, ვასიუკ, ჩემო კარგო, ჩემო ბიჭუნი, გეყოფა! არა,

      მართლა? – აქ არკადი ივანოვიჩი კვლავ გადაეხვია მას.

      – ახლა ხომ ხვდები, რა გამოვიდა? – თქვა ვასიამ, – შენ ხომ კეთილი გული გაქვს, მეგობარი ხარ, კარგად ვიცი. შენთან გახარებული, სულიერად ამაღლებული მოვდიოდი, და უეცრად, ჩემი გულისნადები, ეს აღფრთოვანება საწოლზე დაგდებულს, აფართხალებულს, ღირსებაშელახულს უნდა გამემხილა... ხომ ხვდები, არკაშა, – განაგრძო ვასიამ და ღიმილი მოერია, – ეს როგორ კომიკურ სახეს მიიღებდა: შეიძლება ითქვას, რომ იმწუთას საკუთარ თავს არც ვეკუთვნოდი. არ შემეძლო, ეს საქმე დამეკნინებინა... დავუშვათ, გეკითხა, რა ჰქვიაო? გეფიცები, რომ მოგეკალი, მაინც არ გიპასუხებდი.

      – რატომღა დუმდი, ვასია? ყველაფერი თავიდანვე გეთქვა და აღარც ცელქობას დავიწყებდი, – შესძახა არკადი ივანოვიჩმა დაუფარავი სასოწარკვეთილებით.

      – კარგი, კარგი! მე ხომ ეს... კარგად იცი, ასე რატომ გამოვიდა, – იმიტომ, რომ გული მაქვს კეთილი. ჰოდა, მეწყინა, ისე რომ ვერ მოგიყევი, როგორც მინდოდა. მსურდა, გამეხარებინე, სიამოვნება მომენიჭებინა, რიგიანად მომეყოლა, ყველაფერი გამემხილა... გეფიცები, არკაშა, ისე მიყვარხარ, შენ რომ არ იყო, ასე მგონია, არც დავქორწინდებოდი, და, საერთოდ, ამქვეყნად არც ვიცხოვრებდი!

      არკადი ივანოვიჩი, რომელიც განსაკუთრებული მგრძნობიარობით გამოირჩეოდა, ვასიას უსმენდა და თან იცინოდა, თან ტიროდა. ასევე, ვასიაც. ბოლოს კვლავ ერთმანეთს გადაეხვივნენ და მომხდარი წამსვე დაავიწყდათ.

      – ეს როგორ მოხდა, როგორ? ყველაფერი მიამბე, ვასია! მაპატიე, ძმაო, მაგრამ განცვიფრებული ვარ, სრულიად განცვიფრებული; ღმერთმანი, თითქოს მეხი დამეცა! არა, ძმაო, არა, შენ ეს მოიგონე, ნამდვილად მოიგონე, მოიტყუე! – შესძახა არკადი ივანოვიჩმა და ვასიას ალალად დაეჭვებულმა შეხედა, მაგრამ, როდესაც მის სახეზე გარკვევით ამოიკითხა, რომ ცოლის მოყვანა განეზრახა, თან, რაც შეიძლება სწრაფად, აღფრთოვანებული, საწოლზე დახტა და ისე ენერგიულად შეუდგა ყირაზე გადასვლას, რომ კედლებიც კი შეზანზარდა.

      – ვასია, მოდი, აქ დაჯექი! – დაიყვირა მან, როდესაც, როგორც იქნა, საწოლზე მოკალათდა.

      – რომ არ დაგიმალო, ძმაო, არც კი ვიცი, რით დავიწყო!

      სიხარულისგან აღელვებული მეგობრები ერთმანეთს შეჰყურებდნენ.

      – სადაური ქალია, ვასია?

      – არტემიევებისა!.. – წარმოთქვა ვასიამ ბედნიერებისგან მისუსტებული ხმით.

      – რას ამბობ!

      – ჰო, მე ხომ ყურები გამოგიჭედე მათზე ლაპარაკით, შემდეგ გავჩუმდი, შენ კი ვერაფერი შეამჩნიე. ოჰ, არკაშა, რომ იცოდე, როგორ გამიჭირდა შენგან ამის დამალვა; მაგრამ მეშინოდა, თქმის მეშინოდა! მეგონა, რომ არაფერი გამოვიდოდა, არადა, შეყვარებული ვარ, არკაშა! ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! აი, როგორ მოხდა ეს ამბავი, – დაიწყო მან, თან აღელვებისგან წამდაუწუმ ჩერდებოდა, – მას საქმრო ჰყავდა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, რომელიც მოულოდნელად სადღაც მიავლინეს; ვიცნობდი კიდეც მას – თუმცა ისეთი იყო... ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს! ჰოდა, დაიკარგა, ერთი წერილიც არ მოუწერია. ელოდნენ, ელოდნენ; ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა... ერთიც ვნახოთ, ოთხი თვის წინ, ცოლიანი არ დაბრუნდა? ცხადია, მათთან ფეხიც აღარ მიუდგამს. რა უხეშობაა! რა სიმდაბლეა! მათ კი არავინ ჰყავთ, რომ გამოესარჩლოს. საბრალო ქალი ტიროდა და ტიროდა, მე კი შემიყვარდა... არა, მე ის ყოველთვის მიყვარდა! მისი ნუგეშისცემა ვცადე, ხშირად ვაკითხავდი... სიმართლე გითხრა, არც კი ვიცი, ეს როგორ მოხდა, ოღონდ, მასაც შევუყვარდი; ერთი კვირის წინ თავი ვეღარ შევიკავე, ავტირდი, ავქვითინდი და ყველაფერში გამოვუტყდი – ჰო! რომ მიყვარს, – ერთი სიტყვით, ყველაფერი ვუთხარი!.. «თქვენი სიყვარულისთვის მეც მზად ვარ, ვასილი პეტროვიჩ, მაგრამ არ დამცინოთ

      და ღარიბი ქალიშვილი ვარ; ვინმეს შეყვარებასაც კი ვერ ვბედავ». ხომ ხვდები, ძმაო! ხვდები, არა?.. ამ საუბრის მერე ერთმანეთს სიტყვა მივეცით და დავინიშნეთ; ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე და ვეუბნები: დედას როგორ ვუთხრათ-მეთქი? მიპასუხა: ეს რთული საკითხია, ცოტა მოიცადეთ; შეშინებულია: ახლა, ალბათ, ჩემს თავს არ დაგითმობთო. თვითონ კი ტირის. დღეს ისე, რომ მისთვის არაფერი მითქვამს, მოხუც ქალს ვეახლე. ლიზანკამ მუხლებზე დაუჩოქა, მეც... ჰოდა, დაგვლოცა. არკაშა, არკაშა! ჩემო კარგო! ერთად ვიცხოვრებთ. არა! შენ ვერაფრით დაგშორდები.

      – ვასია, როგორ არ გაკვირდები, მაგრამ არ მჯერა, ღმერთმანი, როგორღაც ვერ ვიჯერებ, გეფიცები. არ დაგიმალავ, სულ რაღაც მეჩვენება... მომისმინე, მაშ, ქორწინდები, არა?.. მე რატომ არ ვიცოდი, ჰა? ვასია, გამოგიტყდები, ძმაო, რომ მეც ვაპირებდი ცოლის მოყვანას; მაგრამ, რადგან შენ ქორწინდები, უკვე სულერთია! აბა, ბედნიერებას გისურვებ, ბედნიერი იყავი!..

      – ძმაო, გული ისე ტკბილად მიძგერს, ისე თავისუფლად ვსუნთქავ... – თქვა ვასიამ, წამოდგა და აღელვებული შეუდგა ოთახში წინ და უკან სიარულს, – ასე არ არის? ხომ ასეა? შენც იმავეს გრძნობ, არა? ცხადია, ღარიბულად ვიცხოვრებთ, სამაგიეროდ, ბედნიერები ვიქნებით; ეს ხომ ქიმერა არ არის; ჩვენი ბედნიერება წიგნში კი არ ამოგვიკითხავს: მართლა ბედნიერები ვიქნებით!..

      – ვასია, ვასია, მომისმინე!

      – რა მოხდა? – თქვა ვასიამ და არკადი ივანოვიჩის წინ შეჩერდა.

      – ერთი აზრი მომივიდა, მაგრამ, როგორღაც თქმაც კი მეშინია შენთვის!.. მაპატიე, მაგრამ ეჭვი უნდა გამიფანტო. რა საშუალებით აპირებ ცხოვრებას? მე, ცხადია, აღფრთოვანებული ვარ, ცოლი რომ მოგყავს, ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ და თავს ვერ ვიკავებ, მაგრამ – თავს რით გაიტან? ჰა?

      – ოჰ, ღმერთო, ღმერთო ჩემო! რანაირი ხარ, არკაშა! – თქვა ვასიამ და ნეფედევიჩს საშინლად გაოცებული მიაჩერდა, – რა დაგემართა? მოხუცი რომ მოხუცია, ორ წუთზე მეტი იმასაც კი არ უფიქრია, როდესაც ყველაფერი მკაფიოდ ავუხსენი. შენ ის იკითხე, აქამდე როგორ გაჰქონდათ თავი! ხუთასი მანეთი წელიწადში სამ სულზე. ცხოვრობდნენ თვითონ, მოხუცი დედა და კიდევ ძმა, რომლის სწავლის ფულსაც იმავე ფულიდან იხდიდნენ, – აი, როგორ ცხოვრობენ! ეს, ჩვენ ვართ კაპიტალისტები! მე, რომ იცოდე, ზოგჯერ, თუ კარგი წელია, შვიდასიც კი გამომსვლია.

      – მომისმინე, ვასია; ბოდიშის მოხდით გეტყვი; ღმერთმანი, ისე ვამბობ, სულ ვფიქრობ, რამე არ გავაფუჭო – რომელ შვიდასზე მელაპარაკები? მხოლოდ სამასი...

      – სამასი!.. მერედა, იულიან მასტაკოვიჩი? დაგავიწყდა?

      – იულიან მასტაკოვიჩი! ეს ხომ არასტაბილური საქმეა, ძმაო; ეს ჯამაგირის სახით აღებული სამასი მანეთი არ გეგონოს, სადაც ყოველი მანეთი შეუცვლელი მეგობარივითაა. იულიან მასტაკოვიჩი, ცხადია, დიახ, დიდი ადამიანიც კი არის, მას პატივს ვცემ, მესმის მისი, ტყუილუბრალოდ ხომ არ დგას ამ სიმაღლეზე, და, ღმერთმანი, მიყვარს კიდეც იგი, იმიტომ, რომ მას შენ უყვარხარ და შესრულებული სამუშაოსთვის გასაჩუქრებს კიდეც, არადა, შეეძლო არც გადაეხადა და პირდაპირ ჩინოვნიკი მიევლინა, მაგრამ დამეთანხმე, ვასია... აი, კიდევ რა: სისულელეს არ ვამბობ; გეთანხმები, რომ მთელ პეტერბურგში შენისთანა კალიგრაფია არავის აქვს, აქ მზად ვარ, დაგითმო, – ერთგვარი აღფრთოვანებით დაასკვნა ნეფედევიჩმა, – მაგრამ მოულოდნელად, – ღმერთო დაგვიფარე! – ვთქვათ, და აღარ მოეწონე, ან ვერ ასიამოვნე, ან, ვთქვათ, ეს საქმიანობა შეწყვიტა, ან, დავუშვათ, სხვა აიყვანა – ბოლოს და ბოლოს, უამრავი რამე შეიძლება მოხდეს! ჰოდა, ფაფუ იულიან მასტაკოვიჩი, ვასია...

      – მომისმინე, არკაშა, ასე ხომ ახლა, შესაძლოა, ჭერი დაგვემხოს თავზე...

      – ჰო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... მე ხომ ისე...

      – არა, მომისმინე, კარგად მომისმინე – აი, რას გეტყვი: როგორ შეიძლება, რომ გამიშვას... არა, შენ მხოლოდ მომისმინე, მომისმინე-მეთქი. მე ხომ ყველაფერს გულმოდგინედ ვასრულებ; ის კი ისეთი კეთილია, მან ხომ, არკაშა, მან ხომ დღეს ორმოცდაათი მანეთი მომცა ვერცხლის ფულით!

      – მართლა, ვასია? მაშ, ჯილდო დაიმსახურე?

      – რა ჯილდო! საკუთარი ჯიბიდან მომცა. ასე მითხრა: შენ, ძამიკო, მეხუთე თვეა, ფული არ მიგიღია; თუ გინდა, აიღე; გმადლობთ, გმადლობთ, კმაყოფილი ვარო... ღმერთმანი! თან დაამატა: მუქთად ხომ არ მუშაობ ჩემთვის, მართლა და მართლაო! სწორედ ასე მითხრა. ცრემლები გადმომცვივდა, არკაშა. ღმერთო ჩემო!

      – მომისმინე, ვასია, იმ ქაღალდების წერა დაასრულე?..

      – არა... ჯერ არ დამისრულებია.

      – ვა...სინკა! ჩემო ანგელოზო! ეს რა გააკეთე?

      – მომისმინე, არკაშა, არაფერია, კიდევ ორი დღე მაქვს, მოვასწრებ...

      – აქამდე რატომ არ დაწერე?..

      – აი, ხომ ხედავ, ხომ ხედავ! ისეთი დამწუხრებული სახით მიყურებ, რომ მთელი შიგნეულობა მეწვის, გული მტკივა! მერედა, რა მოხდა? ყოველთვის ასე იცი, ლამის მომკლა ხოლმე! ბარემ «ა-ა-ა» დაიყვირე! აბა, დაფიქრდი: განა ასე შეიძლება? დავასრულებ, ღმერთმანი, დავასრულებ...

      – თუ ვერ დაასრულე? – შესძახა არკადიმ და წამოხტა, – არადა, მან ხომ დღეს დაგაჯილდოვა! თანაც, ცოლი მოგყავს... ვაი-ვაი-ვაი!..

      – არაფერია, არაფერია, – იყვირა შუმკოვმა, ახლავე დავჯდები, ამწუთას; არაფერია!

      – როგორ მოხდა, რომ გული ვერ დაუდე, ვასიუტკა?

      – ოჰ, არკაშა! აბა, როგორ ჩავჯდომოდი? განა ასეთი ვიყავი? მე კანცელარიაშიც ძლივს ვძლებდი; გული არ მასვენებდა... ოჰ! ოჰ! ახლა ღამეს გავათენებ, ხვალაც ღამეს გავათენებ, ზეგაც, და დავასრულებ!

      – ბევრი დაგრჩა?

      – ხელს ნუ მიშლი, ღვთის გულისთვის, გაჩუმდი...

      არკადი ივანოვიჩი თითის წვერებზე მივიდა საწოლთან და დაჯდა; შემდეგ, მოულოდნელად, ადგომა დააპირა, მაგრამ კვლავ დაჯდომა მოუწევდა, გაახსენდა, რომ შესაძლოა, ხელი შეეშალა, თუმცა აღელვებისგან ჯდომაც აღარ შეეძლო: ეტყობოდა, სიახლეს ძალზე ემოქმედა და პირველ აღფრთოვანებას ჯერაც არ გადაევლო. მან შუმკოვს შეხედა, შუმკოვმა – მას, გაუღიმა, თითი მუქარით დაუქნია, შემდეგ წარბები საშინლად შეჭმუხნა (თითქოს სამუშაოს წარმატება ამაზე იყო დამოკიდებული) და ქაღალდებს ჩააცქერდა.

      შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ვერც მას დაეძლია მღელვარება, წამდაუწუმ კალამს იცვლიდა, სკამზე მოუსვენრად წრიალებდა, კვლავ წერას განაგრძობდა, მაგრამ ხელი უკანკალებდა და არ ემორჩილებოდა.

      – არკაშა! მე მათ შენ შესახებ ვუთხარი, – შესძახა მან უცებ, თითქოს ახლა გაახსენდაო.

      – მართლა? – გამოეხმაურა არკადი, – მეც სწორედ ამის კითხვას ვაპირებდი; მერე?

      – მერე? ჰო, კარგი, ყველაფერს მოგვიანებით მოგიყვები! ღმერთმანი, ჩემი ბრალია, სულ

      გადამავიწყდა, რომ კრინტი არ უნდა დამეძრა, სანამ ოთხ გვერდს არ დავწერდი; მაგრამ შენ და ისინი გამახსენდით. არა, ძმაო, ასე ვერაფერს დავწერ: სულ თქვენ მახსენდებით... – ვასიას გაეღიმა.

      ერთხანს ორივე დუმდა.

      – ფუი, რა საზიზღრობაა! – შესძახა შუმკოვმა, გულმოსულმა, კალამი მაგიდაზე დაახეთქა და ახალი აიღო.

      – ვასია! მომისმინე! ერთი სიტყვა...

      – რა? სწრაფად მითხარი და აღარ შემაწუხო.

      – ბევრი დაგრჩა?

      – ოჰ, ძმაო!.. – ვასია ისე შეიჭმუხნა, თითქოს ამქვეყნად არაფერი იყო ამ შეკითხვაზე საშინელი და მომაკვდინებელი, – ბევრი, ძალიან ბევრი!

      – იცი, იდეა მომივიდა...

      – რა თქვი?

      – არა, არა, წერე.

      – ჯერ მითხარი. რა იდეა?

      – უკვე შვიდი საათი დაიწყო, ვასიუკ!

      ნეფედევიჩმა გაიღიმა და ვასიას თვალი ეშმაკურად, მაგრამ მაინც ცოტა მორიდებით ჩაუკრა, რადგან არ იცოდა, ამას როგორ მიიღებდა.

      – მეტყვი თუ არა? – თქვა ვასიამ, წერას თავი მიანება, მეგობარს თვალებში მიაცქერდა და მოლოდინისგან გაფითრდა კიდეც.

      – იცი, რა?

      – რა, ღვთის გულისთვის?

      – იცი, რა? შენ ღელავ, ბევრს ვერ იმუშავებ... მოიცა, მოიცა, მოიცა, მოიცა – ვხედავ, ვხედავ –

      მომისმინე! – დაიწყო ნეფედევიჩმა, ლოგინიდან აღფრთოვანებული წამოხტა და შეპასუხება არ აცალა ვასიას, რომელიც რაღაცის თქმას აპირებდა, – ჯერ უნდა დამშვიდდე, ძალა მოიკრიბო, ხომ ასეა?

      – არკაშა! არკაშა! – შესძახა ვასიამ და სავარძლიდან წამოვარდა, – მთელი ღამე ვიჯდები, ღმერთმანი, ვიჯდები!

      – აბა, რა! აბა, რა! მხოლოდ დილისთვის ჩაგეძინება...

      – არ ჩამეძინება, არ ჩამეძინება...

      – არა, არ შეიძლება, არ შეიძლება; ცხადია, ჩაგეძინება. ხუთ საათზე დაიძინე. რვაზე გაგაღვიძებ. ხვალ დღესასწაულია; დაჯდები და მთელი დღე წერ... შემდეგ ღამე და... ბევრი დაგრჩა?..

      – აი, ნახე, ნახე!..

      აღფრთოვანებისა და მოლოდინისგან აკანკალებულმა ვასიამ მეგობარს რვეული გაუწოდა.

      – აჰა!..

      – მომისმინე, ძმაო, ეს ხომ ცოტაა...

      – ჩემო კარგო, იქ კიდევ არის, – მიუგო ვასიამ და დიდი მორიდებით შეხედა ნეფედევიჩს, თითქოს მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული წასვლა-არწასვლის გადაწყვეტილების მიღება.

      – რამდენი?

      – ორი... ფურცელი...

      – მერე რა? კარგი, მომისმინე! დასრულებას მოვასწრებთ, ღმერთმანი, მოვასწრებთ!

      – არკაშა!

      – ვასია! მომისმინე! ახლა ახალ წელს ყველა თავის სახლში, ოჯახთან ერთად ხვდება. მარტო მე და შენ ვართ უსახლკაროები, ობლები... უჰ, ვასენკა!..

      ნეფედევიჩი ვასიას მოეხვია და ლომის მკლავებში მოიქცია.

      – არკადი, გადაწყვეტილია!

      – ვასიუკ, სწორედ ახლა ვაპირებდი ამის თქმას. ხომ ხედავ, ვასიუკ, ჩემო ჩორთავ! მომისმინე! მომისმინე! იცი, რა...

      არკადი პირღია შეჩერდა, რადგან აღფრთოვანებისგან ვეღარ ლაპარაკობდა. ვასიას მისთვის მხრებში ხელები ჩაევლო, თვალებგაფართოებული მისჩერებოდა და ისე ამოძრავებდა ტუჩებს, თითქოს თვითონ სურდა მის მაგივრად სათქმელის დასრულება.

      – აბა! – თქვა ბოლოს.

      – წარმადგინე დღეს მათთან!

      – არკადი! წავიდეთ იქ, ჩაი დავლიოთ! იცი რა? იცი რა? ახალ წლამდე არც დავრჩეთ, ადრე წამოვიდეთ, – შესძახა ჭეშმარიტად შთაგონებულმა ვასიამ.

      – ანუ, ორი საათი, არც მეტი, არც ნაკლები!..

      – შემდეგ კი განშორება მანამ, სანამ არ დავამთავრებ!..

      – ვასიუკ!..

      – არკადი!

      სამ წუთში არკადი საგარეოდ გამოეწყო. ვასიამ მხოლოდ ტანსაცმელი გაიწმინდა, რადგან ისე თავგამოდებით შესდგომოდა საქმეს, რომ სამოსი არც გამოეცვალა.

      აჩქარებით გავიდნენ ქუჩაში, ორივეს ძალიან უხაროდა. პეტერბურგის მხრიდან კოლომნაში[1] უნდა მისულიყვნენ. არკადი ივანოვიჩი მხნედ და ენერგიულად მიაბიჯებდა, ასე რომ, მხოლოდ მისი სიარულის მანერითაც შეიძლებოდა იმის დანახვა, თუ როგორ უხაროდა ბედნიერი ვასიას კეთილდღეობა. ვასია კი პატარ-პატარა ნაბიჯებით მიცუხცუხებდა, ოღონდ, ღირსებას არ კარგავდა. არკადი ივანოვიჩს იგი ამაზე უკეთეს ფორმაში არასოდეს ენახა. ამწუთას იგი ერთგვარად უფრო მეტადაც სცემდა მას პატივს, და ვასიას ცნობილი ფიზიკური ნაკლი, რომლის შესახებაც მკითხველმა ჯერ არაფერი იცის (ვასია ოდნავ გვერდმრუდი იყო), და რომელიც არკადი ივანოვიჩის კეთილ გულში ყოველთვის ღრმა სიბრალულს იწვევდა, ამჟამად კიდევ უფრო მეტად უწყობდა ხელს, მეგობრისადმი გრძნობათა მოზღვავებას, რასაც, ვასია, რა თქმა უნდა, იმსახურებდა. არკადი ივანოვიჩს ბედნიერებისგან ტირილიც კი მოუნდა, მაგრამ თავი შეიკავა.

      – საით, საით, ვასია? ასე წავიდეთ, უფრო ახლოა! – შესძახა მან, როდესაც დაინახა, რომ ვასია ვოზნესენსკის პროსპექტისკენ აპირებდა შეხვევას.

      – გაჩუმდი, არკაშა, გაჩუმდი...

      – ასე მართლა უფრო ახლოა, ვასია.

      – არკაშა! იცი, რა? – დაიწყო ვასიამ იდუმალი, სიხარულისგან ჩამწყდარი ხმით, – იცი, რა? მინდა, რომ ლიზანკას საჩუქარი მივართვა...

      – მაინც, რა?

      – აი, აქ, კუთხეში, მადამ ლერუს საუცხოო მაღაზიაა!

      – აჰა! მერე?

      – ჩაჩი, ჩემო კარგო, ჩაჩი; დღეს ისეთი საყვარელი ჩაჩი ვნახე; ვიკითხე კიდეც: ასე მითხრეს, მანონ ლესკოს ფასონისააო – სასწაულია! ალუბლისფერი ლენტები აქვს, და თუ ძვირი არ იქნა... არკაშა, თუნდაც ძვირი ღირდეს!..

      – შენ, ჩემი აზრით, ყველა პოეტზე მაღლა დგახარ, ვასია! წავიდეთ!..

      მეგობრებმა სირბილით განაგრძეს გზა და ორი წუთის შემდეგ მაღაზიაში შევიდნენ. მათ შავთვალა, კულულებიანი ფრანგი ქალი შეეგება, რომელმაც, შეხედა თუ არა თავის მყიდველებს, მათსავით მხიარული და ბედნიერი სახე მიიღო, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო ბედნიერი. აღფრთოვანებული ვასია მზად იყო, გადაეკოცნა კიდეც მადამ ლერუ.

      – არკაშა! – თქვა მან ხმადაბლა და თვალი შეავლო ყოველივე მშვენიერსა და დიდებულს, რაც მაღაზიის უზარმაზარ მაგიდაზე, ხის სვეტებზე იდგა, – სასწაულია პირდაპირ! ეს რა არის? რა არის? ხედავ, მაგალითად, აი, ამ ბონბონჩიკს[2]? – ჩაიჩურჩულა ვასიამ და ერთ განაპირა ჩაჩზე მიუთითა, ოღონდ არა იმაზე, რომლის ყიდვაც სურდა, ვინაიდან შორიდანვე იჯერა გული მისი ყურებით და სხვას მიაშტერდა, სახელგანთქმულს, ნამდვილს, მეორე ბოლოში რომ იდგა. ისე შესცქეროდა, იფიქრებდით, ან ვინმე მოიპარავს, ან სადმე გაფრინდება, რათა ვასიას ხელში არ აღმოჩნდესო.

      – აი, – თქვა არკადი ივანოვიჩმა და ერთ-ერთზე მიუთითა, – ჩემი აზრით, ეს საუკეთესოა.

      – ო-ო, არკაშა! ქების ღირსი ხარ; ახლა გაცილებით მეტ პატივს გცემ ასეთი გემოვნების გამო, – თქვა ვასიამ, რომელმაც იეშმაკა არკაშასთვის სიამოვნების მისანიჭებლად, – ეგ ჩაჩი მშვენიერია, მაგრამ ერთი აქ მოდი!

      – აბა, რომელია, ძმაო, უკეთესი?

      – ამას შეხედე!

      – ეს? – ეჭვნეულად იკითხა არკადიმ.

      მაგრამ, როდესაც ვასიამ ვეღარ მოითმინა და იგი ხის ბოძიდან მოჰგლიჯა, – შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ჩაჩი თავისით, საკუთარი ნებით მოსწყდა ხის სადგამს, თითქოს ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ასეთი კარგი მყიდველის დანახვა გაუხარდაო, – როდესაც მისი ყველა ლენტი, ფურჩალი და მაქმანი ატკაცუნდა, არკადი ივანოვიჩს მძლავრი მკერდიდან მოულოდნელად აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდა. შორიახლოს მდგომმა მადამ ლერუმაც კი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავდაჭერილად აკვირდებოდა მათ და აშკარად ეტყობოდა, რომ გემოვნების საკითხში გაცილებით უკეთ ერკვეოდა, თუმცა მხოლოდ მოწყალედ დუმდა, ვასიას, მოწონების ნიშნად, ისე ფართოდ გაუღიმა, თითქოს ყველაფრით – მზერით, ჟესტითა და ამ ღიმილითაც ეუბნებოდა: დიახ! თქვენ გამოიცანით და იმ ბედნიერების ღირსი ხართ, რომელიც გელოდებათო.

      – არადა, კეკლუცობდა განმარტოებით მყოფი, კეკლუცობდა! – შესძახა ვასიამ და მთელი თავისი

      სიყვარული ამ მშვენიერ ჩაჩზე გადაიტანა, – განზრახ იმალებოდა, ეს ეშმაკუნა... გენაცვალე! – აქ, მან აკოცა კიდეც მას, ანუ ჰაერს, რადგან ძვირფას ნივთთან შეხებისაც კი ეშინოდა.

      – ასე მალავს საკუთარ თავს ჭეშმარიტი მსახურება და სათნოება, – გასამხიარულებლად დაამატა აღფრთოვანებულმა არკადიმ, რომელსაც ეს ფრაზა დილით ამოეკითხა ერთ-ერთ, მახვილგონიერებით გამორჩეულ გაზეთში, – აბა, ვასია, რა გადაწყვიტე?

      – ვივატ, არკაშა! დღეს ენამახვილობ კიდეც. გარწმუნებ, როგორც ქალები იტყვიან ხოლმე, რომ ფურორს მოახდენ. მადამ ლერუ, მადამ ლერუ!

      – რას მიბრძანებთ?

      – ძვირფასო, მადამ ლერუ!

      მადამ ლერუმ არკადი ივანოვიჩს შეხედა და მოწყალედ გაუღიმა.

      – არ დაიჯერებთ, როგორ გაღმერთებთ ამწუთას... ნება მომეცით, გაკოცოთ... – და ვასიამ მაღაზიის მფლობელს აკოცა.

      ასეთ დროს მთელი ღირსების მოხმობაა საჭირო, რათა ადამიანმა ამგვარი გიჟმაჟის გვერდით თავი არ დაიმციროს. მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ ამისთვის თანდაყოლილი, წრფელი თავაზიანობა და გრაციოზულობაც აუცილებელია, სწორედ ისეთი, როგორიც მადამ ლერუმ გამოხატა ვასიას აღფრთოვანების მიმართ. მან აპატია მას, თან ეს ძალზე გონივრულად და გრაციოზულად მოახერხა! ნუთუ შეიძლებოდა ვასიაზე გაბრაზება?

      – მადამ ლერუ, რა არის ამისი ფასი?

      – ხუთი მანეთი ვერცხლის ფულით, – მიუგო ქალმა, თმა შეისწორა და კვლავ გაიღიმა.

      – და ეს, მადამ ლერუ? – იკითხა არკადი ივანოვიჩმა და თავის არჩევანზე მიუთითა.

      – რვა მანეთი ვერცხლის ფულით.

      – მაგრამ მოითმინეთ! მოითმინეთ! გვითხარით, მადამ ლერუ, რომელია უკეთესი, უფრო გრაციოზული და საყვარელი, რომელი უფრო მისაღებია თქვენთვის?

      – ის უფრო მდიდრულია, მაგრამ თქვენი არჩევანი – c’est plus coquet[3].

      – ჰოდა, სწორედ ის ავიღოთ!

      მადამ ლერუმ ძალზე თხელი ქაღალდის ფურცელი ქინძისთავით დაამაგრა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ჩაჩიანი ქაღალდი უწინდელზე, უჩაჩოზე მსუბუქი გახდა. ვასიამ იგი ფრთხილად, სუნთქვაშეკრულმა ჩამოართვა, დაემშვიდობა, კიდევ რაღაც ძალზე თავაზიანი სიტყვები დაამატა და მაღაზიიდან გავიდა.

      – ვივიერი[4] ვარ, არკაშა, ვივიერად დაბადებული! – ყვიროდა ვასია, თან ხან ხარხარებდა, ხან უხმოდ, ნაწყვეტ-ნაწყვეტად, ნერვულად იცინოდა და შორიდან უვლიდა გამვლელებს, რადგან ეჭვობდა, რომ მათ მისი უძვირფასესი ჩაჩის დაზიანება სურდათ!

      – მომისმინე, არკადი, მომისმინე! – დაიწყო ერთი წუთის შემდეგ და მის ხმაში რაღაც საზეიმო, უსაზღვრო სიყვარულით აღსავსე გაისმა, – არკადი, ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი ბედნიერი!..

      – ვასენკა! რომ იცოდე, მე როგორი ბედნიერი ვარ, ჩემო კარგო!

      – არა, არკაშა, არა, ვიცი, რომ უზომოდ გიყვარვარ, მაგრამ იმის მეასედსაც კი ვერ შეიგრძნობ, რასაც ახლა მე განვიცდი. ჩემი გული სავსეა, გადავსებულია! არკაშა! არ ვარ ამ ბედნიერების

      ღირსი! მესმის ეს, ვგრძნობ ამას. რით დავიმსახურე, – ამბობდა იგი და ყელში მოწოლილ ქვითინს იხშობდა, – მითხარი, ასეთი რა გავაკეთე! შეხედე, რამდენი ადამიანი, რამდენი ცრემლი, რამდენი მწუხარება და საყოველდღეო ცხოვრებაა უდღესასწაულოდ! მე კი, რა? ისეთ ქალიშვილს ვუყვარვარ, ისეთს... მაგრამ მალე მას თვითონ ნახავ, თვითონ შეაფასებ ამ კეთილშობილ გულს. წარმოშობით უაზნოს ახლა ჩინიც მაქვს და დამოუკიდებელი შემოსავალიც – ჯამაგირი. დაბადებიდანვე ფიზიკური ნაკლი დამყვა, ცოტათი გვერდმრუდი ვარ. მან კი, შეხედე, სწორედ ასეთი შემიყვარა. დღეს იულიან მასტაკოვიჩი ისეთი ალერსიანი იყო, ისეთი ყურადღებიანი, ისეთი თავაზიანი; საერთოდ, იშვიათად მელაპარაკება; მომიახლოვდა და მითხრა: «აბა, ვასია (ღმერთმანი, მართლა ვასია მიწოდა), მიდიხარ დღესასწაულზე საქეიფოდ, ჰა?» (თვითონ იცინის).

      «ასე და ასე, ვეუბნები, თქვენო აღმატებულებავ, საქმე მაქვს, – მაგრამ მაშინვე გავმხნევდი და განვაგრძე: – შესაძლოა გავმხიარულდე კიდეც, თქვენო აღმატებულებავ», – ღმერთმანი, ასე ვუთხარი. შემდეგ მან ფული მომცა, ორიოდე სიტყვაც მითხრა. მე კი, ძმაო, ავტირდი, ღმერთმანი, ცრემლები გადმომცვივდა. მგონი, მასაც აუჩუყდა გული, მხარზე ხელი მომითათუნა და მითხრა: «შეიგრძენი, ვასია, ყოველთვის ისე შეიგრძენი, როგორც ახლა შეიგრძნობ...»

      ვასია წამით დადუმდა. არკადი ივანოვიჩმა პირი იბრუნა და თვითონაც მოიწმინდა ცრემლი მუშტით.

      – და კიდევ, კიდევ... – განაგრძო ვასიამ, – შენთვის ეს არასოდეს მითქვამს, არკადი... არკადი! შენ ისე მაბედნიერებ შენი მეგობრობით, უშენოდ ამქვეყნად ვერ ვიცხოვრებდი, – არა, არა, ნურაფერს მეტყვი, არკაშა! ნება მომეცი, ხელი ჩამოგართვა, ნება მომეცი, მადლობა გა...და... გი...ხა...დო!.. – ვასიამ კვლავ ვერ დაასრულა.

      არკადი ივანოვიჩს უნდოდა, დაუყოვნებლივ გადახვეოდა ვასიას, მაგრამ, ვინაიდან ქუჩაზე გადადიოდნენ და თითქმის ყურის ძირში მოესმათ გამყინავი: «გზა, გზა, მოეცალე!» – ორივენი ადგილს მოსწყდნენ და ტროტუარამდე სირბილით მივიდნენ. არკადი ივანოვიჩს ეს გაუხარდა კიდეც. ვასიას მხრიდან გულისნადების გამჟღავნებას მხოლოდ იმ მომენტის განსაკუთრებულობით თუ ახსნიდა. თვითონ კი გული დასწყდა. გრძნობდა, რომ აქამდე ვასიასთვის ძალზე ცოტა გაეკეთებინა! შერცხვა კიდეც, როდესაც ასეთი წვრილმანის გულისთვის ვასია მადლობის თქმას შეუდგა! მაგრამ მთელი ცხოვრება ჯერ წინ იყო და არკადი ივანოვიჩმა შვებით ამოისუნთქა.

      მათ აშკარად აღარ ელოდნენ! მტკიცებულება? ისინი უკვე ჩაის მიირთმევდნენ! მერწმუნეთ,

      ხანდაზმული ადამიანი ზოგჯერ ახალგაზრდებზე შორსმჭვრეტელია, თანაც როგორ ახალგაზრდებზე! ლიზანკა ხომ მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ არ მოვიდოდა; «არ მოვა, დედა; გული მიგრძნობს, რომ არ მოვა»; დედა კი გამუდმებით იმეორებდა, რომ, პირიქით, გული უგრძნობდა, რომ აუცილებლად მოვიდოდა, რომ ვერ მოისვენებდა, მოირბენდა, რომ ახლა სამსახურის საქმეებიც არ ჰქონდა, თანაც ახალი წელი დგებოდა! ლიზანკა მაშინაც არ ელოდა, როდესაც კარს აღებდა. გააღო და თვალებს არ დაუჯერა, მათ სუნთქვაშეკრული შეეგება, მოულოდნელად გული ისე აუფრთხიალდა, როგორც დაჭერილ ჩიტს. სახე ჯერ აუალისფრდა, შემდეგ ალუბალივით წამოუწითლდა, რომელსაც საოცრად ჰგავდა. ღმერთო ჩემო, რა სიურპრიზი იყო! როგორი სიხარულით აღსავსე «ოჰ!» გამოუფრინდა პირიდან?! «მატყუარა! შენი ჭირიმე!» – შესძახა და ვასიას კისერზე მოეხვია... მაგრამ წარმოიდგინეთ მისი გაოცება, უეცარი სირცხვილი: ვასიას ზურგს უკან, თითქოს დამალვა სურსო, ოდნავ დაბნეული არკადი ივანოვიჩი იდგა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ის ქალებთან თავს უხერხულად გრძნობდა, ძალიან უხერხულად. ერთხელ ისე მოხდა, რომ... მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს მოგიყვებით. თუმცა, არკადის მდგომარეობასაც გაგებით მოეკიდეთ: სასაცილო არაფერი იყო; იდგა წინკარში, კალოშებით, შინელით, ყურებიანი ქუდით, რომელიც სასწრაფოდ მოიხადა, ზედ საშინლად შემოხვეული ყვითელი, მოქსოვილი, საძაგელი შარფით, მეტი ეფექტისთვის უკან რომ გამოეკვანძა. ეს ყველაფერი უნდა მოეხსნა, თანაც სწრაფად, ვინაიდან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ სურს, უფრო სახარბიელო სახით წარდგეს მასპინძლის წინაშე. აქ კი, ჯიბრზე,

      ვასია იდგა, საძაგელი, თუმცა, რა თქმა უნდა, საყვარელი, უგულკეთილესი ვასია, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, საძაგელი, შეუბრალებელი ვასია! «აი, – შესძახა მან, – ლიზანკა, ნახე ჩემი არკადი! როგორია? აი, ჩემი საუკეთესო მეგობარი, გადაეხვიე, გადაკოცნე, ლიზანკა, წინდაწინ გადაკოცნე, როცა უკეთ გაიცნობ, თვითონაც გადაკოცნი...» ჰოდა, რა ექნა? გეკითხებით, რა ექნა არკადი ივანოვიჩს? მას ჯერ შარფის ნახევარიც არ შეეხსნა! ღმერთმანი, ზოგჯერ მრცხვენია კიდეც ვასიას გადაჭარბებული აღფრთოვანების გამო; ეს, ცხადია, კეთილ გულზე მეტყველებს, მაგრამ... უხერხულია, ცუდია!

      როგორც იქნა, ორივენი შევიდნენ. მოხუცებულ ქალს უზომოდ გაუხარდა არკადი ივანოვიჩის გაცნობა; მას იმდენი სმენოდა, მას... მაგრამ მან ვერ დაასრულა. ოთახში სიხარულით აღსავსე, წკრიალა ხმით წარმოთქმული «ოჰ!» გაისმა და სიტყვა გააწყვეტინა. ღმერთო ჩემო! ლიზანკა.

      მოულოდნელად გამოჩენილი ჩაჩის წინ უმიამიტესად გულხელდაკრეფილი იდგა და იღიმოდა, ისე იღიმოდა... ღმერთო ჩემო, რატომ არ ჰქონდა მადამ ლერუს ამაზე უკეთესი ჩაჩი?

      ოჰ, ღმერთო ჩემო, სად იპოვით უკეთეს ჩაჩს? ამაზე ლაპარაკი საშინელებაა! სად აღმოაჩენთ უკეთესს? სერიოზულად გეუბნებით! შეყვარებულთა ასეთი უმადურობა ჩემში ერთგვარ აღშფოთებას იწვევს, ცოტათი გულსაც მტკენს. აბა, თვითონ შეხედეთ, ბატონებო, შეხედეთ, რა

      შეიძლება იყოს ამ ამურზე, ამ ჩაჩზე უკეთესი! მიდი, შეხედეთ... მაგრამ არა, არა, ჩემი წუწუნი უადგილოა; ყველანი უკვე დამეთანხმნენ; ეს წუთიერი შეცდომა იყო, ნისლი, გრძნობათა მოზღვავება; მზად ვარ, ვაპატიო... სამაგიეროდ, შეხედეთ... მომიტევეთ, ბატონებო, რომ სულ ამ ჩაჩს დავტრიალებ: ტიულისაა და მსუბუქი, ფართო, ალუბლისფერი, მაქმანით დაფარული ლენტი ტიულსა და ფურჩალს შორისაა გადებული. უკანაც არის ორი ლენტი – განიერი და გრძელი; ისინი კეფის ცოტა ქვემოთ დაეშვება, კისერზე... საჭიროა, რომ მთელი ჩაჩიც ოდნავ კეფაზე იყოს მოგდებული; აბა, შეხედეთ; მე კი ამის შემდეგ შეგეკითხებით!.. მაგრამ, როგორც ვხედავ, არც უყურებთ!.. თქვენთვის, როგორც ჩანს, სულერთია! სხვა მხარეს გაგიშტერდათ თვალი... ხედავთ ნახშირივით შავ თვალებზე მოულოდნელად მომდგარ, მოზრდილ, ბრილიანტის მსგავს, ცრემლის ორ წვეთს, რომლებიც წამით გრძელ წამწამებზე შეთრთოლდა, შემდეგ კი უფრო ჰაერში ჩაიკარგა, ვიდრე ტიულში – მადამ ლერუს მხატვრული ნაწარმოების მთავარ შემადგენელში... კვლავ გული დამწყდა: ეს ორი წვეთი ცრემლი, არსებითად, ხომ ჩაჩის გამო არ გაჩენილა!.. არა! ვფიქრობ, ასეთი ნივთის გულგრილად ჩუქებაა საჭირო. მხოლოდ მაშინ შეიძლება მისი ჭეშმარიტი ფასის დადგენა! გამოგიტყდებით, ბატონებო, რომ ყველა ჩაჩის მხარესაა!

      დასხდნენ: ვასია – ლიზანკას, მოხუცებული ქალი კი არკადი ივანოვიჩის გვერდით; წამოწყებულ საუბარში არკადი ივანოვიჩმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა. მე სიხარულით

      ვაღიარებ ამას. მისგან ეს ძნელი წარმოსადგენი იყო. ვასიაზე ნათქვამი ორიოდე სიტყვის შემდეგ მან შესანიშნავად ილაპარაკა იულიან მასტაკოვიჩის, მისი კეთილისმყოფლის შესახებ. ისე ჭკვიანურად მეტყველებდა, ისე ჭკვიანურად, რომ საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა. უნდა გენახათ, როგორ მოხერხებულად, როგორი ტაქტით აღნიშნავდა არკადი ივანოვიჩი იულიან მასტაკოვიჩის ზოგიერთ თავისებურებას, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდა ვასიას. მოხუცებული ქალიც მოიხიბლა, ჭეშმარიტად მოიხიბლა. ამაში თვითონ გამოტყდა. მან ვასია გვერდზე გაიხმო და იქ უთხრა, რომ მისი მეგობარი უშესანიშნავესი, უთავაზიანესი და, რაც მთავარია, სერიოზული და სოლიდური ახალგაზრდა კაცი იყო. ვასიამ ნეტარებისგან კინაღამ გულიანად გაიცინა. გაახსენდა, როგორ აბურთავებდა ეს სოლიდური არკაშა მას ლოგინზე თხუთმეტი წუთის განმავლობაში! შემდეგ მოხუცმა ვასიას თვალით ანიშნა, ჩუმად, ფრთხილად გაჰყოლოდა მეორე ოთახში. უნდა ითქვას, იგი არცთუ კარგად მოიქცა ლიზანკას მიმართ: უღალატა მას, ცხადია, მოჭარბებული გრძნობისგან, და გადაწყვიტა, გაემხილა, თუ რა საჩუქარი მოუმზადა ლიზანკამ ვასიას საახალწლოდ. ეს იყო მძივებით მორთული, ოქრომკედით შეკერილი საფულე, საუცხოო ნახატით: ერთ მხარეს ირემი გარბოდა თავაწყვეტით, რომელიც ცოცხალი გეგონებოდათ. მის ნახვას არაფერი ჯობდა! მეორე მხარეს ცნობილი გენერლის პორტრეტი მოჩანდა – ძალზე მიმსგავსებული და შესანიშნავად შესრულებული. ვასიას აღფრთოვანებაზე აღარაფერს ვამბობ. დრო ფუჭად არც სასტუმრო ოთახში დაუკარგავთ. ლიზანკა არკადი ივანოვიჩს მიეახლა, ორივე ხელი დაუჭირა და რაღაცის

      გამო მადლობა გადაუხადა. არკადი ივანოვიჩი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ საქმე კვლავაც უძვირფასეს ვასიას შეეხებოდა. ლიზანკას გული ფრიად აჩუყებოდა: გაგონილი ჰქონდა, რომ არკადი ივანოვიჩი მისი საქმროს ნამდვილი მეგობარი იყო, ისე უყვარდა იგი, ისე ზრუნავდა მასზე, ისეთ სასარგებლო რჩევებს აძლევდა, რომ მას, ლიზანკას, არ შეეძლო, ამისთვის მადლობა არ გადაეხადა და იმედოვნებდა, რომ არკადი ივანოვიჩი იმის ნახევარი ძალით მაინც შეიყვარებდა, როგორც ვასია უყვარდა. შემდეგ ქალიშვილი დაინტერესდა, უფრთხილდებოდა თუ არა ვასია თავის ჯანმრთელობას, ერთგვარი შიში გამოთქვა მისი ფიცხი ხასიათის, ხალხისა და პრაქტიკული ცხოვრების არასრულყოფილი ცოდნის გამო. დაამატა, რომ რელიგიურადაც დააკვირდებოდა მას მომავალში, მოუფრთხილდებოდა, მის ბედზე იზრუნებდა და იმედი ჰქონდა, რომ არკადი ივანოვიჩი არათუ მიატოვებდა მათ, არამედ მათთან ერთად იცხოვრებდა.

      – სამივენი ერთი ადამიანივით ვიცხოვრებთ! – შესძახა მან უმიამიტესი აღფრთოვანებით.

      ამასობაში წასვლის დროც დადგა. ცხადია, სთხოვეს, რომ კიდევ დარჩენილიყვნენ, მაგრამ ვასიამ გადაჭრით განაცხადა, ეს შეუძლებელიაო. არკადი ივანოვიჩმაც კვერი დაუკრა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ჰკითხეს, და მაშინვე გაირკვა, რომ იულიან მასტაკოვიჩს ვასიასთვის სასწრაფო, საჭირო, საშინელი საქმე დაევალებინა, რომელიც ზეგ დილისთვის უნდა გაემზადებინა. მას კი იგი არათუ არ დაესრულებინა, წესიერად ჯერ ხელიც არ

      მოეკიდებინა. ამის გაგონებაზე, მოხუცებული სახტად დარჩა, ლიზანკა კი შეშინდა, შეშფოთდა და ვასია ააჩქარა. გამოსამშვიდობებელ კოცნას ამით არაფერი დაჰკლებია; იგი უფრო ხანმოკლე და ნაჩქარევი, სამაგიეროდ, უფრო მწველი და მძაფრი გამოდგა. ბოლოს დაშორდნენ და ორი მეგობარი შინისკენ გაეშურა.

      როგორც კი ქუჩაში აღმოჩნდნენ, მაშინვე შთაბეჭდილებების გაზიარებას შეუდგნენ. ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ. სხვაგვარად ვერც იქნებოდა: არკადი ივანოვიჩი შეყვარებული გახლდათ, ლიზანკა შეჰყვარებოდა! და ვისთვის უნდა გაენდო ეს, თუ არა უბედნიერესი ვასიასთვის? ასეც მოიქცა: სულაც არ შერცხვენია და მაშინვე გამოუტყდა ვასიას ყველაფერში. ვასიას სიცილი აუტყდა, საშინლად გაუხარდა და შენიშნა კიდეც, ეს სულაც არ არის ზედმეტი და ახლა უფრო მეტად დავმეგობრდებითო. «შენ მიმიხვდი, ვასია, – თქვა არკადი ივანოვიჩმა, – დიახ! იგი შენსავით მიყვარს; როგორც შენი, ჩემი ანგელოზიც იქნება; მეც გადმომესხმება თქვენი ბედნიერება, მეც გამათბობს. ის ჩემი დიასახლისიც იქნება, ვასია; ჩემი ბედნიერება მის ხელთ აღმოჩნდება; შენთვისაც იდიასახლისოს და ჩემთვისაც. დიახ, შენდამი მეგობრობა მისდამი მეგობრობასაც ნიშნავს, ახლა ჩემთვის განუყოფლები ხართ; ოღონდ ამიერიდან, ერთის ნაცვლად, ორი შენნაირი არსება მეყოლება...» მოზღვავებული გრძნობებისგან არკადი გაჩუმდა; ვასია კი მისმა სიტყვებმა გულის სიღრმემდე შეძრა. საქმე ისაა, რომ არკადისგან ასეთ სიტყვებს არ ელოდა. საერთოდ, არკადი ივანოვიჩს ლაპარაკი არ ეხერხებოდა, ოცნებაც არ უყვარდა; ახლა კი, ახალ-ახალ, მხიარულ, წარმტაც ოცნებებში გადაეშვა!

      «ორივე თქვენგანზე ვიზრუნებ, ორივეს თავს შემოგევლებით, – კვლავ ალაპარაკდა იგი, – ჯერ ერთი, ვასია, თქვენს ყველა შვილს მოვნათლავ, უკლებლივ ყველას. მეორე, ვასია, მომავალზეც უნდა ვიფიქროთ. ავეჯი ვიყიდოთ, ბინა ვიქირავოთ, ისე რომ, მასაც, შენც და მეც ჩვენ-ჩვენი პატარა ოთახი გვქონდეს. იცი ვასია, ხვალვე შევათვალიერებ ჭიშკრებზე გამოკრულ განცხადებებს. სამი... არა, ორი ოთახი, მეტი არ გვჭირდება. იმასაც ვფიქრობ, ვასია, რომ დღეს სისულელე ვილაპარაკე, ფულს ვიშოვით; აბა, რა! როგორც კი თვალებში ჩავხედე, მივხვდი, რომ ვიშოვით. ყველაფერი მისთვის! უჰ, როგორ ვიმუშავებთ! ახლა, ვასია, შეგვიძლია, გავრისკოთ და ბინაში ოცდახუთი მანეთიც გადავიხადოთ. ბინა, ჩემო ძმაო, ყველაფერია! კარგი ოთახები... ასეთ პირობებში ადამიანიც მხიარულადაა, ოცნებებიც ლამაზია! თანაც, ლიზანკა ჩვენი საერთო მოლარე იქნება: არც ერთი ზედმეტი კაპიკი! არ იფიქრო, რომ კვლავაც ტრაქტირში გავიქცევი! ვინ გგონივარ? არავითარ შემთხვევაში! აქ დანამატი, ჯილდო გვერგება, ვინაიდან ბეჯითად ვიმუშავებთ! ხარებივით გავწევთ უღელს!.. აბა, წარმოიდგინე, – არკადი ივანოვიჩმა სიამოვნებისგან ხმას დაუდაბლა, – მოულოდნელად, სრულიად მოულოდნელად, ოცდაათი ან ოცდახუთი მანეთიანი რომ გაგვიჩნდეს!.. ყოველ ჯილდოზე ხან ჩაჩი, ხან შარფი, სხვადასხვაგვარი წინდა! მან მე აუცილებლად უნდა მომიქსოვოს შარფი; შეხედე, რას ჰგავს ჩემი: ყვითელი, საძაგელი, დღეს კინაღამ უბედურება დამატეხა თავს!.. შენც კარგი ვინმე ხარ, ვასია; წარმოგიდგენია? ვდგავარ, კისერზე უღელი მადევს... თუმცა ეს მთავარი არაა! რომ იცოდე, ვერცხლეულს საკუთარ თავზე ვიღებ! მე ხომ საჩუქრის ყიდვა მევალება – ეს პატივია, ეს

      ჩემს თავმოყვარეობას ეხება!.. ჩემი ფულადი ჯილდო არსად გაიქცევა: სკოროხოდოვს ხომ არ მისცემენ? იმ ყანჩას ალბათ ჯიბეში დიდხანს არც ჩარჩება. მე, ძმაო, ვერცხლის კოვზებს გიყიდით, კარგ დანებსაც – ვერცხლისას კი არა, საუცხოო დანებს, და ჟილეტსაც, ანუ ჟილეტს ჩემთვის: მე ხომ ხელისმომკიდე ვიქნები! აბა, დამიდექი, დამიდექი – დღესაც, ხვალაც, მთელი ღამე, ჯოხით დაგადგები თავზე, ძმაო, მუშაობით სულს ამოგხდი: დაასრულე! დაასრულე, ძმაო, მოუჩქარე! შემდეგ კვლავ მოსაღამოვდება, ყველანი ბედნიერები ვიქნებით: ლოტოს გავაჩაღებთ!.. ასე იქნება მუდამ – უჰ, რა კარგია! ფუჰ, დალახვროს ეშმაკმა! გული მწყდება, რომ ვერ გეხმარები, თორემ ავდგებოდი და ყველაფერს, ყველაფერს დავწერდი შენ მაგივრად... რატომ არ გვაქვს ერთნაირი ხელწერა?

      – ჰო! – მიუგო ვასიამ, – ჰო! უნდა ავჩქარდე. ვფიქრობ, ახლა თერთმეტი საათი იქნება; უნდა ავჩქარდე... მუშაობას უნდა შევუდგე! – ეს რომ წარმოთქვა, ვასია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ხან იღიმოდა, ხანაც ცდილობდა, რომელიმე აღფრთოვანებული შენიშვნით შეეწყვიტა მეგობრული გრძნობების გადმოფრქვევა და, ერთი სიტყვით, აღტყინებული იყო, მოულოდნელად მიჩუმდა, დადუმდა და ლამის სირბილით განაგრძო გზა. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ უეცრად რომელიღაც მძიმე აზრმა აღგზნებული თავი გაუყინა; თითქოს გული შეეკუმშა.

      არკადი ივანოვიჩი შეწუხდა კიდეც; სხაპასხუპით მიყრილ შეკითხვებზე თითქმის ვერ იღებდა პასუხებს ვასიასგან, რომელიც ძუნწად წამოისროდა ხოლმე თითო-ოროლა სიტყვას, ხანაც რაღაცას წამოიძახებდა, რომელიც ხშირად საქმეს სულ არ შეეხებოდა.

      – რა დაგემართა, ვასია? – შესძახა მან ბოლოს, თან მეგობარს ძლივს ეწეოდა, – ნუთუ, ასე წუხხარ?..

       – ეჰ, ძმაო, მორჩი ლაქლაქს! – მიუგო, ცოტა არ იყოს, გაჯავრებულმა ვასიამ.

      – გულს ნუ გაიტეხ, ვასია, გეყოფა, – გააწყვეტინა არკადიმ, – მინახავს, რომ გაცილებით ნაკლებ დროშიც დაგიწერია... ეგ არაფერია! შენ ხომ ტალანტი გაქვს! უკიდურეს შემთხვევაში, სისწრაფეს მოუმატებ: ბოლოს და ბოლოს, ლითოგრაფიულად ხომ არ დაბეჭდავენ შენს ხელნაწერს. მოასწრებ!.. უბრალოდ, ახლა აღელვებული და დაბნეული ხარ, ასე მუშაობა უფრო გაგიჭირდება...

       ვასიამ არ უპასუხა, მხოლოდ რაღაც ჩაიბურტყუნა ცხვირში. ასე შეშფოთებულებმა მიირბინეს სახლამდე.

      ვასია მაშინვე ქაღალდებს ჩაუჯდა. არკადი ივანოვიჩი დამშვიდდა და მიყუჩდა, ჩუმად გაიხადა და ლოგინზე წამოწვა, თან ვასიას თვალს არ აშორებდა. ერთგვარმა შიშმა შეიპყრო... «რა დაემართა? – გაიფიქრა გულში, როდესაც ვასიას გაფითრებულ სახესა და ანთებულ თვალებს შეჰყურებდა, მის მოუსვენრობას, ყოველ მოძრაობაში რომ ვლინდებოდა, – ხელიც უკანკალებს... ფუი, დასწყევლოს ღმერთმა! ხომ არ ვურჩიო, რომ ორი საათი წაუძინოს; იქნებ გაღიზიანებამ გადაუაროს». ვასიამ ერთი გვერდი დაასრულა, თავი ასწია, უნებლიეთ არკადის შეხედა, მაშინვე თვალები დახარა და კვლავ კალამს სტაცა ხელი.

      – მომისმინე, ვასია, – დაიწყო უეცრად არკადი ივანოვიჩმა, – ხომ არ აჯობებს, რომ ცოტა თვალი მოატყუო? ციებცხელებიანს ჰგავხარ...

      ვასიამ გაბრაზებით, გაბოროტებითაც კი გახედა არკადის და არაფერი უპასუხა.

      – მომისმინე, ვასია, რატომ იტანჯავ თავს?..

      ვასია მაშინვე გონს მოეგო.

      – ჩაი ხომ არ დაგველია, არკაშა? – თქვა მან.

      – ჩაი? რატომ?

      – ძალას შემმატებს. არ მინდა ძილი, არ დავიძინებ! სულ ვწერ და ვწერ. ახლა კი, ჩაის სმის დროს, დავისვენებდი და სიმძიმის შეგრძნებაც გამიქრებოდა.

      – ყოჩაღ, ვასია, ძამიკო, შესანიშნავია! სწორედ ასე უნდა; თვითონ მინდოდა ამის შემოთავაზება. მიკვირს, ეს როგორ არ მომაფიქრდა. მაგრამ იცი, რა? მავრა არ ადგება, არაფრის დიდებით არ გაიღვიძებს...

      – ჰო...

      – სისულელეა, არაფერია! – შესძახა არკადი ივანოვიჩმა და ლოგინიდან ფეხშიშველი წამოხტა, – მე თვითონ დავდგამ სამოვარს. პირველად ხომ არ მიწევს ამის გაკეთება?..

      არკადი ივანოვიჩი სამზარეულოში გავარდა და სამოვართან აფუსფუსდა; ამასობაში ვასიამ წერა განაგრძო. არკადი ივანოვიჩმა ჩაიცვა და საფუნთუშეში შეირბინა, რათა ვასია ღამისთვის დანაყრებულიყო. თხუთმეტი წუთის შემდეგ სამოვარი უკვე მაგიდაზე იდგა. სმას შეუდგნენ, მაგრამ საუბარი ვერ ააწყვეს. ვასიას გონება გაჰფანტოდა.

      – იცი, რა, – თქვა მან ბოლოს, თითქოს გონს მოეგოო, – ხვალ წასვლა და მილოცვაა საჭირო...

      – შენ ეს სულაც არ მოგეთხოვება.

      – არა, ძმაო, არ შეიძლება, – თქვა ვასიამ….

      – შენ მაგივრად მე მოვაწერ ყველასთან ხელს... რა გინდა! შენ კი იმუშავე. კარგი იქნება, თუ ხუთ საათამდე იჯდები, როგორც გითხარი, შემდეგ კი წაუძინებდი. თორემ რას დაემსგავსები ხვალ? მე ზუსტად რვა საათზე გაგაღვიძებდი...

      – მერე, კარგი იქნება, ჩემ მაგივრად თუ მოაწერ ხელს? – თქვა ვასიამ ნახევრად თანხმობით.

      – ამაზე კარგი რა უნდა იყოს? ყველა ასე აკეთებს!..

      – რაღა დაგიმალო და, მეშინია...

      – მაინც, რისი?

      – სხვებთან შესაძლოა, არაფერი დაშავდეს, მაგრამ იულიან მასტაკოვიჩი – ის, არკაშა, ჩემი

      კეთილისმყოფელია; ვთქვათ და შეამჩნია, რომ სხვისი ხელია...

      – შეამჩნიოსო! რანაირი კაცი ხარ, ვასიუკ! აბა, როგორ უნდა შეამჩნიოს?.. ხომ იცი, როგორ საოცრად ვამსგავსებ შენს ხელწერას, ღმერთმანი, ხვეულასაც ზუსტად ისე ვაკეთებ. კარგი ერთი; რას ამბობ! ვინ უნდა შეამჩნიოს?..

      ვასიამ არაფერი უპასუხა და აჩქარებით დაცალა თავისი ჭიქა... შემდეგ ეჭვნეულად გადააქნია თავი.

      – ვასია, გენაცვა! ოჰ, ნეტავ გამოგვივიდეს! ვასია, რა გემართება? მაშინებ! იცი, ახლა აღარც დავწვები, ვასია, ვეღარ დავიძინებ. აბა, მაჩვენე, ბევრი დაგრჩა?

      ვასიამ მას ისე შეხედა, რომ არკადი ივანოვიჩს გული გადაუტრიალდა და წამით ენა ჩაუვარდა.

      – ვასია! რა მოგდის? რა გჭირს? ასე რატომ იყურები?

      – არკადი, მე მართლა წავალ ხვალ მისალოცად იულიან მასტაკოვიჩთან.

      – ჰოდა, წადი, რახან ასე გინდა! – მიუგო არკადიმ, რომელიც მოლოდინით

      გულგადალეული, გაფაციცებით მისჩერებოდა მას.

      – მომისმინე, ვასია, წერას მოუჩქარე; ღმერთმანი, ცუდს არაფერს გირჩევ! იულიან მასტაკოვიჩსაც რამდენჯერ უთქვამს, რომ შენს ნაწერში ყველაზე მეტად მკაფიოობა მოსწონს! ეს, სკოროპლიოხინს უყვარს, როცა მკაფიოდ და ლამაზად მოჩანს, როგორც დედანშია, რათა შემდეგ როგორღაც ქაღალდი მიითვისოს და ბავშვებს წაუღოს შინ გადასაწერად: ვერ ყიდულობს, ეგ ჩერჩეტი დედნებს! იულიან მასტაკოვიჩი კი მხოლოდ ამბობს, მხოლოდ თხოულობს: მკაფიოდ, მკაფიოდ და მკაფიოდ!.. მეტი რა გინდა! ღმერთმანი, ვასია, არც კი ვიცი, როგორ დაგელაპარაკო... მეშინია კიდეც... შენი სევდა გულს მიკლავს.

      – არაფერია, არაფერი! – თქვა ვასიამ და ღონემიხდილი დაეცა სკამზე. არკადი შეშფოთდა.

      – წყალი ხომ არ გინდა? ვასია! ვასია!

      – კარგი, კარგი, – თქვა ვასიამ და ხელზე ხელი მოუჭირა, – არაფერი მიშავს; მხოლოდ, როგორღაც ნაღველი შემომაწვა, არკადი. თვითონაც არ ვიცი, რა გითხრა. მომისმინე, აჯობებს, სხვა რამეზე მელაპარაკო, ნუ გამახსენებ...

      – დამშვიდდი, ღვთის გულისთვის, დამშვიდდი, ვასია. დაასრულებ, ღმერთმანი, დაასრულებ! და რომც ვერ დაასრულო, უბედურება ხომ არ მოხდება? თითქოს დანაშაულს სჩადიოდე!

      – არკადი, – თქვა ვასიამ და ისე სერიოზულად შეხედა მეგობარს, რომ ამ უკანასკნელს ძალიან შეეშინდა, რადგან ვასია ასე ძლიერ არასდროს შეშფოთებულა, – მე რომ უწინდელივით მარტო ვიყო... არა! იმას არ ვამბობ. სულ მინდა, გითხრა, გაგენდო, როგორც მეგობარს... თუმცა, შენ რატომღა შეგაწუხო? იცი რა, არკადი, ზოგს ბევრი ეძლევა, სხვები კი ჩემსავით მცირედს აკეთებენ. აი, შენგან მადლობა, მადლიერება რომ მოეთხოვათ – შენ კი ეს არ შეგძლებოდა?..

      – ვასია! ვერაფრით მივმხვდარვარ, რას ამბობ!

      – მე არასდროს ვყოფილვარ მადლიერი, – განაგრძო ვასიამ ჩუმად, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო, – მაგრამ თუ ვერ ვახერხებ ყველაფრის თქმას, რასაც ვგრძნობ, ეს თითქოს... ისე გამოვა, არკადი, თითქოს უმადური ვიყო, და ეს გულს მიკლავს.

      – ეს რა მესმის, რა მესმის! ნუთუ მადლიერება ის იქნება, თუ დროულად მოასწრებ გადაწერას? დაფიქრდი, ვასია, რას ამბობ! განა ამით გამოიხატება მადლიერება?

      უეცრად ვასია დადუმდა და ისე თვალებგაფართოებული მიაჩერდა არკადის, თითქოს მისმა მოულოდნელმა არგუმენტმა ყველა ეჭვი გაუფანტა. მან გაიღიმა კიდეც, მაგრამ მაშინვე უწინდელი ჩაფიქრებული გამომეტყველება მიიღო. არკადიმ ეს ღიმილი ყოველგვარი შიშის დასასრულად მიიჩნია, კვლავაც გაჩენილი წუხილი – რაღაც უკეთესის გაკეთების გადაწყვეტილებად, და ძალიან გაუხარდა.

      – იცი რა, არკაშა, ძმაო, – თქვა ვასიამ, – თუ გაგეღვიძება, შემომხედე; თორემ, თუ ჩამეძინა, უბედურება დატრიალდება; ახლა კი სამუშაოს ჩავუჯდები... არკაშა?

      – რა?

      – არა, მე მხოლოდ ისე, არაფერი... მინდოდა...

      ვასია დაჯდა და გაჩუმდა, არკადი დაწვა. კოლომენსკელების შესახებ არც ერთსა და არც მეორეს ორი სიტყვაც არ უთქვამთ. შესაძლოა, გრძნობდნენ, რომ ცოტა დააშავეს, უდროოდ წაიქეიფეს. მალე არკადი ივანოვიჩს ვასიაზე წუხილში ჩაეძინა. მისდა გასაოცრად, ზუსტად დილის რვისთვის გაეღვიძა. ფერმკრთალსა და დაღლილ-დაქანცულ ვასიას სკამზე ეძინა, ხელში კალამი ეჭირა; სანთელი ჩამწვარიყო. სამზარეულოში მავრა სამოვართან ფუსფუსებდა.

      – ვასია, ვასია! – შესძახა შეშინებულმა არკადიმ, – როდის დაწექი?

      ვასიამ თვალი გაახილა და სკამიდან წამოხტა...

      – ოჰ! – თქვა მან, – მაინც დამეძინა!..

      იგი მაშინვე ქაღალდებს მივარდა და გულზე მოეშვა: ყველაფერი წესრიგში იყო; არც მელანი დასწვეთებოდა ფურცლებს, არც სანთლის ჩამონაღვენთი.

      – მგონი, ექვსისთვის ჩამეძინა, – თქვა ვასიამ, – როგორ ციოდა ღამით! მოდი, ჩაი დავლიოთ და მე კვლავ...

      – ცოტათი მოვმაგრდეთ?

      – ჰო, ჰო, არაფერია, უკვე აღარაფერია!..

      – ახალ წელს გილოცავ, ვასია, ძამიკო.

      – გაგიმარჯოს, ძმაო, გაგიმარჯოს; შენც ასევე, ჩემო კარგო.

      ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ. ვასიას ნიკაპი აუცახცახდა და თვალები აუწყლიანდა. არკადი ივანოვიჩი დუმდა: ყელში ბურთი მოსწოლოდა; ორივენი აჩქარებით სვამდნენ ჩაის...

      – არკადი! გადავწყვიტე, თვითონ წავიდე იულიან მასტაკოვიჩთან...

      – ის ხომ ვერაფერს შეამჩნევს...

      – მე, ძმაო, თითქმის სინდისი მაწუხებს.

      – მაგრამ შენ ხომ მისთვის ზიხარ, მისთვის იკლავ თავს... კარგი! მე კი იცი, რას ვიზამ, ძმაო? იქ შევივლი...

      – სად? – ჰკითხა ვასიამ.

      – არტემიევებთან, ჩემგანაც მივულოცავ და შენგანაც.

      – რა კარგი ხარ, შენი ჭირიმე! მე აქ დავრჩები; ჰო, ვხედავ, კარგად მოგიფიქრებია; მე ხომ ვმუშაობ, არ ვუსაქმურობ! ერთი წუთი მადროვე, ახლავე წერილს დავწერ.

      – დაწერე, ძმაო, დაწერე, მოასწრებ; მე ჯერ დავიბან, გავიპარსავ, ფრაკს გავწმენდ. მჯერა, ვასია, ძამიკო, რომ კმაყოფილები და ბედნიერები ვიქნებით! გადამეხვიე, ვასია!

      – ოჰ, ნეტავ ასე იყოს, ძმაო!..

      – აქ ცხოვრობს ჩინოვნიკი ბატონი შუმკოვი? – გაისმა ბავშვური ხმა კიბეზე.

      – აქ, ძამია, აქ, – თქვა მავრამ და სტუმარი შემოუშვა.

      – რა ხდება? ვინ არის, ვინ? – შესძახა ვასიამ, სკამიდან წამოხტა და წინკარში გავარდა, – პეტენკა, შენ ხარ?..

      – გამარჯობა, მაქვს პატივი, ახალი წელი მოგილოცოთ, ვასილი პეტროვიჩ, – თქვა ათიოდე წლის სასიამოვნო შესახედაობის, შავთმიანმა, კულულებიანმა ბიჭმა, – დაიკო მოკითხვას გითვლით, დედაც. დამ მიბრძანა, მის მაგივრად გაკოცოთ...

      ვასიამ დესპანი ჰაერში აიტაცა და ტკბილად, გაწელვით, აღფრთოვანებით აკოცა ტუჩებში, რომლებიც საოცრად ჰგავდა ლიზანკასას.

      – აკოცე, არკადი! – თქვა მან და პეტია გადასცა, რომელიც იატაკზე ფეხდაუდგმელად მაშინვე არკადი ივანოვიჩის მძლავრ და ხარბ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მკლავებში აღმოჩნდა.

      – ჩაის ხომ არ დალევ, ჩემო კარგო?

      – უმორჩილეს მადლობას მოგახსენებთ. ჩვენ უკვე დავლიეთ! დღეს ადრე ავდექით. ჩვენები წირვაზე წავიდნენ. დაიკო ორი საათი მვარცხნიდა, მბანდა, მალამაზებდა, შარვალი გამიკერა, რადგან გუშინ საშკასთან ერთად ქუჩაში ყოფნისას გამეხა: ვგუნდაობდით...

      – მერე, მერე?

      – მერე თქვენთან წამოსასვლელად გამომაწყო; შემდეგ პომადა წამისვა, კოცნით ამავსო და მითხრა: «ვასიასთან წადი და მიულოცე, თან ჰკითხე, კმაყოფილნი თუ არიან, კარგად თუ მოისვენეს და კიდევ...» კიდევ რაღაც უნდა მეკითხა – დიახ! და კიდევ, დასრულებულია თუ არა საქმე, რომლის შესახებაც თქვენ გუშინ... იქ როგორღაც... აი, აქ მიწერია, – თქვა ბიჭმა, ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო და წაიკითხა, – დიახ! წუხდით.

      – დასრულდება! აუცილებლად! ასე გადაეცი, რომ აუცილებლად, უსიკვდილოდ დავასრულებ, პატიოსან სიტყვას ვიძლევი!

      – და კიდევ... ოჰ! კინაღამ დამავიწყდა; დაიკომ ბარათი და საჩუქარი გამოგიგზავნათ, მე კი დამავიწყდა!..

      – ღმერთო ჩემო!.. ოჰ, შენი ჭირიმე! სად არის... სად? ესაა?! ნახე, ძმაო, რას მწერს. გე-ნაც-ვა-ლე, საყვარელო! იცი, გუშინ მას საფულე დავუნახე, რომელსაც ჩემთვის აკეთებს; ის ჯერ არ დაუსრულებია, ამიტომ მწერს, ჩემს კულულს გიგზავნით, ასე ერთგვარად თქვენ გვერდით ვიქნებიო. შეხედე, ძმაო, შეხედე!

      აღფრთოვანებისგან გაოგნებულმა ვასიამ არკადი ივანოვიჩს ძალზე ხშირი და შავი თმის კულული უჩვენა; შემდეგ მხურვალედ აკოცა მას და გვერდითა ჯიბეში შეინახა, გულთან ახლოს.

      – ვასია! ამ თმისთვის მედალიონს შეგიკვეთავ! – გადაჭრით თქვა, როგორც იქნა, არკადი ივანოვიჩმა.

      – ჩვენ კი შემწვარი ხბოს ხორცი გვექნება, ხვალ კი – ტვინი; დედას ბისკვიტის მომზადებაც უნდა... ფეტვის ფაფას აღარ გააკეთებენ, – განაცხადა ბიჭმა მას შემდეგ, რაც დაფიქრდა, სათქმელი როგორ დაესრულებინა.

      – უჰ, რა კარგი ბიჭია! – შესძახა არკადი ივანოვიჩმა, – ვასია, შენ მოკვდავთაგან უბედნიერესი ხარ!

      ბიჭმა ჩაის სმა დაასრულა, ბარათთან ერთად უამრავი კოცნაც მიიღო და ბედნიერი, კვლავაც მკვირცხლად გავიდა.

      – აბა, ძმაო, – წარმოთქვა გახარებულმა არკადი ივანოვიჩმა, – ხედავ, რა კარგადაა ყველაფერი, ხედავ? ასე უკეთესიც კია, ნუ დარდობ, ნუ მორცხვობ! გეყოფა, ვასია, გეყოფა! ორ საათზე შინ ვიქნები; ჯერ მათ შევუვლი, შემდეგ კი იულიან მასტაკოვიჩს...

      – კარგი, ნახვამდის, ძმაო, ნახვამდის... აჰ, ნეტავ!.. თუმცა კარგი, კარგი, წადი, – თქვა ვასიამ, – გადავწყვიტე, ძმაო, რომ არ წავალ იულიან მასტაკოვიჩთან.

      – ნახვამდის!

      – მოიცა, ძმაო, მოიცა; უთხარი მათ... ყველაფერი, რასაც საჭიროდ მიიჩნევ; მისი კოცნა... იცოდე, ძმაო, მერე მომიყვები, ყველაფერს მომიყვები...

      – ცხადია, ცხადია – ვიცით, ვიცით! შენ ბედნიერებამ გარდაგქმნა! მოულოდნელობამ; გუშინდელს აქეთ საკუთარ თავს არ ეკუთვნი. ჯერაც არ დაგისვენია წუხანდელი შთაბეჭდილებებისგან. აბა, გვეყოფა! შენ იცი, ჩემო ვასია! ნახვამდის, ნახვამდის!

      მეგობრები, როგორც იქნა, ერთმანეთს დაშორდნენ. მთელი დილის განმავლობაში არკადი ივანოვიჩი გონებაგაფანტული იყო და მხოლოდ ვასიაზე ფიქრობდა. მან იცოდა მისი სუსტი, ფხუკიანი ხასიათის ამბავი. «არ შევმცდარვარ, ეს, ბედნიერებამ გარდაქმნა იგი! – გაივლო გულში, – ღმერთო ჩემო! მეც კი სევდა მომგვარა. როგორ შეუძლია ყველაფრისგან ტრაგედიის შექმნა! ციებცხელებიანივით იქცევა! ოჰ, უნდა გადავარჩინო! უნდა გადავარჩინო!» – ჩაილაპარაკა არკადიმ და ვერც კი მიხვდა, რომ პატარ-პატარა, არსებითად, უმნიშვნელო შინაურული უსიამოვნებები თვითონ ლამის უბედურებად აქცია. იგი მხოლოდ თერთმეტი საათისთვის მოხვდა იულიან მასტაკოვიჩის კარისკაცის ოთახში, რათა თავისი უბრალო გვარიც მიემატებინა იმ ადამიანთა სიისთვის, რომლებსაც ხელი მოეწერათ ერთიანად დახაზულ, დაწინწკლულ ფურცელზე. მაგრამ წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც ვასია შუმკოვის ხელმოწერა მოხვდა თვალში! ამან განაცვიფრა. «რა ემართება?» – გაიფიქრა მან. არკადი ივანოვიჩი, ცოტა ხნის წინ იმედით რომ იყო აღვსილი, შეწუხებული გამოვიდა. მართლაც, რაღაც უბედურება მწიფდებოდა; მაგრამ, სად და როგორი?

      კოლომნაში შავბნელი ფიქრებით მივიდა, თავდაპირველად დაბნეული იყო, ლიზანკასთან საუბრის შემდეგ კი თვალზე ცრემლმომდგარი გამოვიდა, რადგან ძალზე შეეშინდა ვასიას გამო. შინისკენ სირბილით გაეშურა და ნევაზე შუმკოვს შეეჩეხა. ისიც მორბოდა.

      – საით? – დაუყვირა არკადი ივანოვიჩმა.

      ვასია ისეთი სახით შეჩერდა, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო.

      – ისე, ძმაო, გასეირნება მომინდა.

      – ვეღარ მოითმინე და კოლომნაში მიდიხარ, არა? ეჰ, ვასია, ვასია! იულიან მასტაკოვიჩთან რატომღა წახვედი?

      ვასია დუმდა; შემდეგ ხელი ჩაიქნია და თქვა:

      – არკადი! არ ვიცი, რა მემართება! მე...

      – კარგი, ვასია, კარგი! მე ხომ ვიცი, ეს რაც არის. დამშვიდდი! გუშინდელს აქეთ აღელვებული და შეძრული ხარ! დაფიქრდი: რა უნდა ამის გადატანას! ყველას უყვარხარ, ყველა შენ გარშემო

      ტრიალებს, სამუშაო წინ მიიწევს, შენ მას დაასრულებ, აუცილებლად დაასრულებ, ვიცი: რაღაც წარმოიდგინე, რაღაცის შიში გაგიჩნდა...

      – არა, არაფერია, არაფერი...

      – თუ გახსოვს, ვასია, ეს ერთხელ უკვე დაგემართა; გაიხსენე, როდესაც ჩინი მიიღე, ბედნიერებისა და მადლიერებისგან ეჭვიანობა გაგიორმაგდა და მთელი კვირის განმავლობაში წესიერად ვეღარ მუშაობდი. ახლაც იგივე მოგდის...

      – ჰო, ჰო, არკადი; მაგრამ ახლა სხვაა, ახლა სულ სხვაა...

      – რას ამბობ, როგორაა სულ სხვა! საქმე, შესაძლოა, სულაც არ არის სასწრაფო, შენ კი ასე განიცდი...

      – არაფერია, არაფერი, მე მხოლოდ ისე... კარგი, წავედით!

      – შინ მოდიხარ? მათთან აღარ წახვალ?

      – არა, ძმაო, ასეთი სახით მივიდე?.. გადავიფიქრე. იმიტომ ვერ მოვითმინე, რომ მარტო ვიყავი,

      უშენოდ; ახლა ჩემთან ერთად ხარ, დავჯდები და დავწერ. წავედით!

      ისინი გზას გაუდგნენ და ერთხანს დუმდნენ. ვასია ჩქარობდა.

      – რატომ არაფერს მეკითხები მათ შესახებ? – თქვა არკადი ივანოვიჩმა.

      – ჰო, მართლა! აბა, არკაშენკა, რა მოხდა?

      – ვასია, საკუთარ თავს არ ჰგავხარ!

      – ეგ არაფერია, არაფერი. მიდი, ყველაფერი მომიყევი, არკაშა! – თქვა ვასიამ ვედრებით, თითქოს ახსნა-განმარტებებს გაურბოდა. არკადი ივანოვიჩმა ამოიხვნეშა. აშკარად იბნეოდა, როდესაც ვასიას სახეს ხედავდა.

      კოლომენსკელების შესახებ თხრობამ გამოაცოცხლა. აჰყვა კიდეც ლაპარაკში. ისადილეს. მოხუც ქალს არკადი ივანოვიჩისთვის ჯიბე ბისკვიტით გაევსო, რასაც მეგობრებმა მალე მოუღეს ბოლო და გამხიარულდნენ. სადილის შემდეგ ვასიამ პირობა დადო, რომ წაუძინებდა, რათა მთელი ღამე მუშაობაში გაეტარებინა. იგი მართლა დაწვა. დილით ვიღაცამ, ვისთვისაც უარის თქმა არ

      შეიძლებოდა, არკადი ივანოვიჩს ჩაიზე დაუძახა. მეგობრები ერთმანეთს დაშორდნენ. არკადიმ გადაწყვიტა, შეძლებისდაგვარად, ადრე დაბრუნებულიყო, თუ მოახერხებდა, რვა საათზეც კი. სამსაათიანი განშორება სამ წლად მოეჩვენა. ბოლოს ვასიასთან დაბრუნდა. ოთახში შესულს, იქაურობა ჩაბნელებული დახვდა. ვასია შინ არ იყო. მავრას ჰკითხა მისი ამბავი. მავრამ მიუგო, რომ ის სულ წერდა და სულ არ უძინია, შემდეგ ოთახში დადიოდა, ბოლოს კი, ერთი საათის წინ, გაიქცა და დაიბარა, ნახევარი საათით გავდივარო.

      – როდესაც არკადი ივანოვიჩი მოვა, ასე უთხარი, მოხუცო, რომ სასეირნოდ წავედიო, – დაასრულა მავრამ, – სამჯერ, არა, ოთხჯერ გამიმეორა.

      «არტემიევებთან იქნება!» – გაიფიქრა არკადი ივანოვიჩმა და თავი გადააქნია.

      წუთის შემდეგ წამოხტა – იმედმა გამოაცოცხლა. ალბათ, უბრალოდ დაასრულა, გაიფიქრა მან, სულ ეს არის; ვერ მოითმინა და იქ გაიქცა. თუმცა, არა! მე დამელოდებოდა... შევხედავ, რამდენი დარჩა!

      სანთელი აანთო და ვასიას საწერ მაგიდას მივარდა: სამუშაო წინ მიიწევდა და დასასრული თითქოს არც ისე შორს იყო. არკადი ივანოვიჩს კიდევ უნდოდა ნახვა, მაგრამ ამ დროს ვასია შემოვიდა...

      – აჰ! შენ აქ ხარ? – შესძახა შიშისგან შემკრთალმა.

      არკადი ივანოვიჩი დუმდა. ეშინოდა, ვასიასთვის რაიმე ეკითხა. ამ უკანასკნელმა კი თვალები დახარა და უსიტყვოდ შეუდგა ქაღალდების გადარჩევას. ბოლოს ერთმანეთს შეხედეს. ვასიას ისეთი მავედრებელი, ღრმად დამწუხრებული მზერა ჰქონდა, რომ არკადი გვარიანად შეკრთა. გული აუფანცქალდა და სიბრალულით აევსო...

      – ვასია, ჩემო ძმაო, რა გემართება? რა მოხდა? – შესძახა მან, მეგობარს მივარდა და გადაეხვია, – ამიხსენი ყველაფერი; ვერც შენი გამიგია რამე და ვერც – შენი ნაღვლისა; რა დაგემართა, ჩემო ტანჯულო, რა? არაფერი დამიმალო. შეუძლებელია, რომ მხოლოდ ეს...

      ვასია მაგრად ჩაეხუტა და ვერაფერს ამბობდა. სუნთქვა შეჰკროდა.

      – კარგი, ვასია, კარგი! გეყოფა, თორემ, აბა, ეს რასა ჰგავს? არ მესმის შენი; გამიმხილე, რა გაწვალებს. რომ იცოდე, მე შენთვის... ოჰ, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! – ამბობდა იგი, ოთახში წინ და უკან დადიოდა და ყველაფერს ხელს ჰკიდებდა, რაც კი გზად ხვდებოდა, თითქოს ვასიასთვის წამალს ეძებდა, – ხვალვე წავალ იულიან მასტაკოვიჩთან შენ მაგივრად, შევეხვეწები, შევევედრები, რომ ერთი დღით გადაგივადოს. ყველაფერს ავუხსნი, ყველაფერს, თუ მხოლოდ ეს გაწვალებს...

      – ღმერთმა დაგიფაროს! – შესძახა ვასიამ, მიტკალივით გაფითრდა და კინაღამ წაიქცა.

      – ვასია, ვასია!..

      ვასია გამოერკვა. ტუჩები უკანკალებდა; უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ მხოლოდ ხელზე ხელს უჭერდა არკადის... ხელი კი ცივი ჰქონდა. არკადი მის წინ დანაღვლიანებული იდგა და შეშფოთებული ელოდა. ვასიამ კვლავ მას მიაპყრო მზერა.

      – ვასია, ვასია, ღვთის გულისთვის! გულს ნუ მიკლავ, ჩემო კარგო, ჩემო მეგობარო.

      ვასიას ტირილი აუვარდა, ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა; არკადის მივარდა და თავი მის მკერდში ჩარგო.

      – მოგატყუე, არკადი! – თქვა მან, – მოგატყუე; მაპატიე, მაპატიე! მე ჩვენს მეგობრობას ვუღალატე...

      – რა მოხდა, ვასია, რა? მითხარი! – ჰკითხა შეძრწუნებულმა არკადიმ.

      – აი!..

      ვასიამ უჯრიდან ამოიღო და სასოწარკვეთილი ჟესტით მაგიდაზე დაყარა ექვსი ძალზე სქელი რვეული, სწორედ ისეთი, რომლის გადაწერასაც ასრულებდა.

      – ეს რა არის?

      – აი, რა უნდა მქონდეს მზად ზეგისთვის. მე კი ჯერ მეოთხედიც არ გამიკეთებია! ნუ მკითხავ, ნურაფერს მკითხავ... როგორ მოხდა! – განაგრძო ვასიამ და თვითონ ალაპარაკდა იმაზე, რაც აწუხებდა, – არკადი, ჩემო მეგობარო! არ ვიცი, რა დამემართა! თითქოს სიზმარში ვიყავი. სამი კვირა ტყუილუბრალოდ დავკარგე. მე სულ... მე... მასთან დავდიოდი... გული მტკიოდა, ვიტანჯებოდი... გაურკვევლობით... წერა აღარ შემეძლო. ამაზე აღარც ვფიქრობდი. მხოლოდ ახლა მოვეგე გონს, როდესაც ბედნიერება მეწვია.

      – ვასია! – დაიწყო არკადი ივანოვიჩმა მტკიცე კილოთი, – ვასია! მე გადაგარჩენ. ყველაფერი მესმის. ეს სახუმარო საქმე არაა. მე გადაგარჩენ! მომისმინე, მომისმინე: ხვალვე წავალ იულიან მასტაკოვიჩთან... არა, თავს ნუ აქნევ, მომისმინე! ყველაფერს ისე მოვუყვები, როგორც იყო; ნება მომეცი, ასე მოვიქცე... ავუხსნი... ყველაფერს ვიღონებ! ვეტყვი, რომ გულმოკლული ხარ, რომ იტანჯები.

      – იცი, რომ ახლა შენ მიკლავ გულს? – ჩაილაპარაკა ვასიამ და შიშისგან ერთიანად გაცივდა.

      არკადი ივანოვიჩი ერთი შეშფოთდა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და მაშინვე გაიცინა.

      – სულ ეს არის? მხოლოდ ეს? – თქვა მან, – რას ამბობ, ვასია, რას? როგორ არ გრცხვენია? აბა, მომისმინე! ვხედავ, რომ გულს გტკენ. შენი კარგად მესმის: ვიცი, რაც ხდება შენში. ჩვენ ხომ ხუთი წელია, ერთად ვცხოვრობთ, მადლობა ღმერთს! შენ კეთილი და სათუთი, მაგრამ სუსტი, უპატიებლად სუსტი ხარ. ეს ლიზავეტა მიხაილოვნამაც შეამჩნია. გარდა ამისა, ოცნებებით გატაცებაც გახასიათებს, არადა, ესეც ცუდია: ასე ჭკუაზე შეშლაც შეიძლება, ძმაო! მომისმინე, მე ხომ ვიცი, რაც გინდა! მაგალითად, გინდა, იულიან მასტაკოვიჩმა თავი გაიგიჟოს და გახარებულმა, რომ ცოლი მოგყავს, მეჯლისი გამართოს... არა, მოიცა, მოიცა! შენ იჭმუხნები. ხომ ხედავ, ერთი სიტყვა ვთქვი და იულიან მასტაკოვიჩის გამო განაწყენდი! კარგი, თავს დავანებებ. მე ხომ მას შენზე არანაკლებ პატივს ვცემ! მაგრამ არ შემეკამათები და ნებას მომცემ ვიფიქრო, რომ გინდა, ერთი უბედურიც არ იყოს ამქვეყნად, როცა ცოლს მოიყვან... ჰო, ძმაო, დამეთანხმე, ისურვებდი, რომ, მაგალითად, მე, შენს საუკეთესო მეგობარს, უცბად ასი ათასის კაპიტალი აღმომაჩნდეს; რომ დედამიწაზე არსებული ყველა მტერი უეცრად, ჯადოსნური ჯოხის აქნევით, შერიგდეს, გახარებულნი ერთმანეთს შუა ქუჩაში გადაეხვივნონ და შემდეგ აქ, ბინაში, სტუმრად გეწვივნონ. ჩემო მეგობარო! ჩემო კარგო! არ ვიცინი, ისე ვამბობ; შენ ხომ კარგა ხანია, ეს ყველაფერი სხვადასხვა სახით წარმომიდგინე. იმიტომ, რომ ბედნიერი ხარ, გინდა, რომ ყველა, უკლებლივ ყველა, ერთი ხელის მოსმით გაბედნიერდეს. შენ გტკივა, გიმძიმს, რომ მარტო შენ

      ხარ ბედნიერი! ამიტომ ძალ-ღონეს არ იშურებ, რომ ამ ბედნიერების ღირსი იყო და ნამუსის მოსაწმენდად საგმირო საქმე ჩაიდინო! მშვენივრად ვხვდები – მზად ხარ, თავი დაიტანჯო იმისთვის, რომ იქ, სადაც შენი სიბეჯითე და უნარი... და, ალბათ, მადლიერება, როგორც შენ ამბობ, გეჩვენებინა, მოულოდნელად გული ვერ დაუდე! შენ ძალზე განიცდი იმის გაფიქრებაზეც კი, რომ იულიან მასტაკოვიჩი შუბლს შეიჭმუხნის და გაბრაზდება კიდეც, როცა დაინახავს, რომ იმედი გაუცრუე, ნდობა ვერ გაუმართლე. გული გტკივა, როცა გაიფიქრებ, რომ იმისგან გაიგებ გაკიცხვას, ვინც შენს კეთილისმყოფლად მიგაჩნია, – თანაც როდის! როდესაც გული სიხარულით გაგვსებია და არ იცი, ვის მიმართ გამოხატო შენი მადლიერება... ხომ ასეა, არა? ხომ ასეა?

      ბოლო სიტყვების წარმოთქმისას არკადი ივანოვიჩს ხმა აუთრთოლდა. გაჩუმდა და სული მოითქვა.

      ვასიამ მეგობარს სიყვარულით შეხედა. პირზე ღიმილი დასთამაშებდა.

      თითქოს იმედის მოლოდინმა სახე გამოუცოცხლა.

      – ჰოდა, მომისმინე, – კვლავ დაიწყო იმედით სულ უფრო და უფრო შთაგონებულმა არკადიმ, –

      არ გინდა, რომ იულიან მასტაკოვიჩს შენდამი კეთილგანწყობა შეეცვალოს. ასეა არა, ჩემო კარგო? ეს არის მთავარი? თუ ასეა, – თქვა არკადიმ და წამოხტა, – შენთვის თავს გავწირავ. ხვალ იულიან მასტაკოვიჩთან წავალ... არ შემეწინააღმდეგო! შენ, ვასია, საკუთარ საქციელს დანაშაულს უტოლებ. ის კი, იულიან მასტაკოვიჩი, დიდსულოვანი და გულმოწყალეა, თანაც შენ არ გგავს! ის, ჩემო ძმაო, მოგვისმენს და გასაჭირიდან თავს დაგვახსნევინებს. აბა, დამშვიდდი?

      თვალცრემლიანმა ვასიამ არკადის ხელზე ხელი მოუჭირა.

      – გეყოფა, არკადი, გეყოფა, – თქვა მან, – გადაწყვეტილია. გასაგებია, რომ ვერ დავამთავრე. ჰოდა, ძალიანაც კარგი. ვერ დავასრულე და ვერ დავასრულე. არ არის საჭირო შენი წასვლა: თვითონ წავალ, თვითონ მოვუყვები ყველაფერს. ახლა დავმშვიდდი, სრულიად დავწყნარდი; ოღონდ შენ არ წახვიდე... და მომისმინე.

      – ვასია, ძვირფასო! – შესძახა გახარებულმა არკადი ივანოვიჩმა, – მე შენი სიტყვების მიხედვით ვამბობდი; მიხარია, რომ დაფიქრდი და გონს მოეგე. მაგრამ, რაც უნდა დაგემართოს, რაც უნდა მოხდეს, გახსოვდეს, რომ შენთან ვარ! ვხედავ, გტანჯავს, არ გინდა, რომ იულიან მასტაკოვიჩს დაველაპარაკო, – არც ვეტყვი, არაფერს ვეტყვი, თვითონ დაელაპარაკები. ასე ვქნათ: შენ ხვალ

      წახვალ... ან არა, შენ არ წახვალ, აქ იქნები და წერას განაგრძობ, გესმის? მე კი იქ გავიგებ, ეს რა საქმეა, სასწრაფოა თუ არა, აუცილებელია თუ არა, რომ ვადაში მოესწროს, ან რა მოხდება, თუ დროში ვერ ჩაეტევი? შემდეგ კი შენთან მოვირბენ... ხომ ხედავ, ხომ ხედავ! უკვე იმედიც გაჩნდა; წარმოიდგინე, რომ სულაც არ არის საჩქარო საქმე – ასე ხომ მხოლოდ მოიგებ. შესაძლოა, იულიან მასტაკოვიჩს არც გაახსენდეს და მაშინ გადარჩენილები ვართ.

      ვასიამ ეჭვნეულად დააქნია თავი, მაგრამ მეგობარს კვლავაც მადლიერებით აღვსილი მზერით მისჩერებოდა.

      – კარგი, გეყოფა, გეყოფა! სუსტად ვარ, ძალიან დავიღალე, – თქვა სუნთქვაშეკრულმა, – ამაზე ფიქრიც არ მინდა. მოდი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ! ახლა, რომ იცოდე, აღარც დავწერ, მხოლოდ ორ გვერდს დავასრულებ, რათა რომელიმე წერტილამდე მივიდე. მომისმინე... დიდი ხანია, შენთვის უნდა მეკითხა: ასე კარგად საიდან მიცნობ?

      ვასიას თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა და არკადის ხელზე დაეცა.

      – რომ იცოდე, ვასია, როგორ მიყვარხარ, ამას აღარ მკითხავდი – დიახ!

      – ჰო, ჰო, არკადი, ეს არ ვიცი, იმიტომ... იმიტომ, რომ არ ვიცი, ასე რატომ შემიყვარე! ჰო, არკადი, იცი, რომ შენი სიყვარულიც მკლავდა? იცი, როდესაც დასაძინებლად ვწვებოდი და შენზე ვფიქრობდი (ვინაიდან ძილის წინ ყოველთვის შენზე ვფიქრობ), რამდენჯერ დამიღვრია ცრემლები და გული ლამის საგულედან ამომვარდნია იმის გამო... ჰო, იმის გამო, რომ ასე გიყვარდი, მე კი ვერაფრით ვეხმარებოდი შენს გულს, ვერაფრით გიხდიდი მადლობას...

      – ხომ ხედავ, ვასია, ხომ ხედავ, როგორი ხარ!.. შეხედე, როგორ აფორიაქდი ისევ, – თქვა არკადიმ, რომელსაც წინადღით ქუჩაში შემდგარი სცენა გაახსენდა და კინაღამ გული შეუწუხდა.

      – კარგი; გინდა, რომ დავმშვიდდე, მე კი ასეთი მშვიდი და ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ! იცი... მომისმინე, მინდა, ყველაფერი მოგიყვე, მაგრამ მეშინია, გული არ გატკინო... შენ ყოველთვის გწყინს და მიყვირი; მე კი შიში შემიპყრობს ხოლმე... შეხედე, ახლაც როგორ მაკანკალებს, არც კი ვიცი, რატომ. აი, რისი თქმა მინდა. მეჩვენება, რომ ადრე საკუთარ თავს არ ვიცნობდი, – ჰო! და სხვებიც მხოლოდ გუშინ გავიცანი. მე, ძმაო, სრულად ვერ ვგრძნობდი, ვერ ვაფასებდი. გული... გულქვაობა მჭირდა...

      მომისმინე, როგორ მოხდა, რომ ამქვეყნად არავისთვის, არავისთვის გამიკეთებია სიკეთე.

      იმიტომ, რომ ვერ ვაკეთებდი – გარეგნულადაც უსიამოვნო შესახედავი ვარ... ჩემთვის კი ბევრი იმეტებდა სიკეთეს! შენ პირველი ხარ: განა ვერ ვხედავ. მე მხოლოდ ვდუმდი, მხოლოდ ვდუმდი!

      – გეყოფა, ვასია!

      – რა მოხდა, არკაშა! რა მოხდა!.. მე ხომ არაფერი... – შეაწყვეტინა ვასიამ, რომელიც ცრემლმორეული, სიტყვებს ძლივს წარმოთქვამდა, – გუშინ იულიან მასტაკოვიჩზე ვლაპარაკობდი. თვითონაც იცი, რომ მკაცრია, პირქუში, რამდენჯერმე შენც გერგო მისი შენიშვნა. ჩემთან კი გუშინ ხუმრობა დაიწყო, მომეალერსა და კეთილი გული გადამიშალა, ასე წინდახედულად რომ მალავს ყველასგან...

      – მერე რა, ვასია? ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ შენ ბედნიერების ღირსი ხარ.

      – ეჰ, არკაშა! როგორ მინდოდა ამ საქმის დასრულება!.. არა, დავღუპავ ჩემს ბედნიერებას! გული მიგრძნობს! არა, ამის გამო არა, – თქვა ვასიამ, რადგან არკადიმ მაგიდაზე დადებულ ასფუთიან, სასწრაფო საქმეს ცერად გახედა, – ეს არაფერია, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაწერილი ქაღალდია... სისულელეა! გადაწყვეტილი საქმეა... მე... არკაშა, დღეს იქ ვიყავი, მათთან... მაგრამ

      არ შევსულვარ. გამიჭირდა, მემძიმა! მხოლოდ კართან ვიდექი. ის ფორტეპიანოზე უკრავდა, მე კი ვუსმენდი. ხომ ხედავ, არკადი, – განაგრძო მან და ხმას დაუდაბლა, – ვერ გავბედე შესვლა...

      – მომისმინე, ვასია, რა მოგდის? ასე რატომ მიყურებ?

      – რა? არაფერი? ცოტათი შეუძლოდ ვარ; ფეხები მიკანკალებს; ეს იმიტომ, რომ მთელი ღამე ვიჯექი; ჰო! ყველაფერს მწვანედ ვხედავ. აი, აქ, აქ...

      მან ხელი მკერდზე მიიდო და გული წაუვიდა.

      როდესაც გონზე მოვიდა, არკადის ძალდატანებით სურდა ზომების მიღება. უნდოდა, რომ ლოგინში ჩაეწვინა. ვასია სასტიკად უარობდა. ტიროდა, ხელებს იმტვრევდა, წერას, იმ ორი გვერდის დასრულებას აპირებდა. რომ არ გაენერვიულებინა, არკადიმ ქაღალდებთან მისვლის ნება დართო.

      – ხომ ხედავ, – თქვა ვასიამ და სკამზე დაჯდა, – ხომ ხედავ, იდეა მომივიდა, იმედი მაქვს.

      მან არკადის გაუღიმა და ფერმკრთალი სახე თითქოს მართლა იმედის სხივით გაუბრწყინდა.

      – აი, რა: ზეგ მას იმას წავუღებ, რაც მექნება. დანარჩენის შესახებ ვიცრუებ, ვეტყვი, რომ დაიწვა, რომ დასველდა, რომ დავკარგე... რომ, ბოლოს და ბოლოს, ვერ დავასრულე – ტყუილის თქმა არ შემიძლია. თვითონ ავუხსნი – იცი, რა? ყველაფერს ავუხსნი; ვეტყვი: ასე და ასე, ვერ შევძელი-მეთქი... ჩემი სიყვარულის შესახებ ვუამბობ; თვითონაც ხომ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა, გამიგებს! ამას, ცხადია, მოკრძალებით, წყნარად გავაკეთებ; ჩემს ცრემლებს რომ დაინახავს, გული აუჩვილდება...

      – ჰო, რასაკვირველია, წადი, წადი მასთან, აუხსენი... ოღონდ ცრემლი არ გინდა! რა საჭიროა? ღმერთმანი, მაშინებ, ვასია, ძალიან მაშინებ.

      – ჰო, წავალ, წავალ. ახლა კი, მადროვე, რომ დავწერო, მადროვე, რომ დავწერო, არკაშა. არავის არაფერს დავუშავებ, მადროვე, რომ დავწერო!

      არკადი საწოლზე წამოწვა. ვასიას არ ენდობოდა, აშკარად არ ენდობოდა. ვასია ყველაფერზე იყო წამსვლელი. მაგრამ პატიების თხოვნა? რისთვის? როგორ? მთავარი ეს კი არ იყო, არამედ ის, რომ ვასიამ მოვალეობა არ შეასრულა, რომ ვასია საკუთარი თავის წინაშე გრძნობდა თავს დამნაშავედ, ფიქრობდა, რომ ბედისადმი უმადურობა გამოიჩინა. ვასია ბედნიერებით დათრგუნვილი და შეძრული იყო და თავი ამის ღირსად არ მიაჩნდა, ბოლოს და ბოლოს,

      მხოლოდ საბაბს მიაგნო, რათა ასე მოქცეულიყო, არადა, გუშინდლიდან მოყოლებული, მოულოდნელობისგან ჯერაც ვერ გამორკვეულიყო. «აი, ასეა საქმე! – გაიფიქრა არკადი ივანოვიჩმა, – უნდა გადავარჩინო. უნდა შევარიგო საკუთარ თავთან, თორემ ასე ანდერძს აიგებს». იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ წასულიყო იულიან მასტაკოვიჩთან, ხვალვე წასულიყო და ყველაფერი მოეყოლა.

      ვასია იჯდა და წერდა. გაწამებული არკადი ივანოვიჩი წამოწვა, რათა საქმეზე კიდევ ეფიქრა, და გამთენიისას გაეღვიძა.

      – ოჰ, ჯანდაბა! კვლავ! – შესძახა მან, როცა ვასიას გახედა; ის იჯდა და წერდა.

      არკადი მივარდა ვასიას ხელები შემოხვია და ძალით დააწვინა ლოგინში. ვასია იღიმოდა: დასუსტებულს, თვალები ეხუჭებოდა. ძლივს ლაპარაკობდა.

      – თვითონაც ვფიქრობდი, წავუძინებ-მეთქი, – თქვა მან, – იცი, არკადი, იდეა მაქვს; დავასრულებ. წერას მოვუჩქარე! მეტს ვეღარ ვიჯდებოდი; რვა საათზე გამაღვიძე...

      მაგრამ სიტყვა ვეღარ დაასრულა და მკვდარივით ჩაეძინა.

      – მავრა! – ჩურჩულით უთხრა არკადი ივანოვიჩმა მავრას, რომელმაც ჩაი შემოიტანა, – მან ითხოვა, ერთ საათში გამაღვიძეთო. არავითარ შემთხვევაში! დაე, იძინოს, თუნდაც ათი საათი, გასაგებია?

      – გასაგებია, ბატონო ძამიკო.

      – სადილი არ მოამზადო, შეშას არ გაეკარო, არ იხმაურო, თორემ შენს თავს დააბრალე! თუ მიკითხავს, უთხარი, რომ სამსახურში წავედი, გასაგებია?

      – გასაგებია, ძამიკო ბატონო; რამდენიც უნდა, იმდენი დაისვენოს, მე რა! მიხარია, როცა ბატონებს სძინავთ; ბატონების ქონებასაც ვუფრთხილდები. ამას წინათ ფინჯანი გამიტყდა და საყვედური მითხარით, მაგრამ მე არ გამიტეხავს, მაშკამ, კატამ გატეხა, მე კი მას ყურადღება ვერ მივაქციე; დაიკარგე, შე წყეულო-მეთქი, ვუთხარი.

      – ჩუმად, გაჩუმდი, გაჩუმდი!

      არკადი ივანოვიჩმა მავრა სამზარეულოში გაისტუმრა, გასაღები გამოართვა და იქ ჩაკეტა. შემდეგ სამსახურში წავიდა. გზაში ფიქრობდა, როგორ წარმდგარიყო იულიან მასტაკოვიჩის

      წინაშე, უხერხული ხომ არ იქნებოდა, თავხედობაში ხომ არ ჩამოართმევდნენ? სამსახურში დამფრთხალი მივიდა და მორიდებით გაიკითხა, აქ იყო თუ არა მისი აღმატებულება: უპასუხეს, რომ არ იყო და არც იქნებოდა. არკადი ივანოვიჩმა მაშინვე მასთან ბინაზე დააპირა წასვლა, მაგრამ დროულად მოისაზრა, რომ, რახან იულიან მასტაკოვიჩი არ მოვიდა, მაშასადამე, სახლში საქმე ჰქონდა. დარჩა. დრო უსაშველოდ გაიწელა. შიგადაშიგ ცდილობდა, ვასია შუმკოვისთვის მიცემულ დავალებაზე შეეტყო რამე, მაგრამ ვერავისგან ვერაფერი გაიგო. მხოლოდ ის იცოდნენ, ისიც დაკონკრეტების გარეშე, რომ იულიან მასტაკოვიჩი მას განსაკუთრებულ დავალებებს აძლევდა. როგორც იქნა, სამმა ჩამოჰკრა და არკადი ივანოვიჩი შინისკენ გავარდა. წინკარში ერთმა მწერალმა შეაჩერა და უთხრა, დაახლოებით პირველი საათისთვის ვასილი პეტროვიჩ შუმკოვი მოვიდა და იულიან მასტაკოვიჩი იკითხაო. ამის გაგონებაზე, არკადი ივანოვიჩმა ეტლი გააჩერა და ძალზე შეშინებული, შინისკენ გაეშურა.

      შუმკოვი სახლში დახვდა. საშინლად აღელვებული, ოთახში ბოლთას სცემდა. როგორც კი არკადი ივანოვიჩს შეხედა, მაშინვე გამოერკვა, გონს მოვიდა და სასწრაფოდ აღელვების დაფარვა სცადა. იგი სიტყვის უთქმელად ჩაუჯდა ქაღალდებს. თითქოს მეგობრის შეკითხვებს გაურბოდა, აწუხებდა ისინი, რაღაც ჩაეფიქრებინა და გადაეწყვიტა, არ გაემხილა, რადგან აღარ ენდობოდა მას. ამან არკადი გააოცა, მძიმე, განმგმირავი ტკივილისგან გული უწუხდა. საწოლზე დაჯდა და წიგნი გადაშალა – ერთადერთი, რომელიც ჰქონდა, თან საბრალო ვასიას თვალს არ

      აცილებდა. მაგრამ ვასია ჯიუტად დუმდა, წერდა და თავს მაღლა არ სწევდა. ასე გავიდა რამდენიმე საათი. არკადის უკიდურესად გაუმძაფრდა ტანჯვა. ბოლოს, თერთმეტი საათისთვის, ვასიამ თავი ასწია და უაზროდ, გაშტერებით მიაჩერდა არკადის. არკადი ელოდებოდა. კიდევ ორი-სამი წუთი გავიდა; ვასია დუმდა.

      – ვასია! – შესძახა არკადიმ, ვასიამ ხმა არ გასცა, – ვასია! – გაიმეორა მან და საწოლიდან წამოხტა, – ვასია, რა მოგდის? რა გემართება? – იყვირა და მასთან მიირბინა.

      ვასიამ თავი ასწია და კვლავ უაზროდ, გაშტერებით შეხედა მეგობარს. «გაშეშდა!» – გაიფიქრა არკადიმ და შიშისგან აცახცახდა, შემდეგ გრაფინს ხელი სტაცა, ვასია წამოაყენა, თავზე წყალი დაასხა, საფეთქლები დაუსველა და ხელები დაუსრისა. უეცრად ვასია გონს მოეგო.

      – ვასია, ვასია! – იძახდა არკადი, თან ტიროდა და ცრემლად იღვრებოდა, – ვასია, თავს ნუ იღუპავ, გაიხსენე! გაიხსენე!.. – სიტყვა აღარ დაასრულა და მეგობარი გულში მაგრად ჩაიკრა. ვასიას სახეზე ტანჯვა აღებეჭდა; მან შუბლი მოისრისა და ხელები თავზე წაივლო, თითქოს ეშინოდა, რომ არ მოსწყვეტოდა.

      – არ ვიცი, რა მემართება! – ჩაილაპარაკა მან ბოლოს, – მგონი, ზედმეტი მომივიდა. კარგი, კარგი!

      გეყოფა არკადი, ნუ წუხხარ; გეყოფა! – გაიმეორა მან და მეგობარს სევდიანი, დაღლილი მზერა მიაპყრო, – რა გაშფოთებს? გეყოფა!

      – შენ მე აქეთ მანუგეშებ, – შესძახა არკადიმ, რომელსაც გული გაგლეჯაზე ჰქონდა, – ვასია, – თქვა მან ბოლოს, – წამოწექი, ცოტა წაუძინე, კარგი? ტყუილუბრალოდ თავს ნუ იტანჯავ! აჯობებს, მერე დაჯდე სამუშაოდ!

      – ჰო, ჰო! – გაიმეორა ვასიამ, – კეთილი! დავწვები; კარგი; ჰო! იცი, დასრულება მინდოდა, ახლა კი გადავიფიქრე, და...

      არკადიმ იგი ლოგინზე ძალით დააწვინა.

      – მომისმინე, ვასია, – თქვა მტკიცედ, – ეს საქმე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს! მითხარი, რა ჩაიფიქრე?

      – ეჰ! – თქვა ვასიამ, დასუსტებული ხელი ჩაიქნია და თავი მეორე მხარეს მიაბრუნა.

      – გეყოფა, ვასია, გეყოფა! გადაწყვიტე! არ მინდა, შენი მკვლელი გავხდე: ჩუმად ვეღარ ვიქნები. ვიცი, მანამ არ დაიძინებ, სანამ არ გადაწყვეტ.

      – როგორც გინდა, როგორც გინდა, – უცნაურად გაიმეორა ვასიამ.

      «მნებდება!» – გაიფიქრა არკადი ივანოვიჩმა.

      – დამიჯერე, ვასია, – თქვა მან, – გაიხსენე, რა გითხარი, და ხვალ გადაგარჩენ; ხვალ გადავწყვეტ შენს ბედს! ამას რას ვამბობ! ისე შემაშინე, ვასია, რომ შენი სიტყვებით დავიწყე ლაპარაკი. რა ბედი! არაფერია, სისულელეა! შენ არ გინდა, იულიან მასტაკოვიჩის კეთილგანწყობა, გნებავს, სიყვარული რომ დაკარგო, დიახ! და არც დაკარგავ, აი, ნახავ... მე...

      არკადი ივანოვიჩი კიდევ დიდხანს არ გაჩერდებოდა, მაგრამ ვასიამ გააწყვეტინა. ის ლოგინიდან წამოიწია, უსიტყვოდ შემოხვია ორივე ხელი კისერზე არკადი ივანოვიჩს და აკოცა.

      – საკმარისია! – თქვა მან სუსტი ხმით, – საკმარისია! მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს!

      ვასიამ თავი კვლავ კედლისკენ მიაბრუნა.

      «ღმერთო ჩემო! – გაიფიქრა არკადიმ, – ღმერთო ჩემო! რა ემართება? საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის; რა გადაწყვიტა? დაიღუპება».

      არკადი მეგობარს სასოწარკვეთილი შეჰყურებდა.

      «ავად რომ გამხდარიყო, – გაიფიქრა არკადიმ, – შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო. ავადმყოფობასთან ერთად საზრუნავიც გაუქრებოდა, შემდეგ კი საქმეს მშვენივრად მოვაგვარებდით. რატომ ვცრუობ? ოჰ, ჩემო შემქმნელო!..»

      ამასობაში ვასიას თითქოს ჩასთვლიმა. არკადი ივანოვიჩს გაუხარდა. «კარგის ნიშანია!» – გაუელვა თავში. გადაწყვიტა, მთელი ღამე თვალი არ მოეცილებინა. მაგრამ ვასია ვერ ისვენებდა. წამდაუწუმ კრთოდა, ლოგინში წრიალებდა და წამით თვალს ახელდა ხოლმე. ბოლოს დაღლილობამ თავისი გაიტანა და მკვდარივით ჩაეძინა. ღამის ორი საათი იქნებოდა; არკადი ივანოვიჩს, რომელიც სკამზე იჯდა და მაგიდას იდაყვით დაყრდნობოდა, რული მოეკიდა.

      შფოთიანი და უცნაური სიზმარი ნახა. ეჩვენებოდა, რომ არ ეძინა, რომ ვასია კვლავ ლოგინზე იწვა. მაგრამ აი, საოცრება! ეგონა, რომ ვასია თავს იკატუნებდა, რომ ატყუებდა კიდეც. ნელ-ნელა ჩუმად წამოდგა, მას ოდნავ გახელილი თვალებით აკვირდებოდა და საწერი მაგიდისკენ მიიპარებოდა. არკადიმ გულში მწვავე ტკივილი იგრძნო; სწყინდა, სევდა ეუფლებოდა, უმძიმდა ვასიას დანახვა, რომელიც არ ენდობოდა, ემალებოდა და ინიღბებოდა. უნდოდა,

      მკლავები მოეხვია, დაეყვირა, საწოლისკენ წაეყვანა... მაშინ მის ხელებში მოქცეული ვასია რაღაცას შესძახებდა და იგი ლოგინზე უსულო გვამს დადებდა. არკადის შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა, გული საშინლად უცემდა. თვალი გაახილა, გაიღვიძა. ვასია მის წინ, მაგიდასთან იჯდა და წერდა.

      არკადიმ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერა და ლოგინს შეხედა: ვასია იქ არ იწვა. არკადი შეშინებული წამოხტა. კვლავაც სიზმრის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ვასია არ განძრეულა. წერას განაგრძობდა. შეძრწუნებულმა არკადიმ შეამჩნია, რომ ვასია ქაღალდზე მშრალ კალამს დაატარებდა, ბოლოში ჩადიოდა, შემდეგ სუფთა ფურცელს შლიდა და წერას სწრაფად განაგრძობდა, ჩქარობდა გვერდის გავსებას, თითქოს საქმეს ბრწყინვალედ, შესანიშნავად აკეთებდა! «არა, ეს გაშეშება არაა!» – გაიფიქრა არკადი ივანოვიჩმა და მთელი სხეული აუკანკალდა:

      – ვასია, ვასია! ხმა გამეცი! – იყვირა და მეგობარს ხელი მხარში ჩაავლო. მაგრამ ვასია დუმდა და კვლავინდებურად სტრიქონს სტრიქონზე ამატებდა მშრალი კალმით.

      – როგორც იქნა, კარგ სიჩქარეს მივაღწიე, – ჩაილაპარაკა მან თავაუღებლივ.

      არკადიმ ხელი სტაცა და კალამი გამოგლიჯა.

      ვასიას მკერდიდან კვნესა აღმოხდა, ხელი დაუშვა და არკადის შეხედა, შემდეგ შეწუხებული და სევდიანი გამომეტყველებით ხელი შუბლზე მოისვა, თითქოს ტყვიასავით მძიმე ტვირთის მოცილება სურდა, მის არსებას რომ დასწოლოდა, და წყნარად, ჩაფიქრებული სახით დაუშვა თავი მკერდზე.

      – ვასია, ვასია! – ყვიროდა სასოწარკვეთილი არკადი ივანოვიჩი, – ვასია!

      ერთი წუთის შემდეგ ვასიამ შეხედა, დიდრონ, ცისფერ თვალებში ცრემლი ედგა, მისი ფერმკრთალი, უწყინარი სახე უსაზღვრო ტანჯვას გამოხატავდა... რაღაცას ჩურჩულებდა.

      – რა თქვი? რა? – შესძახა არკადიმ და მისკენ დაიხარა.

      – რატომ? რისთვის? – ჩურჩულებდა ვასია, – რატომ? ასეთი რა გავაკეთე?

      – ვასია! რას ამბობ? რისი გეშინია, ვასია? რისი? – იყვირა სასოწარკვეთილმა არკადიმ ხელების მტვრევით.

      – რატომ გინდათ ჯარში ჩემი გაწვევა? – თქვა ვასიამ და მეგობარს თვალებში მიაჩერდა, – რისთვის? რა დავაშავე?

      არკადის თმა ყალყზე დაუდგა; არ უნდოდა ამის დაჯერება. გულმოკლული ედგა თავზე.

      წუთის შემდეგ გამოერკვა. «ეს ისე, წუთიერი იყო!» – უთხრა საკუთარ თავს და გაფითრებული სახითა და აცახცახებული, გალურჯებული ტუჩებით სასწრაფოდ ჩაცმას შეუდგა. უნდოდა, დაუყოვნებლივ ექიმის მოსაყვანად წასულიყო. უეცრად ვასიამ დაუძახა; არკადი მივარდა და დედასავით მოეხვია, რომელსაც ღვიძლ შვილს ართმევენ...

      – არკადი, არკადი, არავის უთხრა! გესმის? ეს ჩემი უბედურებაა! დაე, მარტოკამ ვატარო...

      – რას ამბობ, რას? გონს მოდი, ვასია, გამოფხიზლდი!

      ვასიამ ამოიოხრა და ლოყებზე ცრემლები ჩამოეღვარა.

      – რატომ უნდა მოკლათ ის ქალი? ასეთი რა დააშავა, რა?.. – ჩაიბურტყუნა გატანჯული, სულისშემძვრელი ხმით, – ჩემი ცოდვაა, ჩემი ცოდვა!..

      იგი ცოტა ხნით დადუმდა.

      – მშვიდობით, ჩემო სიყვარულო! მშვიდობით, ჩემო სიყვარულო! – ჩურჩულებდა იგი და

      საბრალო თავს აქეთ-იქით აქნევდა. არკადი შეკრთა, გამოფხიზლდა და ექიმის მოსაყვანად გაქცევა დააპირა, – წავიდეთ! დროა! – შესძახა ვასიამ, რომელიც არკადის ბოლო მოძრაობამ გაიტაცა, – წავიდეთ, ძმაო, წავიდეთ; მზად ვარ! შენ მხოლოდ გამაცილე! – იგი კვლავ დადუმდა და არკადის დამწუხრებული, ეჭვიანი მზერა მიაპყრო.

      – ვასია, არ გამომყვე, ღვთის გულისთვის! აქ დამელოდე. მე ახლავე, ახლავე დავბრუნდები, – თქვა არკადი ივანოვიჩმა და დაბნეულმა ხელი ქუდს სტაცა, რათა ექიმის მოსაყვანად გაქცეულიყო. ვასია მაშინვე დაჯდა; წყნარად, დამჯერედ იქცეოდა, ოღონდ თვალებში რაღაცნაირად სასოწარკვეთილი სიმტკიცე უბრწყინავდა. არკადი შემობრუნდა, მაგიდიდან გახსნილი ჯაყვა აიღო, ერთხელაც შეხედა საბრალო მეგობარს და გარეთ გავარდა.

      რვა საათი ხდებოდა. სინათლეს დიდი ხნის წინ გაეფანტა ბინდბუნდი ოთახში.

      მან ვერავის მიაგნო. უკვე მთელი საათი დარბოდა. ყველა ექიმი, რომელთა მისამართებსაც მეეზოვეებისგან იგებდა, – ეკითხებოდა, ამ სახლში ექიმი ხომ არ ცხოვრობსო, – წასული აღმოჩნდა: ზოგი სამსახურში, ზოგიც რაღაც საქმეზე. იყო ერთი, რომელიც პაციენტებს ბინაზე იღებდა. იგი დიდხანს ესაუბრებოდა მსახურს, რომელმაც ნეფედევიჩის მოსვლა აუწყა, ცდილობდა, ყველაფერი დაწვრილებით გაეგო მის შესახებ, ადრეული სტუმრის გარეგნული

      ნიშნებიც კი აინტერესებდა. ბოლოს დაასკვნა, რომ ვერ მიიღებდა, რადგან ბევრი საქმე ჰქონდა, ვერც ავადმყოფთან გაჰყვებოდა, რადგან ასეთი პაციენტები საავადმყოფოში წაყვანას საჭიროებდნენ.

      მაშინ დამწუხრებულმა და თავზარდაცემულმა არკადიმ, რომელიც მოვლენათა ასეთ განვითარებას არაფრით ელოდა, ამქვეყნად არსებულ ყველა ექიმზე ხელი ჩაიქნია და ვასიას გამო უკიდურესად შეშფოთებული, შინისკენ გაიქცა. ოთახში შეირბინა. მავრა, ვითომც არაფერი მომხდარაო, იატაკს გვიდა, ფიჩხს ამტვრევდა და ღუმლის გახურებას აპირებდა. არკადიმ ოთახში ვასიას თვალი ვერსად მოჰკრა – იგი უკვალოდ გამქრალიყო: სახლიდან წასულიყო.

      «სად? სად წავიდოდა ის საცოდავი?» – გაიფიქრა არკადიმ და შეძრწუნებულს, ძარღვებში კინაღამ სისხლი გაეყინა. მავრას გამოკითხვას შეუდგა, მაგრამ მან არაფერი იცოდა, არც დაენახა და არც გაეგონა, როგორ გავიდა სახლიდან ვასია, ღმერთმა შეუნდოს! ნეფედევიჩი კოლომენსკელებთან გავარდა.

      მას, ღმერთმა იცის, რატომ, თავში გაუელვა, რომ ის მათთან იქნებოდა.

      ათი საათი ხდებოდა, როდესაც იქ მივიდა. არ ელოდნენ, არაფერი იცოდნენ, არაფერს

      უწყოდნენ. იდგა მათ წინ შეშინებული, შეწუხებული და ეკითხებოდა, ვასია სად არისო. მოხუცს ფეხები მოეკვეთა და დივანზე დაეცა. შიშისგან აკანკალებული ლიზანკა კი გამოკითხვას შეუდგა. რა უნდა ეთქვა? არკადი ივანოვიჩმა რაღაც ზღაპარი მოიგონა, რომელიც, ცხადია, არ დაიჯერეს, დედა-შვილს თავი სწრაფად დააღწია, გაიქცა და ყველა შეძრწუნებული და აღელვებული დატოვა. შემდეგ სამსახურისკენ გასწია, რათა, ყოველ შემთხვევაში, არ დაეგვიანა მაინც და შეეტყობინებინა, რომ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები. გზაში გაიფიქრა, რომ ვასია იულიან მასტაკოვიჩთან იქნებოდა. ეს ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნდა: არკადის ეს აზრი ჯერ კიდევ კოლომენსკელებთან წასვლამდე მოუვიდა. როდესაც მისი აღმატებულების სახლს ჩაუარა, გაჩერება დააპირა, მაგრამ მაშინვე გზის გაგრძელება უბრძანა საკუთარ თავს. გადაწყვიტა, ჯერ სამსახურში გაერკვია რამე, და თუ იქაც ვერაფერს შეიტყობდა, მაშინღა მიემართა მისი აღმატებულებისთვის, ასე ვთქვათ, ვასიას შესახებ მოეხსენებინა. ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ეს!

      მას წინკარშივე შემოეხვივნენ მასზე ახალგაზრდა ამხანაგები, ძირითადად, მისი ჩინის მქონენი და შეკითხვები დააყარეს, ვასიას რა დაემართაო. ყველანი იმასაც ამბობდნენ, ვასია ჭკუაზე შეიშალა და აიჩემა, საქმის ცუდად შესრულებისთვის ჯარში მიწვევენო. არკადი ივანოვიჩი ყველას პასუხობდა, ან, თუ სიმართლე გნებავთ, დადებით პასუხს არავის აძლევდა და შიგა ოთახებისკენ მიიწევდა. გზაში შეიტყო, რომ ვასია იულიან მასტაკოვიჩის კაბინეტში

      იმყოფებოდა, რომ ყველა იქ შესულიყო, ესპერ ივანოვიჩიც კი. ერთი პირობა, შეყოყმანდა. რომელიღაც უფროსმა ჰკითხა, სად მიდიხართ და რა გინდათო. სახეებს ვეღარ არჩევდა, ვასიას შესახებ რაღაც ჩაილაპარაკა და პირდაპირ კაბინეტში შევიდა. იქიდან უკვე ისმოდა იულიან მასტაკოვიჩის ხმა.

      – საით? – ჰკითხა ვიღაცამ ზედ კართან.

      არკადი ივანოვიჩს თითქმის თავგზა აებნა; უკან გაბრუნება დააპირა, მაგრამ შეღებულ კარში საბრალო ვასიას მოჰკრა თვალი. როგორღაც ოთახში შეაღწია. იქ ალიაქოთი იდგა, ყველა საგონებელში იყო ჩავარდნილი, რადგან იულიან მასტაკოვიჩი, სავარაუდოდ, ძალზე შეწუხებული ჩანდა. გარს, ასე თუ ისე, მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები შემოხვეოდნენ, საუბრობდნენ და ვერაფერი გადაეწყვიტათ. ვასია მოშორებით იდგა. მის დანახვაზე არკადის კინაღამ გული გაუჩერდა: ფერმკრთალი, თავაწეული, ჯარისკაცივით გაჯგიმულიყო, ხელები ჩამოეშვა და თვალებში შესცქეროდა იულიან მასტაკოვიჩს. ნეფედევიჩი მაშინვე შეამჩნიეს და ვიღაცამ, ვინც იცოდა, რომ ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ეს მის აღმატებულებას მოახსენა. არკადი მასთან მიიყვანეს. მას მისთვის დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა სურდა, მაგრამ, როდესაც იულიან მასტაკოვიჩს შეხედა და მის სახეზე ჭეშმარიტი სიბრალული ამოიკითხა, აცახცახდა და ბავშვივით აქვითინდა. მეტიც გააკეთა: წინ გავარდა, უფროსს ხელზე ხელი

      წაავლო, თვალებთან მიიტანა და ცრემლებით დაუნამა. იულიან მასტაკოვიჩი იძულებული გახდა, ხელი სასწრაფოდ გამოეტაცა, აექნია და ეთქვა: «კარგი, გეყოფა, ძმაო, გეყოფა, ვხედავ, კეთილი გული გქონია». არკადი ტიროდა და იქ მყოფთ ვედრებით შეჰყურებდა. ეჩვენებოდა, რომ ყველანი მისი საბრალო ვასიას ძმები იყვნენ, რომ ისინიც ასევე იტანჯებოდნენ და ტიროდნენ მის გამო.

      – როგორ, როგორ შეემთხვა ასეთი რამე? – ამბობდა იულიან მასტაკოვიჩი, – რატომ შეიშალა ჭკუაზე?

      – მა-მად-ლიერებისგან! – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა არკადი ივანოვიჩმა.

      პასუხმა ყველა გააოცა, იგი უცნაურად და წარმოუდგენლად მოეჩვენათ: როგორ შეიძლებოდა, კაცი მადლიერებისგან ჭკუაზე შეშლილიყო? არკადიმ როგორც შეეძლო, ისე აუხსნა.

      – ღმერთო, რა სამწუხაროა! – ჩაილაპარაკა ბოლოს იულიან მასტაკოვიჩმა, – არადა, მისთვის მიცემული დავალება არც მნიშვნელოვანი იყო და არც სასწრაფო. აი, ასე, არაფრის გულისთვის დაიღუპა ადამიანი! რა გაეწყობა, წაიყვანეთ!.. – აქ იულიან მასტაკოვიჩმა კვლავ არკადი ივანოვიჩს მიმართა და გამოკითხვა განაგრძო.

      – გვთხოვს, – თქვა მან და ხელი ვასიასკენ გაიშვირა, – რომ ეს რომელიღაც ქალიშვილს არ ვუთხრათ; მისი საცოლე ხომ არ არის?

      არკადი ახსნას შეუდგა. ამასობაში ვასია თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა, თითქოს უდიდესი დაძაბულობის ფასად იხსენებდა ერთ მნიშვნელოვან, საჭირო ნივთს, რომელიც სწორედ ახლა გამოადგებოდა. შიგადაშიგ ტანჯული სახით იყურებოდა აქეთ-იქით – როგორც ჩანს, იმედოვნებდა, რომ ვინმე შეახსენებდა იმას, რაც დაავიწყდა. შემდეგ არკადის შეხედა. ბოლოს, მოულოდნელად, თვალებში იმედის ნაპერწკალი აუკიაფდა, ადგილიდან მარცხენა ფეხით დაიძრა, შეძლებისდაგვარად, მარჯვედ გადადგა სამი ნაბიჯი და მარცხენა ჩექმა მარჯვენას მიარტყა, როგორც ამას ოფიცრის მიერ გამოძახებული ჯარისკაცები აკეთებენ.

      – ფიზიკური ნაკლი მაქვს, თქვენო აღმატებულებავ, უღონო ვარ და პატარა, სამსახურში არ გამოვდგები, – თქვა მან ნაწყვეტ-ნაწყვეტ.

      ოთახში მყოფთაგან თავი ყველამ ისე იგრძნო, თითქოს ვიღაცამ გული შეუკუმშა. იულიან მასტაკოვიჩს მტკიცე ხასიათი კი ჰქონდა, მაგრამ მასაც გადმოუგორდა თვალიდან ცრემლი.

      – წაიყვანეთ, – თქვა მან და ხელი ჩაიქნია.

      – შუბლი! – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ვასიამ, მარცხენა მხრიდან ზურგისკენ შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. ყველა უკან მიჰყვა, ვისაც კი მისი ბედი აინტერესებდა. არკადიც მათ შორის იყო. ვასია წინკარში დასვეს მითითებისა და კარეტის მოლოდინში, რათა საავადმყოფოში წაეყვანათ. იგი იჯდა, დუმდა, ეტყობოდა, რაღაცაზე ძლიერ დარდობდა. ვისაც ცნობდა, თავს უქნევდა, თითქოს ემშვიდობებაო. წამდაუწუმ კარისკენ იყურებოდა და ემზადებოდა, როდის იტყოდნენ, დროაო. გარშემო ხალხი მჭიდრო რკალად შემოხვეოდა; ყველა თავს აქნევდა, წუხდა. ბევრი გააოცა მისმა ამბავმა, რომელიც უცებ გავრცელდა; ზოგი მსჯელობდა, ზოგს ებრალებოდა ვასია, ზოგიც აქებდა, ამბობდნენ, რომ ძალიან თავმდაბალი, წყნარი ახალგაზრდა კაცი იყო, იმედის მომცემი; ჰყვებოდნენ, როგორ ცდილობდა, მეტი ესწავლა, ცოდნის სიყვარული ამოძრავებდა, თვითგანათლებისკენ მიისწრაფოდა. «ყველაფერს თავისით მიაღწია!» – შენიშნა ვიღაცამ. გულაჩუყებით ამბობდნენ, როგორ უყვარდა იგი მის აღმატებულებას. ზოგიერთმა იმის ახსნა სცადა, თუ რატომ მოუვიდა ვასიას თავში, – რამაც ჭკუაზე შეშალა, – რომ ჯარში გაიწვევდნენ სამუშაოს შეუსრულებლობის გამო. ითქვა, რომ ძალზე დაბალი წარმოშობისა იყო, ღარიბი, და პირველი ჩინი მხოლოდ იულიან მასტაკოვიჩის შუამდგომლობით მიიღო, რომელმაც მასში ტალანტი, მორჩილება და იშვიათი თვინიერება აღმოაჩინა. ერთი სიტყვით, უამრავი მითქმა-მოთქმა და აზრი გაისმა. განცვიფრებულთაგან განსაკუთრებით ერთი გამოირჩეოდა, ვასია შუმკოვის თანამშრომელი, ძალზე დაბალი კაცი. არც ისე ახალგაზრდა ეთქმოდა, დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა. ზეწარივით

      გაფითრებული მთელი ტანით ცახცახებდა და უცნაურად იღიმოდა – შესაძლოა, იმიტომ, რომ ყოველგვარი სკანდალური საქმე ან საშინელი სცენა აშინებს და, იმავდროულად, ერთგვარად ახარებს კიდეც გარეშე მაყურებელს. ის წამდაუწუმ წრეს არტყამდა შუმკოვის გარშემო შეჯგუფებულ ხალხს და, რადგან დაბალი იყო, თითის წვერებზე დგებოდა, ღილზე ხელს სტაცებდა ყველა შემხვედრს თუ უძრავად მდგარს, ანუ მათ, ვისთანაც ასე მოქცევის უფლება ჰქონდა და გაუთავებლად ამბობდა, რომ იცოდა ამ ყველაფრის მიზეზი, რომ ეს უბრალო კი არა, საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმე იყო და ასე დატოვება არ შეიძლებოდა; შემდეგ კვლავ თითის წვერებზე დგებოდა, მსმენელს ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა, ერთი-ორჯერ თავს აქნევდა და გზას სირბილით განაგრძობდა. ბოლოს ყველაფერი დასრულდა: დარაჯი და საავადმყოფოს ფერშალი ვასიას მიუახლოვდნენ და უთხრეს, რომ წასვლის დრო იყო. იგი წამოხტა, აწრიალდა და მათ გაჰყვა, თან აქეთ-იქით იყურებოდა. თვალებით ვიღაცას ეძებდა!

      – ვასია! ვასია! – შესძახა ქვითინით არკადი ივანოვიჩმა. ვასია შეჩერდა და არკადიმ ხალხში გაძრომა და მასთან მისვლა მოახერხა. ისინი უკანასკნელად გადაეხვივნენ და მაგრად ჩაეკვრნენ ერთმანეთს... სევდიანი სანახაობა იყო. რაღაც ქიმერული უბედურება მათ თვალებში ცრემლებს აჩენდა! რაზე ტიროდნენ? სად იყო ეს უბედურება? რატომ არ ესმოდათ ერთმანეთის?..

      – აჰა, აჰა, აიღე, – თქვა შუმკოვმა და არკადის ხელში რაღაც ქაღალდი მიაჩეჩა, – ისინი

      ჩამომართმევენ. მერე მომიტანე, მერე; შეინახე... – ვასიამ ვეღარ დაასრულა. მას დაუძახეს, სწრაფად ჩაირბინა კიბე, თან ყველას თავს უქნევდა, ყველას ემშვიდობებოდა. სახეზე სასოწარკვეთილება ეხატა. ბოლოს კარეტაში ჩასვეს და წაიყვანეს. არკადიმ მაშინვე გაშალა ქაღალდი: მასში ლიზას შავი თმის კულული იდო, რომელიც შუმკოვს მუდამ თან დაჰქონდა. არკადის თვალთაგან მდუღარე ცრემლები გადმოსცვივდა. «ოჰ, საბრალო ლიზა!»

      სამსახურის დასრულების შემდეგ იგი კოლომენსკელებთან წავიდა. ზედმეტია იმის თქმა, რაც იქ ხდებოდა! პეტიაც კი, პატარა პეტია, რომელიც ვერც კი ხვდებოდა, რა დაემართა გულკეთილ ვასიას, კუთხეში შეიყუჟა, სახეზე ხელები აიფარა და ბავშვურად, გულამოსკვნით აქვითინდა. უკვე ბნელოდა, როდესაც არკადი შინისკენ გაეშურა. ნევას რომ მიუახლოვდა, წუთით შეჩერდა და გამგმირავი მზერა მიაპყრო მდინარის გასწვრივ არსებულ აკვამლებულ, სუსხიან, დაბინდულ სივრცეს, უეცრად რომ შეწითლდა ჩამუქებულ ცისკიდურზე მინავლული სისხლიანი დაისის უკანასკნელი ძოწეულით. ქალაქის თავზე ღამე წვებოდა და მზის უკანასკნელ ანაბზინს ნევის უკიდეგანო, გაყინული თოვლისგან აფუებულ ველობზე ეკლიანი ჭირხლის ურიცხვი მირიადი მოეფინა. ყინვა ოც გრადუსს აღწევდა... ქანცგაწყვეტილ ცხენებსა და სირბილით მიმავალ ადამიანებს პირიდან სუსხიანი ორთქლი ამოსდიოდათ. შეკუმშული ჰაერი უმცირეს ხმაურზეც კი თრთოდა და მდინარის ორივე სანაპიროზე ჩამწკრივებული სახლების სახურავებიდან ცივი ცისკენ კვამლის სვეტები მიიწევდა, გოლიათებს ემსგავსებოდა,

      გზაში ერთმანეთს ეხლართებოდა და კვლავ შორდებოდა. კაცი იფიქრებდა, ძველი სახლების თავზე ახალ-ახალი დგება, ჰაერში კი ახალი ქალაქი ჩნდებაო... გეგონებოდათ, ბოლოს და ბოლოს, მთელი ეს სამყარო, მისი ყველა, ძლიერი თუ სუსტი მობინადრით, მათი ყველა საცხოვრებლით, ღარიბთა თავშესაფრითა თუ მოოქრული დარბაზებით – გულს რომ უხარებდა ძლიერთა ამა ქვეყნისათა, ამ შებინდების ჟამს ფანტასტიკურ, ჯადოსნურ ზმანებას, სიზმარს დაემსგავსაო, რომელიც, თავის მხრივ, მაშინვე ქრებოდა და ორთქლს შეერეოდა მუქ ლურჯ ცაში. რაღაც უცნაური ფიქრი ეწვია საბრალო ვასიას დაობლებულ ამხანაგს. იგი შეკრთა და გულში თითქოს ცხელი სისხლის ნაკადი მოაწვა, რომელიც უეცრად აადუღა რაღაც მძლავრმა, მისთვის აქამდე უცნობმა შეგრძნებამ. არკადი თითქოს ახლაღა ჩასწვდა მთელ ამ წუხილს და მიხვდა, რატომ შეიშალა ჭკუაზე მისი საცოდავი ვასია, საკუთარ ბედნიერებას რომ ვეღარ გაუძლო. ტუჩები აუცახცახდა, თვალები აენთო, გაფითრდა და ამწუთას თითქოს ახლებურად დაინახა რაღაც...

      აქედან მოყოლებული, მოსაწყენ და სახემოღუშულ ადამიანად იქცა, მისი მხიარულება უკვალოდ გაქრა. ძველი ბინა შესძულდა და სხვა იქირავა. კოლომენსკელებთან მისვლა აღარ სურდა, არც შეეძლო. ორი წლის შემდეგ ლიზანკას ეკლესიაში შეხვდა. იგი უკვე გათხოვილი იყო. უკან დედა მოჰყვებოდა ძუძუთა ბავშვით. ისინი ერთმანეთს მიესალმნენ და დიდხანს გაურბოდნენ წარსულზე საუბარს. ლიზამ თქვა, რომ, მადლობა ღმერთს, ბედნიერი იყო,

      ღარიბულად არ ცხოვრობდა, გულკეთილი ქმარი ჰყავდა, რომელიც უყვარდა... მაგრამ უეცრად, ლაპარაკის დროს, თვალები ცრემლებით აევსო, ხმა ჩაუწყდა, შეტრიალდა და ეკლესიის ფიცარნაგისკენ დაიხარა, რათა ხალხს მისი მწუხარება არ დაენახა...

ტეგები: Qwelly, დოსტოევსკი, ლიტერატურა, მოთხრობა

ნახვა: 311

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Among the most famous representatives of this anime fandom

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 10, 2020.
საათი: 6:48am 0 კომენტარი

Among the most famous representatives of this anime fandom is that the Vocaloid Hatsune Miku. In addition to being an idol, the character has been featured in several video games and manga series through the years. There are realistic concerts that …

გაგრძელება

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:19pm 0 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters