რომენ როლანი - კოლა ბრონიონი


   შამუს ბატკანი ყველა ბატკანს სჯობს, სამი მიუშვი, მგელსაც წაახრჩობს.
შუა თებერვალი. მარანი მალე დაცარიელდა. ჩვენი ჰერცოგის, ბატონიშვილ დე ნევერის მიერ ჩვენს დასაცავად გამოგზავნილმა მეომრებმა იერიში უკანასკნელ კასრზე მიიტანეს. აბა, დროს ნუ დავკარგავთ, მათთან ერთად გადავკრათ. დავიქცევი? კეთილი და პატიოსანი, წინააღმდეგი როდი ვარ, მაგრამ მინდა მხიარულად დავიქცე; პირველი ხომ არ არის და, თუ უფალმა ინება, უკანასკნელიც არ იქნება...
   კარგი ბიჭები არიან, მე და ჩემმა ღმერთმა! კარგი ბიჭები! წარმოიდგინეთ, ღვთიური სითხე მელევა-მეთქი, რომ ვუთხარი, ჩემზე უფრო ეწყინათ. ვიცი, ზოგიერთი მეზობელი ასეთ რამეზე სასოწარკვეთილებას მიეცემოდა; მე კი მეტი აღარ შემიძლია, თავი მობეზრებული მაქვს; ჩემს ცხოვრებაში თეატრში ხშირად ვყოფილვარ და ჯამბაზებს ყურადღებას არ ვაქცევ. ბევრი მინახავს ასეთი სიფათი ამ ქვეყანაზე ხეტიალისას: შვეიცარიელები, გერმანელები, გასკონელები, ლოტარინგიელები, მეომარი ხვადაგები, ჯავშან-ჩაჩქანში ჩამსხდარნი, იარაღით ხელში, გაუმაძღარნი, დამშეული ნაგაზები, კეთილი კაცის ჭამით რომ ვერ ძღებიან. ნეტავი ოდესმე თუ ვინმე მიმხვდარა, ვისთვის ან რისთვის იბრძვიან ეს ვაჟბატონები? გუშინ მეფისათვის, დღეს კი ლიგისათვის. ხან ფარისევლები არიან და ხან ჰუგენოტები, საუკეთესო მათგანნი ჩამოსახრჩობ თოკადაც არა ღირან. აბა, ერთი მითხარით, ჩვენ რა გვესაქმება, თუ რომელიმე ხელმრუდე ბარონი თაღლითობს სამეფო კარზე? მერე რარიგ უნდათ თავიანთ საქმეებში მამა-ღმერთიც ჩარიონ... ჯანდაბა და დოზანა, ხალხნო და ჯამაათნო, შეეშვით უფალს, ხნიერი კაცია. თუ კანი გექავებათ, ერთმანეთი ატყავეთ, ღმერთს არაფერში სჭირდებით, რამდენადაც ვიცი, ცალხელა არ არის და თუ ესიამოვნება, თვითონვე მოიფხანს.

   მაგრამ, აი, უბედურება; განუზრახავთ, მეც ღმერთს ვეღლაბუცო... პატივსა გცემ, უფალო! ბაქიობა რა საჭიროა და მწამს კი, რომ დღეში რამდენიმეჯერ გხვდები, თუ მართალია ჩვენი გალური ანდაზა: „ვინც თვრება, ღმერთს ხვდება“. არა, უფალო, მე ფიქრადაც არ მომივა დავიჩემო, როგორც ამას ის მუზმუზელა ხალხი ამბობს, ღმერთს კარგად ვიცნობ, ჩემი დეიდაშვილია და თავის ნება-სურვილს ნიადაგ მამცნობს-მეთქი; ხომ არ გაწუხებ, უფალო, მოდი და, ნურც შენ შემაწუხებ. ორივეს თავსაყრელი საქმე გვაქვს, შენ - შენს სამყაროში, მე კი ჩემს პატარა სამთავროში. ზეციერო, თავისუფლება მიბოძე, არა? მეც შენს ნებაზე მიმიშვიხარ, მაგრამ იმ ნაძირალებს განუზრახავთ, შენი საქმეები განვაგო, შენი სახელით ვილაპარაკო, ვთქვა, თუ როგორ შეგახრამუნებ და ვინც სხვანაირად შეგახრამუნებს, შენსა და ჩემს მტრად გამოვაცხადო! ჩემს მტრად? ღმერთმა დამიფაროს, როგორ გეკადრებათ. მე მტერი არა მყავს. ყველა ჩემი მეგობარია. ჩხუბობენ? კისერიც უტეხიათ. მე არ ჩავერევი. „ქვა აგორდი, მე ამშორდი“. მაგრამ იმ უნიფხოებს რომ არ უნდათ? თუ ერთის მტერი არა ვარ, მეორე ამეკიდება ზურგზე, თუ არც მეორესა ვმტრობ, - ორივე მეცემა ხოლმე. კეთილი, რაკი ორივემ ყოველთვის მე უნდა მბეგვოს, მოდი, ჩვენც ვბეგვოთ. ასე სჯობია. ჯერ გრდემლი ვიყოთ, მერე კი - ურო.
   ნეტავ ვინ მეტყვის, რად გაჩნდა ამქვეყნად ყველა ეს ხვადაგი, ძარცვის თავადი, ფეოდალი, პოლიტიკოსი, ბატონიშვილი, ამდენი ცხოველი, საფრანგეთის სისხლისმწოველი. მარად ქვეყნის დიდებაზე გალობენ და მის ძარცვას კი არ თაკილობენ; ჩვენი ღლეტით რომ ვერ იჯერეს გული, სხვისი ბეღლის შესანსვლას ლამობენ. ემუქრებიან გერმანიას, იტალიის დაპყრობა სურთ, ცხვირს ყოფენ სულთანის ჰარამხანაში, დედამიწის ნახევარი უნდათ ხელთ იგდონ და კომბოსტო რომ კომბოსტოა, ისიც ვერ მოუყვანიათ. აბა, აბა, მშვიდად, კოლა, ნუ ბრაზობ-მეთქი; ყველაფერი, რაც არის, რიგზეა... სანამ არ გავაუმჯობესებთ (როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა). წყალწაღებული ცხოველიც გამოსადეგია. გამიგონია, ვითომც ერთხელ მამა-ღმერთს (უფალო, რა ხათაბალაა, დღეს სულ შენზე ვლაპარაკობ) წმინდა პეტრესთან ერთად ბეიანის გარეუბანში სეირნობისას ერთი კარის ზღურბლზე მოწყენილი ქალი დაენახოს. იმდენად დაღონებული ყოფილა ქალი, რომ უფალს შებრალებია, ჯიბის ღილი შეუხსნია, ასიოდე ტილი ამოუღია, ქალისთვის გადაუყრია და უთქვამს: „გამომართვი, შვილო, და გაერთე“. ქალი მყისვე გამოცოცხლებულა, დაუწყია ნადირობა და როგორც კი დაიჭერდა ტილს, კისკისებდა თურმე. ჩვენი ორფეხა ტილებიც უთუოდ ჩვენს გასართობად ბოძებული ციური წყალობაა. მაშ, ვიმხიარულოთ! ტაში! ტაში! ტილები თურმე ჯანმრთელობის ნიშანია (ტილები ჩვენი ბატონებია). თუკი ასეა, მაშ, გავიხაროთ, ჩვენზე ჯანსაღი კაცი არ ყოფილა. ერთ რამეს გეტყვით (ჩვენში კი დარჩეს): „მოთმინება იქონიეთ და ... ბოლო ჩვენია. სუსხსა და ყინვას, ბანაკებისა და სამეფო კარის ნაძირალებს დიდი დღე არა აქვთ... წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო; დარჩება მადლიანი მიწა და დავრჩებით ჩვენც მის დასამაკებლად. ზარალს ერთი ნაბარტყით ავანაზღაურებთ... მანამ კი კასრი სულ გამოვცალოთ. მომავალი რთველისათვის ჭურჭელი გვჭირდება“.

*

   ჩემი ქალიშვილი მარტინა მეუბნება: - ბაქია ხარ. ვინმემ რომ გისმინოს, იფიქრებს, ეს კაცი მხოლოდ ყბებით მუშაობს, დოყლაპიასავით დაეხეტება, ბუზებს ითვლის, სარეკელასავით ყბედობს, უსმელობისაგან ამთქნარებს, ქეიფისათვის ცხოვრობს და მზად არის, რონა და გარონა შესვასო. ნამდვილად კი უქმად ერთი დღეც ვერ გაჩერდები. ძალიან გინდა იფიქრონ შენზე, რომ ქარიფანტია ვინმე ხარ, ჩიტირეკია, ქარაფშუტა, ბედოვლათი, უწესრიგო, რომელმაც არც კი იცის, რა აქვს ქისაში, ანდა, რა დაუხარჯავს; ავად გახდებოდი, შენი სამუშაო დღე საათივით აწყობილი რომ არა გქონდეს. უკანასკნელ გროშამდე იცი, რა დაგიხარჯავს აღდგომიდან დღემდე და შენი გამბრიყვებელი არავის უნახავს... უცოდველი გიჟუნია! ერთი ამ ლამაზ ბატკანს დამიხედეთ!.. შამუს ბატკანი ყველა ბატკანს სჯობს, სამი მიუშვი, მგელსაც წაახრჩობს.

   ვიცინი, არ ვედავები ენამახვილ ქალბატონს. მართალია გოგო, მხოლოდ იმაში ცდება, რომ ამბობს ამას, მაგრამ ქალს მარტო იმის დამალვა შეუძლია, რაც არ იცის. მიცნობს მარტინა, მიცნობს იმიტომ, რომ ჩემი ნაშიერია; აბა, კოლა, ამაში მაინც გამოტყდი, ბიჭო, რომ რამდენიც არ უნდა იგიჟმაჟო, არა და არა, ვერ გახდები გიჟლარა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ფრანგს, შენცა გაქვს შემონახული სიანცე, რომელსაც როდესაც გსურს, გამოაჩენ, ანდა გადამალავ, თუ სამუშაოდ თავისუფალი ხელები და ნათელი გონება გჭირდება. როგორც ყველა ფრანგს, შენცა გაქვს მაგ გოგრაში ჩანერგილი გონიერებისა და წესრიგის ინსტიქტი, ამიტომაც შეგიძლია თავშესაქცევად იბაქიბუქო; ეს მხოლოდ იმათთვისაა საშიში, ვინც დოყლაპიებივით პირდაღებულნი გიყურებენ და სურთ მოგბაძონ. (ბრიყვები!) ლამაზი სიტყვები, როხროხა ლექსები, ზვიადი ზრახვები საამო რამ არის; აღვეგზნები, ცეცხლი მედება, მაგრამ მხოლოდ ფიჩხსა ვწვავ, ბეჯითად დაწყობილ შეშას კი საწყობში ვინახავ. მხიარულდება ჩემი ფანტაზია, წარმოდგენას უმართავს გონებას, რომელიც არხეინად მოკალათებულა და ტკბება სანახაობით. ყველაფერი მათრობს და მახალისებს. სამყარო თეატრად მაქვს, ჩემი სავარძლიდან ვუყურებ კომედიას, ტაშს ვუკრავ მატამორს , ანდა ფრანკატრიპას; ასპარეზისა და მეფური ზეიმების ცქერით ვტკბები, შეძახილებით ვამხნევებ ხალხს, რომელიც ჩემი სიამოვნებისათვის ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ და ბოლოს, უფრო სასაცილო რომ გავხადო, ყასიდად მეც ვერევი, თითქოს ამ ოინბაზობისა მჯეროდეს. მაგრამ ოჰე: ვინ მოგახსენათ, ზუსტად იმდენი მჯერა, რამდენიც გასართობადაა საჭირო. ასევე ვუსმენ ზღაპრებს ფერიებზე... და განა მარტო ფერიებზე! აი, ცის კამარის ყველაზე მაღალ და ნათელ სფეროში ერთი მსუქანი ვაჟბატონი ცხოვრობს... ჩვენ მას დიდ პატივსა ვცემთ; როდესაც ის გალობით, ჯვრითა და ბაირაღით ხელში ჩვენს ქუჩებში გაივლის, კედლებს თეთრი ზეწრებით ვმოსავთ. ჩვენს შორის დარჩეს და ... ენა ჩაიგდე, შე სულძაღლო ლაზღანდარავ, შენა! კოცონის სუნი მცემს... უფალო, არაფერი მითქვამს. ბოდიში. ქუდს ვიხდი შენს წინაშე.
თებერვლის ბოლო
ვირმა ველი მოასუფთავა და იფიქრა, ახლა რა საჭიროა ამ მინდვრის დარაჯობაო და მეზობელი ველებისაკენ გაემართა საბალახოდ (სადარაჯოდ-მეთქი, უნდა მეთქვა). დილით აიყარა ბატონ დე ნევერის გარნიზონი. ბიჭები ისე იყვნენ კურატებივით ჩასუქებულნი, რომ მათი ნახვა გეამებოდათ. ნამდვილად მქონდა უფლება მეამაყა ჩვენი სამზარეულოთი. ერთმანეთს გულთბილად დავემშვიდობეთ. თავაზიანად, ალერსიანად გვისურვეს პურის უხვი მოსავალი, გვისურვეს, ვენახი არ დაგვსეტყვოდა.
- ძია, ყოჩაღად იმუშავეთ, - მითხრა ჩემმა სტუმარმა ფიაკრ ბოლაკრმა (ძიას მეძახის და მე ეს უდავოდ დავიმსახურე. ხომ გაგიგონიათ: „იმას ვეძახი ბიძაჩემს, ვინც რომ გემრიელ პურს მაჭმევს“), - ჯაფას ნუ დაიზარებ, ვაზის გასხვლა არ დაგავიწყდეს, წმინდა მარტენის დღეობაზე დასალევად გეახლებითო...
   კარგი ბიჭებია, მე და ჩემმა ღმერთმა; ყოველთვის მზად არიან სუფრას მოუსხდნენ და ხელადასთან მოჭიდავე კაცს შეეშველონ.
მათი წასვლის შემდეგ თავს შეღავათიანად ვგრძნობთ. ფრთხილად აღებენ სამალავის კარს მეზობლები. ასე გასინჯეთ, იმანაც კი, ვისაც ბოლო დღეებში ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა და შიმშილისაგან ისე კვნესოდა, თითქოს მუცელში მგელი უზისო, თავის ბეღელში ჩალის ქვეშ ან მარნის სამალავში ნადირის დასაპურებელი აღმოაჩინა. არ დარჩენილა არც ერთი კონკიაჟღარუნა, ვისაც კვნესა-წუწუნის მიუხედავად ერთი კასრი კარგი ღვინო მაინც არ შემოენახა. წამოიდგინეთ, მეც კი (ღმერთმანი, ვერ გამიგია, როგორ მომივიდა ასეთი რამ), ჩემი დისწული ფიაკრ ბოლაკრი გავისტუმრე თუ არა (იუდეის გარეუბნამდე მივაცილე), თავში შემოვირტყი: უცბად შაბლის ერთი პატარა, ჩამრგვალებული კასრი მომაგონდა; ნაკელში ეგდო, მივიწყებული, თბილად რომ ყოფილიყო, იქ იმიტომ შევინახე; მეტად შევწუხდი, ვაი, როგორ შევწუხდი; მაგრამ მახლას, რაც მოხდა, მოხდა; რაღას გააწყობ, უნდა შეურიგდე... მეც შევურიგდი. ბოლაკრ, ჩემო დისწულო! აფსუს, ბოლაკრ, რომ იცოდე, რა დაკარგე, რა ნექტარი, რა ბუკეტი!.. არა, არაფერს დაკარგავ, შვილოსა, შენს სადღეგრძელოს მაინც დავლევ.
   სახლიდან სახლში გადავდივართ. ვმეზობლობთ, შემთხვევით სარდაფში ნაპოვნ ხორაგს ვათვალიერებთ, ერთმანეთს ვკოცნით. მოგვებივით ვჭუტავთ თვალებს, ვლაპარაკობთ ზარალზე და ვნებაზე (ქალებისათვის მიყენებულ წყენაზე); კაცს ხომ მეზობლის ზიანი გართობს, შენსას გავიწყებს. გვაინტერესებს ვენსენ პლუვიოს მეუღლის ჯანმრთელობა. ქალაქში ჯარის ყოველი ბანაკობის შემდეგ, საოცარი შემთხვევითობით, გალთა ქვეყნის ამ მხნე ასულს ფეხი უმძიმდება და მუცელი უსივდება. ვულოცავთ ბედნიერ მამას, აღტაცებაში მოვდივართ მისი თირკმლების ნაყოფიერებით ჟამსა საზოგადოებრივის განსაცდელისასა. ყოველგვარი ბოროტი ზრახვების გარეშე, მეგობრულად, ხუმრობით ღიპზე ვუთათუნებ ცუღლუტს და ვამბობ: „დიდებული სახლ-კარის პატრონო, ვენსენ ბატონო, თქვენი ოჯახი ერთადერთია, სადაც მუცელი მადლიერია, როდესაც სხვების ცარიელია“. ყველა გულიანად იცინის, რა თქმა უნდა, მორიდებით, ესე იგი, ფართოდ ხახადაფჩენილი, როგორც აღვირაწყვეტილი ტუტრუცანა; მაგრამ მეზობელი პლუვიო ქებას თაკილობს და მეუბნება, უკეთესია შენს ცოლს მიხედოო. ვეუბნები: პლუვიო, ჩემი ცოლის ბედნიერ პატრონს შეუძლია არხეინად ეძინოს, საუნჯეს არავინ მოსტაცებს-მეთქი. იმდენად ბოროტია ეს ხალხი, რომ ზრდილობისათვისაც კი არავინ მედავება.

*

   აი, ყველიერის ბედნიერი დღეებიც. რაც უნდა გვიჭირდეს, მაინც ღირსეულად უნდა დავხვდეთ ყველიერს. ეს ხომ ჩვენი ქალაქის, ყოველი ჩვენთაგანის ღირსების საქმეა. აბა, რას იტყვიან კლამსიზე, ძეხვებით სახელგანთქმულ მხარეზე, ყველიერის ძეხვი რომ არ გვქონდეს... ისმის ტაფების შიშხინი, ქონის საამო სუნით იჟღინთება ქუჩაში ჰაერი. ააგდეთ ფასალი! უფრო მაღლა, უფრო მაღლა ააგდეთ ჩემი გლოდისთვის!..
ისმის დოლების დაფდაფი, სტვირის შემოძახილი, სიცილი, კივილი. იუდეის მეუფენი მობრძანდებიან სტუმრად რომში. წინ მუსიკოსები და შუბოსნები მოუძღვებიან; ცხვირებით აპობენ ბრბოს. ხორთუმისებრი, შუბისებრი, სანადირო ბუკისებრი, საყვირისებრი ცხვირებით. ზოგს ცხვირზე ეკლები აუსხამს, ზოგს ჩიტი წამოუსკუპებია. ეს ცუღლუტები ჯგვლემენ დოყლაპიებს, გოგოებს კალთებქვეშ ხელებს უფათურებენ; ყვირიან ლამაზები. ანაზდად ყველა განზე დგება, გარბის. ურნალივით მოექანება ცხვირთა მეფე და ძველებური ქვემეხის მსგავს გორგოლებიან ზედადგარზე მოაგორებს თავის ცხვირს.
   უკან მოსდევს დიდი მარხვის ეტლზე გაპაპაჯვარებული... თევზიყლაპიათა იმპერატორი. რამდენი გაფითრებული, გამწვანებული, გაძვალტყავებული, ანაფორაწამოსხმული, არახჩინის ქვეშ მოკანკალე ან თევზის თავით შემკული სიფათია. რამდენი თევზი! ერთს ქორჭილა ან ჭანარი უჭირავს ხელში, მეორე ლიფსიტებწამოცმულ ორკაპს ატრიალებს, მესამეს ქარიყლაპიას თავი წამოუცვამს. ქარიყლაპიას პირიდან ნაფოტა გამოდის; ნაფოტა თევზით სავსე მუცელს ხერხით იფატრავს, რათა იმშობიაროს. ვუყურებ და მათ შემყურეს მუცლის გვრემა მომდის... აი, ამათ კი პირი დაუღიათ და შიგ თითებს იჩრიან, ცდილობენ პირის გაგანიერებას, რომ კვერცხები გადაყლაპონ, (მოიტათ ღვინო!) სუნთქვა ეკვრით, ყელში კვერცხი აღარ გადასდით. აქეთ და იქით, მარჯვნივ და მარცხნივ, ეტლზე, ბუკნაჭოტების ღრანჭები, ბერები, ანაფორები, მეთევზეები წილკავით ბიჭბუჭებს იჭერენ; თიკნებივით ხტიან ანკესზე წამოცმული ცუღლუტები, პირი დაუღიათ და ჰაერში იჭერენ კანფეტებს და შაქარლამას, ხრამუნ, ხრამუნ, ხრამუნე, მოდი შეახრამუნე! მათ უკან კი მზარეულად გადაცმული ავი სული ცეკვავს, - ხელში ქვაბი და ჩამჩა უჭირავს და კიბის თვალიდან ამოყოფილ ჩაჩიან და დაღრანჯულ თავებს, ერთმანეთზე გადაბმულ ექვსიოდე ფეხშიშველ ცოდვილს პირში თხლეს ასხამს.
   აი გამარჯვებულნიც, დღევანდელი დღის გმირები! ღორების ტახტზე დაშაშხულ ენათა თაღქვეშ მობრძანდება ცერცველების გვირგვინით თავშემკული დედოფალი, ყელი სოსისების კრიალოსნით შეუმკია, ფუნჩულა თითებით კეკლუცად ეალერსება და მარცვლავს ამ საყველიერო ყელსაბამს. დედოფალს შეიარაღებული მხლებლები მოჰყვებიან, თეთრი და შავი კუპატები, კლამსის ძეხვები. ისინი პოლკოვნიკ კუპატმაჭახელას გამარჯვებისკენ მიჰყავს: კრიალა მახათ-შამფურით შეიარაღებულთ და ჩასუქებულთ მართლაც დიდებული იერი აქვთ. მიყვარან ეს დიდებულნიც, მათი მუცელი ქვაბია, სხეული - შებრაწული პაშტეტი; მოგვ მეფეთა მსგავსად, ვის ღორის თავი, ვის შავი ყურძნის დოქი ღვინო და ვის კიდევ დიჟონის მდოგვი მოაქვს. თითბერის საკრავების, წინწილების, ქაფქირებისა და ტაშტების დაფდაფზე, საერთო ხმაურში ვირზე ამხედრებული მობრძანდება რქოსანთა მეფე, დოსტი პლუვიო ვენსენი! ძაღლის ბედი აქვს, ის აურჩევიათ, ის. ვირზე პირუკუ შემჯდარი, დოლბანდით თავწაკრული, თასით ხელში ზვიადად უსმენს ჭოკითა და ჭოგრით შეიარაღებულ მეტივეებს, თავის მხლებლებსა და რქიან ეშმაკებს. მხლებლები კრიალა ხმით, კარგ და გულღია ფრანგულ ენაზე დაუღალავად ღრიალებენ ვენსენ ბატონის ამბავსა და დიდებას; ჩვენი ვენსენი, ვითარცა ბრძენი, უკადრისობას როდი ამჟღავნებს. გულცივად სვამს, ყელს ისველებს, მაგრამ, როდესაც მსგავსი ბედნიერებით ცნობილი სახლის წინ გაივლის, თასს მაღლა სწევს და ყვირის: „ჰეი, კოლეგა, შენი სადღეგრძელო იყოს“.
   კორტეჟის ბოლოში მობრძანდება გაზაფხული: კეკლუცი ასული, ლამაზი, ვარდისფერი, მალხაზი, თხილნარში მოკრეფილ მწვანე კოკობებით ჯვარედინად გარშემორტყმული. ხუჭუჭა, ქერა თმებში ღიაყვითელი ფურისულები ჩაუწნავს, მკერდს ორი საამო მრგვალი კოკორი უმშვენებს, ქამარზე სავსე და წკარუნა ქისა ჰკიდია, ხელში კალათა უჭირავს. ქერა წარბები აუწევია, თვალები ფართოდ გაუხელია, დანასავით მჭრელკიჭებიანი პირი დაუღია და „მერცხალი დაგვიბრუნდებაო“, მღერის და მღერის. ორ უღელ თეთრხარებშებმულ ურიკაზე გვერდს მზეთუნახავები უმშვენებენ, - მორთული, ფუნჩულა, ტანაყრილი, ჩამრგვალებული, ზომაზე შებრაწული ხათუნების ჯარი. ისეთი ლამაზები არიან, ერთი სიტყვით, ისეთი, რომ... თითს ჩაატან... მათ გვერდით კი გარდამავალი ასაკის, აქა-იქ ამოსული სუსტი ხეების მსგავსი პატარა გოგონები ჩაცუცქულან. ყოველ მათგანს რაღაც აკლია ან წინ, ან უკან, მიუხედავად ამისა, მგელი ასეთ საუზმეზე უარს არ იტყოდა. ამ უშნო, მაგრამ მაინც ლამაზ გოგონებს გალიით გადამფრენი ჩიტები მოჰყავთ, ან კიდევ გაზაფხულის დედოფლის კალათიდან დოყლაპიებს უყრიან ფუნთუშებს, სიურპრიზებს, ქაღალდის ფუთებს, რომელშიაც პოულობენ ჩიხორებსა და ქუდებს, დაშაქრულ ნუშის გულს, დაწერილ ბედს, სატრფიალო ლექსს, ანდა, კიდევ უკეთესს, დაგრძელებულ რქებს.
ბაზრის მახლობლად, კოშკის მისადგომთან, ქალწულნი ურიკიდან დიდ მოედანზე ხტებიან, ნოქრებთან და გადამწერლებთან ცეკვავენ; ყველიერი, დიდი მარხვა და რქოსანთა მეფე ტრიუმფალურ მარშს განაგრძობენ, ყოველ ოც ნაბიჯზე ჩერდებიან, რათა ამცნონ ხალხს და ჯამაათს ჭეშმარიტება, ან სასმისის ფსკერზე ეძიონ იგი...
დაგვისხით ღვინო, დაგვალევინეთ, ძმაკაცი ისე როგორ გავუშვათ, მის ყელში ღვინო რომ არ ჩავუშვათ.
   ბევრი სმა ენას ამძიმებს, გუნებას ასველებს. მეგობარ პლუვიოს თავისი ამალითურთ მორიგ გაჩერებაზე სამიკიტნოს აბრის ჩრდილში ვტოვებ. დიდებული და მშვენიერი დღეა. გალიაში გამოკეტილი რად უნდა დავრჩე? წავიდეთ, მინდვრის ჰაერი ვისუნთქოთ.
თავისი სოფლიდან ვირშებმული ურიკით წმინდა მარტენის ეკლესიის დეკანოზთან სანადიმოდ ჩამოსული ჩემი ძველი მეგობარი მოძღვარი შამაი მთხოვს, ცოტაზე გავაცილო. მიმყავს გლოდი და ჯაბახანა საზიდარში ვსხდებით. აცე, ვირო!.. მუტრუკი ისე პატარაა, ისე პატარა, რომ შამაის ვეუბნები, ჩემსა და გლოდს შორის საზიდარზე დავსვათ-მეთქი... ჩვენ წინ თეთრი გზა იშლება, ჩაჩანაკი მზე თვლემს; თავის კერიასთან თვითონ ძლივს თბება, ჩვენ რას გაგვათბობს. იძინებს ფიქრსმიცემული მუტრუკიც და ჩერდება. აღშფოთებული მოძღვარი თავისი ზარისებრი ხმით შეუძახებს:

- მადელონ!
ვირი კრთება. წვრილ ფეხებს აბაკუნებს, ორ ნაკვალევს შორის დაბორიალობს, კვლავ ჩერდება. ფიქრს ეძლევა. ჩვენს ლანძღვა-გინებას აინუნშიაც არ აგდებს.
- ჰა, შე წყეულო შენა, ზურგზე ჯვარი რომ არ გქონდეს გამოსახული, როგორ გადაგამტვრევდი ამ ხელკეტს ხერხემალზე, - იღრინება შამაი და მუტრუკს გავაზე ჯოხს უთათუნებს.
პირველ სახამროსთან, გზის მოსახვევში ვისვენებთ. გზა ჩადის თეთრ სოფელ არმში, თავმომწონედ რომ იცქირება ანკარა წყალში. იქვე, მახლობლად, მინდვრის შუაგულში, დიდი კაკლის ირგვლივ, რომელსაც შავი მკლავები და ამაყი, ტიტველი ტანი ცისკენ აუშვერია, ქალიშვილებს ფერხული ჩაუბამთ. წავიდეთ. ვიცეკვოთ... გოგონებს ყველიერის ფასალი მოუტანიათ ჭორიკანა კაჭკაჭისათვის.
- აბა, გლოდი, ბუდის კიდეზე თეთრ ელეგში მორთულ ყიჭალა მარგოს შეხედე, აი იქ, მაღლა, სულ მაღლა. ძირს იყურება, უნდა ყველაფერი დაინახოს; ცნობისმოყვარე სალახანა! მის მრგვალ თვალს და ლაქლაქა ენას რომ არაფერი გამოეპაროს, სახლი მაღალი ხის კენწეროზე გაუშენებია, არც კარი აქვს და არც ფანჯარა, აწვიმს და ათოვს. იყინება, სველდება, მერე რა! სამაგიეროდ ყველაფერს ხედავს. რატომღაც ცუდ ხასიათზეა. თითქოს გვეუბნება: „რა თავში ვიხლი მე თქვენს ძღვენს, უკანვე წაიღეთ. როგორ გგონიათ, თქვენი ფასალი რომ მსურდეს, ვერ მოვფრინდებოდი და ვერ წავიღებდი? ჭამო ის, რასაც გაძლევენ, აბა, რა გასახარია. მხოლოდ ის არის საამო, რაც ნაქურდ-ნაპარავია“.
- პაპა, მაშ, რად აძლევენ ლამაზი ბაბთებით მორთულ ფასალს, რად ულოცავენ დღესასწაულს მაგ ბაცაცა კანტალას.
- ეს იმიტომ, ჩემო პატარა, რომ სჯობს ბოროტთან მეგობრობა, ვიდრე მასთან დავა, მტრობა.
- ეჰ, კოლა, კოლა, კარგ რამეს ასწავლი ბავშვს, - ბუზღუნებს შამაი.
- მე განა ვეუბნები, კარგია-მეთქი, მხოლოდ იმას ვამბობ, რასაც ყველა აკეთებს; აბა, გაბედე და თქვი, როდესაც საქმე ერთ-ერთ შენს ღვთისმოსავ დედაკაცთან გაქვს, რომელიც ყველაფერს ხედავს, ყველაფერი იცის, არ აჩერებს პირს, ყველგან ყოფს ცხვირს, ქიშელა ავყიობით აქვს სავსე, რომ ჩავაჩუმო, პირში ფასალს არა ვჩრიო!
- ეჰ, უფალო! ეგ რომ კმაროდეს! - წამოიძახა მოძღვარმა.
- მე კი მარგოს ცილი დავწამე, ის ასეთ ქალს სჯობია, მის ენას ზოგჯერ სარგებელიც მოაქვს.
- მაინც როდის, პაპა?
- როდესაც მგელი მოდის, ყვირის ხოლმე...
სწორედ ამ სიტყვებზე კაჭკაჭი იწყებს ყვირილს, ლანძღვას, წყევლას; ფრთებს შლის, ნავარდობს, გინებით ამკობს, არ ვიცი, ვის, რას; უთუოდ ვიღაცას, ვინც არმის ველზეა. ტყისპირეთიდან მკვახე და გაბრაზებული ტონით ბანს აძლევენ მისი ფრთოსანი ძმაკაცები, მხიარული გუგული შარლო და ყვავი კოლა; ხალხი იცინის, ყვირის: „მგელი, მგელი“. არავის სჯერა, მაგრამ მაინც სანახავად მიდიან (ყურით გაგონილს თვალით ნანახი სჯობიაო...) და რას ხედავენ? ღმერთო ჩემო! ამხედრებული ბანდა ჩორთით ამოდის ფერდობზე. ვიცანი, ეს ვეზლეის ჯარია, გაიგეს ავაზაკებმა, რომ ქალაქი დაუცავია და გადაწყვიტეს წაასწრონ კაჭკაჭს (ამას კი არა) ბუდეში.
მერწმუნეთ, რომ მათ ცქერაში დროს არ ვკარგავთ. ყველა ყვირის, ჭყივის: „თავს უშველეთ!“ ატყდა ერთი ჯახა-ჯუხი, აურზაური. მიიძურწებიან გზაზე, მინდვრებზე, ვინ ქუდმოგლეჯილი გარბის, ვინ კიდევ უკანალზე მიგორავს. ჩვენ სამნი ურიკაზე ვსხდებით, ისარივით მიფრინავს მადელონი, თითქოს ესმოდეს რა ხდება ირგვლივ. მოძღვარ შამაის დაავიწყდა ჯვარგამოსახული მუტრუკის პატივისცემა და უმოწყალოდ უმათრახებს ზურგს. დასაკლავი გოჭებივით მყვირალა ხალხის ტალღას მივაპობთ, და ბოლოს, როგორც იქნა, მტვრითა და დიდებით მოსილნი შევდივართ კლამსიში, ფეხდაფეხ მოგვდევენ დანარჩენებიც, მივქრივართ, ურიკა ხტის, მადელონი ფეხს მიწას არ აკარებს, მოძღვარი მუტრუკს ამათრახებს, ყვირილით ბეიანის გარეუბანს ვჭრით: - მტერი მოდის, მტერი!
ჩვენს დანახვაზე ხალხი იცინოდა, მაგრამ მალე მათაც ალღო აართვეს და მყისვე, თითქოს ჭიანჭველების ბუდეში ჯოხი შეყვესო, იწყეს ფუსფუსი, შერბენ-გამორჩენა. იარაღს ისხამენ მამაკაცები, ფუთებს კრავენ დედაკაცები; სახელდახელოდ შეკრულ ფუთებს, გუდაკალათებს, ურიკებზე აწყობენ; ქოხმახებს ტოვებენ გარეუბნელები, ქალაქის გალავანს აფარებენ თავს, ნიღბებით, რქებით, ბრჭყალებით, ღიპებით; ვინ გარგანტუად და ვინ კიდევ ბელზებელად გადაცმულა, ბარჯებით და ხოჭებით შეიარაღებულმა მეტივეებმა ფიცხლად სიმაგრეებისაკენ გასწიეს. ასე რომ, როდესაც ვეზლეის ჯარი ჩვენს კედლებს მოადგა, ხიდი აწეული დახვდა და თხრილის იქით დარჩა ის, ვისაც გადასარჩენი არაფერი ჰქონდა, რამდენიმე ბეჩარა და მათთან ერთად ამალის მიერ მივიწყებული, თავის მუტრუკზე მიძინებული, კასრივით მრგვალი, ვით ნოე მთვრალი, რქოსანთა მბრძანებელი, მეფე პლუვიო.
აი, სწორედ ასეთ გარემოცვაში დაინახავ კაცი, რომ სხვა ხალხის მტრად ყოლას ისევ ფრანგის მტრობა სჯობია. სხვები რომ ყოფილიყვნენ, მაგალითად, რეგვენი გერმანელები, შვეიცარიელები ან კიდევ ინგლისელები, ვისაც ჭკუა-გონება თავში კი არა, ფაშვში აქვთ და რასაც ეტყვი ახალწელს, იფიქრებს, იფიქრებს და მადლობა უთხარი, თუ გაიგო დეკემბერს, რქოსანთა მეფის დანახვაზე იფიქრებდნენ, დაგვცინიანო და მშვიდობით, ჩვენო საყვარელო პლუვიო. მაგრამ ჩვენ, ფრანგებს, უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთისა. რომელი კუთხიდანაც არ უნდა ვიყოთ, ლორენიდან თუ ტურენიდან, შამპანიდან თუ ბრეტანიდან, ბოსის ბატები ვიქნებით, ბონის ვირები და ვეზლეის კურდღლები, თუნდაც ერთმანეთს ვჭამდეთ, სისხლსაც რომ ვსვამდეთ, ლაზათიანი ხუმრობა ფრანგ ვაჟკაცებს ყოველთვის გვეამება. ლოთი სილენივით გამსკდარი რომ დაინახეს რქოსანთა მეფე ვენსენი, მტრის ბანაკმა მორთო ჭიხვინი, ხვიხვინი, ხარხარი, სიცილი, იცინოდნენ პირით და ცხვირით, გულით და მუცლით, ყელით და ხელით. წმინდა რიგობერს გეფიცებით, ჩვენც გადმოგვედო მათი სიცილი და ვხარხარებდით ჩვენს კედლებს უკან, სამშვიდობოში. მერე კი თხრილის ორივე მხარეს აიაქსისა და ჰექტორ ტროელის მსგავსად ჩვენებური ძმაბიჭური ლანძღვა-გინებით გავუმასპინძლდით ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი გინება უფრო ლაზათიანი და ჯიგრიანი იყო. მინდა ჩავწერო, მაგრამ დრო არა მაქვს, თუმცა, (მოთმინება იქონიეთ!) ჩავწერ კრებულში, რომელსაც აი, თხუთმეტი წელი იქნება, რაც ვადგენ. როცა ვიგონებ პილპილით შეკაზმულ-შენელებულ ურიდო ხუმრობას, მასხრობას, ოხუნჯობას, რაც ამ სევდის ველზე ჩემი ხეტიალის ჟამს უთქვამთ, მსმენია ან წამიკითხავს (დასანანი იქნებოდა, რომ დაიკარგოს), სიცილით ვსკდები. ფუი ეშმაკს! აი, წერისას ლაქა დავასვი.

*

   კარგა ხნის ღრენისა და ყვირილის შემდეგ რაღაც უნდა გვეღონა (საქმიანობა ლაპარაკის შემდეგ ადამიანს ამშვიდებს), თუმცა, მართალი გითხრათ, რაიმეს გაკეთების ხალისი არც ჩვენა გვქონდა და არც იმათ. მათი საქმე წაგებული იყო, ჩვენ სამშვიდობოს ვიყავით; არაფრის შიში არ გვქონდა, მათაც არ სურდათ მოეტანათ ჩვენს კედლებზე იერიში, ასეთი რამ სახიფათოა, შეიძლება კაცმა თავიც წააგო, მაგრამ გულხელდაკრეფილებიც ხომ ვერ ვისხდებოდით, რამე მაინც უნდა გვეღონა. დავწვით თოფის წამალი, დავცალეთ მაჭახელები. აჰა! მიირთვით, გაამოთ, თქვენი სადღეგრძელო იყოს! ეს იყო და ეს. ბეღურების მეტი არავინ დაზარალებულა. მიწაყრილის ქვეშ კედლებზე მიყრდნობილნი მტრის ფინდიხებს მშვიდად ველოდით, შემდეგ ჩვენც ვცლიდით მაჟარებს, ისე, დაუმიზნებლად (რა საჭიროა მეტისმეტი თავის გამოდება). ტყვიების ღრიალს რომ გავიგებდით, მხოლოდ მაშინ გავბედავდით გახედვას. გალავნისაკენ პირუკუ გამწკრივებულ თორმეტიოდე ბეიანელ კაცსა და ქალს მტერი მათრახით უჭრელებდა უკანალს. საახალწლო გოჭებივით ჭყვიროდნენ საბრალონი, მაგრამ ეს დიდი უბედურება როდი იყო. ჯავრი რომ გვეყარა, ჩვენც კედლებს მშვიდად ამოფარებულებმა გალავნის გასწვრივ მაღლა აშვერილი შუბებითა და შუბებზე წამოცმული ცერცველათი და ლორით, ძეხვითა და ღორით პროცესია მოვაწყვეთ. ამის დანახვაზე მტერმა შურისა და ბრაზისაგან ყვირილი მორთო. მათი ყვირილი სმენას გვიტკბობდა, გულს საამოდ ეფინებოდა (კარგი ოინი თუ წამოიწყე, ბოლომდე უნდა მიიყვანო საქმე). შებინდებისას, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, ფერდობებზე, კედლებს ამოფარებულებმა გავშალეთ სუფრა, საამო, ტურფა, ხორაგითა და ღვინის დოქებით დატვირთული; ვიმღერეთ და ვიქეიფეთ, ვინადიმეთ, ვადღეგრძელეთ ბედნიერი ყველიერი. გაცოფებული მომხდურნი კი ჭიპებზე სკდებოდნენ. დღე ასე გავიდა, დიდი ზარალი არც ჩვენ მოგვსვლია და არც იმათ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ გაბერილი გენო დე პუსიოს სიკვდილს, რომელიც კარგად გამაძღარი, ღვინით გამსკდარი, სასმისით ხელში მტრის გასახელებლად გალავანზე აბრძანდა, მაგრამ საბრალოს დამბაჩის ტყვიამ აუზილა ტვინი და ჭიქა. სამაგიეროდ ჩვენც დავასახიჩრეთ ერთი თუ ორი ვეზლეელი ღორი, მაგრამ ამან არ დაგვიდუმა ენა, არ დააცხრო ლხენა. აბა, რა ქეიფია ის ქეიფი და ლხენა, თუ არ დარჩება დამსხვრეული ჭურჭლის თუნდაც პატარა ფენა.
ჩვენი მამაცი მოძღვარი შამაი ქალაქიდან გასასვლელად ღამეს ელოდა. შინ უნდოდა დაბრუნება. რამდენი არ ველაპარაკეთ: - მეგობარო, სახიფათო საქმე განგიზრახავს. სჯობს დაიცადო, შენს მრევლს უფალი მოუვლის.
დაიჟინა: - ჩემი ადგილი ჩემს მრევლთანაა. უფლის ხელი ვარ. იქ მელის ყველა, უჩემოდ ღმერთი არის ცალხელა. მე მისი მეორე ხელი ვარ, მერწმუნეთ ამაში.
- მწამს, მწამს, - ვუთხარი მე, - შენ ეს მაშინ დაამტკიცე, როდესაც შენს სამრეკლოს ჰუგენოტები შემოერტყნენ და შენც ერთი დიდი სიპი ქვით მათ კაპიტანს, პაპიფაჟს, სული გააცხებინე.
- მაშ! მაშ! მეტად განცვიფრდა ურწმუნო და, შენ წარმოიდგინე, მეც. კეთილი კაცი ვარ და სისხლის დანახვა არ მიყვარს. საზიზღრობაა, მაგრამ ეშმაკმა იცის, ტანში რა გიზის, როდესაც გიჟებში ხარ! ამბავი ძველი, შენც ხდები მგელი.
- მართალია, - ვუთხარი მე, - საკმარისია ერთად თავი მოვიყაროთ, რომ გონება დავკარგოთ. ანგარიში ასეთია: ასი ბრძენი - ერთი ხელი, ასი ცხვარი - ერთი მგელი... მაგრამ, მღვდელო, ერთი ეს ამიხსენი: როგორ ათანხმებენ ამ ორ მორალს: პირველს, ადამიანისას, ვინც ეულად, პირისპირ ცხოვრობს თავის სინდისთან, თხოულობს მშვიდობას სხვისთვის და თავისთვის და მეორეს, ადამიანთა ჯოგისა და სახელმწიფოთა მორალს, ომსა და ავაზაკობას თავდადებად რომ თვლის? რომელია ციური და ღვთიური?
- ღმერთო ჩემო! რა საკითხავია? ორივე, კოლა. ორივე, ორივე ციურია, ორივე ღვთიურია.
- მაშ, იცი, რა გითხრა? როგორც ჩანს, შენმა ღმერთმა თვითონაც არ იცის, რა უნდა. უფრო სწორად, კარგად იცის, მაგრამ არაფერი შეუძლია. თუ საქმე ეულ ადამიანთან აქვს, ადვილია: დიდი ჯაფა არ სჭირდება მის დასამორჩილებლად. მაგრამ როდესაც ადამიანები ჯოგად არიან, უფალი ვეღარ არის მხნე და მამაცი. აბა, რას გააწყობს ერთი ყველას წინააღმდეგ? მაშინ ადამიანი მარჩენალი მიწის ანაბრად რჩება, დედამიწისა, რომელიც შთაბერავს მასში თავის მხეცურ ინსტიქტს... ჩვენებური, ძველებური ზღაპრები მოიგონე, ზოგჯერ ადამიანები მგლები რომ ხდებიან, შემდეგ კი ისევ თავიანთ ტყავში ძვრებიან. ჩვენებურმა ზღაპარმა უფრო მეტი იცის, ვიდრე შენმა ლოცვანმა, მოძღვარო. სახელმწიფოში ყოველი ადამიანი მგლად იქცევა. შენი სახელმწიფოები, მეფეები და მათი მინისტრები, რამდენიც არ უნდა მოირთონ მწყემსებად და რამდენიც არ უნდა იძახონ ცბიერად, დიდი მწყემსის, შენი კეთილი მწყემსის, ბიძაშვილები ვართო, სინამდვილეში მგლები და ბუღები, ღრანჭები და მუცლები არიან, რომლებსაც ვერაფერი ამოავსებს. და მერე რატომ? იმიტომ, რომ გაძღეს მიწის დაუცხრომელი მადა.
- ბოდავ, წარმართო, - ყვირის შამაი. - მგლებიცა და სხვა დანარჩენიც ღვთის წყალობაა. ყველაფერი ჩვენი კეთილდღეობისათვის გააჩინა ღმერთმა. განა არ იცი, რომ თვით იესომ შექმნა მგელი, რათა მისი ნეტარი დედის, უბიწო მარიამის ბოსტნის კომბოსტო თხების, ბატკნებისა და ციკნებისაგან დაეცვა? იესო მართალია. მუხლი მოვიდრიკოთ მის წინაშე. ჩვენ მუდამ ვუჩივით ძლიერებს ამა ქვეყნისა, მაგრამ იცოდე, სუსტნი რომ გამეფდნენ, უარესი იქნება. მაშასადამე, ყველაფერი საჭიროა. საჭიროა მგლებიც და ცხვრებიც. ცხვრებს სადარაჯოდ მგლები სჭირდებათ, მგლებს კიდევ ცხვრები: ხომ უნდა ჭამონ... აბა, ჩემო კოლა, მოვრჩეთ ამაზე, მე ჩემი კომბოსტოს სადარაჯოდ მივდივარ.
კომბალს ეცა, ანაფორა აიკეცა, მეამბორა, მომაბარა მადელონა და უმთვარო ღამეში გზას გაუდგა.

   ლაღი დღე მწარე დღეებმა შეცვალეს. პირველ საღამოს ღორმუცელობამ, ბაქიობამ, სიტუტუცემ, ხეთქვამ, ცეცხლვამ ჩვენი სანოვაგის მარაგი ძალზე შეამცირა. ქამრის მოჭერა გახდა საჭირო. ჩვენც მოვუჭირეთ: მაგრამ მაინც ვყოყოჩობდით, იხტიბარს არ ვიტეხდით. ძეხვი შემოგველია. დავამზადეთ კუპრში ამოვლებული კანაფით და ქატოთი გატენილი ნაწლავები და ბარჯებზე წამოცმული მტრის ცხვირწინ დავატრიალეთ: მაგრამ ყურუმსაღი ყალთაბანდობას მიგვიხვდა. ერთმა ტყვიამ ასეთი ძეხვი შუაზე გაფატრა და ვინ იცინა, თუ იცით? მტერმა, ჩვენ არა. და ბოლოს, ჩვენთვის რომ საბოლოოდ აეგოთ წესი, ავაზაკებმა შეამჩნიეს თუ არა, სამაგრიდან ანკესით თევზს ვიჭერდით, მდინარეში აღმა და დაღმა ბადეები გადაისროლეს. თევზაობა შეწყდა. ბევრს ემუდარა ჩვენი დეკანოზი, ბევრი არწმუნა წარმართნი, მარხვა დაგვანებეთო, მაგრამ ამაოდ. რა გვექნა? სამარხვოს არ გვაძლევდნენ, ჩვენს საკუთარ ქონს მივუბრუნდით.
მართალია, შეგვეძლო ბატონიშვილ ნევერისთვის გვეთხოვა დახმარება, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და გამოგიტყდებით, სულაც არ გვეპიტნავებოდა გაგვეღო კარი და შეგვეკედლებინა მისი ლაშქარი, სჯობს მტერი გყავდეს კარში, ვიდრე აბეზარი მოყვარე სახლში. ასე რომ, სანამ შეგვეძლო თავის დაცვა, ჩუმად ვიყავით. მტერიც მოკრძალებით დუმდა, საშველად არავის უხმობდა. არ გვინდოდა შუაკაცი, მორიგება ორში სჯობდა. მოლაპარაკება დინჯად დავიწყეთ. აბა, რა გვეჩქარებოდა. ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა, ვწვებოდით ადრე, ვდგებოდით გვიან, ვთამაშობდით კოჭს, ვამთქნარებდით უფრო მოწყენილობისგან, ვიდრე შიმშილისაგან და იმდენს ვთვლემდით, რომ მარხვის მიუხედავად, გავსუქდით.
ვცდილობდით, ნაკლებ გვემოძრავა, მაგრამ ბავშვებს ვინ გააჩერებს. არამზადები დარბოდნენ და ხვიხვინებდნენ, იცინოდნენ, ჭიხვინებდნენ: აცოცდებოდნენ კედლებზე, დაწანწალებდნენ, ენას უყოფდნენ და ქვების სეტყვას უშენდნენ მტერს. ცუღლუტებს ანწლის მაჭახელების მთელი არტილერია ჰქონდათ: კანაფიანი შურდულები, გაპობილი ჯოხები, და... აჰა, მიირთვი, დაიჭი, არ დაგეკარგოს, გემრიელია? შეგარგოს! და პატარა მაიმუნებს კისკის-სიცილისაგან მუცელზე კანი აღარ რჩებოდათ. გაბრაზებული და ჩაქოლილი მტერი ბავშვების გაჟლეტით იმუქრებოდა. გაგვაფრთხილეს: პირველ ცუღლუტს, რომელიც კედელზე ცხვირს ამოყოფს, იქვე მივაწვენთო. დავპირდით, ყურადღებას მივაქცევდით, მაგრამ არ ვუყვირეთ, ყურები ავუწიეთ, მაინც ვერაფერს გავხდით და აი, უბედურებამაც გვიწია (რომ მაგონდება, ახლაც ელეთ-მელეთი მომდის). ერთ საღამოს კივილი შემოგვესმა: თურმე ნუ იტყვით, გლოდი, ეს ქვეშქვეშა, ჩუმჩუმელა, პატარა კრავი, ეშმაკის თავი, ფერდობიდან თხრილში გადაეშვა... ღმერთო ჩემო! მზად ვიყავი გამეწკეპლა... კედელზე ავვარდი და იქიდან გავყურებდი პატარას. მტრისთვის ადვილი იყო ჩვენი მიზანში ამოღება, მაგრამ ისიც ჩვენსავით უყურებდა ჩემს საუნჯეს, რომელიც (იკურთხოს წმინდა ღვთისმშობელი მარიამი!) პატარა ფისუნიასავით რბილად დაგორებულა და იჯდა აყვავებულ მდელოზე, უშიშრად აეწია თავი, ორივე მხრიდან მისკენ დახრილ თავებს უღიმოდა და ყვავილებს კრეფდა. მტრის მეთაურმა, ბატონიშვილმა დე რენიმ ბრძანა, ბავშვისთვის ხელი არ ეხლოთ და, უშველოს ღმერთმა, ტკბილეულით სავსე კოლოფი გადაუგდო გლოდის.
და აი, იმ დროს, როცა ჩვენ გლოდის ცქერით ვიყავით გართული, მარტინა (ეშმაკმა იცის ქალების თავი და ტანი) თავისი ბატკნის გადასარჩენად კისრისტეხით, სრიალით და კოტრიალით დაეშვა ფერდობზე. ჯუბა კისრამდე აწეოდა და მტერს უჩვენებდა თავის აღმოსავლეთს და დასავლეთს, ცის კამარის ოთხ მხარეს, მოკაშკაშე ცაზე მოელვარე მნათობს, პატიოსანი კაცის გულს რომ ათბობს. უდაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ამან როდი შეაკრთო. აიყვანა თავისი გლოდი, ჯერ ჩაიხუტა, აკოცა, მერე მიტყეპა, გაცოცხა.

   მარტინას ორივე ნახევარსფეროთი აღტაცებული ერთი ახმახი, ურჩი მეომარი გადახტა თხრილში და სირბილით მისკენ გაექანა. მარტინა შედგა. სიმაგრიდან ცოცხის ტარი გადავუგდეთ: დაავლო ხელი და მამაცურად მტერს შეუტია... თხლაშ-თხლუშ, ტყაპ-ტყუპ, მიირთვი ბიჭო, კიდევ ხომ არ გსურს? გული არ დაგწყდეს. შეშინდა წუწკი აშიკი, მეტი ვეღარ გაძლო, ვეღარა, ზურგი იბრუნა, გაქუსლა, დაჰკარით ბუკი-ნაღარა! ორივე ბანაკის სიცილ-ხარხარში თოკით ამოვიყვანეთ გამარჯვებული დედა-შვილი. ფარშავანგივით აყოყოჩებული ვექაჩებოდი თოკს, რომელზედაც ეკიდა თხრილში ჩასული ჩემი მამაცი ასული. მას კი მტრისათვის მიეშვირა თვალის დამტკბობი შუაღამის მნათობი.

   კიდევ ერთ კვირას გაგრძელდა მოლაპარაკება (სასაუბროს, თუნდაც ჭირში, რა გამოლევს). უეცრად ხმა დაირხა, ბატონიშვილი დე ნევერი კლამსისკენ მიიჩქარისო და ჩვენც შევთანხმდით; საბოლოო ჯამში ზავი იაფი დაგვიჯდა. ვეზლეელებს მომავალი ჭირნახულის მეათედს შევპირდით. ადვილად იმეტებ იმას, რაც არა გაქვს, რაც გექნება... ხომ შეიძლება, არც კი გექნეს; ასეა თუ ისე, დაპირების შესრულებამდე ხიდების ქვეშ ბევრი წყალი ჩაივლის და ჩვენს მუცელში ბევრი ღვინო ჩავა.
ორივე მხარე დიდად კმაყოფილი ვიყავით ერთმანეთისა. რა თქმა უნდა, ჩვენი თავი უფრო მოგვწონდა. მაგრამ აი ხათა, ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ. ზუსტად დაზავების ღამეს ცაზე ნიშანი გამოისახა. სამბერის უკანა მხარეს ყოფილა მიმალული, ღამის ათ საათზე გამოძვრა, ვარსკვლავების ველზე გასრიალდა და სენ-პიერ-დიუ მონისკენ წაგრძელდა. იტყოდით, ხმალიაო; წვერი კვამლის ენებიან ჩირაღდანს მიუგავდა. ხელს ხმლის ტარი ეჭირა. ხუთივე თითის ბოლო საზარელ თავებს წარმოადგენდა. არათითზე ნათლად ჩანდა ქალი, რომელსაც თმებს უფრიალებდა ქარი. ვადას ერთი მტკაველი სიგანე ჰქონდა, წვერი სანტიმეტრ-ნახევარი, თვითონ მახვილი ორ გოჯ-ნახევარი იყო. ფერი სისხლივით წითელი ჰქონდა, მეწამული, როგორც ჭრილობა ფერდზე. ირგვლივ კბილების კაწკაწი გაისმა, დავაღეთ პირი, ცისკენ ავწიეთ ცხვირი; ორივე ბანაკი თავის თავს ეკითხებოდა, ნეტა ვის ემუქრებაო ციური ნიშანი. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ მათ ემუქრებოდა, თუმცა საამისო საბუთი არ გვქონდა რა. ყველა შიშმა აიტანა, ყველა, ჩემს გარდა. მე არ შემშინებია. უნდა გამოგიტყდეთ კი, რომ არაფერი მინახავს, ცხრა საათიდან ლოგინად ვიყავი. დავწექი კი იმიტომ, რომ ალმანახის ნებას დავყევი, ეს თარიღი წამლების მისაღებ დღედ ითვლება და სადაც არ უნდა ვიყო, თუ ალმანახი ბრძანებს, უსიტყვოდ დავემორჩილები, რადგან ბრძანება და ღვთის მცნება ერთია. მაგრამ რაკი ყველაფერი მითხრეს, მიამბეს, თუნდაც საკუთარი თვალით მენახოს და შთამომავლობას რომ შეენახოს... ჩავწერე.

*

   ზავს ხელი რომ მოვაწერეთ, მტერი და მოყვარე საქეიფოდ დავჯექით და რადგანაც დიდი მარხვის ხუთშაბათმა მოგვისწრო, გავიხსნილეთ, მოვილხინეთ, არაფერი დავიკელით; ჩვენი განთავისუფლების აღსანიშნავად ახლო სოფლებიდან მოგვიტანეს საჭმელი და სასმელი, ბლომად გვეწვია მჭამელი. რა დიდებული დღე იყო, მე და ჩემმა ღმერთმა, რა დიდებული. კედლების გასწვრივ გაიშალა სუფრა; მოგვართვეს დაკეპილი კუჭმაჭი, ჯიგრითა და ყანჩის ღვიძლით დატენილი სამი შებრაწული გოჭი; ღვიის ტოტების ბოლში გამოყვანილი სურნელოვანი ლორი; ნივრითა და დაფნით შენელებული კურდღლისა და ღორის პაშტეტი; შავი კუპატები და შიგნეული; ქარიყლაპიები და ლოკოკინები; ხაში და ისეთი ღვინისწვნიანი კერძი, რომლის სუნიც კი ათრობდა ადამიანს; ისეთი ხბოს თავები, რომ ენაზე გადნებოდათ. მოგვიტანეს პილპილმოყრილი ღაჟღაჟა კიბოების პირამიდა, ვჭამდით და ყელში ალი გვედებოდა; ეს ალი რომ დაგვეცხრო, წვრილი ხახვითა და ძმრით შეზავებულ სალათასა და შპროტს მივირთმევდით, მანდრისა და ვოფიუს ადგილობრივ მადლიან ღვინოს ვაყოლებდით, დესერტად კი მკვრივი და გრილი მაწონი გვქონდა, რომელიც სასასა და ენას შუა დნებოდა და ჭიქაში ღვინოს ღრუბლებივით რომ იწოვდნენ, ისეთი ბისკვიტები.
ფეხი არავის მოუცვლია, სანამ ჩასახეთქი რამ იყო. იკურთხოს უფალი, რომელმაც იმდენი შნო და ძალა მოგვცა, რომ მოკლე ხანში ჩვენი მუცლის ტომარაში ჩავუშვით ამდენი პური და ღვინო. შეუბრალებელი ორთაჭიდილი გაიმართა მტრის ჯარის თანმხლებ, ვეზლეის წმინდა მარტენის მონასტერში დაყუდებულ ბერ მოკლეყურასა (ამ დიდმა მეცნიერმა თურმე პირველმა აღმოაჩინა, რომ ვირი ვერ დაიყროყინებს, თუ კუდი არ ასწია) და ჩვენს, ვირს კი არადა, მწირ დონ ენეკენს შორის, რომელიც ამტკიცებს, წინა ცხოვრებაში ქარიყლაპია ან ჭანარი ვიყავი, რადგან მიყვარს მაჭარი და მძულს წყალი, წინა ცხოვრებაშიც უთუოდ ბევრი დამილევიაო. ერთი სიტყვით, ვეზლეელებს და კლამსელებს უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა გვქონდა, როდესაც სუფრიდან ავდექით, ვიდრე მაშინ, როდესაც დავსხედით, მიყვარს ვისაც კარგი უყვარს. აი, ასეთია ბურგუნდელი.

   ის იყო, ვახშამს ვინელებდით, რომ ჩვენი თანხმობის დასაგვირგვინებლად გამოჩნდა ბატონ დე ნევერის მიერ ჩვენს დასახმარებლად გამოგზავნილი ჯარი. ბევრი ვიცინეთ. მერე კი ორივე ბანაკმა ზრდილობიანად, თავაზიანად ვთხოვეთ, საიდანაც მობრძანდნენ, იქით წაბრძანებულიყვნენ. უარის თქმა ვერ გაბედეს. ყურჩამოყრილები წამოვიდნენ, იმ ნაგაზებივით, ცხვრებს რომ მიჰყავთ საძოვარზე, ჩვენ კი ერთმანეთს ვკოცნიდით და ვეუბნებოდით: - განა სულელები არ ვიყავით, ერთმანეთს ჩვენი დარაჯების სახეიროდ რომ ვეჩხუბებოდით! მტრები რომ არ გვყავდეს, მათ ჩვენივე დარაჯები გამოიგონებდნენ ჩვენს დასაცავად. დიდი, დიდი მადლობა! უფალმა დაგვიცვას დამცველებისაგან! დანარჩენებისაგან კი როგორმე თვითონ დავიცავთ თავს. საბრალო ცხვრები! მარტო მგლისაგან რომ გვჭირდებოდეს თავის დაცვა, რამენაირად გავართმევდით თავს; მაგრამ გვითხარით, ამ მწყემსისაგან ვინ დაგვიცავს?

*გაგრძელება*

ნახვა: 531

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters