ერიკ-ემანუელ შმიტი - მშვენიერი წვიმიანი დღე

ის მოქუფრული უყურებდა, თუ როგორ ეხეთქებოდა თქეში ტყით დაფარულ ლანდებს.

- რა საზიზღარი ამინდია!

- ცდები, ძვირფასო.

- რას ამბობ? აბა, ერთი გაყავი ცხვირი გარეთ და თავად დარწმუნდები. კოკისპირული წვიმაა.

- აი, ზუსტად ამიტომაც გიმეორებ, რომ არაჩვეულებრივი ამინდია.

მამაკაცი ტერასას ტყის მიმართულებით დაჰყვა და წყლის ფარდასთან შეჩერდა. ნესტოებდაბერილმა ყურები ცქვიტა და თავი უკან გადაიგდო, სახეზე ნოტიო ნიავის ლამუნი უკეთესად რომ შეეგრძნო. ვერცხლისფერი ცის სურნელი თვალმინაბულმა ღრმად შეისუნთქა და წაიჩურჩულა: - მშვენიერი წვიმიანი დღეა.

გულწრფელი ჩანდა.

ელენე სწორედ იმ დღეს დარწმუნდა ორ რამეში ღრმად: ანტუანი საშინლად აღიზიანებდა და, მიუხედავად ყველაფრისა, თუ როგორმე მოახერხებდა, მას არასდროს დაშორდებოდა.

ელენე ვერ იხსენებდა, ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ მაინც სრულყოფილებისა და დახვეწილობის განცდა დაუფლებოდეს. ჯერ კიდევ მოზარდმა გაუჩინა ოჯახს სადარდებელი თავისი არაორდინალური ქცევით - საკუთარი საძინებელი ოთახის ისტერიკული, დაუსრულებელი დალაგებით, უმნიშვნელო ლაქის დანახვაზე სამოსის გამუდმებული ცვლით, ნაწნავების დაუზარელი დაწვნით მანამ, სანამ იდეალურ სიმეტრიას არ მიაღწევდა... როცა ოპერისა და ბალეტის თეატრში „გედების ტბის“ სანახავად წაიყვანეს, ისეთი ზიზღის გრძნობა დაეუფლა, ლამის გული აერია: მხოლოდ მან ერთადერთმა შეამჩნია, რომ კორდებალეტის გოგონები ხშირად ერთ ხაზზე ლარივით ჩამომწკრივებას ვერ ახერხებდნენ, რომ ახტომა-დახტომაში ასინქრონიზმის გამო ქვედატანები ერთდროულად არ იწეოდა და არ ეშვებოდა, რომ ერთ-ერთი ბალერინა, - თანაც არა ერთი და იგივე, - გამუდმებით არღვევდა მასობრივ საერთო მოძრაობას. თავის ნივთებს სკოლაშიც კი გამაღიზიანებელი აკურატულობითა და პედანტიზმით უვლიდა. ვაი იმას, ვინც განათხოვრებულ წიგნს დაზიანებულს ან გვერდებჩაკეცილს დაუბრუნებდა. თვითონ ხომ კარგა ხანს გულამომჯდარი იქვითინებდა, არც დამნაშავეს ადგებოდა კარგი დღე - ელენე მას თავისი შეგნების შორეულ კუნჭულში ნდობის იმ სიფრიფანა ფენის გარეშე ტოვებდა, რომელიც მას საერთოდ კაცობრიობისთვის ემეტებოდა. მოზარდობისასვე დაასკვნა, რომ ბუნება ადამიანებზე უკეთესი არამც და არამც არ არის. ეს აზრი მას შემდეგ დაებადა, როცა აშკარად დააფიქსირა, რომ მისი ორი ძუძუ - არაჩვეულებრივი ძუძუები არა ერთის მტკიცებით, სხვათა შორის! - იდენტური ნამდვილად ვერ იყო, რომ ფეხის ტერფის ცალი ზომა 38 გახლდათ, ცალისა კი 38,5; და ბოლოს, კიდევ ერთი, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი, დეტალი - სიმაღლე. მიუხედავად არაადამიანური ძალისხმევისა, ვერა დ ავერ ასცდა ერთ მეტრსა და სამოცდათერთმეტ სანტიმეტრს. 1 მ და 71 სმ! მითხარით ერთი, სიმაღლე ჰქვია ახლა ამას?! უკვე მოზრდილმა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტს მიაშურა. ლექციებზე ცოდნის შეძენით ნაკლებად იყო დაინტერესებული; უფრო საკადრისი საქმროს შერჩევას ცდილობდა.

ძალიან ცოტას თუ გადახდომია იმდენი სამიჯნურო თავგადასავალი, რამდენიც ელენეს. ის გოგონები, რომლებიც ელენეს ოსტატობას უტოლდებოდნენ, საყვარლებს ხელთათმანებივით მხოლოდ ავხორცობისა და სექსუალური გაუმაძღრობის, ან მენტალური არამდგრადობის გამო იცვლიდნენ. ელენეს კოლექცია კი მხოლოდ იდეალიზმზე იყო დაფუძნებული. ყოველ უკანასკნელ მონაპოვარში იმ მამაკაცს ხედავდა, რომელსაც ასეთი დაჟინებით ეძებდა. პირველ აღმოჩენებს, სიურპრიზებსა და მსჯელობა-დისკუსიებს აუცილებლად თან სდევდა რჩეულის მისთვის საოცნებო თვისებებით შემკობა. რამდენიმე ერთად გატარებული დღისა თუ ღამის შემდეგ ილუზიები იფანტებოდა. იდეალური მამაკაცი სწორედ ისეთი წარმოჩინდებოდა მის წინაშე, როგორიც სინამდვილეში იყო. ელენე ისეთივე მტკიცე გადაწყვეტილებით შორდებოდა მას, როგორითაც პირველი დანახვისას მისკენ მიილტვოდა.

ელენე საშინლად იტანჯებოდა, როცა ორი რადიკალურად განსხვავებული, აბსოლუტურად შეუთავსებელი თვისებების გაერთიანებას ცდილობდა: იდეალიზმისა და გონიერების.

მშვენიერ პრინცთა ყოველკვირეულმა მონაცვლეობამ ელენეს საბოლოო ჯამში შეაზიზღა საკუთარი თავიცა და მამაკაცებიც. სულ რაღაც ერთ წელიწადში აღფრთოვანებული და მიამიტი გოგონა ოცდაათი წლის ცინიკოს, ყოველგვარ ილუზიას მოკლებულ, მამრმოყირჭებულ ქალად გადაიქცა. საბედნიეროდ, ეს მეტამორფოზა მის გარეგნობაზე არ აღბეჭდილა. ქერა კულულები მის სახეს კვლავ ბრწყინვალებას უნარჩუნებდა, სპორტულ მობილურობასა და სიჯანსაღეს მისი ცხოვრების მხიარულ ნირს მიაწერდნენ; კრიალა კანი შესაშურ ხავერდოვნებას ინარჩუნებდა და ნებისმიერი მამაკაცის ტუჩებს კოცნის ჟინით მუხტავდა.

ანტუანმა ელენე პირველად ადვოკატების შეხვედრაზე დაინახა და მაშინვე შეუყვარდა. ელენემაც დართო მგზნებარე კურკურის ნება, რამეთუ მის მიმართ აბსოლუტურად გულგრილი იყო. 35 წლის ანტუანს არც ლამაზი და არც მახინჯი, ალბათ, უფრო სიმპათიური ეთქმოდა. შავტუხას, შავთვალას, ყორანივით შავთმიანს გამორჩეული და თვალშისაცემი მხოლოდ სიმაღლე თუ ჰქონდა - ორ მეტრზე იყო აშოლტილი. მხრებში ოდნავ იყო მოხრილი და სახეზე ერთთავად ღიმილი დასთამაშებდა, თითქოს ბოდიშს იხდიდა, ყველას ზემოდან რომ დაჰყურებდა. ბევრი მის შეუდარებელ გონებრივ შესაძლებლობებზე ლაპარაკობდა, მაგრამ ელენეს ინტელექტით ვერანაირად ვერ მოხიბლავდით, რადგან მიიჩნევდა, რომ თავში ტვინი თავადაც საკმაოდ ეყარა.

ანტუანი დღეში ასჯერ მაინც ურეკავდა ელენეს, უგზავნიდა წერილებს, არ ივიწყებდა ლამაზი თაიგულების მირთმევას, ეპატიჟებოდა ორიგინალურ და განსაკუთრებულ საღამოებზეც. ერთი სიტყვით, ეს ორმეტრიანი აყლაყუდა ელენეს თვალში სასაცილო, მაგრამ უზომოდ ანთებული, მგზნებარე და დაჟინებული აღმოჩნდა. ელენესაც აბა, რა ექნა? ჯერ ერთი, სრულიად უსაქმური გახლდათ, თანაც ამ გიგანტის მის საყვარელთა ჰერბარიუმში გამწესებით სადღაც საკუთარ თვითკმაყოფილებასაც კვებავდა. თავისთვის დაასკვნა: ჯანდაბას, იფიქროს, რომ მის ხიბლს ვერ გავუძელი და მოვინუსხე.

ანტუანმა და ელენემ ერთად გაატარეს ღამე. ბედნიერების განცდას, ფიზიკურმა სიახლოვემ ანტუანს რომ მოჰგვარა, არაფერი ჰქონდა საერთო იმ სიამოვნებასთან, ელენემ რომ იწვნია. მიუხედავად ამისა, ანტუანს მაინც დართო ნება, განეგრძო.

მათი კავშირი აგერ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდებოდა.

ანტუანისთვის ყური რომ დაგეგდოთ, უთუოდ იფიქრებდით, რომ მასა და ელენეს შორის დიდი სიყვარულის კოცონი გიზგიზებდა. რესტორანში ვახშმობისას გამორიცხული იყო, ანტუანს ელენე ყოველ ჯერზე თავის სამომავლო გეგმებში არ ჩაერთო - ამ ადვოკატს, რომელზეც მთელი პარიზი ნადირობდა, მისი ცოლად შერთვა და მისგან ბავშვების ყოლა განეზრახა. ელენეც ყოველ ჯერზე უსიტყვოდ იღიმებოდა და პატივისცემისა თუ არასასურველი პასუხის მიღების შიშით ანტუანს მოვლენების დაჩქარება ვერ გაებედა. ნეტა რას ფიქრობდა ელენე?

სინამდვილეში ელენეს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ გადმოეცა თავისი ფიქრები და ნააზრევი. ცხადია, თავგადასავალი ჩვეულებრივზე მეტხანს გაუგრძელდა, მაგრამ ამაში საკუთარ თავს ვერ გამოტყდომოდა, არც შესაბამისი დასკვნების გამოტანას ჩქარობდა. მიიჩნევდა, რომ ანტუანი მისთვის... ღმერთო, რა დავარქვა ამას, როგორ გამოვხატო ეს? - ვთქვათ, „სასიამოვნო იყო. აბა რა!“ „სასიამოვნო“. უფრო ძლიერ, უფრო თბილ სიტყვას საკუთარი განცდების გადმოსაცემად ვერც იპოვიდა; იმ განცდების, ხელ-ფეხს რომ უბორკავდა და რომელთა გამოც განშორებისგან თავს იკავებდა. კიდევ ცოტაც და ანტუანს მაინც მოიშორებდა თავიდან, ამიტომ ამჟამად აჩქარებას რა აზრი ჰქონდა?

საკუთარი თავის დასამშვიდებლად ელენე ანტუანის ნაკლთა სიის შედგენით გაერთო. დაიწყო გარეგნული იერით: ანტუანის სიგამხდრე მხოლოდ მოჩვენებითი გახლდათ. შეუძლებელი იყო, შიშველს დაემალა პატარა, თითქმის ბავშვური ღიპუცა, რომელიც, ცხადია, მომავალ რამდენიმე წელიწადში შესამჩნევ ზომებს შეიძენდა. შემდეგ ელენემ სექსუალური ასპექტი მიმოიხილა და დაასკვნა - ანტუანს განმეორებადობას სიამოვნების გახანგრძლივება ურჩევნია. რაც შეეხება ინტელექტს, შეიძლება შემდეგი ითქვას: რა თქმა უნდა, ცარიელი ტვინია და ამის დასტური მისი დიპლომები და მიღწეული კარიერაა, მაგრამ უცხო ენებს თუ მივიღებთ მხედველობაში, ელენეს, რომც გასკდეს, ვერ დაჯაბნის. და ბოლოს ორი სიტყვა ანტუანის მორალურ მხარეზე: ის უბრალო და ხშირად ზედმეტად მიამიტი და მიმნდობი ადამიანია.

მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთ ზემოთ ნახსენებ ხინჯთაგან არ იყო საკმარისი ანტუანთან ურთიერთობის უცაბედად გასაწყვეტად. პირიქით, მისი არასრულყოფილებანი ხშირ შემთხვევაში გულს უჩუყებდა ელენეს. ფალოსსა და ჭიპს შორის არსებულ ცხიმის უმნიშვნელო ბალიშს მამრის ხმელ, ძვლიან სხეულზე შვებისა და ნეტარების მომგვრელ ოაზისად აღიქვამდა. ელენეს მოსწონდა ამ „ბალიშზე“ თავის ჩამოდება. სიამოვნების გაწელილი და ბოლოს ღრმა ძილით დამთავრებული წუთები ელენესთვის ბევრად უფრო მაცოცხლებელი იყო, ვიდრე რომელიმე სექსის ეტალონთან ხანმოკლე სიამოვნებებითა და შესვენებებით აფორიაქებული ღამე. გაუბედაობა, რომელიმე უცხო ენაზე მეტყველებისას ანტუანი რომ იჩენდა, შესანიშნავად კომპენსირდებოდა მისი გასაოცრად მდიდრული და უზადო ფრანგულით; ანტუანის სიალალე და მიამიტობა კი ელენეს უბრალოდ შვებას ჰგვრიდა. საზოგადოებაში ყოფნისას ელენე უწინარეს ყოვლისა, ადამიანთა უნიჭობასა და უნიათობას, გონებრივ შეზღუდულობასა და აზრთა სიმარტივეს, სილაჩრესა და შურს, დაუცველობასა და შიშს ამჩნევდა. ცხადია იმიტომ, რომ ეს თვისებები მისთვისაც იყო დამახასიათებელი. სწორედ ამიტომაც ურევდა გულს სხვებში მათი გამოძახილის აღმოჩენა. ანტუანი კი ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილურ განზრახვებსა და ქველ იდეალებს მიაწერდა; გეგონება იმ ქვაბის ხუფი არც არასდროს აუხდია, სადაც ჩვენი აზრები იშუშება და ასეთი მყრალი სუნი რომ ასდის.

რადგან მშობლის გაცნობაზე ცივი უარი სტკიცა, ანტუანი და ელენე შაბათ-კვირას ძირითადად ქალაქში რჩებოდნენ. ხან კინოში ან თეატრში იქცევდნენ თავს, ხან რესტორანში მიდიოდნენ, ხანაც წიგნების მაღაზიებსა და გამოფენებს სტუმრობდნენ.

მაისის თვეში დასვენების ოთხმა დღემ წყვილს მოგზაურობის სურვილი აღუძრა. ანტუანმა ელენე ლანდებში ვილა-სასტუმროში დაპატიჟა, რომელიც პირდაპირ ფიჭვნარსა და ქვიშის პლაჟს ემიჯნებოდა. ლაჟვარდოვან სანაპიროზე უსასრულო ოჯახურ არდადეგებს ჩვეულ ელენეს წინადადებამ უსაზღვრო სიხარული მოჰგვარა და ერთი სული ჰქონდა, სანამ ოკეანესა და ცაში აზვირთულ მოგრუხუნე გიგანტურ ტალღებს აღმოაჩენდა, დატკბებოდა სერფერების ცქერით, ნუდისტთა პლაჟზე გარუჯვაზეც კი ფიქრობდა...

სამწუხაროდ, საუზმის მიწურულს ისეთი ჭექა-ქუხილი ატყდა, ლამის ცა ჩამოიქცა. თქეშმაც არ დაახანა.

- მშვენიერი წვიმიანი დღეა, - განაცხადა პარკში გამავალ მოაჯირს დაყრდნობილმა ანტუანმა.

ელენე ფიქრობდა, რომ იგი ბუნებამ წვიმის გისოსებს მიღმა გამოამწყვდია და ხანგრძლივი სევდისა და მოწყენილობისათვის გაწირა.

ანტუანი კი ამ დღეს ისეთი მადით შეეგება, გეგონება არემარე წვიმის ნაკადულებში კი არ იძირებოდა, არამედ მზის ბრდღვიალა სხივებში ბანაობდა.

- მშვენიერი წვიმიანი დღეა.

ელენე დაინტერესდა და ანტუანს ჰკითხა, რაში გამოიხატებოდა წვიმიანი დღის მშვენიერება. ანტუანმა ერთიმეორის მიყოლებით ჩამოუთვალა ფერთა ყველა ის სახეცვლილება, რომელსაც ცა, ხეები და სახურავები შეიძენდნენ და სეირნობისას ნათლად დაინახავდნენ; ახსენა ოკეანის ველური, ადამიანისთვის მოუხელთებელი ძლიერება, რომლის თვითმხილველები აუცილებლად გახდებოდნენ; ილაპარაკა ქოლგაზე, რომლის ქვეშაც შეფარებულნი ასე მწველად შეიგრძნობდნენ თავიანთი სხეულების სიახლოვეს; იმ უსაზღვრო სიხარულის განცდაზე, რომელიც მათ აქ დაბრუნებისა და ცხელი ჩაის მირთმევის შემდეგ დაეუფლებოდათ; ასევე სამოსზე, რომელსაც გასაშრობად ცეცხლის პირას გაფენდნენ, იმ სასიამოვნო დაქანცულობასა და ღონემიხდილობაზე, მათ სხეულებს რომ დაეპატრონებოდა, სიყვარულის ჟინსა და ხანგრძლივ ვნებიან ბორგვაზე, საბნის ქვეშ ერთმანეთისადმი გაზიარებულ გულწრფელ აღსარებებზე, იმ ბავშვების მსგავსად, აბობოქრებული ბუნების წიაღში კარავს რომ აფარებენ თავს.

ელენე ყურადღებით კი უსმენდა, მაგრამ ანტუანის მიერ აღწერილი ბედნიერება ზედმეტად აბსტრაქტული და არამიწიერი ეჩვენებოდა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერების აბსტრაჰირება მაინც ჯობს მის საერთოდ არარსებობას.

ელენემ გადაწყვიტა, ანტუანისთვის დაეჯერებინა. სწორედ იმ დღეს სცადა მის ზმანებებში შეჭრა.

სოფელში სეირნობისას ელენეს ძალისხმევა არ დაუზოგავს, რათა იგივე დეტალები შეემჩნია, რომელიც ანტუანის თვალთახედვის არეალში ხვდებოდნენ. მაგალითად, დაენახა უძველესი ქვით ნაშენი კედელი და არა ჟანგისგან გამოხრული წყალსადინარი, ვიწრო ქვაფენილების ხიბლი და არა ის დისკომფორტი, იგივე ქვაფენილი ფეხით მოსიარულეებს რომ უქმნიდა. ეცადა, ვიტრინების დიზაინი მოდურ კიჩად აღექვა და არა უადგილო, სასაცილო მორთულობად. ცხადია, მეთუნეთა ნამუშევრების წინ ძალიან გაუჭირდა აღფრთოვანების გამოხატვა, - ისე, რა უაზრობაა XXI საუკუნის დამდეგს ტალახში თითხვნა, როცა პლასტმასის სასალათეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძენ? ვერც დაწნული კალათების რიგმა გააგიჟა და გადარია. ამან მხოლოდ კოლეჯში აუტანელი შრომის გაკვეთილები გაახსენა, რომლის დროსაც მასწავლებლები დედებისა და მამების დღესასწაულებისათვის ძველმოდური საჩუქრების დამზადებას აიძულებდნენ და რომელთა გასაღებასაც ვერც ვერასდროს ახერხებდნენ.

თუმცა, ერთი არც ისე უსიამოვნო აღმოჩენა ელენემ თავისთვის მაინც გააკეთა. ანტიკვარული საქონლის მაღაზიებში ანტუანს მოწყენისა არაფერი ეტყობოდა. პირიქით, სიამოვნების განცდით ადგენდა უძველესი ნივთების დანიშნულებასა და ღირებულებას. ელენეს კი მათ სიახლოვეს მხოლოდ სიკვდილის სუნი სცემდა.

პლაჟისკენ მიმავალ გზაზე, რომლის გაშრობა ქარს ორ წარღვნას შორის ვერ მოესწრო, ტალახში ფეხჩაფლულ ელენეს ნერვებმა უმტყუნა და იყვირა: - ოო, ზღვა წვიმიან დღეს? არა, დიდი მადლობა, შეგიძლიათ თქვენთვის დაიტოვოთ.

- ბოლოს და ბოლოს, იქნებ მითხრა, რა გიყვარს საერთოდ? ზღვა თუ მზე? მიმოიხედე ირგვლივ. ზღვა, აი, აგერ ორ ნაბიჯზეა, ჰორიზონტიც და უკიდეგანო სივრცეც.

ელენე გამოუტყდა, რომ ზღვისა და სანაპიროს სილამაზე ადრე არასდროს შეემჩნია, მხოლოდ მზის ცქერით ტკბებოდა.

- ბუნების შენეული აღქმა ძალიან მწირია. განა შეიძლება ადამიანმა ეს უჩვეულო პეიზაჟი მხოლოდ მზემდე დაიყვანოს?

ელენემ ანტუანის სიმართლე აღიარა. მის მკლავს ჩამოკონწიალებულმა გაიფიქრა, - სინანულით! - რომ ანტუანისთვის გარემომცველი სამყარო ბევრად უფრო მდიდარი და მიმზიდველი იყო, ვიდრე მისთვის. ის ყოველთვის რაღაც უჩვეულოს, გამორჩეულს ეძებდა და პოულობდა კიდეც.

სადილად რესტორანში შევიდნენ, მიუხედავად თვალშისაცემი ფუფუნებისა და გადაპრანჭულობისა, დაწესებულება მაინც მეტწილად პასტორალურ-ფოლკლორულ სტილში იყო ჩაფიქრებული.

- ეს შენში უხერხულობის გრძნობას არ აღძრავს?

- რა? ვერ გავიგე.

- რომ აქაურობა ყოველგვარ ბუნებრიობასაა მოკლებული - რესტორანიც, ავეჯიცა და მომსახურებაც. მორთულობა მხოლოდ შენისთანა მიამიტ და უბრალო მუშტრებზეა გამიზნული.

- ეს ადგილი რეალურია, მე ვიტყოდი - ნაღდია. კერძებიც ნაღდია, აქ ნაღდად შენთან ვარ...

ანტუანის გულწრფელობამ ელენე წამში განაიარაღა, მაგრამ ძველი პათოსით ჯიუტად მაინც განაგრძო: - ესე იგი, გამოდის, რომ აქ არაფერი გაოცებს.

ანტუანმა მოკრძალებული მზერით ინტერიერი მოათვალიერა.

- ვფიქრობ, ფრიად სასიამოვნოა ატმოსფეროცა და ადამიანებიც.

- პუბლიკა საშინელია.

- რას ამბობ? რას ერჩი?

- ერთი ოფიციანტს დააკვირდი. შიშს მგვრის.

- კარგი, რა,... მთლად ახალგაზრდაა, ოცი წლის თუ იქნება.

- ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? კოშმარია. შეხედე, თვალები ფოსოებში რა ახლო-ახლოს აქვს ჩასმული; პაწაწინა თვალები,... ლამის ერთმანეთს მიწებებული.

- და რა მოხდა მერე? არც კი შემიმჩნევია. ვფიქრობ არც იმ გოგონას დაუნახავს ოფიციანტის თვალები. აგერ, იმას, თავის მომხიბლაობაში ასე დარწმუნებული რომ ჩანს.

- მისდა საბედნიეროდ! წინააღმდეგ შემთხვევაში თავი ექნებოდა მოსაკლავი. აბა, ერთი იმ სომელიეს სპირტიანი სასმელებით მოვაჭრეს დააკვირდი. ერთი გვერდითა კბილი აკლია. შენ ვერც კი შეამჩნიე, მე კი თვალს ვერ ვუსწორებდი, როცა გველაპარაკებოდა.

- რა ქნას, ელენე, ადამიანებთან საუბარზე უარს ხომ არ იტყვის მხოლოდ იმის გამო, რომ ერთი კბილი დაკარგა?

- რატომაც არა? მე ვიტყოდი.

- უკბილობის გამო მას მეორეხარისხოვან ადამიანთა კატეგორიაში ვერ გავამწესებთ. მგონი, შენ მეხუმრები ან მაბრაზებ. კაცობრიობა სრულყოფილ კბილებამდე არამც და არამც არ დაიყვანება.

როცა ანტუანი მსგავს ზოგადთეორიულ დასკვნებზე გადადიოდა, შეკამათება და დაჟინება ელენის სიუხეშისა და უსაქციელობის გამოვლინებად ეჩვენებოდა.

- კიდევ რას იტყვი?

- აბა, მეზობელ მაგიდასთან მსხდომებს შეხედე.

- მერე?

- ბებრები არიან.

- ეს მათი ნაკლია?

- ისურვებდი, რომ მათ დავმსგავსებოდი? მოჩვარული კანი, გამოვარდნილი მუცელი და ჩამოწელილი ძუძუები რომ მქონოდა?

- თუ ნებას დამრთავდი, ვფიქრობ, სიბერეშიც მეყვარებოდი.

- კაი, რა, სისულელეებს ნუ როშავ! ახლა, აი, იმ გოგონაზე რას იტყვი?

- რა იყო? იმ საწყალ მოზარდს რაღა აღმოუჩინე?

- უკვე ამ ასაკში ჰგავს კაპას დედაკაცს. შეგიძლია წარმოიდგინო, რა ხასიათი ექნება? შეხედე, შეხედე... კისერი საერთოდ არ აქვს. ასეთი უნდა შეიცოდო, აბა, სხვა რა უნდა ქნა?! მისი მშობლების პატრონი სხვანაირი, ცხადია, ვერ იქნებოდა.

- მის მშობლებს რაღა სჭირთ ისეთი?

- მამას პარიკი ახურავს, დედას კი ჩიყვი სჭირს.

ანტუანმა თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა გადაიხარხარა. ელენესი არ სჯეროდა, ფიქრობდა, რომ მსგავს დეტალებს განგებ ეძებდა, გასართობად სკეჩი რომ შეეთხზა. სინამდვილეში კი ელენეს სერიოზულად უფუჭდებოდა გუნება იმის გამო, რაც მის კრიტიკულ მზერას ვერ გამოეპარა.

როცა თვრამეტიოდე წლის ტალღოვანთმიანმა ოფიციანტმა მათ ჩაი მოართვა, ანტუანი ელენესკენ გადაიხარა: - ამაზე რას იტყვი? მშვენიერი ყმაწვილია, ვერაფერს დაუწუნებ.

- ეტყობა, ვერ ამჩნევ, როგორი ცხიმიანი კანი აქვს. ვერც შავ წერტილებს - ცხვირზე. უზომოდ გაფართოებული ფორები აქვს.

- მე კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ უბნის ყველა გოგოს ძილი აქვს მის გამო დაკარგული.

- ყველაფერთან ერთად იცი, რა სტილის ბიჭებს მაგონებს? გარეგნულ იერს ერთი შეხედვით ვერაფერს რომ ვერ დაუწუნებ, არადა სწორედ აქ გვმართებს სიფრთხილე, ბატონებო! სწორედ ასეთების ჰიგიენაა საეჭვო. ფეხის ცერა თითზე სოკოვანი გამონაზარდი არ უნდა გამორიცხო და საერთოდ, ამ ვაჟბატონთან გახდისას ნამდვილად უნდა ელოდო სიურპრიზებს.

- უკვე აჭარბებ. ვიგრძენი, რომ ბიჭს სუნამოც კი ჰქონდა მიპკურებული.

- აი, ეს არის სწორედ საშინელების მომასწავებელი. ოდეკოლონებში მობანავე ბიჭები ნამდვილად ვერ გამოირჩევიან იდეალური სისუფთავით.

ელენემ კინაღამ დაამატა: დამიჯერე, ვიცი, რასაც ვამბობ, ამ სფეროში ჭკუა ნამდვილად არ მესწავლებაო, მაგრამ მამაკაცთა კოლექციონერის საკუთარ წარსულზე მინიშნებისაგან თავი შეიკავა. ყველაფერს რომ შევეშვათ, თავადაც არაფერი იცოდა, თუ რა შეიძლებოდა ანტუანს ამის შესახებ სცოდნოდა. ანტუანს, რომელიც, მადლობა უფალს, სხვა უნივერსიტეტში სწავლობდა.

ანტუანი ისე ჩაბჟირდა, რომ ელენეს ამ თემის განვრცობის სურვილი გაუქრა და დადუმდა.

მომდევნო საათებში ელენეს ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს უფსკრულზე გაჭიმულ ბაგირზე მიაბიჯებდა: ოდნავი ყურადღების მოდუნება და სევდის მორევში გადაჩეხვა ერთი იქნებოდა. რამდენჯერმე მისი სიღრმეც კი წარმოიდგინა: სევდა მაგნიტივით იზიდავდა, გადახტომასა და მასთან შერწყმას უბრძანებდა. ელენე თავბრუსხვევამ და ვარდნის სურვილმა აიტანა. თავის გადასარჩენად მთელი ძალით ჩაებღაუჭა ანტუანის ოპტიმიზმს, რომელიც დაუღალავად და ღიმილიანი სახით ისე აღუწერდა სამყაროს, როგორც თავად აღიქვამდა.

საღამოს, ვილაში დაბრუნების შემდეგ, წყვილი სიყვარულის მორევში უკანმოუხედავად გადაეშვა.

ანტუანი კანიდან ძვრებოდა, რა ილეთები არ გამოიგონა, ოღონდ ელენესთვის განცხრომის სრული შეგრძნება მიენიჭებინა. ელენეც თავის მხრივ ეცადა, გაღიზიანება დაეცხრო და დამთრგუნველ დეტალებზე თვალი დაეხუჭა. დიდი ძალისხმევა კი დასჭირდა, ანტუანის შემოთავაზებული თამაშის წესები რომ ეღიარებინა.

ელენე საშინლად დაიღალა. ანტუანს აზრდაც არ მოსვლია, გაეაზრებინა იმ წინააღმდეგობის მასშტაბურობა, ელენე მთელი დღის განმავლობაში რომ უწევდა.

გარეთ ქარბუქი ფიჭვების წელში გადატეხვას ლამობდა. წარმოიდგინეთ გემი, რომლის აფრებსაც უეცრად ამოვარდნილი გრიგალი ეძგერება.

მოგვიანებით ორივენი სანთლის შუქზე საუკუნოვანი ჭერის ძელებს ქვეშ საუკეთესო ღვინოს წრუპავდნენ (მის დასახელებაზეც კი მოადგებოდა ადამიანს პირში ნერწყვი). მოულოდნელად ანტუანმა ელენეს ჰკითხა: - ჯანდაბას, შეიძლება დედამიწის ზურგზე ყველაზე უბედურ ადამიანად ვიქცე, მაგრამ ერთ კითხვაზე მაინც უნდა მიპასუხო: გახდები თუ არა ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი?

ელენესთვის ნერვებს შესაძლებელია წუთი-წუთზე ემტყუნა.

- შენ გახდები უბედური? შენ, ანტუანი? არა, შენ ეს ნამდვილად არ გემუქრება. შენ ხომ ყველაფერს დადებითი კუთხით აღიქვამ.

- გარწმუნებ, თუ უარს მეტყვი, ძალიან ცუდად გავხდები. მთელ იმედს მხოლოდ შენზე ვამყარებ. მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია ბედნიერი ან უბედური გამხადო.

საბოლოო ჯამში, რასაც ანტუანი ყბედობდა, ელენეს საკმაოდ ბანალური ეჩვენა. ასე იქცევიან ხოლმე მამაკაცები, როცა ქალს ხელსა და გულს სთავაზობენ და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით თავბრუს ახვევენ. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ორმეტრიანი, ენერგიის კონცენტრატის, სიამოვნებისათვის დამუხტული 90-კილოიანი მასისგან მოსმენილი წინადადება ელენეს პატივმოყვარეობას მოელამუნა.

ელენე ფიქრებს მიეცა. „შესაძლებელია თუ არა ბედნიერება გადამდები იყოს? მიყვარს კი საერთოდ ანტუანი? ის მართლა პატივს მცემს, მეცხრე ცაზე ავყავარ და ძალიან მართობს. თუმცა, ამ გაუთავებელი ოპტიმიზმით საშინლად მაღიზიანებს...“

ელენემ ისიც კი გაიფიქრა, რომ სინამდვილეში ვერ იტანდა ანტუანს. ისინი ხომ აბსოლუტურად განსხვავებულები იყვნენ ერთმანეთისგან; ნუთუ შესაძლებელია ქალი საკუთარ ინტიმურ მტერს მისთხოვდეს? ეჭვსგარეშეა, რომ არა. მაგრამ საინტერესოა, რა სჭირდებოდა ელენეს? ქალს, ყოველ ცისმარე დილას მოშხამულ გუნებაზე რომ იღვიძებდა, ყველაფერი მახინჯი, დაუსრულებელი და ფუჭი ეჩვენებოდა.

ელენეს მისგან განსხვავებული ადამიანი სჭირდებოდა და ანტუანიც ხომ სწორედ მისი ანტიპოდი გახლდათ. სიყვარულით ნამდვილად არ უყვარდა, მაგრამ ისიც ხომ ცხადი იყო, რომ მაინც სჭირდებოდა ანტუანი, ან მისი მსგავსი ვინმე. ეგულებოდა კი გარშემო ის სხვა ვინმე? ამ მომენტში ვერავის იხსენებდა. შეეძლო მოცდაც. კი, რა თქმა უნდა, მოცდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. კეთილი, მაგრამ რამდენ ხანს უნდა ეცადა? თან ისიც საკითხავია, სხვები იქნებოდნენ თუ არა ისეთი მომთმენნი, როგორიც ანტუანი იყო? თავად ეყოფოდა კი მოთმინება, დალოდებოდა და დალოდებოდა? რას? ვის? სინამდვილეში ელენე მამაკაცებს არაფრად აგდებდა. გათხოვება, შვილების აღზრდით ტკბობა მის გეგმებში არ შედიოდა. ყველა სიკეთესთან ერთად, როგორც ჩანს, ამინდი ხვალისთვის გამოდარებას სულაც არ აპირებდა. ო, როგორ გაუჭირდება ამ მომაკვდინებელ სევდასთან გამკლავება.

ყველა ეს მიზეზი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ელენეს სასწრაფოდ ეპასუხა: „დიახ!“

პარიზში დაბრუნებულმა წყვილმა ნიშნობისა და მომავალი ქორწილის შესახებ საქვეყნოდ გამოაცხადა. ნაცნობ-მეგობრებმა აღფრთოვანებული შეძახილები არ დაიშურეს.

- ელენე, არ იცი, როგორ შეიცვალე.

თავიდან ელენე პასუხისგან თავს იკავებდა, შემდეგ იმის ინტერესით, თუ სადამდე შეეძლოთ შეეტოპათ, გასამხნევებლად ერთ-ორ სიტყვას წააშველებდა: - რას ამბობ? მართლა ასე ფიქრობ? ნუთუ?

ხაფანგში გაბმულნი კი განავრცობდნენ: - ვერაფრით წარმოვიდგენდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდებოდა მამაკაცი, რომელიც გაგიტაცებდა და დაგაწყნარებდა. აქამდე ვერავინ მოგაწონა თავი, ვერავინ დაიმსახურა შენი წყალობა. ყველას და ყველაფერს არასრულყოფილების იარლიყი მიაკერე. საკუთარი თავიც არ დაინდე. დარწმუნებულები ვიყავით, ვერც მამაკაცი, ვერც ქალი, ვერც ძაღლი ან კატა, ვერც წითელი თევზი ვერ შეძლებდა შენს წუთიერ დაინტერესებასაც კი.

- ანტუანმა ეს მოახერხა.

- რა საიდუმლო აქვს ასეთი?

- არ გეტყვით.

- შესაძლოა სწორედ ამას ჰქვია სიყვარული. აქედან დასკვნა: იმედი არასდროს არ უნდა დაკარგო.

ელენეს საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს.

სინამდვილეში მხოლოდ მან ერთმა იცოდა, რომ იოტისოდენა მეტამორფოზაც არ განუცდია. უბრალოდ დუმდა. ეს იყო და ეს. მის შეგნებაში ცხოვრება ისევ ისეთივე გონჯი, სულელური, არასრულყოფილი, იმედგაცრუებებით აღსავსე და არადამაკმაყოფილებელი რჩებოდა. შეიცვალა მხოლოდ ერთი რამ - ელენეს აზრებს ამჯერად გარეთ პარპაშის შანსი დაეხშოთ.

და რა მოუტანა ანტუანმა? ალიკაპი! ნაკლებად იღრინებოდა, საკუთარი აზრების გადმოლაგებას თავს არიდებდა. ერთი რამ არ შეცვლილა: რეალობის დადებითად აღქმის უნარი საერთოდ დაუბლაგვდა. ყოველ სახეზე, ყოველ მაგიდაზე, ბინასა თუ სპექტაკლზე მისი მზერა მხოლოდ გამოუსწორებელ ნაკლს ხედავდა; მისი წარმოსახვა დაუღალავად განაგრძობდა ადამიანთა იერის გადაკეთებას, მაკიაჟის, მაგიდის გადასაფარებლების, ხელსახოცებისა და დანა-ჩანგლების შესწორებას, ძველი ტიხრების ნგრევას და ახლების შენებას, ავეჯის სანაგვეში გადაყრას, ფარდების ჩამოხევას, წარმოდგენებზე ახალბედა მსახიობების ცვლას, თეატრში პიესიდან მეორე მოქმედების საერთოდ ამოგდებას, ფილმში კვანძის გახსნის გაუქმებას... ელენე ახალი ადამიანების გაცნობისას მათში უწინდებურად მხოლოდ მათ სიბრიყვეს ან სისუსტეს ამჩნევდა, ოღონდ მასზე ხმამაღლა არამც და არამც არ ლაპარაკობდა.

ქორწინებიდან ერთი წლის თავზე, რომელსაც აღწერდა, როგორც „თავისი ცხოვრების“ ყველაზე ლამაზ დღეს, ელენეს ვაჟი შეეძინა. ბავშვი ხელში გადასცეს თუ არა, მაშინვე „მახინჯად და უსუსურად“ მონათლა. მიუხედავად ყველაფრისა, ანტუანმა ახლადშობილს „მაქსიმი“, „ჩემი საყვარელი“ დაარქვა. ელენემ თავს ძალა დაატანა, ქმრისთვის მიებაძა. იმ დღიდან მოყოლებული ეს ერთი ციდა სხეულის ნაჭერი, ქვეშაფსია, ქვეშაჯვია და მჩხავანა, დაბადებისას დედას ლამის ნაწლავები რომ გამოაყრევინა, რამდენიმე წლით მისი გამუდმებული ზრუნვის ობიექტად იქცა. მაქსიმს ცეროდენა „ბერენსი“ მოჰყვა, რომლის სათაკილო თმის ბღუჯა კინკრიხოზე თავიდანვე ვერ აიტანა, თუმცა უწინდებურად სამაგალითო დედის ნიღაბი მოირგო. ელენე იმდენად ვეღარ იტანდა საკუთარ თავს, რომ გადაწყვიტა, გონების წიაღსვლები დაბადებისთანავე დაესამარებინა და ყველაფერი ანტუანის თვალებით აღექვა. ელენე მხოლოდ საკუთარი არსების ზედაპირზე ცხოვრობდა, ნამდვილ „მეს“ კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ქალი, რომელიც განაგრძობდა სიძულვილს, კრიტიკას, ლანძღვას და გაკიცხვას, ვერ ეგუებოდა მიჩენილ საკანს, ურახუნებდა მუშტებს კარზე და მთელი ხმით გაჰყვიროდა, გისოსებიდან განთავისუფლებას ევედრებოდა.

ანტუანი კი ელენეს უასაზღვრო სიყვარულით შესცქეროდა; ზურგზე მოფერებისას ან კისერზე ამბორისას ჩურჩულებდა: „ჩემი ცხოვრების ქალი, ჩემი ცხოვრების ქალი...“

- მისი ცხოვრების ქალი? ყველაფერი რომ ავწონ-დავწონოთ ეს არც ისე ბევრი რამაა, - არ ცხრებოდა საკანში გამოკეტილი ტყვე.

- არც ესაა ურიგო, - პასუხობდა ციხის მცველი.

აი ასე, ჩემო ბატონო. ეს არ გახლდათ ნამდვილი ბედნიერება, მხოლოდ მისი უბადრუკი იმიტაცია იყო, ზეგავლენას დაქვემდებარებული ბედნიერება.

- ილუზია, - განაგრძობდა ტყვე.

- ხმა ჩაიგდე! - იღრინებოდა მცველი.

როცა შეატყობინეს, ანტუანი ხეივანში სეირნობისას მიწაზე მოწყვეტით გაიშხლართაო, ელენემ თავგანწირვით იღრიალა. ბაღში ასეთი სისწრაფით მხოლოდ იმიტომ მირბოდა, სხვებისთვის დაემტკიცებინა, რომ რაც ახლახან აუწყეს, წმინდა წყლის სიცრუე იყო; არა, ანტუანი არ იყო მკვდარი! არა, ანტუანი თაკარა მზეზე ასე უცაბედად არ წაიქცეოდა. მართალია, გული აწუხებდა, მაგრამ ანტუანი ცხოვრებას ასე მოულოდნელად ვერ შეწყვეტდა.

ნუთუ ანევრიზმა გასკდა? არა, არა, ეს უბრალოდ სასაცილოა... არა, ამხელა დევს მიწაზე ვერაფერი გააგორებდა. 45 წლის ასაკში არ კვდებიან! ო, რა იდიოტები არიან ადამიანები! ცრუპენტელათა ხროვა და სხვა არაფერი.

მიუხედავად ყველაფრისა, ელენე დაცემულის გვრედით ჩაიმუხლა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ ეს უკვე აღარ იყო ანტუანი. ეს იყო შადრევნის ახლოს დაგდებული ცხედარი... სულ სხვა ვინმე... ხორცისა და ძვლებისაგან შეკოწიწებული, ანტუანს მიმსგავსებული მანეკენი...

ელენე ვეღარ გრძნობდა იმ ენერგიას, ანტუანი რომ აფრქვევდა. სადღა იყო მისი ელექტროსადგური, რომელთანაც მუდმივად მიერთებასა და დამუხტვას საჭიროებდა? ეს იყო მხოლოდ მისი ფერმკრთალი და გათოშილი ორეული.

ოთხად მოკეცილი ელენე აქვითინდა. მის ბაგეებს ვერც ერთი სიტყვა ვერ მოსწყდა. მხოლოდ ანტუანის გაყინულ ხელებს ეფერებოდა, უჭერდა. ხელებს, ამდენი სიხარული რომ აჩუქეს მას; ექიმები იძულებულები გახდნენ, ძალით გაეშორებინათ ცოლ-ქმარი ერთმანეთისგან.

- თქვენი ძალიან კარგად გვესმის, ქალბატონო. გვერწმუნეთ, გვესმის და ვიზიარებთ თქვენს მდგომარეობას.

არა, მათ არაფერი ესმოდათ! ანტუანი რომ არა, ის ხომ ვერასდროს იგრძნობდა თავს ვერც მეუღლედ და ვერც დედად. ქვრივი როგორი უნდა ყოფილიყო? თუ ანტუანი გაქრება, როგორ უნდა მოიქცეს თავად?

გასვენების დღეს ელენემ უგულებელყო ამ დღისთვის შესაფერისი ქცევის ყველა კანონი და სახტად დატოვა საზოგადოება თავისი მწუხარების თითქმის აგრესიული გამოხატვით. საფლავში ჩასვენებამდე კუბოზე გაიშოტა, შემდეგ მთელი ძალით ჩაებღაუჭა, გეგონება მასთან განშორებას არ აპირებსო.

მხოლოდ მშობლების დაჟინებულმა თხოვნამ და მოგვიანებით 15 და 16 წლის ბავშვების მუდარამ იქონია ზემოქმედება - ელენე კუბოს ააგლიჯეს.

ანტუანის ცხედარი მიწაში გაუჩინარდა.

ელენე თავის თავში ჩაიკეტა. მისი მდგომარეობა ნაცნობ-მეგობრებმა „დეპრესიად“ მონათლეს. სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზული იყო.

ახლა ის თავის თავში გამომწყვდეულ ორ ტუსაღს აკონტროლებდა. აზრის გამოთქმის უფლება ერთსაც წაერთვა და მეორესაც. სიმუნჯით საერთოდ სურდა ფიქრისთვის ზურგი შეექცია. დიახ შეწყვიტა ფიქრი, როგორც ანტუანის გაცნობამდე. უარი ეთქვა ფიქრზე, როგორც ანტუანთან თანაცხოვრებისას. ორივე ელენემ მოჭამა თავისი დრო. ამჟამად კი არც ძალა ჰქონდა და არც სურვილი, შეექმნა მესამე.

ელენე სიტყვაძუნწი გახდა. საუბრობდა ცოტას. მისი ლექსიკონი რამდენიმე ბანალური სიტყვით შემოიფარგლა: გამარჯობა, ნახვამდის, გმადლობ, საღამო მშვიდობისა. შეძლებისდაგვარად უვლიდა თავს, კვირების განმავლობაში ერთსა და იმავე სამოსს ატარებდა. ღამეს ელოდა, როგორც შვებას, განთავისუფლებას, თუმცა ვერც ღამით ისვენებდა, საშინელი უძილობა დასჩემდა. თავს ჩართული ტელევიზორის წინ ქსოვით იქცევდა. გამოსახულებას ზედ არ უყურებდა, მხოლოდ საქსოვი თვლების რაოდენობის დაცვაზე ზრუნავდა. ანტუანის წყალობით მისი ცხოვრება მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო; დაბანდებული ფული სერიოზულ პროცენტებს უბრუნებდა, დარჩა უძრავი ქონებაც. ელენე კმაყოფილდებოდა ოჯახის ბუღალტრის ანგარიშის თვეში ერთხელ მოსმენით. უფრო სწორად, თავს იკატუნებდა, რომ უსმენდა. ბავშვები, მას შემდეგ, რაც დედის გამოჯანმრთელების იმედი გადაეწურათ, მამის კვალს გაჰყვნენ - მოეწყვნენ უმაღლეს სასწავლებელში და მთელი ენერგია ღირებული სწავლა-განათლების მიღებას შესწირეს.

გავიდა რამდენიმე წელი. მიუხედავად ასაკისა, ელენეს ხიბლი და მიმზიდველობა არ დაუკარგავს. კარგად ბერდებოდა, როგორც იტყვიან. ის კია, რომ სხეულს - წონას, კანს, კუნთებს, მოქნილობას, - გამუდმებულ მზრუნველობას არ აკლებდა. იმ კოლექციონერს დაემსგავსა, ჩვრით ხელში ვიტრინაში შემოწყობილ ფაიფურის ქანდაკებებს დაუღალავად რომ აცლის მტვერს და აპრიალებს. როცა საკუთარ სილუეტს სარკეში მოჰკრავდა თვალს, თავს მუზეუმის ექსპონატად აღიქვამდა, ღირსეულ, სევდიან, დაფასებულ დედად, იშვიათად რომ გამოაჩენენ ტრადიციულ საოჯახო თავყრილობებზე,- მაგალითად, ქორწილზე, ნათლობაზე ან სხვა ხმაურიან ინკვიზიტორულ ცერემონიებზე. ო, რა ნერვების ფასად უჯდებოდა ყოველი ასეთი გამოჩენა! რაც შეეხება დუმილს, ისევ ძველებური სიტყვაძუნწობის ერთგული დარჩა. არაფერზე არ ფიქრობდა, არც რამე აზრის გამოთქმის სურვილი იპყრობდა ოდესმე.

ერთ მშვენიერ დღეს სრულიად მოულოდნელად ელენეს თავში ერთმა აზრმა გაუელვა: „სამოგზაუროდ ხომ არ წავსულიყავი? ანტუანი ხომ გიჟდებოდა თავგადასავლებზე, სამსახურს გარეთ მხოლოდ ერთი სურვილი არ აძლევდა მოსვენებას - მოგზაურობა. სამწუხაროა, რომ ამ ოცნებას ფრთები ვერ შეასხა; იქნებ მის მაგივრად მე ავასრულო...“

მოტივაციის მიზეზების გარკვევას ელენე არ ჩაღრმავებია. არც უფიქრია, რომ ეს შესაძლოა ცხოვრებისკენ შემობრუნების ან თუნდაც ვნების განცდის სურვილის მანიშნებელი ყოფილიყო. ჩემოდნების ჩალაგებისას ერთხელ მაინც რომ ეფიქრა, ამ ნაბიჯის გადადგმით სამყაროს შესახებ ძველებურ კეთილგანწყობას დაიბრუნებდა, სურვილს ჩანასახშივე ჩაახშობდა.

ელენე მაქსიმსა და ბერნისს ნაჩქარევად გამოემშვიდობა და აეროპორტისკენ გაქანდა. მისთვის მოგზაურობა ერთი ფეშენებელური სასტუმროდან მეორეში გადაბარგებას ნიშნავდა. ამგვარად უძვირეს აპარტამენტებში იცხოვრა. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხე მოიარა: ინდოეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ახლო აღმოსავლეთი. ყოველ ჯერზე ქსოვდა და ჩართული, ოღონდ ამჯერად განსხვავებულ ენაზე მოლაპარაკე ტელევიზორის წინ ეძინა. ყოველ ჯერზე თავს აიძულებდა, სასტუმროს მიერ შემოთავაზებულ რომელიმე ექსკურსიაზე ჩაწერილიყო (ამაზე უარის თქმას ცხადია, ანტუანი არ მოუწონებდა). თუმცა, უცნობი ქალაქების ღირშესანიშნაობებს უემოციოდ ათვალიერებდა, მასზე შთაბეჭდილება არაფერს მოუხდენია. მხოლოდ სამგანზომილებიანი სივრცე თუ დაარწმუნებდა სასტუმროს ჰოლში გამოფენილი საფოსტო ბარათების რეალობაში. ამის იქით მისი დაინტერესება არ ვრცელდებოდა... ღია ცისფერ ტარისკონგადაკრულ შვიდ ჩემოდანთან ერთად, ელენე თან დაათრევდა საკუთარ უუნარობას. მხოლოდ გადაფრენებს აეროპორტიდან აეროპორტში, ტრანზიტსა და გადაჯდომებს შეეძლოთ მასში წამიერი გატაცების აღძვრა. აი, სწორედ მაშინ ეუფლებოდა უცნაური განცდა, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო... მაგრამ, როგორც კი დანიშნულების ადგილს ჩააღწევდა, ისევ გადაეშვებოდა ტაქსების, მებარგეების, პორტიეთა, ლიფტიორთა და დამლაგებელთა მისთვის კარგად ცნობილ სამყაროში და ისევ ყველაფერი ჩვეულ რიტმში დგებოდა.

ელენეს სულიერ ცხოვრებას სახეცვლილება მართალია არ განუცდია, მაგრამ სამაგიეროდ მისმა გარეცხოვრებამ შეიძინა გარკვეული კონტურები: გადაადგილება უცნობ ადგილებში, ჩასვლა, გამგზავრება; დალაპარაკების, უცხო ადამიანებთან სიტყვიერი კონტაქტის აუცილებლობა, უცხო ქვეყნების ფულის ერთეულების აღმოჩენა, რესტორნებში კერძების შერჩევა... მის გარშემო დიდი ჟრიამული და ორომტრიალი იდგა, ყველაფერი მოძრაობდა. თვითონ კი შინაგან აპათიას ვერა და ვერ დაეხსნა. სახელმწიფოდან სახელმწიფოში ხეტიალმა მისი ორივე ტყვე სიცოცხლეს გამოასალმა. ახლა მის გონებაში არც არავინ ფიქრობდა: არც ის პირქუში და კუშტი ელენე და არც ანტუანის მეუღლე. ეს ტოტალური ამოწყვეტა მისთვის სატარებლად ბევრად უფრო კომფორტული აღმოჩნდა.

მსგავსი განწყობით ელენე „კეთილი იმედის კონცხს“ მიადგა. რატომ მოახდინა აქაურობამ მასზე მსგავსი შთაბეჭდილება? იქნებ ყველაფრის თავი და თავი სახელწოდება იყო, - „კეთილი იმედის კონცხი“, - სამყაროს დასალიერი, რომელიც აუწყებდა, რომ ყველაზე მძიმე, ყველაზე ძნელი უკან ჩამოიტოვა?... იქნებ იმიტომ, რომ სტუდენტობის წლებში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას, ცხოველი ინტერესი გამოიჩინა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების მიმართ და ხელიც კი მოაწერა პეტიციას თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის თანასწორობის შესახებ? ან იქნებ იმიტომ, რომ ერთხელ ანტუანმა გამოთქვა სურვილი, მამული შეეძინა და სიბერის წლები იქ გაეტარებინა?... ელენემ აღფრთოვანების მიზეზს ვერა და ვერ მიაგნო... ყოველ შემთხვევაში, როცა ტერასაზე გასული ოკეანეს გადაჰყურებდა, გული საგულეში ვეღარ ეტეოდა.

- „სისხლიანი მერი“ მომიტანეთ, გეთაყვა.

აი, კიდევ ერთი გაოცება - ელენე არასდროს უკვეთავდა ამ კოქტეილს. არც ის ახსოვდა, საერთოდ მოსწონდა თუ არა ის.

ელენემ მზერა მუქ ნაცრისფერ ცას მიაპყრო და შენიშნა, რომ ცოტაც და, დამძიმებული პირქუში ღრუბლები წვიმის ნიაღვრებად დაატყდებოდა დედამიწას.

შორიახლო მამაკაცი იდგა. მისი ყურადღებაც ბუნების სტიქიონთა სპექტაკლს შთაენთქა.

ელენეს ლოყები დაესუსხა. თითქოსდა, ნემსებით ჩხვლეტდნენ. ღმერთო, რა ხდება მის თავს? მალე სახეზე ძლიერ მოაწვა სისხლი. კისრის ვენები დაებერა, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ელენეს ჰაერი არ ჰყოფნიდა და პირით დაიწყო სუნთქვა. ნუთუ გულის შეტევის მსხვერპლი უნდა გამხდარიყო?

და რატომაც არა? ერთ დღეს ხომ მაინც უნდა მოკვდეს. როგორც ჩანს, აღსასრულის დღემ მოაწია. ძალიანაც კარგი, თუ ეს აი, აქ მოხდება, ამ გრანდიოზული პეიზაჟის ფონზე. ნამდვილად, ყველაფერი აქ უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ. აი, თურმე რატომ დაეუფლა კიბეზე ასვლისას მომავალი მნიშვნელოვანი მოვლენის წინათგრძნობა.

ელენემ ხელები მოადუნა, მუჭები ნელ-ნელა გაშალა, დაიწყო ღრმა, ერთგვაროვანი რიტმული სუნთქვა და სიკვდილთან შესახვედრად მოემზადა. თვალდახუჭულმა თავი უკან გადააგდო და გაიფიქრა, რომ მზად იყო: ელენე თანახმაა სიკვდილზე.

არაფერიც არ მოხდა.

არათუ გონება არ დაუკარგავს, არამედ თვალების გახელისას იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ უკეთესად გრძნობდა თავს. რა? გამოდის, რომ შეუძლებელია საკუთარ სხეულს სიკვდილი უბრძანო. ნუთუ წარმოუდგენელია, ასე უბრალოდ ჩაქრე, როგორც სინათლის გამორთვისას?

ელენემ ტერასაზე ისევ უცხო მამაკაცისკენ გაიხედა: შორტებში ჩაცმულს ძლიერი, ლამაზი, დაკუნთული და ლარივით სწორი ფეხები გამოემზეურებინა. ელენე მის ტერფებს მიაშტერდა. ნეტა რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მამაკაცის ტერფები ბოლოჯერ შეათვალიერა? სინამდვილეში ელენეს გადაავიწყდა კიდეც, რომ ოდესღაც მოსწონდა მამაკაცის ტერფების ცქერა: ხიბლავდა მათი ურთიერთგამომრიცხავი, ხშირად შეუთავსებადი თვისებები, - სიმკვრივე ქუსლებში, სირბილე ცერა თითების არეში; ტერფები - ზემოდან უხეში და ხეშეში, ქვემოდან ამტანი, ჯანიანი; ტერფები, ნებისმიერი სხეულის სიმძიმეს რომ უძლებენ; ტერფები სუსტი და დაუცველი, ასე მგრძნობიარედ რომ რეაგირებენ ვნებიან მოფერებაზე. ელენეს მზერამ მალევე დატოვა ქვედა კიდურები და გეზი ფეხის კუნთებისკენ აიღო, აქ დიდხანს არ შეყოვნებულა და ბარძაყებისკენ გადაინაცვლა. მის კანქვეშ მოქცეული წნევა და სისხლის დუღილიც კი შეიგრძნო. გაკვირვებით შენიშნა, რომ სურდა, შეჰხებოდა ამ კანს და მოკლე, ღია ფერის ხავერდოვანი ბალნისთვის ხელის გული გადაესვა.

ელენემ, რომელსაც უკვე ნახევარი სამყარო შემოევლო და ათასი ჯურის სამოსი და მორთულობა ენახა, მიიჩნია, რომ ტერასაზე მისი დაკვირვების ობიექტი, რბილად რომ ვთქვათ, თავხედი იყო. როგორ ბედავს ფეხების აგრერიგად გაშიშვლება-გამოფენას? ნუთუ მართებულია საზოგადოებაში მსგავს შორტებში გამოკვართული გამოჩენა?

ელენემ მამაკაცი კიდევ ერთხელ შეათვალიერა და დაასკვნა, რომ ცდებოდა. ნეტა რას ერჩის? ჩვეულებრივი, სრულიად ნორმალური შორტი აცვია, მსგავსი ასობით მამაკაცზე უნახავს. ააა, მაშინ გამოდის, რომ შორტი კი არა, თვითონ...

მამაკაცმა უცხო მზერა იგრძნო და სწრაფად შემოტრიალდა. გაიღიმა. ოქროსფრად გარუჯული სახე ღრმა ნაოჭებს დაეღარა. მწვანე თვალებში სევდა ჩასდგომოდა.

დაბნეულმა ელენემ პასუხად უხერხულად გაუღიმა და მზერა ისევ ოკეანეს მიაპყრო. ნეტა რას ფიქრობს ჩემზე? რომ მის შებმას ვაპირებ? რა საშინელებაა! ისე, ელენეს ნამდვილად მოეწონა მისი სახის გამომეტყველება - პატიოსანი, ალალმართალი და გულწრფელი ვინმე ჩანდა, თუმცა ნაკვთებში აშკარად გამოსჭვიოდა სევდისა და მოწყენილობისკენ მიდრეკილება. რამდენის იქნება? მგონი, ჩემი ასაკის უნდა იყოს... სადღაც ორმოცდარვის... შესაძლოა ცოტა უმცროსიცაა. თუ ნარუჯით, ნაოჭებითა და სპორტული აღნაგობით ვიმსჯელებთ, ისიც ეტყობა, რომ არ მიეკუთვნება იმ მამაკაცების კატეგორიას, პლაჟზე წამდაუწუმ დამცავი კრემით რომ ითხიპნებიან.

მოულოდნელად ტერასაზე სამარისებრი სიჩუმე ჩამოწვა, ჰაერში მწერებმაც კი შეწყვიტეს ზუზუნი. ოთხ წამში წვიმის პირველი მსხვილი, მძიმე წვეთებიც ახმაურდა იატაკზე. სადღაც იქუხა და იგრუხუნა. იელვა. ძლიერი თქეშის მოახლოება საზეიმოდ გაცხადდა. კონტრასტები ცის ნათებაზე უფრო გამოიკვეთა, ფერები გაივსო და გამკვეთრდა, სინოტივე შეეპარა, როგორც აქაფებულ ტალღას, ოკეანის მოქცევისას ნაპირისკენ რომ მიისწრაფის.

- რა საშინელი ამინდია, - თქვა მამაკაცმა.

საკუთარმა პასუხმა ელენე სახტად დატოვა: - თქვენ ცდებით. კი არ უნდა თქვათ, რა საშინელი ამინდიაო, არამედ: „რა მშვენიერი წვიმიანი დღეა!“

მამაკაცი ელენესკენ შემობრუნდა და ქალი ყურადღებით შეათვალიერა.

ელენე გულწრფელი ჩანდა. იმწუთას მამაკაცი ორ რამეში დარწმუნდა ღრმად: მას ეს ქალი დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად სურდა და თუ მის დაუფლებას მოახერხებდა, აღარასდროს დაშორდებოდა.

ტეგები: Qwelly, ნოველები, შმიტი

ნახვა: 23

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 1 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters