ხორხე ლუის ბორხესი - ბაბილონის ბიბლიოთეკა

   ამ ხელოვნებით შენ შეგიძლია ჭვრიტო 23 ასოს ცვალება...
„მელანქოლიის ანატომია“, ნაწ. 2, სექ. II, მემ. IV სამყარო (რომელსაც სხვები უწოდებენ ბიბლიოთეკას) შედგება განუსაზღვრელი, შესაძლოა - უსასრულო რაოდენობის ექვსკუთხა გალერეებისგან. თითოეულის ცენტრში დაბალმოაჯირშემოვლებული სავენტილაციო ჭაა. ნებისმიერი ექვსკუთხედიდან შეიძლება დანახვა ზედა და ქვედა სართულების, ერთიმეორის მიყოლებით - უსასრულოდ. გალერეათა შიდა წყობა მუდამ ერთი და იგივეა. ოცი თარო - ხუთ-ხუთი თითო წახნაგზე - მიჰყვება ექვსკუთხედის ექვსი წახნაგიდან ოთხს, ხოლო ამ თაროების სიმაღლე, იატაკიდან ჭერამდე, არ აღემატება ნორმალური ბიბლიოთეკარის სიმაღლეს. ექვსკუთხედის ერთ-ერთი თავისუფალი წახნაგი გადის ერთგვარ ვიწრო ვესტიბიულში, რომელიც, თავის მხრივ, სხვა გალერეაში გადის, პირველის იდენტურში, არსებითად - ყველა დანარჩენის იდენტურში. ვესტიბიულის მარცხნივ და მარჯვნივ ორი პატარა განყოფილებაა, ერთი ფეხდგომელა ძილისთვის, მეორე - ფიზიკურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ამ სივრცეშიც არის სპირალური კიბე, რომელიც შორზე შორს მიიკლაკნება მაღლა და დაბლა. ვესტიბიულში სარკეა, რომელიც ერთგულად აირეკლავს გამოსახულებებს. ამ სარკიდან კაცები ხშირად ასკვნიან, რომ ბიბლიოთეკა უსასრულო არ არის. ასე რომ ყოფილიყო, რაღა საჭირო იქნებოდა ეს ილუზორული დუბლირება? ვამჯობინებ, ვიფიქრო, რომ გაპრიალებული ზედაპირები უსასრულოს ხატება და პერსპექტივაა... სინათლე შემოდის საგანგებო ხილისგან, სახელად „ბოლქვები“. თითოეულ ექვსკუთხედში ჯვრისებრად განლაგებული ორი ასეთი ბოლქვია. მათ მიერ მოცემული შუქი არასაკმარისია, თუმცა - უწყვეტი.
   ბიბლიოთეკის ყველა სხვა კაცივით, მეც ვმოგზაურობდი ახალგაზრდობაში. მიმოგზაურია რომელიმე წიგნის ძიებაში, შეიძლება კატალოგების კატალოგში. ახლა, როდესაც ჩემი თვალები ჩემსავე ნაწერს ვერ არჩევენ, მე ვემზადები სიკვდილისთვის რამდენიმე ლიეს მოშორებით იმ ექვსკუთხედიდან, სადაც დავიბადე. როცა გარდავიცვლები, თანამგრძნობელი ხელები მოაჯირს მიღმა მომისვრიან და ჩემი საფლავი იქნება უძირო სივრცე, რომელშიც ჩემი სხეული საუკუნეების განმავლობაში განაგრძობს ფრენას, გაიხრწნება და დაიშლება თვით ჩემივე უსასრულო ვარდნისგან გამოწვეულ ქარში. ვაცხადებ, რომ ბიბლიოთეკა უსასრულოა. იდეალისტების აზრით, ექვსკუთხა ფორმა აუცილებელია აბსოლუტური სივრცისთვის ან, ყოველ შემთხვევაში, სივრცის ჩვენეული აღქმისთვის. ამბობენ: სამკუთხა ან ხუთკუთხა ოთახი წარმოუდგენელიაო (მისტიკოსები ამბობენ: ჩვენს ექსტაზებში ვხედავთ მრგვალ ოთახს, ოთახში - ვეებერთელა წიგნს, რომლის ყუა მთელ სიგრძეზე მიჰყვება კედლებსო. მაგრამ მათი ჩვენება საეჭვოა, მათი სიტყვები - ბუნდოვანი. ის მრგვალი წიგნი ღმერთია). ამჯერად ვიკმაროთ, რომ გავიმეორებ კლასიკურ გამონათქვამს: „ბიბლიოთეკა არის სფერო, რომლის ზუსტი ცენტრი ნებისმიერი ექვსკუთხედია, სფერული ზედაპირი კი - მიუწვდომელი“.
   თითოეული ექვსკუთხედის თითოეულ კედელს ხუთი თარო მიუყვება, თითოეულ თაროზე ერთნაირი ფორმატის ოცდათორმეტი წიგნი დევს, თითოეული წიგნი შეიცავს ოთხას ათ გვერდს, თითოეული გვერდი - ორმოც სტრიქონს, თითოეული სტრიქონი - ოთხმოცამდე შავ ასოს. ასოებია აგრეთვე თითოეული წიგნის ყდაზე, თუმცა ეს ასოები არც მიუთითებს და არც წარმოადგენს იმას, რაც შიგნით წერია. ვიცი, ამ შესატყვისობის არარსებობა ოდესღაც ადამიანებს იდუმალი ეჩვენათ. სანამ შევაჯამებდე საიდუმლოს ახსნას (მისი აღმოჩენა, ტრაგიკული შედეგების მიუხედავად, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ისტორიაში), მსურს, გავიხსენო რამდენიმე აქსიომა.
პირველი: ბიბლიოთეკა არსებობდა ab æternintate.
ამ ჭეშმარიტებაში, რომლიდანაც უშუალოდ გამომდინარეობს ქვეყნიერების მომავალი მარადიულობა, ვერც ერთი რაციონალური გონება ვერ დაეჭვდება. ადამიანი - არასრულყოფილი ბიბლიოთეკარი - შეიძლება იყოს შემთხვევის ან ავისმოსურნე დემიურგების ნახელავი. სამყარო ამ თავისი ელეგანტური ავეჯითა და მოწყობილობებით - თაროებით, გამოუცნობი წიგნებით, დაუღალავი კიბეებით (მოგზაურისთვის) და საპირფარეშოებით (დამჯდარი ბიბლიოთეკარისთვის) - შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მავანი ღმერთის ხელსაქმეა. იმ მანძილის მოსახელთებლად, ერთმანეთისგან რომ აშორებს ადამიანურსა და ღვთაებრივს, მხოლოდ ის მმართებს, რომ შევადარო ეს ნედლი, მოცახცახე სიმბოლოები, ჩემს ხელს რომ გამოჰყავს წიგნის ყდაზე, ამავე წიგნის შიგთავსის ორგანულ ასოებს - სუფთას, ფაქიზს, გიშერივით შავსა და მიუბაძველად სიმეტრიულს.
მეორე: არსებობს ოცდახუთი ორთოგრაფიული სიმბოლო.
ამ აღმოჩენამ კაცობრიობას შეაძლებინა სამასი წლის წინ ჩამოეყალიბებინა ბიბლიოთეკის ზოგადი თეორია და ამით დამაკმაყოფილებლად ამოეხსნა გამოცანა, რომლის გამოცნობა ვერც ერთმა ჰიპოთეზამ ვერ შეძლო: ფაქტობრივად, ყველა წიგნის უფორმო და ქაოსური ბუნება. ერთი წიგნი, რომელიც მამაჩემმა ნახა ერთ-ერთი ექვსკუთხედის წრეში 15-94, შედგებოდა ასოებისგან M C V, რომლებიც ჯიუტად მეორდებოდა პირველიდან ბოლო სტრიქონამდე. მეორე (რომელსაც აქ ხშირად იყენებენ), უბრალოდ, ასოების ლაბირინთია, მის ბოლოსწინა გვერდზე კი წერია ფრაზა: „ო, დრო აშრობს პირამიდებს“. ცნობილი ამბავია: ყოველ რაციონალურ თუ გულღია განაცხადზე ათასობით კაკაფონია, სიტყვიერი უაზრობა და არათანმიმდევრულობა მოდის (ვიცი ერთი ნახევრად ბარბაროსული ზონა, რომლის ბიბლიოთეკარები უკუაგდებენ წიგნებში აზრის პოვნის „ამაო და ცრუმორწმუნე ჩვევას“ და ასეთ ძიებას სიზმრებში ან ხელისგულის ქაოსურ ხაზებში აზრის ამოკითხვის მცდელობას უიგივებენ. ისინი აცნობიერებენ, რომ დამწერლობის შემქმნელებმა მიჰბაძეს ოცდახუთ ბუნებრივ სიმბოლოს, თუმცა ამტკიცებენ, რომ ეს ათვისება იყო შემთხვევითი და რომ წიგნებს, თავისთავად, არავითარი აზრი არ აქვს. როგორც დავინახავთ, ეს არგუმენტი სავსებით მცდარი არ არის).
მრავალი წლის განმავლობაში სწამდათ, რომ ეს ჰერმეტული წიგნები ძველ ან შორეულ ენებზე იყო დაწერილი. სიმართლეა, რომ უძველეს ხალხთა, პირველ ბიბლიოთეკართა ენა სრულებით განსხვავდებოდა ჩვენი დღევანდელი ენისგან. ისიც სიმართლეა, რომ რამდენიმე მილით მარჯვნივ ეს ენა დიალექტში გადადის, ხოლო ოთხმოცდაათი სართულით ზემოთ გაუგებარი ხდება. ეს ყველაფერი, ვიმეორებ, სიმართლეა. მაგრამ ოთხას ათი გვერდი, უცვლელი M C V-ები, არ შეიძლება ეკუთვნოდეს რომელიმე ენას, რაოდენ დიალექტური ან პრიმიტიულიც უნდა იყოს. ვიღაცამ ჩაგვაგონა: თითოეული ასო ზემოქმედებს მომდევნოზე და M C V-ის ღირებულება 71-ე გვერდის მე-3 სტრიქონში განსხვავდება ამავე M C V მწკრივის ღირებულებისგან სხვა გვერდის სხვა სტრიქონშიო. მაგრამ ეს ბუნდოვანი თეზისი მაინცდამაინც არავის ჩაუკრავს გულში. სხვებმა ახსენეს კოდების არსებობის შესაძლებლობა და ეს ვარაუდი საყოველთაოდ მიიღეს, თუმცა არა იმ აზრით, რაც მისმა მომწოდებლებმა ჩადეს.
ხუთასიოდე წლით ადრე ერთ-ერთი ზედა ექვსკუთხედის ხელმძღვანელი წააწყდა წიგნს ყველა სხვა წიგნივით არეულ-დარეულს, თუმცა კიდევ ორი ერთგვაროვანი სტრიქონის შემცველს. ეს ნაპოვნი მან მოგზაურ გამშიფრავს უჩვენა, მან კი უთხრა, პორტუგალიურ ენაზე წერიაო. სხვების აზრით, ეს ორი სტრიქონი იდიშურად ეწერა. ერთი საუკუნის განმავლობაში ექსპერტებმა დაასკვნეს, რომელ ენასთან ჰქონდათ საქმე სინამდვილეში: ეს იყო გუარანის სამოიედ-ლიტვური დიალექტი კლასიკური არაბული ენის ფლექსიებით. დადგინდა ამ ორი სტრიქონის შინაარსიც: კომბინატორული ანალიზის საფუძვლები, ილუსტრირებული დაუსრულებლად განმეორებადი ვარიაციების მაგალითებით. ამ მაგალითებმა გენიალურ ბიბლიოთეკარს საშუალება მისცა, დაედგინა ბიბლიოთეკის ფუნდამენტური კანონი. ამ ფილოსოფოსმა შენიშნა, რომ რაოდენ განსხვავებულიც უნდა ყოფილიყო ერთმანეთისგან, ყველა წიგნის შემადგენელი ელემენტები ერთი და იგივე იყო: ინტერვალი, წერტილი, მძიმე და ანბანის ოცდაორი ასო. გარდა ამისა, აღნიშნა ფაქტი, რომელიც შემდეგ ყველა მოგზაურმა დაადასტურა: მთელ ბიბლიოთეკაში არ არსებობს ორი ერთნაირი წიგნი. ამ შეუდავებელი წინა პირობებიდან ბიბლიოთეკარმა დაასკვნა, რომ ბიბლიოთეკა „ტოტალურია“, ანუ სრულყოფილი, დასრულებული, მთლიანი, და რომ მისი თაროები შეიცავს ოცდაორი ორთოგრაფიული სიმბოლოს ყველა შესაძლებელ კომბინაციას (რომელთა რაოდენობა, თავისი გაუგონარი სიდიდის მიუხედავად, მაინც არ არის უსასრულო), ანუ ყველაფერს, რაც შეიძლება გამოითქვას ყველა ენაზე, ყველაფერს: მომავლის დეტალურ ისტორიას, არქანგელოზების ავტობიოგრაფიებს, ბიბლიოთეკის ზუსტ და სრულ კატალოგს, ათასობით ყალბ კატალოგს, ამ სიყალბის მტკიცებულებას, ჭეშმარიტი კატალოგის სიყალბის მტკიცებულებას, ბასილიდების გნოსტიკურ სახარებას, ამ სახარების კომენტარებს და კომენტარების კომენტარებს, შენი სიკვდილის ჭეშმარიტ ისტორიას, ყველა წიგნის თარგმანს ყველა ენაზე, თითოეული წიგნის ინტერპოლაციას ყველა სხვა წიგნში, ტრაქტატს, რომელსაც ბიდი დაწერდა (მაგრამ არ დაუწერია) საქსონელი ხალხის მითოლოგიაზე, ტაციტუსის დაკარგულ წიგნებს...
   როდესაც გამოცხადდა, ბიბლიოთეკა ყველა წიგნს შეიცავსო, პირველ რეაქციად ამას უზომო სიხარული მოჰყვა. არ არსებობდა რაიმე ინდივიდუალური პრობლემა, არ არსებობდა რაიმე მსოფლიო პრობლემა, რომლის დამაჯერებელი გადაწყვეტაც ბიბლიოთეკის რომელიმე ექვსკუთხედში არ დებულიყო. სამყარომ გამართლება იპოვა. სამყარო უეცრად შეეხიდა კაცობრიობის უკიდეგანო იმედს. მთელი ის პერიოდი ბევრს ლაპარაკობდნენ რეაბილიტაციებზე: აპოლოგიურ და წინასწარმეტყველურ წიგნებზე, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ გაამართლებდნენ თითოეული ადამიანის მოქმედებებს სამყაროში და რომლებიც შეიცავდნენ თითოეული ადამიანის მომავალთან დაკავშირებულ საკვირველ საიდუმლოებს. ათასობით დახარბებულმა კაცმა მიატოვა თავისი ტკბილი ექვსკუთხედი და აღმა-დაღმა დაიწყო რბენა თავ-თავისი რეაბილიტაციის პოვნის ამაო სურვილით ატანილმა. ეს მომლოცველები ვიწრო დერეფნებს ავსებდნენ, ბნელ წყევლა-კრულვებს ისროდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და სრესდნენ ღვთაებრივ კიბეებზე, მატყუარა წიგნებს სავენტილაციო ჭებში ისროდნენ, თვითონვე ცვიოდნენ ამ ჭებში შორეული რეგიონების კაცების ხელით. სხვები შეშლილები იყვნენ... რეაბილიტაცია ნამდვილად არსებობს (შევხვედრივარ ორ კაცს, მომავალში მცხოვრებ პირებს რომ მიმართავენ, შესაძლოა - არა წარმოსახვითს), მაგრამ ვინც მის საძებნელად წავიდა, დაავიწყდა, რომ თავისი რეაბილიტაციის ან მის მიერვე შეთხზული რომელიმე მზაკვრული ვერსიის პოვნის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია.
   იმავე პერიოდში ღვიოდა იმედებიც, რომ შეიძლებოდა ბეჭედი ახსნოდა კაცობრიობის ფუნდამენტურ საიდუმლოებს: ბიბლიოთეკისა და დროის საწყისს. სავარაუდოდ, ყოვლად შესაძლებელია ამ ღრმა საიდუმლოთა გამოხატვა სიტყვებში. თუ ფილოსოფოსთა ენა არასაკმარისია, მაშინ მრავალსახოვან ბიბლიოთეკას უდავოდ შექმნილი ექნება არაჩვეულებივი და გამოსადეგი ენა თავისი სიტყვებითა და გრამატიკით. ოთხასი წლის განმავლობაში ადამიანები აწკრიალებდნენ ექვსკუთხედებს... არსებობენ ოფიციალური მაძიებლები, „გამომძიებლები“. მინახავს მათი მუშაობა: დაქანცულები აღწევენ რომელიმე ექვსკუთხედამდე, ლაპარაკობენ კიბეზე, რომელსაც რამდენიმე საფეხური აკლდა და ლამის მათი სიცოცხლე შეიწირა, ესაუბრებიან ბიბლიოთეკარს გალერეებსა და კიბეებზე, შიგადაშიგ უახლოეს წიგნს იღებენ და ფურცლავენ: სამარცხვინო და საძაგელ სიტყვებს ეძებენ. რასაკვირველია, არავინ ელოდება, რომ რაიმეს აღმოაჩენს.
   თავშეუკავებელი იმედი საკმაოდ ბუნებრივად შეცვალა ასეთივე წრეგადასულმა დეპრესიამ. ის ფაქტი, რომ რომელიღაც თაროზე რომელიღაც ექვსკუთხედში ძვირფასი წიგნები ეწყო, მაგრამ სამუდამოდ მიუწვდომელი რჩებოდა, თითქმის აუტანელი იყო. ერთმა მკრეხელურმა სექტამ წინადადება შემოიტანა, შეეწყვიტათ ძიება და ყველას ერთმანეთში აერია ასოები და სიმბოლოები, სანამ - იღბლის დაუჯერებელი გამონათების შედეგად - ის კანონიკური წიგნები ხელახლა შეიქმნებოდა. ხელისუფლება იძულებული იყო გამოეცა მკაცრი ბრძანებები. სექტა გაუჩინარდა, თუმცა ჩემს ბავშვობაში მინახავს მოხუცები, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდებით იმალებოდნენ საპირფარეშოებში ლითონის დისკებითა და აკრძალული კამათლების თასით და უძლურად პაროდირებდნენ ღვთაებრივ არეულობას.
სხვები საპირისპირო გზას გაჰყვნენ. ფიქრობდნენ: უპირველეს ყოვლისა, ყველა უვარგისი წიგნი უნდა მოისპოსო. შეიჭრებოდნენ ექვსკუთხედებში, წარუდგენდნენ მანდატებს, სიძულვილით გადაფურცლავდნენ ამა თუ იმ ტომს და წიგნების მთელ კედელს გამოუტანდნენ განაჩენს. სწორედ მათი ჰიგიენურ-ასკეტური სიშმაგის გამო დავკარგეთ ასე უაზროდ მილიონობით წიგნი. მათი სახელები ახლა შეჩვენებულია, თუმცა ის, ვინც იმ სიგიჟეში განადგურებულ „საგანძურებზე“ ვალალებს, მხედველობიდან უშვებს ორ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტს: ერთი, რომ ბიბლიოთეკა იმდენად დიდია, ადამიანის ხელით ჩატარებული ვერანაირი შემცირება ვერაფერს დააკლებს; მეორე: მართალია, თითოეული წიგნი უნიკალურია და შეუცვლელი, მაგრამ რამდენადაც ბიბლიოთეკა ტოტალურია, ამდენად ყოველთვის არსებობს რამდენიმე ასეულ ათასი არასრულყოფილი ფაქსიმილე-წიგნები, რომლებიც ერთმანეთისგან სულ ერთი ასოთი თუ მძიმით განსხვავდება. საერთო თვალსაზრისის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ განმწმენდთა მიერ ჩატარებული განადგურებათა შედეგები გაზვიადებულად წარმოაჩინა მათივე ტერორმა. მათ აქეზებდათ წმინდა ლტოლვა, რომ ერთ დღესაც, მოუდუნებელი ძალისხმევის წყალობით, მიაღწევდნენ ალისფერი ექვსკუთხედის წიგნებამდე, - ჩვეულებრივზე უფრო პატარა ზომის, ყოვლისშემძლე, ილუსტრირებულ და მაგიურ წიგნებამდე.
ვიცნობთ იმ პერიოდის კიდევ ერთ ცრურწმენას: რწმენას ეგრეთ წოდებულ „წიგნ-ადამიანში“. დამტკიცდა, რომ ერთ-ერთი ექვსკუთხედის ერთ-ერთ თაროზე უნდა არსებობდეს წიგნი, - კოდი და მოკლე სახელმძღვანელო ყველა სხვა წიგნისა, - რომელიც მავან ბიბლიოთეკარს ნანახი უნდა ჰქონდეს. ეს ბიბლიოთეკარი ღმერთის მსგავსია. ამ ზონის ენაში ჯერ კიდევ მოიპოვება ნაშთები სექტისა, რომელიც ეთაყვანებოდა იმ შორეულ ბიბლიოთეკარს. მრავალნი წასულან მის მოსაძებნად. ასი წელია, ადამიანები ყველა შესაძლებელ ბილიკს მიჰყვებიან და ყველას - ამაოდ. როგორ მოძებნა ვიღაცამ ის სათაყვანებელი საიდუმლო ექვსკუთხედი, რომელიც იმ ღმერთ-ბიბლიოთეკარს მალავდა? ვიღაცამ წინადადება შემოიტანა, უკუსვლით ვეძებოთო. რათა A წიგნის ადგილმდებარეობა განვსაზღვროთ, ჯერ ჩავიხედოთ B წიგნში, რომელიც გვეუბნება, სად ვიპოვით A-ს. მაგრამ თვით B-ს მოსაძებნად, ჯერ C მოვძებნოთ და ა.შ. უსასრულობამდე. ასეთ სარისკო წამოწყებებში გავფლანგე და დავხარჯე ჩემი წლები. არა მგონია, შეუძლებელი იყოს ასეთი ტოტალური წიგნის არსებობა სამყაროს რომელიღაც თაროზე. შევთხოვ უცნობ ღმერთებს, რომ ვინმეს - თუნდაც ერთადერთს ათობით საუკუნის წინ - ყურადღებით დაეთვალიერებინოს და წაეკითხოს ეს წიგნი. თუ მისი წაკითხვის პატივი, სიბრძნე და სიხარული მე არ მერგება, მაშინ სხვებისა იყოს. დე, იარსებოს ზეცამ, თუნდაც პირადად ჩემი ადგილი ჯოჯოხეთში იყოს. დე, ვიცემო, ვეწამო და გავნადგურდე, მაგრამ იყოს ერთი წამი, ერთი არსება, როდესაც ეს უკიდეგანო ბიბლიოთეკა თავის გამართლებას პოულობს.
   სკეპტიკოსები ამტკიცებენ, ბიბლიოთეკის წესი „აზრი“ კი არ არის, „უაზრობაა“ და რომ რაციონალობა (თუნდაც ერთი უბრალო თანმიმდევრობა) უკვე საოცარი გამონაკლისიაო. ვიცი, ლაპარაკობენ „ციებცხელებიან ბიბლიოთეკაზე, რომლის შემთხვევითი წიგნები მუდმივად იმუქრებიან, რომ სხვებად გადაიქცევიან, ისე, რომ ისინი ყველაფერს ამტკიცებენ, ყველაფერს უარყოფენ, ყველაფერს შლიან და ერთმანეთში ურევენ რომელიღაც შეშლილი, ჰალუცინაციებში მბორგავ ღვთაებასავით“. ეს სიტყვები, რომლებიც არათუ მხოლოდ ქადაგებს უწესრიგობას, არამედ ნიმუშადაც მოჰყავს ის, ყველას დასანახად ამტკიცებს სკეპტიკოსთა სავალალო გემოვნებასა და გამოუვალ უმეცრებას. რადგანაც სანამ ბიბლიოთეკა შეიცავს ყველა ვერბალურ სტრუქტურას, ოცდახუთი ორთოგრაფიული სიმბოლოთი წარმოდგენილ ყველა ვარიაციას, მანამდე ის არ შეიძლება შეიცავდეს რაიმე აბსოლუტურ უაზრობას. აზრი არა აქვს იმის ნახვას, რომ ჩემ მიერ კურირებული ყველა ექვსკუთხედის საუკეთესო წიგნს ჰქვია „დავარცხნილი მეხი“, მეორეს „შპალერის სპაზმი“, კიდევ სხვას - „აქსაქსაქსას მლო“. ერთი შეხედვით არაკოჰერენტულ ამ ფრაზებს აშკარად ეტყობა, რომ კრიპტოგრაფიულ ან ალეგორიულ „კითხვას“ საჭიროებს. სიტყვების წყობისა და არსებობის ეს კითხვა, ეს გამართლება თავისთავად არის ვერბალური და, ex hypothesi, უკვე არსებობს სადღაც ბიბლიოთეკაში. არ არსებობს ასოთა კომბინაცია, რომელიც შეიძლება გაკეთდეს (მაგალითად, სჰცმრლცჰტდჟ) და, რომელიც ღვთაებრივ ბიბლიოთეკას არ გაუთვალისწინებია და რომელიც თავის საშინელ მნიშვნელობას ერთ ან მეტ მის საიდუმლო ენაზე არ მალავდეს. არ არსებობს ადამიანის ბაგით წარმოთქმული მარცვალი, რომელიც დატვირთული არ იყოს სინაზითა და საშინელებით და რომელიც - ერთ-ერთ ენაზე - რომელიმე ღმერთის მძლავრ სახელს არ წარმოადგენდეს. ეს უგუნური, სიტყვამრავალი ეპისტოლეც (ისევე, როგორც მისი უარყოფა) უკვე ჩაწერილია უთვალავ ექვსკუთხედთაგან ერთ-ერთის ხუთ თაროზე ჩამწკრივებული ოცდაათი ტომიდან რომელიმეში (შესაძლებელ ენათა n რაოდენობა ერთსა და იმავე სიტყვათა მარაგს იყენებს). ზოგ მათგანში სიმბოლო „ბიბლიოთეკა“ მართებულად არის ახსნილი: „ექვსკუთხა გალერეების მარადიული, ყველგან მყოფი სისტემა“, მაშინ, როდესაც ბიბლიოთეკას, როგორც საგანს, პურს ან პირამიდას, ან კიდევ რაღაც სხვას და მის განმსაზღვრელ ექვს სიტყვასაც სხვა დეფინიციები აქვს. შენ, რომელიც ახლა მკითხულობ, დარწმუნებული ხარ, რომ გესმის ჩემი ენა?
   მეთოდური თხზვა კაცობრიობის დღევანდელ მდგომარეობას მავიწყებს. ის ფაქტი, რომ ყველაფერი უკვე დაწერილია, გვაუქმებს ან ფანტომებად გვაქცევს. ვიცი რეგიონები, სადაც ახალგაზრდები პირქვე ემხობიან წიგნების წინაშე და ველურებივით კოცნიან მათ ფურცლებს, თუმცა ერთი ასოს წაკითხვაც კი არ შეუძლიათ. ეპიდემიებმა, ერეტიკულმა უთანხმოებებმა, მომლოცველობებმა, რომლებიც გარდაუვლად გადაგვარდება ხოლმე ყაჩაღობად, მოსახლეობა მოსპო. ვგონებ, თვითმკვლელობები ვახსენე, რომლებიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო ხშირდება. შეიძლება ჩემი ხანდაზმულობა და შიში მაბნევს, მაგრამ მგონია, რომ ადამიანთა მოდგმა - ერთადერთი მოდგმა - გადაშენების კიდეზე ქანაობს, მაგრამ ბიბლიოთეკა - განათლებული, მარტოხელა, უსასრულო, სრულყოფლად უძრავი, ძვირფასი წიგნებით აღჭურვილი, უმიზნო, მარადიული და იდუმალი - მარად იარსებებს. წამის წინ დავწერე სიტყვა „უსასრულო“. ეს ზედსართავი უბრალო რიტორიკული ჩვევისგან არ მიმიყოლებია სხვებისთვის. ამ გზით ვაცხადებ, რომ ქვეყნიერების მიჩნევა უსასრულოდ ალოგიკური არ არის. ისინი, ვისაც სჯერა, რომ მას საზღვრები აქვს, ვარაუდობს, რომ რომელიღაც შორეულ წერტილში ან წერტილებში დერეფნები, კიბეები და ექვსკუთხედები ყოვლად წარმოუდგენლად მთავრდება... რაც, უბრალოდ, აბსურდია. და მაინც: იმას, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნიერება უსასრულოა, ავიწყდება, რომ შესაძლებელ წიგნთა რაოდენობა სასრულია. გავთამამდები და ძველი პრობლემის ასეთ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ: ბიბლიოთეკა დაუსაზღვრავია, მაგრამ პერიოდული. თუ ვინმე მარადიულად იმოგზაურებდა ნებისმიერი მიმართულებით, უთვალავი საუკუნის შემდეგ აღმოაჩენდა, რომ იგივე წიგნები მეორდება იმავე უწესრიგობით, რომელიც - გამეორებული - უკვე წესრიგი ხდება: წესრიგი. ჩემს სიმარტოვეს ამხნევებს ეს ელეგანტური იმედი.
მარ დელ პლაცა, 1941

ნახვა: 308

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters