ფრანც კაფკა - ამერიკა

 kafka amerika pdf | kafkas wignebi | ფრანც კაფკა ამერიკა| კაფკა წიგნები პდფ | კაფკას წიგნები | ელექტრონული წგინები პდფ |

ცეცხლფარეში

თექვსმეტი წლის კარლ როსმანს შეშფოთებულმა მშობლებმა ამერიკაში უკრეს თავი, რადგან მაცდურმა მოახლემ მისგან შვილი გააჩინა.

როცა გემი უკვე შენელებული სვლით ნიუ-იორკის ნავსადგურში შევიდა,

თავისუფლების ქალღმერთის ქანდაკება, შორიდანვე რომ შენიშნა, მის

თვალწინ ერთბაშად გასხივოსნდა. ზეაღმართულ ხელში მახვილი ეპყრა და მის გარშემო თავისუფლების ნიავქარი ქროდა.

– რამსიმაღლეა! – ჩაილაპარაკა და ადგილზე გაშეშდა. ამასობაში

მებარგულთა მოზღვავებულმა ნაკადმა თანდათან გემბანის მოაჯირთან მიიმწყვდია.

– აღარ აპირებთ ჩასვლას? – ჰკითხა მგზავრობისას გაცნობილმა

ახალგაზრდამ, – როგორ არა, მოვდივარ, – სიცილით მიუგო კარლმა და საკუთარი ჯან-ღონით თავმომწონემ ჩემოდანი მარდად შემოიგდო

მხარზე. ნაცნობს რომ გააყოლა თვალი, რომელიც ხელჯოხის ქნევა-ქნევით სხვა მგზავრებთან ერთად წინ მიიწევდა, უეცრად გაახსენდა, რომ ქოლგა ქვემოთ დარჩენოდა. წამოეწია და თავაზიანად სთხოვა, ცოტა

ხნით ჩემოდანს მიმიხედეო, რაც ახალგაზრდას დიდად არ ესიამოვნა.

კარლმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას, რათა ადგილი კარგად დაემახსოვრებინა და უკან გაბრუნდა. მისდა სავალალოდ, ქვედა გასასვლელი, რომელიც გზას საგრძნობლად შეუმოკლებდა, ჩაკეტილი 

დაუხვდა; ალბათ იმის გამო, რომ გემი უკვე ყველა მგზავრს დაეტოვებინა. ერთმანეთზე გადაბმული რამდენიმე კიბე სულმოუთქმელად აირბინა, მიხვეულ-მოხვეული დერეფნების გავლით ერთ ცარიელ ოთახში

ამოყო თავი, რომელშიც მიტოვებული საწერი მაგიდა იდგა, და მიხვდა,

გზა საბოლოოდ არეოდა. აქეთ ერთი-ორჯერ ადრეც მოხვედრილა, მაგრამ მხოლოდ სხვების თანხლებით. სასოწარკვეთილებისაგან, რადგან ახლომახლო ადამიანის ჭაჭანება არ იყო და მხოლოდ ზემოდან ერთმანეთში არეული ნაბიჯების ხმა ისმოდა, შორიდან კი ძლივს აღწევდა უკვე

ჩამქრალი ძრავების უკანასკნელი სუნთქვა, ბევრი აღარ უფიქრია, და

პირველივე პატარა კარს, რომელთანაც ამ უთავბოლო ბორიალში აღმოჩნდა, მუშტები დაუშინა.

– რა ამბავია, ღიაა, – გამოსძახა ვიღაცამ შიგნიდან, კარლმა შვებით

ამოისუნთქა და კარი გამოაღო, – რატომ აბრახუნებთ ასე თავგამეტებით? – ჰკითხა ზორბა კაცმა, როგორც კი კარლს თვალი შეავლო. უბადრუკ სენაკში, რომელშიც ილუმინატორიდან ძლივს აღწევდა გემის ზედა

სართულის მბჟუტავი შუქი, ერთმანეთის გვერდით თითქოს საგულდაგულოდ ჩაეჭედათ საწოლი, კარადა, სავარძელი და კაცი.

– გზა ამებნა, – ამოთქვა კარლმა, – მგზავრობისას სულ არ შემიმჩნევია, რა უზარმაზარი გემი ყოფილა!

– დიახ, მართალი ბრძანდებით, – ერთგვარი სიამაყით უპასუხა კაცმა, თან განუწყვეტლივ უკირკიტებდა პატარა ჩემოდნის საკეტს, რომელსაც ორივე ხელით აწვებოდა და კლიტის ტკაცუნს აყურადებდა.

– შემოდით, შემოდით , – განაგრძო კაცმა, – ასე ხომ არ იდგებით!

– ხომ არ შეგაწუხებთ? – ჰკითხა კარლმა.

– ოჰ, როგორ შემაწუხებთ!

– გერმანელი ხართ? – გულის დასაიმედებლად ჰკითხა კარლმა,

რადგან ბევრი სმენოდა იმ საფრთხეების შესახებ, ამერიკაში ახალჩასულებს რომ ემუქრებოდა, განსაკუთრებით ირლანდიელთა მხრიდან.

– დიახ, გახლავართ, – უპასუხა კაცმა. კარლი მაინც ყოყმანობდა. უცნობი უეცრად კარის სახელურს სწვდა, კარი ჯიქურ შემოხურა და კარლიც შიგნით შეაგდო, – ვერ ვიტან, დერეფნიდან ჩემს ოთახში რომ იყურებიან, – თქვა, თან ისევ ჩემოდანს უტრიალებდა, – ყველა გამვლელ-გამომვლელი იჭყიტება, ეს ხომ აუტანელია!

– კი მაგრამ, დერეფანი ხომ ცარიელია, – მიუგო კარლმა, რომელიც

საწოლის თავთან მიჭეჭყილი უხერხულად იდგა. – ახლა კი, – თქვა კაცმა.

«საქმე ხომ ახლას ეხება, – გაიფიქრა კარლმა, – ამ კაცთან რთულია ლაპარაკი».

– მოთავსდით, ღვთის გულისათვის, საწოლზე, იქ მეტი ადგილია.

კარლი შეეცადა შემძვრალიყო, მაგრამ საწოლზე ახტომის პირველივე

წარუმატებელ ცდაზე თავადვე გაეცინა. როგორც კი საწოლზე ასვლა მოახერხა, წამოიძახა:

– ღმერთო ჩემო, ჩემი ჩემოდანი ხომ სულ გადამავიწყდა! – კი მაგრამ, სად არის?

– ზემოთ, გემბანზე, ერთ ნაცნობს ჩავაბარე. მოიცა, რა ჰქვია? – და

საიდუმლო ჯიბიდან, რომელიც დედამ გამომგზავრებისას შარვლის

სარჩულზე გამოუკერა, სავიზიტო ბარათი ამოიღო, – ბუტერბაუმი,

ფრანც ბუტერბაუმი.

– ძალიან გჭირდებათ ეგ ჩემოდანი?

– ცხადია.

– მაშინ უცხო ადამიანს რატომ დაუტოვეთ?

– ქოლგა დამრჩა ქვემოთ და მის მოსატანად გავიქეცი, ჩემოდანი კი

აღარ მინდოდა უკან მეთრია. მერე აქ გზა ამერია.

– მარტო ხართ? არავინ გახლავთ?

– დიახ, მარტო ვარ. «ალბათ ამ კაცს არ უნდა მოვშორდე, – გაუელვა

კარლს თავში, – ამაზე უკეთეს მეგობარს სად ვიპოვი».

– და ახლა ჩემოდანიც დაკარგეთ. ქოლგაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, – და კაცი სავარძელში ჩაჯდა, კარლის ამბავმა თითქოს ინტერესი

გაუღვივა.

– მაგრამ, მე მგონი, ჩემი ჩემოდანი ჯერ დაკარგული არ უნდა იყოს.

 

– ნეტარ არიან მორწმუნენი, – მიუგო კაცმა და თავისი მოკლე, შავი,

ხშირი თმა მაგრად მოიქექა, – გემზე ზნეობა ნავსადგურების მიხედვით

იცვლება. ჰამბურგში ის თქვენი ბუტერბაუმი ალბათ მიგიხედავდათ ჩემოდანს, აქ კი, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, ორივე უკვალოდ გაქრებოდა.

– მაშინ ახლავე უნდა ავიდე და მოვნახო, – და კარლმა გასასვლელის

ძებნაში აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა.

– აქ იყავით, – საკმაოდ უხეშად ჰკრა კაცმა ხელი და ისევ საწოლზე

დააგდო.

– კი მაგრამ, რატომ? – გაბრაზდა კარლი.

– რადგან ამას არავითარი აზრი არ აქვს, – უპასუხა კაცმა, – ცოტა ხანში მეც გამოვალ და ერთად წავიდეთ. ჩემოდანი ან მოპარულია, მაშინ

ვეღარაფერს გავაწყობთ, ან იმ ყმაწვილმა იქვე მიატოვა, და მაშინ, რაც

უფრო დაცარიელდება გემი, მით უფრო ადვილად ვიპოვით. ასევე

თქვენს ქოლგასაც.

– კარგად იცნობთ გემს? – იჭვნეულად ჰკითხა კარლმა და მოეჩვენა,

რომ ამ მოსაზრების მიღმა, თითქოს დაცარიელებულ გემზე უფრო ადვილად იპოვიდა თავის ნივთებს, რაც სხვა შემთხვევაში მართლაც დამაჯერებელი იქნებოდა, ამჯერად რაღაც იმალებოდა.

– მე ხომ გემის ცეცხლფარეში ვარ, – თქვა კაცმა.

– გემის ცეცხლფარეში! – წამოიძახა გახარებულმა კარლმა, თითქოს

ამან მის მოლოდინს გადააჭარბა, და იდაყვზე დაყრდნობილი, კაცს შეაჩერდა, – სწორედ იმ კაიუტის წინ, სლოვაკთან ერთად რომ მეძინა, ლუკი იყო, საიდანაც გემის სამანქანო ნაწილი ჩანდა.

– დიახ, იქ ვმუშაობდი, – თქვა ცეცხლფარეშმა.

– ტექნიკა ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, – ფიქრებმა გაიტაცა

კარლი, – და მომავალში ნამდვილად ინჟინერი გავხდებოდი, ამერიკაში

იძულებითი გამომგზავრება რომ არა.

– რატომ იძულებითი?

 

– ეჰ, არ ღირს! – და კარლმა მთელი თავისი ისტორია ხელის გაქნევით მოიგერია. თან ცეცხლფარეშს ღიმილით შეხედა, თითქოს შეწყნარებას სთხოვდა იმის გამო, რაშიაც არ გამოსტყდომია.

– ამას ალბათ თავისი მიზეზი ჰქონდა, – თქვა ცეცხლფარეშმა და ვერ

გაიგებდით, ამით ამ მიზეზის ახსნას მოელოდა თუ არა.

– ახლა შეიძლება მეც ცეცხლფარეში გავხდე, – განაგრძო კარლმა, –

ჩემი მშობლებისათვის სულერთია, რა გავხდები.

– ჩემი ადგილი თავისუფლდება, – და ცეცხლფარეშმა, ამაში სრულიად დარწმუნებულმა, ხელები ჯიბეებში ჩაიყო, დაჭმუჭნილ, ტყავისმაგვარ რუხ შარვალში გამოკრული ფეხები საწოლზე აისროლა და გაიშხლართა. კარლი კიდევ უფრო მიჩოჩდა კედლისკენ.

– ტოვებთ გემს?

– დიახ, დღეს მივემგზავრები!

– კი მაგრამ, რატომ? არ მოგწონთ აქ?

– საქმე სხვაგვარადაა, ყოველთვის როდია გადამწყვეტი, მოგწონს

რაიმე თუ არა. ისე, თქვენ მართალი ბრძანდებით, ეგეცაა, არ მომწონს.

იმედია, ცეცხლფარეშობას სერიოზულად არ აპირებთ, მაგრამ ყველაფერზე იოლი სწორედ რომ ეგაა. გადაჭრით გეტყვით, არ გირჩევთ. თუკი

ევროპაში აპირებდით სწავლას, აქ რაღატომ არ უნდა ისწავლოთ? ევროპული უნივერსიტეტები ამერიკულს ხომ ვერ შეედრება.

– შესაძლებელია, – მიუგო კარლმა, – მაგრამ მე ხომ სწავლის ფული

არ გამაჩნია. ვიღაცის შესახებ კი წამიკითხავს, დღისით მაღაზიაში მუშაობდა და ღამით სწავლობდაო, ბოლოს დოქტორი, მგონი ბურგომისტრიც გამხდარა. მაგრამ საამისოდ დიდი ნებისყოფაა საჭირო, ასე არ

არის? ვეჭვობ, ეს მქონდეს. გარდა ამისა, სწავლით არ გამოვირჩეოდი,

სკოლასთან გამომშვიდობება არ გამძნელებია. აქაური სკოლები კი ალბათ კიდევ უფრო მკაცრია. ინგლისური თითქმის არ ვიცი. საერთოდ, აქ

უცხოელების მიმართ, ჩემი აზრით, საკმაოდ ცუდად არიან განწყობილნი.

 

– ეს უკვე თქვენც გამოსცადეთ, არა? კეთილი. მაშინ ჩემი მეგობარი

ყოფილხართ. ხედავთ, ჩვენ ხომ გერმანულ ხომალდზე ვართ, რომელიც

ჰამბურგ-ამერიკის ხაზზე დაცურავს, რატომ არ უნდა ვიყოთ აქ ყველანი

გერმანელები? რატომ უნდა იყოს უფროსი მემანქანე რუმინელი? გვარად შუბალი? ეს ხომ

დაუჯერებელია. და ეს არამზადა გერმანულ გემზე ჩვენ, გერმანელებს, გვჩაგრავს! არ იფიქროთ, – სულს ვეღარ ითქვამდა, ხელს იქნევდა, – რომ წუწუნი მიყვარს. ვიცი, თქვენ არაფერი შეგიძლიათ, თავად ერთი საბრალო ყმაწვილი ხართ. მაგრამ ეს ძალზე საწყენია! – და რამდენჯერმე მაგიდაზე მუშტი დაარტყა, ისე რომ მუშტისთვის თვალი არ მოუშორებია, – რამდენ გემზე არ მიმსახურია, – და ოცამდე სახელი ერთმანეთს ისე მიაყოლა, თითქოს ერთ სიტყვას წარმოთქვამდა, კარლი გაოგნებული შესცქეროდა, – და ყველგან გამოვირჩეოდი, მაქებდნენ, ჩემი კაპიტნების მოწონებას ვიმსახურებდი, რამდენიმე წელი ერთ სავაჭრო

გემზეც კი ვიმუშავე, – წამოდგა, თითქოს ეს მისი ცხოვრების მწვერვალი

ყოფილიყოს, – და აქ, ამ ჯაბახანაზე, სადაც ყველაფერს ხუთი თითივით

ვიცნობ, თურმე არაფრად ვღირვარ, შუბალს ფეხებში ვებლანდები, ზარმაცი ვარ, აქედან გასაგდები, და ხელფასს მხოლოდ სამადლოდ მიხდიან. გესმით? მე ეს არ მესმის.

– ამისი უფლება არ უნდა მისცეთ, – აღელდა კარლი. მან თითქმის

დაკარგა იმის შეგრძნება, რომ გემის არამყარ ნიადაგზე იმყოფებოდა,

უცნობი კონტინენტის სანაპიროზე, იმდენად შინაურულად გრძნობდა

თავს აქ, ცეცხლფარეშის საწოლზე, – იყავით უკვე კაპიტანთან? შეეცადეთ შეგეხსენებინათ თქვენი უფლებები?

– ოჰ, მომწყდით ერთი თავიდან. თქვენი დანახვა აღარ მინდა. თქვენ

არ მისმენთ, რას ვამბობ, რჩევებს კი მაძლევთ. როგორ უნდა წავიდე კაპიტანთან! – და ცეცხლფარეში ისევ ჩამოჯდა და დაღლილმა თავი ხელებში ჩარგო.

«უკეთესს ვერაფერს ვურჩევ, – გაიფიქრა კარლმა, – უმჯობესია საკუთარი ჩემოდანი მოვძებნო, ვიდრე ცეცხლფარეშს ჭკუა დავარიგო, რაც მას მაინც სისულელედ მიაჩნია». როცა კარლს მამამ ჩემოდანი სამუდამო მფლობელობაში გადასცა, ხუმრობით ჰკითხა: – რამდენ ხანს გექნება ეს? – და ახლა ეს ერთგული ჩემოდანი ალბათ უკვე დაკარგულია. ერთადერთ ნუგეშად ისღა დარჩენია, რომ მისი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ მამა ვეღარაფერს შეიტყობს, კიდევაც რომ გაიკითხოს. გემის ეკიპაჟი მხოლოდ იმას თუ დაუდასტურებს, რომ ნიუ-იორკამდე ჩამოიყვანეს. კარლს უფრო იმაზე სწყდებოდა გული, რომ ვერ მოასწრო ჩემოდანში ჩალაგებული ნივთების გამოყენება, თუმცა პერანგი კარგა ხანია გამოსაცვლელი ჰქონდა. ამრიგად, მისი მომჭირნეობა სრულიად

უადგილო აღმოჩნდა: ახლა, ახალი ცხოვრების დასაწყისში, ყველაზე

მეტად ესაჭიროებოდა სუფთად ჩაცმა, მას კი ჭუჭყიანი პერანგით მოუწევდა სიარული. სხვა მხრივ, ჩემოდნის დაკარგვა არ იქნებოდა დიდი

უბედურება, რადგან ის კოსტიუმი, ტანზე რომ ეცვა, ბევრად სჯობდა

იმას, ჩემოდანში რომ იდო; ის, შეიძლება ითქვას, სათადარიგო კოსტიუმი იყო, რომელიც დედამ გამომგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე დაუკემსა. ისიც გაახსენდა, რომ ჩემოდანში ვერონული «სალიამის» ნაჭერიც იდო, საგანგებოდ რომ უსაგზლა დედამ და თითქმის არც კი გაუსინჯავს,

რადგან მთელი გზა უმადოდ იყო და ის სუპი იკმარა, შუა გემბანზე რომ არიგებდნენ.. ის ძეხვი რომ აქ ჰქონდეს, ცეცხლფარეშს მიართმევდა. მამისგან იცოდა, რომ ასეთი ადამიანების გულის მოგება ადვილად შეიძლება პატარ-პატარა საჩუქრებით. მამა თავის ხელქვეითებს, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, სიგარებს ურიგებდა ხოლმე და

ასე იგებდა მათ გულს. ახლა კარლს მხოლოდ ფულიღა დარჩა გასაცემი, მაგრამ თუ ჩემოდანი დაკარგულია, მას ჯერ ხელი არ უნდა ახლოს. ფიქრებით კვლავ ჩემოდანს დაუბრუნდა, ვერ მიმხვდარიყო, რისთვის სდარაჯობდა მთელი

გზა ჩემოდანს უძილობის ფასად ასე გულმოდგინედ, თუ ასე ადვილად

უნდა შელეოდა. გაახსენდა ის ხუთი ღამე, რომელთა განმავლობაში განუწყვეტლივ ეჭვობდა, რომ პატარა სლოვაკს, ორი საწოლის იქით რომ ეძინა, მის ჩემოდანზე ეჭირა თვალი. თითქოს ეს სლოვაკი მიყურადებული იყო, როდის ჩათვლემდა უძილობისგან დასუსტებული კარლი ერთი წამით, რათა თავისი გრძელი ჯოხით, რომლითაც დღისით თამაშობდა

ან ვარჯიშობდა, მისი ჩემოდანი გადაეთრია. დღისით სლოვაკი სრულიად უწყინარი ჩანდა, მაგრამ როგორც კი დაღამდებოდა, წამოდგებოდა

თავისი ადგილიდან და ნაღვლიანი სახით გასცქეროდა კარლის ჩემოდანს. კარლი ამას გარკვევით ხედავდა, როცა ვიღაცა ემიგრანტისათვის

დამახასიათებელი მოუსვენრობით შუქს აანთებდა ხოლმე – (თუმცა გემის შინაგანაწესით ეს აკრძალული იყო), – რათა ემიგრანტთა სააგენტოების გაუგებარ პროსპექტებში რაღაც ამოეკითხა. თუ ღამით ასეთი შუქი მის სიახლოვეს ანათებდა, მაშინ კარლი რამდენიმე წუთით ჩათვლემდა, მაგრამ თუ შუქი შორს იყო ან ბნელოდა, თვალი არ უნდა მოეხუჭა. ამ დაძაბულობამ საშინლად დაქანცა, ახლა კი ყოველივე ეს სრულიად ამაო გამოდგა. ო, ეს ბუტერბაუმი, ვითომ აღარსად გადაეყრება?

ამ დროს კაიუტის სრულ სიჩუმეში დერეფნის სიღრმიდან დაბალი,

ხშირი ხმები შემოიჭრა, თითქოს ბავშვები მოაბიჯებენო; ხმაური მოახლოვდა, უფრო გამოიკვეთა და კაცების აუჩქარებელი ნაბიჯების ხმაში გადაიზარდა. ჩანს, დერეფნის სივიწროვის გამო ერთ რიგად მოდიოდნენ და თითქოს იარაღს მოაჟღარუნებდნენ. კარლმა, როგორც იქნა, თავიდან მოიშორა უსიამოვნო ფიქრები ჩემოდანსა და სლოვაკზე, და ის იყო ჩათვლიმა, რომ უცებ წამოიმართა და ცეცხლფარეში შეანჯღრია,

რადგან მსვლელობის წინამძღოლი ამასობაში უკვე მათი კაიუტის კარს

მოახლოვებოდა, – გემის ორკესტრია, – უთხრა ცეცხლფარეშმა, – ზემოთ უკრავდნენ და ახლა ჩასალაგებლად მიდიან. უკვე ყველაფერი დამთავრდა და ჩვენც შეგვიძლია წავიდეთ. წამომყევით! – კარლს ხელი ჩაავლო, ბოლო წუთს საწოლის თავზე დაკიდებული ჩარჩოში ჩასმული ღვთისმშობლის ხატი კედლიდან ჩამოხსნა, გულის ჯიბეში ჩაიდო, ჩემოდანს დასწვდა და კარლთან ერთად სწრაფად გავიდა კაიუტიდან.

– ახლა კი წავალ ბიუროში და მოვახსენებ ბატონებს ჩემს სათქმელს.

მგზავრები იქ აღარ არიან, ისე რომ, ბოდიშები არ დამჭირდება, – ამ სიტყვებს სხვადასხვანაირად ატრიალებდა და თან ლამობდა, სიარულში

ფეხით მიესრისა კედელზე ვირთხა, რომელმაც წინ გადაურბინა, თუმცა კინწით სოროსთან მიაგდო, და იმანაც თავს დროზე უშველა. ცეცხლფარეში საერთოდ ზანტად მოძრაობდა, ფეხები კი გრძელი ჰქონდა, მაგრამ მეტისმეტად მძიმე.

სამზარეულოს სათავსო გაიარეს, სადაც რამდენიმე ჭუჭყიანწინსაფრიანი ქალიშვილი – თითქოს საგანგებოდ დაუსვრიათო – დიდ როფებში ჭურჭელს რეცხავდა. ცეცხლფარეშმა ერთ-ერთი მათგანი, ლინა, გამოიხმო, წელზე ხელი შემოხვია და რამდენიმე ნაბიჯი მასთან ერთად

გაიარა, ის კი ამ დროს კეკლუცად ეტმასნებოდა.

– ხელფასს არიგებენ, არ წამოხვალ ჩემთან ერთად? – ჰკითხა ცეცხლფარშმა.

– რატომ უნდა შევიწუხო თავი, სჯობს ფული აქ მომიტანო, – მიახალა

ქალმა, მკლავქვეშ გაუძვრა და გაიქცა, – ეს სანდომიანი ყმაწვილი სად

დაითრიე? – მიაძახა, მაგრამ პასუხს აღარ დაელოდა. გოგონებმა მუშაობა შეწყვიტეს და სიცილი დააყარეს.

გზა განაგრძეს. ერთ კარს მიადგნენ, რომლის პატარა პარმაღი ორ კარიატიდას ეჭირა. გემის ინტერიერისათვის კარლს ეს მეტისმეტ ფუფუნებად მოეჩვენა. თან ენიშნა, რომ გემის ამ ნაწილში აქამდე არასოდეს მოხვედრილა, ჩანს, ის პირველი და მეორე კლასის მგზავრებისათვის

იყო განკუთვნილი, ახლა კი, გემის გენერალური დასუფთავებისას, ყველა კარი ფართოდ გაეღოთ. გზად შემოხვდათ კიდეც რამდენიმე კაცი,

რომლებსაც გრძელტარიანი ცოცხები გაედოთ მხრებზე და ცეცხლფარეშს ესალმებოდნენ. კარლი გაოცებული აკვირდებოდა ამ ფუსფუსს, რაც თავის გემბანზე არ შეუმჩნევია. დერეფნების გაყოლებით ელექტროგაყვანილობა იყო გაჭიმული და განუწყვეტლივ ისმოდა ზანზალაკის წკარუნი.

ცეცხლფარეშმა მოწიწებით დააკაკუნა კარზე და როცა შიგნიდან გამოსძახეს – შემობრძანდითო, – კარლს ხელით ანიშნა, ისიც თამამად

შეჰყოლოდა. კარლიც მიჰყვა, მაგრამ ზღურბლზე შეჩერდა. ოთახის სამი ფანჯრიდან ზღვის ტალღები მოჩანდა, რომელთა ლაღმა მოძრაობამ

 

კარლს გული ისე აუძგერა, თითქოს ხუთი გრძელი დღის განმავლობაში

განუწყვეტლივ არ ეცქირა ზღვისათვის. დიდი გემები ერთმანეთს უჭრიდნენ გზას და ტალღებზე თავისი სიმძიმის კვალობაზე ირწეოდნენ.

თუ თვალებს მოჭუტავდით, მოგეჩვენებოდათ, გემები თავიანთი სიმძიმის გამო ქანაობენო. ანძებზე დაკიდებული ვიწრო, გრძელი ალმები სვლაში ხან გასწორდებოდნენ, ხან კი აქეთ-იქით ფრიალებდნენ. დროდადრო, როგორც ჩანს, სამხედრო გემებიდან, სალუტის ხმა გაისმოდა;

იქვე, შორიახლოს მცურავი ერთ-ერთი გემის ქვემეხის ლულებზე ლითონის პერანგის ათინათები ისე ციმციმებდნენ, თითქოს აბობოქრებულ

ოკეანეში მშვიდობიანი ცურვის შემდეგ ნებივრობენო. კარიდან ჩანდა,

იქ, შორს, როგორ იკვლევდნენ გზას მომცრო ხომალდები და ნავები

დიდ გემებს შორის, ნავსადგურისაკენ. და ყოველივე ამის მიღმა აღმართულიყო ნიუ-იორკი, რომელიც თავისი ცათამბჯენების ასი ათასი ფანჯრიდან შესცქეროდა კარლს. დიახ, ამ ოთახში ცხადი იყო, სად იმყოფებოდი.

მრგვალ მაგიდას სამი მამაკაცი შემოსხდომოდა, ერთი საზღვაო

ოფიცერი იყო, რომელსაც მეზღვაურის ცისფერი ფორმა ეცვა, დანარჩენ

ორს კი, ნავსადგურის უწყების მოხელეებს, შავი ამერიკული ფორმა ემოსათ. მაგიდაზე ერთმანეთზე დახვავებული სხვადასხვა საბუთი ეწყო, რომელთაც ოფიცერი ჯერ კალმით გადაურბენდა, შემდეგ დანარჩენ

ორს გადააწოდებდა, ისინიც ხან ჩაიკითხავდნენ, ხან რაღაცას ამოიწერდნენ, ხან კი საქაღალდეში იწყობდნენ. ერთ-ერთი მათგანი კი, განუწყვეტლივ კბილებს რომ აკრაჭუნებდა, კოლეგას ოქმში ჩასაწერად რაღაცას კარნახობდა.

ფანჯარასთან საწერ მაგიდას კარისაკენ ზურგშექცეული ტანმორჩილი კაცი უჯდა და გრძელ ფოლიანტებს უტრიალებდა, რომლებიც მის

წინ თაროზე ეწყო. მის გვერდით გამოღებული, ერთი შეხედვით ცარიელი სეიფი იდგა.

მეორე ფანჯრიდან, რომელსაც არაფერი ეფარებოდა, საუცხოო ხედი იშლებოდა. მესამესთან კი ორი კაცი ხმადაბლა საუბრობდა. ერთ

 

მათგანს, რომელიც ფანჯრის გვერდით კედელს მიყრდნობოდა, მეზღვაურის ფორმა ეცვა და ხელით დაშნის ტარს ათამაშებდა. ვისაც ელაპარაკებოდა, ფანჯრისკენ იყო მიბრუნებული და დროდადრო, როცა გამოიწეოდა, თანამოსაუბრის მკერდზე ჩარიგებული ორდენები გამოჩნდებოდა ხოლმე. ამ უკანასკნელს სამოქალაქო სამოსი ეცვა და, რადგან

დოინჯშემოყრილი იდგა, წვრილი ბამბუკის ხელჯოხი მასაც დაშნასავით ეკიდა.

კარლმა ყველაფრის შეთვალიერება ვერ მოასწრო, რადგან მალე ერთი მსახური მიუახლოვდა და ცეცხლფარეშს ისე შეხედა, თითქოს მისი

ადგილი აქ არ იყო, თან ჰკითხა, რისთვის შეწუხებულხართო. ცეცხლფარეშმა ჩუმადვე მიუგო, უფროს მოლარესთან მინდა დალაპარაკებაო.

მსახურმა, თავის მხრივ, ხელის მოძრაობით უარყო ეს თხოვნა, მაგრამ

მაინც შემოუარა მრგვალ მაგიდას ფეხის წვერებზე და ფოლიანტებიან

კაცთან მივიდა. ეს ბატონი – ამას გარკვევით დაინახავდით – მსახურის

სიტყვებმა გააოცა, მაგრამ ბოლოს მაინც მიიხედა იმისკენ, ვისაც მასთან საუბარი სურდა, და ხელები ისე გაასავსავა, თითქოს ეს უარი არა მარტო

ცეცხლფარეშს ეხებოდა, არამედ მსახურსაც. ამის შემდეგ მსახური ცეცხლფარეშთან დაბრუნდა და თითქოს რაღაც უნდა გაანდოსო, ისე უთხრა:

– ახლავე მიბრძანდით აქედან!

ამ სიტყვების გაგონებაზე ცეცხლფარეშმა კარლს ისე გადახედა,

თითქოს ის მისი გული ყოფილიყოს, რომელსაც უსიტყვოდ შესჩიოდა

თავის დარდს. კარლს ბევრი აღარ უფიქრია, ადგილიდან მოწყდა, ოთახი გადაჭრა, გზად ოფიცრის სავარძელსაც კი გაჰკრა გვერდი; მსახური

წელში მოხრილი, გაშლილი მკლავებით მისდევდა უკან, თითქოს ურჩხული უნდა დაიჭიროსო, მაგრამ კარლმა მიასწრო მოლარესთან და მაგიდას ჩაეჭიდა, რომ მსახურს მისი უკან გამოთრევა არ დაეპირებინა.

რა თქმა უნდა, იქაურობა მაშინვე გამოცოცხლდა. მაგიდასთან

მჯდომი საზღვაო ოფიცერი წამოხტა, პორტის მოხელეები მშვიდად,

მაგრამ ყურადღებით აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას, ფანჯარასთან მოსაუბრე ორი ბატონი გვერდიგვერდ დადგა, მსახურმა, რომელიც მიხვდა, რომ აღარაფერი ესაქმებოდა იქ, სადაც უფროსობა ჩაერია, უკან დაიხია. კართან მდგარი ცეცხლფარეში დაძაბული ელოდა იმ წუთს, როდის გახდებოდა საჭირო მისი მიშველება. უფროსი მოლარე ბოლოს მკვეთრად შემობრუნდა მარჯვნივ თავის სავარძელში.

კარლმა ხელი ჩაიყო საიდუმლო ჯიბეში, რომლის აქ მყოფებთან გამოჩენას არ მორიდებია, იქიდან უცხოური პასპორტი ამოიღო და თავის

წარდგენის ნიშნად მაგიდაზე გადაშლილი დადო. უფროსმა მოლარემ,

რომელსაც ეს, როგორც ჩანს, სრულიად ზედმეტად მოეჩვენა, ორი თითით იქით გასწია პასპორტი, რის შემდეგაც კარლმა ფორმალური მხარე

მოგვარებულად ჩათვალა და საბუთი ისევ ჯიბეში ჩაიდო.

– თავს უფლებას მივცემ მოგახსენოთ, – წამოიწყო მან, – რომ ბატონ

ცეცხლფარეშს უსამართლოდ ექცევიან. აქ არის ვინმე შუბალი, რომელიც მასზე გადაკიდებულია. მას ერთგულად უმუშავია მრავალ გემზე, რომელთა სახელები შეუძლია ჩამოგითვალოთ, ბეჯითია, შრომისმოყვარე, და გაუგებარია, რატომ არ მოსდით თვალში მაინცდამაინც ამ გემზე, რომელზეც არც ისე რთულია მუშაობა, როგორც, მაგალითად, სავაჭრო გემებზე. ამიტომ, ჩანს, მხოლოდ ცილისწამება უშლის ხელს დაწინაურებასა და იმ აღიარების მოპოვებაში, რომელიც სხვა შემთხვევაში

არ მოაკლდებოდა. მე მხოლოდ ზოგადად გაგაცანით საქმის არსი, უფრო დაწვრილებით კი ის თავად მოგახსენებთ.

კარლი ყველა იქ მყოფს მიმართავდა, და მას მართლაც ყველა უსმენდა; ხომ შეიძლება, მათ შორის ერთი სამართლიანი კაცი მაინც აღმოჩნდეს, თუ ეს მაინცდამაინც უფროსი მოლარე არ იქნება. გარდა ამისა, კარლს არ გაუმხელია, რომ მხოლოდ ცოტა ხანია, რაც ცეცხლფარეშს

იცნობს. ისე, გაცილებით უკეთესადაც ილაპარაკებდა, იმ ხელჯოხიანი

სახეწამოჭარხლებული კაცის დანახვას რომ არ შეეცბუნებინა, რომელიც

თავისი ახლანდელი ადგილიდან პირველად შენიშნა.

– სრული ჭეშმარიტებაა, – წამოიძახა ცეცხლფარეშმა, ვიდრე მას ვინმე რაიმეს შეეკითხებოდა ან თუნდაც შეხედავდა. და ეს სულსწრაფობა 

შეიძლება დიდ მარცხადაც დასჯდომოდა, მაგრამ ამ დროს ორდენებიანმა ბატონმა, – კარლი ახლაღა მიხვდა, რომ ეს კაპიტანი უნდა ყოფილიყო, – ეტყობა, გადაწყვიტა, მოესმინა მისთვის. ბრძანების ნიშნად ხელი გაიშვირა და ცეცხლფარეშს მოუხმო: – მობრძანდით აქ, – ხმა ფოლადივით მტკიცე და ნაწრთობი ჰქონდა. ახლა მხოლოდ ცეცხლფარეშის საქციელზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, რადგან, მისი საქმის

სამართლიანობაში კარლს ეჭვი არ ეპარებოდა.

საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ცეცხლფარეშს ამაოდ არ უხეტიალია ამქვეყანაზე. დინჯად და აუღელვებლად ამოიღო პირველივე ცდაზე თავისი ჩემოდნიდან ქაღალდების დასტა და უბის წიგნაკი, და თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, უფროსი მოლარისათვის ყურადღებაც არ

მიუქცევია, ისე გაემართა კაპიტნისაკენ და თავისი მტკიცებულებები

ფანჯრის რაფაზე გაშალა. უფროს მოლარეს მეტი აღარაფერი დარჩენოდა და მანაც იქით გადაინაცვლა.

– ეს კაცი ცნობილი შარისთავია, – განუცხადა კაპიტანს, – კანცელარიაში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე სამანქანო განყოფილებაში.

შუბალი, ეს თავშეკავებული კაცი, მოთმინებიდან გამოიყვანა. მომისმინეთ! – მიუბრუნდა ცეცხლფარეშს, – თქვენი აბეზარობა ყოველგვარ

ზღვარს სცილდება. რამდენჯერ გამოუგდიხართ კინწისკვრით საბუღალტრო განყოფილებიდან, როგორც ამას თქვენი სრულიად უსაფუძვლო პრეტენზიებით იმსახურებთ! რამდენჯერ შემოვარდნილხართ

იქიდან მთავარ საბუღალტროში! რამდენჯერ უთქვამთ თქვენთვის კეთილმოსურნეთ, რომ შუბალი თქვენი უშუალო უფროსია და მასთან,

როგორც ხელქვეითმა, თავად უნდა მოაგვაროთ ურთიერთობა. ახლა კი

აქაც მოდიხართ, როცა კაპიტანი აქ არის, ურცხვად აწუხებთ მას თქვენი

უსაფუძვლო ბრალდებებით და თავხედობა გყოფნით, ეს ცხვირმოუხოცავი ყმაწვილი მოიყვანოთ მოწმედ, რომელსაც საერთოდ პირველად ვხედავ გემზე!

კარლმა ძლივს შეიკავა თავი, რომ მოლარეზე არ გაეწია; მაგრამ კაპიტანი დროზე ჩაერია: – მოდით, მოვუსმინოთ ერთი ამ კაცს. ამ ბოლო დროს მეც მეჩვენება, რომ შუბალი მეტისმეტად ბევრს იღებს საკუთარ

თავზე, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თქვენი გამართლება მსურს,

– ეს უკანასკნელი სიტყვები ცეცხლფარეშს ეხებოდა. ცხადია, მაშინვე

ვერ დაიჭერდა მის მხარეს, მაგრამ უკვე ყველაფერი თითქოს სასიკეთოდ მიდიოდა. ცეცხლფარეშმა ახსნა-განმარტებები დაიწყო და თან თავს ძალას ატანდა, რომ შუბალი «ბატონად» მოეხსენიებინა. კარლი კი კმაყოფილი იდგა უფროსი მოლარის მიტოვებულ მაგიდასთან და სიამოვნებისაგან საფოსტო სასწორს აქანავებდა, – ბატონი შუბალი უსამართლოა! ბატონი შუბალი უცხოელებს ანიჭებს უპირატესობას! ბატონმა შუბალმა ცეცხლფარეში სამანქანო ნაწილიდან გამოაძევა და საპირფარეშოების დასუფთავებას აიძულებს, რაც ცეცხლფარეშს არ ევალება! – ცეცხლფარეშმა ბატონი შუბალის შრომისმოყვარეობაც კი დააყენა ეჭვქვეშ, რაც თითქოს უფრო მოჩვენებითი იყო, ვიდრე ნამდვილი.

ამ სიტყვებზე კარლი დაჟინებით მიაჩერდა კაპიტანს, თითქოს მისი კოლეგა ყოფილიყოს: ვითომდა, ნუ დაძრახავთ, რას იზამთ, ასეთი მკვახე ლაპარაკი სჩვევიაო. ასე იყო თუ ისე, ამ გრძელი მონოლოგიდან ვერაფერი არსებითი ვერ გამოიტანეს და თუმცა კაპიტანი ისევ წინ იყურებოდა

და გადაწყვეტილი ჰქონდა, ამჯერად ბოლომდე მოესმინა ცეცხლფარეშისათვის, დანარჩენებს მოუთმენლობა დაეტყოთ და ცეცხლფარეშის

ხმა უკვე ვეღარ იპყრობდა მათ ყურადღებას, რაც არცთუ სასიკეთო ნიშანი იყო. პირველმა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ბატონმა

აამოქმედა თავისი ბამბუკის ჯოხი და იატაკზე ნელა დააკაკუნა. დანარჩენები აქეთ-იქით იყურებოდნენ. პორტის მოხელეები, რომლებიც, როგორც ჩანს, ჩქარობდნენ, თავიანთ საბუთებს მიუბრუნდნენ და – თუმცა

ჯერ დაბნეულებმა, – მათი თვალიერება დაიწყეს. საზღვაო ოფიცერმა

თავისი მაგიდა კვლავ ახლოს მიიწია, და უფროსმა მოლარემ, რომელსაც თამაში უკვე მოგებულად მიაჩნდა, ირონიულად ამოიხვნეშა. ეს საყოველთაო დაბნეულობა არ შეხებია მხოლოდ მსახურს, რომელმაც,

როგორც პატარა კაცმა, რამდენადმე გამოსცადა საკუთარ თავზე ძლიერთა ჩექმის ძალა და კარლს სერიოზულად უქნევდა თავს, თითქოს მისთვის რაღაცის ახსნას ლამობდა.

ამასობაში ფანჯრებს მიღმა ნავსადგურის ცხოვრება ძველებურად

მიედინებოდა; როცა ბაგირით ოსტატურად გამაგრებული კასრებით

სავსე დაბალმა ბარჟამ გემს ჩაუარა, ოთახში თითქმის მთლიანად ჩამობნელდა; პატარა კატარღები, რომლებსაც კარლი ყურადღებით დააკვირდებოდა, საამისო დრო რომ ჰქონოდა, ისარივით მიქროდნენ მესაჭის ხელის მოძრაობაზე! ამოუცნობი მცურავი ობიექტები ხან სად ამოყვინთავდნენ წყლის აზვირთებული ზედაპირიდან და ხან – სად, და უმალვე უჩინარდებოდნენ გაოცებული მაყურებლის თვალთახედვიდან; საოკეანო ხომალდების კანჯოებს მარდად მიაქროლებდნენ მეზღვაურები, და მგზავრები, საგულდაგულოდ რომ ჩაეჭედათ მათში, მორჩილად და მოლოდინით აღსავსენი ისხდნენ, თუმცა ზოგიერთი მაინც

უნებურად აბრუნებდა თავს აქეთ-იქით, რომ ცვალებადი პეიზაჟისათვის

მიედევნებინა თვალი. დაუსრულებელი ღელვა, ბორგვა ამ მშფოთვარე

სტიქიიდან უმწეო ადამიანებსა და მათ ნამოქმედარს გადაეცემოდა!

ყოველივე ეს სისწრაფის, გარკვეულობის, ვითარების სრულიად ზუსტი აღწერისაკენ მოუწოდებდა მნახველს; და რას აკეთებს ამ დროს ცეცხლფარეში? ლაპარაკისაგან ოფლში გახვითქული, ფანჯრის

რაფაზე გაშლილ საბუთებს აკანკალებული ხელებით ძლივსღა აკავებს; მსოფლიოს ყოველი მხრიდან მოედინება მისკენ საჩივრები შუბალზე, რომელთაგან, მისი აზრით, ერთიც კი საკმარისი იქნებოდა შუბალის გასანადგურებლად, მაგრამ კაპიტანს ყოველივე ეს მხოლოდ ძნელად გასაგები დომხალის სახით წარუდგინა. ბამბუკის ხელჯოხიანი ბატონი უკვე ჭერში იყურება და ხმადაბლა უსტვენს, პორტის წარმომადგენლებს ოფიცერი თავის მაგიდასთან მიუმწყვდევიათ და არც აპირებენ

მის გათავისუფლებას, უფროს მოლარეს მხოლოდ კაპიტნის სიმშვიდე

აკავებს, რომ საქმეში არ ჩაერიოს, სმენაზე მდგარი მსახური ყოველ წამს ელოდება კაპიტნის განკარგულებას ცეცხლფარეშის თაობაზე. 

კარლს უმოქმედოდ გაჩერება აღარ შეეძლო. ნელა მიუახლოვდა

ჯგუფს და თან ცდილობდა მოეფიქრებინა, როგორ მოეხერხებინა, რაც

შეიძლება სწრაფად მოევლო ამ საქმისათვის. ჩარევა აღარ უნდა დააყოვნოს, თორემ წუთიც და, ორივეს კინწისკვრით გაყრიან ოთახიდან.

კაპიტანი შეიძლება მართლაც წესიერი ადამიანია და სწორედ ახლა,

კარლის აზრით, განსაკუთრებული საფუძველიც აქვს, სამართლიან

ხელმძღვანელად წარმოაჩინოს თავი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ინსტრუმენტი ხომ არაა, რომელზეც შენს ნებაზე დაუკრავ! ცეცხლფარეში კი სწორედ ამას ცდილობს, მართალია, მისი უსაზღვრო აღშფოთების

გამო. და კარლმა ცეცხლფარეშს მიმართა: – უფრო ნათლად და გასაგებად უნდა ილაპარაკოთ, სხვაგვარად ბატონ კაპიტანს გაუჭირდება თქვენი

ამგვარი მონათხრობით საქმის ვითარებაში გარკვევა. ის ხომ ყველა მემანქანესა თუ ყველა შიკრიკს გვარით და მით უმეტეს, სახელით არ იცნობს, რომ მაშინვე მიხვდეს, ვის გულისხმობთ! დაალაგეთ თქვენი საჩივრები, ჯერ უმნიშვნელოვანესი წარუდგინეთ, შემდეგ კი, რიგის მიხედვით, დანარჩენები. იქნებ მაშინ ყველას დასახელება აღარც გახდეს

საჭირო. მე ხომ ყველაფერი გასაგებად მომიყევით! – «თუკი ამერიკაში

ჩემოდნის მოპარვა შეიძლება, მაშინ ზოგჯერ არც სიცრუეა დიდი ცოდვა», გაიფიქრა კარლმა თავის გასამართლებლად.

ოღონდ კი ეშველოს ამით საქმეს! ნეტავ დაგვიანებული ხომ არ

არის? ცეცხლფარეშმა მაშინვე შეწყვიტა ლაპარაკი, როგორც კი ნაცნობი

ხმა გაიგონა, მაგრამ თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე კაცური ღირსების შეურაცხყოფის, საშინელი მოგონებების, ახლანდელი უკიდურესად შეჭირვებული მდგომარეობის გამო და კარლს რიგიანად ვეღარც კი

ცნობდა. ანდა როგორ უნდა შეეცვალა ახლა – კარლს უსიტყვოდ ესმოდა

დადუმებული ცეცხლფარეშისა – როგორ შეუძლია ახლა უცებ შეცვალოს

თავისი ლაპარაკის მანერა, როცა ჰგონია, რომ ყველაფერი თქვა, რაც

სათქმელი ჰქონდა, მაგრამ ვერავითარი თანაგრძნობა ვერ გამოიწვია,

მეორე მხრივ კი, თითქოს არც არაფერი უთქვამს, და აღარც უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ბატონები ბოლომდე მოუსმენენ. და სწორედ ამ დროს

მოდის კარლი, მისი ერთადერთი მოკავშირე, რათა ჭკვიანური დარიგებები მისცეს, ამის ნაცვლად კი გამოდის, რომ ყველაფერი, ყველაფერი დაკარგულია!

«სჯობდა ადრე მოვსულიყავი, ვიდრე ფანჯარაში მეცქირა!» გაიფიქრა კარლმა, ცეცხლფარეშს თვალი ვერ გაუსწორა და ხელები თეძოებზე

შემოირტყა იმის ნიშნად, რომ ყოველგვარი იმედი გადაწურული იყო.

მაგრამ ცეცხლფარეშმა არასწორად გაუგო, იფიქრა, კარლი ფარულად მსაყვედურობსო და თავის უდანაშაულობაში დასარწმუნებლად

ყოველივე იმით დააგვირგვინა, რომ ჩხუბი დაუწყო. და ეს მაშინ, როცა

მრგვალი მაგიდის გარშემო შემომსხდარი ბატონები უკვე კარგა ხანია

ბრაზობდნენ ამ აურზაურის გამო, ხელს რომ უშლიდათ მნიშვნელოვან

საქმიანობაში; როცა უფროსი მოლარე, გაღიზიანებული კაპიტნის უადგილო მოთმინებით, უკვე აფეთქების ზღვარზე იყო; როცა მსახური, რომელიც კვლავ თავის ბატონებს უჭერდა მხარს, მზად იყო, თვალებით განეგმირა ცეცხლფარეში; დაბოლოს, როცა ბამბუკისჯოხიანმა ბატონმა,

რომელსაც დროდადრო კაპიტანიც კი თავაზიანად გადახედავდა ხოლმე, სრულიად დაკარგა ინტერესი და ზიზღითაც კი განიმსჭვალა ცეცხლფარეშის მიმართ; უბის წიგნაკი ამოიღო და როგორც ჩანს, სხვა საქმით დაკავებული, ხან უბის წიგნაკში ჩაკრავდა თვალს, ხან კი კარლისაკენ გაიხედავდა ხოლმე.

– მე ხომ ვიცი, – თქვა კარლმა, რომელიც შეეცადა, მოეგერიებინა ცეცხლფარეშის ამჯერად მისკენ მიმართული სიტყვების კორიანტელი,

თუმცა თან თავაზიანად უღიმოდა, – ვიცი, თქვენ სწორი ხართ, ამაში ეჭვიც არ შემპარვია, – მოსალოდნელი დარტყმების შიშით სიამოვნებით

გადაუგრეხდა ცეცხლფარეშს ხელებს, უმისამართოდ რომ იქნევდა, ანდა კუთხეში მიიმწყვდევდა, რათა ერთი-ორი დამამშვიდებელი სიტყვა

წაეჩურჩულებინა, ისე, რომ სხვას არავის გაეგონა. მაგრამ ცეცხლფარეშმა საბოლოოდ აიწყვიტა. ახლა კარლი შეეცადა ნუგეში ეპოვა იმ აზრში, რომ ცეცხლფარეში თავისი სასოწარკვეთილების ძალით შვიდივე იქ

 

მყოფ ბატონს დაიმორჩილებდა. სხვა რომ არაფერი, საწერ მაგიდაზე

უამრავღილაკიანი ელექტრონული პულტი იდო, რომელზე ხელის დაკარებაც კი საკმარისი იყო, რომ მთელი გემი, თავისი მტრულად განწყობილი ადამიანებით სავსე დერეფნებიანად, ფეხზე დამდგარიყო.

ის ბამბუკისჯოხიანი ბატონი, აქამდე გულგრილად რომ აკვირდებოდა სიტუაციას, კარლს მიუახლოვდა და არცთუ ხმამაღლა, მაგრამ საკმაოდ მკაფიოდ, რომ ცეცხლფარეშის ყვირილი გადაეფარა, ჰკითხა: –

თქვენი სახელი, ჩემო ბატონო? – იმავ წუთს, თითქოს ამ შეკითხვას

ელოდაო, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. მსახურმა კაპიტანს გადახედა, მან

თავი დაუქნია. ისიც მივიდა კართან და გამოაღო. ზღურბლზე ძველმოდურ სერთუკში გამოწყობილი საშუალო სიმაღლის მამაკაცი იდგა, რომელსაც ერთი შეხედვით მანქანებთან თითქოს არაფერი უნდა ჰქონოდა

საერთო, და მაინც, – ეს გახლდათ შუბალი. კარლი რომ ამას სხვების გამოხედვაზე არ მიმხვდარიყო, რომლებიც გარკვეულ კმაყოფილებას გამოხატავდნენ – მათ შორის კაპიტნისაც – ცეცხლფარეშის შეშფოთებაზე

უთუოდ მიხვდებოდა, ვინ იყო ეს ბატონი: მუშტები ისე მოეკუმშა, თითქოს ეს მდგომარეობა უმნიშვნელოვანესი იყო მისთვის, თითქოს მზად

იყო, სიცოცხლეც გაეწირა. ამ მუშტებში მოეყარა ახლა თავი მთელ მის

ძალებს, იმათაც კი, რომელთა წყალობითაც იდგა ფეხზე.

აი, მის წინაშე დგას მტერი, მხნე და თავისუფალი, საზეიმოდ გამოწყობილი, დავთრით ხელში, ალბათ ცეცხლფარეშის სახელფასო ცნობებითა და დახასიათებებით, და მტკიცედ დარწმუნებული, რომ ყველას კეთილგანწყობას მოიპოვებს, უშიშრად შესცქერის თითოეულ მათგანს

რიგრიგობით თვალებში. შვიდივე

უკვე მისი მომხრეა, რადგან, კაპიტანს კიდევაც რომ ჰქონოდა მის მიმართ აქამდე რაიმე ობიექტური თუ სუბიექტური პრეტენზია, იმ სატანჯველის შემდეგ, რომელიც ცეცხლფარეშმა მიაყენა, შუბალი ალბათ

უზადო მუშაკად მოეჩვენება. ცეცხლფარეშის მსგავს ადამიანებთან რბილად მოქცევა არ შეიძლება, და თუ შუბალი რაიმე საყვედურს იმსახურებს, მხოლოდ იმას, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერ შეძლო გაეტეხა ცეცხლფარეშის ჭირვეულობა, და მას ეყო თავხედობა, დღეს კაპიტანთან გამოცხადებულიყო.

ახლა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცეცხლფარეშისა და შუბალის

დაპირისპირება ამ ადამიანებზე სწორედ ისეთ ზემოქმედებას მოახდენს, როგორიც უნდა მოახდინოს მაღალ ფორუმზე, რადგან, თუმცა შუბალს კარგად ეხერხება თავის მოკატუნება, საეჭვოა, ბოლომდე გაძლოს. საკმარისია, გაბრაზებისგან ერთხელ აფეთქდეს, რომ დამსწრეთ

ეს არ გამოეპარებათ, ამაზე კარლი იზრუნებს. ის უკვე მეტნაკლებად იცნობს თითოეულის გამჭრიახობას, სისუსტეებს, ჭირვეულობას, და ამ

თვალსაზრისით აქ გატარებულ დროს ამაოდ არ ჩაუვლია. ოღონდ კი

ცეცხლფარეშს არ უღალატოს ნერვებმა, მაგრამ ის, როგორც ჩანს, სრულიად მოკლებულია ბრძოლის უნარს. შუბალი რომ მიჰგვარონ, ალბათ მუშტებით გაუხეთქავს იმ საძულველ თავის ქალას. მაგრამ იმის ძალა

არ შესწევს, რომ თვითონ გადადგას შუბალისაკენ ორიოდ ნაბიჯი. რატომ ვერ გაითვალისწინა კარლმა ასე ადვილად გასათვალისწინებელი

რამ, რომ შუბალი, ბოლოს და ბოლოს, აუცილებლად მოვიდოდა, თუ საკუთარი ნებით არა, კაპიტნის გამოძახებით მაინც? რატომ არ მოიფიქრა

აქ მოსვლამდე ცეცხლფარეშთან ერთად საბრძოლო გეგმა, ნაცვლად

იმისა, რომ ასე სრულიად მოუმზადებელნი შემოსულიყვნენ ამ კარში?

გააჩნია კი ცეცხლფარეშს საერთოდ ლაპარაკის უნარი, შეუძლია უპასუხოს კი ან არა, – როგორც ეს ჯვარედინ დაკითხვაზეა საჭირო, რომელიც

მხოლოდ საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება შედგეს? დგას ფეხებგაჩაჩხული, მუხლები უკანკალებს, თავი ოდნავ აუწევია და დაღებული პირიდან ჰაერი ისე ამოსდის, თითქოს საერთოდ არ ჰქონდეს ფილტვები,

რომლებმაც ეს ჰაერი უნდა გადაამუშავონ.

თავად კარლი კი ისე ძლიერად და თავდაჯერებულად გრძნობდა

თავს, როგორიც შინ არასოდეს ყოფილა. ნეტავი ხედავდნენ მისი მშობლები, როგორ იცავს აქ, უცხო მხარეში, პატივცემული პიროვნებების წინაშე მათი შვილი სიკეთეს, და თუ ჯერ გამარჯვება ვერ მოუპოვებია, მზადაა ბოლომდე იბრძოლოს! შეიცვლიან მასზე აზრს? დაისვამენ გვერდით და შეაქებენ? ერთხელ მაინც ჩახედავენ მოსიყვარულე თვალებში?

ეჰ, ფუჭი კითხვებია და ახლა ამის დრო არ არის.

– აქ მოვედი, რადგან ვფიქრობ, ცეცხლფარეში დასაძრახის საქციელში მდებს ბრალს. ერთმა გოგონამ სამზარეულოდან მითხრა, რომ აქეთ

მომავალი დაუნახავს. ბატონო კაპიტანო და თქვენ, ბატონებო, მზად

ვარ, უარვყო ყველა ბრალდება დოკუმენტებით; თუ საჭირო გახდება,

ობიექტურ და დაუინტერესებელ მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც

კართან იცდიან, – ასე ლაპარაკობდა შუბალი. ყოველ შემთხვევაში, ეს

იყო გასაგები მეტყველება, და მსმენელთა გამომეტყველების შეცვლის

მიხედვით შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ ისინი დიდი ხნის შემდეგ პირველად ისმენდნენ დანაწევრებულ ადამიანურ ბგერებს. თუმცა ვერ შეამჩნიეს, რომ ეს სიტყვაკაზმულობაც ალაგ-ალაგ მოიკოჭლებდა. რატომ მოუვიდა თავში პირველად ისეთი სიტყვები, როგორიცაა «დასაძრახი

საქციელი»? იქნებ, სწორედ ამ სიტყვებით უნდა დაეწყო

ბრალდებების ჩამოთვლა, ნაცვლად თავისი ნაციონალური მიკერძოებულობისა? ჭურჭლის მრეცხავმა გოგონამ დაინახა, რომ ცეცხლფარეში კანცელარიისაკენ მიდიოდა, და შუბალი მაშინვე ყველაფერს მიხვდა? დანაშაულის გრძნობამ ხომ არ გაუმახვილა გონების თვალი? მოწმეებიც მაშინვე თან წამოუყვანია, თან მიუკერძოებლებსა და დაუინტერესებლებსაც რომ უწოდებს? ეს ხომ თაღლითობაა და სხვა არაფერი!

ეს ბატონები კი ყოველივე ამას ითმენენ და მართებულადაც კი მიაჩნიათ ამგვარი საქციელი! ან ამდენი დრო რისთვის დასჭირდა გოგონასთან

საუბრის შემდეგ აქ მოსასვლელად? რასაკვირველია, ერთადერთი მიზნით – რათა ცეცხლფარეშს ისე დაექანცა ბატონები, რომ მათ დაეკარგათ საღი განსჯის უნარი, რაც შუბალისათვის უპირველეს საფრთხეს

წარმოადგენდა. აშკარაა, კარგა ხანს იცდიდა კართან და სწორედ იმ

წუთში დააკაკუნა, როცა იმ ბატონის სასხვათაშორისო შეკითხვა გაიგონა და დარწმუნდა, ცეცხლფარეშის საქმე უკვე მოთავებულიაო.

ყველაფერი ცხადია, აკი შუბალმაც, თავისდაუნებურად, ასე წარმოადგინა საქმის ვითარება, მაგრამ ამ ბატონებს სხვაგვარად, უფრო თვალსაჩინოდ უნდა დაანახვოს ყველაფერი. მათ გამოფხიზლება სჭირდებათ. მაშ, სწრაფად, კარლ, გამოიყენე ეს დრო, ვიდრე მოწმეები არ შემოსულან და არ აუვსიათ ოთახი!

ამ დროს კაპიტანმა შუბალს ხელით ანიშნა და ისიც – რადგან მისი

საქმე, როგორც ჩანს, დროებით გადაიდო – განზე გადგა და ხმადაბალი

საუბარი გააბა მსახურთან, რომელიც მაშინვე შეუერთდა მას, თან დროდადრო ცეცხლფარეშსა და კარლს გახედავდნენ ხოლმე და საუბარს მეტი დამაჯერებლობისათვის ხელებსაც აშველებდნენ. ჩანს, შუბალი მორიგი გამოსვლისათვის ემზადებოდა.

– თქვენ, ვგონებ, რაღაც გინდოდათ გეკითხათ ამ ახალგაზრდისათვის, ბატონო იაკობ? – ჰკითხა ჩამოვარდნილ სიჩუმეში კაპიტანმა ბამბუკისჯოხიანს.

– მართალს ბრძანებთ, – ყურადღებისათვის მადლობის ნიშნად თავი ოდნავ დაუკრა ბატონმა იაკობმა. შემდეგ კარლს მიუბრუნდა და კითხვა გაუმეორა: – რა გვარი ბრძანდებით, ჩემო ბატონო?

კარლმა გადაწყვიტა, მთავარი პრობლემის სასარგებლოდ რაც შეიძლება მალე დაეკმაყოფილებინა ბატონის ცნობისმოყვარეობა, და ამჯერად პასპორტის წარდგენის გარეშე, რადგან ის საიდუმლო ჯიბიდან უნდა ამოეღო, უპასუხა:

– კარლ როსმანი.

– კი მაგრამ, – წარმოთქვა იაკობად წოდებულმა ბატონმა და თითქმის უნდობლობის გამომხატველი ღიმილით უკან დაიხია. კაპიტანმა,

უფროსმა მოლარემ, საზღვაო ოფიცერმა, მსახურმაც კი დაუფარავად გამოხატეს უზომო გაკვირვება კარლის გვარის გაგონებაზე. მხოლოდ პორტის წარმომადგენლებსა და შუბალს არ გამოუმჟღავნებიათ ინტერესი ამ ამბის მიმართ.

– კი მაგრამ, – გაიმეორა ბატონმა იაკობმა და გაუბედავად მიუახლოვდა კარლს, – მაშინ მე ხომ შენი ბიძია იაკობი ვარ, შენ კი ჩემი ძვირფასი დისწული. აკი ვგრძნობდი მთელი ამ ხნის განმავლობაში! – მიმართა კაპიტანს, ვიდრე კარლს გადაეხვეოდა და გადაკოცნიდა, კარლი კი

ენაჩავარდნილი იდგა.

– თქვენ რა გვარი ბრძანდებით? – ჰკითხა ახლა კარლმა, როცა გათავისუფლდა ბიძის მკლავებიდან, ზრდილობიანად, მაგრამ, ცოტა არ იყოს, გულგრილად, და თან შეეცადა განეჭვრიტა ის შედეგები, რომლებიც ამ ახალ მოვლენას ცეცხლფარეშისათვის შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ შუბალს რაიმე

სარგებლის მიღება შეეძლო ამ საქმიდან.

– გესმით, ახალგაზრდავ, რა ბედი გეწიათ, – წამოიძახა კაპიტანმა,

რომელმაც კარლის შეკითხვა ბატონი იაკობის ღირსების შელახვად მიიჩნია; ბატონი იაკობი კი ამ დროს ფანჯარასთან იდგა და ცდილობდა,

მღელვარება დაეფარა, თან სახეს ცხვირსახოცით იწმენდდა, – ეს სენატორი ედვარდ იაკობი გახლავთ, და ის თქვენი ბიძაა. ამიერიდან

ბრწყინვალე მომავალი გელოდებათ, როგორსაც აქამდე ვერც კი წარმოიდგენდით. შეეცადეთ გაისიგრძეგანოთ ეს, რამდენადაც შეძლებთ, და  თავი ხელში აიყვანეთ!

– მართალია, მე მყავს ბიძა ამერიკაში, – მიუბრუნდა კარლი კაპიტანს, – მაგრამ თუ სწორად გავიგე, იაკობი ბატონი სენატორის გვარია.

– ასეა, – დინჯად მიუგო კაპიტანმა.

– საქმე ისაა, რომ ჩემს ბიძია იაკობს, დედაჩემის ძმას, სახელად

ჰქვია იაკობი, გვარად კი დედაჩემის გვარისაა, ბენდელმაიერი.

– ბატონებო! – წამოიძახა სენატორმა კარლის ახსნა-განმარტების

პასუხად, რომელიც უკვე გამხნევებული დაბრუნდა თავისი მოფარებული ადგილიდან. ყველას, გარდა პორტის მოხელისა, სიცილი წასკდა,

ზოგი გრძნობამორეული იცინოდა, ზოგი კი დანარჩენების მიბაძვით.

«ნეტავ ასეთი სასაცილო რა ვთქვი», გაიფიქრა კარლმა.

– ბატონებო, – გაიმეორა სენატორმა, – თქვენ ჩემდა- და თქვენდაუნებურად პატარა ოჯახური სცენის მოწმენი გახდით, და ამიტომ არ შემიძლია, არ აგიხსნათ საქმის ვითარება, რაც, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ კაპიტნისთვისაა სრულად ცნობილი, – და ერთმანეთს თავი მდაბლად დაუკრეს.

«ახლა კი ყოველ სიტყვას უნდა დავუკვირდე», – გაიფიქრა კარლმა

და გახარებულმა შენიშნა, რომ ცეცხლფარეში, რომლისკენაც ჩუმად გააპარა თვალი, ნელ-ნელა სიცოცხლეს უბრუნდებოდა.

– ამერიკაში ჩემი ყოფნის მრავალი წლის განმავლობაში – თუმცა

სიტყვა «ყოფნა» ამერიკის

მოქალაქისათვის არც ისე შესაფერისია, მე კი სულით ხორცამდე ამერიკელი ვარ – მაშ ასე, ამერიკაში ცხოვრების მრავალი წლის განმავლობაში ჩემს ევროპელ ნათესავებს სრულიად მოწყვეტილი ვარ, რისი მიზეზიც, ჯერ ერთი, ახლა მნიშვნელოვანი არ არის, მეორე კი, ამაზე საუბარი

ჩემთვის მეტად მძიმე იქნებოდა. შიშითაც კი ველოდები იმ წამს, როცა

იძულებული ვიქნები, ვუამბო ჩემს დისწულს ამის შესახებ, რა დროსაც, სამწუხაროდ, თავს ვერ ავარიდებ გულწრფელ სიტყვებს მის მშობლებსა და მათ ახლობლებზე.

«უდავოდ ბიძაჩემია, – გაიფიქრა კარლმა და სმენად იქცა, – როგორც

ჩანს, გვარი შეიცვალა».

– ჩემი ძვირფასი დისწული მისმა მშობლებმა – მოდით, თავისი სახელი ვუწოდოთ საგნებს – უბრალოდ, გამოაბრძანეს სახლიდან, როგორც კატას გამოსვამენ ხოლმე გარეთ, როცა ის რამეს დააშავებს. მე არ ვაპირებ შევალამაზო ჩემი დისწულის საქციელი, რისთვისაც ასე დაისაჯა, მაგრამ ეს ისეთი დანაშაულია, რომლის დასახელება უკვე საკმარისად შეიცავს მობოდიშებას.

«საინტერესო მოსასმენია, – გაიფიქრა კარლმა, – მაგრამ სულაც არ

მინდა, ყველაფერს მოჰყვეს. ან საიდან უნდა იცოდეს ყოველივე ეს?»

– საქმე ისაა, რომ, – ბიძამ ბამბუკის ხელჯოხი წინ გამოსწია და ზედ

მსუბუქად დაეყრდნო, რითაც გააბათილა ის უადგილო საზეიმო განწყობილება, რომელიც უამისოდ უეჭველად დაეუფლებოდა სიტუაციას, – ის

ერთმა მოახლემ, დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის ქალმა, სახელად

იოანა ბრუმერმა, შეაცდინა. სიტყვით «შეაცდინა» სულაც არ მინდა შე-

 

ურაცხყოფა მივაყენო ჩემს დისწულს, მაგრამ ძნელია ამ შემთხვევისათვის უფრო შესაფერისი სიტყვის პოვნა.

კარლი, რომელიც უკვე საკმაოდ ახლოს იდგა ბიძასთან, შემოტრიალდა, რათა დამსწრეთა სახეებზე მონათხრობით გამოწვეული შთაბეჭდილება ამოეკითხა. არავის გასცინებია, ყველა სერიოზულად და ყურადღებით უსმენდა. ანკი ვინ გაიცინებს სენატორის დისწულზე პირველი შემთხვევისთანავე?! ეს კია, რომ ცეცხლფარეშმა ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა, რაც, ჯერ ერთი, სასიხარულო იყო, როგორც სიცოცხლის

ნიშანწყალი, და მეორეც, მიმტევებელი, რადგან კარლმა კაიუტაში არ

გაუმხილა ის საიდუმლო, რომელიც აქ საჯაროდ გამოაშკარავდა.

– და აი ამ ბრუმერმა, – განაგრძო ბიძამ, – ჩემი დისწულისაგან ბავშვი

გააჩინა, ჯანმრთელი ბიჭუნა, რომელსაც სახელად იაკობი დაანათლა,

ცხადია, თქვენი მოკრძალებული მონა-მორჩილის პატივსაცემად, რომელიც, ალბათ, ჩემს დისწულს გაკვრით თუ მოუხსენებია, მაგრამ ჩანს, ქალზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. და საბედნიეროდაც: რადგან

მშობლებმა ალიმენტების გადახდისა და სხვა ამგვარი შემთხვევის თანამდევი დავიდარაბის თავიდან ასაცილებლად, – შეგახსენებთ, რომ

იქაურ კანონებს არ ვიცნობ და არც კარლის მშობლების სხვა შესაძლებლობებს, – მაშ, ალიმენტების გადახდისა და სკანდალის თავიდან ასაცილებლად თავიანთ ვაჟს, ჩემს ძვირფას დისწულს, ამერიკაში უკრეს თავი, როგორც ხედავთ,

ყოვლად უპასუხისმგებლოდ, უბადრუკი სახსრების ანაბარა, და რომ

არა სასწაული, როგორიც მხოლოდ ამერიკაში შეიძლება მოხდეს, საკუთარი თავის ამარა დარჩენილი ყმაწვილი ნიუ-იორკის პორტის რომელიმე მიგდებულ შუკაში უგზო-უკვლოდ დაიკარგებოდა; მაგრამ იმ მოახლემ ჩემთვის გამოგზავნილ წერილში, რომელმაც ბევრი ხეტიალის

შემდეგ, მხოლოდ სამი დღის წინ მოაღწია ჩემამდე, ზუსტად აღმიწერა

მთელი ეს ისტორია და ჩემი დისწულის გარეგნობაც, თან გემის სახელიც შემატყობინა. და ბატონებო, თქვენს მოცდენას რომ არ ვერიდებოდე,

რამდენიმე ადგილს წაგიკითხავდით ამ წერილიდან – ჯიბიდან წვრი-

 

ლად ნაწერი ორი გრძელი საფოსტო ფურცელი ამოიღო და ააფრიალა,

– ეს დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა თქვენზე, რადგან მარტივად, უვნებელი ეშმაკობითა და ბავშვის მამისადმი დიდი სიყვარულითაა დაწერილი. მაგრამ აღარც თქვენ მსურს მოგაცდინოთ იმაზე მეტად, ვიდრე თქვენი გაცნობიერებისათვის იყო საჭირო, და მით უმეტეს, არც ჩემი დისწულის გრძნობებს შევეხო, რომლებიც შესაძლოა ჯერ კიდევ შემორჩენია; თუ მოისურვებს, შეუძლია წყნარად წაიკითხოს წერილი მყუდრო

ოთახში, რომელიც მას უკვე ელოდება, და სათანადო დასკვნებიც გამოიტანოს.

მაგრამ კარლს არავითარი გრძნობები არ გააჩნდა იმ ქალის მიმართ.

წარსულის ხილვებში, რომლებიც სულ უფრო და უფრო შორეული ხდებოდა, იგი სამზარეულოში, კარადის გვერდით იჯდა და იდაყვით მის ნაპირს ეყრდნობოდა. თვალს აყოლებდა, როცა კარლი დროდადრო სამზარეულოში შევიდოდა, რათა მამისათვის ჭიქით წყალი გაეტანა ან დედის დავალება შეესრულებინა. ზოგჯერ, სამზარეულოს კარადის გვერდით მოუხერხებლად ჩამომჯდარი, რაღაც წერილს წერდა და თან კარლის სახეს აკვირდებოდა. ხან თვალებზე ხელს მიიფარებდა და მაშინ აღარაფერი ესმოდა. ხან თავის პატარა სენაკში, სამზარეულოს გვერდით, მუხლებზე დაჩოქილი, ხისგან გამოთლილი ჯვარცმის წინ ლოცულობდა; კარლი მაშინ გავლა-გამოვლისას ფარულად უცქერდა ოდნავ შეღებული კარის ღრიჭოდან. ხან სამზარეულოში აქეთ-იქით მიდი-მოდიოდა და თუ კარლს შეეფეთებოდა, ალქაჯივით აკისკისდებოდა და უკან იხევდა. ხან, როცა კარლი შემოვიდოდა, სამზარეულოს კარს ჩაკეტავდა და სახელურს ხელს არ უშვებდა, ვიდრე კარლი გაშვებას არ მოსთხოვდა. ხან ხელში უსიტყვოდ რაღაც ნივთებს ჩასჩრიდა, რომლებიც კარლს სულაც არ აინტერესებდა. ერთხელაც აღმოხდა «კარლ», და ამგვარი ამოძახილით გაოგნებული კარლი კვნესითა და მანჭვით გაიყვანა თავის პატარა ოთახში და კარი ჩაკეტა. კისერზე ისე ჩამოეკიდა, ლამის

დაახრჩო, თან სთხოვდა, გამხადეო, სინამდვილეში კი თავად გახადა და საწოლში ჩააწვინა, თითქოს ამიერიდან მის თავს აღარავის დაუთმობდა, და მხოლოდ ის იქნებოდა მისი მოალერსე და მასზე მზრუნველი

სამყაროს აღსასრულამდე, – კარლ, ჩემო კარლ! – ვნებიანად ჩურჩულებდა და თვალებით მის სამუდამოდ დასაკუთრებას ლამობდა; კარლი კი ამ დროს ვერაფერს ხედავდა და ერთმანეთზე დახვავებულ თბილ საბან-ბალიშში, საგანგებოდ რომ მოემზადებინა ქალს მისთვის, თავს

უხერხულად გრძნობდა. შემდეგ გვერდით მიუწვა და ცდილობდა, რაღაც საიდუმლოებები დაეცდენინებინა მისთვის, მაგრამ კარლს არაფერი

ჰქონდა გასამჟღავნებელი, რაზეც ქალი ხუმრობით თუ სერიოზულად

გაუბრაზდა, მერე შეანჯღრია, გულზე ყური დაადო. უნდოდა ვაჟსაც მოესმინა მისი გულისცემა, მაგრამ ვერ დაიყოლია, შიშველი მუცლით სხეულზე დააწვა, და ფეხებს შორის ისე ურცხვად უფათურებდა ხელს, რომ კარლმა საბან-ბალიშიდან თავი ძლივს ამოყო; მერე მუცლით რამდენჯერმე უბიძგა, ამით თითქოს მის ნაწილად იქცა და ალბათ ამიტომ კარლმა თავი უმწეოდ იგრძნო. გამომშვიდობების შემდეგ ატირებული დაბრუნდა

თავის საწოლში. სულ ეს იყო, ბიძიამ კი აქედან მთელი ამბავი შექმნა. ესე იგი, მოახლეს ჯერ კიდევ ახსოვს და ბიძასაც შეატყობინა ამერიკაში მისი ჩასვლის ამბავი. ეს კარგად მოუფიქრებია და ოდესმე ალბათ

მადლობასაც გადაუხდის ამისათვის.

– ახლა კი, – წამოიძახა სენატორმა, – გულახდილად მითხარი, ვარ

ბიძაშენი თუ არა.

– ბიძაჩემი ხარ, – მიუგო კარლმა და ხელზე ემთხვია, ბიძა კი საპასუხოდ შუბლზე ეამბორა, – მოხარული ვარ, რომ შეგხვდი, თუმცა ცდები,

თუ ფიქრობ, რომ ჩემი მშობლები მხოლოდ ცუდად გიხსენიებენ. გარდა

ამისა, შენს მონათხრობშიც იყო რამდენიმე უზუსტობა, სახელდობრ, სინამდვილეში ყოველივე ასე არ მომხდარა. შენ ვერც შეაფასებდი აქედან

საღად ყველა გარემოებას. თუმცა, ვფიქრობ, დიდად არც არაფერი დაშავებულა, თუ აქ დამსწრე ბატონებმა, ცოტა არ იყოს, მცდარი ინფორმაცია მიიღეს იმ ამბის თაობაზე, რომელიც დიდად არც უნდა აინტერესებდეთ.

 

– ჩინებული ნათქვამია, – თქვა სენატორმა, მიიყვანა კარლი კაპიტანთან, რომელიც გულწრფელი ინტერესით ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას და ჰკითხა: – აბა, როგორი დისწული მყავს?

– ბედნიერი ვარ, – სამხედრო ყაიდაზე დაუკრა თავი კაპიტანმა, –

რომ თქვენი დისწული გავიცანი. განსაკუთრებული პატივია ჩემი გემისათვის, რომ ასეთი შეხვედრის ადგილად იქცა. მაგრამ შუა გემბანით მგზავრობა ალბათ საკმაოდ დამღლელი იქნებოდა, ანკი საიდან უნდა

იცოდე, ვინ მიგყავს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი შესაძლებელია, რომ შუა გემბანის მგზავრებს მოგზაურობა შევუმსუბუქოთ, გაცილებით მეტს, ვიდრე, მაგალითად, ამერიკული კომპანიები, მაგრამ ჯერ, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ, რომ ასეთი რეისი სიამოვნებად ვაქციოთ.

– მე არაფერი გამჭირვებია, – თქვა კარლმა.

– არაფერი გასჭირვებია! – გაიმეორა სენატორმა და გადაიხარხარა.

– ოღონდ ჩემი ჩემოდანი... – და კარლს ყველაფერი გაახსენდა, რაც

მოხდა და რაც კიდევ ელოდა, მიიხედ-მოიხედა და დაინახა, რომ ყველანი გაკვირვებისა და მოწიწებისაგან ენაჩავარდნილნი ისხდნენ უწინდელ ადგილებზე და მას შესცქეროდნენ. მხოლოდ პორტის მოხელეებს

– რამდენდაც მათი მკაცრი და თვითკმაყოფილი სახეები ამჟღავნებდა –

თუ შეამჩნევდით სინანულს იმის გამო, რომ ასეთ შეუფერებელ დროს

მოვიდნენ, და ჯიბის საათი, რომელიც წინ ედოთ, თითქოს მათთვის ყოველივე იმაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც ოთახში ხდებოდა და ალბათ

ჯერ კიდევ მოხდებოდა.

პირველი, ვინც კაპიტნის შემდეგ თავისი სიხარული გამოხატა, უცნაურია, მაგრამ ცეცხლფარეში იყო, – გულითადად გილოცავთ, – უთხრა კარლს და ხელი ჩამოართვა, რითაც თავისი მადლიერებაც აგრძნობინა.

როცა იმავე სიტყვებით სენატორისთვის უნდა მიემართა, ამ უკანასკნელმა უკან დაიხია, თითქოს ცეცხლფარეშმა საკუთარ უფლებებს გადააჭარბა; ისიც მაშინვე შეჩერდა.

დანარჩენებმა ახლაღა მოისაზრეს, რა უნდა გაეკეთებინათ და კარლისა და სენატორის გარშემო შემოიჯარნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, 

კარლმა შუბალისგანაც კი მიიღო მილოცვა და მადლობაც გადაუხადა.

ბოლოს, კვლავ ჩამოვარდნილ სიჩუმეში, პორტის მოხელეებმაც გაიმეტეს ორიოდე ინგლისური სიტყვა, რითაც სასაცილო შთაბეჭდილება მოახდინეს.

სენატორი ისეთ განწყობაზე იყო, სურდა ბოლომდე დამტკბარიყო

ამ სიხარულით, მეორეხარისხოვანი მომენტებიც გაეხსენებინა და დამსწრეთათვისაც გაეზიარებინა, რაც ყველამ არა თუ მოთმინებით, არამედ ინტერესითაც მოისმინა. გაიხსენა, რომ მოახლის წერილში დასახელებული კარლის განსაკუთრებული ნიშნები უბის წიგნაკში ჩაინიშნა,

რათა საჭიროების შემთხვევაში ხელთ ჰქონოდა. ცეცხლფარეშის აუტანელი ლაქლაქის დროს მხოლოდ და მხოლოდ გულის გადასაყოლებლად უბის წიგნაკი ამოიღო და მოახლის არცთუ ზუსტ დეტექტიურ დაკვირვებებს კარლის გარეგნობას ადარებდა, – აი, ასე პოულობენ დისწულებს! – დაასკვნა ისეთი ტონით, თითქოს კიდევ ელოდებოდა მილოცვას.

– რა ელის ახლა ცეცხლფარეშს? – იკითხა კარლმა, რომელმაც ბიძის

ნათქვამი ბოლო სიტყვები ყურს იქით გაუშვა. თავის ამ ახალ მდგომარეობაში ეგონა, ყველაფრის თქმა შეეძლო, რასაც ფიქრობდა.

– ცეცხლფარეშს ის ელის, რაც დაიმსახურა, – მიუგო სენატორმა, – და

რასაც ბატონი კაპიტანი ჩათვლის მართებულად. ჩემი აზრით, ცეცხლფარეშმა თავი მოგვაბეზრა, ამაში ყველა დამსწრე დამეთანხმება.

– ამაზე არაა ლაპარაკი, საქმე სამართლიანობას ეხება, – თქვა კარლმა. ის ბიძასა და კაპიტანს შორის იდგა და ალბათ ამ ადგილის გავლენით ფიქრობდა, რომ გადაწყვეტილების მიღება მის ხელში იყო.

ცეცხლფარეშს კი, ჩანს, ყოველგვარი იმედი გადაეწურა. ხელები შარვლის სათავეში ჩაეყო და აღელვებული მოძრაობებისაგან შიგნიდან დაჩითული პერანგი მოუჩანდა. მაგრამ ეს ოდნავადაც არ ადარდებდა, მთელი თავისი დარდი ამოთქვა და ახლა დაე, მისი ძონძებიც დაინახონ, მერე კი აქედან გააპანღურონ. მისი აზრით, შუბალი და მსახური გაუწევენ

ამ უკანასკნელ სამსახურს, როგორც ყველაზე დაბალი ჩინის წარმომადგენლები; მაშინ ხომ დაისვენებს შუბალი და აღარ დაკარგავს მოთმინებას, როგორც უფროსმა მოლარემ აღნიშნა. კაპიტანი კი მთელ ეკიპაჟს რუმინელები დააკომპლექტებს, ყველგან რუმინულად ილაპარაკებენ,

და ალბათ საქმეც უკეთესად წავა. აღარ შეეჩხირებათ თვალებში ცეცხლფარეში, მხოლოდ მისი უკანასკნელი ლაქლაქი დაამახსოვრდებათ, რაც, როგორც ხატოვნად გამოთქვა სენატორმა, დისწულთან მისი შეხვედრის ირიბ მიზეზად იქცა. კაცმა რომ თქვას, ამ დისწულმა რამდენჯერმე სცადა დღეს მისი დახმარება, და ამით საკმარისზე მეტი მადლობაც გადაუხადა უნებურად გაწეული სამსახურისათვის – ბიძასთან შეხვედრისათვის; ცეცხლფარეშს აზრადაც არ მოსვლია, კიდევ ეთხოვა რაიმე მისთვის. ისე, არც ის იტყოდა უარს სენატორის დისწულობაზე, კაპიტნობამდე ჯერ კიდევ შორსაა; მაგრამ

სწორედ კაპიტნის პირიდან გაიგონებს მრისხანე სიტყვას. თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, ცეცხლფარეში ცდილობდა, არ გაეხედა კარლისაკენ, მაგრამ ამ მტრულ გარემოცვაში, სამწუხაროდ, მხოლოდ

მასზე შეეძლო თვალის შეჩერება.

– ნუ შეაფასებ ვითარებას არასწორად, – მიმართა სენატორმა

კარლს, – საქმე სამართლიანობას ეხება, მაგრამ, ამავე დროს, დისციპლინასაც. ორივე, განსაკუთრებით კი უკანასკნელი, აქ ბატონი კაპიტნის

განსასჯელია.

– ასეა ეს, – ჩაიბურდღუნა ცეცხლფარეშმა. ვინც ეს სიტყვები გაიგონა,

გაკვირვებულმა ჩაიცინა.

–კაპიტანს ისედაც შევუშალეთ უკვე ხელი თავის საქმეებში, რომლებიც ნიუ-იორკში ჩამოსვლისთანავე უხვად დაუგროვდებოდა, და უკვე დროა, დავტოვოთ გემი, თორემ ეს უაზრო კინკლაობა ორ მემანქანეს

შორის ჩვენი წყალობით აურზაურად გადაიქცევა. მე კარგად მესმის, ჩემო ძვირფასო დისწულო, შენი კეთილი ზრახვები, მაგრამ სწორედ ეს

მაძლევს უფლებას, რაც შეიძლება სწრაფად გაგაცალო აქაურობას.

– ახლავე ჩავაშვებინებ თქვენთვის კანჯოს, – თქვა კაპიტანმა და კარლის გასაკვირად, ერთი სიტყვითაც კი არ შეეკამათა სენატორს, რომლის გამონათქვამიც თავის დამდაბლებასავით ჟღერდა. უფროსი მოლარე

სწრაფად მიიჭრა საწერ მაგიდასთან და ბოცმანს ტელეფონით გადასცა

კაპიტნის ბრძანება.

«დრო აღარ ითმენს, – გაიფიქრა კარლმა, – მაგრამ ყველას თუ არ

ვაწყენინე, ისე ვერაფერს გავხდები. ახლა ხომ ვერ დავტოვებ ბიძას, რომელმაც ამდენი დავიდარაბის შემდეგ მიპოვა. კაპიტანი, მართალია, თავაზიანია, მაგრამ სულ ეს არის. როცა საქმე დისციპლინას ეხება, მისი თავაზიანობა მთავრდება, და ბიძამ ნამდვილად მისი იდუმალი აზრები

ამოიკითხა. შუბალთან დალაპარაკება არ მსურს, ვნანობ კიდეც, ხელი

რომ ჩამოვართვი. ყველა დანარჩენი კი ვიგინდარაა. ამ ფიქრებში გართული კარლი ცეცხლფარეშს მიუახლოვდა, ქამრიდან მარჯვენა ამოაღებინა და ხელი ფრთხილად მოუჭირა.

– რატომ არაფერს ამბობ? – ჰკითხა ცეცხლფარეშს, – რატომ ითმენ

ყველაფერს?

ცეცხლფარეშმა შუბლი შეიჭმუხნა, თითქოს შესაფერის სიტყვებს

ეძებდა იმის გამოსახატავად, რისი თქმაც სურდა. მერე თავის და კარლის ხელებს დახედა.

– შენ უსამართლოდ მოგექცნენ, ისე, როგორც არავის ამ გემზე არ

მოჰქცევიან, ეს ზუსტად ვიცი, – და კარლმა თითები თითებში გაუყარა,

ის კი გაბრწყინებული იცქირებოდა აქეთ-იქით, თითქოს ისეთი ნეტარება ეწვია, რომელშიც ვერავინ შეეცილებოდა.

– შენ უნდა იბრძოლო, ან ჰო თქვა, ან არა, სხვაგვარად სიმართლეს

ვერავინ გაიგებს. უნდა დამპირდე, რომ

ყურს დამიგდებ, თორემ სერიოზული საფუძველი მაქვს ვიფიქრო,

რომ შენს დახმარებას ვეღარ შევძლებ, – და კარლს ცრემლები წასკდა,

ცეცხლფარეშს ხელზე აკოცა, მისი კოჟრებიანი, ახლა ძალაგამოცლილი

ხელი ლოყასთან ისე მიიტანა, თითქოს განძი ყოფილიყოს, რომელთანაც განშორება ეწერა. იმავე წუთს ბიძა მის გვერდით გაჩნდა და მსუბუქი

ძალდატანებით, მაგრამ დაჟინებით, იქაურობას გააცალა.

 

– ეტყობა, ამ ცეცხლფარეშმა მოგაჯადოვა, – უთხრა და კარლის თავს

ზემოთ კაპიტანს თანაგრძნობით გადახედა.

– შენ თავს მარტო გრძნობდი, როცა მას შეხვდი და მისი მადლიერი

ხარ, ეს საქებარიცაა. მაგრამ გთხოვ, თუნდაც ჩემი ხათრით, შორს ნუ შეტოპავ და შენი ახლანდელი მდგომარეობა გააცნობიერე.

უცებ კართან ხმაური ატყდა, გარედან შეძახილები მოისმა, და თითქოს კარს ვიღაც დიდი ძალით მიახეთქეს. ოთახში გაშმაგებული მეზღვაური შემოვარდა, წელზე ქალის წინსაფარი ჰქონდა შემოკრული, – გარეთ ხალხია, – წამოიყვირა, იდაყვებს ისე იქნევდა, თითქოს ისევ ბრბოში იყო. ბოლოს გონს მოეგო და უნდოდა, კაპიტანს სამხედრო წესით მისალმებოდა, რომ უცებ წინსაფარი შენიშნა, მოიგლიჯა და ძირს მოისროლა, – რა საზიზღრობაა, ქალის წინსაფარი შემაბეს, – შემდეგ ქუსლები ერთმანეთს მიარტყა და კაპიტანს მიესალმა. ვიღაცამ სიცილი დააპირა, მაგრამ კაპიტანმა მკაცრად თქვა: – ეს მხიარულება უადგილოდ მეჩვენება. მაშ, ვინ იცდის გარეთ?

– ჩემი მოწმეები არიან, – წინ წამოდგა შუბალი, – უმორჩილესად გიხდით ბოდიშს მათი შეუფერებელი საქციელის გამო. მაგრამ როცა მეზღვაურები შორეული ცურვიდან ბრუნდებიან, ზოგჯერ დასაბმელები

არიან ხოლმე.

– ახლავე შემოვიდნენ! – ბრძანა კაპიტანმა, მაშინვე სენატორს მიუბრუნდა და თავაზიანად, მაგრამ სწრაფად უთხრა: – ახლა კი, ბატონო სენატორო, პატივი დამდეთ და თქვენს დისწულთან ერთად იმ მეზღვაურს გაჰყევით, რომელიც კანჯოში ჩაგსხამთ. ვერ აგიწერთ, რა სიამოვნება და პატივი იყო ჩემთვის თქვენი პირადად გაცნობა. იმასღა ვისურვებდი, მალე მოგვეცეს შესაძლებლობა, ბატონო სენატორო, გავაგრძელოთ ჩვენი შეწყვეტილი საუბარი ამერიკული ფლოტის შესახებ, რომელიც იქნებ

ისეთივე სასიამოვნო მიზეზმა შეგვაწყვეტინოს, როგორიც დღეს იყო.

– ჯერჯერობით ეს ერთი დისწულიც საკმარისია, – სიცილით თქვა ბიძამ, – ახლა კი ნება მომეცით, უღრმესი მადლობა მოგახსენოთ თქვენი თავაზიანობისათვის და კარგად ყოფნა გისურვოთ. ისე, გამორიცხული 

არ არის, – კარლი სიყვარულით ჩაიკრა გულში, – ევროპაში შემდეგი მოგზაურობისას შესაძლებლობა მოგვეცეს, მეტი დრო გავატაროთ ერთად.

– მთელი გულით მოხარული ვიქნები, – მიუგო კაპიტანმა. და ბატონებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. კარლმა უსიტყვოდ და სწრაფად გაუწოდა ხელი კაპიტანს, რადგან ამ უკანასკნელს უკვე თითქმის თხუთმეტ-თხუთმეტი ადამიანი შემოეხვია გარს, რომლებიც, ცოტა

არ იყოს, შემცბარები, მაგრამ ხმაურით შემოიჭრნენ ოთახში. მეზღვაურმა სთხოვა სენატორს, ნება მიეცა, წინ წასულიყო და გზა გაეკვლია მათთვის შემოჯარულ მოწმეებს შორის, რომლებიც თავის დაკვრით ესალმებოდნენ. კარლს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ამ უწყინარი ადამიანებისათვის ცეცხლფარეშსა და შუბალს შორის შეტაკება სახალისო სანახაობა იყო, რასაც კაპიტანთანაც კი ვერ მალავდნენ. მათ შორის ის ლინაც შეამჩნია, გოგონა სამზარეულოდან, რომელმაც ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და მეზღვაურის ნასროლი წინსაფარი წელზე შემოირტყა – ეს სწორედ მისი წინსაფარი იყო.

კანცელარია დატოვეს და ვიწრო დერეფანში შეუხვიეს, რამდენიმე

ნაბიჯის გავლის შემდეგ პატარა კარს მიადგნენ, იქიდან კი მოკლე კიბე

მათთვის გამზადებულ კანჯოში ჩადიოდა. წინამძღოლი ერთი ნახტომით ჩახტა ნავში, იქ მსხდომი მეზღვაურები ფეხზე წამოდგნენ და სტუმრებს სამხედრო წესით მიესალმნენ. ის იყო, სენატორმა კარლს შეახსენა, კიბეზე ფრთხილად ჩამოდიო, რომ ჯერ კიდევ ზედა საფეხურზე მდგომ კარლს უცებ ტირილი აუვარდა. სენატორმა მარჯვენა ხელი კარლს წელზე მოხვია, მკერდზე მიიკრა და მარცხენა ხელს თავზე

ალერსიანად უსვამდა. ასე ნელა, საფეხურ-საფეხურ, ერთმანეთს ჩახუტებულები ჩავიდნენ ნავში, სადაც სენატორმა კარლს თავის მოპირდაპირედ შეურჩია ადგილი. სენატორის ნიშანზე მეზღვაურები გემს მოშორდნენ და სწრაფად მოუსვეს ნიჩბები. სულ რამდენიმე მეტრით რომ დასცილდნენ გემს, კარლმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ სწორედ გემის იმ მხარეს იმყოფებოდნენ, საითაც ბუღალტერიის ფანჯრები გამოდიოდა. სამივე ფანჯრიდან შუბალის მოწმეები იჭყიტებოდნენ, მე გობრულად ესალმებოდნენ და ხელს უქნევდნენ, ბიძამ მადლობის ნიშნად თავი დაუკრა. ერთ-ერთმა მეზღვაურმა, ისე რომ ნიჩბისთვის ხელი არ გაუშვია, ჰაეროვანი კოცნაც გაუგზავნა. ცეცხლფარეში აღარსად ჩანდა. კარლი დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში ბიძას, რომელსაც თითქმის მუხლებით ეხებოდა, და ეჭვი აღეძრა, შეძლებდა კი ოდესმე ეს კაცი,

ცეცხლფარეშის მაგივრობა გაეწია მისთვის? ბიძამ თვალი მოაშორა და

მზერა ტალღებზე გადაიტანა, რომლებიც ნავის კედლებს ეხეთქებოდნენ.

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, კაფკა, მოთხრობები, ნოველები

ნახვა: 26

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

ფეხბურთელის იდუმალი გარდაცვალება და პრემიერის ვრცელი გამოსვლა პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 26, 2020.
საათი: 11:05pm 9 კომენტარი

      პრემიერის პარლამენტში მისვლა, ყოველთვის დღის მეისნტრიმული ამბავია და დღესაც ასე იყო - მთელი დღე, ყველა მედიასაშუალება სწორედ პრემიერის გამოსვლის გარშემო საუბრობდა, წერდა და გადმოსცემდა. ამასთანავე, ბოლო დღეების ყველაზე გაურკვეველი და მძიმე საქმე - ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 ივნისი, 2020

      კოვიდჯორჯია - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ით…

გაგრძელება

ნამდვილი მეთევზე

გამოაქვეყნა ბექა ხოჯავა_მ.
თარიღი: ივნისი 25, 2020.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

      თევზაობა არ არის ჰობი, ეს ავადმყოფობაა. ნამდვილი მეთევზე იმით იცნობა, როგორ ჰყვება. თუ ექვსგირვანქიანი წვერას აღწერისას ფეხზე წამოდგა, ხელები გაშალა და ოთახის მთელ სიგრძეზე გადახტა, არ ყოფილა ნამდვილი მეთევზე, მაგრამ თუ მღელვარებისგან ხმა უწყდება, ცრემლი სდის და მთელ ტანში ჟრუანტელი უვლის - ჩვენიანია. ნამდვილი მეთევზეები მარტონი არიან თავიანთ ავადმყოფობასთან, როგორც ჩინელები - ოპიუმის ჩიბუხთან. მზისა და ქაშაყის ქერცლიდან არეკლილი სინათლის…

გაგრძელება

არეული ამინდი, არეული ოპოზიცია, არეული ახალგაზრდები და გადარეული კორონა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 24, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      პრემიერის მადლობით დაიწყო დღე - ამჯერად, მადლობა ლუგარის ლაბორატორიას და მის მკვლევარებს გადაუხადა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ესაა და მასთან ერთად, ცხადია კორონა ვირუსიც. გახმაურებულია ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების იდუმალი საქმე, სადაც შესაძლო დანაშაულებებზე მიუთითებენ მოწმეები, ასევე ოპოზიციაში მაჟორიტარების გაყოფის თემა და ლიდერად მოვლენილი რურუა და მის გარშემო ეპისტოლარული ჟანრი. ცხადია, გაბუნიას საქმეც არ მიჩქმალულა. ამინდს რაც…

გაგრძელება

Qwelly World

free counters