ანტონ ჩეხოვი - ალუბლის ბაღი

კომედია ოთხ მოქმედებად

მოქმედი პირები:

რანევსკაია ლუბოვ ანდრეევნა – მემამულე ქალი.

ანა – მისი ქალიშვილი, 17 წლისა.

ვარია – მისი ნაშვილები, 24 წლისა.

გაევი ლეონიდ ანდრეევიჩი – რანევსკაიას ძმა.

ლოპახინი ერმოლაი ალექსეევიჩი – ვაჭარი.

ტროფიმოვი პიოტრ სერგეევიჩი – სტუდენტი.

სიმეონოვ-პიშჩიკი – მემამულე.

შარლოტა ივანოვნა – გუვერნანტი ქალი.

ეპიხოდოვი – კანტორის მოსამსახურე.

დუნიაშა – მოახლე.

ფირსი – ლაქია, 87 წლისა.

იაშა – ახალგაზრდა ლაქია.

უცნობი კაცი.

სადგურის უფროსი.

ფოსტის მოხელე.

სტუმრები, მსახურები.

მოქმედება ლუბოვ ანდრეევნა რანევსკაიას მამულში ხდება.

 

მოქმედება პირველი

დიდფანჯრებიანი ოთახი, რომელსაც დღემდე ბავშვების ოთახს ეძახიან. ერთ კარს ანას ოთახში გავყავართ. გათენდა, საცაა მზე ამოვა. მაისია. ბაღში ალუბალი ყვავის, თუმცა ჯერ კიდევ სიცივეა. ოთახის ფანჯრები ჩაკეტილია.

შემოდიან დუნიაშა და ლოპახინი. დუნიაშას ხელში ანთებული სანთელი უჭირავს, ლოპახინს – წიგნი.

ლოპახინი. ძლივს არ ეღირსა მატარებელს ჩამოსვლა! რომელი საათია?

დუნიაშა. მალე ორი გახდება. (სანთელს ჩააქრობს.) თენდება უკვე.

ლოპახინი. მატარებელს, სულ ცოტა, ორი საათით დააგვიანდა. (ამთქნარებს და იზმორება.) მეც სულელი ვარ: განგებ ადრე ჩამოვედი, თქვენებს რომ დავხვედროდი და ჩამძინებია; თანაც სად, სავარძელში. საწყენია, ღმერთმანი... ვერ გამაღვიძე?

დუნიაშა. მე კი ვიფიქრე, წავიდა-მეთქი (მიაყურადებს.) მგონი, მოდიან.

ლოპახინი. (ისიც უსმენს.) ჯერ სად არის, ბარგი უნდა მიიღონ, ათასი რამეა.

პაუზა.

შენმა ქალბატონმა საზღვარგარეთ ხუთი წელი გაატარა. ნეტავ როგორია ახლა? კარგი ქალი კი იყო – უბრალო, გულისხმიერი... მახსოვს, ბავშვობაში – თხუთმეტი წლის ვიქნებოდი მაშინ – განსვენებულმა მამაჩემმა, მას ამ სოფელში სავაჭრო ჰქონდა, – გამარტყა და ცხვირიდან სისხლი დამადინა... მაშინ რაღაც საქმეზე მოვედით აქ და მამა ნასვამი იყო... ჰოდა, ლუბოვ ანდრეევნამ, – ისე კარგად მახსოვს, სულ ახალგაზრდა იყო, გამხდარი, ტანწერწეტა, – პირსაბანთან მიმიყვანა, – აქ იმ დროს ბავშვების ოთახი იყო, – და „ნუ ტირი, გლეხის ბიჭოო, – მითხრა, – ქორწინებამდე გაგივლისო!“

პაუზა.

„გლეხის ბიჭოო“... მამაჩემი მართლაც გლეხი იყო, მუჟიკი. მე კი ახლა თეთრი ჟილეტი მაცვია და ყვითელი ბათინკებით დავიარები! „კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო...“ ერთი კია, მდიდარი ვარ და ფული ბევრი მაქვს, თორემ ისე, კაცმა რომ თქვას, სუფთა წყლის მუჟიკი ვარ! (წიგნს გადაფურცლავს.) აი, ახლაც... წიგნს ვკითხულობდი და ვერაფერი გავიგე, კითხვის დროს ჩამძინებია...

პაუზა.

დუნიაშა. ძაღლები მთელ ღამეს ფხიზლობდნენ, ეტყობა, ბატონების ჩამოსვლას გრძნობდნენ.

ლოპახინი. დღეს სხვანაირი მეჩვენები, დუნიაშა. რა მოგდის?

დუნიაშა. ხელები მიკანკალებს, ლამის გული წამივიდეს!

ლოპახინი. მეტისმეტად აზიზი გახდი, გოგო! ბარიშნასავით იცვამ, თმასაც სხვანაირად ივარცხნი... ეგრე არ შეიძლება, შენი ადგილი უნდა იცოდე.

შემოდის ეპიხოდოვი თაიგულით ხელში. მას პიჯაკი და კარგად გაპრიალებული, საშინელი ჭრაჭუნა ჩექმა აცვია. შემოსვლისთანავე წაიბორძიკებს და თაიგული ხელიდან გაუვარდება.

ეპიხოდოვი. (თაიგულის ასაღებად დაიხრება.) აი, მებაღემ გამომატანა, სასადილო ოთახში დადგითო. (თაიგულს დუნიაშას გადასცემს.)

ლოპახინი. (კარისკენ მიმავალ დუნიაშას მიაძახებს.) ცივი ბურახიც გამოიყოლე, ყელი გამიშრა!

დუნიაშა. კი, ბატონო. (გადის.)

ეპიხოდოვი. მაგარი სუსხია გარეთ, სამი გრადუსი მაინც იქნება, ალუბლები კი თეთრად გადაპენტილან!.. არა, გეთაყვა, რაც გინდათ, თქვით და აქაური ჰავა მოწონებას იმსახურებს.

ჩვენს ჰავას არ შეუძლია, ასე ვთქვათ, შეესაბამებოდეს... აი, ბატონო ჩემო, ნება მიბოძეთ, შემოგჩივლოთ: სამი დღის წინათ ჩექმა შევიძინე და ისეთი ჭრაჭუნი გააქვს, არ ვიცი, რა ვქნა!.. მასწავლეთ, რით გავპოხო.

ლოპახინი. თავი გამანებე!

ეპიხოდოვი. მარცხიანი კაცი ვარ საერთოდ. ყოველდღე რაღაც უბედურება უნდა შემემთხვეს... თუმცა, მე ამას აღარ ვჩივი და მეღიმება კიდეც.

შემოდის დუნიაშა. ლოპახინს ბურახს მიართმევს.

წავედი მე... (სკამს დაეჯახება და წააქცევს.) აი, ხედავთ? რა გითხარით?! (თითქოს გაუხარდება კიდეც.) მაპატიეთ ეს გამოთქმა, მაგრამ ხომ დარწმუნდით, რა ვითარებაა? სხვათა შორის, ეს შესანიშნავიცაა. (გადის.)

დუნიაშა. იცით, ერმოლაი ალექსეევიჩ, ეპიხოდოვმა ხელი მთხოვა.

ლოპახინი. მერე?

დუნიაშა. არ ვიცი, რა ვქნა, წყნარი კაცი ჩანს, მაგრამ ლაპარაკს რომ დაიწყებს, ვერაფერს გაუგებ. თითქოს დალაგებულად ამბობს, გრძნობიერადაც, მაგრამ ვერ მიხვდები, რისი თქმა უნდა... მე

პირადად მომწონს ეგ კაცი, მას კი გაგიჟებით ვუყვარვარ. ბედკრულია, სულ რაღაც ემართება. ჩვენებმა მეტსახელად „ბედოვლათი“ შეარქვეს!

ლოპახინი. (მიაყურადებს.) მგონი, მოდიან...

დუნიაშა. (აწრიალდება.) მოდიან?.. ღმერთო, რა მომდის... ცივმა ოფლმა დამასხა!

ლოპახინი. ჰო, მოდიან. წავიდეთ, მივეგებოთ... ნეტავ თუ მიცნობს შენი ქალბატონი, ხუთი წელია არ ვუნახავვარ.

დუნიაშა. (საშინლად ღელავს.) მუხლები მიკანკალებს... ვაიმე, წავიქცევი!

გარედან მოისმის როგორ უახლოვდება სახლს ეტლი. ლოპახინი და დუნიაშა სწრაფად გადიან. სცენა ცარიელია. კედლებს იქით ხმაური ძლიერდება. შემდეგ სცენას აჩქარებული ნაბიჯით ფირსი გადაჭრის: იგი ჯოხს ეყრდნობა, ძველებური ლივრეა აცვია და წოწოლა შლაპა ახურავს. რაღაცას გაუგებრად ბურტყუნებს... სცენის მიღმა ხმაური მატულობს. ვიღაც წამოიძახებს: „აქეთ მობრძანდით, ბატონებო! აქეთ!“ ოთახში შემოდიან სამგზავროდ ჩაცმული ლუბოვ ანდრეევნა, ანა და შარლოტა ივანოვნა, რომელსაც პატარა ფინია ჰყავს ხელში. მათ მოჰყვება თავშლიანი, პალტოში გამოწყობილი ვარია. შემდეგ გამოჩნდებიან გაევი, სიმეონოვ-პიშჩიკი, ლოპახინი და დუნიაშა, რომელსაც ხელში ფუთა და ქოლგა უჭირავს.

ანა. აქ გავიაროთ, დედა... გახსოვს ეს ოთახი?

ლუბოვ ანდრეევნა. (გახარებული, თვალცრემლიანი.) როგორ არა, შვილო, ბავშვების ოთახია!

ვარია. რა სიცივეა, ხელები გამეყინა! (ლუბოვ ანდრეევნას.) თქვენი თეთრი და ცისფერი ოთახები ისევ ისეა!

ლუბოვ ანდრეევნა. (ანას.) ბავშვების ოთახია, ძვირფასო! შესანიშნავი ოთახია. პატარაობისას აქ მეძინა ხოლმე... (ტირის.) ჩემი თავი ახლაც პატარა მგონია...

გადაკოცნის ძმას, ვარიას, შემდეგ ისევ ძმას მოეხვევა.

ჩვენი ვარიაც სულ არ შეცვლილა, ისევ ისეთია, მონაზონს ჰგავს!.. დუნიაშაც ვიცანი. (დუნიაშას კოცნის.)

გაევი. მატარებელმა ორი საათი დაიგვიანა. საქმეა ეს?

შარლოტა. (პიშჩიკს.) ჩემი ფინია ნიგოზსაც ჭამს.

პიშჩიკი. (გაკვირვებით.) უყურე შენ!

ყველანი, ანასა და დუნიაშას გარდა, გადიან.

დუნიაშა. დავიტანჯეთ თქვენს ლოდინში... (ანას პალტოს გახდის, ქუდს ჩამოართმევს.)

ანა. ოთხი ღამე არ მძინებია... ისე გავიყინე, ტანში მაჟრიალებს.

დუნიაშა. თქვენ რომ წახვედით, დიდმარხვა იყო, თოვდა, ახლა კი... ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო! (იცინის, კოცნის.) იცით, როგორ მომენატრეთ? გული გადამელია თქვენს ლოდინში... მოიცა, მოიცა. ახლავე გეტყვით, ერთი წუთიც არ შემიძლია მოვითმინო...

ანა. (უინტერესოდ.) ისევ რაღაც იქნება...

დუნიაშა. კანტორის მოსამსახურემ ეპიხოდოვმა ხელი მთხოვა!

ანა. შენ ხომ სულ მაგაზე ფიქრობ! (თმას ისწორებს.) სარჭები შემომეფანტა გზაში... (ძალზე დაღლილია, ფეხზე ძლივს დგას.)

დუნიაშა. არ ვიცი, რა ვუპასუხო... ისე ვუყვარვარ, ისე...

ანა. (თავისი ოთახის კარს მისჩერებია, სიყვარულით.) ჩემი ოთახი! ჩემი ფანჯრები! თითქოს არც მოვცილებივარ აქაურობას... ო, ნეტავ დაძინება შემეძლოს! მატარებელში თვალი არ მომიხუჭავს, სულ მოუსვენრად ვიყავი...

დუნიაშა. გუშინწინ ტროფიმოვი ჩამობრძანდა...

ანა. (გაუხარდება.) პეტია?

დუნიაშა. დიახ. აბანოში სძინავთ, იქვე ცხოვრობენ... თქვენები არ მინდა შევაწუხოო... (თავის ჯიბის საათს დახედავს.) გავაღვიძებდი, მაგრამ ვარვარა მიხაილოვნამ მიბრძანა, ხელი არ ახლო, ეძინოსო.

შემოდის ვარია. ქამარზე გასაღებების აცმა ჰკიდია.

ვარია. (დუნიაშას.) ყავა მოხარშე, სწრაფად! დედიკომ ყავა მოითხოვა.

დუნიაშა. ამ წუთში. (გადის.)

ვარია. მადლობა ღმერთს, ჩამოხვედით! ისევ შენს სახლში ხარ! (ეალერსება.) ჩემი ანგელოზი ჩამოვიდა, ჩემი კარგი, ლამაზი გოგო!

ანა. იცი, რამდენი რამ გადამხდა თავს?

ვარია. წარმომიდგენია.

ანა

. ვნების კვირას გამოვემგზავრეთ... ჯერ ისევ სიცივე იდგა. შარლოტას გზაში ენა არ გაუჩერებია, ყბედობდა, თან სულ ფოკუსებს გვაჩვენებდა... რა ჭირად ამკიდე?

ვარია. მარტო როგორ გაგიშვებდი, გეთაყვა, ჩვიდმეტი წლისა ხარ!

ანა. პარიზში ჩავედით და იქაც სიცივე დაგვხვდა. თოვდა... მე ფრანგულთან, მოგეხსენება, მწყრალად ვარ... დედა მეხუთე სართულზე ცხოვრობს. მივედი და ვიღაც ფრანგები დამხვდნენ: რამდენიმე ქალი, მოხუცი მღვდელი წიგნით... ოთახი თამბაქოს კვამლითაა გაჟღენთილი, ძალზე მოუწყობელია. შემეცოდა დედაჩემი! ისე შემეცოდა, გულში ჩავიკარი და დიდხანს არ მოვშორებივარ... დედაც სულ მეალერსებოდა და ტიროდა...

ვარია. (ცრემლი მოადგება.) ნუ იტყვი, ნუ!

ანა. ის აგარაკი, მენტონის ახლოს რომ ჰქონდა, გაუყიდია. არაფერი დარჩენია, საწყალს... მეც უკაპიკოდ ჩავედი, ძლივს ჩავაღწიე პარიზამდე... დედა კი საქმის ბაიბურში არ არის. სადილად დავსხედით და ყველაზე ძვირფას კერძებს თხოულობს, ფეხის ქირად ლაქიას მანეთიანზე ნაკლებს არ აძლევს! შარლოტაც იმას ჰბაძავს, იაშაც გათამამებულია... მოკლედ, საშინელებაა! იაშა ახლა დედას ლაქიაა, ისიც ჩამოვიყვანეთ.

ვარია. ვნახე ის არამზადა!

ანა. რას შვრებით, პროცენტები გადაიხადეთ?

ვარია. მეტი არაა ჩვენი მტერი!

ანა. ღმერთო ჩემო...

ვარია. აგვისტოში მამულს გაგვიყიდიან.

ანა. ღმერთო ჩემო...

ლოპახინი. (კარში თავს შემოყოფს და დაიზმუვლებს.) მუ-უ-უ! (მიიმალება.)

ვარია. (ატირდება.) ამ მუშტს ხედავ, თავში ჩაგცხებდი! (მუშტს მოუღერებს.)

ანა. (ვარიას მოეხვევა ჩუმად.) ხელი არ უთხოვია? (ვარია თავს გაიქნევს.) ხომ გიყვართ ერთმანეთი, რაღას უცდით?

ვარია. მგონი, არაფერი გამოგვივა. ეგ კაცი საქმეს გადაყოლილია, ყურადღებას არ მაქცევს... რას იზამ? ღმერთმა კარგად ამყოფოს, ოღონდ მომცილდეს და ნუღარ დამენახვება! მთელი ქვეყანა ჩვენს ქორწინებაზე ლაპარაკობს, სინამდვილეში კი... ასე მგონია, სიზმარში ვარ... (კილოს შეიცვლის.) შენი ქინძისთავი პატარა ფუტკარს ჰგავს!

ანა. (ნაღვლიანად.) დედამ მიყიდა. (თავის ოთახში გადის. გახალისდება და ბავშვივით უდარდელად ლაპარაკობს.) იცი, პარიზში ჰაერბურთით ვიფრინე!

ვარია. ჩემო ანგელოზო! როგორ გამახარე, რომ ჩამოხვედი!

შემოდის დუნიაშა პატარა ყავადნით ხელში და ყავის მომზადებას შეუდგება.

(ანას ოთახის კარში დგას.) აი, დავდივარ, მთელი დღე ვფუსფუსებ, ოჯახს ვუვლი და სულ შენზე ვფიქრობ... რა კარგი იქნებოდა, ვინმე მდიდარ კაცს რომ გაჰყოლოდი! მეც მოვისვენებდი. სადმე უდაბნოში წავიდოდი ღვთის სადიდებლად, მერე კიევში, მოსკოვში... სულ ვივლიდი და ვივლიდი, ყველა სალოცავს მოვივლიდი... ო, რა დიდებული იქნებოდა!

ანა. ჩიტები გალობენ... რომელი საათია?

ვარია. სამი სრულდება. დაიძინე, ჩემო კარგო! (ანა ოთახში შედის.) ო, რა დიდებული იქნებოდა!

შემოდის იაშა, ხელში პლედითა და სამგზავრო ჩანთით.

იაშა. (ზრდილობიანად.) აქ შეიძლება გავიარო?

დუნიაშა. ძნელი საცნობი გახდით, იაშა. უცხოეთი მოგხდომიათ.

იაშა. ჰმ... თქვენ ვინ ხართ?

დუნიაშა. აქედან რომ გაემგზავრეთ, ამხელა ვიყავი... (ხელით აჩვენებს.) დუნიაშა, ფიოდორ კოზოდოევის ქალიშვილი... გახსოვთ?

იაშა. უყურე შენ, რა პუტკუნა გამხდარხარ? (მიმოიხედავს და წელზე ხელს მოხვევს. დუნიაშა შეჰკივლებს, ხელიდან ლამბაქი გაუვარდება. იაშა სწრაფად გადის.)

ვარია. (კარში გამოჩნდება უკმაყოფილო სახით.) რა მოხდა?

დუნიაშა. ლამბაქი გამიტყდა.

ვარია. კარგი ნიშანია.

ანა. (თავისი ოთახიდან გამოდის.) დედა უნდა გავაფრთხილო, პეტია ტროფიმოვი აქ ყოფილა...

ვარია. მე უკვე დავუბარე, არ გააღვიძებენ.

ანა. (ჩაფიქრებული.) ექვსი წლის წინ მამა გარდაიცვალა... მერე ჩემი ძმა გრიშა მდინარეში დაიხრჩო... შვიდი წლის იყო... ლამაზი და მშვენიერი ბავშვი... დედაჩემმა მწუხარებას ვერ გაუძლო, მიატოვა აქაურობა და გაიქცა... (შემკრთალი.) ო, როგორ მესმის მისი მდგომარეობა!

პაუზა.

პეტია ტროფიმოვი ჩემი ძმის მასწავლებელი იყო... ნეტავ არ გაახსენოს...

შემოდის ფირსი, თეთრი ჟილეტი და პიჯაკი აცვია.

ფირსი. ქალბატონი აქ ისაუზმებს. (თეთრ ხელთათმანებს იკეთებს.) ყავა მზად არის? (დუნიაშას მკაცრად.) შენ, ეი! ნაღები?

დუნიაშა. დამიდგა თვალი! (სწრაფად გადის.)

ფირსი. (ყავადანთან ფუსფუსებს.) დოყლაპია! (თავისთვის, ბურტყუნით.) პარიზიდან ჩამოსულან... დიდი ბატონიც თავის დროზე პარიზში იყო... ეტლით ჩამობრძანდა... (იცინის.)

ვარია. რა გაცინებს, ფირს?

ფირსი. რა ბრძანეთ? (სიხარულით.) ჩემი ქალბატონი ჩამოსულა-მეთქი, ვენაცვალე იმას! ახლა სასიკვდილოდ აღარ მენანება თავი...(სიხარულისაგან ატირდება.)

შემოდიან ლუბოვ ანდრეევნა, გაევი და სიმეონოვ-პიშჩიკი. პიშჩიკს თეთრი, უსახელო ჟილეტი და შარვალი აცვია. გაევი შემოსვლისთანავე ხელებსა და ტანს ისე ამოძრავებს, თითქო ბილიარდს თამაშობდეს.

ლუბოვ ანდრეევნა. როგორ არის? მოიცა, გავიხსენო... დუპლეტით შუაში!

გაევი. კუთხეში ჩავჭრი... მე და შენ, ჩემო დაო, ოდესღაც ამ ოთახში გვეძინა. ახლა კი, წარმოიდგინე, ორმოცდაჩვიდმეტისა გავხდი.

ლოპახინი. რას იზამ, დრო გადის.

გაევი. (ვერ გაიგონებს.) ვისაო?

ლოპახინი. დრო გადის-მეთქი!

გაევი. ამ ოთახში ახლაც ბავშვთა საცვლების სუნი ტრიალებს!

ანა. წავალ, დავიძინებ... ღამე მშვიდობისა, დედა! (კოცნის.)

ლუბოვ ანდრეევნა. ღამე მშვიდობისა, შვილო, გენაცვალოს დედა! (ხელებს უკოცნის.) გიხარია, რომ შინ ხარ? მე პირადად გონს ვერ მოვსულვარ!

ანა. ნახვამდის ძია!

გაევი. (სახეს და ხელებს უკოცნის.) ღმერთი იყოს შენი მფარველი, ჩემო კარგო, ვერ წარმოიდგენ, დედაშენს როგორ ჰგავხარ! (დას.) ზუსტად ასეთი იყავი.

ანა ხელს ჩამოართმევს ლოპახინს, პიშჩიკს, გადის და კარს გაიხურავს.

ლუბოვ ანდრეევნა. ძალზე დაღლილია.

პიშჩიკი. აბა, იმხელა გზა გამოიარეთ!

ვარია. (ლოპახინს და პიშჩიკს.) თქვენ რაღას აპირებთ, ბატონებო? სამი საათი გახდა, სინდისიც კარგი საქონელია!

ლუბოვ ანდრეევნა. (გაეცინება.) ისევ ისეთი ხარ, ვარენკა! (მოეხვევა და კოცნის.) ცოტაც გვაცალე, ყავას დავლევთ და ყველანი დავიშლებით. (ჯდება.)

ფირსი ფეხქვეშ პატარა ბალიშს დაუდებს.

გმადლობთ, ჩემო მოხუცო! (კოცნის.)

ვარია. გავხედო ერთი, ბარგი თუ გადმოტვირთეს. (გადის.)

ლუბოვ ანდრეევნა. ნუთუ ეს მართლა მე ვარ? (იცინის.) ნეტავ რას ვზივარ? მინდა წამოვხტე, ვირბინო, ხელები ვიქნიო... (სახეზე ხელებს აიფარებს.) მითხარით, გეთაყვა, იქნებ მძინავს? ღმერთია მოწმე, გაგიჟებით მიყვარს ჩემი სამშობლო. მატარებელში ისე ვღელავდი, ფანჯრისკენ

ერთხელაც არ გამიხედავს. სულ ვტიროდი და ვტიროდი... (ცრემლი მოერევა.) ყავა მაინც დასალევია. მადლობელი ვარ შენი, ფირს! გმადლობთ, ჩემო კეთილო! ისე მიხარია, ცოცხალს რომ გხედავ!

ფირსი. გუშინწინ.

ლუბოვ ანდრეევნა. რაო?

გაევი. ყურთ აკლია.

ლოპახინი. (ლუბოვ ანდრეევნას.) ლუბოვ ანდრეევნა! ხუთ საათზე ხარკოვში უნდა გავემგზავრო. ძალზე მწყინს, რომ ხეირიანად ვერ შეგხედეთ, ვერც დაგელაპარაკეთ... ისევ ისეთი ლამაზი ხართ!

პიშჩიკი. (მძიმედ სუნთქავს.) რას ამბობ, რას? უფრო გალამაზებულა! პარიზულ ყაიდაზე აცვია... ეჰ, ჩემი თავი რა ვთქვი!

ლოპახინი. აი, თქვენი ძმა, ლეონიდ ანდრეევიჩი, სულ ხეპრესა და მუჟიკს მეძახის, თუმცა ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. ილაპარაკოს, რამდენიც უნდა... მე კი მხოლოდ ის მინდა, ძველებურად გჯეროდეთ ჩემი და თქვენი საკვირველი, გულის ამაჩუყებელი თვალები ისეთივე ნდობით მიყურებდნენ, როგორც ადრე მიცქერდნენ... ღმერთო, მოწყალეო! მამაჩემი თქვენი პაპისა და ცხონებული მამათქვენის ყმა იყო, მაგრამ თქვენ პირადად, დიახ, თქვენ, იმდენი

სიკეთე გაგიკეთებიათ ჩემთვის, რომ ყველაფერი დავივიწყე და ღვიძლი ნათესავივით მიყვარხართ! ნათესავი რომელია, საკუთარ თავზე მეტად მიყვარხართ!

ლუბოვ ანდრეევნა. არ შემიძლია ერთ ადგილზე ჯდომა, არა! (წამოხტება და აღელვებული დადის.) ამ სიხარულს, ალბათ, ვერ გადავიტან! ჰო, იცინეთ, იცინეთ, სულელი ვარ, დიახ, სულელი... ჩემი მშობლიური კარადა! (კარადას კოცნის.) ჩემი პატარა მაგიდა...

გაევი. შენს არყოფნაში ძიძა გარდაიცვალა.

ლუბოვ ანდრეევნა. ვიცი, შემატყობინეს... ღმერთმა აცხონოს, საწყალი.

გაევი. ბრუციანი ანასტასიაც მოკვდა. პეტრუშამ კი მიმატოვა და ახლა ქალაქშია, პრისტავთან მსახურობს. (ჯიბიდან კოლოფს ამოიღებს და შაქარყინულს პირში ჩაიდებს. წუწნის.)

პიშჩიკი. ჩემი ქალიშვილი, დაშენკა... ისიც მოკითხვას გითვლით.

ლოპახინი. რაღაც სასიამოვნო მინდა გითხრათ, გაგახაროთ... (საათს დახედავს.) თუმცა, ჩემი წასვლის დრო ახლოვდება, ვერ მოვასწრებ... მაინც ვეცდები. თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ალუბლის ბაღი ვალში იყიდება და ოცდაორ აგვისტოს საჯარო ვაჭრობაა დანიშნული. მაგრამ ამაზე ნუ იდარდებთ, ძვირფასო! არხეინად იყავით და მშვიდად დაიძინეთ, გამოსავალი არის. ჩემი პროექტი ასეთია... გთხოვთ, ყურადღებით მომისმინეთ... თქვენი მამული ქალაქიდან სულ ოციოდე ვერსითაა დაშორებული, თან მოხერხებულ ადგილზეა, გვერდით რკინიგზა ჩაუდის...

თუ თქვენ ალუბლის ბაღსა და მდინარის მიმდებარე მიწას სააგარაკო უბნებად დაყოფთ და მოაგარაკეებს მიაქირავებთ, წელიწადში, სულ ნაკლები, ოცდახუთი ათასი შემოსავალი გექნებათ.

გაევი. მაპატიეთ, მაგრამ... ეს სისულელეა!

ლუბოვ ანდრეევნა. კარგად ამიხსენით, ვერ გავიგე, რას ამბობთ.

ლოპახინი. მოაგარაკენი ყოველ წელიწადს დესეტინაში არანაკლებ 25 მანეთს მოგცემენ და თქვენი გადაწყვეტილება ახლავე რომ გააცხადოთ, დარწმუნებული ვარ, შემოდგომაზე მიწის ერთი მტკაველიც არ დაგრჩებათ გაუქირავებელი, სულ დაიტაცებენ!.. ერთი სიტყვით, მომილოცავს, თქვენ გადარჩენილი ხართ!.. ადგილმდებარეობა შესანიშნავია, მდინარე წყალუხვია... მართალია, აქაურობა ცოტა უნდა მოწესრიგდეს... ძველი ნაგებობები, მაგალითად, უნდა დაინგრეს. ეს სახლიც ასაღებია, არაფრად ვარგა... ალუბლის ბაღიც უნდა გაიჩეხოს...

ლუბოვ ანდრეევნა. რაო?.. მაპატიეთ, მაგრამ თქვენ არაფერი გესმით. მთელ ჩვენს მაზრაში საინტერესო და გამორჩეული რამ თუ არსებობს, ეს ჩვენი ალუბლის ბაღია!

ლოპახინი. საინტერესო და გამორჩეული თქვენი ბაღი მარტო იმითაა, რომ დიდია. ალუბალი კი მოსავალს ორ წელიწადში ერთხელ იძლევა. თან არ იცი, სად წაიღო, არავინ ყიდულობს!

გაევი. ეს ბაღი თვით „ენციკლოპედიურ ლექსიკონშია“ მოხსენიებული!

ლოპახინი. (საათს დახედავს.) რაღაც უნდა მოვიფიქროთ, საერთო აზრი უნდა გამოვნახოთ, თორემ ოცდაორ აგვისტოს ალუბლის ბაღს და მთელ თქვენს მამულსაც აუქციონით გაყიდიან! გაბედეთ, გადაწყვიტეთ, ბატონებო! გეფიცებით, სხვა გამოსავალი არ არსებობს! არა და არა!

ფირსი. ძველად, ასე 40-50 წლის წინ, ალუბალს ჩირად ახმობდნენ, ამწნილებდნენ, ამჟავებდნენ, მურაბას ხარშავდნენ... მახსოვს...

გაევი. დაგვაცალე, ფირს.

ფირსი. მახსოვს, ალუბლის ჩირს მოსკოვსა და ხარკოვში ფურგონებით ეზიდებოდნენ... ქვეყნის ფული კეთდებოდა... თან მაშინდელი ჩირი ტკბილი იყო, სურნელოვანი... ხერხი იცოდნენ ისეთი...

ლუბოვ ანდრეევნა. სადაა მერე ის ხერხი?

ფირსი. დაივიწყეს... აღარავის ახსოვს.

პიშჩიკი. (ლუბოვ ანდრეევნას.) პარიზი, რაო? როგორია? ... ბაყაყი თუ გიჭამიათ?

ლუბოვ ანდრეევნა. ნიანგი გეახელით.

პიშჩიკი. უყურე შენ!

ლოპახინი

. ძველად სოფელში მარტო ბატონები და გლეხები ცხოვრობდნენ. ახლა მოაგარაკენიც გაჩნდნენ. რომელი ქალაქიც გინდა დამისახელეთ, სულ პატარაც რომ იყოს, სუყველა აგარაკების ალყაშია მოქცეული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოციოდე წლის შემდეგ მოაგარაკეთა მოდგმა კიდევ უფრო გამრავლდება... ახლა მოაგარაკე მარტო ჩაის მიირთმევს აივანზე, მალე კი შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მან თავის ერთ დესეტინა მიწაზე მეურნეობა გაიჩინოს და მაშინ თქვენი ალუბლის ბაღი ნამდვილად ბედნიერი, ბარაქიანი და თვალწარმტაცი გახდება...

გაევი. (აღშფოთებული.) რა სისულელეა!

შემოდიან ვარია და იაშა.

ვარია. დედიკო, თქვენს სახელზე ორი დეპეშაა მოსული. (ქამარზე ჩამოკიდებული აცმიდან ერთ გასაღებს შეარჩევს და ძველებურ კარადას ჭრიალით გამოაღებს.) აი!

ლუბოვ ანდრეევნა. პარიზიდანაა... (წაუკითხავად დახევს.) პარიზის ამბები მოთავებულია.

გაევი. იცი, ლუბა, ეს კარადა რა ხნისაა? ამ ერთი კვირის წინ ქვედა უჯრა გამოვაღე და მის ფსკერზე ამოტვიფრული თარიღი აღმოვაჩინე... ზუსტად ასი წლის ყოფილა! როგორი საქმეა, ჰა? იუბილეც შეიძლება გადავუხადოთ! მართალია, უსულო საგანია, მაგრამ მაინც... წიგნების კარადაა!

პიშჩიკი. (გაკვირვებული.) ასი წლის ყოფილა, უყურე შენ!

გაევი. დიახ... კარგი ნახელავია! (კარადას ხელით მიეალერსება.) ძვირფასო! დიდად პატივცემულო კარადავ! მივესალმები შენს არსებობას, რომელიც აგერ უკვე საუკუნეზე მეტია სიკეთისა და სამართლიანობის ნათელ იდეალებს ემსახურებოდა! ასი წლის განმავლობაში ერთი წამითაც არ მიყუჩებულა შენი უსიტყვო ძახილი, ნაყოფიერი შრომისკენ რომ მოუწოდებდა ჩვენი ოჯახის მრავალ თაობას... (ცრემლი მოერევა.) უნერგავდა მათ მხნეობას, უკეთესი მომავლის რწმენას და თითოეულ ჩვენგანში სიკეთისა და საზოგადოებრივი თვითშეგნების იდეალებს აღვივებდა...

პაუზა.

ლოპახინი. დიახ.

ლუბოვ ანდრეევნა. ისევ ისეთი ხარ, ლეონიდ.

გაევი. (ცოტა უხერხულად გრძნობს თავს.) მარჯვენა კუთხეში ვურტყამ! დუპლეტით შუაში!

ლოპახინი. (საათს დახედავს.) მაპატიეთ, ჩემი წასვლის დროა!

იაშა. (ლუბოვ ანდრეევნას წამალს მიაწვდის.) აბებს ახლა მიირთმევთ?

პიშჩიკი. წამლის სმას თავი გაანებეთ, ძვირფასო! არც გაწყენთ, არც გარგებთ... მომეცით აქ. (აბებს გამოართმევს, ხელისგულზე დაიყრის, სულს შეუბერავს, პირში გადაუძახებს და ბურახს დააყოლებს.) აი, ასე!

ლუბოვ ანდრეევნა. (შეშინებული.) გაგიჟდით?!

პიშჩიკი. ერთიც არ დამიტოვებია!

ლოპახინი. ეს რა ღორმუცელობაა!

ყველანი იცინიან.

ფირსი. ეგენი ჩვენთან ყველიერზეც იყვნენ და ნახევარი ვედრო კიტრი შეჭამეს... (ბურტყუნებს.)

ლუბოვ ანდრეევნა. რა მინდაო?

ვარია. სამი წელია ეგრე ბურტყუნებს, მივეჩვიეთ.

იაშა. ხანდაზმულ ასაკშია.

შემოდის შარლოტა ივანოვნა. ჩხირივით გამხმარ ტანზე თეთრი კაბა შემოტმასნია, ქამარზე ლორნეტი ჰკიდია.

ლოპახინი. შარლოტა ივანოვნა! ბოდიშს ვიხდი, რომ ამ ორომტრიალში რიგიანად ვერ მოგესალმეთ. ნება მიბოძეთ... (დაიხრება, რომ ხელზე ემთხვიოს.)

შარლოტა. (ხელს გამოსტაცებს.) ა-პა-პა! ხელზე რომ გაკოცნინოთ, მერე იდაყვზეც მოინდომებთ, მერე მხარზე და ასე შემდეგ...

ლოპახინი. დღეს ბედი არ მწყალობს!

ყველანი იცინიან.

შარლოტა ივანოვნა, ფოკუსი მაინც გვიჩვენეთ!

ლუბოვ ანდრეევნა. ჰო, მართლა, შარლოტა...

შარლოტა. რა საჭიროა, მეძინება. (გადის.)

ლოპახინი. აბა, მე წავედი. სამი კვირის შემდეგ კიდევ გინახულებთ. (ლუბოვ ანდრეევნას

ხელზე კოცნის. გაევს.) ნახვამდის! (ხელს ჩამოართმევს ვარიას, შემდეგ ფირსსა და იაშას.) რომ იცოდეთ, როგორ არ მინდა წასვლა! (ლუბოვ ანდრეევნას.) აგარაკების თაობაზე თუ რამეს გადაწყვეტთ, შემატყობინეთ. 50 ათას მანეთამდე შემიძლია გასესხოთ...

ვარია. (გაბრაზებული.) ბოლოს და ბოლოს, წადით, თუ მიდიხართ!

ლოპახინი. მივდივარ, მივდივარ. (გადის.)

გაევი. ხეპრე! თუმცა, pardon... ვარიას საქმროა.

ვარია. ზედმეტი ლაპარაკი ნუ იცით, ძია!

ლუბოვ ანდრეევნა. რა უჭირს, გენაცვალე? თუ გაჰყვები, ნამდვილად გამიხარდება. ლოპახინი კარგი ადამიანია.

პიშჩიკი. მართლაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ღირსეული პიროვნებაა... ჩემი დაშენკაც იტყვის ხოლმე... ათას რამეს ამბობს... (ხვრინვას ამოუშვებს და უმალ გაიღვიძებს.) ლუბოვ ანდრეევნა, დიდად პატივცემულო... 240 მანეთი კი უნდა მასესხოთ... ხვალ გირავნობის პროცენტები მაქვს გადასახდელი...

ვარია. (შეშინებული.) არა გვაქვს, არა!

ლუბოვ ანდრეევნა. მართლა არა მაქვს ფული.

პიშჩიკი. მოიძებნება. (იცინის.) მე იმედს არასდროს ვკარგავ. ერთხელ, მეგონა, ცუდად მაქვს საქმე, ვიღუპები-მეთქი! მაგრამ რას ვხედავ – ჩემს მიწაზე რკინიგზა გაიყვანეს და ფულიც მომცეს!.. კიდევ რაღაც მოხდება, დღეს ან ხვალ... შეიძლება დაშენკამ ორი ათასი მოიგოს... ლატარიის ბილეთი აქვს...

ლუბოვ ანდრეევნა. მოდი, ყავა დავლიოთ და მერე დავისვენოთ.

ფირსი. (გაევს ჯაგრისით ტანსაცმელს უწმენდს, საყვედურით.) ისევ სხვა შარვალი ჩაგიცვამთ... რა გიყოთ, არ ვიცი!

ვარია. (ხმადაბლა.) ანას სძინავს. (ფანჯარას ფრთხილად გამოაღებს.) მზეც ამოსულა, აღარ ცივა... უყურეთ, დედიკო, რა ლამაზი ხეებია! ღმერთო, რა ჰაერია! შოშიებიც სტვენენ.

გაევი. (მეორე ფანჯარასაც გამოაღებს.) ბაღი მთლად გადათეთრებულა... შეხედე, ლუბა! ეს გრძელი ხეივანი სულ პირდაპირ მიემართება, ლარივით სწორია და ღამით, მთვარიანში, ლაპლაპებს ხოლმე. გახსოვს?

ლუბოვ ანდრეევნა. (ფანჯრიდან ბაღს გასცქერის.) ო, ჩემო სიწმინდევ! ამ ოთახში პატარაობისას მეძინა, აქედან ბაღს გავცქეროდი... ასე მეგონა, ჩემთან ერთად ყოველ დილით ბედნიერება იღვიძებდა და ბაღიც მაშინ ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ახლა... (სიხარულისაგან იცინის.) თეთრი, სულ თეთრი!.. ო, ჩემო ბაღო! პირქუში, ავდრიანი შემოდგომისა და სუსხიანი ზამთრის შემდეგ შენ ისევ ახალგაზრდასავით გამოიყურები, ისევ ხალისით სავსე ხარ და კეთილი

ანგელოზების თვალი ისევ დაგყურებს მაღლიდან... ო, ნეტავ შემეძლოს მოვიცილო ის ნაღველი, გულზე რომ მაწევს! ნეტავ შემეძლოს ჩემი წარსულის დავიწყება!..

გაევი. დიახ... უცნაურია, მაგრამ ამ ბაღსაც ვალში გაყიდიან!

ლუბოვ ანდრეევნა. შეხედეთ, შეხედეთ! ხეებს შორის განსვენებული დედაჩემი დადის! (გახარებული იცინის.) ის არის, ის!

გაევი. სად?

ვარია. ჯვარი გწერიათ, დედიკო, რას ამბობთ?!

ლუბოვ ანდრეევნა. არავინაა. მომეჩვენა... აგერ, იქ, მარჯვნივ, ფანჩატურთან გადასახვევი რომ არის, ალუბლის ხეა დახრილი... ქალს მივამსგავსე.

შემოდის ტროფიმოვი. სტუდენტის მუნდირი აცვია, ძველი და შელახული. სათვალეც უკეთია.

რა საკვირველი ბაღია! ეს თოვლიც რა ლამაზია, თეთრ ყვავილებს ჰგავს! ცაც ისეთი ლურჯია.

ტროფიმოვი. ლუბოვ ანდრეევნა...

ლუბოვ ანდრეევნა მოიხედავს.

მე მხოლოდ მოგესალმებით და წავალ. (ხარბად უკოცნის ხელებს.) ხვალამდე მოიცადეო, მითხრეს, მაგრამ გულმა ვერ მომითმინა...

ლუბოვ ანდრეევნა გაკვირვებული მისჩერებია.

ვარია. (თვალცრემლიანი) ეს პეტიაა, ტროფიმოვი...

ტროფიმოვი. დიახ, ტროფიმოვი გახლავართ, თქვენი პატარა გრიშას მასწავლებელი. ნუთუ, ეგრე შევიცვალე?

ლუბოვ ანდრეევნა გადაეხვევა და ტირის.

გაევი. კმარა, ლუბა... არ გინდა...

ვარია. (ისიც ატირდება. ტროფიმოვს.) აკი გითხარით, მოიცადეთ-მეთქი!

ტროფიმოვი. ჩემი გრიშა... ჩემი პატარა ბიჭი...

ვარია. რა ვქნათ, დედიკო, ღვთის ნება ყოფილა.

ტროფიმოვი. (ატირდება, დაყვავებით.) დამშვიდდით, დამშვიდდით.

ლუბოვ ანდრეევნა. (უხმოდ ტირის.) შვილი დამეღუპა... შვილი... რატომ? რისთვის? (ხმას დაუწევს.) იმ ოთახში ანას სძინავს, მე კი ხმამაღლა ვლაპარაკობ... რა მოგივიდათ, პეტია? ეგრე რამ შეგცვალათ? დაბერებულხართ, დაუშნოებულხართ...

ტროფიმოვი. (ჩაიცინებს.) ამას წინათ მატარებელში ვიღაც დედაკაცმა „გაქუცული ბატონი“ მიწოდა.

ლუბოვ ანდრეევნა. მაშინ სულ ბავშვი იყავით... სტუდენტი, ახლა კი თმა გაგცვენიათ, სათვალესაც ატარებთ... ნუთუ ისევ სტუდენტი ხართ? (კარისკენ მიდის.)

ტროფიმოვი. ეტყობა, სიბერემდე სტუდენტობა მიწერია.

ლუბოვ ანდრეევნა. (ძმას კოცნის, მერე ვარიას გადაეხვევა.) წადით ახლა, მოისვენეთ... შენც მობერებულხარ, ლეონიდ.

პიშჩიკი. (გამოეკიდება.) მაშ, ასე, ახლა ვიძინებთ... ეჰ, ჩემი სიბერე რა ვთქვი! მუხლები მტეხს!.. მე, ბატონებო, ამაღამ თქვენთან დავრჩები... (ლუბოვ ანდრეევნას.) ხვალ კი, ძვირფასო, თუ შეიძლება... 240... მანეთი... პროცენტები მაქვს გადასახდელი...

ლუბოვ ანდრეევნა. არა მაქვს ფული, ძვირფასო, არა!

პიშჩიკი. დაგიბრუნებთ, მშვენიერო, რა დიდი თანხა ეგ არის?

ლუბოვ ანდრეევნა. ჰო, კარგი – ჩემი ძმა მოგცემთ... ლეონიდ, მიეცი.

გაევი. მამა უცხონდა, დიახ! ამ წუთში მივართმევ!

ლუბოვ ანდრეევნა. აბა, რას იზამ, უნდა მივცეთ, სჭირდება კაცს. აკი თქვა, დაგიბრუნებთო.

ლუბოვ ანდრეევნა, ტროფიმოვი, პიშჩიკი და ფირსი გავლენ. სცენაზე რჩებიან გაევი, ვარია და იაშა.

გაევი. ჩემი დაიკო, ეტყობა, ვერ გადაეჩვია ფულის ფლანგვას. (იაშას.) მომშორდი, გეთაყვა, ქათმის სუნი აგდის!

იაშა. (ჩაიცინებს.) თქვენ კი, ბატონო, ისევ ისეთი ხართ, როგორიც იყავით.

გაევი. (ვარიას.) რაო? რა თქვა?

ვარია. (იაშას.) დედაშენი ჩამოსულა სოფლიდან, გუშინდელს აქეთ სამზარეულოში ზის, შენი ნახვა უნდა.

იაშა. აი, დარდი!

ვარია. რა უნამუსო ხარ!

იაშა. ძალიანაც მჭირდება! ხვალაც შეეძლო მოსულიყო! (გადის.)

ვარია. დედა მართლაც ისეთია, როგორიც იყო, სულ არ შეცვლილა... თავის ნებაზე რომ მიუშვა, მთელ ქონებას გაანიავებს.

გაევი. ჰო... ასეა, დიახ... როცა ავადმყოფობის მოსარჩენად კაცს ნაირ-ნაირ წამალს ასმევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფობა მორჩენილია... სულ ვფიქრობ, გამოსავალს ვეძებ... ასე მგონია, ჩვენი გაჭირვებიდან თავის დასაღწევად უამრავი საშუალება არსებობს და სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ გამოსავალი არ არსებობს და არც შეიძლება იყოს! რა კარგი იქნებოდა, ვინმეს ჩემთვის მემკვიდრეობა დაეტოვებინა... ან ჩვენი ანა მდიდარ კაცს გაჰყოლოდა... არც ის იქნებოდა ურიგო, იაროსლავლში წავსულიყავი ჩემს გრაფინია დეიდასთან და ბედი მეცადა... ის ხომ საოცრად მდიდარია, ფული თავზე საყრელად აქვს!

ვარია. (ტირის.) რა მოხდება, ღმერთო, ერთხელ ჩვენც გადმოგვხედე მოწყალების თვალით!

გაევი. ნუ ღრიალებ! დეიდაჩემი მდიდარია, მაგრამ ჩვენ არ ვუყვარვართ, ვერ მოუნელებია, რომ ჩემი და უბრალო მოხელეს გაჰყვა და არა აზნაურიშვილს.

კარში ანა გამოჩნდება.

თან, რაც მთავარია, ჩემი დაიკო დიდი ღვთისმოსაობით არ გამოირჩევა. მართალია, კარგი ადამიანია, კეთილი, ძალიან მიყვარს კიდეც, მაგრამ რაც უნდა ვეცადო და რამდენი გამამართლებელი საბუთიც უნდა მოვიყვანო, მაინც ბიწიერი არსებაა! დიახ! ეს გარეგნობაზეც ეტყობა: ყოველ მის მოძრაობაში უზნეობა გამოსჭვივის.

ვარია. (ჩუმად.) ჩუმად... ანა გისმენთ.

გაევი. ვინა?

პაუზა.

დასწყევლოს ღმერთმა, მარჯვენა თვალში რაღაც ჩამივარდა, ვერ ვხედავ... ჰოდა, იმას ვამბობდი... ხუთშაბათს საოლქო სასამართლოში სხდომას ვესწრებოდი...

შემოდის ანა.

ვარია. რატომ არ გძინავს?

ანა. ვერ ვიძინებ, არ შემიძლია.

გაევი. ჩემო პატარავ... (ანას სახესა და ხელებს უკოცნის.) ჩემო შვილო! (ცრემლი მოერევა.) დისშვილი კი არა, ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ! ყველაფერი ხარ ჩემთვის! გეფიცები, მართალს ვამბობ!

ანა. მჯერა, ძია. შენ ყველას უყვარხარ, ყველა პატივს გცემს, ოღონდ... თუ ღმერთი გწამს, ამდენს ნუ ლაპარაკობ! ჩუმად იყავი! აბა, რა იყო ის, დედაჩემზე რომ თქვი ახლა, რაში დაგჭირდა?

გაევი. მართალი ხარ, შვილო, მართალი! (ანას ხელებში სახეს ჩარგავს.) ეს საშინელებაა! ღმერთო, შენ შემეწიე და დამიფარე!.. დღესაც, აი... კარადის წინ რაღაც სისულელეს ვჩმახავდი. ეს ხომ აბსოლუტური სისულელე იყო?! სიბრიყვე და ტუტუცობა. ვთქვი თუ არა, ხელად მივხვდი, რომ სისულელეა!

ვარია. სწორია, ძია, ნაკლები უნდა ილაპარაკო.

ანა. ეს შენთვისაც უკეთესია, აღარ აღელდები.

გაევი. ჰო, კარგი, გავჩუმდები! ხმას აღარ ამოვიღებ! (ანასა და ვარიას ხელებს უკოცნის.) აი, ხედავთ, ჩუმად ვარ... ოღონდ ორიოდ სიტყვა საქმეზე მათქმევინეთ... ჰოდა, იმას ვყვებოდი... ხუთშაბათს საოლქო სასამართლოში სხდომას ვესწრებოდი, შევიყარეთ რამდენიმე კაცი, ვისაუბრეთ. აქეთური ვთქვით, იქითური და ბოლოს, წარმოიდგინეთ, მგონი, გამოსავალს მივაგენი... თამასუქით რომ აგვეღო სესხი, ჰა? მაშინ ხომ პროცენტებსაც გადავიხდიდით?

ვარია. ღმერთო, შენ შეგვეწიე! (ტირის.)

გაევი. სამშაბათს ისევ წავალ, იმ ხალხს მოველაპარაკები. (ვარიას.) ნუ ღრიალებ! (ანას.) დედაშენი კი ლოპახინს მოეთათბიროს. ის, რასაკვირველია, უარს არ იტყვის. შენ კი ცოტა მოისვენე, მოსულიერდი და მერე იაროსლავლში წადი, იქნებ ბებიაშენი დაიყოლიო... ასე, ერთობლივ ვიმოქმედოთ, სამივე მხრიდან და... ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს! პროცენტებს ნამდვილად გადავიხდით! დარწმუნებული ვარ! (პირში შაქარყინულს ჩაიდებს და წუწნის.) პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რასაც გინდა დაგიფიცებთ, რომ ჩვენს მამულს ვერ გაყიდიან, ვერა! (აღტყინება დაეუფლება.) საკუთარ თავს გეფიცებით... აი, ჩემი ხელი! დაჰკარი! უნამუსო კაცი ვიყო, თუ საქმე მე აუქციონამდე მივიყვანო!

ანა. (სახე გაუბრწყინდება.) რა კარგი ხარ, ძია, რა ჭკვიანი! (მოეხვევა.) როგორ მომეშვა გულზე. სულ დავმშვიდდი... დავმშვიდდი კი არა, ბედნიერი ვარ!

შემოდის ფირსი.

ფირსი. (საყვედურით.) ლეონიდ ანდრეევიჩ, ღმერთი არ გწამთ? როდისღა უნდა მოისვენოთ?

გაევი. ახლავე... შენ წადი, ფირს, მე თვითონ გავიხდი... აბა, ბავშვებო, დავიძინოთ! ხვალ ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ. (კოცნის ანასა და ვარიას.) მე, ჩემო ბატონო, ოთხმოციანი წლების წარმომადგენელი ვარ! მართალია, იმ დროსა და ჟამს ახლა პატივს არ

სცემენ, მაგრამ გამოგიტყდებით, ჩემი შეხედულებების გამო ცხოვრებაში არაერთი უსიამოვნება შემხვედრია... ტყუილად კი არ ვუყვარვარ გლეხობას! გლეხის ხასიათს გაგება უნდა! უნდა იცოდე, საიდან და როგორ...

ანა. ისევ დაიწყე, ძია?

ვარია. გაჩუმდი რა, ძია! გთხოვთ!

ფირსი. (უკმაყოფილო.) ლეონიდ ანდრეიჩ!

გაევი. ჰო, კარგი, მოვდივარ... (ქალებს.) გასწით ახლა, დაიძინეთ... კუთხიდან ვურტყამ! მარჯვენა ლუზაში ვდებ! დუპლეტით შუაში! (გაევი გადის. ფირსი მას მიჰყვება.)

ანა. ახლა მშვიდად ვარ... იაროსლავლში, რასაკვირველია, არ წავალ, რადგან ბებიაჩემი გულზე არ მეხატება, მაგრამ მაინც დავმშვიდდი... ვენაცვალე ძიას, ოქრო კაცია! (სკამზე ჩამოჯდება.)

ვარია. დაძინება კი საჭიროა, წავედი მეც... (მიდის, ჩერდება.) უშენოდ აქ, სხვათა შორის, ერთი უსიამოვნება მოხდა. ჩვენს ძველ საჯალაბოში, – მოგეხსენება, იქ მხოლოდ მოხუცი მსახურები ცხოვრობენ, ეფიმი, პოლინა, ევსტიგნეი და კარპი... ჰოდა, ამათ თურმე ვიღაც უცხო ხალხი მოჰყავდათ სტუმრად და ღამეს ათევინებდნენ. ეს რომ გავიგე, გავჩუმდი, მაგრამ მერე ამ უნამუსოებმა ხმა დამიყარეს, თითქოს მე მეთქვას, სტუმრებს მუხუდოს მეტი არაფერი აჭამოთო! წარმოგიდგენია? ვითომ ეგეთი ძუნწი ვარ! ეს სულ ევსტიგნეის ოინებია!.. კარგი-მეთქი,

ვიფიქრე, თუ ასეა, მაცალეთ! დავუძახე ევსტიგნეის... (ამთქნარებს.) დავუძახე და ვკითხე: შე სულელო-მეთქი... (ანას შეხედავს.) ანიუტა!

პაუზა.

ჩასძინებია! (ხელზე მოჰკიდებს.) წამოდი, გენაცვალე, ლოგინში ჩაგაწვენ... (მიჰყავს.) წამო, ძვირფასო, წამო... (გადიან.)

გარედან მწყემსის სალამურის ხმა ისმის. იგი დახურულ ფანჯრებშიც ატანს. შემოდის ტროფიმოვი, ვარიასა და ანას დაინახავს და შეჩერდება.

ვარია. (ტროფიმოვს.) ჩუმად, დაიძინა. (ანას.) წამოდი, გენაცვალე.

ანა. (თვლემს, ჩურჩულით.) ო, როგორ დავიღალე... რა სიცივეა, ღმერთო, ძია, საყვარელო... დედა...

ვარია. წამო, ჩემო კარგო, წამო... (ანას ოთახში შედიან.)

ტროფიმოვი. (გულაჩუყებული.) შენ შემოგევლოს ჩემი თავი... ჩემო გაზაფხულო...

ფარდა

 

 

მოქმედება მეორე

ტრიალ მინდორში ძველი, მიტოვებული სამლოცველოა. მის გვერდით ჭაა, რომლის ირგვლივ ქვებია მიმოყრილი, – როგორც ჩანს, ყოფილი საფლავის ლოდები. იქვე დგას წვიმისაგან გათეთრებული, მორყეული ძელსკამი. ხელმარჯვნივ გაევის მამულისკენ მიმავალი საურმე გზაა, მის გასწვრივ ალვის ხეებია ჩარიგებული, ხოლო მათ მიღმა – ალუბლის ბაღია... შორს, სცენის სიღრმეში, ტელეგრაფის ბოძების წყება ჰორიზონტისაკენ მიემართება, სადაც გაურკვეველ ტეხილ ხაზად დიდი ქალაქის სილუეტი მოჩანს. მზე საცაა ჩავა. შარლოტა, იაშა და დუნიაშა ძელსკამზე სხედან. იქვე ეპიხოდოვი გიტარას აჟღარუნებს. ყველანი ფიქრს მისცემიან. შარლოტას მამაკაცის ძველი კარტუზი ახურავს, ხელში სანადირო თოფი უჭირავს და ბალთას უკირკიტებს... თასმის დამოკლება უნდა...

შარლოტა. (ჩაფიქრებული.) პასპორტი, როგორც ასეთი, არ გამაჩნია. ამიტომ არ ვიცი, რამდენი წლის ვარ, ჩემი თავი სულ ახალგაზრდა მგონია. პატარა რომ ვიყავი, ჩემი მშობლები ხშირად იარმარკაზე დადიოდნენ და წარმოდგენებს მართავდნენ. კარგი წარმოდგენები იყო. მეც ვმონაწილეობდი: სალტო მორტალესა და სხვა ამგვარ რამეებს ვაკეთებდი... მშობლები რომ დამეხოცნენ, ერთმა გერმანელმა ქალმა შემიკედლა, წერა-კითხვას მასწავლა. რასაკვირველია, ეს კარგია. მერე გავიზარდე და გუვერნანტობა დავიწყე... ისე კი, საიდან ვარ ან ვინ ვარ – წარმოდგენა არა მაქვს! ისიც არ ვიცი, მშობლები ვინ იყვნენ... იქნებ ცოლქმრობაც არ ჰქონიათ... (ჯიბიდან კიტრს ამოიღებს და ჩაკბეჩს.) მოკლედ, არაფერი ვიცი.

პაუზა.

ზოგჯერ მინდა, ვინმეს დაველაპარაკო, მაგრამ არავინაა, სულ მარტო ვარ.

ეპიხოდოვი. (გიტარას უკრავს და მღერის.) „რას დავეძებ ხალხის ჭორებს, სულ არ ვნაღვლობ, იტყვის ვინ რას...“ რა სასიამოვნოა მანდოლინაზე დაკვრა!

დუნიაშა. ეგ მანდოლინა კი არა, გიტარაა. (სარკეში იხედება და იპუდრება.)

ეპიხოდოვი. გაგიჟებით შეყვარებული კაცისთვის ეს სწორედ რომ მანდოლინაა! (მღერის.) „ოღონდ გული შენი ეშხით დაიდაგოს და დაიწვას“...

იაშა ხმას აუწყობს.

შარლოტა. რა საშინლად მღერიან... ტურების ჩხავილი გეგონება!

დუნიაშა. (იაშას.) უცხოეთში ცხოვრება, ალბათ, ბედნიერებაა.

იაშა. რასაკვირველია, მაგაში გეთანხმებით. (დაამთქნარებს და სიგარას მოუკიდებს.)

ეპიხოდოვი. გასაგებიცაა. საზღვარგარეთ ყველაფერი თავის სრულ კომპლექციამდეა მიყვანილი.

იაშა. ცხადია.

ეპიხოდოვი. მე განათლებული კაცი ვარ, სხვადასხვა შესანიშნავ წიგნს ვკითხულობ და მაინც ვერაფრით გავრკვეულვარ იმ მიმართულებაში, რომელიც, ასე ვთქვათ... რა მინდა, ბოლოს და ბოლოს? ვიცოცხლო თუ თავი მოვიკლა? მიუხედავად ამისა, რევოლვერი მაინც ყოველთვის თან დამაქვს. აი. (რევოლვერს ამოიღებს.)

შარლოტა. (თოფს მხარზე გადაიკიდებს და წამოდგება.) წავედი მე... სხვათა შორის, ეპიხოდოვ, შენ ძალზე ჭკვიანი და საშიში კაცი ხარ! ქალები, ალბათ, შენთვის ჭკუას კარგავენ... ბრრ! (მიდის.) ღმერთო, რა სულელი ხალხია! კაციშვილს ვერ დაელაპარაკები, მარტო ვარ, მარტო... რას წარმოვადგენ ან რისთვის ვარ – გაუგებარია... (ნელა გადის.)

ეპიხოდოვი. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, მე მაინც იმ თვალსაზრისს ვიზიარებ, რომ ბედი მაინცდამაინც არ მწყალობს და ქარიშხლიანი ზღვისა არ იყოს, თავის ნებაზე მათამაშებს როგორც პატარა ხომალდს... დავუშვათ, ვცდები. მაშინ რას უნდა მივაწეროთ, მაგალითად, ის ამბავი, რომ დღეს დილით, გავიღვიძე თუ არა, უზარმაზარი ობობა დავინახე! აი, აქ, ზედ გულზე მეჯდა! თანაც ამხელა იყო! (ორივე ხელით აჩვენებს.) სხვა დროს კი უარესიც მომხდარა; ბურახს დავისხამდი, ჭიქაში ჩავიხედავდი და შიგ, ჭიქაში, წარმოიდგინეთ, ხოჭოს ან რაიმე სხვა უმსგავსობას აღმოვაჩენდი! ბუზს, მაგალითად!

პაუზა.

ბოკლი თუ წაგიკითხავთ?

პაუზა.

ავდოტია ფიოდოროვნა ორიოდე წუთით მსურს შეგაწუხოთ, შეიძლება?

დუნიაშა. გისმენთ.

ეპიხოდოვი. ჩემთვის სასურველი იქნებოდა, მარტო დავრჩენილიყავით. (ღრმად ამოიოხრებს.)

დუნიაშა. (მორცხვად.) კარგი, მაშინ ჩემი მოსასხამი მომიტანეთ, აივანზეა, კარადის გვერდით... შემცივდა!

ეპიხოდოვი. კეთილი ინებეთ. ამ წუთში მოგართმევთ... ახლა ვიცი, რისთვის დამჭირდება რევოლვერი! (მიდის, თან გიტარას აჟღარუნებს.)

იაშა. სულელია ეგ უბედური! მართლა ბედოვლათია! (დაამთქნარებს.)

დუნიაშა. მეშინია, თავი არ მოიკლას!

პაუზა.

ისეთი აზიზი ვარ, ყველაფრის მეშინია. ბატონების სახლში რომ მომიყვანეს, ერთი ციცქნა ვიყავი, არაფერი გამეგებოდა. ახლა კი სოფლურ ცხოვრებას გადავეჩვიე, ბატონის ქალს დავემსგავსე, ხელებიც გამითეთრდა, კანიც, და ისეთი აზიზი და კეთილშობილი გავხდი, ყველაფრის მეშინია... მართლაც საშიშია! აი, თქვენ, მაგალითად, იაშა... თქვენ რომ მომატყუოთ, არ ვიცი, რა მომივა! ალბათ, გავგიჟდები!

იაშა. (ზანტად კოცნის.) ქორფა კიტრივითა ხარ!.. ისე კი, ქალიშვილი თავის პატიოსნებას უნდა უფრთხილდებოდეს, მე პირადად ცუდი ყოფაქცევის ქალებს ვერ ვიტან!

დუნიაშა. რა ვქნა, იაშა, თავდავიწყებით შემიყვარდით. თქვენ ისეთი განათლებული ხართ, ყველაფერზე შეგიძლიათ იმსჯელოთ.

პაუზა.

იაშა. (ამთქნარებს.) დიახ, ასეა... ჩემი აზრით, შეყვარებული ქალიშვილი პატიოსანი უკვე აღარ არის. ის, ასე ვთქვათ, ზნედაცემული არსებაა.

პაუზა.

სასიამოვნო კია სუფთა ჰაერზე სიგარის გაბოლება! (მიაყურადებს.) მგონი, ვიღაც მოდის... ბატონები იქნებიან.

დუნიაშა მოეხვევა.

წადით ახლა, ვითომ საბანაოდ იყავით მდინარეზე... ბილიკს გაჰყევით, რომ არავინ დაგინახოთ, თორემ რაღაცას იფიქრებენ ჩემზე. ვერ ვიტან ასეთ რამეებს.

დუნიაშა. (ჩუმად ახველებს.) თქვენმა სიგარამ თავი ამატკივა. (მიდის.)

იაშა ისევ ძელსკამზე ზის. შემოდიან ლუბოვ ანდრეევნა, გაევი და ლოპახინი.

ლოპახინი. ბოლოს და ბოლოს, უნდა გადაწყვიტოთ, დრო აღარ ითმენს. უბრალო საკითხია: თანახმა ხართ თუ არა, გააქირაოთ მამული, რომ თქვენს მიწაზე აგარაკები აშენდეს? ჰო, თუ არა? მხოლოდ ერთი სიტყვაა საჭირო.

ლუბოვ ანდრეევნა. ღმერთო ჩემო, ვინ ეწევა ასეთ საშინელ სიგარას? (ჯდება.)

გაევი. კარგია, რომ რკინიგზა გაიყვანეს, ქალაქში წავედით და ვისაუზმეთ!.. მარცხნიდან კუთხეში ვურტყამ! დუპლეტით შუაში!.. ისე კი, შინ წასვლა აჯობებდა, ბილიარდს ვითამაშებდი!

ლუბოვ ანდრეევნა. მოესწრები.

ლოპახინი. პასუხს ველოდები, ბატონებო! ჰო თუ არა? (მუდარით.) გემუდარებით, მაღირსეთ ეს ერთი სიტყვა!

გაევი. (ამთქნარებს.) ვისაო?

ლუბოვ ანდრეევნა. (საფულეში იხედება.) გუშინ უამრავი ფული მქონდა, დღეს კი საფულე ცარიელია... საწყალი ჩემი ვარენკა! კაპიკს კაპიკზე აწებებს, რძის სუპით გვიმასპინძლდება ყველას, სამზარეულოში მოხუცებს ცარიელ მუხუდოს აჭმევენ, მე კი მთელ ჩემს ფულს წირვა გამოვუყვანე! (საფულე გაუვარდება და ხურდა დაებნევა.) აი, ინებეთ! რაც დამრჩა, ისიც დამეფანტა! (გულმოსულია.)

იაშა. ნუ წუხდებით, ახლავე ავკრეფ. (დაიხრება და კრეფს.)

ლუბოვ ანდრეევნა. თუ შეიძლება, იაშა... მადლობელი ვარ. ნეტავ ვიცოდე, რა მიმარბენინებდა იმ ქალაქში? საზიზღარი რესტორანი გქონიათ! ან ის მუსიკა რას ჰგავდა, ან იმ სუფრებს რა საშინელი სუნი ასდიოდა! ... და საერთოდ, რა საჭირო იყო ამდენი სმა? ან იმდენი ჭამა რა იყო, ლეონიდ? ენაც რომ არ გაგიჩერებია?! სულ ლაპარაკობდი... სამოცდაათიანი წლები ახსენე რატომღაც, მერე დეკადენტებს გადასწვდი... ვის ეუბნებოდი ამას? ლაქიებს? ძალიან არ აინტერესებთ შენი დეკადენტობა?!

ლოპახინი. დიახ, ეგრეა...

გაევი

. (სახე დაეჭყანება. ხელებს იქნევს.) ვიცი, ვიცი! გამოუსწორებელი ვარ! (გაღიზიანებული, იაშას.) გაიწი იქით, თვალში ნუ მეჩხირები!

იაშა. (ჩაიფრუტუნებს.) მეცინება, თქვენ რომ გისმენთ.

გაევი. (დას.) ლუბა, ან ეს ვაჟბატონი, ან მე!

ლუბოვ ანდრეევნა. წადით, იაშა.

იაშა. (საფულეს გადასცემს.) ახლავე, ქალბატონო. (სიცილს ძლივს იკავებს.) ამ წუთში. (მიდის.)

ლოპახინი. თქვენი მამულის ყიდვას ვინმე დერიგანოვი აპირებს, ძალზე მდიდარია. ამბობენ, აუქციონზე თვითონ ჩამოვაო.

ლუბოვ ანდრეევნა. რა იცით?

ლოპახინი. ქალაქში თქვეს.

გაევი. დეიდაჩემს შემოუთვლია, იაროსლავლიდან, ფულს გამოგიგზავნითო, ოღონდ როდის და რამდენს გამოგზავნის – არ ვიცი.

ლოპახინი. რამდენს გამოგზავნის? ასს, ორასი ათასს?

ლუბოვ ანდრეევნა. ათი, თხუთმეტი თუ გამოგზავნა, ისიც კარგია.

ლოპახინი. მაპატიეთ, ბატონებო, მაგრამ თქვენისთანა ქარაფშუტა და უმაქნისი ხალხი ჯერ არ შემხვედრია. სავსებით გარკვეულად, ყველასათვის გასაგებ რუსულ ენაზე გეუბნებით: თქვენი მამული იყიდება, თქვენ კი ყურსაც არ იბერტყავთ, თითქოს არაფერი გაგეგებოდეთ!

ლუბოვ ანდრეევნა. ჰო, კარგი, გავიგეთ, რა ვქნათ ახლა? გვასწავლეთ, როგორ მოვიქცეთ?

ლოპახინი. ყოველდღე მაგას გეუბნებით და რით ვერ გაიგეთ? ალუბლის ბაღიცა და მიწაც აგარაკების ასაშენებლად უნდა გააქირაოთ. თან, რაც შეიძლება მალე, თუნდაც ახლავე, რადგან აუქციონი საცაა დაიწყება! გაიგეთ ეს! თუ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტთ ამ თქვენს მიწაზე აგარაკების აშენებას, ფულიც გაჩნდება და გაკოტრებასაც გადაურჩებით!

ლუბოვ ანდრეევნა. აგარაკები... მოაგარაკენი... ეს ისეთი უმსგავსობაა... მაპატიეთ.

გაევი. სავსებით გეთანხმები, ლუბა.

ლოპახინი. ღმერთო ჩემო! ან ავტირდები ახლა, ან დავიყვირებ, ან გული წამივა! აღარ შემიძლია, არა! სული ამომხადეთ! (გაევს.) ქალაჩუნა ხართ!

გაევი. ვინაო?

ლოპახინი. ქალაჩუნა ხართ-მეთქი! (წასვლას დააპირებს.)

ლუბოვ ანდრეევნა. (შეშინებული.) მოიცათ... დარჩით ცოტა ხანს, იქნებ რამე მოვიფიქროთ.

ლოპახინი. ფიქრის დრო აღარ არის. ან რა უნდა მოიფიქროთ?

ლუბოვ ანდრეევნა. (შეშინებული.) არ წახვიდეთ, გთხოვთ. თქვენთან ყოფნა სახალისოა, უთქვენოდ სულ მოვიწყენთ. (პაუზა.) უცნაურია... ასე მგონია, რაღაცის მოლოდინში ვარ... ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჭერი უნდა დამექცეს თავზე...

გაევი. (ღრმად ჩაფიქრებული.) დუპლეტით კუთხეში... თავისუფალს ვურტყამ.

ლუბოვ ანდრეევნა. (ისიც ჩაფიქრებული.) ალბათ, ცოდვა გვაქვს ჩადენილი...

ლოპახინი. თქვენ რა ცოდვა უნდა გქონდეთ?

გაევი. (შაქარყინულს ამოიღებს და წუწნის.) ჩემზე ამბობენ, მთელი ქონება შაქარყინულს მიახარჯაო... გამოდის, რომ შემიჭამია. (იცინის.)

ლუბოვ ანდრეევნა. (ლოპახინს.) მართლა ცოდვილი ვარ, ყოველთვის უყაირათოდ ვფანტავდი ფულს, ცოლად კი ისეთ კაცს გავყევი, ვისაც ვალის აღების მეტი არაფერი შეეძლო... ჩემი ქმარი შამპანურმა მოკლა, საშინლად სვამდა. მე კი, საუბედუროდ, სხვა შემიყვარდა, დავუახლოვდი იმ კაცს და სწორედ ამ დროს... – ეს პირველი სასჯელი იყო! – აი, აქ, მდინარეში, ჩემი ბიჭუნა დაიხრჩო... ყველაფერი მივატოვე და გავიქეცი. საზღვარგარეთ წავედი, რათა უკან არასოდეს მომეხედა და ეს საშინელი მდინარე არ დამენახა. თვალდახუჭული გავრბოდი, არაფერი მახსოვდა, მაგრამ ის კაციც... ისიც გამომყვა! ... უმოწყალოდ და უხეშად მომექცა! მერე მენტონის

მახლობლად აგარაკი ვიყიდე, რადგან ჩემი თანამგზავრი ავად გახდა და სამი წელიწადი თავს ვადექი, ვუვლიდი, ერთი წამით მოსვენება არ მქონია, ავადმყოფი კი ჭირვეულობდა, მაწვალებდა, ეჭვიანობდა... ერთი სიტყვით, ზეზეულად ჩამომახმო, მთლად გამომფიტა... შარშან კი, აგარაკი ვალში რომ გამიყიდეს და პარიზში გადავსახლდი, იმ კაცმა მიმატოვა! წაიღო, რაც მქონდა და მიმატოვა! სხვა ქალი გაიჩინა... თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ... ეჰ, სამარცხვინოა ყველაფერი! სამარცხვინო და უაზრო!.. მერე გულმა სამშობლოსაკენ გამიწია, რუსეთი მომენატრა, ჩემი ქალიშვილის ნახვა მომინდა... (ცრემლს იწმენდს.) ღმერთო მოწყალეო, მომიტევე ცოდვანი ჩემნი! გემუდარები, ნუღარ დამსჯი და ნუ გამაწამებ! (ჯიბიდან დეპეშას ამოიღებს.) აი, დღესაც, პარიზიდან მომივიდა... პატიებას მთხოვს, დამიბრუნდიო. მეხვეწება... (დეპეშას ხევს.) სადღაც მუსიკას უკრავენ. (მიაყურადებს.)

გაევი. ჩვენი ცნობილი ებრაელთა ორკესტრია. გახსოვს? ოთხი ვიოლინო, ფლეიტა და კონტრაბასი.

ლუბოვ ანდრეევნა. ნუთუ კიდევ არსებობს? კარგი იქნებოდა, შინ მოგვეწვია, მუსიკალურ საღამოს გავმართავდით...

ლოპახინი. (ყურს უგდებს.) აღარ უკრავენ. (თავისთვის ჩაიღიღინებს.) „ფული იყოს, თორემ ფრანგი რუსსაც გააგერმანელებს“... (იცინის.) წუხელ თეატრში წარმოდგენას ვუყურე, სიცილით მოვკვდი!

ლუბოვ ანდრეევნა. დარწმუნებული ვარ, სასაცილო არაფერი იქნებოდა. წარმოდგენებს კი არა,

ჩვენს თავს უნდა ვუყუროთ და რაც შეიძლება ხშირად... ეჰ, ბატონებო, მოსაწყენია თქვენი ცხოვრება! რამდენს ლაპარაკობთ... ღმერთო, რამდენს ლაპარაკობთ.

ლოპახინი. მართალი ხართ. ნამდვილად უბადრუკია ჩვენი ცხოვრება.

პაუზა.

მამაჩემი გლეხი იყო, უვიცი და გაუნათლებელი. ჩემთვისაც არაფერი უსწავლებია, მარტო მცემდა, როცა დათვრებოდა... არსებითად, მეც არ განსხვავდები მისგან, ისეთივე იდიოტი ვარ. სწავლა-განათლება არ მიმიღია, ბატიფეხურით ვწერ... სირცხვილია, ღმერთმანი! ჩემს ნაწერს კაცმა რომ შეხედოს, გული აერევა. ერთი სიტყვით, ღორი ვარ!

ლუბოვ ანდრეევნა. ცოლი უნდა შეირთო, მეგობარო.

ლოპახინი. მართალია.

ლუბოვ ანდრეევნა. ჩვენი ვარენკა ითხოვეთ, კარგი გოგოა.

ლოპახინი. ვიცი.

ლუბოვ ანდრეევნა. უბრალო გლეხის ქალივით გავზარდე. სულ შრომობს, თან უყვარხართ... მე მგონი, თქვენც უნდა მოგწონდეთ?

ლოპახინი. განა უარს ვამბობ, კარგი ქალია.

პაუზა.

გაევი. (დას.) გაიგე? ბანკში ადგილს მთავაზობენ, წელიწადში ექვსი ათასი მექნება.

ლუბოვ ანდრეევნა. შენს კანში დაეტიე, მაგის კაცი არა ხარ!

შემოდის ფირსი, პალტო მოაქვს.

ფირსი. (გაევს.) კეთილი ინებეთ, ჩაიცვით, აგრილდა.

გაევი. (პალტოს იცვამს.) თავი მომაბეზრე, ძმაო.

ფირსი. ჩაიცვით, ჩაიცვით, დილითაც ისე წახვედით, არაფერი გამიგია.

რანევსკაია მოხუც მსახურს ყურადღებით შეათვალიერებს.

ლუბოვ ანდრეევნა. როგორ დაბერებულხარ, ფირს!

ფირსი. რას ბრძანებთ?

ლოპახინი. დაბერებულხარო!

ფირსი. დიდი ხანია ვცხოვრობ და იმიტომ... ცოლის შერთვას რომ მიპირებდნენ, მამათქვენი ჯერ დაბადებული არ იყო. (იცინის.) გლეხობა რომ გაათავისუფლეს, უკვე კამერდინერი ვიყავი, გათავისუფლებაზე უარი ვთქვი და ისევ ბატონთან დავრჩი...

პაუზა.

მახსოვს, ყველა გახარებული იყო, მაგრამ რა უხაროდათ, თვითონაც არ იცოდნენ...

ლოპახინი. ძველად ყველაფერი კარგი იყო, გლეხებს როზგავდნენ მაინც.

ფირსი. (ვერ გაიგონა.) მაგას არ ვამბობ! გლეხი ბატონთან იყო, ბატონი – გლეხთან... ახლა კი ერთი ალთას არის, მეორე ბალთას, ვერაფერს გაიგებ!

გაევი. ცოტა ხანს გაჩუმდი, ფირს!.. ხვალ ისევ ქალაქში უნდა წავიდე. ვიღაც გენერლის გაცნობას დამპირდნენ, თამასუქით ფულს მოგცემთო.

ლოპახინი. არაფერი გამოგივათ, პროცენტებს მაინც ვერ გადაიხდით. აი, ნახავთ!

ლუბოვ ანდრეევნა. რა გენერალი, რის გენერალი? იგონებს რაღაცას!

შემოდიან ტროფიმოვი, ანა და ვარია.

გაევი. ჩვენებიც მოვიდნენ.

ანა. დედა აქ ყოფილა.

ლუბოვ ანდრეევნა. (ალერსიანად.) მოდი, შვილო... თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი! (მოეხვევა ანასა და ვარიას.) რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ! გვერდით დამიჯექით.

ყველანი ჩამოსხდებიან.

ლოპახინი. ჩვენი მუდმივი სტუდენტი კი სულ ახალგაზრდა ქალბატონებს დასტრიალებს თავს!

ტროფიმოვი. თქვენ რა გესაქმებათ?

ლოპახინი. მალე ორმოცდაათის გახდება და ისევ სტუდენტია!

ტროფიმოვი. აღარ მოეშვებით სულელ ოხუნჯობას?

ლოპახინი. რას ბრაზობ, ადამიანო?

ტროფიმოვი. თავი გამანებე.

ლოპახინი. (იცინის.) ერთი შეკითხვა მხოლოდ... ნება მომეცით, გავიგო, რა შეხედულებისა ხართ ჩემზე?

ტროფიმოვი. მე, ერმოლაი ალექსეევიჩ, ვფიქრობ, მდიდარი კაცი ხართ, საცაა მილიონერი გახდებით... ბუნებაში ნივთიერებათა ცვლის გამო ხომ აუცილებელია მტაცებელი ცხოველიც, რომელიც ყველაფერს, რაც წინ დაუხვდება, ნთქავს, ჰოდა, თქვენც ასევე იმ ცხოველივით საჭირო და აუცილებელი ხართ!

ყველანი იცინიან.

ვარია. (ტროფიმოვს.) პლანეტებზე მოჰყევით, ის უფრო საინტერესოა.

ლუბოვ ანდრეევნა. არა, გუშინდელი თემა განვაგრძოთ.

ტროფიმოვი. რა თემა იყო?

გაევი. ამაყი ადამიანი.

ტროფიმოვი. გუშინ ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ საერთო ენა ვერ გამოვნახეთ... ამაყ ადამიანში, თქვენი აზრით, რაღაც მისტიკური უნდა იყოს. შესაძლოა, მართალი ხართ, მაგრამ უბრალოდ, ყოველგვარი ხრიკების გარეშე თუ ვიმსჯელებთ, რა ფასი აქვს მაგ თქვენს ყბადაღებულ სიამაყეს, თუ ადამიანი ფიზიოლოგიურად უხეიროდ არის მოწყობილი, თუ მათი უმრავლესობა ტლანქი, უვიცი და უბედურია? უნდა მოვეშვათ საკუთარი თავით აღტაცებას... შრომაა საჭირო, შრომა!

გაევი. გინდ იშრომე, გინდ არა, მაინც მოკვდები!

ტროფიმოვი. ვინ იცის? თან რას ნიშნავს – მოკვდები? იქნებ ადამიანს ასი გრძნობა აქვს და სიკვდილი მხოლოდ ხუთს ანადგურებს, დანარჩენი ოთხმოცდათხუთმეტი კი ცოცხალი რჩება.

ლუბოვ ანდრეევნა. რა ჭკვიანი ხართ, პეტია!

ლოპახინი. (ჩაიცინებს.) აბა!

ტროფიმოვი. კაცობრიობა თანდათან სრულყოფს თავის შესაძლებლობებს და სწორედ ესაა მისი განვითარების მთავარი პირობა. ყველაფერი, რაც ჩვენთვის ამჟამად მიუწვდომელია, ოდესმე ახლობელი და გასაგები გახდება. მაგრამ ამისთვის კაცმა უნდა იშრომოს, ძალ-ღონე არ დაიშუროს და მხარში ამოუდგეს იმათ, ვინც ცხოვრებაში ჭეშმარიტებას ეძებს. ჩვენთან,

რუსეთში, მშრომელი ხალხი ჯერჯერობით ძალზე ცოტაა. ინტელიგენციის წარმომადგენელთა უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში, ყველა, ვისაც მე ვიცნობ, არც არაფერს აკეთებს, არც არაფერს ეძებს და არსებითად შრომის უნარიც არ გააჩნია. თავი ინტელიგენტად მიაჩნიათ, მოსამსახურეს კი „შენობით“ მიმართავენ, გლეხებს ხომ პირუტყვებად თვლიან! არც სწავლობენ, არც კითხულობენ, არც არაფერი აინტერესებთ! მეცნიერებაზე მხოლოდ ყბედობენ, ხელოვნებისა არაფერი გაეგებათ... რომ შეხედო, ყველას სერიოზული გამომეტყველება აქვს, მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ, ფილოსოფოსობენ, ამ დროს კი მათ გვერდით მშრომელი კაცი, ღმერთმა იცის, რას ჭამს, როგორ ცხოვრობს! ბალიში რაა, ისიც ენატრება, რომ ნორმალურად დაიძინოს! ერთ ოთახში ორმოცამდე სული ცხოვრობს. ყველგან სიბინძურეა, სინესტე, ბაღლინჯო და ათასი ზნეობრივი უმსგავსობა. ჰოდა, გამოდის, რომ ამდენი დაპირებითა და ლამაზი სიტყვით მხოლოდ თავს ვიტყუებთ, თვალს ვუხვევთ ერთმანეთს! აბა, მითხარით, სად არის ჩვენში, მაგალითად, საბავშვო ბაგები, რომლებზეც ამდენს ვყბედობთ? ან სამკითხველოები სადაა? ამაზე მხოლოდ რომანებში წერენ, სინამდვილეში კი არაფერი გვაბადია! არის მხოლოდ ჭუჭყი, უხამსობა და გაველურება!.. მართალი გითხრათ, ვერ ვიტან მეტისმეტად სერიოზულ სახეებს, მეშინია ჭკვიანი ლაპარაკის... მოდი, გავჩუმდეთ.

ლოპახინი. მე პირადად ყოველდღე დილის ხუთ საათზე ვდგები და დაღამებამდე ვმუშაობ, სულ ფულთან მაქვს საქმე, – ან ჩემია, ან სხვისი, – და ვხედავ, რა ხალხიც მახვევია... საქმეს უნდა მოეკიდო და მაშინ მიხვდები, რა ცოტაა ამქვეყნად ნორმალური, წესიერი და პატიოსანი ადამიანი!.. ზოგჯერ, უძილო ღამით, მიფიქრია ხოლმე: „ღმერთო, დიდებულო! ეს ხომ სულ შენი წყალობაა – ეს უსასრულო ტყეები, თვალუწვდენელი მინდვრები, წყალუხვი მდინარეები... და ნუთუ ჩვენ, ამ სიმდიდრისა და სიდიადის პატრონი, თვითონაც გოლიათები არ უნდა ვიყოთ?!“

ლუბოვ ანდრეევნა. გოლიათობა მოინდომა! გოლიათები ზღაპრებშია კარგი, სინამდვილეში მათი ყველას ეშინია.

სცენის სიღრმიდან გიტარით ხელში გამოჩნდება ეპიხოდოვი.

აგერ, ეპიხოდოვიც მოდის.

ანა. (ჩაფიქრებული.) ეპიხოდოვი მოდის...

გაევი. მზე ჩავიდა, ბატონებო.

ტროფიმოვი. დიახ...

გაევი. (ჩუმად, გამოთქმით, თითქოს ლექსს კითხულობდეს.) ჰოი, ბუნებავ! საკვირველო, მარადიული შუქის წყაროვ! მშვენიერი ხარ, მაგრამ გულგრილი. დედას გეძახით შენი შვილები, შენ კი სიკვდილ-სიცოცხლეს აერთიანებ შენს არსებაში და ერთდროულად ცოცხლობ და ანადგურებ შენ გარშემო ყველაფერს...

ვარია. (ვედრებით.) ძია!

ანა. კარგი რა, ძია! ისევ დაიწყე?

ტროფიმოვი. დუპლეტით შუაში დაარტყით, ის ჯობია!

გაევი. კარგი, გავჩუმდები! უკვე ჩუმად ვარ.

ყველანი ერთხანს გარინდებული სხედან. სიჩუმეში მარტო ფირსის ჩიფჩიფი ისმის... უცებ შორიდან თუ მაღლიდან შემზარავად დაიგრუხუნებს რაღაც. ეს ხმა გაწყვეტილი სიმის კვნესას ჰგავს, რომელიც თანდათან წყდება.

ლუბოვ ანდრეევნა. (შეშინებული.) რა იყო ეს?

ლოპახინი. არ ვიცი... სადმე მაღაროში ბადია ჩამოწყდებოდა. ძალიან შორს...

გაევი. იქნებ ფრინველია? ყანჩა, მაგალითად.

ტროფიმოვი. ან ბუკიოტი...

ლუბოვ ანდრეევნა. (მოიბუზება.) რა საშინელი ხმა იყო.

პაუზა.

ფირსი. ის უბედურება რომ მოხდა, მაშინაც, მახსოვს, ბუკიოტი კიოდა და სამოვარიც გუგუნებდა.

გაევი. რომელ უბედურებაზე ამბობ?

ფირსი. აი, ის, გლეხები რომ გაათავისუფლეს.

პაუზა.

ლუბოვ ანდრეევნა. წავიდეთ, მეგობრებო. უკვე გვიანია. (ანას.) რა მოგივიდა, შვილო? ტირი? (მოეხვევა.)

ანა. არაფერია, დედიკო... ისე...

ტროფიმოვი. ვიღაც მოდის.

გამოჩნდება უცნობი კაცი. პალტოშია, საკმაოდ შელანძღული თეთრი კარტუზი ახურავს. ნასვამია.

უცნობი

კაცი. ბოდიშს ვიხდი, პატივცემულნო... ნება მომეცით, გკითხოთ, რკინიგზის სადგური საით არის?

გაევი. ამ გზას გაჰყევით.

უცნობი კაცი. უღრმესი მადლობა!.. (ჩაახველებს.) შესანიშნავი ამინდია. (გამოთქმით.) მრავალტანჯულო ძმაო ჩემო! ვოლგის ნაპირზე გადი, მოუსმინე, კვნესა თუ გესმის?.. (ვარიას.) მადმუაზელ! რუსეთის მშიერ მოქალაქეს... ოცდაათ კაპიკს თუ გაიმეტებთ...

შეშინებული ვარია წამოიყვირებს.

ლოპახინი. (გაბრაზებული.) გაიარე, ძმობილო... თავხედობასაც საზღვარი აქვს.

ლუბოვ ანდრეევნა. (დაბნეული.) მოიცათ! (ხელჩანთაში იქექება.) ვერცხლის ფული არა მაქვს... აი, ოქრო ინებეთ.

უცნობი კაცი. უღრმესი მადლობა. (მიდის.)

ყველას გაეცინება.

ვარია. (შეშინებულია, აღელვებული.) მე წავალ, წავალ... ღმერთო ჩემო, რანაირი ხართ, დედა! სახლში ხალხს აღარ ვიცით, რა ვაჭამოთ, თქვენ კი ოქროს მანეთიანებს არიგებთ!

ლუბოვ ანდრეევნა. რა გაეწყობა, შვილო, სხვანაირად არ შემიძლია. აი, მივალთ შინ და რაც მაქვს, ყველაფერს ჩაგაბარებ, შენ თვითონ მოუარე! (ლოპახინს.) ერმოლაი ალექსეიჩ, კიდევ უნდა მასესხოთ!

ლოპახინი. კი, ბატონო.

ლუბოვ ანდრეევნა. წავიდეთ, ბატონებო... იცი, ვარენკა, ჩვენ აქ თითქმის გაგათხოვეთ კიდეც! მომილოცავს!

ვარია. ეგ სახუმარო საქმე არაა, დედა!

ლოპახინი. ოხველია![13] მონასტერში წადი...

გაევი. ხელი მიკანკალებს, რა ხანია ბილიარდი არ მითამაშია!

ლოპახინი. ოხველია, ფერია! შენს ლოცვებში მომიხსენიე!

ვარია. როგორ შემაშინა იმ კაცმა... სულ მაკანკალებს!

ლოპახინი. ნება მომეცით, ბატონებო, შეგახსენოთ: ოცდაორ აგვისტოს ალუბლის ბაღი გაიყიდება! იფიქრეთ ამაზე, კარგად იფიქრეთ!

ყველანი მიდიან, ტროფიმოვისა და ანას გარდა.

ანა. (სიცილით.) ღმერთმა უშველოს იმ კაცს, ვარია რომ დააფრთხო, ძლივს მარტო დავრჩით!

ტროფიმოვი. თქვენს დას ეშინია, რომ მე და თქვენ ერთმანეთი შეგვიყვარდება და კუდში დაგვდევს. მაგ ჭკუის კოლოფს ვერ გაუგია, რომ ჩვენ სიყვარულზე მაღლა ვართ... შორს ჩვენგან ყოველივე წვრილმანი და მოჩვენებითი, ყველაფერი, რაც ადამიანს ხელს უშლის თავისუფალი და ბედნიერი გახდეს! აი, ჩვენი ცხოვრების მიზანი და აზრი! წინ, იმ ნათელი ვარსკვლავისაკენ, ბედნიერ მომავალს რომ გვპირდება! არავინ ჩამოგვრჩეთ, მეგობრებო!

ანა. (აღტაცებული.) ო, რა ლამაზად ლაპარაკობთ.

პაუზა.

დღეს აქ ყველაფერი გადასარევია.

ტროფიმოვი. მართლა საკვირველი ამინდია.

ანა. რა მიქენით, პეტია, როგორ შემცვალეთ!.. მე უკვე აღარ მიყვარს ჩვენი ალუბლის ბაღი. ადრე მეგონა, უკეთესი ადგილი დედამიწაზე არ მოიძებნებოდა, ახლა კი...

ტროფიმოვი. ჩვენი ბაღი მთელი რუსეთია! დედამიწა კი დიდია და მასზე ბევრი შესანიშნავი ადგილია.

პაუზა.

აბა, დაფიქრდით, ანა... თქვენი პაპა, პაპის პაპა და სხვა წინაპრები, ყველანი, მემამულეები იყვნენ და ადამიანთა სულები მათ საკუთრებას წარმოადგენდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ალუბლის ბაღის ყოველი ხის ძირიდან, ყოველი ტოტიდან თუ ფოთლიდან თქვენი ყმების სამდურავით სავსე თვალები შემოგვყურებენ, მათი დამონებული სულები ღაღადებენ! ნუთუ არ გესმით ეს ხმა? ადამიანის დასაკუთრება! ეს ხომ საშინელებაა, ანა! სწორედ ამან გადაგვაგვარა ყველა... ისინი, ვინც ადრე იყვნენ და ვინც ახლა ვართ! დიახ, ჩვენ გადავგვარდით და ვერც დედათქვენი, ვერც მისი ძმა, ვერც თქვენ, უკვე ვეღარ ამჩნევთ, რომ ვალის ანგარიშში ცხოვრობთ, სხვის ხარჯზე არსებობთ! სწორედ იმ ხალხის ხარჯზე, ვისაც თქვენს სახლში არ შეესვლება, ვისაც დერეფანში აცდევინებთ ხოლმე! ჩვენ ბარე ორასი წლით ჩამოვრჩით ქვეყანას, ჯერ არაფერი გაგვაჩნია, არაფერი! წარსულისადმი გარკვეული დამოკიდებულებაც კი არ გვაქვს! ჩვენ მხოლოდ ვფილოსოფოსობთ, ვწუწუნებთ და არაყს ვხუხავთ! გამოსავალი კი უბრალოა, იმისათვის, რომ აწმყოში ფეხი მოვიკიდოთ, ჯერ ჩვენი სამარცხვინო წარსული უნდა გამოვისყიდოთ. ამის გამოსყიდვა კი მხოლოდ ტანჯვით, არაადამიანური, გამუდმებული შრომით შეიძლება! გაიგეთ ეს, ანა!

ანა

. ის სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დიდი ხანია ჩვენ აღარ გვეკუთვნის. მე წავალ აქედან, პირობას გაძლევთ!

ტროფიმოვი. გამოიკეტეთ კარი, ჭაში ჩააგდეთ გასაღები და წადით! წადით! ქარივით თავისუფალი გახდით!

ანა. რა კარგად თქვით! (თვალები უბრწყინავს.)

ტროფიმოვი. დამიჯერეთ, ანა! მე ჯერ ახალგაზრდა ვარ, ოცდაათი წლისაც არ გავმხდარვარ, მაგრამ ბევრი რამ გამოვცადე. ზამთარი დგება და ვშიმშილობ, სულიერ სიმშვიდეს ვკარგავ, სიღარიბე მტანჯავს. მე ხომ მათხოვარივით ღარიბი ვარ... ეჰ, სად არ მატარა ბედმა, სად არ გადამისროლა და მაინც ჩემი სული ყოველთვის, ყოველ წამს, დღისითა და ღამით, გამოუცნობი წინათგრძნობით ყოფილა სავსე. მე ვგრძნობ ბედნიერების მოახლოებას. მე უკვე ვხედავ მას! ...

ანა. (ჩაფიქრდება.) მთვარე ამოდის...

გიტარის ხმა ისმის, ეპიხოდოვი ისევ თავის ნაღვლიან სიმღერას უკრავს. ამოდის მთვარე, ალვის ხეების მხრიდან ვარია დაიძახებს: „ანა! სად ხარ“.

ტროფიმოვი. მთვარე ამოდის...

პაუზა.

ანა, ანა! აგერ ის, ბედნიერება! მოდის, გვიახლოვდება, მე უკვე მესმის მისი ფეხის ხმა!.. ეჰ, ანა! რა ვუყოთ, თუ ჩვენ ვერ დავინახავთ, ვერ ვიცნობთ,– სხვები ხომ დაინახავენ და იცნობენ!

ვარიას ხმა: „ანა! აუუ!

ოჰ, ეს ვარია! (გაბრაზებული) რა აყვირებს იმ სულელს!

ანა. მდინარისკენ წავიდეთ, იქ კარგია.

ტროფიმოვი. წავიდეთ.

გადიან.

ვარიას ხმა: „ანა! აუუ, სად ხარ!“

ფარდა

*გაგრძელება *

ნახვა: 486

გამოხმაურებები!

ტეგები: Qwelly, ნოველები, ჩეხოვი

პიესა, პიესები, დრამა, დრამატურგია :)

ბატონ კახას ვეთანხმები : ჩვენი აზრის და გემოვნებების მიუხედავად  *კომედია* "ალუბლის ბაღს" დაარქვა თვით ავტორმა ( თორნიაკისთვის - ჩეხოვი ანტონ პალიჩი )

contributorSaid

კიდე კარგი თორნდაიკი არ დაირქვი :D 

კარგია ტეგების არსის ცოდნა ხო? :D

contributorSaid

ტეგები: Qwelly, ნოველები, ჩეხოვი

პიესა, პიესები, დრამა, დრამატურგია :)

მადლობა დამვიწყებია :)

*კომედია* - კი ბატონო, დავამატოთ :)

უბრალოდ "ნოველები-თ" ვინ მოძებნის ამ საოცარ პიესას? თორე იყოს რაა...

George - პალიჩი:)) ბატონო გიორგი - პავლეს-ძე. ასევე შეგიძლიათ - პავლოვიჩი.

პალიჩი უწინ ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და თვითონ მითხრა- მასე დამიძახეო !

contributorSaid

მადლობა დამვიწყებია :)

*კომედია* - კი ბატონო, დავამატოთ :)

უბრალოდ "ნოველები-თ" ვინ მოძებნის ამ საოცარ პიესას? თორე იყოს რაა...

George - პალიჩი:)) ბატონო გიორგი - პავლეს-ძე. ასევე შეგიძლიათ - პავლოვიჩი.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters