დასაწყისი

მოქმედება მესამე

სასტუმრო ოთახი დარბაზისგან თაღით არის გამოყოფილი. ყველგან ჭაღები ანთია. დერეფნიდან მუსიკის ხმა ისმის. (იქ ებრაელთა ორკესტრი უკრავს, მეორე მოქმედებაში რომ ვახსენეთ.) საღამოა. დარბაზში, grand-rond-ს ცეკვავენ. სიმეონოვ-პიშჩიკი წამდაუწუმ გაიძახის: „Promenade à une paire!“სასტუმროში მოცეკვავეები შემოდიან. პირველ წყვილში არიან პიშჩიკი და შარლოტა ივანოვნა, მეორეში – ტროფიმოვი და ლუბოვ ანდრეევნა, მესამეში – ანა და ფოსტის მოხელე, მეოთხეში ვარია და სადგურის უფროსი და ა.შ. ვარია ცეკვის დროს ტირის და თვალებს იმშრალებს. ბოლო წყვილშია დუნიაშა. მოცეკვავეები სასტუმროში წრეს უვლიან და დარბაზში გადიან, პიშჩიკი გაიძახის: „Grand-rond balancez!“ და „Les caveliers à genoux et remerciez vos dames!“

ფრაკში გამოწყობილი ფირსი ხონჩით ზელტერის წყალს დაატარებს. სასტუმროში შემოდიან ცეკვით დაღლილი პიშჩიკი და ტროფიმოვი.

პიშჩიკი. მე, ბატონო, სისხლჭარბი ვარ, ამის გამო ორჯერ ჩამექცა სისხლი და ცეკვა ჩემთვის არ

შეიძლება, მაგრამ რას იზამ? როგორც იტყვიან, ხროვაში რომ გაერევი, ყეფა თუ არ იცი, კუდი მაინც გააქიცინეო! საერთოდ კი, ცხენის ჯანმრთელობა მაქვს! განსვენებული მამაჩემი, ღმერთმა აცხონოს, ხუმარა კაცი იყო და ხშირად იტყოდა ხოლმე, ჩვენ, სიმეონოვ-პიშჩიკები, იმ ცხენის შთამომავლები ვართ, კალიგულამ რომის სენატში რომ წამოასკუპაო! (ჯდება.) ერთი უბედურება მჭირს მხოლოდ, ფული არა მაქვს! მშიერი ძაღლი, მოგეხსენებათ, მარტო ხორცს იპარავს (ხვრინვას ამოუშვებს და იმწამსვე გაეღვიძება.) ჰოდა, მეც ასევე, მარტო ფულზე შემიძლია...

ტროფიმოვი. აღნაგობით მართლა ცხენს ჰგავხართ.

პიშჩიკი. მერე რა უჭირს, ცხენი კარგი მხეცია... ცხენის გაყიდვა შეიძლება!

გვერდით ოთახიდან ჭახაჭუხი ისმის: იქ ბილიარდს თამაშობენ. დარბაზიდან ვარია შემოიხედავს და გაჩერდება.

ტროფიმოვი. (გამოაჯავრებს.) ქალბატონო ლოპახინა! ქალბატონო ლოპახინა!

ვარია. (გულმოსულად.) გაქუცულო ბატონო!

ტროფიმოვი. დიახ, გაქუცული ბატონი ვარ და ვამაყობ ამით.

ვარია. (შეწუხებული სახე აქვს.) მუსიკოსები დაიქირავეს... ნეტავ რით გაუსწორდებიან? (გადის.)

ტროფიმოვი. (პიშჩიკს.) მთელი ენერგია, რაც თქვენი ცხოვრების განმავლობაში პროცენტების გადასახდელად საჭირო ფულის მოგროვებას შეალიეთ, სხვა მიზნით რომ გამოგეყენებინათ, დარწმუნებული ვარ, დედამიწის ბურთს გადაატრიალებდით!

პიშჩიკი. აი, ნიცშე განთქმული ფილოსოფოსია, უზარმაზარი ჭკუის პატრონი... იმას უთქვამს, ყალბი ფულის მოჭრაც შეიძლებაო!

ტროფიმოვი. ნიცშე წაგიკითხავს?

პიშჩიკი. არა, ჩემმა შვილმა დაშენკამ მითხრა. მე ახლა ისეთ დღეში ვარ, ლამის ყალბი ფულის მოჭრა დავიწყო. ხვალ, მაგალითად, 300 მანეთი უნდა გადავიხადო. 130 უკვე ვიშოვე. (ჯიბეებს

მოისინჯავს, შეშფოთდება.) ვაი, დავკარგე! (ლამის ატირდეს.) ფული დავკარგე! ღმერთო ჩემო! (უცებ გახარებული.) უყურე შენ, სარჩულში ჩამვარდნია! კინაღამ გული გამისკდა!

შემოდიან ლუბოვ ანდრეევნა და შარლოტა ივანოვნა.

ლუბოვ ანდრეევნა. („ლეკურის“ მოტივს ღიღინებს.) ნეტავ ჩემი ძმა რა იქნა? ამდენ ხანს ქალაქში რას აკეთებს? (დუნიაშას.) დუნიაშა, მუსიკოსებს ჩაი შესთავაზეთ.

ტროფიმოვი. იქნებ ბაზრობა გადაიდო?

ლუბოვ ანდრეევნა. ეს მუსიკოსებიც ტყუილად მოვიყვანეთ. წვეულებაც უდროოდ გავმართეთ... თუმცა, არაფერია. (ჯდება და თავისთვის ღიღინებს.)

შარლოტა. (პიშჩიკს ბანქოს დასტას გაუწვდის.) აიღეთ ერთი კარტი და ჩაიფიქრეთ.

პიშჩიკი. ჩავიფიქრე.

შარლოტა

. ახლა კარტი ჩაჭერით. კარგია. (ბანქოს გამოართმევს.) ო, ჩემო ძვირფასო ბატონო პიშჩიკ! Ein, zwei, drei! ის კარტი თქვენს მარჯვენა ჯიბეშია, ამოიღეთ!

პიშჩიკი. (ჯიბიდან კარტს ამოიღებს.) ყვავის რვიანი! (გაოცებული.) უყურე შენ, სწორია!

შარლოტა. (ხელისგულზე ბანქოს დასტა უდევს, ტროფიმოვს.) მითხარით, ჩქარა, ზემოდან რა კარტია?

ტროფიმოვი. ყვავის ქალი.

შარლოტა. ჰოპ! (ყვავის ქალს გადმოაბრუნებს, მერე პიშჩიკს მიუბრუნდება.) ზემოდან რა კარტია?

პიშჩიკი. აგურის ტუზი.

შარლოტა. ჰოპ! (აგურის ტუზს დაანახვებს, ბანქოს დასტას ხელს დაჰკრავს და გააქრობს). ახლა ყურადღება! (მკვეთრად, დამარცვლით წარმოთქვამს.) დღეს კარგი ამინდია.

ამაზე საიდანღაც მამაკაცის ბოხი ხმა უპასუხებს: „დიახ, ქალბატონო, დღეს კარგი ამინდია!“

თქვენ ძლიერ კარგი ხართ, თქვენ ჩემი იდეალი ბრძანდებით!..

ისევ მამაკაცის ხმა უპასუხებს: „თქვენც, ქალბატონო, ძლიერ მომწონხართ“.

სადგურის უფროსი. (ტაშს შემოჰკრავს.) ბრავო! ბრავო! ქალბატონი მუცლითმეზღაპრეც ყოფილა!

პიშჩიკი. (თავზარდაცემულია.) უყურე შენ! შარლოტა ივანოვნა, ძვირფასო... მე... მე თითქმის შეყვარებული ვარ...

შარლოტა. შეყვარებულიო? (მხრებს აიჩეჩს, ამრეზით.) განა თქვენ იცით, სიყვარული რა არის? Guter mensch, aber schlechter Musikant!

ტროფიმოვი. (პიშჩიკს მხარზე ხელს დაჰკრავს.) ესეც თქვენ, ცხენო! კარგი ულაყი, ხომ იცით, მათრახს არ დაიკარებს.

შარლოტა. ყურადღება, ბატონებო... კიდევ ერთი ფოკუსი. (სავარძლიდან მოსასხამს აიღებს.) ეს ძვირფასი მოსასხამია, მე მსურს მისი გაყიდვა. (მოსასხამს ააფრიალებს.) ვინ ყიდულობს?

პიშჩიკი. (პირდაღებული მისჩერებია.) უყურე შენ!

შარლოტა. Ein, zwei, drei! (სწრაფად დაიქნევს მოსასხამს და ისევ ააფრიალებს.)

მოსასხამის უკან ანა გაჩნდება. იგი რევერანსს გააკეთებს, მერე დედასთან მიირბენს, აკოცებს და დარბაზში გარბის. ყველანი აღტაცებული არიან.

ლუბოვ ანდრეევნა. ბრავო! ბრავო! (ტაშს უკრავს.)

შარლოტა. ახლა, კიდევ ერთი. Ein, zwei, drei!

მოსასხამს ააფრიალებს და მის უკან ვარია გაჩნდება. ის თავის დაკვრით ესალმება სტუმრებს.

პიშჩიკი. ეს გადასარევია... სასწაულია, ღმერთმანი! (გაკვირვებული.) უყურე შენ!

შარლოტა. მორჩა! წარმოდგენა დამთავრებულია! (მოსასხამს პიშჩიკს მიუგდებს. რევერანსს გააკეთებს და დარბაზში გარბის.)

პიშჩიკი. (გამოეკიდება.) უყურე შენ! ხედავთ, რა ყოფილა?! ეშმაკის ფეხია ეგ ოხერი. (გადის.)

ლუბოვ ანდრეევნა. ჩემი ძმა კი არ ჩანს... აქამდე ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო. ან გაიყიდებოდა ჩვენი მამული, ანდა... არ ვიცი, რა ვიფიქრო... იქნებ ვაჭრობა მართლა არ შედგა? მოსულიყო მაინც, ეთქვა... რას გვაწვალებს დალოცვილი!

ვარია. (მის დამშვიდებას ცდილობს.) დარწმუნებული ვარ, ალუბლის ბაღი ძიამ იყიდა. აი, ნახავთ!

ტროფიმოვი. (ირონიულად.) რასაკვირველია.

ვარია. ნამდვილად ასეა! იაროსლავლელმა ბებიამ ფული გამოგვიგზავნა, რომ მამული იმის მაგივრად გვეყიდა და ვალიც იმის სახელზე გადაგვეწერა... ბებიას სურს, ყველაფერი ანას დაუტოვოს. ასე რომ, ღმერთი არ გაგვწირავს, მამულს ძია იყიდის!

ლუბოვ

ანდრეევნა. ბებიამ თხუთმეტი ათასი სწორედ იმიტომ გამოგზავნა, რომ მამული თავისთვის უნდა, ჩვენ არ გვენდობა, მაგრამ ეს თანხა პროცენტების დასაფარავადაც არ კმარა. (სახეს ხელებში ჩარგავს.) ო, ღმერთო! დღეს უნდა გადაწყდეს ჩემი ბედი... დღეს...

ტროფიმოვი. (ვარიას გამოაჯავრებს.) ქალბატონო ლოპახინა!

ვარია. (გაბრაზებული.) მარადიულო სტუდენტო! რამდენჯერ გაგრიცხეს უნივერსიტეტიდან?

ლუბოვ ანდრეევნა. რატომ ბრაზობ, ვარია? ლოპახინას რომ გეძახის, იმიტომ? გაჰყევი, თუ გინდა, კარგი კაცია. არ გინდა და ნუ გაჰყვები, ვინ გაძალებს?

ვარია. ეჰ, დედიკო... მე ამ საქმეს სერიოზულად ვუყურებ, რაღა დასამალია და ლოპახინი მართლა კარგი კაცია, მომწონს კიდეც, მაგრამ...

ლუბოვ ანდრეევნა. რას უცდი მერე?

ვარია. რა ვქნა, დედა, მე თვითონ ხომ არ შევთავაზებ ჩემს თავს? ორი წელია ყველა ამას მეუბნება, მილოცავენ, ის კი ან გაჩუმებულია, ან ხუმრობს... მესმის, განა არ მესმის, რატომ

იქცევა ასე? გამდიდრებაზე ფიქრობს, საქმით გართულია, ჩემთვის სად სცალია?! ეჰ, ფული რომ მქონდეს, სულ ცოტა, ასი მანეთი მაინც, მივატოვებდი ყველაფერს და სადმე გადავიკარგებოდი... მონასტერში წავიდოდი.

ტროფიმოვი. ეგ მართლა ჩინებული იქნებოდა!

ვარია. (ტროფიმოვს.) სტუდენტ კაცს მეტი ჭკუა მოგეთხოვებათ! (გულაჩუყებული, მტირალა ხმით.) რა არის, პეტია, რა ულამაზო გახდით, როგორ დაბერებულხართ!.. (ლუბოვ ანდრეევნას, უკვე დამშვიდებული.) უსაქმოდ არ შემიძლია ყოფნა, ყოველ წუთს რაღაცას უნდა ვაკეთებდე.

შემოდის იაშა.

იაშა. (სიცილს ძლივს იკავებს.) ეპიხოდოვმა საბილიარდოში კიი გატეხა! (გადის.)

ვარია. (შეშფოთებული.) რაო? ეპიხოდოვს აქ რა უნდა? ან საბილიარდოში ვინ შეუშვა?.. გადამრევს ეს ხალხი! (სწრაფად გადის.)

ლუბოვ ანდრეევნა. (ტროფიმოვს.) თავი დაანებეთ, პეტია, ნუ დასცინით! მაგას თავისი დარდიც ეყოფა.

ტროფიმოვი. აბა, რატომ მეტიჩრობს? მთელი ზაფხული მე და ანას მოსვენება არ მოგვცა, სულ კუდში დაგვდევდა, ეშინოდა, ჩვენ შორის რომანი არ გაჩარხულიყო... ვინ ეკითხება მაგას? ანდა რამ აფიქრებინა ასეთი სისულელე? მე, პირადად, არავითარი საბაბი არ მიმიცია! და საერთოდ, ვერ ვიტან, როცა ადამიანი სხვის საქმეში ეჩრება! მე და ანა სიყვარულზე მაღლა ვდგავართ!

ლუბოვ ანდრეევნა. მე კი, ეტყობა, სიყვარულზე დაბლა ვარ... (საშინლად ღელავს.) სად დაიკარგა ჩემი ძმა? ნეტავ ვიცოდე, რით დამთავრდა ვაჭრობა! ნუთუ გაყიდეს ჩვენი მამული?.. არა, არა! ეს უბედურება იმდენად შეუძლებლად მიმაჩნია, რომ არც კი ვიცი, რა ვიფიქრო... მთლად დავიბენი... მე შემიძლია ახლა დავიყვირო, რაღაც სისულელე ჩავიდინო... მიშველეთ, პეტია! თუ ღმერთი გწამთ, ილაპარაკეთ, თქვით რამე...

ტროფიმოვი. გაიყიდა თუ არ გაიყიდა თქვენი მამული, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მამულის საქმე გათავებულია, უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. დამშვიდდით და თავს ნუ იტყუებთ. ერთხელ მაინც გაბედეთ და სიმართლეს თვალი გაუსწორეთ.

ლუბოვ

ანდრეევნა. რომელ სიმართლეზე მელაპარაკებით? თქვენ, ეტყობა, კარგად იცით, სად არის სიმართლე და სად – ტყუილი. მე კი, თითქოს ბრმა ვიყო, ვერაფერს ვხედავ. თქვენ სულ ადვილად შეგიძლიათ ურთულესი საკითხების გადაწყვეტა. წინ თამამად, უშიშრად იყურებით, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ეს იმიტომ ხდება, რომ იმ საკითხებიდან თქვენ, პირადად, ჯერ არც ერთი არ გამოგიცდიათ და გადაგიტანიათ?! იქნებ მომავლისაც იმიტომ არ გეშინიათ, რომ თქვენი ახალგაზრდა თვალი ჯერ კიდევ ცხოვრებას ვერ ხედავს ისეთს, როგორიც არის... მიკვირს, ღმერთმანი! კარგი კაცი ხართ, პატიოსანი, გაბედული, ჩვენ შორის, შესაძლოა, ყველაზე კეთილიც, რატომ არ გინდათ, ცოტათი მაინც დაუფიქრდეთ იმას, რაც ხდება და თანამიგრძნოთ, შემიცოდოთ მე უბედური?.. მე ხომ აქ გავიზარდე, ამ ჭერქვეშ, ჩემი დედ-მამაც აქ ცხოვრობდა, პაპაჩემიც და რა ვქნა, გეთაყვა, მიყვარს ეს სახლი! მიყვარს! ალუბლის ბაღის გარეშე ჩემი ცხოვრება შეუძლებელია და თუ მაინცდამაინც ასე საჭიროა მისი გაყიდვა, მაშინ მეც გამყიდონ ბაღთან ერთად... (შემოეხვევა ტროფიმოვს, შუბლზე კოცნის.) აქ ხომ ჩემი შვილი დაიღუპა. (ტირის.) პეტია, შემიბრალეთ, მართლა ცოდვა ვარ...

ტროფიმოვი. დამიჯერეთ, სულითა და გულით თანაგიგრძნობთ.

ლუბოვ ანდრეევნა. ეგრე არა, არა! სხვანაირად უნდა გეთქვათ!.. (ხელსახოცს ამოიღებს, ჯიბიდან დეპეშა დაუვარდება.) ო, რა საშინელ გუნებაზე ვარ! ყველაფერი მაღიზიანებს... ეს

ხალხიც, ეს ხმაურიც... სულ ვკანკალებ... ჩემს ოთახში წავიდოდი, მაგრამ სიჩუმის მეშინია... ნუ დამძრახავთ, პეტია, თქვენ იცით, როგორ მიყვარხართ და იმიტომ ვარ ასეთი გულახდილი... სიამოვნებით დავთანხმდებოდი, რომ ჩემი ანა ცოლად შეგერთოთ, მაგრამ, ძვირფასო, სწავლა უნდა დაამთავროთ, ასე არ იქნება! როდემდე უნდა იყოთ უსაქმოდ? სულ სადღაც დაეხეტებით... ეს, ცოტა არ იყოს, უცნაურია... განა სწორს არ ვამბობ? ამ თქვენს გაჩეჩილ წვერსაც რამე უნდა მოუხერხოთ... (იცინის.) არა, მართლა! გინდათ, სარკეს მოგიტანთ, იცით, რა სასაცილო ხართ?

ტროფიმოვი. (დეპეშას აიღებს და მიაწვდის.) კოპწიაობაზე თავს არ ვდებ.

ლუბოვ ანდრეევნა. ეს დეპეშაც პარიზიდანაა. ყოველდღე ვიღებ. გუშინაც მომივიდა, დღესაც... ის ველური კაცი ისევ ავად გამხდარა და მეხვეწება, ჩამოდიო. პატიებას მთხოვს... (პაუზა.) წესით კი უნდა ჩავსულიყავი, მიმეხედა იმ უბედურისთვის... რატომ მოიღუშეთ? მკიცხავთ? აბა, რა ვქნა, ძვირფასო, ის საწყალი ავადაა, მარტოა და მე თუ არ მოვუარე, ჭკუა თუ არ დავარიგე, დროზე თუ არ მივეცი წამალი, სხვა ვინ გააკეთებს ამას?.. თუმცა... რა დასამალია, ანდა რისი უნდა მრცხვენოდეს... მიყვარს ის კაცი! დიახ, მიყვარს! ვიცი, რომ ეს სიყვარული მარწუხივითაა და შეიძლება დამახრჩოს კიდეც, მაგრამ უიმისოდ ცხოვრება არ შემიძლია!.. (ტროფიმოვს სახელოზე მოებღაუჭება.) ოღონდ ცუდს ნუ იფიქრებთ ჩემზე!.. გემუდარებით, ახლა არაფერი მითხრათ!

ტროფიმოვი. მაპატიეთ, ღვთის გულისთვის, მაგრამ... იმ კაცმა თქვენ გაგძარცვათ!

ლუბოვ ანდრეევნა. არა, არა! ეგ არ თქვათ, სიცრუეა! (ყურებში თითებს დაიცობს.)

ტროფიმოვი. ის არამზადაა! მარტო თქვენ არ გესმით ეს! ის სულმდაბალი არსებაა! გაიძვერა! არარაობა!..

ლუბოვ ანდრეევნა. (ძალზე გულმოსული, თუმცა ცდილობს თავი შეიკავოს.) ოცდაექვსი თუ ოცდაშვიდი წლის ხართ და გიმნაზისტივით მსჯელობთ!

ტროფიმოვი. იყოს ასე!

ლუბოვ ანდრეევნა. მამაკაცი უნდა იყოთ! თქვენს ასაკში ადამიანს უკვე უნდა ესმოდეს შეყვარებულთა გულისთქმა. ასეთი მიამიტობა, უბრალოდ, სასაცილოა! დასწყევლოს ღმერთმა, თქვენ ახლა თვითონაც უნდა იყოთ შეყვარებული! დიახ! (გაბოროტებით.) სიკეთის ნატამალიც არ ყოფილა თქვენში! ცინგლიანი ვიღაც ყოფილხართ, სულელი და ახირებული. (ზიზღით.) დამიხედეთ ერთი ამ მახინჯს!

ტროფიმოვი. (თავზარდაცემული.) რას ამბობთ, რას?!

ლუბოვ ანდრეევნა. (გამოაჯავრებს.) „სიყვარულზე მაღლა ვდგავართ!“ სიყვარულზე მაღლა კი არა, ჩვენი ფირსის თქმისა არ იყოს, დოყლაპია ყოფილხართ, გაგონილა, ამხელა კაცს საყვარელი არ ჰყავდეს? სასაცილოა, მაშ რა არის?!

ტროფიმოვი. (გაოგნებულია.) ეს საშინელებაა! ღმერთო! რას ამბობს? (თავში ხელს იტაცებს, დარბაზისკენ გაემართება.) არ შემიძლია, არა! მე წავალ... (მიდის და ისევ ბრუნდება.) ჩვენ შორის ყველაფერი გათავებულია! (სწრაფად გადის დერეფანში.)

ლუბოვ ანდრეევნა. (მიაძახებს.) მოიცა, მოიცა... რა უცნაური ხართ... ვიხუმრე, პეტია!

დერეფნიდან აჩქარებული ფეხის ხმა ისმის, – ვიღაც კიბეზე ჩარბის. ამას საშინელი ხმაური მოჰყვება. ანა და ვარია დერეფანში გაცვივდებიან. ცოტა ხნის შემდეგ იქიდან სასტუმროში მათი ხარხარი შემოიჭრება.

რა ამბავია?

შემორბის სიცილით ანა.

ანა. ტროფიმოვი კიბეზე დაგორდა! (ისევ დერეფანში გავარდება.)

ლუბოვ ანდრეევნა. რა ახირებული ყოფილა...

ნელა გადის დერეფანში. სასტუმროდან ჩანს: სადგურის უფროსი შუა დარბაზში გამოდის და ალექსეი ტოლსტოის „ცოდვილ ქალს“ გამოთქმით კითხულობს. ყველანი უსმენენ. ცოტა ხნის შემდეგ დარბაზსა და სასტუმროს ვალსის მელოდია მოეფინება. დეკლამაცია წყდება და სტუმრები ცეკვას იწყებენ; დერეფნიდან ტროფიმოვი, ანა, ვარია და ლუბოვ ანდრეევნა შემოდიან.

ლუბოვ ანდრეევნა. მაპატიეთ, პეტია, არ ვიცოდი, თუ ეგეთი ჩვილი გული გქონდათ. წამოდით, ვიცეკვოთ. (პეტიასთან ცეკვავს.)

ანა და ვარიაც ცეკვავენ.

შემოდის ფირსი, ჯოხს გვერდით კარს მიაყუდებს. სასტუმრო ოთახიდან შემოდის იაშა, უყურებს, როგორ ცეკვავენ წყვილები.

იაშა. (ფირსს.) რაო, ბებერო?

ფირსი. შეუძლოდ ვარ... წინათ ჩვენს სახლში წვეულების დროს გენერლები, ბარონები და ადმირალები ცეკვავდნენ, ახლა კი ფოსტის მოხელეს და სადგურის უფროსს ვეპატიჟებით და ისინიც ფეხს ითრევენ... დავსუსტდი ამ ბოლო დროს... განსვენებული დიდი ბატონი ყველას არაყზე დაყენებული ლუქით მკურნალობდა. ყველანაირ ავადმყოფობას არჩენდა. მეც ბარე ოცი წელია, ლუქსა ვსვამ და... იმიტომაც ვარ, ალბათ, ცოცხალი.

იაშა. გული გააწყალე, ბებერო, ნეტავ მალე ჩაძაღლდებოდე!

ფირსი. ეჰ... შე დოყლაპიავ! (ბურტყუნებს.)

ტროფიმოვი და ლუბოვ ანდრეევნა დარბაზში ცეკვავენ, შემდეგ სასტუმრო ოთახში.

ლუბოვ ანდრეევნა. (ტროფიმოვს.) Merci... ცოტა ხანს ჩამოვჯდები, დავიღალე. (ჯდება).

შემოდის ანა.

ანა. (აღელვებულია.) სამზარეულოში ერთ კაცს უთქვამს, ალუბლის ბაღი გაიყიდაო!

ლუბოვ ანდრეევნა. ვინ იყიდა?

ანა. არ ვიცი. (ტროფიმოვს საცეკვაოდ გაიწვევს და ორივენი დარბაზში გადიან.)

იაშა. ვიღაც მოხუცი იყო, ყბედობდა რაღაცას...

ფირსი. ჩვენი ბატონი კი ჯერ არ ჩამოსულა... თხელი პალტო აცვია. ემანდ, არ გაცივდეს... ეჰ, ახალგაზრდობავ!

ლუბოვ ანდრეევნა. გული შემიღონდება ახლა... წადი, იაშა, გაიგეთ, ვინ იყიდა.

იაშა. რაღა დროსია, წავიდოდა ის მოხუცი. (იცინის.)

ლუბოვ ანდრეევნა. ნეტავ რა გაცინებთ?

იაშა. ეპიხოდოვზე მეცინება. მართლა ჩერჩეტია. „ბედოვლათს“ ტყუილად კი არ ეძახიან!

ლუბოვ ანდრეევნა. (ფირსს.) ცუდი ფერი გადევს, შე საწყალო. ავად ხომ არა ხარ? წასულიყავი, დაგესვენა.

ფირსი. (ჩაეცინება.) მე რო დავისვენო, თქვენ ვიღა მოგემსახურებათ? ჩემს მეტი ხომ სახლში არავინაა...

იაშა. ლუბოვ ანდრეევნა, ერთი რამ მინდა გთხოვოთ... პარიზში რომ წახვალთ, მოწყალება გაიღეთ და მეც წამიყვანეთ! ჩემი აქ დარჩენა ყოვლად შეუძლებელია. (მიმოიხედავს ჩუმად.) აბა, რა უნდა გითხრათ, თვითონაც ხედავთ რა მდგომარეობაა; ქვეყანა გაუნათლებელია, მოსამსახურე ხალხი გაირყვნა, ბოდიში ამ სიტყვებისთვის და, ღმერთმა იცის, რას აჭმევენ!.. ეს ფირსიც აქ დაეთრევა, რაღაც შეუფერებელ სიტყვებს ბურტყუნებს... წამიყვანეთ, უმორჩილესად გთხოვთ!

შემოდის პიშჩიკი.

პიშჩიკი. (ლუბოვ ანდრეევნას.) ნება მიბოძეთ, მშვენიერო, ვალსზე მიგიწვიოთ! (ლუბოვ ანდრეევნა მიჰყვება.) 180 მანეთი კი, როგორც გენებოთ და... (ცეკვავს.) 180 მანეთს მაინც გამოგართმევთ.

დარბაზში გადიან ცეკვით.

იაშა. (ღიღინებს.) „ჩემი გულის მღელვარებას თუ გაიგებ, თუ მიხვდები...“

შუა დარბაზში მოცეკვავეთა შორის, ნაცრისფერ ცილინდრსა და კუბოკრულ შარვალში გამოწყობილი ახალი პერსონაჟი გამოჩნდება. იგი ხელებს იქნევს და ხტის. მოისმის შეძახილები: „ბრავო, შარლოტა ივანოვნა! ბრავო!“

დუნიაშა. (დარბაზიდან შემორბის და ფერ-უმარილს იცხებს.) ჩვენი ახალგაზრდა ქალბატონი მეუბნება, იცეკვეო, კავალერი ბევრია, ქალები კი არ გვყოფნისო! მე კი ცეკვისგან თავბრუ

მეხვევა და გული მიფრიალებს... (ფირსს.) ფირს ნიკოლაევიჩ, ფოსტის მოხელემ, ეს წუთია, ისეთი სიტყვები მითხრა, კინაღამ გული წამივიდა!

მუსიკის ხმა მიჩუმდება.

ფირსი. რაო, რა გითხრა?

დუნიაშა. ყვავილს ჰგავხარო!

იაშა. (დაამთქნარებს.) ღმერთო, რა უმეცრებაა! (ტუჩამრეზილი გადის.)

დუნიაშა. ყვავილს ჰგავხარო... მე ისეთი აზიზი ვარ, საშინლად მიყვარს ლამაზი სიტყვები...

ფირსი. გაგაგიჟებენ, გოგო... აი, ნახავ.

შემოდის ეპიხოდოვი.

ეპიხოდოვი. (დუნიაშას.) ავდოტია ფიოდოროვნა! თქვენ, როგორც ვატყობ, ჩემი დანახვა არ გსურთ. ისე მექცევით, თითქოს მწერი ან რაღაც ინფუზორია ვიყო... (ამოოხვრით.) ეჰ, ცხოვრებას რა ვუთხრა!

დუნიაშა. (მედიდურად.) რა გნებავთ?

ეპიხოდოვი. სავსებით შესაძლოა და, რასაკვირველია, მართალიც ბრძანდებით, (ისევ ამოიოხრებს.) მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით თუ მივუდგებით ამ საკითხს, მაპატიეთ ეს გამოთქმა და, თავს უფლებას მივცემ, მოგახსენოთ, რომ თქვენ, ასე ვთქვათ, სულიერ მდგომარეობაში ჩამაყენეთ!.. დიახ, ჩემი ფორტუნა ჩემთვის ცნობილია, ყოველდღე რაღაც უბედურება უნდა შემემთხვეს, მაგრამ შევეჩვიე ამას და ჩემს ბედ-იღბალს გაღიმებული ვუცქერი. თქვენ, თუ გახსოვთ, პირობა მომეცით...

დუნიაშა. სხვა დროს ვილაპარაკოთ, მე ახლა ვოცნებობ. (მარაოს ხელში ათამაშებს.)

ეპიხოდოვი. უბედურებას შევეჩვიე-მეთქი და მხოლოდ ვიღიმები... ანდა, მაპატიეთ ეს გამოთქმა, უბრალოდ ვიცინი.

შემოდის ვარია.

ვარია. (ეპიხოდოვს.) შენ ჯერ არ წასულხარ? რა უპატივცემულოდ იქცევი, სემიონ? (დუნიაშას.) წადი აქედან. (ეპიხოდოვს.) ვითომ რაო, სტუმარივით რომ გიჭირავს თავი? ან ის რა იყო, ბილიარდის კიი რომ გატეხე?

ეპიხოდოვი. ჩემი ამბავი, სხვათა შორის, თქვენ არ გეკითხებათ.

ვარია. დალოცვილო, კი არ გიჯავრდები, უბრალოდ, გითხარი, უსაქმოდ ნუ დაეხეტები-მეთქი! შენი ადგილი აქ არ არის. წადი და საქმეს მიხედე. კანტორის მოხელედ ამისთვის კი არ დაგიქირავეთ, უნდა იმუშაო.

ეპიხოდოვი. (ეწყინება.) ვმუშაობ თუ დავდივარ, ვჭამ თუ ბილიარდს ვთამაშობ, ამ საკითხზე თქვენ კი არა, საქმეში ჩახედულმა ხალხმა და ჩემმა უფროსებმა უნდა იმსჯელონ. თქვენ ეს არ გეკითხებათ!

ვარია. (აფეთქდება.) როგორ მიბედავ? მაშ, მე არაფერი მესმის? გაეთრიეთ აქედან! ამ წუთში!

ეპიხოდოვი. (ცოტა დამფრთხალი.) მე გთხოვთ, ზრდილობიანი გამოთქმები იხმაროთ...

ვარია. (გაცეცხლებული.) გაეთრიე-მეთქი! თვალით არ დაგინახო!

ეპიხოდოვი მიდის, ვარია გაეკიდება.

უყურე ამ ბედოვლათს?! ჰო, რას მომჩერებიხარ? მიბრძანდი, მიბრძანდი! აბა, გაგიბედავს და აქ შემოსულხარ, თავს გაგიხეთქ!

ეპიხოდოვი გაიძურწება, კარს უკან მისი ხმა ისმის: „მე თქვენ გიჩივლებთ!“

კიდევ მოძვრები? (კართან მიყუდებულ ჯოხს ხელს დაავლებს.) აბა, მოდი! მე შენ გიჩვენებ... (ჯოხს მოიქნევს.)

ამ დროს სასტუმროში ლოპახინი შემოვა.

ლოპახინი. დიდ მადლობას მოგახსენებთ.

ვარია. (გაბრაზებულია. თან შეწუხებული, ოდნავ დამცინავად.) მაპატიეთ...

ლოპახინი. არაფერია... დიდად მასიამოვნეთ, გმადლობთ!

ვარია. არ ღირს. (ოდნავ მოლბება.) გეტკინათ?

ლოპახინი. ისე რა... კოპი კი ნამდვილად დამაჯდება.

დარბაზში დაიძახებენ: „ლოპახინი ჩამოსულა! ერმოლაი ალექსეიჩ!“

პიშჩიკი. ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! (გადაეხვევა და კოცნის.) კონიაკის სუნი აგდის, ძვირფასო, ეტყობა, გიქეიფია! ჩვენც, როგორც ხედავ, ვმხიარულობთ!

სწრაფად შემოდის ლუბოვ ანდრეევნა.

ლუბოვ ანდრეევნა. ერმოლაი ალექსეევიჩ! რატომ დაიგვიანეთ? ჩემი ძმა სადაა?

ლოპახინი. ერთად ჩამოვედით, ამ წუთში მოვა.

ლუბოვ ანდრეევნა. (საშინლად ღელავს.) მითხარით ჩქარა, აუქციონი შედგა?

ლოპახინი. (იშმუშნება, ეტყობა, რაღაც უხარია, მაგრამ გრძნობის გამჟღავნება არ სურს.) დიახ... ოთხი საათისათვის დამთავრდა. მატარებელზე დავაგვიანეთ და ათის ნახევრამდე მოგვიხდა მოცდა. (ღრმად ამოიოხრებს.) უჰ, თავბრუ მეხვევა... დარეტიანებულივით ვარ...

შემოდის გაევი. მარჯვენა ხელში საყიდლები უჭირავს, მარცხენით ცრემლს იწმენდს.

ლუბოვ ანდრეევნა. (პაუზის შემდეგ.) როგორაა საქმე, ლეონიდ? (მოუთმენლად, ლამის ატირდეს.) ხმა ამოიღე, რას გაჩუმებულხარ?

გაევი. (ხელს ჩაიქნევს და ფირსს მიუბრუნდება.) აი, გამომართვი, სარდალა თევზია და ქერჩის ქაშაყი... დილიდან არაფერი მიჭამია... ღმერთო ჩემო, რა გადავიტანე!

საბილიარდოს კარი ღიაა, იქიდან ბურთების ჭახაჭუხი და იაშას ხმა ისმის: „შვიდი და თვრამეტი!“ გაევს სახე დაუმშვიდდება, იგი აღარ ტირის.

საშინლად დავიღალე, წამომყევი ფირს, ტანსაცმელს გამოვიცვლი... (მიდის. ფირსი მიჰყვება.)

პიშჩიკი. (გაეკიდება.) მაშ, აუქციონი შედგა? მოიცა, კაცო, გაგვაგებინე რა მოხდა?

ლუბოვ ანდრეევნა. (ლოპახინს.) ალუბლის ბაღი გაიყიდა?

ლოპახინი. გაიყიდა.

ლუბოვ ანდრეევნა. ვინ იყიდა?

ლოპახინი. მე ვიყიდე.

ხანგრძლივი პაუზა.

ლუბოვ ანდრეევნა წაბარბაცდება, თვალს დახუჭავს და სავარძელს დაეყრდნობა, რომ არ წაიქცეს. ვარია წელზე დაკიდებული გასაღებების ასხმას მოიხსნის, შუა დარბაზში იატაკზე დაანარცხებს და გადის.

მე ვიყიდე... მოიცათ, ბატონებო... ღვთის გულისათვის, მოიცათ... გონება დამიბნელდა და ლაპარაკი მიჭირს... (იცინის.) მაშ, ასე, თავიდან დავიწყებ... ბაზრობაზე მივედით, დერიგანოვი, რასაკვირველია, იქ დაგვხვდა. ლეონიდ ანდრეევიჩს ჯიბეზე მხოლოდ თხუთმეტი ათასი ჰქონდა, დერიგანოვმა კი თავიდანვე, ვალს ზევით ოცდაათი ათასი გამოაცხადა... ვხედავ, საქმე ცუდადაა, შევევაჭრე და ორმოცი დავიძახე, იმან ორმოცდახუთიო, მე – ორმოცდათხუთმეტი... და ასე: ის თანდათან ხუთ-ხუთს უმატებდა, მე კი ათზე ნაკლებს არ ვიძახდი... ბოლოს, იმით გათავდა, რომ მე, ვალს ზევით, ოთხმოცდაათი ვთქვი და... ალუბლის ბაღი ახლა ჩემია!.. ჩემია, დიახ! (ხარხარებს.) ღმერთო, დიდებულო, ალუბლის ბაღი ჩემია!.. მითხარით, გეთაყვა, იქნებ მთვრალი ვარ? იქნებ ჭკუაზე არა ვარ? იქნებ ეს ყველაფერი მესიზმრება? (ფეხს აბაკუნებს.) ნუ დამცინით, ნუ! ნეტავ ახლა საფლავიდან მამაჩემი წამოაყენა, რომ საკუთარი თვალით დაინახოს, საკუთარი ყურით გაიგონოს, რაც მოხდა!.. მისმა ნაშიერმა ერმოლაიმ, წერა-კითხვის უცოდინარმა, სოფლელმა ბიჭმა ერმოშკამ, თავში რომ უტყაპუნებდა ყველა, ზამთარ-ზაფხულ რომ ფეხშიშველა დარბოდა, მამული იყიდა! თან რა მამული? რომლის მსგავსი ქვეყანაზე არ

მოიძებნება!.. მე, მე ვიყიდე. მე დავეპატრონე ამ მიწას, ამ კარ-მიდამოს, ამ სახლს, სადაც მამაჩემი და პაპაჩემი ყმები იყვნენ და მათ სამზარეულოს იქით არ უშვებდნენ! არ მჯერა, არა! ღმერთმანი, არ მჯერა! ეს შეუძლებელია... იქნებ სიზმარში ვარ? იქნებ ეს ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფია და სინამდვილეში არაფერი არ მომხდარა?! (იატაკზე დაგდებულ გასაღებებს აიღებს, ალერსიანად გაეღიმება.) გასაღები გადააგდო... აქაოდა, ამ სახლის პატრონი აღარა ვარო... (ასხმას ხელში შეათამაშებს.) დაე, ასე იყოს! სულერთია!

დარბაზში ორკესტრი დასაკრავად ემზადება, მუსიკალური ინსტრუმენტების არეული ხმა ისმის.

თქვენ, ეი! რომელი ხართ მანდ? მუსიკის მოსმენა მსურს! ყველანი აქ მოდით! მოდით და ერმოლაი ლოპახინს შეხედეთ! თქვენი თვალით დაინახეთ, როგორ მიადგება ცულით ხელში ალუბლის ბაღს და ძირფესვიანად გაჩეხს!.. დაინახეთ, როგორ დაემხობიან ალუბლის ხეები!.. მერე აქ აგარაკები აშენდება და ჩვენი შვილები, იმათი შვილები და შვილიშვილები ახალ ცხოვრებას დაიწყებენ!.. ჰეი, მუსიკა! დასცხეთ!

მუსიკის ხმა ისმის. ლუბოვ ანდრეევნა სავარძელში ჩაეშვება და ტირის. ლოპახინი მიუახლოვდება.

რატომ არ დამიჯერეთ, რატომ? დამშვიდდით, ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასო... ახლა უკვე გვიანია, ვეღარაფერს დაიბრუნებთ! (ცრემლი მოერევა.) ღმერთო ჩემო, ნეტავ მალე გათავდებოდეს ეს ტანჯვა, რაღაცნაირად შეიცვალოს ჩვენი უხეირო და უბადრუკი ცხოვრება!

პიშჩიკი. (ხელს გამოსდებს, ხმადაბლა.) ნუღარ შევაწუხებთ, იყოს, დარბაზში გავიდეთ. (დარბაზში გაჰყავს.)

ლოპახინი. რა ამბავია, რა მოწყენილობაა? ჰეი, მუსიკა, დასცხეთ! ხმამაღლა დაუკარით! ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მე მნებავს! (ირონიით.) ახალი მემამულე მოდის, ალუბლის ბაღის ახალი მფლობელი! (უცებ მაგიდას ფეხს წამოჰკრავს და ზედ დადგმული ძვირფასი ვერცხლის შანდალი შექანდება.) ჯანი გავარდეს, ყველაფერს გადავიხდი! (პიშჩიკთან ერთად გადის.)

სასტუმროსა და დარბაზში აღარავინაა. მარტო ლუბოვ ანდრეევნა მოკალათებულა სავარძელში და ჩუმად ქვითინებს. სწრაფად შემოდიან ანა და ტროფიმოვი. ანა დედას მიუახლოვდება და მის წინ დაიჩოქებს – ტროფიმოვი დარბაზის შესასვლელში გაჩერდება.

ანა. დედა, დედიკო! ჩემო კეთილო, ჩემო კარგო დედიკო... ნუ ტირი, საყვარელო! მე ხომ მიყვარხარ... მე ხომ შენთან ვარ... ალუბლის ბაღი გაიყიდა, იგი უკვე აღარ არსებობს... ეს მართალია, მაგრამ ნუ ტირი, შენ ხომ ცოცხალი ხარ. ხომ შეინარჩუნე შენი უმწიკვლო, სუფთა სული! წამოდი ჩემთან, ძვირფასო... წავიდეთ აქედან, ნუ დარდობ, ჩვენ ახალს, ამაზე უკეთესს და დიდებულ ბაღს გავაშენებთ, შენ მას კიდევ იხილავ, დატკბები მისი სილამაზით და შენს სულში ისევე, როგორც მთის უბეში ჩასული მზე, წყნარი და უსაზღვრო სიხარული დაივანებს... და მაშინ გაიღიმებ, დედა, გაიღიმებ და ისევ ბედნიერი იქნები! წამოდი, ძვირფასო, წავიდეთ...

ფარდა

 

მოქმედება მეოთხე

პირველი მოქმედების დეკორაცია, მხოლოდ ახლა ფანჯრებს ფარდები აღარ აფარია და კედლებზეც სურათები არ ჩანს. მცირედი ავეჯიღა დარჩა, ისიც კუთხეშია მიდგმული, თითქოს გასაყიდად გაამზადესო. სცენაზე უცნაური სიცარიელე იგრძნობა. კართან, რომელსაც ბაღში გავყავართ, აგრეთვე სცენის სიღრმეში, ჩემოდნები, ფუთები და სხვა ნივთები აწყვია. მარცხენა კარი ღიაა, იქიდან ვარიას და ანას ლაპარაკი ისმის. შუა ოთახში ლოპახინი დგას და ელოდება... იაშას ხელში ლანგარი უჭირავს – ზედ შამპანურით სავსე სირჩებია. დერეფანში ეპიხოდოვი ხის ყუთს ლურსმნებს აჭედებს. სცენის მიღმა ხალხის მოგუდული ყაყანი ისმის. ეს გლეხები მოსულან ბატონებთან გამოსამშვიდობებლად. გაევის ხმა: „გმადლობთ, ძმებო! დიდი მადლობა!“

იაშა. მდაბიო ხალხი მოსულა გამოსათხოვებლად... მე იმ აზრისა ვარ, რომ ამ ხალხს კეთილი გული აქვს, მაგრამ ბევრი არაფერი გაეგება.

ყაყანი წყდება. დერეფნიდან ლუბოვ ანდრეევნა და გაევი შემოდიან. ლუბოვ ანდრეევნა აღარ ტირის, მხოლოდ ძლიერ გაფითრებულია, სახე უთრთის და ლაპარაკი უჭირს.

გაევი. აბა, ეს საქმეა? მთელი საფულე აჩუქე! არ შეიძლება ასე, ლუბა, არა!

ლუბოვ ანდრეევნა. რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია! არ შემიძლია სხვანაირად! (მიდიან.)

ლოპახინი. (ხმას დაადევნებს.) ბატონებო! მობრძანდით, თითო ჭიქა გადავკრათ, ჩვენი გამომშვიდობებისა იყოს... ქალაქში ვერ მოვიფიქრე ყიდვა, სადგურში კი ერთი ბოთლის მეტი არ ჰქონდათ... მობრძანდით!

პაუზა.

მაშ, არ გინდათ? ეჰ, ბატონებო, ბატონებო. (კარს მოშორდება.) რომ მცოდნოდა, არ ვიყიდდი... მარტო ხომ არ დავლევ!

იაშა ლანგარს სკამზე ფრთხილად ჩამოდგამს.

შენ მაინც დალიე, იაშა.

იაშა. წამსვლელ-დამრჩომს გაუმარჯოს! ბედნიერად გამყოფოთ! (სვამს.) ეს შამპანური ნამდვილი არ უნდა იყოს.

ლოპახინი. რა ვიცი, რვა მანეთი კი მივეცი!

პაუზა.

ცივა, ეს ოხერი!

იაშა. დღეს ღუმელი არ აგვინთია, მაინც მივდივართ... (გაეცინება.)

ლოპახინი. რა მოგივიდა?

იაშა. მესიამოვნა და ვიცინი.

ლოპახინი. ოქტომბერია და როგორ ანათებს მზე! თან რა სიჩუმეა, ზაფხული გეგონება! სწორედ ასეთ დროს უნდა დაიწყო კაცმა მშენებლობა... (საათს დახედავს და კარს გასძახებს.) ბატონებო!

მატარებლის გასვლამდე ზუსტად ორმოცდაექვსი წუთი დარჩა! ოცი წუთის შემდეგ სადგურში უნდა წავიდეთ! დაუჩქარეთ!

შემოდის ტროფიმოვი. პალტო აცვია.

ტროფიმოვი. მგონი, წასვლის დროა. ეტლებიც მზად არის. დასწყევლოს ღმერთმა, ჩემი კალოში რა იქნა? (კარში.) ანა! არც აქ ყოფილა, ვერ ვიპოვე!

ლოპახინი. მეც თქვენს მატარებელს გავყვები, ხარკოვში საქმე მაქვს. იქ, ალბათ, მთელ ზამთარს დავრჩები... არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა! თქვენი გადამკიდე, პირდაპირ დავიტანჯე! ამ ხელებს აღარ ვიცი, რა ვუყო, ისე უცნაურად მკიდია, თითქოს ჩემი არ იყოს!

ტროფიმოვი. აი, წავალთ და ისევ თქვენს სასარგებლო საქმეს დაუბრუნდებით!

ლოპახინი. შამპანურს დალევთ?

ტროფიმოვი. არ მინდა.

ლოპახინი. მაშ, ახლა მოსკოვში?

ტროფიმოვი. ჰო, ჩვენებს ქალაქში გავაცილებ და ხვალ მოსკოვისკენ გავწევ.

ლოპახინი. იქაური პროფესორები, ალბათ, ლექციებს აღარ კითხულობენ, თქვენს მოლოდინში არიან!

ტროფიმოვი. ეგ შენ არ გეკითხება!

ლოპახინი. რამდენი წელია, რაც უნივერსიტეტში სწავლობ?

ტროფიმოვი. დალოცვილო, სხვა რამე თქვი, ამ ხუმრობას ყავლი გაუვიდა! (კალოშს ეძებს.) იცი, რა... ჩვენ, ალბათ, ვეღარ შევხვდებით და ნებას თუ მომცემ, წასვლის წინ, ერთი რამ მინდა გირჩიოთ: ხელებს ნუ იქნევ! მოიშალე ეგ ულაზათო ჩვეულება, ხელების ქნევა! ის შენი ყბადაღებული აგარაკების მშენებლობაც, ის ვარაუდიც, რომ მოაგარაკენი თავის დროზე მეპატრონეები გახდებიან, – ყველაფერი ეს ხელების ქნევაა... ჰოდა, მოიშალე, თუ ღმერთი გწამს! ასეა თუ ისე, მე მაინც მიყვარხარ და შენთვის სიკეთე მინდა... თითები გაქვს უცნაური: ნაზი და ჩამოქნილი, თითქოს არტისტი იყო... სულიც მგრძნობიარე გაქვს.

ლოპახინი. (გულაჩუყებული შემოეხვევა.) მშვიდობით, ჩემო კარგო, მადლობელი ვარ... გინდა, ფულს მოგცემ, გზაში დაგჭირდება.

ტროფიმოვი. არაა საჭირო.

ლოპახინი. უფულოდ რომ ხარ?

ტროფიმოვი. ვინ გითხრა? დღეს თარგმანში მივიღე. აი, აქ მიდევს! (ჯიბეზე ხელს დაიკრავს.) მაინც გმადლობთ. (შეშფოთებული.) სად დაიკარგა ის ოხერი კალოში?

ვარია. (გვერდით ოთახიდან.) ინებეთ თქვენი სისაძაგლე! (სცენაზე გამოისვრის წყვილ კალოშს.)

ტროფიმოვი. რა გაჯავრებს, ქალო? (დახედავს.) ეს ჩემი კალოში არ არის!

ლოპახინი. წლეულს გაზაფხულზე ათასი დესეტინა ხაშხაში დავთესე და ორმოცი ათასი მანეთი სუფთა მოგება მერგო! უნდა გენახა, რა ლამაზად ყვაოდა ჩემი ხაშხაში!.. ჰოდა, იმას ვამბობდი... ორმოცი ათასი სუფთა მოგება მერგო-მეთქი. რამდენიც გინდა, შემიძლია გასესხო!.. ცხვირს რატომ იბზუებ? მე, ძმაო, უბრალო კაცი ვარ, გლეხის შვილი. ალალი გულით გთავაზობ.

ტროფიმოვი. მამაშენი გლეხი იყო, მამაჩემი – აფთიაქარი. რა განსხვავებაა? ეს არაფერს ნიშნავს.

ლოპახინი საფულეს ამოიღებს.

შეინახე, არ მინდა. ორასი ათასიც რომ მომცე, არ ავიღებ. მე თავისუფალი კაცი ვარ; ყველაფერი, რასაც თქვენ, მდიდრებიცა და ღარიბებიც, ასე დიდად აფასებთ, ჩემზე არავითარ ზემოქმედებას არ ახდენს, ისევე, როგორც, მაგალითად, მტვერი ან ბუმბული, ჰაერში რომ დაფრინავს... უთქვენოდაც მშვენივრად გავძლებ! ისე ჩაგივლით, ზედ არ შემოგხედავთ! ამაყი ვარ და ძლიერი! კაცობრიობა უმაღლესი ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის, ბედნიერებას ეწაფება, და მის პირველ რიგებში თუ ვინმე მიაბიჯებს, მათ შორის მეც ვარ.

ლოპახინი. თუ მიხვალ იმ შენს ჭეშმარიტებასთან თუ ბედნიერებასთან?

ტროფიმოვი. (დაბეჯითებით.) მივალ.

პაუზა.

მე თუ ვერ მივედი, სხვებს მივასწავლი გზას!

გარედან ოთახში ცულის კაკუნი შემოიჭრება.

ლოპახინი. მშვიდობით, ჩემო კარგო... წასვლის დროა. ჩვენ აქ ერთმანეთს ცხვირს ვუბზუებთ, ვიჭიმებით, ცხოვრება კი ამ დროს მიდის და თითებშუა გვეცლება... მუშაობაა საჭირო, მუშაობა! დიდხანს რომ ვშრომობ, დაღლასაც ვგრძნობ, ფიქრიც მიადვილდება და ასე მგონია, ჩემთვისაც გასაგები ხდება, რისთვის ვარსებობ ამქვეყნად. არადა, რამდენია რუსეთში ისეთი, ვინც თვითონაც არ იცის, რისთვის ცხოვრობს!..

პაუზა.

ლეონიდ ანდრეევიჩს, ამბობენ, ბანკში ადგილი მიუღიაო, ექვსი ათასი ექნება... მეტი არაა ჩემი მტერი, რაც იმან იმუშაოს! ზარმაცია.

ანა. (კარში გამოჩნდება.) დედა გთხოვთ, სანამ ჩვენ წავალთ, ხეებს ნუ გაჩეხენო!

ტროფიმოვი. მართლაც, რა უტიფრობაა! ვეღარ მოიცადეს?! (გაგულისებული გადის დერეფანში.)

ლოპახინი. ახლავე, ახლავე... რა ხალხია, ღმერთო! (ტროფიმოვს მიჰყვება.)

ანა. ფირსი წაიყვანეს საავადმყოფოში?

იაშა. დილით უნდა წაეყვანათ, მე დავუბარე.

შემოდის ეპიხოდოვი.

ანა. (ეპიხოდოვს.) სემიონ! გაიგეთ ერთი, ფირსი თუ წაიყვანეს საავადმყოფოში.

იაშა. (აიმრიზება.) აკი გითხარით, დავუბარე-მეთქი, ეგორს უნდა წაეყვანა! ასჯერ ხომ არ ვეტყოდი!

ეპიხოდოვი. ღრმად მოხუც ფირსს, ჩემი საბოლოო აზრით, ვერავითარი შეკეთება ვეღარ

უშველის... მისი ადგილი სასაფლაოზეა და მართალი გითხრათ, მშურს კიდეც მისი. (ჩემოდანს მუყაოს კოლოფზე დადგამს და კოლოფი ჩაიჭყლიტება.) აი, ხედავთ? ასეც ვიცოდი. (გადის.)

იაშა. (დაცინვით.) ბედოვლათი!

ვარია. (კარს უკან.) ფირსი წაიყვანეს საავადმყოფოში?

ანა. წაუყვანიათ.

ვარია. აბა, ექიმისთვის გადასაცემი წერილი რომ დარჩათ?

ანა. დავიწყებიათ, გავატანოთ ვინმეს.

ვარია. (კარს უკან.) იაშა სად ბრძანდება? გადაეცით, დედამისი მოვიდა, უნდა გამოემშვიდობოს.

იაშა. (ხელს ჩაიქნევს, გაგულისებული.) მოთმინებას დააკარგვინებენ კაცს!

დუნიაშა ამ დროს ბარგთან ფუსფუსებს, იგი დაინახავს, რომ იაშა მარტოა და მიუახლოვდება.

დუნიაშა. ერთხელ მაინც შემომხედეთ იაშა... მაშ, მიდიხართ და მტოვებთ? (ატირდება და მოეხვევა.)

იაშა. (მოიცილებს.) კმარა, კმარა... რა საჭიროა ცრემლი? (შამპანურს სვამს.) მივდივარ, დიახ... ექვსი დღის შემდეგ ისევ პარიზში ვიქნები. ხვალ სწრაფ მატარებელში ჩავსხდებით და... კარგად მეყოლეთ! ღმერთო ჩემო, არც მჯერა, თუ ასე იქნება! ვივ ლა ფრანს! ყელში ამომივიდა თქვენთან ცხოვრება. რას იზამ? ველურობას გადავეჩვიე და მიკვირს კიდეც, თქვენს გაუნათლებელ საზოგადოებაში ამდენ ხანს რომ გავძელი! (შამპანურს სვამს.) აბა, რა გატირებთ? წესიერად მოქცეულიყავით და აღარ იტირებდით!

დუნიაშა. (იპუდრება, სარკეში იყურება.) წერილი მაინც მოიწერეთ. მე ხომ მიყვარდით, იაშა... ოჰ, როგორ მიყვარდით! არ ვიცი, უთქვენოდ როგორ გავძლებ!

იაშა. აქეთ მოდიან... (ბარგს უტრიალებს და ჩუმად ღიღინებს).

შემოდიან ლუბოვ ანდრეევნა, გაევი, ანა და შარლოტა ივანოვნა.

გაევი. წავიდეთ, თორემ დავაგვიანებთ. (იაშას მიაშტერდება.) დასწყევლოს, ისევ ქაშაყის სუნი მცემს.

ლუბოვ ანდრეევნა. ხუთ წუთში წავალთ... (ოთახს თვალს მოავლებს.) მშვიდობით, ჩემო სახლო, ჩემო ტკბილო ბებერო სახლო! ზამთარი გავა, გაზაფხული დადგება და შენ უკვე აღარ იქნები, დაგანგრევენ. ო, ღმერთო! რამდენი რამ ახსოვთ ამ კედლებს! (ანას ხარბად კოცნის.) ჩემო საუნჯევ, ჩემო ანგელოზო... შენ იცინი, შენი თვალები ალმასებივით ბრწყინავენ... კმაყოფილი ხარ? გიხარია?

ანა. მიხარია, დედა! ახალი ცხოვრება იწყება!

გაევი. (გახალისებული.) მართლაც, ლუბა, ხომ იცი, ყველაფერი კარგად მოეწყო... სანამ ალუბლის ბაღს გაყიდდნენ, ყველანი ვღელავდით, ვწუხდით, გამოსავალს ვეძებდით. ახლა კი, საბოლოოდ რომ გაირკვა მდგომარეობა, გული დაგვიმშვიდდა და გავმხიარულდით კიდეც... მე, მაგალითად, ამჟამად ბანკის მოხელე ვარ, ასე ვთქვათ, ფინანსისტი... რითაა ცუდი? დუპლეტით შუაში ვურტყამ! შენც, ჩემო დაო, ასეა თუ ისე, უკეთესად გამოიყურები, განა ასე არ არის, ბატონებო?

ლუბოვ ანდრეევნა. ჰო, ასეა, ნერვები დამიწყნარდა.

შლაპას და პალტოს მიართმევენ.

უკეთესად მძინავს.. იაშა, ჩემი ხელბარგი გაიტანეთ... (ანას.) ჩემო გოგონავ, ჩვენ მალე ისევ შევხვდებით, პარიზში, ალბათ, დიდხანს არ გავჩერდები. ის ფული, შენმა იაროსლავლელმა ბებიამ მამულის გამოსასყიდად რომ გამოგზავნა – გაუმარჯოს ბებიას! – სულ ცოტა ხანს მეყოფა...

ანა. შენ მალე დაბრუნდები, დედა, სულ მალე! მე დარწმუნებული ვარ. ამასობაში ვიმეცადინებ, გიმნაზიაში გამოცდებს ჩავაბარებ და სამსახურში მოვეწყობი. თუ გაგიჭირდა, დაგეხმარები კიდეც! მერე კი სულ ერთად ვიქნებით, ერთად წავიკითხავთ საინტერესო წიგნებს... (დედას ხელებს უკოცნის.) შემოდგომით, საღამოობით, ბუხართან დავსხდებით, წიგნებს წავიკითხავთ და ჩვენ წინაშე ახალი, გასაოცარი სამყარო გადაიშლება... (ოცნებობს.) შენ ოღონდ მალე ჩამოდი, დედა!

ლუბოვ ანდრეევნა. ჩამოვალ, შვილო... რასაკვირველია, ჩამოვალ. (ეხვევა, კოცნის.)

შემოდის ლოპახინი. შარლოტა ჩუმად ღიღინებს.

გაევი. ბედნიერია შარლოტა, მღერის!

შარლოტა. (ერთ ფუთას აიღებს, ჩვილი ბავშვივით გულში ჩაიკრავს და უნანავებს.) ჩემო შვილო, ჩემო პატარავ... ნანა, შვილო, ნანინა...

მოისმის ბავშვის ღნავილი: „უააა!“

სუ, გენაცვალე! ნუ ტირი, ჩემო ბიჭო!

„უააა!“

ო, როგორ მეცოდები!.. (ფუთას გადააგდებს, ლოპახინს.)

მაშ, თქვენ სამსახურს მპირდებით? იმედია, სიტყვას არ გადახვალთ, უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია!

ლოპახინი. სადმე მოგაწყობთ, შარლოტა ივანოვნა, უეჭველად!

გაევი. ყველანი გვშორდებიან, ვარენკაც მიდის... აღარავის ვჭირდებით.

შარლოტა. ქალაქში სად ვიცხოვრო? არადა, უნდა წავიდე... (ღიღინებს.) ეჰ, სულერთია!

სწრაფად შემოდის პიშჩიკი.

ლოპახინი. ბუნების სასწაული გვეწვია!

პიშჩიკი. (სულს ძლივს ითქვამს.) ვაიმე... მაცალეთ, სული მოვითქვა. გავწვალდი კაცი... სალამი, პატივცემულნო!.. წყალი დამალევინეთ, თუ ღმერთი გწამთ...

გაევი. ფულის სასესხებლად მოვიდოდა... მამა გიცხონდა, დიახ! წავედი მე! (გადის.)

პიშჩიკი. რა ხანია, თქვენთან არ ვყოფილვარ... (ლუბოვ ანდრეევნას.) ულამაზესო... (ლოპახინს.) გამარჯობა შენი... მიხარია, რომ გხედავ... უზარმაზარი ჭკუის კაცი ხარ... აჰა, აიღე... გამომართვი... (ფულს გაუწვდის.) აქ 400 მანეთია, 840 ჩემზე იყოს.

ლოპახინი. (გაკვირვებით მხრებს აიჩეჩს.) სიზმარში ხომ არა ვარ? სად იშოვე?

პიშჩიკი. მაცალე ერთ წამს. უჰ, ცხელა! სასწაული ამბავი მოხდა. ინგლისელები ჩამოვიდნენ და ჩემს მამულში რაღაც თეთრი თიხა აღმოაჩინეს! (ლუბოვ ანდრეევნას.) თქვენც, ულამაზესო, აი... 400 მანეთი, ინებეთ (ფულს აძლევს.) დანარჩენს მერე მოგართმევთ (წყალს სვამს.) ახლახან ვაგონში ერთი ახალგაზრდა კაცი ჰყვებოდა, თითქოს ვიღაც გამოჩენილი ფილოსოფოსი ადამიანებს სახლის სახურავებიდან გადმოხტომას ურჩევდა... გადმოხტითო, – უთქვამს, – და ყველაფერი ერთ წუთში გაირკვევაო!.. (გაოცებული.) ხედავ შენ, რაში ყოფილა საქმე?!.. წყალი!..

ლოპახინი. (დაინტერესებით.) ვინ ინგლისელები იყვნენ?

პიშჩიკი. არ ვიცი, მიწის ნაკვეთი იჯარით მივეცი... ოცდაოთხი წლის ვადით... ახლა კი, მაპატიეთ, გაქცევაზე ვარ, არ მცალია... ზნოიკოვთან უნდა მივიდე, კარდამონოვთან... ყველასი მმართებს... (წყალს სვამს.) კარგად მენახეთ! ოთხშაბათს გინახულებთ...

ლუბოვ ანდრეევნა. ჩვენ ქალაქში გადავდივართ საცხოვრებლად... მე კი ხვალ საზღვარგარეთ...

პიშჩიკი. რაო? (შეშფოთდება.) ქალაქში? ღმერთო ჩემო... მეც არ ვიფიქრე, ეს ავეჯი, ეს ჩემოდნები... თუმცა, არა უშავს... (ცრემლი მოადგება.) არაფერია... ჭკუა მეტისმეტად უჭრით ამ ინგლისელებს. არა უშავს... ღმერთი შეგეწევათ... ბედნიერებას გისურვებთ... არა უშავს, ყველაფერს ამქვეყნად დასასრული აქვს. (ლუბოვ ანდრეევნას ხელზე აკოცებს.) ერთი რამ მინდა გთხოვოთ... ვინიცობაა, ჩემი აღსასრულის ამბავი გაიგოთ, გაიხსენეთ ის... ცხენი... და თქვით, ასეთი და ასეთი კაცი იყო-თქო!.. ჩინებული ამინდია დღეს... ჰო... (საშინლად აღელვებული მიდის, მერე დაბრუნდება და კარში გაჩერდება.) ჰო, მართლა... დაშენკამ მოკითხვა შემოგითვალათ... (გადის.)

ლუბოვ ანდრეევნა. ახლა წავიდეთ, მგონი, ყველაფერი მოვაგვარე. ორი საზრუნავიღა დამრჩა: ერთი – ავადმყოფი ფირსია. (საათს დახედავს.) ხუთი წუთი კიდევ გვაქვს.

ანა. ნუ წუხხარ, დედა, ფირსი უკვე საავადმყოფოშია, იაშას გადაუყვანია დილით.

ლუბოვ ანდრეევნა. მეორე სადარდებელი ვარენკაა. ადრე ადგომასა და შრომას მიეჩვია და ახლა, უსაქმოდ რომ დარჩა, წყლიდან ამოგდებული თევზივითაა. გახდა, საწყალი, ფერი წაუვიდა, სულ ტირის...

პაუზა.

ერმოლაი ალექსეიჩ! ვარიას ამბავი თქვენ სხვებზე უკეთ იცით... დიდი ხანია ვოცნებობდი... ერთი სიტყვით, მუდამ მინდოდა, რომ ცოლად გეთხოვათ და თქვენც, მგონი, უარზე არ იყავით... (ანას შარლოტაზე ანიშნებს და ისინი გადიან.) მე მგონი, მოგწონთ ჩემი ქალიშვილი? გამაგებინეთ, რაშია საქმე? რატომ გაურბიხართ ერთმანეთს?

ლოპახინი. მე თვითონ არ ვიცი... რაღაც უცნაურად ხდება ყველაფერი... თუმცა დრო თუ დაგვრჩა და მატარებელზე არ დაგვაგვიანდება, მზად ვარ, თუნდაც ახლავე... არა, მართლა! გადავწყვიტოთ და მოვრჩეთ ამ საქმეს! ისევ თქვენ თუ დამეხმარებით, თორემ უთქვენოდ ვერაფერს გავხდები!

ლუბოვ ანდრეევნა. ჩინებულია! ამ ამბავს სულ ერთი წუთი დასჭირდება. ახლავე დავუძახებ.

ლოპახინი. ბარემ შამპანურიც გვაქვს... (სირჩებს გადახედავს.) ვიღაცას დაულევია...

იაშა ჩაახველებს.

ამაზე იტყვიან, გამოწრუპაო!

ლუბოვ ანდრეევნა. (გამოცოცხლებული.) შესანიშნავია!.. ჩვენ გავალთ. (იაშას.) Allez![18] ახლავე დავუძახებ. (კარში.) ვარენკა! თავი დაანებე ყველაფერს და მოდი! გესმის, ვარია! (იაშასთან ერთად გადის.)

ლოპახინი. (საათს უყურებს.) მაშ, ასე...

პაუზა.

კარს უკან თავშეკავებული სიცილი და ჩურჩული ისმის.

შემოდის ვარია.

ვარია. (ბარგს მიაშურებს და ათვალიერებს.) სად დაიკარგა ნეტავ?

ლოპახინი. რას ეძებთ?

ვარია. მე თვითონ ჩავდე და აღარ მახსოვს.

პაუზა.

ლოპახინი. საით აპირებთ ახლა, ვარვარა მიხაილოვნა?

ვარია. რაგულინებთან წავალ... მეკუჭნავედ დავუდგები, უკვე მოველაპარაკე.

ლოპახინი. ეგ სად, იაშნევოში? იქამდე, თუ არ ვცდები, სამოცდაათი ვერსია?

პაუზა.

მაშ, ასე... ამ სახლში ცხოვრება დამთავრდა.

ვარია. (ისევ ბარგს ათვალიერებს.) სად დაიკარგა ის ოხერი? იქნებ სკივრში ჩავდე?.. ამ სახლში ცხოვრება დამთავრდა და არასოდეს განმეორდება...

ლოპახინი. მეც დღეს ხარკოვში მივდივარ... თქვენებთან ერთად, იმავე მატარებლით... აქ კი ეპიხოდოვს ვტოვებ, მოურავად მეყოლება, უკვე გავურიგდი.

ვარია. კარგია, რა უჭირს...

ლოპახინი. შარშან ამ დროს გვარიანად თოვდა, ახლა კი მზიანი ამინდია. ერთია მხოლოდ, მაინც ყინავს... არანაკლები სამი გრადუსი იქნება.

ვარია. თერმომეტრისთვის არ შემიხედავს...

პაუზა.

თანაც გატეხილია ჩვენი თერმომეტრი.

პაუზა.

გარედან ვიღაც დაიძახებს: „ერმოლაი ალექსეიჩ!“

ლოპახინი. (თითქო ამ ძახილს ელოდა.) ახლავე! (სწრაფად გადის.)

ვარია იატაკზე დაეშვება, თავს ბარგზე მიდებს და გულამომჯდარი ქვითინებს. კარი გაიღება. ფრთხილად შემოდის ლუბოვ ანდრეევნა.

ლუბოვ ანდრეევნა. რაო?

პაუზა.

წავიდეთ, შვილო, დროა.

ვარია. (აღარ ტირის. თვალებს იმშრალებს.) ჰო, დედიკო, წავიდეთ. დღეს კიდევ მოვასწრებ რაგულინებთან მისვლას...

ლუბოვ ანდრეევნა. (კარს გასძახებს.) ანა, ჩაიცვი, მივდივართ!

შემოდიან ანა, შემდეგ გაევი, შარლოტა ივანოვნა. გაევს პალტო აცვია, მხარზე ყაბალახი აქვს გადაგდებული. შემოდიან მოსამსახურეები, მეეტლეები. ეპიხოდოვი ბარგს უტრიალებს.

აბა, გზას გავუდგეთ!

ანა. (სიხარულით.) გზას გავუდგეთ!

გაევი. ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ვტოვებ რა სამუდამოდ ამ სახლს, არ შემიძლია არ გამოვთქვა ის გრძნობა, ის მღელვარება, რომელიც...

ანა. (საყვედურით, მუდარით.) ძია!

ვარია. გაჩერდი, ძია... რა საჭიროა?

გაევი. (ნირწამხდარი.) დუპლეტით კუთხიდან ვურტყამ... ჰო, კარგი, ჩუმად ვარ, ჩუმად!

შემოდის ტროფიმოვი, მერე ლოპახინი.

ტროფიმოვი. დავიძრათ, ბატონებო, რას ვუცდით?

ლოპახინი. ეპიხოდოვ, პალტო!

ლუბოვ ანდრეევნა. ერთ წამს ჩამოვჯდები... ასე მგონია, ეს სახლი არასოდეს მინახავს. რანაირი კედლებია, ჭერი, ფანჯრები. როგორ მინდა, ყოველივე ეს დავიმახსოვრო!

გაევი. მახსოვს, ექვსი წლის რომ ვიყავი, წმინდა სამების დღეს ამ ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და მამაჩემს ვუყურებდი, ეკლესიაში მიდიოდა...

ლუბოვ ანდრეევნა. ბარგი გაიტანეს?

ლოპახინი. ჰო, ყველაფერი. (ეპიხოდოვს, რომელიც პალტოს აცმევს.) შენ იცი, კარგად მიხედე აქაურობას!

ეპიხოდოვი. (ხმაჩახლეჩით.) არხეინად იყავით, ყველაფერი რიგზე იქნება!

ლოპახინი. ხმა რატომ ჩაგხლეჩია?

ეპიხოდოვი. წყალი დავლიე და ყელში გადამცდა რაღაც!

იაშა. (ტუჩამრეზით.) რა უმეცრებაა...

ლუბოვ ანდრეევნა. აი, წავალთ ახლა და ამ სახლში ერთი სულიერიც არ დარჩება.

ლოპახინი. მხოლოდ გაზაფხულამდე.

ვარია ფუთიდან ქოლგას ამოაძრობს, დაიქნევს.

ლოპახინი განზე გახტება.

ვარია. როგორ გეკადრებათ... არც მიფიქრია.

ტროფიმოვი. წავიდეთ, ბატონებო, დროა. მატარებელი საცაა ჩამოდგება.

ვარია. (ტროფიმოვს.) აი თქვენი კალოში, ჩემოდნის გვერდით ეყარა (ცრემლი მოადგება.) რა გასვრილია, რას ჰგავს!

ტროფიმოვი. (კალოშს იცვამს.) დაუჩქარეთ, დაუჩქარეთ!

გაევი. (ღელავს, ლამის ატირდეს.) მატარებელი, სადგური... დუპლეტით შუაში! თავისუფალ კუთხეში ვურტყამ!..

ლუბოვ ანდრეევნა. აბა, წავიდეთ!

ლოპახინი. ყველანი აქა ხართ? იქით ხომ არავინ დარჩენილა? (მარცხენა კარს გასაღებით კეტავს.) გაბრძანდით ახლა!

ანა. მშვიდობით, სახლო! მშვიდობით, ძველო ცხოვრებავ!

ტროფიმოვი. ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს! (ანასთან ერთად გადის.)

ვარია ოთახს თვალს მოავლებს და აუჩქარებლად მათ მიჰყვება. გადიან იაშაც და შარლოტაც, რომელსაც ხელში ფინია უჭირავს.

ლოპახინი. მაშ, გაზაფხულამდე! გადით, ბატონებო! ნახვამდის! (გადის.)

ლუბოვ ანდრეევნა და გაევი მარტო რჩებიან. ისინი თითქოს ამას ელოდნენ: გადაეხვევიან ერთმანეთს და თავშეკავებით ქვითინებენ.

გაევი. (ჩურჩულით.) დაო... ჩემო დაო...

ლუბოვ ანდრეევნა. ო, ჩემო მშვენიერო, დაუვიწყარო ბაღო!.. ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ახალგაზრდობავ, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მშვიდობით! მშვიდობით!

ანას ხალისიანი ხმა: „დედა!“

ტროფიმოვის მხიარული, მგზნებარე შეძახილი: „აუუ!“

უკანასკნელად... უკანასკნელად მინდა შევხედო ამ კედლებს, ამ ფანჯრებს... ამ ოთახში განსვენებულ დედაჩემს უყვარდა ყოფნა...

გაევი. დაო... ჩემო დაო...

ანას ხმა: „დედა!“

ტროფიმოვის ხმა: „აუუ!“

ლუბოვ ანდრეევნა. მოვდივართ!

გადიან.

სცენა ერთხანს ცარიელია. გარკვევით ისმის, როგორ კეტავენ კარებს, დარაბებს, როგორ დაიძრებიან ეტლები... მერე სრული სიჩუმე ჩამოწვება. ამ სიჩუმეში ისევ ცულის კაკუნი შემოიჭრება: ბაღში ხეებს ჩეხენ. კაკუნი საოცრად ობლად და სევდიანად ჟღერს...

მერე ფეხის ხმა ისმის. მარჯვენა კარი გაიღება და გამოჩნდება ფირსი. მას შავი პიჯაკი და თეთრი ჟილეტი აცვია. ძლივს მოლასლასებს. ავადაა.

ფირსი. (მარცხენა კართან მიდის და სახელურს ხელს მოჰკიდებს.) დაუკეტავთ... წასულან უკვე... (დივანზე ჩამოჯდება.) მე კი დამივიწყეს... რას იზამ? დავჯდები აქ და ვიქნები ჩემთვის... ლეონიდ ანდრეიჩი, ალბათ, ისევ საზაფხულო თხელ პალტოში გაემგზავრა. (შეწუხებული ამოიოხრებს.) ვერ მივხედე... ეჰ, ახალგაზრდობავ!.. (გაუგებრად ბურტყუნებს.) ისე გაიარა ცხოვრებამ, თითქოს არც მიცხოვრია... (წამოწვება.) აი, დავისვენებ ცოტას და... ეს ოხერი ღონეც რომ გამომეცალა?! აღარაფერი დაგრჩა, შე ბებერო, აღარაფერი... ჰოდა, იყავი ასე, დოყლაპიავ! (უძრავად წევს.)

უცებ შორიდან გამწყდარი სიმის მსგავსი შემზარავი ხმა შემოიჭრება. თითქოს მაღლიდან მოდის – მწუხარე, ნაღვლიანი და თანდათან წყდება. სცენაზე სრული სიჩუმეა. მხოლოდ ბაღიდან შემოჭრილი ცულის კაკუნი არღვევს მყუდროებას.

ფარდა

 

ტეგები: Qwelly, მოთხრობები, ნოველები, ჩეხოვი

ნახვა: 31

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მომწავლელი პარლამენტი, მოსამართლეების გადადებული საქმე, კონფერენცია რუსულად და დოლარი ქვემოთ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 13, 2019.
საათი: 9:11pm 0 კომენტარი

      ხვალინდელი აქციების მოლოდინით კიდევ ერთი კვირა მიილია - ხვალ დიდი აქციობანა გაიმართება თბილისში. დღევანდელი დღე კი მოწამლული პარლამენტის და მის შიგნით თუ გარეთ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა - სად მაჟორიტარები, სად მოსამართლეები და სად ცუდად გამხდარი დეპუტატები. ასევე, პრემიერის რუსულენოვანი კონფერენცია გახდა რამდენიმე ნიუსის მიზეზიც. ცხადია, ლარის კურსზე 2,9-ის კლებაც არ დარჩენილა უყურადღებოდ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები…

გაგრძელება

პარლამენტის შინ და გარეთ არეულობები, დაპირისპირებები და საბოლოოდ დამტკიცებული მოსამართლეები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      12 დეკემბერი სრულად პარლამენტმა დაისაკუთრა. დილიდან ჯერ პარლამენტის წინ იყო არეულობა და გაურკვევლობა, დაპირისპირებები, პიკეტირება და გზის პოლიციური გახსნა და მოგვიანებით, პარლამენტის შიგნით გაიმართა განკითხვა-განუკითხაობა მოსამართლეების დანიშვნი თაობაზედ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 დეკემბერი, 2019

      პარლამენტთან დილიდან და მთელი დღე - პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის…

გაგრძელება

ადამთან საუბარი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ამჩნევ რაიმეს?

      - რაზე ამბობ...

      - სამოთხის ბაღში რაღაც გაუგებარი ხდება.

      - მაინც რა?

      - შეიცვალა. ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო...

      მეძნელებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან სათქმელი უკვე ვთქვი, სიტყვა აღარ გავწყვიტე. გულდაწყვეტით შევჩივლე ადამს, რომ სამოთხის ბაღს ვეღარ კი ვცნობ ამ ბოლო…

გაგრძელება

მთავარსარდალი მთავარ ჯარზე და გალახული ოპოზიციონერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 11, 2019.
საათი: 9:00pm 2 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და აქციების ჯერ კიდევ არ სცივათ. თვის განზოგებას, მასშტაბური აქციები და გამოსვლებიც კი იგეგმება, მაგრამ ეს მომავლისთვის. დღის მთავარი თემა პრეზიდენტის განცხადება გახდა - უჩვეულოდ, სალომე ზურაბიშვილი ნიუსების მეინსტრიმში მოხვდა. ამჯერად, ქალი მთავარსარდალი ქართულ ჯარზე და უფრო სწორად, ქართულ ძალაზე თუ უძლურებაზე ალაპარაკდა. დღის მთავარი თემა იყო გაბაშვილი-უგულავას აეროპორტის თავგადასავალიც.

საქართველოს და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters