ალბერ კამიუ - Albert Camus

 

"უცხო"

(თარგმანი ფრანგულიდან – ლ. გოგილაშვილი და მ. მეძმარიაშვილი)

ნაწილი პირველი

თავი პირველი

   დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ – გუშინ. რა ვიცი: მოხუცთა თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე: – ,,დედა გარდაიცვალა, დაკრძალვა ხვალ, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას”. რას გაიგებ, იქნებ გუშინ მოკვდა.
მოხუცთა თავშესაფარი მარენგოშია, ალჟირიდან ოთხმოცი კილომეტრის დაშორებით. ორი საათის ავტობუსს გავყვები და დღისსინათლით ჩავალ. ღამესაც გავუთევ დედას და ხვალ საღამოს უკან დავბრუნდები. უფროსს ორი დღით დავეთხოვე: უარი ვერ მითხრა, ან კი როგორ მეტყოდა. თუმცა ზედვე ეტყობოდა, ვერაფრად ესიამოვნა, ვუთხარი კიდეც, რა ჩემი ბრალიამეთქი. აღარაფერი უპასუხნია. მერე ვინანე, ასე არ უნდა მეთქვა. ბოლოს და ბოლოს, მე რა მქონდა საბოდიშო: პირიქით, მას უნდა ეთქვა სამძიმარი. ალბათ, ზეგ მეტყვის, შავებში რომ მნახავს. დღეს რაში მეტყობა, დედა მომკვდომოდეს. დაკრძალვის შემდეგ ყვალაფერი შეიცვლება, ოფიციალური იერი მიეცემა.
ორი საათის ავტობუსს გავყევი, ძალიან ცხელოდა. როგორც ყოველთვის, სელესტის რესტორანში ვისაუზმე. ყველას შევებრალე. სელესტმა მითხრა: ,,დედა ერთი ჰყავს ადამიანს”, წამოსვლისას კარებამდე გამომყვნენ. გვიანღა გამახსენდა, რომ ემანუილთან უნდა ავსულიყავი და შავი ყელსახვევი და სამკლავე გამომერთმია. სამი თვის წინ მანაც დამარხა ბიძა.
ძლივს მივუსწარი ავტობუსს. სირბილით წავედი. მთელი დღის დაძაბულობამ, ცისა და გზის თვალისმმომჭრელმა სითეთრემ და ბოლოს, ბენზინის სუნმა, თავისი ქნეს – მაშინვე ჩამეძინა. თითქმის მთელი გზა მეძინა. როცა გამეღვიძა, მაშინღა შევნიშნე, რომ ვიღაც ჯარისკაცს მივწოლოდი. გამიღიმა შორიდან მოდიხარო, მკითხა. ჰო-მეთქი, მოკლედ მოვუჭერი. ლაპარაკის თავი არ მქონდა.
მოხუცთა თავშესაფარი ქალაქს ორი კილომეტრით არის დაშორებული. ფეხით გავყევი გზას. მაშინვე მინდოდა მენახა დედა, მაგრამ კარისკაცმა ჯერ დირექტორი სნახვა მირჩია. დირექტორს არ ეცალა. ლოდინი მომიხდა სანამ გამოჩნდა, კაბინეტში მიმიღო. ჩია ტანის მოხუცი იყო, მკერდზე საპატიო ლეგიონის ორდენი ეკეთა. ნათელი თვალებით შემომხედა და იმდენ ხანს ეჭირა ჩემი ხელი, რომ აღარ ვიცოდი, როგორ გამომეგლიჯა. ქაღალდებში ჩაიხედა და მითხრა:
- ქალბატონი მერსო სამი წლის წინათ მოვიდა ჩვენთან. თქვენ მისი ერთადერთი მარჩენალი იყავით.
- საბოდიშო არაფერი გაქვთ, ჩემო ძვირფასო. აგერ, დედათქვენის ქაღალდები გადავათვალიერე. მისი შენახვა სად შეგეძლოთ, დედას მომვლელი ესაჭიროებოდა.
პატარა ხელფასი გქონიათ. მისთვის აქა სჯობდა, აქ უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს.
- დიახ, ბატონო დირექტორო, – ვუპასუხე მე.
შემდეგ დასძინა:
- რაც არ უნდა იყოს, აქ მეგობრები ეხვია, თავისივე ხნის ხალხი, ერთნაირი ინტერესები ჰქონდათ. თქვენ ახალგაზრდა ხართ, თქვენთან მოიწყენდა.
მართლაც ასე იყო. შინ დედა ერთთავად მოწყენილი იჯდა და ჩუმად მიმზერდა. პირველ ხანებში, მანამ აქაურობას შეეჩვეოდა, აქაც ტიროდა ხოლმე. მერე გაშინაურდა და რამდენიმე თვეში ვინმეს რომ ეთქვა, აქედან უნდა წაგიყვანოო, ახლა ამაზე მორთავდა ტირილს. ამიტომაც იყო, რომ ბოლო ხანებში მასთან აღარ ჩავდიოდი. თუმცა სხვა მიზეზებიც მქონდა: მთელი კვირა-დღის დაკარგვას ეხუმრებით! ახლა ავტობუსის სადგურამდე ფეხით ჩანჩალი, ბილეთის აღება და მერე ორი საათი ნჯღრევა!..
დირექტორი ლაპარაკს განაგრძობდა; მაგრამ ყურს აღარ ვუგდებდი. მერე მითხრა:
- ალბათ, დახედავთ დედას.
უსიტყვოდ წამოვდექი და ისიც კარისკენ გამიძღვა. კიბეზე ჩასვლისას ამიხსნა:
- პატარა საცხედრე გვაქვს და იქ დავასვენეთ. სხვების შეწუხებას მოვერიდეთ. საშინლად აფორაქდებიან ხოლმე, როცა ვინმე მოგვიკვდება, მთელი ორი-სამი
დღით მოსვენებას კარგავენ, ძნელი მოსავლელები ხდებიან.
ეზო გადავჭერით. მოხუცები ჯგუფ-ფგუფად იდგნენ და ლაპარაკობდნენ. როცა გავუპირდაპირდით, გაჩუმდებოდნენ ხოლმე, რომ ჩავუვლიდით, ისევ აქაქანდებოდნენ, ისეთი ბგერები გამოდიოდა, თუთიყუშების დახშული ჭარტალი გეგონებოდათ. პატარა შენობის კართან დირექტორმა შემაჩერა:
- ახლა დაგტოვებთ, ბატონო მერსო. თუ რამე დაგჭირდეთ, კაბინეტში ვიქნები. დაკრძალვა დილის ათი საათისთვის არის დანიშნული. წინასწარ გავითვალისწინეთ, ღამის გათევას თუ მოისურვებდით განსვენებულისათვის. კიდევ რა უნდა გითხრათ: როგორც ამბობენ, დედათქვენს რამდენჯერმე უთქვამს მეგობრებისთვის, როცა მოვკვდები, მღვდელმა წესი ამიგოსო. მე უკვე დავიჭირე ამისი თადარიგი, მაგრამ მინდა თქვენც იცოდეთ.
მადლობა გადავუხადე დირექტორს. ათეისტი არ ყოფილა დედაჩემი, მარამ არც მორწმუნე იყო.
შევედი. ოთახი ნათელი იყო. ზემოდან – მინის სახურავი, ახლად შეთეთრებული კედლები. შიგ X -ის ფორმის ჯოჯგინები და სკამები იდგა. შუაგულ ოთახში, ორ ჯოჯგინაზე, თავდახურული კუბო ესვენა. სახურავი ჯერ კიდევ არ იყო დაჭედებული, ჭანჭიკები ბზინავდა. კუბოსთან თეთრხალათიანი მომვლელი არაბი ქალი იდგა. თავი ქათქათა თავსაფრით ჰქონდა წაკრული.
კარისკაციც შემომყვა. ეტყობოდა, ერბინა, სულს ძლივს იბრუნებდა.
- ალბათ, გინდათ დახედოთ დედას. ახლავე ავხდი, – და კუბოს მიუახლოვდა, მაგრამ
შევაჩერე. – გსურთ?
- არა, ვუპასუხე მე.
შეცბა. შევწუხდი. ვგრძნობდი, რომ ასე არ უნდა მეთქვა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ
მკითხა:
- რატომ? – კი არ მკიცხავდა, ისე, ცნობისმოყვარეობით მკითხა.
არ ვიცი-მეთქი, ვუპასუხე, – კარისკაცმა თეთრი ულვაში გადაიგრიხა და ჩემთვის არც
შემოუხედავს, ისე განაცხადა:
- მესმის.
ლამაზი, ცისფერი თვალაბი და წითური სახე ჰქონდა. მომვლელი ქალი ადგა და
გასასვლელისკენ გაემართა.
- ამ ქალს წყლული აქვს, – მითხრა კარისკაცმა. ვერ მივუხვდი და თვალი გავაყოლე
ქალს. სახე დოლბანდით ჰქონდა ახვეული, თვალებიღა მოუჩანდა. ცხვირთან უფრო ჩაბრტყელებული ჩანდა დოლბანდი. როცა იგი გავიდა, კარისკაცმა მითხრა:
- მარტო დაგტოვებთ.
აღარ მახსოვს, ისეთი რა ვანიშნე, რომ აღარ წასულა. მოხუცი ისევ ჩემს უკან იდგა და ეს
ცოტა არ იყოს, მაწუხებდა. ოთახი სავსე იყო შუადთის ნათელი შუქით. ორი კრაზანა ბზუილით ეხეთქებოდა შუშის სახურავს. ძილი მომერია. არ მივბრუნებულვარ, ისე ვკითხე კარისკაცს:
- დიდი ხანია აქ მუშაობთ?
- ხუთი წელია. – ხელადვე მომაგება, თითქოს სულ ამ შეკითხვას ელოდაო, და ენად
გაიკრიფა. ადრე, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ისიც აქ, მოხუცთა თავშესაფარში დაასრულებდა სიცოცხლეს: მოხუცი სამოცდაოთხი წლისა იყო, პარიზელი, მე შევაწყვეტინე:
- როგორ, აქაური არა ხართ?
მერეღა გამახსენდა: მანამ დირექტორი მიმიღებდა, ის დედაზე მელაპარაკა: რაც
შეიძლება ჩქარა უნდა დავმარხოთ, ალჟირში ვართ, ხომ ხედავ, რა სიცხეაო. სწორედ მაშინ მითხრა, პარიზის მკვიდრი ვარ და ჩემი ქალაქი ვერაფრით ვერ დავივიწყეო.
- პარიზში მკვდარს სამი-ოთხი დღით ტოვებენ, აქ ეს შეუძლებელია გონს მოსვლას
ვერც კი მოასწრებ, რომ უნდა დაასაფლავო.
ცოლმა შეაჩერა: ამეების ლაპარაკი რა საჭიროა. მოხუცი გაწითლდა და ბოდიში
მოიხადა. მაშინვე ჩავერიე: ,,რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ”. – მოხუცის ნათქვამი მართალი იყო და საინტერესო.
საცხედრეში მოხუცმა მიამბო, რომ ისიც სხვებივით გაჭირვებამ მოიყვანა ამ თავშესაფარში. მაგრამ, რაკი დავრდომილი არ იყო, კარისკაცად დაიწყო მუშაობა. მაშ, თქვენც პანსიონერი ყოფილხართ-მეთქი, ვუთხარი. არაო, უარის ნიშნად თავი გააქნია. ადრეც ყურში მომხვდა და გამიკვირდა: პანსიონერებზე როცა ლაპარაკობდა, თითქოს გარეშეებს ახსენებსო, ისე იტყოდა ხოლმე – ,,ესენიო”, ამათ რომ ჰკითხოო”, ზოგჯერ ამასაც გამოურევდა – ეს მოხუცებიო”, თუმცა ბევრი მასზე ხნიერი არც კი იყო. ან კი რა გასაკვირია, ბოლოს და ბოლოს, მეკარე იყო, თანამდებობის კაცი და ამათ ზემოდან დასცქეროდა.
ამ დროს მომვლელი ქალიც შემოვიდა. ერთბაშად მოსაღამოვდა. მინის სახურავზე ღამე ჩამოწვა. კარისკაცმა შუქი აანთო. უეცარმა სინათლემ თვალი მომჭრა. წასვლის წინ კარისკაცმა სასადილოში მიმიწვია. არა მშიოდა. მაშინ რძიანი ყავა შემომთავაზა. რძიანი ყავა ძალიან მიყვარს და უარი ვერ ვუთხარი. ცოტა ხნის შემდეგ მართლაც მომიტანა. დავლიე. პაპიროსსაც სიამოვნებით მოვწევდი, მაგრამ შევყოყმანდი, ვერ გადამეწყვიტა, შეიძლებოდა თუ არა დედის ცხედართან მოწევა. მერე გავიფიქრე: რა მოხდა, რა მნიშვნელობა აქვს- მეთქი და კარისკაცსაც შევთავაზე სიგარეტი, გავაბოლეთ.
ცოტა ხნის შენდეგ მითხრა:
- იცით, დედათქვენის ამხანაგებიც მოვლენ, ღამეს გაუთევენ. ასეთი ჩვეულება აქვთ.
წავალ, სკამებს მოვიტან და შავ ყავასაც მოვაყოლებ.
მოხუცს ვთხოვე, რომ ერთი ნათურა ჩაექრო, რადგან ქათქათა კედლებიდან არეკლილი
შუქი მღლიდა. შიუძლებელიაო, მითხრა, ერთს თუ ჩავაქრობ, სხვებიც ჩაქრებიან, განათება ასე გვაქვს მოწყობილიო. მერე კარისკაცისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. გავიდა. მალე სკამები შომოიტანა, ერთ-ერთ სკამზე საყავე დადგა და გარშემო ჯინჯნები შემოუწყო. ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა. კუბოს იქითა მხარეს, ოთახის სიღრმეში მომვლელი ქალი ზურგშექცევით იჯდა. ვერა ვხედავდი რას აკეთებდა, მაგრამ ხელების მოძრაობაზე ვგრძნობდი, რომ ქსოვდა. სიმშვიდეს დაესადგურებინა ირგვლივ. ყავამ გამათბო. ღია კარიდან ღამისა და ყვავილების სურნელება შემოდიოდა. მგონი, ჩავთვლიმე კიდეც.
უეცარმა შერხევამ გამომაღვიძა. თვალი რომ გავახილე, ოთახი უფრო გაჩახჩახებული მეჩვენა. შიგ მდგარი საგნები ჩრდილის ნატამალსაც არ ტოვებდნენ, ყოველ კუთხეს, ყოველ რკალს ისე ნათლად და ზუსტად აღვიქვამდი, რომ თვალები მეწოდა. დედაჩემის მეგობრები შემოვიდნენ. ათამდე იქნებოდნენ. ამ დამაბმავებელ სინათლეში ისე ფეხაკრეფით მოდიოდნენ და ისე ჩუმად ჩამოსხდნენ, რომ ერთი სკამიც არ გაჭრაჭუნებულა. ასე გარკვევით არასოდეს მინახავს ადამიანი. არ გამომპარვია მათი სახის არც ერთი ნაკვთი, ტანსაცმლის არც ერთი ნაოჭი. მათი ხმა კი არ მესმოდა. ჩუმად და გაუნძრევლად ისხდნენ – ვერც კი იტყოდი, ცოცხლები არიანო. ქალებს, თითქმის ყველას, წინსაფრები ეკეთათ და წელზე შემორტყმული თასმები კიდევ უფრო მეტად აჩენდა მათ გამობერილ მუცლებს. მოხუც ქალებს თუ ამხელა მუცლები ექნებოდათ, ვერ წარმომედგინა. მამაკაცები გაწლიკულები იყვნენ, ხელში ჯოხი ეჭირათ. ყველაზე უფრო საკვირველი ის იყო, რომ თვალები არც კი უჩანდათ, ისე უციმციმებდათ რაღაც ნაოჭთა ბუდეში. დასხდნენ, შემომხედეს და უხერხულად დახარეს თავი. უკბილობისგან ყბები ჩავარდნილი ჰქონდათ. ვეღარ გავიგე – მე მესალმებოდნენ თუ სიბერისაგან უყანყალებდათ თავი, მგონი მესალმებოდნენ. ახლაღა შევნიშნე – ჩემს პირდაპირ ჩაწკაპულიყვნენ ყველანი, კარისკაცს აქეთ-იქით მისხდომოდნენ და თავს აკანტურებდნენ. უცებ გამკრა თავში – ნამდვილად ჩემი განსჯა გადაუწყვეტიათ-მეთქი.
ცოტა ხნის შემდებ ერთმა ქალმა ტირილი დაიწყო. მეორე რიგში იჯდა, მეგობრის ზურგს უკან და კარგად ვერ ვხედავდი. გულსწამღებად მოთქვამდა, ასე მეგონა, აღარასოდეს გაჩუმდებოდა. სხვებს თითქოს არ ესმოდათ, ჩუმად და ნაღვლიანად ისხდნენ, გარშემო ვერაფერს ამჩნევდნენ; ხან კუბოს შეხედავდნენ, ხან თავიანთ ჯოხებს, ეს იყო და ეს. ქალი კი ტიროდა და ტიროდა. საოცარი იყო – ამ უცნობ ქალს რა ატირებდა. გული გამიწვრილდა, მაგრამ ხომ ვერ ვიტყოდი. კარისკაცი ქალისკენ დაიხარა, რაღაც წაულაპარაკა, მაგრამ ქალმა თავი გაიქნია, რაღაცა წაიბუტბუტა და კვლავ ამ ხმაზე განაგრძო ტირილი. მაშინ კარისკაცმა კუბოს შემოუარა და გვერდზე მომიჯდა, არ შემოუხედავს ისე ამიხსნა:
- ძალიან მიჩვეული იყო დედათქვენს; ამბობს, ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო და ამქვეყნად აღარავინ დამრჩაო.
დიდხანს ვისხედით ასე. ქალის ოხვრა და ქვითინი თანდათან მიწყდა. ბევრი იხვნეშა, ბოლოს, როგორც იქნა, ჩაჩუმდა. უკვე აღარ მეძინებოდა, მაგრამ გადავიღალე და წელიც ამტკივდა. ახლა კი ეს სიჩუმე მტანჯავდა, მამძიმებდა. დროდადრო რაღაც ხმა მესმოდა. ვერ გავიგე, რა იყო; თურმე მოხუცები უკბილო ყბებს აწკლაბუნებდნენ. ამას თავისდა უნებურად აკეთებდნენ, ისე წასულიყვნენ საკუთარ ფიქრებში. ერთი პირობა ვიფიქრე – ეს ცხედარი სულაც არ ადარდებთ, ისე შეკრებილან-მეთქი. მაგრამ არა, ახლა რომ ვუფიქრდები, ასე არ იყო.
კარისკაცმა ყავა შიმომთავაზა. შემდეგ აღარაფერი მახსოვს. ღამე გავიდა. როცა თვალები გავახილე, მოხუცებისკენ გავიხედე: ერთად მიყუჟულიყვნენ და თვლემდნენ. ერთს არ ეძინა. ნიკაპით ჯოხს დაჰყრდნობოდა და თვამოუშორებლივ მიმზერდა, თითქოს ჩემს გაღვიძებას ელოდებოდა. მერე ისევ ჩამეძინა. წელის ტკივილმა გამომაღვიძა. მინის სახურავში დღე შემოიპარა. რომელიღაც მოხუცს გაეღვიძა და ხველა აუტყდა, მერე დიდხანს აფურთხებდა კუბოკრულ ცხვირსახოცში. რამდენს ამოახველებდა, ასე მეგონა გული ამოგლიჯესო. ხველებამ სხვებიც გამოაღვიძა. კარისკაცმა ანიშნა, რომ გასულიყვნენ. წამოდგნენ. სახე სულ გასცრეცოდათ უძილობით. გასვლისას, ჩემდა გასაკვირად, ყველამ სათითაოდ ჩამომართვა ხელი, თუმცა ღამე ისე გავატარეთ, კრინტიც კი არ დაგვიძრავს. ღამისთევამ თუ დაგვაახლოვა.
მოვიქანცე. კარისკაცი თავის ოთახში შემიძღვა, ცოტათი სული მოვითქვი. რძიანი ყავა დავლიე. მესიამოვნა. როცა გამოვედი, კარგა გათენებულიყო. ბორცვების მიღმა, რომლებიც მარენგოს ზღვისაგან ჰყოფენ, ცა შეწითლებულიყო. ზღვიდან მონაბერ ქარს მარილის სუნი მოჰქონდა. მშვენიერი დღე უნდა დამდგარიყო; დიდი ხანია სოფლად არ ვყოფილვარ და, ალბათ, დიდ სიამოვნებას ვიგრძნობდი, დედაჩემის დაკრძალვაზე რომ არ ვყოფილიყავი ჩამოსული.
ეზოში ვიდექი, ჭადრის ქვეშ. მიწის გრილმა სურნელებამ გამომაფხიზლა. ჩემი კოლეგები გამახსენდა; ახლა ისინი დგებიან და სამსახურში წასასვლელად ემზადებიან. ჩემთვის ეს ყველაზე მძიმე საათები იყო. კიდევ დიდხანს ვიფიქრებდი ამაზე, მაგრამ შენობაში ზარი აწკრიალდა და გამომაფხიზლა. ფანჯრების იქით ჩოჩქოლი ატყდა, ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა. მზე უკვე მაღლა ასულიყო; ფეხები გამითბა, კარისკაცი მოვიდა და მითხრა დირექტორი გიბარებსო. კაბინეტში შევედი; დირექტორმა რამდენიმე დოკუმენტზე ხელი მომაწერინა. შევნიშნე, რომ შავი პიჯაკი და ზოლებიანი შარვალი ეცვა, ყურმილი აიღო და მითხრა:
- უკვე მოვიდნენ ყველანი. ახლა კუბოს თავს დავახურინებ. ხომ არ გსურთ
უკანასკნელად დახედოთ დედათქვენს?
არა-მეთქი, ვუთხარი. მან ყურმილში ხმადაბლა ბრძანა:
- ფიჟაკ, შეუძლიათ დაიწყონ.
შემდეგ მე მითხრა, დაკრძალვას დავესწრებიო. მადლობა გადავუხადე. დირექტორი
მაგიდას მიუჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო. კოტიტა ფეხები ჰქონდა. გამაფრთხილა, რომ დაკრძალვაზე მორიგე ექიმიც მოვიდოდა. მარტო ჩვენ ვიქნებოთო, მითხრა. მოხუცებს არ ისწრებდნენ დაკრძალვაზე. მათ მხოლოდ ღამის გათევის უფლებას აძლევდნენ:
- კაცთმოყვარეობას ვერ დავივიწყებთ! – დასძინა მან.
გამონაკლისი თომას პერეზი იყო, დედაჩემის მეგობარი. მას ნება დართეს პროცესიას
გამოჰყოლოდა. დირექტორმა გაიღიმა:
- იცით ეს, ცოტა არ იყოს, სასაცილოა, მაგრამ დედათქვენი და ბატონი პერეზი სულ ერთად იყვნენ. თავშესაფარში ეხუმრებოდნენ ხოლმე: ,,პერეზ, ქალბატონი მერსო თქვენი საცოლეა”. პერეზი იცინოდა. ორივეს სიამოვნებდა ეს. მართლაც ძალიან იმოქმედა ქალბატონ მერსოს სიკვდილმა ბერიკაცზე. უარი ვეღარ ვუთხარი და ნება დავრთე, გასვენებაზე წამოსულიყო. გუშინ კი ავუკრძალე ღამისთევა. ექიმმა მირჩია. – ერთხანს ასე ვისხედით. მერე დირექტორი წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა. თვალი მოავლო იქაურობას. – აგერ მარენგოს მღვდელიც. ადრე მოსულა.
გამაფრთხილა, სოფლის ეკლესიამდე ორმოცდახუთი წუთის სავალიაო. ჩამოვედით შენობის წინ მღვდელი და ორი მგალობელი იდგა. ერთ-ერთს ხელში საცეცხლური ეჭირა. მღვდელი დროდადრო იხრებოდა და ვერცხლის ჯაჭვს ასწორებდა. იგი მოგვეგება, შვილო ჩემოო, მითხრა და კიდევ რაღაც დააყოლა. შემდეგ საცხედრეში შევიდა, მეც მივყევი.
მაშინვე შევნიშნე, რომ კუბოს სახურავი დაეჭედათ. ოთხი შაოსანი მამაკაცი იდგა ოთახში. დირექტორმა გადმომილაპარაკა, კატაფალკი ქუჩაში გველოდებაო. მღვდელი ლოცვას მოჰყვა. ამის შემდეგ ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო. შაოსნები კუბოს მიუახლოვდნენ, ფარდაგი გადააფარეს. წინ მღვდელი გაუძღვათ, კუბო გაიტანეს და ჩვენც უკან მივყევით. კარებში ერთი ქალბატონი იდგა, რომელსაც მე არ ვიცნობდი.
- ბატონი მერსო , – გააცნო ჩემი თავი დერექტორმა. ამ ქალბატონის გვარი ვერ გავიგე,
მაგრამ მივხვდი, რომ რწმუნებული იყო, ქუშად დამიკრა თავი. გრძელი, ჩამომხმარი სახე ჰქონდა. გვერდზე მივდექით, რომ ცხედარი გაეტანათ. თავშესაფრიდან გამოვედით და მივყევით. კარის წინ კატაფალკი იდგა: გაპრიალებული, მოგრძო და მბრწყინავი – საკალმეს წააგავდა. კატაფალკის გვერდით გამრიგებელი იდგა – ჩია ტანის პატარა კაცი და კიდევ ერთი მოხუცი, რომელსაც უხერხული მიხვრა-მოხვრა ჰქონდა. მივხვდი, რომ ბატონი პერეზი იქნებოდა. მრგვალი და ფართოფარფლებიანი თექის ქუდი ეხურა (როდესაც კუბო კარებში გამოატარეს, ქუდი მოიხადა), განიერი შარვალი ეცვა და პატარა შავი ბანტი ეკეთა, რომელიც კიდევ უფრო პატარა მოჩანდა დიდსაყელოიანი თეთრი პერანგის ფონზე. ფერისმჭამელებით აჭრელებული ცხვირის ქვეშ ტუჩები უთრთოდა. შეთხელებული თეთრი თმა ცნობისმოყვარე პანტურა ყურებზე გადმოჰფენოდა; ფერმკრთალ სახესთან შედარებით, ყურების წითელი ფერი განსაკუთრებით მომხვდა თვალში. გამრიგებელმა ყველას მოგვიჩინა ადგილი. წინ მღვდელი მიდიოდა, მერე – კატაფალკი. კატაფალკს გარშემო ოთხი მამაკაცი ედგა. უკან – მე და დირექტორი, ბოლოს – რწმუნებული და ბატონი პერეზი.
ცა მზით იყო სავსე. მიწა გახურდა და სიცხემაც იმატა. ნეტავ, რას ველოდებოდით ამდენ ხანს. ძალიან მცხელოდა თალხ ტანსაცმელში. პერეზმა ქუდი მოიხადა. დერექტორმა მასზე დამიწყო ლაპარაკი. მე ოდნავ მივაბრუნე თავი და დავაკვირდი. დირექტორმა მიამბო: დედაჩემი და ბატონი პერეზი საღამოობით ხშირად გამოისეირნებდნენ თურმე სოფლისკენ, ექთანის თანხლებით, რაღა თქმა უნდა. მივიხედ-მოვიხედე, სოფელს გადავავლე თვალი. კვიპაროსები ჩარიგებულიყვნენ ბორცვების კალთებზე, მათ შორის ალაგ წითელი, ალაგ მწვანე მიწა მოჩანდა, იშვიათი სახლების კონტურები მკვეთრად იხატებოდნენ – და მე გავუგე დედაჩემს. საღამოები ამ მხარეში მელანქოლიურად მშვიდი უნდა იყოს. ახლა კი, როცა დიდებული მზე ბრწყინავს და ცხელი ალმური არხევს პეიზაჟს – ულმობელსა და გულქვას ხდის მიდამოს.
დავიძარით. შევამჩნიე, რომ ბატონი პერეზი უკან რჩებოდა. კატაფალკი კი თანდათან უმატებდა სიჩქარეს. მოხუცი სულ აღარ ჩანდა. ერთ-ერთი შაოსანიც ჩამორჩა კატაფალკს, მე გამიპირდაპირდა. საოცარია, რა სისწრაფით მიიწევდა მზე ცაზე. გვიან შევნიშნე, როგორ ბზუოდნენ მწერები, როგორ გაჰქონდა ბალახს ტკაცატკუცი. ოფლი წურწურით ჩამომდიოდა ლოყებზე, ქუდი არ მქონდა და ცხვირსახოცით ვინიავებდი სახეს. ჩემს გვერდით მომავალმა შაოსანმა რაღაც მითხრა, ვერ გავიგე. მარცხენა ხელში ცხვირსახოცი ეჭირა და კეფას იწმენდდა, მარჯვენა ხელით კი ქუდს დროგამოშვებით იხდიდა. რა მითხარით-მეთქი, ჩავეკითხე.
ცას ახედა და გაიმეორა:
- მაგრად აცხუნებს.
დავეთანხმე. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ მკითხა:
- დედაა თქვენი?
- დიახ.
- მოხუცი იყო?
- არც ისე. – ასე იმიტომ ვუპასუხე, რომ ზუსტად არ ვიცოდი დედაჩემის წლოვანება.
მერე გაჩუმდა. უკან მოვიხედე და ბატონი პერეზი დავინახე, – ორმოცდაათამდე მეტრით ჩამორჩენილიყო. განიერი ქუდის ქნევით და ქოშინით მოდიოდა. დერექტორსაც შევხედე; იგი ამაყად და ღირსეულად მოაბიჯებდა. ოფლის წვეთები შუბლზე უბრწყინავდა, მაგრამ არ იწმენდდა.
მომეჩვენა, რომ პროცესიამ სვლას უმატა. განათებულ, მზით გათანგულ მინდორს ბოლო არ უჩანდა. ცის მცხუნვარება აუტანელი ხდებოდა. ახლად დაგებულ გზაზე გავედით. გუდრონი თვალისმომჭერელად პრიალებდა, ფეხები გვეფლობოდა და კვალს ვტოვებდით. მეეტლის ტყავის ქუდი, რომელიც ეტლზე იდო, რატომღაც კუპრში ამოსვრილს ჰგავდა. მოთეთრო ცამ და მისმა მონოტონურმა ფერებმა, გუდრონის წებოვანმა სიშავემ, კატაფალკის პრიალა სიშავემ, მზემ, ტყავის და ცხენის ჩონჩორიკის სუნმა, უძილო ღამემ გონება დამიბინდა, აზრები ამირია. კიდევ ერთხელ გავიხედე უკან. პერეზი კარგა ჩამორჩენილიყო და სიცხის ალმურში ძლივსღა მოჩანდა. ცოტაც და, სულ დამეკარგა თვალიდან. მერე შევნიშნე, რომ გზიდან გადასულიყო და მინდორს მიჰყვებოდა. ჩემ წინ გზა უხვევდა. მივხვდი, პერეზი კარგად იცნობდა აქაურობას, მოკლეზე სჭრიდა, რომ დაგვწეოდა. მოსახვევში დაგვეწია. შემდეგ ისევ დაგვეკარგა. კვლავ მინდვრით წავიდა და ასე – მრავალჯერ. ვიგრძენი, როგორ მომაწვა სისხლი საფეთქლებში. ყველაფერი ისე სწრაფად და ბუნებრივად მოხდა, რომ აღარაფერი მახსოვს, ერთის გარდა: სოფლის შესახვევთან მომვლელი ქალი გამომელაპარაკა, უჩვეულო ხმა ჰქონდა – მელოდიური და მთრთოლვარე, რაც მის გარეგნობას არ შეეფერებოდა.
- ჩქარა თუ ვიარეთ, გავოფლიანდებით და ეკლესიაში შეიძლება გავცივდეთ, არადა,
ნელა რომ ვიაროთ, დავისიცხებით.
მომვლელი ქალი მართალი იყო, გამოსავალი არ ჩანდა. კიდევ რამდენიმე სურათი
დამამახსოვრდა. მაგალითად პერეზის სახის გამომეტყველება, როდესაც იგი უკანასკნელად დაგვეწია; ნერვიულობისაგან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა, მაგრამ დანაოჭებული სახე გზას არ აძლევდა. კიდევ მახსოვს ეკლესია და ხალხი ტროტუარზე, საფლავზე წითელი ნემსიწვერა, გულწასული პერეზი (იტყოდით, ხის მოშლილი ჯამბაზიაო), სისხლისფერი მიწა, რომელიც დედაჩემის კუბოს ეყრებოდა და შიგ არეული გაშიშვლებული ფესვები, ისევ სახეები, ხმები, სოფელი, კაფეს წინ ლოდინი, ძრავის განუწყვეტელი გუგუნი, სიხარული, როდესაც ავტობუსი სინათლეებით გაჩახჩახებულ ალჟირში შევიდა და სიამოვნების გრძნობა, როდესაც წარმოვიდგინე, რომ ლოგინზე დავეგდებოდი და თორმეტ საათამდე მკვდარივით ვიძინებდი.

გაგრძელება...

ტეგები: Albert, Camus, Literature, Qwelly, Stranger, რომანი, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 2605

გამოხმაურებები!

მთელი კვირა-დღის დაკარგვა..

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters