ფრანსუაზ საგანი - გიყვართ ბრამსი

*დასაწყისი*

თავი მეცხრე


       ბულონის ტყეში გაყინულ ტბას უღიმღამო მზე დაჰნათოდა; ერთადერთი სპორტსმენი-ნიჩბოსანი თავგადაკლული ლამობდა ზაფხული უკან შემოებრუნებინა. იგი იმ უცნაურ სპორტსმენთა რიცხვს ეკუთვნოდა, ფორმის შესანარჩუნებლად ყოველ ცისმარე დღეს რომ ვარჯიშობენ, თუმცა უფერული გარეგნობის გამო ამ სიბეჯითეს არავინ უფასებთ. მისი ნიჩაბი ციმციმა, ვერცხლისფერ შხეფებს მაღლა ისროდა, მაგრამ სიცივით დათრთვილული ხეებიდან უკვე ნაღვლიანი ზამთარი იმზირებოდა და ამიტომაც შხეფები გეხამუშებოდა. პოლი უცქერდა შუბლშეკრულ სპორტსმენს. იგი, ალბათ, კუნძულს შემოუვლის, მერე კი, დაქანცული და თავისი თავით კმაყოფილი, უკან დაბრუნდება. ეს ყოველდღიური ჯიუტი შემოვლა პოლს რაღაც სიმბოლური ეჩვენა. გვერდით სიმონი ეჯდა მდუმარედ. პოლი შემობრუნდა და გაუღიმა. სიმონმა ღიმილი არ შეაგება. ქალი, რომლის გულისთვისაც წინაღამეს მან მთელი დეპარტამენტი გადასერა, და რომელიც მის წარმოდგენაში გაშიშვლებული, წუხანდელი გზასავით მორჩილი, თავის თავს სთავაზობდა, სულაც არ ჰგავდა იმ ქალს, ახლა მის გვერდით, რკინის სკამზე, მასთან შეხვედრით არცთუ ძალიან გახარებული, მშვიდად რომ იჯდა და ამ მოსაბეზრებელი სურათის შემყურე ლამის თვლემდა. იმედგაცრუებული ვაჟი ცდილობდა, განგებ სხვა მიზეზით აეხსნა თავისი გულგატეხილობა და თავს ირწმუნებდა, პოლი აღარ მიყვარსო. სოფლის იმ ჩაჟამებულ სახლში გატარებული ერთი კვირა იმის ნათელ მაგალითს წარმოადგენდა, რა სისულელემდე მიჰყავდა ზოგჯერ იგი ოცნებებს. და მაინც საოცარი სურვილი ჰქონდა, თავბრუდამხვევი, მწარე სურვილი – ხელები მაგრად შემოაჭდოს, თავი ისე გადაუწიოს პოლს, ტკივილი მიაყენოს, და დაეკონოს მის მსხვილ, მშვიდ ტუჩებს, რომელთაგანაც მთელი ორი საათი განმავლობაში მხოლოდ ზრდილობიანი, დამამშვიდებელი სიტყვები ისმოდა. დამშვიდება სულაც არ სჭირდებოდა სიმონს. აკი მოსწერა პოლმა, მალე ჩამოდიო? სიმონი თავბედს იწყევლიდა, არა იმიტომ, რაღაც უჩვეულოს მოელოდა ამ სიტყვების შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ცას ეწია სიხარულით, სულელური ნდობით აღივსო. თურმე სჯობს დიდმა მიზეზმა გაგაუბედუროს, ვიდრე პატარამ გაგაბედნიეროს! ასეც უთხრა პოლს. ქალმა თვალი მოაშორა ნიჩბოსანს და გაკვირვებულმა შეხედა სიმონს.
– ჩემო პატარა სიმონ, ყველა ასეა ახლა. ასე რომ, თქვენი სურვილი ბუნებრივია!
პოლს სიცილი აუტყდა. ამ დილით სიმონი გიჟივით მოვარდა მატინიონის გამზირზე და ქალმაც მაშინვე აგრძნობინა, ეს წერილი დიდს არაფერს ნიშნავსო.
– კი მაგრამ, თქვენ ხომ ის ქალი არ ხართ, პირველივე შემხვედრს რომ მისწეროთ, მალე ჩამოდიო?
– მარტო ვიყავი, – გამოუტყდა პოლი, – თანაც უცნაურ გუნებაზე. მართალი ხართ, არ უნდა მომეწერა, მალე დაბრუნდით-მეთქი.
თუმცა გულში ასე არ ფიქრობდა. სიმონი გვერდით ჰყავდა და ამით ბედნიერი იყო. იგი ხომ სულ მარტოა, სულ მარტო! როჟეს თურმე ახალი საყვარელი გაუჩენია, კინოზე გაგიჟებული ვიღაც ახალგაზრდა ქალი (უკვე აცნობეს კეთილის მსურველებმა); ეტყობა, როჟეს კიდეც რცხვენია თავისი ახალი გატაცებისა, თუმცა კრინტი არ დაუძრავს. ჩვეულებრივ, როცა სატრფიალო თავგადასავლებით ტრაბახობდა, თავის მართლება და მიკიბ-მოკიბვა არ იცოდა ხოლმე. ამ კვირაში ორჯერ ისადილეს ერთად, მხოლოდ ორჯერ! სიმონი, მისი სიყვარულით გატანჯული ეს ყმაწვილი, გვერდით რომ არ ჰყოლოდა, პოლი ძალიან უბედური იქნებოდა.
– წავიდეთ, – თქვა სიმონმა, – თქვენ უკვე მოგბეზრდათ აქაურობა.
პოლი არ შეჰკამათებია, ისე წამოდგა; ძალიან მოუნდა წონასწორობიდან გამოეყვანა სიმონი, თუმცა თავიდანვე ბრაზობდა თავის სისასტიკეზე. ეს სისასტიკე თითქოს მისი ნაღველის მეორე მხარე იყო, სულელური სურვილი, შური ეძია იმაზე, ვინც შურისძიებას სულაც არ იმსახურებდა. ისინი სიმონის პატარა მანქანაში ჩასხდნენ. ყმაწვილს მწარედ გაეღიმა, სულ სხვაგვარად ჰქონდა წარმოდგენილი დღევანდელი დღე: აი, მარცხენა ხელით საჭეს მართავს, მარჯვენაში პოლის ხელი უჭირავს, მისი ლამაზი თავი სიმონისკენაა მობრუნებული! პოლისთვის არც შეუხედავს, ისე გასწია მისკენ ხელი. ქალმა ხელისგულებში მოიქცია სიმონის ხელი და გაიფიქრა: „რა იქნება, ერთხელ მეც ჩავიდინო სისულელე?“ სიმონმა მანქანა გააჩერა. პოლს არაფერი უთქვამს. სიმონი დაჰყურებდა საკუთარ ხელს. ალბათ, პოლს ერთი სული აქვს, მისი ხელი მოიშოროს. ერთბაშად საშინელი დაღლილობა იგრძნო ყმაწვილმა, თავი უკან გადააგდო, თითქოს შეურიგდა კიდეც ამ გარდაუვალ განშორებას. იმ წუთში უცბად მოტყდა, ოცდაათი წლით დაბერდა. ქალმა თითქოს მხოლოდ ახლა დაინახა სიმონის ნამდვილი სახე.
პირველად იგრძნო, რომ სიმონი მას, უფრო სწორად, მათ ჰგავდა, ორივეს, როჟესა და პოლს. ჰგავდა არა იმიტომ, რომ ადვილად ატკენდი გულს, – ეს თვისება მან ადრევე შეამჩნია სიმონს. ამ თვისების გარეშე ვერც წარმოედგინა ადამიანი, – არამედ იმიტომ, რომ მის წინაშე იყო ყოველივე იმისაგან განძარცული, გათავისუფლებული ჭაბუკი, რასაც ახალგაზრდობა, სილამაზე და გამოუცდელობა ანიჭებს ადამიანს. მის თვალში სიმონი მუდამ ტყვე იყო საკუთარი ფუქსავატობის, საკუთარი ზერელე ცხოვრებისა. სწორედ ამიტომ ვერ იტანდა სიმონს. ახლა კი, როცა პოლს კი არა, ხეებს უყურებს ცოცხალმკვდარი, ბრძოლისუნარწართმეული, პოლს უეცრად გაახსენდა ის სიმონი, პირველად საშინაო ხალათში რომ დაინახა, მხიარული, უდარდელი, მისი ხილვით განცვიფრებული, და საოცრად მოუნდა, კვლავ დაჰბრუნებოდა სიმონს ის ძველი სილაღე, კვლავ ეპოვა თავისი თავი, ჩამოშორებოდა პოლს, სცოდნოდა მხოლოდ წუთიერი დარდი და სცნობოდა მხოლოდ ის სულელი გოგოები, მრავლად რომ გამოუჩნდებოდნენ მომავალში. დრო პოლზე უკეთ და თანდათან გაანათლებდა მას. სიმონის ხელი უძრავად ედო ხელისგულზე, გრძნობდა მის მაჯისცემას და ერთბაშად, თვალცრემლიანმა, – თვითონაც არ იცოდა, ეს ცრემლი მეტისმეტად მგრძნობიარე ყმაწვილმა მოჰგვარა თუ საკუთარმა ნაღვლიანმა ცხოვრებამ, – ბაგესთან მიიტანა სიმონის ხელი და აკოცა.
სიმონმა უსიტყვოდ დაძრა მანქანა. მიხვდა, მათ შორის პირველად მოხდა რაღაც. და იმ წუთში გუშინდელზე უფრო ბედნიერი იყო. როგორც იქნა, პოლმა „დაინახა“ სიმონი, ხოლო თუ სიმონი ისეთი ბრიყვი იყო, რომ იფიქრა, პირველივე შემთხვევა პირველი სამიჯნურო ღამით დამთავრდებაო, ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალოს! მას ჯერ კიდევ დიდი მოთმინება, დიდი სინაზე და, რა თქმა უნდა, დიდი დრო სჭირდება. მაგრამ სიმონი გრძნობდა, სინაზეც ჰქონდა, მოთმინებაც და მთელი ცხოვრებაც წინ ედო! ისიც კი გაიფიქრა, თუკი ოდესმე დადგებოდა სიყვარულის ღამე, ეს იქნებოდა მხოლოდ ერთი ეტაპი და არა ჩვეულებრივი დაბოლოება, სხვა დროს რომ წინასწარვე წარმოიდგენდა. მათ, ალბათ, ბევრი უსასრულო დღე და ღამე ექნებათ. და მაინც, პოლთან სიახლოვის მძაფრი სურვილი მოსვენებას არ აძლევდა.

თავი მეათე


         ქალბატონი ვან დენ ბეში ბერდებოდა, ფიზიკური მონაცემებისა თუ იმის წყალობით, რასაც შეიძლება „მოწოდება“ დავარქვათ (ყოველ შემთხვევაში, ჟერომ ვან დენ ბეშთან მოულოდნელ ქორწინებამდე), უფრო მეტად მამაკაცებთან მეგობრობდა, ვიდრე ქალებთან. ჭკნობის პირველივე ნიშნის შემჩნევისთანავე მიხვდა, მარტო ვრჩებიო, და, დაბნეული, ყოველ ახალგაცნობილ მამაკაცს თუ ქალს ებღაუჭებოდა. პოლი მისთვის იდეალური მოსაუბრე აღმოჩნდა, თუმცა მათ მასლაათს საქმიანი ხასიათი ჰქონდა. კლებერის გამზირზე მისი ბინა თავდაყირა იდგა: პოლს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე უხდებოდა მისვლა და ქალბატონი ვან დენ ბეშიც ათას საბაბს იგონებდა, პოლი მეტხანს გაეჩერებინა. არც ის გამოჰპარვია ქალბატონ ვან დენ ბეშს, რომ პოლი ძალიან მეგობრულად ექცეოდა სიმონს; თუმცა სიახლოვის ნიშნებს ვერ ატყობდა, თავს მაინც ვერ იკავებდა, წარამარა თვალს უკრავდა პოლს, გადაკრულად ელაპარაკებოდა, პოლი კი აინუნშიც არ აგდებდა მის ნართაულებს. სამაგიეროდ, სიმონი ცოფდებოდა. ერთ საღამოს გაფითრებული, გაღიზიანებული მივარდა დედას – დიახ, დიახ, დედას! – და დაემუქრა: „იცოდე, კარგი დღე არ დაგადგება, თუ საქმეს ჩამიშლი!“
– რა უნდა ჩაგიშალო? ხელი გამიშვი! გამაგებინე, შენი საყვარელია თუ არა?
– აკი გითხარი, არა-მეთქი!
– მაშინ რა გინდა ჩემგან? რაკი თვითონ ამაზე არ ფიქრობს, მე ვაიძულებ, იფიქროს! შენივე სასიკეთოდ. თორმეტი წლის გოგო კი არაა! როგორ გგონია, კონცერტებზე, გამოფენებზე რომ დაგყავს, ეს მოხიბლავს მარტო? ბრიყვო, ნუთუ არ გესმის...
სიმონმა ბოლომდე აღარ მოუსმინა და სახლიდან გავარდა. რუანიდან დაბრუნების შემდეგ ეს სამი კვირა მხოლოდ პოლით, მხოლოდ პოლისთვის ცოცხლობდა, იმ რამდენიმე საათის იმედით, პოლი მისთვის რომ გამოიმეტებდა. სიმონი ცდილობდა გაეჭიანურებინა პაემანი, რამდენიმე წამით კიდევ სჭეროდა მისი ხელი იმ რომანტიკული გმირივით, წინათ რომ თვითონვე დასცინოდა. სწორედ ამიტომ შეშფოთდა ერთ დღეს, როცა სასტუმრო ოთახის მორთვა დაამთავრეს და დედამისმა გადაწყვიტა, სადილზე პოლს მოვიწვევ და მეგობარ როჟესაც მოვიპატიჟებ ათიოდე სტუმართან ერთადო. როჟე მოწვევაზე დათანხმდა, უნდოდა ახლოს გაეცნო ეს ახალგაზრდა კოხტაპრუწა, პოლს რომ კუდში დასდევდა და პოლიც ასე გულთბილად ახსენებდა. ეს კი როჟესთვის, დიახაც, უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე თავშეკავებული დუმილი. თანაც სინდისი ქენჯნიდა. თითქმის მთელი თვე მიტოვებული ჰყავდა პოლი. მთლად მოაჯადოვა მეზიმ, მოაჯადოვა თავისი ცეტობით, სხეულით, ეჭვიანობით, ურცხვობითა და ვნებით. როჟეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თურქულ აბანოში მოხვედრილიყო. გულის სიღრმეში ფიქრობდა, რომ თავის სიცოცხლეში უკვე ვეღარავის აღუგზნებდა ასეთ მხურვალე ვნებას და ამიტომაც ნებდებოდა, ამიტომაც აუქმებდა პოლთან დანიშნულ პაემანს ასე ხშირად. პოლი მშვიდად ეუბნებოდა: „კეთილი, ჩემო კარგო, აბა, ხვალამდე“... და როჟეც მირბოდა იმ აუტანელ ბუდუარში, სადაც თვალცრემლიანი მეზი ეფიცებოდა, თუკი მოისურვებ, ჩემს კარიერას მსხვერპლად შემოგწირავო. როჟე უცნაური ცნობისმოყვარეობით უკვირდებოდა საკუთარ თავს, აინტერესებდა, როდემდე გაუძლებდა ამ სულელურ კავშირს, მერე მკლავებს მოხვევდა ბრიყვულად და ურცხვად აჭიკჭიკებულ ქალს და აქამდე უცნობ ვნებიან ექსტაზს ეძლეოდა. ასე რომ, სიმონი, პოლის მოკრძალებული თანამგზავრი, სწორედაც ხელს აძლევდა როჟეს. როცა მეზის ჩამოიცილებს, ყველას თავის ადგილს მიუჩენს და, რაც მთავარია, პოლს ცოლად შეირთავს. და თუმცა როჟე არაფერში იყო დარწმუნებული, საკუთარ თავშიც კი, ერთი რამ მაინც ღრმად სწამდა: პოლი მისი ერთგული იყო და მასაც მხოლოდ პოლი უყვარდა ამ ბოლო წლებში. როჟე დაგვიანებით მოვიდა. როგორც კი თვალი გადაავლო იქაურობას, მიხვდა, მოსაწყენი წვეულება იქნებოდა. პოლი ხშირად საყვედურობდა, გულღია არა ხარ, ხალხს გაურბიხარო და, მართლაც, სამუშაოს გარეთ არავის ხვდებოდა, თუ რაღაც გარკვეული მიზანი არ ჰქონდა, სასაუბროდ კი პოლთან ან თავის ერთადერთ ძველ მეგობართან მოდიოდა. როჟე განმარტოებით ცხოვრობდა, არ უყვარდა პარიზული თავყრილობები, მაშინვე სურვილი უჩნდებოდა, ან უხეშად მოქცეულიყო, ან სულაც გასცლოდა იქაურობას. ქალბატონ ვან დენ ბეშთან რამდენიმე რჩეული პიროვნება დახვდა, იმ წრეში კარგად ცნობილი ან გაზეთებში მოხსენიებული ფრიად თავაზიანი ხალხი, ვისთანაც სადილობისას უნდა ესაუბრა თეატრსა თუ კინოზე, ანდა სიყვარულზე, რაც კიდევ უფრო აუტანელი იქნებოდა. ამაზე საუბრის ყველაზე მეტად ეშინოდა, გრძნობდა, სიყვარულის არაფერი გაეგებოდა ან, ყოველ შემთხვევაში, არ შეეძლო ზუსტად გადმოეცა თავისი მოსაზრება. როჟე მედიდურად მიესალმა ყველას. როდესაც მისი ზორბა, ოდნავ დაძაბული ტანი კარში გამოჩნდა, როგორც ყოველთვის, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მოულოდნელად ორპირი ქარი დაატრიალა ოთახშიო. ეს შთაბეჭდილება არც ისე მცდარი იყო. იმდენად მოუთვინიერებელი ჩანდა, რომ მისი გამოჩენა ხალხში ოდნავ ჩოჩქოლს იწვევდა. ამიტომაც მოსწონდათ ქალებს. პოლს შავი გულმოხდილი კაბა ჩაეცვა. როჟეს ძალიან მოსწონდა ეს კაბა. ამიტომაც დაიხარა და ისე გაუღიმა, თითქოს მადლობას უხდიდა, პოლი რომ ასეთი იყო და მას ეკუთვნოდა. მხოლოდ პოლს ცნობდა იგი ამ უცხო ხალხში. პოლმა წამით მინაბა თვალები, გულით მოუნდა როჟე მოხვეოდა. როჟე გვერდით მიუჯდა და მაშინღა შეამჩნია იქვე უძრავად მდგარი სიმონი. „ალბათ, როგორ იტანჯება, აქ რომ მხედავს!“ – გაიფიქრა როჟემ და უნებურად ჩამოიღო პოლის სკამზე გადადებული მკლავი. საერთო ჟრიამულში უცებ სამთა დაძაბული დუმილი შეიჭრა, რომელიც სიმონმა დაარღვია: იგი დაიხარა და პოლს ანთებული სანთებელი გაუწოდა. როჟე შესცქეროდა ორივეს, აკვირდებოდა სიმონის მაღალ ტანს, მის მშვიდ, მეტისმეტად დახვეწილ პროფილს, პოლის ნაზ, გოროზ სახეს და ძლივს შეიკავა სურვილი, ხმამაღლა გადაეხარხარა. ორივენი მეტისმეტად თავშეკავებულნი, მგრძნობიარენი, ზრდილობიანნი ჩანდნენ: სიმონი ცეცხლს სთავაზობდა, პოლი უარს ეუბნებოდა, თანაც დიდი თავაზითა და ბოდიშით: „გმადლობთ! ნუ წუხდებით!“ როჟე კი სულ სხვა ყაიდის კაცი იყო. მას ელოდებოდა ერთი პატარა კახპა, იაფი თავშექცევა, მერე პარიზის ღამე და სხვა ათასგვარი თავგადასავალი. ხოლო ალიონზე მძიმე, თითქმის ფიზიკური შრომა მასავით დაღლილ-დაქანცულ ხალხთან ერთად, რომელთა ხელობა მისი ხელობაც იყო ოდესღაც. იმავ წამს პოლის ხმა შემოესმა, სიმონს მშვიდად უხდიდა მადლობას. როჟემ თავი ვერ შეკავა, ხელი მოჰკიდა პოლს, თავი შეახსენა. როჟეს იგი უყვარდა. ამ ყმაწვილს შეუძლია კონცერტებსა და მუზეუმებში ატაროს პოლი, სულერთია, ხელს მაინც ვერ ახლებს. როჟე წამოდგა, ლანგრიდან ვისკიანი ჭიქა აიღო, გადაკრა და მაშინვე გულზე მოეშვა.
როჟეს წინათგრძნობა გამართლდა: სადილმა მოსაწყენად ჩაიარა. როჟე შეეცადა საუბარში ჩარეულიყო, რამდენიმე ფრაზა წაილუღლუღა და მხოლოდ სადილის ბოლოს გამოერკვა ფიქრებიდან, როცა ქალბატონმა ვან დენ ბეშმა ჰკითხა, ხომ არ იცით, ბატონი X-ის საყვარელი ვინ არისო. აშკარა იყო, ქალს თვითონ სურდა, ეს ამბავი როჟესთვის ემცნო. როჟემ მიუგო: ეს ამბავი სულაც არ მაინტერესებს; ვინ ვისი საყვარელია, მე არ მეკითხება, ისევე, როგორც არ მეკითხება, ვინ რას მიირთმევს სადილად, თუმცა ჯობს ხალხი მეზობლის სუფრით დაინტერესდეს და სხვისი საწოლის ამბებზე ნაკლებად იფიქროს, ნაკლები უსიამოვნება შეხვდებათო. პოლს გაეცინა, რადგან როჟემ ერთბაშად ჩაუშალა სტუმრებს სასაუბრო თემა; სიმონმაც თავი ვერ შეიკავა და გაიცინა. როჟემ ზომაზე მეტი დალია, ადგომისას ოდნავ წაბარბაცდა და დროზე ვერ შეამჩნია ქალბატონი ვან დენ ბეში, რომელიც კეკლუცად უხმობდა.
– დედაჩემი გთხოვთ, – უთხრა სიმონმა.
ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. როჟე დაჟინებით აკვირდებოდა სიმონის სახეს, იქნებ, ნაკლი აღმოვუჩინოო, თუნდაც დუნე ნიკაპი და ან ბაგეო, მაგრამ ამაოდ. იმედის გაცრუებამ ცუდ გუნებაზე დააყენა.
– თქვენ კი პოლი გეძებთ, არა?
– ახალავე მივალ! – უთხრა სიმონმა და ზურგი აქცია.
როჟემ იდაყვში სტაცა ხელი. ერთბაშად გაცეცხლდა. სიმონმა გაკვირვებით შეხედა.
– დაიცათ... – წაილუღლუღა როჟემ. – რაღაც მინდა გითხრათ.
ერთმანეთს ჯიქურ ათვალიერებდნენ. ორივეს კარგად ესმოდა, ჯერჯერობით არაფერი ჰქონდათ სათქმელი. როჟეს თვითონვე გაუკვირდა თავისი საქციელი, სიმონი კი ამაყად გაიმართა წელში და ღიმილი ვერ შეიკავა. როჟე მიხვდა, დავმარცხდიო, და ხელი უშვა.
– სიგარა მინდოდა მეთხოვა.
– ახლავე მოგართმევთ.
როჟემ თვალი გააყოლა, შემდეგ პოლთან მივიდა. პოლი სტუმრებს ესაუბრებოდა. როჟემ მკლავში წაავლო ხელი, ხალხს გაარიდა.
– რა უთხარი სიმონს? – მაშინვე ჰკითხა პოლმა.
– სიგარა ვთხოვე, რამ შეგაშინა?
– თვითონაც არ ვიცი, – შვებით ამოისუნთქა ქალმა, – ისეთი გაცეცხლებული სახე გქონდა...
– რას უნდა გავეცეცხლებინე? ხომ არ გგონია, ამ თორმეტი წლის ბიჭზე ვეჭვიანობ?
– არა, – თქვა პოლმა და თვალები დახარა.
– თუ ეჭვიანობაა, მარცხნივ რომ კაცი გეჯდა, იმაზე ვიეჭვიანებდი, მამაკაცი მაინცაა. პოლი ერთბაშად ვერ მიხვდა, ვის გულისხმობდა, მერე მოისაზრა და გაეღიმა. აქამდე არც შეუმჩნევია ის კაცი. მთელი საღამო მისთვის სიმონის თვალების შუქით იყო განათებული, წარამარა პოლისკენ რომ იყურებოდა, იქნებ, მისი მზერა დავიჭიროო. ზოგჯერ პოლი მართლაც შეაგებებდა მზერას და სიმონიც ისე ნაზად, ისე ნაღვლიანად გაუღიმებდა, პოლს ძალა არ შესწევდა, არ ეპასუხა. სიმონი უფრო ლამაზი იყო, უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე მისგან მარცხნივ მჯდომი მეზობელი. ამიტომაც გაიფიქრა, ამ ამბებისა როჟეს არაფერი გაეგებაო. სწორედ ამ დროს მიუახლოვდა სიმონი და სიგარების კოლოფი გაუწოდა როჟეს.
– გმადლობთ, – უთხრა როჟემ და კოლოფიდან გულდასმით შეარჩია ერთი ცალი, – თქვენ ჯერ არ იცით კარგი სიგარის ფასი. ეს სიამოვნება მხოლოდ ჩემი ასაკის ადამიანს შეუძლია იგრძნოს.
– სულ დაიტოვეთ. არ მიყვარს სიგარა.
– პოლ, კვამლი ხომ არ შეგაწუხებს? – ჰკითხა როჟემ, მერე სიმონს მიუბრუნდა, – ჩვენ მალე უნდა წავიდეთ. ხვალ ადრე ვარ ასადგომი.
სიმონს ყურადღება არ მიუქცევია სიტყვისათვის „ჩვენ“. იგი ფიქრობდა: „პოლს, ალბათ, სახლამდე მიაცილებს, თვითონ კი იმ დედაკაცთან წავა. სამაგიეროდ, მე მაკლებს სიამოვნებას, ცოტა ხნით კიდევ ვიყო პოლთან!“ მერე პოლს გადახედა, იგივე აზრი წაიკითხა მის სახეზე და ხმადაბლა თქვა: – პოლი თუ ძალიან არ დაიღალა... მე მივაცილებ მოგვიანებით... – როჟე და სიმონი ერთდროულად შეტრიალდნენ პოლისკენ. მან სიმონს გაუღიმა და უთხრა, ჯობს, მეც წავიდე, უკვე გვიან არისო.
მანქანაში სიტყვა არ უთქვამთ ერთმანეთისათვის. პოლი იცდიდა. როჟემ ძალით წამოიყვანა წვეულებიდან, არადა, პოლი ლაღად გრძნობდა თავს სადილზე. როჟემ მოაკლო ეს სიამოვნება. ახლა კეთილინებოს და აუხსნას, რად მოიქცა ასე, ან ბოდიში მაინც მოუხადოს. როჟემ სახლთან გააჩერა მანქანა, მაგრამ ძრავა არ გამორთო... პოლი მაშინვე მიხვდა, როჟე არც არაფერს აუხსნიდა, არც შინ აჰყვებოდა. მისი საქციელი წინდახედული მესაკუთრის საქციელი იყო და მეტი არაფერი. პოლი მანქანიდან გადმოვიდა, ღამე მშვიდობისაო, წაილაპარაკა და ქუჩა გადასერა. როჟემ მაშინვე დაძრა მანქანა; იმ წუთს საკუთარი თავი სძაგდა.
მაგრამ სახლის წინ პოლმა სიმონის მანქანა დაინახა. მანქანიდან სიმონმა დაუძახა. გაოცებული პოლი მაშინვე მივიდა.
– აქ როგორ გაჩნდით? ალბათ, გიჟივით მოაქროლებდით მანქანას. კი მაგრამ, დედათქვენის სტუმრები მიატოვეთ?
– ცოტა ხნით დაჯექით! – შეევედრა სიმონი.
სიბნელეში ისე ჩურჩულებდნენ, თითქოს შეიძლებოდა ვიღაცას მოესმინა მათი საუბარი. პოლი ისე მარჯვედ შეძვრა დაბალ მანქანაში, კიდეც გაიფიქრა, უკვე მივეჩვიე ამ პატარა მანქანასო. ასევე მისჩვეოდა მისკენ ნდობით შემობრუნებულ სახესაც, ცალ მხარეზე ფარნის შუქი რომ სცემდა.
– ძალიან მოსაწყენი საღამო იყო, არა? – ჰკითხა სიმონმა.
– ოჰ, არა... მე...
რა ძალიან ახლოს ზის სიმონი, მეტისმეტად ახლოს. თანაც უკვე გვიანაა, რა დროს მუსაიფია... ან რატომ გამოეკიდა უკან! ვინ იცის, როჟემ კიდეც დაინახა! რა გიჟური საქციელია... პოლმა აკოცა სიმონს.
ზამთრის სუსხიანმა ქარმა დაუბერა, მანქანაშიც შეიჭრა და თმა აუწეწა ორივეს, ერთმანეთში გადაუხლართა; სიმონმა მთელი სახე დაუკოცნა პოლს; ალერსით თავბრუდახვეული პოლი ისუნთქავდა მისი ჭაბუკური სხეულის სურნელსა და ღამის სიგრილეს, მერე უსიტყვოდ მიატოვა და სადარბაზოში შევიდა. განთიადზე გამოეღვიძა. ძილ-ღვიძილში თვალწინ დაუდგა ღამით ამოვარდნილი ქარი, აწეწილი თმა, სიმონის შავი კულულები, აბრეშუმის რიდესავით რომ წამოჰფარებოდა სახეზე, ხელახლა იგრძნო მისი ცხელი ტუჩები, გაიღიმა და ისევ ძილს მისცა თავი.

თავი მეთერთმეტე


        იმ მღელვარე, იმ ტკბილი საღამოს შემდეგ სიმონს მთელი ათი დღე აღარ უნახავს პოლი. მეორე დილითვე მიიღო პოლის ბარათი, ჩემს ნახვას არ ეცადოო: „არ მინდა გული გატკინოთ, რადგან ძალზე თბილი გრძნობით ვარ თქვენდამი!“ სიმონი ვერ მიმხვდარიყო, რომ პოლს საკუთარი თავისა უფრო ეშინოდა, ვიდრე მისი. დარწმუნდა, მხოლოდ ვებრალებიო, და არც გაბრაზებულა, ცდილობდა, ისეთი გზა მოენახა, პოლის გარეშე ცხოვრება შესძლებოდა. ის კი ვერ მოისაზრა, რომ ამგვარი ფრაზები: „არ მინდა, გული გატკინოთ“... და ა.შ. არამც და არამც უიმედობას არ ნიშნავს. ისინი ბრჭყალებში მეტწილად უშუალოდ რომანის წინ ან რომანის შემდეგ ჩაისმის... არც პოლმა იცოდა ეს. ქალს ეშინოდა, თან უნებლიეთ ელოდა, სიმონი მოვიდოდა და აიძულებდა, გაეზიარებინა მისი სიყვარული. პოლს უკვე ვეღარ აეტანა ზამთრის ერთფეროვანი საღამოები, ერთი და იგივე გზა სახლიდან სამსახურამდე, მარტოობა და ეს ვერაგი ტელეფონი – სულ სანანებლად ჰქონდა, რატომ ავიღე ყურმილიო, ისე უცხოდ, დარცხვენით მოისმოდა როჟეს ხმა. იმ განუმეორებელ წარსულ დღეებზე ნაღველმა ხომ სულ მოუღო ბოლო! ყოველივე ამან ისეთ ცუდ გუნებაზე დააყენა, ისე მოადუნა, რომ არ შეიძლებოდა „რაღაც არ მომხდარიყო“.
სიმონი კი დადიოდა სამსახურში, უფრო პუნქტუალური, ბეჯითი და სიტყვაძვირი გახდა. დროდადრო თავს ასწევდა, უაზროდ მიაშტერდებოდა მადმუაზელ ალისას და თითს გაუგებრად ჩამოისვამდა ტუჩებზე... პოლი... უკანასკნელი საღამო... რა მოულოდნელად, თითქმის მბრძანებლურად აკოცა ტუჩებში... როგორ გადააგდო თავი უკან... რა ნაზად მიიზიდა სიმონის სახე... ქარი... სიმონის გამოხედვით შეცბუნებული მადმუაზელ ალისა დროდადრო ფრთხილად ჩაახველებდა და სიმონიც უგულისყუროდ უღიმოდა. რა თქმა უნდა, ფიქრობდა სიმონი, პოლი ნაწყენი იყო და ამიტომ მოიქცა ასე! იმის შემდეგ სიმონს არც უცდია მისი ნახვა. სწორად კი იქცევა? ათჯერ, ოცჯერ მაინც გაიხსენა დაწვრილებით წარსული ამბები: მანქანით გასეირნება, მოსაწყენი გამოფენის დათვალიერება, საიდანაც ორივე გამოიპარა, დედამისის წვეულება... ყოველი წვრილმანის, ყოველი სურათის წარმოდგენა ულმობლად უფლეთდა გულს... ამასობაში დღეები გადიოდა. მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს მხოლოდ დრო გადაწყვეტდა, მაგრამ ავად თუ კარგად, ეს არ იცოდა.
ერთ საღამოს მეგობართან ერთად უცნობი პატარა რესტორნის კიბეს ჩაუყვა. უკვე საკმაოდ შეზარხოშებულნი იყვნენ, მაგრამ მაინც მოითხოვეს სასმელი, დალიეს ბევრი და მოიწყინეს. მერე შავკანიანი ქალი გამოჩნდა ესტრადაზე, სიმღერა წამოიწყო. ქალს უშველებელი ვარდისფერი პირი ჰქონდა: მისი სიმღერა სევდის მომგვრელი იყო და უიმედო ცეცხლს უკიდებდა ორივე მეგობარს.
– ორი წლის სიცოცხლეს არ დავიშურებ, ოღონდაც ვინმე შემყვარებოდა! – თქვა სიმონის მეგობარმა.
– მე უკვე მიყვარს, – წაილაპარაკა სიმონმა, – მაგრამ მან არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, რომ მიყვარს! ვერასოდეს!
ახსნა-განმარტებას კი აღარ მოჰყოლია. თუმცა ფიქრობდა, ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული, ასე რომ იყოს, უაზრო იქნებოდა ცხოვრებაო. ნუთუ მთელი ეს მღელვარება ამაოდ ჩაივლის?! მეგობრებმა სუფრასთან მოიპატიჟეს მომღერალი ქალი. იგი პიგალის მოედნიდან იყო, მაგრამ ისე მღეროდა, გეგონებოდა, ახალი ორლეანიდანაა ჩამოსულიო. გაბრუებულ სიმონს მოცისფრო ბურუსი ეზმანებოდა, სადაც ნაზი ნაკვთები და გაწვდილი ხელები ერთმანეთს გადახლართოდა. სიმონი გვიანობამდე დარჩა რესტორანში, მარტო უსმენდა მომღერალს და შინ მხოლოდ გათენებისას დაბრუნდა გამოფხიზლებული.


*


       მეორე დღეს, საღამოს ექვს საათზე, სიმონი მაღაზიასთან ელოდა პოლს. წვიმდა. სიმონმა ხელების კანკალი ვერ შეაჩერა და გაბრაზებულმა ჯიბეში ჩაიყო. უცნაურ სიცარიელესა და გულგრილობას გრძნობდა. „ღმერთო ჩემო, იქნებ, მხოლოდ იმისთვის ვვარგივარ, რომ მასთან ვიყო და ვიტანჯო“, გაიფიქრა და სახე ზიზღით დაებრიცა.
შვიდის ნახევარზე პოლი გამოვიდა. მუქი კოსტიუმი ეცვა, თავისივე თვალების ფერი მუქი ცისფერი ყელსახვევი ეკეთა. დაღლილი სახე ჰქონდა. სიმონი მისკენ გაემართა. პოლმა გაუღიმა და ერთბაშად გრძნობის ისეთმა მოზღვავებამ, ისეთმა სიმშვიდემ შეიპყრო ბიჭი, თვალები დახუჭა. მას პოლი უყვარს! დაე, რაც უნდა დაემართოს ამ ქალის გამო, ამაზე უარესი რა მოუვა! პოლმა შეამჩნია მისი ჩინდაკარგული თვალები, გაწვდილი ხელები და შეჩერდა. ეს ათი დღე მასაც აკლდა სიმონი. უკვე მისჩვეოდა მასთან ყოფნას, მის აღფრთოვანებას, სიჯიუტეს და ახლა რატომღა უნდა გადასჩვეოდა? მაგრამ როცა მისკენ მობრუნებული სახე დაინახა, მიხვდა, რომ ეს მარტო მიჩვევა არ იყო ოცდაცხრამეტი წლის ქალისთვის. ეს სულ სხვა რაღაც იყო. რუხი ქვაფენილი, გამვლელები, მანქანები ერთბაშად რაღაც სტილიზებულ, გაქვავებულ, დროის მიღმა არსებულ დეკორაციად ეჩვენა. ორიოდ მეტრი აშორებდათ ერთმანეთს. და ვიდრე ქუჩის კუშტი, გამაყრუებელი სინამდვილე შთანთქავდა, ვიდრე ჯერ კიდევ ფხიზლად იდგა საკუთარი ცნობიერების ზღურბლზე, სიმონმა ნაბიჯი გადადგა მისკენ და მოეხვია.
მოეხვია, მაგრამ გულში არ ჩაუკრავს. ეს კია, სუნთქვა შეუგუბდა და რაღაც უსაზღვრო სიმშვიდემ მოიცვა. მერე ლოყით შეეხო მის თმას და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მაღაზიის აბრას მიაშტერდა: „ეპოქის განძი“... „ნეტა რა უფრო მეტია ამ წიგნის მაღაზიაში, განძი თუ ხარახურა?“ – გაიფიქრა და თან გაუკვირდა, ამ სანუკვარ წუთებში საიდან მომივიდა თავში ეს უაზრო კითხვაო.
სიმონს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, როგორც იქნა, უძნელესი ამოცანა გადაეწყვიტოს.
– სიმონ, დიდი ხანია აქა ხართ? – ჰკითხა პოლმა, – სულ გაწუწულხართ.
პოლი ისუნთქავდა სიმონის პიჯაკის, მისი კანის სუნს და განძრევა აღარ უნდოდა. სიმონის დაბრუნებამ მოულოდნელი შვება მოჰგვარა, თითქოსდა რაღაც უბედურებას დააღწია თავი.
– არა, უთქვენოდ სიცოცხლე მართლა არ შემიძლია, – უთხრა სიმონმა, – ასე მეგონა, სიცარიელეში ვიყავი. მოწყენილობა კი არ მკლავდა, უბრალოდ, არ ვარსებობდი. თქვენ?
– მე? – გაიმეორა პოლმა. – თქვენც კარგად იცით, წლის ამ დროს პარიზი თითქმის ჩამკვდარია (პოლი ცდილობდა ბუნებრივად ელაპარაკა). ახალ კოლექციას ვათვალიერებდი, ერთი სიტყვით, ნამდვილი საქმიანი ქალივით ვიქცეოდი; ორ ამერიკელ ქალს შევხვდი, შესაძლოა, ნიუ-იორკში მომიხდეს გამგზავრება...
პოლი გრძნობდა, ჭკუადაკარგული შეყვარებულივით წვიმაში დგომა ამ ჭაბუკის მკლავებში და ასე საუბარი უაზრობა იყო, მაგრამ განძრევა არ შეეძლო. სიმონი ისე ნაზად კოცნიდა საფეთქლებზე, თმაზე, ლოყაზე, თითქოს პოლის ყოველ ფრაზას წერტლს უსვამსო. პოლი გაჩუმდა და შუბლით უფრო მაგრად მიეკრა მის მხარს.
– გინდათ კი ნიუ-იორკში წასვლა? – ზემოდან მოესმა სიმონის ხმა.
სიმონი რომ ლაპარაკობდა, პოლი საფეთქლებზე გრძნობდა მისი ყბების მოძრაობას და კინაღამ მოწაფესავით გადაიკისკისა.
– შეერთებული შტატები მართლაც საინტერესო უნდა იყოს. თქვენ რას იტყოდით? მე იქ არასდროს ვყოფილვარ.
– არც მე, – თქვა სიმონმა, – დედაჩემი აღშფოთებულია, თუმცა არც თვითონ უყვარს მოგზაურობა.
სიმონს შეეძლო ასე მდგარიყო და დაუსრულებლად ესაუბრა პოლთან დედაზე, მოგზაურობაზე, ამერიკასა და რუსეთზე, ელაპარაკა ათასნაირ თემაზე, მშვიდად, ძალდაუტანებლად. აღარ აპირებდა არც მის გაკვირვებას, არც მის მოხიბვლას. თავს კარგად გრძნობდა. საკუთარ თავში დარწმუნებულიც იყო და თან უსუსურიც. ჯობდა შინ წაეყვანა პოლი და თავისუფლად მოჰფერებოდა, მაგრამ ხელის გაშვებაც ვერ გაებედა.
– არ ვიცი, უნდა მოვიფიქრო! – თქვა პოლმა.
თვითონაც ვერ მიმხვდარიყო, რას გულისხმობდა – სიმონთან ურთიერთობას თუ ამერიკაში გამგზავრებას. ზევით ახედვის და მისკენ დახრილი ჭაბუკის სახის დანახვის კი ეშინოდა: ვაითუ, კვლავ ალაპარაკებულიყო ის მეორე, ჭკვიანი, მტკიცე ნებისყოფის პოლი და გაეკიცხა თავისივე საქციელი.
– სიმონ! – წაიჩურჩულა მან.სიმონი დაიხარა, ნაზად აკოცა ტუჩებში. არც ერთს აღარ დაუხრია თვალი, მაგრამ ორივე ხედავდა არა ერთმანეთს, არამედ დიდ, მოციმციმე ლაქას – უჩვეულოდ გაფართოებულ, დანისლულ და თითქოსდა შეშინებულ გუგებს. ორი დღის შემდეგ ერთად ისადილეს. პოლის რამდენიმე ფრაზით სიმონი მიხვდა, რა გადაეტანა ქალს ამ ათ დღეში: მარტოობა, როჟეს გულგრილობა, სიმონის გამუდმებული კილვა. ალბათ, პოლს იმედი ჰქონდა, ამ ათ დღეში როჟეს როგორმე დაიბრუნებდა. ყოველ შემთხვევაში, უნდოდა უფრო ხშირად შეხვედროდა, ძველებურად გაეგოთ ერთმანეთის, მაგრამ როჟე ბავშვივით გაჯიუტებულიყო. პოლის ეს მონდომება კი ნამდვილად გულს აუჩუყებდა კაცს თავისი სიმარტივით: როჟეს საყვარელი სადილი, იმ კაბების ჩაცმა, როჟეს რომ მოსწონდა, იმ საგნებზე საუბარი, როჟეს რომ აინტერესებდა; ერთი სიტყვით, ყველა ხერხს მიმართავდა, რასაც ქალთა ჟურნალები ურჩევდნენ მკითხველებს. მაგრამ ამ სასაცილო, მდარე რეცეპტებმა, ჭკვიანი ქალი მართლაც საოცარ იარაღად რომ გადააქცევდა, პოლს ვერ უშველა. ქალს დამამცირებლად სულაც არ მიაჩნდა, მიჰყოლოდა ამ რჩევებს, არც იმას უკადრისობდა, როჟესთვის მყუდროდ, ლამაზად განათებული ოთახი ან გემრიელი კერძი დაეხვედრებინა, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა: „როჟე, შენი მიზეზით უბედური ვარ! როჟე, ჩვენს ურთიერთობაში რაღაც უნდა შეიცვალოს!“ პოლის ასეთი საქციელი არც ოდითგანვე ძვალ-რბილში გამჯდარი ქვეშეცნეული ქალური გუმანით აიხსნებოდა, არც ბედის მწარე მორჩილებით. არა, ეს უფრო ერთგვარი სადიზმი იყო, როგორც საკუთარი თავის, ისე როჟეს მიმართ. თითქოსდა როჟე ან პოლი ერთბაშად უნდა წამომდგარიყო და ეთქვა: „კმარა!“ ჰოდა, იცდიდა როდის გაუჩნდებოდა ეს გრძნობა, თუმცა ამ გრძნობას თავის მხრიდანაც ისეთივე ძრწოლით ელოდა, როგორც როჟესგან. მაგრამ ამაოდ. ეტყობოდა, რაღაც უკვე ჩამკვდარიყო. ასეთ ფიქრებსა და ფუჭ იმედებში გაატარა ეს ათი დღე, ამიტომაც აღარ შეეძლო არ დამორჩილებოდა სიმონის სიტყვებს: „მე ბედნიერი ვარ, მე თქვენ მიყვარხართ“. უხამსობას ვერ დასწამებდა იმ სიმონს, ტელეფონით მუდამ ჩურჩულით რომ ელაპარაკებოდა; იმ სიმონს, რაღაცით რომ უვსებდა ცხოვრებას, ყოველ შემთხვევაში, ნახევრად მაინც! მაგრამ იგი უკვე დაღალა მუდამ მოთავედ და მაინც მუდამ მარტოდ ყოფნამ. „შენ რომ გიყვარდეს, ეს კიდევ ყველაფერი არაა, – ამბობდა სიმონი, – მთავარია, შენც უყვარდე!“ პოლის აზრით, ეს სიტყვები უშუალოდ მას შეეხებოდა. მართალია, ერთი ნაბიჯი უკვე გადადგა საამისოდ, მაინც უკვირდა, რომ არც ტკბილ მღელვარებას განიცდიდა და არც ლტოლვას, როგორც როჟესთან დაახლოების წინ. მხოლოდ უსაზღვრო, საამო მოქანცულობას გრძნობდა და ეს სიარულზეც ეტყობოდა. ნაცნობები ურჩევდნენ, გარემო შეიცვალეო, მაგრამ თვითონ დაღონებული ფიქრობდა, ალბათ, საყვარელს შევიცვლი და ეს იქნებაო: ეს ნაკლებად თავსატეხი ხერხი იყო, პარიზისთვის უფრო ჩვეული... პოლი საკუთარ თავს თვალს არიდებდა სარკეში ან სახეზე სქლად ისვამდა კრემს, მაგრამ როცა იმ საღამოს სიმონმა ზარი დარეკა მის კარზე, როცა პოლმა მისი მუქი ჰალსტუხი, დაძაბული მზერა დაინახა, მისი აღტაცებული და თან შემცბარი იერი, ცხოვრებაში მეტისმეტად განებივრებულ ადამიანს რომ გამოეხატება სახეზე, როცა ბედი კიდევ ერთ მემკვიდრეობას არგუნებს, პოლსაც მოუნდა გაეზიარებინა ის ბედნიერება, რომელიც მან სიმონს მიანიჭა! „აი, ჩემი სხეული, ჩემი სითბო, ჩემი სიყვარული! მე აღარაფერი მჭირდება, მაგრამ შენთან იქნებ კვლავაც ვიგრძნო, რა სიტკბოებას ანიჭებს სხვას ეს ყველაფერი!“ იმ ღამეს სიმონს მის მხარზე ედო თავი.
       პოლს თითქოს ცხადად ესმოდა, რა კილოთი იტყოდნენ მისი ნაცნობ-მეგობრები: „გაიგეთ? პოლი, თურმე“... მაგრამ არც მითქმა-მოთქმა, არც ის ამბავი, რომ ყველაზე მეტად ასაკობრივი განსხვავებისათვის გაჭორავდნენ, ისე არ აწუხებდა, როგორც სირცხვილი იმის გაფიქრებაზე, რომ ეს ჭორიკანები ცას ეწევიან სიხარულით, კაცმა არ იცის, რამდენ სისულელეს მიაწერენ, ლაღი ცხოვრებისა და ყმაწვილების ტრფიალს დასწამებენ და ჩირქს მოსცხებენ. ის კი არ იციან, რომ პოლი ცხოვრებისაგან მოღლილ ბებრუხუნად გრძნობს თავს და ერთადერთი, რაც უნდა, მხარდაჭერაა! ზიზღს ჰგვრიდა ის ფიქრი, რომ მის საქციელს, ისევე როგორც სხვებისას – ამის მოწმე თვითონ ბევრჯერ ყოფილა – ხალხი კიდეც დაგმობს და კიდეც მოიწონებს. მასზე ამბობდნენ: „საცოდავი პოლი!“ – როცა როჟე ღალატობდა; ან: „დამოუკიდებლობა მოუნდა იმ ქერქეტას!“ – როცა მან ახალგაზრდა, ლამაზი, მაგრამ ძალზე მოსაწყენი ქმარი მიატოვა. ზოგს ებრალებოდა, ზოგიც კიცხავდა, მაგრამ ისეთი შური და ზიზღი, რასაც მისი ახლანდელი საქციელი გამოიწვვეს ხალხში, მას, ალბათ, არასდროს რგებია წილად.

თავი მეთორმეტე


       პოლის ვარაუდი არ გამართლდა. იმ პირველ ღამეს სიმონს თვალი არ მოუხუჭავს. იწვა გაუნძრევლად, ხელი პოლის წელზე ედო და ცდილობდა, საკუთარი სუნთქვა მისი მშვიდი სუნთქვისათვის აეყოლებინა. „თავი რომ მოიმძინარო, ან მეტისმეტად შეყვარებული უნდა იყო, ან მეტისმეტად გულმოყირჭებული!“ – ფიქრობდა სიმონი. რაკი აქამდე მეორე გრძნობას უფრო იყო შეჩვეული, ახლა ისეთივე სიამაყითა და პასუხისმგებლობით დარაჯობდა პოლის მშვიდ ძილს, როგორც ქურუმები – წმინდა ცეცხლს. ასე გაატარეს მთელი ღამე, დაძაბულები და გულაჩვილებულები უფრთხილდებოდნენ ერთმანეთის მოჩვენებით ძილს და განძრევას ვერ ბედავდნენ.
       სიმონი ბედნიერი იყო. თავისზე თხუთმეტი წლით უფროსი ქალი მართლაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას უღვიძებდა, ვიდრე თექვსმეტი წლის გოგონა. კვლავაც აღტაცებული ფიქრობდა პოლის სიკეთეზე და პირველად თავის სიცოცხლეში ალერსი წყალობად ჩათვალა... ამიტომაც თავი მოვალედ მიაჩნდა, თვალი არ მოეხუჭა, თითქოს წინასწარ იცოდა, რა მწარე ტკივილს მიაყენებდა ამ ქალს და წინასწარ უფრთხილდებოდა; იმედი ჰქონდა, საკუთარ სილაჩრეს, წარსულ კომედიებს, შიშს, უმიზეზო სასოწარკვეთასა და უსუსურობას ააშორებდა პოლს, მასაც გააბედნიერებდა და თვითონაც ბედნიერი იქნებოდა; თან უკვირდა კიდეც თავისი თავის, ყველაზე დიდი გამარჯვების მოპოვებისასაც კი ასეთი ფიცი არასოდეს დამიდევსო. დილით ორივემ გაითამაშა, ვითომ ეს წუთია გაიღვიძეს: ამთქნარებდნენ, მშვიდად იზმორებოდნენ, ოღონდ სხვადასხვა დროს. როცა სიმონი მისკენ გადმობრუნდებოდა ან იდაყვს დაეყრდნობოდა, პოლი უნებლიეთ თავზე წაიხურავდა საბანს, ეშინოდა, სიმონს არ შეეხედა, იცოდა, პირველი შემოხედვა ყველაზე გადამწყვეტი იყო პირველი სიახლოვის შემდეგ. ხოლო როცა პოლი გაინძრეოდა, სიმონი სუნთქვას იკრავდა და შიშით თვალს ხუჭავდა, ამღამინდელი ბედნიერება სიზმარივით არ გაქრესო. ბოლოს ისევ პოლმა შეასწრო თვალი. ჩამოშვებული ფარდებიდან შემოჭრილ შუქზე სიმონი თვალმოჭუტული უყურებდა. პოლი გაიტრუნა. თავს დაბერებულად და უშნოდ გრძნობდა. ამიტომაც თვალი თვალში გაუყარა, რათა სიმონიც კარგად დაჰკვირვებოდა, რათა აღარ ეგრძნოთ ის უხერხულობა, გამოღვიძებისას რომ იგრძნობა ხოლმე მუდამ. სიმონმა გაუღიმა, ჩურჩულით წარმოთქვა მისი სახელი და მისკენ მიიწია. „სიმონ!“ – თქვა პოლმაც და გაინაბა. იმედი ჰქონდა, იქნებ, ჯერ კიდევ შეიძლებოდა ამ ღამის გადაქცევა წუთიერ ჟინად. სიმონმა მკერდზე მიადო თავი, ნაზად დაუკოცნა მკლავები, მხარი, ლოყები, მერე გულში ჩაიხუტა. „მე შენზე ვოცნებობდი, – უთხრა მან, – და ამიერიდან მხოლოდ შენზე ვიოცნებებ“. პოლმა მკლავები მოხვია. სიმონმა უთხრა, სამსახურში მე წაგიყვანო და, თუ გერიდება, ქუჩის კუთხეში გადმოგსვამ მანქანიდანო. პოლმა ნაღვლიანად უპასუხა, ჩემს საქციელზე ანგარიშს არავის ვაბარებო. ერთხანს გაჩუმდნენ. სიჩუმე ისევ სიმონმა დაარღვია: – ექვს საათამდე არ დაბრუნდები? იქნებ, ერთად გვესაუზმა?
– ალბათ, ვერ მოვიცლი. იქვე შევჭამ სანდვიჩს.
– მე რაღა გავაკეთო ექვს საათამდე? – აწუწუნდა სიმონი.
პოლმა შეშფოთებულმა შეხედა: ხომ ვერ ეტყოდა, სულაც არ არის აუცილებელი ექვს საათამდე ერთმანეთს შევხვდეთო! მეორე მხრივ, იმის წარმოდგენა, რომ სიმონი ყოველ საღამოს თავისი პატარა მანქანით მოუთმენლად დაელოდებოდა მაღაზიის კარებთან, მართლა ბედნიერებას ანიჭებდა... როცა ვინმე ყოველდღე გელოდება, თანაც ისეთი ვინმე, რომელიც რვა საათზე არ გირეკავს და დაბნეული არ გელაპარაკება ტელეფონში, ანდა როცა მოესურვება, მაშინ გირეკავს... პოლს გაეღიმა.
– კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ დღეს მარტო ვისადილებ?
სიმონი მაჯის საკინძეს აწვალებდა, ვერ და ვერ შეიკრა, მაგრამ ამ სიტყვებზე თავი ასწია და მშვიდად ჩაილაპარაკა: „მართლაც, არავის უთქვამს!“ ცხადია, სიმონი როჟეს გულისხმობდა. იგი ხომ სულ როჟეზე ფიქრობდა, სულ ეშინოდა, პოლი არ წამართვასო. სამაგიეროდ პოლმა იცოდა, როჟეს მისთვის არ ეცალა. ერთბაშად ყველაფერი შეზიზღდა. არა, თვითონ მაინც იქნება დიდსულოვანი.
– დღეს არავისთან ვსადილობ, – უთხრა სიმონს, – მოდი აქ, მე შეგიკრავ!
პოლი საწოლზე იჯდა, სიმონმა მის წინ დაიჩოქა და ხელები ბორკილდადებულივით გაუწოდა. სიმონს ბავშვური მაჯები ჰქონდა, ნაზი და გამხდარი. საკინძის შეკვრისას პოლს რატომღაც მოეჩვენა, ოდესღაც უკვე ვითამაშეო ზუსტად ასეთი სცენა... „მეტისმეტად თეატრალურია!“ – დაასკვნა ბოლოს, მაგრამ ლოყა მაინც მიადო შუბლზე, თავი ვერ შეიკავა და ბედნიერი სიცილი წასკდა.
– კი მაგრამ, ექვს საათამდე რა ვაკეთო? – ჯიუტად გაიმეორა სიმონმა.
– აბა, რა ვიცი... იმუშავე!
– არ შემიძლია... მეტისმეტად ბედნიერი ვარ!
– ეს ხელს არ უშლის მუშაობას.
– მე მიშლის, თუმცა ვიცი, რასაც გავაკეთებ: ქუჩაში ვიხეტიალებ და შენზე ვიფიქრებ, მერე მარტო ვისაუზმებ და შენზე ვიფიქრებ, შემდეგ ექვს საათს დაველოდები. შენც კარგად იცი, საქმიანი ახალგაზრდა კაცისა არაფერი მცხია.
– შენი ვექილი რაღას იტყვის?
– ეგ არ მადარდებს. რატომ გინდა, მომავალზე ფიქრით დრო ტყუილად დამაკარგვინო?.. ჩემთვის მხოლოდ აწმყო არსებობს... ის მივსებს ყველაფერს, – სიმონმა ქალს მდაბლად დაუკრა თავი.
პოლმა მხრები აიჩეჩა. არც იმ დღეს და არც მომდევნო დღეებში სიმონს თავისი გეგმისათვის არ უღალატია: მთელ პარიზს შემოუარა მანქანით, გამვლელებს უღიმოდა, პოლის მაღაზიას ათჯერ მაინც ჩაუარა საათში ათი კილომეტრი სიჩქარით, სადაც მოესურვებოდა, იქ აჩერებდა მანქანას და წიგნს კითხულობდა, ზოგჯერ ისვენებდა, თავს საზურგეზე გადააგდებდა და თვალებს დახუჭავდა. მთვარეულს ჰგავდა ბედნიერებით გაბრუებული. მისი საქციელი გულს უჩუყებდა პოლს, უფრო მეტად აყვარებდა სიმონს. თვითონაც უკვირდა, რად არ ენანებოდა სიმონისათვის არაფერი და რად გახდა მისთვის ეს წყალობანი აუცილებელი!


*


       როჟეს მთელი ათი დღე საძაგელ ამინდში მოუხდა მგზავრობა. საქმიანი შეხვედრები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ნორის დეპარტამენტიდან მეხსიერებაში დარჩა მხოლოდ ტალახიანი, დაუსრულებელი გზა და მოსაწყენი რესტორნები. დროდადრო პარიზში რეკავდა, ერთდროულად ორ ნომერს დაუკვეთდა. ჯერ მეზი-მარსელის წუწუნს მოისმენდა, რომ მერე თვითონ დაეჩივლა პოლთან, ეს რა უბედურ დღეში ვარო, ანდა პირიქით. როჟე იმედგაცრუებული იყო, ფიქრობდა, რომ არაფრის მაქნისი აღარაა. მისი ცხოვრებაც ამ პროვინციას წააგავდა. პოლის ხმა უფრო და უფრო შეშფოთებული და შორეული ხდებოდა. როჟეს ძალიან ენატრებოდა. მუდამ ასე იყო: პოლის გარეშე ორი კვირა ვერ გაეძლო. კარგად იცოდა, პარიზში ყოფნისას მუდამ შეეძლო პოლის ნახვა, ამიტომაც არ უძნელდებოდა გადაედო დანიშნული პაემანი, მაგრამ ლილში ისევე ენატრებოდა, როგორც მათი დაახლოების პირველ დღეებში, როცა პოლთან შეხვედრა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო მისთვის... მაშინ ისევე ეშინოდა მისი დასაკუთრებისა, როგორც ახლა – მისი დაკარგვის. ლილში ყოფნის უკანასკნელ დღეს პოლს აცნობა, ვბრუნდებიო. პოლი გაჩუმდა, მერე კი ერთბაშად მტკიცედ უთხრა: „აუცილებლად უნდა მოგელაპარაკო!“ როჟეს არაფერი უკითხავს და მესამე დღისთვის დაუნიშნა პაემანი.
პარიზში ღამით დაბრუნდა და ორ საათზე უკვე პოლის სახლთან გააჩერა მანქანა. პირველი შემთხვევა იყო, როცა შეყოყმანდა, ავიდე თუ არაო. დარწმუნებული არ იყო, რომ დაინახავდა პოლის ბედნიერ სახეს, მის წინანდებურად ნაძალადევ სიმშვიდეს მისი მოულოდნელი გამოცხადებისას. ახლა როჟეს ეშინოდა. ათი წუთი დაიცადა, თავისი მერყეობით დარცხვენილმა, საკუთარ საქციელს ათასი უაზრო გამართლება მოუძებნა: „სძინავს, ბევრს მუშაობს“.... შემდეგ გაბრუნდა. უკვე შინ იყო მისული, როცა ისევ შეყოყმანდა, ერთბაშად გადაწყვიტა, მეზისთან წასულიყო. ქალს ეძინა. ძილისგან შეშუპებული სახე საკოცნელად მიუშვირა: „გვიანობამდე დავყავი იმ საძაგელ პროდიუსერებთან... რომ იცოდე, რა ბედნიერი ვარ... სხვათა შორის, ეს-ეს არის, სიზმარში გნახე“... – ბუტბუტებდა მეზი. როჟემ სასწრაფოდ გაიხადა და, მიუხედავად მეზის ბუზღუნისა, მაშინვე დაიძინა. პირველად იყო, ამ ქალისადმი ლტოლვა რომ არ იგრძნო. გათენებისას უგულისყუროდ მიუალერსა, მეზის ნაამბობს სიცილით უსმენდა და ერთბაშად გადაწყვიტა, სანერვიულო არაფერია, ყველაფერი რიგზეაო. მთელი დილა მეზისთან დარჩა და პოლთან შეხვედრამდე ათი წუთით ადრე გავიდა მისი სახლიდან.

თავი მეცამეტე


– უნდა დავრეკო, ნასაუზმევს გვიან იქნება, – თქვა პოლმა და სუფრიდან წამოდგა.
როჟე მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და პოლმაც დამნაშავესავით გაუღიმა. ასეთი ღიმილი მისდა უნებურად აღებეჭდებოდა ხოლმე სახეზე, როცა ზრდილობისა და გრძნობის კარნახით, როჟე მისთვის თავს იწუხებდა. პოლი რესტორნის ნესტიან კიბეს ჩაუყვა. ტელეფონის ჯიხურისკენ მიმავალი ბრაზით ფიქრობდა როჟეს ამ ნაძალადევ ზრდილობაზე. სიმონი სულ სხვაგვარი იყო. იგი ისეთ ყურადღებას ამჟღავნებდა, ისე ცდილობდა მისი გულის მოგებას, გაიქცეოდა კარის გასაღებად, მიაწვდიდა სანთებელს, გუმანით ხვდებოდა მის ყოველ სურვილს და წამსვე უსრულებდა. ეს ყოველივე კი ყურადღების ნიშანი იყო და არა მოვალეობის მოხდა. დილით სიმონი ნახევრად მძინარე დატოვა ლოგინში, ორივე ხელით ჩაებღუჯა ბალიში, რომელზედაც მისი შავი კულულები ეყარა. მაგიდაზე ბარათი დაუტოვა: „შუადღისას დაგირეკავ!“. შუადღისას კი როჟეს შეხვდა და ახლა თვითონაც უკვირდა თავისი საქციელი: როჟე მარტო დატოვა და თავის ჭაბუკ, ზარმაც საყვარელთან დასარეკად წავიდა. ნეტა როჟე ხომ არაფერს მიხვდა? შეწუხებული როჟე კი ამ დროს ისე იჭმუხნიდა წარბებს, როგორც იმ დღეებში, როცა საქმე უკუღმართად წაუვიდოდა ხოლმე. იგი თითქოს დაბერებულიყო.
სიმონმა მაშინვე აიღო ყურმილი. როგორც კი პოლის ხმა გაიგონა, სიცილი აუტყდა.
– გაიღვიძე? – გაეცინა პოლსაც.
– თერთმეტი საათიდან მღვიძავს. უკვე პირველი საათია. სადგურში დარეკვაც მოვასწარი, ტელეფონის ხაზი ხომ არაა-მეთქი გაფუჭებული!
– რატომ?
– აკი თორმეტ საათზე უნდა დაგერეკა! სად ხარ?
– ლუიჯისთან, ვსაუზმობ.
– ჰოო?.. კარგია.
სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს პოლმა ცივად უთხრა: – როჟესთან ერთად ვსაუზმობ.
– ჰოო?.. კარგია.
– ამის მეტს ვერაფერს იტყვი?.. „ჰოო“... „კარგია, კარგია!“ – გამოაჯავრა პოლმა. – მაღაზიაში სამის ნახევარზე ვიქნები. შენ რას აპირებ?
– დედაჩემთან წავალ, კოსტიუმებს წამოვიღებ, – სწრაფად უთხრა სიმონმა, – შენს კარადაში უნდა ჩამოვკიდო. მერე დენოსთან შევივლი და იმ აკვარელს ვიყიდი, შენ რომ მოგეწონა.
პოლმა ძლივს შეიკავა სიცილი; სიმონის მთელი ბუნება ამ ნათქვამში ჩანდა: წინადადების ასე გადაბმა მხოლოდ მას შეეძლო!
– რა საჭიროა? გინდა მთელი შენი ტანსაცმელი ჩემთან გადმოიტანო?
თუმცა საწინააღმდეგო მაინც არაფერი უთხრა. სიმონი უკვე ნაბიჯითაც არ სცილდებოდა და აქამდე არც პოლს უსაყვედურია ამის გამო...
– ჰო, – მიუგო სიმონმა, – ირგვლივ ძალიან ბევრი ხალხი გახვევია, მე კი დარაჯ ძაღლად მინდა დაგიდგე. ამიტომ სუფთად უნდა ვიყო ჩაცმული.
– ამაზე მერე ვილაპარაკოთ! – უთხრა პოლმა.
ასე ეგონა, მთელი საათი ემუსაიფებოდა სიმონს. ამასობაში როჟე მარტო იჯდა ზევით. ალბათ, გამოჰკითხავს და, პირისპირ რომ აღმოჩნდება, პოლიც ვეღარ მოიშორებს დამნაშავის გრძნობას.
– მიყვარხარ! – უთხრა სიმონმა და ყურმილი დაკიდა.
პოლი ჯიხურიდან გამოვიდა, გასახდელ ოთახში სარკის წინ შეჩერდა, სავარცხელი ამოიღო და ანგარიშმიუცემლად თმაზე გადაისვა. სარკიდან იმ ქალის სახე უმზერდა, რომელსაც ეს-ეს არის სიყვარული აუხსნეს.
როჟე კოქტეილს წრუპავდა. პოლს გაუკვირდა. იცოდა, საღამომდე ჩვეულებრივ არაფერს სვამდა ხოლმე.
– რაიმე უსიამოვნება ხომ არ შეგხვდა?
– რატომ მეკითხები? ჰოო, კოქტეილის გამო?.. არა, ცოტა დავიღალე, მეტი არაფერი.
– რამდენი ხანია არ მინახავხარ! – თქვა პოლმა. როჟე ოდნავ დაბნეული დაეთანხმა და პოლმაც ცრემლი ძლივს შეიკავა. ალბათ, დადგება დრო, როცა იტყვიან: „რამდენი თვეა ერთმანეთი არ გვინახავს – ორი თუ სამი?“ და მშვიდად გამოითვლიან, რამდენი დრო გავიდა მათი უკანასკნელი შეხვედრიდან. მიუხედავად ძლიერი და სასტიკი იერისა, როჟეს ისევ ასეთი ახირებული მიმოხრა, დაღლილი სახე და ბავშვური ხასიათი ექნება, ალბათ... პოლმა თავი მიაბრუნა. როჟეს ისევ ის ძველი, ნაცრისფერი პიჯაკი ეცვა. ვინ იცის, რამდენჯერ ეკიდა ეს კოსტიუმი, ჯერ კიდევ სულ ახალთახალი, მათი სიახლოვის პირველ დღეებში პოლის საძინებელ ოთახში, სკამზე. იმ ხანებში როჟეს განსაკუთრებით მოსწონდა თავი ამ კოსტიუმით. ის ხომ იშვიათად ზრუნავდა საკუთარ სიკოხტავეზე! თანაც ისეთი მოუქნელი იყო, ვერასოდეს იფიქრებდით, მოხდენილადაა ჩაცმულიო.
– თხუთმეტი დღეა! – მშვიდად თქვა პოლმა. – ხომ კარგად ხარ?
– კი. საერთოდ, არა მიშავს.
როჟე გაჩუმდა, ალბათ, პოლის შეკითხვას ელოდა: „როგორ მიდის შენი საქმეები?“, მაგრამ პოლს არაფერი უკითხავს. ჯერ სიმონზე უნდა ელაპარაკოს. მერე როჟესაც შეუძლია, ისე გაანდოს თავისი ამბები, რომ საკუთარი გულახდილობა მომავალში სანანებლად არ გაუხდეს.
– ცოტათი მაინც გაერთე? – ჰკითხა როჟემ.
პოლი ერთხანს დუმდა, საფეთქლები უცემდა. იფიქრა, სადაცაა გული გამიჩერდებაო. ბოლოს საკუთარი ხმა მოესმა: – ჰო, სიმონს ვხვდებოდი... ხშირად...
– ოჰო, – აღმოხდა როჟეს, – იმ ლამაზ ბიჭს? ისევ ისე გაგიჟებით უყვარხარ?
პოლმა ნელა დაუქნია თავი, მაგრამ შეხედვა ვერ გაბედა.
– ისევ გართობს ეს ამბავი? – ჰკითხა როჟემ.
პოლმა თავი აიღო. ამჯერად როჟემ აარიდა თვალი: მთელი გულისყური გრეიპფრუტზე გადაიტანა. „მიხვდა“, – გაიფიქრა პოლმა.
– ჰო, – თქვა მან.
– გართობს თუ გართობაზე ცოტა მეტია?
ახლა კი თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს. როჟემ კოვზი თეფშზე დადო. პოლი რაღაც სასოწარკვეთილი სინაზით უკვირდებოდა მისი ბაგის ირგვლივ გაჩენილ ორ ღრმა ნაოჭს, გაქვავებულ სახეს და ამოღამებულ ლურჯ თვალებს.
– ჰო, მეტია! – მიუგო მან.
როჟემ კოვზი მოძებნა და ხელში აიღო. პოლს თავში გაუელვა, გრეიპფრუტის წესიერად ჭამა როჟეს არასოდეს შეეძლოო. დროს თითქმის შეეწყვიტა მოძრაობა; თუ პირიქით – ისე სწრაფად მიქროდა, მის წივილს გრძნობდა ყურებში.
– ვფიქრობ, სათქმელი აღარაფერი მაქვს! – თქვა როჟემ.
ამ სიტყვებზე პოლი მიხვდა, როჟე უბედური იყო. ბედნიერი რომ ყოფილიყო, ასე ადვილად არ დაუთმობდა. ახლა კი, თითქოს ჩაქოლილს, უკანასკნელი ქვა პოლმა ესროლა.
– სათქმელი ბევრი გქონდა.
– შენ თვითონ გადაგაქვს წარსულში ყველაფერი.
– მხოლოდ იმიტომ, რომ შენ დაგინდო, როჟე. რომ მეთქვა, ყოველივე შენზეა დამოკიდებული-მეთქი, რას იტყოდი?
როჟე დუმდა. სუფრას ჩაშტერებოდა.
– ალბათ, მეტყოდი, თავისუფლება ძვირად მიღირსო, – განაგრძო პოლმა, – მეტყოდი, არ მინდა დავკარგოო... და ამიტომაც აღარ ცდილობ.... ჩემს დაბრუნებას.
– აკი გეუბნები, არაფერი ვიცი-მეთქი! – მკვახედ მოუჭრა როჟემ. – რა თქმა უნდა, მზარავს იმის გაფიქრებაც, რომ... ვარგა კი მაინც რამედ?
– რა მნიშვნელობა აქვს, ვარგა თუ არა. მე მას ვუყვარვარ.
პოლმა შეამჩნია, როგორ გაუნათდა დაძაბული სახე როჟეს და წამით შესძულდა ეს კაცი. მაგრამ, აი, როჟე უკვე დამშვიდდა: მხოლოდ წუთიერად აფეთქდა და მეტი არაფერი. მისი ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი მამაკაცი კვლავ ის იყო, როჟე.
– თუმცა იმას ვერ ვიტყვი, არ მაღელვებს-მეთქი! – დაუმატა პოლმა.
„პირველად შეგნებულად ვატკინე გული!“ – გაიფიქრა თავგზააბნეულმა.
– გამოგიტყდები და საუზმეზე რომ დაგპატიჟე, არ მეგონა, შენი და იმ ბიჭის თავშექცევის ამბებს თუ მოვისმენდი, – თქვა როჟემ.
– ალბათ, თვითონ აპირებდი იმ ახალგაზრდა ქალთან შენი თავშექცევის ამბის მოყოლას, არა? – მაშინვე შეესიტყვა პოლი.
– ეს უფრო ბუნებრივი იქნებოდა! – კბილებში გამოცრა როჟემ.
პოლი შეკრთა, მაგიდიდან ჩანთა აიღო და წამოდგა.
– ვატყობ, ახლა ჩემს ასაკს შემახსენებ.
– პოლ...
როჟე წამოდგა და თვალი გააყოლა რესტორნის კარში გასულ პოლს; თვალები ცრემლმა დაუნისლა. იმ დროს დაეწია, როცა პოლი მანქანაში ჯდებოდა. ვერა და ვერ აამუშავა ძრავა. როჟემ ფანჯარაში შეყო ხელი და კონტაქტი ჩართო, რაც პოლს სულ გადავიწყებოდა. როჟეს ხელი... მერე გაწამებული სახე როჟესკენ მიაბრუნა.
– პოლ, თვითონაც კარგად იცი... საზიზღრად მოვიქეცი. მაპატიე... ხომ იცი, მე ასე არ ვფიქრობ...
– ვიცი, არც მე მოგექეცი კარგად. ჯობს ერთხანს ნუღარ შევხვდებით ერთმანეთს.
როჟე დაბნეული, გაქვავებული იდგა. პოლმა გაუღიმა: – ნახვამდის, საყვარელო!
როჟე მანქანის ფანჯარასთან დაიხარა.
– პოლ, უშენოდ არ შემიძლია...
პოლმა უცებ დაძრა მანქანა, არ უნდოდა, როჟეს მის თვალებზე მოწოლილი ცრემლი დაენახა. მექანიკურად ჩართო მინის საწმენდი და მწარედ გაეცინა.
დრო საკმაო ჰქონდა. შინ დაბრუნებამდე დამშვიდებასაც მოასწრებდა და სახეზე კრემის წასმასაც. თან იმედი ჰქონდა და თან ეშინოდა, სიმონი შინ არ დამხვდებაო. სადარბაზოსთან შეეჩეხნენ ერთმანეთს.
– პოლ, რა დაგემართათ?
სიმონს ისე შეეშინდა, კვლავ თქვენობით მიმართა. „შემამჩნია, ნამტირალევი რომ ვარ, და შევეცოდე!“ – გაიფიქრა პოლმა და ცრემლები ღაპაღუპით წამოსცვივდა. არაფერი უპასუხა. ლიფტში სიმონმა მკერდზე მიიკრა, ცრემლები კოცნით შეუშრო; ევედრებოდა, ნუღარ ტირიო, და ისე უცნაურად შეჰფიცა, იმ ტიპს მე მოვკლავო, პოლს უნებურად გაეღიმა.
– რა საშინელი სანახავი ვარ, ალბათ! – თქვა და ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს ეს ფრაზა ათასჯერ ჰქონდა წიგნებში ამოკითხული თუ კინოში მოსმენილი. მერე დივანზე ჩამოჯდა სიმონის გვერდით, მისი ხელი აიღო და სთხოვა: – ნუ მკითხავ ნურაფერს.
– დღეს არ გკითხავ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს გათქმევინებ, თანაც სულ მალე. ვერ ავიტან, ვიღაცის გულისთვის იტირო. რაც მთავარია, ვერ ავიტან, რომ ის აქ მოვიდეს! – გაშმაგებით წამოიყვირა მან. – ნეტავ, ჩემთვის, ჩემი გულისთვის თუ იტირებ ოდესმე?
პოლმა შეხედა: „ყველა მამაკაცი ნამდვილად მხეცია!“
– ნუთუ ასე ძალიან გინდა მატირო?
– არა, მირჩევნია თვითონ ვეწამო! – მიუგო სიმონმა და მხარზე მიადო თავი.
საღამოს, შინ რომ დაბრუნდა, პოლმა მაშინვე შეამჩნია, სიმონს თითქმის მთელი ბოთლი ვისკი დაეცალა და სახლიდან არც გასულიყო. მან მედიდურად განუცხადა პოლს, პირადი უსიამოვნებები მაქვსო, შეეცადა საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა ცხოვრების სიძნელეებზე და, სანამ გულაჩვილებული თუ შეშინებული პოლი ფეხსაცმელს გახდიდა, ჩაცმულს იქვე ჩაეძინა.


*


       როჟე ფანჯარასთან იდგა, დღე-ღამის გაყრას უყურებდა. ფერმა-სასტუმროში იყო. ილ დე ფრანსში ბუნება საოცრად შეესაბამება ქალაქური ცხოვრებით დაქანცული ადამიანების წარმოდგენას სოფელზე: მშვიდი ბექობები, ნაყოფიერი ყანები, გზების გასწვრივ ჩარიგებული სარეკლამო პანოები... მაგრამ ახლა, განთიადისას, წვიმის მძიმე, ცივი სურნელი შეეფრქვა და მისი ბავშვობის დროინდელი ნამდვილი სოფელი გაახსენა. შემდეგ ოთახისკენ შემობრუნდა და დაცინვით წაილაპარაკა: „დიდებული ამინდია დასასვენებლად!“ გულში კი გაივლო: „მართლაც რომ დიდებულია! მიყვარს ბურუსი, მარტო რომ ვიყო“...
მეზიმ გვერდი იცვალა თბილ ლოგინში.
– ფანჯარა დახურე, ცივა! – თქვა და საბანი შუბლამდე წაიფარა. მიუხედავად მთელ ტანში სასიამოვნო მოთენთილობისა, ლამის ეკივლა იმის გაფიქრებაზე, რომ მთელი დღე ამ უცნობ ადგილას მდუმარე, ფიქრებში წასულ როჟესთან უნდა გაეტარებინა. თან ეს მინდვრები... ეს თვალუწვდენელი მინდვრები... მეზის კინაღამ კვნესა აღმოხდა...
– აკი გთხოვე, ფანჯარა დახურე-მეთქი, – მკვახედ გაუმეორა როჟეს.
როჟემ პირველ სიგარეტს მოუკიდა და მაშინვე შეიგრძნო მძაფრი, თითქმის უსიამოვნო, მაგრამ მაინც დიდებული სიმწარე. იგი უკვე მოწყვიტეს დილის ოცნებებს. გაბრაზებული, ზურგითაც კი გრძნობდა მეზის მტრულ განწყობას. „იჩხუბოს რამდენიც უნდა! თუ უნდა, ადგეს, ავტობუსში ჩაჯდეს და პარიზში წაბრძანდეს! მე კი საღამომდე მინდვრებში ვიხეტიალებ, ერთ უპატრონო ძაღლს როგორ ვერ ვიპოვი, რომ გავიყოლო!“ როჟე მარტოობას ვერ იტანდა.მაგრამ მეორედ შეხსენების შემდეგ მეზი შეყოყმანდა: არაფრად ჩააგდოს ღია ფანჯარა, ხელახლა დაიძინოს თუ ჩხუბი ატეხოს? ძილისგან ჯერაც გაბრუებული, გონებაში უკვე აწყობდა ასეთ ფრაზებს: „მე ქალი ვარ. ცივა. ის მამაკაცია და მოვალეა, ფანჯარა დახუროს!“ და მაინც, ქალურმა ალღომ დროზე უკარნახა, ახლა როჟეს გაგულისება არ ღირსო. ამიტომაც შერიგება ირჩია.
– იქნებ, ფანჯარა დაგეკეტა და საუზმე შეგეკვეთა, საყვარელო!
როჟემ სახე შეჭმუხნა, შემობრუნდა და მიახალა: – საყვარელოო?.. რას ნიშნავს ეს შენი „საყვარელო“?
მეზის სიცილი აუტყდა, როჟე არ მოეშვა: – ტყუილად იცინი. იცი კი, რას ნიშნავს „საყვარელო“? განა მე შენ გიყვარვარ? სიტყვა „სიყვარული“ მხოლოდ ყურმოკვრით გაგიგია!
„ეტყობა, მოთმინების ფიალა ამევსო! – გაიფიქრა როჟემ და თავისი საქციელი თვითონვე გაუკვირდა. – როცა ქალის ლექსიკონი დაგაინტერესებს, წასულია საქმე!“
– რა მოგივიდა? – ჰკითხა მეზიმ და თავი გამოყო საბნიდან. ისეთი შეშინებული ჩანდა, როჟეს კინაღამ სიცილი აუტყდა. მისმა შიშველმა მკერდმა არც ააღელვა. ურცხვი! მართლაც რომ ურცხვია!..
– სიყვარული შენ ხუმრობა ნუ გგონია! – თქვა როჟემ. – მე შენთვის წამიერი ხუშტური ვარ, ხელს რომ გაძლევს, ისეთი ხუშტური. ასე რომ, „საყვარელოს“ ნუ მეძახი, მით უმეტეს, დილით... ღამით კიდევ არა უშავს...
– კი მაგრამ, როჟე, – ხელები გაასავსავა შეშფოთებულმა მეზიმ, – მე ხომ შენ მიყვარხარ!
– ოოო, როგორ გეკადრება! რაც ენაზე მოგადგება, ყველაფერი კი არ უნდა თქვა! – წამოიყვირა როჟემ და თვითონვე შერცხვა, – მაინც პატიოსანი კაცი იყო, – თუმცა შვებაც იგრძნო, რადგან ამ სიტყვებმა მათი დამოკიდებულება საყვარლის უადგილო ვნებიანობით თავმობეზრებული მამაკაცის დრამად აქცია, კლასიკურ დრამად.
როჟემ სვიტერი ჩამოიცვა, მაგრამ შარვალში არ ჩაუტანებია, ისე გავიდა ოთახიდან. მერე ინანა, ტვიდის პიჯაკი რომ ოთახში დატოვა. პიჯაკი საწოლის თავთან ეკიდა და მის ასაღებად იქ რომ მისულიყო, იქნებ, ვეღარც გამოეღწია ოთახიდან. გარეთ გასულმა, ხარბად შეისუნთქა სუსხიანი ჰაერი და თავბრუ დაეხვა. პარიზში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ პოლს რომ ვერ ნახავს?! გზა სველია და მანქანა, ალბათ, დაუცურდება. ოტეილის კარიბჭესთან ყავას დალევს კვირადღეობით დაცარიელებულ პარიზში. როჟე სასტუმროში შემობრუნდა, ფული გადაიხადა და ქურდულად გაიპარა. მის პიჯაკს მეზი წამოიღებს, როჟე კი მდივანი ქალის ხელით თაიგულს გაუგზავნის და პიჯაკსაც დაიბრუნებს. „მაინც ვერ ვისწავლე ჭკუა!“ – ნაღვლიანად გაიფიქრა როჟემ.
ერთხანს წარბშეკრული მიაქროლებდა მანქანას. მერე რადიომიმღებისკენ გაიწოდა ხელი და მოაგონდა: „საყვარელო! სიყვარული მე და პოლმა ვიცოდით!“ არაფრის ხალისი აღარ ჰქონდა. მიხვდა, პოლი დაკარგა.

თავი მეთოთხმეტე


       გავიდა ერთი კვირა და თავის ბინაში შესული პოლი კინაღამ გაგუდა თამბაქოს კვამლმა. სასტუმრო ოთახში სასწრაფოდ გააღო ფანჯარა. „სიმონ!“ – დაიძახა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. თან შეეშინდა, თან გაუკვირდა. მერე საძინებელ ოთახში გავიდა. სიმონი საწოლზე გაშხლართულიყო, პერანგის საყელო გახსნოდა. დაუძახა მეორედ. სიმონი არ განძრეულა. პოლი სასტუმრო ოთახში შებრუნდა. კედლის განჯინა გამოაღო, ვისკის ბოთლი შეამოწმა და ზიზღით ადგილზევე დადო. ჭიქა არსად ჩანდა. სამზარეულოში გავიდა და ჯერ კიდევ სველი ჭიქა ნიჟარაში აღმოაჩინა. ერთხანს გაქვავებული იდგა. მერე ნელა გაიხადა პალტო, სააბაზანო ოთახში სახეზე კრემი გადაისვა და თმა გულდასმით დაივარცხნა. მერე ერთბაშად გული მოუვიდა. ეს კეკლუცობა სისუსტის ნიშნად ჩათვალა და თმის ჯაგრისი თაროზე მიაგდო. სწორედ კარგი დრო შეარჩია სიმონის მოსახიბლავად!
პოლი საწოლ ოთახში დაბრუნდა, სიმონი შეანჯღრია და სასთუმალთან ნათურა აუნთო. სიმონი გაიზმორა, პოლის სახელი წაიბუტბუტა და კედლისკენ გადაბრუნდა.
– სიმონ! – მკვახედ შეუძახა პოლმა.
სიმონი შემობრუნდა. პოლმა თვალი მოჰკრა თავის ყელსახვევს, სიმონი რომ დაწოლისას მუდამ სახეზე იფარებდა, პოლი კი მუდამ დასცინოდა ამის გამო. ახლა კი აღარ იყო ხუმრობის გუნებაზე. ისე აიტანა ბრაზმა, სიმონს მივარდა და ძალით შემოაბრუნა სინათლისკენ. სიმონმა თვალები გაახილა, გაიღიმა, მაგრამ ღიმილი მაშინვე შეეყინა სახეზე.
– რა მოხდა?
– უნდა მოგელაპარაკო!
– ასეც ვიცოდი! – თქვა სიმონმა და საწოლზე წამოჯდა.
პოლმა დროზე შეიკავა თავი – კინაღამ თვალებზე ჩამოცვენილი კულულები გადაუწია. სწრაფად წამოდგა და ფანჯრის რაფას დაეყრდნო.
– სიმონ, ასე არ შეიძლება. ამას უკანასკნელად გეუბნები, უნდა იმუშაო. უკვე ჩუმ-ჩუმად სმაც დაიწყე.
– აკი გავრეცხე ჭიქა! ხომ ვიცი, არეულობა გძაგს!
– მე ყოველგვარი უწესრიგობა მძაგს, ტყუილი მძაგს, მძაგს უნებისყოფო ადამიანები! – გაბრაზებით მოუჭრა პოლმა. – უკვე შენც მეზიზღები.
სიმონი წამოდგა. პოლი გრძნობდა, სიმონს სახე დამანჭოდა, და განგებ არ შემობრუნდა.
– დიდი ხანია ვგრძნობ, ვერ მიტან, – თქვა სიმონმა. – აკი ამბობენ, სიყვარულსა და სიძულვილს შორის ერთი ნაბიჯიაო. ასეა, არა?
– გრძნობები აქ არაფერ შუაშია, სიმონ. საქმე ისაა, რომ სვამ, უსაქმურობ, გამოყეყეჩდი. რამდენჯერ გითხარი, იმუშავე-მეთქი? ახლა უკანასკნელად გაფრთხილებ.
– მერე რა იქნება?
– მერე რა იქნება და დასანახავად შემძულდები.
– ნუთუ შეგიძლია ასე ხელაღებით მიმატოვო? – დაფიქრებით ჰკითხა სიმონმა.
– შემიძლია.
პოლი შემობრუნდა და დაუმატა: – ყური მიგდე, სიმონ...
სიმონი საწოლზე ჩამომჯდარიყო და უცნაური გამომეტყველებით დაშტერებოდა საკუთარ ხელებს, მერე ხელები ასწია და პირზე მიიფარა. პოლი გაოგნებული იდგა. სიმონი არ ტიროდა, არ ინძრეოდა. პოლს თავის სიცოცხლეში არ უნახავს ესოდენ სასოწარკვეთილი ადამიანი. მერე ხმადაბლა დაუძახა. ისეთმა გრძნობამ აიტანა, თითქოს სიმონს რაღაც ემუქრებოდა. მიუახლოვდა. სიმონი ახლა მთელი ტანით ირწეოდა. პოლს ჯერ ეგონა, მთვრალიაო, და ხელი მოჰკიდა, რომ ეს უაზრო რწევა შეეწყვეტინებინა. მერე შეეცადა, სახიდან ხელები ჩამოეშორებინა. სიმონი გაძალიანდა. მაშინ პოლი მუხლებზე დაეცა და მაჯებზე წაავლო ხელი.
– სიმონ, შემომხედე... სიმონ, შეწყვიტე ეს პამპულობა!
როგორც იქნა, ხელები ჩამოაშორებინა სახიდან. სიმონმა შეხედა. ქანდაკებასავით გაქვავებული სახე და ისეთივე უჩინო მზერა ჰქონდა. პოლმა, მისდა უნებურად, ხელისგული ააფარა თვალებზე.
– რა მოგივიდა, სიმონ?.. მითხარი, რა მოგივიდა?..
სიმონი გადმოიხარა, თავი მხარზე ჩამოადო და საოცრად მოქანცული ადამიანივით ღრმად ამოიოხრა.
– ის მომივიდა, რომ აღარ გიყვარვარ, – წყნარად თქვა მან. – ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფერს გავხდი... კიდევ ის მომივიდა, რომ თავიდანვე ვიცოდი, გამაგდებდი. ის მომივიდა, რომ ვიცდიდი, წელში მოდრეკილი ვიცდიდი... ზოგჯერ მაინც მომეცემოდა იმედი... სწორედ ეს არის საშინელი, ზოგჯერ რომ მოგეცემა იმედი... ისიც მხოლოდ ღამით, – ხმადაბლა დაუმატა მან და პოლმა იგრძნო, როგორ გაწითლდა. – ჰოდა, დღეს მოსახდენი მოხდა! მთელი ერთი კვირა ამას ველოდი! ჩემი დამშვიდება ქვეყნად არაფერს შეუძლია, ვისკისაც კი... ვგრძნობდი, დღითი დღე როგორ გემატებოდა სიძულვილი და აჰა... პოლ! პოლ!
თვალცრემლიანმა პოლმა მკლავები მოხვია, ჩაიხუტა. თვითონვე ესმოდა საკუთარი ჩურჩული: „სიმონ, გაგიჟდი?.. ნამდვილი ბავშვი ყოფილხარ!.. ჩემო პატარა, ჩემო საბრალო, ჩემო საყვარელო“... შუბლზე, ლოყებზე ჰკოცნიდა სიმონს. ერთბაშად მწარე ფიქრმა გაჰკრა თავში, უკვე დედობრივი სიყვარულის ხანი დამიდგაო, და მაინც გულის სიღრმეში რაღაც ეწინააღმდეგებოდა ჯიუტად, მაინც კმაყოფილებას გრძნობდა, რადგან სიმონის დამშვიდებით თითქოს ორივეს ტკივილს აყუჩებდა.
– უბრალოდ, დაიღალე, – ხმადაბლა განაგრძო პოლმა. – მიტოვებული კაცის როლი გაითამაშე და საკუთარი მონაგონის მსხვერპლი გახდი. შენ არც გესმის, რა ძვირფასი ხარ ჩემთვის, ვერც წარმოიდგენ, რა ძვირფასი! ბოლო დროს ყურადღება მოგაკელი, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოს ბრალია, სხვა არაფრის.
– სხვა არაფრის? მაშ, არ გინდა, რომ წავიდე?
– ყოველ შემთხვევაში, დღეს არა! – ღიმილით უთხრა პოლმა. – მაგრამ მინდა კი, რომ იმუშაო.
– რასაც მოისურვებ, ყველაფერს გავაკეთებ. მოდი, გვერდით მომიწექი, პოლ. რომ იცოდე, როგორ შემაშინე! შენ არც კი იცი, ისე მჭირდები... მომეხვიე, არ გაინძრე! როგორ მეჯავრება, კაბებს ამდენი რამ რომ აკერია... პოლ!
შემდეგ პოლი გაუნძრევლად იწვა. ოდნავ ესმოდა მდუმარე სიმონის სუნთქვა მხართან. შემდეგ კეფაზე დაადო ხელი და უცებ საკუთრების ისეთმა მტკივნეულმა, ისეთმა გამჭვალავმა გრძნობამ მოიცვა, ერთბაშად დარწმუნდა, სიმონი მართლა მიყვარსო.
მეორე დღეს სიმონი სამუშაოზე წავიდა. ძლივს შემოირიგა თავისი ვექილი. რამდენიმე საქმეს გადახედა, ექვსჯერ მაინც დაურეკა პოლს, დედასთან მივიდა, ფული ესესხა, – ქალბატონი ვან დენ ბეში ცას ეწია სიხარულით, – და ცხრის ნახევარზე მუშაობით დამაშვრალი კაცივით გამოეცხადა პოლს. ბოლო ორი საათი ბარში გაატარა, 421 ითამაშა ერთადერთი მიზნით – შინ ღირსეულად დაბრუნებულიყო, გულში კი იმაზე ფიქრობდა, თუ რა მოსაწყენი ყოფილა დროის ამგვარად მოკვლა და რა ტანჯვით უნდა შეევსო უსაქმო საათები.

თავი მეთხუთმეტე


       თებერვალში როჟე და პოლი ჩვეულებრივ ერთი კვირით მთებში მიდიოდნენ. შეთანხმებული იყვნენ, სამიჯნურო საქმეების მიუხედავად (იმხანად მხოლოდ როჟეს სამიჯნურო საქმენი იგულისხმებოდა), ყოველ ზამთარს როგორმე გამოენახათ რამდენიმე დღე დასასვენებლად. ერთ დილას როჟემ კანტორაში დაურეკა პოლს; შეატყობინა, ათი დღის შემდეგ ვაპირებ წასვლას და ბილეთი აგიღო თუ არაო. პოლი შიშით ეკითხებოდა საკუთარ თავს, ამ დაპატიჟების მიზეზი სინდისის ქენჯნა იყო თუ, უბრალოდ, მისი და სიმონის დაშორების სურვილი. პოლის გადაწყვეტილებას კი პირველი მიზეზი თუ შეარყევდა. თუმცა ისიც კარგად იცოდა, როჟეს რაც უნდა ეთქვა, მთებში ერთად ყოფნა ორივესთვის ტანჯვად იქცეოდა. ხოლო როდესაც გაიხსენა, რა მხიარული იყო როჟე მთებში, რა სისწრაფით ეშვებოდა მთის კალთებზე და შეშინებულ პოლს როგორ მიათრევდა, იგრძნო, დარდით გული ლამის დაჰფლეთოდა.
– რას იტყვი?
– არა მგონია, როჟე, რომ შევძლოთ. თავს მოვიტყუებთ, თითქოს... ერთი სიტყვით, ისე მოვაჩვენებთ ერთმანეთს თავს, თითქოს, მთების გარდა, სხვა არაფერზე ვფიქრობდეთ!
– სწორედ იმიტომ მივდივარ, რომ სხვა არაფერზე ვიფიქრო. გარწმუნებ, შევძლებ კიდეც ამას.
– იმ შემთხვევაში წამოგყვებოდი, თუ... (კინაღამ უთხრა, ჩემზე ან ჩვენზე თუ შეძლებდი ფიქრსო, მაგრამ გაჩუმდა) თუ აუცილებლად გჭირდები, მაგრამ შენ უჩემოდაც მშვენივრად იქნები მარტო ან... სხვა ვინმესთან ერთად.
– კეთილი. თუ სწორად გაგიგე, ჯერჯერობით არ გინდა პარიზიდან წასვლა.
„სიმონს გულისხმობს!“ – გაიფიქრა პოლმა. – „რატომ ხდება ასე? რატომ არავის ძალუძს, ზედაპირის მიღმა სინამდვილე დაინახოს?“ თუმცა ისიც იგრძნო, ეს ერთი თვე სიმონს ძალიან მისჩვეოდა, მასთან ცხოვრება ყოველდღიურ ყოფად ქცეულიყო. ალბათ, სწორედ სიმონის გამო უთხრა უარი როჟეს.
– თუ გნებავს, ასეცაა...
სიჩუმე ჩამოვარდა.
– შენ ცუდად გამოიყურები, პოლ, ძალიან დაღლილი სახე გაქვს. ჩემთან თუ არ გინდა წამოსვლა, სულერთია, სხვასთან ერთად წადი. შენთვის ეს აუცილებელია.
როჟე ნაღვლიანად და ალერსით ელაპარაკებოდა. პოლს თვალებზე ცრემლი მოადგა. ჰო, როჟე უთუოდ მასთან უნდა იყოს, ოღონდ ათდღიან მოწყალებას კი არ სთავაზობდეს, არამედ მისი სამუდამო მფარველი გახდეს! ეს უნდა იცოდეს როჟემ; ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს, მამაკაცის თავკერძობასაც კი.
– აუცილებლად წავალ, – უთხრა პოლმა, – და ერთმანეთს ღია ბარათებსაც გავუგზავნით ერთი მწვერვალიდან მეორეზე.
როჟემ ყურმილი დაკიდა. ვინ იცის, იქნებ დახმარებას სთხოვდა პოლს, მან კი უარი უთხრა?! ნუთუ ეს არის პოლის სიყვარული! და მაინც, პოლი ბუნდოვნად გრძნობდა, რომ მართალია და რომ უფლება აქვს და მოვალეც არის, იყოს მომთხოვნი, თუნდაც ამის გამო დაიტანჯოს. ბოლოს და ბოლოს, იგი ქალია, რომელიც გაგიჟებით უყვართ!
ჩვეულებრივ, პოლი და სიმონი ახლომახლო, თითქმის ცარიელ რესტორნებში დადიოდნენ, მაგრამ ამ საღამოს შინ დაბრუნებულ პოლს სიმონი კარის ზღურბლზე დახვდა. მუქი კოსტიუმი ეცვა, თმა გულდასმით დაევარცხნა. ერთი სიტყვით, საზეიმო იერი ჰქონდა. პოლს ერთხელ კიდევ მოხვდა თვალში სიმონის სილამაზე, მისი უჩვეულო ჭრილის თვალები, სწორედ ისეთი, კატას რომ აქვს, ლამაზად მოყვანილი ბაგე, და ლაღად გაიფიქრა, ამ ყმაწვილს, დღენიადაგ ჩემს კაბებში რომ აქვს თავი ჩარგული და მთელ დღეებს ჩემს ლოდინში ატარებს, რაინდისა და ქალების გულთა მპყრობელის გარეგნობა აქვსო.
– ღმერთო, რა დიდებული სანახავი ხარ! რა მოხდა? – ჰკითხა მან.
– გასართობად უნდა წაგიყვანო! – მიუგო სიმონმა. – სადმე ბრწყინვალე რესტორანში ვისადილებთ, მერე კი ვიცეკვებთ! მე შინ სიამოვნებით დავრჩებოდი და ერბოკვერცხსაც გემრიელად შევჭამდი, მაგრამ მინდა საზოგადოებაში გაგიყვანო!
სიმონმა პალტო გახადა. პოლმა ოდეკოლონის სუნი იგრძნო. საძინებელ ოთახში, საწოლზე, მისი მკერდზე მოხდილი საღამოს კაბა ეფინა. ორჯერ თუ ექნებოდა ეს კაბა ჩაცმული.
– ყველაზე უფრო ეს კაბა მომეწონა! – უთხრა სიმონმა. – კოქტეილი მოგიმზადო?
სწორედ ისეთი კოქტეილი მოუმზადა, პოლს რომ უყვარდა. პოლი საწოლზე ჩამოჯდა, დაბნეული იყო. განა მთებს იმიტომ მოსწყდა, რომ დიდ საზოგადოებაში მოხვედრილიყო?! პოლმა სიმონს გაუღიმა.
– კმაყოფილი ხარ? ძალიან ხომ არ დაიღალე? თუ გინდა, ახლავე გამოვიცვლი კოსტიუმს და შინ დავრჩები.
სიმონმა მუხლი საწოლზე ჩამოდო და პიჯაკის გახდა დააპირა. პოლმა მკერდზე მიადო თავი, ხელი პერანგის ქვეშ შეუცურა და მისი სხეულის სითბო იგრძნო, ცოცხალი სითბო!
– კარგი აზრი მოგსვლია თავში! – თქვა ბოლოს. – მაშასადამე, გინდა ეს კაბა ჩავიცვა? მე კი მეგონა, ამ კაბაში, ცოტა არ იყოს, ცანცარა ქალს ვგავარ.
– მე შენი სიშიშვლე მომწონს. ეს კაბა კი სხვებთან შედარებით უფრო მოხდილია. მთელი კარადა გადაგიქექე.
პოლმა ჭიქა აიღო და გამოცალა. სიმონი რომ არა, ალბათ, მარტოკა დაბრუნდებოდა შინ, ლოგინში ჩაწვებოდა, წიგნს აიღებდა და მოიწყენდა. სიმონის გამოჩენამდე ხომ ხშირად იყო ასე! სამაგიეროდ, ახლა გვერდით ჰყავს სიმონი, იგი იცინის, ბედნიერია, თვითონაც მასთან ერთად იცინის. სიმონმა სთხოვა, ჩარლსტონი მასწავლეო. ის კი არ იცოდა, რომ ამ თხოვნით მთელი ოცი წლით უკან აბრუნებდა პოლს. ისიც ასწავლიდა, ხალიჩაზე ბორძიკობდა, მერე კი, აქოშინებული, მკლავებში ჩაუვარდა სიმონს. პოლი გულიანად კისკისებდა. როჟეც გადაავიწყდა, თოვლიც და გულისტკივილიც. იგი გაახალგაზრდავებული, გალამაზებული იყო. მერე სიმონი ოთახიდან გააგდო, სახეზე კრემი წაისვა და ეს მკერდზე მოხდილი კაბა ჩაიცვა. სიმონი მოუთმენლად უბრახუნებდა კარზე. როცა პოლი გამოვიდა, სიმონმა აღტაცებისგან თვალები დახუჭა, მერე შიშველი მხრები დაუკოცნა და მეორე ჭიქა კოქტეილი ძალით დაალევინა, თუმცა პოლს სამელი არ უყვარდა. პოლი ბედნიერი იყო, ზღაპრულად ბედნიერი!
ღამის კაბარეში, მეზობელ მაგიდასთან, ორი მანდილოსანი იჯდა, ორივე პოლზე ხნიერი. ოდესღაც პოლი ამ ქალებს ხვდებოდა, ერთადაც უმუშავიათ. ქალები გაკვირვებული ღიმილით მიესალმნენ, ხოლო როცა სიმონი წამოდგა და პოლი საცეკვაოდ გაიწვია, პოლმა მკაფიოდ გაიგონა ქალების ნათქვამი: – რამდენი წლის იქნება ახლა?
პოლი მძიმედ დაეყრდნო სიმონს მკლავზე. მთელი სიამოვნება ჩაუშხამდა. კაბა შეუფერებელი აცვია, სიმონის გარეგნობაც ყველას თვალში ხვდება. მართლა უაზროდ ცხოვრობს. შინ წამიყვანეო, სთხოვა სიმონს. სიმონი არ გასძალიანებია და პოლი მიხვდა, ქალების ნათქვამი მანაც გაიგონა.
შინ მისვლისთანავე კაბა სასწრაფოდ გაიხადა. სიმონი ორკესტრს აქებდა, პოლს კი უნდოდა, სიმონი შინ წასულიყო. ვიდრე სიმონი გაიხდიდა, პოლი სიბნელეში იწვა, სინათლე არ აანთებინა. ნანობდა, ორი ჭიქა კოქტეილი და მერე შამპანურიც რომ დალია. კარგი შესახედავი კი იქნება ხვალ, სახემოტეხილი! საშინელი დარდი შემოაწვა გულზე. სიმონი ოთახში შევიდა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და შუბლზე დაადო ხელი.
– არა, სიმონ, დაღლილი ვარ, – უთხრა პოლმა.
სიმონს ხმა არ მოუღია, არც განძრეულა. სააბაზანო ოთახიდან შემოჭრილ შუქზე პოლმა დაინახა, სიმონს თავი დაეხარა და დაფიქრებულიყო.
– პოლ, – თქვა მან ბოლოს, – უნდა მოგელაპარაკო!
– გვიანაა. მეძინება. ხვალ ვილაპარაკოთ.
– არა, ახლავე უნდა გელაპარაკო და შენც მომისმენ!
გაოცებულმა პოლმა თვალები გაახილა: სიმონი პირველად ელაპარაკებოდა ასეთი თავდაჯერებული კილოთი.
– შენი არ იყოს, მეც გავიგონე იმ ორი ბებერი როკაპის ნათქვამი. არ მინდა განიცადო ეს ამბავი, არ გეკადრება ასეთი ლაჩრობა. ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელია.
– სიმონ, ტრაგედიას ნუ ქმნი... ისიც არაფრისგან...
– ტრაგედიას მე არ ვქმნი. პირიქით, მინდა, რომ შენ არ ქმნიდე. ცხადია, ეცდები ყველაფერი დამიმალო, მაგრამ ვერ მოახერხებ. პატარა ბიჭი აღარა ვარ, პოლ! მე შემიძლია გაგიგო და, იქნებ, დაგეხმარო კიდევაც. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ შენთან, შენც კარგად იცი, მაგრამ ეს არ კმარა. მე მინდა, შენც ბედნიერი იყო ჩემთან. ჯერჯერობით ბედნიერი არ ხარ, რადგან როჟე ისევ გიყვარს. დროა მიხვდე, რომ ჩვენი ამბავი მარტო ბედნიერი შემთხვევა არ არის. სერიოზული ამბავია და შენ უნდა დამეხმარო, რომ იგი განმტკიცდეს! აი, ამის თქმა მინდოდა.
სიმონი თავდაჯერებულად, მაგრამ მაინც დაძაბული ლაპარაკობდა. პოლი გაკვირვებითა და ერთგვარი იმედითაც უსმენდა. თურმე, სულაც არ ყოფილა სიმონი მიუხვედრელი, როგორც მას ეგონა. მას სჯერა, რომ პოლს შეუძლია ყველაფერი თავიდან დაიწყოს. იქნებ, მართლაც მოახერხოს ეს!..
– არც ისეთი უგუნური ვარ, ეს შენც იცი. უკვე ოცდახუთი წლისა ვარ. შენს გაცნობამდე ადამიანურად არ მიცხოვრია და, თუ დაგცილდი, ვერც მერე ვიცხოვრებ. შენ ის ქალი ხარ და, რაც მთავარია, ის ადამიანი, მე რომ მჭირდება. ეს მე კარგად ვიცი. თუ გინდა, ხვალვე შეგირთავ ცოლად.
– მე ოცდახრამეტი წლისა ვარ, სიმონ! – შეახსენა პოლმა.
– ცხოვრება ქალების დღიური როდია, არც ძველი გამოცდილების გაგრძელებაა. შენ თოთხმეტი წლით უფროსი ხარ ჩემზე, მე კი შენ მიყვარხარ და ძალიან დიდხანსაც მეყვარები. აი, ესაა მთავარი! ამიტომაც მიმძიმს, როცა იმ ბებერ თხუნელებს ყურადღებას აქცევ ან საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს უწევ. შენთვის, ჩვენთვის მთავარი როჟეა. სხვა პრობლემა ჩვენთვის არ არსებობს.
– სიმონ, მაპატიე... მე მეგონა...
– შენ გეგონა, რომ მე ფიქრი არ შემეძლო! ახლა კი ცოტა მიიწი!
სიმონი გვერდით მიუწვა პოლს, მოეხვია, მიუალერსა და დაეუფლა. პოლს აღარ მოუმიზეზებია დაღლილობა... და სიმონმა მას ენით აუწერელი სიამოვნება მიანიჭა, ისეთი, როგორიც აქამდე არ განეცადა. მერე სიმონი ოფლით დაცვარულ შუბლზე მოეფერა, მხართან მიიდო მისი თავი, თუმცა, ჩვეულებრივ, თვითონ იძინებდა პოლის მხარზე, საბანი ორივე მხრიდან შემოუკეცა და ჩასჩურჩულა: – ახლა დაიძინე. მე ვიზრუნებ ყველაფერზე.
პოლს ნაზად გაეღიმა სიბნელეში და მხარზე აკოცა. სიმონმაც მბრძანებლის ოლიმპიური სიმშვიდით მიიღო ეს ამბორი და, საკუთარი სიმტკიცით კიდეც შეცბუნებულსა და კიდეც გაამაყებულს, დიდხანს არ მოუხუჭავს თვალი.

თავი მეთექვსმეტე


       აღდგომა ახლოვდებოდა და სიმონიც მთელი დღეები ვექილ ფლერის კანტორაში თუ პოლის სასტუმრო ოთახში, ხალიჩაზე, გეოგრაფიულ რუკებს ჩაჰკირკიტებდა. ასე შეადგინა ორი მარშრუტი იტალიაში გასამგზავრებლად, სამი – ესპანეთისთვის და ახლა საბერძნეთისკენ გაუწია გულმა. პოლი უსიტყვოდ უგდებდა ყურს; დიდი-დიდი, ათდღიან შვებულებას თუ მოახერხებდა; თან ისეთი დაღლილი იყო, მოგზაურობაზე ფიქრიც კი აშინებდა. დიდი სიამოვნებით დაისვენებდა სადმე სოფელში, სადაც დღეები ერთფეროვანი იქნებოდა, ერთი სიტყვით, ისე, როგორც ბავშვობაში, არდადეგებზე, მაგრამ სიმონის გაწბილებაც არ შეეძლო. მას უკვე თავი გამოცდილ მოგზაურად წარმოედგინა, ვაგონიდან ჩამოხტომისას პოლს რომ ხელს შეაშველებდა, ათი დღით ადრე შეკვეთილი მანქანისკენ გააქანებდა, ქალაქის საუკეთესო სასტუმროში დააბინავებდა და ყვავილებით მორთულ ოთახს დაახვედრებდა (ყვავილებსაც წინასწარ დაუკვეთდა დეპეშით); ის კი ავიწყდებოდა, რომ თავის დროზე წერილსაც ვერ წერდა და ბილეთსაც ბაქანზევე კარგავდა. სიმონი ოცნებობდა. მის ოცნებებს ბოლო არ უჩანდა და ყველა ეს ოცნება ისევე მიისწრაფოდა პოლისკენ, როგორც აბობოქრებული მდინარე მშვიდი ზღვისკენ. სიმონს არასოდეს ისე ლაღად არ უგრძნია თავი, როგორც ამ ბოლო თვეებში; ყოველდღე ერთსა და იმავე კანტორაში იჯდა, ყოველ საღამოს ერთსა და იმავე ქალთან ატარებდა, ერთადერთი სურვილით, ერთადერთი საზრუნავითა და ერთადერთი სატანჯველით შეპყრობილი, რადგან პოლი დროდადრო თითქოს ხელიდან უსხლტებოდა, თვალს არიდებდა, სიმონის აღტკინებულ სიტყვებს მკრთალ ღიმილსღა აგებებდა, როჟეს ხსენებაზე ჯიუტად დუმდა. სიმონი ხშირად გრძნობდა, რა უაზროდ და უშედეგოდ იბრძოდა. დრო კი არაფერს შველოდა. როჟეზე მოგონებებს კი არ უნდა შეჰბრძოლებოდა, არამედ ძირშივე ამოეძირკვა ის, რაც პოლის სულში მტკივნეული ფესვივით ჩაბუდებულიყო. ზოგჯერ კიდეც ფიქრობდა, იქნებ, სწორედ ამ სიჯიუტემ, ამ ტანჯვამ შეაყვარა პოლი და მის სიყვარულსაც ეს ასაზრდოებდა?! მაგრამ როგორც კი გაახსენდებოდა, პოლი მელოდება და ერთ საათში გულში ჩავიკრავო, როჟეს არსებობა მაშინვე ავიწყდებოდა. სჯეროდა, პოლს იგი უყვარდა, ყველაფერი ბედნიერების შუქით იყო განათებული. პოლსაც სწორედ ასეთი წუთები უყვარდა ყველაზე მეტად, რადგან სიმონი იმ წუთებში აიძულებდა, ეცნო, რომ მათი სიახლოვე სინამდვილე იყო, და ანგარიში გაეწია მისთვის. ეტყობა, ბოლოს და ბოლოს, თავშეკავებაც გბეზრდება ადამიანს, მაგრამ როგორც კი მარტო დარჩებოდა, როგორც კი წარმოიდგენდა, რომ როჟე მის გარეშე ცხოვრობდა, მომხდარი დიდ შეცდომად მიაჩნდა და თავის თავს ეკითხებოდა, ასეთი რამ ჩვენ როგორ მოგვივიდაო. „ჩვენ“ მუდამ როჟეს და პოლს გულისხმობდა. სიმონი კი „ი ს“ იყო. მაგრამ როჟემ ხომ არაფერი იცოდა ამაზე. როცა ცხოვრება დაღლის, მოვა პოლთან, შესჩივლებს თავის უიღბლობას და, ალბათ, შეეცდება პოლი დაიბრუნოს! ვინ იცის, იქნებ, მართლაც დაიბრუნოს! სიმონი საბოლოოდ დამცირდება, პოლი კი დარჩება მარტოდმარტო ტელეფონის გაურკვეველი ზარებისა და სავსებით გარკვეული წვრილმანი წყენების მოლოდინში. და პოლსაც ერთბაშად აღაშფოთებდა საკუთარი ფატალიზმი, იმის შეგრძნება, რომ ეს გარდაუვალია. მის ცხოვრებაში რ ო ჟ ე გარდაუვალია.
       და მაინც, ეს ხელს არ უშლიდა ყოფილიყო სიმონთან, მის მკლავებში მომწყვდეულს ნეტარების კვნესა აღმოხდენოდა; ზოგჯერ თვითონაც ჩახუტებოდა, ისე მოხვეოდა, როგორც მხოლოდ ბავშვს ან შმაგ საყვარელს ეხვევა ხოლმე ქალი, მოხვეოდა იმ მესაკუთრესავით, რომელსაც თვითონვე არ სჯერა, რომ ეს ბედნიერება მუდმივად გასტანს. ასეთ წუთებში პოლი გრძნობდა, რომ აღარ იყო ახალგაზრდა, რომ იგი აიტაცა სიყვარულის იმ დიდებულმა სურვილმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიბერემ იცის. ჰოდა, ბრაზობდა საკუთარ თავზე, ბრაზობდა როჟეზე, რომელიც მის გვერდით არ იყო, რომელიც არც ცდილა, სიმონი ჩამოეშორებინა მისთვის. როჟესთან პოლს გაორების გრძნობა არ აწვალებდა, იცოდა, რომ როჟე მისი მბრძანებელი იყო, თვითონ კი – როჟეს საკუთრება. როჟე ოდნავ თუ იყო მასზე ხნიერი; მათი სიახლოვე იმ ზნეობრივი თუ ესთეტიკური ნორმების შესაბამისი იყო, რომლებსაც მისდა უნებურად ანგარიშს უწევდა თურმე. რაც შეეხება სიმონს, მას არასოდეს უგრძნია თავი პოლის მბრძანებლად, ქვეშეცნეულად მუდამ პატარა ბავშვის როლს თამაშობდა, ის კი არ ესმოდა, რომ სწორედ ეს ღუპავდა. უსუსური ბავშვივით იძინებდა მეგობარი ქალის მხარზე, თითქოს მფარველობას სთხოვსო, ალიონზე წამოხტებოდა საუზმის მოსამზადებლად, ყოველ ნაბიჯზე რჩევას ეკითხებოდა. ყოველივე ეს თან გულს უჩუყებდა პოლს, თან ეჩოთირებოდა. ასე ეგონა, რაღაც არაბუნებრივს სჩადიოდა. სიმონი პატივსაც სცემდა პოლს: იგი უკვე მუშაობდა, ერთხელ ვერსალშიც კი წაიყვანა სასამართლო პროცესზე, სადაც პოლის გულის მოსაგებად ბრწყინვალე ახალგაზრდა ვექილის როლი გაითამაშა, ხელს ართმევდა ვიღაცებს, უღიმოდა ჟურნალისტებს და მაინც მთელი ყურადღება პოლისკენ ჰქონდა, თითქოს ის ყოფილიყოს მთელი მისი შთაგონების ღერძი. ერთბაშად სიტყვას შეწყვეტდა, პოლს გადახედავდა, თუ მიყურებსო. არა, სიმონი გულგრილი კაცის როლს არ თამაშობდა პოლის წინაშე. და პოლიც თვალს არ აშორებდა, აღტაცებული, სმენადქცეული შესცქეროდა, მაგრამ როგორც კი სიმონი მიბრუნდებოდა, მაშინვე შეეცვლებოდა მზერა, სინაზე და სიამაყე ჩაუდგებოდა თვალებში. ქალებიც თვალს ვერ სწყვეტდნენ სიმონს. პოლს სიამოვნებდა, რომ არსებობდა ადამიანი, რომელიც მისთვის ცოცხლობდა; უკვე აღარ აწუხებდა ასაკობრივი განსხვავება, აღარც ეკითხებოდა თავის თავს, ათი წლის შემდეგ ვეყვარები თუ არაო? რაღაც შინაგანი ხმა ჯიუტად უმტკიცებდა, ათი წლის შემდეგ ან მარტო იქნები, ან როჟესთანო. იგი ამოდ ებრძოდა თავის გაორებულ გრძნობას და მეტი სინაზით ევსებოდა გული სიმონისადმი: „ჩემი მსხვერპლი, ჩემი საყვარელი მსხვერპლი, ჩემი პატარა სიმონი!“ პირველად თავის სიცოცხლეში ტკბებოდა ამ შემზარავი სიხარულით – გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც სულ მალე უცილობლად დატანჯავ!
       ეს „უცილობლობა“ და მისი შედეგები შიშს ჰგვრიდა პოლს: ერთ მშვენიერ დღეს ხომ ჰკითხავდა სიმონი – დაჩაგრულს ჰქონდა ამის უფლება – „რატომ მარჩიე როჟე? რითი მაჯობა მაგ გულგრილმა ხეპრემ? განა მე ყოველდღე არ გთავაზობდი ჩემს დიდ სიყვარულს?“ როგორ აეხსნა სიმონისათვის, რას ნიშნავს მისთვის როჟე; პოლი ვერ იტყოდა როჟეზე „ის“. როჟე „ჩ ვ ე ნ“ იყო ყოველთვის, თავისი და როჟეს ცხოვრების გათიშვა შეუძლებლად მიაჩნდა. რატომ? თვითონაც არ იცოდა. იქნებ იმიტომ, რომ მათი სიყვარულის შესანარჩუნებლად ამ ექვს წელიწადში იმდენი ტანჯვა გადაიტანა, იმდენი ძალა დახარჯა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ბედნიერებაზე ძვირფასი გახდა მისთვის?! ან იქნებ იმიტომ, რომ პოლი ამაყი იყო და ვერ შერიგებოდა იმ აზრს, ეს ტანჯვა ამაო იყოო, და რაკი ამდენი ტკივილი გადაიტანა, რაკი როჟე აირჩია ამ ტანჯვა-წამებაში საწვრთნელად, ყოველივე ამან სიამაყე გაუათკეცა?! ასე იყო თუ ისე, როჟე მუდამ ხელიდან უსხლტებოდა და მასთან ჭიდილი პოლის ცხოვრების აზრი გამხდარიყო.
მაგრამ პოლი არ იყო ბრძოლისთვის გაჩენილი. ამას ზოგჯერ კიდეც ახსენებდა საკუთარ თავს, როცა სიმონს აბრეშუმივით თმაზე ეფერებოდა. მასაც ისევე სრიალ-სრიალით შეეძლო გაევლო ეს ცხოვრება, როგორც მისი ხელი დასრიალებდა სიმონის კულულებზე, ამასავე ეჩურჩულებოდა სიმონს. სანამ დაიძინებდნენ, დიდხანს იწვნენ სიბნელეში ხელიხელჩაკიდებულნი და ჩურჩულებდნენ. ზოგჯერ პოლს სულელური შეგრძნება იპყრობდა, ასე ეგონა, გვერდით სკოლის მეგობარი გოგო მიწევს, ორივენი თოთხმეტი წლისა ვართ და ზმანებებით ჩაძირულ საძინებელში ვჩურჩულებთო. სიმონი აღტაცებაში მოჰყავდა ამ იდუმალ აღსარებებს და თვითონაც ხმადაბლა ელაპარაკებოდა.
– ჰო, როგორ მოიქცეოდი?
– მარკთან, ჩემს ქმართან დავრჩებოდი. ბოლოს და ბოლოს, ძალიან სასიამოვნო და ფაქიზი ბუნების კაცი იყო... ძალიან მდიდარიც... მე კი მინდოდა, მეცადა...
პოლს უნდოდა სიმონისათვის აეხსნა, როგორ მოხდა, რომ იმ დღიდან, რა დღიდანაც გადაწყვიტა ამ მძიმე, დამამცირებელ სამყაროში ამოეყო თავი, ქალის სამსახური რომ ჰქვია, სადაც გამუდმებული ფუსფუსი, ფულზე ზრუნვა გჭირდება, სადაც ხან ღიმილი და ხან დუმილი გმართებს, მისი ცხოვრება სულ სხვა კალაპოტით წარიმართა. სიმონი უსმენდა და ამ მოგონებებში მხოლოდ ის აინტერესებდა, რაც მათ სიყვარულთან იყო დაკავშირებული.
– მერე?
– მერე... ცოტა ხნის შემდეგ, მგონია, რომ მარკს ვუღალატებდი, თუმცა არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში, ბავშვი მეყოლებოდა, ამისთვის კი ღირდა...
პოლი გაჩუმდა. სიმონი მოეხვია. მასაც უნდოდა პოლისგან შვილი, მას ყველაფერი უნდოდა. პოლს გაეცინა, ნაზად აკოცა თვალებზე და განაგრძო: – ოცი წლისას სულ სხვანაირად მეჩვენებოდა ყველაფერი. კარგად მახსოვს, როგორ გადავწყვიტე, რადაც უნდა დამიჯდეს, ბედნიერი ვიყო-მეთქი!
დიახ, ეს კარგად ახსოვდა. ოცნებით შეპყრობილი დაეხეტებოდა ქუჩაში, პლაჟზე; დადიოდა და დადიოდა, ვიღაცას ან რაღაცას რომ გადაჰყროდა. ბედნიერებისკენ ლტოლვა მასაც ისევე ფრთას ასხამდა, როგორც წინა სამ თაობას. დაბრკოლებებიც საკმაო შეხვდა, მაგრამ მაინც ეცოტავებოდა. ახლა კი უკვე აღარ ცდილობს რაიმე დაიპყროს. ახლა ცდილობს, მხოლოდ შეინარჩუნოს, მრავალი წლით შეინარჩუნოს ის ხელობა, რომელიც აქვს, ის მამაკაცი, რომელიც ჰყავს, თუმცა ოცდაცხრამეტი წლის ქალს დიდი რწმენა არც ერთისა ჰქონდა და არც მეორისა!
სიმონი თვლემდა, პოლი კი ისევ ჩურჩულებდა: „გძინავს, ძვირფასო?“ ეს ორი სიტყვა მაშინვე აფხიზლებდა სიმონს, ეუბნებოდა, არაო, მაგრად ეხუტებოდა სიბნელეში, მისი სურნელით, საერთო სითბოთი გარშემოხვეული და უჩვეულოდ ბედნიერი.

თავი მეჩვიდმეტე


       ოცდამეათე სიგარეტი ნამწვავებით სავსე საფერფლეში ჩააქრო. პირში უსიამოვნო გემო დარჩა, შეაჟრჟოლა და ვინ იცის, უკვე მერამდენედ სასთუმალთან ლამპა აანთო. ღამის სამი საათია და აქამდე თვალი ვერ მოხუჭა. ფანჯარას სწრაფად ჰკრა ხელი და გააღო. ყინულივით ჰაერი ისე მძაფრად მოხვდა სახეში და მკერდზე, ფანჯარა მაშინვე მიხურა, შუბლი მინას მიადო, თითქოსდა სიცივის „დანახვა“ სურსო, მაგრამ უკაცრიელი ქუჩის ცქერა მოსწყინდა, სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა და მაშინვე თვალი მოარიდა. ცუდად გამოიყურებოდა. მაგიდიდან ისევ აიღო „გოლუაზის“ კოლოფი, სიგარეტი ანგარიშმიუცემლად ჩაიდო პირში, მაგრამ იმწამსვე მაგიდაზე მიაგდო. აღარ მოსწონდა ეს უნებური მოძრაობები, მის თვალში რომ ოდესღაც ცხოვრების ეშხს წარმოადგენდა, აღარც მარტოხელა მამაკაცის ჩვევები მოსწონდა, აღარც თამბაქოს გემო; უნდა უმკურნალოს თავს, სულ მთლად მოეშვა. მართალია, პოლთან დაშორებას ნანობდა, მაგრამ განა ამან გახადა ავად? პოლს ახლა ალბათ სძინავს იმ განებივრებული ბიჭის მკლავებში და ყველაფერი გადაივიწყა. როჟესაც შეუძლია სახლიდან გავიდეს, ვინმე დედაკაცს გადაეყაროს და გამოთვრეს! პოლს ხომ სწორედ ასეთ ადამიანად მიაჩნდა! არა, პოლი სინამდვილეში პატივს არასოდეს სცემდა როჟეს, გაუთლელ, უხეშ მამაკაცად თვლიდა. თუმცა, რაც კი სიკეთე ჰქონდა, როჟემ ყველაფერი პოლს მიუძღვნა. ყველა ქალი ერთნაირია: ყველაფერს შენგან წაიღებს ყველაფერს თავისას მოგცემს, შეუმჩნევლად სრულ ნდობას ჩაგინერგავს, მერე კი რაღაც სისულელეს მოიმიზეზებს და მიგატოვებს. განა სისულელე არ არის პოლისა და სიმონის დაახლოება? სხვა რა უნდა დაერქვას! ასეა თუ ისე, ის ბიჭი ახლა პოლს ეხვევა, მის უკანგადაგდებულ თავს დაჰყურებს, მის ნაზ, ალერსსდამყოლ სხეულს დაჰყურებს... როჟე ერთბაშად შებრუნდა ოთახში, სიგარეტს მოუკიდა და ხარბად მოქაჩა, მერე ნამწვები ბუხარში ჩაყარა. ცეცხლი უნდა დაანთოს! როდესაც პოლი მასთან მოდიოდა, შემოსვლისთანავე ბუხარს მიაშურებდა, ჩაცუცქდებოდა, მარჯვედ აწყობდა ნაფოტებს და ვიდრე ცეცხლი არ აბდღვრიალდებოდა, არ ადგებოდა. მერე უკან დაიხევდა სიბნელეში და ოთახიც გამოცოცხლდებოდა, ვარდისფერი შუქით აივსებოდა, ჩრდილები ალიცლიცდებოდა. ამ წუთში როჟესთვის განსაკუთრებით სასურველი იყო ხოლმე პოლი და არც მალავდა. რამდენი ხანია პოლი არ მოსულა? ალბათ, ორი თუ სამი წელი იქნება. ჩვეულებრივ, როჟე დადიოდა მასთან: ასე უფრო ხელსაყრელი იყო მისთვის – იცოდა, პოლი მუდამ ელოდა.
       საფერფლე ისევ ხელში ეჭირა, მერე დაუვარდა, იატაკზე გაგორდა, მაგრამ არ გატყდა. როჟეს კი რატომღაც უნდოდა გატეხილიყო, ხელში არ სჭეროდა ეს უსულგულო საგანი, უნდოდა ოთახი ნატეხებით, ნამსხვრევებით ავსებულიყო! მაგრამ საფერფლე არ გატყდა. საფერფლე მხოლოდ რომანებსა და კინოში ტყდება. აი, ძვირფასი ბროლი რომ ყოფილიყო, როგორიც პოლს ბლომად აქვს ბინაში, სხვა ამბავია. ამ ჩვეულებრივ, უნივერსალურ მაღაზიაში ნაყიდ საფერფლეს კი რა გატეხდა! რამდენი ლამაზი ნივთი გაუტეხა პოლს, მაგრამ მას ერთხელაც არ დასცდენია საყვედური, პირიქით, მუდამ გულიანად იცინოდა; უკანასკნელად ულამაზესი ბროლის ჭიქა დაუმსხვრია. შიგ ჩასხმული ვისკი უჩვეულო ოქროსფრად ლივლივებდა. სხვათა შორის, ყველაფერი ლამაზად გამოიყურებოდა იმ ბინაში, სადაც ადრე როჟე მასპინძლად და ბატონ-პატრონად გრძნობდა თავს. იქ ყველაფერი ჰარმონიული, ფაქიზი და დამამშვიდებელი იყო. ასე ეგონა, მუდამ ძნელად შორდებოდა იქაურობას, მაშინაც კი, როცა პოლის სახლიდან სახეტიალოდ მიდიოდა ღამით. ახლა კი ზის მარტო შინ და ამაოდ ბრაზობს საფერფლეზე, რად არ დაიმსხვრაო. როჟე დაწვა, სინათლე ჩააქრო, ცალი ხელი მკერდზე დაიდო და, სანამ ჩაეძინებოდა, საკუთარ თავს გამოუტყდა, უბედური ვარო.

თავი მეთვრამეტე


       ერთ საღამოს რესტორნის კარში შეეჩეხნენ ერთმანეთს. სამივემ ერთდროულად გაითამაშა პარიზული ბალეტისათვის ჩვეული, ესოდენ კლასიკური და უაზრო სცენა: ქალი თავის დაკვრით მიესალმა მამაკაცს, რომლის მკერდზეც არაერთხელ აღმოხდენია ოხვრა და კვნესა და არაერთხელ ჩასძინებია! მამაკაცი დაბნევით მიესალმა, ხოლო სიმონმა წამით თვალი თვალში გაუყარა და, დიდი სურვილის მიუხედავად, არ გაურტყამს. ისინი ერთმანეთის მოშორებით შემოუსხდნენ მაგიდებს. პოლმა ისე შეუკვეთა სადილი, თავი არ აუწევია. რესტორნის პატრონისა და პოლის ზოგიერთი ნაცნობისთვის ეს ჩვეულებრივი სცენა გახლდათ. სიმონმა მტკიცედ მოითხოვა სასმელი. მეორე მაგიდასთან როჟე თავის თანამესუფრე ქალს ეკითხებოდა, რომელი კოქტეილი გირჩევნიათო. პოლმა, როგორც იქნა, თავი აიღო, სიმონს გაუღიმა და როჟესკენ გააპარა თვალი: მას კვლავაც უყვარს ეს კაცი! როგორც კი როჟე შესასვლელში დაინახა, მისთვის ჩვეული გაბღენძილი იერით მომავალი, უმალ ეს გაიფიქრა და ამ ფიქრმა მწარედ უჩხვლიტა გულში. თითქოს ხანგრძლივი ძილისგან გამოფხიზლდა. როჟემაც გახედა პოლს, შეეცადა გაეღიმა, მაგრამ წამსვე პირზე შეაცივდა ღიმილი.
– რას დალევთ? – ჰკითხა სიმონმა პოლს. – თეთრ ღვინოს?
– სიამოვნებით.
პოლი დაჰყურებდა საკუთარ ხელებს, ლამაზად გაშლილ სუფრას, სიმონის სახელოს თავის შიშველ მკლავთან. ერთბაშად გადაკრა ღვინო. სიმონი მისთვის ჩვეული გატაცებით ვეღარ ლაპარაკობდა, თითქოს რაღაცას ელოდა პოლისა და როჟესგან. მაინც რას? ნუთუ პოლს შეეძლო ამდგარიყო, სიმონისთვის პატიება ეთხოვა, მერე დარბაზი გადაესერა, როჟესთან მისულიყო და ეთქვა: „გეყოფა, შინ წავიდეთ!“ არა, ასე არ ხდება. თუმცა მათ ასაკში გონივრული და რომანტიკული განა რა ხდება?
სადილის შემდეგ საცეკვაოდ წამოდგნენ. სიმონთან ცეკვისას პოლი თვალს არ აშორებდა როჟეს, რომელსაც წელზე ხელი მოეხვია სანდომიანი შავგვრემანი ქალისთვის, ამჯერად მართლაც სანდომიანი ქალისათვის და აცეკვებდა. როგორც ყოველთვის, ახლაც მოუქნელად დააბოტებდა როჟე. სიმონი კარგად ცეკვავდა, თვალმილულული, მოქნილი და წერწეტა, თან ღიღინებდა და პოლიც სიამოვნებით აყოლებდა ფეხს. სწორედ ამ დროს მისი შიშველი მკლავი როჟეს ხელს შეეხო. პოლმა თვალები გაახილა. ერთმანეთს შეხედეს. „როჟე!“ „პოლ!“ – გაიფიქრა თითოეულმა, თავიანთ მეწყვილეთა მხრებს ამოფარებულებმა. ორკესტრი ნელა უკრავდა თითქოს ურიტმო მელოდიას. ათიოდე სანტიმეტრის დაშორებით უყურებდნენ ერთმანეთს, არ გაუღიმიათ, არც გამომეტყველება შესცვლიათ, თითქოსდა არც იცნობდნენ ერთმანეთს. მერე ერთბაშად როჟემ ხელი მოაშორა შავგვრემანი ქალის წელს, პოლის მკლავს მიუახლოვა, ფრთხილად მოეფერა თითებზე და ისეთი ვედრება აღებეჭდა სახეზე, პოლმა თვალები დახუჭა. სიმონი შემოტრიალდა და მათაც ერთმანეთი თვალთაგან დაკარგეს.
       იმ ღამით სიმონი არ გაიკარა, დაღლილობა მოიმიზეზა. არა, დაღლილი არ იყო, ლოგინში დიდხანს იწვა თვალღია. უკვე იცოდა, რაც მოხდებოდა, იცოდა, სხვა გამოსავალი არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. იწვა სიბნელეში ბედს მორჩილი და ყელში რაღაც უჭერდა. შუაღამისას წამოდგა, სასტუმრო ოთახში გავიდა, სადაც სიმონს დივანზე ეძინა. საძინებელი ოთახიდან ირიბად შემოჭრილ შუქზე პოლი დასცქეროდა ჭაბუკს, უსმენდა მის სუნთქვას, ხედავდა სიმონის კისერზე გაჩენილ საყვარელ ფოსოს. დივანზე მის საკუთარ ახალგაზრდობას ეძინა. როგორც კი სიმონმა სინათლისკენ მოაბრუნა თავი და დაიკვნესა, პოლი მაშინვე გაერიდა, ვერ გაბედა დალაპარაკებოდა.
       მეორე დილით როჟეს დეპეშა დახვდა კანტორაში: „უნდა გნახო. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დამირეკე!“ პოლმა დაურეკა. შეთანხმდნენ, საღამოს ექვს საათზე შეხვედროდნენ ერთმანეთს. მაგრამ ათი წუთის შემდეგ როჟე უკვე მასთან იყო. ეს ვეებერთელა კაცი დაბნეული იდგა ამ ქალთა სამფლობელოში. პოლი მიუახლოვდა, მერე სალონში გაიყვანა, სადაც დაწნული, მოოქრული სკამები იდგა: კოშმარული ინტერიერი! მხოლოდ აქ შეათვალიერა როჟე. ჰო, ნამდვილად როჟე იყო. როჟემ ნაბიჟი გადადგა მისკენ, ორივე ხელი მხრებზე დაადო, ჩაახველა – მაშასადამე, ძალიან ღელავდა – და წაილუღლუღა: – შენ არ იცი, რა უბედური ვიყავი!
– მეც! – პოლს საკუთარი ნათქვამი მოესმა, როჟეს მკერდს აეკრა და ატირდა. ამ ერთი სიტყვის გამო გულში პატიება სთხოვა სიმონს.
როჟე ლოყით შეეხო მის თმას: – სუ, სუ, ნუ ტირი, – უაზროდ იმეორებდა იგი.
– მე ვეცადე... – მობოდიშებით წამოიწყო პოლმა, – მე მართლა ვეცადე...
მერე მიხვდა, როჟესთვის კი არა, სიმონისთვის უნდა ეთქვა ეს სიტყვები, და სულ დაიბნა. თურმე მუდამ ფხიზლად უნდა იყო, თურმე არ შეიძლება ერთსა და იმავე ადამიანს უთხრა ყველაფერი.
სახეგაქვავებულს, ისევ ჩამოსდიოდა ცრემლები. როჟე დუმდა.
– თქვი რამე! – ხმადაბლა შეევედრა პოლი.
– მე ისე მარტო ვიყავი! ბევრი ვიფიქრე. დაჯექი, აჰა, ჩემი ცხვირსახოცი. ახლავე ყველაფერს აგიხსნი!
და აუხსნა კიდეც. უთხრა, რომ არ შეიძლება ქალი მარტო დატოვო, რომ იგი დაუდევრად მოიქცა და, რაც მოხდა, ყველაფერი მისი ბრალია. იგი არ ბრაზობდა პოლის დაუფიქრებელ საქციელზე. ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს. პოლი ეთანხმებოდა: „ჰო, ჰო, როჟე!“ უნდოდა, მთელი ხმით ეტირა და თან სიცილსაც ვერ იკავებდა. იყნოსავდა ესოდენ ნაცნობ სუნს, თამბაქოს სუნს და გრძნობდა, გადარჩა, გადარჩა და... დაიღუპა.


*


       ათი დღის შემდეგ სიმონი უკანასკნელად იყო პოლის ბინაში.
– აი, ეს გავიწყდება! – უთხრა პოლმა.
და ორი ჰალსტუხი ისე გაუწოდა, არ შეუხედავს. გრძნობდა, ძალა თანდათან ეცლებოდა. მთელი ორი საათი ეხმარებოდა ბარგის ჩალაგებაში ამ შეყვარებულ, მოუწესრიგებელ ბიჭს. ყოველ კუთხეში სიმონის სანთებლები, სიმონის წიგნები, სიმონის ფეხსაცმელები ეყარა. სიმონს არაფერი უთქვამს, ვაჟკაცურად ეჭირა თავი, აცნობიერებდა ყველაფერს და ლამის სული ეხუთებოდა.
– კმარა! – თქვა ბოლოს. – დანარჩენი მეკარე ქალს ჩაუტანეთ.
პოლმა არაფერი უპასუხა. სიმონმა თვალი მოავლო იქაურობას. „უკანასკნელად! უკანასკნელად!“ – შთააგონებდა თავის თავს, მაგრამ ვერაფერი გაეწყო, მთელი ტანი უცახცახებდა.
– მე არასოდეს დამავიწყდება... – თქვა პოლმა და ახედა.
– არც მე. მაგრამ საქმე ეს არ არის, ეს არ არის...
დააპირა მწუხარებისგან დაღრეჯილი სახე ქალისკენ მიებრუნებინა, მაგრამ წაბარბაცდა. პოლმა ორივე ხელი შეაშველა, მწუხარებაშიც ისევე ამოუდგა მხარში, როგორც ბედნიერებისას ედგა გვერდით. პოლს ლამის შეშურდა ასეთი მძაფრი, ასეთი ლამაზი მწუხარება, ასეთი დიდებული ტკივილი, რასაც თვითონ ვეღარასოდეს განიცდიდა. სიმონი ერთბაშად მოსწყდა პოლს და ისე გავარდა ოთახიდან, ბარგის წაღება არ გახსენებია. პოლი გამოეკიდა, მოაჯირზე გადაიხარა და ჩასძახა: – სიმონ! სიმონ! – და თვითონაც არ იცოდა, რატომ დაუმატა: – სიმონ, მე უკვე დავბერდი... დავბერდი...
სიმონს არ გაუგონია. თვალებში ცრემლჩამდგარი ჩარბოდა კიბეზე, ჩარბოდა, როგორც ბედნიერი ადამიანი: იგი ოცდახუთი წლისა იყო. პოლმა უხმაუროდ მიხურა კარი და ზურგით მიეყრდნო.
რვა საათზე ტელეფონის ზარი გაისმა. სანამ ყურმილს აიღებდა, უკვე იცოდა, რასაც გაიგონებდა.
– მაპატიე, – ეუბნებოდა როჟე, – საქმიან სადილზე მეჩქარება. გვიან მოვალ, თუკი, რა თქმა უნდა...

ნახვა: 1407

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters