დასაწყისი


პირველი აპრილი.
   როგორც კი დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან გაიწმინდა გზები, გადავწყვიტე დაუყოვნებლივ მოძღვარი შამაი მომენახულებინა, მასთან სოფელში წავსულიყავი. მართალი გითხრათ, დიდად არ მაშფოთებდა მისი ხვედრი. თავს არავის დააჩაგვრინებს, მაგრამ გული საგულესა გაქვს, როცა შენივე თვალით ხედავ მეგობარს... ისე კი, გამოგიტყდებით, გავლა მინდოდა.
   გზას გავუდექი. არავისათვის მითქვამს, რატომ, ან რისთვის. სტვენით მივყვებოდი ტყით დაბურული ბორცვების ქვეშ გაჭიმული მდინარის ნაპირს. ნორჩ ფოთლებს ნამავდა ჟუჟუნა წვიმის კურთხეული წვეთები, გაზაფხულის ცრემლები. ჟუჟუნა წვიმა ერთხანს დადუმდებოდა, მერე კვლავ რაკრაკს მოჰყვებოდა. ტყეში შეყვარებული ციყვი კნაოდა. მინდვრად ყიყინებდნენ ბატები, გულიანად ჭახჭახებდნენ შაშვები და პატარა წიწკანა „ტი-ტი-პიუს“ გაიძახოდა...
   გზაში გადავწყვიტე, დორნესშიც გამევლო და ჩემი მეორე მეგობარი, ნოტარიუსი მეტრ პაიარი წამომეყვანა: ძველი საბერძნეთის გრაციებივით ჩვენ სრული შემადგენლობით მხოლოდ მაშინ ვართ, როდესაც სამივე ერთად ვიყრით თავს. თავს მაშინ წავადექი, როდესაც თავის დავთრებში წერდა, თუ რა დარი იდგა, რა დასიზმრებოდა და როგორი იყო პოლიტიკური მრწამსი. „De Legibus“-ის გვერდით ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებათა გადაშლილი წიგნი ედო; როდესაც მთელი შენი სიცოცხლე სახლში ხარ გამოკეტილი, გონება თავისას შვრება, ოცნების მინდვრებში და მოგონებათა ტევრში გარბის და ჩვენი პლანეტის მანქანას რომ ვერ წარმართავს, ცდილობს მომავლის წიგნში ამოიკითხოს, რა ბედი ეწევა ქვეყნიერებას. ასე ამბობენ, ამ წიგნში ყველაფერიაო დაწერილი; მჯერა, მაგრამ გამოგიტყდებით, რომ მხოლოდ მაშინ მოვახერხე „ცენტურიებში“ მომავალი ამომეკითხა, როდესაც უკვე წარსულად ქცეულიყო.
   ჩემს დანახვაზე ძმაკაცს სახე გაებადრა. ჭერი ავხადეთ სიცილ-ხარხარით. მახარებს ამ პატარა კაცის ცქერა; ღიპიანია, ჩოფურა, ლოყებგამობერილი, სახედაბღვერილი და ბუზღუნა. წითელი ცხვირი აქვს, ნაოჭებით შემორკალული ეშმაკუნა და ცოცხალი თვალები. წყევლის ამ დროებას, ადამიანებს; სინამდვილეში კი ოხუნჯი, მასხარა, ლაზღანდარა და ჩემზე მეტი ეშმაკის ფეხია; და როცა მკაცრი და მრისხანე თავისებური ოხუნჯობით გაგიმასპინძლდებათ, მის სიხარულს საზღვარი არა აქვს. უნდა ნახოთ, როცა მაგიდას ბოთლით ხელში დინჯად მიუჯდება, კომიუსსა და მომიუსს იგონებს და სიმღერას შემოსძახებს. ჩემი ნახვა ძალიან გაუხარდა, ჩამავლო თავისი ტლანქი და უხეში ხელები, რომელთაც საოცრად ემარჯვებათ დურგლობა და ქლიბვა, თლა და აკინძვა. სახლში ყველაფერი მისი გაკეთებულია, ყველაფერი უშნოა, მაგრამ მისი ნახელავია; ავია თუ კარგია, მისი სახე და ხატია.
   პიარი ჩვეულებისამებრ წუწუნებს ამაზე და იმაზე, მე კი, მის ჯინაზე აღტაცებაში მოვყავარ ამასაც და იმასაც. ის არის „მით უარესის“ მეცნიერებათა დოქტორი, მე კი - „მით უკეთესისა“. ასეთი ხასიათი გვაქვს. სალამ-ქალამს მოვრჩით თუ არა, თავის მუშტრებზე ბუზღუნი და წუწუნი მორთო. მართალი გითხრათ, მუშტრებიც ფულის გადახდას არ ჩქარობენ, ზოგიერთის ვალი ოცდათხუთმეტი წლისაა და თუმცა ჩემი ნოტარიუსი ფულის მოყვარული კაცია, მაინც არ აჩქარებს მოვალეებს და თუ ზოგიერთნი ჟამიდან ჟამზე მაინც უხდიან, მხოლოდ შემთხვევით, როდესაც მოაგონდებათ და ისიც ნატურით მიუგდებენ ერთ კალათა კვერცხს, ანდა წყვილ ვარიას. ასეთია ჩვეულება; მოვალეები შეურაცხყოფად ღებულობენ, თუ ვალი მოსთხოვა. მეტრ პაიარი იღრინება, მაგრამ თავის ფულს არ ითხოვს და მე მგონია, თავად რომ იყოს მათ ადგილას, ისიც ასე მოიქცეოდა.
   საბედნიეროდ, საკუთარი ქონება ჰყოფნის, კარგი ავლადიდების პატრონია, დიდი მოთხოვნილებაც არა აქვს. მარტოხელა, ბებერი კაცია, მექალთანეც არ არის; ტაბლის სიამოვნებაზე კი ჩვენში ბუნება ზრუნავს. სუფრა ჩვენს მინდვრებშია გაშლილი; ჩვენი ვენახი, ბაღები, პალაურები, საკურდღლეები სასმელ-საჭმელის მდიდარი საკუჭნაოა. ფული მარტო წიგნებში ეხარჯება; ამ წიგნებს მხოლოდ შორიდან გიჩვენებთ (ხვადაგს არ უყვარს მათი თხოვება). ძვირი უჯდება აგრეთვე ჰოლანდიიდან ჩამოტანილი დურბინდებით მთვარისა და ქალების კურტუმების ცქერა. (ცუღლუტი!) სხვენის სახურავზე საკვამლეებს შორის აქვს მოწყობილი ერთი დანჯღრეული დანადგარი და იქიდან ყურადღებით ადევნებს თვალყურს ცის კამარის ტრიალს და საწყალი, ცდილობს ამოიკითხოს ჩვენი სვე-ბედის ანბანი. უნდა გითხრათ, რომ თვითონაც არ სჯერა, მაგრამ სურს დაიჯეროს. მესმის მისი, აბა რა სჯობს ფანჯრიდან ცის მნათობების მზერას, ქუჩაში მოსეირნე ქალიშვილების ზვერვას; ჭეშმარიტია თუ ყალბი, მაინც გართობს და გალაღებს.
   დიდხანს ვიდავეთ ყველიერის სასწაულზე, პრიალა მეწამულ ხმალზე, გასულ ორშაბათ ღამით რომ მოგვევლინა ცაზე. ის სასწაულს თავისებურად ხსნიდა, მე - ჩემებურად და, რა თქმა უნდა, ორივე თავგამოდებით ვიცავდით ჩვენსავე აზრს, მაგრამ ბოლოს გამოირკვა, რომ არაფერი გვინახავს არც მე, არც იმას, რადგან ზუსტად იმ ღამეს ჩემს ასტროლოგს თავის იარაღებთან ჩასძინებოდა. რას გავაწყობდით; რადგან სისულელე მარტო შენ არ მოგსვლია, ბედს უნდა შეურიგდე; ჩვენც მხიარულად შევურიგდით, მაგრამ გადავწყვიტეთ მღვდლისთვის არაფერი გვეთქვა.
   გავედით სახლიდან და გზას გავუდექით. გავყევით მინდვრებს, ყურს ვუგდებდით ფოთოლთა შრიალს, ვათვალიერებდით ბუდეების კეთებაში გართულ ჩიტებს, ნორჩ ყლორტებს, გასხლული ხეების ვარდისფერ ტოტებს, ვუცქერდით ჩვენს თავზე ცაში ქორის ბორბალივით ტრიალს. მოგვაგონდა, ერთხელ რა ოინი მოვუწყვეთ შამაის. წარმოიდგინეთ, მთელი თვეების მანძილზე პაიარი და მე ოფლში ვიწურეთ, რომ ერთი დიდი შაშვისთვის ჰუგენოტური სიმღერა გვესწავლებინა და, როგორც კი შაშვმა სიმღერა ისწავლა, შევუშვით ბატონ შამაის ბაღში. ჩიტმა თავი ლაღად იგრძნო მოძღვრის ბაღში, სოფლის სხვა შაშვებს ჩაუდგა თავში და სიმღერა ასწავლა. ჩიტების ქორომ შეაწუხა მღვდელი. ლოცვანის კითხვაში შეუშალა ხელი. წმინდა კაცი პირჯვარს იწერდა, ილანძღებოდა და იგინებოდა, ფიქრობდა, ეშმაკი შემომეჭრა ბაღშიო, სწყევლიდა ბოროტ სულს და დარაბის უკან ჩასაფრებული უმოწყალოდ კლავდა მაცდურს; მაგრამ ეშმაკის ამბავი სავსებით როდი სჯეროდა ჩვენს ღვთისმსახურს, რადგან, როგორც კი მოკლავდა, იმ წამსვე ჭამდა ბოროტ სულს.

*

   ლაპარაკ-ლაპარაკში სოფელს მივადექით.
გეგონებოდათ, ბრევს სძინავსო. გზის გასწვრივ ამთქნარებდნენ სახლები, გამვლელთა ცხვირწინ გაზაფხულის მზისათვის გაეღოთ კარი. ძეხორციელი არ გვინახავს, გარდა ერთი ბალღის უკანალისა. ღლაპი თხრილთან იდგა, უკანალს ანიავებდა და თხრილში შარდავდა. მაგრამ, როგორც კი ხელიხელგადახვეული მე და პაიარი ფუნითა და ჩალით მოფენილი გზით დაბის ცენტრს მივუახლოვდით, ჩვენს ყურამდე გაბრაზებული ფუტკრების ბზუილისებურმა ხმამ მოაღწია. ეკლესიის მოედანზე გავედით. მოედანი ხალხით იყო სავსე, იქნევდნენ ხელებსა და ფეხებს, წუწუნებდნენ, გუგუნებდნენ, გაჰყვიროდნენ და გაჰკიოდნენ. მღვდლის ბაღის ნახევრადგაღებული კარის ზღურბლზე ბრაზისაგან აჭარხლებული შამაი ღრიალებდა და მუშტებით ემუქრებოდა მთელ მრევლს. შევეცადეთ მიზეზი გაგვეგო, მაგრამ მხოლოდ ღრიალ-დგრიალი ისმოდა: „... მუხლუხი და მუხლუხუნა... ხოჭოები და თაგუნა... ისმინე, უფალო“...
შამაი ყვიროდა: - არა, არა , არ წამოვალ.
ბრბო კი: - ეშმაკმა წაგიღოს! ხარ თუ არა ჩვენი მოძღვარი? გვიპასუხე, ჰო თუ არა? და თუ ჩვენი მოძღვარი ხარ (ამას კი ვერ უარყოფ), უნდა გვემსახურო კიდეც. შამაი კი უპასუხებდა: - უტიფარო ავაზაკებო, მე უფლის მსახური ვარ და არა თქვენი.
   ატყდა სოდომ-გომორი. ამ აურზაურისათვის ბოლო რომ მოეღო, შამაიმ მრევლის ცხვირწინ კარი მიიჯახუნა და დავინახეთ, მოაჯირს იქით როგორ იქნევდა ხელებს, ცალით ნეტარად ასხურებდა ლოცვა-კურთხევის წვიმას ერთგულებს, მეორეთი კი წყევლა-კრულვას აფრქვევდა დედამიწაზე. ცოტა ხნის შემდეგ ფანჯარაში მისი ჩამრგვალებული მუცელი და ბრტყელი სახე დავინახეთ. რაღაც უნდოდა ეთქვა. მაგრამ, რადგანაც ხალხის ყაყანს მიჰქონდა ყურთასმენა, გაბრაზებულმა მოძღვარმა ერს გამოუყო ენა; მერე დარაბები დაკეტა და სახლი სიჩუმემ მოიცვა. ხალხს მოსწყინდა ყაყანი, დაიღალა, დაიშალა, მოედანი დაიცალა, ჩვენც დრო ვიხელთეთ, შეთხელებულ დოყლაპიებს შორის გავძვერით და მეგობრის კარზე დავაკაკუნეთ. დიდხანს ვაკაკუნეთ, ხმას არავინ გვცემდა, ხვადაგს არ სურდა კარის გაღება.
- ჰეი, მასპინძელო, ბატონო მღვდელო!..
რამდენი ვეძახეთ (ხმას განგებ ვიცვლიდით) - მეტრ შამაი, შინა ხართ?
- ჯოჯოხეთში წასულხართ, ვინა ხართ, ვინა? რით ვერ გაიგეთ, არა ვარ შინა. და რაკი არ მოვეშვით, გაცეცხლებულმა გამოგვძახა: - აბა, მოუსვით აქედან, თუ არ წათრეულხართ, თქვე წუნკლებო, თქვენა, გაძლევთ სიტყვას, რომ დაგტეხოთ ჭექა და მეხი, ისე მოგნათლოთ, რომ ვერ წაიღოთ თავი და ფეხი.
   ავაზაკი! კოკა წყალი უნდა გადმოესხა ჩვენთვის. ვუყვირეთ: - შამაი, ღვინო მაინც გადმოასხი, შე კაი კაცო!
ამ სიტყვებზე, თითქოს სასწაულიაო, ჩაქრა ცეცხლის ალი, ჩადგა ქარიშხალი. შამაის გაწითლებული და მზესავით გაბადრული სახე გამოჩნდა.
- ღმერთო ჩემო! ბრონიონ, პაიარ, თქვენა ხართ? ვაიმე! კიდევ ცოტა და, კარგ ოინს გიზამდით. ყურუმსაღებო, ვერა თქვით, რომ თქვენ იყავით?
საფეხურებზე ჩამოგორდა წმინდა კაცი.
- შემოდით, შემოდით! წყალობა ნუ მოგიშალოთ ღმერთმა. მოდით, გაკოცოთ! საყვარლებო, რა ბედნიერი ვარ, იმ სიფათების შემდეგ ადამიანის სახეებს რომ ვხედავ! ერთი მითხარით, იმათი ფუნდრუკი თუ ნახეთ? რამდენიც უნდათ, იმდენი იხტუნონ, ფეხს არ მოვიცვლი. ამოდით, ამოდით, დავლიოთ, დაგცხებოდათ; წარმოიდგინეთ, წმინდა საუფლო ძღვენით უნდოდათ გავყოლოდი. მალე წვიმა წამოვა და მე და უფალი ხომ გავიწუწებოდით. არა, ერთი მითხარით, მათი მსახური ხომ არა ვარ, ანდა მოჯამაგირე? გაგონილა, ღვთის მსახურს ისე მოექცე, როგორც მოჯამაგირეს? ავაზაკები! მე მათ სული უნდა გავუწმინდო და არა მინდორ-ველი.
- ერთი ადამიანურად აგვიხსენი, რასა მღერი, ვისზედა ხარ აღრენილი? - ვკითხეთ ჩვენ.
- ამოდით, ამოდით, - გვითხრა შამაიმ, - ზევით სჯობია, მაგრამ ჯერ უნდა დავლიოთ. ბრაზი მახრჩობს. მეტი არ შემიძლია... ჰა! ამ ღვინოზე რას იტყვით? ჰე, ჰე, ჰე, არც ისე ცუდია... არა, წარმოიდგინეთ, იმ ხვადაგებს უნდოდათ ყოველდღე პარაკლისი მეხადა აღდგომიდან ამაღლებამდე... ნათლისღებიდან ახალწლამდე არ უნდათ? მერედა, რისთვის? ხოჭოებისთვის.
- ხოჭოებიო! - გავოცდით ჩვენ. - რა ხოჭო შეგიძვრა? ბოდავ, შამაი.
- არა ვბოდავ, - შეჰყვირა აღშფოთებულმა შამაიმ. - არა, ეს მეტისმეტია! მათი სიგიჟე უნდა ვითმინო და თანაც გიჟად მე ჩამთვალონ.
- მაშ, გონივრულად, მშვიდად აგვიხსენი.
- ჭკუიდან შემშლით, წაწყმედამდე მიმიყვანთ, - ყვირის შამაი და გამწარებული ოფლს იწმენდს, - მშვიდად როგორ ვთქვა, როდესაც მე და უფალს, უფალსა და მე მთელი წმინდა დღე ლათაიებით გვაბეზრებენ. (უჰ! სული მეხუთება!) ეგ უღვთოები და წარმართები, რომელთაც ფეხებზე ჰკიდიათ საუკუნო სასუფეველი და არ განიბანენ არც სულს, არც ფეხებს, მოძღვრისაგან ითხოვენ ხან წვიმას, ხან დარს; უნდა ვუბრძანო მთვარესა და მზეს: ოდნავი ალი, მერე წყალი, კმარა! ბევრი არა, ეხლა ცოტა მზე, თბილი და რბილი, ნიავი გრილი, გვაშორე ყინვა, ვენახისათვის გვიბოძე წვიმა. ჰაიტ! შესდექ! გეყოფა ფასი, ცოტა შეგვათბე. ამ უქნარებს რომ ყური უგდო, ლოცვებით გამათრახებული უფალი მებაღის იმ ვირს უნდა დაემსგავსოს, ჭას გარშემო რომ უვლის და წყალს ექაჩება. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან; ზოგს მზე უნდა, ზოგს კი - წვიმა. და აი, საშველად წმინდანებს უხმობენ. იქ, ზევით, ოცდაჩვიდმეტი წმინდანი განაგებს წყალს; მათ წინ მიუძღვის შუბოსანი მხედარი, ქვეშაფსია მხედარი. მეორე მხარეს კი მხოლოდ ორი წმინდანია, წმინდა რეიმონი და დია ღრუბელთრეკია; მათ დასახმარებლად მორბიან წმინდა ბლეზი ქარირეკია, სეტყვამაშორე წმინდა ქრისტეფორე, ჭექა-ქუხილისყლაპია ვალერიანე, მეხიკვეთია ორელიანე და წმინდა კლერი, კარგი ამინდის მქნელი. უთანხმოებაა ცათა შინა. ეს დიდებულნი ერთმანეთს სცემენ, ჩხუბობენ. წმინდა სიუზანი, ელენე და სქოლასტიკაც ერთმანეთს თმებში ჩაფრენიან. არ იცის უფალმა, რომელ წმინდანს მიენდოს. და თუ უფალმა არ იცის, მისმა მღვდელმა საიდან უნდა იცოდეს?.. საბრალო მღვდელი!.. ბოლოს და ბოლოს, ეს რა ჩემი საქმეა? მე ჩემი მრევლის ვედრება უნდა გადავცე უფალს, შესრულება კი მისთვის მიმინდვია. კიდევ არაფერს ვიტყოდი, (თუმცა ჩვენს შორის დარჩეს და, ეს კერპთაყვანისმცემლობა მეზიზღება. მოწყალე იესო, ნუთუ ამაოდ ეცვი ჯვარს?) მაგ არამზადებს ცის აყალმაყალში ჩემი გარევა რომ არ სურდეთ. ჭკუიდან შეიშალნენ, მე და ჯვარი თილისმად უნდა გამოგვიყენონ, უნდა დაგვაპირისპირონ ჭია-ღუებს, მათ მინდვრებს რომ ღრღნიან. დღეს ვირთაგვების წინააღმდეგ აგვამხედრონ, აქაოდა, ბეღლებს შესევიან და ხორბლისაგან გაგვცალესო. ეს ლიტანიაო, ეს შეჩვენება, წმინდა ნიკესისადმი ვედრება, თანაც დეკემბრის სუსხიან დღეს, ყელამდე თოვლში წელკავი ავიკიდე... ახლა მუხლუხოების მოსასპობად წმინდა ჰერტრუდას ევედრე, კვლავ ლიტანია, პროცესია. ეს იყო მარტში: თოვლ-ჭყაპი იდგა, წვიმდა. გავცივდი, დღესაც მახველებს. დღეს კიდევ ხოჭოებიო, კიდევ ერთი პროცესია, სურთ, რომ მათ ბაღებს, თითქოს სხვა საქმე აღარა მქონდეს, ასეთ სიცხეში ლოცვა-გალობით შემოვუარო (პაპანაქებაა, მაგრამ ცას საავდროდ შეუკრავს პირი, ჩამოწოლილი, სქელი ღრუბლები ცას ბუზებივით შემოჯარვიან, ჭექა-ქუხილიც რომ ემზადება? ვერ გადავრჩები, ფილტვების ანთება დამემართება). „Ibi ceciderunt უსამართლობის მომქმედნი, atque expulsi sunt  და ვერ შეძლონ stare“... მაგრამ გაძევებით მე გამაძევებენ... „Ibi cecidit შამაი ბატისტ, მეტსახელად „ტკბილო მამაო“... არა, მადლობელი ვარ, არსად მეჩქარება, ბოლოს და ბოლოს, კარგი ხუმრობაც მოსაწყენია. არა, ერთი მითხარით, ვინ დამავალა მათი ჭია-ღუების დევნა? თუ ხოჭოები აწუხებენ მაგ უსაქმურებს, თვითონვე შეებრძოლონ. თავს უშველე და უფალიც გიშველის. რა ადვილია გულზე ხელები დაიკრიფო და უფალს უბრძანო: ეს გააკეთე, ის გააკეთე! მე იმას ვაკეთებ, რაც გვნებავს, უფალო, და მე, დავლევ, დიახ, დავლევ, თქვენც მომბაძეთ, მეგობრებო... მათ კი, თუ სურთ, ალყა შემომარტყან. გეფიცებით უფალს, ისინი უფრო ადრე დაშლიან რკალს, ვიდრე მე ამ სავარძლიდან ავწევ უკანალს. დავლიოთ!

*

   ამდენი მჭევრმეტყველებითა და ქებით არაქათგამოლეულმა მოძღვარმა გადაჰკრა, ჩვენც მაღლა ავწიეთ ჭიქები და განვჭვრიტეთ მათში ცის კიდეგანი და ჩვენი სვე-ბედიც, და ისიც ვარდისფრად გვეჩვენა. რამდენიმე წუთით ჩამოვარდნილ სიჩუმეს პაიარის ენის წკლაპუნი და შამაის ხახაში ღვინის რაკრაკიღა არღვევდა. მღვდელი ერთი გადაკვრით სვამდა, პაიარი კი ჭიქას ათვალიერებდა ზევიდან და ქვევიდან, სვამდა ცხვირითაც, თვალითაც, ხახითაც, მე კი სასმელებითა და მსმელებით ვტკბებოდი; ჩემს სიხარულს მათი მხიარულება აორკეცებდა; სასიამოვნო იყო მათი მზერა: ტყუპებია სმა და ცქერა, მეფის კერძია. მათ კი ვუმზერდი, მაგრამ მერწმუნეთ, ბუზებს არ ვთვლიდი, თავგამოდებით მეც ჭიქას ვცლიდი. ერთმანეთს უკან არ ვრჩებოდით, ძმაბიჭურად, ვაჟკაცურად, ფეხაწყობით მივდიოდით!.. მაგრამ, ღმერთო, აბა ამას ვინ იფიქრებდა? საბოლოო ჯამში, რამდენიმე ყლუპით გაგვასწრო და გაჩნდა თავში Legibus-ის პატრონი, ნოტარიუს ბატონი.
   და როდესაც მარნის ცვარმა საბოლოოდ დაგვისველა ჩიჩახვები, გაგვიმტკიცდა ძალა, გული, გაგვინათდა სახე, სული. ფანჯრის რაფას იდაყვებით დავეყრდენით და აღტაცებით დავუწყეთ მზერა ლამაზ დედოფალს, ჩვენს მინდვრებში მობრძანებულ ახალ გაზაფხულს, ჩინარების ახალშეფოთლილ შტოებში მოციაგე მზის სხივებს, შორს, თვალსაწიერში მოკარგულ იონს, გიჟმაჟ მურიასავით რომ უტრიალებს მინდვრებს. იქიდან ჩვენს სმენამდე ტაბუცების ხმა, მრეცხავი ქალების ყაყანი და იხვების ყიყინი აღწევდა. გამხიარულებული შამაი მკლავზე გვჩქმეტდა და გვეუბნებოდა: - ვაჰ, რა კარგია ამ მხარეში ცხოვრება! იკურთხოს უფალი, სამივე აქ დაგვბადა! განა შეიძლება რამე ამ კუთხეზე უფრო ლამაზი, მალხაზი, ტკბილი, რბილი, მსუქანი, ნოყიერი, მადლიანი და ეშხიანი იყოს? როცა ვუყურებ, ცრემლი მერევა, ეგ სალახანა შემომეჭმევა..
   ჩვენ თანხმობის ნიშნად თავი დავუკანტურეთ... მაგრამ უეცრად შამაი განრისხდა: - არა, ერთი მითხარით, რა ეშმაკად მოუვიდა იმ ზეციერს თავში, ხვადაგებიც გაეჩინა ჩვენს ველსა და ბარში? რა თქმა უნდა, უფალი მართალია, იცის, რას აკეთებს... მაგრამ გამოგიტყდებით, მერჩია, შემცდარიყო და ჩემი მრევლი ეშმაკს წაეღო: ინკებთან ან სულთანებთან, სადაც ნებავდა იქ დაეყარა, ოღონდ აქ არა.
   ჩვენ ვუთხარით: - შამაი ჩემო, ალია და ოსმანა ორივე თათარი არ არის, განა? სხვას ისევ ესენი გერჩიოს. ღირს განა გაცვლა?
- მაშ, ეს პირუტყვები უფალს ამქვეყნად ჩემს გადასარჩენად და ცოდვების მოსანანიებლად გაუჩენია და არა იმიტომ, რომ მე გადავარჩინო ისინი. დამეთანხმეთ, ძმაკაცებო, დამეთანხმეთ, ამას არ უნდა ფიქრი და ბჭობა, არ არსებობს სოფლის მღვდლობაზე უფრო უბადრუკი ხელობა. საბრალო მოძღვარი ოფლში იწურება, რომ იმ გამოთაყვანებულთ რეგვენ გოგრაში წმინდა ჭეშმარიტებანი ჩაუნერგოს, მაგრამ მათ და მათ ღლაპებს რამდენიც არ უნდა ასვათ წმინდა სახარების წვენი, კატეხიზმო აწოვოთ, ეს რძე როგორც კი ჩაუვათ პირში, მყისვე ამოსდით ცხვირში; მათ დიდ ყანყრატოებს სალაფავი სჭირდებათ, მართალია ხანდახან „მამაო ჩვენოს“ წაიდუდუნებენ, ანდა თავიანთი ყროყინით რომ სმენა დაიტკბონ, ლიტანიობენ ან მწუხრის ლოცვას იტყვიან, მაგრამ წმინდა სიტყვისა არაფერი გადასდით მოწყურებული საყლაპავის კარიბჭის იქით. გულსა და სტომაქამდე არაფერი აღწევს. ლოცვისა და ლიტანიობის შემდეგაც, მღერიან თუ არ მღერიან, მაინც წარმართად რჩებიან. საუკუნეთა მანძილზე ამაოდ ვცდილობთ ჭინკებისა და ფერიებისაგან განვწმინდოთ ჩვენი მინდვრები, ნაკადულები და ტყეები, ამაოდ ვუბერავთ, ბერვისაგან ფილტვები გვტკივა, ვუბერავთ და ვუბერავთ, რომ ჩავაქროთ ეს ჯოჯოხეთური ჩირაღდნები, რათა სამყაროს უკუნეთ ღამეში მხოლოდ ჭეშმარიტი უფლის სინათლე კაშკაშებდეს, მაგრამ ვერ იქნა, ვერ გავწყვიტეთ დედამიწის ეს წარმართი მოციქულები, ეს ბინძური ცრუმორწმუნეობა, ეს ნივთიერების სული. მუხების ძველი ჯირკვები და სიპი ქვები მალავენ ამ სატანურ ჯილაგს. რამდენი დავწვით, ავჩეხეთ, ავკუწეთ, ამოვაგდეთ ძირფესვიანად, მაგრამ ამაოდ. ვფიქრობ, ყოველი ბელტის, ყოველი ქვის, ჩვენი დედის, გალების მიწის, მშობელი ფუძის გადმობრუნება დაგვჭირდება, რომ ამოვგლიჯოთ ბოროტი სული, ამ ბედოვლათებს ტანში რომ უზით და, მგონი, მაშინაც ვერაფერს გავხდეთ. წყეული ბუნება ხელიდან გვისხლტება: თათებს ჩამოსჭრი, ფრთები ესხმება, ერთი რომ კვდება, ათი ცოცხლდება. ამ ტუტუცებისათვის კი ყველაფერი სულ ერთია, ყველაფერი ეშმაკი და ღმერთია, სწამთ თეთრი და უთავო მერანი, შავი დედალი, დიდი გველკაცი, ბოროტი სული, ჯადოქარი იხვები და მაქცია მგლები... აბა, ერთი მითხარით, გეთაყვა, რა ხასიათზე უნდა იყოს უბიწო მარიამისა და ღვთისმოსავი დურგლის უწყინარი ძე ამ ნოეს კიდობანიდან გაქცეულ ურჩხულთა შორის?
   პაიარმა უპასუხა: - ძმაკაცო, ხომ გაგიგონია, „სხვის თვალში ხიწვს ვხედავ, საკუთარში დირესაც ვერაო“. შენი მრევლი უდაოდ გიჟია, მაგრამ შენ? შენ რა, მათზე ჭკვიანი ბრძანდები? მღვდელო, არაფერი გეთქმის, შენც ისევე მღერი, როგორც შენი მტერი. ერთი მითხარი, შენი წმინდანები მათ ავსულებს ან ფერიებს რითი სჯობიან? თითქოს არ კმაროდეს სამსახე და ერთარსება ერთი ღმერთი და წმინდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი, დედა-ღმერთი, რომ თქვენს პანთეონში დააბინავეთ მანდილიანი და შარვლიანი პატარა ღმერთების მთელი ხროვა, რათა შეგეცვალათ თქვენს მიერვე დამსხვრეული ძველი კერპების გროვა და დაცარიელებული ნიშები შეგევსოთ; მაგრამ ამ ღმერთებს, ვფიცავ ნამდვილ ღმერთებს, არ ვანაცვალებ ძველ კერპებს. ეშმაკმა იცის, საიდან მოდიან, ლოკოკინებივით ძვრებიან ყოველი ხვრელიდან, მიწიდან და ციდან: გონჯები, გაძვალტყავებულები, ტურტლიანები, ხეიბარნი, პირუბანელნი, კოპებით და იარებით შემკულნი: ერთი დასისხლიანებულ ტაკვს გიჩვენებთ, ანდა ბარძაყზე მბრწყინავ წყლულს, მეორეს კეკლუცად რაღაცნაირი ფიცარი გაუყრია ქეჩოში, მესამე იღლიაში ამოჩრილ თავს დაასეირნებს, მეოთხე, დიდებით მოსილი, საკუთარ ტყავს ხალათივით ფერთხავს. რომელი ერთი გავიხსენო. შორს რომ არ წავიდეთ, შენს წმინდანებზე რაღას იტყვი, მამაო, აი იმაზე, შენს საყდარში რომ მბრძანებლობს, დაყუდნებულ მესვეტე სვიმონზე, ორმოცი წელი სვეტის წვერზე ყანჩასავით ცალ ფეხზე რომ იდგა? შამაი შეხტა და შემოტრიალდა: - კმარა, შესდექ! სხვა წმინდანებთან რა მესაქმება, მათი თვალყური არ მევალება, მაგრამ წარმართო, სვიმონს მოეშვი, ჩემი წმინდანია, მის სახლში ვარ. ჰოდა, მეგობარო, ზრდილობით იყავი.
- კეთილი (რა გაეწყობა, შენი სტუმარი ვარ), დარჩეს ასე ცალ ფეხზე დაყუდებული შენი მესვეტე, მაგრამ ეს მაინც მითხარი, რა აზრისა ხარ კორბინის აბატზე, რომელსაც დაუჩემებია, ბოთლში ყოვლად წმინდა უბიწო ღვთისმშობლის რძე მაქვსო, ანდა რას ფიქრობ ბატონ დე სირმიზელზე, რომელმაც ერთხელ, როდესაც კუჭი აეშალა, წმინდანთა ნაწილების ფხვნილგარეული წყლის ოყნა გაიკეთა?
- რასა და, იმას, - უპასუხა შამაიმ, - რომ შენ თვითონაც, ვინც ეს ამბავი ასე ახსენი, იმასვე იზამ, თუ აგტკივდება სახსენე. კორბინის აბატს ნუ მიხსნებ. ეს წუწკი ბერები, მუშტრები რომ წაგვართვან, მზად არიან დუქნები გახსნან და ივაჭრონ მთავარანგელოზების რძით, ანგელოზების ნაღებითა და სერაფიმების კარაქით. მაგ ხალხს ნუ მიხსენებ-მეთქი. ბერი და მღვდელი ძაღლსა და კატასავით ემტერებიან ერთმანეთს.
- მღვდელო, მაშ, არც შენა გწამს წმინდა ნაწილები?
- არა! ჩემი წმინდანების ნაწილები მწამს, სხვების კი არა. მე წმინდა დიეტრინის ბეჭის ძვლის მორჩი მაქვს, რომელიც წმენდს შარდს და სირსველით აქერცლილ კანს. მაქვს აგრეთვე წმინდა ეტუპის თხემის ძვალი (რას იღრიჭები, დაგიდგა თვალი), იგი ცხვრის მუცლიდან ავსულებს დევნის. ნუ იცინი-მეთქი. ურწმუნოვ, კვლავ იკრიჭები? არაფერი გწამს განა? მე სიგელებიცა მაქვს თანა (ბრმანი არიან, ვისაც არ სჯერათ, ახლავე წავალ და მოვიტან). ხელმოწერილი პერგამენტები დაგარწმუნებენ სინამდვილეში.
- იჯექი, იჯექი და მოეშვი მაგ შენს ქაღალდებს. სახეზე გატყობ, თვითონ არ გჯერა, საიდანაც არ უნდა მოიტანო, ძვალი ძვლად რჩება და წარმართია, ვინც მას ეთაყვანება. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს: მიცვალებულებს სასაფლაოზე წაასვენებენ ხოლმე. მამაო, მე ცოცხლები მწამს, მწამს აგრეთვე, რომ დღეა, რომ ვსვამ და კარგად ვმსჯელობ. ვამბობ, რომ ორჯერ ორი ოთხია და დედამიწა მოძრავ სივრცეში მიკარგული მნათობია. მწამს გი კოკი[24] და შემიძლია ზეპირად გითხრა ჩვენი ნევერის ზნე-ჩვეულებანი, მჯერა აგრეთვე წიგნები, სადაც წვეთ-წვეთად გროვდება ადამიანის ცოდნა-გამოცდილება, ყველაზე მეტად კი ჩემი გონებისა მჯერა და, რა თქმა უნდა, მწამს საღვთო წერილი. სიბრიყვეა, კაცმა საღვთო წერილში ეჭვის შეტანა გაბედოს. ხომ კმაყოფილი ხარ, მამაო?
- არა, არა ვარ კმაყოფილი, - იყვირა მეტად გაბრაზებულმა შამაიმ. - შენ რა, კალვინისტი ხარ? ერეტიკოსი? ჰუგენოტი, ცხვირში ბიბლიას რომ ბურტყუნებს, დედა ეკლესიას ჭკუას ასწავლის და გველის წიწილას ჰგონია, ცხოვრებას უმღვდელოდაც შეძლებს.
ახლა კი პაიარი გაბრაზდა და თქვა, რომ არავის მისცემს ნებას, პროტესტანტი უწოდოს, განაცხადა, რომ ის კარგი ფრანგია, მართლმორწმუნე კათოლიკე, კაცი გონიერი, საკმაოდ ღონიერი, და რომ უსათვალოდაც კარგად ხედავს, სულელს სულელს ეძახის, შამაის კი სამ სულელს ერთში, ან ერთს სამში (როგორც თავად ინებებს), და რომ ადიდებს უფალს და თავის გონებას, რაიც დიდი მნათობის ყველაზე მშვენიერი სხივია.

*

   გაჩუმდნენ. ბუზღუნით დალიეს. მაგიდას იდაყვებით დაეყრდნენ და გაბუტულებმა ზურგი შეაქციეს ერთმანეთს. გადავიხარხარე. უცბად შეამჩნიეს, რომ არაფერი მითქვამს, გარწმუნებთ, რომ მეც მხოლოდ მაშინ შევნიშნე ეს ამბავი. მანამდე კი მათი ცქერითა და სმენით ვიყავი გართული. მათი საბუთიანობა მართობდა, ორთავეს ვაჯავრებდი თვალებითა და წარბებით, ჩუმად ვიმეორებდი მათ ნათქვამებს, კომბოსტოს ღეჭვით გართული კურდღელივით ვაცმაცუნებდი ტუჩებს და აი, მეცნენ გააფთრებული მოდავეები და მომთხოვეს მეთქვა, ვის ვემხრობოდი.
   ვუპასუხე: ორივესა და კიდევ მესამეს-მეთქი.
- განა ამქვეყნად ცოტა მოკამათეა? რაც მეტი გიჟია, მით უფრო მეტს იცინი და რაც უფრო მეტს იცინი, მით უფრო ჭკვიანი ხარ... ძმაკაცებო, როდესაც გსურთ გაიგოთ, თუ რა გაგაჩნიათ, ჯერ ფურცლებზე ჩამოსწერთ და მერე შეაჯამებთ ხოლმე. ახლა კი რატომ არ ჩამოსწერთ და არ შეაჯამებთ ყველა თქვენს ხუსტურს. შეჯამებამ, შეიძლება, ჭეშმარიტებაც კი გიჩვენოთ. თქვენ რომ ჭეშმარიტების ხელში ჩაგდება გინდათ, ის ენას გამოგიყოფთ ხოლმე და ეს იმიტომ, რომ სამყაროს მარტო ერთი ახსნა როდი აქვს, ყოველი ადამიანი საკითხის ერთ მხარეს განმარტავს, შვილნო ჩემნო. მე ყველა თქვენი ღმერთის მომხრე ვარ: წარმართებისაც და ქრისტიანებისაც. ისევე, როგორც ღმერთ-გონებისა. ეს რომ ვუთხარი, ჩემს წინააღმდეგ პირი შეიკრეს და განრისხებულებმა პირონელი და ურწმუნო მიწოდეს.
- ურწმუნოო! კიდევ რა გნებავს? რა გინდათ ჩემგან? თქვენ ღმერთს თუ ღმერთებს, კანონს თუ კანონებს ჩემთან მობრძანება სურთ? მობრძანდნენ. მივიღებ. ყველას მივიღებ. სტუმართმოყვარე ვარ. მამაუფალი ძალიან მომწონს. კიდევ უფრო მისი წმინდანები მიყვარს, პატივსა ვცემ და ვუღიმი (კეთილი ხალხია), ჩემთან მოსვლას და მასლაათს არ თაკილობენ; მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ ერთი ღმერთი არ მყოფნის. რა ვუყო, რომ მსუნაგი ვარ... თქვენ კი გსურთ მამარხულოთ. მე ჩემი წმინდა მამები და წმინდა დედები მყავს, ჩემი ფერიები და სულები, ციური და მიწიერი, ტყისა და წყლის, მწამს გონება, ჭეშმარიტების მჭვრეტელი გიჟებიც, მჯერა კუდიანებისა. მინდა ვიფიქრო, რომ სივრცეში დაკიდული დედამიწა ჰაერში ქანაობს, ღრუბლებში ბანაობს. მსურს მას შევეხო, ავშალო და დავშალო, ავაწყო და დავაწყო მსოფლიოს საათის მშვენიერი მექანიზმი; მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ციური ჭრიჭინების, მრგვალთავა ვარსკვლავების გალობით დავტკბე და მთვარეზე ჩირაღდნიან კაცს ვუთვალთვალო... მხრებს იჩეჩავთ, არა? წესრიგი გინდათ? ე, ე, წესრიგს თავისი ფასი აქვს! უფასო როდია, ქისის გახსნას მოითხოვს. წესრიგი იმას კი არ ნიშნავს, გააკეთო ის, რაც გინდა, ის უნდა გააკეთო, რაც არ გინდა: ცალი თვალი უნდა გამოითხარო, რომ მეორეთი უკეთ დაინახო. გაკაფო ტყეები, რომ გაიყვანო დიდი და სწორი გზები. რასაკვირველია, ეს კარგი და საჭიროა... მაგრამ, ღმერთო ჩემო, რა უშნოა! მე ძველი გალი ვარ. მინდა ბევრი ბელადი მყავდეს, ურიცხვი კანონი მქონდეს. სუყველას ვეძმო და ყველა თავის ნებაზე ვაცხოვრო. გინდა? ერწმუნე, მე კი მომეშვი, ნება მიბოძე, მინდა ვერწმუნები და მინდა არა. თაყვანი ეცი გონებას და, რაც მთავარია, ღმერთებს შეეშვი, უთვალავნი არიან, ღმერთების წვიმა მოდის, რიყის ქვებივით ყრიან. მაკე ღორებივით ღმერთებით გაბერილა სამყარო. ყველას პატივს ვცემ, იმრავლონ და იბედნიერონ, მაგრამ, აბა გაბედეთ და შეეცადეთ, თუნდაც ერთი წამართვათ ან გამასტუმრებინოთ, არ გამოვა, არა. თუ ეშმაკმა გზა-კვალი არ ამირია და ჩემი გულუბრყვილობა ბოროტად არ გამოიყენა, ვერ მოგართმევთ, ვერა.
შევებრალე პაიარსა და მღვდელს, მკითხეს, ამ დავიდარაბაში როგორ ვიკვლევდი გზას.
- ჩინებულად, ვუპასუხე მე, - ძალიან კარგად ვიცნობ ყველა ბილიკს და არხეინად დავსეირნობ. როგორ ფიქრობთ, შამუდან ვეზლეიში ტყით რომ მივდივარ, ფართო გზა მჭირდება? ბრაკონიერების საცალფეხო ბილიკებით თვალდახუჭული მივდი-მოვდივარ და თუ ზოგჯერ ჩემს ბუნაგში უკანასკნელი ვბრუნდები, სამაგიეროდ ნანადირევით სავსე მაქვს აბგა. იქ ყველაფერი აღნუსხულია და ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩნეული. კეთილი უფალი თავის ეკლესიაში მყავს, წმინდანები - თავიანთ ეკვდირებში, ფერიები - მინდვრებში დამიდიან, გონება - თავში მაქვს ჩაჭედილი. წარმოიდგინეთ, ჩინებულად ეგუებიან ერთმანეთს: ყველა ვარდს თავისი გულის მურაზი ჰყავს, თავისი საქმე გააჩნია, თავისი სახლი აქვს, არ ემორჩილებიან მტარვალ მეფეს და ბერნის ბატონებისა და მათი კონფედერატების მსგავსად მოკავშირე კანტონები აქვთ მოწყობილი. ჩემს სოფელში სუსტნიც არიან და ძლიერნიც, თუმცა ამას არ უნდა ენდო; ზოგჯერ ძლიერების წინააღმდეგ სუსტია საჭირო. ცხადია, უფალი ფერიებზე ძლიერია, მაგრამ თვით მანაც კი უნდა გაუწიოს ფერიებს ანგარიში. რადგან უფალი თუ მარტო დარჩა, ისეთი ძლიერიც აღარ იქნება. ძლიერიც ხვდება მასზე ძლიერს, რომელიც მას შეახრამუნებს. მაშ, როგორ! ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ყველაზე „უძლიერესი ღმერთი“ ენახოს. ის ზეცასაა, ძალიან შორს, ძალიან მაღლა, ისე მაღლა, როგორც ჩვენი ბატონი მეფე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ მის მთავრებს, მოურავებს, ლეიტენანტებს; თვითონ კი თავის ლუვრში განისვენებს. გონება მეუბნება, რომ დღეის ღმერთი, რომელზეც ყველა ლოცულობს, არის ბატონი კონჩინი[29]... გეყოფა, ჰო, მუჯლუგუნებს ნუ მკრავ, შამაი... გული რომ არ გატკინო, ვიტყვი, რომ დღევანდელი უფალი არის ნევერის ხელისუფალი, ჩვენი კეთილი ჰერცოგი; აკურთხოს უფალმა, პატივსა ვცემ, მაგრამ ლუვრის ბატონთან ჭკუით არის და კარგადაც იქცევა. ამინ! და იყოს ასე!
- ამინ, ასე იყოს, - გაიმეორა პაიარმა, - მაგრამ ასე რომ არ არის, ეს ყველამ იცის! „პატრონის შინ არყოფნისას შემოძვრება მაცდური და მაშინ დაფასდება ამ ოჯახის მსახური“. ჩვენი დიდი ანრის სიკვდილის შემდეგ დედაკაცები გამეფდნენ ჩვენს დალოცვილ მხარეში და დაიწყო თავადების უნამუსო თარეში... დიდკაცები შენსა და ჩვენს ხარჯზე ხელს ითბობენ. დიდ პალაურში თევზაობენ ქურდბაცაცები. ხაზინიდან იტაცებენ არსენალის სკივრებში მიძინებულ ოქრო-ვერცხლსა და მომავალ გამარჯვებებს, რომელსაც ბატონი დე სიული დარაჯობს. აჰ! ნეტავი მოვიდეს შურისმაძიებელი, მაგ ყაჩაღებს წააცალოს თავი, ამოჰხადოს სული და წაართვას ნაქურდალი ფული.
   იმდენი ვილაპარაკეთ, იმდენი ვქენით, ისე ხმაშეწყობილად ვიმღერეთ და ისეთი ვარიაციები შევასრულეთ ქოჩრიან დიდებულებზე, ქოშიან მუზმუზელებზე, გასუქებულ მღვდელმთავრებზე და მუქთახორა ბერ-მონაზვნებზე, რომ სიფრთხილე ნებას არ მაძლევს ყველაფერი ჩავწერო. ისე კი, უნდა ვთქვა, რომ ყველაზე ლამაზ და ბრწყინვალე სიმღერებს ამბობდა მოძღვარი შამაი. და ჩვენი სამება გზას გაუდგა ფეხაწყობით, ვაჟკაცურად, რა აიღო ერთხმად თემად: ლაქუცები, ავყიანი, ღვთისმოსავნი, ფლიდნი, ავნი, ფანატიკოსნი, ჰუგენოტნი, თითლიბაზნი, ჭკუათხელნი, ბრიყვნი, შტერნი, ვისაც განუზრახავთ ღვთის სიყვარული კომბლითა და ხმლით ჩაგვინერგონ გულსა და სულში. მამაუფალი მევირე ხომ არ არის, ჯოხით რომ გვრეკოს. ვისაც წაწყმედა სურს, დაე წაწყმდეს! ესეც ეყოფა, რა საჭიროა ცოცხლად წამება ან ცეცხლზე დაწვა? მოგვეშვით, ღვთის მადლსა, დაგვანებეთ თავი. ამ ჩვენს საფრანგეთში ყველამ, როგორც სურს, ისე მოაწყოს თავისი ცხოვრება და ნუ დაეძებს, როგორ ცხოვრობს მოყვასი თვისი. ურწმუნოც კი ქრისტიანია, იესომ ხომ ყველა ადამიანის ცოდვათა მოსანანიებლად იტვირთა ჯვარი. ეგეც არ იყოს, საბოლოო ჯამში ორთავ ერთია: ავიცა და კარგიც, ამაყიცა და მკაცრიც, და ერთმანეთს ისე ჩამოჰგავს, როგორც ორი წვეთი.
   ლაპარაკით რომ გული ვიჯერეთ, ბახუსს სამ ხმაზე შევასხით ქება. ეგ ერთადერთი ღმერთი იყო, რომელზედაც მე, პაიარსა და მღვდელს დავა არ გვქონდა. შამაი გაჰყვიროდა, რომ ბახუსი ერჩია ყველა იმ ღმერთს, რომელზეც ქადაგებენ კალვინისა და ლუთერის ლაზღანდარა ბინძური ბერები. ბახუსი, ამბობდა იგი, პატივისცემის ღირსია, მასში ნამდვილი ფრანგული ჯილაგის ღმერთი ჩანსო... ფუი ეშმაკს, რას ვამბობ? ფრანგული კი არადა, ქრისტიანული, ძვირფასო ძმებო, ქრისტიანული. განა იესო ზოგიერთ ძველ სურათზე ბახუსად არ არის წარმოდგენილი? ხელთაც რომ ყურძნის მტევანი უპყრია. მაშ, ჩვენი მხსნელის სადღეგრძელო დავლიოთ, ძმებო, ჩვენი ბახუსის, ქრისტიანულის, მომღიმარი იესოსი, ვისი ალისფერი სისხლიც მოჩუხჩუხებს ჩვენს ფერდობებზე და ასურნელებს ჩვენს ვენახს, გულს და თავის ფაქიზ, უხვ, ადამიანურსა და უწყინრად დამცინავ სულს შთაბერავს ჩვენს ნათელ საფრანგეთს, ჯანსაღი სისხლის პატრონს, მახვილგონიერ ბატონს.

*

   ამ საუბარში რომ ვიყავით და ჭიქებიც ერთმანეთს მივუჭახუნეთ, რათა დაგველია სადღეგრძელო ზომიერი და მხიარული ფრანგული გონიერებისა, რომელიც ყოველგვარ უკიდურესობას დაცინის („ორთა შუა ბრძენი ჯდება“... ამიტომაც ზოგჯერ მიწას ენარცხება), კარების ჯახუნმა, კიბეზე მძიმე ნაბიჯების ხმამ, ოხვრამ, ძახილმა: „იესო ქრისტე“, „დედაო ღვთისა“, გოდებამ, ქშენამ, მღვდელ-ქალბატონის, ან როგორც ეძახდნენ შამაის მსახურ ელოიზას - „მოძღვარ-ქალბატონის“ შემოსევა გვამცნო. ხვნეშით შემოვიდა, წინსაფრით ბრტყელი სახე მოიწმინდა და წამოიძახა: - ვაი, ვაი! გვიშველეთ, ბატონო მოძღვარო!
- ჰა, რა ამბავია, სულელო? - შეეკითხა მოთმინებადაკარგული შამაი.
- მოდიან! მოდიან! ისინი მოდიან!
- ის მუხლუხები, ლიტანიით მინდვრებში რომ დადიან? აკი გითხარით, ჩემს წარმართ მრევლზე არაფერი მითხრათ-მეთქი.
- გემუქრებიან, ბატონო მოძღვარო, თქვენ გემუქრებიან!
- ყურებზე ხახვი არ დამაჭრან, რითი მემუქრებიან? სასულიერო სასამართლოში გიჩივლებთო? როგორც ენებოთ! მზად ვარ.
- ვაიმე, ბატონო მოძღვარო, მარტო საჩივარი რომ იყოს!..
- მაშ რაა ? მითხარ!
- აყლაყუდა პიკთან შეყრილან, რამლს ყრიან, ულოცავენ და მღერიან: „მუხლუხებო, ხოჭოებო, ხვრელებიდან გამოძვერით ერთად და შამაის ბოსტანსა და მარანს შეუტიეთ მედგრად“.
ამ სიტყვებზე შამაი შეხტა.
- ვაიმე! ვაიმე! წყეულები! მათი ხოჭოები ჩემს ბოსტანში უნდათ მორეკონ... ვაი, ჩემს მოსწრებას! უფალო! წმინდაო სვიმონ! უშველეთ თქვენს მსახურს!
ამაოდ ვეცადეთ დაგვემშვიდებინა. ბევრიც ვიცინეთ.
- იცინეთ, იცინეთ, ჭკუის კოლოფნო! ჩემს ადგილას რომ იყოთ, ვნახავდი, როგორ გაიცინებდით. მეც ეგრე ვიზამდი, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო, ხომ გაგიგონიათ? ერთი თქვენ იყოთ ჩემს დღეში, ვნახავდი, რა მასპინძლობას გაუწევდით, რა სუფრას გაუშლიდით ასეთ ყურუმსაღებს. ხოჭოებიო, რა საზიზღრობაა... მუხლუხები... არ მინდა, არა! მაგრამ რა მოვუხერხო, რა წყალში ვეცე?
- რა ამბავია, რამ გადაგრია, მღვდელი არა ხარ? რისი გეშინია? შენს მრევლს ჭკუით მაინც არ სჯობიხარ? განიწმინდე მათი შელოცვებისაგან. მათზე ძლიერი არა ხარ, განა?
- ჰე, ჰე, ჰე! მე არაფერი ვიცი; ვერაფერს გავხდები, ვერა, ახმახი პიკი ისეთი გაიძვერა და ბოროტია. მეგობრებო, ჩემო მეგობრებო! სად გაგონილა, ამ სათოკეებს სურთ ხოჭოებს შეაჭამონ ჩემი თავი. მე კი როგორი იმედი მქონდა... დაიმედებული, დამშვიდებული ვიყავი... მაგრამ ამქვეყნად მყარი არაფერია, მხოლოდ უფალი არს დიდი. რა შემიძლია? მაგათ ხელთ ვარ... ელოიზა, გეთაყვა, გასწი, გაკურცხლე, საყვარელო, და უთხარ, შეჩერდნენ! მოვდივარ, მოვდივარ, მაშ რა უნდა ვქნა. ავაზაკები! ჩემი დღეც მოვა, სიკვდილის წინ ჩემს ხელში იქნებით. მანამ კი (რა გაეწყობა), მათ დუდუკზე უნდა ვიცეკვო!.. უნდა დავცალოთ ეს ფიალაც. დავცლი, განა ეს ერთი დამიცლია? წამოდგომა რომ დააპირა, ჩვენ შევეკითხეთ: - ერთი გვითხარი, სად გარბიხარ, სად ჯანდაბაში?
ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ხოჭოებთან საომრადო, - გვიპასუხა შამაიმ.

*გაგრძელება*

ნახვა: 337

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters