შტეფან ცვაიგი - ლეგენდა ტყუპ დებზე

   სამხრეთის ერთ-ერთ ქალაქში, რომლის სახელიც სჯობს, არ დავასახელო, ვიწრო შესახვევი გავიარე და კუთხეში შევუხვიე. უცბად თვალწინ მეტად უცნაური შენობა წარმომიდგა, რომელსაც ორი მაღალი კოშკი ამშვენებდა. ეს კოშკები ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, საღამოს ბინდბუნდში ერთიმეორის ჩრდილი გეგონებოდათ. ეს არ გახლდათ ტაძარი, არც ძველებური სასახლე. მასიური, რაღაც მოკრძალების აღმძვრელი კედლებით უფრო მონასტერს მოგაგონებდათ, მაგრამ მის არქიტექტურას ნამდვილად საერთო ნაგებობის იერი დაჰკრავდა, თუმცა კაცი ვერ იტყოდა, რა დანიშნულება უნდა ჰქონოდა ამ შენობას. თავაზიანად მოვუხადე შლიაპა და ლოყებღაჟღაჟა კაცს მივუბრუნდი, რომელიც პატარა კაფეს ტერასაზე ქარვისფერ ღვინოს შეექცეოდა, და ვთხოვე, აეხსნა, რას ეძახდნენ ამ ნაგებობას, ასე ზვიადად რომ დასცქეროდა მეზობელი სახლების დაბალ სახურავებს. კაცმა განცვიფრებით შემომხედა, მერე გამიღიმა და აუჩქარებლად დაიწყო: - დანამდვილებით ვერც მე გეტყვით. ქალაქის გეგმაში ალბათ სულ სხვანაირად არის ჩანიშნული, ჩვენ კი ძველთაგანვე „დების კოშკს“ ვეძახით, რადგან ორივე კოშკი ისე ჰგავს ერთმანეთს, ან ვინ იცის, იქნებ იმიტომაც რომ...

   ენა დაება, ახლა აღარ იღიმებოდა. გამომცდელად ჩამხედა სახეში, თითქოს უნდოდა მიმხვდარიყო, მართლა აღმიძრა თუ არა ცნობისმოყვარეობა. მაგრამ მისმა ორჭოფულმა პასუხმა უფრო გამიცხოველა ინტერესი. მალე საუბარიც აეწყო და მეც სიამოვნებით შევექცეოდი იმასთან ერთად მჭახე ღვინოს. ნელ-ნელა ამოცურებულ მთვარის შუქზე რაღაც საოცრად მიმზიდველად ბრწყინავდა კოშკების ქონგურები. თბილი საღამო იყო, ღვინოც მომეწონა და ჩემი თანამესუფრის მონაყოლი მიმზიდველი ლეგენდაც ტყუპ დებზე, რასაც ახლა ზედმიწევნით ზუსტად გადმოგცემთ, მაგრამ ვერ მოგახსენებთ, რამდენად შეეფერება ისტორიულ სინამდვილეს.

   იმპერატორ თეოდოსეს ჯარები საზამთროდ აქვიტანიის მაშინდელ დედაქალაქში დაბანაკდნენ. როცა ჭენებისაგან დაღლილ ცხენებს კარგა ხნის დასვენების წყალობით კვლავ აბრეშუმივით აუბზინდათ ბალანი, ხოლო ჯარისკაცებს უსაქმურობისაგან მოწყენილობა დაეუფლათ, ცხენოსანი ჯარების უფროსს ჰერილუნტს ერთი ლამაზი მედუქნე შეუყვარდა, რომელიც ქალაქის განაპირას თაფლის კვერებითა და სანელებლებით ვაჭრობდა. ჰერილუნტი ისე აენთო ქალის სიყვარულით, რომ არად ჩააგდო მისი დაბალი შთამომავლობა და მისი გულში ჩაკვრის სწრაფად მოსურნემ მაშინვე ჯვარი დაიწერა და ბაზრის მოედანზე ერთ სასახლეში დაბინავდა. განმარტოებით მყოფთ რამდენიმე კვირა გაატარეს აქ. აღარც ხალხი აგონდებოდათ, არც ის, რა ხანმა განვლო, არც იმპერატორი და არც ომი. მაგრამ სანამ ისინი, სიყვარულით დანთქმულნი, ერთმანეთის ხვევნა-ალერსში ატარებდნენ ღამეებს, ხანი გამოხდა. მოულოდნელად სამხრეთიდან გაზაფხულის ნიავმა დაჰქროლა, მისმა ცხელმა სუნთქვამ გაალღვო გაყინული მდინარეები, მინდვრად ამოფეთქა იებმა. ხეები შეიფოთლა, გაყინულმა ტოტებმა კვირტები გამოიღო. გაზაფხულის ოხშივარი ასდიოდა მიწას. იმასთან ერთად ომმაც გამოიღვიძა. ერთხელ, გარიჟრაჟისას, სპილენძის ჩაქუჩის ხმამ კარებზე დილის ძილი დაუფრთხო მიჯნურთ. იმპერატორის ბრძანებით, მხედართმთავარს იარაღი უნდა აესხა, სალაშქროდ მომზადებულიყო. დაფდაფთა ხმა ჰაერს აყრუებდა, ქარი ფლეთდა დროშებს, შეკაზმული ცხენები ფლოქვებს სცემდნენ ბაზრის მოედნის ქვაფენილს. ჰერილუნტმა სწრაფად მოიშორა ნაზი ხელები ცოლისა, რომელთანაც ეს ზამთარი გაეტარებინა, რადგან სიყვარულის ლამპარზე უფრო ღვიოდა მის გულში პატივმოყვარეობა და ვაჟკაცური წყურვილი ბრძოლისა. ცოლის ცრემლებმა გული ვერ მოულბო, იმისი ნებაც კი არ მისცა, თან გაჰყოლოდა, დატოვა სასახლეში და თავისი ცხენოსანი ჯარით მავრიტანელთა მიწაზე შეიჭრა. შვიდ ბრძოლაში გაანადგურა მტერი, ცეცხლოვანი ნიჩბით გამოხვეტა სარკინოზთა ციხე-კოშკთაგან ნადავლი, დაიპყრო იმათი ქალაქები, გამარჯვებულმა ძარცვა-რბევით უკიდურეს ზღვამდე ვლო; აქ იალქნიანი ნავები და გალერები დაიჭირა, რომ უხვი ნადავლი სამშობლოში გადაეზიდა. არასოდეს გაუმარჯვნია ასე ელვის უსწრაფესად, არასოდეს ულაშქრია ასე დიდებულად და აბა რა საოცარია, თუ იმპერატორმა მადლობის ნიშნად სახელოვან მეომარს დაპყრობილი ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთი უბოძა საგამგებლოდ! ახლა ჰერილუნტს, რომელსაც აქამდე სამშობლოსა და ოჯახის მაგივრობას უნაგირი უწევდა, შეეძლო სიცოცხლის დღენი ნეტარებასა და მოსვენებაში გაეტარებინა, მაგრამ ესოდენ სწრაფი წარმატებით გაღიზიანებული, დაუმცხრალი პატივმოყვარეობა მეტს ითხოვდა. მას აღარ სურდა თავისი მბრძანებლის მოხარკეობა და ქვეშევრდომობა, მხოლოდ მეფური გვირგვინი მიაჩნდა ღირსეულ სამკაულად თავისი მეუღლის ნათელ შუბლზე. ბოროტების თესვა დაიწყო თავის ჯარში, რათა აემხედრებინა იგი იმპერატორის წინააღმდეგ. მაგრამ შეთქმულება ვერაგულად გასცეს. ჯერ კიდევ ბრძოლამდე დამარცხებულ, ეკლესიისაგან შერისხულ, მხედართაგან მიტოვებულ ჰერილუნტს ისღა დარჩენოდა, მთებისათვის შეეფარებინა თავი. იქ მოსყიდულმა გლეხებმა მძინარე მოჰკლეს შერისხული მხედართმთავარი.

   სწორედ იმ დროს, როცა რომაელმა ჯარისკაცებმა ფარდულში, ჩალაზე, მეამბოხის გასისხლიანებული გვამი იპოვნეს, ტანსაცმელი და ძვირფასეულობა შემოაგლიჯეს და შიშველი სანაგვეზე გადააგდეს, იმისმა ცოლმა, რომელმაც არაფერი იცოდა ქმრის დაღუპვისა, სასახლეში, ძვირფასი ფარჩის სარეცელზე, ტყუპები შობა. ტყუპი გოგონები მოზღვავებულ ხალხში თვით ეპისკოპოსმა მონათლა და ერთს სოფიო უწოდა, მეორეს კი - ელენე. მაგრამ ზეიმზე ჯერ კიდევ არ მიმწყდარიყო ეკლესიის ზარების გუგუნი და ვერცხლის თასების წკრიალი, რომ დაირხა ხმა შეთქმულთა გაცემისა და ჰერილუნტის დაღუპვისა. ამას მოჰყვა მეორე ამბავიც: იმპერატორი საყოველთაოდ აღიარებული კანონის მიხედვით, სასჯელად მეამბოხის სახლ-კარსა და ქონებას მოითხოვდა. ასე ამგვარად, ხანმოკლე ბედნიერების შემდეგ, მშვენიერი გამყიდველი ქალი, მომჯობინდა თუ არა, კვლავ იძულებული გახდა, ჩაეცვა თავისი თხელი შალის კაბა და ქალაქის განაპირას, აშმორებული ქუჩებისათვის შეეფარებინა თავი. წინანდელ სიღარიბეს თან დაერთო სასოწარკვეთილების ნაღველი და ზრუნვა ჩვილებზე. თავის ფარდულში იჯდა დილიდან საღამომდე დაბალ სკამზე, სთავაზობდა ჩამვლელთ ცხარე სანელებელსა თუ თაფლის კვერებს და ხშირად ამ ორიოდე გროშს, რასაც იღებდა, მწარე დაცინვაც თან ახლდა ხოლმე. დარდმა მალე ჩაუქრო მის თვალებს ბრწყინვალება, ნაადრევმა ჭაღარამ თმა შეუვერცხლა. მაგრამ გამოვლილი ჭირის სანაცვლოდ, მისი სიმკვირცხლითა და მომაჯადოებელი სილამაზით ბუნებამ ტყუპი დები დააჯილდოვა. დები ისე ჰგავდნენ ერთმანეთს გარეგნულადაც და ენაწყლიანობითაც, რომ ერთი მეორის მომხიბლავი ორეული გეგონებოდათ. ზოგჯერ ერთმანეთისაგან საკუთარი დედაც კი ვერ არჩევდა ელენესა და სოფიოს. ბოლოს სოფიოს უბრძანა, ხელზე სელის ზონარი გაეკეთებინა, რადგან შვილის ხმას რომ გაიგონებდა, ან მის სახეს შეავლებდა თვალს, არ იცოდა, რა დაეძახა.

   მაგრამ დებს, დედის წარმტაცი სილამაზით დაჯილდოებულთ, საბედისწეროდ თან დაჰყვათ მამის ამპარტავნობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი. ორივენი იმას ცდილობდნენ, ეჯობნათ არა მარტო ერთმანეთისათვის, არამედ თავიანთი თანატოლებისათვისაც. მაშინაც კი, როდესაც ბავშვები წყნარად და გულალალად თამაშობდნენ, დებს მუდამ არეულობა და შური შეჰქონდათ ყოველ საქმეში. თუ ვინმე გოგონას სილამაზით ისე მოიხიბლებოდა, რომ თითზე პატარა ბეჭედს წამოაცმევდა, მეორეს კი არ აჩუქებდა ასეთსავე ბეჭედს, ან თუ რომელიმეს ბზრიალა უფრო დიდხანს იბზრიალებდა, გაბრაზებული ბავშვი იატაკზე გაწვებოდა, პირში მუშტს ჩაიჩრიდა და გაავებული უბრახუნებდა იატაკზე ფეხს. თუ ვინმე ერთს შეაქებდა, მოეფერებოდა, მეორე შურისაგან სკდებოდა, და თუმცა ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ მეზობლები ხუმრობით ერთიმეორის ორეულს ეძახდნენ, გამუდმებული შური ჰქონდათ ერთმანეთში. დედა თავგამოდებით ცდილობდა, ჩაექრო უსაზღვრო პატივმოყვარეობის ცეცხლი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ დებში, გულმოდგინედ ეწადა ქიშპი შეენელებინა, მაგრამ დარწმუნდა, მამისაგან თანდაყოლილი შური ფესვს იდგამდა მათს ნორჩ გულებში. ცოტათი მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ ამ გამუდმებული ქიშპის წყალობით მისი გოგონები თავის თანატოლებში ყველაზე ჭკვიანები და მოხერხებულები იყვნენ. რა საქმისათვისაც არ უნდა მოეკიდა ხელი ერთს, მეორე ცდილობდა მისთვის ეჯობნა და რახან ორივენი ბუნებისაგან ხელის სიმარჯვით და გულისხმიერებით იყვნენ დაჯილდოებულნი, ჩქარა დაეუფლნენ იმ ხელოვნებას, რაც ესოდენ ამშვენებს ქალს: სელის რთვას, ქსოვილის შეღებვას, ძვირფასი თვლებით მოოჭვას, ფლეიტაზე დაკვრას, ნარნარად ცეკვას, მახვილგონივრული ლექსების თხზვასა და მათ დამღერებას ბარბითის ხმაზე. კარის მანდილოსანთაგან განსხვავებით, ლათინური, გეომეტრია და უმაღლესი ფილოსოფიური მეცნიერებანიც კი შეისწავლეს, რომელთაც ერთი გულკეთილი, მოხუცი დიაკვანი ასწავლიდა. მალე მთელს აქვიტანიაში ვერც ერთი ქალი ვეღარ შეედრებოდა ვერც სილამაზით, ვერც აღზრდითა და ვერც გონებამახვილობით. მაგრამ ვერავინ გეტყოდათ, რომელი სჯობდა, ელენე თუ სოფიო, რადგან ვერავინ არჩევდა მათ ვერც გარეგნულად, ვერც მიხვრა-მოხვრითა და ლაპარაკით.

   მაგრამ ხელოვნების, ყოველივე იმის სიყვარულთან ერთად, რისი წყალობითაც ადამიანი თავს აღწევს ვიწრო, შეზღუდულ სამყაროს და უსაზღვრო სულიერ სამყაროში იჭრება, ორივე გოგონას გულში იღვიძებდა მწველი უკმაყოფილების გრძნობა მათი დედის მდაბიო წარმოშობის გამო. როცა აკადემიიდან ან დისპუტებიდან შინ ბრუნდებოდნენ, სადაც მეცნიერებს ეკამათებოდნენ ხოლმე, დამაჯერებლად ასაბუთებდნენ თავიანთ აზრს, ანდა ცეკვებიდან მოვიდოდნენ, ჯერ ისევ გაოგნებულთ მომაჯადოებელი მუსიკით, გამჭვარტლულ ქუჩაში თმებგაწეწილი დედა ხვდებოდათ, რომელიც შუაღამემდე ვაჭრობდა, რომ ერთი პეშვი წიწაკის თესლი გაეყიდა, ან რამდენიმე ჩამწვანებული თაფლის კვერი, იმათ რცხვენოდათ თავიანთი სიდუხჭირისა. ხმელი, ჩხვლეტია ჭილოფი ქალწულებრივ სხეულს უკაწრავდათ და ძილი არ ეკარებოდათ, თავსა და ბედს იწყევლიდნენ. თუმცა არც სილამაზითა და არც ჭკუით იმ გამოჩენილ მანდილოსნებს არ ჩამოუვარდებოდნენ, რომელთაც ბედმა არგუნა ჰაეროვანი ტანსაცმლისა და ძვირფასი სამკაულების ტარება, ხელს სხვა არავინ სთხოვდა, თუ არა მათი დუქნის მარცხნივ მოვაჭრე მეკასრე ან მარჯვენა მხარეს - მეიარაღე. დები კი მეფური სისხლის, ამაყი სულის, დიდი მთავარსარდლის შვილები იყვნენ. მათ სწყუროდათ, მონურად მორჩილი მსახურებით გარშემორტყმულთ, ბრწყინვალე ციხე-დარბაზებში ცხოვრება, სწყუროდათ სიმდიდრე და ძლიერება. და თუ შემთხვევით თვალს მოჰკრავდნენ მოქანავე ტახტრევანში მჯდომ, ბაზიერებითა და ქორ-შევარდნებით გარშემორტყმულ, ძვირფას ბეწვეულში გამოწყობილ ქალბატონს, სიბრაზისაგან სახის ფერი სანთლისფრად გაუკრთებოდათ. მათს სისხლშიც იჩქეფებდა პატივმოყვარეობა მეამბოხე მამისა, რომელიც ვერ ურიგდებოდა ბედის ნაბოძებს. დღე და ღამ იმაზე ფიქრობდნენ, როგორ დაეღწიათ თავი ესოდენ უღირსი ცხოვრებისათვის.

   და აი, ერთ დილას, მოულოდნელად, მაგრამ სრულიად გასაგები მიზეზით, მშვენიერმა სოფიომ თვალი რომ გაახილა, და საწოლში აღარ დაუხვდა: ელენე, მისი ტყუპის ცალი, აჩრდილი ყოველი მისი სურვილისა, ღამით გაპარულიყო. შეშინებული დედა სწუხდა, ვინმემ ხომ არ მომტაცაო, რადგან მრავალ ყმაწვილკაცს ხიბლავდა დების სილამაზე. საჩქაროდ ტანთ ჩაიცვა და მეფის ნაცვალთან გაიქცა, რომელიც იმპერატორის სახელით ამ ქალაქს მართავდა და, შეევედრა, მდევარი დაედევნებინა ავაზაკისათვის. იმანაც აღუთქვა, მაგრამ მეორე დღეს ისეთი ხმები დაირხა, დედას სირცხვილისაგან ლამის მიწა გასკდომოდა: სიყვარულისათვის ეს-ესაა მომწიფებული ელენე თავისი ნებით ერთ კეთილშობილ ყმაწვილთან ერთად ქალაქიდან გაქცეულიყო. ყმაწვილს მისი სიყვარულისათვის მამის ზარდახშები და სკივრები გაეტეხა.

   გამოხდა ხანი და კიდევ უფრო შემაძრწუნებელი ხმები დაირხა: მნახველნი ყვებოდნენ პატიოსან მანდილოსანთა გულის გასახეთქად, მსახურებით და ბაზიერებით გარშემორტყმული, ბეწვეულსა და ფარჩაში გამოწყობილი ყმაწვილი მეძავი ქალი რა დიდებულად ცხოვრობდა თავის საყვარელთან ერთად მეზობელ ქალაქში. მაგრამ მოლაყბეთა ენები ჯერ კიდევ არ დამცხრალიყო, რომ უფრო საშინელი ხმები გავრცელდა: ელენეს უწვერულვაშო ყმაწვილის ჯიბე გამოეცარიელებინა, მიეტოვებინა და ქვაწვიობით განთქმული ხაზინადარის, მიხრწნილი მოხუცის სასახლეში გადასახლებულიყო, თავისი ნორჩი სხეული მიეძღვნა უფრო მეტი ფუფუნების ფასად და შეუბრალებლად ძარცვავდა თურმე. ერთი კვირის შემდეგ ოქროს ფრთები დააცალა ხაზინადარს გაპრტყვნილ მამალივით, მიატოვა და ახლა სხვა საყვარელი გაიჩინა. მერე ისიც მოიძულა და სხვა, უფრო მდიდარი შეიყვარა. მალე აღარავის ეჭვიც კი აღარ ეპარებოდა, რომ ელენე მეზობელ ქალაქში არა ნაკლებ გულმოდგინედ ვაჭრობდა თავისი ნორჩი სხეულით, ვიდრე დედამისი ცხარე სურნელოვნებითა და ტკბილი თაფლის კვერებით. უბედური ქვრივი შათირს შათირზე უგზავნიდა გზასაცდენილ შვილსა და ევედრებოდა, მამის ხსოვნა არ შეებილწა ამგვარი საქციელით. დედას მოთმინების ფიალა აევსო, როცა მისდა შესარცხვენად ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის ჭიშკრიდან დაიძრა დიდებული პროცესია. წინ კაშკაშა ალისფრად გამოწყობილი შათირები მოდიოდნენ, უკან მხედრები მოჰყვებოდნენ, როგორც დიდებულთა მსვლელობის დროს იციან ხოლმე, შუაში კი მარდი სპარსული ძაღლებითა და საოცარი მაიმუნებით გარშემორტყმული ელენე მოდიოდა, ნორჩი ჰეტერა, თავის მშვენიერ სეხნია ელენესავით მომჯადოებელი, რომელიც ოდესღაც მთელ სამეფოს აზანზარებდა. ისე მორთულ-მოკაზმულიყო, გეგონებოდათ, წარმართი დედოფალი იერუსალიმში შედისო.

   ჭორიკანებმა ენები ააჭარტალეს, ხელოსნები გამორბოდნენ თავიანთი ქოხმახებიდან, მწერლებმა პერგამენტები გაშალეს, ცნობისმოყვარეთა ტალღა გარშემოეხვია მსვლელობას. ბაზრის მოედანზე მსახურები და მხედრები გამწკრივდნენ ღირსეულად შესახვედრად. ბოლოს განიხვნა კრეტსაბმელი და ყმაწვილმა მეძავმა კადნიერად გადააბიჯა ზღურბლს სასახლისას, რომელიც ოდესღაც მამამისს ეკუთვნოდა. ხელგაშლილმა საყვარელმა სამი ღამის მგზნებარე ალერსისათვის შეისყიდა იგი ელენესათვის ხაზინისაგან. თითქოს მშობლიურ სახლში შევიდაო, ისე შედგა აქ ფეხი, სადაც ფარჩის სარეცელში დედამ შობა. კარგა ხანია მიტოვებული სასახლე მალე წარმართული ძვირფასი ქანდაკებებით აივსო, ხის კიბეები ცივმა მარმარილომ დაფარა, იატაკი - მოზაიკურმა ფილებმა. კედლებზე გაჩნდა ადამიანებითა და ბრძოლის სურათებით მოხატული ხავერდოვანი ხალიჩები. ზეიმების დროს ოქროს თასების წკრიალი მომაჯადოებელი მუსიკის ხმებს უერთდებოდა, რადგან ყოველ ხელოვნებაში გაწაფული მომხიბლავი ელენე ყველაზე სახელოვანი და მდიდარი გახდა ჰეტერებს შორის. მეზობელი ქალაქებიდან, უცხო ქვეყნებიდან მოედინებოდნენ მდიდარი ქრისტიანები, წარმართები, ერეტიკოსები, რათა ერთხელ მაინც ეგემათ მისი ალერსი, და რადგან გულზვიადობით ელენე დიდად არ ჩამოუვარდებოდა თავის უსაზღვროდ პატივმოყვარე მამას, რკინის ხელით ეკავა მოტრფიალენი და მანამ ხლართავდა გზნების ბადეს, სანამ მთელს სიმდიდრეს არ დასცინცლავდა. ის კი არა, მეფის ნაცვლის შვილმაც კი დიდძალი ფული გადაუხადა მევალე-მევახშეებს, როცა მთელ კვირას ნეტარების ნექტარს დაწაფებულმა და ჯერ ისევ მის ბურანში მყოფმა, მწარე სინამდვილე შეიგრძნო, უარჰყო ელენეს ალერსიცა და იმისი სასახლეც.

   აბა რაღა საკვირველია, რომ ესოდენ უსირცხვილო საქციელი ბრაზით ავსებდა ქალაქის მანდილოსანთ, განსაკუთრებით კი ხანში შესულთ. ტაძრებში წმინდა მამანი ააშკარავებდნენ მის ბიწიერებას, მანდილოსნები ბაზარში ერთმანეთს რომ შეხვდებოდნენ, მრისხანებისაგან მუშტებს კრავდნენ, ხშირად სასახლეში ფანჯრებსა და კარებს წკრიალი გაუდიოდა ქვების სეტყვისაგან. რა დიდიც არ უნდა ყოფილიყო სათნო მანდილოსანთა - მიტოვებული ცოლების, მარტოხელა ქვრივების, ძველ, თავის ხელოვნებაში გამოცდილ მეძავთა რისხვა, რა ლაფიც არ უნდა დაესხათ კადნიერი, მათი ტკბობის მინდორზე შემოჭრილი კვიცისათვის, ვერ შეედრებოდა ელენეს დის, სოფიოს რისხვას. იმიტომ კი არ ანთხევდა ბრაზს, რომ იმისი და ცთუნების გზას დაადგა, არა მას სინანული სტანჯავდა, რომ შემთხვევა გაუშვა, როცა ერთი წარჩინებული ოჯახის შვილმა ხელი სთხოვა. აი, რაზე ოცნებობდა გულში. მბრძანებლობა, ფუფუნებით ცხოვრება დას ხვდა წილად. მის ცივ სენაკში კი ქარი დაზუზუნებდა და ეჯიბრებოდა ბუზღუნა დედას. თუმცა თავისი სიმდიდრით გაამპარტავნებულმა ელენემ რამდენჯერმე გამოუგზავნა ძვირფასი ტანსაცმელი და სამკაულები, მაგრამ სოფიოს სიამაყე ნებას არ აძლევდა, მიეღო საჩუქრები. არა, პატივმოყვარეობას ვერ დაუცხრობდა საძრახისი მიბაძვა კადნიერი დისა. არ სურდა წაჰკიდებოდა დას საყვარლების გულისათვის, როგორც ბავშვობაში წაეკიდებოდნენ ხოლმე ტკბილი კვერებისათვის. მას სურდა, სრული გამარჯვებისათვის მიეღწია. ცდილობდა მისთვის თაყვანი ეცათ, დაზე მეტად განედიდებინათ. მამაკაცების დაჟინებულმა ყურადღებამ დაარწმუნა, რომ მისი მოკრძალებული ღირსებანი - სიქალწულე და შეურყვნელი სინდისი დიდებული ცთუნება იყო და ჭკვიანი ქალი ამ ღირსებათაგან დიდ სარგებელსაც ნახავდა. ამიტომ გადაწყვიტა, განძად ექცია ის, რასაც მისი და განუსჯელად ანიავებდა. ისევე სააშკარაოზე გამოეტანა თავისი სათნოება, როგორც იმის დას სხეული გამოჰქონდა. თუ ელენე სახელს იხვეჭდა ამპარტავნული ფუფუნებით, მას სახელი გაეთქვა თავმდაბლური სიღატაკით. ჭორიკანათა ენები ჯერ კიდევ არ დამცხრალიყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის ცნობისმოყვარეთ კვლავ მიეცათ საქმე: სოფიოს, ელენეს დას, სირცხვილისა და დის მრუშული ცხოვრების გამოსასყიდად დაეტოვებინა ეს ცოდვილი ქვეყანა და ღვთის მოშიშთა ორდენში მორჩილად დამდგარიყო, რათა მოევლო უძლურთა და ავადმყოფთათვის. დაგვიანებული მოტრფიალენი ბრაზისაგან თმებს იგლეჯდნენ, რომ გაუფრინდათ ეს უმანკო მტრედი, მაგრამ ყველა ღვთისმოშიშ ადამიანს ახარებდა ეს უჩვეულო შემთხვევა ავხორცობისათვის ღვთისმოშიშობის მომაჯადოებელი სილამაზის დაპირისპირებისა, თავგამოდებით ავრცელებდნენ ამ ხმებსა და აქვიტანიაში არც ერთი ქალიშვილისთვის არ შეუსხამთ იმდენი ქება, რამდენიც სოფიოს შეასხეს, რომელიც დღე და ღამ თავგანწირვით უვლიდა დაწყლულებულ ავადმყოფებსა და ის კი არა, საზიზღარ კეთროვნებსაც კი. მანდილოსანნი მუხლთ მოიყრიდნენ ხოლმე, როცა იგი თვალებდახრილი, თავზე თოვლივით ქათქათა ჩაჩით გვერდით ჩაუვლიდა ხოლმე. ეპისკოპოსს არა ერთხელ უხსენებია წირვისას, როგორც უკეთილშობილესი მაგალითი ქალთა სათნოებისა, ბავშვები კი მოწიწებით შესცქეროდნენ, თითქოს უხილავი ციური მნათობი იყო. უცბად, - აბა წარმოიდგინეთ ელენეს გააფთრება, - ვიღას ახსოვდა ელენე, მთელი ქალაქის ყურადღება ცოდვათა მონანიების ამ უმანკო მსხვერპლმა მიიპყრო, რომელსაც ეშინოდა ცოდვებისა და თეთრ მტრედივით დაფრინავდა სიმშვიდის სივრცეში.

   მართლაც, თანავარსკვლავედებივით, ბრწყინავდა ტყუპი დების სახელები ქალაქში. სათნო ადამიანთაც ახარებდა და ბიწიერთაც, რადგან ერთნი ხორციელ სიამოვნებას პოულობდნენ ელენეში, სხვებს კი თავისი სათნოებით სულიერ სიამოვნებას ანიჭებდა სოფიო. პირველად იყო სამყაროს დასაბამიდან, რომ ამ ქალაქ აქვიტანიაში ასე მკვეთრად და თვალდასანახად განუდგა ღვთისნიერება ეშმაკისეულ სამეფოს. უბიწონი სოფიოში თავიანთ მფარველ ანგელოზს ხედავდნენ, ბიწიერნი კი სიამოვნებას ნახულობდნენ მისი უღირსი დის ხვევნა-ალერსში. მაგრამ მოკვდავთა სულებში კეთილსა და ბოროტს შორის იდუმალი ბილიკები ჩნდება ხოლმე და მალე ეს გაორება მიზეზი გახდა ცთუნებისა. რადგან ტყუპი დები, თუმცა სხვადასხვანაირ ცხოვრებას ეწეოდნენ, გაჭრილ ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს ტანადობით, თვალებით, ღიმილით, მომაჯადოებელი სიმშვენიერით, რაღა საკვირველია, რომ მრავალი მამაკაცი დაიბნა. ზოგჯერ ყმაწვილი კაცი, მგზნებარე ღამეს რომ გაატარებდა ელენეს ხვევნა-ალერსში, დილით კი ცდილობდა ჩქარა განშორებას, რომ ცოდვა ჩამოერეცხა, გაშეშებული შეჩერდებოდა, თვალებს მოიფშვნეტდა, ეშმაკისეული ცთუნება ხომ არ არისო, რადგან სადა ნაცრისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი მორჩილი, საავადმყოფოს ბაღში სავარძლით რომ ასეირნებდა ასთმიან მოხუცს და შეუზიზღებლად სწმენდდა კბილებჩაცვენილ პირს, ის ქალი ეგონა, ახლახან რომ დატოვა სარეცელში. დაჟინებული ჩააშტერდებოდა: ისეთივე ტუჩები, ისეთივე მსუბუქი და ნარნარი მოძრაობა, თუმცა არა ამქვეყნიური გზნებით ანთებული, ამაღლებული სიყვარულით მოყვასისადმი. ყმაწვილი ჩააშტერდებოდა, თვალები აენთებოდა, მონაზვნის ტანსაცმელი ნელ-ნელა გამჭირვალე ხდებოდა და შიგ მოჩანდა მეძავი ქალის კარგად ნაცნობი სხეული. ასეთივე გრძნობათა აღრევა შეუძრავდათ სულებს იმათ, ვინც გამოვიდოდა სახლიდან, სადაც მოწიწებითა და თრთოლვით შესცქეროდა, უბიწო სოფიო როგორ უვლიდა დავრდომილთ და პირველსავე კუთხეში წააწყდებოდა საოცრად გარდაქმნილს, მკერდმოშიშვლებულს, დიდებულად ჩაცმულს, თაყვანისმცემლებითა და მსახურებით გარშემორტყმულს, ზეიმზე რომ მიისწრაფოდა. ეს ელენეა და არა სოფიო, ამბობდნენ გულში, მაგრამ მონაზონს რომ შესცქეროდნენ, მაინც ხედავდნენ შიშველ სხეულს და მაცთუნებელი ფიქრები გაუელვებდათ ღვთისმოშიშთ. ამ გაორებამ ისეთი გრძნობათა აღრევა გამოიწვია, რომ ზოგჯერ სურვილი ნებისყოფის წინააღმდეგ სულ სხვა გზით წარიმართებოდა და მეძავი ქალის ხვევნა-ალერსში ყმაწვილ კაცებს მისი უბიწო და ელანდებოდათ, ხოლო კეთილ სამარიტელს რომ შეხვდებოდნენ, ხორციელი ნდომით შესცქეროდნენ. რადგან სამყაროს შემქმნელმა, როცა მამაკაცს ჰქმნიდა, რაღაც უკუღმა შეჰქმნა, ამიტომაა, რომ დედაკაცებისაგან იმის საწინააღმდეგოს მოითხოვენ, რასაც ისინი სთავაზობენ. თუ ქალი ადვილად ნებდება მათ, მამაკაცები მადლიერების მაგივრად ირწმუნებიან, წმინდა სიყვარულით მხოლოდ უბიწოები გვიყვარსო. ხოლო თუ ქალს უნდა უმანკოება შეინარჩუნოს, ისინი მხოლოდ იმას ფიქრობენ, როგორ წაართვან ეს ძვირფასი განძი. მოსვენებას ვერ პოულობენ, რადგან მათ სურვილთა წინააღმდეგობას გამუდმებული ბრძოლა მოსდევს სულსა და ხორცს შორის. აქ კი რომელიღაც უხილავმა ეშმაკმა ორმაგი კვანძი ჩახლართა, რადგან მეძავი და მონაზონი, ელენე და სოფიო, ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, ვერც კი გაარჩევდით და ვერავინ გეტყოდათ, რომელი იყო უფრო სასურველი. ხშირად ქალაქის ფუქსავატი ახალგაზრდობა უფრო იყრიდა თავს საავადმყოფოს ჭიშკართან, ვიდრე რესტორნებთან, და გარყვნილნი, რომლებიც ოქროთი თვალებს უხვევდნენ მეძავ ქალს, აიძულებდნენ, ალერსისას მონაზვნის ნაცრისფერი კაბა ჩაეცვა, რომ თავი მოეტყუებინათ, თითქოს უბიწო სოფიოს ეხვეოდნენ. ნელ-ნელა მთელი ქალაქი, მთელი ეს მხარე ჩაება საკუთარი თავის მოტყუების ამ სულელურ, ეშმაკისეულ თამაშში, და ვერც ეპისკოპოსისა და ვერც ქალაქის თავის შეგონებამ ვერ გასჭრა და ვერ აღკვეთა ეს ბიწიერება.

   თაყვანისცემითა და პატივისცემით მოსილ დებს თითქოს სიამტკბილობით უნდა გაეყოთ ერთმანეთს შორის დიდება და დაკმაყოფილებულიყვნენ იმით, რომ ერთი უმდიდრესი ქალი იყო, მეორე კი ყველაზე სათნო მთელს ქალაქში, მაგრამ ორივენი, მეტისმეტად ამაყნი და გულზვიადნი, მხოლოდ იმაზეღა ფიქრობდნენ, როგორ მიეყენებინათ ერთმანეთისათვის ზიანი. სოფიო სიბრაზისაგან ტუჩებს იკვნეტდა, როცა გაიგებდა, რომ და ბიწიერებითა და თვალთმაქცობით დასცინოდა მის ღვთისმოშიშობას, ელენე კი მათრახით სცემდა მსახურთ, რომლებიც ამბავს მიუტანდნენ, რომ მლოცველნი მოედინებოდნენ ქალაქში, რათა თაყვანი ეცათ მისი დისათვის, ხოლო ქალები მიწას ჰკოცნიდნენ იმ ადგილას, სადაც იგი ფეხს დაადგამდა. მაგრამ რაც უფრო მეტ სიავეს უსურვებდნენ, რაც უფრო სძულდათ ერთმანეთი, მით უფრო გულმოდგინედ ფარავდნენ თავიანთ ნამდვილ გრძნობებს სიბრალულის ნიღბით. ელენე ნადიმის დროს თვალცრემლიანი სწუხდა დაზე, რომელმაც ასე უგუნურად შესწირა თავისი ყმაწვილქალობა და სიცოცხლის სიხარული ამ სასიკვდილოდ განწირულ, მიხრწნილ მოხუცებს. სოფიო კი საღამოს ლოცვას ყოველთვის ამთავრებდა სიტყვებით უბედურ ცოდვილებზე, რომლებიც თავიანთი უგუნურებით, წუთიერი, წარმავალი ამქვეყნიური სიამოვნებისათვის იკლებენ უდიდეს სიამეს - კეთილი, ღვთის სამადლო საქმისათვის თავდადებას. მაგრამ, როცა დარწმუნდნენ, რომ ვერც შათირები და ვერც მონები ვერ გადაახვევინებდნენ ერთხელ არჩეულ გზიდან, დები ნელ-ნელა კვლავ დაუახლოვდნენ ერთმანეთს მოჭიდავეებივით, მოჩვენებით წონასწორობას რომ ინარჩუნებენ, თვალით ზომავენ ერთმანეთს, მკლავს უსინჯავენ და გამანადგურებელი დარტყმისათვის ემზადებიან. მოუხშირეს ერთმანეთთან სიარულს, მზრუნველობას იჩენდნენ ერთიმეორისადმი, მაგრამ ორივე მზად იყო, სული ეშმაკისათვის მიეყიდა, ოღონდ კი დისთვის ევნო.

   ერთხელ, საღამოს ლოცვის შემდეგ, ღვთისმოშიში სოფიო კვლავ მივიდა დასთან, რომ დაერწმუნებინა და ჩამოეშორებინა ბიწიერი ცხოვრებისაგან. კვლავ მჭევრმეტყველურად დაუწყო დარიგება ელენეს, რომელიც ის იყო მოთმინებას ჰკარგავდა, რა უგუნურად იქცეოდა, ღვთით ნაბოძებ სხეულს რომ იბილწავდა. ელენეს მშვენიერ სხეულს კი ამ დროს მსახურნი ნელსაცხებლით ცოდვილი ხელობისათვის ამზადებდნენ. იგი უსმენდა დას, ხან განრისხებული, ხან ღიმილით და ფიქრობდა, ეს აბეზარი მქადაგებელი ღვთის საგმობი სიტყვებით განერისხებინა, თუ მისდა დიდად განსაცვიფრებლად თავის განსასვენებელში რამდენიმე ლამაზი ყმაწვილი კაცისათვის დაეძახა.

   უცბად, თითქოს მოზუზუნე ბუზი შეეხო მის საფეთქელს, თავში ისეთმა ცბიერმა და უტიფარმა აზმა გაუელვა, რომ ძლივს შეიკავა სიცილი. მსწრაფლ შეცვალა თავხედური განზრახვა. გარეკა მსახურნი და მეაბანოვენი და როგორც კი მარტო დარჩა დასთან, სინანულს მოჰყვა, ცეცხლოვან მზერას კი დახრილი ქუთუთოები უფარავდა.

- არა, ნუ გგონია, დაო, რომ მე თვითონ არა მრცხვენოდეს ჩემი ფუქსავატი, ცოდვილი ცხოვრების, - დაიწყო პირფერობაში გამობრძმედილმა ელენემ, - რამდენჯერ ზიზღი მიგრძვნია მამაკაცთა ცხოველური ავხორცობისადმი, რამდენჯერ სიტყვა მიმიცია საკუთარი თავისათვის, თავი დამენებებინა ბიწიერებისათვის და პატიოსან, მშვიდ ცხოვრებას დავბრუნებოდი, მაგრამ დავრწმუნდი, ამაო იყო ყოველი წინააღმდეგობა; შენ სულით ძლიერი ხარ, ჩემსავით არ აჰყვები ხორციელ უძლურებას, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენ, რა მაცთუნებელია მამაკაცთა ძლიერება, მას ვერ გაუძლებს ვერც ერთი ქალი, ვისაც სიყვარულის იდუმალი ძალა უგემნია. ოჰ, ბედნიერო, შენ არ იცი, რა ენით აღუწერელი ძალა აქვს მამაკაცს, რა სიტკბოება, რაც იმორჩილებს ქალს მისი ნების გარეშე.

   ამ აღსარებით განცვიფრებულმა სოფიომ, რომელიც არ მოელოდა ამას ხარბი და სიტკბოების მოყვარული დისაგან, უფრო უმატა მჭევრმეტყველებას. ბოლოს ღვთიური შუქი დაადგა, დაუწყო ელენეს დარიგება, რადგან ბიწიერების სიძულვილი ჭეშმარიტი გზაა სიკეთის შეცნობისა. ამაოდ იჩენ სულმოკლეობას, როცა ირწმუნები, შეუძლებელია ხორციელი ცთუნების დაძლევაო. შეურყეველი სწრაფვა სიკეთისაკენ, თუ სული აღსავსეა ამით, გაუძლებს ყოველ ცთუნებას. ასეთი მაგალითები ბევრია წარმართთა და ქრისტიანთა ისტორიაშიც. მაგრამ ელენემ ნაღვლიანად დახარა თავი.

- ო, დიახ, მეც წამიკითხავს მართალთა მამაცური ბრძოლის ამბები ეშმაკურ ავხორცობასთან. მაგრამ მამაკაცები ღმერთმა დააჯილდოვა არა მარტო ძლიერი სხეულით, სულიერი სიმტკიცითაც, შეჰქმნა მამაც მებრძოლებად ღვთიური საქმისათვის, - მიუგო შეწუხებულმა, - უძლურ დედაკაცს კი ძალა არ შესწევს, - მძიმე ოხვრით ამოთქვა მან, - გაუძლოს მამაკაცთა ცთუნებას და მზაკვრობას, არასოდეს გამიგონია, ქალს წინააღმდეგობა გაეწიოს მამაკაცის დაჟინებული სურვილისათვის.

- როგორ შეგიძლია მაგის თქმა! - განრისხდა სოფიო, რომელსაც დამ სიამაყე შეუბღალა, - განა მე არა ვარ ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ მტკიცე ნებისყოფას შეუძლია აღუდგეს მამაკაცთა ცთუნებას? დილიდან საღამომდე ვერ ვიცილებ ამ აბეზართა ბანდას, საავადმყოფოშიც კი მოდიან, ფეხდაფეხ დამსდევენ, ღამღამობით საწოლში მაცთუნებელ წერილებს ვპოულობ ხოლმე, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ერთი მათგანი შეხედვის ღირსი მაინც გამეხადოს, რადგან ნებისყოფა მიცავს ცთუნებისაგან. შენს სიტყვებში სიმართლის ნატამალიც კი არა არის. თუ ქალს ჭეშმარიტად სძაგს ცთუნება, არ აჰყვება მას. ცოცხალი მაგალითი ამისა მე თვითონ ვარ.

- ვიცი, ბედნიერი ხარ, შესძელი არ დამორჩილებოდი ცთუნებას, - მოჩვენებითი სიმშვიდით მიუგო ელენემ დას და ალმაცერად გადახედა, - მაგრამ ეს იმიტომ, რომ მონაზვნის ტანსაცმელი და ის სასტიკი მოვალეობა გიფარავს, რაც იკისრე. შენ გიფარავს ღვთისმოშიშ დათა წმინდა ორდენი. შენ არა ხარ ისე მარტოდმარტო და უმწეო, როგორც მე. ნუ გგონია, შენი უბიწოების მიზეზი მხოლოდ შენი სიმტკიცეა. დარწმუნებული ვარ, მარტო რომ დარჩე ყმაწვილ კაცთან, არც იმისი ძალა გექნება და არც სურვილი, წინააღმდეგობა გაუწიო, და ისევე დანებდები, როგორც ვნებდებით ყველანი.

- არასოდეს! არასოდეს! - იყვირა განრისხებულმა სოფიომ, - მე მზად ვარ, ჩემი ტანსაცმლის გარეშე, მხოლოდ ჩემი ნებისყოფით გავუძლო ყოველ გამოცდას.

   ელენესაც ეს უნდოდა. თანდათან ითრევდა დაგებულ მახეში, ჯიუტად ეკამათებოდა, სანამ მოთმინებიდან გამოსულმა სოფიომ თვითონვე არ დაუწყო თხოვნა გამოეცადა. მას სურდა, არა, კი არ სურდა, ითხოვდა გამოცდას, რათა სულმოკლე ელენე თვალნათლივ დარწმუნებულიყო, რომ თავის უბიწოებას მხოლოდ საკუთარი ძალით იცავდა. ელენე კარგა ხანს დუმდა, თითქოს სოფიოს სიტყვებზე ფიქრობსო, გული კი მოუთმენლობისა და ნიშნისგებისაგან ელეოდა. ბოლოს ამოთქვა: - გამიგონე, სოფიო, მე ვიცი, როგორ გამოგცადო. ხვალ საღამოთი სილვანდრს ველოდები, ყველაზე ლამაზ ყმაწვილ კაცს მთელ ამ მხარეში. ვერც ერთი ქალი ვერ გაუძლებს იმის ცთუნებას, მაგრამ იმან მე ამომირჩია. ოცდარვა მილს გამოივლის ფეხით ჩემი გულისათვის, შვიდ ფუტ წმინდა ოქროს მოიტანს და სხვა მრავალ საჩუქარს, რომ ჩემი სარეცელი გაიზიაროს. მაგრამ ხელცარიელიც რომ მოსულიყო, მაინც არ გავაგდებდი, ის კი არა, იმდენივე ოქროს ვუბოძებდი, რომ იმასთან ღამე გამეტარებინა, რადგან იმაზე ლამაზსა და თავაზიან ყმაწვილკაცს ამქვეყნად ვერ ნახავ. ღმერთმა ჩვენ ისე დაგვამსგავსა ერთმანეთს სახით, ხმითა და ტანით, ჩემი ტანსაცმელი რომ ჩაიცვა, ვერავინ მიხვდება, რომ მე არა ვარ. ხვალ ჩემს მაგივრად შენ დაუხვდი სილვანდრს ჩემს სახლში და უმასპინძლე. თუ იფიქრებს, რომ ეს მე ვარ და ალერსს მოგთხოვს, უარი უთხარ, რა მიზეზითაც გინდა. მე კი გვერდით ოთახში დაგელოდები, ვნახოთ, შესძლებ თუ არა შუაღამემდე მაინც გაუწიო წინააღმდეგობა. მაგრამ უფრთხილდი, დაო, საშიში მაცთუნებელი ძალა აქვს მის სიახლოვეს. ამასთან კიდევ უფრო საშიშია ჩვენი გულების სისუსტე. მეშინია, მონაზვნის ცხოვრებას შეჩვეული, არ დაემორჩილო ცთუნებას. ამიტომ გაფიცებ, უარი თქვა ამ გაბედულ თამაშზე.

   ცბიერი დის ხან მაცთუნებელი, ხან გამაფრთხილებელი, მოთაფლული საუბარი ცეცხლზე ნავთს უსხამდა სოფიოს. თუ ასეთ უბრალო რამეში გინდა გამომცადო, ეჭვი არც კი მეპარება, რომ იოლად დავიჭერ გამოცდას არათუ შუაღამემდე, განთიადამდეცო, - ამაყად განაცხადა მან. - მხოლოდ იმისი ნება მომეცი, ხანჯალი თან ვიქონიო, თუ ყმაწვილი კაცი გაბედავს ძალა იხმაროსო.

   ამ ზვიადი სიტყვების მოსმენაზე ელენე დის წინ მუხლებზე დაეცა, თითქოს ლოცულობსო. ნამდვილად კი უნდოდა, ბოროტი ცეცხლი დაემალა, თვალებში რომ გაკვესა.

   ამგვარად, გადაწყვიტეს, მეორე დღეს სილვანდრს სოფიო დაუხვდებოდა, ელენემ კი დაიფიცა, სამუდამოდ უარს იტყოდა ბიწიერ ცხოვრებაზე, თუ სოფიო გაუძლებდა ცთუნებას.

   სოფიო საჩქაროდ დაბრუნდა მონაზვნებთან, რათა სულიერად გამხნევებულიყო ამ ღვთისმოშიშ ქალთა მახლობლად, რომელთაც უარი თქვეს ამქვეყნიურ სიამოვნებაზე და სიცოცხლე შესწირეს ხეიბართ და სნეულთ.

   სოფიო განსაკუთრებული გულმოდგინებით უვლიდა ყველაზე უძლურ და მიხრწნილ ავადმყოფთ და მათი საშინელი წყლულების შემხედვარე იმსჭვალებოდა ფიქრით ყოველი ამქვეყნიურის წარმავლობაზე. განა ამ ცოცხლად გახრწნილმა ტანჯულმა ადამიანებმა არ იცოდნენ სიყვარული, ისინი არასოდეს შეუპყრია გზნებას? მერე რაღა დარჩა ამათგან? ობი, ფერფლი, რომელშიც ოდნავ ღვივოდა სიცოცხლე.

   მაგრამ არც ელენე იჯდა გულხელდაკრეფილი. ყოველგვარ ცბიერებაში გამოცდილმა, რომლის წყალობითაც უხმობენ ეროსს, თავქეიფა ღმერთსა და აკავებენ, თავის მზარეულს, სამხრეთ იტალიის მკვიდრს, უბრძანა, ათასნაირი აღმგზნები ნელსურნელებით, განსაკუთრებით თესლით, ავხორცობის აღმძვრელი ძირებითა და ესპანური წიწაკით შეეზავებინა ხორცი, ღვინოში კი ლენცოფა და გამაბრუებელი, ძილისმომგვრელი ბალახი შეერია. არც მუსიკა დავიწყებია. ეს ოდითგანვე თანმხლები ნადიმებისა, თბილ, ნიავივით საამო მოთენთილობას რომ ჰგვრის ადამიანის სულს. გვერდით ოთახში თვალთაგან მიფარებით იდგა ნაზი ფლეიტები და წვრილხმიანი წინწილები, საშიშნი დაბანგულ გრძნობათათვის. ამგვარად, წინდახედულად დაუგო ეშმაკის მახე და მოუთმენლად ელოდა თავისი უბიწოებით გაამაყებულ დას. როცა გამოჩნდა უძილოდ გატარებული ღამისაგან მიმტკნარებული სოფიო, რომელსაც აკრთობდა თავისი ნებით გამოწვეული საფრთხის მოლოდინი, სასახლის კარზე მსახურნი გარშემოერტყნენ. განცვიფრებული მორჩილი სურნელოვან აბანოში წაიყვანეს. იქ სირცხვილისაგან ალმურმოდებულ სოფიოს ნაცრისფერი მონაზვნის კაბა გახადეს და მთელს სხეულზე დასრესილი ყვავილების ფურცლები და სურნელოვანი საცხები წასცხეს ისე ნაზად და თან ისე მაგრად, რომ კანი აუწითლდა. გახურებულ ტანზე ხან გრილსა და ხან თბილ წყალს ასხამდნენ, მერე სწრაფად ნარგიზის ზეთი წაუსვეს, ნაზად უზელდნენ და ისე გულმოდგინედ უმშრალებდნენ კატის ტყავით, რომ ბეწვზე იისფერმა ნაპერწკლებმა იელვა. ამგვარად, ღვთისმოშიშ სოფიოს, რომელმაც ვერც კი გაბედა წინააღმდეგობის გაწევა, ისევე ამზადებდნენ სასიყვარულო დროსტარებისათვის, როგორც ყოველ საღამოს - ელენეს. შორიდან ისმოდა ფლეიტის ნაზი, გულშიჩამწვდომი ხმები, კედლიდან კი სანდალოზის შანდლიდან წვეთ-წვეთად ჩამომდინარე თხელი ფისის სუნი სცემდა. ბოლოს, ყოველივე ამითი საშინლად შემკრთალი სოფიო სარეცელზე მიწვა და სარკეში თავისი გამოსახულება დაინახა. უცხო ეჩვენა, მაგრამ მშვენიერი, როგორც არასდროს. თვითონვე ატკბობდა საკუთარი სხეულის სინორჩისა და სიმსუბუქის შეგრძნება, თან რცხვენოდა იმ ტკბილი ნეტარებისა, რასაც განიცდიდა. ელენე მიუახლოვდა და ცბიერი სიტყვებით დაუწყო ფერება, აქებდა მის სიმშვენიერეს, სანამ სოფიომ არ შეაწყვეტინა სახოტბო სიტყვათა ნიაღვარი. ერთხელ კიდევ გადაეხვივნენ დები ერთმანეთს თვალთმაქცურად: ერთს გულს უფლეთდა შიში და მღელვარება, მეორეს კი ბოროტი მოუთმენლობა ჰკლავდა. მერე ელენემ ბრძანა, აენთოთ შანდლები, თვითონ კი ჩრდილივით გაცურდა გვერდით განსასვენებელში, რომ დამტკბარიყო მის მიერ მოწყობილი სანახაობით. ცბიერ მეძავ ქალს ადრევე გაეფრთხილებინა სილვანდრი, თუ რა ორაზროვანი თავგადასავალი ელოდა და დაჟინებით სთხოვა, თავშეკავებული და კეთილი ქცევით პირველად უბიწო მონაზვნის შიში გაეფანტა. როდესაც მოვიდა სილვანდრი, წინასწარ რომ გრძნობდა გამარჯვებას ამ უჩვეულო და თავშესაქცევ ბრძოლაში, და სოფიომ უნებურად მარცხენა ხელი ხანჯალს წაავლო, რომლითაც აღიჭურვა თავის დასაცავად ძალმომრეობისაგან, დაინახა, სითამამით განთქმული გარყვნილი კაცი მისდამი უსაზღვრო მოწიწებით იყო აღსავსე, რადგან ელენეს მიერ გაფრთხილებულ ყმაწვილ კაცს არათუ არ უცდია მოხვეოდა შიშისაგან სულგანაბულ სოფიოს, ან მღელვარე სიტყვებით მიემართა, მორჩილად მოიყარა მუხლი მის წინაშე. მერე მსახურს მოუხმო, გამოართვა მძიმე ოქროს ძეწკვი, პროვანსული აბრეშუმის მეწამული მოსასხამი და სოფიოს სთხოვა, ნება დაერთო, მოსასხამი მოესხა მისთვის და ყელზე ძეწკვი ჩამოეკიდა. ასეთ თავაზიან თხოვნაზე სოფიომ უარი ვეღარ უთხრა და თანხმობა განაცხადა. ქალი გაუნძრევლად იდგა, სანამ ვაჟი მოსასხამს ასხამდა და ყელზე ძეწკვს ჰკიდებდა, თუმცა ლითონის სიგრილესთან ერთად კეფაში შეიგრძნო გახურებული თითების შეხება. მაგრამ რახან სილვანდრმა მარტო ამისი ნება მისცა თავს, სოფიოს არავითარი მიზეზი აღარ ჰქონდა განრისხებისა. ყმაწვილმა კაცმა მოჩვენებითი მოკრძალებით კვლავ დახარა თავი მის წინაშე და მოახსენა, ღირსად არ მიმაჩნია თავი თქვენთან ვივახშმო, სანამ ნამგზავრი მტვერს არ მოვიშორებო, და მოკრძალებით სთხოვა, ნება განბანვისა და სამოსის გამოცვლისა. სოფიო ჯერ შეკრთა, მაგრამ მერე მსახურთ უბრძანა, სტუმარი განსაბანად წაეყვანათ. მსახურებმა, რომლებიც ჩუმად დარიგებულები იყვნენ ელენესაგან, სხვაგვარად ახსნეს სოფიოს სიტყვები, მაშინვე განძარცვეს ყმაწვილ კაცს ტანსაცმელი და იგი წარსდგა ქალის წინაშე დედიშობილა, აპოლონის, წარმტაცი ღმერთის ქანდაკივით, რომელიც წინათ ბაზრის მოედანზე იდგა და ეპისკოპოსის ბრძანებით ნამსხვრევებად აქციეს. მერე მომღიმარე, შიშველ ყმაწვილ კაცს ნელსაცხებელი წასცხეს, ფეხები დაბანეს თბილი წყლით, ნაზად ჩააწნეს თმაში ვარდები და ბოლოს ახალი, ძვირფასი ტანსაცმლით შემოსეს. როდესაც სილვანდრი მეორედ მიუახლოვდა სოფიოს, ახლა ყმაწვილი კაცი კიდევ უფრო მშვენიერი ეჩვენა. ეს რომ იგრძნო, საკუთარ თავზე განრისხებულმა საჩქაროდ მოისინჯა კაბის ნაოჭებში ჩატანებული მხსნელი ხანჯალი. მაგრამ სულ არ იყო საჭირო მისი ამოღება, რადგან ყმაწვილი კაცი არანაკლები პატივისცემით იქცეოდა საუბარში, ვიდრე სწავლული მაგისტრები, რომლებიც საავადმყოფოში ეწვეოდნენ ხოლმე. ახლა ის უფრო აბრაზებდა, ვიდრე სიამოვნებას ჰგვრიდა, რომ არ მიეცა შემთხვევა დის წინაშე სამაგალითო ქალური სიმტკიცე გამოეჩინა. როგორც ცნობილია, იმისათვის, რომ დაიცვა შენი უმანკოება, აუცილებელია, ვინმე თავს გესხმოდეს, მაგრამ სილვანდრი, ეტყობოდა, არც კი ფიქრობდა ამაზე, და ფლეიტის ნაზ, მიმბნედავ ხმებში თანდათან ხმამაღლა რომ ისმოდა მეზობელ ოთახიდან, უფრო მეტი სინაზე და გზნება იგრძნობოდა, ვიდრე ყმაწვილი კაცის სიყვარულისათვის შექმნილ ალისფერი ბაგეების მიერ წარმოთქმულ სიტყვებში. თითქოს მამაკაცებს შორის მრგვალ მაგიდას უჯდა და ბრძოლებზე და სამხედრო ლაშქრობებზე საუბრობდა, ისეთის ხელოვნებით იჩენდა გულგრილობას, რომ სოფიოს საფრთხე სულ გადაავიწყდა. უდარდელად შეექცეოდა სანელებლით შეზავებულ საჭმელს და სვამდა გამაბრუებელ ღვინოს. ნაწყენმა და გაბოროტებულმა, რომ ყმაწვილი კაცი სულ მცირე მიზეზსაც კი არ აძლევდა იმისა, რომ დის წინაშე თავისი სიმტკიცე და სამართლიანი მრისხანება გამოეჩინა, ბოლოს თვითონ დაუწყო საფრთხეს თამაში. უცბად გამხიარულდა, ხმამაღლა კისკისს მოჰყვა, ქანაობდა და ტრიალებდა აქეთ-იქით, მაგრამ არც რცხვენოდა და არც ეშინოდა, რადგან შუაღამემდე არც ისე დიდი დრო იყო დარჩენილი, თან ხანჯალი ხელთ ჰქონდა და ეს თითქოს და მგზნებარე ყმაწვილი ფოლადის დანაზე უფრო ცივი გახლდათ. თანდათან უახლოვდებოდა კაცს, დარწმუნებული, რომ ბოლოს მიეცემოდა შემთხვევა, დაეცვა თავისი უმანკოება. უსაზღვრო პატივმოყვარეობით შეპყრობილი ღვთისმოშიში სოფიო თავისდა უნებურად ისეთ მაცთუნებელ დახელოვნებას იჩენდა, როგორც მისი ავხორცი და წმინდა მიწიერი სიამოვნებისათვის.

   მაგრამ ბრძენ ხალხს უთქვამს: ეშმაკს თმის ღერში რომ ჩაავლო ხელი, იგი უეჭველად ქეჩოში ჩაგეჭიდებაო. ასეც დაემართა მოშურნეობის ცეცხლით ანთებულ სოფიოსაც. დაბანგულმა ღვინომ, ნელსურნელებამ, ფლეიტის ტკბილად მომთენთავმა ხმებმა გონება აურია, საუბარი გაურკვეველ ტიტინად იქცა, სიცილი ყურისწამღებ კისკისად. ვერც ერთი მედიცინის დოქტორი, ვერც ერთი სამართლის მცოდნე ვერ დაამტკიცებდა სასამართლოს წინაშე, ეს ცხადლივ ხდებოდა თუ სიზმარში, სიმთვრალეში თუ სიფხიზლეში, მისი თანხმობითა თუ წინააღმდეგ მისი ნებისა, მაგრამ ასეა თუ ისე, შუაღამემდე კარგა ხნით ადრე მოხდა ის, რაც ღვთის თუ მისი მეტოქის ნებით, უნდა მომხდარიყო ქალ-ვაჟს შორის. მარმარილოს ფილებზე წკრიალით დაეცა ტანსაცმლის ნაოჭში დამალული ხანჯალი, მაგრამ საოცარი ის გახლდათ, რომ მოთენთილმა მართლმორწმუნე ქალმა იარაღი აიღო და არ ჩასცა ყმაწვილ კაცს გულში. არც ტირილი და არც შებრძოლების ხმაური არ გაუგონია ელენეს. და როდესაც შუაღამისას გამარჯვებული მეძავი მსახურთა თანხლებით შეიჭრა ოთახში, რომელიც შეუღლებულთა სავანე გამხდარიყო, და მოუთმენელი ცნობისმოყვარეობისაგან ჩირაღდანი დაანათა დის სარეცელს, ამაო გახლდათ თავის მართლება და ფიცი.

   ავყია მსახურებმა, წარმართული ჩვეულებისამებრ, სარეცელს სოფიოს შეფაკლულ ლოყებზე უფრო წითელი ვარდები დააყარეს. სოფიო გვიან მოეგო გონს და მიხვდა თავის დამცირებას. მაგრამ ელენემ დარცხვენილი და გულში ჩაიკრა და მხურვალედ აკოცა. ფლეიტები უკრავდნენ, წკრიალებდნენ წინწილები, თითქოს დიდებული პანი დაბრუნდა ქრისტიანთა მიწაზე. ნახევრადშიშველი ქალიშვილები ვნებიან, თავაშვებულ ქალებივით ფერხულს უვლიდნენ, ხოტბას ასხამდნენ ეროსს, უარყოფილ ღმერთს. მერე კოცონი გააჩაღეს კეთილსურნელოვანი ხისაგან. ცეცხლის ხარბმა ენებმა შთანთქა წყეული, საზიზღარი მონაზვნის ტანსაცმელი და ახლად მოქცეული ჰეტერაც, რომელსაც არ სურდა ეღიარებინა თავისი დამარცხება, მისი მოთენთილი ღიმილი კი მეტყველებდა, რომ თავისი ნებით დაემორჩილა მშვენიერ ჭაბუკს, ისევე მორთეს ვარდებით, როგორც მისი და. დები ერთმანეთის გვერდით იდგნენ - ერთი სირცხვილისაგან დამწვარი, მეორე - გამარჯვებით სახეგაბრწყინებული, და ახლაც ვერავინ გაარჩევდა სოფიოს ელენესაგან, ცთუნებულ მორჩილს მეძავისაგან, ყმაწვილი კაციც გაცხოველებული ვნებით ხან ერთს მიაპყრობდა მზერას ხან - მეორეს.

   ამასობაში მსახურთ გაგიჟებული სიხარულით ყურთამდე გაეღოთ სასახლის კარები და ფანჯრები. ღამის მაწანწალები, საწოლებიდან წამოცვენილი გზაკვალაბნეული ბრბო ხარხარით და ღრიალით მოაწყდა ყოველის მხრიდან და მზეს ჯერ კიდევ ოქროსფრად არ შეეფერა სახლების სახურავები, რომ ქუჩებს ნიაღვარივით მოედო ამბავი ელენეს გამარჯვებისა ბრძენ სოფიოზე, ბიწიერებისა - უბიწოებაზე. გაიგეს თუ არა, რომ დაცემულიყო ესოდენ შეურყეველი სიმაგრე, ქალაქის მამაკაცები სასახლისაკენ გამოეშურნენ (სრულს სიმართლეს მოგახსენებთ), სადაც მათ გულმხურვალედაც შეხვდნენ, რადგან ესოდენ სწრაფად მოქცეული სოფიო ელენესთან დარჩა და მთელის ძალით ცდილობდა შეჯიბრებოდა მას მგზნებარებასა და გულმოდგინებაში. ბოლო მოეღო შურსა და ქიშპს. ამოირჩიეს ერთიდაიგივე სამარცხვინო ხელობა და ცოდვილი დები სრულის შეთანხმებით ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ. თმასაც ერთნაირად ივარცხნიდნენ. ერთნაირ ტანსაცმელს იცვამდნენ და ირთვებოდნენ და რახან ერთნაირად იცინოდნენ და ერთნაირადვე ჩურჩულებდნენ ნაზ სიტყვებს, ავხორცნი ახალ, დაუსრულებელ, მიმზიდველ თამაშს მიეცნენ: ცეცხლოვან მზერაზე, კოცნასა და ალერსზე გამოეცნოთ, რომელი ჰყავდათ გულში ჩაკრული, მეძავი ელენე, თუ ოდესღაც უბიწო სოფიო. ისე საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს, იშვიათად თუ გამოიცნობდა ვინმე, რომელს ახარჯავდა ფულს. ამასთან კიდევ ცბიერი ტყუპი დები განსაკუთრებულ სიამოვნებას პოულობდნენ რომელიმე ცნობისმოყვარე მამაკაცის გასულელებაში. ამგვარად, პირველად არ იყო, რომ ამ ჩვენს ცრუ სოფელში ელენე გამარჯვებას ზეიმობდა სოფიოზე, სილამაზე სიბრძნეზე, ბიწიერება სათნოებაზე, ძველთაგან ცოდვილი ხორცი მერყევ და ზვიად სულზე. კვლავ დამტკიცდა ჭეშმარიტება, რასაც ჯერ კიდევ მრავალტანჯული იობი ღაღადებდა. ბიწიერნი განცხრომით ცხოვრობენ ამქვეყნად, ალალმართლებს მასხრად იგდებენ, უბიწოთ არცხვენენ, რადგან არასოდეს არც ერთ მეზვრეს, ზედამხედველს, მეკასრეს, ოქრომჭედელს, პურის მცხობელს, ჯიბის ქურდს თუ საეკლესიო ქურდს თავისი მძიმე შრომით იმდენი ფული არ უშოვნია, როგორც დებმა იშოვნეს თავიანთი ავხორცობით. სრულის ერთსულოვნებით აცარიელებდნენ ყველაზე მძიმე სკივრებს და ყველაზე სავსე ზარდახშებს. ფული და ძვირფასი თვლები მკვირცხლი თაგვებივით თავს იყრიდნენ ყოველღამ იმათ სახლში. დედას არა მარტო სილამაზით დაემსგავსნენ, არამედ ხელმომჭირნეობასა და ანგარიშიანობაშიც და ოქროებს ტყუილუბრალოდ კი არ ფლანგავდნენ, როგორც ბევრი მათი მსგავსი ქალი სჩადის ხოლმე, მევახშეობდნენ, ფულს ატრიალებდნენ და ამითი ხელში ჰყავდათ ქრისტიანებიც, ებრაელებიცა და წარმართებიც. ამას ისეთი გულმოდგინებით აკეთებდნენ, რომ იმათ მღვიმეში იმაზე მეტმა თამასუქებმა, გირავნობის სიგელებმა მოიყარა თავი, ვიდრე რომელიც გნებავთ სასახლეში. რაღა თქმა უნდა, როცა ამას ხედავდნენ, აქაურ ყმაწვილ ქალებს აღარ სურდათ ჭურჭლის მრეცხაობა, ან თეთრეულით სავსე ვარცლთან დგომა ხელებგაყინულებს. და აი, ერთმანეთთან შეთანხმებული დების დანაშაულით ამ ქალაქმა ისეთი ცუდი სახელი დაიგდო, რომ ახალ სოდომს ეძახდნენ.

   მაგრამ ჭეშმარიტად უთქვამს ხალხს: რა მარდადაც არ უნდა იხტუნოს ეშმაკმა, ცალი ფეხი მაინც მოსტყდებაო.

   ასე მოუვიდათ ამათაც. რაც წლები გადიოდა, მოყირჭებულ მამაკაცებს თანდათან ნაკლებ იტაცებდათ გამოცანის ამოხსნა. სტუმრები იშვიათად მოდიოდნენ ხოლმე. ადრე ჰქრებოდა სანდლები სასახლეში, კარგა ხანია ხვდებოდა ყველა, რისი მიხვედრაც არ სურდათ დებს და რასაც უხმოდ უჩურჩულებდა სარკე მოციმციმე შანდლებს: ნაოჭებზე მკვირცხლ თვალთა უპეებში, ფერმკრთალ ლოყებზე. ამაოდ ცდილობდნენ ხელოვნებითა და გრძნეულებით დაებრუნებინათ ის, რასაც უმოწყალოდ ართმევდა მათ ბუნება, ამაოდ იფარავდნენ ჭაღარას საფეთქლებთან, სპილოს ძვლის დანით ისწორებდნენ ნაოჭებს და მორღვეულ ტუჩებს იღებავდნენ; წლებს, გზნებით გატარებულ წლებს, თავისი გაჰქონდა და როგორც კი გაჰქრა მათი სინორჩე, მამაკაცებს მოყირჭდათ, რადგან როცა იმათი სინორჩე ჭკნებოდა, გამოჩნდა სხვა ქალიშვილები, ყოველწლიურად ახალი ნერგი, კოკობმკერდიანი, ცელქი, ხვეულთმიანი მშვენიერი ქმნილებანი, რომლებიც თავიანთი უბიწოებით უფრო მეტად იზიდავდნენ ცნობისმოყვარე მოტრფიალეთ. თანდათან სიჩუმემ დაისადგურა სასახლეში ბაზრის მოედანზე. ჩაიჟანგა კარის ანჯამები, ამაოდ ენთო ჩირაღდნები და ფისის სურნელოვან სუნს აფრქვევდნენ გარშემო, აღარავინ თბებოდა აბრიალებულ ბუხართან, აღარავის ელოდნენ მორთულ-მოკაზმული დები. მეფლეიტეებმა, რომელთაც მსმენელები აღარ ჰყავდათ, მიატოვეს თავიანთი მომჯადოებელი ხელოვნება და მოწყენილობისაგან მთელი დღეობით კამათელს აგორებდნენ. მეკარე კი, ღამღამობით სტუმრებს რომ ელოდებოდა, უშფოთველი ძილისაგან ჩასუქდა. უსხდნენ ხოლმე დები გრძელ მაგიდას, ოდესღაც სიცილ-ხარხარისაგან რომ ზანზარებდა, და რადგან აღარავინ მოდიოდა მათთან დროის სატარებლად, ბევრი დრო რჩებოდათ წარსულის მოსაგონებლად. სოფიო ნაღვლიანად იგონებდა იმ დროს, როცა უარი თქვა ამქვეყნიურ სიამოვნებაზე და მკაცრ, ღვთისმოშიშ ცხოვრებას ეწეოდა. ახლა ხშირად იღებდა ხელში მტვერდადებულ წმინდა წიგნებს, რადგან ქალები მაშინ ბრძენდებიან, როცა მათი სილამაზე ჭკნება. ნელ-ნელა ორივე დაში რაღაც საოცარი ცვლილება მოხდა. ისევე, როგორც ყმაწვილქალობაში მეძავმა ელენემ გაიმარჯვა ღვთისმოშიშ სოფიოზე, ახლა სოფიო, რომელმაც კარგა ხნის შემდეგ საკმაოდ შესცოდა, დიდის გულმოდგინებით არწმუნებდა დას უარი ეთქვა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე. დილდილაობით სასახლეში საიდუმლო მოძრაობა იწყებოდა, სოფიო მიიპარებოდა საავადმყოფოში, რომელიც ოდესღაც ასე სამარცხვინოდ დატოვა, რათა მონაზონთათვის პატიება გამოეთხოვა. ჯერ მარტო მიდიოდა, მერე ელენეც თან მიჰყავდა და როდესაც ორივე დამ განაცხადა, ცოდვით მონაგარი ფული უკლებლივ საავადმყოფოსათვის შეეწირათ, ურწმუნოთაც კი აღარ ეპარებოდათ ეჭვი იმათ გულწრფელ სინანულში.

   და აი, ერთ მშვენიერ დილას, როცა მეკარეს ჯერ ისევ ეძინა, პირშებურვილი, ორი უბრალოდ ჩაცმული ქალი ისე აჩრდილივით, მოკრძალებითა და ჩუმად გამოიპარა ბაზრის მოედანზე მდებარე მდიდრულ სასახლიდან, როგორც ორმოცდაათი წლის წინ ერთი ქალი - იმათი დედა, როცა სიზმარივით გაუქრა სიმდიდრე და ქალაქის განაპირა ქუჩაბანდის სიღარიბეს უბრუნდებოდა. ფრთხილად გამოიპარნენ შიშნეულად გაღებულ ჭიშკარში. თუ წინათ ერთმანეთს ჯიბრში ედგნენ ამპარტავნობაში და ითხოვდნენ, ყველას მათთვის მიექცია ყურადღება, ახლა მოკრძალებით იბურავდნენ სახეს, რათა იმათი გზა გამოუცნობი დარჩენილიყო და ბედი მათი დავიწყებას მისცემოდა. თუ გადმოცემას დავუჯერებთ, კარგა ხნის შემდეგ განდეგილობისა, უცხო ქვეყნის ერთ ქალთა მონასტერში დაუსრულებიათ სიცოცხლე, სადაც არავინ იცოდა მათი წარსული, მაგრამ მათ მიერ შეწირული სიმდიდრე ესოდენ აურაცხელი ყოფილა, - აუწონელი ოქრო, სამკაული, თვალმარგალიტი, დაუთვლელი საგირავნო ქაღალდები, - რომ ქალაქის სადიდებლად მთელს აქვიტანიაში ჯერ არნახული საავადმყოფო აუგიათ. ვინმე ჩრდილოელ ხუროთმოძღვარს გეგმა შეუდგენია, ოც წელიწადს დღე და ღამ უშენებიათ და როცა დაუსრულებიათ, ხალხი განცვიფრებით შესცქეროდა თურმე ახალ შენობას, რადგან რაღაც უჩვეულოდ აღმართულიყო მის ზემოთ ერთი მრისხანე, ოთხკუთხი კოშკი, ერთი კი არა, ქალურად ტანწერწეტი, გრანიტის მაქმანშემოვლებული ორი კოშკი, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ, ისე მსგავსნი ზომითაც, შესახედაობითაც და მომაჯადოებელი ჩუქურთმითაც, რომ პირველი დღიდანვე „ტყუპი დები“ უწოდეს. არავინ იცის, რისთვის შეარქვეს ეს სახელი, ერთი მეორის ანარეკლი რომ იყო, თუ იმიტომ, ხალხს, რომელიც არ ივიწყებს მნიშვნელოვან მოვლენებს და საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობებს გადასცემს, არ სურდა დავიწყებას მისცემოდა ლეგენდა ცოდვილიან ცხოვრებასა და ტყუპი დების მოქცევაზე, რაც შუაღამისას, მთვარის შუქზე, ჩემმა ღაჟღაჟლოყება, ცოტათი შექეიფიანებულმა თანამესუფრემ მიამბო.

ნახვა: 510

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters