ფრანც კაფკა - ამერიკა

ბიძია

 

← დასაწყისი

   ბიძიას სახლში კარლი მალე შეეჩვია თავის ახალ  დგომარეობას. ბიძიაც ყოველ წვრილმანში მეგობრულად უბამდა მხარს. ასე რომ, კარლს არც ერთხელ არ მოუწია იმ მწარე გამოცდილების გაზიარება, რომელიც უცხოეთში ყოფნის პირველ ხანებში ასე უწამლავს ხოლმე ბევრს სიცოცხლეს. კარლის ოთახი ერთი შენობის მეექვსე სართულზე მდებარეობდა, რომლის ქვედა ხუთი სართული, მიწისქვეშა სამი სართულის ჩათვლით,

ბიძიას საწარმოს ეკავა. სინათლე, რომელიც მის ოთახში ორი ფანჯრიდან და აივნის კარიდან შემოდიოდა, ყოველთვის აოცებდა კარლს, როცა დილით თავისი პატარა საძინებლიდან გამოვიდოდა ხოლმე. ნეტავ

სად მოუწევდა ცხოვრება, უბადრუკი საბრალო მიგრანტის სტატუსით

რომ დაედგა ფეხი ამ ქვეყნის მიწაზე? დიახ, ადვილი შესაძლებელია,

როგორც ამაში სავსებით დარწმუნებული იყო ბიძია, – ის კი მიგრანტობის კანონებს კარგად იცნობდა, – კარლი საერთოდ არ შეეშვათ შეერთებულ შტატებში, უკან გაებრუნებინათ და სულაც არ შეეწუხებინათ თავი იმაზე ფიქრით, რომ მას სამშობლო აღარ ჰქონდა. აქ თანაგრძნობის

იმედი არ უნდა გქონდეს და სრული სიმართლეა, რაც კარლს ამ თვალსაზრისით ამერიკაზე წაუკითხავს: მხოლოდ იღბლიანების ხვედრია,

დატკბნენ აქ ბედნიერებით, ასევე უდარდელ მოძმეთა გარემოცვაში.

 

ვიწრო აივანი ოთახის მთელ სიგრძეზე იყო გაჭიმული. მაგრამ ის,

რაც მშობლიურ ქალაქში კარლისათვის უმაღლესი გადასახედი წერტილი იქნებოდა, აქ მხოლოდ ერთი ქუჩის ხედს სთავაზობდა, რომელიც

ზუსტად ერთ სიმაღლეზე გადაჭრილი შენობების ორ რიგს შორის პირდაპირ მიემართებოდა და სიშორეში იკარგებოდა, სადაც სქელი ჯანღიდან მოჩვენებასავით ამოჩრილიყო საკათედრო ტაძრის ქონგურები. დილით, საღამოს და ღამით ქუჩაზე უწყვეტი გამალებული მოძრაობა ზემოდან ადამიანების გაბრტყელებული ფიგურებისა და ავტომანქანების

სახურავების ერთმანეთში არეულ აბუყბუყებულ მდინარეს მოგაგონებდათ, რომლიდანაც სულ ახალ-ახალი, გაძლიერებული ხმაურის, მტვრისა და სიმყრალის ნარევი ამოდიოდა. ყოველივე ეს გახვეული იყო

მკვეთრ შუქში, უამრავი საგნებიდან რომ იფრქვეოდა, იფანტებოდა და

კვლავ ბრუნდებოდა, და გაბრუებულ თვალს მთელ ქუჩაზე გადაფარებულ მინის ხუფად წარმოუდგებოდა, რომელიც ყოველ წამს მთელი ძალით ფეთქდებოდა.

წინდახედულმა ბიძიამ კარლს ურჩია, ჯერჯერობით არაფერში ჩაბმულიყო სერიოზულად. დაკვირვება, შესწავლა – კი ბატონო, მაგრამ

არავითარ შემთხვევაში ჩათრევა. ევროპელის პირველი დღეები ამერიკაში – ეს ხომ ხელახლა დაბადებას ჰგავს, იქნებ ვინმემ იმაზე სწრაფად

შეძლოს აქ ფეხის მოკიდება – კარლისათვის ამის ცოდნა საჭიროა, რომ

უსაფუძვლო შიშმა არ შეიპყროს – ვიდრე საიქიოდან სააქაოში გადმოსულმა, – მაინც აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ პირველი

შთაბეჭდილება ყოველთვის მაცდურია. ამიტომ მან საღი განსჯის უნარი

არ უნდა დაგაკარგვინოს. ბიძია თავად იცნობდა ახალჩამოსულებს,

რომლებიც, მაგალითად, ამ პრინციპების გათავისების ნაცვლად მთელ

დღეს აივანზე ატარებდნენ და ფარას ჩამორჩენილი ცხვარივით ქუჩას

გადასცქეროდნენ. ეს ხომ თავგზას აგიბნევს!

ამგვარი უქმი განმარტოების, ნიუ-იორკის შრომით დატვირთული

დღის შორიდან ცქერით ტკბობის უფლება მხოლოდ ტურისტმა შეიძლება მისცეს თავს, და მასაც ზომიერება მართებს, იმისთვის კი, ვინც აქ 

დარჩენას აპირებს, ეს დამღუპველია, ამ შემთხვევაში თამამად შეიძლება გამოვიყენოთ ეს სიტყვა, თუნდაც გადაჭარბებული გვეჩვენოს. და მართლაც, ბიძიას სახეზე უკმაყოფილება დაეტყობოდა ხოლმე, როცა

დისწულთან მოსულს – ეს კი დღეში ერთხელ, თუმც ყოველთვის სხვადასხვა დროს ხდებოდა – კარლი აივანზე დახვდებოდა. კარლმა მალე

შენიშნა ეს და ცდილობდა, შეძლებისდაგვარად უარი ეთქვა ამ სიამოვნებაზე.

გარდა ამისა, ეს ხომ მისთვის ერთადერთი სიამოვნება არ იყო.

ოთახში შესანიშნავი ამერიკული საწერი მაგიდა ედგა, როგორზეც მამამისი მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდა, და ცდილობდა, სხვადასხვა აუქციონზე ხელმისაწვდომ ფასად შეეძინა, თუმცა მოკრძალებული სახსრები ამის საშუალებას არა და არ აძლევდა. ცხადია, ამ მაგიდის

შედარება არ შეიძლებოდა იმ ვითომდა ამერიკულ მაგიდებთან, ევროპულ აუქციონებზე რომ შეხვდებოდით. ზედა ნაწილში, მაგალითად,

ასამდე სხვადასხვა ზომის უჯრა იყო განლაგებული, და შეერთებული

შტატების პრეზიდენტიც კი ყოველ საქმიან ქაღალდს შესაფერის ადგილს მოუძებნიდა. გარდა ამისა, გვერდზე რეგულატორი ჰქონდა, რომლის სახელურის შემოტრიალებით უჯრების განლაგება სურვილისა და საჭიროების მიხედვით იცვლებოდა: თხელი გვერდითი კედლები ნელა

ეშვებოდა და ახლად წარმოქმნილი უჯრების ძირად ან სახურავად იქცეოდა; სახელურის ყოველი გადატრიალების შედეგად მაგიდა სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა და ეს ყველაფერი ხდებოდა ნელა ან საოცარი

სისწრაფით, იმის მიხედვით, თუ როგორ გადაატრიალებდი სახელურს.

ეს უახლესი გამოგონება იყო, მაგრამ კარლში ცხოველ მოგონებებს იწვევდა იმ სათამაშოზე, რომელსაც მის სამშობლოში საშობაო ბაზრობაზე გაოცებულ ბავშვებს უჩვენებდნენ ხოლმე; კარლიც ხშირად მდგარა,

თბილად ჩაფუთნული, ამ სათამაშოს წინ და თვალმოუშორებლად აკვირდებოდა, როგორ ატრიალებდა მოხუცი კაცი სახელურს, რომლის ძალითაც პაწაწინა სცენაზე გამოჩნდებოდა სამი მოგვი, მანათობელი ვარსკვლავი და მოკრძალებული ცხოვრება წმინდა გომურში. და ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ მის უკან მდგარი დედა საკმარისი ყურადღებით

არ ადევნებდა თვალს ამ სცენებს; თავისკენ ექაჩებოდა, ვიდრე ზურგზე

მის შეხებას არ იგრძნობდა, და ხმამაღალი შეძახილებით ცდილობდა,

გაემახვილებინა მისი ყურადღება შეუმჩნეველ წვრილმანებზე, მაგალითად, ბაჭიაზე, რომელიც ბალახში ხან უკანა თათებზე დადგებოდა, ხან ისევ გასაქცევად მოემზადებოდა; ბოლოს დედა პირზე ხელს დააფარებდა და ისევ თავის საფიქრალს მიეცემოდა ხოლმე. ცხადია, საწერი მაგიდა იმისათვის როდი იყო გაკეთებული, რომ ამგვარი მოგონებები აღეძრა, მაგრამ გამომგონებლობის ისტორიაში ალბათ იყო რაღაც ბუნდოვანი კავშირი მსგავს მოგონებებთან. კარლისაგან განსხვავებით, ბიძას ეს

მაგიდა მაინცდამაინც არ მოსწონდა, მაგრამ უნდოდა, რიგიანი საწერი

მაგიდა ეყიდა მისთვის, ახლა კი ყველა მაგიდა ამგვარი ახლებური მოწყობილობით იყო აღჭურვილი, თან მათი უპირატესობა ის იყო, რომ მოძველებულ საწერ მაგიდაზეც დიდი დანახარჯის გარეშე შეიძლებოდა მათი დამონტაჟება. ყოველ შემთხვევაში, ბიძიამ კარლს ურჩია, რაც შეიძლება ნაკლებად გამოეყენებინა რეგულატორი; და თავისი რჩევის დასასაბუთებლად ისიც უთხრა, მექანიზმი ძალზე სათუთია, შეიძლება მოიშალოს და მისი აღდგენა საკმაოდ ძვირი დაჯდებაო. ადვილად მიხვდებოდით, რომ ამგვარი რჩევები მხოლოდ ფანდი იყო, თუმცა, მეორე

მხრივ, რეგულატორის ჩაკეტვა სრულიად მარტივად შეიძლებოდა, მაგრამ ბიძიას ეს არ გაუკეთებია.

პირველ დღეებში, როცა ბიძია და კარლი უფრო ხშირად საუბრობდნენ ხოლმე, კარლმა უამბო, რომ სახლში ხანდახან ფორტეპიანოზე უკრავდა, მართალია, იშვიათად, მაგრამ ეს სიამოვნებას ანიჭებდა. თუმცა ამ მიმართულებით მხოლოდ პირველი ნაბიჯების გადადგმა მოასწრო,

რაშიც დედა დაეხმარა. კარლს კარგად ესმოდა, რომ ამ ამბის მოყოლით

ბიძას იმავე დროს ფორტეპიანოს ყიდვას სთხოვდა, მაგრამ უკვე საკმარისად მიიხედ-მოიხედა, რათა დაესკვნა, რომ ბიძიას მომჭირნეობა სულაც არ სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ბიძიას თხოვნა მაშინვე არ შეუსრულებია, მაგრამ სულ რაღაც რვა დღის შემდეგ თითქოს სურვილის

 

წინააღმდეგ გამოუტყდა კარლს, ფორტეპიანო მოიტანეს და თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია ამოტანას თვალი ადევნოო. ეს იოლი საქმე იყო,

მაგრამ თვით ამოტანაზე ბევრად იოლიც არა, რადგან სახლში ავეჯისათვის განკუთვნილი ლიფტი იყო, რომელშიც თავისუფლად შეეტეოდა

ავეჯის მთელი კონტეინერი. სწორედ ამ ლიფტით აიტანეს ინსტრუმენტი კარლის ოთახში. კარლს შეეძლო იმავე ლიფტით ემგზავრა, რომელშიც ფორტეპიანო და მზიდავები იყვნენ, მაგრამ რადგან გვერდით სამგზავრო ლიფტიც მის განკარგულებაში იყო, იქ შევიდა, თან საგანგებო

ბერკეტით მეორე კაბინის სიმაღლეს უსწორდებოდა და მინის კედლებიდან თვალს არ აშორებდა ლამაზ ინსტრუმენტს, რომელიც ახლა უკვე მისი საკუთრება იყო. როცა ოთახში შეიტანეს და პირველი ნოტები ააჟღერა, ისეთი გიჟური სიხარული დაეუფლა, დაკვრა შეწყვიტა, წამოხტა,

ინსტრუმენტს რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა და დოინჯშემოყრილი

ტკბებოდა მისი ცქერით. აკუსტიკაც შესანიშნავი იყო და სრულიად აქარწყლებდა იმ თავდაპირველ უსიამო შთაბეჭდილებას, რომელსაც ამ

თითქოსდა რკინის კედლებში ცხოვრება აღძრავდა. სინამდვილეში შენობა მხოლოდ გარედან გეგონებოდათ რკინის, თვით ოთახში კი ვერაფერს შეამჩნევდით და მის მოწყობილობაში ვერც ერთ ისეთ დეტალს ვერ აღმოაჩენდით, რომელიც იდილიურ სიმყუდროვეს დაარღვევდა.

პირველ ხანებში კარლი დიდ იმედებს ამყარებდა ფორტეპიანოზე და

ძილის წინ იმაზეც კი ფიქრობდა, როგორ მოეხდინა მუსიკით უშუალო

გავლენა ამერიკულ ცხოვრებაზე. მართლაც, უჩვეულოდ ჟღერდა, როცა

ღია ფანჯრებიდან შემოჭრილ ქუჩის ხმაურში ძველ ჯარისკაცურ სიმღერას აახმიანებდა, მის სამშობლოში საღამოობით რომ მღეროდნენ ყაზარმის ფანჯრებთან მოკალათებული ჯარისკაცები და თან პირქუშ

პლაცს გასცქეროდნენ, – მაგრამ ქუჩაზე ერთი გადახედვაც კი საკმარისი

იყო, რომ დაენახა: ის არ იცვლება, ერთი პატარა ნაწილი დიდი წრებრუნვისა, რომელსაც ვერაფრით შეაჩერებ, თუ არ იცნობ იმ ძალებს, მას

რომ ამოძრავებენ. ბიძია იტანდა პიანინოზე დაკვრას, არაფერს საწინააღმდეგოს არ ეუბნებოდა, მით უმეტეს, რომ კარლი, ისევ და ისევ ბიძიას

ხათრით – იშვიათად თუ აძლევდა თავს ამ სიამოვნების უფლებას; ამერიკული მარშების ნოტებიც კი მოუტანა კარლს და, რა თქმა უნდა, ეროვნული ჰიმნისაც, მაგრამ მხოლოდ მუსიკის სიყვარული არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, როცა კარლს ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ჰკითხა, ვიოლინოზე ან ვალტორნაზე დაკვრასაც ხომ არ ისწავლიდიო.

ცხადია, კარლის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა ინგლისური ენის შესწალა იყო. ყოველ დილით, შვიდ საათზე, კომერციული სასწავლებლის ახალგაზრდა პროფესორი მოდიოდა, რომელსაც

კარლი უკვე საწერ მაგიდასთან, გადაშლილი რვეულებით ხვდებოდა, ან ოთახში ბოლთას სცემდა და თან რაღაცას იმეორებდა. კარლს კარგად

ესმოდა, რომ ინგლისური რაც შეიძლება მალე უნდა შეესწავლა, თან ეს საუკეთესო შესაძლებლობა იყო, ბიძია თავისი სწრაფი წარმატებებით გაეხარებინა. მართლაც, თუ ბიძიასთან ინგლისურ ენაზე ურთიერთობა

პირველ ხანებში მისასალმებელი და გამოსამშვიდობებელი

ფრაზებით შემოიფარგლებოდა, სულ მალე საუბრის უფრო და უფრო მეტი ნაწილი ინგლისურად მიმდინარეობდა, რამაც ხელი შეუწყო

მათ შორის უფრო ახლობლური ურთიერთობის დამყარებას. ერთ საღამოს ბიძიას პირველი ამერიკული ლექსი წაუკითხა, რომელშიც ხანძარი იყო აღწერილი. ამან მასში უდიდესი კმაყოფილება გამოიწვია. მაშინ

ორივე კარლის ოთახის ფანჯარასთან იდგა, ბიძია ჩამავალ მზეს გაჰყურებდა და თან ხელის მოძრაობას ლექსის რიტმს აყოლებდა, კარლი კი მის გვერდით იდგა და თვალგაშტერებული წარმოთქვამდა რთულ

სტროფებს. რაც უფრო ეუფლებოდა კარლი ინგლისურს, მით მეტი იყო ბიძის

სურვილი, წარედგინა იგი თავისი ნაცნობებისათვის, და ყოველი შემთხვევისათვის ასეთ შეხვედრებზე მისი თხოვნით ინგლისურის პროფესორიც კარლის სიახლოვეს იყო ხოლმე. პირველი ნაცნობი, რომელსაც

კარლი ერთ დღეს წარუდგინეს, ერთი ტანადი, არაჩვეულებრივად მოქნილი ახალგაზრდა იყო, რომელსაც ბიძია საგანგებო ქათინაურებით შემოუძღვა ოთახში. ის, როგორც ჩანს, მშობლების აზრით, მილიონერების ერთ-ერთი მრავალთაგანი ხელმოცარული ვაჟი იყო, რომლის ცხოვრება ისე მიედინებოდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი მისი ცხოვრების

თუნდაც ერთ ნებისმიერ დღეს ტკივილის გარეშე ვერ გაადევნებდა

თვალს. თავად ის კი, თითქოს იცოდა ან ხვდებოდა ამას, ცდილობდა,

შეძლებისდაგვარად დაპირისპირებოდა ამ მოსაზრებას, მისი ბაგეები

და თვალები განუწყვეტლივ ბედნიერებასა და ღიმილს ასხივებდნენ,

რაც საკუთარი თავის, თანამოსაუბრისა და მთელი სამყაროსაკენ იყო

მიმართული.

აი ამ ჭაბუკს, ბატონ მაკს, ბიძიას დაჟინებული რჩევით, კარლი შეუთანხმდა, ერთად ეჯირითათ დილის ექვსის ნახევარზე საცხენოსნო

სკოლაში ან ბუნების წიაღში. კარლი ჯერ ყოყმანობდა, დათანხმება ვერ გადაეწყვიტა, რადგან ცხენზე არასოდეს მჯდარა და უნდოდა ჯერ ცოტათი შესჩვეოდა ამ სპორტს. მაგრამ ბიძია და მაკი არ მოეშვნენ და იმდენ ხანს არწმუნებდნენ, ცხენოსნობა მხოლოდ სიამოვნება და ცხოვრების

ჯანსაღი წესია, და არა ხელოვნებაო, რომ ბოლოს და ბოლოს, დათანხმდა. ხუთის ნახევარზე უკვე ფეხზე უნდა ყოფილიყო და ამას ხშირად

ნანობდა, რადგან, ალბათ იმის გამო, რომ ყოველი დღე მისგან ყურადღების უაღრეს დაძაბვას მოითხოვდა, დროდადრო ძილი მოეკიდებოდა

ხოლმე, მაგრამ სააბაზანო ოთახი ამ უხერხულობისგან სწრაფად ათავისუფლებდა. მთელი აბაზანის სიგრძე-სიგანეზე გადაჭიმული იყო შხაპის ბადე – მის რომელ თანაკლასელს ღირსებია მსგავსი რამ, რაც უნდ მდიდარი ყოფილიყო, თანაც მხოლოდ თავის განკარგულებაში – კარლი კი დილიდანვე ჩაწვებოდა ხოლმე ამ აბაზანაში, სადაც თავისუფლად შეეძლო გაეშალა ხელები, და ზემოდან სურვილის მიხედვით მოედინებოდა წყლის თბილი, ცხელი, კვლავ თბილი, ბოლოს კი ყინულოვანი ნაკადი მთელი აბაზანის ზედაპირზე ან მის ნაწილზე. ასე იგრძელებდა ძილის ნეტარებას და წყლის უკანასკნელი, უკვე გაიშვიათებული წვეთები,

რომლებსაც ჯერ დახუჭული ქუთუთოებით იჭერდა, თვალების გახელის შემდეგ სახეზე ჩამოედინებოდა. 

საცხენოსნო სკოლაში, სადაც კარლი ბიძის მაღალძარიანი მანქანით

მიჰყავდათ, უკვე ელოდებოდა ინგლისურის მასწავლებელი, მაკი კი

მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდებოდა ხოლმე. ისე, სწორედ მას შეეძლო თამამად დაეგვიანებინა, რადგან ნამდვილი, გაცხოველებული ჯირითი მხოლოდ მისი მოსვლის შემდეგ იწყებოდა. მისი მოსვლა და – ნახევრად მძინარე ცხენები გამოფხიზლდებოდნენ, მათრახის

შხუილი უფრო მკვეთრად გაისმოდა, მანეჟს გარშემოვლებული გალერეა ნელ-ნელა აივსებოდა მაყურებლებით, მეჯინიბეებით, საცხენოსნო სკოლის მოსწავლეებით თუ კიდევ ვინც გინდათ, იმით. მაკის

მოსვლამდე კი კარლი ცდილობდა, ცოტათი მაინც გაწაფულიყო ცხენოსნობის თუნდაც უმარტივეს ილეთებში. ერთი ახმახი, რომელიც ხელის დაუხმარებლად შემოახტებოდა ხოლმე ყველაზე მაღალ ცხენს,

კარლს ყოველდღე თხუთმეტ-თხუთმეტ წუთს ავარჯიშებდა. ცხენოსნობაში კარლის მიღწევები არცთუ სახარბიელო იყო, სამაგიეროდ, წარმატებით ეუფლებოდა ჩივილის გამომხატველ ინგლისურ წამოძახილებს,

რომლებსაც ვარჯიშის დროს სულმოუთქმელად მიაყრიდა ხოლმე ინგლისურის მასწავლებელს, ის კი, გამოუძინებელი, კარის წირთხლს მიყრდნობილი, თავს ძლივს იკავებდა. მაგრამ მაკის გამოჩენა ცხენოსნობასთან დაკავშირებულ ყველა უსიამოვნებას ბოლოს მოუღებდა ხოლმე.

ჯერ კიდევ ნახევრად განათებულ მანეჟში მხოლოდ მოჯირითე ცხენების ფლოქვების ხმა ისმოდა და მაკის აწეული ხელი მოჩანდა, რომლითაც კარლს ბრძანებებს აძლევდა. ამ ნახევარსაათიანი სიამოვნების

შემდეგ, რომელიც ძილივით ჩაივლიდა ხოლმე, გაკვეთილი მთავრდებოდა. მაკი სწრაფად დაემშვიდობებოდა კარლს, ზოგჯერ ლოყაზეც მოუთათუნებდა ხელს, თუ მისი ჯირითით კმაყოფილი იყო, და იქაურობას

ისე გაეცლებოდა, რომ კარლს არც კი დაელოდებოდა. კარლი პროფესორთან ერთად მანქანაში ჯდებოდა, და ინგლისურის გაკვეთილზე უმეტესად შემოსავლელი გზით მიემგზავრებოდნენ, რადგან გაჭედილი მაგისტრალით მგზავრობა, რომელიც საცხენოსნო სკოლიდან პირდაპირ

კარლის სახლამდე მიდიოდა, დიდ დროს წაართმევდათ. მალე ინგლისურის პროფესორი ამ ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლდა, რადგან

კარლს სინდისი აწუხებდა, ეს გადაღლილი ადამიანი საცხენოსნო სკოლაშიც რომ დაჰყვებოდა, და ბიძიას სთხოვა, ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა მისთვის მოვალეობა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ბიძია დათანხმდა.

ბიძიას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, სანამ კარლს ნებას დართავდა, ზოგადად მაინც გასცნობოდა საწარმოს საქმიანობას, თუმცა კარლი

ხშირად სთხოვდა ამას. ეს იყო ერთგვარი საკომისიო-საექსპედიციო

ფირმა, როგორიც, რამდენადაც კარლისათვის ცნობილი იყო, ევროპაში

არ არსებობდა. ფირმა საკომისიო საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ ის შუამავლობდა არა მწარმოებლებსა და მომხმარებლებს ან მოვაჭრეებს

შორის, არამედ მსხვილ საწარმოებს შორის, რომლებსაც სხვადასხვაგვარი ნედლეულითა თუ ნახევარფაბრიკატებით ამარაგებდა. ამიტომ,

რაკი ფირმა მსხვილმასშტაბიან შესყიდვებს, დასაწყობებას, გადაზიდვასა და გასაღებას აწარმოებდა, უწყვეტი სატელეფონო თუ სატელეგრაფო კავშირი ჰქონდა კლიენტებთან. სატელეგრაფო დარბაზი უფრო პატარა კი არა, უფრო დიდიც კი იყო მისი მშობლიური ქალაქის იმ სატელეგრაფო სამსახურზე, სადაც კარლი ერთხელ თანასკოლელს ახლდა.

სატელეფონო დარბაზში, საითაც კი გაიხედავდი, კაბინების კარები განუწყვეტლივ იღებოდა და იხურებოდა და ზარების ყურისწამღები წკარუნი ისმოდა. ბიძიამ ერთ-ერთი უახლოესი კარი გამოაღო, სადაც ელექტრონის კაშკაშა სინათლეში ერთი თანამშრომელი იჯდა, რომელსაც კარის ხმაურისათვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან თავზე ლითონის

სალტიანი ყურსასმენები ჰქონდა გადაჭიმული. მარჯვენა მკლავი პატარა მაგიდაზე ჩამოედო, თითქოს მეტისმეტად მძიმეაო, და მხოლოდ თითები, რომლებითაც ფანქარი ეჭირა, რაღაც არაადამიანური სისწრაფითა და თანაბარი რიტმით მოძრაობდნენ. მიკროფონში ლაპარაკისას

ძალზე სიტყვაძუნწი იყო და ხშირად შეამჩნევდით კიდეც, რომ უნდოდა  საუბარში, თავის მხრივ, რაღაც   ჩაერთო ან დაეზუსტებინა, მაგრამ სანამ თქმას მოასწრებდა, საპასუხო სიტყვები აიძულებდა, თვალები დაეხარა და რაღაც ჩაეწერა. როგორც ბიძიამ მოკლედ აუხსნა, მას ლაპარაკი არც სჭირდებოდა, რადგან

იმ ინფორმაციებს პარალელურად ორი სხვა თანამშრომელიც იწერდა,

რათა შემდეგ შეედარებინათ. ეს შეძლებისდაგვარად გამორიცხავდა

ყოველგვარ შეცდომას. როგორც კი ბიძია და კარლი კაბინიდან გამოვიდნენ, კარში მარდად შეძვრა ერთი პრაქტიკანტი და მალევე იქიდან

ნაწერით აჭრელებული ქაღალდებით გამოვიდა. დარბაზში ხალხის

აქეთ-იქით სიარული არ წყდებოდა. ერთმანეთს არ ესალმებოდნენ, მისალმება ამოღებული იყო დღის წესრიგიდან, ყველა თავის ნაბიჯს წინ

მიმავალის ნაბიჯებს უთანხმებდა და თან ძირს იყურებოდა, რომ ფეხი

არაფრისთვის წამოეკრა, ან რომელიმე სიტყვას ან ციფრს ჩაკრავდა

თვალს ქაღალდებში, რომლებსაც სიარულისას მიაფრიალებდა.

– რაც მართალია, მართალია, ბევრისთვის მიგიღწევია, – უთხრა ერთხელ ბიძიას კარლმა საწარმოს მორიგი შემოვლისას, რომლის გაცნობას მრავალი დღე სჭირდებოდა, თუნდაც ცალი თვალით შეგეხედა თითოეულ განყოფილებაში.

– და ყველაფერი ეს, რომ იცოდე, ოცდაათი წლის წინ თავად შევქმენი. მაშინ პორტის კვარტალში ერთი პატარა მაღაზია მქონდა, და თუ

დღეში ხუთიოდე ყუთი შემომივიდოდა, იმდენი მეჩვენებოდა, სახლში

თავაწეული მივდიოდი. დღეს კი ჩემი საწყობები პორტში მესამეა სიდიდით და ის პატარა მაღაზია ახლა ჩემი მტვირთავების სამოცდამეხუთე

ჯგუფის სასადილო და იარაღების შემნახველი საკანია.

– ეს ნამდვილად სასწაულს უდრის, – თქვა კარლმა.

– აქ ყველაფერი სწრაფად ვითარდება, – მიუგო ბიძიამ და საუბარი

შეწყვიტა.

ერთ დღეს, ის იყო კარლი, ჩვეულებისამებრ, მარტო უნდა მისჯდომოდა სუფრას, რომ ბიძია მოვიდა და უთხრა, სასწრაფოდ საზეიმოდ გამოწყობილიყო და მასთან და მის ორ კომპანიონთან ერთად ესადილა.

ვიდრე კარლი მეზობელ ოთახში იცვამდა, ბიძია საწერ მაგიდას მიუჯდა 

და ინგლისურის ახლად შესრულებულ დავალებას გადახედა; კმაყოფილმა ხელი მაგიდას დაჰკრა და წამოიძახა: – ნამდვილად ჩინებულია!

ამ საქებარი სიტყვების გაგონებაზე კარლმა ჩაცმას მოუჩქარა. ინგლისურში წარმატებები თავადაც ეამაყებოდა .

ბიძიას სასადილო ოთახში, რომელიც კარლს ჩამოსვლის პირველი

საღამოდან ახსოვდა, მათ შესახვედრად ორი ზორბა ბატონი წამოიმართა: ვინმე გრინი და ვინმე პოლუნდერი, როგორც ეს სუფრასთან შემდგომ საუბარში გამოირკვა. ნაცნობებზე ლაპარაკი ბიძიას ნაკლებად სჩვეოდა, კარლს ყოველთვის აძლევდა შესაძლებლობას, დაკვირვების

შედეგად თავად გამოეტანა საჭირო დასკვნები ამა თუ იმ პიროვნების შესახებ. სადილის დროს მხოლოდ უაღრესად საქმიან საკითხებზე მსჯელობდნენ, რაც კარლისათვის

კარგი გაკვეთილი იყო ეკონომიკურ ტერმინოლოგიაში გასარკვევად;

თვით კარლს საშუალება მისცეს, წყნარად ეჭამა, როგორც ბავშვს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა დანაყრდეს; ამის შემდეგ ბატონი გრინი კარლისაკენ დაიხარა და საგანგებოდ მკაფიო ინგლისურით

ჰკითხა, როგორი იყო მისი პირველი ამერიკული შთაბეჭდილებები. საყოველთაო სიჩუმეში კარლმა საკმაოდ ვრცელი პასუხი გასცა, თან შიგადაშიგ თვალს ბიძიასკენ აპარებდა, და შთაბეჭდილების მოსახდენად

ცდილობდა, საუბრისათვის ნიუ-იორკული შეფერილობაც კი მიეცა; ერთ გამოთქმაზე სამივეს ჩაეცინა და ერთმანეთს გადახედეს, რამაც კარლი,

ცოტა არ იყოს, შეაცბუნა, რაიმე ხომ არ შემეშალაო, მაგრამ არა, როგორც ბატონმა პოლუნდერმა აღნიშნა, გამოთქმა ზუსტი იყო. ჩანს, ბატონი პოლუნდერი ძალზე კეთილად განეწყო კარლის მიმართ, და როცა

ბიძია და ბატონი გრინი საქმიან საუბარს მიუბრუნდნენ, კარლს სავარძელი ახლოს მოაწევინა, და ჯერ გვარისა და წარმოშობის თაობაზე გამოჰკითხა ყველაფერი, მერე მგზავრობაზე, ბოლოს, კარლი რომ დაესვენებინა, სულმოუთქმელად და სიცილით თავად დაიწყო ლაპარაკი საკუთარ თავსა და ქალიშვილზე, რომელთან ერთად ნიუ-იორკის მახლობლად პატარა მამულში ცხოვრობდა, სადაც ის მხოლოდ საღამოებს

 

ატარებდა, რადგან ბანკირი იყო და საქმეების გამო მთელი დღე ნიუიორკში უწევდა ყოფნა. მაშინვე მთელი გულით დაპატიჟა კარლი თავის

მამულში – ახლად გამომცხვარ ამერიკელს, როგორიც კარლია, ხომ აქვს მოთხოვნილება, ხანდახან მაინც დააღწიოს ნიუ-იორკს თავიო. კარლმაც უმალ სთხოვა ბიძიას ნებართვა, რაზეც ბიძია სიხარულით დაეთანხმა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუთქვამთ და არც დაფიქრებულა ამაზე, როგორც ამას კარლი და ბატონი პოლუნდერი მოელოდნენ.

მაგრამ მეორე დღესვე კარლი ბიძიას ერთ-ერთ კაბინეტში დაიბარეს

(მხოლოდ ამ შენობაში ბიძიას ათამდე სხვადასხვა კაბინეტი ჰქონდა),

სადაც ბიძია და ბატონი პოლუნდერი ჩუმად ისხდნენ სავარძლებში.

– ბატონი პოლუნდერი, – თქვა ბიძიამ, რომელიც ოთახში ჩამომდგარ ბინდში თითქმის არ ჩანდა, – ბატონი პოლუნდერი მობრძანდა,

რათა თავის მამულში წაგიყვანოს, როგორც გუშინ შევთანხმდით.

– მე არ ვიცოდი, დღესვე თუ უნდა წავსულიყავით, – მიუგო კარლმა, –

თორემ მოვემზადებოდი.

– თუ მზად არ ხარ, მაშინ უმჯობესია ვიზიტი გადავდოთ, – თქვა ბიძიამ.

– რა მომზადება! – წამოიძახა ბატონმა პოლუნდერმა, – ახალგაზრდა კაცი მუდამ მზადაა.

– მისი მიზეზით არა, – მიუბრუნდა სტუმარს ბიძია, – მაგრამ თავის

ოთახში დასჭირდება ასვლა და დაგაგვიანებთ.

– მაგისთვისაც საკმარისი დრო გვაქვს, – უპასუხა ბატონმა პოლუნდერმა, – მე გავითვალისწინე, რომ შევყოვნდებოდით და ადრიანად დავამთავრე საქმეები.

– ხედავ, – მიმართა ახლა კარლს ბიძიამ, – რამდენი უხერხულობა

შექმნა უკვე შენმა ვიზიტმა.

– ვწუხვარ, – მოიბოდიშა კარლმა, – მაგრამ ახლავე დავბრუნდები, –

და გასაქცევად მოემზადა.

 

– ძალიან ნუ იჩქარებთ, – უთხრა ბატონმა პოლუნდერმა, – თქვენი

სტუმრობა არავითარ უხერხულობას არ მიქმნის, პირიქით, ეს ჩემთვის

უდიდესი სიამოვნებაა.

– ხვალ ცხენოსნობის გაკვეთილის გაცდენა მოგიწევს, გააფრთხილე

ამის შესახებ?

– არა, – მიუგო კარლმა, და ეს ვიზიტი, რომელსაც ასეთი სიხარულით

ელოდა, უკვე ტვირთად დააწვა, – მე ხომ არ ვიცოდი.

– და მაინც წახვალ? – აღარ ეშვებოდა ბიძია.

ბატონი პოლუნდერი თავაზიანად წამოეშველა კარლს:.

– გზად საცხენოსნო სკოლაში შევივლით და ყველაფერს მოვაგვარებთ.

– კარგი აზრია, – დაეთანხმა ბიძია, – მაგრამ მაკი რომ იქ დაგელოდება?

– დალოდებით არ დამელოდება, – უპასუხა კარლმა, – მაგრამ მოსვლით კი მოვა.

– მაშ როგორ მოვიქცეთ? – იკითხა ბიძიამ, თითქოს კარლის პასუხი

საკმარისი გამართლება არ იყო მისთვის.

აქ ისევ ბატონმა პოლუნდერმა თქვა თავისი გადამწყვეტი სიტყვა:

– მაგრამ კლარაც ხომ ელოდება მას უკვე ამ საღამოს, – კლარა ბატონი პოლუნდერის ქალიშვილი იყო, – განა მას არ აქვს უპირატესობა მაკის

წინაშე?

– ცხადია, – სხვა გზა აღარ დარჩა ბიძიას, – აბა გაიქეცი შენს ოთახში,

– და სავარძლის სახელურს უნებურად რამდენჯერმე დაარტყა ხელი.

კარლი უკვე კართან იყო, როცა ბიძიამ კიდევ ერთხელ შეაჩერა და ჰკითხა: – ხვალ დილით ხომ დაბრუნდები ინგლისურის გაკვეთილისათვის?

– კი მაგრამ, – წამოიძახა ბატონმა პოლუნდერმა და გაკვირვებისაგან

სავარძელში შემობრუნდა, რამდენადაც წონა ამის საშუალებას აძლევდა, – ნუთუ არ შეიძლება, ხვალინდელი დღე მაინც გაატაროს ქალაქგარეთ? ზეგ დილით თავად ჩამოვიყვანდი.

 

– არავითარ შემთხვევაში, – მოუჭრა ბიძიამ, – ასე ვერ დავარღვევ მის

სასწავლო განრიგს. მოგვიანებით, როცა მისი პროფესიული ცხოვრება

მეტ-ნაკლებად კალაპოტში ჩადგება, სიამოვნებით დავრთავ ნებას, უფრო დიდი დრო დაუთმოს ამგვარ საპატიო და თავაზიან მიწვევებს.

«რაებს იმიზეზებს!» – გაიფიქრა კარლმა.

ბატონი პოლუნდერი დაღონდა.

– მაგრამ ერთი საღამოთი და ერთი ღამით ხომ არაფერი დაშავდება?!

– მეც მაგას მოგახსენებთ, – უპასუხა ბიძიამ.

– რას ვიზამთ, დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვეძლევა, – კვლავ გაიცინა ბატონმა პოლუნდერმა, – მაშ, გელოდები! – მიაძახა კარლს, რომელიც კარისაკენ გაეშურა, რადგან ბიძიას აღარაფერი უთქვამს.

როცა უკვე გაემზადა და ჩამობრუნდა, კაბინეტში მხოლოდ ბატონი

პოლუნდერი დახვდა, ბიძია წასულიყო. ბატონმა პოლუნდერმა სიხარულისგან ორივე ხელი ჩამოართვა, თითქოს უნდოდა საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ კარლი ნამდვილად მიემგზავრებოდა მასთან ერთად. სიჩქარისაგან კარლი ჯერ ისევ გაქაფული იყო, მანაც ორივე ხელი

გაუწოდა ბატონ პოლუნდერს, ეს სტუმრობა ძალზე ახარებდა.

– ხომ არ გაბრაზდა ბიძია, თქვენთან ერთად რომ მოვდივარ?

– რა თქმა უნდა, არა! სერიოზულად არც უფიქრია ხელის შეშლა.

ესაა, რომ თქვენი აღზრდა ძალიან ახლოს მიაქვს გულთან.

– თვითონ გითხრათ, რომ სერიოზული მიზეზი არ აქვს?

– ო, დიახ, – ამოთქვა ბატონმა პოლუნდერმა, რითაც დაამტკიცა,

რომ სიცრუე არ ეხერხებოდა.

– უცნაურია, როგორ გაუჭირდა თქვენთან სტუმრობის ნება დაერთო

ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ხართ.

ეს ვერც ბატონ პოლუნდერს აეხსნა, მაგრამ კარლს არ გამოსტყდომია. და როცა ამ თბილ საღამოს ავტომობილით მიქროდნენ, ორივეს ეს

ფიქრი უტრიალებდა თავში, თუმცა სულ სხვა რამეზე ლაპარაკობდნენ.

 

მგზავრობისას ერთმანეთთან ახლოს ისხდნენ და ბატონ პოლუნდერს კარლის ხელი ხელში ეჭირა, თან კლარაზე უამბობდა. კარლს სურდა, რაც შეიძლება მეტი შეეტყო ფროილაინ კლარაზე, თითქოს ხანგრძლივი მგზავრობის გამო მოთმინება აღარ ჰყოფნიდა და ბატონი პოლუნდერის ნაამბობი დაეხმარებოდა უფრო მალე ჩაეღწია დანიშნულების ადგილამდე. მიუხედავად იმისა, რომ საღამოს ნიუ-იორკის ქუჩებში

არ უმგზავრია, ტროტუარებსა და სავალ ნაწილზე კი რაღაც უცხო სტიქიის მსგავსი შხუილ-შხუილი ყოველ წამს იცვლიდა მიმართულებას, კარლის ყურადღება ბატონი პოლუნდერის მუქ ჟილეტზე იყო მიჯაჭვული,

რომლის ჯიბიდან ასევე მუქი ძეწკვი იყო გადმოკიდებული. თან ცდილობდა მისი არც ერთი სიტყვა არ გამორჩენოდა. ქუჩებიდან, სადაც

ხალხი თეატრებში დაგვიანების შიშით უკიდურესად აჩქარებდა საკუთარ ნაბიჯებსა თუ ავტომობილებს, ისინი თანდათან გარეუბანში გავიდნენ, სადაც ცხენოსანი პოლიცია მათ ავტომობილს შემოვლითი

გზისკენ უთითებდა, რადგან ფართო ქუჩები გაფიცული მუშების დემონსტრაციას ეკავა და ავტომობილები მხოლოდ ძალზე შეზღუდული რაოდენობით დაიშვებოდა გზაჯვარედინებზე. როცა ჩაბნელებული, ხმაურიანი ქუჩაბანდებიდან გამოსულმა ავტომობილმა ერთ-ერთი ასეთი

მოედნის მსგავსი ფართო ქუჩა გადაკვეთა, ორივე მხარეს, სადამდეც კი

თვალი მიუწვდებოდათ, ტროტუარები გაჭედილი იყო ბრბოთი, რომელიც ნელ-ნელა მიიწევდა წინ და ისე ერთხმად მღეროდა, როგორც ერთი ადამიანი. თავისუფალ ქვაფენილზე აქა-იქ ჩანდნენ ადგილზე გაშეშებული ცხენოსანი პოლიციელები, მედროშეები, ზეაღმართული ლოზუნგები, თანამოაზრეებით გარშემორტყმული მუშების წინამძღოლი, ტრამვაის ვაგონი, რომელსაც ვერ მოესწრო აქედან დროზე გასვლა და ახლა ცარიელი და ჩაბნელებული იდგა, მძღოლი და კონდუქტორი კი ბაქანზე ჩამომსხდარიყვნენ. ცნობისმოყვარეთა პატარა ჯგუფები დემონსტრანტებისგან მოშორებით იდგნენ და პოზიციებს არ თმობდნენ,

თუმცა მოვლენების ნამდვილ არსში ვერ გარკვეულიყვნენ. ამ დროს კი

ბატონი პოლუნდერის მკლავზე უდარდელად მისვენებულ კარლს უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის იმის მოლოდინი, რომ მალე სასურველი სტუმარი იქნება განათებულ, გალავანშემოვლებულ, ძაღლებით დაცულ ქალაქგარე სახლში, და თუმცა, უკვე რულმორეულს, ბატონი პოლუნდერის

საუბარი აქა-იქღა თუ ესმის, დროდადრო გამოფხიზლდება ხოლმე და

თვალებს მოიფშვნეტს, რათა დარწმუნდეს, რომ თანამოსაუბრეს მისი

თვლემა არ შეუმჩნევია; ეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავიდან უნდა აიცილოს.

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, kafka, ამერიკა, კაფკა, მოთხრობები, ნოველები

ნახვა: 18

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Harvest expansion has now added to Path of Exile 3.11

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2020.
საათი: 6:01am 0 კომენტარი



COVID-19 has caused every game company to suffer a certain loss. It still disrupted their work plan, although GGG in New Zealand was less affected. Now the government does not allow everyone to resume work and they have to work from home. Path of Exile’s expansion plan will continue as planned. Yesterday GGG announced to players the Harvest expansion in Path of Exile 3.11. It makes players feel very curious and very willing to spend…

გაგრძელება

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

Qwelly World

free counters