აკა მორჩილაძე - გაზეთები, გაზეთები

   სანამ ილია „ივერიის“ გამოშვებას დაიწყებდა, საქართველოს ერთადერთი ქართული გაზეთი ჰქონდა, ამ გაზეთს ერქვა „დროება“ და მისი რედაქტორი 15 წლის განმავლობაში იყო სერგეი მესხი.  „დროების“ რედაქცია ახალ ქალაქში სასახლის ქუჩის გაგრძელებაზე იყო, მუხრანსკის სახლის სულ ზედა სართულში და უცხოს რომ შეეხედა, იფიქრებდა, რომ ეს რედაქცია არ არის, უბრალოდ ვიღაცის სახლიაო. ილიას ხომ მთლად სახლში ჰქონდა რედაქცია, „დროება“ კი ისე ჰგავდა სახლს.

   ასეც იყო, იმიტომ, რომ იმ დროში, როცა „დროება“ გამოდიოდა და როცა ის იყო ერთადერთი ქართული გაზეთი, ქართული გაზეთის გამოცემა წვალება იყო - წვალება, თავდადება, სიღატაკე და არაადამიანური შრომა. მაგრამ ქართული გაზეთი აუცილებელი იყო. ქართული გაზეთი რომ არ ყოფილიყო, ქართველი ვერაფერს გაიგებდა. ქართული გაზეთი მარტო ახალი ამბების კრებული არ იყო, ეს თავისებურად იყო საბრძოლო ფურცელიც ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკასა და საქართველოს მდგომარეობაზე ფიქრობდნენ და ცდილობდნენ, უყურადღებოდ არ დაეტოვებინათ საქვეყნო ვითარება.  გაზეთის შრომა ისედაც მძიმეა, მით უმეტეს, ღარიბი გაზეთისა.

   თბილისში იყო მდიდარი და გადასარევი რუსული გაზეთები, მათ მკითხველიც ბლომად ჰყავდათ და არც რამე უჭირდათ. ბევრი კარგი ქართველი ჟურნალისტი სწორედ იქ მუშაობდა. აი, ნიკო ნიკოლაძესაც კი რუსული გაზეთი ჰქონდა.

   მაგრამ „დროება“ სხვა იყო. მისი რედაქტორი, გამომცემელი, კორექტორი, მოწინავეების ავტორი და ახალი ამბების რუსულიდან მთარგმნელი ხშირად ერთი კაცი იყო ხოლმე - სერგეი მესხი.  ხშირად ასე იყო, მაგრამ ხშირად „დროებაში“ ბევრი კარგი ქართველი ჟურნალისტი და მწერალი მუშაობდა.

   „დროების“ რედაქცია იყო ერთი საოცარი და დიდი სახლი, თუმცა საკმაოდ ვიწრო ოთახებით და ბევრ ოთახს იქ ფანჯარაც არ ჰქონდა. იქავე იყო სტამბა, თავისი ასოთამწყობებით. ასოთამწყობი იმ დროის ერთი გამორჩეული ხელობა გახლდათ - უსწავლელი ნასწავლი კაცი, ანუ ის კაცი, რომელიც პირველი იგებს ახალ ამბავს. თქვენ გაზეთს მეორე დღეს წაიკითხავთ, მან კი წინა შუადღეს უკვე ყველაფერი იცის, რადგან თავად ააწყო სტამბაში ესა თუ ის სტატია.

   „დროების“ რედაქციაში რომ შევიჭყიტოთ, უნდა გავიხსენოთ გრიგოლ ორბელიანის საბრძოლო ეპიგრამები. ცნობილი ამბავია „პასუხი“, „პასუხის პასუხი“ და ასე შემდეგ, მამათა პაექრობა ილია ჭავჭავაძესთან და ახალი თაობის ხალხთან. ჰოდა, გენერლის სიტყვებით რომ ვთქვათ, „დროების“ რედაქციაში მუშაობდნენ აკაკიები, ბაკაკიები, რიონელები, გოგიტელები, მესხი, მეველე, მელიქ-აღები და ა.შ. და ა.შ.

   ეს იმ ხალხის ფსევდონიმებია, ვინც აქტიურად წერდა ამ გაზეთში. სხვანაირად, მათ „მღვდლის შვილებსაც“ ეძახდნენ ხოლმე, თუმცა პირდაპირ მღვდლის შვილი არც ერთი არ იყო, მაგრამ იმ ენის გამო, რომლითაც წერდა მაშინდელი „დროება“, იმ ენის გამო, რომელიც მიუღებელი იყო ქართული მაღალი საზოგადოებისთვის, იმ უბრალოებისთვის, იმ სურვილისთვის, რომ წერა-კითხვის მცოდნე უბრალო ქართველსაც წაეკითხა ეს გაზეთი და გაეგო, თუ რა ხდება მის ქვეყანაში, „დროებას“ ამრეზით უყურებდნენ. ეგ „დროების“ საქართველოაო, ეგეთი არ არსებობსო.

   ბრწყინვალე თავადიშვილი „დროების“ არც ერთი თანამშრომელი არ იყო და ჩინ-მედალიც არც ერთ ამათგანს არ ჰქონდა, ამიტომაც, ეტყობა, წერა-კითხვის ცოდნაში მღვდლის შვილობა იგულისხმებოდა. საქართველო არც იყო საქართველო. იყო თბილისის გუბერნია და ქუთაისის გუბერნია.

   ველიჩკო ამბობდა ხშირად: რას შეუჩნდით ეს ქართველები ამ ქართულსო. ქუჩაში მენახშირე რომ მოდის, ისიც კი „უგლი, უგლის“ იძახის და თქვენ რად გინდათ ეს ქართული გაზეთი, გააკეთეთ ერთი კარგი რუსული გაზეთი და იქნებით ბედნიერად, არ შეგიძლიათ თუ რაო. ერთი დრო იყო, სემინარიებში და გიმნაზიებში ქართულად ლაპარაკისთვის ბავშვებს სჯიდნენ. ერთხანს უნდოდათ, რომ ამოეღოთ ქართული გალობა.

   უამრავი ისეთი მომენტი იყო, რომ ქართულს ბრძოლა უხდებოდა და ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო ქართული გაზეთი. ქართული გაზეთი იყო ერთადერთი თვალი, ერთადერთი მახვილი თვალი, ერთადერთი ყური, რომელსაც შეეძლო რაღაც გაეკეთებინა ქვეყნისთვის და ხალხი ფხიზლად ჰყოლოდა. სხვა გზა, სხვა საჯარო ადგილი არ არსებობდა.

   როგორ მუშაობდა გაზეთი? სტატიების წერა ან წინა დღით იყო მოთავებული, ან დილიდან იწყებოდა. სადილამდე ყველაფერი ჩაჰქონდათ სტამბაში, სადაც ასოთამწყობები აწყობდნენ გვერდებს. მერე გაზეთი ამოდიოდა რედაქციაში და კეთდებოდა კორექტურა. მერე კვლავ ჩადიოდა სტამბაში და კორექტურა სწორდებოდა. და, აი, მერე იწყებოდა მთავარი უბედურება. ეს გამზადებული გაზეთი ცენზორთან უნდა წაგეღო.

   ცენზორი იყო მთავარი კაცი, ეს იყო კაცი, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, მაშინდელმა იმპერიამ, დაუნიშნა მთელი რუსეთის გაზეთებს, ჟურნალებსა და წიგნებს. ქართული გაზეთისთვის ცენზორს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ცენზორი ქართველი იყო ხოლმე. უცნაური რა იყო, იცით? ერთხანს ქართული გამოცემების ცენზორი იყო რაფიელ ერისთავი - ადამიანი, რომელმაც დაწერა „სამშობლო ხევსურისა“ და როგორც ის ძველი ჟურნალისტები იგონებენ, კარგი ცენზორი იყო, რბილი და თვალმილულული. სხვანაირი ვერც იქნებოდა. კეთილშობილი კაცი იყო და ვითარებაც ესმოდა, მაგრამ ამოსაშლელს მაინც ყოველთვის ამოშლიდა, იმიტომ, რომ თუ არ ამოშლიდა, გაზეთი ალბათ დაიხურებოდა, რაც დაემართა კიდეც „დროებას“.

   გიორგი ლასხიშვილი იგონებს, ერთხელ სტატიაში სახარებიდან მქონდა ციტატაო და რაფიელმა გადამიხაზა წითელი მელნითო. აკრძალულ წინადადებებს წითელი მელნით ხაზავდნენ. შეწუხდა ლასხიშვილი, ეს რატომ ამოიღეთო და რაფიელს ასე უთქვამს, იცი რაო, საქმე სამღვდელოებას ეხება და შენ მაგათ არ იცნობო, შეიძლება ყველაფერზე შარი მოგდონო. მაშინ კი მეწყინაო, ლასხიშვილი წერს, მაგრამ მერე და მერე მივხვდი, რო მართალი იყოო. დიდი ხნის მერე მიხვდა, იმიტომ რომ „ივერია“ სწორედ სამღვდელოებასთან წინააღმდეგობის გამო დაიხურა და სწორედ მაშინ, როცა მას ლასხიშვილი უფროსობდა.

   რაფიელ ერისთავის შემდეგ კი ცენზორად იყო იმ დროის ქართველი ჟურნალისტებისთვის ყველაზე მძიმე კაცი ლუკა ისარლიშვილი, ისარლოვი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ძველი ამხანაგი. ასე ამბობდნენ, სულ პირველმა ივანე ორბელიანმა გაიპარსა წვერი, მეორემ - ლუკა ისარლოვმაო. წვერი უკვე მთელ მსოფლიოში მოდაში შემოსულიყო, მაგრამ ლუკა ამას არ მისდევდა.

იხსენებენ, რომ ის იყო პოლიციელის ტიპის ადამიანი, რომელმაც იცოდა კარგი ქართული და კარგი რუსული და იჯდა და შლიდა და შლიდა და შლიდა. ყოფილა, რომ ერთი-ორი გულწრფელი ახალგაზრდა ლიბერალი დანით და რევოლვერითაც კი მივარდნია ლუკა-ცენზორს. იყო მისი წვალება, მოტყუება-გაცურება, მოქრთამვის მცდელობა, მაგრამ ეს იყო ურყევი კაცი.

როცა ალექსანდრე ყაზბეგის პირველი წიგნი გამოდიოდა, ლუკამ ლამის მთლიანად წაშალა, მხოლოდ რამდენიმე გვერდი დატოვა, ეს გამოეცითო. ყაზბეგმა არ დაიშალა და მაინც გამოსცა წიგნი პირვანდელი სახით. მესამე დღესვე წიგნის მთელი ტირაჟი დაწვეს. ასეთი შემთხვევები ხშირი იყო იმ დროს. ქართული გაზეთის რედაქცია იყო ლიბერალი ქართველების კლუბი.

რედაქციებში ადამიანები ცხოვრობდნენ კიდეც. ალექსანდრე ყაზბეგი დიდხანს ცხოვრობდა „დროების“ რედაქციაში, იმიტომ, რომ ბინა არ ჰქონდა. იქვე სადილობდნენ, რასაც იშოვიდნენ, ინაწილებდნენ და ყველაფერი იყო ძალიან შინაურულად. მთელ ამ ცენზურობასა და წვალებაში ქართველი ჟურნალისტები სწავლობდნენ იგავური ენით წერას, მაგრამ ეს იგავებიც ხშირად ამოსაცნობი იყო. „დროების“ დახურვის ერთ-ერთი საბაბი უბრალო ფელეტონი გახდა, სადაც ვიღაც მოლასა და ყადიზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ოზურგეთის მაზრის უფროსმა ვირუბოვმა ამოიჩემა, ეს ყადი მე ვარო და სასამართლოში აღძრა საქმე.

იქვე დაემთხვა, რომ ივანე მაჩაბლის ფელეტონი ლოთ რუს მუშაზე წაიკითხეს როგორც სატირა კავკასიის მეფისნაცვალ დონდუკოვ-კორსაკოვზე, რომელსაც სმა უყვარდა. კავალერიის გენერალი და მთელი კავკასიის გამგებელი პატარა გაზეთს ვერ მოერეოდა?  ამიტომაც „დროება“ დაიხურა და აღარასოდეს აღმდგარა.  ქართული საზოგადოების ძლიერი მხარე ამ დროს ასეთი იყო: როგორც კი „დროება“ დაიხურა, სოლოლაკის ერთ ბინაზე შეიკრიბა ათი ქართველი. იქ იყო ილია ჭავჭავაძეც. კრების მონაწილეებმა ილიას უთხრეს, აუცილებლად უნდა გვქონდეს ყოველდღიური გაზეთი და შენი ჟურნალი „ივერია“ გაზეთად უნდა გადავაკეთოთო. იცოდნენ, გაზეთის ამწევი და წამომწყები ილიას მეტი იმ დროს არავინ იყო. ყველანი მოგეხმარებითო, ამასაც დაჰპირდნენ.

მერე და მერე ქართულ გაზეთებს ერთმანეთში დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ ხოლმე. ძალიან სერიოზული უთანხმოებები იყო, იდეოლოგიურიცა და პირადიც. საქმე დუელამდეც კი მიდიოდა. ნიკო ნიკოლაძე შეუჩნდა ერთხელ ილია ჭავჭავაძეს თავისი „ობზორის“ ფურცლებიდან, მე ვაკრიტიკებ და ის კი პასუხს არა მცემსო და ილიამ თქვა, მე გავცემ პასუხსო, უნდა ვესროლოთ ერთმანეთსო. ეს დუელი არ შემდგარა. თუ იმას გავიხსენებთ, რომ ილია ლამის ათ წელიწადს მომრიგებელ მოსამართლედ იყო დუშეთში და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა, ხოლო ნიკო ნიკოლაძემ იმდენი ქნა, რომ ის ქალაქში დააბრუნა, რათა „საქართველოს მოამბის“ სათავეში ჩამდგარიყო და ხელში აეღო ქართული საზოგადოების, ამ ლიბერალური საზოგადოების სადავეები, მაშინ მივხვდებით, რომ ისინი ერთმანეთზე ბრაზდებოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი სიძულვილამდე არ მიდიოდა. მიდიოდა ძალიან იშვიათად და ეს მტკივნეული იყო. „ივერიის“ რედაქცია ცნობილი იყო, როგორც გურმანების საკრებულო.

თავად ილია ჭავჭავაძემაც კარგად იცოდა პირის გემო, მაგრამ იქვე იყო გრიგოლ ყიფშიძეც, მადიანი მჭამელი და თუ მისგან რამე გინდოდთ, შუადღემდე უნდა მოგესწრებინებინათ, იმიტომ, რომ ისადილებდა თუ არა, იძინებდა და მისი გაღვიძება ძალიან ძნელი იყო. სადილობდა ძალიან დიდხანს, ლამის საათ-ნახევარს.

როგორც ისარლოვის ბუნების კარგი მცოდნე და მასთან ლაპარაკის ოსტატი, გიგო საღამოსთვის უნდა გაეღვიძებინათ, რათა გაზეთი ცენზორთან წაეღო და იყო ხოლმე ერთი ამბავი, რახან ღრმა ძილი იცოდა. გარბოდა ხოლმე ნახევრად მძინარე, ქაღალდებით ხელში. „ივერიაში“ თანამშრომლობდა ილიას ერთი ახლო მეგობარი ნიკო ხიზანაშვილი - ნიკო ურბნელი: ძალიან ცნობილი კაცი, იურისტი, მეცნიერი, კარგი პუბლიცისტი.

ნიკოს ჭამა-სმის უნარზე ლეგენდები დადიოდა. ის ხშირად სტუმრობდა საგურამოში ილიას და ერთი ასეთი მისვლის დროს მასპინძელმა უთხრა, დღეს ხბო გვაქვს და გოჭიო. მოდი, სადილად ხბო ვჭამოთ და გოჭი ვახშმისთვის შევინახოთო. დასხდნენ და გაადინეს ბდღვირი ხბოს, დატოვეს ძვლები. მერე ყველამ ჩათვლიმა და საღამოს პირზე ილიამ თავის მზარეულს დაუძახა, მიდი, ბიჭო, ის გოჭი გამოიტანე, ხომ იცი, ვინცა მყავს მოყვანილი, იოლზე ვერ გადავატარებთო და მზარეულმა, ჩამოვიდა, ბატონო, სამზარეულოში და უკვე შეჭამა ეგ თქვენი გოჭიო. ასე დავრჩით უვახშმოდო, იცინოდა ილია.

ერთხანს „ივერიაში“ მუშაობდა ანტონ ფურცელაძე, ძალიან კოლორიტული კაცი, ყველა დარგის სპეციალისტი, ცნობილი თავისი განუზომელი კრიტიკის უნარით. როცა ანტონი სტატიას დაწერდა, უყვარდა „ივერიის“ თანამშრომლების სახლში მიწვევა და იქ უკითხავდა ხოლმე თავის ნაწერს, მერე კი იყო აზრთა დიდი გაცვლა-გამოცვლა. ნიკო ხიზანაშვილი რომ მივიდოდა ხოლმე იქა, ჯერ სამზარეულოსკენ წავიდოდა და მოათვალიერებდა, აბა ვახშამი გველოდება თუ არაო.

ერთხელაც, ანტონს რაღაც დაუწერია შექსპირზე და კითხულობდა დიდი რიხით და ლანძღავდა. ამბობდა, როგორ შეიძლება ბეკონის საუკუნეში სცენაზე აჩრდილის შემოყვანა, რა ჩამორჩენილობააო. ნიკომ უსმინა, უსმინა და დაუწყო ღრიალი, სულელი ხარ, რეებსა წერო. ფურცელაძე მიუხვდა - ეგ ახლა სამზარეულოში იყო და ნახა, რომ იქ არაფერი შიშხინებს და გაავდაო.

ასეთი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ძალიან კარგი ჟურნალისტები და ხალისიანი ვინმეები „ივერიაში“. საგაზეთო საქმე იყო რთული და თავზე ხელაღებული. იყო ასეთი ჟურნალისტი, დავით კეზელი, რომელიც ადრე „დროებაშიც“ მუშაობდა, მერე „ივერიაშიც“. იქიდანაც გაძევებული, აქედანაც გამოძევებული, ძალიან ენამწარე ჟურნალისტი გახლდათ.

მისი დამსახურებაა ალ. ყაზბეგის ხშირი ნერვების შლა, ილია ჭავჭავაძის გამუდმებული კრიტიკა საბანკო საქმეებში, მერე ივანე მაჩაბლის კრიტიკაც და ასე დაუსრულებლად.  საერთოდ, იმ დროის ჟურნალისტობა ამასაც გულისხმობდა და თუ შენ, როგორც მაშინ იტყოდნენ, „მიმართულების“ კაცი არ იყავი, ერთ გაზეთში გული არ დაგიდგებოდა. „მიმართულება“ იდეოლოგია იყო.

ძველი „ცისკრის“ გამომცემელი ივანე კერესელიძე ისე დაბერდა, რომ სიტყვა „მიმართულების“ მნიშვნელობა კარგად ვერ გაიგო. ერთხელ დაუჩივლია, კაცოო, რუსეთში მყოფი ჩვენი სტუდენტები მითვლიან, ჟურნალის მიმართულება შეცვალეო. შევუცვალე, როგორ არ შევუცვალე, ადრე ლარსით ვაგზავნიდი, ეკიპაჟებით მიჰქონდათ, ახლა კი ოდესით ვაგზავნი - ზღვითო. უფრო ძვირი მიჯდება, მაგრამ როგორც იმათ უნდათ, ისე ვაკეთებ და მაინც უკმაყოფილოები არიანო. აი, როგორი აპოლიტიკურები იყვნენ ძველი თაობის ქართველი რედაქტორები. დავით კეზელი მოკალმის განსაკუთრებული ტიპი იყო. მას შეეძლო ყველგან ეწერა, იყო ლიბერალი, მაგრამ სრულიად დამოუკიდებელი და ცოტა მოყვითალო ჟურნალისტი. არსენას საფლავის ქვა რომ დაუდო, ეგ არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბიჭობაში გადახდა.

ერთ დღეს ალექსანდრეს ბაღში სკამზე ისხდნენ ისა და მისი ორი სემინარიელი ამხანაგი, მგონი სტეფანე ჭრელაშვილი და ერთი ვინმე მაჭავარიანი. ისხდნენ და იქ კი სასეირნოდ ჩამოიარა კავკასიის მეფისნაცვალმა და, როგორც აღმოჩნდა, სემინარიელებმა ჯეროვანი სალამი არ მისცეს. არ წამოდგნენ და ქუდი არ მოუხადესო, თუ საერთოდაც ხითხითი ატეხესო.

მეფისნაცვალი იყო კავკასიის მეფე. მეფე არ ერქვა, მაგრამ პასუხი მხოლოდ იმპერატორთან ჰქონდა. მხოლოდ ის იყო მისი უფროსი. იმ ჯერზე კი მეფისნაცვალი იყო დიდი მთავარი მიხაილ ნიკოლაევიჩი, რომელიც ჯერ იმპერატორის შვილი იყო, მერე იმპერატორის ძმა, მერე იმპერატორის ბიძა და ბოლოს კი იმპერატორის ბაბუადაც გამოდიოდა, რახან ნიკოლოზ პირველის დროებიდან ნიკოლოზ მეორის დროების ჩათვლით სულ თანამდებობაზე იყო.

ოც წელიწადს იყო კავკასიის გამგებლად. მის ხელში გაუქმდა ბატონყმობა, იყო მკაცრი და დიდი გავლენის კაცი. მისი უფროსი ვაჟი, მიხაილი, იყო აქაურობის მოყვარე, ლიკან-ბორჯომის პატრონი და ამშენებელი, ომების მოძულე და კულტურის მოყვარე. დიდი მთავარი მერე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეც იყო, ალექსანდრე მესამის დროს, თუმცა კავკასიაში ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე.

ასე იყო თუ ისე, სამივე სტუდენტი დააპატიმრეს და დაიწყო უზარმაზარი გამოძიება. ამ გამოძიებაში ჩაითრიეს სემინარიის ლამის ყველა ქართველი მასწავლებელი და სტუდენტი. რა მოხდა იმ ალექსანდრეს ბაღში, აბა რაღას იტყვი. ისე კი, მეფისნაცვალმა ალბათ ბევრი იცოდა სემინარიელთა განწყობისა და სემინარია ძალიან დაფერთხეს. უამრავი ბიჭი გაირიცხა. გარიცხვას ვიღა ჩიოდა. ამ ამბიდან სულ რამდენიმე წელიწადი გავიდა და გარიცხვა სიცოცხლედ დაუჯდა სემინარიის რექტორ ჩუდეცკის, რომლის რეჟიმიც უმკაცრესი იყო და რომელიც სახალხოდ უწოდებდა ქართულს ძაღლის ენას. თუმცა, ეს სხვა ისტორიაა.

ეს ის ამბავია, სემინარიიდან გარიცხულმა იოსებ ლაღიაშვილმა ვერაზე ნაყიდი ბებუთით რომ მოკლა სწორედ ეს ჩუდეცკი, ამით აღშფოთებულმა ეგზარქოსმა პავლემ კი სიონში, წირვაზე შეკრებილ მაღალ კნიაზობას იქავე უქადაგა, ქართველებს ანათემას გადაგცემთო, ისინი კი ჩაჩუმდნენ. სოფლად მყოფმა დიმიტრი ყიფიანმა ეს ამბავი შეიტყო და პავლეს წერილი მისწერა. მეტად თავდაჭერილად ეკითხებოდა, ის ქვეყანა დასწყევლეთ, რომელიც თქვენი სამწყსოაო? დონდუკოვ-კორსაკოვი კი ისედაც ცუდი გულისა იყო ყიფიანზე. ცოტა ხნით ადრე, ყიფიანი ბორჯომში ხლებოდა მიხეილ ნიკოლოზის ძეს, რომელიც კავკასიის მეფისნაცვალი აღარ იყო, მაგრამ პეტერბურგში უდიდესი, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეჭირა.

მოხუცებულ დიმიტრის ეთქვა, წიხლს გვაჭერენ, ეგრე არ შეიძლებაო და კულტურული განვითარების თავისი პროექტიც მიეწოდებინა. იმ პროექტზე პეტერბურგიდან უარი მოვიდა, მაგრამ დონდუკოვ-კორსაკოვს მეფის კარზე თავისი კრიტიკა ავად დაურჩა და დიმიტრის წერილის შემდეგ იმდენი კი მოახერხა, რომ ალექსანდრე მესამემ ყიფიანი ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის მარშლის თანამდებობიდან გადააყენა და მისი სტავროპოლში გადასახლება ბრძანა. იქ დიმიტრი მოკლეს მძარცველებმაო. მიდი და გაიგე. თუმცა, ისინი დაიჭირეს.

გადასახლების წინ დიმიტრის აკაკი წერეთელმა ჩააკითხა და მოხუცებულმა დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკმა უთხრა, პირველი მერცხალი ვარო. აქამდე ქართველებს ყაჩაღობისთვის აგზავნიდნენ ციმბირში და ახლა ძლივს მართლა საქმეზე მივდივარო. ციმბირში არ გაუსახლებიათ.

დიმიტრი ყიფიანი მთაწმინდაზე დაკრძალეს. წლები გავიდა და მოახერხეს და დაბეჭდეს აკაკის ლექსი „განთიადი“. და „ხანჯალს“? ესეც აკაკის ლექსი იყო. ამბობენ, ყველგან ის იყო გაკრული იმ დღეებშიო. ადრინდელიაო, ამასაც ამბობდნენ, თარიღი სხვა უზის წიგნებშიო. ლაღიაშვილის საქციელი გიჟური კი იყო, მაგრამ იმეორებდა განთქმულ კრაჩკოვსკის საქციელს, პეტერბურგში რომ იტალიიდან ჩამოტანილი ბებუთით გენერალი მეზინცევი მოკლა.

თვით ლაღიაშვილი არ ჩამოახრჩეს. მოსამართლემ სიყმაწვილისთვის დაინდო. კატორღიდან სან-ფრანცისკოში გაიქცა და მგონი პირველი ამერიკელი ქართველი შეიქნა. იქიდან სწერდა თურმე წერილებს თავის ამხანაგებს - ფილიპე მახარაძეს და ნოე ჟორდანიას. ესეც თბილისის სასულიერო სემინარია, სადაც, გერონტი ქიქოძეს თუ მოვიშველიებთ, მოაზროვნე მოწაფეები მატერიალისტები ხდებოდნენ.

ბევრ ქართველ ჟურნალისტს გამოევლო სემინარია და ბევრმა ქართველმა ჟურნალისტმა ბიჭობიდანვე იცოდა, რაზე მიდიოდა და რის წინააღმდეგი იყო. ალექსანდრე მესამის დროებაში ასე ცხოვრება ხუმრობა სულაც არ იყო. რუსეთში რევოლუციონერებს ალექსანდრე მეორეც კი მოეკლათ და ვინღა იყო რაიმეს დამთმობი. თვალში საცემი და აშკარა იყო, რომ ხეირი არ იქნება, ლიბერალიზმისა აღარაფერი დარჩება. ამიტომ ისინი იბრძოდნენ კანონის ფარგლებში და ხშირად კანონის ფარგლებს გარეთაც. ჟურნალისტსა და რევოლუციონერს შორის ხშირად ერთი ნაბიჯი თუ იყო. ნიკო ნიკოლაძე იგონებს, ქუთაისში, გიმნაზიაში მიმავალს, როგორ შეხვდა მამამისი და ტირილით უთხრა, მამა მოგვიკვდა, მამა, წადი სახლში, დღეს სწავლა არ გექნებაო. ეს ნიკოლოზ პირველის სიკვდილის ქუთაისური ამბავია და იმით არის საინტერესო, რომ ტახტის ერთგული ვაჭრის ვაჟი, ნიკო ნიკოლაძე ჟურნალისტიც გახდა და რევოლუციონერიც. სწორედ ალექსანდრე მესამის დროებაში, ნიკოლაძის მოლაპარაკებებმა მთავრობასთან უამრავი ადამიანი გადაარჩინა სასჯელს. მაგრამ ესეც სხვა ამბავია და პირადი ცხოვრებისა არა.

იმ წლებში ილია ენდობოდა ისეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც უკვე გვარიანი სირთულეები ჰქონდათ გადატანილი, მეფის წინააღმდეგაც ღიად გამოდიოდნენ და რუსიფიკაციასაც ებრძოდნენ. მან თავისუფლად მიიღო რედაქციაში გიორგი ლასხიშვილი, რომელსაც ხუთწლიანი კატორღა, ციმბირი და ათასი უბედურება უკვე გამოვლილი ჰქონდა. ლასხიშვილი ოდესის სტუდენტების გამოსვლების მონაწილე იყო და ამას გადააყოლეს.

ლასხიშვილმა თანდათან შემოიყვანა რედაქციაში რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდები. ილია უკვე მხოლოდ გამომცემელი იყო, სარედაქციო საქმეში აღარ ერეოდა, წელიწადში ხუთ რაღაცას თუ დაწერდა და ძირითადად ბანკისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეებით იყო დაკავებული. სულ კი მაფრთხილებდაო, ლასხიშვილი წერს: ეს სიტყვა, „მიმართულება“ - თქვენ ხეირს არ მოგიტანთო, ამას იოლად მიგვიხვდებიან, თუ უკვე არ მიგვიხვდნენ, და საქმე წაგვიხდებაო.

ერთ მშვენიერ დღეს ბანკის სხდომა იყოო, ისევ ლასხიშვილი იხსენებს, და ჩვენ, როგორც კორესპონდენტები, სცენაზე ავედითო. შემოვიდა ილია ჭავჭავაძე და გვითხრა, „ივერია“ დახურულია, ამ წუთას მივიღე ქაღალდიო.

„ივერიის“ დახურვის მიზეზი იყო ია ეკალაძის სტატიების სერია თბილისის სასულიერო სემინარიის შესახებ. ძალიან აბობოქრდნენ სემინარიის მღვდლები. მიიყვანეს მეფისნაცვლამდე ეს ხმა და „ივერია“ დაიხურა. სხვა ქართველმა რევოლუციონერმა გიორგი ზდანევიჩმა უკვე იქვე უთხრა ილია ჭავჭავაძეს - ილია, ნუ ღელავ ამის გამო, ეგება ეს უმჯობესიც იყოს ხალხის თვალშიო. ილიამ ხელები გაშალა - რა ვქნათ, ამით უნდა ვინუგეშოთ თავიო.

თუმცა ილია ჭავჭავაძემ მაინც მოახერხა „ივერიის“ აღდგენა: დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ მან ხელახლა მიიღო ნებართვა გაზეთის გამოცემისა და „ივერია“ უკვე სულ სხვა კაცს, ალექსანდრე სარაჯიშვილს ჩააბარა. უამრავი ახლის მპოვნელი და აღმომჩენი ქართულ საზოგადოებაში, ქართულ ხელოვნებაში, ქართულ ყოფაში სწორედ გაზეთი იყო.

გაზეთებში იბეჭდებოდა ვაჟა-ფშაველა. ალექსანდრე ყაზბეგის რომანები საგაზეთო რომანები იყო. ის იჯდა რედაქციაში და რედაქტორი ეუბნებოდა სასურველ მოცულობას. ჯერ კიდევ მელანშეუშრობელ ფურცლებს მიარბენინებდნენ ხოლმე დაბლა, „დროების“ სტამბაში. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ვაჟამ კი მაინც ვერაფრით იმუშავა რედაქციაში.

რახან ის ხელმოკლე კაცი იყო და ყველას უნდოდა, რომ ხელფასიანი საქმე ჰქონოდა, ილიასაც შეუთანხმდნენ ჟურნალისტები, რომ მოდი, ვაჟას დავაწყებინოთ „ივერიაშიო“ და მანაც დაიწყო. პირველ დღეს მოვიდა და რუსულიდან რაღაც დეპეშები გადათარგმნა. მეორე დღეს მოვიდა და მისცეს ისევ დეპეშები და წერა და წერა. იაკობ მანსვეტაშვილი დაადგა თავს და დაინახა, რომ ვაჟა ლექსს წერდა. ეს რა არის, ვაჟაო, ჰკითხა.

ის დეპეშები არ მომეწონა და სამაგიეროდ, ამ ლექსს დაგიტოვებთო. სულ სამ დღეს გაძლო.  მაგრამ რაც კი დაეწერა ვაჟას, ხშირად იბეჭდებოდა „ივერიაში“.  როცა ილია რედაქტორობდა, ლექსებს იშვიათად ბეჭდავდა, ამბობდა, ლექსს თუ ბეჭდავ, ძალიან კარგი უნდა იყოსო.  „ივერია“ რომ დახურეს, მაშინ საქართველოს უკვე ჰქონდა კიდევ ერთი გაზეთი, ჟურნალად წოდებული „კვალი“, რომელშიც თავიდან დიდი რიხით დაიწყეს თანამშრომლობა აკაკი წერეთელმა და ივანე მაჩაბელმა, მაგრამ რამდენიმე ნომრის თავზე ისინი ნელ-ნელა გამოდევნეს რედაქციიდან და „კვალი“ სულ მთლად ახალი თაობის ხელში გადავიდა, ფაქტობრივად რედაქტორად იქ ჯერ გიორგი წერეთელი იყო და მერე კი - ნოე ჟორდანია. სხვათა შორის, „კვალის“ პირველი ნომერი ზღაპრული იყო, რადგან აქ დაბეჭდილი იყო აკაკის „განთიადი“ და გაზეთი ხელიდან ხელში გადადიოდა. ტირაჟიც და ხელის მომწერებიც იყო ძალიან ბევრი და მკითხველები ითხოვდნენ აკაკის ლექსებს, მაჩაბლის სტატიებს...  მაჩაბელი ხელს იშვიათად აწერდა სტატიებს, მაგრამ გამოცდილმა მკითხველმა იცოდა, რომელი ფსევდონიმის უკან ვინ იდგა.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ერთი მარტოხელა, ღარიბი მღვდლის შვილის ცხოვრებაც. აბა, რომ ატეხდნენ, გადაგვჭამეს მღვდლის შვილებმაო, სწორედ ის იყო თუ იყო.

 

ნახვა: 1692

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters