ერიკ ემანუელ შმიტი - ფეხშიშველა პრინცესა


   კინაღამ თავისი დაემართა, სანამ მას კიდევ ერთხელ მოჰკრავდა თვალს.
როცა ავტობუსი, თაეტრალური დასი რომ გადაჰყავდა, სიცილიური სოფლისაკენ ამავალ კლაკნილ გზას აუყვა, სხვა რამეზე ფიქრი ვერც კი შეძლო. შეიძლება ამ გასტროლებსაც იმიტომაც დათანხმდა, იქ რომ დაბრუნებულიყო? თუ ასე არაა, მაშ ვითომ რატომ მოაწერდა ხელს ხელშეკრულებას? ჯერ ერთი, პიესა მაინც და მაინც არ მოსწონდა, მისთვის განკუთვნილი როლი ხომ საერთოდ არ ეხატებოდა გულზე. თანაც ამ წვალების საზღაურად მიზერულ ჰონორარს ჰპირდებოდნენ. ერთი სიტყვით, წვალებად ნამდვილად არ ღირდა. ცხადია, არც არჩევანით გაუნებივრებიათ. ან შემოთავაზებულ პირობებს უნდა დაჰყაბულებოდა, ან შესჭიდებოდა ახალ საქმეს, მისი მშობლები „კაცურ ხელობად“ რომ ნათლავდნენ. ასე რომ, როლების შერჩევის უფლება მას კარგა ხანია, წაერთვა. არც მისი, ასე ვთქვათ, „დიდების ხანა“ გაგრძელებულა დიდხანს. ერთი თუ ორი სეზონი „ბრწყინავდა“, ისიც დებიუტის დროს, როცა არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემებით მონუსხულ მაყურებელს ჯერ კიდევ ვერ გაეცნობიერებინა, რომ კი არ თამაშობდა, არამედ „კუნძივით იდო სცენაზე“.
   კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, როდესაც ის სწორედ ამ პიტალო კლდეებით შემოსაზღვრულ სოფელში ერთ იდუმალ ქალს გაეცნო. ნუთუ შეიცვალა? ალბათ. მაგრამ, ვფიქრობ, არც ძლიერ თვალში საცემად. სხვათა შორის, თვითონ თითქმის არ შეცვლილა. ფაბიომ დღემდე შეინარჩუნა ახალგაზრდა გმირი-საყვარლის „იერი“, თუმცა უკვე არც ახალგაზრდა იყო და აღარც გმირი-საყვარლის კარგი როლები ემეტებოდათ მისთვის. ოღონდ არა იმიტომ, რომ დაბერდა და დაჩაჩანაკდა (ქალების მონუსხვას ის დღესაც წარმატებულად ახერხებდა) არამედ იმიტომ, რომ მისი ნიჭი არ იყო გარეგნული მონაცემების ადეკვატური. ამ ნაკლის გამო უხერხულობის განცდა არც არასდროს ეუფლებოდა. პირიქით, ღიად საუბრობდა ამის შესახებ კოლეგებთან და დამდგმელ რეჟისორებთან. მიიჩნევდა, რომ როგორც გარეგნობა, ასევე ნიჭი ადამიანს დაბადებიდანვე მოსდგამდა. ღმერთმა კი ამ ორი ძღვენიდან მისთვის მხოლოდ ერთი გაიმეტა. და რა მოხდა მერე? ვარსკვლავობა ყველას როდი უწერია. ზოგი მცირედით კმაყოფილდება. ფაბიოც ამ უკანასკნელთა რიგებში მოიაზრებდა საკუთარ თავს. უმნიშვნელო კარიერა მის ამბიციას სავსებით აკმაყოფილებდა. თამაში როდი ხიბლავდა, თორემ შეეცდებოდა და როგორმე უკეთესი გახდებოდა! უბრალოდ მსგავსი ცხოვრების წესი მოსწონდა: მოგზაურობები, მეგობრები და ამხანაგები, თამაში და აპლოდისმენტები, რესტორნები და მეძავები ერთი ღამით... ასეთი ცხოვრება ერჩივნა იმას, რასაც მშობლები სთავაზობდნენ. ერთ რამეში შეიძლებოდა ფაბიოსი ნამდვილად გერწმუნათ: ბოლო წამამდე იბრძოლებდა, ოღონდ ოჯახურ მეურნეობაში მისთვის მოფიქრებული ადგილი რაც შეიძლება გვიან დაეკავებინა.
   „ეს გლეხის ბიჭი პრინცივით ლამაზია,“ - ასე იყო დასათაურებული პრესაში მისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი სტატია, როცა ის სერიალში გამოჩნდა, მთელი იტალია ზაფხულის განმავლობაში გაფაციცებით და სუნთქვაშეკრული რომ ადევნებდა თვალყურს. „პრინცი ლეოკადიო“ - როლი, რომლითაც მისი ტრიუმფული სვლა დაიწყო და რომლის წყალობითაც ათასობით შეყვარებული ქალის მელანქოლიური და დამაინტრიგებელი წერილის წაკითხვა მოუწია. „პრინცმა ლეოკადიომ“ ფაბიოს საშუალება მისცა, ხელი გამოეკრა წარმატებული მილიარდერის როლისთვის ფრანკო-გერმანო-იტალიური წარმოების სერიალში. თუმცა, შეიძლება ითქვას, ამ როლმა შესვა იგი ბომბზე. სიახლის, ახალი სახის აღმოჩენის განცდამ მაყურებელს სულ მალე გაუარა, გმირის არაორდინალური, მძაფრი, ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებით შეპყრობილი ორაზროვანი მამაკაცის განსახიერება კი ჭეშმარიტ სამსახიობო ოსტატობას ითხოვდა. ფაბიოს გადაღების დაწყებისთანავე „მანეკენი“ შეარქვეს - მეტსახელი, რომელიც პრესამაც აიტაცა და მისი უნიათო ინტერპრეტაციის აღწერისას ხშირად იყენებდა; სერიალი იტალიის შემდეგ ეკრანზე კიდევ ორჯერ მოხვდა: ერთხელ გერმანიაში და ერთხელაც საფრანგეთში. ამ ქვეყნებში მის მილიარდერს პროფესიონალი მსახიობები ახმოვანებდნენ, რამაც უცხოელ მაყურებელს მეტ-ნაკლებად ასატანი თამაშის ილუზია შეუქმნა. ამის შემდეგ მის ეკრანულ კარიერაში არაფერი მნიშვნელოვანი აღარ მომხდარა. დიახ, არაფერი ყურადსაღები! წელს კი, ზამთარში, საკაბელო ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე, ძირითადად რეტროპროგრამებით რომ იყო ცნობილი, ღამის ოთხ საათზე სრულიად შემთხვევით, ეკრანზე საკუთარ თავს მოჰკრა თვალი: სერიალის დღევანდელი გადასახედიდან შეფასებისას ლამის გული გაუჩერდა. დაითრგუნა სიუჟეტის უაზრობით, პარტნიორთა უღიმღამო, სრულიად უხერხემლო თამაშით, რომლებიც მასავით გაქრნენ ეკრანებიდან. ტანზე შემოტმასნილმა კოსტიუმებმა, ლამის ზედ რომ ასკდებოდა, ქუსლიანმა კომიკურმა ფეხსაცმელებმა, დახვეული თმების მასშტაბურობამ, „B“ კატეგორიის ამერიკული მდარე გემოვნების ფილმების ერთ-ერთ მსახიობ ქალს რომ ამსგავსებდა და განსაკუთრებით მარჯვენა თვალზე ჩამოვარდნილმა თმის ბღუჯამ, ცალთვალას რომ ამსგავსებდა და მის სწორნაკვთებიან სახეს ყოველგვარ ექსპრესიულობას ართმევდა, ფაბიოს საერთოდ მოუღო ბოლო. მოკლედ, მის ეკრანზე ყოფნას მხოლოდ ერთი გამართლება შეიძლება ჰქონოდა - მისი ასაკი - ფაბიო მაშინ 20 წლის თუ იქნებოდა.
   როგორც კი შესახვევს გასცდნენ, შუასაუკუნეების ციტადელიც გამოჩნდა თავისი ცისკენ ამაყად აზვირთული მაღალი გალავნებითა და ნახევარმთვარისებრი კოშკებით. ნუთუ ის ისევ აქ ცხოვრობს? როგორ ეძებოს? მისი ნამდვილი სახელიც კი არ იცის. „უბრალოდ დონატელა დამიძახეთ,“ - ჩასჩურჩულა მაშინ ქალმა და ფაბიომ მართლა დაიჯერა, რომ ასე ერქვა. მხოლოდ წლების შემდეგ, ამ ფრაზის ანალიზისას მიხვდა, რომ უცნობმა ფსევდონიმი შესთავაზა.
რატომ დააჩნია ამ თავგადასავალმა მსგავსი კვალი მის მეხსიერებას? რატომ ოცნებობდა მასზე 15 წლის შემდეგაც? მის ხელში ხომ ათეულობით ქალმა გაიარა?
   ცხადია იმიტომ, რომ დონატელა იდუმალ ქალად აღიქვა და დღემდე ასეთად დარჩა მისთვის. ჩვენ, მამაკაცები აუცილებლად ვვარდებით ქალების ტყვეობაში. ისინი ჩვენ წინაშე საიდუმლოების ჯავშნით დაცულნი წარდგებიან ხოლმე. თუმცა, როგორც კი ეს ჯავშანი სუსტდება და მქრქალდება, ჩვენი ინტერესი მათდამი ნავლდება და ქრება. ქალებს სჯერათ, რომ კაცს მათკენ მხოლოდ ის იზიდავს, რაც მათ ფეხებს შორის აქვთ და კაბის ქვეშ ასე მონდომებით მალავენ. მწარედ კი ცდებიან. მამაკაცს ხომ უფრო რომანტიკა ხიბლავს და იზიდავს, ვიდრე სექსი. დამამტკიცებელი საბუთები გჭირდებათ? კაცი ქალს დღისით უფრო შეიძლება განერიდოს, ვიდრე ღამით. უაზრო საუბრებში მცხუნვარე მზის ქვეშ გატარებული დღე უფრო აუფერულებს და აფერმკრთალებს ქალის აურას, ვიდრე ღამე, როცა სხეულები ერთმანეთს ერწყმიან და ერთ მთლიანობად იქცევა. ხშირად ფაბიოს ერთი სული ჰქონდა, ქალთა მოდგმისთვის მიეხალა: „დაიტოვეთ ღამეები და ეშმაკს გადაულოცეთ დღეები, მხოლოდ ასე თუ შეძლებთ მამაკაცის უფრო ხანგრძლივად დატყვევებას!“ მაგრამ ფაბიო ფრთხილობდა და თავს იკავებდა, არ სურდა მათი დაფრთხობა. სადღაც დარწმუნებულიც კი იყო, რომ ვერ გაუგებდნენ: მისი დემარში მხოლოდ იმის დასტური იქნებოდა, რომ კაცი ერთთავად ქალის ლოგინში ჩათრევაზე და მის დაუფლებაზე ფიქრობს. არადა თვითონ სურდა მიენიშნებინა, რომ ცნობილი მექალთანეები, როგორიც თავადაც გახლდათ, სინამდვილეში მარად იდუმალების მაძებარი მისტიკოსები იყვნენ და სხვა არაფერი. ასეთები ელტვიან იმას, რასაც ქალი მალავს და ნაკლებად იზიდავთ ის, რასაც ადვილად ეუფლებიან.
დონატელა ფაბიოს მაისის ერთ მშვენიერ საღამოს გამოეცხადა მუნიციპალური თეატრის კულისებში, სპექტაკლის დასრულების შემდეგ. ფაბიოს სატელევიზიო დებიუტის შემდეგ ორი წელი იყო გასული და დიდების მზეც ნელ-ნელა იწყებდა ჩასვენებას. ტელევიზიაში მისთვის როლები უკვე აღარ ემეტებოდათ, მაგრამ შეძენილი ცნობადობის წყალობით მაინც მოახერხა თეატრის სცენაზე მთავარი როლისათვის გამოეკრა ხელი: კორნელის „სიდი“ მისთვის გალექსილი ტირადების ნამდვილ მარათონად იქცა. ზედმიწევნით კი გაიზუთხა თავისი როლი და სცენაზეც სკრუპულოზულად ჩამოარაკრაკებდა ხოლმე, მაგრამ უსულოდ, უგულოდ, ნათქვამის არა გაეგებოდა რა. ფაბიოს ბედნიერება ის კი არ იყო, რომ როლი გახსნა, გარდაისახა, მსახიობის ოსტატობის სიმაღლეებს ეწია, არამედ ის, რომ წარმოდგენისას შუა გზაში არ გაჩერდა და ტექსტი უცდომლად ჩაარაკრაკა, როგორც სპორტსმენმა, უსაშველოდ გრძელი დისტანცია წაუბორძიკებლად რომ დაფარა. იმხანად საკუთარი ნახელავის შეფასებაში ნაკლებად კრიტიკული გახლდათ, ვიდრე დღეს, მაგრამ მაინც ხვდებოდა, რომ მაყურებელს მხოლოდ მისი სილამაზე მოსწონდა; მათ შორის ტრიკოში გამოკვართული ლარივით ფეხებიც. რატომაც არა?
სპექტაკლის დაწყებამდე ფაბიოს საგრიმიეროს წინ ვიღაცას ყვითელი და ყავისფერი ორქიდეებით გაძეძგილი უზარმაზარი დაწნული კალათა დაედგა. ტყუილად ეძება სავიზიტო ბარათი. წარმოდგენის დროს, სანამ მისი ჯერი დადგებოდა, მსახიობი უნებურად პუბლიკას ათვალიერებდა; ცდილობდა, ამოეცნო ვინ შეიძლებოდა ასეთი დიდებული საჩუქრის ავტორი ყოფილიყო. პროჟექტორების თეთრი ნათებისგან დაბრმავებულმა მაინც შეძლო დარბაზის სიბნელეში ჩაძირულ მაყურებელთა ჯეროვანი დათვალიერება.
   ზომიერი და თავაზიანი აპლოდისმენტების შემდეგ ფაბიო საგრიმიოროსკენ გაეშურა, სასწრაფოდ გადაივლო წყალი და ოდეკოლონიც შეისხურა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ თაიგულის იდუმალი მომრთმევი გამოცხადებას არ დაახანებდა.
დონატელა კულისებს მიღმა, დერეფანში ელოდა.
ახალგაზრდა გრძელნაწნავიანმა ქალმა ფაბიოს გრაციოზულად გაუწოდა ხელი. როლის რაინდული სულისკვეთებით გაჟღენთილი მსახიობი უცნობ ქალს ხელზე დაუფიქრებლად ეამბორა - ჟესტი რომლისთვისაც ადრე არასდროს მიუმართავს.
- ეს თქვენ იყავით? - ჰკითხა მან. რა თქმა უნდა, ორქიდეებს გულისხმობდა.
- დიახ, მე ვიყავი, - დაუდასტურა სტუმარმა და გრძელი შავი წამწამებით დამშვენებული თვალები ძირს დახარა. მოძრაობისას აბრეშუმის თუ მუსლინის (მაშინ ზუსტად ვერ დაადგინა ქსოვილი) ჰაეროვანი კაბა მკლავებისა და ფეხების მაგნიტივით მიმზიდველი სიშიშვლის დაფარვას ვერ ახერხებდა. მსუბუქი, სიფრიფანა, მოელვარე, აღმოსავლური, ალბათ უფრო მოქნილი, ნაზი და უწონო სამოსი ქალს ტანზე ტალღებად ეფინებოდა და განსაკუთრებულად გამოკვეთდა კიდურების სრულქმნილებასა და უნაკლობას. ქათქათა მაჯას სამაჯური უმშვენებდა, ისეთი როგორსაც მონა ქალები ატარებდნენ. თუმცა „მონა ქალი“ რა სახსენებელია, როცა ამ მშვენიერებაზეა საუბარი?! ის თავად მოგაგონებდათ ქალბატონს, მონა ქალებზე რომ მბრძანებლობს; კლეოპატრას, ნებისმიერის დამონება რომ ძალუძს. ოღონდ, ეს იყო სიცილიის ერთ-ერთი მთის მწვერვალზე დაბრძანებული კლეოპატრა, მძვინვარებასა და დაუდგრომელ ძალას რომ აფრქვევდა; კლეოპატრა მგრძნობიარე და მოკრძალებული, თან ველურიცა და მოუხელთებელიც.
- ერთად ხომ არ გვევახშმა? მე გეპატიჟებით.
იყო თუ არა საჭირო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? უპასუხა თუ არა მან?
მოგვიანებით ფაბიო იხსენებდა, რომ უცნობს ხელკავი შესთავაზა და თეატრის შენობა ერთად დატოვეს.
   უკვე გარეთ, როცა ისინი მთვარის მქრქალ შუქზე ისტორიული დასახლების ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებში მიაბიჯებდნენ, ფაბიომ შენიშნა, რომ ქალი ფეხშიშველი იყო. ამ უკანასკნელსაც მსახიობის გაკვირვება არ გამოჰპარვია და მოსალოდნელ კითხვას დაასწრო: - ასე ბევრად უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს.
ფაბიოს ნათქვამი იმდენად გულწრფელი და ბუნებრივი ეჩვენა, რომ კომენტარისგან თავი შეიკავა.
   რა მშვენიერი საღამოა სასეირნოდ, როცა გალავნის სიგრილე ჟასმინისა და ანისის სურნელითაა გაზავებული! ხელიხელჩაკიდებულმა წყვილმა მალე ციტადელის ყველაზე მაღალ ნაწილს მიაღწია. აქ ისინი ულტრათანამედროვე, გასაოცრად ფეშენებელური ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს წინ აღმოჩნდნენ.
როცა ქალი სასტუმროს შესასვლელისკენ გაემართა, ფაბიო უნებურად წინ გავარდა, რათა როგორმე შეეყოვნებინა: თანამგზავრს იქ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაპატიჟებდა, საამისოდ არანაირი სახსრები არ გააჩნდა.
დონატელამ თითქოს მისი ფიქრები წაიკითხა და ფაბიოს დასამშვიდებლად თქვა: - ნუ წუხხართ, გაფრთხილებულები არიან და ჩვენს მოსვლას ელოდებიან. როცა ჰოლში შეაბიჯეს, ირიბად ჩამწკრივებულმა მთელმა მოსამსახურე პერსონალმა მორჩილად დახარა თავი. იმ არაჩვეულებრივი ქალის თანხლებით ამ, ასე ვთქვათ, სტილიზებული ხეივნის გავლისას ფაბიომ ვერ მოიცილა აზრი, რომ პატარძალს მიაცილებდა საკურთხევლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მდიდრულ და დახვეწილ რესტორანს სხვა მუშტრები არ ჰყავდა, წყვილი მაინც მზერას მოშორებულ კაბინაში განცალკევდა, რათა სიმარტოვით მონიჭებული სიამოვნება სრულად განეცადა.
   მეტრდოტელი ახალგაზრდა ქალს ცოტა არ იყოს გადაჭარბებული თავაზიანობით მიმართავდა და პირზე წამდაუწუმ „თქვენო აღმატებულებავ“ ეკერა. ასევე იქცეოდა მზარეულიც. ფაბიომ დაასკვნა, რომ მისი თანამეინახე დიდგვაროვანი ქალბატონია, სასტუმროში რამდენიმე დღით რომ გაჩერდა. ცხადია, სწორედ მისი კეთილშობილი წარმოშობისა და მაღალი სოციალური სტატუსის გამო ხუჭავდნენ თვალს მის ექსცენტრულ გამოხტომებზე და ვახშამზე ფეხშიშველა გამოცხადების ნებასაც უსიტყვოდ რთავდნენ.
ხიზილალა და საუკეთესო ღვინოები მიირთვეს. უგემრიელესი, საგულდაგულოდ მოფიქრებული და გამორჩეული კერძები ერთმანეთს ენაცვლებოდა; საუბარი ერთობ ამაღლებული და შეიძლება ითქვას პოეტური გამოუვიდათ. იმსჯელეს პიესაზე, თეატრზე, კინემატოგრაფიაზე, სიყვარულზე, გრძნობებზე... ფაბიო უმალ მიხვდა, რომ პრინცესასთვის ინტიმური შეკითხვები არამც და არამც არ უნდა დაესვა, რადგან უმნიშვნელო ინკვიზიციის მცდელობაზეც კი მისი უბრწყინვალესობა იქუფრებოდა და თავის თავში იკეტებოდა. ფაბიომ ასევე აღმოაჩინა, რომ მიპატიჟებას იმ ორ სახელგანთქმულ სერიალს უნდა უმადლოდეს. პრინცესათი მონუსხულმა ასევე დაადგინა, რომ რომანტიკული გმირების შარავანდედით მოსილი, თვითონაც ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა მასპინძელზე.
   დადგა დესერტის დროც. შეთამამებულმა ფაბიომ თავს უფლება მისცა, პრინცესას ხელს დაპატრონებოდა. თანამეინახეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ფაბიო უფრო გათამამდა. მისი პერსონაჟებისთვის საკადრისი დელიკატურობითა და განახლებული ელეგანტურობით გამოუტყდა, რომ ერთი სული ჰქონდა, სანამ ძლიერ ჩაიკრავდა გულში.
დონატელა თრთოლამ აიტანა. თვალები დახარა. გააჟრჟოლა და ბოლოს ამოსუნთქვას ამოაყოლა: - მომყევით!
   ისინი ნომრებისკენ მიმავალ დიდ კიბეს აუყვნენ და მალევე პრინცესას აპარტამენტების წინ აღმოჩნდნენ. ფაბიოს მსგავსი სილამაზე აქამდე არასდროს ენახა. ენა მუცელში ჩაუვარდა ძვირფასი აბრეშუმითა და ხავერდით გაწყობილი ავეჯის, სპარსული ხალიჩებისა და სპილოს ძვლის ლანგრების ხილვაზე; ინკუსტრირებული სავარძლების, ბროლის დოქებისა და ვერცხლის თასების ელვარებისგან საერთოდ თვალთ დაუბნელდა.
დონატელამ კარი მიხურა, ჰაეროვანი ყელსახვევი მოიხსნა და თითქმის შეუმჩნეველი ხელის მოძრაობით მიანიშნა, რომ მზად იყო დანებებოდა.
ნუთუ ეს ამ მდიდრული მოწყობილობის ზემოქმედების ბრალია, თავი „ათას ერთი ღამის“ ზღაპრის გმირი რომ ჰგონია? იქნებ იმ დახვეწილმა კერძებმა და ძარღვიანმა ღვინომ იმოქმედა? ყველაფრის თავი და თავი დონატელა ხომ არ არის? დონატელა - ისეთი უცნაური, ერთდროულად მოუხელთებელი და დამთმობი, დახვეწილი და ველური?
ასეა თუ ისე, ფაბიომ სიყვარულის ზღაპრული ღამე გაატარა, ისეთი, რომლის მსგავსი მთელი განვლილი წლების განმავლობაში არ ღირსებია. ამას იგი დღესაც, 15 წლის შემდეგაც გულწრფელად და თვითდაჯერებულად დაგიდასტურებდათ.
   დილით სქელი ფარდებიდან შემოღწეულმა მზის სხივებმა ფაბიოს საყვარლის ფრთხილი ძილი დაუფრთხო და მწარე რეალობა გაახსენა: 80 კილომეტრი უნდა გაევლო თეატრალურ დასთან ერთად და სადღაც გადაკარგულში ორჯერ - ნაშუადღევსა და საღამოს წარმოდგენებში მიეღო მონაწილეობა. ცხრის ნახევრიდან ალბათ უკვე ელოდებიან სასტუმროს ჰოლში, ტურნეს ადმინისტრატორი ცხადია ისევ გაცოფდება და დააჯარიმებს. ნუთუ დასრულდა სიზმარი?
   ფაბიო სასწრაფოდ ჩაცმას შეუდგა, თან ეცადა პრინცესა არ გაეღვიძებინა. ეს ერთადერთი გზა იყო წინანდელი ღამის ხიბლის გასახანგრძლივებლად.
სანამ ნომერს დატოვებდა, ფFაბიო უზარმაზარ ბალდახინიან საწოლს მიუახლოვდა, სადაც მთელ სიგრძეზე დონატელა გაწოლილიყო: ფერმკრთალსა და სიფრიფანას, სახეზე ღიმილგადაკრულს ჯერ კიდევ ეძინა. ფაბიომ მისი გაღვიძება ვერ გაბედა, გონებაში გამოემშვიდობა და გაიფიქრა, - დღესაც ნათლად ახსოვს,- რომ უყვარდა ის ქალი და მარად ეყვარებოდა. შემდეგ ოთახიდან სწრაფად გავარდა.
ავტობუსი ციტადელის კარიბჭეს გასცდა და დასი სახელწოდებით „მწვანე ლოკოკინები“ მუნიციპალური თეატრის შენობისკენ გაქანდა. ფოიეში მსახიობებს დირექტორი დახვდათ, რომელმაც მოქუფრული სახით გამოუცხადა, რომ ბილეთების მხოლოდ მესამედი იყო გაყიდული, გეგონება ამაში დამნაშავე მხოლოდ დასი იყო. მას შემდეგ 15 წელი კი გავიდა, მაგრამ ის, რაც ფაბიომ აპარტამენტების დატოვებისას გაიფიქრა, სრული ჭეშმარიტება აღმოჩნდა: დონატელა დღემდე უყვარდა. დიახ, ჯერ კიდევ უყვარდა!
   ერთი ღამის რომანს დასასრული აკლდა. შეიძლება სწორედ ამის გამო გრძელდებოდა დღემდე. იმ დილით ფაბიომ ციტადელის დაღმართი სულ სირბილით ჩაიარა. სასტუმროშიც დროულად დაბრუნდა და ჩემოდნების ჩალაგებაც მოასწრო. რეჟისორმა მის ბარგი-ბარხანას საგრიმიოროდან წამოღებული ორქიდეებიც დაადო ზემოდან. ფაბიო მანქანაში ჩახტა (მაშინ მას, როგორც პროტაგონისტსა და გმირ-საყვარელს, ლიმუზინი ემსახურებოდა. ავტობუსით კი არ დაჯაყჯაყებდა დასის სხვა წევრებთან ერთად, როგორც დღეს) და მალევე ჩაეძინა. თავის თავს შეჰფიცა, რომ აუცილებლად დარეკავდა ციტადელის ფეშენებელურ სასტუმროში, სადაც ზღაპრული ღამე გაატარა, მაგრამ რეპეტიციებმა ჩაითრია და ვეღარ მოახერხა. რეპეტიციები, რეპეტიციები და ისევ რეპეტიციები.
ფაბიომ დარეკვა რამდენჯერმე გადადო, საბოლოოდ კი თავის შეხსენება ვერ გაბედა. თეატრალურმა ყოველდღიურობამ და ორომტრიალმა ყველაფერი დაავიწყა. ცოტა ხანში ისეთი განცდა დაეუფლა, რომ ეს ყველაფერი სიზმარში მოხდა. მოგონებებში ქექვისას გაიხსენა დონატელას ერთგვარი მინიშნება - მათი შეხვედრა ერთადერთი იყო და გაგრძელება არ ეწერა. სასწაული მომავლის გარეშე!
   ახლა, 15 წლის შემდეგ რა აზრი აქვს მის შეწუხებას? მდიდარია, დაბადებით კეთილშობილი სისხლის, შესაძლოა უკვე გათხოვილიც. ფაბიომ გადაწყვიტა, დაჰყაბულებულიყო იმ ადგილს, დონატელამ რომ მოუნიშნა: უმომავლო ერთი ღამის კაპრიზი. ფაბიოს ართობდა კიდევაც ეს როლი. მამაკაცი - ნივთი, სათამაშო პრინცესას ხელში. ფანტაზიის ხორცშესხმამ უკვე მოჰგვარა ენით აღუწერელი სიამოვნება. დონატელაც ხომ ამას ითხოვდა მისგან ისე თავაზიანად, ისე მოკრძალებულად და ელეგანტურად?...
   ავტობუსმა დანიშნულების ადგილს მიაღწია და ძრავამ ღუღუნი შეწყვიტა. რეპეტიციის დაწყებამდე კარგა ორი სრული საათი მაინც რჩებოდა. „მწვანე ლოკოკინების“ მსახიობებმა შეხვედრა თეატრის შენობაში დათქვეს და დაიფანტნენ. ფაბიომ თავისი ბარგი ვიწრო ნომერში დატოვა და სასტუმროს აღმართს აუყვა. ციცაბო ფერდობს შეფენილ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში სიარულისას ფაბიო საკუთარი იმედის უსაფუძვლობასა და სიგიჟეზე ფიქრობდა. რამ აფიქრებინა, რომ მასთან ისევ შეხვედრის შანსი აქვს? 15 წლის წინ დონატელა ამ სასტუმროში იმიტომ მოეწყო, რომ აქაური არ იყო და საიდანღაც ჩამოვიდა. არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ მას აი, სწორედ დღეს ისევ აქ გადაეყაროს! „სინამდვილეში პაემანზე კი არ მივდივარ, - დაასკვნა ფაბიომ, - არც რამეს ვიძიებ. ეს უბრალოდ პილიგრიმობაა. არც მეტი, არც ნაკლები. პილიგრიმობა გარდასულ დღეთა მოგონებებში, როცა ახალგაზრდა, ლამაზი და პოპულარული ვიყავი: პილიგრიმობა იმ დროში, როცა პრინცესასთვისაც კი სასურველი ვიყავი.“
ფაბიო სასტუმროს შესასვლელთან შეყოვნდა. ნაგებობამ მასზე ამჯერად უფრო მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე წარსულში. შეიძლება იმიტომ, რომ დღეს უკეთ აფასებდა საგანთა ღირებულებებს. მსგავს სასტუმროში რომ გაჩერდე, აუარება ფული უნდა გქონდეს.
ფაბიო ორჭოფობდა, სასტუმროში შესვლა ვერ გადაეწყვიტა.
„აქედან წამში გამომაბუნძულებენ. საკმარისია, ერთი მზერა შემავლოს ადამიანმა, უმალ მიხვდება ჯიბეგაფხეკილი რომ ვარ. კოქტეილსაც კი ვერ შევუკვეთავ სასტუმროს ბარში“.
   გასამხნევებლად ფაბიომ საკუთარ თავს შეახსენა, მსახიობი რომ იყო და არც ისე ურიგოდ გამოიყურებოდა. გარდაისახა და სასტუმროს ზღურბლსაც გადაალაჯა. ფაბიომ ახალგაზრდა მოსამსახურეებს განგებ გვერდი აუარა და პირდაპირ სამოციოდე წლის კონსიერჟს მიეჭრა. არაა გამორიცხული, ამ უკანასკნელს აქ 15 წლის წინ არა მარტო ემუშავა, არამედ ამ ხელობის ადამიანისთვის დამახასიათებელი საოცარი მეხსიერებაც ჰქონოდა.
- უკაცრავად, მე ფაბიო ფაბრი მქვია, მსახიობი ვარ. დაახლოებით 15 წლის წინ თქვენს სასტუმროში გავჩერდი. შემთხვევით თქვენც ხომ არ მუშაობდით იმხანად?
- დიახ, მესიე, იმ დროს მელიფტედ ვმსახურობდი. რით შემიძლია გემსახუროთ?
- იმ დროს აქ ერთი ახალგაზრდა ქალბატონი ცხოვრობდა... ძალიან ლამაზი... მისი უბრწყინვალესობა. ხომ არ გახსენდებათ?
- ჩვენთან არა ერთ ადამიანს უცხოვრია, რომელთა ძარღვებში მეფური სისხლი ჩქეფს, მესიე.
- ითხოვდა, მისთვის დონატელათი მიემართათ. ვეჭვობ, რომ... მოსამსახურე პერსონალი მას პრინცესათი მოიხსენიებდა.
- მოითმინეთ, მოითმინეთ... პრინცესა დონატელა, პრინცესა დონატელა... არა, ძალიან ვწუხვარ, მსგავსი ვინმე არ მაგონდება.
- წესით უნდა გახსოვდეთ. გარდა იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა და საოცრად ლამაზი იყო, ცოტა ექსცენტრულობითაც გამოირჩეოდა. აი, მაგალითად, უყვარდა ფეხშიშველა სიარული.
ამ დეტალმა პორტიე წამიერად დააფიქრა, ისევ მეხსიერებაში ქექვას მოყვა და მოულოდნელად შეჰყვირა: - გამახსენდა. ეს როზა იყო.
- როზა?
- როზა ლომბარდი!
- როზა ლომბარდი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ დონატელა მან მხოლოდ ერთი ღამით დაირქვა. ხომ არაფერი გსმენიათ მის შესახებ? დრო და დრო ხომ არ ბრუნდება ხოლმე აქ? ვაღიარებ, რომ ნამდვილად არ განეკუთვნება იმ ქალთა კატეგორიას, რომელთა დავიწყება ადვილად შეიძლება.
   პორტიემ ამოიოხრა, მოეშვა და დახლზე ფამილარულად იდაყვებით დაეყრდნო: - რა თქმა უნდა, მშვენივრად მახსოვს. როზა... ჩვენთან მუშაობდა მიმტანად. მამამისი, პეპინო ლომბარდი კი ჭურჭელს რეცხავდა რესტორანში. უბედური ძალიან ახალგაზრდა დასნეულდა ლეიკემიით. იცით, ალბათ, სისხლის ავადმყოფობა... ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარდა როზა. ისე გვეცოდებოდა, ისე გვეცოდებოდა ეს გოგო, რომ ვცდილობდით, მისი ნებისმიერი სურვილი შეგვესრულებინა. შემდეგ როზა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. საწყალი ალბათ 18 წლის თუ იქნებოდა, მეტის ნამდვილად არა... სოფელში ბავშვობიდან ფეხშიშველა დადიოდა. ხუმრობით ფეხშიშველა პრინცესა შევარქვით.

ნახვა: 736

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters