Qwelly, literature, ნუგზარ ვანიშვილი, ლიტერატურა, ქველი მოთხრობა

ნაწილი მესამე

      მიდიოდა ესტატე და იმაზე ფიქრობდა რაზე ეფიქრა. ფიქრზე ფიქრობდა, თორემ ოცნებები სულ გადაღეჭილი და გადაოცნებებული ჰქონდა. და რადგანაც ბავშვური, კაცური ან სულიერი ოცნებათაგან არცერთი არ აუხდა მათზე თითქოს გაბუტულიც კი იყო. საბალახოდ მიმავალი თხის-ყელსაბამის-ზინზილაკის-წკარუნის-ხმების იყო მისი გზა. და რაც ფიქრსაც არ სსაჭიროებდა ქორფა, მსუყებალახიანი მდელოს პოვნა იყო. გვალვისაგან გადატუსულ მიდამოებში კი ერთადერთი ასეთი ადგილი ტყე და სასაფლაო იყო. თხას არც შორდებოდა, ფიჩხის მოსაჭრელად და დასაცავადაც ცულიც ჰქონდა. და რამდენადაც რაიმე შიშს გრძნობდა, იმდენადვე კარგი მდელოსა და მეტი რძის მოპოვებას ცდილობდა. ტყისპირა ფიჩხების მოგროვებისას კი ...მგლის მზერას წააწყდა პატარას თვალები. აცრემლდა და სისხლის ძაფებით აევსო. ფილტვები აქშინდნენ ტყის მსუყე ქარებით, თითები ცულისტარს კლანჭივით ჩაესო. და ისევ გონება აომდა პირველი, სამგლედან ამ მგლამდე ნაბიჯი ოცია, მიმასწრებს ვერაგი ვიყავი მხილველი, და თხაზე საამოც ხომ ჩემი ხორცია. ოჯახში შიმშილით ტირილი, გოდება. დიდება უფალს და მოხდეს რაც მოხდება. ვეცემი ეხლავე, ნადირიც წამოვა, იცოდნენ და-ძმანმა აღდგომას ამოვალ. მაცხოვრის იმედიც ბოლომდე მექნება, ცულიც ხომ ხელში მაქვს, ზეცისკენ ვედრებაც. ვაჟკაცის გონებას ექო რომ ჰქონოდა, ბუნებას შესძრავდა გრგვინვა და ქუხილი, როგორი ბრძოლაა ნადირთან პირისპირ, იდგე და დედაზე გტანჯავდეს წუხილი...

      ოცი, ოცდაათი ან სამოცი წამი ასე გრძელდებოდა, წუთისოფელიც ხომ სამოცი წამია. თხას ვერ ეგრძნო ნადირის ესოდენ ახლოს ყოფნა, ძალუმად ძოვდა. ბიჭი და მგელი თვალებში ჩაჰურებდნენ ერთმანეთს. ვინა თქვა მგელი კისერს ვერ აბრუნებსო, მზერის მოუცილებლად ტანი მოაბრუნა, თავი დატოვა, წინა ფეხები გვერდიგვერდ გადააბიჯა, მერე გვერდიდან ეჩვენა ესტატეს, დინჯად მოტრიალდა და უკან წავიდა, იქვე ორიოდეჯერ კვლავ მოაბრუნა კისერი, გვერდითი ხედვით ლანდავდა ალბათ ადამიანის გარინდულ სხეულს. სოფლის ყველა ძაღლზე მაღალი, გრძელი და გრძელყბა არსება მაინც საოცრად უჩუმრად და მსუბუქად მიდიოდა ტყის ხმელ ნიადაგზე, კუდი ოდნავ შესამჩნევად, მძიმედ ქანაობდა. სანამ მგელი ტყეს მიეფარებოდა ესტატეს სისხლჩაქცეული თვალები დაეხუჭა, შეჭმუხნული სახის კანი გაეშალა, ყელ-კისერის დაბერილი ძარღვები დაუცხრა, ამობურცული გულმკერდი ჩაეფუშა, მხრები ჩამოეყარა, ცული ხელიდან გაუსრიალდა, ნიავმა საკუთარი ოფლის სიცივე აგრძნობინა, პირი მოკუმა და ენა სასას მიეწება, ტუჩები ერთურთს, ლოყები კბილებს. და ისე მოსწყურდა წყალი, რომ გულში ტკივილი იგრძნო. თხასთან მივიდა, თვალებთან აკოცა, ცურებთან ჩაუწვა და პირში ჩაიდო, მოსწოვა, დალია, სახეზეც მიისხა, შუბლიც მოიწმინდა, ისევ დაეწაფა, ემლაშა რძე ცოტა, მლაშეც იქნებოდა თუმცა, ოფლიანისთვის, ცრემლიანისთვის, სევდიანისთვის.

      უკანა გზაზე ათას რამეზე ეძალებოდა ფიქრი, უპირველესად ნადირზე. ამ მგელს მგლისაზე მეტი ჰქონდა რაღაც, რომ თხასაც ვერ ეგრძნო მისი მოახლოება, რომ სოფელი ცრუ მოქმედებით მოეტყუებინა, ესოდენ ვეებას კატასავით ჰაეროვნად ევლო, ადამიანივით გარინდებულს ადამიანისათვის ემზირა. და, ბოლოს ალბათ ძლიერ მაძღარი იქნებოდაო, დაასკვნა ესტატემ, თორემ თხამდე ოთხიოდე მალაყში იქნებოდაო და მარტოს გონსმოუსვლელად გაიტაცებდაო ტყეში.

      მას შემდეგ შემოდგომის მიწურულამდე ტყეში გავლისას ყველა ღრმა ტევრიდან თითქოს მგლის მზერა შემოჰყურებდა, თუმცა არცერთხელ გადაჰყრია, არც ვინმე თანასოფლელს უხსენებია მსგავსი. ტყეში და ტყიდან მრავალჯერ კიდეც მოელანდა, ან კი დაინახა, ან კი ეზმანა, ან კი მოეჩვენა ანთებული, ქარვისფერი თვალების მზერა. მიუხედავად ნადირის არსებობის ცოდნისა, შესაბამისად საშიშროებისა, ფიჩხისა და შეშის მოსატანად ტყეში ყოველდღე დადიოდა. დედას ან უარს, ან იმის თქმას ვერც გაუბედავდა რომ ტყის განაპირას ხეები სულ გაკაფული იყო, ღრმად და ტევრებში იყო ერთთავად შესასვლელი. ერთიცაა, ახლა უკვე მშობლებს უფრო ეშინოდათ ბიჭუნას ნადირთან გადაყრისა ვიდრე თავად. ბუნება და სამყარო სავსეა ხილული და უხილავი საოცრებებითო, ახსოვდა მამაოს დაჟინებული წინადადება და სულ საოცრების მოლოდინშიც იყო. თუმცა ერთფეროვანი და უმძიმესი დღეების შემხედვარე საოცრების არსსაც ვერ აღიქვამდა. ქვეყნიერების დასაწყისი და დასასრულიც აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე კი არა მისი მიწურიდან ზეცამდე ეგონა. ბედნიერებას, ასევე სრულყოფილ ადამიანად ყოფნასაც მხოლოდ მაშინ გრძნობდა, როცა პატარა და-ძმანი ცეცხლთან თბებოდნენ, თხის რძეში ჩამბალ თბილ მჭადს შეექცეოდნენ, ყელ-კისერ-თვალ-ღაწვ-ყვიმრალ-შუბლს უკოცნიდნენ და ბედნიერები ყირაზე გადადიოდნენ. იცოდა რომ არ უნდა ეტირა, განსაკუთრებით სახლსა შინა და სახალხოდ. ცრემლების მოძალებისას თვალებს ფართოდ გაახელდა, სახეს მაღლა აწევდა, ღრმად ჩაისუნთქავდა და ყველაზე თავმდაბალი ყველაზე ქედმაღალივით განერიდებოდა მყოფთ. ათიოდ ნაბიჯში ფეხს აუჩქარებდა, მერე გაიქცეოდა სასაფლაოსკენ, თუ იქ ვინმე დაუხვდებოდა ტყისაკენ, და განმარტოებული დაგუბებული ნიაღვარივით გამოუშვებდა ცრემლს, უხმოდ ტიროდა, არა ქვითინით, მხოლოდ სლუკუნით, თვალსა და ცრემლებს ხელებსაც არ აშველებდა, დროზე დაიცალოსო. მამა, მამაო, მამიკო, ეს სიტყვები თუ წამოსცდებოდა ოდენ. პირველში ღმერთს გულისხმობდა, მეორეში მოძღვარს, მესამეში მშობელს, მშობელი რომელიც ასე სჭირდებოდა თითქმის ვერც იყო მასთან, მოჯამაგირეობით, ჯოჯოხეთური თუ არა ნამდვილად კატორღული შრომით სახლიდან ერთთავად გადადებული იყო. ესტატე იყო წყალიც, ესტატე იყო სახლიც, ესტატე იყო თხა, ესტატე იყო ეზო, ესტატე იყო ძიძაც, ესტატე იყო ცეცხლი, ესტატე იყო ვერცხლი, ოქრო.

      (ისე თქვენც ხომ გყავთ ოქროს შვილები, თქვენც ხომ ყოფილხართ ოქროს შვილები, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგამრავლოთ.)

      "ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ შუაღამე იწვის დნება". 2012 წელია, შუა იანვრის ღამე, სამი საათი. ეს საუკეთესო დროა ჩემთვის, წერისათვის. იმიტომ რომ დღისით წერის საშუალებას ვინ მომცემს, მე იმდენი შვილები მყავს, მეუღლეც კი ხანდახან უფროსი შვილის სტატუსით სარგებლობს, გადადიან ყირაზე, ენაცვალოთ მამა. აქვე არ შემიძლია არ დავუმატო და არ დაგამშვიდოთ რომ, როდესაც მიტროპოლიტი ანანია ტაოში, ხახულის ეკლესიაში შედიოდა მამაზეციერს ასე მიმართა "ღმერთო, ახლა კი მივხვდი რომ არაფერია დაკარგული, ოღონდ ჩვენ გავმრავლდეთო".

      ...ესტატე ახლაც ტიროდა, ტყეში ჯერ ცოტა ფიჩხი მოეგროვებინა, იჯდა და გათოშილ თითებს პირში იდებდა, ითბობდა, სლუკუნებდა, თავი უსასრულოდ მარტო ეგონა. და ვერც ანგელოზებს ამჩნევდა თავსზემოდან რომ დაჰყურებდნენ, ვერც ზორბა მგელს შორიახლოს, მიწაზე გართხმულს, წინათათებზე თავჩამოდებულს, ისევ ესტატეს თვალებზე მიშტერებულს. ბიჭი წამოდგა, ჯერ ის გაიფიქრა დღეს მეტს ვეღარ მოვაგროვებო, მერე მგლისკენ რომ გაიხედა მელანდებაო ისევ, ფიჩხი მხარზე შემოიდო და იძულებული სიმშვიდით სოფლისკენ წავიდა. ნადირიც წამოდგა ისევ ფეხაკრებით შეუყვა სიღრმისაკენ, მერე აძუნძულდა, მერე აჩქარდა და ბოლოს თითქოს ას თავისნაირ გავეშებულ ცხოველს გაურბოდა ისე გარბოდა, არ ეპუებოდა არც ძეძვებს, არც ტოტებსა და კბოდეს, გრძნობდა ტკივილებს, ნაკაწრებიდან საკუთარი სისხლის სუნს, ალბათ სხვა რამესაც გრძნობდა... რას გაუგებ მგელს. ასე ირბინა ღონის მიხდამდე და გაყინულ ტბორში ჩავარდა...

      მგელი, ამომგდები და მტერი, ესოდენ რომ უყვართ ქართველებს. რუსეთივითაა პირდაპირ. რაც ამ ნადირს ადამიანები დაურბევია, ოჯახები დაუნგრევია, ზეპირსიტყვიერებასა და მფრინავ ფრაზებში ხალხი გაუფრთხილებია და შეუშინებია. ვაჟა-ფშაველა ღმერთს ეხვეწება ისევ ცხვრად მამყოფე, ოღონდ ამშორდეს მგელობაო. და მაგრამ, და მაინც, და ისევ მე მგელი ვარ, მგელი ვარ გაიძახის მრავალი. ერთი სამი თვისება დაუნახეს დადებითი და ყველას გამგელება მოუნდება ხოლმე. ყველა სხვა თვისებას კი ხომ ადამიანური სჯობს. შესაბამისად გაადამიანებაც, თანაც გამგელებაზე მარტივიცაა.

      ჰო და გდია გაყინული, ტლაპოიანი ტბორის შუაში, წინა თათები და ქვედა ყბა ყინულზე ჩამოუდია, კისრის ქვემოთ მთელი ტანით წყალშია. უკანა ფეხებით ფსკერს ვერ წვდება, სიცოცხლის ინსტიქტით გრძნობს, რომ მცირედი მოძრაობით, თუნდაც დაყრდნობილი ყბის აწევით დაიხრჩობა. დინგიდან, ტუჩებიდან, შუბლიდან ცხელი სისხლი სდის, არასოდეს შეუწუხებია სისხლის სუნს, ახლა კი სუნთვასაც კი უშლის. არავინ იფიქროს რომ ეს რამე რამეს ფიქრობდეს, ამ დროს ინსტიქტი და არაქათი ძმები არიან, ერთადვე კვდებიან. ეს მხოლოდ ადამიანს შეუძლია იფიქროს და იმსჯელოს, გააცოცხლოს მკვდარი ან მომაკვდავი, აალაპარაკოს თუთიყუში, აცეკვოს სპილო... თუმცა აქვეა საოცარი მაგალითები, მეტყველი ხმელი წიფელი, შვლის ნუკრი და ია.

      მგელს გაახსენდებოდა სამფეხა მამა, გადარჩენისა და თავისუფლებისათვის ხაფანგში დაბმულმა ფეხი რომ მოიჭამა. აქ დიახ, დიახ რომ თავისუფლების წყურვილი მხოლოდ ადამიანური თვისება არაა. გაახსენებოდა ლეკვობისას თუ როგორ სტოვებდნენ სანადიროდ მიმავალი მშობლები დედის ძმის, ბიძის ბუნაგში. გაახსენდებოდა როგორ უნდოდა აელოკა და შეჯვარებულიყო საუთარ დედალ ბიძაშვილთან, ამასთანავე კი როგორი წინაპართაგან გადმოცემული გრძნობა და ბრძოლა უშლიდა ხელს. გაახსენდებოდა თუ როგორი მძლავრი ხროვის წევრი იყო შიმშილისას და იგივე ხროვა როგორ დაუპირისპირდა მაძღრობისას. როგორ დარჩა მარტო და როგორ იყო ბოლო წუთამდე ამ ტყის ბატონ-პატრონი. ახლა კი შებინდებისას ძერა მოფრინდა, ალბათ სისხლის სუნზე. თვალებს დამიკორტნის, გაიფიქრებდა მგელი, რამდენჯერ ლეშის ჭამაც არ დამინებებია მისთვის, მიუხედავად მაძღრობისა. "შენ დიდებული მეომარი ხარ, მაგიტომ თვალებს არ დაგიკორტნი".- თუ მგელი ავაფიქრეთ ძერაც ასე გაიფიქრებდა, თუნდაც ძერაც. მერე მელა მოცუნცულდა, ამასაც რამდენჯერ ვდიე დასახრჩობადო, დამახრჩობსო ეხლა, ახლოც რომ მომიახლოვდეს პირსაც ვერ გავაღებ დასაღრენადო. მელამ იფიქრა შეხე რა მელასავით გარინდებულაო, ვკრავდი ფეხს და დავახრჩობდი ეხლა, მაგრამ მინახავს მაგისი სისხლიანი კბილები, მომაჭამსო ფეხს და გაიყინოსო თავისით. გაყინულ ტანს ვეღარც გრძნობდა, და ვერც ჭაობის მწერთაგან კანისა და ბანჯგვლების ჯიჯგვნა-კვნეტას. რაოდენაც შესაძლოა გეშინოდეს ან არ გეშინოდეს სიკვდილის, ბოლომდე უნდა ებრძოლო მას. რამეთუ სიკვდილთან დანებება რამდენადმე თვითმკვლელობასაც ჰგავს. შეიძლება და აუცილებელიცაა ამ მხრივ ნადირი ადამიანთათვის სამაგალითოც კი იყოს. სიკვდილთან მებრძოლმა სიკვდილის შიშით შუაღამისას, მოცისკროვნებულ ცაზე ამოსულ მთვარესაც ვერ შეჰყმუვლა. გამთენიისას ჩიტების ხმის გაგონებაზე პირველად ინატრებდა ალბათ, რატომ არა ვარო ჩიტბატონა. რომ ვჭამდეო მაყვალს და ხეზე დამპალ პანტას. შესძულდა ხორცი, სისხლი და ბღავილი. გრძნობდა რომ წინა ფეხებიც მალე მორჩილებაზე უარს ეტყოდნენ. ზეცისკენ, ხეების კენწეროებისაკენ, სინათლისაკენ უნდოდა აეხედა და ვერ ბედავდა, იმ ტყის ჯურღმულზე იყო მიშტერებული სადაც ცხოვრობდა, რითიც ცხოვრობდა, რითიც კვდებოდა. ავიხედო მაღლა წამით დავინახავ ნათელს და მეორე წამსვე სიბნელეში დავინთქები. არ ავიხედო და შესაძლოა ამავე მდგომარეობაში გავითოშო, დამიბნელდეს თვალთაც და გონებაც. ზეცისა და სინათლის უნახავად დავასრულო მგლური ყოფა. საშინელებაა როცა ცუდს, ძალიან ცუდსა და უკიდურესად ცუდს შორისაა არჩევანი. ისევ გაახსენდა სამფეხა მამა, ძაღლებისაგან დაკბენილი და სისხლდაცლილი. გაახსენდა ადამიანებისაგან ფოცხებითა და ნიჩბებით ბოსელთან ჩაქოლილი პატარა ძმის გამჭოლი ყმუილი. და ყველა სიკვდილზე უარესიც ... თავისი, საკუთარი, სიკვდილი ნათელი ცის დაუნახავად. სიკვდილზე ამდენი ფიქრის მიუხედავად კი არცერთი თავისი დაფატრული, დამხრჩვალი და დაგლეჯილი მსხვერპლი არც გახსენებია სანამ ტყიდან ნაცნობი კაკუნის ხმა არ გაიგო... და ჯერ ისევ თავის სასარგებლოდ დაიწყო ფიქრი, ადამიანის ხელითა და ცულით მოვკვდებიო. როგორმე უნდა ჩემი აქ ყოფნა გავაგონოო და ეშვებზე ჩამოფარებული ლაშები ასწია, ერთმანეთში ჩარჭობილი ყბების გაუხსნელად ყმუილი სცადა და შემზარავი ხმის ნაცვლად პატარა ბავშვის ტირილივით ხმა ამოუშვა. ერთიანად ახარხარდა ტყის ყველა არსება და თითქოს ხეებმაც ფოთოლთა ფრიალით დასცინეს. ამ ხმაზე გაახსენდა ბავშვის ქვითინი, ველური ცეკვა ფარაში და ოცი ცხვრის უმიზეზოდ დახრჩობა, თითქოს მათგან რამე საფრთხეს ელოდა. გაახსენდა მისი საკუთარი მოდგმის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლი, რომელთა შეჭმა, ან ბუნაგში წათრევაც შეუძლებელი იყო... და როგორც ლეკვობაში მშობლისგან სახეზე მოფერებას ელოდა ეგრე დაელოდა ადამიანის მოახლოებას მოქნეული ცულით. შვების მოლოდინში გაირინდა, თითქოს დასთბა კიდეც, ერთსღა ფიქრობდა ზეცას ავხედავო მყისვე...

      ...ესტატე გაოგნდა, მტირალი და განწირული ადამიანის ნაცვლად გაყინული გუბედან მგლის თავი და ნაცნობი ყვითელი, სისხლის წვეთებით შემოვლებული თვალები უყურებდნენ. მთელი სამყაროს ერთად აღებულ ფაუნას არ ძალუძს აღიქვას, აწონ-დაწონოს, იმოქმედოს ისე მეყსეულად როგორც თუნდაც პატარა ბიჭუნას. წამებში ესტატეს გონებასა და თვალწინ გაირბინა ნადირის ხვედრმა, ბედმა და განცდებმა. ტბორის ნაპირთან მივიდა, ძველი ქურთუკი გაიხადა, ერთ სახელოში ხელი მოკიდა, მეორე კი მგელს გადაუგდო დინგთან და თვალებში ჩახედა, მან კი გაუნძრევლად მზერა აარიდა (ძაღლივით, შობელძაღლივით, პირძაღლივით, სულძაღლივით... ). მიხვდა ესტატე ყბასაც ვერ ანძრევსო და წამოდგა, რაღაცამ გაუელვა თავში. ცას ახედა, მერე ისევ ყვითელ თვალებს, მიწიდან ცული აიღო და მოყინულ ნაპირს მიწაში ღრმად ჩაასო, ყინულზე ფრთხილად ჩაიმუხლა და გაწვა, ცალი ხელით ნაპირს ეჭიდებოდა მეორე ხელი კი მგლის თათს მიაწვდინა, მოქაჩა და მოქაჩა, შიში იმისა რომ ყინული ჩაუტყდებოდა და ერთიანად დასველდებოდა ძალას ართმევდა. ღონემიხდილი მგელი ვერც ინძრეოდა, არამცთუ ამოხოხვით დახმარებოდა საკუთარ თავსა და თავგანწირულ ბავშვს. ბიჭი იმასაც ფიქრობდა რომ ახლა ხელს ვეღარ გაუშვებდა, თორემ უთუოდ დაიძირებოდა მგელი. ცოტა ძალისხმევაც, მეტი გამბედაობაც და მარჯვენა მუხლსქვეშ ყინული ჩაუტყდა. ძაღლის კბენასავით მწარე იყო გაყინულ ტბორში ფეხის ჩაყოფა, თუმც არც ამ ტკივილმა გააშვებინა ხელი. ფსკერი მოსინჯა, ფეხს დაეყრდნო, ძალა დაატანა და მგელი გამოათრია. მერე მომაკვდავიც და ჯანსაღი მგელიც ორივე მგელიაო, გაიფიქრა. კუდსა და უკანა თათში ჩაავლო ხელები, ფხვიერ და მშრალ ადგილზე გაახოხა და მიაგდო. მგელი გაუნძრევლად იწვა, ხომ ცოცხალიაო, ამან გაუელვა თავში და კიდევ ერთხელ ჩახედეს ერთმანეთს თვალებში ნადირმა და ადამიანმა. შარვალი მუხლსზემომდე დასველებოდა, ჩამოიფერთხა, სიცივეს უკვე ძალუმად გრძნობდა, ქურთუკი ჩაიცვა, ცული იპოვნა და აკანკალებული სახლისკენ გასაქცევად მოემზადა რა, მგელიც აკანკალდა, გადარჩა გაიფიქრა ბიჭმა. გადამარჩინა გაიფიქრა მგელმა.

- გარბოდა და ფიქრობდა, ფიქრობდა და გარბოდა ბიჭუნა. მარჯვენა ფეხზე ისე სციოდა, რომ ტკივილში გადასდიოდა. სამაგიეროდ სულსა და გულში ისეთ სიმსუბუქეს, სიამოვნებას გრძნობდა თითქოს ადამიანი გადაერჩინოს. უცნაური აზრი აეკვიატა თითქოს ამ საქციელით ის გადაიქცა ამ ტყის ბატონ-პატრონად. თუ ტყის რაიმე სულდგმულს აზრის შეცნობა შეეძლო იმას წარმოიდგენდნენ რა ჰქმნა ადამიანმა. უპირველეს, მოსისხლე მტერს, მოსაკლავსა და თავისით სიკვდილის პირას მყოფს ხელი გაუწოდოს, გადარჩინოს, ეს მხოლოდ ადამიანს შეუძლია. ტყის უხილავი ნიმფები, მთვარიან ღამის ლანდები, ანცი და ლაღი ჭინკები, ხავსმოდებული კუნძები გაოცებითა და გარინდებით შეჰყურებდნენ ბიჭის ჰაეროვან სირბილს. მხოლოდ ღრმადმორწმუნე, წმინდა კაცი თუ შენიშნავდა როგორ ხელში აყვანილს, თითქმის მიწაზე ფეხშეუხებლად მიარბენინებდნენ ესტატეს ანგელოზები, რომ ფეხი არ წამოეკრა ქვაზე.

      ცული რომ დაუვარდა ვერც კი გაიგო, ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო, შარვალი გაეხადა, ცეცხლთან დამჯდარიყო, მშობლებისათვის მოეყოლა. კარი შეაღო, ცეცხლთან მივიდა, შარვალი გაიხადა და პირველი სიტყვა ჩაილაპარაკა, ცული. მამამ შეხედა და შეეკითხა, ცული? დედამ შეხედა და პირმაღთან ფიჩხი არ იყო, ფიჩხი? პატარა დაიკოც მიუახლოვდა, ჩაეხუტა, პირი ყურთან მიუტანა, გცივა? ლოგინიდან თავი გამოყო ძამიკომაც, რძე? ცული, ფიჩხი, გცივა, რძე. მოდი და ამ სიტყვების მერე მოყევი როგორ გადაარჩინე ნადირი, პირსისხლიანი მტერი. ან ვის სჭირდება შენი მონაყოლი, როცა იმაზე დიდი გმირობა და ღვაწლი არ არსებობს ვიდრე გაათბო და დააპურო ოჯახი. ტყეში დამივარდაო ალბათ, გავშრები, გავთბები და ისევ წავალო ჩაილუღლუღა. არაო, მოეფერა მამა, დღეს ბავშვებთან იყავიო, თხასაც მე ვაბალახებ და შეშასაც მოვიტანო. ჩვენი ანგელოზიო, ჩაქინდრულ კისერზე მოეფერა დედაც, შენ ჩვენი ოჯახის იმედი და სიყვარული ხარო. მერე პატარებიც მოეხუტნენ, უხაროდათ დღეს ჩვენთან იქნებაო ესტატე სულ და კოცნით დავუსიებთო თვალებს. მერე ცეცხლის არამწველ ალად გადაქცეული ანგელოზიც მოელამუნა თითებსა და პირსახეზე, ესტატემაც ბედნიერებაც ალბათ ეს არისო, სულში მშვიდობა და უხვი სიყვარულიო. თვალები აუწყლიანდა, დედას დაუწყო დამშვიდება არაფერი არ მატირებს გარდა სიხარულისო, გარდა თქვენი სიყვარულის სიხარულისო. შუაცეცხლისა და ღვიძლი ადამიანების სითბოებით გათბა და დასთბა, ერთი რგოლი ჭადითა და ამქვეყნიური მომადლებული მადლით დანაყრდა და გაძღა. წამოწვა, ნაკვერჩხალის შემყურე ჯერ ფიქრებში წავიდა, მერე ძილში, მერე სიზმრებში. და სიზმრად იმ გადარჩენილი მგლის თვალები ნახა, უსაზღვროდ ღრმა და ადამიანივით მეტყველი, ცხოველისათვის უჩვეულო მზერა. გაღვიძებიდან დაღამებამდე ბავშვებს უვლიდა და ტბორზე, მგელზე და ცულზე ფიქრობდა. შებინდებისას კი მამაო გაახსენდა, მას მოუყვა წარმოსახვაში მთელი ამბები.

      გათენებისთანავე ცულის საძებნელად გაეშურა. იცოდა და განიცდიდა, რომ ვაითუ ვერ ეპოვნა შესაძლოა ოჯახს წლობითაც ვერ შეეძინა საკუთრად ეს უმნიშვნელოვანესი იარაღი. რაც უფრო ღრმად შედიოდა ტყეში მით უფრო ემატებოდა განცდა, ცული ნაცნობ ბილიკზე არ ეგდო. კარგადაც ახსოვდა გამოქცევისას შარვალზე შემორტყმულ თოკში ჩაიდო. ტბორამდე მივიდა და სევდიანად ხელიც ჩაიქნია. სწუხდა, დრო ასე გარბოდა და ოჯახს დანაკარგისა და ზარალის მეტი არაფერი ჰქონდა. ამასთანავე სულ მამაოს სწავლება ახსენდებოდა მასზედ, რომ მიუხედავად განსაცდელთა და სიდუხჭირის სიმრავლისა მისი ოჯახი მაინც მხნე და ბედნიერი იყო. უკაცრიელი და მშვიდი ტყის დუმილი იდგა ტყეში. წყალთან მივიდა, მოთოშილ ზედაპირზე საკუთარი მუხლის კვალი დაინახა, მგლის მიერ ჩატეხილი ზედაპირიც ყინულით ჯერ არ ამოვსებულიყო. ცისკენ აიხედა. წარმოიდგინა, რომ ესოდენ ხშირ ტყეში ჩიტის მზერისათვის ეს ადგილი მინდორში ამოთხრილ ჭას წააგავდა. ალბათ ზაფხულის შუადღის მზე თუ ჩამოაწვდენდა სხივებს ტბორამდე. ტევრის სხვა ადგილებთან შედარებით შესამჩნევლად თბილოდა, ზაფხულშიც ალბათ გრილოდა. დაფიქრდა, რომ ალბათ ტყის ყველა მცოცავი და სრიალა, მკბენარი და წურბელა ამ წყალში იზამთრებსო. იმ საცოდავი ცხოველის კანი და სისხლი დიდებული საკვები იქნებოდაო მათთვის. ალბათ სულ დაკბენილი და დაწყლულებული ექნებაო ტანი. ახლა იმაზე ჩაფიქრდა დათბობისთანავე მოვალ და ამოვავსებ ქვაღორღითო ტბორს, ვინმე გზააბნეული კაცი არ დაღუპოსო შემთხვევით.

      ასე საოცრად იყო მომართული ესტატეს გონება, ესოდენ პატარა ბიჭუნა მხოლოდ ადამიანებზე, სიკეთის ქმნაზე ფიქრობდა. ჰოდა რადგანაც სიკეთის ქვაზე დამდებს წინ იგივე ხვდება ათმაგად, გვერდითი მზერით ლითონის ელვარება დალანდა...

      ...ჩვენ ადამიანები ვართ და სასწაულები სულ სხვაგვარი უნდა ვეძიოთ. როგორ შეიძლებოდა თქვენგან ახლა იმის წარმოდგენა, რომ იქ, იმ გარემოში ვერცხლი ან ოქრო ყოფილიყო. ეს იყო ცულის გალესილი პირი. ზუსტად იმ ადგილას სადაც ბიჭმა მგელი მიაგდო. და დაკარგულის პოვნაც ხომ ათმაგი სიხარულია, ვიდრე არსებულის არდაკარგვა, ჩვენთვის რიგითი მოკვდავთათვის, ფასეულობათა ძნელად შემცნობთათვის.

      ალბათ ოქროც რომ დაენახა, მელაკუდასავით მიეპარებოდა სანახავად. ეს კი შველივით ორ ნაბიჯში გაჩნდა. ცულთან კი არ დაიხარა მუხლებით მიუხტა. და გაშრა. გარშემო ბღუჯა-ბღუჯა ეყარა ბეწვი. ორი-სამი თხა რომ გაპარსო იმდენი იქნებოდა. შავი, რუხი, თეთრი, ყვითელიც და მოვარდისფრო, უხეშიც, გრძელიც, ფაფუკიც, მოკლეც, ყველანაირი, ერთმანეთში არეული, ზოგი მშრალი, დაცვარულიც, ცოტა სისხლით დაწინკლულიც. თითებით მოსინჯა, გადაქექა, დასუნა კიდეც. ჭაობის მყრალი სუნი ასდიოდა. ცალსახად მგლისა უნდა ყოფილიყო. გაოგნდა ესტატე, თუ ვინმემ მოკლა, სისხლი რატომ არ ჩანდა. ან რომც მოეკლათ რატომ უნდა გაეპარსათ. თუ მგელის რაიმეა ღირებული, ეს მისი ტყავი და ბეწვია. გაგონილიც ჰქონდა, რომ ძაღლის ბეწვით ითბუნებდნენ მოხუცები ტანსაცმელსა და წელს. ან კი რატომ ეგდო აქ ცული. ნამდვილად ახსოვდა რომ მგლისგან მოშორებით იჯდა აი იმ ბილიკთან, იმ ნაპირთან, იმ ხესთან და ცულიც ხელში ეჭირა. და არა აქ, ამ პიტალო, კუთხოვან ქვასთან. მიხვდა ვერაფერს გამოიცნობდა. ერთიღა გაიფიქრა... შიშველი მგელი. გაუკვირდა, გაეღიმა... მერე ცივმა სიომ წამოუბერა და წარმოიდგინა გათოშილი ცხოველი, შეეცოდა. საკუთარმა ფიქრმა და შეცოდებამ გააოცა.

      მერე მობრუნდა ამ იდუმალი ალაგიდან, ცულის პოვნით გახარებულმა და ძალაში გაათმაგებულმა იმდენი შეშა და ფიჩხი მიათრია სახლში, რომ მშობლებმა ჰკითხეს ვინ დაგეხმარაო. რადგან არც არასოდეს დახმარებია ვინმე შრომის შედეგით კმაყოფილმა ჩაიღიმა და უცებ გაუაზრებლად ჩაილაპარაკა პასუხად "მგელი", ამ მოულოდნელი პასუხით თვითონაც გაშრა და გაკვირვებულ მშობლებს სიტყვის გადასატანად მიუგო "მგელი ხომ არ დამეხმარებოდაო და ტყეში მეტი ვინ არისო". მშობლებიც დაკმაყოფილდნენ ბიჭის ლოღიკითა და შრომისმოყვარეობით. ესტატე კი იმაზე ჩაფიქრდა, რომ სწორედ მგელს თუ შეეძლო ტყეში მიგდებული ცული მათი შეხვედრის ადგილას მიეტანა. არა, ეს შეუძლებელია, ამას მხოლოდ ადამიანური გონება უნდაო. გაიფიქრა და ცეცხლს შეხედა. ფიქრებსა და ცეცხლის ყურებაში გაზაფხულიც მოვიდა...

      ...ტბორიდან ამოთრეულმა მგელმა ჯერ კარგახანს იკანკალა, კაკნალსა და ცახცახში ცოტა შეთბა. შეთბობასთან ერთად სიცოცხლესთან მობრუნებაც იგრძნო, მაგრამ ამავდრულად გაუსაძლისი ტკივილი სტანჯავდა მთელ ტანზე. ბალანზე და ტყავზე ერთიანად დასეოდა მწერი და მატლი, სისხლს სწოვდნენ, კანს გლეჯდნენ, ერთი ღრეობა და ფათაფუთი ჰქონდათ. მგელი მიხვდა რომ სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლის ახალი, ჯერ მის ჯიშში გაუგონარი შემთხვევა ჰქონდა. არ არსებობდა გადარჩენის საშუალება, ხვედრი სისხლისაგან დაწრეტვა იყო აუტანელი ტკივილებითურთ. გული და ხახა ყმუილს თხოვდა, გაბმულსა და განწირულ ყმუილს. და თუ ტბორში მის დანთქმას ვერა ტყის გვამი ვერ გაიგებდა ახლა ყოველი ზარითა და ზეიმით შეხვდებოდა მის ამ გოდებით აღსასრულს. და როცა წურბელთმაგვარნმა თვალებისა და ყურებისაკენ დაიწყეს ახოხება პაპა გაახსენდა. ხროვის თავი ბებერი მგელი. საკუთარი კბილებით ფეხმოჭმული, თავისუფლებისათვის მეომარი, ხაფანგში გაბმული და სიკვდილის შემყურე. წარმოიდგინა როგორ იღრღნიდა საუთარ კიდურს. გრძნობდა რომ უნდა ემოქმედა, ახლა სიცოცხლეზე და სიკვდილზე მეტიც ტკივილისა და მკბენარის დამარცხება იყო. პირველ რიგში გაახსენდა სამყაროში ყველაზე ბასრი კბილები და მძლავრი ხახა, აწ და აქ გამოუსადეგარი. გაახსენდა დაუღალავი და მოქნილი მუხლები, უზადო ყნოსვა, გამჭოლი მზერა, შორსმგრძნობი ყნოსვა... და ბოლოს პატარა ბიჭუნას ნაზი თითები, წუთების წინ თათში რომ ჩაავლო ამოთრევისას, ფაფუკი ხელის მტევანი, შემოქმედის მიერ შექმნილი საუკეთესო აპარატი. გაახსენდა და ადამიანობა მოუნდა. ალბათ ისევე მოუნდა როგორც მავანს უნდა მგლობა, იქნებ მეტადაც. გაადამიანების გაფიქრებისთანავე თვითმკვლელობა და ტბორში ჩახტომა გაიფიქრა. ეს ალბათ ერთადერთი გამოსავალი იყო ტკივილებისა და დეპრესიისაგან. და იგრძნო ახალი გრძნობა, იმდენად ახალი რომ წამიერად ტკივილიც კი ჩაუქრო. ეს იყო შიში, მანამდე გამოუცდელი გააზრებული შიში და არა ინსტიქტი. შიში სიკვდილისა და უაზრობა სიკვდილისა. და ცხოველში გაიმარჯვა საოცარამა აზრმა, თუ სიკვდილი გარდაუვალია, მაშინ ნებისმიერი სჯობია თვითმკვლელობას. ჰოდა ცხოველები თავს არ იკლავენო, ალბათ გაიფიქრა ცხოველმა.

      ... ახალმა გრძნობებმა, აზრებმა, სურვილმა ახლი ცხოვრების სურვილიც აჩინა. მგელმა თქვა ტყავი უნდა გავიძროო და გაიძრო. და ეს მგელმა შეძლო. ციბრუტივით დატრიალდა რათა საკუთარ კუდს დასწეოდა, ნახევრამდე ჩაიდო ხახაში და გასხვიპა. ქვაღორღიან ნიადაგს განერთხა და ხოხვა დაიწყო, მახვილ კუთხიანი კლდის ლოდის კიდეზე ფერდებს უსვამდა, ხის კოჟრებსა და ქერქებს ეხახუნებოდა. სისხლის მწოველებს მრავალ ალაგას დაეწყლულებინათ და დაეფუფქებინათ კანი. და სადაც ბეწვს იგლეჯდა იმ მიდამოში შედარებით შვებასაც გრძნობდა. ბრჭყალებით იღლიები სულ გამოიხოკა, კბილებით სადაც მიწვდა ბეწვი და კანი სულ კბენით გაიცალა. საკუთარ სხეულთან ასეთი ბრძოლისა და ტანჯვის შემდეგ აუტანელი ტკივილი ასატანში გადაუვიდა, მაგრამ სრულიად ტიტველი დარჩა. სიკვდილისაგან გადავრჩიო და ტყის სიღრმისაგან წასული არა საკუთარ ტკივილზე, არამედ იმაზე ფიქრობდა რა მწარე ყოფილა მისი კბილებისა და ბრჭყალების მიერ მიყენებული წამება. დაჰყურებდა ბილიკზე ბიჭის დაკარგულ ცულს და ფიქრობდა ისევ ადამიანებზე ან ადამიანისაზეობაზე. ნეტავ რა სჯობს, იყო მგელი, ადამიანის რომელიმე შინაური ცხოველი თუ თვით ადამიანიო... შესცივდა, საკუთარ ღრმა ბუნაგს მიადგა. იცოდა აქაურობას ვერავინ და არავინ, ვერ და არც მიეკარებოდა, შეძვრა და ისიც იცოდა რომ გაზაფხულამდე აქედან არც და შესაძლოა ვეღარც გამოვიდოდა.

      გაზაფხულდა, ბიჭის ცხოვრებაში, ოჯახსა და სოფელში არაფერი შეცვლილა. თუმცა რადგან გაზაფხულდა ესე იგი ბუნება და ამინდი შეიცვალა. გაზაფხული იმედების ხანაა და ოჯახს რომ იმის ფიქრი აქვს, მწვანე ბალახის ამობიბინებასთან ერთად ერთადერთი თხა ცოტა მეტს მოიწველებაო, სევდიანი ღიმილის მომგვრელია.

      ბიჭუნა ტყეში შევიდა, გამხმარ ტოტებს აუტეხა რაკარუკი. ეს იყო მისი ტყე, ეს იყო მისი ცული, ეს იყო მისი ველი, ეს იყო მისი სოფელი, ეს იყო მისი სამყარო. შეშა რომ მოაგროვა ტბორისკენ წავიდა. მთელი გზა ხან მგელზე, ხან მამაოზე ფიქრობდა. საიდან სად ავლებდა ხაზებს, ძაფებსა და გზებს... მამაომ ბევრჯერ სულიერებითა და საზრდელით დააპურა, მგელმა მშიერი დასტოვა ოჯახები. მამაომ სოფელი გადაარჩინა, ბიჭუნამ კი სოფლის პირველი მტერი.

      არაფერი არ იყო უცხო, არაფერი არ იყო სხვისი... და ისევ მზერა, ისევ გამჭოლი. რაც მზერას შეეხება არცერთი მზერა არაა ადამიანისაზე ძლიერი, რამეთუ თვალები, მოაზროვნესა და სულიერის თვალები სულ სხვაგვარად ატყვევებენ... ტყვეობას კი ყველაზე მეტად ადამიანები ვერ იტანენ, სრულყოფილნი ოღონდ.

      ...ადამიანი იჯდა, წელზედ შიშველი, ტერფები და კოჭები, წვივები და მუხლები ერთმანეთზე მიწყობილი ჰქონდა, მკერდი და ნიკაპი მუხლის თავებზე ჩამოედო, მხრები ყურებთან მიეყუჟა, უჩვეულოდ წვრილი ხელები და მტევნები ფეხებზე შემოერტყა და ასე რიგად დახრილი სახიდან წარბების გამჭოლად, ფართოდ გახელილი თვალებით ესტატეს უმზერდა...

      ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, შიშსაც კი... მოულოდნელობას ვერ. წითელ-ყვითელი, მრგვალი თვალები, ადამიანის გაბურძგნული სახე, ასევე ადამიანური კიდურები და კანის ფერი. მგელმა და ტყემ, შიმშილმა და ყინვებმა ვერ შეაშინეს ვერცერთხელ ესტატე და მოკუნტული თითქმის დედიშობილა კაცი ოდენ თუ გააოცებდა...

- მგელი ხარ!?-თქვა ბიჭუნამ.

- მგელი? არც ვიცი რა გიპასუხო... რამე ჩამაცვი...

      ბიჭმა ჯუბა გაიხადა და მიაწოდა. ესტატე გაკვირვებული მიაჩერდა გამოწვდილ ხელსა და მტევნის ფალანგებს. მას არ ენახა მსგავსი მოვლილი თითები, ფითქინა თეთრი ფრჩხილები, თითქმის კანამდე დაჭრილი, ელვარე როგორც ღილები, ფრჩხილები როგორც თვალები, თითა ყურძენის თითები, მაჯები როგორც ლერწები, ფოთლის კანივით მტევნები, მკლავები როგორც რტოები, მხრები კი რქანი ვაზისა. მზერაც ამბობდა იგივეს, ბაგეთი სად სწვდე იმავსა, სტიროდეს... ცრემლს ვერ ჰხედავდე, რასღად ჰსძიებდე იგავსა. ფიქრით ხარ თავისუფალი, ტერფებით ისდგე მიწასა, გაჩენს და რჩები ამქვეყნად, ერთდები ისდღე მისცასა...

- მგელი ხარ?

- მგლები ხომ არ მეტყველებენ... ადამიანი ვარ. თუმცა ზოგი ადამიანი მგელიცაა და მეტიც-ამოიოხრა უცნობმა

- მგელი იყავი და ადამიანი გახდი?

- მგელი ვერასოდეს გახდება ადამიანი, მხოლოდ ადამიანს შეუძლია გახდეს მგელიცა და მაიმუნიც... გიმეორებ. ადამიანად ქცევას სული სჭირდება, სულის ჩადგმა კი მხოლოდ ღმერთს შეუძლია...

- როგორ მღვდელივით საუბრობთ?!-გაოცებულმა და აღტაცებულმა ჰკითხა და უთხრა ესტატემ.

- მღვდელი ვარ ჩემო პატარა ანგელოზო... სამწუხაროდ უანაფორო, უჭილოფოც. მღვდელი წვერგაპარსული და გაკატორღებული... უდაბურ ციმბირში მამწესებდნენ ჯერ მღვდლად. სასტიკი უარი განვუცხადე, ვუთხარი რომ ვერ მივატოვებდი სამშობლოსა და მრევლს... შემიპყრეს, დამატუსაღეს, გამკრიჭეს და კატორღაში მამწესებდნენ... უფლის ნებითა და ღვთისმოსავთა ლოცვით გაქცევა მოვახეხე... 4 დღეა ტყეებში დავდივარ. მართალია მგელივით დავდიოდი, მაგრამ მგელი ნამდვილად არა ვარ... მადლობა ღმერთს ყოველივესათვის და შენც შესამოსელისათვის...

- მე ესტატე ვარ, ამსოფლელი- ხელით მიანიშნა ბიჭუნამ, მერე ცისკენ აიხედა.

- მადლობა ღმერთს ყოველივესათვის-მანაც ჩაილაპარაკა.

      ...ცაზე ქუნქულა თეთრი ღრუბელი ეკიდა, მოხუც და თეთრწვერა კაცს ჰგავდა თვალნათლივ და მთელ ქვეყანას უღიმოდა, განსაკუთრებით ესტატეს...

თქვენი ნუგზარ ვანიშვილი
თბილისი... 2014წ. 30 ივლისი.

ტეგები: Qwelly, literature, ლიტერატურა, მოთხრობა, ნუგზარ_ვანიშვილი, ქველი

ნახვა: 686

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Batteries: Trustworthy Power

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი







In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…

გაგრძელება

Alternative Methods to Get Currency

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…

გაგრძელება

Brooklyn Your Guidebook

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2024.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი







Mishaps can happen to any person, and navigating the Restoration method afterward is usually mind-boggling. When you are linked to an automobile accident in Brooklyn, you may come upon the term "no-fault health practitioner." But Exactly what does it necessarily mean, and why can it be vital in your Restoration and authorized approach? Allow’s dive in.



Exactly what is a No-Fault Doctor?

A no-fault health care provider concentrates on treating people who are…

გაგრძელება

7 Tips To search out the proper Foodstuff Truck To your Summer time Occasion

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2024.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი





Summer months has finally arrived, meaning it’s time to get outside! It also may well necessarily mean that you're internet hosting an celebration and looking out to rent a foodstuff truck. No matter whether you are arranging a company outing, a birthday get together, a relatives reunion, or maybe a community block celebration, choosing the ideal foods vans will make all the main difference. In this particular site put up, we'll examine techniques for pairing The perfect foods…

გაგრძელება

Qwelly World

free counters