← დასაწყისი

ივლისის მიწურული.

   მიბრუნდება ცხოვრების გემო. დამერწმუნეთ, ამისთვის დიდი ჯაფა არ დამდგომია. არ ვიცი როგორ, მაგრამ ცხოვრებას ახლა უფრო ვატან გემოს, ვიდრე წინათ, უფრო ნაზი, უფრო რბილი, ფუნჩულა, მოოქრული, ზომაზე შებრაწული მეჩვენება, ენაზე მადნება, კბილებქვეშ ხრაშუნი და ტკაცუნი გააქვს. მკვდრეთით აღმდგარის მადა მაქვს, რაღა! უჰ! უთუოდ გემრიელად ჭამა ლაზარემ!..
   ერთ დღეს, როდესაც მხიარული მუშაობის შემდეგ ამხანაგებთან ერთად სამსონის იარაღით ვფარიკაობდი, მორვანიდან მომავალი გლეხი შემოვიდა: - უსტა კოლა, გუშინწინ თქვენი ქალბატონი ვნახე.
- ცუღლუტო! ბედი გწვევია რაღა! როგორ არის დედაბერი? - შევეკითხე მე.
- ძალიან კარგად. მიემგზავრება.
- სად?
- დაოთხილი მიჰქრის იმ ქვეყანაში, რომელზეც ამბობენ, უკეთესიაო.
- მაგ რომ იქ მივა, უკეთესიც აღარ იქნება, - უგემურად გაიხუმრა ვიღაცამ.
მეორემ დასძინა: - დედაკაცი მიდის, შენ რჩები. შენი სადღეგრძელო იყოს, კოლაჯან! ცალად არ მოდის ბედნიერება.
სხვებს რომ არ ჩამოვრჩენოდი (თუმცა აღელვებული მაინც ვიყავი), ვთქვი: - გადავკრათ, ნათლიმამებო! უყვარს კაცი უფალს, რაკი ცოლს ართმევს, როცა ის მეტი ბარგია და არაფერში არგია.
უცბად ღვინო გამწარდა, ჭიქა ვერ დავცალე; ხელში კომბალი ავიღე და გზას გავუდექი ისე, რომ არავის დავმშვიდობებივარ. მიყვირეს: - სად მიდიხარ? რომელმა ბუზმა გიკბინა?
   მაგრამ მათ ძახილს ყური არ ვათხოვე. უკვე შორის ვიყავი წასული. გული მომდიოდა... იცით, რა გითხრათ, შესაძლოა, შენი დედაბერი არც გყვარებია, შეიძლება ოცდახუთი წლის მანძილზე დღე და ღამე ერთმანეთი გიმწარებიათ, მაგრამ, მაინც, როდესაც ცხვირპაჭუა მოდის მის წასაყვანად, ვინც ვიწრო საწოლზე თქვენთან ჩახუტებული ასე დიდხანს თავის ოფლს თქვენსაში ურევდა, ვისაც თავის მჭლე წიაღში თქვენი დათესილი ჯილაგის თესლი მოუყვანია და გაუხარებია, გრძნობთ, რომ რაღაცა გახრჩობთ, თითქოს სხეულის ნაწილს გგლეჯენო, და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გაუმწარებიხართ და არც ლამაზი ყოფილა, მაინც გეცოდებათ ისიც და თქვენი თავიც, გენანებათ თავიც და ისიც... დაე, უფალმა მომიტევოს! მაინც მიყვარს ჩემი დედაბერი.
   მეორე დღეს შეღამებისას მივაღწიე. შევხედე თუ არა, მივხვდი, პაჭუა მოქანდაკეს კარგად ეშრომა. დამსკდარი კანის დაჭმუჭნილი საბურველიდან სიკვდილის საზარელი სახე იცქირებოდა; მაგრამ ჩემთვის მისი უკანასკნელი დღის მოახლოების ყველაზე უდაო ნიშანი ის იყო, რომ დამინახა თუ არა, მითხრა: - ჩემო საბრალო, ძალიან ხომ არ დაიღალეო?
ამ ალერსიანმა სიტყვებმა გული გადამიბრუნა. ჩემთვის ვთქვი: „ეჭვი არ არის, საბრალო დედაბრის საქმე წასულია, რადგან გულკეთილი გამხდარა“.
საწოლთან მივუჯექი. ხელი ხელზე მოვკიდე. ძალზე დასუსტებულიყო, ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა და თვალებით მითხრა მადლობა. რომ გამემხნევებინა, ხუმრობა ვცადე. მოვუყევი, მეტად სულწასულ ჭირს როგორ ვუგანე. არაფერი იცოდა, რომ გაიგო, ისე აღელდა (დალახვროს ეშმაკმა, რა წინდაუხედავი ვარ), რომ გრძნობა დაკარგა და კინაღამ სული დალია. გონს რომ მოვიდა, დაუბრუნდა ენა (დიდება უფალს, დიდება უფალს!) და თავისი სიავე. ცახცახით, ბლუკუნით, სლუკუნით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა (რის თქმაც უნდოდა, ვერ ახერხებდა, რაც არ უნდოდა, იმას ამბობდა და ამაზე მეტად ბრაზობდა). და აი, ლანძღვა-გინება დამიწყო. მარცხვენდა, მათრევდა, რატომ არ შემატყობინე, უგულო ხარო, ძაღლზედაც უარესი, ღირსი იყავი ფაღარათისაგან საკუთარ ნეხვზე ძაღლივით მომკვდარიყავიო და ათასი სხვა საამო სიტყვები მაკადრა. ძლივს დააშოშმინეს. მე კი მითხრეს: - მოშორდი აქედან! ხომ ხედავ, გულსა სტკენ. გადი ცოტა ხნით.
გავიცინე. საწოლზე თავი დავხარე და ასე ვუთხარი: - დიდება ზეციერს! ახლა კი გიცანი, როგორიც იყავ, დარჩი ისეთივე ავი...
თათებით დავუჭირე ფამფალა ბებერი თავი და მთელი ძალით ორივე ლოყაზე ორჯერ ვაკოცე; მეორედ ატირდა.
   და აი, ორივე მშვიდად და ჩუმად მარტო დავრჩით ოთახში, სადაც კედლებში ხის ჭია სამგლოვიარო მუსიკას უკრავდა. ყველა მეზობელ ოთახში იყო გასული. დედაბერი მძიმედ სუნთქავდა. შევატყვე, ლაპარაკი უნდოდა.
ვუთხარი: - თავს ნუ დაიღლი, კეთილო. ოცდახუთი წლის განმავლობაში ერთმანეთისთვის ყველაფერი გვითქვამს. ერთმანეთისა უსიტყვოდ გვესმის.
მიპასუხა: - არაფერიც არ გვითქვამს და უნდა გითხრა, კოლა, თუ არ გითხარი, სამოთხესაც ვერ ვეღირსები...
- ეღირსები, ეღირსები, აუცილებლად ეღირსები.
- ვეღირსები და, სამოთხე მაინც ჯოჯოხეთის ნაღველზე მწარე იქნება. კოლა, მე შენთვის ავი, ანჩხლი ვიყავი...
- აჰ! არა, არა, - ვუპასუხე, - მართალია ცოტა მომჟავო კი იყავი, მაგრამ სიმჟავე ჯანმრთელობასა რგებს.
- ...ეჭვიანი, ბრაზიანი, კაპასი და ღრენია. ჩემი აშარი ხასიათით ვაქცევდი ოჯახს. შენთვის რა არ მიკადრებია...
ხელზე მოვუთათუნე: - ეგ არაფერი, სქელი კანი მაქვს.
ის კი ჩუმად განაგრძობდა: - ეს იმიტომ, რომ მიყვარდი.
სიცილით ვუთხარი: - ვაგლახ, რომ არ ვიცოდი. მაგრამ რა გაეწყობა, ყველამ თავისებური სიყვარული იცის. რატომ არაფერი მითხარი? შენს სიყვარულს კაცი ვერ მიხვდებოდა.
- მიყვარდი, შენ კი არ გიყვარდი. ამიტომაც შენ კეთილი იყავი, მე კი - ავი. იმიტომ მძულდი, რომ არ გიყვარდი. შენ ეს არ გაწუხებდა... შენ შენებურად იცინოდი, კოლა, ზუსტად ისე, როგორც დღეს... ღმერთო, როგორ გამტანჯა მაგ სიცილმა! მაგ სიცილს მოისხამდი, სეტყვასავით წამოსული ჩემი წუწუნისაგან თავი რომ დაგეცვა და მე შემეძლო მეწვიმა, რამდენიც მსურდა, მაინც ვერ გასველებდი, ყაჩაღო, აჰ! როგორ გამტანჯე. რამდენჯერ სიკვდილის პირად მივსულვარ, კოლა.
- ჩემო საბრალო, მე ხომ წყალი არ მიყვარს.
- ავაზაკო, კიდევ იცინი!.. ეჰ, კარგს შვრები, რომ იცინი. სიცილი ადამიანს ათბობს. ახლა, როდესაც მიწის სუსხმა ჩემს ფეხებამდე მოაღწია, შენი სიცილის ფასი მესმის; მათხოვე შენი სამოსი. იცინე, კოლა, იცინე, საყვარელო, იცინე, რამდენიც გენებოს. მეტს არ გავბრაზდები, შენ კი მაპატიე, კოლა.
   ვუთხარი: - ყოჩაღი ცოლი იყავი, მხნე და ერთგული, შეიძლება ყოველთვის საამური არ ყოფილხარ, მაგრამ სრულყოფილი არავინაა; სრულყოფილი ვინმე რომ იყოს, ეს იმის უპატივცემულობა იქნებოდა, ვინც იქ, მაღლა ზის; მასზე ამბობენ, ერთადერთი სრულქმნილიაო (მე ის არ მინახავს) და შავ დღეებში (არ ვამბობ ღამეს, ღამით ყველა კატა ნაცრისფერია, არამედ უბედურებისა და მჭლე ძროხების წლებში) არც ისე უშნო ჩანდი. ყოჩაღი, გამრჯე იყავი, ჯაფა არ დაგზარებია და შენი სიკუშტე, როდესაც მას ავბედობას უპირისპირებდი და ნაბიჯითაც არ იხევდი უკან, თითქმის ლამაზი მეჩვენებოდა. ახლა კი წარსულის მოგონებით თავს ნუ გავიმწარებთ, გვეყოს, რაც ერთხელ გადაგვიტანია: ქედი არ მოგვიხრია, არ გვიყვირია, სირცხვილი არ გვიჭამია. რაც გაკეთებულა, გაკეთებულია და გასაკეთებელი არაფერია. ჩვენი ცხოვრების ტვირთი აქამდე მოგვიტანია. თუ მისი აწონა საჭიროა, პატრონმა აწონოს! ჩვენ ეს არ გვესაქმება. უჰ! სული მოვითქვათ, ძმაკაცო. ახლა ისღა დაგვრჩენია, შევიხსნათ ღვედები, ზურგი რომ გადაგვიტყავა, და დავისრისოთ გათოშილი თითები, დავიზილოთ მხრები, შემდეგ ორმო ამოვთხაროთ, ჩავძვრეთ შიგ და ხვრინვა ამოვუშვათ. Requiescat! მშვიდობა მათდა, ვინც კარგად იშრომა! დავიძინოთ მარადიული და მშვიდი ძილით.
   ხელდაკრეფილი და თვალდახუჭული მისმენდა; როდესაც გავათავე, თვალები გაახილა; ხელი გამომიწოდა: - ღამე ნებისა, მეგობარო, ხვალ გამაღვიძებ. და რაკი ყველაფერში წესრიგი უყვარდა, ლოგინში გაიჭიმა, ზეწარი ნიკაპამდე მიიტანა ისე, რომ ერთი ნაოჭიც არ დატოვა, ჯვარცმა მიმჭკნარ მკერდზე მიიკრა, თვალები ჭერს მიაშტერა და სამგზავროდ გამზადებულმა ყოჩაღად ლოდინი იწყო.
   მაგრამ თურმე მის ბებერ ძვლებს, სანამდე მოსვენებას იგემებდნენ, კიდევ ერთხელ და უკანასკნელად, რათა ცოდვებისაგან განწმენდილიყვნენ, უბედურების გზით ამქვეყნიურ ცეცხლში უნდა გაევლოთ (ასეთია ჩვენი ხვედრი). ამ დროს გვერდითი კარი გაიღო, ოთახში დიასახლისი შემოვარდა და ყრუ ხმით იყვირა: - ჩქარა, ჩქარა მობრძანდით, უსტა კოლა!
ვერაფერს მივხვდი და ვკითხე: - რა ამბავია? ჩუმად ილაპარაკეთ.
შორეული მგზავრობისათვის უკვე გამზადებული ჩემი დედაბერი ქრისტეს მიერ გამოღვიძებულ ლაზარესავით სასიკვდილო სარეცელზე წამოიმართა და თითქოს უკვე ეტლში ჩამჯდარი, ჩვენ თავებს ზემოთ ხედავდა იმას, რასაც მე ვერ ვხედავდი, ხელები ჩვენკენ გამოიშვირა და იკივლა: - ჩემი გლოდი!
ამ კივილმა და მეზობელ ოთახში ხრინწიანმა ხველამ განმგმირა. მივხვდი. იქით გავიქეცი და დავინახე ჩემი საბრალო პატარა ტოროლა. სული შეკვროდა და თავისი პაწაწინა ხელებით ცდილობდა მოეშვა მარყუჟი, რომელიც ახრჩობდა. გაწითლებული, ალმოდებული თვალებით შველას გვევედრებოდა და დაჭრილ ჩიტუნიასავით ფართხალებდა...
   უძლური ვარ, არ ძალმიძს აგიწეროთ, თუ რა იყო ის ღამე. ახლაც, ხუთი გრძელი დღის შემდეგაც რომ მაგონდება, მუხლები მეკვეთება; უნდა დავჯდე. უჰ! მიმდის გული, ნება მომეცით, მოვითქვა სული... არა, განა შეიძლება იქ, მაღლა, ბრძანდებოდეს ბატონი, რომელსაც სიამოვნებს ასეთი პატარა არსების ტანჯვა, სიამოვნებს თავის თითებში მომწყვდეული სუსტი კისრების ტკაცა-ტკუცის სმენა, უხარია მათი ფართხალი და შეუძლია აიტანოს პატარა უცოდველთა გაკვირვებული და საყვედურით სავსე მზერა. მესმის, ბეგვო ჩემისთანა ბებერი ვირები, სცემო ის, ვისაც შეუძლია თავი დაიცვას, გაქირი, მუხლმაგარი ჭაკები. თუ ჩვენი ღრიალი გართობს, ბაშუსტა, კეთილი და პატიოსანი, მიდი, უფალო, რამდენიც შეგეძლოს. ადამიანი შენს ხატად არის შექმნილი. და რომ ყოველდღე, მისი არ იყოს, კეთილი არ ბრძანდებოდე, იყო ჭირვეული და ვერაგი, დროდადრო სიავე გიყვარდეს, ნგრევა გწყუროდეს, რაკი სისხლი გიდუღს, ან იმიტომ, რომ ცუდ ფეხზე ადექი და გინდა გამოსცადო შენი ძლიერება, მე ეგ სულაც არ გამიკვირდება. ჩვენ სრულწლოვნები ვართ, წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. როდესაც ძალიან შეგვაწუხებ, საკადრისს მოვაგებთ, პირფერობას არ დაგიწყებთ; მაგრამ რა საკადრისია ნიშანში ამოიღო პაწაწინა კრავები, რომელთაც ცხვირში ხელს თუ მოუჭერ, რძე წამოსდინდებათ. აუ, ზეციერო, შესდექ! ჩვენ ამას ვერ ავიტანთ, ეს მეტისმეტია! მეფეა თუ ღმერთია, ვინც ამას სჩადის, უფლებებს ბოროტად იყენებს. გაფრთხილებთ, ზეციერო, თუ ასე განაგრძე, ამას არ უნდა ბევრი ტიტინი, ძირს დაეცემა შენი გვირგვინი... მაგრამ დიდ პატივსა გცემ და არ მინდა დავიჯერო, რომ შენა ხარ ამის მოქმედი. მამაო ჩვენო, ასეთ ბოროტებას თუკი სჩადიხარ, უდავოა ორში ერთი: ან ბრმა ხარ სულაც, ან არ ხარ ღმერთი. ესე იგი, არ არსებობ... ვაიმე! რა უხამსი სიტყვა ვთქვი. ბოდიში, უკან მიმაქვს. საბუთად იმისა, რომ არსებობს, ისიც გეყოფათ, რომ ახლა ჩემთან მუსაიფობთ. რამდენჯერ გვიკამათია, რამდენჯერ გვიბაასია, ჩვენს შორის დარჩეს, და, რამდენჯერ გამიჩუმებიხართ, ჩემო ბატონო! ჰოდა, იმ ავბედით ღამეს რამდენი გეძახე, გაგინე, გწყევლე, უარგყავ, გევედრე, გემუდარე, რამდენჯერ აღვაპყრე ხელები მუდარით და მუშტი მუქარით. ამაოდ, არც კი განძრეულხარ. იმას მაინც ვერ იტყვი, რომ რამე დავიშურე, შენამდე რომ მომეღწია! დალახვროს ეშმაკმა, რადგანაც არ გსურს, არ გნებავს მისმინო, კარგად გნახე! მით უარესი შენთვის, უფალო! სხვებსაც ვიცნობ და შველას იმათ ვთხოვ...
   ავადმყოფთან მარტო მე და მოხუცი დიასახლისი ვიყავით. მარტინას მუცლის ტკივილი ეგრძნო გზაში და დორნესიში დარჩენილიყო. პატარა გლოდი ბებიასთვის დაეტოვებინათ. დილით, როდესაც დავინახეთ, რომ პატარა წამებული სიკვდილის პირას იყო მისული, უკანასკნელი ღონე ვიხმარეთ. ხელში ავიტაცე პაწაწინა, დაბეგვილი სხეული, ბუმბულზე უფრო მსუბუქი (ფართხალიც არ შეეძლო, ბეღურასავით ოდნავ თრთოდა, მხოლოდ დროდადრო თუ გააჟრჟოლებდა). ფანჯარაში გავიხედე. წვიმდა და ქარი ქროდა. ვარდს ფანჯრისაკენ დაეხარა თავი, თითქოს შემოსვლა უნდოდა. სიკვდილს თუ მოასწავებს-მეთქი, გავივლე გულში. პირჯვარი გადავისახე და მაინც გავედი. შმაგი და სველი ქარი შემოიჭრა კარში და, ქარიშხალს რომ არ დაექრო სიცოცხლის ლამპარი, ჩემ ჩიტუნიას თავზე ხელი მოვაფარე. მივდიოდი, ძღვენით მიმიძღოდა დიასახლისი. გზის პირა ტყეში შევედით. უსიტყვოდ მივაბიჯებდით. მალე ჭაობის ნაპირას მოკანკალე ვერხვი დავინახეთ, კოშკივით სწორი და მაღალი. ის მოქნილ ლერწმების ურდოზე მეფობდა. გარს შემოვუარეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. პატარა კვნესოდა და ქარი ფოთლებში მასავით ტიროდა. ბაფთის ერთი ბოლო გოგონას პაწაწინა ხელზე მოვაბით, მეორე კი - მოკანკალე ბებერ ხეზე და მე და უკბილო დიასახლისი მოვყევით ღაღადისს: იცახცახე, იცახცახე, ვერხვო მშვენიერო, წაიღე ჩემი კანკალი, ტურფავ ზეციერო.
წმინდა სამების სახელით გიბრძანებ, გემუდარები, მაგრამ თუ აღარ მომისმენ და თანაც გაჯიუტდები, აღარ დაგინდობ, იცოდე, მოგჭრი და ძირს გაგორდები.
   შემდეგ მოხუცმა დიასახლისმა ვერხვის ფესვებს შორის ორმო ამოთხარა, შიგ ხელადა ღვინო ჩაასხა, ორი ნიორი, ერთი ნაჭერი ქონი და ერთი ლიარდიჩადო და მიწაზე დაგდებულ ლერწმით სავსე ჩემს ქუდს კიდევ სამჯერ შემოვუარეთ. მესამე შემოვლაზე შიგ ჩავაფურთხე და ვთქვი: - გომბეშოებო, ჭაობის სულნო, დამყაყებულნო, ხუნაგმა წაგიღოთ, ხუნაგმა წაგიღოთ, ხუნაგმა წაგახრჩოთ!
   აქეთობას ტყის პირას კუნელის წინ დავიჩოქეთ, მის ძირში დავასვენეთ პატარა მომაკვდავი და სახელითა წმინდისა ეკლისათა შევევედრეთ ძესა უფლისასა. შინ რომ დავბრუნდით, პატარა მკვდარი გეგონებოდათ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კი შეგვეძლო. ასეთ ყოფაში ცოლს სიკვდილი არ სურდა. გლოდის სიყვარულმა სიცოცხლეს მიაჯაჭვა. შფოთავდა და კიოდა: - უფალო, აქედან არ წავალ. არ წავალ, იესო, ქალწულო მარიამ, სანამ არ ვნახავ და არ გავიგებ, რას უპირებთ ჩემს გლოდის, სანამ არ ვნახავ, მორჩება თუ არა. რასაკვირველია, უფლის წყალობით, მორჩება. მე მინდა, რომ მორჩეს, მე მინდა რომ მორჩეს; მითქვამს და გათავდა.
   მითქვამს და გათავდაო კი ამბობდა, მაგრამ უთუოდ ჯერ კიდევ ყველაფერი არ ჰქონდა ნათქვამი, რადგან ისევ თავიდან იწყებდა. უფალო! ან ამდენი ძალა და ღონე სად ჰქონდა. მე კი წეღან მეგონა, უკანასკნელი სუნთქვა აღმოხდა-მეთქი, მაგრამ თუ უკანასკნელი იყო, უნდა გამოვტყდე, ჯიგრიანი რამ იყო... ბრონიონ, საზიზღარო, კიდევ იცინი? არა გრცხვენია განა? რა ვქნა, ძმაკაცო? ისა ვარ, რაცა ვარ. ვიცინი, მაგრამ განა ნაკლებად ვიტანჯები? იცოცხლე, მე ვწუხდე, მაგრამ ტანჯვა ფრანგს სიცილს ვერ გადააჩვევს. იცინის თუ დარდობს, უნდა ყველაფერი ნახოს. გაუმარჯოს ორსახიან იანუსს, მუდამჟამს თვალხილულს!..
   ასე რომ, ნაკლებად როდი ვიტანჯებოდი, როდესაც მესმოდა საბრალო დედაბრის ქშენა და კვნესა; და მიუხედავად იმისა, რომ მასავით სასოწარკვეთილი ვიყავი, მაინც ვამშვიდებდი, ისე ველაპარაკებოდი, როგორც ბავშვებს ელაპარაკებიან, მზრუნველობით ზეწრებში ვფუთავდი. ის კი გაბრაზებული ხელს მკრავდა, ყვიროდა: - უხეირო! კაცი რომ იყო, ვერ შესძლებდი განა გადაგერჩინა პატარა, ერთი მითხარი, რისი მაქნისი ხარ, უქნარა? მკვდარი შენ უნდა იყო.
   ვუპასუხე: - რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე, მეც შენსავით ვფიქრობ, შენ მართალი ხარ, საყვარელო; ვინმეს რომ უნდოდეს, ჩემს ტყავს სიამოვნებით მივცემდი, მაგრამ, როგორც ჩანს, იქ, მაღლა, ჩემი ტყავი ხელს არ აძლევთ, უხეიროა: ბევრი შრომისაგან გაცვდა. მეც (ეს მართალია), შენი არ იყოს, მხოლოდ ტანჯვისათვის გამოვდგები. მაშ, უსიტყვოდ ვიტანჯოთ. ეგებ უფალმა მიითვალოს და ჩვენი საბრალო უმანკო კრავი აღარ გატანჯოს.
მაშინ ბებერი თავი თავზე მომაყრდნო და ჩვენს თვალთაგან დადენილი ცრემლი ჩვენს ლოყებზე შეერთდნენ. ოთახში სიკვდილის მთავარანგელოზის ფრთებისაგან დარხეული ბინდი წვებოდა.
   უეცრად გაჰქრა ანგელოზი. განათდა. ვინ მოახდინა ეს სასწაული? მამაზეციერმა თუ ტყის ღმერთებმა, ყოვლადმოწყალე ქრისტემ თუ მრისხანე მიწამ, რომელიც სახადებს ანთხევს და სვამს; ეს ჩემი ლოცვების შედეგი იყო, ჩემი ცოლის შიშის თუ ვერხვისთვის მირთმეული ძღვენისა, არავინ იცის. და მეც ამიტომ ყველას ერთბაშად შევწირე მადლი (ვფიქრობ, გონივრულად მოვიქეცი), ვისაც ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ (იქნებ ისინი ყველას სჯობდნენ) ასე იყო თუ ისე, ერთი რამ ცხადია (და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის), გლოდის ერთბაშად სიცხემ დაუკლო, ხორხში სუნთქვამ ნაკადულივით ჩუხჩუხი იწყო, ჩემი პატარა მიცვალებული სიკვდილის ანგელოზის კლანჭებს დაუძვრა და მკვდრეთით აღსდგა.
მაშინ ვიგრძენით, როგორ დადნა ჩვენი ბებერი გულები და ორივემ გალობა წამოვიწყეთ: „Nunc dimittis, უფალო!“ სიხარულის ცრემლებით დაეშვა დედაბერი, თავი ქვასავით დაუვარდა ბალიშზე და ამოიოხრა: - მორჩა, როგორც იქნა; ახლა შემიძლია მშვიდობით გავემგზავრო...
   მყისვე მზერა აემღვრა, ლოყები ჩაუცვივდა, სახე გაუფითრდა და თითქოს სიოს შემობერვაზე სულმაც მიატოვა. მე კი მის საწოლზე თავდახრილი, თითქოს მორევის სიღრმეს ვუყურებდი, უფსკრულს, სადაც გაუჩინარებული სხეულის ანაბეჭდი წუთით მოჩანს და მერე წყლის გრიალში იკარგება. თვალები დავუხუჭე, სანთელივით შუბლზე ვეამბორე, ნაჯაფი ხელები, რომელთაც მთელი სიცოცხლე მოსვენება არ ღირსებიათ, გულზე დავუკრიფე; უსიტყვოდ დავტოვე ჩამქრალი კანდელი, მერე გავედი და იმ ახალ ლამპარს მივუჯექი, რომელსაც ამიერიდან უნდა გაენათებინა ჩვენი ოჯახი. ვუყურებდი როგორ ეძინა პატარას. ალერსიანი ღიმილით ვუმზერდი და ვფიქრობდი (განა შეიძლება აკრძალო ფიქრი?): „საოცარი არ არის განა, ასეთ პატარა არსებას შეეთვისო? უიმისოდ თითქოს არარა ხარ. მასთან ერთად ყველაფერი, თვით ცუდიც კი, ასატანია. ეჰ! დაე, მოვკვდე, ეშმაკმაც წამიღოს! ოღონდ ამან იცოცხლოს, ოღონდ ამან იცხოვროს, დანარჩენი ფეხებზე მკიდია!.. არა! ეს მეტისმეტია. როგორ, საღი ვარ, ჯანმრთელი, მბრძანებელი ჩემი ხუთი გრძნობისა და კიდევ რამდენიმესი, რომელთა შორისაც ყველაზე დიდი ჩემი ბატონი გონიერება ბრძანდება; არასოდეს დავმდურებივარ ცხოვრებას, მუცლით ორმოცდაშვიდ წყრთა მუდამ ცარიელ ნაწლავს ვატარებ, ნათელი თავი მაქვს, ზუსტი მარჯვენა, მაგარი წვივები და კუნთები; ყოჩაღი მუშა ვარ, ნამდვილი ბურგუნდელი და მზად ვარ ყველაფერი შევწირო ამ პატარა ცხოველს, რომელსაც კარგად არც კი ვიცნობ. ბოლოს და ბოლოს, ვინ არის იგი? პაწაწა ტიკინა, თუთიყუში ტიტინა, ქმნილება, რომელიც არაფერია, მაგრამ შეიძლება ერთ დღეს იქცეს რამედ და აი, ამ რამესთვის უნდა ვფლანგო განა ჩემი: „მე ვარ, მე ვარ მე, და ჯიგრიანადაც ვარ, დალახვროს ეშმაკმა!“ ჰე! ჰე! საქმე სწორედ ისაა, რომ ეს „შეიძლება“ ჩემი უმშვენიერესი ყვავილია, ჩემი ცხოვრების წადილია. და როდესაც ჭიები ჩემი ხორცით გატყვრებიან და სხეული გაიხრწნება მსუქან სასაფლაოში, გავცოცხლდები, უფალო, ჩემს მეორე „მეში“, რომელიც უფრო ლამაზი, ბედნიერი და მშვენიერი იქნება... არა! აბა საიდან ვიცი, რომ უკეთესი იქნება? ან რატომ უნდა იქნეს ჩემზე უკეთესი? იმიტომ, რომ მხრებზე შემდგება, ჩემს საფლავზე გადაივლის და უფრო შორს დაინახავს... ჰეი, ჰეი, თქვენ, ვინც ჩემი წიაღიდან გამოსულხართ, ვინც სინათლეს შესვამთ, სინათლეს, რომელშიაც მისი მოტრფიალე ჩემი თვალები მეტს ვეღარ იბინავებენ, თქვენი თვალებით შევხედავ მომავალი დღეებისა და ღამეების რთველს, დიახ, თქვენი თვალებით დავინახავ ერთმანეთის შემცვლელ საუკუნეებსა და წლებს. მე ვტკბები იმით, რასაც წინდაწინ ვგრძნობ და იმითაც, რაც ჩემთვის უცნობია. ჩემს გარშემო ყველაფერი მიდის; მაგრამ მეც მივდივარ; მივდივარ შორს, უფრო შორს, უფრო მაღლა, საითაც თქვენ მიმაქროლებთ, არა ვარ მიჯაჭვული ჩემს პატარა მამულზე. და ჩემი ცხოვრების იქით, ჩემი მინდვრების მიღმა გაჭიმულან ორნატები და მიწასა და სივრცეს იხუტებენ გულში; ირმის ნახტომის მსგავსად თავიანთი ქსელით ფარავენ ლაჟვარდოვან კამარას. თქვენ ხართ ჩემი იმედი, სურვილი და თესლი, რომელსაც გულუხვად ვთეს დროის უსაზღვროებაში“.

*გაგრძელება*

ტეგები: Qwelly, ბრონიონი, კოლა, მოთხრობები, ნოველები, როლანი, სატირა, სიკვდილი

ნახვა: 223

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ობიექტური სასამართლოს მოლოდინის ხმაური, ექიმი საოკუპაციო ტყვეობაში და რეფინანსირება და თბილისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2019.
საათი: 11:44pm 0 კომენტარი

      სასამართლო საინფორმაციო ობიექტივის ფოკუსში იყო. ბევრ საქმეს შორის, რომელიც დღეს იმართებოდა, განსაკუთრებით აქტუალური და ხმაურიანი იყო, მოლოდინისამებრ, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო.…

გაგრძელება

კვლევა ცხელ კვალზე, აქციის შედეგები და დაკავებულების სასამართლო, ექიმი ოკუპაციურ ტყვეობაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      პიკეტირების, ბოქლომების, ქვიშებისა და შეშის აქციები არ აპირებენ დასრულებას, თუმცა სამუშაო კვირა უფრო მშვიდი და ნაკლებ ხმაურიანი გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრინიპში. მაგრამ ამ სიჩუმეში,…

გაგრძელება

პარლამენტის პიკეტირება და კარვობანა რუსთაველზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 18, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კვირით დაწყებული აქციები ორშაბათსაც გაგრძელდა და პიკეტირებული პარლამენტი სპეცრაზმით გათავისუფლდა - ცხადია დღის მთავარი თემა ეს იყო და რა თქმა უნდა, ახსენებდნენ პრორუსობისა და რუსეთუმეობის…

გაგრძელება

ცისარტყელა თურქულ არქიტექტურაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2019.
საათი: 10:38pm 0 კომენტარი

      ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters