ვირჯინია ვულფი - ერთად და ცალ-ცალკე

ისინი მისის დელოუეიმ გააცნო ერთმანეთს და დასძინა, ეს კაცი მოგეწონებათო. საუბარი რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო, სანამ ხმას ამოიღებდნენ, რადგან მისტერ სერლი და მისს ანნინგი ცას გასცქეროდნენ და ის, ორივე მათგანს, რაღაც იდუმალსა და მნიშვნელოვანს ანდობდა, თუმცა - თითოეულს განსხვავებულად. მაგრამ, უცებ, მისს ანნინგმა მისტერ სერლი ისე ნათლად იგრძნო თავის გვერდით, რომ ცის დანახვა შეუძლებელი გახდა, უბრალოდ - ცისა, როდერიკ სერლის მაღალი ფიგურის, შავი თვალების, ჭაღარა თმის, გადაჭდობილი ხელების, მშრალი, მელანქოლიური (მას უთხრეს, რომ „ყალბად მელანქოლიური“) სახის თანხლების გარეშე. და რადგან იცოდა როგორი სისულელე იყო ამის თქმა, თავი ვერ შეიკავა არ ეთქვა: - რა მშვენიერი საღამოა!

სისულელე! უსაზღვრო სისულელე! მაგრამ როგორ შეიძლება სულელი არ იყო ორმოცი წლისა და ამ ცის ქვეშ, რომლის წინაშეც ყველაფერი უბადრუკი უაზრობაა, ის და მისტერ სერლი კი - ატომები, მღილები - მისის დელოუეის ფანჯარასთან იდგნენ და მათი სიცოცხლე მთვარის შუქზე ღამის პეპლის სიცოცხლეზე ხანგრძლივი არ იყო.

- ჰო, - თქვა მისს ანნინგმა და დივანს ხელი მრავალმნიშვნელოვნად მოუთათუნა. კაცი გვერდით ჩამოუჯდა. მართლა ისეთი „ყალბად მელანქოლიური“ იყო, როგორც თქვეს? ცისგან შეგულიანებულმა, რომელიც თითქოს ყველაფერს, რასაც ისინი ამბობდნენ და აკეთებდნენ ამაოების ელფერს სძენდა, მან ისევ სრულიად გაცვეთილი რამ თქვა: - ბავშვობაში, როცა კენტერბერნში ვცხოვრობდი, იქ ერთ მისს სერლის ვიცნობდი.

ღამის ცის ხიბლში ჩაძირული მისტერ სერლის თვალწინ მისმა წინაპართა აჩრდილებმა მაშინვე ლურჯ, რომანტიკულ ნათელში გაიელვეს, თვალები გაუფართოვდა, ჩაუბნელდა და თქვა: - ჰო, ჩვენ ნორმანების მოდგმა ვართ, მათი, ვინც დამპყრობელთან ერთად მოვიდნენ. კენტერბერნის ტაძარში ვინმე რიჩარდ სერლია დაკრძალული. ის წვივსაკრავის ორდენის კავალერი იყო.

მისს ანნინგმა იგრძნო, რომ ის, შემთხვევით, ნამდვილ მისტერ სერლის გადააწყდა, კაცს, რომელზეც მეორე, ყალბი სერლი იყო დაშენებული. მთვარის გავლენით (მთვარისა, რომელიც მისთვის მამაკაცური საწყისის სიმბოლო იყო და როცა მას ფანჯრის ჭუჭრუტანიდან უყურებდა, მისს ანნინგი მთვარის სხივებში ყურყუმელაობდა.), მას შეეძლო ეთქვა თითქმის ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა და გადაწყვიტა ამოეთხარა ჭეშმარიტი კაცი იმ ყალბიდან, რომელზეც ის იყო დაშენებული, შესძახა რა თავის თავს: „წინ, წინ სტენლი!“ ეს მისი საბრძოლო ყიჟინა იყო, თავი რომ გაემხნევებინა, ფარული გამხნევება, თუ შოლტი, რასაც, ხანდახან, შუახნის ადამიანები მიმართავენ ხოლმე, გამოუსწორებელი ნაკლი რომ აქვთ. ის კი საშინელი სიმორცხვისგან იტანჯებოდა, უფრო სწორად, - უსაქმურობისგან, რადგან მას იმდენად გაბედულება კი არ აკლდა, რამდენადაც ენერგია, განსაკუთრებით კაცებთან საუბრის დროს, რომლებისაც ეშინოდა და ძალიან ხშირად მისი საუბარი მოსაწყენ ბანალურობაში გადადიოდა. ამის გამო, ძალიან ცოტა კაცი მეგობარი ჰყავდა და, საერთოდაც, ახლო მეგობარი ცოტა მყავსო, გაიფიქრა. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, სჭირდებოდა კი? არა. მას ჰყავდა სარა, არტური, ძაღლი, ჰქონდა სახლი და, რა თქმა უნდა, „ეს,“ ფიქრობდა იგი, როცა მისტერ სერლის გვერდით იჯდა დივანზე და იმავდროულად ბანაობდა, ნეტარებდა „ამაში“ ამ გრძნობაში, რომელიც ყოველთვის მოიცავდა, როცა სახლში ბრუნდებოდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ შინ სასწაული ელოდა. სჯეროდა, რომ სხვებს ეს არ შეიძლებოდა ჰქონოდათ (ვინაიდან მას, მხოლოდ მას ჰყავდა სარა, არტური, ძაღლი, მხოლოდ მას ჰქონდა სახლი). და კვლავ იძირებოდა ფლობის ღრმა განცხრომაში და ესმოდა, რომ „ეს“ და მთვარე (მთვარე ხომ ჯადოსნური მუსიკაა) მისთვის საკმარისია და მას არ სჭირდება ეს კაცი მთელი თავისი სიამაყით სერლების საფლავების გამო. არა! ეს საფრთხის შემცველი იყო. არ შეიძლებოდა გახევებულიყო, თანაც მის ასაკში. „წინ, სტენლი, წინ!“ თავის თავს შეუძახა და კაცს ჰკითხა: - და, თქვენ თვითონ თუ იცნობთ კენტერბერნს?

იცნობს თუ არა კენტერბერნს? მისტერ სერლის გაეღიმა, როცა გაიფიქრა რა სულელური შეკითხვააო - რა ცოტა რამ იცოდა მან, ამ სასიამოვნო, პატარა წყნარმა ქალმა, ჭკვიანმა, კეთილთვალებიანმა, მომხიბლავი ძველებური ყელსაბამი რომ ეკეთა და მრავალ ინსტრუმენტზე უკრავდა - რა ცოტა რამ იცოდა, იმის შესახებ, რასაც ეკითხებოდა. კენტერბერნს თუ იცნობო! მაშინ, როცა მისი სიცოცხლის საუკეთესო წლები, მთელი მისი მოგონებები, ის, რისი მოყოლაც ვერასდროს შეძლო, რისი დაწერაც სცადა (და მან ამოისუნთქა) ყველაფერი, ყველაფერი კენტერბერნს უკავშირდებოდა - გაგეცინება პირდაპირ.

მისი ამოსუნთქვა და შემდეგ ღიმილი, მისი მელანქოლია და იუმორი ადამიანებს მოსწონდათ და მან ეს იცოდა, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ მოსწონდათ, დარდს ვერ უქარვებდა, თუმცა საყოველთაო კეთილგანწყობით სარგებლობდა (თანამგრძნობ ქალებს დიდი ხნით, ძალიან დიდი ხნით ესტუმრებოდა ხოლმე), მაგრამ ტკივილს სულ თან დაატარებდა - იმიტომ რომ იმის მეათედსაც ვერ მიაღწია, რისი მიღწევაც შეეძლო, რაზეც ოდესღაც, ბავშვობისას კენტერბერნში ოცნებობდა. ახალგაცნობილთან გამოცოცხლდებოდა ხოლმე, უცხომ ხომ მისი აუხდენელი ოცნებების შესახებ არაფერი იცოდა და მოიხიბლებოდა რა მისით, ყველაფრის თავიდან დაწყების უფლებას აძლევდა - და ეს ორმოცდაათი წლის ასაკში! ქალი წყაროს გადააწყდა. ყვავილები, მინდორი და ნაცრისფერი შენობები კაცის გონებაში ჩაეწვეთა, მისი გონების გამომშრალ, ბნელ კედლებზე ვერცხლისფერ წვეთებად იქცა და ფსკერზე ჩაედინა. ლექსებს ხშირად სწორედ ასეთი სახით იწყებდა და ახლაც მოუნდა სახეების შექმნა, აქ, ამ წყნარი ქალის გვერდით.

- დიახ, მე კენტერბერნს ვიცნობ, - თქვა მან ფიქრიანი, სენტიმენტალური გამომეტყველებით, და, როგორც მისს ანნინგმა იგრძნო, ახალ, არცთუ მორიდებულ შეკითხვებს დაელოდა. ამიტომ აინტერესებდა ყველას მასთან ყოფნა, ამ უჩვეულო უნარმა, სწრაფი და მწვავე რეაგირება მოეხდინა მოსაუბრის სიტყვებზე, როგორც თვითონ ფიქრობდა, დაღუპეს. როცა ღილებს იხსნიდა და გასაღებებს და ხურდა ფულს საწოლის გვერდით პატარა მაგიდაზე აწყობდა მორიგი წვეულების შემდეგ (სეზონის დროს კი თითქმის ყოველ საღამოს დადიოდა წვეულებებზე). დილით კი, როცა საუზმისთვის ქვემოთ ჩადიოდა, სულ სხვა ადამიანად იქცეოდა, პირქუში, ავი ხდებოდა და ცოლს მკვეთრად, უხეშად ელაპარაკებოდა. ცოლი მძიმედ იყო ავად და სახლიდან არასოდეს გადიოდა, მაგრამ ხანდახან ძველი მეგობრები მოდიოდნენ მის სანახავად, უმეტესად ქალები, რომელთაც ინდური ფილოსოფია, სხვადასხვა წამლები და ექიმები აინტერესებდათ, რაზეც როდერიკ სერლი გამქირდავ, გესლიან შენიშვნას გააკეთებდა ხოლმე, მეტისმეტად მახვილგონივრულს საიმისოდ, რომ მის ცოლს გაეგო და ქალს აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ დაენამუსებინა, ან ცოტა წაეტირა. ხშირად ფიქრობდა, იმიტომ ვერაფერს მივაღწიე, საზოგადოებისა და ქალების კომპანიის (რაც მას ასე ძალიან სჭირდებოდა) მთლიანად მიტოვება და წერისთვის თავის მიძღვნა ვერ შევძელიო. მეტისმეტად ღრმად იყო ჩაფლული ცხოვრებაში - ამ დროს მან ფეხი ფეხზე გადაიდო (ნატიფი, ცოტა უჩვეულო მოძრაობები ჰქონდა) თავის თავს კი არ ადანაშაულებდა, არამედ უფრო თავის მდიდარ ბუნებას და ამ აზრით თავს, მაგალითად, უორდსვორტზე, უკეთესად თვლიდა. გრძნობდა, რომ ძალიან ბევრი მისცა ადამიანებს, და ახლა ხელებზე თავდაყრდნობილი ფიქრობდა, რომ ისინიც, თავის მხრივ უნდა დახმარებოდნენ - ასეთი იყო პრელუდია, მთრთოლვარე, ჯადოსნური, შთამაგონებელი პრელუდია საუბრისა. და, სახეები აბუყბუყდნენ მის გონებაში.

- ის თეთრ ხეს ჰგავს, - აყვავებულ ალუბლის ხეს, - თქვა მან. ახალგაზრდა ქალს უყურებდა, მშვენიერი ღია ფერის თმები რომ ჰქონდა. „სასიამოვნო სახეა“ გაიფიქრა რუთ ანნინგმა. „მართლა სასიამოვნო სახე“ და მაინც, ის არ იყო დარწმუნებული, რომ ეს გამორჩეული, მელანქოლიური კაცი და მისი ჟესტები მოსწონდა. რა გაუგებრად, რა უცნაურადაა ჩვენი გრძნობები მოწყობილიო, გაიფიქრა. არ მოსწონდა ის, მაგრამ ეს შედარება ქალისა აყვავებულ ალუბლის ხესთან მოეწონა. მისი შეგრძნებების ფაქიზი ბოჭკოები თავისნებად ლივლივებდნენ აქეთ-იქით როგორც ზღვის ყვავილის საცეცები, ხან თრთოლვას, ხან გაოცებას იწვევდნენ, მაშინ, როცა მისი ტვინი, შორსმყოფი ბობოქარი ვნებებიდან, ცივ მარტოსულ მდუმარებაში იღებდა სიგნალებს, რომლებიც დამუშავებას საჭიროებდნენ იმიტომ, რომ როცა როდერიკ სერლიზე ჩამოვარდებოდა სიტყვა (ის კი რაღაც წილად პიროვნება იყო), შეეძლო უყოყმანოდ, ცალსახად ეთქვა: „მე ის მომწონს“ ან „მე ის არ მომწონს“ და ეს საბოლოოდ ჩამოყალიბებული აზრი იქნებოდა. უცნაური აზრი, ბრწყინვალე აზრი, თითქოს მწვანე შუქს ჰფენდა ყველაფერს, რისგანაც შედგება ადამიანური ურთიერთობები.

- უცნაურია, რომ თქვენ კენტერბერნს იცნობთ, - თქვა მისტერ სერლიმ. - ეს ყოველთვის ძალიან ძნელი გასაგებია... (თეთრთმიანი ლედი სხვა სტუმრებს შეერია) როცა ასე ვინმეს შეხვდები (ისინი ადრე არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს) თითქოს და შემთხვევით და უცებ ის ისეთ რაიმეს შეეხება, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეეხება დაუფიქრებლად, რადგან მე მგონი კენტერბერნი თქვენთვის სხვა არაფერია, თუ არა პატარა, კოხტა ქალაქი. თქვენ, ალბათ, იქ ერთი ზაფხული გაატარეთ დეიდასთან, სტუმრად (სწორედ კენტერბერნში სტუმრობის შესახებ აპირებდა რუთ ანნინგი მისთვის ეამბნა) ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეთ, გაემგზავრეთ და ამის შემდეგ მასზე აღარასოდეს გიფიქრიათ.

დაე, ასე იფიქროს, ეს კაცი ხომ არ მოსწონს. დაე დარჩეს ეს სულელური აზრი მის შესახებ. სინამდვილეში კი, კენტერბერნში გატარებულმა სამმა თვემ განსაცვიფრებელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. დაწვრილებით ახსოვდა, თუმცა ეს ჩვეულებრივი ვიზიტი იყო, როგორ ეწვივნენ მის შარლოტა სერლის, დეიდამისის ნაცნობს. ახლაც კი შეეძლო ზუსტად გაემეორებინა მის სერლის სიტყვები ჭექა-ქუხილის თაობაზე: „როცა ღამით მეღვიძება და ჭექა-ქუხილის ხმა მესმის, ყოველთვის ვფიქრობ, რომ მეხმა ვიღაც მოკლა.“ თვალწინ ედგა მაგარი, ხაოიანი ნოხი პატარა რომბებით და მოციმციმე, ცრემლიანი, ყავისფერი თვალები მოხუცებული ქალისა, ხელში ცარიელი ფინჯანი რომ უჭირავს და ჭექა-ქუხილზე ლაპარაკობს. და ყოველთვის, როცა კენტერბერნს იხსენებდა საავდრო ღრუბლებს ხედავდა და კიდევ - აყვავებული ვაშლების იასამნისფერ ანარეკლს და შენობის გრძელ ნაცრისფერ კედლებს.

ჭექა-ქუხილმა შუახნის განურჩევლობის გარინდებისგან შეაფხიზლა. „წინ, წინ სტენლი!“ შეუძახა თავის თავს. ეს კაცი ისე ადვილად ვერ დამისხლტება, როგორც სხვები, ყველაფერი რომ არასწორად გაიგეს. მე მას სიმართლეს ვეტყვი.

- მე შემიყვარდა კენტერბერნი, - თქვა მან.

კაცი, როგორღაც, უცებ წამოენთო. ეს იყო მისი ნიჭი, მისი უბედურება, მისი ბედი.

- შეგიყვარდათ? - გაიმეორა მან, - ვხედავ, რომ მართლა ასეა.

ქალის საცეცებმა ახალი მესიჯი გაგზავნეს: მას სიამოვნებს როდერიკ სერლისთან ერთად ყოფნა.

მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, უფრო შეეჯახა, რადგან თითოეულმა იგრძნო, რომ ის, ვინც იქ, სიღრმეში, მარადიული განმარტოების წყვდიადში ზის, მაშინ, როცა მისი ზერელე, მკვირცხლი კომპანიონი ყირაზე გადადის, ყურადღება რომ მიიქციოს და შოუს აგრძელებს, მოულოდნელად მთელი თავისი სიმაღლით წამოიმართა, კაპიუშონი მოიშორა და შესახვედრად დაიძრა. ეს შემაშფოთებელი იყო. ეს შესანიშნავი იყო. უკვე ახალგაზრდები აღარ იყვნენ და ცხოვრებამ ისინი გლუვ ბზინვარებამდე გააპრიალა, ასე რომ, როდერიკ სერლი ხანდახან ერთ სეზონზე ათზე მეტ წვეულებაზე დადიოდა და არაფერს ისეთს არ გრძნობდა, გარდა შესაძლოა სენტიმენტალური სინანულისა და მშვენიერი სახეების მოთხოვნილებისა - აყვავებული ალუბლის ხის მსგავსი სახეების - და მასში მუდამ იყო ჩამყაყებული ერთგვარი უპირატესობის გრძნობა გარშემომყოფთა მიმართ, გრძნობა გამოუყენებელი შესაძლებლობებისა და სახლში ცხოვრებით უკმაყოფილო, თავის თავით უკმაყოფილო, გამოცარიელებული, მოწყენილი და გაღიზიანებული ბრუნდებოდა. მაგრამ ახლა, სრულიად მოულოდნელად, როგორც თეთრი ისარი ნისლში (ეს სახე თავისთავად გაჩნდა და ცარგვალზე ელვასავით გაკრთა) გამოჩნდა ის, ძველი ექსტაზი ცხოვრებისა, გამოჩნდა და კაცს თავს დაატყდა და ეს უსიამოვნო იყო, მაგრამ იმავდროულად ამ ამბავმა გაახალისა და გააახალგაზრდავა, სისხლძარღვები და ნერვები ცეცხლისა და ყინულის ძაფებით აუვსო.

- კენტერბერნი ოცი წლის წინათ, - თქვა მისს ანნინგმა. როგორც კაშკაშა სინათლისგან თვალებს იჩრდილავენ, როგორც ალისფერ ატამს მწვანე ფოთლით ფარავენ, რადგან ის მეტისმეტად წვნიანია, მეტისმეტად მწიფე, მეტისმეტად სავსე.

ხანდახან ნანობდა, რომ არ გათხოვდა. ცხოვრების შუახანის გრილი სიმშვიდე, დარტყმებისგან სულისა და სხეულის დამცავი კარგად მოწესრიგებული მექანიზმებით, - კენტერბერნის ჭექა-ქუხილთან და აყვავებულ ვაშლის ხეებთან შედარებით სიმდაბლედ ეჩვენებოდა. მას შეეძლო წარმოედგინა რაღაც სხვა, რაღაც გამგმირავი, მეხის მსგავსი, უფრო ინტენსიური. შეეძლო წარმოედგინა რაღაც ფიზიკური შეგრძნება. შეეძლო წარმოედგინა...

ახლა, და ეს უცნაური იყო, იმიტომ, რომ პირველად ხედავდა მას - მისი გრძნობები, მისი საცეცები, სულ ცოტა ხნის წინ მთრთოლვარე და მოლივლივე, მესიჯებს აღარ აგზავნიდნენ, ისე უმოძრაოდ იდგნენ, თითქოს ის და მისტერ სერლი იმდენად კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, იმდენად ახლობლები იყვნენ, რომ შეეძლოთ წყნარად ეცურავათ გვერდიგვერდ დინების მიმართულებით.

არაფერია ამქვეყნად ისეთი უცნაური, როგორც ადამიანთა ურთიერთობა, ფიქრობდა ის, იმდენად ცვალებადია, იმდენად ირაციონალური, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული. მისი სიძულვილი ახლა მგზნებარე, აღტაცებულ სიყვარულად იქცა. მაგრამ მხოლოდ სიტყვა „სიყვარული“ მოუვიდა თავში, უგულებელყო ის და ისევ გაიფიქრა რა ბუნდოვანია ადამიანის გონება და რა ცოტაა სიტყვები ყველა ამ საოცარი შეგრძნებების, ტკივილისა და სიამოვნების მონაცვლეობის გამოსახატავადო. რა უნდა დაარქვა იმას, რაც მის თავს ხდება? თითქოს ადამიანურმა გრძნობებმა მიატოვეს, სერლი სადღაც გაქრა და ორივე შეპყრობილი იყო მოუთმენელი სურვილით დაეფარათ ის, რაც ასე გამანადგურებელი და დამამცირებელია ადამიანური ბუნებისათვის, ის, რომ ყველა ცდილობს როგორღაც წესიერად დაასამაროს, თვალს განარიდოს - ადამიანური გრძნობებისგან დაცლა, ჭეშმარიტების შებღალვა, - და ეძებდა რა დასამარების წესიერ, ცნობილ და ყველასთვის მიღებულ ფორმას, თქვა: - რა თქმა უნდა, რაც არ უნდა გააკეთონ მათ, კენტერბერნს ვერაფერს დააკლებენ.

კაცმა გაიღიმა. მან ეს მიიღო. გადაჯვარედინებულ ფეხებს ადგილი შეუცვალა. ქალმა თავისი საქმე გააკეთა. მან - თავისი. ეს იყო სულ. და მყისვე ორივე მათგანს ეწვია გრძნობების ის გამახევებელი სიცარიელე, როცა გონებიდან აღარაფერი იფრქვევა, როცა მისი კედლები ფიქალის მსგავსია, როცა სიცარიელეს ლამის ფიზიკურ ტკივილად შეიგრძნობ და თვალები, გაქვავებული, ერთ ადგილზეა გაშტერებული, ნახშირზე ბუხარში თუ ნოხის მოხატულობაზე, და ხედავენ შემაძრწუნებლად ცხადად, რადგან არ არსებობს არც ემოცია, არც აზრი, არც შთაბეჭდილება, რომელსაც შეუძლია შეცვალოს, შეასუსტოს, შეალამაზოს ის, რაც თვალისთვის ხილულია, რადგან გრძნობების წყარო ყრუდაა დახშული და გონება გახევებული, და ასევე, სხეულიც გარინდებულია ქანდაკებასავით, ისე, რომ არც მისტერ სერლის და არც მისს ანნინგს არ შეეძლოთ არც განძრევა, არც დალაპარაკება და მათ მოეჩვენათ თითქოს ჯადოქარმა გაათავისუფლა ისინი და თითოეულ სისხლძარღვს მაცოცხლებელი ნაკადი მიაწყდა, როცა მაირა კარტრაიტი ონავრულად შეეხო მისტერ სერლის მხარს და თქვა: - გუშინ თეატრში დაგინახეთ, თქვენ კი ხელიდან დამისხლტით. საძაგელო. იმსახურებთ, რომ აღარასოდეს დაგელაპარაკოთ.

და მათ შეძლეს განშორებოდნენ ერთმანეთს.

ტეგები: Qwelly, ვულფი, ლიტერატურა, ნოველები

ნახვა: 16

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

传世手游 风头正劲

გამოაქვეყნა ghytujki_მ.
თარიღი: სექტემბერი 25, 2020.
საათი: 9:34am 0 კომენტარი

经过20年的发展传奇战士 IP如今已经成长为国内最知名的游戏IP之一,其已衍生出覆盖端游、页游、手游、云游戏全品类的传奇大家族,拥有数百款产品,年流水始终超过百亿,传奇IP的价值也已经突破千亿规模。传奇IP的发展本身也是中国知识产权发展的一个缩影:盛趣游戏是国内最早面临游戏代理跨国的游戏公司,《热血传奇》因为共有著作权的特殊情况以及海外游戏源代码泄露,成为知识产权纠纷最多的产品。据媒体报道,仅在2017上半年不到3个月的时间里,就有共计893款手游、95款H5游戏、69款页游分别涉嫌侵犯盛趣游戏《热血传奇》、《传奇世界》著作权。其中296款手游、95款H5游戏、60款页游被判定有侵权行为。

据不完全统计,盛趣游戏自2013年开展 王者传奇手游…

გაგრძელება

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 0 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters