ფრაგმენტები I

ფრანც კაფკა - ამერიკა

– ავდგეთ! ავდგეთ! – დაიძახა რობინსონმა, როგორც კი კარლმა დილით თვალი გაახილა. კარზე ფარდა ჯერ არ იყო გადაწეული, მაგრამ ჭუჭრუტანებიდან შემოჭრილი მზის კაშკაშა სხივების მიხედვით ჩანდა, რომ შუადღე უკვე მოახლოვებული იყო. რობინსონი შეწუხებული სახით გამალებული დარბოდა აქეთ-იქით, ხან პირსახოცი მოჰქონდა, ხან – ტაშტი, ხან თეთრეული ან ტანსაცმელი, და რამდენჯერაც გვერდით ჩაუვლიდა კარლს, თავის დაკვრით ანიშნებდა, ამდგარიყო, და რაც ხელში ეჭირა, მაღლა სწევდა, რათა ეჩვენებინა კარლისათვის, როგორ იტანჯებოდა უკანასკნელად მის გამო, რადგან ის, პირველ დილას, ცხადია, თავის მოვალეობებში ვერ გაერკვეოდა. მალე კარლმა დაინახა, ვის ემსახურებოდა თურმე რობინსონი. ოთახის იმ ნაწილში, რომელიც ორი სკივრით იყო დანარჩენი ფართობისაგან გამოყოფილი – რაც კარლს აქამდე არ შეუნიშნავს – დიდი განბანვა მიმდინარეობდა. სკივრს ზემოთ მოჩანდა ბრუნელდას თავი, შიშველი ყელი – თმა სახეზე ჰქონდა ჩამოყრილი, სანახევროდ კეფა და დროდადრო დელამარშის ზეაწეული ხელი სველი ღრუბლით, რომელსაც ის ბრუნელდას უსვამდა და ბანდა. ისმოდა დელამარშის მოკლე ბრძანებები რობინსონის მისამართით, რომელიც მას საჭირო ნივთებს აწვდიდა ვიწრო ღრიჭოში სკივრებსა და ესპანურ შირმას შორის, თან ყოველ მიწოდებაზე ხელი მთელ სიგრძეზე უნდა გაეჭიმა და სახე გვერდზე მიებრუნებინა. – პირსახოცი! პირსახოცი! – დაიყვირა დელამარშმა. და ის იყო შეშინებულმა რობინსონმა, რომელიც მაგიდის ქვეშ რაღაც სხვას ეძებდა, თავი გამოყო, რომ ახალი ბრძანება გაისმა: – სად არის წყალი, ეშმაკმა და-    ლახვროს! – და სკივრს ზემოთ დელამარშის განრისხებული სახე გამოჩნდა. ყველაფერს, რაც კი, კარლის აზრით, დასაბანად თუ ჩასაცმელად მხოლოდ ერთხელ იყო საჭირო, დელამარში რამდენჯერმე და თან სულ სხვადასხვა თანმიმდევრობით მოითხოვდა რობინსონისაგან და მასაც იმდენჯერვე მოჰქონდა.

პატარა ელექტროქურაზე წყლიანი ტაშტი იდგა შესათბობად და ეს მძიმე ტვირთი რობინსონს კვლავ და კვლავ ფეხებგაჩაჩხულს მიჰქონდა საბანაო კუთხისაკენ. რა გასაკვირია, თუ ამდენი დავალებით თავბრუდახვეული რობინსონი ბრძანებებს ყოველთვის ზუსტად ვერ ასრულებდა და ერთხელაც, როცა დელამარშმა ისევ მოითხოვა შესამშრალებელი, არც აცია, არც აცხელა, შუა ოთახში განიერ ტახტზე დაგდებულ პერანგს დაავლო ხელი, მოჭმუჭნა და «სააბაზანოში» გადაუგდო. მაგრამ არც დელამარშის სამუშაო იყო იოლი და ალბათ იმიტომაც ბრაზობდა რობინსონზე, რომ თვითონ ვერაფრით ვერ ახერხებდა, ესიამოვნებინა ბრუნელდასათვის. კარლს კი, გაღიზიანებული, საერთოდ ვერ ამჩნევდა, – აჰ! – წამოიყვირებდა ბრუნელდა და კარლი, რომელიც ამ ამბავში არ მონაწილეობდა, შეშინებული შეკრთებოდა ხოლმე, – როგორ მტკენ! მომშორდი თავიდან! მირჩევნია თვითონ დავიბანო, ვიდრე ეს ავიტანო! ხელს ისევ ვერ ვწევ ზემოთ. ისე მაგრად მიჭერ, თვალთ მიბნელდება. ზურგი ალბათ მთლიანად დალილავებული მაქვს.

შენ, რა თქმა უნდა, ამას არ მეტყვი. დამაცადე, რობინსონს ვანახვო, ან ჩვენს პატარას. არა, ამას არ გავაკეთებ, მაგრამ ცოტა უფრო ნაზად მოიქეცი. ფრთხილად, დელამარშ, ყოველ დილით გიმეორებ ამას, მაგრამ შენთვის ყველაფერი სულერთია, – რობინსონ! – დაიყვირა უცებ და მაქმანიანი პერანგის ამხანაგი ზემოთ აისროლა. – მომეშველე, ნახე, რა დღეში ვარ, ამ წამებას დაბანას ეძახის ეს დელამარში! რობინსონ, რობინსონ, სად დაიკარგე, ნუთუ გული არ გაქვს? – კარლმა უსიტყვოდ, თითით ანიშნა რობინსონს, მისულიყო, მაგრამ რობინსონს მისკენ არც გაუხედავს, თავი გააქნია, – მე უკეთ ვიციო, – რას ამბობ? – ყურში ჩასჩურჩულა კარლს, – ის ამას არ გულის-    ხმობს. მხოლოდ ერთხელ მივედი მის დაძახებაზე და მეტად აღარ გავბრიყვდები. მაშინ ორივემ ერთად მტაცა ხელი და აბაზანაში ჩამაყუდა, ისე, რომ კინაღამ დავიხრჩე. და მთელი დღეები ბრუნელდა მსაყვედურობდა, რა ურცხვი ხარო, და სულ მეუბნებოდა: «კარგა ხანია ჩემს აბაზანაში არ გიბანავია», ან: «როდის მოხვალ კიდევ იმის სანახავად, როგორ ვბანაობ?» და იქამდე არ დამანება თავი, ვიდრე რამდენჯერმე მუხლდაჩოქილმა პატიება არ ვთხოვე. ეს არასოდეს დამავიწყდება. და ვიდრე რობინსონი კარლს ამას უამბობდა, ბრუნელდა ისევ და ისევ ყვიროდა: – რობინსონ! რობინსონ! სად დაიკარგა ეს რობინსონი! და თუმცა მის საშველად არავინ მიდიოდა და პასუხიც კი არ ისმოდა – რობინსონი კარლის გვერდით იჯდა და ორივე მდუმარედ გაჰყურებდა სკივრებს, რომელთა ზემოთ დროდადრო ხან ბრუნელდას თავი გამოჩნდებოდა, ხან დელამარშისა, ბრუნელდა არ ცხრებოდა და ხმამაღლა უჩიოდა დელამარშს, – ო, დელამარშ! – ყვიროდა იგი, – ახლა სრულებით ვერ ვგრძნობ, თუ მბან.

სად გაქვს ღრუბელი? მიდი, აიღე! ნეტავი დახრა შემეძლოს, ნეტავ განძრევა შემეძლოს! განახებდი, როგორ უნდა დაბანა. სად გამიფრინდა ქალიშვილობის წლები, როცა იქ, კოლორადოში, ჩემი მშობლების მამულში, ყოველ დილით ვცურავდი, ყველაზე სხარტი ვიყავი ჩემს ტოლ-სწორებს შორის. ახლა კი! როდის ისწავლი ჩემს დაბანას, დელამარშ; აქეთ-იქით იქნევ ღრუბელს, იძაბები, მე კი ვერაფერს ვგრძნობ. როცა გეუბნებოდი, სისხლი არ მადინო-მეთქი, ის კი არ მიგულისხმია, რომ აქ დგომა და გაციება მინდა. იცოდე, ამოვხტები აბაზანიდან და გავიქცევი, ასე, როგორც ვარ! მაგრამ თავისი მუქარა არ შეუსრულებია – ან კი როგორ შეძლებდა ამის შესრულებას, შეშინებულმა დელამარშმა, მართლა არ გაცივდესო, ეტყობა ძალით ჩასვა აბაზანაში, რადგან წყლის ძლიერი დგაფუნი მოისმა. – ეს კი გეხერხება, დელამარშ, – თქვა ბრუნელდამ ამჯერად ხმადაბლა, – მელაქუცები და მელაქუცები, რამეს რომ დააშავებ. – მერე ცოტა    ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, – ახლა კოცნის, – თქვა რობინსონმა და წარბები ასწია. – ახლა რა არის გასაკეთებელი? – ჰკითხა კარლმა. რაკი აქ დარჩენა გადაწყვიტა, ახლავე უნდა შეუდგეს თავისი მოვალეობის შესრულებას. რობინსონი, რომელმაც არ უპასუხა, მარტო დატოვა დივანზე და დაიწყო დიდი სარეცლის მოწესრიგება, რომელიც ჯერ ისევ დატკეპნილი იყო იმ სიმძიმისგან, მთელი ღამე რომ ესვენა ზედ; სათითაოდ იღებდა ამ გროვის შემადგენელ ნაწილებს და წესიერად ალაგებდა, რისთვისაც, როგორც ჩანს, მთელი კვირები არავის შეუწუხებია თავი. – გახედე, დელამარშ, – უთხრა ბრუნელდამ, – მგონი ჩვენს საწოლს ანგრევენ. ყველაფერზე უნდა გეჭიროს თვალი, წუთით არ გვაქვს მოსვენება. უფრო მკაცრად უნდა მოექცე ორივეს, თორემ რაც მოუნდებათ, იმას გააკეთებენ, – ეს ნამდვილად ჩვენი პატარაა თავისი წყეული მონდომებით! – წამოიძახა დელამარშმა და ის იყო, უნდა გამოვარდნილიყო სააბაზანო კუთხიდან; კარლს ყველაფერი ხელიდან დაუცვივდა, მაგრამ ბედად ბრუნელდამ შეაჩერა: – არ წახვიდე, დელამარშ, არ წახვიდე. ოჰ, რა ცხელია წყალი, მოვითენთე. ჩემთან დარჩი, დელამარშ, – კარლმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ სკივრების იქით განუწყვეტლივ ამოდიოდა ორთქლი. შეშინებულმა რობინსონმა ლოყაზე ხელი შემოირტყა, თითქოს კარლმა რაღაც საშინელება ჩაიდინა, – ყველაფერი ისე დატოვე, როგორც იყო! – გაისმა დელამარშის ხმა. განა არ იცით, რომ ბრუნელდა აბაზანის შემდეგ კიდევ ერთ საათს ისვენებს? უთაური რეგვენები! დამაცადეთ, თქვენამდეც მოვალ! რობინსონ, გეტყობა, ისევ ოცნებამ წაგიღო! შენ, მხოლოდ შენ მოგთხოვ ყველაფერზე პასუხს, რაც აქ ხდება. ლაგამი უნდა ამოსდო ამ ბიჭს, რომ თავის ნებაზე არ იტრიალოს. როცა რამეში საჭირო ხართ, ვერაფერს თქვენგან ვერ ეღირსება კაცი; როცა არაფერია გასაკეთებელი, მაშინ გამოიდებთ ხოლმე თავს.

დასხედით სადმე კუთხეში და დაიცადეთ, ვიდრე რამეში დაგვჭირდებით!    მაგრამ მაშინვე ყველაფერი დაავიწყდა, რადგან ბრუნელდამ, თითქოს ცხელმა წყალმა არაქათი გამოაცალაო, ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა: – სუნამო! სუნამო მომიტანეთ! – სუნამო! – დაიღრიალა დელამარშმა, – გაინძერით! – მაგრამ სად არის სუნამო? კარლმა რობინსონს შეხედა, რობინსონმა – კარლს. კარლი მიხვდა, რომ ყველაფერი თვითონ უნდა აიღოს აქ ხელში, რობინსონს წარმოდგენა არ აქვს, სად არის სუნამო, დაწვა იატაკზე და ორივე ხელს დივანის ქვეშ აფათურებს, მაგრამ იქიდან მხოლოდ მტვრის ქუნქლა და ქალის თმის ბულული გამოათრია. კარლი მაშინვე საპირფარეშო მაგიდას ეცა, რომელიც კარის გვერდით იდგა. მაგრამ მის უჯრებში მხოლოდ ინგლისური რომანები, ჟურნალები და ნოტები იყო ისე ჩაჭედილი, რომ თუ ერთხელ გამოსწევდი უჯრას, მერე ვეღარ მიხურავდი, – სუნამო, – კვნესოდა ამასობაში ბრუნელდა, – რას აკეთებთ ამდენ ხანს? მაღირსებთ დღეს ჩემს სუნამოს? – ბრუნელდას მოუთმენლობის გამო კარლს, ცხადია, საფუძვლიანად ძებნა არ შეეძლო. ფლაკონი არც ტუალეტის კარადაში აღმოჩნდა, სადაც წამლებისა და საცხების ქილები ეწყო, ყველაფერი დანარჩენი სააბაზანო კუთხეში იყო შეტანილი. იქნებ ფლაკონი სასადილო მაგიდის უჯრაშია? მაგრამ ვიდრე სასადილო მაგიდასთან მივიდოდა – კარლი მხოლოდ სუნამოზე ფიქრობდა, სხვა არაფერზე – რობინსონს შეეჯახა, რომელსაც დივანის ქვეშ ძებნისათვის, ბოლოს და ბოლოს, თავი დაენებებინა და თითქოს სუნამოს ადგილსამყოფელი მოიყნოსაო, ბრმასავით მიიჩქაროდა იქით. შუბლებით მაგრად შეეჯახნენ ერთმანეთს. კარლს ხმა არ ამოუღია, რობინსონმა კი, თუმცა არ შეჩერებულა, ტკივილის შესამსუბუქებლად გაზვიადებულად ხმამაღლა და გაბმულად დაიყვირა. – იმის ნაცვლად, რომ სუნამო ეძებონ, ჩხუბობენ, – თქვა ბრუნელდამ, – ამ უთაურობას ვეღარ ავიტან, დელამარშ, და ხელში ჩაგაკვდები, – სუნამო მჭირდება, – წამოიძახა ისევ, – აუცილებლად მჭირდება! აბაზანიდან არ გამოვალ, ვიდრე არ მომიტანენ, თუნდაც საღამომდე მომიწიოს აქ დარჩენა, – და მუშტი ისე ჩაარტყა წყალში, რომ შხეფები ხმაურით ამოიფრქვა.    მაგრამ სასადილო მაგიდის უჯრაში მხოლოდ ბრუნელდას ტუალეტის ნივთები აღმოჩნდა: პუდრის წასასმელი ძველი ბალიშები, ნელსაცხებლიანი ქილები, თმის ჯაგრისები, შინიონები და უამრავი ერთმანეთში აზელილი და ერთმანეთზე შეწებებული წვრილმანი. ვერც რობინსონმა, რომელიც ჯერ ისევ ხვნეშოდა, კუთხეში ასამდე დახვავებულ კოლოფსა და ზარდახშას ერთმანეთის მიყოლებით რომ ხსნიდა და ათვალიერებდა, ამასთან ნივთების თითქმის ნახევარი, უმეტესად საკერავი და საწერი მოწყობილობები – იატაკზე ცვიოდა და იქვე რჩებოდა, – ვერაფერი ვერ იპოვა, როგორც თავის ქნევითა და მხრების აჩეჩით ანიშნებდა კარლს. ამ დროს დელამარში ქვედა საცვლის ამარა გამოვარდა სააბაზანოდან, ბრუნელდამ კი გულამოსკვნილი ტირილი ამოუშვა. კარლმა და რობინსონმა ძებნა შეწყვიტეს და დელამარშს მიაცქერდნენ, რომელმაც, თავიდან ფეხებამდე გალუმპულმა – სახიდან და თმებიდანაც კი წყალი წურწურით ჩამოსდიოდა – წამოიძახა: – აბა, ახლა კეთილი ინებეთ და ძებნას შეუდექით! – აქ! – უბრძანა ჯერ კარლს და შემდეგ – იქ! – რობინსონს. კარლი მართლაც შეუდგა ხელახლა ძებნას და ის ადგილებიც კი გადაამოწმა, სადაც რობინსონს ჰქონდა ძებნა ნაბრძანები, მაგრამ ვერც მან და ვერც რობინსონმა, რომელიც მასზე მეტი მონდომებით ეძებდა და ცალ თვალს დელამარშისკენ აპარებდა, სუნამოს ვერ მიაგნეს, დელამარში კი ამ დროს გაბრაზებული დააბოტებდა ოთახში აქეთ-იქით, რამდენადაც ფართობი ამის საშუალებას იძლეოდა, და გაბრაზებული, კარლსაც და რობინსონსაც სიამოვნებით გაროზგავდა. – დელამარშ! – გამოსძახა ბრუნელდამ, – მოდი, შემშრალებაში მაინც დამეხმარე! სუნამოს ხომ ვერც ერთი ვერ პოულობს, მხოლოდ ყველაფერი აურ-დაურიეს. ახლავე შეწყვიტონ ძებნა. ახლავე! ყველაფერი დააწყონ! და აღარაფერს მიეკარონ! თორემ ბინას საჯინიბოდ გადააქცევენ. ქეჩოში ჩაავლე ორივეს ხელი, დელამარშ, თუ არ შეწყვეტენ! მაგრამ ისევ განაგრძობენ, აი, კოლოფი გაუვარდათ. ნუღარ აიღებენ, ყვე-    ლაფერი ადგილზე დატოვონ, და ოთახიდან გაყარე! კარი ჩაურაზე და ჩემთან მოდი. რამდენი ხანია წყალში ვწევარ, ფეხები სულ გამიცივდა. – ახლავე, ბრუნელდა, ახლავე! – მიაძახა დელამარშმა და კარლსა და რობინსონს სასწრაფოდ კარისკენ გაუძღვა. მაგრამ ვიდრე გაუშვებდა, დაავალა, საუზმე მოეტანათ და თუ შეძლებდნენ, ვინმესგან ბრუნელდასათვის კარგი სუნამო ეთხოვათ. – რა საშინელი უწესრიგობა და სიბინძურეა თქვენთან, – უთხრა კარლმა, გარეთ რომ გავიდნენ, – როგორც კი საუზმით მოვბრუნდებით, დალაგება დავიწყოთ. – ჯანმრთელობა რომ მომცა! – ამოიოხრა რობინსონმა, – და ადამიანური მოპყრობა! – რობინსონს ალბათ ის სწყინდა, რომ ბრუნელდა არაფრით განასხვავებდა მას, რომელიც ამდენი თვეა ემსახურებოდა, გუშინ მოსული კარლისაგან. მაგრამ მეტს არ იმსახურებდა და კარლმა უთხრა: – ცოტათი ძალა უნდა მოიკრიბო, – და სრულ სასოწარკვეთილებაში რომ არ ჩავარდნილიყო, დასძინა: – სულ ერთხელ მოგვიწევს რიგიანად მუშაობა. სკივრების უკან საწოლს მოგიწყობ და როცა ყველაფერი ასე თუ ისე მოწესრიგებული იქნება, შეგიძლია მთელი დღე იწვე, არაფერზე იფიქრო და მალე გამოჯანმრთელდები. – ახლა თავად ხედავ, როგორ არის ჩემი საქმე, – უთხრა რობინსონმა და სახე იქით მიიბრუნა, რათა თავის თავთან და თავის გასაჭირთან მარტო დარჩენილიყო, – მაგრამ დამაცლიან კი მშვიდად წოლას? – თუ გინდა, მე მოველაპარაკები ამაზე დელამარშსა და ბრუნელდას. – განა ბრუნელდა ვინმეს გაუწევს ანგარიშს? – და კარლისათვის სრულიად მოულოდნელად მუშტი ჰკრა კარს, რომელთანაც სწორედ ახლა აღმოჩდნენ.

სამზარეულოში შევიდნენ, რომლის ღუმელიდან, აშკარად შესაკეთებელი რომ იყო, შავი კვამლი ამოდიოდა. ღუმლის კართან ქალი იდგა მუხლებზე, რომელიც კარლმა გუშინ დერეფანში დაინახა, და შიშველი ხელებით ნახშირის ნატეხებს ცეცხლში ყრიდა, თან ცეცხლს ყოველი    მხრიდან ამოწმებდა. მისი ასაკისათვის მუხლებზე დგომა მოუხერხებელი და დამღლელი იყო და მძიმედ ქშინავდა. – ცხადია, უბედურება ხომ არასოდეს მოდის მარტო, – თქვა რობინსონის დანახვაზე, ნახშირის ყუთს დაეყრდნო, გაჭირვებით წამოდგა, ღუმლის კარის სახელურს წინსაფარი შემოახვია და მიხურა, – უკვე ნაშუადღევის ოთხი საათია, – გაკვირვებულმა კარლმა სამზარეულოს საათს ახედა, – თქვენ კი ახლა აპირებთ საუზმეს? რა ხალხი ხართ! – დასხედით, – უთხრა მერე, – და დამელოდეთ, ვიდრე თქვენთვის მოვიცლიდე. რობინსონმა კარლი კარის გვერდით მერხზე დასვა და ჩასჩურჩულა: – უნდა დავუჯეროთ. მასზე ვართ დამოკიდებული. ოთახი მისგან ვიქირავეთ და შეუძლია, ყოველ წუთში გაგვყაროს აქედან. მაგრამ ჩვენ ხომ ბინის გამოცვლა არ შეგვიძლია, როგორ უნდა გადავიტანოთ კიდევ ერთხელ მთელი ეს ნივთები; უპირველეს ყოვლისა კი ბრუნელდას გადაყვანა შეუძლებელია! – და აქვე, ამ დერეფანში, სხვა ოთახს ვერ ვიქირავებთ? – ჰკითხა კარლმა. – არავინ მოგვაქირავებს, – მიუგო რობინსონმა, – მთელ სახლში არავინ მოგვაქირავებს ოთახს. ასე ისხდნენ ჩუმად მერხზე და ელოდნენ. ქალი განუწყვეტლივ დარბოდა ორ მაგიდას, სარეცხ ვარცლსა და ღუმელს შორის. მისი წამოძახილებიდან შეიტყვეს, რომ ქალიშვილი შეუძლოდ ჰყოლია და ამიტომ, ოცდაათამდე მდგმურის მომსახურება და კვება მას დააწვა კისერზე. ამას ისიც დაემატა, რომ ღუმელი მწყობრიდან გამოვიდა, კერძი ვერა და ვერ გამზადდა. ორ დიდ ქვაბში წვნიანი თუხთუხებდა, ქალი წამდაუწუმ ციცხვით იღებდა ქვაბიდან წვნიანს და გადმოასხამდა ხოლმე, მაგრამ, სუსტი ცეცხლის ბრალი თუ იყო, წვენი არა და არ სქელდებოდა, ამიტომ ღუმლის წინ თითქმის იატაკზე ჩაჯდებოდა ხოლმე და გავარვარებულ ნაკვერჩხლებს საჩხრეკით ურევდა. კვამლი, რომელსაც სამზარეულო გაევსო, ქალს ყელს უღიზიანებდა და დროდადრო ისეთი ხველა აუვარდებოდა, სკამის ზურგს ჩაეჭიდებოდა    და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერაფერს ვეღარ აკეთებდა.

რამდენჯერმე ჩაილაპარაკა, საუზმეს დღეს საერთოდ ვეღარ გავამზადებ, რადგან ამისთვის აღარც დრო მაქვს და აღარც სურვილიო. რადგან კარლსა და რობინსონს, ერთი მხრივ, ნაბრძანები ჰქონდათ საუზმის მიტანა, მეორე მხრივ კი მას ძალით ვერ მოიპოვებდნენ, ასეთ შენიშვნებზე არაფერს პასუხობდნენ და უწინდებურად გასუსულები ისხდნენ. ირგვლივ, სკამებსა თუ ტაბურეტებზე, მაგიდებზე თუ მაგიდების ქვეშ, ერთ კუთხეში იატაკზეც კი, მდგმურების ჯერაც გაურეცხავი საუზმის ჭურჭელი იყო დახვავებული. მათ შორის ქეთლები, რომლებშიც ცოტაოდენი ყავა ან რძე იყო ჩარჩენილი, ზოგიერთ თეფშზე – კარაქის ნარჩენები, გადმოყირავებული თუნუქის ქილიდან გალეტები გადმოცვენილიყო. ყოველივე ამისგან თავისუფლად შეიძლება საუზმის შეკოწიწება, რომლითაც ბრუნელდა, თუ მისი წარმომავლობა არ ეცოდინება, სავსებით კმაყოფილი დარჩება, გაიფიქრა კარლმა და საათს ახედა; უკვე ნახევარი საათია, აქ იცდიან, ბრუნელდა ალბათ ცოფებს ყრის და დელამარშს მათ წინააღმდეგ აქეზებს; ქალმა კი ხველის შეტევებს შორის, კარლისათვის თვალი არ მოუშორებია, ისე წამოიძახა: – შეგიძლიათ, რამდენ ხანსაც გინდათ, იმდენ ხანს ისხდეთ აქ, მაგრამ საუზმეს ვერ მიიღებთ. სამაგიეროდ, ერთ-ორ საათში ვახშამს გაგიმზადებთ. – მოდი, რობინსონ, – დაუძახა კარლმა, – ჩვენ თვითონ გავამზადოთ ჩვენი საუზმე, – როგორ? – წამოიყვირა ქალმა და თავი დახარა, – გამოიჩინეთ, თუ შეიძლება, კეთილგონიერება, – უთხრა კარლმა, – რატომ არ გინდათ, საუზმე მოგვცეთ? აი, უკვე ნახევარი საათია გიცდით, ეს საკმაოდ დიდი დროა. ხომ გიხდით ყველაფრისათვის, და ნამდვილად იმაზე მეტსაც, ვიდრე სხვები გიხდიან. ჩვენ რომ ასე გვიან ვსაუზმობთ, ეს თქვენთვის, ცხადია, შემაწუხებელია, მაგრამ ჩვენ თქვენი მდგმურები ვართ, ასეთი ჩვეულება გვაქვს, გვიან ვსაუზმობთ, და თქვენც ანგარიში უნდა გაგვიწიოთ. გასაგებია, რომ დღეს თქვენი ქალიშვილის ავადმყოფობის გამო განსაკუთრებით გიჭირთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, თავად    მოვამზადოთ ნარჩენებისაგან ჩვენი საუზმე, თუ სხვაგვარად არაფერი გამოდის და უკეთეს საჭმელს არ გვაძლევთ. მაგრამ ქალი არ აპირებდა არც ერთ მათგანთან თავაზიანი საუბრის გაბმას. ეს მდგმურები, მისი აზრით, საერთო საუზმის ნარჩენებსაც კი არ იმსახურებდნენ; მეორე მხრივ კი ორივე მსახურმა იმდენად მოაბეზრა თავი, რომ ხელი დაავლო თასს, რობინსონს მიაჩეჩა, რომელმაც სახე დაღრიჯა და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ თასი უნდა დაეჭირა, რათა მასში ქალს მათთვის მოძებნილი საკვები ჩაეყარა. მან უდიდესი სისწრაფით აავსო თასი, მაგრამ ყოველივე ეს ჭუჭყიანი ჭურჭლის გროვას უფრო წააგავდა, ვიდრე საუზმეს. სანამ ქალი მათ სამზარეულოდან აძევებდა, და ისინიც, წელში მოხრილები, სალანძღავი სიტყვებისა და მუჯლუგუნების მოლოდინში, კარისაკენ მიიჩქაროდნენ, კარლმა თასი ჩამოართვა რობინსონს, რადგან საუზმე საიმედო ხელში არ ეგულებოდა. დერეფანში, სამზარეულოს კარს საკმარისად რომ გასცდნენ, კარლი თასით ხელში იატაკზე ჩაჯდა, რათა, უპირველეს ყოვლისა, თასი გაეწმინდა და საკვები დაეხარისხებინა: მაგალითად, რძე ერთ ჭურჭელში ჩაასხა, კარაქის ნარჩენები ერთ თეფშზე გადაფხიკა, შემდეგ ნახმარობის ყოველგვარი კვალი გააქრო, ესე იგი, დანა-ჩანგალი და კოვზები დაწმინდა, პურ-ფუნთუშებს მონაკბეჩები ჩამოაჭრა, და ამგვარად, საუზმეს მეტნაკლებად მოწესრიგებული სახე მისცა. რობინსონის აზრით, მთელი ეს სამუშაო სრულიად ზედმეტი იყო – საუზმე ხშირად ამაზე უარესადაც გამოიყურება ხოლმეო, მაგრამ კარლმა მას ყური არ ათხოვა და მოხარულიც იყო, რომ რობინსონი თავისი ჭუჭყიანი თითებით მის დახმარებას არ ცდილობდა.

დასაწყნარებლად, როგორც ეს განსაკუთრებული შემთხვევა მოითხოვდა, რამდენიმე გალეტი და ქეთლი მისცა, რომლის ფსკერზე შოკოლადის სქელი ფენა იყო დალექილი. როცა თავიანთ ბინასთან მივიდნენ და რობინსონმა მაშინვე დააპირა კარის სახელურის ჩამოწევა, კარლმა შეაჩერა, რადგან დარწმუნებული არ იყვნენ, შეიძლებოდა თუ არა შესვლა, – ჰო, მართლა, – თქვა მან,    – ახლა ჯერ მხოლოდ ვარცხნის, – და მართლაც, ჯერ ისევ გაუნიავებელ და ფარდებჩამოშვებულ ოთახში, შეზლონგზე იჯდა ფეხებგაჩაჩხული ბრუნელდა, დელამარში კი, მისკენ დახრილი, მოკლე და ალბათ ძალზე აბურდულ თმას უვარცხნიდა. ბრუნელდას კვლავ თავისუფალი განიერი კაბა ეცვა, ოღონდ ამჯერად ღია ვარდისფერი, გუშინდელ კაბაზე ალბათ ცოტათი მოკლე, ყოველ შემთხვევაში, თეთრი, უხეშად ნაქსოვი წინდები თითქმის მუხლებამდე მოუჩანდა. მოუთმენლობისაგან, რადგან ვარცხნის პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა, ბრუნელდა თავისი სქელი წითელი ენით წამდაუწუმ ტუჩებს ილოკავდა, დროდადრო თავს გააქნევდა ხოლმე და წამოიძახებდა – ოჰ, დელამარშ! – ის კი ზეაწეული სავარცხლით მშვიდად ელოდა, როდის დააბრუნებდა ბრუნელდა თავს უწინდელ მდგომარეობაში. – დიდი დრო დაგჭირდათ, – უთხრა ბრუნელდამ ორივეს, კარლი კი განსაკუთრებით გააფრთხილა: – ცოტა უფრო მარდი უნდა გახდე, თუ გინდა, რომ შენით კმაყოფილი ვიყოთ. ზარმაცი და ღორმუცელა რობინსონისაგან ნუ აიღებ მაგალითს. ამასობაში თქვენ ალბათ ერთად წაისაუზმეთ სადმე; გაფრთხილებთ, მომავალში ამას აღარ მოვითმენ. ეს დიდი უსამართლობა იყო, რობინსონმა თავი გააქნია და ტუჩებიც აამოძრავა, ოღონდ ხმა ვერ ამოიღო. კარლი კი მიხვდა, რომ ბატონებზე მხოლოდ მუყაითი შრომით მოახდენდა შთაბეჭდილებას. კუთხიდან დაბალი იაპონური მაგიდა გამოათრია, სუფრა გადააფარა და რაც მოიტანეს, ზედ დაალაგა. ვინც საუზმის წარმომავლობას იცნობდა, ყოველივე ეს დამაკმაყოფილებლად მოეჩვენებოდა, საერთოდ კი, როგორც კარლი თავს გამოუტყდა, ზოგ რამეზე შეიძლებოდა მიდავება. საბედნიეროდ, ბრუნელდა მშიერი იყო. ვიდრე კარლი საუზმეს აწყობდა, მოწონების ნიშნად თავს უკრავდა და ხშირად ხელსაც უშლიდა, როცა გემრიელ ლუკმას გამოსტაცებდა ხოლმე თავისი რბილი, მსუქანი ხელით, მაშინვე რომ სრესდა ყველაფერს. – კარგად გარჯილა, – თქვა პირის წკლაპუნით და დელამარში, რომელმაც სავარცხელი ვარცხნის გასაგრძელებლად თმაში ჩაუტოვა,    გვერდით დაისვა სავარძელზე. საუზმის დანახვაზე დელამარშიც მოლბა.

ორივე ძალიან მოშიებული იყო და მათი ხელები მაგიდაზე ერთმანეთს უსწრებდა. კარლი მიხვდა, რომ ბატონების გულის მოსაგებად ყოველთვის რაც შეიძლება მეტი საჭმელი უნდა მოეტანა, თან გაახსენდა, კიდევ რამდენი საჭმელად გამოსადეგი რამ დატოვა სამზარეულოში იატაკზე და თქვა: – ეს პირველი შემთხვევა იყო და არ ვიცოდი, როგორ უნდა მომემზადებინა ყველაფერი, შემდეგისათვის ამას უკეთესად გავაკეთებ, – მაგრამ ლაპარაკის დროსვე გააცნობიერა, ვის ელაპარაკებოდა, და მიხვდა, რომ ამ საქმემ ძლიერ გაიტაცა. ბრუნელდამ კმაყოფილებით დაუკრა თავი დელამარშს და კარლს ჯილდოდ პეშვით გალეტები გაუწოდა.

ტეგები: Qwelly, ამერიკა, კაფკა, მოთხრობები, ნოველები

ნახვა: 14

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კოჭლი ქსელი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ივლისი 11, 2020.
საათი: 8:30pm 1 კომენტარი

   გვმართებს  ვიცოდეთ, რომ სურვილი რომელიც არ იქნება გამოხატული(ვნახეთ საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი ან უბრალოდ დავინტერესდით ვინმეთი რომელზეც გვქონდა სურვილი რომ ახლოს "მივსულიყავით"), ის იქნება "გადატანილი" (მოხდა მისი გადატანა) რამაც წარმოქმნა მინიმალური დონით ნერვოზის გამოღვიძება, ზოგი ფსიქ.ანალიტიკოსი (მაგ.ფროიდი) მცდარად უწოდებს რომ საზოგადოების ტაბუმ(კლიშემ) იმოქმედა ადამიანზე, და მან საკუთარი სურვილი "ჩაიბრუნა" ან საქმე გვაქვს მორცხვობასთან, ორივე და…

გაგრძელება

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:19pm 3 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters