Qwelly, literature, ქველი, ლიტერატურა, აკა მორჩილაძე, მოთხრობები

      ყველგან შევდიოდით. გადავკრავდით და დიდხანს აღარ ვიცდიდით, ისევ ყინვაში გამოვცვივდებოდით და ათიოდ ნაბიჯში ახალ კარს შევაღებდით. ხალხი ყველგან ბევრი იყო, მაგრამ მუღამიანი სასმელი ვერსად ვიპოვეთ.

      – ეს არ არი "ჯონი უოკერი", – წყრებოდა კოკა, – ეს არი პოლონური მაიმუნობა.

      – პოლონური არა, ბულგარული, – ხუთი ბარმენიდან სამმა ზუსტად ასე უპასუხა.

      თავიდან ყურის ბიბილოები გაყინული მქონდა და გვარიანად შემთვრალი ვიმეორებდი:

      – ანაპურნა, ანაპურნა, – მაგრამ მერე კარგად გავხურდი და ერთგან, მგონი "ნაციონალში" ლუდზე გადავედი. კოკამ არ დამიჯერა. "დავითის" პატარა ბოთლი აიღო და პირდაპირ იქიდან სვამდა თითო ყლუპს.

      – ჩვენ დუბლინში ვართ, – მითხრა ამაყად, – დავითვერი, იეე. ზუსტად ისე ვართ, როგორც დუბლინში, ბარიდან ბარში, პაბიდან პაბში.

      – ოღონდ სახლში რომ მივალთ, ცოლ-შვილი უნდა ვცემოთ.

      – სადაა ცოლ-შვილი. მოდი რა, დალიე...

      – არა, აი, ამას და მორჩა.

      ტელეფონი ხშირ-ხშირად რეკავდა. კოკა არ პასუხობდა. ბოლოს მოიხსნა, ნომერს დახედა, გამორთო და მაგიდაზე დადო.

      – ნახე, რა მოშჩნი ნატურმორტია. "დავითი", "ყაზბეგი", "პარლამენტი" და მობილური. ზნაჩიტ სამშობლო, – თქვა და ბოთლი წამოიყუდა.

      – ჩართე, რა იცი, რა ხდება?

      – რცხილაძეა. არ მინდა რცხილაძე. არა მაქ თავი. რცხილაძე რეკავს მიქელაძისგან. თუ გინდა, ადი...

      – რა ვიცი. რა მინდა?

      – ფართი აქვს მაგის უფროსობას. ჰოლანდიელს, ირლანდიელს, გერმანელს და იმათ ქართველ ქალებს. ჩვენებიც იქნებიან.

      – მერე, წავიდეთ. ჩვენები თუ იქნებიან, გოგოები...

      – აღარ მინდა ეს ჩვენი გოგოები. სხვისი გოგოები მინდა... არი ხოლმე, რო სხვისი გოგოები გინდება.

      მერე ჩუმად ვისხედით. ხალხი ბლომად. კვამლი ბევრი და სასმელიც ბევრი. ფული გვქონდა და "ექსცესიდან" მოვყვებოდით. კოკას პროექტი იყო, ასე უნდა წამოვყვეთ მელიქიშვილის კუთხიდან და მეცხრე საავადმყოფომდე გავიდეთ, როგორც ნამდვილი დუბლინელი კლერკებიო. გამოვიდა და არც გამოვიდა. უცებ მოვწყდი, დავთვერი და მოვიწყინე. და რა არი იმაზე ცუდი, მთვრალი და მოწყენილი რომ ხარ? როცა მთვრალი ხარ, მაშინ მაინც ხო უნდა იყო მხიარულად.

      – რა ქალაქია? "დეფინიტივოს" ვერ დალევ.

      "დეფინიტივო" წიგნში ამოკითხული კოქტეილია: ერთი ლიმონი, ბლომად სმირნოვი, ბლომად ტომატის წვენი, ჩორნი პერეცი. ერთი თეთრწვერა კაცი უკეთებდა ერთ ტანხმელ კაცს, რომელიც მეფე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტეხასელ ქალს გადაეკიდა და ბლაიზერიან უფლისწულად გადაკეთდა.

      – შენ რო "დეფინიტოს" ამბობ, ეგ არი ჩვეულებრივი "ბლადი მერი".

      – მიქელაძესთან უნდა ავსულიყავით, გავერთობოდით...

      – არა, იქ უნდა დავრჩენილიყავით. რა გინდა მიქელაძესთან? მოგიყვები, რაც იქნება. რცხილას ხო უცხოელი ქალი უნდა. მაგიტო ავიდა. იქ იქნება ვარდისფერი კაცი, პიტერი. მიქელაძის ირიშკას საქმრო. კიდე, ერთი ტიპი იქნება გულის ჯიბეში რკინის ფლიაგით. მოსვამს, შეინახავს. ლოჯში იქნება ხუთიათასი ბიჩოკი დიდ საფერფლეში, მწვანე როა. მერე იცეკვებენ. ჩვენი გოგოები დათხოვდებიან...

      – ზლოი გაუჩო... რა ქნან ამ ჩვენმა გოგოებმა?

      – ეგრე იქნება.

      – ყველა კი არ მისდევს უცხოელებს. ვის რათ უნდა ეგ შენი ჰოლანდიელები?

      – ჩემ უფროსს ჩაი უტყდება. ჩაის თუ სვამ, პირველი ბეზდელნიკი ხარ. შენსას რა უტყდება?

      – ჩემი ნასკებით დადის ოფისში... ფეხებს უხდებაო.

      – ჰო, შუქი იქნება ჩამქრალი, რადიოს პროჟექტორი ანთებული.

      – სად?

      – მიქელაძესთან.

      ყინვიანი დეკემბერი იყო, უაზრო. მე ვიცოდი, რომ აქედან პირდაპირ სახლში ავიდოდი და დავიძინებდი. მეორე დღე კი კვირა იქნებოდა. ორშაბათს მივლინება მიწევდა. ჯანდაბას, მივლინება ბატონ კლაუსთან ერთად.

      – დღეს ხო შობაა, – გაახსენდა კოკას.

      – ეგ არ არი ჩვენი შობა.

      – შობა, შობა, შენ რა წმინდა სინოდი ხარ?

      – ეგ რომის პაპის შობაა.

      – იცი რა? ადრე მეც ეგრე მეგონა. მერე მივხვდი, რომ ღმერთს არ ეწყინება, თუ მე ვიფიქრებ, რომ დღესაც შობაა და შვიდშიაც. დუბლინში არა ვართ?

      – წავიდეთ, – წამოვდექი და სიგარეტის კოლოფი ჩავიდე ჯიბეში – წავიდეთ. ტელეფონი არ დაგრჩეს.

      – ის გოგოები?

      – მე დავიძინებ.

      – მეც დავიძინებ. თუ ტინტო ბრასი არ იქნება. დღეს ხო შაბათია? შაბათს სულ ტინტო ბრასია.

      – კალიგულა?

      – ტელევიზორს არ უყურებ? სულ ტრაკებია.

      – დღეს არ იქნება. შობააო, და ტინტო ბრასი იქნება?

      – შენ არ თქვი იმათი შობააო?

      გამოვედით. კოკამ ბრანდოს დიდ ფოტოს დაჰკრა წკიპურტი:

      – ესეც როგორ გაბანძდა... რაღა ეს და რაღა ბიძაჩემი თემურა კერესელიძე... ორ ჭიქაში მთვრალია.

      ბარნოვამდე ერთად ვიარეთ.

      – ჩვენთან შუქია, – გამეხარდა მე.

      – ვაბშე არ დავთვერი. მარა, ხო ვიარეთ? დუბლინურად.

      – წავედი. შემორეკე.

      – ორშაბათს მიდიხარ?

      – ხო, მე მაგის...

      მამაჩემი ტელევიზორს უყურებდა. ახალი ამბები იყო.

      – რას შვები?

      – ათი საათის მერე არ მომიწევია.

      – ელიავა არ გამოჩენილა?

      – ვიღაცა გაგლახავს... შენმა ცოლმა დარეკა.

      სულ ასე ამბობს – "შენმა ცოლმა". ორი წელიწადია, აღარ არის ცოლი.

      – რა უნდოდა?

      – არ ვიცი. დედაშენი ელაპარაკა. არ გააღვიძო, ხვალ კითხე.

      მერე დავწექი და იმის ფიქრით დამეძინა, რომ დეკემბერი ყველაზე ცუდი დროა ჩვენს ტერიტორიაზე. ბატონ კლაუსს რატომ არა აქვს საშობაო არდადეგები-მეთქი, ესეც გავიფიქრე და თან ვითვლიდი, სად რამდენი დავლიეთ. სულელურად გამოგვივიდა, მაგრამ მიქელაძესთან წასვლას მართლა ჯობდა. მგონი, ამის ფიქრში ჩამეძინა, მერე კი, უკვე საავადმყოფოში, სკოჩით გადაწებებულ დიდ ფანჯარასთან რომ ვიდექი და იმ საშინელ, გაყინულ, მყრალ ქვის იატაკზე თეთრ წინწკლებს ვითვლიდი, ხეირიანად ვერც ვხვდებოდი, რა მოხდა. ნათელა დეიდა რეანიმაციის ნაცრისფერი კარის დაკეტილ სარკმელთან იდგა. რა უნდა ქნა? ძალიან ცუდია, მაგრამ ამერიკული კინოები გამახსენდა, იქ ხომ სულ საავადმყოფოების დერეფნებს აჩვენებენ. გეგონება, მთელი ქვეყანა საავადმყოფო იყოს. ძია ოთარს ქუდი კეფაზე გადაეგდო და თავისი ძმაკაცების ლაპარაკს უსმენდა. ალბათ უსმენდა. თუ უსმენენ ხოლმე ასეთ დროს, არ ვიცი.

      – ეგ ყველაზე მაგარია ეხლა, – ამბობდა ერთი ბიძა.

      ბიძებისთვის ხო განსჯაა მთავარი. ისინი განსჯით ცდილობენ გამხნევებას.

      – არა, ეგრევე წამომყვა, – მეორე ბიძა სიგარეტს აქრობდა და ახალს უკიდებდა – ეგრევე. დავრეკე და რო მივედით ქვემოთ დამხვდა.

      ქირურგზე ლაპარაკობდნენ, ნეიროქირურგზე.

      – სად იყავით? – მკითხა მიქელაძემ.

      – არსად.

      – რო არ ამოხვედით, გულმა მიგრძნო.

      სულელი, რამ უგრძნო? სახლამდე მომყვა და მეგონა, რომ თვითონაც სახლში ავიდა.

      – ნათელამ წერილი გაგვატანა. იქ ვიჯექით ეგრე ერთი საათი და წამოვედით. არ ვიცი.

      – ამოსულიყავით. რო ამოსულიყავით, ახლაც ჩემთან იქნებოდა, – სხვა სიტყვა მე არ ვიცი. იმ სიტყვას კიდევ ვერ ვამბობ – წამო, მანქანაში ჩავჯდეთ, აქ მაგრა ცივა...

      ასე თენდებოდა. მანქანაში ვისხედით და ვეწეოდით. მერე რცხილა ჩამოვიდა:

      – გაუწმინდა, ჯერ არ გამოსულა, მარა გადარჩაო. მაგარია, ეგ მასტი, იმენნა ექიმია...

      – რა გვარია?

      – რავი, ებრაელიაო.

      – ორშაბათს მივდივარ, – ვთქვი უცებ.

      – შეერთებულია? – იკითხა მიქელაძემ და დავინახე, რომ გათენებულა.

      – რავი, – თქვა ისევ რცხილამ – თუ რეანიმაციაშია, შეერთებულია. რაზე, როგორ...

      – არ მინდა, არ მინდა და რა ვქნა?

      – ძვალი აქ გაბზარული, მილიმეტრი კიდე, და...

      – ექიმებმა ეგრე იციან, რო მაყუთს ბლომად გახვიდე, – ნუ, მიქელაძე განუმეორებელია.

      თერთმეტ საათზე, რესპუბლიკურში რომ მივბრუნდი, რეანიმაციის კართან მარტო ნათელა დეიდა იდგა. შემომხედა და არაფერი უთქვამს. იმდენხანს იყო ჩუმად, რომ მტკიცედ დავრწმუნდი, ყველაფერი ჩემი ბრალია-მეთქი. რაღაც საშინელებები წარმოვიდგინე. ვითომ, თავს დაგვესხნენ და მე კოკა მივატოვე, გამოვიქეცი და ლოგინში ჩავწექი. კოკას კიდევ, ურტყამდნენ. დავრწმუნდი, რომ მოკლავდნენ და გამოვიქეცი. ვითომ არაფერი, მშვიდად დამეძინა. აი, ასეთი, სიზმარივით რაღაც წარმოვიდგინე. ნათელა დეიდა კი დუმდა. რაც უფრო დიდხანს იქნებოდა ჩუმად, მით უფრო საშინელ რამეებს წარმოვიდგენდი საკუთარი უვარგისობის შესახებ. ის კიდევ იდგა, ნაშუაღამევიდან ასე იყო და ხმას არ იღებდა.

      – დაჯექით, ნათელა დეიდა, – წავიბურტყუნე ბოლოს, – მე დავდგები.

      არ უპასუხია და არც განძრეულა.

      მერე ძალიან ყრუდ თქვა:

      – იკა, სად იყავით.

      – წერილი წავიღეთ, – ენა დამება მე – მერე კაფეში... სადარბაზოსთან დავცილდი.

      – რა უნდოდა გეპეისთან?

      – სახლში ავალ, კინოს ვუყურებო, – უცებ დავმშვიდდი.

      – ბევრი დალიეთ?

      – ცოტა. ლუდი.

      – რა უნდოდა, – ქვედა ტუჩს აწვალებდა კბილებით.

      – დაჯექით, ნათელა დეიდა.

      – კიდევ ხვდება იმას?

      არ მიპასუხია.

      – იკა, ყველაფერს თავი რომ დაანებო, ეს არ არის წესიერი კაცის საქციელი, არ შეიძლება ქმრიანი ქალის... – ნათელა დეიდას თვალებში სისველე ჩაუდგა.

      – არა, არა, არ ყოფილა. რამდენი ხანია...

      – ნუ მატყუებ, იკა. ნუ მომატყუებთ, ერთხელაც რომ... მე მოვკვდები.

      – ეგებ გაძარცვეს.

      – მილიცია იყო. ყველაფერი ჯიბეში ქონდა. საბუთით მოგვძებნეს... მობილური, ფული, ყველაფერი ჯიბეში ქონდა. იკა, მითხარი, მართლა არ დაურეკია?

      – ვიღაცა რეკავდა. არ პასუხობდა. მერე გამორთო, – გამახსენდა მე.

      – წავიდეს, საზღვარგარეთ მაინც წავიდეს. მაკასთან წავიდეს. აიღოს შვებულება. რა ვუყო? ნუ იმუშავებს. წავიდეს. მომშორდეს.

      – დაილაპარაკა? – ვკითხე მე.

      – დაილაპარაკა, – ამოიოხრა ნათელა დეიდამ, – დაიძინა. ზეგ პალატაში გადავიყვანთო. გადარჩა, იკა. როდემდე გადარჩება? დაბოდიალობს, დაბოდიალობს, დადის, დადის... ოთარი მოკვდება, იკა. რა არი ეს სმა? ოთარი მოკვდება...

      – დაჯექით, ნათელა დეიდა.

      – ნეკნები დალეწილი, კეფა გაბზარული. კლავდნენ... ღვიძლი, ყური, ცხვირი, – ნათელა დეიდა ატირდა, – დადის, დადის.

      მე არ მითქვამს, რომ ტაქსისტებს აგინებს. გამყიდველებს დასცინის, ჯიხურის გოგოებს ძუძუებზე ელაპარაკება. არ მითქვამს, რომ თუ ძალიან დათვრება, ყველაზე დიდი ყაჩაღების ყველაზე ლამაზ ცოლებს საშინელებებს ეჩურჩულება. არ მითქვამს, იმიტომ რომ მართლა არ იყო მთვრალი. ტინტო ბრასს ახსენებდა. მთვრალ კაცს ტინტო ბრასი არ გაახსენდება.

      ჩვეულებრივი საღამო იყო. კაფეებში სულ ნაცნობები გვხვდებოდნენ. ჩვეულებრივი საზიზღარი საღამო. ფული გვქონდა, ჩამოვიარეთ. დუბლინიო, იძახდა.

      ნათელა დეიდამ დაიწყო ეს საღამო.

      ყველაფერი გამახსენდა.

      კოკა სადარბაზოში შებარბაცდა, მე კედელს მივეყრდენი. ჯიბეში იმ ტიალი "რიგლი სპერმინტის" პოვნა მინდოდა.

      ვერ ვიპოვე. მახსოვდა, რომ მქონდა.

      თუ არა, არა იმ სულელ გოგოს ვაჩუქე გამოსვლისას. კოკამ კი საერთოდაც შუბლი გაუხახუნა ხალიჩას.

      – ჩვენ ვათენებთ, შობას... როგორც კი მოიცლით, ამოდით, ხო? – თქვა იმან, ყველაზე სულელმა. ყველაზე სულელმა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.

      – მე დავბრუნდები, – ღიმილით, ძლივს გასაგონად დაასლოკინა კოკამ.

      – ჩვენ მოვალთ, როცა კიდევ მოვიტანთ წერილს, – რატომღაც არ მინდოდა აქ დაბრუნება.

      – არა, დღეს, დღევანდელზე გეუბნებით, – ცდილობდა სერიოზულად დავეფიქრებინეთ.

      – მოოვალ, მოოვალ, ხეთა ფიქრებში მოვალ, – კიბეს ჩაჰღიღინა კოკამ.

      – დაგირეკავთ, – გაიცინა გოგომ.

      – ჩვენ ტელეფონს გამოვრთავთ, – გავუცინე მე.

      – შენ მართლა ის ყოფილხარ...

      – ადიოს, ბედნიერ შობას, – და აი, ამ დროს დავაძრე "რიგლი". – "სპერმინტია", უბრალო არ გეგონოს...

      – ნუ ამბობ ცუდ სიტყვებს, – ამომძახა კოკამ.

      იქ გაჩერებას არც ვაპირებდით, დალევას – მით უმეტეს.

      წავიღეთ წერილი: კოკას დამ, მაკუჭამ, ჰამბურგიდან გამოატანა ლევანა ჩუბინიშვილს შვიდი მსუბუქი კონვერტი – სულ თვალცრემლიანი ჩვენებური გოგოების წერილები შინაურებთან: ვართ ამ მშვენიერ და საზიზღარ გერმანიაში და მანდაურობას მონატრებულები თბილისობანას ვთამაშობთ.

      თბილისობანა იქ მოღვაწე ჩვენებური გოგოშკების ნოსტალგიური თამაში ყოფილა. შუქს გამორთავენ, სიგარეტებს მოუკიდებენ, სანთლებს აალიცლიცებენ და სავარძლებში მიიკუნჭებიან საბან-გობანში გამოხვეულები. ჭორაობენ და ჭორაობენ ნაჩვევ ვითარებაში. აი, ამას რქმევია თბილისობანა. კოკამ რომ დუბლინობანა ამოიჩემა, დაახლოებით ისე.

      ყველამ წაიღო წერილებიო, თქვა კოკამ და ამათ მე უნდა გავუტანოო, რაღაც ჩერეზ-ჩერეზ ახლობლები არიან და დედაჩემმა კაი ბიჭად გამომაჩინა, კოკა მოგირბენინებთო. ეგრე იცის ნათელა დეიდამ.

      წავიღეთ წერილი – ცისფერ კონვერტში ჩადებულ-დაწეპებული. ზედ ეწერა: "დედიკოს და მამიკოს. თამრუცუნას (პირადად)".

      კოკამ, წერილი დავტოვოთ და მერე დავბზრიალდეთ ტერიტორიაზე, ეს შაბათი სწორედ რომ დუბლინურად უნდა გავატაროთო.

      ზზზ! მოკლედ დავრეკეთ, უინტელიგენტურესად.

      გაგვიღეს კარიიი. თურმე გველოდებიან. მე რას მელოდებიან, კოკას.

      ერთი, ასე ოცდაორი წლის ნაშოჩკა კარში დგას, მეორე ჰოლში, მესამეს ოთახიდან გამოუყვია თავი და წიხლი. არ ჩანს უბრალო, რიგითი წიხლი.

      მობრძანდობია არ გაგრძელებულა. შევედით. კოკა კონვერტს ატრიალებს ხელში და მალევე დავატყვეთ: უფროსობა შინ არ არის. ესენი აპირებენ გუგუნს. პირველმა გავიხადე, თუმცა გამიკვირდა, ბიჭები რატომ არ ჰყავთ-მეთქი.

      გავიხადე ეს ოხერი პუხოვკა და კოკამაც გაიხსნა მანტოს ღილები. დავსხედით. გავიცანით. წამში მიხვდები: სამივე სულელი, "ფუტლიარს" რომ ეტყვიან ქალაქურად, მაგრამ ფეხები, ანუ კანჭები და თვალები და ღირსეული შამპანურით გაფერადებული ლოყები და ეს ეროვნული მტკიცე შავი სამოსი, მუხლები რომ დავივიწყოთ საერთოდ... და ჩვენ კიდევ უფროსები, ოდნავ, და, წავიდა ჟუჟუნი და ესენი პირველები აჟუჟუნდნენ და ავიღებ ფუჟერს და კოკა მეტყვის, მოიცა, შურიგე და მოგუდულად, მეშვიდედ ეკითხება:

      – შენ ხარ თამრუცუნა? უკვე მაგრა მიყვარხარ. აი, წერილს რო აწერია, ისე... შენ ხარ ეკო... შენ ხარ... ვინ ხარ შენ?

      – ანუ, რა გქვიათ? – განვმარტავდი მე.

      – სამშობლოსათვის ჩაგრული ბაში-აჩუკი, – იცინოდა ის მესამე, ყველაზე ნაკლებად სულელი რომ ჩანდა.

      – მართლა? – უხაროდა კოკას – აფხაზეთს დავიბრუნებთ?

      იმათ კი შეაგდეს, ხან ისა, ხან ესა. კოკამ ორჯერ იცეკვა. მე ერთხელ – ისიც, ბაში-აჩუკთან.

      – რა გქვია? – ვეკითხებოდი.

      – ჯარისკაცის მამა.

      – არა, მართლა, ხუმრობის გარეშე.

      – ხუმრობის გარეშე თავიდანაც გითხარი. ხო გავიცანით ერთმანეთი?

      რას დაიმახსოვრებ? ოთახში შეხვედი და მოგაყარეს სახელები.

      თან ბლუზი უბერამსა და გვასმევენ ფრანგულებს.

      ძალიან სულელები იყვნენ, მაგრამ ძალიან არ მომეწონა ბიჭები რომ არ დაეპატიჟათ და ნომენკლატურული მშობლებიც სადღაც გაექროთ. ვიფიქრე, ლეზბიანკები ხომ არ არიან-მეთქი. თან, ეს მესამე სულ ბიჭურ სახელებს ირქმევდა. მაგრამ მაინც არ ჰგავდნენ სალეზბიანკოდ მოცლილ გოგოშკებს.

      – მე ირაკლი მქვია, – ვუთხარი ალალად. უკვე გვარიანად ვეტმასნებოდით ერთმანეთს და მესამედ ვცადე ამ ოხერტიალის სახელის შეტყობა.

      – თუ იკა, თუ ირა, თუ...

      – ირაკლი, – ვთქვი ნაწყენმა – თქვენ რაღა გქვიათ, მისს?

      – ოო, საიდუმლოა, – არ შეიფერა ამ თავხედმა ეს დაცინვით ნათქვამი "მისს"?

      – შახაბაზი გერქმევა. ცუდად ვცეკვავ?

      – ისე, რა.

      – აბა, დასჯილი ვარ?

      ამ ყოფაში და სმაში გავატარეთ ასე, საათნახევარი. მერე კოკას ტელეფონი აუყიყინდა. ნომერს დახედა და გამორთო.

      – რა ლამაზია. "მოტოროლაა"? – დადნა შუა სულელი.

      – არა, "ასტონ მარტინი" – სერიოზულად უთხრა კოკამ...

      თითქოს სამუდამოდ ვისხედით, საწყალი სიკვდილმისჯილებივით.

      ისევ მე ავტყდი:

      – კოკიჩ, გავედით.

      – ჰა?

      – ჰო.

      – გავედით?

      – ჰო.

      – ჰო?

      ესენი კიდევ კისკისებდნენ. ღმერთო ჩემო, ერიკ, ერიკ კანტონავ, რა სულელური სიცილი შეეძლოთ? ასეთი კარგები და ასეთი სულელები? თუმცა, რა? ამ წრუპვა-წრუპვაში თვითონაც შემთვრალიყვნენ და არ წახვიდეთო, გვთხოვდნენ. ლოყები სულ შერცხვენილი ქალებივით დაწითლებოდათ.

      მე გეგმა შევთხზე:

      – ჩვენი ძმაკაცის შვილის დაბადების დღეა. იქ უნდა ავიდეთ. მანამდე ეკლესიაში უნდა გავიაროთ. ჩვენი ძმაკაცის შვილი კოკას ნათლულია და ურიგო არ იქნება, სანთლები რო მიუძღვნას...

      – შენ რუსული სკოლა გაქვს დამთავრებული? – მკითხა ბაში-აჩუკმა.

      – რატომ?

      – სლიშკომ სხვანაირად თქვი.

      – "დამთავრებული გაქვს" ვაფშე არ არი ქართული, – ჩვენ მაინც სხვანაირად გვასწავლიდნენ გრამატიკას.

      – მე ვარ ატოცის წმინდა გიორგი! – შესძახა კოკამ.

      ისევ აკისკისდნენ.

      – რა, ეს თუ აბდუშაჰილია, მე...

      – ატოცი რა არის? – ძალიან სულელები იყვნენ.

      – ატოცი არის შტანგას რო აწევ...

      – ეგ ატაცია, გავედით... ტელეფონი გრჩება.

      – ყველაფერი იცის, – წამეწუნკლა ბაში-აჩუკი.

      – ქალბატონო, მე ნასწავლი კაცი ვიყავი წინა ცხოვრებაში. ყოველთვის უცხოელებთან კი არ ვმუშაობდი ტელეფონზე მოლაპარაკედ.

      – კლაუსას ლაქია! – გაეხარდა კოკას.

      – თქვენ რომელ ეკლესიაში აპირებთ?

      – ხედავ? ცოცხალი თავით.

      – ჩვენ, წმინდა გინესის ეკლესიაში, – და აი, ამ დროს დავაძრე "რიგლი".

      მერე სადარბაზოს კედელთან ვიდექი და დოლიძის უთვალავ ფანჯარას ვუყურებდი.

      – ვიღაც ძველი კაგებეშნიკის კარს მივაფსი, – კოკა კმაყოფილი დაბრუნდა.

      – რა იცი, რო კაგებეშნიკი იყო?

      – გვარი ეწერა ეგეთი...

      მერე ტაქსი გავაჩერეთ.

      – ბიძაჩემო, სადმე ქალაქში ჩამიყვანე, – უთხრა კოკამ – აღარ შემიძლია მთებში სიარული, დავბერდი.

      ეს იყო, მეტი არაფერი და ბოდიალიც ასე დავიწყეთ. ორშაბათ საღამოს ურეკში ვიჯექი სუფრასთან, ვსვამდი და კლაუსას ტანჯვას ვუმზერდი. დილით ფოთში უნდა წავსულიყავით და მე სულ ვფიქრობდი – რა უნდოდა საბურთალოს ქუჩაზე? რატომ წაბოდიალდა? შენ თუ გინდა იცინე, იცინე მოკვდი სიცილით, ისევე როგორც მელია, ბოლოს რომ კეტი დაჰკრეს თავში, მე კი მისის ჰადსონის მდგმურები მომაგონდნენ. უამათოდ არაფერი გამომივიდოდა. ზამთრის ზღვას ვუყურებდი რესტორნის ვიტრინიდან და რეანიმაციაში დაგდებული კოკას შველა მინდოდა. ბევრს ვერაფერს ვუშველიდი, მაგრამ ჩემთვის მაინც უნდა გამერკვია.

      გეხვეწები არ გაიცინო. ნუ იცინით, როცა კაცი ფიქრობს. ეს უსამართლო ქცევაა. ძნელი კი მაინც ისაა, რომ გეპეიდან უნდა დაიწყო. თუ მთვრალი ხარ და იგინები, ალბათ გაგიყრიან. თუ მთვრალები არიან და იგინებიან, ალბათ გაგიყრიან. ასე ყოფილა და ასე იქნება, მაგრამ ადგილი სულაც არ არის მთავარი. ყველა ქუჩაზე ასე არ იქნება? ეს უბრალოდ, გრძელი და ფართო ქუჩაა და როცა ბნელა, უმთვარო ღამით, უცხო მხედარი სულ იოლად გადაიქცევა უთავო მხედრად.

      – ადრე რომ მოსულიყავით, კატერზე გევიდოდით, ზღვაში დავლევდით...

      რა უნდოდა იქ?

      – თქვენ, ირაკლი ბატონო, ერთ ოთახში რომ მოგასვენოთ... ეს ხაზეინი კია მოსვენებული...

      რაში დაჭირდა გეპეი? აი, კიდევ ერთი კანონი. მერფი იქეთ იყოს და ეგრე როგორ დავთვერი? რა მოვლენათა ანალიზი ამიტყდა, როცა გუშინ ყველაფერი მოვაგვარე? მოვაგვარე რა, არის ვერსია ა: მე მაგათ დავუწითლებ ფუმფულა ადგილებს. აი, რა მთვრალი ვარ. აღარც მახსოვს. ხედავ, რარიგ დავეცით, ჩვენ, საერთაშორისო საკრედიტო, თითქმის ტასისი ხალხი?

      ყველაფერი ხომ გუშინვე გაირკვა? თუ ყველაფერი არა, ბევრი მაინც, თუ არ გაირკვა და ეჭვად ხო დამრჩა?

      საღამოს, საავადმყოფოში რომ დავბრუნდი და ნათელა დეიდა რომ ისევ რეანიმაციის კართან იდგა, უკვე ვიცოდი როგორ უნდა დამეწყო.

      – ნათელა დეიდა, კოკას მობილური სად არის?

      ვერავინ დამაჯერებდა, რომ კოკა თავისით წავიდა სადღაც. ის ტიალი ასისინდებოდა. ვიღაც ხომ რეკავდა, კოკა კიდევ არ პასუხობდა. ბოლოს, ალბათ უპასუხა და წავიდა. ეს მობილური რამდენადაც ცუდია, იმდენად კარგი რამ არის. რაც გაგისწორდება, ყველაფერს იპოვი შიგ. ბოლო ხუთი ნომერი! აბა, რით არა ვარ გენიოსი? დამახსოვრებული ბოლო ხუთი ნომერი "ალიას" ნახევზე გადმოვიწერე.

      ნათელა დეიდა ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ მაინც მკითხა:

      – რას აკეთებ?

      ისეთი დაღლილი იყო, რომ ნერვიულობის თავიც აღარ ჰქონდა. ხუთიდან ერთი ჩემი ნომერი იყო, ორი საბურთალოსი, ორიც კიდევ სხვა. ბოლო საბურთალოსი გახლდათ. ვისია, რისია?

      – ეს ნომერი ხომ არ იცით, ნათელა დეიდა?

      – იკა, მე არც ერთი ნომერი არ ვიცი ზეპირად. რა მოიგონე?

      – არაფერი. მაინტერესებს ვინ დაურეკა. დაჯექით რა, ნათელა დეიდა!

      – ვიჯექი... სახლში ვიყავი, ბულიონი მოვუტანეთ. ოთარი ახლა წავიდა. ნანა იყო, ზაზა ახლა წავიდა.

      – შეგიშვეს?

      – ძინავსო. საღამოს შემიშვებენ.

      დილით მივდიოდი, იმ სამსახურისა კი, სადაც ამ ნომრების პატრონების ვინაობა უნდა გამეგო, არაფერი ვიცოდი. ვერც მოვასწრებდი, კვირა საღამოს რა უნდა გაიგო? ავდექი და ჩემით ჩამოვრეკე. ორგან არ მიპასუხეს – ნაღდად საოფისე ნომრები იყო. ორგანაც, სულელურად ვიკითხე:

      – ვისი ბინაა?

      ორივეგან ბიძაკაცი შემხვდა:

      – სად რეკავ, გენაცვალე? – და დავკიდე.

      ფოთშიც ვფიქრობდი ამის გამო და ბევრი რამის გახსენება ვცადე. მთვრალს რომ საბურთალოს ქუჩა გამახსენდა, ფხიზელს ბახტრიონი მომაგონდა. გვერდიგვერდ არ არის? ძალიან არ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ სხვას ვერაფერს იფიქრებდი – იმ გოგოებთან დაბრუნდა. საერთოდ, დეგენერატებს მეტი ეკუთვნით. აბა, რაღაა დასათვლელი? იქ დალია, გამოეხეტა და ვიღაცეებს გადაეყარა. ჩვეულებრივი ბიჭის ჩვეულებრივი საღამო. რა ცუდია, როცა ბიჭიც ჩვეულებრივია და ჩხუბიც? ჩვენი ჩვეულებრივი ქუჩები.

      მგონი, იმან უფრო გამაბრაზა, რომ ჩემი სატელეფონო ვერსია საჭირო აღარ იყო. რაღა ტელეფონების დადგენა უნდოდა? იქ მიეხეტებოდა და მერე ვიღაცას შეაგინებდა, ცივ და მიუსაფარი მდგომარეობის ღამეში. რა, ჯერ არავისთვის უგინებია?

      მე კიდევ იმ გოგოებზე ვფიქრობდი და იცი რატომ? იმიტომ, რომ კოკას წაბოდიალება კი ეხერხება, მაგრამ ნაპერწკალი უნდა. უნაპერწკლოდ არ დაიძრება. ჩვენ რომ დუბლინურად დავდიოდით, ეს გოგოები არც გახსენებია. რა გასახსენებელი იყო? მე კიდევ თავიდანვე მიკვირდა, ესევითარის გულთბილობით რატომ მიგვიღეს-მეთქი. თან, ბიჭებიც არ ჰყავდათ. ეგეთ დროს უბიჭებოდ წარმოუდგენელია. არ ჰყავდათ ბიჭები და არ იცოდნენ, რომ დღეს შობა კია, მაგრამ შობა არ არის და მე რომ ვთქვი, ეკლესიაში უნდა გავიაროთ-მეთქი, რომელ ეკლესიაში აპირებთო. რომელში და კირიჩნიზე. რა ეკლესია, შვიდი იანვარი ხომ არ იყო. აი, რა დებილები იყვნენ. იდიოტი გოგოები, რომლებსაც ბიჭები არ ჰყავდათ. რატომ არ ჰყავდათ ბიჭები? ეგეთ დროს, გუგუნიც იმას ჰქვია, რომ ბიჭებიც იქ იყვნენ. ჩვენ ხომ არ ვიყავით მაგათი ბიჭები? არა, ჩვენ არ ვიყავით მაგათი ბიჭები, მაგრამ ჩვენ გველოდებოდნენ. აბა, რატომ ატეხეს, მობრძანდით, მობრძანდითო. მოიცა, ჩვენ კი არა, კოკას ელოდებოდნენ. ნაღდად ელოდებოდნენ, იმიტომ, რომ გამახსენდა: ჟურნალების მაგიდა, ზედ ტორტი, მანდარინი, ის ფრანგულები და რაც გუშინწინაც უნდა მხსომებოდა, "სერვიროვკა". ოთხი თეფში, ოთხი ფეხიანი, განიერი ჭიქა-ბოკალი, ასე ვთქვათ. იცი რატომ? იმიტომ, რომ, როცა დავსხედით, მე თეფში, კოვზი, დანა და ჭიქა მომიტანეს. ესე იგი, რაო, მისის ჰადსონის მდგმურო? რაო და, ერთ კაცს ელოდნენ და წინდაწინვე გადაეწყვიტათ უნდა შევიპატიჟოთო. ეს კეთილშობილური აზრია; ჯეელი შეწუხდა, წერილი მოარბენინა. რატომ არ უნდა დაალევინო ფრანგული?

      მაგრამ ესენი არ იყვნენ კეთილშობილი გოგოები, ანუ ინტელიგენტი გოგოები. ესენი უფრო ბოზანდარა სულის არსებანი ბრძანდებოდნენ. ბურჟუაზიის ნაშიერნი, ასე ვთქვათ. იქ, კედლებზე გრანდიოზული რეპროდუქციები ეკიდა. რა იქნებოდა, ერთი ჯიბის კალენდრისხელა გუდიაშვილი მაინც ეშოვნათ? არა, სერ, იქ ჭურჭელი იყო მთავარი. ხოლო, სადაც ჭურჭელია მთავარი, გოგოები წაიბოზანდარებენ. ყოველ შემთხვევაში განწყობა აქვთ ეგეთი. აბა, იზაბელა ბავარსკაიას ნაქონ ბუფეტს რომ აიტან მეცხრე სართულზე, სხვანაირად არ გამოვა.

      ამიტომ, მათ დიდად კეთილშობილური აზრით არ შევუპატიჟებივართ. მე რომ არ ვყოფილიყავი, საერთოდაც ძალიან გაეხარდებოდათ, მაგრამ რახან გავიჩითე, ჯანდაბასო, იფიქრეს. წერილი რომ უნდა მიეტანა, იცოდნენ. ვიცი, როგორც იქნებოდა, დედა დაუბარებდა, წერილს მოიტანენო. ფოთში კი მეტი არაფერი იყო საფიქრალი. კოკას იქ მისვლა აშკარა იყო, მაგრამ, აბა, რა ვიცი? ეგებ სულ სხვაგან წაბოდიალდა.

      ხუთშაბათ საღამოს, თბილისში რომ ჩამოვაღწიეთ და ბაზრობას გავუსწორდით, გოჭების და ინდაურების მთები დავინახე და გამახსენდა, რომ ხვალ საღამოს ახალი წელი მოვა. მერე კლაუსას ვკითხე, საშობაოდ სამშობლოში რატომ არ გაფრინდით-მეთქი.

      – აქაური შობაც მაინტერესებს, – შობელძაღლებს ყველაფერი აინტერესებთ.

      მოასწრებდით ჩამოფრენას-მეთქი და არ ღირს ამდენი ფრენა სისულელეებისთვისო. ნათელა დეიდას ველაპარაკე და მითხრა, კარგად არის, გუშინ უკვე პალატაში გადაიყვანეს და ხვალ ეგებ სახლშიც გამოვიყვანოთ, ახალი წელია და რა იქ ყოფილა და რა აქო.

      – გადავრჩით, ირაკლი. ოღონდ, მილიციამ შეგვჭამა. ეს ეუბნება არ მახსოვსო. მგონი, მართლა არ ახსოვს. მე ვუთხარი იკამ ნომრები გადაიწერა-მეთქი და ძალიან გაბრაზდა. ნეტა, არ მეთქვა. ნერვიულობა არ შეიძლება.

      – მე ვეტყვი, ნათელა დეიდა. ხვალ მოვალ იქ. დილით გამოიყვანთ?

      მივედი და დამიხვდა ამაყი და რაღაცით ბედნიერი. თავი დაბინტული, ცხვირი გატეხილი, ხელები გადაქლეთილი. რა უხაროდა?

      – მოიარე საკრედიტო ალაგები?

      – სად წაბოდიალდი?

      – რავი.

      – რავი კი არა, ვიცი სადაც წაბოდიალდი. შტერ ქალებთან.

      კოკამ ტუჩები დაბრიცა:

      – მაგარი ხარ... ნომრები რად გინდოდა?

      – აბა, გაიცინე, კბილები შეგრჩა?

      – ვიცი, ვინც არიან, – თქვა მტკიცედ – პოვნა შეიძლება.

      – პოჩერკი მალადოია, პიონერული.

      აღარ უპასუხია.

      – იქ რა გინდოდა?

      – სისულელეა. არაფერი.

      და ძალიან გავბრაზდი.

      – მითხარი, რა მოხდა, ოთარი და ნათელა მოვლენ.

      – ვიცი, რომ მოვლენ. სახლში დავწვები.

      – მითხარი, იქ რამ წაგაბოდიალა? იმ ბანძებში.

      – ვაბშე არ იყვნენ ბანძები. შენთან სმას აზრი არა აქვს. ვერ დავთვერი. რომ დავმთვრალიყავი, არ წავიდოდი. იცი რა გამახსენდა? გამახსენდა, რომ ტინტო ბრასი პარასკევობით არი. შაბათი არ იყო? მაგარი მთვრალი რო ვყოფილიყავი, ნაღდად არ ავიდოდი.

      აი, ეგეთი, გინახავს რამე?

      – ესე იგი, ტინტო ბრასია მთავარი.

      – ტინტო ბრასის ტრაკები. ნათელი წერტილი ცხოვრებაში. სულ ტრუბები მირტყეს.

      – აგინე?

      – არა, ტო. ვერ მოვასწარი. აზრზე რო მოვედი, აღარ იყვნენ. საბურთალოს ქუჩაზე ჩავფორთხდი და იქ დამერხა. მერე ვაბშე აღარ მახსოვს.

      – აბა, რატო გცემეს?

      – დაიბოღმნენ. იქ რო დავხვდი არ ევასათ.

      – მაიცა, იქ იყვნენ?

      – იქ მე ვიყავი, – თქვა ამაყად – ისინი მერე ამოვიდნენ. არ ევასათ და მოტყდნენ. თურმე, მანქანაში მიცდიან.

      რაღა უნდა მეკითხა. ჩვეულებრივი ამბავი, ჩვეულებრივი ბიჭებით.

      – არ უნდა ასულიყავი.

      – ასი წელი, არც ავიდოდი, მარა დარეკა იმ ჩემისამ და დაიწყო ჟუჟუნი. მერე გამახსენდა, რო შაბათია და ტინტო ბრასი არ არი.

      – ვინ დარეკა?

      – ჰო, დარეკა. იმან, რა ქვია... ვისი სახლიც იყო... თამრუცუნა, თუ მე მაგის. დარეკა ტო, მარტო ვარო, არა, მარტო ვარო კი არა, პირდაპირ შენც მარტო ხარო? გოგოები წავიდნენო, ჩემები არ არიანო. შენ არ წახვიდოდი?

      – ტინტო ბრასი მაინც ყოფილიყო, – სხვა ვერაფერი ვთქვი.

      – ავედი და ვცეკვავთ და ზარი...

      – მოიცა, ნომერი როდის მიეცი? – გამახსენდა, რომ ვეუბნებოდი მობილურს გამოვრთავთ-მეთქი.

      – ნომერი იმას მივეცი, მეორეს. სახელს რო არ ამბობდა.

      – რატო?

      – დამევასა.

      – და ამან იმას უთხრა? საღოლ, საღოლ...

      – ეხლა არ დაიწყო შერლოკჰომსობა. ყველა ვიცი... ზარი დარეკეს და ამან გაუღო. შემოლაგდნენ, პაჩი, პუჩი და ვითომ დარეკეს და ეგრევე წავიდნენ.

      – არ უნდა გაეღო.

      – რავი, ხო არ ვეტყოდი არ გააღო-მეთქი. შობააო და ეგეთი ბაზარი შეყავდა... ფეხში დანა მაქ, ტო. ტრუბა ეჭირა. მერე ეტყობა წიხლებით შემდგნენ...

      ისტორია საღამოს მოვიგონე. ეს ნამდვილი ისტორიაა. ნამდვილი ისტორია კი ფიქრის შედეგად დაიბადება ხოლმე. ახალწლის ღამის ფიქრები, ეგეთი ჩვეულებრივი ფიქრები. მაგრამ რას ამბობდა მისის ჰადსონის მდგმური? ის ამბობდა, დამნაშავის ადგილას უნდა წარმოიდგინო თავიო. მეც წარმოვიდგინე და იცი რატომ? იმიტომ რომ თქმულია – "ეგრე არ არი!" ეგრე არ არი, რო ბიჭები მოვიდნენ და ბიჭები წავიდნენ. რატომ მოვიდნენ? შობის მოსალოცად? რომელი შობის, რომელიც არ იყო ჩვენს ტერიტორიაზე? თუმცა, მე ხომ ვიცი მაგათი ამბავი, ჩანგლის გარახუნების ისტორია. მე ხომ ვიცი დოლიძის სიღრმეების ბიჭები. მე ხომ ვიცი, რომ ერთ მშვენიერ ღამეს სულ ტყუილად არ დაგლეწავენ. ანუ, წარმოიდგინე, რომ მე ვარ დამნაშავე; ავედი, ვნახე, ჩამოვედი, დაველოდე, კინაღამ მოვკალი. არაფერი არ ყოფილა ჩემსა და იმ კოკას შორის. ვაბშე არ ვიცნობ. და ველოდები. ტყუილად? ტყუილად არ დაველოდები. ესე იგი, მაგრა გამიტყდა. ანუ, გავმხეცდი. გავმხეცდი იმიტომ, რომ... განა ეს ქალის ამბავი არ არის?

      მე შემიძლია, მოგიყვე, სულ იოლად, ალქაჯების ერთი პატარა ამბავი. ამბავი ღამისა და ქალაქის ქუჩებისა. ამ ამბავში ერთი დოლიძელი ბიჭი ვიქნები, ერთი ბახტრიონელი გოგო და ერთი ვაკელი ჯეელი. უფრო კი, სამი ბახტრიონელი გოგო და მათი შობა, რომელიც სადღაც, განათებულ ნამდვილ ქალაქებში, ამბერის ჩრდილებში, მართლაც თენდებოდა. ჩვენ კი, დავდიოდით ქალაქის ქუჩებში, ლუდხანიდან ლუდხანაში და ეს ქალაქი სულაც არ იყო ნამდვილი ქალაქი. ჩვენ ვეძებდით დუბლინს ჭავჭავაძეზე და ამ დროს არ გვახსოვდა, რომ ის ძველი, გაქექილი წიგნი, ზღაპარი იყო. და, ვერ დავთვერით. როგორ დათვრები და როგორ შეხვალ წიგნში, რომელიც კუჭის ტკივილით შეწუხებულმა კაცმა დაგიტოვა. თითქოს მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდე, იქაური განცდები თან შორსაა, თან კი აგერ, ორ ნაბიჯზე...

      მთაზე კი, დიდ ოთახში, ძველი, ეროტიკული, მერვე კლასში ნანახი ფილმიდან გაცოცხლებულ ოთახში, სამი გოგო იჯდა. რა ერქვა იმ ფილმს? "მადამ კლოდი"... თხუთმეტნი ვუყურებდით, დასიებული თვალები და სიგარეტები. სამი გოგო კი იჯდა და ბჭობდა დოლიძის სიღრმეში, როგორც სამი ალქაჯი ძველ პიესაში: "კვლავ როდის შევხვდეთ ჩვენ ერთმანთს, როს ინათებს, თუ..."

      – იცი, რა ვქნათ? – ამბობდა ერთი, – კიდევ უფრო გავაგიჟოთ...

      – მცემს, – შიშობდა მეორე, – სამი დღეა, ვუკიდებ.

      – რომ შეხვდე? – ფიქრობდა მესამე.

      – რომ შეხვდეს, ყველაფერი დამთავრებულია, – სჯეროდა პირველს – რატომ იჩხუბეთ? კიდევ ერთხელ მითხარი.

      – გაზაფხულზე შეგირთავო, – ენა დაება მეორეს.

      – გაზაფხულზე ხომ შეგეტყობა და ისედაც შეგირთავს, ტეხავს. – შეშფოთდა მესამე.

      – უნდა დავანახოთ, რომ ეგრე არ არი, – მტკიცე პირველი.

      – უყვარხარ? – ეჭვიანი მესამე.

      – რას ეკითხები? – ბრაზიანი პირველი – ამდენი წელიწადი.

      – რა ვქნათ? – შეყვარებული.

      – უნდა გამხეცდეს. მიხვდეს, რომ გკარგავს.

      ისინი ასე არ ლაპარაკობდნენ, ამ სიტყვებით, მაგრამ ამას ლაპარაკობდნენ. ეწეოდნენ და ანიავებდნენ, ანიავებდნენ და ეწეოდნენ. მერე ბისტროში ისხდნენ. საღამოს დედამ თქვა:

      – ხვალ – წერილს მოიტანს ბიჭი.

      ღამით დარეკა. რაღაც თვითონ მოიფიქრა, მთავარი კი აბდუშაჰილმა. იდიოტური სიტყვა – "ვაეჭვიანოთ". კიდევ უფრო იდიოტური – "გამხეცდება". ძალიან სულელი გოგოები იყვნენ. მოქმედებას ელოდნენ იმ ბიჭისგან. როგორ მოქმედებას, არ იცოდნენ.

      მერე მე გავჩნდი. მე არ მელოდნენ. მოიგონეს შობა, რომელიც თან არსებობდა, თან – არა. არ იცოდნენ, რომ შობა ეგრე იოლად არ არი. დავცინოდით, ვერ ხვდებოდნენ. ბაშიაჩუკი ჭკვიანი იყო. მობილური გამოჩნდა. რამდენი ვილაპარაკო?

      კოკა სადარბაზოში შევიდა. ტინტო ბრასს უნდა შეხვედროდა. დაურეკა. მარტო ყოფნას აღნიშნავდა. კოკაც თავისი მარტოობის ძველ ისტორიას შეუშვებდა. იტყოდა ჩემთვის ძველ, გოგოშკებისთვის დამატკბობელ სისულელეს: "თუ გინდა, ასი დოლარის ვილაპარაკოთ. შენ შემოგევლოს ჩემი მთვრალი სიცოცხლე..." ჩამოჯდებოდა და წავიდოდა. ბაშიაჩუკი კი მუშაობდა. იჯდა და რეკავდა. ასეთ რეკვას ჩამორეკვა ჰქვია. ბიჭს ეძებდა. ნეტავ, არ ეპოვა. ილაპარაკა, დიდი პაუზებით: რომ აქამდე არ ამბობდნენ, რომ ერთი ვზროსლია, ვაკელი, რომ ოჯახები ახლობლობენ, რომ დღეს ხუთჯერ დაურეკა, რომ ახლა მთვრალია და იქ არის, რომ აუცილებლად მოიყვანს, რომ თამრუცუნა ისეა დაბნეული, რომ... და რომ მარტონი არიან.

      ბიჭმა, ერთ საათში დამნაშავემ, არ დაიჯერა. ანუ, დაიჯერა და არც დაიჯერა, იმიტომ, რომ დაქალების ლაპარაკებს არ იჯერებენ. დაქალებმა შობა მოიგონეს. მშობლები ლიკანში, საახალწლოდ. სწორედ ამ ორ კვირაში უნდა გაერკვიათ. სანამ ისინი სამჯერადი კვებით ერთობოდნენ, ესენი აქ ბედს აგვირისტებდნენ. ჩამოვლენ ლიკანიდან და ქორწილი.

      კვლავ როდის შევხვდეთ ჩვენ ერთმანეთსო?

      ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მჯერა, რომ ასე იყო.

      გოგოები: პატარა, საყვარელი, ლამაზტუჩება გოგოები რეპროდუქციებით. თვითონაც რეპროდუქციები. სხვანაირად არც გამოვიდოდა. შობა ღამის ალქაჯები, შავით მოსილნი, მუხლისთავებით მოლაპარაკე გოგოები.

      როგორ გგონია, შეიძლება სხვანაირად იფიქროს კაცმა? მიდი და დაურეკე:

      – ბოდიში, უკაცრავად, თამრუცუნას თხოვეთ, – და ილაპარაკე.

      შეეშინდება. შეშინებულნი საშიშნი არიან, გასულ შაბათსაც შეშინებულები არ იყვნენ? მისის ჰადსონის მდგმურებო, შეერთდით! დაუყევით ქუჩას და მხრით შეაღეთ ერთფეროვანი კაფეების კარები. წარმოიდგინეთ, რომ დადიხართ დუბლინის ქუჩებში, ვითარცა გალოთებული კათოლიკენი და კაფედან ქუჩაში მოათრევთ ალქაჯებს დიდი, განათებული, წვრილბურჟუაზიული, ბოზანდარა ოთახებიდან, სადაც ჭურჭელია ლამაზი, ხოლო თვალები კიდევ უფრო ლამაზი, მაგრამ მორიგი და ჩვეულებრივი. არ მოგყვებიან? ფეხში წაავლებთ ხელს და ისე გამოათრევთ. იქვე მიაგდებთ ქუჩაში და მერე წაყიალდებით თქვენს გზაზე. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე, ან სულაც ასი წლის შემდეგ, მოხდება ასე, ვინაიდან, თქვენ იქნებით გალოთებული მუშაკები საღეჭი რეზინის დისტრიბუციის ფრონტისა და აღარავის ეხსომება, რომ სანამ ტელეფონზე მოპასუხედ მოეწყობოდით, ნასწავლი ხალხი ბრძანდებოდით.

      აი, ამ დუბლინური ლუდხანის ნაღდი კარისთვის რომ მიგვეგნო...

      კრეტინმა დარეკა:

      – არ გაგიტყდეს, რა?

      – რა უნდა გამიტყდეს?

      – მივეჩვიე, მეტი არაფერი.

      – რას?

      – ტინტო ბრასის ყურებას.

      ისე, ჩვენც კაი მაგარი რეპროდუქციები ვართ.

აკა მორჩილაძე
1999 წ.

     

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, მორჩილაძე, ქველი

ნახვა: 1362

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters