ოსკარ უაილდი - ერთგული მეგობარი

 

 

1

ერთ დილას ბებერმა წყლის ვირთაგვამ თავი გამოჰყო სოროდან.

თვალები მძივებივით უბრწყინავდა.

ნაცრისფერი ულვაშები გაბურძგნოდა; ხოლო შავი კუდი რეზინის ზონარს მიუგავდა.

გუბურაში პატარა ჭუკები დაცურავდნენ; ყვითლები, ვითარცა კანარის ჩიტები. თეთრად მოქათქათე, წითელფეხება დედა ჭყუმპალაობას ასწავლიდა მათ.

– თუ თავდაყირა დგომა არ ისწავლეთ, არასოდეს მიგიღებენ კარგ საზოგადოებაში. – ეუბნებოდა იგი და ჟამით ჟამამდე თავად უჩვენებდა, თუ როგორ კეთდება ეს.

მაგრამ ჭუკები ყურს არ უგდებდნენ. ისინი ჯერ პაწაწკინტელები იყვნენ და არ ესმოდათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მიღება.

– როგორი ურჩი ბავშვებია! – გაბრაზდა წყლის ვირთაგვა. – მაგათზე ახია დახრჩობა.

– სრულებითაც არა, – მოუჭრა იხვმა, –ყოველი დასაწყისი ძნელია და მშობლებს მოთმინება ჰმართებთ.

– აჰ, მე ხომ არ მესმის დედის გრძნობები. – თქვა წყლის ვირთაგვამ. – მე არ მოვკიდებივარ ოჯახს და, ისე გამოდის, აღარც ვაპირებ გათხოვებას. სიყვარული, რა თქმა უნდა, თავისებურად კარგია; მაგრამ მეგობრობა გაცილებით მაღლა დგას, ხომ მართალია? არაფერია ერთგულ მეგობრობაზე მშვენიერი და ამაღლებული!

– როგორ ფიქრობთ, რა მოეთხოვება ერთგულ მეგობარს? – დაინტერესდა მწვანე ჩიტი, მეკანაფია. იგი მეზობელ ტირიფზე იჯდა და მთელ ამ საუბარს ყურს უგდებდა.

– დიახ, დიახ, რა მოეთხოვება ნეტავ? ისე მწადია ამის გაგება! – თქვა იხვმა. თავად კი გასცურა გუბურის იქითა ნაპირზე, ჩაყვინთა და თავზე დადგა, რათა კარგი მაგალითი მიეცა თავისი ჭუკებისთვის.

– რა სულელური კითხვაა?! – ვეღარ მოითმინა წყლის ვირთაგვამ. – რა თქმა უნდა, ერთგული მეგობარი ჩემი ერთგული უნდა იყოს.

– თქვენ კი რაღას შესთავაზებდით სანაცვლოდ? – ჰკითხა ჩიტმა, შეხტა ვერცხლისფერ ტოტზე, შეიფრთხიალა და დააფათქუნა პაწია ფრთები.

– ვერ გავიგე. – უპასუხა წყლის ვირთაგვამ.

– ნება მიბოძეთ მოგიყვეთ ამის თაობაზე ერთი ამბავი. – თქვა მეკანაფიამ.

– ჩემზეა? – გაუხარდა წყლის ვირთაგვას. – თუ ჩემზეა, სიამოვნებით მოგისმენთ. ვგიჟდები ნატიფ ხელოვნებაზე!

– კი, ეს ამბავი თქვენც გეხებათ. – მიუგო მეკანაფიამ, ჩამოფრინდა ტოტიდან, დასკუპდა ნაპირზე და შეუდგა ამბის მოყოლას ერთგული მეგობრის შესახებ.

 

 

2

«ოდესღაც ამ მხარეში უცხოვრია გადასარევ ყმაწვილს, სახელად ჰანსს.»

«გამოჩენილი ადამიანი იყო?» – ჩაეძია წყლის ვირთაგვა.

«არა» – უპასუხა მეკანაფიამ – «მე მგონი, ის სხვა არაფრით გამოირჩეოდა; მხოლოდ – კეთილი გულით და სასაცილოდ მრგვალი, მხიარული პირისახით.

ცხოვრობდა იგი მარტოხელა თავის პატარა ქოხმახში და ნიადაგ თავის ბაღში ფუსფუსებდა.

მთელ ამ მხარეში არავის ჰქონდა ასეთი მშვენიერი ბაღი. ნახავდით იქ თურქულ მიხაკსაც, ლევკოიონსაც, წიწმატურასაც, ბაიასაც.

მათ მხარს უმშვენებდნენ ვარდები – ალისფერი და ყვითელი; კროკუსები – იასამნისფერი და ოქროსფერი; იები – ლალისფერი და თეთრი.

შადრევანა და მდელოს გულარი, მაიორანი და ველური რეჰანი, ფურისულა და ზამბახი, ნარგიზი და ყაყაჩო ჰყვაოდა და იფურჩქნებოდა ერთმანეთის მიყოლებით.

თვეებს თვეები ცვლიდა, ყვავილებს ყვავილები. ბაღი ყოველთვის თვალს ახარებდა და გამაბრუებელ სურნელს აფრქვევდა.

ბევრი მეგობარი ჰყავდა პატარა ჰანსს, მაგრამ მათ შორის ყველაზე ერთგული მაინც მეწისქვილე ჰიუ გახლდათ. ისე როგორ ჩაუვლიდა მდიდარი მეწისქვილე პატარა ჰანსის ბაღს, რომ არ გადაყუდებულიყო ღობეზე და არ დაეკრიფა ყვავილების თაიგული ან სურნელოვან ბალახთა კონები. ხოლო თუ ხილი იყო მოწეული, მაშინ ქლიავებითა და ალუბლებით გაიტენიდა ხოლმე ჯიბეებს.

ნამდვილ მეგობრებს ყველაფერი საერთო უნდა ჰქონდეთო, იტყოდა. პატარა ჰანსი იღიმებოდა და თავს უქნევდა. ძლიერ ეამაყებოდა ასეთი კეთილშობილური აზრებით აღსავსე მაგობარი. მეზობლებს კი ხანდახან უკვირდათ ხოლმე. მდიდარი მეწისქვილე, ვისაც ექვსი მეწველი ძროხა და ფაფუკბეწვიანი ცხვრის მთელი ფარა დაუდის, ხოლო წისქვილი ასეულობით ტომარა ფქვილითა აქვს გამოტენილი, ჰანსისთვის რატომ ერთხელ არაფერს გაიმეტებსო.

მაგრამ ჰანსი ასეთ მითქმა-მოთქმას ყურს არ უგდებდა. მან არ იცოდა უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე მეწისქვილის შესანიშნავი აზრების მოსმენა მეგობრობის თაობაზე.

ჰოდა პატარა ჰანსი მიწყივ ფუსფუსებდა თავის ბაღში.

გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე იოლად გაჰქონდა თავი. აი ზამთრობით კი უჭირდა ხოლმე. აღარც ყვავილები იყო და აღარც ხილი ბაზარში გასაყიდად.

რა ექნა? ითმენდა სიცივესა და შიმშილს. ხშირად უვახშმოდ წვებოდა დასაძინებლად და სჯერდებოდა მსხლის გამომშრალ ჩირს ან ერთ მუჭა თხილს. თან ზამთარში სულ მარტო რჩებოდა. ამ დროს მეწისქვილე არასოდეს აკითხავდა მას.

«მე არ უნდა ვეწვიო პატარა ჰანსს, სანამ თოვლს არ აიღებს.

– ეუბნებოდა მეწისქვილე ცოლს. – როცა ადამიანს უჭირს, სჯობია მარტო დატოვო და არ შეაწუხო შენი სტუმრობით. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მესმის მეგობრობა და მწამს, რომ მართალიცა ვარ. მოვიცდი გაზაფხულამდე და მაშინ გამოვუვლი. ის ამივსებს კალათას ფურისულებით და ეს მიანიჭებს იმხელა სიხარულს!»

«შენ სულ სხვებზე ფიქრობ, – უპასუხა ცოლმა, ვინც მოხერხებულად იჯდა სავარძელზე, ფიჭვის შეშით გაჩაღებულ ბუხართან. – მხოლოდ სხვებზე! ერთი სიამოვნებაა შენი მოსმენა, როცა მეგობრობაზე მსჯელობ. ჩვენი მღვდელი რო მღვდელია, იმასაც კი არ ეხერხება ასეთი ენამზეობა; თუმცა სამსართულიან სახლში ცხოვრობს, ბეჩა, და ნეკათითს ოქროს ბეჭედი უმშვენებს.»

«არ შეიძლება პატარა ჰანსი აქ მოვიწვიოთ?» – ჰკითხა მეწისქვილეს მისმა უმცროსმა ბიჭუნამ. – თუ ბეჩავ ჰანსს უჭირს, მე ვუწილადებ ჩემს ფაფას და ვაჩვენებ ჩემს თეთრ ბაჭიებს.»

«როგორი ჩურჩუტი ხარ! – დატუქსა მეწისქვილემ. – პირდაპირ არ ვიცი, ღირს კი შენი გაშვება სკოლაში? მაინც ვერაფერს ისწავლი. ჰანსი ჩვენთან რომ მოვიდეს და ნახოს ჩვენი თბილი კერა, მსუყე ვახშამი და წითელი ღვინით სავსე ძვირფასი ხელადა, რა გამოვა აქედან? მას შეშურდება ჩვენი. ხოლო არაფერია ქვეყნად შურზე უარესი. ის ნებისმიერ ადამიანს გააფუჭებს. მე კი არ მინდა, რომ ჰანსი გაფუჭდეს. მე მეგობარი ვარ მისი და სულ ვიზრუნებ მასზე. ეშმაკს არ სძინავს და ბიჭი ემანდ რამე ცთუნებას არ აჰყვეს.

ახლა მეორე მხრიდანაც შევხედოთ საკითხს: ჰანსი ჩვენთან რომ მოვიდეს, მოინდომებდა ცოტაოდენი ფქვილის სესხებას. მე კი ვერ ვასესხებ. ფქვილი ერთია, მეგობრობა – მეორე. ნურვინ გაჰრევთ ერთმანეთსა. ეს ორი სიტყვა სხვადასხვანაირად იწერება და სხვადასხვა რამესაც ნიშნავს. მე მგონი ყველასთვის ნათელია, არა?»

«რა კარგად ლაპარაკობ! – ჩაურთო ცოლმა და დიდი ტოლჩა შემთბარი ბურახით გაიპიპინა. – კინაღამ არ ჩამთვლიმა? ზუსტად ისე, როგორც ეკლესიაში!»

«ქცევით ბევრნი იქცევიან კარგად, – მიუგო მეწისქვილემ, – მაგრამ კარგად ლაპარაკი ცოტა ვინმეს თუ ეხერხება. ასეა, ლაპარაკი ბევრად უფრო ძნელია, ამიტომ – უფრო დასაფასებელიც.»

მეწისქვილემ მკაცრად გადახედა პატარა ბიჭუნას მაგიდის მეორე ბოლოში. ბიჭუნას ისე რცხვენოდა, რომ თავი დახარა, გაწითლდა, ცრემლები გადმოსცვივდა და ღაპა-ღუპით ჩაეწვეთა ჩაიში.

რა ვუყოთ, ვაპატიოთ. ის ჯერ ხომ ასე პატარა იყო?!

– სულ ეს იყო? – იკითხა წყლის ვირთაგვამ.

– რას ამბობ? – უპასუხა მეკანაფიამ. – ეს მხოლოდ დასაწყისია.

– თქვენ, გეტყობათ, ერთობ ჩამორჩენილხართ. – შენიშნა წყლის ვირთაგვამ. – ჩვენს დროში ყოველი წესიერი მთხრობელი იწყებს ბოლოდან, მერეღა გადადის დასაწყისზე და ამთავრებს შუა ნაწილით. ეს უახლესი მეთოდია.

ასე თქვა ერთმა კრიტიკოსმა, ვინც ამ დღეებში ვიღაც ჭაბუკთან ერთად სეირნობდა ჩვენი

გუბურის გარშემო. ის დიდხანს მსჯელობდა ამ თემის ირგვლივ და ნამდვილად არ ცდებოდა, რაღაი ქაჩალი ბრძანდებოდა და ლურჯი სათვალე ცხვირზე ეკეთა. თან საკმარისი იყო ჭაბუკი ოდნავ მაინც შედავებოდა, რომ მაშინვე დაეტუქსა, მიჰქარავო. მაგრამ გთხოვთ განაგრძოთ. მე გაგიჟებამდე მომწონს თქვენი მეწისქვილე. მე ხომ თვითონაც სავსე ვარ ამაღლებულ გრძნობებით და ამიტომ მშვენივრად მესმის მისი.

«ჰოდა – განაგრძო მეკანაფიამ და ფეხი მოინაცვლა – როგორც კი მიიწურა ზამთარი და ყვითლად იფეთქა ვარსკვლავიანმა ფურისულამ, მეწისქვილემ ცოლს განუცხადა, დრო არი პატარა ჰანსი მოვინახულოო.

«შენ ოქროს გული გაქვს! – წამოიძახა ცოლმა. – შენ სულ სხვებზე ფიქრობ! ბარემ კალათაც წაიძღვანიე ყვავილებისთვის.» მეწისქვილემ ქარის წისქვილის ფრთები რკინის მძიმე ჯაჭვით მიაბა კარის სახელურზე და დაეშვა ბორცვიდან კალათით ხელში.

«გამარჯობა, პატარა ჰანს! – მიესალმა მეწისქვილე.

«გაგიმარჯოთ!» – უპასუხა პატარა ჰანსმა. თან ბარზე დაეყრდნო და ყურებამდე გაიღიმა.

«აბა მითხარ, როგორ გაატარე ზამთარი.»

«რა თავაზიანი ხართ, ამას რომ მეკითხებით!» – აღტაცებით წამოიძახა პატარა ჰანსმა. – მართალი გითხრათ, ზოგჯერ მიჭირდა კიდეც. მაგრამ, მადლობა ღმერთს, გაზაფხულდა. ახლა მეც კარგადა ვარ და ჩემი ყვავილებიც».

«ჩვენ კი ზამთარში გახსენებდით ხოლმე, ჰანს. – თქვა მეწისქვილემ. – სულ ვფიქრობდით, როგორა ხარ შენ მანდ.»

«თქვენ ისე მოწყალე ხართ! – მიუგო ჰანსმა. – მე კი, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, ხომ არ დავავიწყდით-მეთქი.»

«შენი გამკვირვებია, ჰანს, – თქვა მეწისქვილემ – მეგობრების დავიწყება სად გაგონილა! მეგობრობა ამითაა ღირსშესანიშნავი. მაგრამ შენ, ვშიშობ, არ გესმის ცხოვრების მთელი პოეზია. რა მაგის პასუხია და როგორ გაფურჩქნულა შენი ფურისულები!»

«მართლაც რომ დიდებულად გაიფურჩქნა. – დაეთანხმა ჰანსი. – გამიმართლა, რომ ასეთი მოსავალი მოვიწიე. ხვალ ან ზეგ ბაზარზე გავიტან, მივყიდი ბურგომისტრის ასულს და იმ ფულით გამოვისყიდი ჩემს ურიკას.»

«გამოვისყიდიო? იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ დააგირავე? აი სისულელე, თუ გინდა!»

«რა გაეწყობა? – მიუგო ჰანსმა – ასე იცის გაჭირვებამ. ზამთარში გამიჭირდა-მეთქი. დრო არი ისეთი. პურის ფული არა მქონდა. მეც ავდექი და ჯერ ჩემი საგარეო ქურთუკის ვერცხლის ღილები დავაგირავე, მერე ვერცხლის ძეწკვი, მერე ჩემი დიდი ჩიბუხი, ბოლოს კი ურიკა. მაგრამ ახლა ყველაფერ ამას გამოვისყიდი.»

«ჰანს, – თქვა მეწისქვილემ – მე გაჩუქებ შენ ჩემს ურიკას! მართალია, ის ცოტა წესრიგში ვერ არი. ერთი გვერდი აღარა აქვს და ბორბლებიც მოერღვა, მაგრამ ჯანდაბას, მაინც გაჩუქებ. მესმის, როგორი ხელგაშლილობაცაა ჩემი მხრიდან. რამდენს გაუკვირდება: რა სისულელეს ჩადის, ურიკას რომ ელევაო. მაგრამ არა უშავს. მე სხვებს როდი ვგავარ. ხელგაშლილობის გარეშე არაა მეგობრობა. მით უმეტეს: მე ჩემთვის უკვე შევიძინე ახალი ურიკა. ასეა, ურიკაზე აღარ იდარდო. ის მე მიჩუქნია.»

«თქვენ მართლა ისე გულუხვი ბრძანდებით!.. – წამოიძახა პატარა ჰანსმა და მისი სასაცილოდ მომრგვალო სახე სიხარულისგან გაბრწყინდა. – მე ფიცარი მაქვს და სულ ადვილად შევაკეთებ.»

«ფიცარიო? – გაუხარდა მეწისქვილეს. – მე სწორედ ფიცარს დავეძებ. ბეღლის სახურავი მაქვს შესაკეთებელი. იქ დიდი ხვრელი გაჩნდა და სასწრაფოდ თუ არ შევაკეთე, მთელი ხორბალი დამიობდება. კარგია, რომ გაგახსენდა ეგ ფიცარი! უბრალოდ, გასაკვირია: როგორ შობს ხოლმე

ერთი კეთილი საქმე მეორეს. მე გაჩუქე ურიკა, შენ კი გადაწყვიტე მაჩუქო ფიცარი. მართალია, ურიკა ბევრად ძვირფასია ფიცარზე, მაგრამ ნამდვილი მეგობრები ამას არ დაგიდევენ. გამოიტანე ბარემ ეგ შენი ფიცარი და დღესვე შევუდგები საქმეს. ხომ იცი, საქმე წინ წაგდებული სჯობია.»

«ახლავე!» – წამოიძახა ჰანსმა, ცქვიტად გაიქცა ქოხისკენ და გამოათრია ფიცარი.

«ჰოო, ფიცარი დიდი ვერაფერი შვილი ყოფილა, პატარაა. – შენიშნა მეწისქვილემ, როცა დაათვალიერა. – მე რომ სახურავს შევაკეთებ, შენი ურიკისთვის აღარაფერი მორჩება. მაგრამ რა ვქნა, ეს უკვე ჩემი ბრალი არაა. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. რაღაი მე ურიკა გაჩუქე, შენ, იმედია, ისურვებ, ბლომად ყვავილები მაჩუქო. აჰა კალათა, გაავსე იგი პირთამდე.»

«პირთამდე?!» – კვნესით აღმოხდა ნირწამხდარ ჰანსს. კალათა ძალიან დიდი იყო. თუ მას პირთამდე აავსებდა, ბაზარზე გასატანად აღარაფერი დარჩებოდა. მას კი ისე ძალიან ეწადა თავისი ვერცხლის ღილების გამოსყიდვა!

«აი ხომ ხედავ? – ეწყინა მეწისქვილეს. – მე გაჩუქე ურიკა და მეგონა, რომ შემეძლო მეთხოვა შენთვის ცოტაოდენი ყვავილები. მეგონა, თუ ნამდვილმა მეგობრობამ არ იცის ზომვა და ანგარიში. შევმცდარვარ, როგორც ჩანს.»

«ჩემო ძვირფასო მეგობარო! ჩემო საუკეთესო მეგობარო! – წამოიძახა პატარა ჰანსმა. – გაზიდეთ თუნდაც ყველა ყვავილი ჩემი ბაღიდან! თქვენი კეთილი აზრები ჩემთვის გაცილებით ძვირფასია რომელიღაც ვერცხლის ღილებზე!»

და ის დატრიალდა, ერთიანად დაკრიფა თავისი საოცარი ფურისულები და პირთამდე გაავსო მეწისქვილის კალათა.

«ნახვამდის, პატარა ჰანს!» – დაემშვიდობა მეწისქვილე და გასწია თავისი ბორცვისკენ ფიცრით მხარზე და დიდი კალათით ხელში.

«ნახვამდის!» – უპასუხა პატარა ჰანსმა და მხიარულად შეუდგა ბარვას. მას ძლიერ უხაროდა ურიკა.

მეორე დღეს, როცა პატარა ჰანსი ცხრატყავას ყლორტებს ფრთხილად ასწორებდა და ფრთებზე აწვენდა, მას მეწისქვილის ძახილი მოესმა. მაშინვე გადმოხტა კიბიდან, მიირბინა ღობესთან და გზას გახედა.

იქ მეწისქვილე იდგა. ზურგზე ფქვილით სავსე უშველებელი ტომარა ეკიდა.

«საყვარელო ჰანს, – უთხრა მეწისქვილემ, – ამ ტომარა ფქვილს ბაზარზე ხომ არ წამიღებ?»

«ოჰ, როგორ ვწუხვარ, – უპასუხა ჰანსმა – მაგრამ, მართალი გითხრათ, დღეს ძალიან დაკავებული ვარ. სუყველა ხვართქლი მაღლა მაქვს ამოსაწევი, ყვავილები – მოსარწყავი და ბალახი – მისაჭრელი.»

«ეს აღარაა მეგობრობა! – მოჭრა მეწისქვილემ. – მე ურიკის ჩუქებას გიპირებ. შენ კი დახმარებაზე უარს მეუბნები.»

«ოჰ, ნუ ამბობთ ასე! – წამოიძახა პატარა ჰანსმა. – მე არაფრისდიდებით არ მინდოდა არამეგობრული საქციელი!»

ეს თქვა, შევარდა ქოხში ქუდისთვის, წამოიკიდა უფროსი მეგობრის საპალნე და დაადგა გზას ბაზრისკენ.

დღე იყო ცხელი, გზა – მტვრიანი. მეექვსე მილზე ჰანსი ისე დაიქანცა, რომ სულის მოსათქმელად ჩამოჯდა. მერე ისევ ძალა მოიკრიბა და გზა განაგრძო. ბოლოს მიაღწია ბაზრამდე. მალე ფქვილიც კარგ ფასად გაყიდა და საჩქაროდ უკანვე გამოსწია.

რას იზამდა, დრო აღარ რჩებოდა. თუ დააყოვნებდა, შებინდდებოდა კიდეც და შესაძლოა გზაზე ყაჩაღებს გადაჰყროდა.

«ძნელი დღე მქონდა. – თქვა ჰანსმა თავის გულში, როცა ლოგინში წვებოდა. – მაგრამ მაინც მიხარია, რომ არ გავაწბილე მეწისქვილე. ასეა თუ ისე, ჩემი საუკეთესო მეგობარია. თან ურიკასაც დამპირდა.»

მეორე დღეს მეწისქვილემ დილაუთენია მოაკითხა ფულისთვის. პატარა ჰანსს ისე ჩასძინებოდა, რომ საწოლში დახვდა მეგობარს.

«დიდი ზარმაცი კი ყოფილხარ. – უსაყვედურა მეწისქვილემ.

– მე ურიკის ჩუქებას გიპირებ; შენ კი, ვფიქრობ, მეტი გულმოდგინება გმართებს. დაუდევრობა დიდი მანკიერებაა. მე არ მინდა უქნარა და ზარმაცი მეგობარი მყავდეს. არ გეწყინოს, რომ ასე გულახდილი ვარ. ასეთ გულახდილობას რა მრჯიდა, მეგობარი რომ არ ვიყო. რა ხეირი მეგობრობისგან, თუ არ იტყვი ყველაფერს, რასაც ფიქრობ. მაამებელი სიტყვებით ყბედობა, პირფერობა და კვერის დაკვრა ყველას შეუძლია. ნამდვილი მეგობარი კი მხოლოდ მწარე სიმართლეს ამბობს და არასოდეს ერიდება წყენინებას. მან იცის, რომ ამით სიკეთეს შვრება.»

«არ გამიბრაზდეთ. – სთხოვა პატარა ჰანსმა, თან თვალებს იფშვნეტდა და საღამისო ჩაჩს იხდიდა. – გუშინ ისე დავიღალე, რომ მომინდა ცოტა ნებივრობა ლოგინში და ჩიტების ჟღურტულით დატკბობა. მე ხომ ყოველთვის უკეთ ვმუშაობ, როცა ჩიტების გალობას მოვუსმენ.»

«რა გაეწყობა; თუ ასეა, მოხარული ვარ. – მიუგო მეწისქვილემ და ზურგზე ხელი მოუტყაპუნა. – მეც ხომ იმის სათქმელად მოვედი, რომ ადგომისთანავე ჩემთან ამოხვიდე წისქვილზე. ბეღლის სახურავია შესაკეთებელი, ვთქვი იმისი არ იყოს.»

საბრალო ჰანსს ტანში გააცია. დღეს უსიკვდილოდ უნდოდა ემუშავა ბაღში. უკვე მესამე დღე იყო, ყვავილები არ მოურწყავს. მაგრამ მეწისქვილეს ვერ გააწბილებდა. ის ხომ ასეთი კეთილი მეგობარი ჰყავდა!

«თუ გეტყვით, რომ დრო არა მაქვს, ძალიან არამეგობრული იქნება?» – ჰკითხა გაუბედავად, გაბზარულ ხმით.

«რასაკვირველია. – უპასუხა მეწისქვილემ. – ძალიან ბევრს, მგონია, არ ვითხოვ შენგან. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაპირებ ურიკის ჩუქებას. მაგრამ რაღაი უარზე ხარ, წავალ და მე თვითონ შევაკეთებ.»

«რაო? რას ამბობთ, როგორ შეიძლება!» – წამოიძახა ჰანსმა. ელვის სისწრაფით წამოხტა ლოგინიდან, ჩაიცვა და გაეშურა ბეღლის შესაკეთებლად.

მუშაობდა მზის ჩასვლამდე. მზის ჩასვლის ჟამს მეწისქვილე მოვიდა ნამუშევრის შესამოწმებლად.

«რაო, ჰანს, როგორაა ჩემი სახურავი?» – იკითხა მხიარულად.

«მზადაა!» – უპასუხა ჰანსმა და დაეშვა კიბეზე.

«ოჰ, არ არსებობს უფრო სასიამოვნო საქმე, ვიდრე სხვისთვის შრომაა!» – თქვა მეწისქვილემ.

«თქვენი მოსმენა ერთი სიამოვნებაა! – უპასუხა ჰანსმა. თან ჩამოჯდა და შუბლიდან ოფლის ღვარი მოიწმინდა. – დიახ, უდიდესი სიამოვნება! მე ალბათ არასოდეს მექნება ასეთი ამაღლებული აზრები.»

«ის დროც მოვა. – დააიმედა მეწისქვილემ. – მთავარია ცდილობდე. ჯერ შენ მეგობრობის პრაქტიკა იცი მხოლოდ. როდისმე თეორიასაც დაეუფლები.»

«თქვენ მართლა ასე ფიქრობთ?» – თვალები გაუბრწყინდა ჰანსს.

«ეჭვიც არ მეპარება. – უპასუხა მეწისქვილემ მთელი დღის მოშიებულ და მისავათებულ მეგობარს. – მაგრამ სახურავი უკვე შეკეთებულია და დროა შინ დაბრუნდე. წესიერად დაისვენე. ხომ იცი, ხვალ ჩემი ცხვარი უნდა წაასხა მთაში.»

საწყალმა პატარა ჰანსმა ვერ გაბედა შეპასუხება და დილაადრიან, როცა მეწისქვილემ ცხვარი მოურეკა ზედ ჭიშკართან, ფარას გაუძღვა მთისკენ.

მთელი დღე დასჭირდა ცხვრის წასხმას იალაღებზე და მორეკვას უკანვე. სახლში ისე დაქანცული შემოვიდა, რომ პირდაპირ სავარძელში ჩამოეძინა. მზე გვარიანად მაღლა იდგა, რომ გამოეღვიძა.

«აი დღეს კი ალალად გავირჯები ჩემს ბაღში!» – დაიფიცა მან და მაშინვე შეუდგა მუშაობას.

მაგრამ სულ ისე გამოდიოდა, რომ ვერ იცლიდა თავისი ყვავილებისთვის. მეგობარი წარამარა აკითხავდა და ხან სად გააგზავნიდა, ხან სად, ხანაც წისქვილზე ამოჰყავდა სამუშაოდ.

პატარა ჰანსს თანდათან სასოწარკვეთილება იპყრობდა. ემანდ ყვავილებს არ ეფიქრათ, რომ პატრონმა მთლად ხელი აიღო. თავს იმითღა ინუგეშებდა, რომ მეწისქვილე მისი საუკეთესო მეგობარია. «ესეც რომ არ იყოს, ის ხომ ურიკის ჩუქებას მიპირებს. – დაუმატებდა ბოლოს. – ეს კი საოცარი გულუხვობაა მისი მხრიდან!»

ასე შრომობდა და ცხოვრობდა პატარა ჰანსი მეწისქვილისთვის. ისიც ლამაზ სიტყვებს არ იშურებდა მეგობრობის შესამკობად. ამ სიტყვებს პატარა ჰანსი უბის წიგნაკში იწერდა და ღამღამობით კითხულობდა, რადგან ბეჯითი მოსწავლე იყო.

ერთხელაც საღამოს, როცა პატარა ჰანსი თავის პატარა ბუხართან იჯდა, კარებში ბრახუნი გაისმა. ყიამეთი ღამე იყო, ქარიშხლიანი. ქარი ისე გრიალებდა და ღმუოდა ირგვლივ, რომ ჰანსს თავიდან კარებზე ბრახუნი ქარის ხმაურად მოეჩვენა. მაგრამ კარებზე ისევ დააბრახუნეს. შემდეგ მესამედაც. ამჯერად კიდევ უფრო ძლიერად.

«ალბათ, მგზავრი თუა, ღია ცის ქვეშ დარჩენილი.» – იფიქრა ჰანსმა და კარებს ეცა.

ზღურბლზე მეწისქვილე იდგა. ერთ ხელში ფარანი ეჭირა, მეორეში კომბალი.

«საყვარელო ჰანს, – დაიწყო მეწისქვილემ, – ცუდი ამბავი დამემართა. ჩემი პატარა ვაჟი კიბიდან გადმოვარდა და დაშავდა. ექიმთან უნდა წავიდე. მაგრამ ექიმი ისე შორს ცხოვრობს, ხოლო ღამე ისე ავდრიანია, რომ სჯობია ისევ შენ წახვიდე. მე ხომ ურიკის ჩუქებას გიპირებ. ამიტომ, საცა სამართალია, პატარა შენც კი უნდა გაისარჯო ჩემთვის.»

«რა თქმა უნდა! – იყვირა პატარა ჰანსმა. – ეს იმხელა პატივია ჩემთვის, პირდაპირ მე რომ მომაკითხეთ! მე ახლავე გავიქცევი ექიმთან. მხოლოდ მათხოვეთ ფარანი. გარეთ ძალიან ბნელა და მეშინია, სადმე თხრილში არ ჩავვარდე.»

«დიდი სიამოვნებით გათხოვებდი, – უპასუხა მეწისქვილემ, – მაგრამ ეს ახალთახალი ფარანია და მეშინია რამე არ მოუვიდეს.»

«არა უშავს, უფარნოდაც იოლად გავალ!» – წამოიძახა პატარა ჰანსმა, გაეხვია დიდ ქურქში, დაიხურა თბილი წითელი ქუდი, მოიხვია ყელზე შარფი და თავი მისცა ქარიშხლიან წკვარამს.

ო, რა საშინლად გუგუნებდა ქარბუქი! ისეთი წკვარამი იდგა, რომ პატარა ჰანსი ვერაფერს არჩევდა თვალწინ. ქარი კი ისეთი ძალით ეხეთქებოდა, რომ თავს ძლივს იმაგრებდა. ბოლოს მეგობრობამ თავისი გაიტანა და სამ საათში მიაღწია კიდეც ექიმის სახლს. კარებზე დააკაკუნა.

«ვინ არი?» – იკითხა ექიმმა და საძინებლის ფანჯრიდან თავი გამოჰყო.

«მე ვარ, ექიმო, პატარა ჰანსი.»

«ჩემგან შენ რა დაგჭირვებია, პატარა ჰანს?»

«მეწისქვილის ბიჭუნა ჩამოვარდა კიბიდან და დაიმტვრა. მეწისქვილე გთხოვს, სასწრაფოდ მომაშუროსო.»

«კეთილი!» – უპასუხა ექიმმა და განკარგულება გასცა. მოართვეს ცხენი, ჩექმები და ფარანი. ექიმი გაეშურა მეწისქვილის სახლისკენ. ჰანსი ფინიასავით უკან აედევნა.

ქარი ძლიერდებოდა. კოკისპირულად წვიმდა. პატარა ჰანსი ვერ ახერხებდა ცხენის მიდევნებას და ალალბედზე მიიკვლევდა გზას. აებნა კიდეც კვალი და თავი ამოჰყო ძალიან საშიშ ჭაობში, სადაც ყოველ ნაბიჯზე ღრმა ორმოები იყო. სწორედ იქ პატარა ჰანსი დაიხრჩო კიდეც.

მეორე დღეს მწყემსებმა იპოვეს პატარა ჰანსი წყლით გაპიპინებულ დიდ ორმოში და ცხედარი მის პატარა ქოხში მიასვენეს.

ყველანი მოვიდნენ პატარა ჰანსის დასაფლავებაზე, რადგანაც ის ყველას უყვარდა. ყველაზე ძალიან კი მაინც მეწისქვილე გლოვობდა.

«მისი საუკეთესო მეგობარი მე ვიყავი. – ამბობდა ის. – ამიტომ, საცა სამართალია, მთავარი ჭირისუფალი მე უნდა ვიყო.»

და მიუძღოდა იგი სამგლოვიარო პროცესიას. გრძელი შავი ლაბადა ეცვა და ჟამით ჟამამდე თვალებს დიდი ცხვირსახოცით იმშრალებდა.

«პატარა ჰანსის სიკვდილი დიდი დანაკარგია ყველა ჩვენგანისთვის!» – თქვა მჭედელმა, როცა დაკრძალვის მერე ყველამ თავი მოიყარა მყუდრო დუქანში. იქ მიირთმევდნენ სურნელოვან ღვინოს და ზედ გემრიელ ღვეზელებს ატანდნენ.

«უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის! – გამოეპასუხა მეწისქვილე. – მე ხომ მას თითქმის ვაჩუქე ჩემი ურიკა. ახლა კი წარმოდგენა არა მაქვს, რა ვუყო მას. სახლში ის მხოლოდ ადგილს იკავებს, სხვა არაფერი. ყიდვითაც არავინ იყიდის, ისეა ღრანჭმოქცეული და დალეწილი. არა, ამიერიდან უფრო წინდახედული ვიქნები. მორჩა, ჩემგან ვერავინ ვეღარაფერს ეღირსება. ხელგაშლილობას ყოველთვის ზარალი მოაქვს!»

 

3

– მერე? მერე რაღა მოხდა? – იკითხა წყლის ვირთაგვამ.

– მორჩა, ეგ იყო. – უპასუხა მეკანაფიამ.

– რა ბედი ეწია მეწისქვილეს?

– წარმოდგენა არა მაქვს. – მიუგო მეკანაფიამ. – მართალი გითხრათ, არც მაინტერესებს.

– ზედვე გეტყობათ, რომ უგულო ვინმე ბრძანდებით. – შენიშნა წყლის ვირთაგვამ.

– ვეჭვობ, ამ მოთხრობის მორალს თქვენ ჩაწვდეთ. – შეაწყვეტინა მეკანაფიამ.

– რაო, რას ჩავწვდე? – ჰკითხა წყლის ვირთაგვამ.

– მორალს.

– აჰა! ამ მოთხრობაში მორალია?

– მაშ? – მიუგო მეკანაფიამ.

– თუ ასეა, – დაიწრიპინა წყლის ვირთაგვამ გაბრაზებით – წინასწარ უნდა გაგეფრთხილებინეთ. მაშინ ხომ ყურს არ დაგიგდებდით და დროს არ დავკარგავდი. მეც იმ კრიტიკოსივით გეტყოდით, მიჰქარავო, და მორჩა. თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც ახლაა გვიან.

და მან მთელი ძალით დაიწრიპინა: «მიჰქარავ!», გაიქნია კუდი და სოროში მიიმალა.

– ერთი ეს მიბრძანეთ, როგორ მოგწონთ, გოგოებო, ეს ვირთაგვა? – იკითხა იხვმა, რომელიც ნაპირისკენ მოცურავდა. – მას, რასაკვირველია, ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ მე სხვა რამეს მოგახსენებთ. ჩემში ისე ძლიერია დედობრივი გრძნობა, რომ თავდაჯერებული შინაბერას დანახვაზე თვალები ცრემლით მევსება.

– მგონია, ცოტა ნაწყენი დამრჩა. – მიუგო მეკანაფიამ. – წარმოგიდგენიათ? მე მას გავუბედე ჭკუის სასწავლებელი ამბის მოყოლა!

– რას ამბობთ, ეს ხომ სახიფათო საქმეა! – კვერი დაუკრა იხვმა.

მეც სავსებით ვეთანხმები მას.

1880 .

 

ტეგები: Qwelly, ნოველები, უაილდი

ნახვა: 102

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცისარტყელა თურქულ არქიტექტურაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2019.
საათი: 10:38pm 0 კომენტარი

      ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა…

გაგრძელება

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters