შტეფან ცვაიგი - ფანტასტიკური ღამე

← დასაწყისი

ის, რაც ცხლად მივლიდა სისხლში, იყო არა სირცხვილი, არამედ მრისხანება, ზიზღი საკუთარი თავისადმი; სიხარული, მგზნებარე სიხარული, აენთო ალივით, ავარდა თამამი, ცელქი ცეცხლის ენებივით; ამდენი ხნის შემდეგ პირველად ახლა, ამ წუთებში შევიგრძნობდი სიცოცხლეს, ვგრძნობდი, რომ ჩემი გრძნობები მხოლოდ მიძინებული იყო, არ ჩამკვდარიყო და იქნებ სადღაც, ჩემი გულგრილობის ნამქერში, ისევ მიედინებოდა ცხელი წყაროები და როცა შემთხვევითობის ჯადოსნური ჯოხი შეეხო, თვით ჩემს გულამდე მოაღწია. მაშ ჩემშიც, მფეთქავი სამყაროს ამ ნაწილაკში, ჯერ ისევ ღვივის იდუმალი ვულკანური ბირთვი ყოველი მიწიერისა, რაც დროდადრო იფეთქებს ხოლმე თავშეუკავებელ სურვილში. მაშ მეც ვცოცხლობ, მეც ადამიანი ვარ, მგზნებარე, გააფთრებული ვნებების პატრონი. ქარის ქროლვაზე სადღაც კარი გაიღო, სადღაც უფსკრული გაიპო და ვნებიანი სურვილით ჩავიხედე იმ უხილავში, რაც ჩემს გულში აღიძრა, რაც მაშინებდა, თან ნეტარებას განმაცდევინებდა.

როცა ფიაკრი ნელ-ნელა დიდგვაროვან ბურჟუის ჩვეულ სამყაროში მიმარწევდა, მთლად მარტოდმარტო, უხმო დაღმავლობის გრძნობით დანთქმული, რომელსაც მინათებდა მოულოდნელად აბრიალებული გონების ჩირაღდანი, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეშვებოდი ჩემი სულის იდუმალ კუნჭულებში. და იმ დროს, როცა ჩემს გარშემო ბობოქრობდა მოცინარ, მოლაპარაკე ხალხის ათასნაირი ტალღა, საკუთარ თავს, ჩემს დაკარგულ „მე“-ს ვეძებდი და მეხსიერების რაღაც ჯადოსნური ძალით თვალს ვავლებდი წარსულ წლებს. კარგა ხნის მივიწყებულმა მოვლენებმა მოულოდნელად გამოანათეს ჩემი ცხოვრების მტვერდადებული, დაბინდული სარკიდან. მომაგონდა, რომ ერთხელ სკოლაში ამხანაგს ჯაყვა მოვპარე და ასეთივე ბოროტი სიხარულით ვუყურებდი, როგორ ეძებდა, როგორ ეკითხებოდა ყველას და წვალობდა. უცბად ჩავწვდი ბუნდოვან, თითქოს ჭექა-ქუხილის წინ, ქალებთან გატარებული წუთების მღელვარებას. მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები დამსხვრეული, გათელილი იყო ქიმერის დევნით, მაღალი წრის ჯენტლმენის იდეალის ძიებით, მაგრამ ჩემში, როგორც ყველა ადამიანში, ღრმად, ძალიან ღრმად, როგორც შლამით მოფენილ ჭაში, იმალებოდა სიცოცხლის წყარო. ო, მე ხომ მუდამ ვცხოვრობდი, მხოლოდ ვერ გამებედა მეცხოვრა, ვიფუთებოდი, ვემალებოდი საკუთარ თავს. ახლა კარგა ხნის დათრგუნვილმა ძალამ თავისუფლება ჰპოვა და სიცოცხლე, შინაარსიანი, წარმოუდგენლად ძლიერი სიცოცხლე დამეუფლა. ახლა ვგრძნობდი, რომ ვუფრთხილდებოდი მას. განცვიფრებულ, ბედნიერ ქალივით, პირველად რომ შეიგრძნობს ბავშვის მოძრაობას, საკუთარ თავში ვიგრძენი ნამდვილი ჩანასახი სიცოცხლისა. მე ჩემი თავი მკვდრად მიმაჩნდა და აი, - ამ სიტყვების გულში გავლებაც კი სირცხვილს მგვრიდა, - კვლავ გავიფურჩქნე, სისხლი მჩქეფარედ მიედინება ძარღვებში, სასიამოვნო სითბოში ღვივდება გრძნობები და მწიფდება ტკბილმწარემოვლებული უხილავი ნაყოფი. დღისით მზისით ტანჰოიზერის სასწაული დამემართა უსაქმო ტალღის ათასხმოვან გუგუნში: ჩემი სული შეიძრა, მკვდარი კვერთხი ამწვანდა და კვირტები გამოიღო.

გვერდით ეტლმა ჩამიქროლა და ვიღაცამ დამიყვირა, თან ქუდი მომიხადა, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ვერ შევნიშნე ეს პირველი მოსალმება. გაბრაზებულმა, რომ ფიქრები დამირღვიეს, აქამდე შეუცნობელი, ტკბილი, ღრმა ძილიდან გამომაღვიძეს, მივიხედე, მაგრამ რომ შევნიშნე, ვინ მომესალმა, მთლად გავშრი. ჩემი მეგობარი ალფონსი გახლდათ, ოდესღაც ჩემი საყვარელი სკოლის ამხანაგი, ახლა კი პროკურორი. მაშინვე თავში ერთმა აზრმა გამიელვა: ეს კაცი, მეგობრულად რომ მოგესალმა, პირველად არის, რომ ბრძანებლობს შენზე. გაიგებს თუ არა შენს საქციელს, მაშინვე მის ხელთ აღმოჩნდები. რომ იცოდეს, ვინ ხარ და რა ჩაიდინე, გადმოგითრევს ამ ფიაკრიდან, მოგწყვეტს კეთილ, მშვიდობიან ცხოვრებას და რამდენიმე წლით გიბიძგებს წყვდიადი სამყაროსაკენ, გისოსებიანი სარკმელებისაკენ, სიცოცხლის ნარჩენებისაკენ, სხვა ქურდებისაკენ, რომლებიც მხოლოდ სიღატაკემ შერეკა საკნებში. მაგრამ შიშის ჟრუანტელმა მხოლოდ ერთ წუთს გამიჩერა აცახცახებული ხელი, გულის ძგერა, მერე ამ აზრმა, ცეცხლივით რომ აენთო ჩემში, გამიღვივა თავაშვებული, კადნიერი სიამაყე, რომლის სიმაღლიდანაც თავდაჯერებითა და თითქმის დამცინავად ვწონიდი თვალით გარშემო მყოფ ხალხს. როგორ შეგეყინებოდათ ბაგეებზე ღიმილი, ალერსიანი, მეგობრული ღიმილი, ახლა რომ ესალმებით თქვენი წრის ადამიანს; რომ იცოდეთ, ვინ ვარ, ტალახის შხეფივით ჩამოიშორებდით ჩემს სალამს ზიზღნარევი ხელის მოძრაობით, მაგრამ სანამ მე უარმყოფდეთ, მე თვითონ უარგყოფთ თქვენ. დღეს მე გამოვედი თქვენი გაშეშებული სამყაროდან, სადაც დიდი მანქანის უხმაუროდ მოძრავი ბორბალი ვიყავი, გულგრილად რომ ხმაურობს და აჩქარებით ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო. უფსკრულში ისე გადავეშვი, არ ვიცოდი იმისი სიღრმე. მაგრამ ამ ერთადერთ საათში უკეთესად შევიცანი ცხოვრება, ვიდრე იმ წლებში, თქვენს წრეში მინის ძაბრქვეშ რომ გავატარე.

მე უკვე აღარ ვარ თქვენთან, აღარ ვარ თქვენთან, სადღაც თქვენს გარეთ ვარ, უფსკრულის თავზე თუ ფსკერზე, მაგრამ არა თქვენი მეშჩანური სიმშვიდის ნაპირას. პირველად განვიცადე ყველაფერი, რითაც ადამიანი უნდა დასტკბეს სიკეთესა თუ ბოროტებაში, მაგრამ თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებთ, სად ვიყავი, ვერასოდეს ვერ დამეწევით. ადამიანებო, აბა რა იცით თქვენ ჩემი საიდუმლოების?

როგორ გადმოგცეთ ის გრძნობები, რასაც მაშინ განვიცდიდი, როდესაც მე, კოხტად გამოწყობილი ჯენტლმენი, თავაზიანად ვესალმებოდი, ვპასუხობდი სალამზე, მივქროდი ეტლების ტალღაში. მაშინ, როცა წინანდელი გარეგნული იერის ნიღაბქვეშ, ჩვეულებისამებრ, ისევ ვამჩნევდი ნაცნობ სახეებს, ჩემს სულში ისეთი დაუმცხრალი მუსიკა გუგუნებდა, რომ ძლივს ვიკავებდი მოსაწყვეტად გამზადებული მხიარული მუსიკის ბგერებს. ჩემი გული ისე იყო სავსე, რომ ფიზიკურად განვიცდიდი ამას და სუნთქვაშეკრული მჯიღს ვიცემდი მკერდში, რომ დამეცხრო ტკივილი. მაგრამ ვერც ტკივილს, ვერც სიხარულს, ვერც გაოცებასა და ნაღველს ვერ შევიგრძნობდი განსაკუთრებით. ყველაფერი ერთად იყო შერწყმული. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი, რომ ცოცხალი, მგრძნობიარე ადამიანი ვიყავ და ეს უბრალო, თავდაპირველი შეგრძნება, რაც მთელი წლის განმავლობაში არ განმიცდია, მათრობდა. ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში, რაც ამქვეყნად მეცხოვრა, არასოდეს, არც ერთ წუთს ისე არ დავმტკბარვარ ჩემი არსებობით, როგორც მაშინ.

ერთი შეიბორძიკა და ფიაკრი გაჩერდა. მეეტლემ მოსწია ლაგამი, შემოტრიალდა კოფოზე და მკითხა, შინ წაყვანას ხომ არ მიბრძანებთო. გამოვფხიზლდი, მოვათვალიერე ხეივანი და გავშრი, ახლა მივხვდი, რამდენხანს მებორიალა მარტო. ჩამობნელდა. წაბლის ხის კენწეროები ნელ-ნელა ირხეოდა, იმათი სურნელი დაჰკრავდა საღამოს სიგრილეს, მათ უკან ვერცხლისფერდებოდა მცხრალი მთვარე. დრო იყო, დასრულებულიყო ყოველი, არათუ შინ წავსულიყავ, აღარ მინდოდა დავბრუნებოდი ჩემს ჩვეულ სამყაროს. მეეტლეს ანგარიში გავუსწორე. საფულე რომ ამოვიღე და ხელი შევახე ბანკნოტებს, თითქოს სუსტმა ელდენმა დამიარა მაჯიდან თითის წვერებამდე: იქნებ კიდევ დარჩა ჩემში რაღაც წინანდელი ადამიანისა, რომელსაც რცხვენოდა საკუთარი თავისა. ჩემში ისევ გაიღვიძა ჯენტლმენის ჩამკვდარმა სინდისმა, მაგრამ ჩემი ხელი მშვიდად ითვლიდა ბანკნოტებს და მეც გახარებულს არ მიძუნწია. მეეტლემ ისეთი მადლიერი თვალით გადმომხედა, რომ უნებურად გამეღიმა: ერთი ჩემი ამბავი იცოდეს-მეთქი, გავიფიქრე. ცხენები დაიძრა, ეტლი გამშორდა. მე თვალი გავაყოლე, როგორც გემბანიდან მოავლებ ხოლმე გამოსათხოვარ მზერას სანაპიროს, სადაც ბედნიერად გრძნობდი თავს.

ერთ წუთს ვიდექი ფიქრებში დანთქმული. აღარ ვიცოდი, რა მეღონა. ჩემს გარშემო ხალხის ტალღაში მხიარული მუსიკის ბგერები იღვრებოდა. ასე, შვიდი საათი იქნებოდა, და მეც ანგარიშმიუცემლად შევუხვიე ზაჰერგარტენისაკენ, სადაც, ჩვეულებისამებრ, პრატერზე სეირნობის შემდეგ ვვახშმობდი ხოლმე. ეტყობა, სწორედ ამიტომ ჩამომსვა მეეტლემ აქ. ის იყო, მივუახლოვდი მშვენიერი საზაფხულო რესტორნის გისოსებიან ჭიშკარს და სახელურისათვის უნდა ჩამევლო ხელი, რომ რაღაცამ შემაჩერა: არა, არ მინდოდა დავბრუნებულიყავ ჩემს ჩვეულ სამყაროს, არ მინდოდა უბრალო საუბარში დამეხარჯა ის ახალი, გამოუცნობი, რითაც აღსავსე იყო ჩემი სული. არ მინდოდა გამეფანტა ჩემი თავგადასავლის ის ჯადოსნური ძალა, რომლის მბრძანებლობაშიც ვიმყოფებოდი რამდენიმე საათი.

საიდანღაც არეული, მიყრუებული მუსიკის ხმები შემომესმა და მეც უნებურად იქითკენ გავეშურე, რადგან დღეს ყველაფერი მიზიდავდა. ხალისით ვემორჩილებოდი შემთხვევის ნებას და ამ ხალხით სავსე ხეივანში უმიზნოდ ხეტიალში რაღაც საოცარ სილამაზეს ვხედავდი. სისხლი აჩქარებით მიცემდა ადამიანთა ამ ბობოქარ არეულობაში, ყოველი გრძნობა გამძაფრებული მქონდა და გამძაფრებით ვისუნთქავდი ადამიანური სუნთქვის ამ მწვავე, მხუთრიან ჰაერს, მტვერს, ორთქლსა და თამბაქოს სუნს. რადგან ყველაფერი, რაც წინათ, რაც ჯერ კიდევ გუშინ მძაგდა, რაც ვულგარულად, უხამსად, პლებეურად მეჩვენებოდა, რაც მთელი სიცოცხლე მძულდა ნებიერი ჯენტლმენის ამპარტავნობით, ახლა ყველაფერი ეს მიზიდავდა, თითქოს პირველად შევიგრძენი ჩემი სისხლით ნათესაობა ამ ხალხთან, სიახლოვე მათ უხეშ, პირველყოფილ ინსტინქტთან. აქ, ამ ქალაქის ნაძირლებს, ჯარისკაცებს, მსახურებს, მაწანწალებს შორის რაღაც უჩვეულოდ კარგად ვგრძნობდი თავს, რაც თვითონვე ვერ ამეხსნა. ხარბად ვისუნთქავდი ჰაერს. ჭყლეტა და ხელისკვრა მსიამოვნებდა და მოუთმენელის ცნობისმოყვარეობით ველოდი, სად მიმიყვანდა უნებურად შემთხვევა. სულ უფრო ვუახლოვდებოდი სახალხო სეირნობის ადგილს. თანდათან ხმამაღლა ისმოდა დოლისა და საყვირის, გარმონიკის ხმა, ფანატიკური დაჟინებით რომ სწელავდა ყურისწამღებ პოლკასა და მგრგვინავ ვალსს. ბალაგნებიდან ისმოდა ხმაური, ტკაცანი, ხარხარი, მთვრალების ღრიანცელი. ხეებს შორის დროდადრო გაიელვებდა ჩემთვის ბავშვობიდან ნაცნობი კარუსელის კაშკაშა ალი. შუა მოედანზე გავჩერდი, რათა განმეცადა ეს ალიაქოთი, გამეჭედა ყურები, თვალები. ხმაურის ეს ჩანჩქერი, ეს ჯოჯოხეთური სტვენა, ცეკვა მამშვიდებდა, რადგან ამ ქაოსში იგრძნობოდა რაღაც ისეთი, რაც ჩემი სულის ქარიშხალს აცხრობდა. ვუყურებდი, გახამებულკაბებიანი მსახურები სიხარულის წივილ-კივილით როგორ ფრინავდნენ საქანელით, ყასბები ხარხარით როგორ უშვებდნენ მძიმე უროებს ძალმზომებზე, მიმპატიჟებლები მაიმუნური მანჭვა-გრეხვით, ჩახრენწილი ხმებით როგორ ფარავდნენ გარმონის ჭყიპინს და ყველაფერი ეს გრიგალივით ერწყმოდა ცხოვრების ტალღის მჩქეფარე ხმებს, სასულე ორკესტრის გამაბრუებელ გრიგალს, ცეცხლის რაღაც უჩვეულო, სადღესასწაულო გაელვებას. ახლა, როცა მე თვითონ გავიღვიძე, შევიგრძენი სხვისი ცხოვრება, შევიგრძენი აღტკინება ამ აქაფებული, დიდი ქალაქისა, იმ ტალღისა, რომელიც აღგზნებული საკუთარი ხალხმრავლობით ამ კვირადღეს რამდენიმე საათს თავისუფლებას აძლევდა თავის სულმდაბლურ, უხეშ, მაგრამ მაინც ჯანსაღ, ცხოველმყოფელ ინტერესებს. აღგზნებული, გაღიზიანებული ხალხი ყოველის მხრივ გარს მერტყმოდა და ნელ-ნელა მეც გადმომედო იმათი შეუკავებელი მხიარულება. მძაფრი, შეზავებული ჰაერი, ხმების არეული გუგუნი, ყურისწამღები მუსიკა, ყველაფერი ეს, როგორც ყოველთვის მეტისმეტად ძლიერი შეგრძნებების დროს, ნერვებს მიღიზიანებდა და გონებას მიჩლუნგებდა. პირველად იყო, ამდენი ხნის განმავლობაში და მგონი მთელ სიცოცხლეში, შევიგრძენი, ადამიანთა მასა, ხალხი, როგორც ძალა, რომელიც სიცოცხლის უნარს უბრუნებდა ჩემს საკუთარ, განკერძოებულ არსებას. რაღაც კაშხალი გაიხსნა, ცოცხალი ნაკადი აჩქეფდა ჩემსა და გარესამყაროს შორის და მგზნებარე სურვილმა შემიპყრო, დამენგრია უკანასკნელი ჯებირი, რომელიც მისგან მყოფდა. მინდოდა შევერთებოდი იმ თვალით უხილავ, ჩემს გარშემო მობობოქრე, ადამიანების ზღვას. მამაკაცის ვნებიანი სურვილით მივიწევდი ამ ვეებერთელა სხეულისაკენ, ქალის სურვილით ვიტანჯებოდი ალერსის, დაძახების, მოხვევის მოლოდინში. ახლა ვგრძნობდი, რომ განვიცდიდი სიყვარულს, გამაჩნდა სიყვარულის მოთხოვნილება, რაც კარგა ხნის წინათ, სიყმაწვილის ხანაში განვიცადე. ო, ოღონდ კი გამეღწია იქითკენ, ხალხის ტალღის ცოცხალი სხეულისაკენ, შევერთებოდი მის საზღვარგადასულ სიცოცხლის ძალას, ოღონდ ჩემი სისხლი მისი სისხლისათვის შემეერთებინა და თუგინდ არარაობა, მთლად უხერხემლო ინფუზორია გავმხდარიყავ ამ სამყაროს მორევში, მოცახცახე, მანათობელ არსებად ჩემს მსგავს არსებათა მირიადებს შორის; ოღონდ შევრეოდი ამ ხალხმრავლობას, მეტრიალა ამ ჩანჩქერში. ისარივით მოვმწყდარიყავ მოშვილდულ ლარს და თუგინდ შეუმჩნეველი ვყოფილიყავ ადამიანთა ურთიერთობის სამოთხეში.

ახლა ვიცი, მაშინ მთვრალი ვიყავ. სისხლს მიჩქროლებდა კარუსელზე ეჟვნების ჟღარუნი, ქალების ყურისწამღები კისკისი, მამაკაცების ხელი რომ წაეტანებოდათ ხოლმე, ერთმანეთში არეული მუსიკის ხმები, კაბების შრიალი. ყოველი ბგერა იჭრებოდა ჩემში და კვლავ ენთებოდა მწველ ნაპერწკლებად, თითოეული ნერვით შევიგრძნობდი ყოველ შეხებას, ყოველ შემოხედვას (როგორც ზღვის ავადმყოფობას) და ამავე დროს რაღაც საოცარ მთლიანობაში. ძალა არ შემწევს, სიტყვებით გადმოგცეთ ჩემი მაშინდელი მდგომარეობა. იქნებ სჯობდეს, შედარება მოვიყვანო: ისე ვიყავ აღსავსე ხმაურით, შეგრძნებებით, როგორც მანქანა, გააფთრებით რომ ატრიალებს ბორბლებს, რათა თავიდან აიცილოს ის საოცარი ძალა, რომელმაც შეიძლება ერთ წუთში ქვაბი გაუხეთქოს. თითის წვერები მითრთოდა, საფეთქლები მიგუგუნებდა, ყელში სისხლი მაწვებოდა. წლების განმავლობაში ძილის შემდეგ პირდაპირ ბობოქარი ცხოვრების ზღვაში მოვხვდი. ვგრძნობდი, რომ უნდა მოვწყვეტოდი ამ დახშულ წრეს სიტყვით, მზერით, უნდა შევერთებოდი, გავმხდარიყავ ისეთი, როგორიც სხვები იყვნენ, გავთქვეფილიყავ ამ ხალხის ტალღაში, მოტორტმანე, ცოცხალ სტიქიაში. დამემსხვრია დუმილის ჯებირი, რაც მაშორებდა ცოცხალ, მღელვარე ადამიანთა ტალღას. რამდენიმე საათის განმავლობაში არავის არ დავლაპარაკებივარ, არავისთვის ჩამომირთმევია ხელი, არავისთვის შემივლია თვალი მეგობრულად და თანაგრძნობით. ახლა კი აღელვებულს იმით, რაც თავს გადამხდა, აღარ შემეძლო დუმილი არასოდეს, არასოდეს არა მქონია ისეთი მოთხოვნილება ურთიერთობისა. ურთიერთობისა ადამიანებთან, როგორც ახლა, როცა მრავალათასიანი ხალხის ტალღა მიმაქანებდა, როცა შევიგრძნობდი მის სითბოს, მესმოდა მისი საუბარი, მაგრამ მაინც არ ვცხოვრობდი მისი ცხოვრებით. მე ზღვაში წყურვილისაგან დამხრჩვალ კაცსა ვგავდი. ამასთან, ვხედავდი, ის აღრმავებდა ჩემს ტანჯვას, ჩემს გარშემო როგორ იბმებოდა ძაფები, უცხო ხალხი ერთ წამს როგორ ერთიანდებოდა ვერცხლისწყლის ბურთებივით.

შურით შევცქეროდი ყმაწვილკაცებს, რომლებიც გვერდით ჩამივლიდნენ, გამოელაპარაკებოდნენ უცნობ ქალიშვილებს და მაშინვე ხელკავს უკეთებდნენ. ყველანი მიისწრაფოდნენ ერთიმეორისაკენ: საკმარისი იყო ერთმანეთისათვის თვალი შეევლოთ, ან კარუსელთან მისალმებოდნენ, რომ უცხო ადამიანები საუბარს გააბამდნენ, იქნებ იმისათვის, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ ერთმანეთს გაშორებოდნენ, მაგრამ ეს მაინც კავშირი, შეერთება, თანაგრძნობა იყო, ის, რისკენაც მე მივისწრაფოდი მთელი ჩემი არსებით. მაღალი წრის საუბარში გაჩვეული, ყველასათვის საყვარელი მოსაუბრე, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი, სასტუმროების მუდმივი სტუმარი შიშისაგან ვცახცახებდი, მრცხვენოდა გამოვლაპარაკებოდი რომელიმე გავასქელ მსახურს, მეშინოდა მასხარად არ ავეგდე; ის კი არა, თვალებსაც კი ვხრიდი, როცა ვინმე შემთხვევით შემომხედავდა, და ყოველ სიტყვაზე ვიტანჯებოდი. მე თვითონაც არ ვიცოდი, რას მოვითხოვდი ხალხისაგან, მხოლოდ ვეღარ ვიტანდი მარტოობას, ამ მწველ ცახცახს. მაგრამ ყველა თვალს მარიდებდა, არავინ მიყურებდა, თითქოს არც კი ვარსებობდი ამქვეყნად. უცბად ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა ცელქმა, ჩამოგლეჯილ-ჩამოფლეთილმა, ასე თორმეტი წლის ბიჭუნამ. თვალებში ცეცხლი ენთო, ისეთი აღტაცებით შესცქეროდა მბრუნავ ხის ცხენებს, პატარა პირი ნახევრად დაეღო, გეგონებოდათ, წყურვილი კლავსო. ეტყობოდა, ფული აღარა ჰქონდა, კარუსელზე აღარ შეეძლო ტრიალი და ახლა სხვების სიცილითა და ყიჟინით სტკბებოდა. მისკენ გავაღწიე და, - არ ვიცი, ხმა რატომ მიცახცახებდა, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვკითხე; „ხომ არ გინდა კიდევ იტრიალო?“ შეშინებულმა მომაპყრო თვალები. ნეტავ, რატომ შეეშინდა? სახეზე ალმური მოეკიდა და სიტყვა არ უთქვამს, ისე გაიქცა. ფეხშიშველა ბავშვმაც კი არ გამიზიარა თავისი სიხარული. მაშ ჩემში რაღაც საშინელი რამ იმალება, რახან ვერ შევძელი მასთან შერწყმა, და ამ ხალხის სქელ ტალღაში ისე დავცურავდი, როგორც ზეთის წვეთი წყლის ზედაპირზე.

მაგრამ ამან ნირი ვერ შემიცვალა. დიდხანს ვეღარ ვიტანდი მარტოობას. ლაკის ფეხსაცმელები ფეხებს მწვავდა, ყელში მიღიტინებდა მხუთრი და მტვერი. მივიხედ-მოვიხედე გარშემო: მარჯვნივ და მარცხნივ, ხალხის ნაკადში მოჩანდა მწვანე კუნძულები, ღია ცის ქვეშ ტრაქტირები, წითელსუფრაგადაფარებული მაგიდები, შეუღებავი ხის სკამები, სადაც ტოლჩა ლუდს უსხდნენ და სიგარებს აბოლებდნენ ქალაქის ღარიბი ადამიანები.

ამ სურათმა მომხიბლა: თავი შეეყარა უცხო ხალხს და თავისუფლად საუბრობდა. ამ ველური ხმაურისაგან შეიძლებოდა ცოტათი აქ დაგესვენათ. შევჩერდი, ამოვირჩიე მაგიდა, რომელსაც მთელი ოჯახი შემოსხდომოდა: ჩასხმული, მკვრივი ხელოსანი, მისი ცოლი, ორი მხიარული გოგონა და პატარა ბიჭი. მუსიკის ტაქტზე თავს იქნევდნენ, ერთმანეთს ეხუმრებოდნენ. მათი სიცოცხლით სავსე, კმაყოფილი სახეების ცქერა სიმშვიდეს მგვრიდა. თავაზიანად მივესალმე მათ, ხელი შევახე თავისუფალი სკამის ზურგს და ვკითხე, შეიძლება თუ არა, დავჯდე-მეთქი. მაშინვე შეწყვიტეს სიცილი. ერთ წუთს ყველანი გაჩუმდნენ (თითქოს თითოეული ელოდა, რომ მეორე გამოაცხადებდა თანხმობას), მერე ცოტათი შემკრთალმა ქალმა თქვა: - დაბრძანდით! დაბრძანდით!

დავჯექი და მაშინვე ვიგრძენი, რომ ჩემი იქ ყოფნით დავარღვიე იმათი ძალდაუტანებელი მხიარულება, რადგან მაგიდასთან მაშინვე უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

ვერ ვბედავდი მზერა ამერიდებინა უჯრულა წითელი სუფრისათვის, რომელზეც მარილი და წიწაკა იყო მობნეული. ვგრძნობდი, ყველანი განცვიფრებით მათვალიერებდნენ, და მივხვდი, თუმცა ვაი, რომ გვიან, მეტისმეტად მდიდრულად ვიყავი ჩაცმული ამ უბრალო ტრაქტირისათვის: ტანთ კოხტა კოსტიუმი მეცვა, თავზე პარიზული შლიაპა მეხურა და მოლურჯო-მონაცრისფრო ჰალსტუხი მარგალიტის ქინძისთავით მქონდა შებნეული. მივხვდი, რომ ჩემი ჩაცმულობა და გარეგნობა უსაქმურ ფუფუნებაზე მეტყველებდა, და აქაც, ჩემს გარშემო, მტრული, დაბნეული ატმოსფერო შეიქმნა. ხუთი ადამიანის დუმილი თავს თანდათან დაბლა მახრევინებდა და მტანჯველი შეგრძნებით ერთ ადგილას მიჯაჭვული, გააფთრებული, სასოწარკვეთილი ვითვლიდი სუფრის წითელ უჯრებს, ვგრძნობდი, რომ უხერხული იყო წამოდგომა და წასვლა, მაგრამ არც ვაჟკაცობა შემწევდა, იმათთვის თვალი გამესწორებინა. ბოლოს, როგორც იქნა, შვებით ამოვისუნთქე, როცა კელნერმა მოზრდილი ტოლჩით წინ ლუდი დამიდგა. ახლა შემეძლო ხელი მაინც გამენძრია და ლუდის ხვრეპით ტოლჩის ზემოდან ჩუმ-ჩუმად შემევლო თვალი მათთვის. მართლაც, ხუთივენი თვალს მადევნებდნენ სიძულვილით კი არა, მაგრამ უხმო განცვიფრებით. ჩემში უცხო კაცი შეიცნეს, რომელიც მათ მყუდრო ცხოვრებაში შეიჭრა. მათი კლასისათვის დამახასიათებელი გულუბრყვილო ინსტინქტით შეიგრძნეს, რომ მე ჩემი სამყაროსათვის უცხოს ვეძებდი და აქ მუსიკის სიყვარულს, ლუდის სმისა და კვირადღის სასიამოვნოდ გატარების სურვილს კი არ მოვეყვანე, არამედ რაღაც გატაცებას, რაც იმათ არ ესმოდათ და ეშინოდათ, როგორც კარუსელთან მდგომ ბიჭს შეეშინდა ჩემი საჩუქრისა, ისევე, როგორც უნებურად უნდობლობით მერიდებოდნენ კოხტად გამოწყობილ, მაღალი წრის კაცს ათასობით უსახელო არსებანი. მაგრამ მაინც ვგრძნობდი, იმათთვის ერთი უბრალო, უწყინარი, გულთბილი, ჭეშმარიტად ადამიანური სიტყვა რომ მეთქვა, მამა ან დედა მიპასუხებდა, გოგონები ალერსიანად გამიღიმებდნენ, შემეძლებოდა ბიჭუნასთან ერთად იქვე, ტირში წასვლა, სროლა, თამაში. ხუთ-ათიოდე წუთში სულ სხვა ადამიანად გადავიქცეოდი, ჩვეულებრივ, ალალ, თავისუფალ საუბარში იმათ ნდობას მოვიპოვებდი. იქნებ მომეხიბლა კიდეც ისინი, მაგრამ მე ვერ ვპოულობდი ამ უბრალო სიტყვას, ამ მიზეზს საუბარში ჩაბმისა. ცრუ, უაზრო, მაგრამ დაუძლეველი სირცხვილი ყელში ბურთივით გამეჩხირა და ამ უბრალო ადამიანების მაგიდასთან დამნაშავესავით თვალებდახრილი ვიჯექი და გულს მიფლეთდა იმისი ფიქრი, რომ ჩემი ნაღვლიანი მდუმარებით მათ კვირა დღის უკანასკნელი საათი ჩავუმწარე. ეს იყო შურისძიება ყველა იმ წლებისათვის, როცა გულგრილი ამპარტავნობით ჩავუვლიდი ხოლმე ათასობით ასეთ მაგიდას, შეხედვის ღირსადაც არ ვთვლიდი მილიონობით მახლობელს, რომლებიც მხოლოდ წყალობასა და წარმატებას ეძებდნენ ვიწრო, მაღალ წრეში. ახლა როცა თავს განკიცხულად ვგრძნობდი, მე ხალხი მჭირდებოდა, მაგრამ ჩემსა და იმათ შორის უფსკრული იყო, იგი მიჭრიდა ხალხისაკენ მიმავალ გზას. აქამდე თავისუფალი კაცი ვიჯექი, ახლა გულდაფლეთილი, ტანჯული და სუფრაზე წითელ უჯრებს ვითვლიდი, სანამ კვლავ არ მოვიდა კელნერი. ანგარიში გავუსწორე. დავტოვე თითქმის სავსე ტოლჩა და თავაზიანად გამოვეთხოვე სუფრასთან მსხდომთ. იმათაც ასევე თავაზიანად, ოღონდ განცვიფრებით მიპასუხეს. უკან არც კი მომიხედავს, ვიცოდი, რომ ახლა, როგორც კი გავშორდებოდი, როცა განდევნიდნენ უცხო სხეულს, დაუბრუნდებოდათ სიცოცხლე და ხალისი, გულითადი საუბრის წრე კვლავ შეიკვრებოდა.

ახლა უფრო მეტის სიხარულით, გააფთრებითა და თავგანწირულებით შევუერთდი ხალხის მორევს. ხეებქვეშ, შავ სილუეტებად რომ აღმართულიყვნენ ცაში, თხელდებოდა ხალხის ტალღა. გადაკაშკაშებული კარუსელის გარშემო აღარ იყო ისეთი ჭყლეტა და ჯიკავი. ხალხი მიდიოდა მოედნიდან. მრავალხმიანი განუწყვეტელი გუგუნი იყოფოდა მრავალ ცალკეულ ბგერად, რომელსაც იმწუთსავე ნთქავდა ორკესტრის ყურისწამღები გუგუნი, თითქოს გაქცეულთა შეკავებას ლამობსო. შეიცვალა შესახედაობაც ტალღისა; ყმაწვილები საჰაერო ბურთებით ხელში და კანფეტის შეკრულებით, შინ წავიდნენ. თვალს ვეღარ მოჰკრავდით პატივცემულ ოჯახებსაც თავიანთ ბავშვებიანად. ახლა მთვრალების ღრიანცელი აყრუებდა გარემოს. გვერდითი ხეივნიდან ბარბაცით, მაგრამ შემპარავი ნაბიჯებით გამოდიოდნენ ჩამოგლეჯილ-ჩამოფლეთილი ადამიანები. იმ ხანში, რაც მე უცხო მაგიდასთან თითქოს მილურსმული ვიჯექი, ეს თავისებური სამყარო უფრო უხეში, უფრო სულმდაბალი გამხდარიყო. მაგრამ სწორედ ეს ორჭოფული ატმოსფერო, სიფრთხილის შეგრძნებას რომ იწვევდა, უფრო მომწონდა, ვიდრე წინანდელი, სადღესასწაულო, მეშჩანური. მე ვგრძნობდი მასში იმ ნერვიულ დაძაბულობას, უჩვეულო რამეს, იმ წყურვილს, რაც კარგა ხანია მტანჯავდა. ამ მოხეტიალე, საეჭვო საზოგადოებიდან გარიყულ, განკიცხულ ადამიანებში საკუთარი თავის განსახიერებას ვხედავდი: ისინიც ხომ მღელვარე ცნობისმოყვარეობით ელოდნენ თავგადასავალს, მძაფრ განცდებს. მშურდა ამათი, ამ შემთხვევითი ხალხისა, როცა ვუყურებდი, როგორ თავისუფლად, დარწმუნებით დააბიჯებდნენ. ვიდექი სუნთქვაშეკრული, კარუსელის ბოძს მიყრდნობილი და ვცდილობდი, მომეშორებინა დუმილის უღელი, გავქცეოდი მარტოობის სატანჯველს, მაგრამ ძალა არ შემწევდა მოძრაობისა, სიტყვის დაძვრისა. ვიდექი და გავცქეროდი კარუსელის მოციმციმე ალით განათებულ მოედანს, გავცქეროდი წყვდიადს ჩემი სინათლის კუნძულიდან, უაზრო იმედით ვიჭერდი გამვლელთა მზერას, როცა კაშკაშა ფარნების შუქით მოხიბლულნი ერთ წუთს ჩემსკენ მოატრიალებდნენ თავს, მაგრამ ვერავინ მამჩნევდა, არავის ვჭირდებოდი, არავინ არ ცდილობდა ჩემთვის ტანჯვა შეემსუბუქებინა.

ვიცი, სისულელე იქნება იმაზე ფიქრი, რომ შევძლო გიამბოთ ან მით უმეტეს აგიხსნათ, როგორ მოხდა, რომ მე კულტურული, კოხტად გამოწყობილი, მაღალი წრის, ნატიფი გემოვნების, მდიდარი, დამოუკიდებელი, ქალაქის საზოგადოებაში ცნობილი კაცი მთელი საათი ვიდექი იმ საღამოს მბრუნავ კარუსელთან, ნაწყვეტ-ნაწყვეტი პოლკისა და ჟღრიალა ვალსის ხმებზე წინ ოცჯერ, ორმოცჯერ, ასჯერ ჩამიქროლეს შეღებილი ხის ცხენების სულელურმა თავებმა, მაგრამ რაღაც ჯადოსნური სურვილით ატანილი - ბედი დამემორჩილებინა ნებისყოფისათვის - ადგილიდან არ ვიძროდი. ვიცი, სულელურად ვიქცეოდი, მაგრამ ამ სულელურ თავქარიანობაში იყო ისეთი გრძნობათა მოზღვავება, ყოველი კუნთის ისეთი დაძაბულობა, რასაც განიცდიან ადამიანები უფსკრულში ჩავარდნისას, სიკვდილამდე. მთელი ჩემი უქმად გატარებული ცხოვრება უცბად უკან დამრჩა, მომყირჭდა, და რამდენადაც მტანჯავდა ჩემი ჯიუტი უძრაობა, განუსჯელი იმედი, რომ ვიღაცის სიტყვა გამათავისუფლებდა, იმდენად მეტ ნეტარებას განმაცდევინებდა ჩემი ტანჯვა. ბოძთან ასე დგომით მინდოდა გამომესყიდა არა იმდენად ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაული - ქურდობა, რამდენადაც გულგრილობა, არარაობა ჩემი წინანდელი ცხოვრებისა და საკუთარ თავს შევფიცე, არ წავსულიყავ აქედან, სანამ არ მენიშნებოდა, რომ ბედმა ნებაზე მიმიშვა.

ამასობაში ღამეც ჩამოწვა, სინათლეები ჰქრებოდა ხან ერთ, ხან მეორე ბალაგანში და ადიდებულ მდინარესავით სინათლის ლაქას სტოვებდა ბალახზე. ათრთოლებულმა დავხედე საათს. თანდათან უდაბურდებოდა განათებული კუნძული, რომელზეც მე ვიდექი. კიდევ თხუთმეტი წუთი და გაქვავებული ცხენები შეწყვეტდნენ ტრიალს, წითელი და მწვანე ნათურები მათ სულელურ შუბლებზე ჩაქრებოდნენ და დადუმდებოდა მუსიკა. მაშინ ყველასაგან განკიცხული და მარტოდმარტო მიტოვებული დავრჩებოდი წყვდიადში, წყნარად მოშრიალე ღამეში. თანდათან აღშფოთებით გავცქეროდი ჩაბნელებულ მოედანს, რომელზეც კანტიკუნტად აჩქარებით ჩაივლიდნენ ხოლმე დაგვიანებული წყვილები, ან ბორძიკ-ბორძიკით შეზარხოშებული ყმაწვილები. მაგრამ მოედანს იქით, სიბნელეში, ჩემს მახლობლად, კვლავ თრთოდა იდუმალი და ამაღელვებელი სიცოცხლე. დროდადრო ჩამვლელები ჩერდებოდნენ ნელ სტვენასა და ენის წკლაპუნზე. მერე სიბნელეში შეუხვევდნენ და იქიდან ისმოდა ჩურჩული, ქალის დახშული ხმები. ზოგჯერ ქარს მოჰქონდა ხარხარი. ხან აქ, ხან იქ, მკრთალად განათებული მოედნის ნაპირას გამოჩნდებოდნენ ადამიანთა ფიგურები, რომლებიც მაშინვე ჰქრებოდნენ და ფარნის მკრთალ შუქზე გაიელვებდა პოლიციელის წოპწოპა ჩაჩქანი. მაგრამ როგორც კი ის გაქრებოდა, მოჩვენებათა ჩრდილები კვლავ გამოჩნდებოდა, ისე ახლოს მოდიოდნენ სინათლისაკენ, უკვე მთლად ვხედავდი მათ აჩრდილებს. ესენი გახლდნენ ყველაზე უკანასკნელი ნაძირალნი ამ ღამის სამყაროში, ხალხის ტალღის მიერ დატოვებული ტალახი: ყველაზე ღატაკი და საცოდავი მეძავნი, რომელთაც საკუთარი კუთხეც კი არ გააჩნდათ, დღისით სადღაც იატაკზე, ლეიბებზე ეძინათ, ღამღამობით კი შიმშილისაგან, ან ვიღაც არამზადებისაგან შეწუხებულნი გათენებამდე დაბორიალობდნენ. აქ, სიბნელეში, წვრილ ვერცხლის ხურდაზე სთავაზობდნენ ყოველ მსურველს თავიანთ გათელილ, შეგინებულ, ძალაგამოცლილ სხეულს და პოლიციისაგან დევნილნი, შიშითა და ძრწოლით პირუტყვივით უდარაჯებდნენ თავიანთ მსხვერპლს. მშიერ ძაღლებივით გამოეფინნენ სინათლეზე და დაგვიანებულ გამვლელებს დაუწყეს ძებნა, რომ ერთი-ორი კრონი დაეცინცლათ მათთვის, გლინტვაინი გადაეკრათ, რათა არ ჩაქრობოდათ სიცოცხლის მკრთალად მოციმციმე შუქი, რომელსაც ისედაც ჩაქრობა ელოდა საავადმყოფოში ან საპყრობილეში.

ენით გამოუთქმელი შეძრწუნებით გავცქეროდი ამ მღვრიე ნალექს, უსაქმო ტალღის გაფანტვის მერე ფსკერზე დარჩენილ ტალახს, მაგრამ ამ შეძრწუნებაშიც რაღაცნაირი სიტკბოება იგრძნობოდა, რადგან ამ ჭუჭყიანი სარკიდანაც შემომცქეროდა დიდი ხნის განცდილი და მივიწყებული რამ. ამ ღრმა ბლანტე ჭაობში გავიარე ოდესღაც, მრავალი წლის წინ, და ახლა ჩემს ცნობიერებაში ისევ გაიელვა ფოსფორული სინათლით.

საოცარია, რა ბევრი რამ გავიგე ამ ფანტასტიკურ ღამეს! მან ჩამომგლიჯა ყოველი საფარველი, გააშიშვლა ყველაზე ბნელი მხარეები ჩემი წარსულისა, ყველაზე იდუმალი აღტყინებანი. ბუნდოვანი მოგონებანი წარმომიდგა შორეული ჭაბუკობის წლებიდან, როცა ჩემი მზერა ხარბი ცნობისმოყვარეობით, შიშითა და მოკრძალებით შეჩერდებოდა ასეთ ქმნილებებზე. მომაგონდა, როგორ ავედი პირველად მოჭრიალე, ხრახნილ კიბეზე და თითქოს ელვამ გაჰკვეთა ღამის ცა, ნათლად დავინახე ყოველი წვრილმანი, დიდი ოლეოგრაფია საწოლის თავზე, კისერზე ჩამოკიდული ხატი და კვლავ სულის ყოველ კუნჭულში ვიგრძენი, როგორც მაშინ, ბუნდოვანი მღელვარება, სიძულვილი და პირველი ბიჭური სიამაყე. კვლავ მთელი არსებით განვიცადე ის შორეული წუთები და თითქოს ბისტი ჩამომეცალა თვალთაგან - როგორ გადმოგცეთ შეგრძნების ეს უსაზღვრო ნათელყოფა? - უცბად მივხვდი, რომ ეს არსებანი მწველ სიბრალულს იწვევდნენ ჩემში, მძაფრ გრძნობებს სიახლოვისა სწორედ იმიტომ, რომ ცხოვრების ნაძირალნი იყვნენ და მე, რომელმაც ახლახან დანაშაული ჩავიდინე, ინსტინქტით რაღაც სიახლოვე ვიგრძენი მათ მშიერ წანწალსა და ჩემს უმიზნო ძიებაში ამ ფანტასტიკურ ღამეს. მივხვდი დანაშაულებრივ მზადყოფნას მათ ყოველ დაძახილზე, ყოველ შემთხვევით სურვილზე. ანდამატური ძალაც იქითკენ მეწეოდა დაჟინებით. საფულე, რომელშიც მოპარული ფული მედო, მკერდს მიწვავდა. ბოლოს და ბოლოს ვიგრძენი ცოცხალი ადამიანების, ადამიანურ არსებათა აქ ყოფნა, რომლებიც მოძრაობდნენ, ლაპარაკობდნენ, ელოდნენ რაღაცას მათ შესაფერისს, იქნებ ჩემგანაც. ადამიანებს მონატრებული მზად ვიყავი ყველაფერი შემეწირა მათთვის, მივხვდი იმასაც, რომ მამაკაცს მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში სისხლის დუღილი უბიძგებს ასეთი არსებებისაკენ, უფრო ხშირად მარტოობის, ხალხისაგან ყრუ კედლით ჩამოშორების შიში, რაც დღეს ვიგრძენი პირველად. მომაგონდა, სულ ბოლოს ანგარიშმიუცემლად როგორ დამეუფლა ამგვარი შეგრძნება. ეს მოხდა ინგლისში, მანჩესტერში, რკინა-ბეტონის ერთ-ერთ ხმაურიან ქალაქში, ხმამაღლა რომ გუგუნებენ მომაჯადოებელი ცის ქვეშ, თითქოს მიწისქვეშა რკინიგზააო, და ადამიანს ცივ სიმარტოვეს აგრძნობინებენ, რისგანაც სისხლი გეყინებათ ძარღვებში. სამი კვირა ვიცხოვრე აქ, ნათესავებში, საღამოობით მარტოდმარტო დავეხეტებოდი ლუდხანებსა და კლუბებში, შევდიოდი სინათლეებით გაჩირაღდნებულ მუსიკჰოლში, რომ თუნდაც სულ უმნიშვნელო, ადამიანური სითბო განმეცადა, დამენახა სხვების მოცინარი სახეები, ჩემს ახლოს თბილი სხეული მეგრძნო. ერთ საღამოს შემხვდა ასეთი არსება. ძლივს მესმოდა მისი მდაბიური ლაპარაკი, მაგრამ უცბად ვიღაცის ოთახში მოვხვდი, ვხედავდი უცხო ადამიანის მოცინარ სახეს. ჩემს მახლობლად მიწიერად მახლობელი, ცოცხალი, თბილი არსება იყო. ცივი, შავი ქალაქი მოულოდნელად გაჰქრა, გაჰქრა ნაღვლიანი, ხალხით გაჭედილი უდაბნო.

შემთხვევით შეხვედრილმა, უცნობმა არსებამ, ქუჩაში რომ იდგა და ყოველ გამვლელს ელოდა, გამათბო, გაალღვო ყინული. კვლავ მსუბუქად ვსუნთქავდი, ცივ საპყრობილეში სიცოცხლემ თბილი სხივები შემოაშუქა. რა ბედნიერებაა, საკუთარ თავში ჩაკეტილი მარტოდმარტო მყოფი კაცისათვის გრძნობდეს, იცოდეს, რომ შიშით ატანილს გააჩნია თავშესაფარი, გააჩნია საყრდენი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს, თუნდაც მას მრავალი ხელი ეტანებოდეს და ჟანგისაგან იყოს შეჭმული. და ეს, სწორედ ეს დამავიწყდა ამ საშინელ მარტოობაში, რაც მტანჯავდა იმ ღამეს. დამავიწყდა, რომ ოდესღაც, უკანასკნელ გზაჯვარედინზე, ყოველთვის მოელოდნენ ეს უკანასკნელნი უკანასკნელთა შორის, რომელნიც მზად იყვნენ, დამორჩილებოდნენ ყოველ ქროლვას, განეცადათ ყოველი ტანჯვა, დაეკმაყოფილებინათ ყოველნაირი ვნება იმ საცოდავი გასამრჯელოსათვის, მეტისმეტად უმნიშვნელოსათვის იმასთან შედარებით, რასაც ისინი სწირავდნენ დიდსულოვნად თავიანთი ადამიანური არსებობისათვის.

ჩემს მახლობლად კვლავ დაიგრიალა მუსიკამ. უკანასკნელად დატრიალდა კარუსელი, რომელიც თავისი უკანასკნელი სინათლეების ფერხულით იჭრებოდა სიბნელეში და გვაუწყებდა კვირადღის დასასრულსა და სამუშაო დღის დაწყებას. მაგრამ უკვე აღარ იყვნენ მსურველნი, ცხენები უმხედრებოდ გააფთრებულნი უვლიდნენ წრეს. დაღლილი მოლარე ხვეტავდა და ითვლიდა დღის მონაგარს. მსახური მომიახლოვდა კავით ხელში, უკანასკნელ წრეს ელოდა, რათა გრუხუნით ჩამოეშვა რკინის დარაბები. მხოლოდ მე, მარტო მე ვიდექი ბოძს მიყრდნობილი და გავცქეროდი დაცარიელებულ მოედანს. სადღაც ღამურებივით გაიელვებდნენ ხოლმე რაღაც ჩრდილები, ჩემსავით მაძებარნი, ჩემსავით მომლოდინენი და მაინც ჩემგან გაუვალი კედლით გაყოფილნი, მაგრამ აი, ერთმა მათგანმა, ეტყობა, შემნიშნა, რადგან ნელ-ნელა მომიახლოვდა. კარგად შევათვალიერე თვალებმოჭუტულმა: პატარა, გვერდმოქცეული ყმაწვილი ქალი, უშლიაპო, უგემოვნო კაბით, რომლის ქვემოდანაც გაცვეთილი, საბრალო ფეხსაცმელი მოუჩანდა; ეტყობოდა, მეძველმანისაგან შეძენილი მთელი ეს მორთულობა გამოხუნებოდა, წვიმაში თუ ღია ცის ქვეშ ჭუჭყიან თავგადასავლისას მოჭმუჭნოდა. სულ ახლოს მომეპარა, ანკესივით მბურღავი მზერა მომაპყრო და გამომწვევი ღიმილით გამოაჩინა ჩამპალი კბილები. სუნთქვა შემეკრა. აღარც განძრევა შემეძლო, არც იმისი ცქერა, არც წასვლა. ვიცოდი, ჩემს გარშემო ადამიანი დაბორიალობდა, რომელიც რაღაცას ელოდა ჩემგან, მე ვჭირდებოდი და მხოლოდ ერთი სიტყვა, ერთი მოძრაობა იყო საჭირო, რომ მომეშორებინა ეს მტანჯველი მარტოობა, აუტანელი შეგრძნება განკიცხულობისა, მაგრამ გაბრუებული, ხესავით გაუნძრევლად ვიდექი. ბოძს მიყრდნობილი. ამასობაში მუსიკის უკანასკნელი ბგერები მიწყდა და რაღაც ტკბილი, ბუნდოვანი გრძნობით შევიგრძნობდი მის ახლოს ყოფნას, ნებას, რომელმაც დამიმორჩილა. ერთ წუთს თვალი დავხუჭე, რათა მთელი არსებით შემეგრძნო, ბნელი სამყაროდან მაგნიტივით როგორ მიზიდავდა ეს არსება.

კარუსელი გაჩერდა. ვალსის მელოდია მიწყდა უკანასკნელ მკვნესარ ბგერაზე. თვალები გავახილე და ისღა შევნიშნე, ჩემს გვერდით მდგომი ქალი როგორ შეტრიალდა. ეტყობოდა, მობეზრდა ხის კერპის გვერდით დგომა და ლოდინი, შემეშინდა, უცბად შემაჟრჟოლა. რათ გავაქციე ამ ფანტასტიკურ ღამეს ეს ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ მიფრთხოდა? ჩემს ზურგსუკან ჩაქრა სინათლეები, გრუხუნით, ჭრიალით დაეშვა დარაბები, ის იყო დასრულდა...

უცბად, - მაგრამ როგორღა აღვუწერო საკუთარ თავს ჩემი ალმურმოდებული, ტანჯული სახე, - ისეთი ტანჯვა შევიგრძენი, თითქოს გულის არტერია გამიწყდა, ცხელმა, წითელმა სისხლმა იჩქეფა და მე, ზვიად, ამპარტავან, ცივი სიმშვიდით საკუთარ თავში ჩაკეტილ მაღალი წრის კაცს, აღმომხდა, როგორც ჩუმი ლოცვა, ცახცახი, როგორც განწირულობის ყვირილი, ბავშვური, მაგრამ მაინც მგზნებარე სურვილი, რომ ამ საცოდავ, ჭუჭყიან, ყმაწვილ მეძავ ქალს ერთხელ კიდევ მოეხედა და საბაბი მოეცა გამოლაპარაკებისა. თუმცა მის უკან გაყოლას სიამაყე კი არ მიშლიდა, - არა, ჩემი სიამაყე გათელილი, მიწასთან გასწორებული იყო, - უძლურება და უმწეობა. ამგვარად, ვიდექი აცახცახებული და დაბნეული. მარტოდმარტო, სიბნელის სამარცხვინო ბოძთან და ველოდი, ისე, როგორც არ მილოდნია ჭაბუკობაში, როცა ერთხელ საღამოთი ფანჯარასთან ვიდექი და უცხო ქალი აუჩქარებლად იხდიდა ტანთ, აინუნშიაც კი არ აგდებდა, რომ უცქეროდნენ. მე შევღაღადე უფალს ჩემთვის უცხო ხმით, რომ ამ მახინჯ, ყოველ ქმნილებათა შორის შესაბრალის არსებას ისევ გაემეორებინა თავისი ცდა, ისევ მოეხედა ჩემკენ.

იგი მოტრიალდა, ერთხელ კიდევ შემომხედა ანგარიშმიუცემლად, მაგრამ ჩემს დაძაბულ მზერაში, ეტყობოდა, ძახილი შეიცნო, რადგან შეჩერდა და დამელოდა. ნახევრად შემოტრიალდა ჩემსკენ, შემომხედა და თავის ქნევით ხეების ჩრდილქვეშ მანიშნა. ახლა, როგორც იქნა, გამოვფხიზლდი მომაკვდინებელი გარინდებისაგან, დამიბრუნდა მოძრაობის უნარი და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

მოხდა უხმო შეთანხმება. იგი წავიდა ნახევრად ჩაბნელებული მოედნისაკენ, თან დროდადრო ჩემკენ იხედებოდა, უკან მომდევს თუ არაო. მე მივყვებოდი. ფეხები თითქოს ტყვიისაგან მქონდა ჩამოსხმული. მაგრამ ჯერ კიდევ შემეძლო გადადგმა. დაუძლეველი ძალა წინ მიბიძგებდა. ჩემი ნებით კი არ მივდიოდი, თითქოს კვალდაკვალ მივდევდი უხილავ თოკზე გამობმული. ხეივნის სიბნელეში, ბალაგანებს შორის ნაბიჯებს უკლო. მე გავუსწორდი.

რამდენიმე წუთს გამომცდელად და უნდობლად შემომცქეროდა, რაღაც აკრთობდა; ჩემი უცნაური საქციელი, ჩემი მოხდენილი ჩაცმულობა, ესოდენ შეუფერებელი ამ ადგილსამყოფილისათვის, მას საეჭვოდ ეჩვენებოდა. ურწმუნოდ იცქირებოდა აქეთ-იქით, თითქოს ყოყმანობსო. მერე ხეივნის შუაგული მიჩვენა, სადაც ისეთი წყვდიადი იდგა, როგორც მაღაროშია ხოლმე, და მკითხა: „იქით წავიდეთ, ცირკს უკან მთლად ბნელა“.

კრინტიც ვერ დავძარი. ამ შეხვედრის მომაკვდინებელმა უხეშობამ მთლად გამაშეშა. მინდოდა, ფული ჩამეჩარა ხელში და რაღაც მიზეზით გავქცეულიყავ, თავი დამეძვრინა მისგან, მაგრამ ნებისყოფა აღარ გამაჩნდა. ისეთი გრძნობა მქონდა, როგორც დათოვლილ დაღმართზე ციგით მოსრიალეს დაეუფლება ხოლმე; გული გეყინება შიშისაგან და მაინც ტკბები ჩქარი სრიალით და იმის მაგივრად რომ შეაყენო, რაღაც გამაბრუებელი, მაგრამ შეგნებული აღტაცებით უნებურად მიექანები უფსკრულისაკენ. უკან გამოტრიალება აღარ შემეძლო და როცა იგი ძლიერ ახლოს მოვიდა ჩემთან, ხელკავი გავუკეთე. გამხდარი ხელი ჰქონდა, თითქოს ქალის ხელი კი არა, ავადმყოფი, გაყვითლებული ბავშვის ხელი იყო, და შევიგრძენი იგი თუ არა თხელ სახელოში, სიბრალულით განვიმსჭვალე ამ საცოდავი, გათელილი ცხოვრების გუნდისადმი, რომელიც ამ ღამემ გადმომიგდო, და უნებურად თითებით მოვეფერე ამ სუსტ, ნაზ ძვლებს ისე უანგაროდ და პატივისცემით, როგორც არასოდეს არ შევხებივარ ქალს.

გადავჭერით მკრთალად განათებული ხეივანი და ტყეში შევედით, სადაც ხშირფოთლება ხეების კენწეროები, მჭიდროდ მიკრულნი ერთმანეთს, სულისშემხუთველ, მყრალ სიბნელეს ქმნიდნენ. უცბად შევნიშნე, თუმცა სიბნელეში საგნებს ძლივს ვარჩევდი, რომ ჩემს მკლავზე ჩამოკიდებულმა ქალმა ძალიან ფრთხილად მიიხედა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კიდევ მიიხედა. უცნაური იყო; გონება სრულიად ნათელი მქონდა, როცა გაოგნებული, წინააღმდეგობის გაუწევლად, საეჭვო თავგადასავალს პირისპირ ვხვდებოდი. ფხიზელი მზერით, რომელსაც არაფერი დაემალება, უმცირეს მოძრაობასაც კი ამჩნევს, შევნიშნე, რომ უკან, ზედ ხეივნის პირას, ვიღაცეები ჩრდილში მოძვრებოდნენ ჩვენს უკან და მე წყნარი, მალვით მომავალი ნაბიჯების ხმაც კი გავიგონე. უცბად, როგორც ელვა გაანათებს ხოლმე გარემოს, ვიგრძენი და მივხვდი ყველაფერს: რომ მახეს მიგებდნენ, რომ ამ მეძავი ქალის სუტენერები მოიპარებოდნენ ჩვენს უკან და ქალს სიბნელეში შევყავდი, დათქმულ ადგილას, სადაც იმათი მსხვერპლი გავხდებოდი. რაღაც ზებუნებრივი სიცხადით, ერთ წუთს რომ გაიელვებს ხოლმე სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე, ვხედავდი ყველაფერს, ვწონიდი ყოველ შესაძლებლობას. ჯერ კიდევ დრო იყო, თავისთვის მეშველა. ეტყობოდა, ქუჩა ახლოს იყო, ტრამვაის რახრახი ისმოდა. საკმარისი იყო დამეყვირა, ან დამესტვინა, მაშინვე ხალხი მოცვივდებოდა. ნათლად წარმომიდგა თვალწინ ჩემი გაქცევის, ხსნის სურათი.

მაგრამ საოცარი იყო, ამ საფრთხის შეგრძნებამ გონს მაინც ვერ მომიყვანა, პირიქით, კიდევ უფრო ამანთო. ახლა, ნათელ წუთებში, შემოდგომის ამ კაშკაშა დღეს, მე თვითონაც არ მესმის, რატომ ვიქცეოდი ასე სულელურად. მთელი ჩემი არსებით შევიგრძნობდი, რომ სულელურად ვიგდებდი თავს საფრთხეში, მაგრამ ამ წინასწარ სიამოვნების განცდაში იმალებოდა რაღაც მაცდური განუსჯელობა. წინასწარ ვხედავდი რაღაც საშინელებას, იქნებ სიკვდილის საფრთხესაც, ვცახცახებდი ამ საშინელების გაფიქრებაზე, ვიცოდი, რომ ბოროტება, სულმდაბლური, ჭუჭყიანი თავგადასავალი მელოდა, მაგრამ ჩემს ახალ, შეუცნობელ და სიცოცხლით მოულოდნელ დათრობაში თვით სიკვდილიც კი რაღაც ნაღვლიან ცნობისმოყვარეობას იწვევდა. არ ვიცი, სირცხვილი თუ შიში იმისა, რომ სილაჩრე არ შეენიშნათ, თუ ნებისყოფის მოდუნება, არ მაძლევდა უფლებას წასვლისა. გული მიმიწევდა, ჩავყურყუმალებულიყავ ცხოვრების ამ უკანასკნელი გახრწნილების ჭაობში, ამ ერთადერთ დღეს შემეძლო, ქარისათვის გამეტანებინა ჩემი წარსული. რაღაც ავი სულები ჩაერივნენ ჩემს სულმდაბლურ, უხამს თავგადასავალში. თუმცა მთელი ჩემი ნერვებით შევიგრძნობდი საფრთხეს, მთელი ჩემი გრძნობები, გონების ხმა ამას ჩამძახოდა, მაინც ღრმად მივიწევდი ტყისაკენ, მეძავ ქალთან ხელიხელჩავლებული, რომელიც არა თუ მიზიდავდა, მეზიზღებოდა კიდეც, რადგან ვიცოდი, თავის ამფსონებთან მივყავდი. მაგრამ უკან ვეღარ მოვტრიალდებოდი. დოღზე ჩადენილი ქურდობის შემდეგ ყოველგვარი დანაშაულისაკენ მიზიდულობის ძალა სულ ქვემოთ და ქვემოთ მეწეოდა. აღარაფერს შევიგრძნობდი გარდა ვარდნისა ახალ და ახალ უფსკრულში და იქნებ უკანასკნელშიც - სიკვდილის უფსკრულში.

რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით. ქალი შეჩერდა. კიდევ ურწმუნოდ მიიხედ-მოიხედა გარშემო, მერე თვალებით მომაჩერდა: - რამდენს მიბოძებ?

აი, თურმე რისი გაგების სურვილი ჰკლავდა. ეს სულ გადამავიწყდა, მაგრამ მისმა შეკითხვამაც ვერ გამომაფხიზლა. პირიქით, მე ხომ მხოლოდ ერთი რამ მსურდა: მეჩუქებინა, მიმეცა, გამენადგურებინა საკუთარი თავი.

ხელი ჩავიყავი ჯიბეში და გამოწვდილ ხელისგულზე დავუყარე ვერცხლის ფულები და რამდენიმე დაჭმუჭნილი ბანკნოტი. აქ რაღაც ისეთი განსაცვიფრებელი რამ მოხდა, ახლაც სითბოს მიღვრის გულში, როცა ამას ვიგონებ. ვინ იცის, იქნებ ეს საცოდავი ქალი შეაკრთო ამდენმა ფულმა, ჩვეულებისამებრ, თავისი ჭუჭყიანი სამსახურისათვის მხოლოდ გროშებს იღებდა, თუ განაცვიფრა იმან, როგორ გახარებულმა მივეცი ეს ფული, უკან დაიხია და მყრალ წყვდიადში ვიგრძენი, მისი განცვიფრებული მზერა ჩემსას ეძებდა. ბოლოს და ბოლოს, ვიგრძენი ის, რაც მთელი სიცოცხლე მწყუროდა: ვიღაც მეკითხებოდა, ელოდა ჩემს პასუხს, ამ ქვეყანაზე პირველად ხედავდნენ ჩემში ცოცხალ ადამიანს. და სწორედ იმან, რომ ამ განკიცხულმა, უბედურმა არსებამ პირუტყვივით შემომთავაზა თავისი საცოდავი, გათელილი სხეული, ისე, რომ არც კი შეუხედავს მყიდველისათვის, თვალები მომაპყრო და ჩემში ადამიანს ეძებდა, - მხოლოდ გააძლიერა ჩემი უცნაური გაბრუება, შეგრძნების სიცხადე ერწყმოდა ბოდვას, ნათელი აზრი გრძნობათა წვას. და აი, ეს ჩემთვის უცხო ქმნილება მომეკრა, მაგრამ ნაყიდი მოვალეობის შესასრულებლად კი არა. მომეჩვენა, რომ ამ მოძრაობაში იგრძნობოდა უანგარო მადლიერება, ქალური სურვილი სიახლოვისა. ფრთხილად წავავლე ხელი მის მკლავს, მის სუსტ, გამხდარ, ბავშვურ მკლავს. გულში ჩავიკარი მისი პატარა, უძლური სხეული და უცბად წარმომიდგა მთელი მისი სიცოცხლე: უცხო, ჭუჭყიანი კუთხე ქალაქის განაპირას, სადაც დილიდან შუადღემდე ეძინა იქვე დაყრილ, ჩამოძენძილ უცხო ბავშვებს შორის, დავინახე, როგორ სცემდა სუტენერი, როგორ მისცვივდნენ მთვრალები სიბნელეში, საავადმყოფოს განყოფილება, სადაც იგი მიიყვანეს, კლინიკის აუდიტორია, სადაც მის ძალღონეგამოცლილ, შიშველ სხეულს სასწავლო ხელსაწყოსავით უჩვენებენ თავხედ ყმაწვილ სტუდენტებს, დასასრულ, სოფელი, მისი სამშობლო, სადაც გადაასახლეს და ძაღლივით ჩაკვდება. უსაზღვრო თანაგრძნობით, სითბოთი, წმინდა სინაზით განვიმსჭვალე მისდამი. ვეფერებოდი და ვეფერებოდი მის გამხდარ, ბავშვურ ხელს, მერე დავიხარე და ვაკოცე განცვიფრებულს.

იმ წუთში ჩემს ზურგსუკან გაისმა შრიალი, ხის ტოტმა გაიტკაცუნა. უკან დავიხიე. აი, უხეში მამაკაცური სიცილი შემომესმა. სწორედ ისე მოხდა, როგორც მოველოდი.

თვალი არ მომიკრავს, მაგრამ ვიცოდი, ვინ იყო ეს ხალხი. გაბრუებული ვიყავ, მაგრამ ერთ წუთსაც კი არ მავიწყდებოდა, რომ მომდევდნენ, ის კი არა, დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით ველოდი მათ. ბუჩქებიდან გამოიძურწა ადამიანის ფიგურა. მას მოჰყვა მეორე. თავხედური ქცევის, თავზეხელაღებული ახალგაზრდები იყვნენ. კვლავ გაისმა უტიფარი ხარხარი: „რა საზიზღრობაა ასეთი ღორობა! რაღა თქმა უნდა, კეთილშობილი ბატონია! მაგრამ ახლა კი გაება!

ადგილიდან არ ვიძვროდი, სისხლი მაწვებოდა საფეთქლებში. შიშს სულაც არ ვგრძნობდი, მხოლოდ იმას ველოდი, რა მოხდებოდა. ბოლოს მეც აღმოვჩნდი სიმდაბლის ფსკერზე. ამას უნდა მოჰყოლოდა კატასტროფა, აფეთქება, დასასრული, რომლისაკენაც ქვეცნობიერად მივექანებოდი.

იმათ მოახლოებაზე ქალი ხელიდან გამისხლტა, მაგრამ მათკენ არ წასულა. იგი ჩვენს შორის იდგა. ეტყობოდა, ეს წინასწარ მოწყობილი თავდასხმა არცთუ მთლად მოსწონდა. ყმაწვილები კი ბრაზობდნენ, რომ მე ვიდექი და ვდუმდი. ერთმანეთს გადახედავდნენ ხოლმე, ალბათ ეგონათ, წინააღმდეგობას გავუწევდი, ან შემეშინდებოდა და თხოვნას დავუწყებდი.

- ერთი ამას დამიხედეთ, როგორ კრინტს არა სძრავს! - დამიღრიალა ერთმა მუქარით.

- განყოფილებაში გამომყევით!

მე მაინც არაფერი მიპასუხნია. მაშინ ერთმა მხარზე ხელი დამადო და მსუბუქად მიბიძგა წინ.

- იარ! - თქვა მან.

წინააღმდეგობის გაწევა არც კი მიცდია, გავყევი. ნათლად შევიგრძენი უხეშობა, უხამსობა ამ საშიში თავგადასავლისა. ჩემი ტვინი ფხიზლად მუშაობდა. ვიცოდი, ამ ყმაწვილებს ჩემზე უფრო ეშინოდათ პოლიციისა და შემეძლო თავი გამომესყიდა რამდენიმე კრონით, მაგრამ მინდოდა ბოლომდე შემესვა ამ საშინელების ფიალა, ვტკბებოდი ჩემი დამამცირებელი მდგომარეობით, რაღაცნაირი ცნობიერი უგონობით. აუჩქარებლად, ანგარიშმიუცემლად წავედი იმ მხარისაკენ, საითკენაც მიბიძგეს.

მაგრამ სწორედ იმან, რომ ასე უხმოდ, მორჩილად გავედი სიბნელიდან სინათლეზე, ეტყობოდა, შეაკრთო ყმაწვილები. რაღაც გადაუჩურჩულეს ერთმანეთს, მერე განზრახ ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი.

- ჯანდაბას ამისი თავი, გაუშვი, - თქვა ერთმა, ყვავილისაგან შეჭმული სახის, ტანდაბალმა ყმაწვილმა, მაგრამ მეორემ მოჩვენებითი სიმკაცრით უპასუხა: - არა, ეგ არ გამოვა! ეგეც ისეთივე ღატაკად უნდა იქცეს, როგორებიც ჩვენა ვართ, რომ ლუკმაპური ენატრებოდეს. ციხეში ჩავსვათ, რათ უნდა გავუშვათ ეგ ვაჟბატონი თავისუფლად?

ყოველ მათ სიტყვაში დაჟინებული თხოვნა იგრძნობოდა, რომ მოვლაპარაკებოდი მათ, დამეწყო ვაჭრობა. დამნაშავეს, რომელიც ჩემში იჯდა, ესმოდა იმ დამნაშავეებისა, ესმოდა, რომ უნდოდათ ჩემი წამება შეშინებით, და რომ მე ვტანჯავდი იმათ ჩემი დამთმობლობით.

ჩვენს შორის უხმო ბრძოლა მიმდინარეობდა. რა უჩვეულო იყო ეს ღამე! სასიკვდილო საფრთხის წინაშე მდგომი, აქ პრატერის ბნელსა და მყრალ უდაბურებაში, არამზადებისა და მეძავების სამყაროში ხელმეორედ, თორმეტი საათის განმავლობაში განვიცდიდი თამაშის დაუცხრომელ აზარტს, მაგრამ ახლა ბეწვზე ეკიდა ჩემი ცხოვრება. და მე ბედის ცდუნებით დამთვრალმა, მთლად დაძაბულმა, ნერვებაცახცახებულმა, ამ ჯადოსნურ თამაშს მივეცი თავი.

- ოჰო, აი, პოლიციელიც, - გაისმა ჩემს ზურგსუკან. - ამ კეთილშობილ ბატონს კარგად არ წაუვა საქმე, ერთ კვირას მაინც მოუწევს გატუცვა ვირის აბანოში.

ამის გაგონებაზე უნდა გავბოროტებულიყავ, მრისხანედ მომესმინა ეს, მაგრამ მის ხმაში ურწმუნო ყოყმანი შევნიშნე. დამშვიდებით მივდიოდი ფარნის შუქზე, სადაც, ასე ოც ნაბიჯზე მართლაც გაიელვა პოლიციელის ჩაჩქანმა. ჩემს უკან ყმაწვილები დადუმდნენ, შევნიშნე, ნელ-ნელა მოდიოდნენ. კიდევ ერთი წუთი და, კარგად ვიცოდი, წარუმატებლობით გააფთრებულები, ლაჩრებივით მიაშურებდნენ სიბნელეს, თავის სამყაროს, და იქნებ შურიც კი ეძიათ იმაზე, უბედურ ქალზე. თამაში დასრულდა: დღეს მეორეჯერ მოვიგე, უცხო, უცნობ ადამიანებს კვლავ მოვპარე თავიანთი მონაგარი. წინ კვლავ ციმციმებდა ფარნის მკრთალი შუქი. შემოვტრიალდი და მხოლოდ ახლა შევათვალიერე ორივეს სახე: მათ მოელვარე თვალებში გაბოროტება და პირქუში სირცხვილი ამოვიკითხე. განადგურებულნი, სასოწარკვეთილნი შეჩერდნენ, მზად იყვნენ, წყვდიადში მიმალულიყვნენ, რადგან დამთავრდა იმათი მბრძანებლობა. ახლა მე კი არ მეშინოდა იმათი, იმათ ეშინოდათ ჩემი.

ამ წუთში თითქოს გულის საკინძე გამეხსნა და გრძნობებმა ცხელ ტალღასავით იჩქეფა. უსაზღვრო, ჭეშმარიტად ძმური სიყვარული დამეუფლა ამ ხალხისადმი. რას მოელოდნენ ჩემგან, გამაძღარი პარაზიტისაგან ეს ნახევრად მშიერი, ჩამოფლეთილი ყმაწვილები! რამდენიმე კრონს, რამდენიმე საცოდავ კრონს. იმათ შეეძლოთ ამ სიბნელეში ხელი წაევლოთ ჩემთვის კისერში, გავეძარცვე, მოვეკალი, მაგრამ ეს არ გააკეთეს და მხოლოდ უგერგილოდ, უსუსურად სცადეს ჩემი შეშინება წვრილი ვერცხლის ფულის გულისათვის, ჯიბეში რომ მიჩხრიალებდა. როგორ გავბედე მე, ქურდმა, რომელმაც ახირების უტიფრობის გამო დანაშაული ჩავიდინე, დამემშვიდებინა საკუთარი თავი. თავს ვიქცევდი, თორემ აბა, როგორ გავბედე ამ საცოდავების დატანჯვა!

არა თუ მებრალებოდა ისინი, მრცხვენოდა კიდეც, რომ ვერთობოდი იმათი შეშინებით, იმათი მოუთმენლობით. საკუთარი თავი ხელში ავიყვანე: ახლა, სწორედ ახლა, განათებულ ქუჩაზე, სადაც აღარ მელოდა საფრთხე, უნდა დამეთმო იმათთვის, შემემსუბუქებინა სასოწარკვეთილების ნაღველი იმათ ბოროტ, მშიერი მზერაში.

სწრაფად მოვტრიალდი და მივედი ერთ-ერთ მათგანთან.

- რატომ უნდა დამაბეზღოთ? - ვუთხარი და თან ვცდილობდი, ისეთი ხმით მელაპარაკა, თითქოს აღარაფრისა მეშინოდა. - თქვენ ამითი რა სარგებელს ნახავთ? იქნებ დამაპატიმრონ, იქნებ არ დამაპატიმრონ. ამითი თქვენ რა გაგიკეთდებათ? რატომ უნდა გამიფუჭოთ ცხოვრება?

შეცბუნებულებმა მოჭუტეს თვალები. ალბათ, ყველაფერს მოელოდნენ, მოელოდნენ ყვირილს, მუქარას, რომ უკმაყოფილო ბუზღუნით, გალახული ძაღლებივით გაქცეულიყვნენ, მაგრამ ასეთ დამყოლ საუბარს კი არა.

ბოლოს ერთმა დაიწყო, მაგრამ მუქარით კი არა, თითქოს ბოდიშს იხდიდა.

- კანონი უნდა დაიცვათ, ჩვენ მხოლოდ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ.

ეს, ეტყობოდა, ასეთი შემთხვევებისათვის დასწავლული ფრაზა იყო, მაგრამ მაინც ყალბად ჟღერდა. ვერც ერთმა ვერ გაბედა ჩემთვის შემოეხედა. იცდიდნენ, და მე ვიცოდი, რასაც ელოდნენ: რომ პატიებას ვთხოვდი და ფულს შევთავაზებდი.

ახლაც მახსოვს ყოველი ის წუთი, მახსოვს ყოველი დაძაბული ნერვი, ყოველი ფიქრი, თავში რომ გამიელვებდა. მახსოვს, რა სურდა პირველად ჩემს ბოროტ ნებას: მელოდინებინა ისინი, კიდევ დიდხანს მეწვალებინა, დავმტკბარიყავი ჩემი მბრძანებლობით მათზე. მაგრამ მაშინვე დავეუფლე საკუთარ თავს, თავის დამამცირებლად ვიფიცებოდი, რადგან ვიცოდი, ბოლოს და ბოლოს უნდა დამეხსნა ისინი შიშისაგან. კომედიის გათამაშება დავიწყე. ვთხოვდი შებრალებას, არ დავებეზღებინე, არ გავეხადე უბედური. დუმდნენ, მაგრამ მე ვხედავდი, როგორ შეკრთნენ ეს უგერგილო მოძალადენი. ბოლოს წარმოვთქვი სიტყვები, რომლებიც ასე დიდი ხანია სწყუროდათ: - მე თქვენ მოგცემთ... ას კრონს.

სამივენი შეკრთნენ და დაბნეულებმა გადახედეს ერთმანეთს. ახლა, როცა ყველაფერი დაკარგული იყო მათთვის, ამდენ ფულს აღარ მოელოდნენ.

ბოლოს ერთი ნაყვავილარი, მოუსვენართვალება ყმაწვილი მოეგო გონს. ორჯერ წამოიწყო ლაპარაკი, მაგრამ ორივეჯერ სიტყვები ყელში გაეჩხირა. ცოტა ხნის შემდეგ თქვა, - მე ვგრძნობდი, როგორც რცხვენოდა: - ორასი კრონი!

- გეყოფათ! - ჩაერია უცბად ქალი. - იმაზეც მადლობა უთხარით, რომ, საერთოდ, რამეს გთავაზობთ. რა დანაშაული ჩაიდინა, ჩემთვის თითიც არ დაუკარებია. ეგ მართლაც ღორობაა და მეტი არაფერი! - იყვირა განრისხებულმა.

გული ამითრთოლდა, ვიღაცას შევებრალე, ვიღაცამ თავი გამოიდო ჩემს დასაცავად. ამ სულმდაბლობასა და მოძალადეობაში გამოაშუქა სიკეთის სხივმა, ბნელმა მისწრაფებამ სამართლიანობისაკენ. რა ბედნიერება იყო, ეს საქციელი როგორ ეხამებოდა ჩემს გულში აღძრულ გრძნობას. არა, აღარ შეიძლებოდა თამაში ამ ხალხთან, აღარ შეიძლებოდა იმათი ტანჯვა შიშით, სირცხვილით: საკმარისი იყო, საკმარისი.

- კარგით! ყაბულსა ვარ ორას კრონზე.

სამივენი დუმდნენ. საფულე ამოვიღე. ძალიან ნელა, არც კი დამიფარავს იმათთვის, ფართოდ გადავხსენი. შეეძლოთ ხელიდან გამოეტაცნათ იგი და სიბნელეში მიმალულიყვნენ. მაგრამ მათ მორცხვად აარიდეს თვალი. ჩემსა და იმათ შორის ბრძოლისა და თამაშის მაგივრად დამყარდა იდუმალი კავშირი, ურთიერთ ნდობა, სხვისი უფლებების აღიარება, სრული ადამიანური ურთიერთობა. ამოვიღე ორი ბანკნოტი მოპარული ფულიდან და ერთ-ერთ მათგანს გავუწოდე.

- გმადლობთ, - თქვა მან უნებურად და მაშინვე გატრიალდა. ეტყობოდა, თვითონვე იგრძნო, რომ სასაცილო იყო მადლობის გადახდა გამოძალული ფულისათვის. მას რცხვენოდა და მისმა სირცხვილმა, - ო, მე ყველაფერს ვგრძნობდი იმ ღამეს, ყოველი მისი მოძრაობა გასაგები ხდებოდა ჩემთვის, - დამანაღვლიანა, არ მსურდა, იმას ჩემი შერცხვენოდა, რადგან არაფრით ვიყავი იმაზე უკეთესი. ისეთივე ქურდი, მშიშარა და უნებისყოფო გახლდით, როგორც ის. მისი დამცირება მტანჯავდა, მინდოდა მისთვის რწმენა დამებრუნებინა, ამიტომ უარვყავ ის მადლობა.

- მე უნდა ვიყო თქვენი მადლიერი, - ვთქვი და მე თვითონვე გამიკვირდა, რა გულწრფელად ჟღერდა ჩემი ხმა. - თქვენ რომ დაგებეზღებინეთ, ხომ დავიღუპებოდი. თავი უნდა მომეკლა და თქვენც ვერას გარგებდით. ასე სჯობს. მე მარჯვნივ წავალ, თქვენ კი სხვა მხარეს გაუხვიეთ. ღამე მშვიდობისა!

ერთ წუთს სამივენი სდუმდნენ, მერე ერთმა თქვა: „ღამე მშვიდობისა“, მერე მეორემ და ბოლოს მეძავმა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩრდილში იმალებოდა. რა ალერსიანად, რა გულწრფელ სურვილსავით ჟღერდა ეს სიტყვები. იმათ ხმაზე ვგრძნობდი, რომ სადღაც სულის სიღრმეში ვუყვარდი მათ და არასოდეს დაივიწყებდნენ ამ საოცარ წუთებს. საავადმყოფოში ან საპყრობილეში მყოფთ იქნებ მოჰგონებოდათ, რომ რაღაც ჩემი დარჩა იმათში, რაღაც ჩემი მივეცი მათ და ამ ნაჩუქარის სიხარული გულს მივსებდა, როგორც არც ერთი ჩემს მიერ განცდილი გრძნობა ცხოვრებაში.

სიბნელეში მარტოკა გავეშურე პრატერის გასასვლელისაკენ. გაჰქრა ჩემი სატანჯველი. აქამდე შეუცნობელი სიხარულით შევიგრძნობდი, რომ მე, კარგა ხნის უკვალოდ დაკარგული ადამიანი ხელახლა შევუერთდი სამყაროს უსაზღვროებას. ასე მეგონა, ყველაფერი ჩემთვის ცოცხლობდა და ჩემი სიცოცხლეც ყველას ეკუთვნოდა. შავ ჩრდილებად შემომჯავროდნენ ხეები, ალერსიანი შრიალით მეგებებოდნენ და მე მიყვარდა ისინი. ვარსკვლავები თავს დამნათოდნენ და ვისუნთქავდი მათ თეთრ სალამს. საიდანღაც სიმღერა ისმოდა და ასე მეგონა, ჩემთვის მღეროდნენ. ახლა, როცა მოვიშორე წარსული, ჩემს გულს რომ ფარავდა, თითქოს ყველაფერი მე მეკუთვნოდა. ყველაფერი მიტაცებდა, რადგან მივხვდი, რომ იმაზე დიდ სიხარულს ვერაფერი მომანიჭებდა ამქვეყნად, როგორც საკუთარი თავის მიცემა სხვისთვის, განიავება. ო, რა მსუბუქად ვგრძნობდი თავს, რომ სხვას სიხარული მივანიჭე და მეც ვხარობდი ამ სიხარულით. საჭიროა მხოლოდ გულის გადახსნა, რომ ადამიანიდან ადამიანისაკენ იდინოს ცოცხალმა ნაკადმა, მაღლიდან იჩქეფოს და აქაფებული სიღრმიდან უსასრულობას შეუერთდეს.

პრატერიდან გამოსასვლელთან, ეტლების გაჩერებასთან, მოვაჭრე ქალი დავინახე, მოღლილს თავი კალათზე დაეხარა, რომელშიც დამპალი ვაშლები და დამტვერილი თაფლის კვერები ეწყო. ვინ იცის, იქნებ დილიდანვე იჯდა აქ მოქანცული, თავის საცოდავ გროშებზე თავდახრილი.

თუ მე ვხარობ, შენც რატომ არ უნდა გაიხარო-მეთქი, - გავიფიქრე. ავიღე პატარა თაფლის კვერი და კალათში ქაღალდის ფული ჩავუდე. ქალმა აჩქარებით მოაგროვა ხურდა, მაგრამ მე გავშორდი და მხოლოდ იმის დანახვა მოვასწარი, განცვიფრებისა და ბედნიერებისაგან როგორ შეკრთა, წელში გასწორდა და ენის ბორძიკით როგორ მითვლიდა მადლობას.

კვერით ხელში მივედი ხელნასთან თავდახრილ, დაღლილ ცხენთან. ცხენმა თავი მოატრიალა და ალერსიანად დაიფრუტუნა. მის ბუნდოვან მზერაში მადლობა ამოვიკითხე, რომ მივუალერსე მის ვარდისფერ ნესტოებს და პური მივეცი. ეს რომ გავაკეთე, უფრო მეტი მომინდა, უფრო დიდი სიხარული განმეცადა. უფრო ძლიერ მეგრძნო, ვერცხლის ფულის, რამდენიმე ჭრელი ქაღალდის წყალობით როგორ შეიძლებოდა გამეფანტა შიში, დარდი მომეკლა, მემხიარულა. რატომ არ არიან აქ მათხოვრები? სად გაქრნენ საჰაერო ბურთებს მონატრული ბავშვები? აგერ მოღუშული, კოჭლი მოხუცი, უკმაყოფილოა, რომ ასე ცოტა ფული იშოვნა ამ გრძელ, ცხელ დღეში, განა შინ არ მიაქვს ერთმანეთს გადაბმული ბურთები? მივედი.

- მომეცით ბურთები!

- თითო ათი ჰელერი ღირს, - უნდობლად მომიგო მან, ალბათ გაუკვირდა, ამ კოხტად გამოწყობილ უსაქმო კაცს ამ შუაღამისას რათ უნდა ეს ბურთებიო.

- სულ მომეცით, - ვუთხარი და გავუწოდე ათი კრონი. მოხუცი შეკრთა, თვალების ხამხამით შემომხედა, მერე აცახცახებული ხელით გამომიწოდა თოკი, რომელზეც ბურთები იყო გამობმული. თითები შევახე თუ არა, ვიგრძენი, ბურთები სჭიმავდნენ თოკს, აწყვეტასა და თავისუფლად ცაში გაფრენას ლამობდნენ. წადით, იფრინეთ, საითაც გნებავთ! გამოვხსენი თოკი, გავუშვი ბურთები, ისინიც უცბად აფრინდნენ მაღლა, გეგონებოდათ, მრავალი ჭრელი მთვარეაო.

ყოველი მხრიდან გამორბოდა ხალხი სიცილით, სიბნელიდან გამოდიოდნენ შეყვარებულთა წყვილები, მეეტლეები მათრახებს ატლაშუნებდნენ, ერთმანეთს გადასძახოდნენ და თითებით უჩვენებდნენ ბურთებს, რომლებიც ხეების კენწეროებს ზემოთ მიფრინავდნენ სახლების სახურავებისაკენ. მხიარულად გასცქეროდნენ ერთმანეთს, ერთობოდნენ ჩემი სულელური თამაშით.

რატომ აქამდე არ ვიცოდი, რა ადვილი და კარგი იყო სიხარულის ჩუქება! ბანკნოტებმა, საფულეში რომ მედო, უცბად კვლავ დამწვა თითები, საჰაერო ბურთებივით მისხლტებოდნენ ხელიდან. იმათაც უნდოდათ გაფრენილიყვნენ ჩემგან უცნობი სამყაროსაკენ. ამოვიღე ლაიოშისათვის მოპარულიცა და ჩემიც, თუმცა სრულებით ვერაფრით ვერ ვარჩევდი ერთმანეთისაგან და არც ვგრძნობდი დანაშაულს, მუჭაში მეჭირა და მზა ვიყავი, მიმეყარა, ვინც კი მოისურვებდა მის აღებას. უცბად მეეზოვე დავინახე, რომელიც გაბრაზებული ხვეტავდა დაცარიელებულ ქვაფენილს, და შევჩერდი. იმას ალბათ ეგონა, მინდოდა მეკითხა, როგორ გავსულიყავი ამა თუ იმ ქუჩაზე, და უსიამოდ მომაპყრო თვალები. მე გავუღიმე და ოცი კრონის ბანკნოტი გავუწოდე. გაოცებულმა შემომხედა, მერე მდუმარედ იდგა და ელოდა, რას მოვთხოვდი. მაგრამ მე გამეცინა, ამ ფულით რაღაც იყიდე-მეთქი შენთვის, და წავედი. სულ აქეთ-იქით ვიყურებოდი, ხომ არავინ მთხოვდა ფულს. რახან არავინ მოდიოდა, მე თვითონ შევთავაზე. ერთი ქაღალდი ვაჩუქე მეძავს, რომელიც გამომელაპარაკა, მეორე - მეფარნეს, ერთი სარდაფში, ღია სარკმელში შევაგდე; ამგვარად, მივდიოდი და უკან ვიტოვებდი განცვიფრებას, მადლობასა და სიხარულის კილვატერს. ბოლოს, დაჭმუჭნილი ქაღალდები ტროტუარზე, ეკლესიის კარიბჭესთან მოვისროლე. სიხარულს მგვრიდა იმის გაფიქრება, რომ ხვალ დილის ლოცვაზე მოსული ვიღაც მოხუცი ქალი იპოვნიდა ამ ას კრონს და მადლს შესწირავდა უფალს, ან განცვიფრდებოდა და გაიხარებდა რომელიმე სტუდენტი, ოსტატი ქალი ან მუშა, როგორც მე განვცვიფრდი და გავიხარე იმ ღამეს, როცა საკუთარი თავი შევიცანი.

ახლა აღარ მახსოვს, სად და როგორ გავფანტე მთელი ქაღალდის ფული. დამხუთრულივით მიბრუოდა თავი და როცა უკანასკნელი ქაღალდის ფული გამიფრინდა, ისე ავმსუბუქდი, თითქოს ფრთები გამომესხა, და ისეთი თავისუფლება ვიგრძენი, როგორიც არასოდეს განმიცდია. თითქოს პირველად ვუყურებდი ქუჩას, ცას, სახლებს, ყველაფერი მესაკუთრისა და თანაზიარის გრძნობას იწვევდა ჩემში. არასოდეს, ყველაზე მწარე წუთებშიაც კი, არ მიგრძვნია ისე მძაფრად, რომ სინამდვილეში ყველაფერი ეს არსებობს, რომ მეც ვცოცხლობ, რომ გარესამყაროს სიცოცხლე და ჩემი სიცოცხლე განუყოფელია, რომ ეს დიადი, ძლიერი ცხოვრება იყო, რომლითაც არასოდეს შემეძლო დავმტკბარიყავ რიგიანად, რასაც მხოლოდ სიყვარულით მიაღწევს ადამიანი და მიაღწევს მხოლოდ ის, ვინც მას მიეცემა.

კვლავ განვიცადე კიდევ ერთი, უკანასკნელი, მძიმე წუთი, როცა ბედნიერებით დამტკბარი ჩემი ოთახის კარს მივუახლოვდი, გასაღები ჭრილში შევყავ და ჩემს წინ გაიღო ბნელი უფსკრული საკუთარი ბინისა. აქ უცბათ შიშმა შემიპყრო, ხომ არ დავუბრუნდებოდი ჩემს ძველ, წინანდელ ცხოვრებას, თუ იმ ადამიანის ბინაში შევიდოდი, რაც აქამდე ვიყავ, თუ მის საწოლში ჩავწვებოდი, თუ კვლავ შევეხებოდი ყველაფერს, რისგანაც იმ ღამემ დიდებულად გამათავისუფლა. არა, არა, ოღონდ კვლავ არ გავმხდარიყავი ის კაცი, რაც ვიყავ, გუშინდელი ჯენტლმენი, წესიერი, უგრძნობელი, ყველასათვის უცხო ამქვეყნად! უმჯობესი იყო, ბოროტებისა და დანაშაულობის მორევში ჩავყურყუმელავებულიყავ, ოღონდ ნამდვილი სიცოცხლე მეგრძნო. დავიღალე, უსაზღვროდ დავიღალე და მაინც მეშინოდა, რომ ძილი მშთანთქავდა და თავისი შავი შლამით წაშლიდა იმ მგზნებარე, მსახვრალ სიცოცხლეს, რაც იმ ღამემ აანთო ჩემს გულში. მეშინოდა, რომ ყოველი განცდილი ფანტასტიკურ სიზმარივით შემთხვევითი და წარმავალი აღმოჩნდებოდა.

მაგრამ დილით, როცა გამომეღვიძა, მხნედ, მკვირცხლად ვიგრძენი თავი, კვლავ იმავე მადლიერებისა და ბედნიერების გრძნობით ვიყავ ანთებული. მას შემდეგ ოთხი თვე გავიდა და ის გაშეშება აღარ მიბრუნდებოდა, კვლავ გამთბარი ვიყავ მაცოცხლებელი სითბოთი. ტკბილი ბურანი იმ დღისა, როცა ფეხქვეშ გამომეცალა ჩემი სამყაროს საფუძველი, და მეტისმეტი სისწრაფით უხილავ სამყაროში ჩავეშვი, საკუთარი სულის სიღრმესთან ერთად ჩავწვდი მთელი ცხოვრების სიღრმეს; ეს ცოცხალი თუმცა ჩაქრა, მაგრამ მე ახლაც ყოველ ჩასუნთქვაზე შევიგრძნობ აჩქარებულ ძგერას ჩემი გულისას და სიხარულით ვხვდები ყოველ ახალ დღეს. ვიცი, სულ სხვა ადამიანი გავხდი, სულ სხვა გრძნობებით, სულ სხვა აღქმითა და ნათელი შეგრძნებით.

რაღა თქმა უნდა, მტკიცებას ვერ მოვყვები, იმაზე უკეთესი გავხდი, ვიდრე ვიყავი-მეთქი, ის კი ვიცი, ბედნიერად ვთვლიდი თავს, რადგან აზრი მიეცა ჩემს უშინაარსო ცხოვრებას, აზრი, რომლისთვისაც სხვა სიტყვა ვეღარ მიპოვნია, თვით ცხოვრებას ვეძახი.

იმ დღიდან აღარაფერს ვუკრძალავ საკუთარ თავს, რადგან ჩემს თავში ჩემი წრის კანონებსა და უფლებებს აღარ აქვს ფასი. არც სხვებისა მრცხვენია და არც საკუთარი თავისა.

ისეთმა სიტყვებმა, როგორიცაა ღირსება, დანაშაული, ბიწიერება, ჩემს თვალში ძალა დაკარგეს, ყალბად ჟღერს და მღელვარების გარეშე არც კი შემიძლია მათი წარმოთქმა. მე ვცოცხლობ, ვემორჩილები ამ ჯადოსნურ ძალას, რომელიც მაშინ პირველად ვიგრძენი. საით მიბიძგებს, ამას არ ვეკითხები საკუთარ თავს, იქნებ ახალი უფსკრულისაკენ, იქითკენ, რასაც სხვები ბიწიერებას ან რაღაც დიდს, ამაღელვებელს უწოდებენ. ეს არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე, რადგან მწამს, ნამდვილ, სიცოცხლეს ის განიცდის, ვინც თავისი ბედის იდუმალებით ცხოვრობს.

მაგრამ არასოდეს, - ამაში დარწმუნებული ვარ, - არასოდეს მყვარებია სიცოცხლე ასე მგზნებარედ. ახლა ვიცი, რომ ყოველი ადამიანი ჩადის დანაშაულს (ერთადერთ დასაშვებ დანაშაულს!), ვინც გულგრილად ჩაუვლის თუგინდ მის ერთ სახეობას. მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი შევიცანი, უსაზღვროდ ბევრი რამ გავიგე: მაღელვებს ვიტრინის წინ შეჩერებული ხარბი თვალი გამვლელისა, აღტაცებას მგვრის ძაღლის მხიარული ხტომა. ყველაფერს ვაქცევდი ყურადღებას, აღარაფერს ვუყურებდი გულგრილად. ყოველდღე, გაზეთს რომ ვკითხულობდი (წინათ მხოლოდ თეატრის რეპერტუარსა და განცხადებებს ვათვალიერებდი აუქციონზე), ათასი მიზეზი მიჩნდებოდა აღელვებისა. წიგნები, რომლებიც წინათ მოსაწყენად მეჩვენებოდა, ახლა მიზიდავდა და რაც ყველაზე უფრო საოცარი იყო, უცბად ვისწავლე ლაპარაკი ხალხთან და არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული მაღალი წრისათვის ჩვეული საუბარი. მსახური, რომელიც შვიდი წელი მემსახურებოდა, ახლა მიზიდავდა და ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე. მეკარემ, წინათ გულგრილად რომ ჩავუვლიდი ხოლმე გვერდით, როგორც მოძრავ ბოძს, მიამბო, გოგონა გარდამეცვალაო. ამან შექსპირის ტრაგედიაზე მეტად ამაღელვა. და ამ გარდაქმნას, - თუმცა საკუთარი თავი რომ არ გამეცა, გარეგნულად წესიერი კაცის მოწყენილობით ვცხოვრობდი, - თანდათან მთლად შევიგრძნობდი.

ზოგიერთები გულთბილობასაც კი იჩენდნენ ჩემდამი. მარტო ამ კვირაში ქუჩაში სამჯერ ამედევნა უცხო ძაღლები. მეგობრებიც გახარებულები მეუბნებოდნენ, თითქოს რაიმე მძიმე ავადმყოფობა გადამეტანოს, გაახალგაზრდავებული გვეჩვენებიო.

გაახალგაზრდავებული? ეს ხომ მხოლოდ მე ვიცი, რომ ახლა ნამდვილ ცხოვრებას ვიწყებ. თუმცა ასეთია ცდუნება. ყოველი ადამიანი ფიქრობს, წარსული მხოლოდ შეცდომა იყო და მოსამზადებელი ხანა და მეც ნათლად მესმის, რომ ჩემის მხრივ დიდი კადნიერება იქნებოდა ამეღო ცივი კალამი ცოცხალ, თბილ ხელში და გამომეყვანა უგრძნობელ ქაღალდზე: მე ნამდვილად ვცხოვრობ. დეე, ეს საკუთარი თავის მოტყუება იყოს, ოღონდ გამაბედნიეროს, სისხლი გამითბოს და თვალები ამიხილოს.

და თუ ახლა ჩემი გარდასახვის საოცრებას აღვწერ, ამას მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებ. მე ხომ ბევრად უფრო მეტი ვიცი, ვიდრე საკუთარმა სიტყვებმა შეიძლება მითხრან. ეს არც ერთი ჩემი მეგობრისთვის არ მიამბნია. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მე მკვდარი ვიყავ და ვერც ვერასოდეს გაიგებდნენ, რომ მკვდრეთით აღვდექი. დეე, განგების ძალით ჩემს გაცოცხლებულ ცხოვრებაში სიკვდილი შემოიჭრას, და ეს ფურცლები სხვას ჩაუვარდეს ხელთ. ამის გაფიქრება ოდნავადაც არ მაშინებს და არც მტანჯავს, რადგან ის, ვისაც არ განუცდია ამგვარი წუთების მომაჯადოებელი ძალა, ვერასოდეს ვერ გაიგებს, ისევე, როგორც ნახევარი წლის წინ ვერ გავიგებდი, რომ რამდენიმე შემთხვევით, ერთი შეხედვით თითქმის ერთმანეთთან დაუკავშირებელ ამბებს ერთ ღამეში შეეძლოთ ჯადოსნური ძალით გაეღვივებინათ ჩამქრალი სიცოცხლე.

ასეთი მკითხველისა არა მრცხვენია, რადგან იმას არ ესმის ჩემი. ის, ვინც ჩასწვდა ყოვლისმომცველი მოვლენების კავშირს, არ განმსჯის, სიამაყეც უცხოა მისთვის. მისი არა მრცხვენია, რადგან ესმის ჩემი. ვინც ერთხელ დაეუფლა საკუთარ თავს, ის არაფერს არ დაჰკარგავს ამქვეყნად და ვინც ერთხელ შეიცნო ადამიანი საკუთარ თავში, იმას ესმის ყველა ადამიანის გულისთქმა.

ტეგები: Qwelly, cvaigi, ლიტერატურა, ნოველები, ცვაიგი

ნახვა: 30

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

Qwelly World

free counters