რომენ როლანი - კოლა ბრონიონი 

← დასაწყისი

ივლისის პირველი დღეები.

   ნათქვამია, „ჭირი შედის ურმობითა და გამოდის მისხლობითა“. ის ჩვენ ორლეანის დილიჟანსის მეეტლის სახით გამოგვეცხადა. გასული კვირის ორშაბათს სენ-ფარჟოში ჭირის თესლი აღმოაჩინეს. ავი თესლი სწრაფად ხარობს. კვირის ბოლომდე ათამდე კაცი გამოესალმა წუთისოფელს. დაუპატიჟებელი სტუმარი ნელ-ნელა ჩვენც წამოგვეპარა და გუშინ კულან-ლა-ვინოზში გამოცხადდა. ატყდა ალიაქოთი იხვების გუბეში, აყაყანდა ქალი და კაცი, გაიძურწა ყველა მამაცი. ქალები, ბავშვები და ჭუკები შორს, მონტნუაზონში გავგზავნეთ. ზოგი ჭირი მარგებელიაო. ჩემს სახლში აღარ ისმის ტატანი, კრიახი, კაკანი. ფლორიმონიც ქალებთან ერთად წაბრძანდა. ყვერულმა მოიმიზეზა, რომ არ შეეძლო ფეხმძიმე მარტინა მარტო გაეშვა. ბევრმა ღიპიანმა ბატონმა მიზეზი გამონახა ეტლით გასეირნებისათვის და მოსავლის დასათვალიერებლად.
   ჩვენ კი, ვინც ვრჩებოდით, ვმასხარაობდით, დავცინოდით იმათ, ვინც თავს უფრთხილდებოდა და ჭირს ერიდებოდა. ოქსერის გზაზე, ქალაქის კარებთან ბატონმა მრჩეველებმა დარაჯები დააყენეს და უბრძანეს, გაყარეთ ყველა საბრალო და მათხოვარა, ვინც ქალაქში შემოსვლას შეეცდებაო. ჯანსაღი ქისის მქონე მაღალი წრის ბატონები და ქალაქის მცხოვრებლები კი უნდა გაესინჯა ჩვენს სამ ექიმს, მეტრ ეტიან ლუაზოს, მეტრ მარტენ ფროტიენსა და მეტრ ფილიბერ დე ვოს. მკურნალებს სენისაგან რომ თავი დაეცვათ, მალამოთი გამოტენილი გრძელი ცხვირები მიეწებებინათ, ზედ სათვალე და ნიღბები წამოეცვათ. წარმოიდგინეთ, ამაზე რამდენს ვიცინოდით. ძვირფასმა მეტრ მარტენ ფროტიემ ჩვენს დაცინვას ვერ გაუძლო, თქვა: არა ვარო მასხარა და ვირი, მოიგლიჯა ხელოვნური ცხვირი და განაცხადა, ასეთი სისულელეებისა არაფერი მწამსო, მაგრამ საბრალო კაცმა სული განუტევა; თუმცა უნდა ითქვას, რომ მეტრ ეტიან ლუაზო, რომელსაც თავისი გრძელი ცხვირისა სჯეროდა და ლოგინშიც არ იშორებდა, მაინც გარდაიცვალა. გადარჩა მხოლოდ მეტრ ფილიბერ დე ვო, რომელსაც კოლეგებზე მეტი წინდახედულება გამოეჩინა და მიატოვა თავისი ცხვირი კი არა, პოსტი... ვაიმე, ვაიმე, რამდენი რამე გამომრჩა, ბოლოში გამოვედი და შესავალი კი არ დამიმთავრებია. თავიდან დავიწყოთ, შვილოსა, და ჩვენ თხას წვერებში ჩავავლოთ ხელი: ამჯერად ხომ მაგრად გიჭირავს?..
   ჰო, იმას ვამბობდი, რომ რიჩარდ ლომგულებად მოგვქონდა თავი. დარწმუნებული ვიყავით, ჭირი პატივს დაგვდებდა და ჩვენთან არ მობრძანდებოდა. ამბობდნენ, კარგი ყნოსვა აქვსო და ჩვენი კანის სუნი ეზიზღებაო (ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჯანმრთელობის ნიშანია). უკანასკნელად, როდესაც ის ჩვენს მხარეს ეახლა (ეს იყო დაახლოებით ათას ხუთას ოთხმოც წელს, მაშინ მე ბებერი ხარის ხნისა ვიყავი, ესე იგი, თოთხმეტი წლისა), მხოლოდ ჩვენი კარის ზღურბლამდე შემოყო ცხვირი და როგორც კი იქაურობას დასუნა, იმწამსვე გაქუსლა. სწორედ მაშინ იყო (ამაზე ჩვენ მათ დიდხანს დავცინოდით), მათი მფარველი წმინდა პოტენციანეთი უკმაყოფილოებმა, შატელ-სანსუარის მცხოვრებლებმა, რატომ კარგად არ გვიცავო, კარში გააგდეს და მის ადგილას სხვა აიყვანეს; ხოლო მერე კიდევ სხვა და სხვა. შვიდჯერ შეიცვალეს მფარველი: ხან სავინიანე აირჩიეს, ხან პერეგრინი, ფილიბერი და ჰილერი და რომ ვერ გადაწყვიტეს, თუ რომელ წმინდანს მინდობოდნენ, (ცუღლუტები!) წმინდა პოტენციანეს ნაცვლად წმინდან ქალს პოტენციანას მიენდნენ.
   ჩვენ, ვაჟკაცები, ბაქიები, მხნე კაცები ხალხის დასანახავად სიცილით ვიგონებდით ამ ამბავს და აქაოდა ასეთი ცრუმორწმუნეობისა ისევე, როგორც მრჩეველების და ექიმებისა, არაფერი გვწამსო, შატელოს კარებთან თამამად მივდიოდით იმათთან სასაუბროდ, ვინც თხრილს გადაღმა დარჩა. ზოგიერთი, აქაოდა, ვაჟკაცები ვართო, გარეთ გაძვრა, რათა მახლობელ სახამროში ერთი დოქი ღვინო დაელია იმასთან, ვის ცხვირწინაც სამოთხის (ქალაქის-მეთქი) კარი დაიკეტა, ანდა სადარაჯოზე მდგომ ერთ-ერთ ანგელოზთან (რომლებიც მოვალეობის შესრულებაში მაინცდამაინც დიდ გულმოდგინებას არ იჩენდნენ). მეც მათსავით ვიქცეოდი. განა შემეძლო, მარტონი გამეშვა? რა გული მომითმენდა, ჩემს ცხვირწინ სხვებს ელხინათ და დრო ეტარებინათ, ახალი ამბები და ცივი ღვინო ეჭაშნიკებინათ? ჯავრისაგან გულზე გავსკდებოდი.
   ერთხელაც, ქალაქიდან რომ გავედი, ჩემი კარგი ნაცნობი, ხნიერი ფერმერი, მაი-ლე-შატოელი მამა გრატპენი დავინახე: ერთი ჩაგოდრებული, ჩაწითლებული, ჩაფსკვნილი, დარდიმანდი, ზორზოხი ვინმე, რომელიც მზეზე ოფლისა და ჯანმრთელობისაგან ბრწყინავდა. ჩემზე მეტად იფხორებოდა; დასცინოდა ავადმყოფობას და ამბობდა, ყველაფერი ეს ექიმების მოგონილიაო. მას თუ დავუჯერებდით, მხოლოდ ბეჩავნი იხოცებოდნენ და ისიც სენისგან კი არა, შიშისაგან.
მეუბნებოდა: - გაძლევ ჩემს რეცეპტს და ისიც მუქთად: თუ კუჭ-ნაწლავი ამოიყორე
და ფეხთა სითბოს გაუფრთხილდები, თუ გაუძელი ქალთა ცდუნებას, ჯანზე სულ მუდამ კარგად იქნები.
მთელი საათი ლაყბობაში გავატარეთ. გრატპენს ერთი ახირებული ჩვეულება ჰქონდა: ლაპარაკის დროს ხელზე ხელს გითათუნებდა ან ბარძაყსა და იდაყვს გიჯგვლემდა. მაშინ ამაზე არ მიფიქრია. მეორე დღეს კი, სიცოცხლე გქონდეთ, რომ ვიფიქრე.
მეორე დღეს ჩემი შეგირდი მოვიდა თუ არა, მითხრა: - იცით, ოსტატო, მამა გრატპენმა თქვენი ჭირი წაიღო...
   ვაიმე! თავში რომ დამკრა, ფეხებამდე დამიარა. დამავიწყდა ბაქიობა. ჩემს თავს ვუთხარი: - საბრალო კოლა, უნდა აიკრა გუდა-ნაბადი, შენი საქმე წასულია. დღეს თუ არ მოკვდი, დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არ გიწერია...
დაზგასთან მივედი, გულის გადასაყოლებლად ჩიჩმაგურობა დავიწყე, მაგრამ მერწმუნეთ, არაფრის თავი აღარ მქონდა. ვფიქრობდი: „სულელო ხვადაგო! აბა, ერთი კიდევ იბაქიბუქე“.
   მაგრამ ბურგუნდელებმა კარგად მშვენივრად ვიცით, რომ წამხდარ საქმეს არაფერს არგებს მოგვიანებით თითზე კბენანი. ჩვენ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ, წმინდაო მარტენ, და კარგადაც ვცხოვრობთ! თავი უნდა დავიცვათ. ჯერ არა ვარ მტრის ხელში. გადავწყვიტე ჯერ წმინდა კოზმას დუქანში მეკითხა რჩევა (ექიმებისათვის, ხომ კარგად გეყურებათ), მაგრამ მალე გადავიფიქრე; მღელვარების მიუხედავად, იმდენი გონიერება მაინც შემრჩა, რომ ჩემი თავისთვის მეთქვა: - ეჰ, შვილოსა, ექიმებს ჩვენზე მეტი როდი გაეგებათ, ფულს გამოგართმევენ და სულის ამოსახდელად ჭირიანთა ბანაკში მოგათავსებენ, სადაც ცოტა ხანში სულ დაჭირიანდები. არ გაბედო, არაფერი უთხრა. ხომ არ გაგიჟებულხარ? თუ სიკვდილი გვიწერია, უექიმოდაც მოვკვდებით. და ღმერთმანი, როგორც ამბობენ, „ექიმების ჯიბრზე ვიცოცხლებთ მანამ, სანამ არ მოვკვდებით“.
   რამდენი არ ვეცადე თავი გამერთო და გამემხნევებინა, მაინც მუცლის გვრემა ვიგრძენი. სხეულის ხან ერთი ადგილი მოვსინჯე, ხან მეორე და მერე... ვაიმე! ვაიმე! ამჯერად სწორედ ის იყო. ვაი, რა ხათა დამადგა, ზუსტად ვახშმის წინ მომადგა, მაშინ, როდესაც შაშხის ნაჭრებთან ერთად ღვინოში მოხარშულ მსუყე და წითელი ლობიოს ჯამს მივუჯექი (დღესაც, რომ მაგონდება, სინანულისაგან ვტირი). ძალა არ მეყო კრიჭა გამეხსნა. გულშემოყრილი ვფიქრობდი: უკვე მოვიდა-მეთქი ჩემი აღსასრული. მადა წამერთვა... ეს იმისი ნიშანია, რომ კოლას უკანასკნელი დღე გასთენებია..
და თუ ასეა, ჩვენი საქმეები მაინც მოვაწესრიგოთ. აქ რომ მოვკვდე, ავაზაკი მრჩეველები მოიმიზეზებენ, ჭირი სხვას გადაედებაო და სახლს დამიწვავენ, (ლათაიები!) ახალთახალ სახლს. რატომ უნდა იყოს ასეთი სულელი და ბოროტი ხალხი. ჩემს ნეხვზე მოვკვდები და სახლს არ დავანებებ. იმათ მაინც გავაცურებ. მაშ, დროს ნუ ვკარგავ.
   ვდგები. ძველ ტანსაცმელს ვიცვამ. სამ თუ ოთხ წიგნს, რამდენიმე მშვენიერ თქმულებას, გალურ ნართაულ მოთხრობებს, რომაულ აპოფთეგმებს, კატონის „ოქროს სიტყვებს“ , ბუშეს „საღამოებს“ და ჟილ კოროზეს „ახალ პლუტარქეს“ ვიღებ და სანთელსა და პურის ერთ ყუასთან ერთად ჯიბეში ვიდებ. შეგირდებს ვათავისუფლებ, ვკეტავ ბინას და ქალაქგარეთ, განაპირა სახლის შემდეგ, ბომონის გზაზე მდებარე ჩემს კუტაში გაბედულად მივდივარ. ბინა დიდი როდია. ერთი პატარა ქოხია, ფარდული, სადაც ხელსაწყოებს, ჩალის ლეიბსა და დამტვრეულ სკამს ვინახავთ. თუ ამას დაწვავენ, დიდი ზარალი არ იქნება.
   მივედი თუ არა, ყვავივით ნისკარტით კაწკაწი დავიწყე. ციებ-ცხელება დამეწყო, გვერდში მჩხვლეტდა, ყანყრატო მქონდა გამრუდებული, თითქოს გადმობრუნებული... და მაშინ, იცით, რა გავაკეთე? რომელი ერთი გიამბოთ? რომელი გმირული საქმე, დიდსულოვანი სიჯიუტე, რომელიც რომის დიდი ბატონების მსგავსად, ავ სვე-ბედსა და მუცლის გვრემას დავუპირისპირე... ხალხნო და ჯამაათნო, მარტო ვიყავი. ვერავინ მხედავდა. უთუოდ ადვილად წარმოიდგენთ, რომ არაფერს დავერიდე და კედლების წინაშე რომაელ რეგულუსს მივბაძე. ჩალაზე დავემხე და ბღავილი მოვრთე. არაფერი გსმენიათ? დაჭრილი მხეცივით ვღრიალებდი. ჩემი ხმა უთუოდ სამბერის ხემდე აღწევდა.
- ვაიმე, ვაიმე, უფალო, - ვწუწუნებდი, - განა შეიძლება ჩემისთანა პატარა და კეთილი კაცის დაჩაგვრა, კაცისა, რომელსაც თქვენთვის არაფერი დაუშავებია... ვაი! თავი! ვაი, ვაი! საზარდული! რა ძნელია ამ ხნის კაცმა განუტევო სული! ეჰ! უფალო, ნუთუ გულით გინდა, ასე ადრე გეახლო?.. ვაიმე, ზურგი!.. რომ გესტუმრო, აღტაცებული ვიქნები, დიდად პატივცემული, მაგრამ რადგანაც ადრე თუ გვიან, ერთ მშვენიერ დღეს ერთმანეთი აუცილებლად უნდა ვიხილოთ, ერთი მიბრძანე, რა საჭიროა სიჩქარე. ვუი! ელენთა! მე არ მეჩქარება... მამა-ზეციერო, მე ხომ ჭიაღუა ვარ. თუ არ არის სხვა საშველი, იყოს ნება თქვენი; ხომ ხედავთ, უწყინარი, თავმდაბალი და მორჩილი ვარ... სალახანა! აბა, მოწყდი აქედან! რა დაემართა ამ ოხერს, ასე რომ მიღრღნის გვერდს?..
   რამდენი არ ვიბღავლე, ტკივილები მაინც არ დამიცხრა. სამაგიეროდ, მთლად გავსავათდი. ჩემს თავს ვუთხარი: - დროს ამაოდ კარგავ, ღმერთს ან არა აქვს ყურები, ანდა თუ აქვს, შენთვის მაინც არა სცალია. და თუ მართალია, როგორც ამას ამბობენ, თვითონ შეგქმნა ხატად მისად, რასაც უნდა, იმას გიზამს. ყვირილით ვერას გახდები. სჯობს, ჯან-ღონე შემოინახო. შეიძლება ერთ ან ორ საათს გეყოს და რად გინდა, სულელო, ქარს გაატანო. დავტკბეთ იმით, რაც დაგვრჩა ამ მშვენიერ და მოხუც ჩონჩხისგან, რომელსაც უნდა დავემშვიდობოთ (მეგობარო, ეჰ, რა გითხრა, ხომ იცი, რომ ეს არ მინდა). კაცი ერთხელ კვდება, მოდი და ცნობისმოყვარეობა მაინც დავიკმაყოფილოთ, ვნახოთ, საკუთარ ტყავს როგორ ტოვებენ. ყმაწვილი რომ ვიყავი, ჩემზე უკეთ არავინ იცოდა ტირიფის ტოტებიდან სტვირის გამოჭრა, დანის ტარით ტოტს მანამდე ვურტყამდი, სანამ ქერქი არ მოსძვრებოდა. ვფიქრობ, ის ვაჟბატონი, რომელიც მაღლიდან მიყურებს, ისევე ერთობა ჩემი ქერქის გვემით, როგორც მე ყმაწვილობისას ტირიფის ქერქის მტვრევით. აბა! მოდი, გაბედულად, მოსძვრება თუ არა ქერქი.. ვაი! რა კარგად მომდო!.. არა, როგორ შეიძლება, ამხნის კაცი ბავშვური სისულელეებით ერთობოდეს! ჰეი, ბრონიონ, არ დანებდე და რაკი ქერქი არა გძვრება, დავაკვირდეთ და გავიგოთ, მაგ ქერქის ქვეშ თუ რა ხდება. შევამოწმოთ ეს ყუთი, აზრებს ქაფი მოვხადოთ, შევისწავლოთ, გადავცოხნოთ, გადავხარშოთ ის სხვადასხვა შანარები, ჩემს კუჭქვეშა ჯირკვალში რომ ჩუხჩუხებენ, ღელავენ და გერმანელებივით უაზროდ ჩხუბობენ, გემო ჩავატანოთ ჩვენს მუცლის გვრემას, მოვსინჯოთ, შევეხოთ თირკმელებს და ნაწლავებს!.. 
ამგვარად ვაკვირდები საკუთარ თავს. რომ ვიბღავლო, დროდადრო ვწყვეტ ჩემს კვლევა-ძიებას. ღამე არ ილევა. ვანთებ სანთელს და ძველ ბოთლს ყელში ვჩრი (ბოთლს შავი მოცხარის ნაყენის სუნი უდის, მხოლოდ სუნი, ნაყენისა კი წვეთიც აღარაა. აი სურათი იმისა, რა გავხდები დილამდე: სხეული გამქრალა და სულის მეტი არაფერი დარჩენილა). ჩალაზე მოკრუნჩხული ვცდილობდი რამე წამეკითხა. რომაელების გმირულმა აპოფთეგმებმა ვერ გამართო, ეშმაკსაც წაუღია ეს მკვეხარა ხალხი. „ყველა რომში წასასვლელად ხომ არ არის დაბადებული“. მძულს ბრიყვული სიამაყე; მსურს ვიწუწუნო, რამდენიც მინდა, როდესაც მუცელი მტკივა... მაგრამ, როდესაც ტკივილი ყუჩდება, მინდა საცოდავად ვეგდო, როგორც კაკალი ქოთანში და კბილებს ვაკაწკაწებდე. კეთილ ბუშეს „ნაკვესები“ ალალბედზე გადავშალე და წავაწყდი ერთ ისეთ მოსწრებულს, ტკაცუნასა და მოოქრულს... ღმერთო ჩემო! ხარხარი მოვრთე; ჩემს თავს ვეუბნები: - გეყოფა, კოლა. ნუ იცინი-მეთქი. სიცილი გავნებს. რომ მებღავლა, თავს ვანებებდი სიცილს და რომ მეცინა - ბღავილს. ასე რომ, ვბღაოდი და ვიცინოდი, ვიცინოდი და ვბღაოდი... წარმოიდგინეთ, ჭირიც იცინოდა. ეჰ! ჩემო ბიჭუნა, რამდენი ვიბღავლე, რამდენი ვიცინე!
განთიადზე მზად ვიყავი სასაფლაოზე წასაღებად. ფორთხვით მივაღწიე ერთადერთ სარკმელამდე, რომელიც გზაზე გადიოდა და პირველ გამვლელს გაბზარული ქოთნის ხმით გადავძახე. გაგონება არ გასჭირვებია, რომ მიმხვდარიყო, რა ყოფაშიც ვიყავ. დამინახა, პირჯვარი გადაიწერა და მოუსვა. თხუთმეტი წუთიც არ გასულა, პატივი დამდეს და კარის წინ ორი დარაჯი დამიყენეს. სახლიდან გამოსვლა ამიკრძალეს. ეს ფიქრადაც არ მომსვლია. ვთხოვე, ჩემი ძველი მეგობარი, მეტრ პაიარი ჩამოეყვანათ დორნესიდან, რათა ჩემი უკანასკნელი ნება-სურვილის თანახმად ანდერძი შეედგინა; მაგრამ დარაჯებს სიტყვის გაგონებაც არ უნდოდათ, ღმერთმანი, მგონია, რომ ჭირის შიშით ყურებს იცობდნენ! ბოლოს ერთი ყოჩაღი უდედმამო „მწყემსი ბიჭი“ (უშველა ღმერთმა, სათნო ბავშვია. მისი გული მაშინ მოვიგე, როდესაც ერთხელ ჩემს ბაღში ბალის კენკვაზე წავასწარი და ვუთხარი: კოხტა ნამგალავ, რაკი მანდა ხარ, ჩემთვისაც დაკრიფე-მეთქი.) ფანჯრამდე მოძვრა, მომისმინა და იყვირა: - მივდივარ, ბატონო ბრონიონ, მივდივარ!
...რაც შემდეგ მოხდა, ძნელია მოსაყოლად, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ენაგადმოგდებულ ხბოსავით საათობით ვეგდე ჩალაზე. გზიდან მათრახის ტლაშუნი, ზანზალაკების ჟღარუნი და ბოხი, ნაცნობი ხმა მესმის... ვფიქრობ: პაიარი მოვიდა... ვცდილობ წამოვდგე... ვაი! ვაი! საბრალო თავი. ასე მგონია, კისერზე მაზის წმინდა მარტენი, კურტუმოზე კი წმინდა სამბერი. თავს ვეუბნები: „ბასვილის კლდეებიც რომ აღმართონ, მაინც უნდა წამოდგე, უნდა წამოდგე“... აუცილებლად მინდოდა ანდერძში შემეტანა მუხლი (მთელი ღამე ამაზე ვიფიქრე, ყველაფერ ავწონ-დავწონე), რომელიც ნებას მომცემდა, მარტინასა და გლოდის წილი ისე გამედიდებინა, რომ ჩემი ოთხი ვაჟი ვერაფერში შედავებოდა. სარკმელში, როგორც იყო, გავყავი ეკლესიის დედაზარზე უფრო დამძიმებული თავი, აქეთ-იქით რომ ქანაობდა... და აი, გზაზე ორი თვალებდაჭყეტილი, დაფეთებული სიფათი დავინახე: ანტუან პაიარი და მღვდელი შამაი. კეთილი მეგობრები, ცოცხალისთვის რომ მოესწროთ, ისარივით გამოფრენილან: მაგრამ უნდა გითხრათ, ჩემმა ნახვამ ცეცხლი ჩაუქრო. სურათი რომ დაეთვალიერებინათ, ორივემ სამი ნაბიჯით უკან დაიხია. შეჩვენებული შამაი გასამხნევებლად მეუბნებოდა: - ღმერთო, რა უშნო რამ ხარ!.. რას დამსგავსებიხარ! საბრალო ძმაკაცო! გამხმარი ლორივით უშნო ხარ, უშნო.
   ვუთხარი (მათი სიჯანსაღის ყნოსვამ, პირიქით, ჯანი მომცა): - განა არ გეპატიჟებით? მგონი, გცხელათ. რატომ არ შემობრძანდებით?
- დიდად გმადლობთ. არა, არა! - წამოიძახა ორივემ ერთად, - აქაც კარგადა ვართ.
და უფრო უკან დაიხიეს, ოთხთვალას ამოეფარნენ. პაიარს კრთომა რომ დაემალა, ცხენის აღვირს დაუწყო წვალება.
- ისე, როგორა გრძნობ თავს? - მკითხა შამაიმ, რომელიც ჩვეული იყო მკვდრებთან საუბარს.
- მეგობარო, ამას როგორ მეკითხები. ავადმყოფი კარგ ქეიფზე ვერ იქნება, - ვუპასუხე თავის ქნევით.
- ახლა ხომ ხედავ, რანი ვართ, კოლა. ყოველთვის მითქვამს შენთვის. ყოვლის შემძლეა უფალი, ჩვენ კი რა ვართ: კვამლი, ნეხვი, მჩვარი, დღეს ცოცხალი, ხვალ კი მკვდარი. ხან ვიცინით, ხან კი ვტირით. ჩემი არ გჯეროდა, მხოლოდ დროს ტარებაზე ფიქრობდი. კარგი ღვინო გისვამს, ახლა თხლე დალიე. ძალიან ნუ დამწუხრდები! უფალი გიხმობს. აჰ! რა პატივია, შვილო ჩემო! მაგრამ ღმერთი რომ იხილო, სუფთად უნდა ჩაიცვა, მოდი განგბანო. მოვემზადოთ, ცოდვილო!
ვუპასუხე: - ახლავე, ცოტა დამაცა, დრო ხომ გვაქვს, მღვდელო.
- ბრონიონ, ჩემო მეგობარო, ძმაო!.. ო, კარგად ვხედავ, რომ მიწიერი, ყალბი ბედნიერების ტყვე ხარ. ნეტავ რა არის მასში სასიამოვნო? ყველაფერი ფუჭია: ვაება, ცბიერება, ამაოება, ვერაგი მახე, მუხანათობა, დაუნდობლობა, მწუხარება და მიხრწნილობა. ერთი მითხარი, აქ რას ვაკეთებთ?
მე ვუპასუხე: - გულს მიკლავ, შამაი, შენ რომ აქ დაგტოვო, მხნეობა არ მეყოფა.
- ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, - მეუბნებოდა შამაი.
- რატომ ერთად არ მივდივართ? რა გაეწყობა, პირველი მე წავალ. „ბატონ გიზს დევიზად ჰქონდა: „ყველას თავისი დრო მოუვაო“... ხალხო კეთილო, უკან მომყევით.
თითქოს არც კი გაუგონიათ. შამაიმ ხმას აუმაღლა: - ბრონიონ, დრო მიდის, შენც თან მიყვები. გითვალთვალებს ის მაცდური, თავს დაგდგომია ბოროტი სული. განა გინდა, რომ თავის საკუჭნაოსთვის კახპა ცხოველმა დაისაკუთროს შენი ცოდვილი სული? აბა, კოლაჯან, თქვი შენი Confiteor-ი, თქვი, ბიჭო, ჩემთვის მაინც თქვი, ნათლიმამავ!
- ვიტყვი, ვიტყვი, მამაო, ვიტყვი შენთვისაც, ჩემთვისაც და ზეციერისთვისაც, დამიფაროს უფალმა, სათანადო პატივი არ ვცე საზოგადოებას! მაგრამ, გეთაყვა, ორიოდე სიტყვა მსურს ვუთხრა ჩემს ნოტარიუსს.
- ნოტარიუსს მერე ეტყვი, ჯერ უფლის ვალი მოიხადე.
- არა, მოძღვარო, ჯერ პაიარის.
- ბრონიონ, ამას რას ამბობ? მამა ზეციერი ნოტარიუსის შემდეგ?
- ზეციერ მამას შეუძლია დაიცადოს, ან თუ სურს, გაისეირნოს, მას მაინც ვიპოვნი. ახლა მიწა მემშვიდობება და ზრდილობა მოითხოვს, ჯერ მას ვეწვიო, ვინც პირველად მიმიღო, მერე კი იმას მივხედო, ვინც მიმიღებს... ალბათ.
   ბევრი მთხოვა, მეხვეწა, დამემუქრა, მიყვირა. უკან არ დავიხიე, არ გადავთქვი ნათქვამი, მეტრ ანტუან პაიარმა მოიმარჯვა საწერკალამი, სამანზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარეობითა და ძაღლებით გარშემორტყმულმა საჯაროდ შეადგინა ჩემი ანდერძი. ფულის საქმე რომ გავარიგე, სულსაც მივხედე. როდესაც ყველაფერი გათავდა და შამაი მაინც განაგრძობდა თავის რჩევა-დარიგებებს, მილეული ხმით ვუთხარი: - ბატისტ, დაასვენე ცოტა ენა; საამოა შენი სმენა, მაგრამ კაცს, რომელსაც წყურვილი კლავს, რჩევა-დარიგება ჩალადაც არ უღირს. ახლა, როდესაც ჩემი სული მზად არის უნაგირს მოახტეს და სადაცაა უზანგზე შედგამს ფეხს, გეფიცებით ღმერთს, ცოტას დავლევდი. ხალხო კეთილო! ერთი ბოთლი მომაწოდეთ, რაღა!
   ვაჰ, რა კარგი ბიჭები არიან!.. კარგი ქრისტიანები და კარგი ბურგუნდელები. რა კარგად გაეგოთ ჩემი უკანასკნელი სურვილი. ერთი ბოთლის ნაცვლად სამი მოეტანათ: შაბლი, პუი და ირანსი. ჩემი გემის სარკმლიდან, რომელსაც, ის იყო, ღუზა უნდა აეშვა, თოკი გადავუგდე. პატარა მწყემსმა ის ერთ ძველ ტირიფის კალათს მოაბა და მე უკანასკნელი ძალ-ღონით ამოვწიე ჩემი უკანასკნელი მეგობრები.
   მას შემდეგ ჩალაზე ვაგდივარ და თუმცა ყველანი წავიდნენ, თავს არც ისე ეულად ვგრძნობდი; არ შევეცდები აგიწეროთ ამის შემდეგ განვლილი საათები. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ისინი ანგარიშში მაკლია. უთუოდ რვა თუ ათი ამომაცალეს ჯიბიდან. ვიცი მხოლოდ, რომ ბოთლებში მჯდარ წმინდა სამებასთან ვბაასობდი, მაგრამ რას ვამბობდით, რაზე ვბჭობდით, არაფერი მახსოვს. დავკარგე კოლა ბრონიონი; სად ჯანაბაში წავიდა, ნეტავ!..
მხოლოდ შუაღამისას კლავ ვხედავ მას, ზის თავის ბაღში, დუნდულოებით ჩაფლულა მსუქან, რბილ და ქორფა მარწყვის კვალში და პატარა მსხლის ტოტებს შორის ცას გასცქერის. რამდენი სინათლეა იქ, მაღლა, და რამდენი ჩრდილია აქ, დაბლა. რქებს მიჩვენებდა მთვარე. რამდენიმე ნაბიჯზე ბებერი, გაშავებული, დაგრეხილი და ხორკლიანი ლერწები თითქოს ფუთფუთებდნენ, როგორც ქვეწარმავალთა ხროვა და სატანისებური კრეჭვით მიცქერდნენ... ნეტა ვინ ამიხსნის, აქ რას ვაკეთებ!.. მგონი (ყველაფერ ირევა ჩემ მეტად მდიდარ ნააზრევში), ჩემს თავს ვუთხარი: - ადექ, ქრისტიანო! არავის უნახავს რომის იმპერატორი უკანალით ლეიბს დაკრული კვდებოდეს. Sursum corda! ბოთლები ცარიელია. Consummatum est. გასაკეთებელი აქ აღარაფერია. ჩვენს კომბოსტოებს მივმართოთ სიტყვით.
   მგონი, ნივრების დაგლეჯაც მინდოდა, რადგან ამბობენ, ნიორი ჭირის წინააღმდეგ უებარი წამალიაო. შეიძლება იმიტომაც არის, რომ თუ ღვინო აღარა გაქვს, ნივრით უნდა დაკმაყოფილდე. მაგრამ ერთი რამ უდავოა, ფეხი (და მერე უკანალი) რომ შევახე ჩვენს მარჩენალ მიწას, ვიგრძენი, ღამის სიმშვენიერემ როგორ მომაჯადოვა. ბნელი ცარგვალი თავის კაკლის გუმბათს ხის ტოტებივით შლიდა და მის ტოტებზე ათასობით ხილი ეკიდა. თბილ წყვდიადში მწიფდებოდნენ ვარსკვლავები, რომლებიც ზანტად ირხეოდნენ და ვაშლებივით პრიალებდნენ. ჩემი ბაღის ხილვარსკვლავები მეგონა. ჩემკენ იხრებოდნენ, რომ დავენახე. ვგრძნობდი ათასი თვალი რომ მომჩერებოდა. მარწყვების კვლებში სიცილი ისმოდა. ჩემს ზევით ხეზე წითელლოყა პატარა ყვითელი მსხალი ტკბილი ხმით მღეროდა: ჰე, კუნელო საყვარელო, გაიხარე, ფესვი გადგი. ჩემო მწველო, სანატრელო, პაწაწინავ, ნაცრისფერო!
შემომეკარ მაგრად წელზე, რომ ავფრინდეთ სამოთხეში.
   გაიხარე ფესვი გადგი, ჩემო მწველო სანატრელო, პაწაწინავ, ნაცრისფერო!
ცისა და მიწის ბაღების ყველა შტორიდან მოღიღინე, მოკანკალე და მოჩურჩულე ხმების ქორო იმეორებდა: ფესვი გადგი, ფესვი გადგი!
მაშინ ჩემს მიწაში მკლავები ჩავფალი და ვუთხარი: - გინდივარ ? მე მსურხარ. ჩემს კარგსა და მსუქან მიწაში იდაყვებამდე ჩავეფალი, ხელებით, მუხლებით დავზილე, ის კი საყვარელი მკერდივით დნებოდა. ძლიერად ჩავიკარ გრძნეული და თხემით ტერფამდე შიგ ჩავჭედე ჩემი ბებერი სხეული. იქ გავიშალე ლოგინი, დავწექი და ცაში ვარსკვლავთა მტევნებს დავუწყე ცქერა, პირდაღებული ველოდი, სანამ ერთი მათგანი დამისველებდა ულვაშებს. ივლისის ღამე ქებათა ქებას ამბობდა. სენ-მარტენმა დარეკა საათის თორმეტი, შესაძლოა თოთხმეტი, ანდა თექვსმეტი (არაჩვეულებრივი ზარი იყო) და აი, ციურმა და ჩემი ბაღის ვარსკვლავებმაც ბანი მისცეს... ღმერთო! რა ჰანგები იყო! გული მისკდებოდა, წიოდნენ ყურები, ვით ჭექა-ქუხილში წივიან მინები და ჩემი ხაროდან ვხედავდი, როგორ აღიმართებოდა ხე იესოსი: ვაზის ერთი ძირი - ლარივით სწორი და აფოთლილი, ჩემი მუცლიდან ამოდიოდა და მიდიოდა, მეც მივყვებოდი, ჩემი მოღიღინე ბაღიც თან მომყვებოდა. თავაწყვეტილი ცეკვავდა მაღალ ტოტზე ჩამოკიდებული ვარსკვლავი; რომ დამენახა და მომეწყვიტა, თავაწვდილი მივცოცავდი ზევით და თან ვბღაოდი: შასლას მარცვალო, არ გამეცალო!
ჰე, მარჯვედ, კოლა!
უნდა მიყოლა.
დაგიჭერს კოლა, ალილუია. ეტყობა, ნახევარი ღამე ცოცვაში გავატარე, რადგან, როგორც შემდეგ მითხრეს, კარგა ხანს მიმღერია. ვმღეროდი თურმე ყოველნაირ სიმღერებს: საეროს, სასულიეროს, De profundis-ს, ეპითალამებს, ნოელებს და Laudate-ს, ფანფარებს და საცეკვაოს, სალოცავს და საცუღლუტოს და თანაც ვიელზე, სტვირზე და დოლზე ვუკრავდი, ანდა ბუკს ვაყვირებდი. აფორიაქებული მეზობლები სიცილით კვდებოდნენ და ამბობდნენ: - როგორი ბუკია! კოლას დუდუკია. კოლამ საიქიოსკენ გადაუხვია. გაგიჟდა! გახელდა!
   მეორე დღეს, როგორც იტყვიან ხოლმე, პატივი ვეცი მზეს. ადგომაში არ შევეცილე: რომ გავიღვიძე, შუადღე გადასული იყო. ოჰ! რა სიამოვნება ვიგრძენი, ნეხვზე მიგდებული ჩემი თავი ცოცხალი რომ ვნახე. იმიტომ კი არა, რომ საწოლი რბილი მქონდა და არ მტკიოდა გვერდები, ის მახარებდა, რომ კიდევ შემრჩენოდა ნეკნები. ვახ! როგორ! კიდევ აქ ხარ, ბრონიონ, ძმაკაცო? მოდი, ჭირიმე, მოდი, გაკოცო. შევეხო მაგ სხეულს, პატარა და ყოჩაღ სიფათს! არა, ნამდვილად შენა ხარ. როგორ მიხარია! კოლაჯან, რომ წასულიყავი, უნუგეშოდ დამაგდებდი. სალამი შენც, ჩემო ბაღო! ჩემი ნესვები სიხარულით მიცინიან. დამწიფდით, ჩემო პაწაწინებო, დამწიფდით. ამ დროს კედლის იქითა მხრიდან ღრიალი მესმის: - ბრონიონ! ბრონიონ, მოკვდი თუ არა? ეს პაიარი და შამაი არიან და რადგან არაფერი ესმით, უკვე წუწუნებენ და გზაზე უთუოდ ქებათა ქებას ასხამენ ჩემს გარდაცვლილ ღირსებებს. ვდგები, (ვაიმე! ავაზაკი წელი!) ნელა მივდივარ ბნელში, უცბად თავს ვყოფ სარკმელში და ვყვირი: - ჭიტა, აი მეც!
თევზებივით ხტებიან.
- როგორ! ბრონიონ, არ მომკვდარხარ?
სიხარულისაგან ტირიან, იცინიან. მე კი ენას ვუყოფ და: ჯერ კიდევ ცოცხლობს ძმაკაცი-მეთქი, გავძახი.
წარმოიდგენთ თუ არა, შეჩვენებულებმა კიდევ თხუთმეტი დღე დამტოვეს კოშკში გამოკეტილი, ესე იგი, მანამდე, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ სულ გამოვჯანსაღდი! ისე კი, მართალი რომ გითხრათ, არაფერი დაუკლიათ, არც მანანა, არც მთის წყაროს წყალი (ნოეს წყალი-მეთქი, მინდოდა მეთქვა), თან რიგ-რიგად მოსვლა ჩვეულებად გაიხადეს. მოდიოდნენ, ფანჯრის ქვეშ მოიკალათებდნენ და ახალ ამბებს მიამბობდნენ.
როდესაც გამოსვლა შევძელი, მღვდელმა შამაიმ მითხრა: - მეგობარო, დიდმა და წმინდა როკმა გადაგარჩინა. მეტი არაფერი დაგრჩენია, უნდა ეახლო და მადლობა უთხრა. ღვთის გულისათვის, ნუღა დააყოვნებ!
ვუპასუხე: - მე კი მგონია, რომ წმინდა ირანსიმ, ან წმინდა შაბლიმ და წმინდა პუიმ გადამარჩინეს.
- კეთილი, კოლა, - მითხრა მან, - მოდი და მსხალი შუაზე გავჭრათ. წმინდა როკთან წადი ჩემთვის, მე კი მადლობას ვეტყვი წმინდა ხელადას შენთვის.
ასეც შევთანხმდით. ამ შეთანხმების შესრულების დროს ერთგული პაიარიც თან გვახლდა. ვუთხარი: - გამოტყდით მეგობრებო, რომ ნაკლები ხალისით მომიჭახუნებდით ჭიქებს იმ დღეს, როდესაც წამსვლელ-დამრჩენის სადღეგრძელოს დალევა გთხოვეთ. ჩემთან ერთად წამოსვლის დიდი სურვილი ვერ შეგატყვეთ.
- გეფიცები, ძალიან მიყვარხარ, - მიპასუხა პაიარმა, - მაგრამ რა ვქნა, თავიც მიყვარს, მართალი ნათქვამია „ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო“.
- „Mea culpa, mea culpa“, - ბუზღუნებდა შამაი და გულზე მუშტებს იბრაგუნებდა, - ლაჩარი ვარ, ასეთია ჩემი ბუნება.
- პაიარ, რა უყავ კატონის გაკვეთილებს? და შენ, მღვდელო, რაში გამოგადგა ეგ რელიგია?
- ეჰ! მეგობარო, ტკბილია ცხოვრება, - ამოიხვნეშა ორივემ. სამივემ გადავკოცნეთ ერთმანეთი და სიცილით ვთქვით: - პატიოსანი კაცი გროშად არა ღირს, ისე უნდა მიიღო, როგორიც არის. უფალმა შექმნა და კარგადაც მოიქცა.

*გაგრძელება *

ნახვა: 1225

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters