← დასაწყისი

შუა აგვისტო.
   ჩავწერთ თუ არა დღევანდელ დღეს? მეტად მწარე ლუკმაა. ჯერ კიდევ ვერ მომინელებია მთლიანად. აბა, მხნედ, ძველო! ეს საუკეთესო საშუალება იქნება მის მოსანელებლად.
   ამბობენ, ზაფხულის წვიმა ბარაქის ნიშანიაო. თუ ეს ასეა, კრეზუსზე უფრო მდიდარი უნდა ვიყო, რადგან ამ ზაფხულს ჩემ ზურგს თავსხმა არ მოჰკლებია, მაგრამ ივანიკა ნათლისმცემელივით ფეხშიშველი და ტიტველი დავდივარ. როგორც კი ამ ორმაგ უბედურებას თავი დავაღწიე - ჩემი გლოდი მორჩა, მორჩა დედაბერიც, პირველი ავადმყოფობას გადარჩა, მეორე - სიცოცხლეს - სამყაროს მმართველმა ძალებმა ჩემზე შმაგი იერიში მოიტანეს (იქ, მაღლა, ცაში უთუოდ ვიღაც დიაცი გადამკიდებია. ნეტავი რა დავუშავე? არც არაფერი. ვუყვარვარ, როგორც ჩანს), რის შედეგადაც დავრჩი შიშველი და ნაცემ-ნაბეგვი, მაგრამ ძვლები მაინც შემრჩა (და სწორედ ეს არის მთავარი).
   გლოდი თუმცა აღარ ავადმყოფობდა, შინ დაბრუნებას არ ვჩქარობდი; ჩემი გვრიტის გამოჯანსაღება მასზე მეტად მე მახარებდა. ბავშვის გამოჯანმრთელებას რომ უცქერი, ასე გგონია, სამყაროს შექმნას უმზერ, ქვეყანა ახლად შექმნილი გეჩვენება, რძეშეუმშრალი. ასე რომ, ჩემთვის დავეხეტებოდი, ბაზარში მიმავალი ჭორიკანა დედაკაცების მოტანილ ახალ ამბებს უგულისყუროდ ვუსმენდი. და აი, ერთ დღეს ყურები ვცქვიტე იმ ბებერი ვირივით, რომელიც პატრონის სახრესა ხედავს. ამბობდნენ, კლამსიში ბოვრონის გარეუბანი ალშია გახვეული და სახლები ფიჩხებივით იწვისო. მეტი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ამ დღიდან მოსვენება დავკარგე, ბოვრონელებს თანავუგრძნობდი და ნაკვერჩხლებზე ვიჯექი. რამდენი არ მიძახეს: - დამშვიდდი, შე კაი კაცო! ცუდი ამბავი მერცხალივით სწრაფია. ხელად მოგაგნებს. საქმე შენ რომ გეხებოდეს, უკვე გეცოდინებოდა. შენს სახლზე ხომ არაფერი უთქვამთ, ვინ დათვლის ბოვრონში რამდენი ვირია...
მაინც ადგილზე ვერ ვისვენებდი, გულში ვამბობდი: - არა, ჩემი იწვის, დამწვრის სუნი მცემს...
   კომბალი ავიღე და გზას გავუდექი. ვფიქრობდი: „რა სულელი ვარ, უფალო! ეს პირველი შემთხვევაა, კლამსიდან ისე წავედი, რომ არაფერი დამიმალავს. სხვა დროს, მაგალითად მტრის მოახლოვებისას, ხიდს იქით, კედლებს უკან მიმქონდა ოჯახის მფარველი ღმერთები, ფული და ჩემი ხელოვნების ნიმუშები, რომლითაც ვამაყობ, ხელსაწყოები, ავეჯი, ბარგი-ბარხანა; თუმცა უშნონი არიან და უხეირონი, მაინც არ გავცვლიდი მსოფლიოს ოქროზე, რადგანაც ჩვენი უბადრუკი ბედნიერების მოწმენი არიან... ამჯერად ყველაფერი სახლში დავტოვე“. საიქიოდან მესმოდა, ამ წინდაუხედაობის გამო როგორ მლანძღავდა ჩემი დედაბერი. ვეუბნებოდი: - შენი ბრალია, შენს გამო ვიჩქარე, შენს გამო ვისწრაფე!
   დიდი აყალმაყალის შემდეგ (ამან ცოტა ხანს გამართო) შევეცადე ისიც და ჩემი თავიც დამერწმუნებინა, რომ უმიზეზოდ ვშფოთავდით. მაგრამ აბეზარი ფიქრი ბუზივით თავს დამბზუოდა, მიბრუნდებოდა, არ მასვენებდა და ცხვირზე მაჯდებოდა. განუწყვეტლივ იმას ვხედავდი და ზურგზე სიმწრის ოფლი მასხამდა. ჩქარა მივდიოდი. ვილიე გავიარე. და ის იყო, დაბურულ აღმართს ავყევი, რომ ფერდობზე ურიკა დავინახე, ზედ მულოელი მეწისქვილე, პაპა ჟოჟო იჯდა, მიცნო, გაჩერდა, შოლტი ასწია და დამიყვირა: - საბრალო ბიჭო!
   თითქოს მუცელში მუშტი მომხვდაო, გზის პირას გავხევდი პირდაღებული. მან კი განაგრძო: - სად მიხვალ? დაბრუნდი, კოლა. ნუ შეხვალ-მეთქი ქალაქში. გული მოგიკვდება. ყველაფერი დამწვარია, ნაცარტუტად ქცეული. არაფერი დაგრჩა.
   ხვადაგი, ყოველ სიტყვაზე კუჭმაჭს მიტრიალებდა, გადავწყვიტე მაინც არ გამეტეხა იხტიბარი, ნერწყვი გადავყლაპე, წელში გავიმართე და ვუთხარი: - ახალი ამბავი! ყველაფერი ვიცი.
- მაშ იქ რად მიხვალ, რა გინდა ნახო? - წყენით მკითხა მოხუცმა.
- რაც დარჩა.
- გეუბნები, არაფერი დარჩა-მეთქი, არაფერი, არც კარგი, არც ავი, არც ბოლოკის თავი.
- ჟოჟო, ამლაშებ, ვერ დამაჯერებ, რომ ჩემმა ორმა შეგირდმა და კარგმა მეზობლებმა გულცივად უყურეს, როგორ იწვოდა სახლი და არ გადამირჩინეს თუნდაც ორიოდე წაბლი, ან რამე ავეჯი, როგორც ამას ძმურად აკეთებენ ხოლმე...
- მეზობლებიო? შე უბედურო! სწორედ იმათ დაგიწვეს სახლი...
ამან კი ბოლო მომიღო. ჟოჟომ ნიშნის მოგებით მითხრა: - ხომ ხედავ, არაფერი გცოდნია.
   იხტიბარს არ ვიტეხდი, მაგრამ იმ წყეულმა ჟოჟომ, დარწმუნებულმა, რომ პირველი მიამბობდა ამ გასახარელ ამბავს, კმაყოფილებითა და მწუხარებით, ხანძრის ამბის მოყოლა დაიწყო: - ყველაფერი ჭირის ბრალია. ყველა გაგიჟდა. ერთი მითხარი, რად დაგვტოვეს მუნიციპალიტეტისა და სამთავროს ვაჟბატონებმა, მრჩეველებმა, პროკურორებმა? წავიდა მწყემსი. გაცოფდა ფარა. ბოვრონში ჭირის ახალი ნიშნები რომ აღმოჩნდა, ყვირილი მორთეს: ჭირიანი სახლები დავწვათო! თქმა და გაგება ერთი იყო. შენ იქ არ იყავი, შენი სახლით დაიწყეს. მონდომებით შრომობდნენ, ყველას თავისი წვლილი შეჰქონდა, ფიქრობდნენ, ქალაქის საკეთილდღეოდ ვმუშაობთო, ერთიმეორეს აქეზებდნენ. ნგრევას რომ იწყებენ, ხომ იცი, რა ხდება: ყველა გიჟდება, ცოფდება, თვრება, ყველაფერი იმსხვრევა, არ ჩანს საზღვარი... ცეცხლი რომ შეუნთეს, ფერხული დაუარეს. თითქოს ყველა გახელდა... „ბოვრონის ხიდზე ხალხი ცეკვავს, ხალხი ცეკვავს“... ნეტავი გენახა... „ნახეთ, როგორ ცეკვავს, ხალხი როგორ ცეკვავს“... რომ გენახა, შეიძლება მათთან ერთად შენც გეცეკვა. ვერ წარმოიდგენ, როგორ იწვოდა და როგორი ტკაცატკუცი გაჰქონდა სახელოსნოში დაწყობილ ფიცრებს... ერთი სიტყვით, ყველაფერი გადაწვეს!
- კარგი იყო, მენახა, უთუოდ ლამაზი იქნებოდა, - ვთქვი მე.
მართლაც ასე ვფიქრობდი, მაგრამ თან იმასაც ვამბობდი გულში: „მკვდარი ვარ. მომკლეს“. მაგრამ ჟოჟოს ამას არ ვეუბნებოდი.
- როგორ, ეს არ გაშფოთებს განა? - უკმაყოფილოდ თქვა მან.
(კეთილი კაცია, ძალიან ვუყვარდი; მაგრამ ხომ იცით, - ასეთია ადამიანის წყეული ბუნება, - არ გწყინს, ზოგჯერ მეზობლის უბედურებას რომ ხედავ, თუნდაც იმისთვის, რომ ნუგეშს სცემ და ისიამოვნებ.) ვუთხარი: - დასანანია, რომ ასეთი დიდებული კოცონისათვის ივანობის ღამეს არ დაუცადეს. - და წასვლა დავაპირე.
- მაინც მიდიხარ?
- მივდივარ. ნახვამდის ჟოჟო.
- ახირებული ვინმე ხარ! - მითხრა მოხუცმა.
ცხენს შოლტი გადაუჭირა.
   მივდიოდი, უკეთ რომ ვთქვა, სანამ ურიკა მოსახვევში არ მიიმალა, ვითომ მივდიოდი; მერე კი ათი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოვახერხე, მუხლები მომეკვეთა. კუნძზე დავეშვი, თითქოს ღამის ქოთანზე დავჯექი.
წუთები, რომელიც ამას მოჰყვა, საზიზღარი იყო. მეტი ბაქიობა აღარ მჭირდებოდა. შემეძლო უბედური ვყოფილიყავი, უბედური, რამდენიც მსურდა, და ეს სიკეთე არ მოვიკელი. ვფიქრობდი: „ყველაფერი დავკარგე, ყველაფერი: კერა, მისი ხელახლად აღდგენის იმედი! სიმწრით დანაზოგი ფული, სახლი, დღე და ღამე მოუსვენარი შრომით ნაგები. შრომა კი ჩემისთანა საწყალი კაცისათვის უდიდესი შვებაა. გაქრა ჩემი ცხოვრების კედლებში ჩამჯდარი მოგონებანი, ჩირაღდნების მსგავსი წარსულის აჩრდილნი და კიდევ მეტიც, დავკარგე ჩემი თავისუფლება. ახლა რა მელის? ერთ-ერთ შვილთან უნდა ვიცხოვრო. აკი ჩემს თავს ფიცი მივეცი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მათ ამ უბედურებას ავაცილებდი! ცხადია, შვილები მიყვარს, მათაც ვუყვარვარ, ესეც უდაოა, მაგრამ ისეთი უჭკუო როდი ვარ, არ ვიცოდე, რომ ყველა ჩიტი თავის ბუდეში უნდა დარჩეს, რომ მოხუცები ახალგაზრდებს აწუხებენ და თვითონაც წუხდებიან. ყველა თავის მიერ დადებულ კვერცხებზე ფიქრობს, თვითონ კი საიდან გამოიჩეკა, რა ესაქმება. ბებერი, რომელსაც სიცოცხლე ჯიუტად სწყურია, თუ ახალ ნაჩეკში გარევას ცდილობს, დაუპატიჟებელი სტუმარია, რამდენიც არ უნდა ეცადოს შეუმჩნეველი დარჩეს. მაინც პატივისცემა ეკუთვნის. ეშმაკსაც წაუღია პატივისცემა! იგია ყველა უბედურებისა და უთანასწორობის მიზეზი; ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემდამი პატივისცემას ჩემი ხუთი შვილი არ გაეგუდა და ეს არც ისე ცუდად მოვახერხე; მაგრამ რაც უნდა იღონოთ, მიუხედავად იმისა, რომ უყვარხართ, მაინც ისე გიყურებენ, როგორც უცხოს; თქვენ იმ მხარიდან მოდიხართ, სადაც ისინი არ დაბადებულან და ვერ გაიცნობთ ქვეყანას, სადაც ისინი მიდიან; მაშ, როგორ გნებავთ ერთმანეთს გაუგოთ, ერთმანეთს მიუხვდეთ? თქვენ მხოლოდ ერთმანეთს აწუხებთ და ბრაზობთ და მერე, იცით რა? მართალია, ამის თქმა საშინელებაა, მაგრამ კაცმა, რომელიც ძალიან უყვართ, არ უნდა გამოსცადოს თავისიანების სიყვარული: ეს უფლის ცდუნება იქნება.

   მეტისმეტი არ უნდა მოსთხოვოთ ჩვენს ადამიანურ ბუნებას. კარგია კარგი ბავშვები; საწუწუნო არაფერი მაქვს; მაგრამ კიდევ უკეთესები არიან, თუ მათი დახმარება არ გჭირდებათ. ამაზე მეტის თქმა შეიძლებოდა, რომ მინდოდეს. ბოლოს და ბოლოს, თავმოყვარეობა არ მომცემს ამის ნებას. არ უნდა წაართვა პურის ნამცეცი, თუკი გაეცი. თითქოს ვალს ვთხოვდე: „ახლა თქვენ მარჩინეთ, უწინ მე გარჩენდით“. ლუკმა, რომელიც ჩემი შრომით არ მიშოვნია, ყელზე მადგება. ასე მგონია, თვალით ლუკმას მითვლიან. თავისუფალი მინდა ვიყო, მხოლოდ ჩემი შრომის მოვალე, ჩემი სახლის ბატონ-პატრონი, ჩემს ნებაზე შევიდე და გამოვიდე. გროშად არ ვღირვარ, როდესაც დამცირებულად ვგრძნობ თავს. ეჰ! რა ცუდია, იყო ბებერი, შენიანების ხელში შემყურე; ეს თანამოქალაქეების მოწყალებაზე უარესია. შენიანები ვალდებული არიან გარჩინონ და არ იცი, კეთილი გულით შვრებიან თუ არა; სჯობია ჩაძაღლდე, ვიდრე ისინი შეაწუხო“.
   ასე ვწუწუნებდი თავმოყვარეობაშებღალული, გრძნობაშელახული, დამოუკიდებლობაშერყეული, ყველა სიკეთეშებღალული. ვწუხდი კვამლად ქცეული წარსულის მოგონებასა და ყველაფერზე, რაც მქონდა კარგი და ცუდი. კარგად ვიცოდი, რომ რაც უნდა მეღონა, მაინც იმ ერთადერთი გზით უნდა მევლო. უნდა გამოვტყდე, რომ ფილოსოფოსობის თავი არ მქონდა. უბედური ვიყავი, იმ ხესავით უბედური, რომელიც ძირში მოჭრეს და დააპეს.
ასე, ქოთანზე მჯდარი, ირგვლივ ვიყურებოდი, ვეძებდი, რას ჩავჭიდებოდი და მახლობლად ხეივნის ხეების ქოჩრებით დაბურული კენსის ციხე-დარბაზის ხრახნილისებრი კოშკი დავინახე. და უცბად ოცდახუთი წლის მშვენიერი ნამუშევრები მომაგონდა, ნამუშევრები, რომლებითაც ის კოშკი დავამშვენე: ავეჯი, პანელები, მოჩუქურთმებული კიბე, ყოველივე ის, რაც კეთილმა ბატონიშვილმა ფილიბერმა შემიკვეთა... ის აბეზარი! რამდენჯერ გავუმწარებივარ. ერთ დღეს მომინდომა მისი საყვარლები ევას სამოსში გამომექანდაკებინა, თვითონ კი - ადამის ტყავში, გიჟმაჟი, აშიკ-მაშიკი, გველის მობრძანების შემდეგდროინდელი ადამისა! მერე მოეპრიანა, საჭურველსაცავში იარაღების დასაკიდ ფარზე ამოქანდაკებულ ირმებს ჩვენს მხარეში ცნობილ რქადასმულთა თავები ჰქონოდათ. ამაზე ბევრი ვიცინეთ... მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ძნელი იყო ამ ქაჯი კაცის გულის მოგება. დაამთავრებდი თუ არა, ისევ თავიდან უნდა დაგეწყო; ფულის გადახდა კი ენანებოდა, ეს იშვიათი ხილი იყო... მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა! ბატონიშვილს ერთნაირი გატაცებით უყვარდა ყველაფერი ლამაზი, ხისა იქნებოდა თუ ხორციელი, უსულო თუ სულიერი (სწორედ ესაა კარგი. ხელოვნება უნდა გიყვარდეს, როგორც შენი საყვარელი, გულით, სულით, ხორცით, ვნებით, გატაცებით). და თუ წუწურაქმა საფასური არ მომცა, ხომ გადამარჩინა. კლამსიში თუ დავიღუპე, აქ ზედაპირზე ვტივტივებ. ჩემი წარსულის ხე თუ დაიღუპა, მისი ნაყოფი ხომ მაინც დარჩა. სამშვიდობოს არის. არ ეშინია არც ყინვის, არც ცეცხლის. ცხოვრების ეშხი რომ დამბრუნებოდა, მინდოდა ჩემი ნახელავი დაუყოვნებლივ მენახა, კბილებით ჩავფრენოდი, გემო გამესინჯა.
   ციხე-დარბაზში შევედი. იქ კარგად მიცნობდნენ. ბატონი შინ არ იყო; მოვიმიზეზე, ახალი ზომა მაქვს ასაღები-მეთქი და იქით გავემართე, სადაც ჩემი შვილები მეგულებოდნენ. დიდი ხანი არ მენახა ბავშვები. სანამ ხელოვანი ძალას გრძნობს მკლავში, ქმნის და რაც შეუქმნია, იმაზე არ ფიქრობს. ერთხელ, როდესაც მათი ნახვა მოვისურვე, ბატონმა დე კენსიმ უცნაურად გაიცინა და არ შემიშვა. ვიფიქრე, ცუღლუტს უთუოდ ვიღაც ახტაჯანა, ქმრიანი ქალი ჰყავს-მეთქი დამალული და რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ჩემი ქალბატონი არ იქნებოდა, დიდად არ შევწუხებულვარ. და მერე, იცით რა, დიდი ხვადაგების ხუსტურებთან არ დაობენ; ასე უფრო გონიერია. აქაურებიც ახირებულ კაცად თვლიან და სათოფეზე არ ეკარებიან.
   ასე რომ, მთავარ კიბეს გაბედულად ავყევი. ათი ნაბიჯიც არ გადამიდგამს და ლოტის ცოლივით გავქვავდი. ყურძნის მტევნები, ატმის ტოტები, ჩუქურთმიან მოაჯირს შემოხვეული, აყვავებული ლიანები დანით აეკუწათ. თვალებს არ ვუჯერებდი, ხელი შევახე საბრალო დასახიჩრებულთ. თითებით ვიგრძენი მათი ჭრილობების მოხაზულობა. სუნთქვა შემეკრა, კვნესა აღმომხდა. სწრაფად ავირბინე კიბის საფეხურები: მეშინოდა, რომ უარესი არ მენახა!.. იმან, რაც დამხვდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
სასადილოში, საჭურველსაცავში, საწოლ ოთახში, ავეჯზე და პანელებზე ამოკვეთილ ფიგურებს მოჭრილი ჰქონდათ: ზოგს ცხვირი, ზოგს მკლავი, ზოგს ფეხი, ზოგს კიდევ ვაზის ფოთოლი. ბუხრებს, სკივრების მუცლებს, მოჩუქურთმებულ სვეტებს ამკობდა დანით ამოჭრილი წარწერები: პატრონის სახელი, რაღაც ტუტუცური აზრი, ანდა ამ ჰერკულესის საფერი სამუშაოს დღე და საათი. დიდი გალერეის სიღრმეში უხვბეწვიანი ძუ ლომის კისერზე მუხლმოყრილი ჩემი ლამაზი, ტიტველი იონელი ფერია სამიზნედ ეხმარათ და მუცელი მაჟარის ტყვიებით დაეცხრილათ. და ალალბედზე საითაც არ მივიხედე, ყველგან დანების კვალი, ბურბუშელა, ნარანდი, მელნის ან ღვინის ლაქები, მიმატებული ულვაშები, ანდა ბინძური ხუმრობა ვიხილე, ერთი სიტყვით, ყველა ის უხამსობა, რაც მოწყენას, მარტოობას, ტაკიმასხარაობასა და სიბრიყვეს შეუძლია უკარნახოს მდიდარი იდიოტის გონებას, რომელმაც თავის მდიდრულ სასახლეში არ იცის, რა მოიგონოს და ანგრევს ყველაფერს, რადგან არაფრის მაქნისია და არაფრის გაკეთება არ შეუძლია. აქ რომ ყოფილიყო, ალბათ, მოვკლავდი. ვკვნესოდი, ვქშინავდი, დიდხანს სიტყვა ვერ დამეძრა. კისერი გამიწითლდა, შუბლის ძარღვები დამებერა, თვალები კიბოსავით გადმომცვივდა, ბოლოს, როგორც იქნა, მოვახერხე შეგინება. დროც იყო! ცოტა კიდევ და ბრაზისაგან გავიგუდებოდი... ერთი რომ გასკდა, აი დედასა! როგორ ავიწყვიტე! მთელი ათი წუთი ყველა ღმერთს ვაგინე და ჩემი მძულვარება გადმოვანთხიე: - ჰა, ქოფაკო! - ვყვიროდი მე, - მაშ, იმისათვის მოვიყვანე შენ ბუნაგში ჩემი მშვენიერი ბავშვები, რომ გეწამებინა, დაგესახიჩრებინა, გაგეუპატიურებინა, წაგებილწა, წაგერყვნა! ვაიმე, ვაიმე! ჩემო პაწაწინებო, სიხარულში შობილნო, ჩემს მემკვიდრედ გსახავდით, შეგქმენით ჯანსაღი, ღონიერი, ფუნჩულა, ნაკვთად სრული, არაფერი დაგაკელით, ისეთი ხისგან გამოგჭერით, რომ ათასი წელი უნდა გეცხოვრათ. ვაი ჩემს მოსწრებას. ვეღარ მიცვნიხართ გახეიბრებულნი, დასახიჩრებულნი ზევიდან და ქვევიდან, წინიდან და უკნიდან; ზოგს ცხვირი აკლია, ზოგს - კისერი და ომგადახდილ ბებერ მძარცველთა ხროვაზე უფრო მეტად ხართ ჭრილობებით დასერილნი. ისმინე, მაცხოვარო, ვედრება ჩემი (იქნება ვედრება არც გჭირდება), მოიღე მოწყალება, რომ სიკვდილის შემდეგ არ მოვხვდე სამოთხეში, პირდაპირ ჯოჯოხეთში მიკარ თავი, შამფურის მახლობლად, რომელზედაც ბელზებელი წაწყმედილ სულებს ბრაწავს, რათა ჩემი ხელით შევატრიალ-შემოვატრიალო შამფურზე უკანალით აცმული ჩემი ბავშვების ჯალათი.
   ამ ყოფაში ვიყავი, როდესაც ჩემი ნაცნობი ლაქია, მოხუცი ანდოში შემოვიდა და მთხოვა, შემეწყვიტა ბღავილი... კარებისაკენ წამიყვანა, კეთილი კაცი შეეცადა ვენუგეშებინე: - განა შეიძლება ხის ნატეხებისათვის ამ ყოფამდე მისვლა? ნეტავი, რას იტყოდი, ჩვენსავით იძულებული რომ იყო, ასეთ გიჟთან იცხოვრო? განა არა სჯობია, ამ ფიცრებით გაერთოს, რომლებშიც ფული გადაგიხადა, ვიდრე გვაწამოს ისეთი კეთილი ქრისტიანები, როგორიც, მაგალითად, მე და შენა ვართ?..
- ეჰ! - ვუპასუხე მე, - გცემოს, რამდენიც უნდა! როგორ გგონია, უარს ვიტყოდი, რომ გავეწკეპლე ამ ხის ერთი ნატეხისათვის, რომელსაც ჩემმა თითებმა სული შთაბერეს? არარაა კაცი, ღვთიურია მისი ქმნილება, სამგზის მკვლელია ის, ვინც აზრსა კლავს!..
   კიდევ ბევრ რამეს ვიტყოდი ასევე მჭევრმეტყველურად, მაგრამ შევნიშნე, რომ ჩემს მსმენელებს ვერაფერი გაეგოთ და ანდოშის თვალში ისეთივე გიჟი ვიყავი, როგორც მისი ბატონი. და როდესაც კიდევ ერთხელ შევჩერდი ზღურბლზე, რომ უკანასკნელად გადამევლო თვალი ამ ბრძოლის ველისათვის, თავში უეცრად გამიელვა აზრმა, თუ რაოდენ სასაცილონი ვიყავით ჩემი უცხვირო ღმერთები, მათი ატილა, მშვიდთვალა ანდოში, რომელსაც ვებრალებოდი და მე - ბებერი სულელი, ამდენ ნერწყვს რომ ვხარჯავდი ჩერჩეტებთან ყბედობაში... ფრრუტ... შუშხუნასავით გამიელვა... ბრაზი და დარდი დამიცხრა, გაოცებული ანდოშის ცხვირწინ სიცილი დავიწყე და კარში გავვარდი.
   კვლავ გზაზე აღმოვჩნდი; ვამბობდი: „ამჯერად ყველაფერი წამართვეს. მხოლოდ მიწაში ჩასადებად ვვარგივარ. ტყავიღა დამრჩა... კი მაგრამ, დალახვროს ეშმაკმა, ტყავი ხომ შემრჩა, და შემრჩა ისიც, რაც ამ ტყავში მაქვს. იმ ალყაშემორტყმულის დარად, რომელმაც მტრის მუქარაზე, თუ არ დამნებდები, ბავშვებს დაგიხოცავო, უპასუხა: „როგორც გენებოს, მე თან მაქვს იარაღი, რომ სხვები გავაკეთო“, - დასწყევლოს ღმერთმა, მეც ხომ თანა მაქვს იარაღი. ის არ წაურთმევიათ, ვერც წამართმევენ... სამყარო ხრიოკი ველია, აქა-იქ მოდის ჯეჯილი, რომელიც ხელოვანთ დაგვითესია. მიწიერი და ზეციერი ხვადაგები კენკავენ, ღეჭავენ და ჰქელავენ ჩვენს ყანას. უძლურთა შემოქმედება - მკვლელობაა. ხვადაგებო! ღრღენით, გაანადგურეთ, ფეხით გაქელეთ ჩემი ჯეჯილი, ახალს მოვიყვან. თავთავი მწიფე, თავთავი მკვდარი, სულ არ მაწუხებს მე მოსავალი. მიწის წიაღში ღვივის მარცვალი. მე ვარ ის, რაც იქნება, და არა ის, რაც იყო. და როდესაც დადგება ის დღე, როცა ძალ-ღონე გამიქრება, ან თვალები ჩამიქრება, აღარ მექნება ხორცშესხმული ნესტოები და ყანყრატო, ღვინოს რომ ვისხამ, როდესაც მოუსვენარი ენა დამიცხრება, დავიკრეფ მკლავებს, დაუდევარ ძალას დავკარგავ, ხელში სიმარჯვე წამერთმევა, როდესაც ძალიან დავბერდები და გავხდები უსისხლო და უგონო, იმ დღიდან აღარ ვიარსებებ, არა! შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ბრონიონი, რომელიც არ გრძნობს? კოლა, რომელიც არ ქმნის, ბრონიონი, რომელიც არ იცინის და ოთხივე ნალით ნაპერწკლებს არ ყრის? არა და არა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ კოლასაგან მხოლოდ შარვალი დარჩა, შეგიძლიათ დაწვათ. ჩემი ძონძი თქვენთვის დამილოცნია“...
   კლამსისაკენ გავემართე. ბაქიობით, ხელში კომბლით აღმართს ვათავებდი (მართალი გითხრათ, არ დაგიფიცავთ, თავს კარგად ვგრძნობდი), რომ ტირილით ჩემკენ მომავალი პატარა კაცუნა დავინახე, ჩემი შეგირდი რობინე, მეტსახელად პატარა ბინე. ეს ცამეტი წლის ბიჭუნა მუშაობის დროს ბუზების ფრენას უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა, ვიდრე გაკვეთილს, უფრო ხშირად გარეთ იყო, ვიდრე შინ; ერთობოდა წყალში კენჭების სროლით, ანდა გამვლელი გოგოების კანჭების ცქერით. დღეში ოცჯერ მივტყეპავდი ხოლმე; მაგრამ მაიმუნივით მარჯვესა და ქვეშქვეშას ეშმაკი, მარდი და კარგი მუშა თითები ჰქონდა და მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარდა მისი მუდამ დაფჩენილი პირი, ჩაცვენილი ლოყები, ჭკვიანი თვალები და პაჭუა ცხვირი. იცოდა ეს სალახანამ! რამდენიც უნდა მეღერა მუშტი, მექუხა, მეჭექა, ცუღლუტი იუპიტერის თვალში ღიმილს ხედავდა. ასე რომ, როდესაც მივტყეპავდი, ჩოჩორივით მშვიდად შეირხეოდა და კვლავ თავისას შვრებოდა. დიდი არამზადა იყო.
   მეტად გამიკვირდა, როცა დავინახე, რომ შადრევნის ტრიტონივით ცხვირიდან და თვალებიდან ცრემლები ნიაღვრად სცვიოდა. მომვარდა, ბღავილით წელზე შემომეხვია, ცრემლებით დამისველა ღიპი. ვერაფერი გამეგო. ვუთხარი: - აბა! აბა! ვინ გაგაჯავრა! დამეხსენ, მომეშვი! დალახვროს ეშმაკმა, მითხარი, რად ტირი, ჯერ ცხვირი უნდა მოიხოცო და მერე კაცს აკოცო. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ტირილი შეეწყვიტა, უფრო მაგრად შემომეხვია და თითქოს მსხლის კენწეროდან, ჯერ ჩემს მუხლებზე ჩამოცურდა, მერე მიწაზე და ტირილს უმატა. შევშინდი.
- აბა, ერთი დადექი, ჩემო ბიჭუნა! მითხარი, რა დაგემართა?
მკლავებში ჩავავლე ხელები და ავიტაცე... და მაშინ შევნიშნე, რომ ერთი ხელი შეხვეული ჰქონდა და ჭინჭიდან სისხლი ჟონავდა, ტანსაცმელი ძონძებს დამსგავსებოდა და წარბიც გარუჯოდა. ვთქვი (უკვე დამავიწყდა ჩემი ამბავი): - ყურუმსაღო! უთუოდ კიდევ წაიცუღლუტე, არა?
- ვაიმე, უსტა, მიწუხს სული, მიმდის გული!
გვერდით მოვისვი და ვუთხარი: - არ იტყვი მაინც, რა მოგივიდა?
- ყველაფერი დაიწვა!
   იყვირა საბრალომ და ისევ ცრემლებად დაიღვარა... მაშინღა მივხვდი, რომ ასე ჩემს გამო, ჩემი დამწვარი სახლ-კარის გამო წუხდა. ვერ აგიწერთ, როგორ მეამა. ვუთხარი: - საბრალო პატარა, ამის გამო ტირი განა?
ის კი არ ცხრებოდა (ეგონა, ვერ მივუხვდი): - სახელოსნო დაიწვა!
- ახალი ამბავი, ვიცი, რაც გინდა მითხრა. დღეს სულ მაგას მეუბნებიან, ყურები გამომიჭედეს. რას იზამ? უბედურება დაგვატყდა თავს.
ცოტათი დამშვიდებულმა შემომხედა. გული მაინც სტკიოდა.
- მერედა შენ რა, ჩემო პატარა ნამგალა, შენ გალია გიყვარდა განა? შენ ხომ სულ იქიდან გაფრენაზე ფიქრობდი? ალბათ, შენც სხვებივით კოცონის ირგვლივ ცეკვავდი, პატარა გაიძვერავ (რასაკვირველია, ეს აზრადაც არ მქონდა). აღშფოთებით იყვირა: - ეგ ტყუილია, ტყუილია! მე ვიჩხუბე. ცეცხლი რომ ჩაგვექრო, რა არ ვიღონეთ, მაგრამ მხოლოდ ორნი ვიყავით. ავადმყოფი, ციებისაგან აძაგძაგებული კანია (ეს ჩემი მეორე შეგირდია) ლოგინიდან წამოხტა და კარის წინ დადგა, მაგრამ აბა, მიდით და შეაჩერეთ ღორების ჯოგი! წაგვაქციეს, გაგვთელეს, გაგვქელეს, მიგვბერტყეს და მიგვაგდეს. გაცოფებულნი ტორებს ვურტყამდით, ტლინკებს ვისროდით, ვერაფერს გავხდით, რაბაწეულ მდინარესავით გადაგვიარეს; წამოდგა კანია, გამოეკიდა, კინაღამ მოკლეს და მაშინ, როდესაც ისინი ჩხუბობდნენ, მე ცეცხლმოკიდებულ სახელოსნოში შევიპარე... ღმერთო, რა ბუღი იდგა! ცეცხლი ერთბაშად მოსდებოდა ყველაფერს, ხის მორებიც ჩირაღდნებივით ბრიალებდნენ. ცეცხლის თეთრი, წითელი, შუშხუნა ენები სახეში კვამლსა და ნაპერწკლებს მაფურთხებდნენ. ვტიროდი, ვახველებდი, უკვე ვიწვოდი, გულში ვამბობდი: „რობენ, ძეხვივით შეიწვები!“.. მახლას, მოხდეს, რაც მოხდება! ჰოპლა! და როგორც ივანობის ღამეს, გადავხტი, შარვალი მეწვოდა, თმები გამერუჯა, ალმოდებულ ბურბუშელაზე დავეცი, ბურბუშელას ბათქაბუთქი გაჰქონდა, მეც ბანი მივეცი: მერე წამოვხტი, წავიბორძიკე, კვლავ გავიშხლართე, თავი დაზგას მივარტყი, დავრეტიანდი, მაგრამ გონს მალე მოვეგე. ირგვლივ ცეცხლი მძვინვარებდა და გარედან ნადირების ტაშ-ფანდურას ხმა მესმოდა. შევეცადე ავმდგარიყავი, დავეცი, დავიბეგვე, მაგრამ ისევ მოვიკრიბე ძალ-ღონე, წამოვიწიე და ათ ნაბიჯზე თქვენი პატარა თმაგაშლილი მარიამ მაგდალინელი დავინახე, მორჩილ, ფუნთუშა, ტურფა და შიშველ ტანს უკვე ცეცხლის ენა ლოკავდა. შევძახე: „შესდექ!“ გავექანე, ავიყვანე, გულში ჩავიკარ და ხელებით ჩავაქრე ცეცხლი, რომელიც მის მშვენიერ ფეხებს მოსდებოდა, მერე კი, მართალი გითხრათ, არ ვიცი, არ ვიცი, რა ვქენი; ვკოცნიდი, ვტიროდი, ვეუბნებოდი: „ჩემო საუნჯევ, ჩემთანა ხარ, ჩემთან იქნები, ნუ გეშინია, სიტყვას გაძლევ, არ დაიწვები, შენც მომეხმარე, წმინდა მაგდალინელო, და გადავრჩებით“... დრო აღარ იყო... ბუმ... ჭერი ჩამოინგრა. საიდანაც შემოვედი, იმავე გზით დაბრუნება შეუძლებელი გახდა. მრგვალ სარკმელთან სულ ახლოს ვიყავით. სარკმელი ხომ მდინარისაკენ იცქირება.

   მუშტით მინა გავტეხე. შიგ, როგორც სალტეში, გავძვერით ორივე. ზუსტად გავეტიეთ, გავფრინდით ჰაერში და თავით ჩავყვინთეთ ბოვრონის ტალღებში; საბედნიეროდ, ღრმა არ იყო, შლამში ჩავცვივდით და წმინდა მარიამ მაგდალინელს დაცემისას კოპი არ დასჯდომია; მე კი ბედმა არ გამიღიმა: მაგდალინელს ხელი არ ვუშვი, ცხვირით მდინარის ფსკერზე დავასკდი, ვიჭყუმპალავე; ვსვი და ვყლაპე ზომაზე მეტი; მერე, როგორც იქნა, ნაპირზე გამოვედი და, ლაყბობა რომ არ გამიგრძელდეს, აი, თქვენს წინ ვართ ორივენი! მაპატიეთ, უსტა, რომ ამის მეტი ვერაფერი შევიძელი.
ესა თქვა და მოწიწებით ფუთა გახსნა. ამოიღო ქურთუკში შეხვეული წმინდა მარიამ მაგდალინელი, რომელიც უცოდველი და კეკლუცი თვალებით იღიმებოდა და თავის მომწვარ, პაწაწინა ფეხებს აჩენდა. ისე ავღელდი, რომ (გავაკეთე ის, რაც არ გამიკეთებია ჩემი დედაბრის სიკვდილის, გლოდის ავადმყოფობის, ჩემი დაქცევისა და ჩემ ქმნილებათა განადგურების გამო) ავტირდი.
   მარიამის და რობინეს კოცნაში მეორე შეგირდიც მომაგონდა და ვკითხე პატარას: - კანიე რა იქნა?
- დარდისგან მოკვდა. შუა გზაზე დავიჩოქე, ვეამბორე მიწას და ვთქვი: - გმადლობთ, ბიჭიკო. ავხედე ზეცას, მერე მზერა ბინეზე გადავიტანე, დამწვარი ხელებით გულში ქანდაკება რომ ჩაეკრა, და ვთქვი: - აი, ჩემი ყველაზე ლამაზი ქმნილება: სულები, რომლებიც გამოვძერწე. ამათ ვერ წამართმევთ. დაწვით, რაც გამიჩენია! სული მაინც ჩემია.

*გაგრძელება*

ნახვა: 361

გამოხმაურებები!

სექტემბერის ამბები როდის დაიდება? ))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters