მოხუცი ჰერცოგის ცოლი ქმრის კაბინეტიდან გამოვიდა. მას შემდეგ, რაც რძალმა გადაწყვიტა, სამუდამოდ მიეტოვებინა სასახლე და ორი შვილით თავის მშობლებთან ნიკოზიუმში დაბრუნებულიყო, ჰერცოგი თავისი ოთახიდან ფეხს არ დგამდა. თითქოს რაღაც ჩასწყდა გულში, სახე დაემანჭა და მოიკუნტა კიდეც, კარი რომ გაჭრიალდა, არადა, უხმაუროდ უნდოდა მიეხურა. ან რამეს ნიშნავს ეს ჭრიალი? სულაც არაფერს. იქნებ ჰერცოგმა არც მიაქცია ყურადღება, მაგრამ ქალბატონს მაინც ახრჩობდა ფარული დარდი, თითქოს ამ კარს, რომელიც ასე ფრთხილად მიხურა, საშინელი შეურაცხყოფის მიყენება უნდოდა მისთვის. ამ სახლში ადამიანები და საგნებიც კი, რომლებიც ამდენ ოჯახურ მოგონებას ინახავდნენ, ერთ ხანს მტანჯველ დაძაბულობას იყვნენ აყოლილი. საკმარისი იყო შეხებოდით, მაშინვე კვნესისმაგვარ ხმას გამოსცემდნენ. ჰერცოგის მეუღლეს მკვდრის ფერი ედო, კისერი ისე დაეხარა, თითქოს უღელი ედგა. რამდენიმე წუთს ყური დაუგდო, მერე ფუმფულა ხალიჩებით გაწყობილ ოთახებს გაუყვა, სადაც ძველი ფარდები ეკიდა და მუქი, ლამის სამგლოვიარო ავეჯით იყო შემკული. სულის შემხუთველი მტვერი იდგა. ჰერცოგის მეუღლე ბოლო ოთახის ზღურბლთან გაჩერდა, სადაც მღელვარებისგან აცახცახებული ქალიშვილი ელიზაბეტი ელოდა. დედის სევდიან სახეს რომ შეხედა, ელიზაბეტმა იგრძნო, რომ გონებას კარგავდა. ლოდინისგან დაღლილს სურდა შეგებებოდა, მაგრამ ძალებმა უმტყუნა. ისე დასუსტებულიყო, ღონეგამოცლილი ხელებიც კი ვეღარ ასწია, რომ სახეზე აეფარებინა. ჰერცოგის მეუღლე ქალიშვილთან მივიდა და მსუბუქად დაადო ხელი მხარზე.

– შვილო, – უთხრა მან. – ის თანახმაა...

ქალიშვილს გააჟრჟოლა და დედას აღელვებულმა შეხედა. ამ სიტყვებით განცდილმა სიხარულმა უცებ შეუმსუბუქა დამძიმებული გული. საბრალომ ხელები მოიფშვნიტა, ცრემლები წამოსცვივდა, მერე კი ისტერიკულად ახარხარდა.

– ნუთუ თანახმაა?

– დიახ, – დაუმოწმა დედამ უფრო მოქმედებით, ვიდრე სიტყვით.

– იყვირა, ფეხები დააბაკუნა?

– სულაც არა...

– ესე იგი... – ელიზაბეტი უცებ მიხვდა: რაკი მამამ არც იყვირა, არც გაბრაზებულა, ამიტომ არის დედა შეფიქრიანებული. მან ჰერცოგს სთხოვა, ქალიშვილისთვის ნება დაერთო, რძლის ორი შვილის აღმზრდელზე გათხოვილიყო. იმ რძლის შვილებისა, რომელიც ახლახან წავიდა მათგან. მაგრამ მამის ასეთ აუღელვებელ დათმობას ელიზაბეტისთვის სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე დედამისისთვის. სხვა, მაგრამ არანაკლებ მტკივნეული. იქნებ იმიტომ, რომ ელიზაბეტი მეორე შვილი იყო ოჯახში, იმიტომ, რომ შესახედად არც ისე მოხდენილი იყო, მოკრძალებული, გულჩვილი, უთქმელი და მორცხვი, მამას შვილად არც მიაჩნდა; უფრო მეტიც, იგი ქალიშვილში რაღაც ისეთ დაბრკოლებას ხედავდა, რის გამოც ყოველთვის გულისტკივილს განიცდი. იმაზე ფიქრი, რომ ელიზაბეტი მდაბიოს მიჰყვებოდა ცოლად, ვიღაც უბადრუკ მასწავლებელს, სულაც არ ულახავდა თავმოყვარეობას. შეიძლება, მოხუცი ჰერცოგი იმასაც ფიქრობდა, ამაზე მეტის ღირსი არც არისო. დედობრივ განცდებს აყოლილმა ჰერცოგინიამ გაბედა და ჰერცოგთან ამაზე დაილაპარაკა, თან გული უკანკალებდა და შიშობდა, რადგან კარგად იცოდა მისი ქედმაღლობის ამბავი. რაც უფრო მეტად ვარდებოდნენ უსახსრობაში და რაც მეტად უჭირდათ, ჰერცოგი მით მეტად იბზეკდა ცხვირს სიამაყით. ნებისმიერი „მდაბიური“ ქმედება არისტოკრატიულ პრივილეგიებზე თავდასხმად მიაჩნდა და აშკარა მრისხანებას აღუძრავდა. ჰერცოგი ფიქრობდა, თუ ახლა ჩემს პრინციპს ვღალატობ, მხოლოდ და მხოლოდ სულიერი სიმშვიდის დარღვევაა ამის მიზეზიო. ეს კი ამ ერთი წლის წინ დაეწყო, როცა ერთ-ერთი ვაჟიშვილი, მისი სახელის მემკვიდრე, თეატრის მსახიობ ქალთან ერთად გაიქცა. ორივე სიცილიის დამხობილი მთავრობის საფლავის კარამდე ერთგული, ნეაპოლური სასახლის კამერჰერი და ჯიბელა დონ გასპარე გრიზანტი, ჰერცოგი და როზაბია, მარკიზ დი კოლემანიო, ბარონ დი ფონტანი ღირსად ცნეს იმ დიდი პატივისა, რომ მიმოწერა ჰქონოდა დაცემული დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენლებთან. ყოველ დილას, ერთსა და იმავე დროს სასეირნოდ მიდიოდა ვია მაკუეაზე ფავორიტის უზარმაზარ დაბურულ პარკში. მოღუშული და მრისხანე სახის ჰერცოგი ზიზღით შეჰყურებდა სამყაროს თავისი ძველებური ეტლიდან, რომლის საფეხურზეც ორი, ძეგლივით გაჯგიმული, პარიკიანი და ლივრეიანი ლაქია იდგა; მესამე წინ იყო წამოსკუპული გოლიათი მეეტლის გვერდით. და აი, ამ პიროვნებამ, მიუხედავად ყველაფრისა, ახლა თანხმობა განაცხადა, მისი ქალიშვილი ცოლად გაჰყოლოდა ფაბრიციო პინჯიტერას, რომელიც დაწყებით სკოლაში ტანვარჯიშს ასწავლიდა და მისი შვილიშვილების ყოფილი აღმზრდელი გახლდათ. ადრე კიდევ ჰქონდა იმედი, საქმეებს მოვაგვარებო, როცა ახალგაზრდა ჰერცოგი პროვინციელი, თუმცაღა მდიდარი ბარონის ერთადერთ მემკვიდრე ქალიშვილზე დააქორწინა. მაგრამ ვაჟიშვილი, ის არამზადა, თავის ბინძურ ვნებებში გადაეშვა, სახლიდან გაიქცა და შეარცხვინა. რძალს კი არაფრის გაგონება აღარ უნდოდა, სასამართლოს ძალით მოიპოვა „სახელის და სარეცელის გამოყოფა“1 და მშობლებთან დაბრუნდა. ყველაფერს ბოლო მოეღო, ჰერცოგს ახლა მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა – რადაც უნდა დასჯდომოდა, შეენარჩუნებინა თავისი მშვენიერი მდიდრული ეტლი და სამი პარიკიანი ლაქია, რომ ყოველდღე სჩვენებოდა ხალხს და სასახლის კართან მდგარ კვერთხიან მეკარეს. თუმცა უკვე ერთი თვეა, რძალი სახლიდან გაექცა – სადარბაზო კარის წინ ბადეაკრული ჭიშკარი ყრუდ იყო ჩაგმანული და არავის ატარებდნენ.

– განა შენ არ გამოგიყვანა წირვა? – უთხრა ჰერცოგმა ცოლს. – მეც მკვდარი ვარ, – დასძინა მაშინვე. – ისინი ჭაობში იხრჩობიან, ჩვენ კი, ცოცხალი მიცვალებულები, კომედიის თამაშს ვაგრძელებთ.

ელიზაბეტი თავს მოერია, ამოიოხრა და დედას ჰკითხა: – რა თქვა? დედას უნდოდა ოდნავ შეერბილებინა ის მკაცრი პირობები, რომელიც მამამ წაუყენა ცივი, ზიზღიანი ტონით, მაგრამ ქალიშვილმა მაინც სთხოვა სიმართლე ეთქვა, არაფერი დაემალა.

– კი მაგრამ, ხომ იცი, რომ დიდი ხანია არავის ნახვა აღარ უნდა...

– ესე იგი, არც იმას ნახავს? მერე?

– მერე... როგორც შენ კარგად მოგეხსენება, სადარბაზო კარი დაკეტილია.. მას მერე, რაც შენმა რძალმა...

– ესე იგი, მამა მოითხოვს, რომ მან იმ კარიდან იაროს, საიდანაც მოახლეები დადიან, არა? მერე? დედა ყოყმანობდა, აღარ იცოდა, როგორ ეთქვა შვილისთვის, რომ გათხოვების შემდეგ ფეხი აღარ უნდა მიედგა მშობლების ოჯახში, თუნდაც მარტოს.

– რომ... შენ რომ გნახო, – დაიწყო დედამ, – როდესაც... ჰო, მერე... როდესაც გათხოვდები. მე თვითონ ვივლი შენთან ყოველდღე. ელიზაბეტს ცრემლები წასკდა, დედას ხელი სტაცა და ეამბორა. კვნესა აღმოხდა გულიდან: – საბრალო, საცოდავო დედა...

– წარმოგიდგენია, – უპასუხა დედამ, – კინაღამ... კინაღამ სიცილი მომგვარა... ხომ იცი, როგორ დაჰფოფინებს თავის კარეტას... ყველაფერი, ოღონდ ის არაო... თითქოს მართლაც ეს იყო სიცილის მიზეზი, ჰერცოგის მეუღლემ გადაიხარხარა და ისე დაიჭირა თავი, თითქოს მართლაც ამ უნებლიე სიცილის გამო ვერ უთხრა ქალიშვილს ის პირობა, რომელიც სულაც არ გახლდათ ნაკლებად საინტერესო.

– მთხოვა, ეტლი დაიქირავე... როცა შვილის სანახავად წახვალო. ნება დაგვრთო, ერთად ვისეირნოთ ხოლმე, ოღონდ არა კარეტით... არა... კარეტით არაფრით არ უნდა... არა...

– მზითვზე არაფერი უთქვამს? – ჩაეკითხა ელიზაბეტი.

დრო რომ მოეგო, დედამ თავი მოაჩვენა, თითქოს ვერ გაიგონა ეს შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც ყველაზე მეტად უჭირდა.

– რაზე? – კითხვა შეუბრუნა.

– მზითვზე, დედა...

      აი, მთავარი... ელიზაბეტი სულაც არ იტყუებდა თავს და არც ილუზიებით საზრდოობდა. მშვენივრად ხვდებოდა, რომ მხოლოდ მზითვის გამო ირთავდა ცოლად ფაბრიციო. თავის საქმროზე მთელი შვიდი წლით იყო უფროსი და კარგა ხანია ნორჩი არ ეთქმოდა... უფრო მეტიც! – ისე დაჭკნა, არც კი გაფურჩქნილა ამ ცივ, პირქუშ სახლში, უსიცოცხლო ნივთებს შორის. არაფერი ჰქონდა ისეთი, რაც მამაკაცს მიიზიდავდა. ნუთუ უფულო კაცი მხოლოდ ჰერცოგ დი როზაბისთან დასანათესავებლად დათანხმდებოდა ამგვარ ქორწინებას? ამის შესახებ სიტყვაც კი გადაუკრა საკმაოდ მკაფიოდ, რადგან ალბათ წინასწარ ივარაუდა, რომ ჰერცოგი არასოდეს იკადრებდა, მას სიძესავით მოქცეოდა. ის კი არა, იმდენი თავხედობა ეყო, რომ ეღიარებინა, მე, ფაბრიციო პინჯიტერას, დემოკრატიული და ლიბერალური გრძნობების პატრონს (ახალგაზრდა ჰერცოგის მსგავსად, რომლის მეგობრობითაც სარგებლობდა), შესაძლებელია მსხვერპლი მომაქვს, ესოდენ კონსერვატორულად განწყობილ პატრიცს რომ ვუნათესავდები, მაგრამ ამას მხოლოდ მისთვის, სანდომიანი და გულკეთილი ელიზაბეტისთვის ვაკეთებო... ესე იგი, მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო, გაიფიქრა ელიზაბეტმა, თუმცა არც ზიზღი უგრძნია, არც შეძრწუნებულა. არა, არა, ნამდვილად არ უგრძნია არც ზიზღი, არც ძრწოლა! ყოველთვის ამაყად და ეჭვით ელოლიავებოდა თავის კეთილშობილურ ფიქრსა და გრძნობებს, რათა რაიმე უღირს შეხებას ლაქა არ მოეცხო მისთვის. მაგრამ ახლა ასე დაცემა და თავის დაცემის აღიარება, დამცირება, უარის თქმა – ელიზაბეტში არც რისხვას იწვევდა, არც საშინელებას, რადგან ყოველივე გარდუვალი და აუცილებელი იყო მიზნის მისაღწევად. მას სიცოცხლე უნდოდა, დედობა უნდოდა, შვილი, რომელიც მისი საკუთრება იქნებოდა, მხოლოდ მისი, ამას კი სხვა გზით ვერ მიაღწევდა. ეს ვნება მაშინ გაუჩნდა, როცა მთელი გულმოდგინება, მშობლიური სინაზე, სულიერი სიმშვიდე ორ პატარა ძმისშვილს მიუძღვნა. ერთი თვის წინ ისინი დედასთან ერთად წავიდნენ. არადა, მათი თვალები განთიადივით ანათებდა ამ მოღუშულ სახლს, მის გულშიც ენით აუწერელ სიხარულსა და სინაზეს აღვიძებდნენ, რამაც მთლად გარდაქმნა იგი. ო, რა ცეცხლს, რა წამებას არ აიტანდა ამ საყვარელი ბავშვებისთვის, ოღონდ კი დასცლოდა მათი მოვლა, კოცნა, ალერსი, შეძლებოდა სულ მცირე სურვილის დაკმაყოფილებაც კი; ოღონდ მათი პაწია ვარდისფერი ხელები სახეზე, მკერდზე შეხებოდა... რატომ არ შეიძლება, მასაც ჰყავდეს შვილი. რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი საკუთრება იქნება? ადამიანი შეიძლება ბედნიერებისგან გაგიჟდეს! ნებისმიერ დამცირებას, სირცხვილს, წამებას აიტანს ერთადერთი სიხარულისთვის – ჰყავდეს შვილი! ნუთუ შეეძლო არ მიექცია ყურადღება ახალგაზრდა მასწავლებლისთვის, რომელიც იმიტომ მოიწვიეს, რომ ორი პატარა არსება ანბანის სწავლებით ეწამებინა. მამიდას მუხლებზე მსხდარნი ერთი წუთითაც არ შორდებოდნენ მას. დათანხმდება კი ის ჰერცოგის დადგენილ პირობებზე? სამწუხაროდ, არავითარი მზითვი, დღეში მხოლოდ ოცი ლირა და მცირე თანხა გამოუყვეს ავეჯის შესაძენად. მაგრამ რაც უფრო მძიმე პირობებს შეუქმნიან, მზად არის, უფრო მეტი მსხვერპლი გაიღოს თავისი ბედნიერებისთვის, ოღონდ ის იყოს თანახმა! ო, როგორი მღელვარებით ელოდა საღამოს. დედას თვითონ უნდა წაეყენებინა პირობები სასიძოსთვის. და აი, ახლა იგი იქ არის, დედამისთან. საბრალო, კეთილი დედა, როგორ უჭირს! თვითონ ელიზაბეტი? ხელებს იმტვრევს, თვალებდახუჭული, სუნთქვაშეკრული და პირმოკუმული მისკენ მიიწევს მთელი სულითა და გულით, უტყვი მუდარით. „დათანხმდი! დათანხმდი! ვერც კი წარმოიდგენ, რას არ ჩავიდენ შენი გულისთვის, ოღონდ კი დათანხმდი!“ მერე ყური დაუგდო. „თუ უარს იტყვის, დედა კარში აჩრდილივით გამოჩნდება, უძლურად ხელებდაშვებული. თუ თანახმა იქნება, მაშინ უხმობენ... ღმერთო, ჩქარა, ჩქარა მაინც უხმონ!“... კარში აჩრდილივით გამოჩნდა მოხუცი ჰერცოგის მეუღლე. ელიზაბეტმა შეხედა დედას და იგრძნო, რომ მოთმინება ეკარგებოდა. მაგრამ დედა დილანდელივით მიუახლოვდა, მხარზე დაადო ხელი და უთხრა: თანახმაა, მაგრამ, აი, იმ პირობამ, რომ მსახურთა კიბით უნდა იაროს ჩვენთან, გააცოფა. ღმერთო ჩემო, თუ სადარბაზო კარი ყველასთვის დაკეტილია, თვით ჩემთვისაც კი!.. მეტისმეტად აღელვებული იყო და თქვა – ელიზაბეტს არ გავაღიზიანებ ჩემი... როგორ თქვა? – ჰო, ჩემი უკმაყოფილებითო! – წავიდა და მითხრა, აღარასოდეს ჩემი ფეხი ამ სახლში აღარ იქნებაო. ახლა ყოველდღე გარეთ შევხვდებით ერთმანეთს, მოვძებნით თავშესაფარს და აუცილებელ ნივთებს შევიძენთო. მას უნდა, ყველაფერი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. შეუძლებელია! ყველაფერი ასე სწრაფად დამთავრდა! სიხარულისგან ფრთაშესხმული ელიზაბეტი, რა თქმა უნდა, უფრო არ გალამაზებულა, მაგრამ ისეთი შუქი ჩაუდგა თვალებში, ისეთი სინაზითა და სევდიანი შთაგონებით გაიღიმა, მოკრძალებული გრაციოზულობა გამოეხატა მოძრაობის დროს – და ყველაფერი იმის გამო, რომ ამ კაცის მრისხანება დაეცხრო და დამცირების საპასუხოდ სიყვარული თუ არა, სრული მორჩილება და მადლიერება მაინც ეჩუქებინა. საცხოვრებელი მალე იშოვეს. საკმაოდ შორს, თითქმის ქალაქგარეთ – ვია კუბაზე, ნარინჯისა და ჟასმინის სუნით გაჟღენთილი. ელიზაბეტის მაქმანებით, ბაფთებითა და ნაქარგებით მორთული მდიდრული მზითვი კარგა ხანია მზად იყო. ავეჯი უბრალო, თითქმის სოფლური იყიდეს და მაშინვე შინ მიიტანეს. ქორწილიც შედგა – არც სტუმრები ჰყოლიათ, არც პატარძლის მშობლები დასწრებიან, თითქოს მალულად მოხდა ყველაფერი. თუმცა სამოქალაქო და საეკლესიო კანონები სრულად დაიცვეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა, ვერც ერთი ახალჯვარდაწერილი ელიზაბეტზე უკეთესად ვერ შეიგნებდა ამ ამბის მთელ სერიოზულობას და სიწმინდეს. ოთხი თვეც არ იქნებოდა გასული, რომ ქმარს უკვე ნაზად უყვარდა თავისი მეუღლე. ამ დროს მართლაც ძალიან სჭირდებოდა ქმრის სიახლოვე. როგორი მომხიბვლელი იყო სიხარულისგან განახლებული მისი არსება! მერე, როცა დედობის პირველი ნიშნები იგრძნო, გონებაარეული და თითქოს გაბრუებულიც კი იყო. ვეღარაფერს ამჩნევდა – ყველაფერ დანარჩენს მის თვალში ფასი დაეკარგა. სულ ერთი იყო, ქმარი შინიდან წავიდოდა, მოსვლას დააგვიანებდა თუ სულ არ დაბრუნდებოდა. არ აწუხებდა, რომ იგი სათანადო ყურადღებას არ აქცევდა და ცუდად ექცეოდა. არც ის აბრაზებდა, დედამისის მიერ ყოველდღიურად მოტანილი რამდენიმე საცოდავი ლირა ქმარს შინიდან რომ მიჰქონდა და ვინ იცის, სად ან ვისთან ხარჯავდა. არაფერს ყურადღებას არ აქცევდა, ოღონდ კი ხელი არ შეეშალა ბუნების წმინდა საიდუმლოსთვის, რომელიც მასში აღსრულებულიყო და რომელიც ალბათ სიხარულს მოუტანდა. გაცისკროვნებულ ცას შესციცინებდა და მთების ეშხით ტკბებოდა, თითქოს ისინი უხეში ქვებისგან არ იყვნენ შექმნილი და ცოცხალი არსებასავით ცხელ, სათუთ ჰაერს ისუნთქავდა. მზეს ეფიცხებოდა, მის შუქს, რომელიც პაწია ოთახს სულ სხვანაირად ანათებდა, ვიდრე მამამისის სასახლის სევდიან დარბაზებს.

– რა არის, დედა, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ბედნიერი ვარ, ბედნიერი!..

ეტლი ნელა, მდორედ მიდიოდა, რომ ფეხმძიმე ქალი არ დაენჯღრია. გამვლელები ჩერდებოდნენ და სიბრალულით უყურებდნენ ჰერცოგის მოხუც ცოლს, რომელიც დაქირავებულ ეტლში ღარიბულად ჩაცმული საკმაოდ ასაკოვანი ქალიშვილის გვერდით იჯდა. ღვიძლი მამისგან სახლიდან გამოგდებული ისე ჩუმად გათხოვდა, ვერავინ გაიგო, როდის მოხდა ეს ან ვის გაჰყვა. ორსულობის გამო მთლად დამახინჯებოდა სხეული. ეჰ, იღიმება, საცოდავი. დედა კი ასეთი სევდიანი თვალებით მისჩერებია. ჰერცოგის ცოლს ელიზაბეტის მხიარული გამომეტყველება თვალებს უბრმავებდა და აზრად არ მოსვლია, რომ ის არამზადა მის შვილს აშიმშილებდა. ერთხელ, როცა ელიზაბეტის დაპატიჟება მოინდომა ნამცხვარზე და მეეტლეს ანიშნა, საშაქარლამოსთან გააჩერეო, შვილმა ხუმრობით უთხრა, თუ ფულის დახარჯვას აპირებ, ნამცხვარს ისევ რაიმე ყუათიანი მირჩევნიაო. ვიცი კიდეც ასეთი ადგილი, სადაც კაცი დანაყრდება; ბოსტანში, ჩემი სახლის მახლობლად ერთი მოხუცი გლეხი ქალის ფარდული დგას, უამრავი მტრედი და ქათამი ჰყავს და იმისგან ვყიდულობ ყოველდღე კვერცხსო...

შიმშილობდა, შიმშილობდა. ნამდვილად ნაშიმშილები იყო!

– როგორ, ნუთუ სახლში არ სადილობ ხოლმე? – ჰკითხა დედამ რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ფარდულის წინ უბრალო ხის მაგიდასთან მჯდარი ქალიშვილი შემწვარ ქათამს ხარბად შეექცეოდა. ელიზაბეტს ჭამა არ შეუწყვეტია, ისე უპასუხა ღიმილით: – არა, რას ამბობ!.. იმდენს ვჭამ... იმდენს, იმდენს, მაგრამ მაინც ვერ ვივსებ კუჭს... აი, ახლაც ორი კაცის ტოლას ვანადგურებ!.. ამასობაში მოხუცი გლეხის ქალი მალულად ანიშნებდა ჰერცოგის მეუღლეს რაღაცას, რისი მნიშვნელობაც ქალს ვერ გაეგო. ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ნათელი, როცა ქალიშვილთან მივიდა. დედამ დაინახა, რომ პოლიციელები სახლს ჩხრეკდნენ. ფაბრიციო პინჯიტერა, რომელსაც ბრალი ედებოდა ყალბი საქმეების კეთებასა და ყალთაბანდური ბანდის წევრობაში, გაქცეულიყო და მისი გზა-კვალისთვის ვეღარ მიეგნოთ – საბერძნეთში წავიდა თუ ამერიკაში, არავინ იცოდა... ელიზაბეტი დედას შეეგება, თითქოს სურდა ეს სანახაობა დაემალა მისგან და ყრუ ხმით უთხრა: – არაფერია, დედა, არაფერი! არ შეგეშინდეს! ხომ ხედავ, მე მშვიდად ვარ, მადლობა ღმერთს, დედა, მადლობა ღმერთს, – და მთლად აცახცახებულმა ჩუმად ჩასჩურჩულა ყურში: – ახლა ვეღარასოდეს ნახავს ის, ვერ იცნობს, გესმის? და ის მარტო ჩემი იქნება, მხოლოდ ჩემი, ჩემი!.. ამდენი მღელვარების გამო ბავშვი ადრე დაიბადა – დედაც და ბავშვიც საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მაგრამ როცა ელიზაბეტი მოკეთდა და მის გვერდით მწოლიარე სუსტი, უმწეო, მტირალა არსება დაინახა, სითბოს რომ ეძებდა და თბილ რძესთან ერთად დედის უბის სიტკბოსაც ეძებდა, მოეჩვენა – სიხარულისგან ვგიჟდებიო. ელიზაბეტი ვერ ხვდებოდა, რატომ სევდიანდებოდა დედამისი უფრო და უფრო მეტად, მიუხედავად იმისა, რომ მას ასე მხიარულს ხედავდა, და სულ უფრო მეტად გულჩათხრობილიც ხდებოდა. რატომ?!. ბოლოს ჰერცოგის მეუღლე გამოუტყდა: – ვფიქრობდი, რომ მას მერე, რაც იმ ნაძირალამ მიგატოვა, მამაშენს შეეცოდებოდი და ისევ შინ დაგაბრუნებდა, მაგრამ არა, არ მოინდომა...

– აი, თურმე რა ყოფილა! – წამოიძახა ელიზაბეტმა. – საბრალო დედა! როგორ მეცოდები. კი მაგრამ, მე უარესად ვიღელვებდი, იძულებული რომ გავმხდარიყავი, ჩემი ბავშვი იმ პირქუშ, ცივ სახლში მიმეყვანა და გამეზარდა. ხომ ხედავ, როგორ უხარია ნაზი, თბილი შუქის ხილვა, ხედავ?.. ელიზაბეტმა ბავშვი მზის სხივებს მიაფიცხა. ცარიელ ოთახში, სადაც ყველაფერს უბიწო უბრალოება ეფინა, ღია ფანჯრებიდან და კარიდან მხიარულად იჭყიტებოდა კაშკაშა მზე.

ნახვა: 565

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters