თვალუწვდენელ, ციცაბო კლდეების თავზე, სადაც ცა დედამიწას მიკერებოდა და ჯუნგლების კანონი ზეიმობდა სამართალს, ერთი ახალგაზრდა არწივი ცხოვრობდა.

არწივი იყო და რაღა თქმა უნდა მეფური ბუნებაც ექნებოდა, რადგან მეფეთა მოდგმა გახლდათ და მის გენებშიც მეფური სისიხლი ჰყიოდა.

ღვთისაგან შობილ გენეტიკურ გვირგვინოსანს მართალია ჯუნგლთა თვალთათვის მოწმობის გვირგვინი თავზე ჯერ არ დაედგა, მაგრამ, იმდენად ძლიერი ხასიათი და ქცევები ჰქონდა, რომ სამეფოს მკვიდრთა უმრავლესობა, ნებსით თუ უნებლიედ, პატივს სცემდა და უსიტყვოდ ემორჩილებოდა.

ბატონ-პატრონის რიხით დანავარდობდა ცისკიდურზე დიდებული უფლისწული. ერთ რამედ ღირდა მისი ნადირობის ცქერა.

ლაღად მონადირე, უკიდეგანო სივრცეში აიჭრებოდა, თვალთა ხედვიდან გადაიკარგებოდა, ფრთამოკეცილი, თვალისუსწრაფესად დაეშვებოდა, უკიდეგანო სივრციდან მახვილი თვალით განჭვრეტილ, მიწაზე არხეინად მოფუსფუსე მსხვერპლს მოულოდნელად თავს დააცხრებოდა, ბასრ კლანჭებში მოიქცევდა, მკვრივ, კაუჭა ნისკარტს ძალუმად ჩასცემდა, გონს დააკარგვინებდა. ხოლო, თუ ნისკარტით ფონს ვერ გავიდოდა, მაშინ ზეატაცებულს სიმაღლიდან ძირს დაახეთქებდა, მოკლავდა და ამის შემდეგ ძლიერი ფრთების ტყლაშუნით, სარჩოსთან ერთად კვლავ ზეცად აიჭრებოდა. ამაყად ფრთაგაშლილი კლდის წვერზე აგებულ თავის სამფლობელოს ორ-სამჯერ გამარჯვებული იერით შემოუფრენდა და სანადიმოდ ჩაიბუდებდა. დაძიძგნიდა ნადავლს, მეფურ მუცელს გაიძღობდა, ისევ ფრთაგაშლილი კლდის მაღალ მწვერვალზე შემოჯდებოდა და თვითდაჯერებული ისეთს შემოჰყივლებდა, რომ მთასა და ბარს კარგა ხანს ეხეთქებოდა მისი ხმის ძლიერი ექო.

ქალის ყელზე შებმული ლალისთვალივით უხდებოდა მისი იერსახე ველურ ჯუნგლებს. ამაყი უფლისწული მარგალიტივით ჩაბნეულიყო დედა-ბუნების წარმტაც სილამაზეში.

უყვარდათ მოხუც არწივებს ღირსეული შთამომავალი.

გათამამდა ფრინველთ-უფლისწული, ზედმეტად გაამაყდა, სიფრთხილე დაკარგა. თავი უმტროდ ჩათვალა და მოჭარბებული თავდაჯერებულობით განმარტოებულმა ერთ მწვერვალზე უშიშრად ჩაიძინა.

 

..........................................................

ავყია სვავები და მჩხავანა ყვავ-ყორნები დამპალი ლეშის საძებრად მოსდებოდნენ ჯუნგლების მიყრუებულ ფერდობებს. ჩასისხლულ თვალებს ბოროტად აცეცებდნენ აქოთებული მძორის ძებნაში. დამშეულები ხარბად ჩხაოდნენ და ამჩატებულები ველურად ეძიძგილავებოდნენ ერთმანეთს.

ამ ყოფაში იყვნენ, რომ მძინარე არწივს გადაეყარნენ.

მწვერვალზე მიძინებულიც კი უზომოდ დიადი შესახედი გახლდათ ახალგაზრდა უფლიწული. მისი არწივობა ისე მჭიდროდ შერწყმოდა დედა-ბუნებას და მისი მეფური იერიც ისე შორს ვრცელდებოდა ველურ სამყაროში, რომ არ შეიძლებოდა მნახველლისთვის ავად ან კარგად გული არ აღეძრა და არ აეფორიაქებინა.

მისი ხილვისას უზომო შურითა და ღვარძლით აღივსნენ ბოროტი ჩიტები. ავი განზრახვით აღტკინდნენ. გადაწყვიტეს მძინარესათვის ემუხთლად.

მიეპარნენ და მისი ღირსების ასახდელად სივრციდან ჩამოასკინტლეს. ერთიანად სიბინძურეში ამოსვარეს მეფეთა შთამომავალი. შემდეგ კი, დამცირებულს მიესივნენ, ბრბოდ შეკრულებმა ფრთა-ნისკარტ-ბრჭყალთა კვესებით სასიკვდილოდ დაკორტნეს უბედური და იქამდე სცემეს ვიდრე, გონდაკარგული, მკვდარი არ ეგონად და კლდიდან ხევში არ გადაჩეხეს. როგორც კი ჟინი დაიცხრეს აფრინდნენ, შორიახლოს მიმოედვნენ გვამის გახრწნის მოლოდინში, რომ შემდეგ მისულიყვნენ და დამპალი ლეშით, გაუმაძღარი მუცლები ამოეყორათ.

ხევის ფსკერზე კარგახანს ეგდო უგონოდ ბედშავი. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ეულად მიტოვებულს საამქვეყნო ნიშა აღარ ეტყობოდა. ეგდო და ინსტიქტითდღა იქნევდა ფრთებსა და ფეხებს დაუნდობელი სიკვდილისთვის წინააღმდეგობის გასაწევად...

..........................................................

მარცხითა და ტკივილებით გულშეღონებული ერთმა მონადირემ იპოვა. შეეცოდა კაცს არწივი, აიყვანა და გულში ჩაკრული მოსავლელად შინ წაიყვანა.

დრო გადიოდა. უვლიდა მონადირე მასზე თავმინდობილ ფრინველთ-უფლისწულს.

დაბანილ-ფრთადავარცხნილმა და მალამო ცხებულმა არწივმაც თანდათან მოიხედა. მოშუშდა. მომჯობინდა. კარგად შეიხორცა დამტვრეული ძვლები, ისე, რომ ფრენაც კი შეძლო, მაგრამ, მუხთლობის შედეგად გატეხილი გული ვერა და ვერ გაიმრთელა.

თუმცა, კეთილი მონადირე შეიყვარა უზომოდ. მადლიერი, მხარზე შემოაფრინდებოდა, ფრთებს გაშლიდა და სახეს სახეზე ალერსით მიადებდა. კაციც სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხობდა. მეფურ თავზე ალერსითვე მოუთათუნებდა ძლიერ მარჯვენას და ჯერ ისევ მისუსტებულს საგანგებოდ გამზადებულ მოხარშულ ხორცის ნაჭრებს უმალ პირისკენ მოუმარჯვებდა. მკვრივი ნისკარტი არ ემორჩილებოდა, თორემ, ალბათ თბილ ღიმილსაც არ დაიშურებდა მადლიერი ფრინველი და სახეს გაიბადრავდა კმაყოფილი, მადლიერების უფრო მეტად გამოსახატად.

მხატვრის თვალით რომ შეგეხედათ, ეს მეგობრობის ობელისკის ნამდვილი ესკიზი გახლდათ სამყაროს კალთებზე ოქროს ძაფით ამოქარგული...

უფლისწულის სამშობლოში კი სულ სხვა რამ ხდებოდა...

 

..........................................................

კაჭკაჭთა ენაჭარტალა პირით შეიტყო ჯუნგლებმა არწივის დამცირებისა და მისი პატივ აყრის ბნელი ამბავი. ექოსავით დაირბინა ტყუილ-მართალით შეთხზულმა „ლეგენდებმა“. ენაჭარტალა ჩიტები ენას იქავებდნენ და მოჭარბებული „შელამაზებით“ გადასცემდა ერთი მეორეს ყურში გაუგონრად შეთითხნილ ჭორებს.

ბრბოს წესის თანახმად, რაც მეტად სცხებდნენ ჩირქს არწივს თავიანთ მონაჩმახში, მით მეტი მსმენელი „იფხანდა ყურს“ ახლად გამომცხვარი ამბის ქარიშხალით და ყურთასმენას იამებდნენ. ჰო, ის ჩიტები, რომლებიც ოდესღაც ასე რიგად უფრთხოდნენ დიდებულ უფლისწულს, ახლა გალაზღანდარებულები იდგნენ და ნისკარტმოღერებულები ნიშნისმომგები ჩხავილით დასცინოდნენ ერთ დროს სატახტოდ გამზადებულ დიდებულ უფლისწულს.

არწივთა მოდგმა ერთობ შეძრა ჭორად ნათქვამმა ტყუილ-მართალმა. დაღონდნენ, გული ჩაუკვდათ. დაბნეულებს ენა დაუდუმდათ და სიტყვა ვერ დაძრეს მოძმის დასაცავად, რადგან მათი კანონის თანახმად, გასკინტლული თანამოძმე სამარცხვინოდ ითვლებოდა და მისი მხარის დამჭერიც მისსავე ბედს გაიზიარებდა. თუმცა მათ შორის, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც თურმე ფარული შური და მტრული ზრახვები ადრევე აღძვროდათ გულში და დრო ნახელთებმა ღვარძლიანად ჩაიცინეს, ქილიკით აიგდეს და ჯუნგლების სამეფოს ტრადიციების მატარებლებმა, ღირსება აყრილი თანატომელი, მოკვეთილად გამოაცხადეს.

 

..........................................................

უკვე, რამოდენიმე დღეა, არწივთა შორის უპირველესი, მისი უდიდებულესობა მეფე-ფრინველთა, არწივთ-უხუცესი, თავის ბუდიდან არ წამოფრენილა. არც სანადიროდ გასულა და არც თავისებურად შეუყივლია ლაღი სივრცისთვის. იჯდა საკუთარ ბუდეში და მეფურ თვალებში მეფური ცრემლი უბრწყინავდა. მოხუცი არწივის ფიქრები ყმაწვილი უფლისწულის ავად შებრუნებულ ბედ-იღბალს დასტრიალებდა. თავის გონებაში „მოკვეთის“ კანონს ნსჯიდა და გული ეწურებოდა. პირველად გაღრნა ეჭვმა კანონის სამართლიანობაში... არა, დღესვე უნდა მოიწვიოს არწივთა საბჭო, დღესვე უნდა გადაამოწმონ კანონის სამართლიანობა!

..........................................................

ერთ თვალუწვდენელ მწვერვალზე შეიკრიბნენ არწივები დარბაზობად. იქ, სადაც ვერა სულიერი ვერ შეძლებდა მათზე თვალის შევლებას. ასეთი იყო მათი მეფური ნება და დამკვიდრებული კანონი. ხოლო, თუ მაინც, ვინმე თავნება გაბედავდა მათი შესაკრებელის მიახლოებას, მისი მისამართით წამსვე არწივთა საბჭოს ბრჭყალდასმული კანონი ამოქმედდებოდა და სიკვდილით დაისჯებოდა.

სამეფო მოსასხამების შრიალითა და ძალაუფლების კვერთხის ბრახუნით მოთავსდნენ ძლევამოსილი გვირგვინოსნები მათთვის განკუთვნილ, წრეზე გაწყობილ ქვის ტახტრევნებზე.

თვალი მოავლო დარბაზობას არწივთ-უხუცესმა. ნაღვლიანად შეარხია მოხუცი მაგრამ ჯერ ისევ ძლიერი მხრები და თვალში ცრემლმოწურულმა, დარბაზს მეფური რიხით მიმართა:

-ბუნების რჩეულნო! დიდებულნო და მეფეთა მოდგმავ! ღირსეულნო ძმანნო, არწივნო! გიცქერთ და ვტკბები თქვენი ბრწყინვალებით. თქვენი მეფური ჯიღა მალამოსავით ესაალბუნება ჩემს მოხუც გულს და იმედის ცეცხლს მინთებს სიბერისაგან მოდუნებულ მეფურ ძარღვებში. მაგრამ მეტად ამაყი ვიქნებოდი, რომ არა ის ნასროლი ტალახი, რომელმაც დღეს ელვასავით გადაუარა მთელს ჯუნგლებს და მისგან აყრილმა შხეფებმა თვითოეული ჩვენთაგანის მეფური ბუმბულიც ლაფით დასვარა. ავყია ჩიტებისა და მიწის ნადირთა სუსტი მოდგმის დასაცინად შევიქენით დღეს მეფური ტომი. მათი დიდებულნი კი მდუმარედ დაიარებიან და არას ამბობენ თანაგრძნობის ნიშნად. რას იტყვით არწივნო?

დარბაზი აშრიალდა. ერთმანეთს გადახედეს. თითქოსდა ბჭობდნენ ერთმანეთში თუ ვინ იტყოდა არწივთ-უხუცესის შემდეგ პირველ სიტყვას. ბოლოს ერთი, ისიც ხნოვანი, წამოიმართა. გამჭოლი მზერით ჩააშტერდა თავის მეფურ კვერთხს. ეტყობოდა, ერთობ აფორიაქებულს უჭირდა ლაპარაკის დაწყება... ბოლოს, როგორციქნა მოუყარა სათქმელს თავი და ძლივს ამოღერღა:

-განგების ნებით, ჩვენი გვარ-ტომი ოდითგანვე განაგებდა ფრინველთა მოდგმას. კანონი კანონობდა და სამართალი ზეიმობდა. კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ მართვეს, როგორი კრძალვით გვერიდებოდნენ ტყის ქურდბაცაცა ბინადარნი. ვინ გაბედავდა ჩვენს თვალებში თვალის გასწორებას?! ვერავინ! ყველამ იცოდა თავისი წილი ადგილი თვით განგებისგან მინიჭებული და პატივისცემით ეპყრობოდნენ უზენაესის ნებას. მაგრამ დღეს? დღეს რაღა ხდება? ნუთუ დაირღვა განგების ნება და უზნეო ბინადართა ნისკარტთ საჯიჯგნი და მათი დასაცინი შევიქენით?! ავმა ჩიტებმა ღირსება შეგვიგინეს, მოძმე შეგვიბილწეს, მოგვიკლეს და ჩვენივე ნებით, ჩვენივე მიღებული კანონის თანახმად, თემიდან მოგვაკვეთინეს. მეტს ვერას ვიტყვი დიდებულნო, ენა აღარ მემორჩილება რაიმეს სათქმელად. მიყვარდა უფლისწული და სხვას ვერას ვიტყვი...

სიტყვა ჯერ კიდევ დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ერთმა ახალგაზრდა არწივმა, რომელიც პირველობის მანიით შეპყრობილიყო და თანამედროვეობის ფეხის ხმას აჰყოლილს ხელოვნურად შეფერადებული ბუმბულები ჩაებნია ბუნებრივ ბუმბულთა შორის თავის უფრო მეტი სილამაზის წარმოსაჩენად, თავი ვერ შეიკავა საკუთარი გულისთქმების გადმოფრქვევისგან და არცთუ სასიამოვნო ტონით სიტყვით გამომსვლელს თავხედურად ჩაეჩარა სიტყვაში:

-რას ამბობ მეგობარო? ნუთუ მართლა თვლით, რომ იმ ნაძირალას თავს ლაფის დასხმით ლაფი ჩვენც მოგვეცხო? არამც და არამც! შეხედეთ ჩემს ბუმბულს, ის ისეთივე ლამაზი და მიმზიდველია როგორც აქამდე იყო. შეხედეთ სხვა ახალგაზრდა არწივებსაც, მათაც ისევე უბრწყინავთ ბუმბული როგორც ჩემი ბრწყინავს. ასე, რომ ლაფი არსადაა. მაგრამ თქვენ, მოხუც არწივებს გიყვარდათ ის და ამიტომაც გსურთ მისი დაცვა. გინდათ მისი ამბავი სამეფო ტომის პრობლემად აქციოთ და მტრულად განგვაწყოთ ტყის სხვა ბინადარნზე. თქვენ ის გიყვარდათ, რადგან ისიც თქვენსავით ძველმოდური იყო და ალმაცერად უყურებდა ჩვენს თანამედროვე შეფერილობას. ამიტომაც უწოდებდით მას უფლიწულს და სამეფოს მემკვიდრედ მოიაზრებდით. მაგრამ არ გაგიმართლდათ იმედები მეგობრებო! ის დღეს სკინტლშია ამოსვრილი და მისი მეფობაც წარსულს ჩაბარდა. ასე არ არის არწივებო? - კითხვით მიმართა ახალგაზრდებს ორატორმა, რომლებსაც მასსავით ხელოვნურად დაეჭრელებინათ ღვთისგან ბოძებული მეფური სხეულები.

-ასეა, ასე! კანონი ყველასთვის კანონობს! - შეჰყივლეს ახალგაზრდებმა, რომლებიც სიმრავლით სჭარბობდნენ მოხუცებს.

გაოცდნენ უხუცესები. არ მოელოდნენ ახალგაზრდების ასეთ შემოტევას. რისხვით დაებერათ თვალები. ქოჩორი აეფოფრათ. მაგრამ, მოერიდნენ არეულობის შეტანას არსებულ დარბაზობაზე, თუმცა აშკარად შეეტყოთ უკმაყოფილება და გაოცებული მზერა არწივთა შორის უპირველესს მიაპყრეს, თითქოს თვალებით ევედრებოდნენ, რომ ეთქვა რამე და არსებული სიტუაცია განემუხტა.

მედგრად წამოიმართა არწივთ-უხუცესი. ამაყად აწია ხანდაზმული მეფური თავი. ბრძოლებში მრავალჯერ ნაცადი ფრთები ფართოდ გაშალა, შეაფრთხიალა... ღირსეულად შეისწორა მხრები. მებრძოლი კლანჭები მედგრად ალესა ქვის ტახტრევანზე, საშიშად ააკაკუნა. მრისხანე მზერა მახვილივით აძგერა ეგრედ წოდებულ „კანონის დამცველთა“ გაპრანჭულ მზერას და მეფური რიხით, ისე რომ ხმისთვის არ აუწევია დარბაზს მიმართა:

-ვხედავ, რომ ჯანყი შეგპარვიათ მურდალ გულებში, უგუნურებო! მაგრამ გახსოვდეთ! უხუცესთა ბასრი კლანჭები დღესაც მსუბუქად აზიდავენ ცისკიდურზე ცხვრის და შვლის წონას. არც ჩვენს ფრთებს უჭირთ მათი დაძლევა. მზერაც ჯერ კიდევ მახვილად გვიჭრის. ადვილად ვარჩევთ ჩვენს საკბილოს ცისკიდურიდან მიწის პირზე მოსიარულეს. მინდვრის თაგვიც კი არ დაგვრჩება შეუმჩნეველი. არც ნისკარტები დაგვბლაგვებია. სასიკვდილოა ყოველი მისი დარტყმა მსხვერპლისთვის.

მაგრამ, მე, როგორც შვილი ლაღი სივრცისა და შთამომავალი მეფეთ-მოდგმისა, მეფე ფრინველთა და უხუცესი არწივთა შორის, გირჩევთ დაფიქრდეთ და თვალი აახილოთ. მეტი გულისყურით მოეკიდეთ მოძმეთა ტკივილს, რამეთუ ხვალ თქვენც იგივე არ დაგემართოთ. იყავით მრისხანენი როცა მრისხანების დროა და იყავით მოწყალენიც როცა განგება თქვენგან ამას მოითხოვს. მე, მეფე, კანონ-ქომაგი და თვით კანონის ერთ-ერთი დამდგენელი, გეტყვით, რომ თვით კანონზე მაღლა დგას ჩვენი არწივობა და კანონები ჩვენგან გამოედინება. ისინი ისეთივე არასრულყოფილია როგორც ჩვენ, მისი დამწერი მოკვდავნი ვართ არასრულყოფილნი. განგება კი გვზრდის... გვზრდის თვით სიკვდილამდე და ჩვენს გასრულყოფილებასთან ერთად სრულყოფილდება ჩვენგან გამოსული კანონებიც.

ის ხომ ჩვენი შინაგანი ბუნების სარკეა და სამყაროს ამცნობს თუ რა ზომაზე ვართ გაზრდილნი შინაგანი ბუნებით. მას უჭირავს ჩვენი ზრდის სტანდარტები და გვიცავს უკუსვლისაგან, გვიცავს, რომ არ დავეცეთ, თუმცა მისი გაკეთილშობილება და დახვეწა განუსაზღვრელად მზარდია იქამდე ვიდრე მისი ხარისხი არ მიაღწევს თვით უზენაესის დადგენილ ხარისხხს. ის ჩვენი ბუნების მაქსიმალურობის გამოძახილია გარე სამყაროში. აი რატომაა კანონი უზენაესი.

ახლა კი დაფიქრდით. დაფიქრდით ვიდრე კანონს ამოეფარებოდეთ თქვენი ბინძური გულისთქმების მისაჩქმალად და ვიდრე მას თქვენი ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენებდეთ. ჩახედეთ თქვენს სინდისს, გადაამოწმეთ მისი ადგილი თქვენს არსებაში, იქ არის მისი უზენასობა და იქ დგას მისი უდიდებულესობა კანონის ტახტი, საიდანაც ბრძანებებს გასცემს!

მონუსხული და სუნთქვად ქცეული უსმენდა დარბაზი არწივთ-უხუცესს.

უხერხულად შეიშმუშნენ ახალგაზრდები, არ ეამათ უხუცესის სიტყვები. უხერხულად აიწურა ახალგაზრდა ორატორიც. მიხვდნენ, რომ მათ გულში ჩაიხედა მოხუცმა მეფემ და მათი სინდისი ჩაწიხლა, თუმცა ნირი არ წაიხდინეს და ერთმა მათგანმა საყოველშემთხვევისოდ ადგილიდან უხალისოდ წამოიყვირა:

-მაშ, არ უნდა მოიკვეთოს?

- ნუთუ შერცხვენილს უფლება აქვს იცხოვროს ჩვენს შორის? - აჰყვა მეორეც თანამოაზრეს მხარდასაჭერად.

-ჩემი აზრით უნდა მოვიშოროთ და ყველა უფლებაც უნდა ჩამოვართვათ! - დაამატა მესამემ თავიანთი პოზიციის უფრო მეტად გასამყარებლად. მაგრამ, ნირი დაჰკარგვოდა მათ გამოხტომებს და ნათლად გამოჩნდა, რომ ბებერი არწივები კვლავაც არწივობდნენ.

-როგორც მიგიხვდით მისთვის არწივობის ჩამორთმევა გსურთ.. - ირონიულად ჩაეკითხა ბრძენი მოხუცი .

-არწივობა..? ეგ შეუძლებელია, მაგრამ... - ენა დაებათ, დაიბნენ ახალგაზრდა არწივები.

-რა თქმა უნდა, რომ შეუძლებელია. - დინჯი სიმშვიდით დაუდასტურმა დარბაისელმა არწივთ-უხუცესმა.

- რაც განგებამ მიანიჭა ჩვენ მას ვერ წავართმვთ. არწივად ის განგებამ შექმნა და თუ არწივია მეფობაც თან ახლავს. ნუთუ მატლიყლაპია ბეღურები შებედავენ და ეტყვიან „შენ არწივი აღარ ხარ და არ დაგემორჩილებითო?“ ვერ შებედავენ და უფრო მეტიც, არც გაიფიქრებენ მისთვის ამის თქმას, რადგან ის ხომ ღვთაებამ შექმნა არწივად და ბუნებაში მეფის ფუნქცია დააკისრა?! ღვთაების გეგმებში კი ვინ გაბედავს ხელების ფათურს მის შესაცვლელად? ვფიქრობ ვერავინ... მათ შორის ვერც ჩვენ. ამიტომ ვამბობ: გვინდა თუ არა არწივი არწივია და არწივადვეც დარჩება. იცხოვრებს ისე როგორც მისთვის განგებას მიუნიჭებია! ვერც ძმობიდან მოვიკვეთთ, რადგან ის ბუნებით, სისხლით და ხორცითაა ჩვენი ძმა... ესეც ბუნებრივი კანონია და ვერც ამას შევეწინააღმდეგებით მოკვდავნი...

აქ უცებ წამიერად შეჩერდა. მზერა გაეყინა. რატომღაც თავიც ჩაღუნა. ცრემლიც კი შეიმჩნა მის თვალზე და ისე, რომ აღარავისთვის არ შეუხედავს, თავისაუწევლად, ნაღვლიანად განაგრძო:

- რაც შეეხება მას, ვფიქრობ, რომ ის თვითონაც აღარ იცხოვრებს ჩვენს გვერდით. მანაც კარგად იცის ჩვენი კანონი. თავმოყვარეა და აღარ მოისურვებს სხვა მეფეთა გვერდით ცხოვრებას. - სინანულით თქვა მოხუცმა და მოულოდნელი გადაწყვეტილებით წასასვლელად თავი იბრუნა, ალბათ არ უნდოდა ვინმეს მის თვალში ცრემლი ეხილა. ფრთები ააფრთხიალა და ისე, რომ დარბაზისთვის აღარც შეუხედავს ძლიერი კანჭების ღონიერი ბიძგით ზეცაში აიჭრა. დანარჩენებიც მას მიჰყვნენ.

..........................................................

მომჯობინდა არწივი. ადრინდელივით შეძლო დამოიკიდებლად ნადირობა და სარჩოს მოპოვება.

მონადირესთან გამომშვიდობების დროც დადგა. დიდხანს ეხვეოდნენ ერთმანეთს მეგობრები. ცრემლიც კი გადმოუგორდათ ნაღვლიანი თვალებიდან, მაგრამ რას იზამდნენ, ბუნება თავისას ითხოვდა და ლაჟვარდოვანი ცა თავისკენ უხმობდა უკვე დაბრძენებულ მეფურ ქმნილებას.

ეს წამიც დადგა.

ხარბად აიქნია ძლიერი ფრთები გამობრძმედილმა. ცაში ატყორცნილმა ჩვეულებისამებრ ორჯერ შემოუფრინა მონადირეს ირგვლივ, გამოსამშვიდობებლად კიდევ ერთხელ ჩამოჰყივლა ერთგულ მეგობარს და ნებას მიშვებულმა ციცაბო მწვერვალებისკენ ლაღად მიაშურა.

ბინდდებოდა, როცა არწივმა იმ კლდეს მიაღწია სადაც ბოროტმა ჩიტებმა უმუხთლეს. შურისძიებითა და ბრძოლის ჟინით შეპყრობილი, კლდის ერთ პატარა სამალავში შეიყუჟა და მტრის გამოჩენას დაელოდა.

საღამო გაილია. ძილის მანტია გადაეფარა ლაჟვარდოვან ზეცას, ჩაიძინა. თუმცა ცისგან განსხვავებით უღრანმა ხეობამ ღამის ცხოვრება დაიწყო. ტყის ჩუმი ჭორაობა ნიავთან და თვალუწვდენელი ხეების გადაძახილ-გადმოძახილი ყრუ ხმაურით აღწევდა მაღალ კლდეებში მიმალული შურისმაძიებლის ყურამდე. ცივი ნაკადულებიც რაკრაკით აგრძელებდნენ სასიცოცხლო რბოლას და სიმღერასავით შეზავებოდნენ უმთვარო ღამით გადაბინდულ უღრან ხეობას. აქა-იქ ჭოტიც შესძახებდა... ამცნობდა სამყაროს, რომ ძილის მარწუხები ვერას აკლებდა ველურ ბუნებას და მისგან გამუდმებით სიცოცხლე გამოსჭვიოდა. ჰო, ასე იყო. თუ კარგად მიაყურადებდით, მიხვდებოდით, რომ გუგუნებდა ღამის ჯუნგლები და მისთვის უცხო იყო ძილი და მოსვენება. მხოლოდ ცაზე არ ისმოდა ჩამი-ჩუმი. ცის ბინადარნი უღრან ტყეს შეფარებოდნენ და მაღალ ხეებში შეყუჟულები ჩუმი ჟღურტულ-ღუღუნით ელოდებოდნენ ალიონის მოახლოებას.

მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ბრძოლის ჟინით ანთებულს.

და აი ირიჟრაჟა კიდეც. ამღერდნენ და აჭიკჭიკდნენ ალიონის მახარობლები და ტყეს ახლებურად დაუწყეს გამოცოცხლება. თუ აქამდე მხოლოდ გასაიდუმლოებული ტყის გუგუნი და შიშის მომცველი ნადირთა ღრენა ისმოდა, ახლა მხიარულმა სტვენამ და ტკბილმა გალობამ გადაურბინა დედა-ბუნებას.

მზის სხივებმაც მახვილივით გაიარეს ველურ სივრცეში. ცა ჯერ გააწითლა, შემდეგ გააყვითლა და ლურჯ ცასთან შეხამებული ძალისხმევით უღრანი ტყე ზურმუხტისფრად გააბრწყინა.

მალამოსავით მოეცხო გულზე არწივს კარგა ხნის მონატრებული მშობლიური სურნელი. სამალავიდან გამოვიდა. კლდის წვერზე შეფრინდა. ფრთა გაშალა და ის იყო თავისუფლებით კვლავ აღტაცებულს უნდა შეეყივლა, რომ გაახსენდა მტერი. ამ შეყივლებით ხომ მტერს დააფრთხობდა... მოძალებული ხმა ნერწყვს რისხვით გადააყოლა. უხალისოდ ჩამოფრინდა, კვლავ სამალავში შეიყუჟა და შურისძიებით აღვსილმა ისევ მოთმინებით გააგრძელა მტრის მოლოდინი.

სისხლმოწყურებული გაფაციცებით აცეცებდა თვალებს. არაფერი ეპარებოდა მის მახვილ სმენას. ვერც კი გრძნობდა თუ როგორ ჩაფრენოდა ბასრი ბრჭყალებით კლდის მოზრდილ ნატეხებს და ისე უჭერდა თითქოს მის ნაწილაკებად დაფშვნას ლამობდა.

ვერ გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ასე, რომ არა ჩიტების მოულოდნელი ჟივილი, რომლებმაც შეშინებული ფრთხიალით მიაშურეს უღრან ტყეს თავის შესაფარებლად.

გუმანით იგრძნო შურისმაძიებელმა იმ წუთის დადგომა, რასაც ასე რიგად ელოდა ამდენი ხნის განმავლობაში და არად დაგიდევდათ თვით სიცოცხლესაც, ოღონდ კი მისი მტრებისა და თავსლაფდამსხმელთა თუნდაც ერთი წვეთი სისხლი ეგემა და შურისძიებით დამტკბარიყო.

ეს წუთიც დადგა. შორეულ სივრცეში გუნდად მოფარფატე ერთი დიდი შავი ლაქა წინ ყრანტალ ჩხავილით მოიწევდა.

რისხვით აებურძგლა ბუმბული არწივს. თვალებმა და კლანჭებმა ერთდროულად დააკვესეს ნაპერწკლები. აფოფრილი ქოჩორი ნათლად ხატავდა მის საბრძოლველად განწყობილ სახეს.

სამალავიდან თავი გამოყო და სივრცეს გახედა. მჩხავანა ბრბო უღრან ხეობას მიახლოებოდა და მის თავზე, საკბილოს ძიებაში, ვერაგი ყრანტალით იკლებდა იქაურობას. მოულოდნელად ერთი ყორანი ჯგუფს გამოეყო, თვალი მოკრა ერთი ახლადშეფრთიანებული ბეღურასთვის, რომელიც დაბნეული სამალავს ვერ აგნებდა და დამფრთხალი წივილ-კივილით აქეთ-იქით აწყდებოდა. ყორანმა ფრთა აიქნია და მსხვერპლს გაედევნა.

ალიაქოთი ატყდა ზეცაში. საცოდავად გაჰკიოდა გამოუცდელი ბეღურა, შველას ითხოვდა და ინტიქტურად ააღმა-დაღმა აწყდებოდა მიახლოებული უბედურებისაგან თავის გადასარჩენად. გაავებული ყორანი კი თავსზემოთ მოქცეოდა და მოხერხებულ მომენტს არჩევდა მისთვის კლანჭის ჩასავლებად. და, აი თითქმის მოიხელთა კიდეც, რომ ამ დროს რაღაც მეხივით დაასკდა თავს. იმის ნაცვლად, რომ მის კლანჭებში მოექცია უსუსური არსება, თავად იგრძნი ფერდებში მწარე ჩხვლეტა. მოხედვაც ვერ მოასწრო, რომ ახლა კისერში იგრძნო მძიმე დარტყმა, თითქოს ბასრი მახვილი ჩასცეს. თავი უღონოდ ჩამოუვარდა და სიკვდილს მინებდა. გაავებულმა არწივმა კიდევ რამოდენიმეჯერ ჩასცხო ყორანს მკვრივი ნისკარტი და დარწმუნდა რა, რომ მსხვერპლი მკვდარი იყო კლანჭი გაუშვა. შეშინებულმა ბეღურამ ერთი მადლიერად ამოხედა მის მხსნელს და ჟივილ-ხივილით უღრან ტყეს შეეფარა.

რისხვად ქცეული არწივი კი ახალი შემართებით აიჭრა ზეცაში. მორიგი შეტევისთვის იმზადებდა ნიადაგს. ისე მაღლა აიჭრა, რომ თვალთახედვიდან გაუჩინარდა. გაუცნობიერებელი მოლოდინისთვის გაისუსა დედა-ბუნება. მზემაც კი სხივი აიკეცა და ღრუბელს ამოეფარა თითქოსდა შემკრთალი. ნიავიც აღარ იძვროდა. სუნთქვაშეკრული თუ ელოდა განრისხებული ფრინველთ-ხელმწიფის მორიგ გამოჩენას. არც გაწბილებულან. ფრთამოკეცილმა და მეტეორივით დაქანებულმა არწივმა დაარღვია წამიერად გატრუნული ბუნების მყუდროება. ტყვიის ზუზუნივით ბრბოსკენ გეზაღებულმა ახალი მსხვერპლის თავზე ატეხა ახალი ალიაქოთი...

რამოდენიმე ყორანი უსულო გრიალით ჩაიჩეხა მრავლის მნახველი ველური ბუნების ფსკერზე, საიდანაც კმაყოფილი ტურა-მელიების ღრენა- წკმუტუნმა გადაურბინა ისედაც აფორიაქებულ ხეობას.

უწესრიგოდ აირ-დაირივნენ სასიკვდილოდ განწირული ბრბოს ნაწილები. შეშინებულები, ყრანტალ-ჩხავილით აქეთ-იქით მიაწყდნენ სიკვდილის ანგელოზად ქცეულ ფრინველთ-მეფისაგან თავის დასაღწევად. თვალგადაბინდული არწივი კი მტრის მეტს ვერაფერს ხედავდა, მისდევდა გაქცეულებს და ვისაც სად გადაეყრებოდა იქ ავლებდა მუსრს ფრთის ცემითა თუ ბრჭყალ-ნისკარტ ძგერებით. სასიკვდილოდ განწირული ვერაგი ჩიტების ბუმბულითა და მათი უსულო გვამებით გაივსო ხევი, ხოლო ვინც გადარჩა გაქცევით უშველა თავს.

ბრძოლა დასრულდა. აღარსად ჩანდნენ მჩხავანა ყვავ-ყორნები. მტრის სისხლნაგემი არწივი მაღალ მწვერვალზე შემოჯდა, ამაყად გაშალა ბრძოლით დაქანცული მეფური ფრთები და ომახიანი ყივილით ამცნო ველურ ჯუნგლებს მისი მტერზე გამარჯვება.

..........................................................

შვიდმა დღემ და შვიდმა ღამემ გაიარა ამ ამბის შემდეგ. დაცხრა შურისმაძიებელი. მტერზე გაიმარჯვა და წესით უნდა ეზეიმა მაგრამ, ვერც ამან გაუმრთელა გაბზარული გული. ალიონზე, მზის სხივთან ერთად, მწვერვალზე გადმომდგარი, ნაღვლიანად გახედავდა შორეული სამშობლოს მთების მწვერვალებს და მონატრებისგან გული ეწურებოდა. შეყივლების ნაცვლად ჩუმად შეიწმენდდა თვალზე მომდგარ კურცხალს და დაღონებული სარჩოს საძებრად გზას უჩუმრად გაუდგებოდა.

დღე დღეს მისდევდა და ნაღველიც მეტად მძაფრდებოდა არწივის გატეხილ გულში. სამშობლოს შორეული მწვერვალების ხილვა ტკბილ მოგონებებს აღძრავდა მასში და გულდაწყვეტილი სიმწრის ცრემლსაც ვერ იკავებდა.

თავისი მხარიდან სამუდამოდ გადახვეწის ფიქრი აეკვიატა გულში დარდჩახვეულს. უფრო მეტიც, თითქოს აქამდე მისთვის უცხო მაგრამ ახლა მეტად მოძალებული შინაგანი ხმა გამალებით ამოსძახოდა მისი შინაგანის უკიდეგანო სივრცეებიდან:

„- წადი! წადი და გახსოვდეს, რომ შენი სამშობლო არა მხოლოდ ეს მთები, არამედ მთელი სამყაროა! სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან არწივი ხარ! შენი ნამდვილი ნოსტალგია შენი მოწოდების სრულყოფილების აღსრულებაა და არა მხოლოდ ის მთები სადაც დაიბადე. შენ მეფე ხარ და დედა-ბუნება შენგან შენი მეფობას მიელის. დადექი შენს გრძნობებზე მაღლა, დაემორჩილე უზენაესის ხმას! შენ სამყაროს სჭირდები! წადი! წადი!“

„- მეფე აღარ ვარ, ერთი შერცხვენილი არწივი ვარ მხოლოდ...“ - ეწინააღმდეგებოდა შინაგან ხმას არწივი თავის ფიქრებში და სასოწარკვეთილი თავს ფრთის ქვეშ მალავდა.

„-მაშ რას აპირებ, სიკვდილს?“ - არ ასვენებდა ხმა.

„-სიკვდილი მართლაც რომ ნეტარებაა.“ - ეპასუხებოდა უცხო ხმას დათრგუნული.

„-და, ასე შერცხვენილს გსურს სიკვდილი? არ გსურს დაუმტკიცო მთელ სამყაროს შენი არწივობა?“

„-ეჰ, ნეტავ კი შეიძლებოდეს...“

„-ოჰ, უგუნურო, დაივიწყე ყველაფერი და დაუბრუნდი რეალობას. გამოფხიზლდი და მიჰყევი შინაგან ხმას. ის მიგიყვანს იქ სადაც შენი ადგილია. წადი!“

კარგახანს გაგრძელდა არწივის შინაგანი ორთაბრძოლა. ეს ხმა არ იყო მისი ახირების გამოძახილი. ვიღაც უხილავი ახალი ცხოვრების დაწყებას კი არ თხოვდა, არამედ უბრძანებდა და მოსვენება დაკარგულმა ერთ დღესაც, კიდევ ერთხელ შეავლო შორიდან თვალი მშობლიურ მწვერვალებს. კიდევ ერთხელ მოიწურა თვალზე მშობლიური კუთხის მონატრებით გაჯერებული ცრემლები და გადაწყვეტილება მიღებულმა უცხო მხარისკენ ზანტად აიქნია ძლევამოსილი ფრთები და ბედს მინდობილი დაადგა შორეულ გზას.

..........................................................

გაგრძელება იქნება

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ტეტუნაშვილი

ნახვა: 396

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters