შტეფან ცვაიგი - აღსასრული ერთი გულისა

    ბედის ჩარხის სწრაფ ბრუნვას მუდამ არ ძალუძს შეწყვიტოს ძგერა გულისა, უმნიშვნელო მიზეზებს სიკვდილი მოჰყვება. აი ეს აღიზიანებს ზოგჯერ მის აულაგმავ ჟინს ქმედობისა. ჩვენ ბედის ამ მსუბუქ, პირველ შეხებას საბაბს ვუწოდებთ ადამიანთა ბუნდოვან ენაზე. და განცვიფრებულნი მის მცირე ძალას მნიშვნელოვან შედეგს ვადარებთ, რაიც ხშირად მოსდევს ხოლმე. მაგრამ ისევე, ვით სნეულება მანამდე ისადგურებს ადამიანში, ვიდრე თავს იჩენს, ბედი კაცისა მუდამ როდი იწყებს მოქმედებას, როცა იგი თვალით ხილული, აშკარა ხდება. იგი ჩვენს სულში, ჩვენს სისხლში ბუდობს, ვიდრე გარეგნულად ფრთას შეგვახებდეს. თვითშემეცნება მაშინ მუდამ თავის დაცვაა, უმეტეს წილად, ამაო და ნაგვიანები.

*

   მოხუცი ზალომონზონი ვისაც შეეძლო სამშობლოში საკუთარი თავისათვის კომერციის საიდუმლო მრჩეველი ეწოდებინა, ღამით საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა გარდის ტბის პირას მდებარე ოტელში, სადაც თავის ოჯახთან ერთად აღდგომის კვირას ატარებდა. მუცელზე თითქოს რკინის სალტეებს უჭერენო, ძლივს სუნთქავდა. შეკრთა მოხუცი, ღვიძლის ტკივილი სტანჯავდა, რაც არცთუ ისე იშვიათი იყო, და იმის მაგივრად, რომ ექიმის რჩევას მიჰყოლოდა და კარლბადში წასულიყო სამკურნალოდ, ცოლ-შვილის ნებას აყოლილი სამხრეთისაკენ გაემგზავრა. შიშით შეპყრობილმა, ტკივილმა არ მიმატოსო, ფრხილად მოსინჯა ღიპი. და თუმცა ტკივილები არ უამდებოდა, გულს მოეფონა, მიხვდა, რომ მხოლოდ კუჭი სტკიოდა. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს იტალიური საჭმელის ბრალი იყო ან მსუბუქი მოწამვლისა, რაც ხშირად ემართებათ მოგზაურთ. შვებით ამოისუნთქა, აცახცახებული ხელით კვლავ მოისრისა მუცელი... სუნთქვა უმძიმდა. კვნესით, რის ვაი-ვაგლახით წამოდგა საწოლიდან, ცოტას გავივლიო და მართლაც, დადგა თუ არა ფეხზე და რამდენიმე ნაბიჯით მოინაცვლა, ტკივილმა მყის უკლო. მაგრამ ჩაბნელებულ ოთახში ადგილი აღარ ჰყოფნიდა. თან ეშინოდა, გვერდით საწოლზე მძინარე ცოლი არ გავაღვიძოო და ამაოდ არ შევაწუხოო. ხალათი წამოისხა, შიშველი ფეხები ქეჩის ფლოსტებში წაჰყო და ფეხაკრეფით გავიდა დერეფანში. რომ იქნებ სიარულში ტკივილები დაეყუჩებინა.

*

   ის იყო, ჩაბნელებული დერეფნის კარი გამოაღო, რომ ყურთამდე გაღებული ფანჯრებიდან სამრეკლოს საათის რეკვა შემოესმა. ოთხჯერ დაიგუგუნა ზარებმა, მერე კი ხმამ თრთოლვით ყრუდ გადაუარა ტბას. დილის ოთხი საათი იყო.

   გრძელი დერეფანი მთლად წყვდიადს მოეცვა, მაგრამ მოხუცს კარგად ახსოვდა, რა ვრცელი და სწორი იყო იგი. შუქი არც კი სჭირდებოდა. ბოლთასა სცემდა ერთი ბოლოდან მეორეში. მძიმედ სუნთქავდა. გულს უმშვიდებდა იმის შეგრძნება, რომ ტკივილები უყუჩდებოდა... ის იყო, მთლად დაუცხრა და ოთახში შებრუნებას აპირებდა, რომ იქვე, სიბნელეში, რაღაცამ გაიჭრიალა. ფაჩუნი, ყრუ ჩურჩული გაისმა, ვიღაც შემოტრიალდა და ღრიჭოდ დარჩენილ კარიდან გამოჭრილმა სინათლის შუქმა ერთ წამს გაჰკვეთა უკუნი. რა მოხდა? მოხუცი უნებურად კუთხეში მიიყუჟა, ცნობისმოყვარეობის გამო კი არა, შეეშინდა, ამ სიბნელეში რომ დავბორიალობ, ვინმეს მთვარეული არ ვეგონოო. მაგრამ სწორედ იმ წუთში, სინათლის სხივი რომ გამოკრთა, თავისდა უნებურად შენიშნა ან, ვინ იცის, იქნებ მოეჩვენა კიდეც, ოთახიდან თეთრებში ჩაცმული ქალის ფიგურა გამოსრიალდა და მოპირდაპირე მხარეს გაუჩინარდა. მართლაც, დერეფნის ბოლოს ნელა გაიჭრიალა კარის სახელურმა. მერე კვლავ სიბნელე და სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მოხუცი შეტორტმანდა, თითქოს გულში მახვილი ჩასცესო. იქ, დერეფნის ბოლოს, სადაც ვერაგულად გაიჭრიალა კარის სახელურმა, ხომ მისი ოთახები იყო, სამოთახიანი ბინა, რომელიც თავისი ოჯახისათვის დაიჭირა. ცოლი რამდენიმე წუთის წინ მძინარე დატოვა. ვიღაცის ოთახიდან ქურდულად გამოსული ქალი კი, ეჭვი არაა, იმისი ქალიშვილი ერნა უნდა ყოფილიყო, რომელსაც ესაა ცხრამეტი წელი შეუსრულდა. თავზარდაცემულ მოხუცს მთელი სხეული უცახცახებდა. მისი ქალიშვილი ერნა, მისი ბავშვი, მისი ცქრიალა, ცელქი გოგონა! არა, ეს შეუძლებელია. არა, ალბათ მოეჩვენა. რა უნდოდა ვიღაცის ოთახში, თუ... თითქოს გამძვინვარებულ მხეცს ხელი ჰკრაო, ისე მოიშორა ეს ფიქრი, მაგრამ სიბნელეში გაუჩინარებული ქალის აჩრდილი ისე გასჭედვოდა თავში, ვერ იქნა და ვერ მოიცილა. არა, უნდა დარწმუნდეს! სულშეგუბებული კედელ-კედელ გაჰყვა დერეფანს. თავზარი დაეცა. მხოლოდ აქედან, მისი საწოლის გვერდით მდებარე შვილის ოთახის კარიდან, ამ ერთადერთი კარიდან, ჭუჭრუტანაში გამოკრთოდა სინათლის სუსტი ზოლი და ავბედითად ბრწყინავდა კლიტის ღრმული: დილის ოთხ საათზე ჯერი ისევ ენთო შუქი მის ოთახში. აი, კიდევ ერთი საბუთი: ამომრთველმა გაიწკაპუნა და სინათლის თეთრი ძაფი გაქრა წყვდიადში. არა, ვის რაში სჭირდება თავის მოტყუება. სწორედ ერნა იყო, რომ ვიღაცის საწოლიდან გამოძვრა და ქურდულად შეიპარა თავის ოთახში.

   მოხუცს ციებიანივით აცახცახებდა. მთელ ტანზე ცივმა ოფლმა დაასხა. უცებ გადაწყვიტა შეემტვრია კარები, მივარდნოდა უნამუსოს და ერთი მაგრად გაეტყიპა, მაგრამ ფეხები ეკეცებოდა. ძალა მოიკრიბა, რის ვაი-ვაგლახით მიაღწია თავის ოთახამდე და დაჭრილი მხეცივით უგონოდ დაეცა საწოლზე. იწვა გაუნძრევლად. ფართოდ გახელილი თვალებით უაზროდ მიშტერებოდა სიბნელეს. იქვე, მის გვერდით, უდარდელად ფშვინავდა ცოლი. ერთი გული ეუბნებოდა, მოდი, გაუმხილე საშინელი საიდუმლო, შენი ვარამიც ამოანთხიეო, მაგრამ როგორ უთხრას, რა სიტყვა გამოხატავს ამ შემაძრწუნებელ საშინელებას. არა, არა, არასოდეს დასცდება ამგვარი სიტყვები მის ბაგეებს!

   სცადა, გონება მოეკრიბა, მაგრამ ფიქრები ისე გაურბოდნენ, ვით ღამურები გაურბიან ხოლმე ერთმანეთს სიბნელეში. რა თავზარდამცემი ამბავი იყო: ერნა, მისი ნორჩი, აზიზად გაზრდილი, თვალციმციმა ბავშვი! განა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ანბანს უჯდა და ბუნჩულა თითს აყოლებდა გაუგებარ ასოებს. განა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ცისფერბაფთებიანი გოგონა სკოლიდან საშაქარლამოში მიჰყავდა. ახლაც გრძნობს მის ბავშვურ კოცნას შაქრისაგან გაწებილი ტუჩებით. განა ეს გუშინ არ იყო? არა, წლები გავიდა მას შემდეგ, მაგრამ სწორედ გუშინ იყო, გუშინ... რა ბავშვურად ეხვეწებოდა, ვიტრინაში გამოფენილი ჭრელ-ცისფერი და ოქროსფერი ძაფებით ამოქარგული სვიტერი მიყიდეო. „მამილო, გეთაყვა, მიყიდე!“ ხელებს მოხვევდა და მხიარულად აკისკისდებოდა. ამ ცდუნებას მოხუცი ვერ უძლებდა. ახლა კი, აგერ ორ ნაბიჯზე, შუაღამისას შეიპარა უცხო კაცის საწოლში და შიშველი მასთან ნებივრობდა!

   „ღმერთო ჩემო!.. ღმერთო ჩემო!.. - უნებურად ამოიკვნესა მოხუცმა. - ოჰ, სირცხვილო! ოჰ, სირცხვილო! ჩემი ბავშვი, ჩემი სათუთი, ნებიერი ბავშვი... ვიღაც მამაკაცთან!.. მერე და ვისთან... ვისთან... ნეტავ ვინ არის? ეს სამი დღეა გარდონეში ვართ. მანამდე არც ერთ ამ გამოწკეპილ ქარაფშუტას არ იცნობდა - არც მუშტრისტოლა თავიან გრაფ უბალდის, არც იტალიელ ოფიცერსა და არც მეკლენბურგელ მხედარს. ეს ორი დღეა გაიცნეს ერთმანეთი ცეკვისას და ერთი მათგანი უკვე... არა, არა... შეუძლებელია, პირველად იყოს... ალბათ ადრევე დაიწყო შინ... მე კი ჭურში ვიჯექი, ვერაფერს ვერა ვხვდებოდი, ყეყეჩი ვარ, ნამდვილი ყეყეჩი. განა ვიცი საერთოდ მაგათი ასავალ-დასავალი? მთელი დღე მაგათთვის წელებზე ფეხს ვიდგამ, კონტორაში ვათენ-ვაღამებ, წინათ მატარებელში დამქონდა ათასნაირი საქონლის ნიმუშებით სავსე ჩემოდნები. მხოლოდ ფული, ფული უნდა მეხვეტა, რომ მაგათ ძვირფასი კაბები შეეკერათ და ფუფუნებაში ეცხოვრათ. საღამოთი კი, დაღლილ-დაქანცული რომ დავბრუნდებოდი, შინ აღარ მხვდებოდნენ: თეატრში, მეჯლისზე, წვეულებებზე დაბრძანდებოდნენ. აბა, რა ვიცი, რას აკეთებდნენ მთელი დღე? ახლა ისღა ვიცი, ჩემი ბავშვი თავის ნორჩ, უმანკო სხეულს მამაკაცებს ათელვინებს ქუჩის გოგოსავით. ოჰ, სირცხვილო!“

   მოხუცი კვნესოდა და თან გულს ატანდა. ყოველი ახალი ფიქრი ჭრილობაში უფრო ღრმად უტრიალებდა მახვილს, თითქოს ტვინი გადაუხსნეს და სისხლში წითელი ჭიები დაფუთფუთებენო.

   „რად ვითმენდი აქამდე ამას? ან ახლა რაღად ვწევარ და ვიტანჯები, იმ სხეულწაბილწულს კი მშვიდად სძინავს? რატომ მაშინვე არ შევუვარდი ოთახში და პირში არ მივახალე, რომ შევიტყვე მისი უნამუსობა? რატომ ძვლები არ გადავუმტვრიე? იმიტომ, რომ უღონო ვარ, ლაჩარი. მუდამ უძლურებას ვიჩენდი, ყველაფრის ნებას ვაძლევდი, მეამაყებოდა, უზრუნველად რომ ცხოვრობდნენ, სულს კი ვიმწარებდი. ფულს თითებიდან ვიწოვდი, კაპიკს კაპიკზე ვადებდი, ხელებზე ტყავს ვიძრობდი, ოღონდ იმათ არა მოჰკლებოდათ რა. რაკი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, ერცხვინებოდათ ჩემი, ლაზათი გაკლია, გაუნათლებელი ხარო. აბა, სად უნდა მესწავლა? თორმეტი წლისა სასწავლებლიდან გამომიყვანეს, ლუკმაპურისთვის უნდა მეშრომა, ოფლი უნდა მეღვარა. საქონლის ნიმუშები ჯერ სოფლიდან სოფლად დამქონდა, მერე ქალაქად დავეხეტებოდი, სანამ საკუთარი სავაჭრო არ გავხსენი... ის იყო, სიმდიდრეში ფეხი შესდგეს და საკუთარი სახლი გაიჩინეს, რომ ჩემი პატიოსანი, წინანდელი კარგი სახელი თვალში აღარ მოუვიდათ, გული გამიწვრილეს, სანამ ფულით არ მაყიდვინეს კომერციის საიდუმლო მრჩეველის სახელი. ეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ მისთვის ფრაუ ზალომონზონი აღარ დაეძახათ, წარჩინებული წრის ქალი გამხდარიყო. აბუჩად მიგდებდნენ, როცა იმათ წარჩინებულობაზე ან იმათ წრეზე ავი დამცდებოდა. როცა ვუამბობდი, დედაჩემი, უფალმა გაანათლოს იმისი სული, რა დინჯი, რა კდემამოსილი დიასახლისი იყო, იმისთვის მხოლოდ ჩვენა და მამა ვარსებობდით-მეთქი ამქვეყნად, ძველი ყაიდის კაცს მეძახდნენ, მამილო, შენ შენი დრო მოსჭამეო. ჰო, მე ჩემი დრო მოვჭამე, ის კი ვიღაც მამაკაცებს უგორდება ლოგინში. ჩემი ბავშვი, ჩემი ერთადერთი შვილი. ჰოი, სირცხვილო! მიწავ, გასკდი და თან ჩამიტანე!“

   ისეთი ნაღვლიანი, ისეთი მწარე კვნესა აღმოხდა გულიდან, რომ ცოლს გამოეღვიძა. - რა დაგემართაო? - ჰკითხა ძილ- ბურანში მყოფმა. მოხუცი არც განძრეულა, სული გატრუნა და ისე იწვა დილამდე თავისი ნაღველის შავ კუბოში და ჭიაღუასავით ღრღნიდნენ ფიქრები.

*

   დილით საუზმეზე პირველი მივიდა. დაჯდა მიჩენილ ადგილას, მაგრამ ლუკმა არ გადასდიოდა ყელში.

   „ისევ მარტო ვარ, - ფიქრობდა მოხუცი, - ჩემი წუთისოფელი მარტოობაში გამიტარებია. დილაადრიან კონტორაში რომ მივდივარ, თეატრებსა და ბალებზე ღამენათევნი, ღრმა ძილში არიან. საღამოთი შინ რომ ვბრუნდები, თავიანთ საზოგადოებაში ატარებენ დროს, საცა მე არ მივყავართ. ოჰ, ფულმა, იმ წყეულმა ფულმა გააფუჭა ისინი. ფულმა გაგვხადა ერთმანეთისთვის უცხონი. მე სულელი ცხრაპირს ტყავს ვიძრობდი, ოღონდ მეტი მეშოვნა და ის კი არ ვიცოდი, რომ საკუთარ თავს ვძარცვავდი და სიღატაკეში ვიგდებდი, იმათ კი ვხრწნიდი. რა ფუჭად ჩამიარა თხუთმეტი წლის შრომამ, ძილი მე არ ვიცოდი და მოსვენება, ახლა კი ეულად დავრჩი...“

   ისინი არ ჩანდნენ. მოხუცს ბოღმა ახრჩობდა: „რად არ მოდიან? ახლავე უნდა მოველაპარაკო, უნდა ვუთხრა ყველაფერი, დღესვე გავემგზავროთ აქედან. რად აგვიანებს? ალბათ ჯერ ისევ დაღლილია, სინდისი დამშვიდებული აქვს, გულხალვათათ სძინავს, მე კი ლამის გული გამისკდეს. რა უჭკუო ვარ. ერთი, დედა ნახე. მთელი საათობით იკაზმება: ჯერ აბაზანაში უნდა გაიგრილოს ტანი, მოიპრანჭოს, ფრჩხილები დაისუფთაოს, ახალ მოდაზე დაივარცხნოს თმა. თერთმეტ საათამდე არ გამობრძანდება. რა არის საოცარი? იმის შვილი რაღა უნდა გამოვიდეს? ოჰ, ფული, ეს წყეული ფული!“ უკნიდან მსუბუქი ნაბიჯების ხმა შემოესმა.

- დილა მშვიდობისა, მამილო, ხომ კარგად გეძინა? - ქალი მისკენ გადმოიხარა და ნაზი ბაგეებით შეეხო მამის გახურებულ შუბლს. მოხუცმა უნებურად თავი უკან გადასწია. ზიზღსა ჰგვრიდა კოტის მოტკბო სურნელი. შემდეგ...

- რა მოგივიდა, მამილო? ისევ ვერა ხარ გუნებაზე? კელნერ! შაშხი და ერბოკვერცხი მოგვიტანეთ! ცუდად გეძინა თუ უსიამოვნო რამ ამბავი შეიტყვე? მოხუცი გულს მოერია. აღუშფოთებლად დახარა თავი. თვალს არიდებდა ქალს, კრინტს არა სძრავდა. მხოლოდ ხელებსღა ხედავდა, მის საყვარელ ხელებს, იმათი მოძრაობა თეთრ სუფრაზე რატომღაც ნებიერ თეთრ ფინიებს მოაგონებდა.. მთლად ცახცახებდა. თვალი შეავლო მის ნორჩ, ჯერ კიდევ ბავშვურ მკლავებს... წინათ ხომ... განა დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ხელებს მოხვევდა ხოლმე ძილის წინ. თვალი შეავლო მის დამრგვალებულ მკერდს, სუნთქვისას ახალ სვიტერის ქვეშ რომ აუდ-ჩაუდიოდა.

   „დედიშობილა... დედიშობილა გორაობდა უცხო მამაკაცთან, - ფიქრობდა გულზე ცეცხლმოკიდებული მოხუცი. - მამაკაცი ხელით ეხებოდა, ეფერებოდა, სტკბებოდა... ჩემი სისხლი და ხორცი... ჩემი ბავშვი... ო, ის არამზადა... ოჰ... ოჰ...“ უნებლიეთ ისევ კვნესა აღმოხდა.

- რა მოგივიდა, მამილო? - ჰკითხა ალერსიანად შვილმა და მიუახლოვდა.

   „რა მომივიდა? - თავისთვის გაიფიქრა მოხუცმა. - უნამუსო შვილი მყავს და კი ვერ გამიბედავს პირში მივახალო“. მერე თავისთვის ჩაიბურტყუნა: - არაფერია! არაფერი! - სასწრაფოდ წაავლო გაზეთს ხელი, გაშალა, რათა შვილის გამომცდელ თვალებს არიდებოდა. თანდათან შიში იპყრობდა, მის თვალებს არ შესჩეხებოდა. ხელები უცახცახებდა.

   „ახლავე უნდა ვუთხრა, ახლავე, სანამ მარტონი ვართ“, - იყო ერთ ფიქრსა და წყვეტებაში მოხუცი, მაგრამ ხმა ღალატობა. ის კი არა, ძალა არა ჰყოფნიდა, თვალებში შეეხედა. უცბად უკან დასწია სავარძელი, წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით ბაღისაკენ წაბარბაცდა. უნებლიეთ ლოყაზე ჩამოგორებული მსხვილი ცრემლი არ უნდოდა შვილისათვის დაენახვებინა.

*

   ჩიკორა მოხუცი დიდხანს დაბორიალობდა ბაღში. თვალი ვერ მოეწყვიტა ტბისათვის. შეკავებულ ცრემლთაგან დაბინდულ თვალებს არ გამოჰპარვიათ ბუნების სიმშვენიერე. ვერცხლისფერი ნისლის საბურველში გახვეულიყო კიპარისების წვრილი, შავი ზოლებით დასერილი ბორცვების მწვანე ტალღები. მათ უკან აღმართული პირქუში მთები კდემამოსილად დასცქეროდნენ ტბის სიმშვენიერეს ისე, როგორც დარბაისელი მამები ადევნებენ თვალს თავიანთი საყვარელი შვილების თამაშს.

   რა ნაზად გადაუშლია კალთები აყვავებულ ბუნებას, თითქოს თავის წიაღში გეპატიჟებაო, „კეთილი იყოს, ბედნიერი იყოს თქვენი მობრძანება!“ რა ღვთაებრივია მარადიული ღიმილი ამ ღვთით კურთხეული სამხრეთისა.

   „ბედნიერი იყოს!“ - მოხუცმა ნაღვლიანად გადააქნია დამძიმებული თავი. მართლაც, შეიძლება აქ ბედნიერება იგრძნო. ერთხელ მოვინდომე ჩემს სიცოცხლეში, მხოლოდ ერთხელ, რომ მეგრძნო, რა მშვენიერია სიცოცხლე იმათთვის, ვისაც ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. ორმოცდაათი წლის წერის, ანგარიშის, გარიგების, ვაჭრობის შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოვინდომე რამდენიმე დღე ბედნიერად გამეტარებინა, მხოლოდ ერთხელ, სანამ გულზე მიწას დამაყრიდნენ... სამოცდახუთი წელი. ღმერთო ჩემო! ყოველ წუთას უნდა მოელოდე, რომ აქლემი შენს კარზეც დაიჩოქებს. მაშინ ვეღარც ფული მიშველის და ვეღარც ექიმები. რამდენჯერ მინატრია, თავისუფლად ამომესუნთქა, ერთხელ მაინც მეფიქრა საკუთარ თავზე... სულკურთხეული მამაჩემისაგან გამიგონია: ჩვენ ტანჯვა-წამებისათვის ვართ გაჩენილნი, მძიმე ტვირთი საფლავში ჩასვლამდე არ მოგვშორდებაო. გუშინ არ იყო, რომ ვფიქრობდი, მეც უფლება მაქვს, ერთხელ მაინც დავისვენო-მეთქი. გუშინ ბედნიერი კაცი ვიყავ ამქვეყნად. შევფოფინებდი ჩემს მშვენიერ ბავშვს, იმისი სიხარულით მეცა ვხარობდი. და აი, ღმერმა დამსაჯა, წამართვა, რაც მებადა. სამუდამოდ დავკარგე იგი. ვეღარ უნდა დაველაპარაკო საკუთარ შვილს, თვალი ვეღარ უნდა გავუსწორო. როგორა მრცხვენია მის მაგივრად. იმაზე ფიქრი მოსვენებას დამიკარგავს შინ თუ გარეთ, ლოგინში მწოლარეს: „ნეტავ სად არის ახლა? ვინ იცის, რას სჩადიოდა!“ გულდამშვიდებით ვეღარასოდეს დავბრუნდები შინ. ჩემს შესახვედრად რომ წამოფრინდებოდა, გული შემიფრთხიალდებოდა, რა ნორჩი იყო, რა მშვენიერი. ახლა რომ მაკოცებს, სულ იმის ეჭვში უნდა ვიყო, ამ ბაგეებს გუშინ ვინ ეკონებოდა-მეთქი, როცა გვერდით არა მყავს, შიში მიპყრობდეს და სირცხვილისაგან თვალს ვერ ვუსწორებდე. ამგვარ სიცოცხლეს რა ფასი აქვს, როგორ ვიცოცხლო!“

   მოხუცი მთვრალივით ბარბაცებდა, თან ცხვირში დუდღუნებდა. კვლავ თვალი მოსტაცა ტბამ. ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა წვერზე. პენსნე მოიხსნა, ცრემლისაგან დანამული თვალები მოეჭუტა და ისე გაოგნებული იდგა ვიწრო ბილიკზე. მებაღე ბიჭი, გვერდით რომ ჩაუარა, ერთ წუთს შეჩერდა, ერთი გადაიხარხარა, მერე იტალიურად რაღაც გაჰკენწლა და მოჰკურცხლა. ამან მოხუცი გარინდებისაგან გამოაფხიზლა, ისევ გაიკეთა პენსნე და ბაღის შუაგულისაკენ წალასლასდა, რომ განმარტოებული სკამი მოეძებნა და ხალხის თვალს მოფარებოდა.

   ვერც კი მოასწრო განმარტოება, იქვე მახლობლად კისკისი შემოესმა. შეკრთა მოხუცი. ნაცნობი ხმა იყო. ეს გიჟმაჟი, წკრიალა ხმა მთელი ცხრამეტი წელიწადი ნანასავით ჩაესმოდა, ახლა კი გულს უფლეთდა. ამ სიცილის გულისათვის ვინ იცის, რამდენი ღამე გაუტარებია მესამე კლასის ვაგონში პოზნანსა და უნგრეთში მიმავალს, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ იმათთვის რაიმე ჩამოეტანა და მათ წინ ყვითელი ნეხვი დაეხვავებინა, რომელზედაც ეს თავაწყვეტილი მხიარულება აღმოცენდა. მხოლოდ ამ სიცილისათვის ცოცხლობდა, ამ სიცილისათვის დაიავადმყოფა თავი... რომ ეს სიცილი მუდამ ეხილა მის საყვარელ ბაგეებზე. ახლა კი ეს წყეული სიცილი გახურებული შანთივით უტრიალებდა გულ-გვამში.

   მოხუცმა ვერ გაუძლო ცდუნებას და ახლოს მივიდა. მისი ერნა ჩოგბურთის მოედანზე იდგა, გაშიშვლებული ხელით ჩოგანს ატრიალებდა, თავისუფალი მოძრაობით მაღლა ისროდა ბურთსა და ისევ იჭერდა. ჩოგანთან ერთად ლაჟვარდ ცაში იჭრებოდა მისი მხიარული კისკისი. სამი მამაკაცი აღტაცებული შესცქეროდა მას. გრაფ უბალდის ხალვათი, ჩოგბურთის სათამაშო კოსტიუმი ეცვა, ოფიცერს შემოკვართული მუნდირი, მეკლენბურგელ მხედარს კი მშვენიერი საცხენოსნო შარვალი. ვით ქანდაკებებს შუაში მოემწყვდიათ მოფარფატე პეპელა. ღმერთო ჩემო, როგორ უხდებოდა ეს თეთრი, მოკლე კაბა. რა ოქროდ იღვრებოდა მზის სხივები მის ქერა თმაზე. რა ნეტარებით შეიგრძნობდა ნორჩი სხეული ხტუნვასა და სირბილში სიმსუბუქეს, დამტკბარი საკუთარი სხეულის რიტმული მოძრაობით. სწორად აისროლა ჰაერში თეთრი ბურთი, მეორე, მესამე. საოცარია, როგორ შოლტივით იხრება მისი ნატიფი ნორჩი სხეული. აი, შეხტა, რომ ბურთი დაიჭიროს, არასოდეს უნახავს იგი ასეთი მშვენიერი: ასე ანთებული გიჟმაჟი ალით, სიცილის ვერცხლისფერ ბურუსში გახვეული თეთრი ფრიალა ალი, ქალწული ღვთაება, სამხრეთული ბაღის სუროს ფოთლიდან გადმოსული, სარკესავით ლაპლაპა, ლაჟვარდი ციდან ჩამოფრენილი. არა, მისი მოქნილი სხეული ასე გატაცებით, ასე ლაღად არასოდეს არ მისცემია მოძრაობის ასეთ ცეკვისსადარ რიტმს. არა, არასოდეს არ ყოფილა ასეთი იმ სულისშემხუთველ, გალავანშემოვლებულ ქალაქში, არასოდეს არ ჰქონდა მის ხმას ასეთი წკრიალი არც სახლში, არც ქუჩაში. თითქოს ამქვეყნად ყველაფერი დავიწყებიაო, ტოროლასავით წკრიალით გალობდა. არასოდეს არ ყოფილა ასეთი ღვთაებრივი. მოხუცმა თვალი ვერ მოწყვიტა შვილს. ყველაფერი დავიწყებოდა, მხოლოდ მოფრიალე თეთრ ალს შესცქეროდა. ასე იდგებოდა უსასრულოდ, მოჯადოებული მისი მზერით, რომ ქალი სწრაფი მოძრაობით ბოლოს მაღლა არ აფრენილიყო და არ დაეჭირა უკანასკნელი ბურთი. სახეზე ალმურმოდებულმა მძიმედ ამოისუნთქა და სიცილით, ამაყი მზერით მკერდზე მიიკრა.

- ვაშა! ვაშა! - შესძახა ერთხმად სამივე მამაკაცმა, რომელნიც აღტაცებულნი შესცქეროდნენ მის მარჯვე თამაშს, თითქოს რომელიმე არია მოისმინესო. ამ ხორხოცმა გამოაფხიზლა მოხუცი. შუბლი შეიკრა.

   „ოჰ, ეს არამზადები! - მის გულს ბაგაბუგი გაუდიოდა... - აი, ესენიც... ნეტავ რომელია ამათ შორის? ამ სამში რომელი დაეუფლა მას?.. რა მორთულ-მოკაზმულან და ამჭორებულან ეს უსაქმურები. ამათი ხნისა რომ ვიყავი, დაკერებული შარვალი და მოღრეცილი ფეხსაცმელი მეცვა, კონტორაში ვიჯექი და მუშტრებს კალთებს ვაგლეჯდი. ვინ იცის, ამათი მამები ახლაც იტანჯებიან, ამათი გულისათვის ოფლსა ღვრიან, ესენი კი დაეხეტებიან ამ ქვეყანაზე და უსაქმურობაში ათენ-აღამებენ. რა უდარდელი, მზისაგან დამწვარი სახეები აქვთ, რა ურცხვად უციმციმებთ თვალები. ან კი რა დაუშლით მხიარულებას და კოხტაობას. ამ ყოყოჩა ვაჟბატონმა ერთი-ორი სიტყვა რომ გადაუგდოს, ეს მაშინვე ლოგინში შეუწვება. მაგრამ რომელია, რომელია ამ სამში? ვინ იცის, ერთს კაბაშივე შიშველი წარმოუდგენია და ენას აწკლაპუნებს, შენ ხომ ჩემი იყავიო. იმის ყოველ ნაკვთს იცნობს და გულში ფიქრობს, ამაღამაც ჩემი იქნებიო. თვალს უკრავს. ოჰ, ეს ქოფაკი! უნდა ჩააძაღლოს კაცმა!“

   შენიშნეს. ქალიშვილმა ჩოგანი დაუქნია და გაუღიმა, ბატონებიც მიესალმნენ. მოხუცს სალამზე არ უპასუხნია, დაბერილ სისხლჩამდგარ თვალებს არ აშორებდა შვილის ამაყად მომღიმარე ბაგეებს: სიცილიც კი შეგიძლია, შე ურცხვო! ალბათ ისიც იცინის თავის გულში და ფიქრობს: „ეს ბებერი სულელი ებრაელი ღამე არხეინად ლოგინში ხვრინავს. რომ იცოდე, შე უტვინო ბებერო!“ დიახ, მე ვიცი რომ დამცინიან, გვერდს მივლიან, როგორც ფურთხს. ჩემი ქალიშვილი კი მხიარულია, დამყოლი, მაშინვე გიგორდებათ ლოგინში. დედა ცოტა ფაშფაშა დედაკაცია, მაგრამ ისიც მორთულ-მოპრანჭული, ფერ-უმარილ წათხიპნილი დადის. ერთი-ორი სიტყვა რომ გადაუგდო, ალბათ იმასაც ააფუნდრუკებ. თქვენ მართალი ხართ, ძაღლებო, მართალი. ეგ თავქარიანი, უნამუსო ქალები თვითონვე დაგდევენ კუდში. თქვენ რა გენაღვლებათ. ოღონდ ეგენი გაამხიარულოთ და თავი გაირთოთ. რევოლვერით უნდა გაგაფრთხობინოთ კაცმა სული, წკეპლით აგიჭრელოთ ტანი, მაგრამ თქვენ არხეინად ხართ, არავინა გთხოვთ პასუხს. ბოღმას ისევე ვყლაპავ, როგორც ძაღლი საკუთარ ნერწყვს. თქვენ არხეინად ხართ, რადგან მე მხდალი ვარ, ლაჩარი. ძალა არა მყოფნის, რომ ხელი წავავლო და ეგ უნამუსო მოგაშოროთ, ვაგდივარ უხმოდ, ნაღველი მახრჩობს, ლაჩარი ვარ, მხდალი, ლაჩარი. მოაჯირს ჩაეჭიდა. მთლად ცახცახებდა უძლურების სიბრაზისაგან. ანაზდად ფეხებთან დაიფურთხა და ბარბაცით გამოვიდა ბაღიდან.

*

   მოხუცი პატარა ქალაქის ქუჩებში დაბორიალებდა. უცბად მაღაზიის ვიტრინის წინ შეჩერდა. კოხტა პირამიდებად, ჭრელ-ჭრელ საფეხურებიან კოშკებად დაელაგებინათ ათასნაირი, ტურისტებისათვის საჭირო ნივთები: პერანგები და თევზის საჭერი ბადეები, ხალათები და ანკესები, ჰალსტუხები, წიგნები, ნამცხვარიც კი. მაგრამ მისი მზერა ძვირფას ნივთებს შორის უყურადღებოდ მიგდებულმა ერთმა ნივთმა მიიპყრო: სქელმა, მძიმე, რკინისბუნიკიანმა ჯოხმა. რა საშიშია, ეს ჯოხი რომ მოიქნიო. „სული, სული უნდა გააფრთხობინო!“

   ოცნებით გაბრუებული შევიდა მოხუცი მაღაზიაში და სულ იაფად იყიდა ჯოხი. ხელი მოუჭირა თუ არა ამ მძიმე, საშიშ საგანს, ძალა შეემატა: იარაღი რწმენას მატებს ფიზიკურად უძლურ ადამიანს. ხელი ჩაავლო და იგრძნო, როგორ დაეძაბა კუნთები. „სული, სული უნდა გააფრთხობინო ამ ძაღლს!“ - ბურტყუნებდა თავისთვის და შუმჩნევლად მისი მძიმე, ბარბაცა ნაბიჯი თანდათან მტკიცე, თანაბარი გახდა. აუჩქარა ნაბიჯს, აუჩქარა კი არა, გარბოდა სანაპიროზე, სულს ძლივს ითქვამდა ჩქარი სიარულისაგან კი არა - სიბრაზით. ცახცახით უჭერდა ხელს მძიმე სახელურს.

ასე შეჭურვილი შევიდა გრილი ფანჩატურის ზურმუხტოვან ჩრდილში და თვალით უჩინარი მტერი მოძებნა. მართლაც, კუთხეში, რბილ, მოწნულ სავარძელში ისხდნენ ყველანი: იმისი ცოლი, ქალიშვილი, განუყრელი სამეული, წვრილი ლერწმის ღერით სოდიან ვისკის წრუპავდნენ და ლარად, გულხალვათად მასლაათობდნენ. ნატავ რომელია ამათში, რომელი? - ფიქრობდა მოხუცი და თან მაგრად უჭერდა ხელს მძიმე ჯოხს. - რომელს გავუხეთქო თავი, რომელს?“ აი, ერნამ შენიშნა მისი მოუსვენარი მზერა და შესაგებებლად წამოხტა.

- აქა ხარ, მამილო? სად არ გეძებეთ! ბატონი მედვიც შეგვპირდა, ჩემი ავტოთი გაგასეირნებთო. დეზენცანომდე მივალთ, მთებში, ტბის გაყოლებაზე. - და ალერსიანად მაგიდისაკენ უბიძგა, ეგონა, მადლიერი დაურჩებოდა მოპატიჟებისა.

   მამაკაცები თავაზიანად წამოდგნენ და ხელი გაუწოდეს მისასალმებლად. მოხუცი ცახცახებდა. გრძნობდა ქალის ხელის ნაზ შეხებას და ძალა ეცლებოდა, მშვიდდებოდა თითქოს. ერთ წუთს დაავიწყდა თავისი გადაწყვეტილება, უღონოდ ჩამოართვა ყველას გამოწვდილი ხელი, დაჯდა უხმოდ, ამოიღო სიგარა და გააფთრებული თამბაქოს კბილით ჩააფრინდა. ფრანგული საუბარი კვლავ განახლდა, ისევ გაისმა სიცილი. მოხუცი იჯდა მდუმარედ, მობუზული და ისე ძიძგნიდა სიგარას, რომ გამონაჟონმა მოყავისფრო წვენმა კბილები შეუღება.

   „ეგენი მართლები არიან, მართლები! - ფიქრობდა თავისთვის. - მართლაც, ფურთხის ღირსი ვარ. ხელი ჩამოვართვი, როცა ვიცი, რომ ერთი ამათგანი არამზადაა. მშვიდად ვუზივარ იმათთან ერთად სუფრას, სულს არ ვაფრთხობინებ, ის კი არა, ხელიც ჩამოვართვი თავაზიანად. რა მაგათი ბრალია, თუ დამცინიან... მერე როგორ ლაპარაკობენ, არც კი მერიდებიან, თითქოს აქ არ ვიყო, თითქოს კარგა ხანია საფლავში ვიწვე. ერნამაც და დედამისმაც მშვენივრად იციან, რომ მე ერთი სიტყვაც არ გამეგება ფრანგულისა... ორივემ იცის ეს, ორივემ, მაგრამ არაფერს მეკითხებიან, სხვის დასანახავად მაინც, რომ ასე სასაცილო არ ვიყვე, ასე ბაიყუშივით არ ვიჯდე. იმათთვის არარაობას წარმოვადგენ, არარაობას, მხოლოდ უსიამოვნო დამატებას, თავს ვაბეზრებ, ხელს ვუშლი, ვესირცხვილები, მაგრამ თავიდან ვერ მიშორებენ, რახან ფულს ვშოულობ. ფული! ფული! ეს ჭუჭყიანი, ეს საზიზღარი ფული ! ჩემს ცოლსა და საკუთარ შვილს ერთი სიტყვაც კი ენანებათ ჩემთვის. ამ მორთულ-მოპრანჭული ყეყეჩებისათვის კი ვერ მოუშორებიათ თვალი. ისე შესციცინებენ და ისე კისკისებენ, თითქოს კარგა ხნის ნაცნობები იყვნენ. მე კი, მე კი ვითმენ ყველაფერს... იმის მაგივრად, რომ ერთი კარგად მივბეგვო, აქა ვზივარ და ვუსმენ, როგორ იცინიან. არაფერი მესმის, მაგრამ მაინც ვზივარ... ჯოხი უნდა ჩასცხო და დააშორიშორო, სანამ ჩემ თვალწინ დაწყვილდებიან... მე ყველაფრის ნებას ვაძლევ... ვზივარ უხმოდ, სულელი ვარ, ლაჩარი, ლაჩარი...“

- ნება მიბოძეთ, - თქვა ამ დროს დამტვრეული გერმანულით იტალიელმა ოფიცერმა და სანთიასაკენ დაიხარა.

   მოხუცი მძიმე ფიქრისაგან გამოერკვა, შეკრთა, ულმობელი თვალით მიაშტერდა ოფიცერს, რომელიც გუმანშიაც კი არ იყო. გულზე ცეცხლი მოეკიდა, მაგრად მოუჭირა ხელი ჯოხს, ბაგეები აუთრთოლდა, უაზრო ღიმილმა დაუმანჭა.

- ო, ნებასა გრთავთ, - გაიმეორა მან კუშტად, ნატყვეტ-ნაწყვეტად. - რაღა თქმა უნდა, ნებასა გრთავთ, ხე-ხე-ხე... ყველაფრის ნებასა გრთავთ, ყველაფრის... ყველაფერი თქვენთვის მომიძღვნია, რაც კი გამაჩნია... ყველაფრის ნება გაქვთ.

   ოფიცრმა განცვიფრებით ახედა. ენა კარგად არ იცოდა და სრულად ვერ გაიგო იმისი ნათქვამი, მაგრამ მოხუცის უაზრო, ნაძალადევმა ღიმილმა შეაწუხა. გერმანელი უნებურად წამოდგა. ქალებს მკვდრისფერი დაედოთ სახეზე. თითქოს ერთ წამს ჭექა-ქუხილმა და ელვამ გადაიარაო, სულისშემხუთველი სიჩუმე ჩამოწვა.

   მაგრამ მოხუცს მალე გაუქრა სახეზე ბოროტი ღიმილი, ჯოხი გაუვარდა მომუშტული ხელიდან, გალახული ძაღლივით მოიბუზა და საკუთარი გამბედაობით შემკრთალმა დარცხვენით ჩაახველა. ერნა საჩქაროდ გაწყვეტილ საუბარს მიუბრუნდა, რათა ეს მტანჯველი, დაძაბული დუმილი დაერღვია. გერმანელმა ბარონმა, სახეზე შეამჩნევდით, ნაძალადევი მხიარულებით უპასუხა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ წამოვიდა შეწყვეტილ სიტყვათა ნიაღვარი.

   მოხუცი კი ამასობაში იჯდა თავისთვის, არავითარ მონაწილეობას არ იღებდა იმათ საუბარში, კაცს ეგონებოდა, სძინავსო. მძიმე ჯოხი ხელიდან გავარდნოდა და უმიზნოდ ეგდო ფეხებთან. ხელზე ჩამოყრდნობილი თავი თანდათან ქვემოთ უცურდებოდა, მაგრამ ვინ აქცევდა ყურადღებას. მის დუმილს ხმაურით გადაევლებოდა სიტყვათა ტალღები, დროდადრო უგვანი ხუმრობისაგან სიცილის ქაფად ატყორცნილი, მაგრამ მოხუცი იწვა გაუნძრევლად სირცხვილისა და მწუხარების უსასრულო წყვდიადში.

   სამივენი წამოიშალნენ, ერნამაც საჩქაროდ იმათ მიბაძა, ცოტათი უფრო ნელა წამოდგა დედა. გამხიარულებულნი იმ დარბაზისაკენ გაემართნენ, საცა მუსიკა უკრავდა და საჭიროდ არც კი ჩასთვალეს, მიეპატიჟათ მათ წინ მთვლემარე კაცი. როგორც კი გარშემო სიცარიელე იგრძნო, მოხუცს გამოეღვიძა, როგორც გამოეღვიძება ხოლმე ღამით მძინარეს, როცა საბანი გადასძვრება და შიშველ სხეულზე სიცივეს იგრძნობს. უნებლიეთ მოავლო თვალი დაცარიელებულ სავარძლებს, მაგრამ იქვე, დარბაზიდან, საცა როიალი იდგა, ჯაზის გრიალი, სიცილი და მოწონების შეძახილები ისმოდა. ცეკვავენ! დიახ, როკვა, თავაწყვეტილი როკვა, აი, ესაა მაგათი საქმე. აუჩქროლდათ სისხლი, ავხორცად ეკვრიან ერთმანეთს და თავდავიწყებას ეძლევიან. ცეკვა საღამოს, ღამე, დღისით, მზისით! ეს უქნარები, ჩიტირეკიები, აი, რითი იზიდავენ ქალებს.

   ისევ გაშმაგებით წაავლო ხელი თავის ჯოხსა და ფრატუნით წალასლასდა. კართან შეჩერდა. გერმანელი ბარონი როიალს უჯდა და ნახევრად მობრუნებული, რაღა ამავე დროს მოცეკვავეთათვისაც ეცქირა, ზეპირად, ალალბედზე, რომელიღაც ამერიკულ გაცვეთილ მოტივს აჟღრიალებდა კლავიშებზე. ერნა ოფიცერთან ცეკვავდა. დედამისს, მძიმე, ფაშფასა დედაკაცს გრაფი უბალდი რის ვაი-ვაგლახით ატრიალებდა აქეთ-იქით.

   მაგრამ მოხუცი მხოლოდ ერნასა და მის პარტნიორს ადევნებდა თვალს. ამ ქარაფშუტას რა ეშმაკურად, რა თავისუფლად დაუსვენებია ხელი მის ნაზ მხრებზე, თითქოს იმის საკუთრებას წარმოადგენდეს. როგორ მინდობია იმათი სხეულები ერთმანეთს, თითქოს აღუთქვამთ ერთ სხეულად იქცნენ, მის თვალწინ ძლივს იკავებენ მწველ ვნებას. დიახ, ეს არის, ეს! ცხადლივ ეტყობა იმათ მღელვარე სხეულებს სიახლოვე, მათ სისხლში შეჭრილი ნაზიარობა. დიახ, ეს არის, ეს! მის ნახევრადმიბნედილ თვალებში ერთი შეხედვითაც კი ამოიკითხებოდა მგზნებარე ნეტარების მოგონებანი.

   ეს არის ქურდი, იგი ეხებოდა მას, გაშმაგებით გულში იკრავდა, რასაც ახლა მსუბუქი, ფრიალა კაბა ჰფარავდა. მან მოსტაცა ბავშვი, მისი ბავშვი. მოხუცმა უნებლიეთ გადადგა ნაბიჯი, რომ ხელიდან გამოეტაცნა შვილი, მაგრამ ერნა ვერ ამჩნევდა მამას. იგი მთლად მისცემოდა ცეკვის რიტმს, მინდობოდა მაცდუნებელ, მამაკაცის ოდნავ შესამჩნევ ხელის მოჭერას: თავი უკან გადაეწია, ბაგეები ოდნავ გაეხსნა, მთლად ნეტარებაში წასული, თავდავიწყებას მიცემული მიჰყვებოდა მუსიკის ნაზ ტალღებს, თავის გარშემო ვერ გრძნობდა ვერც სივრცეს, ვერც დროს, ვერც აცახცახებულ მოხუცს ამჩნევდა, სულს ძლივს რომ იბრუნებდა და მგზნებარებისაგან თვალებანთებული რომ მისჩერებოდა. მხოლოდ საკუთარ თავს შეიგრძნობდა ქალი, საკუთარ ნორჩ სხეულს, რომელიც მორჩილად მისდევდა სწრაფ თავბრუდამხვევ რიტმს, მამაკაცის ცხელ სუნთქვას და მის ძლიერ ხელს. ძლივს უძლებდა ცდუნებას, რომ მგზნებარე სურვილით შეპყრობილი, მის ათრთოლებულ ბაგეებს არ დაჰკონებოდა. მოხუცმა საკუთარი ალღოთი შეიცნო ეს. როდესაც ერნას ცეკვა გაიტაცებდა, ეგონა, სამუდამოდ მეღუპებაო შვილი. უცებ შუა ტაქტში, თითქოს სიმი გაწყდაო, მუსიკა შეწყდა, გერმანელი ბარონი წამოხტა: -Assez joue pour vous, - სიცილით თქვა მან, - Maintenant je veux danser moi meme. ყველანი დაეთანხმნენ სიცილით. მოცეკვავე წყვილები განშორდნენ ერთმანეთს, საზოგადოება დაიშალა.

   მოხუცი გონს მოეგო: რამე უნდა იღონოს, ხმა ამოიღოს. ასე რეგვენივით ხომ ვერ გაჩერდება, აღარ სურს ასეთი საბრალო დამატება იყოს. აი, სწორედ ახლა ჩაუარა ცოლმა გვერდით, დაღლილობისაგან ოდნავ სუნთქვაშეკრულმა, მაგრამ კმაყოფილებისაგან სახე ალეწილმა. მრისხანებამ ძალა შემატა, უცბად გადასწყვიტა და გზა გადაუჭრა ქალს: - წამოდი, - მოუთმენლობისაგან სუნთქვა ეკვროდა, - უნდა მოგელაპარაკო.

   ცოლმა განცვიფრებით ახედა: ქმარს მკრთალი შუბლი ოფლით ჰქონდა დაცვარული. თვალები ამღვრეოდა. „ნეტავი რა უნდა, რაღა სწორედ ახლა გადამეკიდა?“ - ის იყო, დააპირა რაღაც მიეკიბ-მოეკიბა, მაგრამ მოხუცის ქცევაში შემაშფოთებელი, უცნაური რამ შენიშნა და რომ მოაგონდა, ახლახან როგორ იფეთქა მრისხანებისაგან, უხალისოდ გაჰყვა: - Excusez, messieurs, un instant! „ამათ ებოდიშება, - გაიფიქრა გაბოროტებულის მძვინვარებით, - მე კი არც გავხსენებივარ, სუფრიდან რომ წამოიშალნენ. მე ამათთვის ფინია ვარ, ფეხის საწმენდი ჩვარი, რომელიც შეუძლიათ გასთელონ, მაგრამ ახლა ჩემზე, ახია, რახან ამას ვითმენ“. ქალი იდგა, წარბები პირქუშად შეეკრა. როგორც მოწაფე მასწავლებლის წინაშე, იდგა და სიტყვას ვერა სძრავდა.

- რა მოხდა? - ჰკითხა ბოლოს.

- მე არა მსურს... არა მსურს რომ თქვენ ამ ხალხთან ურთიერთობა გქონდეთ, - ჩაიბურტყუნა ენის ბორძიკით, უმწეოდ...

- რომელ ხალხთან? - ქალმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერა ხვდებაო, და ისეთი აღშფოთებით შეხედა, თითქოს შეურაცხყოფა მიაყენესო.

- აი, იმათთან... - გაბრაზებით გაიქნია თავი დარბაზისაკენ, საცა მუსიკა უკრავდა... - ეს არ მომწონს... არა მსურს...

- მერე რა მიზეზით?..

   „სულ ასე ინკვიზიტორივით ჩამაცივდება ხოლმე, - ფიქრობდა გაბოროტებული. - ისე მექცევა, თითქოს მისი მსახური ვიყო,“ - და უფრო მეტი მღელვარებითა და ენის ბორძიკით განაგრძო: - მაქვს ამისი მიზეზი, თვალსაჩინო მიზეზი... არ მომწონს, არა მსურს, რომ ერნა ამათ ელაპარაკებოდეს... წვრილად ვერ მოგიყვები...

- ეს მეტისმეტად გულსა მტკენს, - ამპარტავნულად მიუგო ქალმა, - მე რომ კაცმა მკითხოს, ესენი არაჩვეულებრივად ზრდილნი არიან. ეს საზოგადოება უფრო მომწონს, ვიდრე ის, რომელშიაც ყოველთვის ვტრიალებთ.

- რჩეული საზოგადოება! ქურდები... ეს... ეს... - ბრაზისაგან სული ეგუბებოდა... უცბად ფეხი დააბაკუნა. - არა მსურს... ნებას არ გაძლევთ... გასაგებია?

- არა, - მიუგო ქალმა გულგრილად. - ვერაფერიც ვერ გავიგე, არ ვიცი, რისთვის უნდა მოვაკლო ჩემს ბავშვს სიამოვნება.

- სიამოვნება!.. სიამოვნება!.. - მოხუცი ისე შეტორტმანდა, თითქოს სილა გააწნესო. სახეზე ალმური მოეკიდა. შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა. ხელი გაიწვდინა, რომ ჯოხი აეღო, დაყრდნობოდა, ან თავში ჩაერტყა, მაგრამ ჯოხი დავიწყებოდა. გონს მოეგო. უცბად იგრძნო, რაღაც თბილი ჩაეღვარა გულში. მიუახლოვდა ცოლს, თითქოს უნდა მის ხელს დასწვდესო. მის ხმაში ალერსი, თითქოს მუდარა ისმოდა.

- შენ... შენ არ გესმის ჩემი... ჩემთვის არაფერს არა გთხოვ... მე თქვენ გთხოვთ მხოლოდ... პირველად გევედრები მთელი ამ ხნის მანძილზე... წავიდეთ აქედან. თუგინდ ფლორენციაში, თუგინდ რომში, სადაც თქვენ ისურვებთ, მე ყველაფერზე თანახმა ვარ... თქვენ თვითონ გადასწყვიტეთ, სადაც გსურთ... მხოლოდ აქედან წავიდეთ. გემუდარებით, აქედან წავიდეთ დღესვე... ამას ვეღარ ავიტან... ვერ ავიტან.

- დღესვე? - ქალმა განცვიფრებით შეხედა და კოპები შეიკრა. - დღესვე გავემგზავროთ? ეგ რა სულელური აზრი მოგსვლია თავში... მხოლოდ იმისთვის, რომ ეგ ბატონები არ მოგდის თვალში?.. შეგიძლია, სულაც არ დაელაპარაკო.მოხუცი ადგილიდან არ იძვროდა. მუდარით აღეპყრო ხელები.

- ამას ვერ გადავიტან, გითხარი, ვერ გადავიტან-მეთქი... არ შემიძლია, არა. გემუდარები, ნუღარას მკითხავ. ოღონდ, დამიჯერე, ვერ გადავიტან... თქვენს სიცოცხლეში ერთხელ მაინც იფიქრეთ ჩემს სიამოვნებაზე, მხოლოდ ერთხელ...

   ისევ გაისმა როიალის ხმა. ცოლმა ახედა, თითქოს შეებრალა უნებურად, მაგრამ რა ენით გამოუთქმელად სასაცილო იყო ეს პატარა, ჩაფსკვნილი მამაკაცი. სახე ასწითლებოდა, ამღვრეული თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. მეტისმეტად მოკლე სახელოებიდან ხელები ჩამოკონწიალებოდა. კაცს გულს მოუკლავდა, ისე საცოდავი შესახედავი იყო.

- ეგ შეუძლებელია, - გადაჭრით თქვა მან, - დღეისათვის შევპირდით, სასეირნოდ წამოვალთო. ან ხვალ როგორ გავემგზავროთ, როცა სამი კვირით დავიჭირეთ ბინა. ქვეყნის სასაცილო გავხდებით. იოტისოდენა მიზეზსაც ვერა ვხედავ აქედან წასასვლელად. მე აქა ვრჩები და ერნაც...

- მაშ, მე შემიძლია გავემგზავრო, არა?.. მე მხოლოდ ხელს გიშლით... ხელს გიშლით სიამოვნებაში... - ამ ყრუ შეძახილით შეაწყვეტინა სიტყვა ქმარმა. მისი მოხრილი ჩამრგვალებული სხეული გასწორდა, მუშტები შეკრა, ბრაზისაგან საშიშად დაებერა შუბლის ძარღვები. ეტყობოდა, რაღაც უნდოდა ეთქვა, ან ჩაერტყა, მაგრამ უცბად მოტრიალდა, საჩქაროდ უკან დაიხია და სწრაფი ნაბიჯით, თითქოს მოსდევენო, საფეხურები აიარა.

*

   მოხუცი ქოშინით არბოდა კიბეებზე. ოღონდ მიაღწიოს თავის ოთახამდე, მარტოკა დარჩეს, დამშვიდდეს, ნერვები დაიწყნაროს, სიშმაგემ გადაუაროს. აი, ავიდა ზემო სართულზე, მაგრამ თითქოს ბასრი ბრჭყალები ჩაასვესო შიგნეულში, უცბად სახე ჩაეტეტკა და კედელს მიეყრდნო. რა მძაფრად უვლიდა ეს მტანჯველი ტკივილი მთელ გულ-გვამში. კბილი კბილს დააჭირა, რომ არ ეყვირა, ტკივილისაგან იკლაკნებოდა მისი მოშვებული სხეული.

   მაშინვე მიხვდა, რაცა სჭირდა; ღვიძლის შეტევა დაემართა, რამაც ბოლო ხანებში უხშირა, მაგრამ ასეთი საშინელი წამება არასოდეს არ განუცდია. „ნუ იღელვებთო, - ამ დროს ექიმის დარიგება მოაგონდა და გაბოროტებულმა დასცინა საკუთარ თავს. - თქმა ადვილია, ნუ იღელვებთ! მოდი და ერთხელ იმ ბატონმა პროფესორმა თვითონ სინჯოს, თუ არ იღელვებს, როცა... ოჰ, ოჰ!..“

   უხილავი ბასრი ბრჭყალები ისე ესობოდა ნაგვემ სხეულში, რომ მოხუცი კვნესოდა. დიდი გაჭირვებით მიაღწია თავისი ოთახის კარამდე, დივანზე დაეცა და კბილებით ბალიშს ჩააფრინდა. დაწვა თუ არა, ტკივილი ცოტათი დაუამდა. გახურებული შანთები ისე ჯოჯოხეთურად აღარ უტრიალებდა დაფლეთილ შიგნეულში. „კომპრესს დავიდებ, წვეთებს დავლევ და მაშინვე მიკლებს“, - მოაგონდა უცბად, მაგრამ ძალა არ შესწევდა, მეორე ოთახამდე ან ზართან მაინც მილასლასებულიყო.

   „სულ მარტოდმარტო ვარ, - ფიქრობდა გამწარებული, - ასევე ძაღლივით ამომხდება სული ოდესღაც. ხომ ვიცი, ეს ტკივილი ღვიძლისა არ არის... სიკვდილი მოახლოვდება... ვიცი, ჩემი კალო გალეწილია, ვეღარ მიშველიან ვეღარც პროფესორები, ვეღარც წამლები. სამოცდახუთი წლის ადამიანი აღარ ჯანსაღდება. ვიცი, ეს მე, სხეულში შანთივით რომ მიტრიალებს, სიკვდილია, და ორიოდე წელი, რაც დამრჩენია, ეს სიცოცხლე კი აღარ იქნება, არამედ სიკვდილი, მხოლოდ სიკვდილი... მაგრამ როდის, როდის ვიცოცხლე ჩემი თავისთვის?.. ეს რა სიცოცხლე იყო? მუდამ ფულის შოვნაში ვიყავი, ფული, ფული, მუდამ სხვისთვის ვცოცხლობდი, ახლა კი რასა მშველის ეს? ცოლი მყავდა, მთლად ბავშვი ვიყავი, რომ შევირთე. მიყვარდა, შვილი გამიჩინა. წლების განმავლობაში ერთ საწოლში ვიწექით, ერთი სუნთქვით ვსუნთქავდით. ახლა, ახლა, რაღა დაემართა? ვეღარ ვცნობ იმის სახეს, იმის ხმას; სულ უცხოსავით მელაპარაკება, ჩემზე არ ფიქრობს. არ აფიქრებს ჩემი საფიქრალი, ჩემი სადარდელი... რაც წლები გადის, თანდათან უცხო ხდება ჩემთვის. სად გაქრა ყველაფერი, სად? შვილიც მყავდა, ველოლიავებოდი, მეგონა ახლა იწყება ჩემო ცხოვრება, უფრო უკეთესი, უფრო ბედნიერი ცხოვრება, ვიდრე ჩემთვის ბედს დაუწერია-მეთქი. ის იქნება ჩემი სიცოცხლის გაგრძელება-მეთქი. ის კი ღამღამობით იპარება და მამაკაცებს ათელვინებს თავის სხეულს. თუ მოვკვდები, ჩემთვის, მხოლოდ ჩემი საკუთარი თავისთვის მოვკვდები, რადგან სხვებისთვის კარგა ხანია აღარ ვარსებობ... ოჰ, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო... რა ეულად დავრჩი!“ ტკივილი ხან იძალებდა, ხან დაუცხრებოდა, მაგრამ საფეთქლებში რაღაც ჩაქუჩებივით სცემდა.

   ფიქრი ბასრი, გახურებული შანთივით უხვრეტდა შუბლს. ნეტავი ყველაფერი დაივიწყოს, აღარაფერზე იფიქროს. მოხუცმა გაიხსენა სერთუკი და ჟილეტი. გამობურცული პერანგიდან უფორმოდ გამოებერა დიდი მუცელი. ფრთხილად დაიჭირა ხელი მტკივან ადგილზე.

   „მხოლოდ ესა ვარ... - ფიქრობდა იგი, - ერთადერთი, რასაც შევიგრძნობ ამ გახურებულ კანქვეშ... და რაც ჩემს საკუთრებას წარმოადგენს, ეს ჩემი ავადმყოფობაა, ეს ჩემი სიკვდილია. ესღა შემრჩენია... აღარა ვარ კომერციის საიდუმლო მრჩეველი, არც ცოლი მყავს, არც შვილი, არც ფული მაბადია, არც სახლი, არც სავაჭრო. ესღა შემრჩა, რასაც საკუთარი თითების შეხებით შევიგრძნობ: მუცელი და შიგ მწველი ტკივილი... სხვა ყველაფერი ამაოა, აზრი დაჰკარგა, რადგან ეს მხოლოდ ჩემი სატკივარია და ეს ფიქრები მხოლოდ ჩემი საფიქრალი... იმათ ჩემი აღარ ესმით და მე იმათი... მთლად მარტო დავრჩი, ასე არასდროს არ მიგრძვნია სულით ობლობა. ახლა, მხოლოდ ახლა შევიგრძენ, რაც აქა ვწევარ, და ვიცი, სიკვდილს დაუბუდებია ჩემს სხეულში. ახლა ვგრძნობ ამას, ასე გვიან, სამოცდახუთი წლის მოხუცი, როცა სულ მალე ჩავძაღლდები. ისინი კი, ის უნამუსო დედაკაცები, ცეკვავენ და დასეირნობენ. ახლა ვიცი, რომ ჩემი სიცოცხლე იმათ შევწირე. არასოდეს არც ერთი წუთით ჩემი თავისთვის არ მიცოცხლია. მაგრამ იმათთან რა მესაქმება, რა, რად უნდა ვიფიქრო იმათზე, როცა ისინი ჩემზე არა ფიქრობენ? მირჩევნია ჩავკვდე, ვიდრე იმათ გულში სიბრალული აღვუძრა.

   ნელ-ნელა უკლო ტკივილმა. ისე გახურებული შანთებივით აღარ ესობოდა ბასრი ბრჭყალები. მაგრამ რაღაცას ყრუდ შეიგრძნობდა. არა, ეს ტკივილი არ იყო. აწვებოდა, უჭერდა, იჭრებოდა მის გულ-გვამში და სულს უმწარებდა. მოხუცი იწვა თვალგახელილი, გალურსული და ყურს უგდებდა, რა ხდებოდა მის სხეულში: აი, თითქოს უხილავი ძალა ჯერ ბასრი, მერე ბლაგვი იარაღით რაღაცას ფხეკდა, ძარღვებს უწყვეტდა. შანთები აღარ უტრიალებდა, ტკივილები აღარ სტანჯავდა, მაგრამ რაღაც იხრწნებოდა და ლპებოდა ნელ-ნელა, იწყებდა კვდომას. ყველაფერი, რითაც ცოცხლობდა, რაც უყვარდა, დაიწვა ამ ნელ ცეცხლზე, შავი ბოლით დაიფარა და დაიფერფლა, დაიმსხვრა, დანახშირდა, გულგრილობის შლამმა დაფარა. ყრუდ შეიგრძნობდა, რომ რაღაც მოხდა, რომ რაღაც მოხდა მის სხეულში, სანამ ასე იწვოდა და ნაღვლიან ფიქრს მისცემოდა თავის ცხოვრებაზე. რაღაც კვდებოდა, მაგრამ რა იყო ეს? იგი ყურს უგდებდა, ყურს უგდებდა. ასე ნელ-ნელა იწყებოდა აღსასრული მისი გულისა.

   ოთახში ბინდი ჩამოწვა. მოხუცი იწვა თვალდახუჭული ძილბურანში. ცხადლივ თუ სიზმრივ მის დაბინდულ გონებას წარმოუდგა: საიდანღაც, უხილავი დაყუჩებული ჭრილობიდან სწვეთავდა თბილი სითხე და ძარღვებში ეღვრებოდა, თითქოს სისხლისაგან იცლებაო. ტკივილს არ ჰგვრიდა ეს უხილავი წვეთები. ნელა, თბილი ცრემლებივით მოწვეთავდა და შიგ გულში ეღვენთებოდა. მაგრამ დახშული გული არ პასუხობდა, უხმოდ იღებდა უჩვეულო სითხეს, ღრუბელივით იწოვდა, თანდათან მძიმდებოდა. აი, უკვე გასივდა, ვეღარ ეტევა გულის პერანგში, საკუთარი სიმძიმით ქვემოთ ეწევა, იოგებს უგანივრებს, დაძაბული კუნთები ეშვება. სულ უფრო უსიამოდ აწვება და ქვემოთ ეწევა უსაზღვროდ გაფართოებული გული. დამძიმებული გული ამოძრავდა (მერე რა მტკივნეულია ეს!) და ქვემოთ ეშვება, უცბად, მოწყვეტით კი არა, როგორც გამოსროლილი ქვა ან ხიდან მოწყვეტილი ნაყოფი, სულ ნელ-ნელა მოშორდა უჯრედებს და გაჟღენთილი ღრუბელივით ქვემოთ მიიწევს, სულ ღრმად, არარაობაში, სიცარიელეში, სადღაც მისი არსების მიღმა, თვალუწიერ, უსასრულო წყვდიადში. უცბად, იქ, სადაც ეს თბილი, ტანჯვისმომგვრელი გული ძგერდა, ავბედითმა დუმილმა დაისადგურა: რაღაც დაცარიელდა, შემაძრწუნებელი სიცივე ჩადგა. აღარ ძგერდა, აღარ ჟონავდა წვეთები, მთლად დუმილმა მოიცვა, მთლად ჩაკვდა, თითქოს აცახცახებულ მკერდში დასადგურებული მდუმარე, ჩაუწვდომელი არარაობა შავ კუბოში ასვენიაო. იმდენად ძლიერი იყო ეს ბურანში განცდილი გრძნობა, ისე შეაჟრჟოლა მოხუცი, რომ როდესაც გამოერკვა, უნებურად მარცხნივ წაივლო ხელი, გული მაქვს თუ არაო. ღვთის მადლით! აცახცახებულ თითებქვეშ რაღაც ძგერდა ყრუდ და რიტმულად, მაგრამ მაინც ეგონა, ეს ყრუ ძგერა სიცარიელეში გაისმოდა და გული არა ჰქონდა. უცნაური შეგრძნება დაეუფლა, თითქოს საკუთარი სხეული გამოეთიშა. ტკივილი აღარ აწუხებდა, აღარაფერი არ ათრთოლებდა მის ტანჯულ ნერვებს, ყველაფერი მდუმარებას მოეცვა, გაციებულიყო, გაქვავებულიყო.

   „რა მემართება? სწორედ ეს წუთია როგორ ვიტანჯებოდი, რაღაც მწვავდა, მაწვებოდა, ყოველი ნერვი მითრთოდა, ახლა რა მომდის?“ მისი სხეული სიცარიელე დასადგურებულ გამოქვაბულს ჰგავდა. მოხუცი ყურს უგდებდა, მაგრამ არაფერი იძვროდა და შრიალებდა, არ წვეთავდა, არ ძგერდა. ყურს უგებდა, მაგრამ არაფერი ისმოდა; აღარაფერი სტანჯავდა, აღარაფერი აწვებოდა და სტკიოდა: დამწვარი ხის ფუღუროსავით სიცარიელესა და სიბნელეს მოეცვა მისი სხეული. უცბად მოეჩვენა, რომ მოკვდა, რაღაც კვდებოდა მის გულ-გვამში. ისე შემაძრწუნებლად ნელა მოძრაობდა სისხლი, თითქოს სიკვდილის ყინული ჩაუდგა მთელ არსებაში და ეშინოდა თბილი ხელით შეხებოდა თავისსავე სხეულს.

*

   მოხუცი ყურს უგდებდა საკუთარი სხეულის ხმას. მას არ ესმოდა საათის რეკვა ტბიდან, მის ოთახში რომ იჭრებოდა, ვეღარც დაბინდებას გრძნობდა. მის გარშემო სიბნელე ჩამოწვა, შავად გამოიკვეთა საგნები. თვით ცის გაფერმკრთალებული მონაკვეთი, ფანჯრიდან რომ ჩანდა, წყვდიადმა შთანთქა. მოხუცი ამას ვერ ამჩნევდა, ის მხოლოდ მის სულში ჩამოწოლილ სიბნელეს ჩასცქეროდა, მის სხეულში დასადგურებულ სიცარიელეს უსმენდა, როგორც საკუთარ სიკვდილს.

   უცბად მეზობელ ოთახში მხიარული სიცილი გაისმა. ღრიჭოდ დატოვებულ კარიდან სინათლის სხივი გამოკრთა. მოხუცი შეკრთა; ცოლი, ქალიშვილი. აი, ახლა დაინახავენ მწოლარეს და აღარ მოასვენებენ შეკითხვებით. საჩქაროდ შეიკრა სერთუკი და ჟილეტი. რად უნდა იცოდნენ, რომ შეტევა ჰქონდა. იმათ რა ესაქმებათ?

   მაგრამ არც დედასა და არც შვილს არც კი მოჰგონებიათ. ეტყობოდათ, სადღაც მიიჩქაროდნენ. გონგის გუგუნი მესამედ იხმობდა სადილისაკენ საზოგადოებას. ჩანდა, ირთვებ-იკაზმებოდნენ. ღიად დატოვებული კარიდან ყოველი მოძრაობის ხმა სწვდებოდა მის სმენას: აი, ახლა გამოსწიეს უჯრა, აი, წკრიალით დაეცა ბეჭდები პირსაბანზე, აი, ფეხსაცმელი გაბრახუნდა იატაკზე. კაჭკაჭივით ენადაუბმელად ლაპარაკობდნენ. ყოველი სიტყვა, ყოველი ბგერა, შემაძრწუნებელი სიცხადით აღწევდა მოხუცის გამახვილებულ სმენამდე. ჯერ იმ ვაჟბატონებზე იჯერეს გული, იგონებდნენ სასაცილო შემთხვევებს, მოგზაურობისას რომ გადახდათ, ერთმანეთს რაღაცას გადაუკრავდნენ, თან არ ცდებოდნენ, იბანდნენ, ივარცხნიდნენ, ირთვებოდნენ. უცბად მოხუცზე ჩამოაგდო სიტყვა.

- მამა სადღაა? - იკითხა ერნამ, თან ეტყობოდა, თვითონვე უკვირდა, რომ ასე გვიან მოაგონდა.

- მე საიდან მეცოდინება? - ეს დედის ხმა იყო. ქმრის მოგონებამაც კი გააგულისა. - რაღა თქმა უნდა, ქვემოთ ზის და ალბათ მეასეჯერ მაინც კითხულობს ფრანკფურტის გაზეთს ფულის კურსის შესახებ. იმას ხომ სხვა არაფერი აინტერესებს. შენ გგონია, ერთხელ მაინც იყო ტბაზე? არ მოსწონს აქაურობა. დღეს შუადღისას მითხრა, დღესვე გავემგზავროთო აქედან.

- დღესვე?.. მერე რატომ? - ეს ერნას ხმა იყო.

- რა ვიცი. მაგას ვინ გაუგებს. ჩვენს საზოგადოებას შესაფერისად არა სთვლის, ის ბატონები თვალში არ მოსდის. ეტყობა, თვითონვე გრძნობს, რომ ეგ იმათი ტოლი არ არის. მართლაც, სირცხვილისაგან დაიწვები მაგისი შემხედვარე. კოსტიუმი ერთთავად დაჭმუჭნული აქვს, საყელო მოღეღილი. თვალი გვეჭიროს, იქნებ ამ საღამოს ცოტა რიგიანად ჩაიცვას. შენი სჯერა... ხედავდი, ამ დილით რა ქნა? მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე... როგორ ეცვა ლეიტენანტს.

- ჰო, დედა! რა მოხდა? მინდოდა შენთვის მეკითხა. რა მოუვიდა მამას?.. ასე უგუნებოდ ჯერ არ მინახავს, მართლაც შემეშინდა...

- რა უნდა მოსვლოდა? ცუდ გუნებაზე იყო და ეგაა. ეტყობა, კურსი დაეცა... ან იქნებ ის აცეცხლებს, რომ ფრანგულად ვლაპარაკობდით. ვერ იტანს, როცა სხვები მხიარულობენ. ვერ შენიშნე: ჩვენ რომ ვცეკვავდით, ისე იდგა კარებთან, გეგონებოდათ, კაცის მკვლელი ხეს ამოფარებიაო. გავემგზავროთ! ახლავე გავემგზავროთ! და მხოლოდ იმიტომ, რომ მან უცბად ასე ინება. თუ აქაურობა არ მოსწონს, ჩვენ ხელს რაღას გვიშლის დროსტარებაში... მაგრამ მე არ ვაქცევ ყურადღებას იმის უგუნებობას, თავშიაც ქვა უხლია.

   საუბარი გასწყვიტეს. ეტყობოდა, დაასრულეს თავიანთი საღამოს ტუალეტი: დიახ, კარი გაიღო. აი, ახლა გადიან ოთახიდან. ამომრთველმა გაიწკაპუნა. სინათლე ჩაქრა.

   მოხუცი გაუნძრევლად იჯდა დივანზე. არც ერთი სიტყვა არ გამოპარვია, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ტკივილს აღარ გრძნობდა, სულ აღარ გრძნობდა ტკივილს. მოუსვენარი საათის მექანიზმი, რაც ეს წუთია ბობოქრობდა და წიკწიკებდა მის მკერდში, მთლად დადუმდა. იქნებ დაიმსხვრა. ერთი ძარღვიც კი არ შეტოკებულა მის არსებაში ამ უხეში შეხებისაგან... არც ბრაზი, არც სიძულვილი... არაფერი... არაფერი... დამშვიდებით შეიკრა სერთუკი, ფრთხილად დაეშვა კიბეზე და უცხოსავით მიუჯდა იმათ მაგიდას.

*

   მოხუცს ვახშამზე ხმა არ ამოუღია და ისინიც ვერ ამჩნევდნენ მუშტივით შეკრულ დაძაბულ დუმილს. არც კი დამშვიდობებია თავისიანებს, ისევ დაბრუნდა თავის ოთახში, დაწვა საწოლზე და სინათლე ჩააქრო. კარგა ხნის შემდეგ შემოვიდა ცოლიც, ეტყობოდა, დრო მხიარულად გაეტარებინა. ეგონა, სძინავსო და სიბნელეში გაიხადა ტანსაცმელი. მოხუცს სულ მალე მისი მძიმე, უდარდელი ფშვინვა ჩაესმა.

   საკუთარ თავთან განმარტოებული მიშტერებოდა ღამის უსაზღვრო სივრცეს. მის გვერდით ვიღაც იწვა სიბნელეში და ღრმად სუნთქავდა. ცდილობდა, მოეგონებინა, რომ ამ ქალს, ახლა ერთ ოთახში, ერთი ჰაერით რომ სუნთქავდნენ, ოდესღაც იცნობდა ახალგაზრდასა და მგზნებარეს, მან შესძინა შვილი და სისხლის ღრმა საიდუმლოთი იმასთან იყო დაკავშირებული. თავს ძალას ატანდა, მოეგონებინა, რომ ეს თბილი, რბილი სხეული, რომელიც ისე ახლოს იწვა, რომ ხელით შეეძლო შეხებოდა, ოდესღაც იმისი სიცოცხლის ნაწილს შეადგენდა. მაგრამ საოცარი იყო; წარსულის მოგონებანი არავითარ გრძნობებს არ აღუძრავდა. ამ სუნთქვას ისე უსმენდა, როგორც ღია ფანჯრებიდან შემოჭრილ, შრიალა ტალღების დგაფუნს სანაპიროს კენჭებზე. ყველაფერი ეს შორეული გახდა მისთვის, აზრი დაჰკარგა, დარჩა მხოლოდ შემთხვევითი და უცხო მეზობლობა. გათავდა, სამუდამოდ გათავდა ყველაფერი. ერთხელ კიდევ წამოიწია: სულ ჩუმად, ქურდულად გაიღო ქალიშვილის ოთახის კარი. „დღესაც ისევ“, - ოდნავ ჩხვლეტა იგრძნო გულში, რომელიც მკვდარი ეგონა. ერთ წამს რაღაც ათრთოლდა, თითქოს მომაკვდავი ნერვიაო, მაგრამ ისიც მალე დადუმდა. „რაც უნდა ისა ქნას, მე რა მესაქმება!“

   მოხუცმა ისევ მისდო თავი ბალიშზე. რბილად ეკვროდა წყვდიადი გახურებულ საფეთქლებს. კეთილისმოქმედად იღვრებოდა ცისფერი სიმშვიდე სისხლში. მალე მსუბუქმა სიზმარმა დაუბინდა დაუძლურებული გონება.

*

   დილით ცოლმა რომ გამოიღვიძა, დაინახა, რომ ქმარს უკვე პალტო ეცვა და ქუდიც დაეხურა.

- საით გამგზავრებულხარ? - ჰკითხა ნამძინარევი ხმით. მოხუცი არც კი მობრუნებულა. გულგრილად სტენიდა ღამის პერანგს ჩემოდანში.

- შენ უკვე იცი, რომ შინ მივემგზავრები. რაცა მჭირდება, მხოლოდ ის მიმაქვს, დანარჩენი შეგიძლიათ გამომიგზავნოთ. ცოლი შეკრთა. რა მოუვიდა? რა უცხო ხმაა. ცივად, მკაცრად სცრიდა ყოველ სიტყვას კბილებიდან. ქალმა ორივე ფეხი გადმოჰყო ლოგინიდან.

- ნუთუ მართლა აპირებ წასვლას? დაგვიცადე, ჩვენც მოვდივართ. მე უკვე ვუთხარი ერნას. მოხუცმა საჩქაროდ გააქნია თავი.

- არა, არა, ხელს არ შეგიშლით, - და არც კი შემობრუნებულა, მძიმე ნაბიჯით კარისაკენ გაეშურა. კარის სახელური რომ გადაეწია, ჩემოდანი ერთ წუთს ძირს დადგა. და აი, ამ ერთ წუთში მოაგონდა: ათასჯერ დაუდგამს ჩემოდანი უცხოთა კარის წინ, რომ წასვლის ხანს გამომშვიდობებოდა და თან დაემატებინა, შემდგომშიაც მზად ვარ გემსახუროთო. მაგრამ აქ საქმე გაარიგა და საჭიროც აღარ იყო გამომშვიდობება. უხმოდ, უკანმოუხედავად აიღო ჩემოდანი და ჭრიალით მიხურა კარი და ამით წარსულ ცხოვრებას გამოეყო.

*

   ვერც დედა და ვერც შვილი ვერ მიმხვდარიყვნენ, რა მოხდა, მაგრამ ამ ურყევმა გადაწყვეტილებამ, მოულოდნელმა გამგზავრებამ ორივე შეაშფოთა. მაშინვე მშობლიურ ქალაქში, სამხრეთ გერმანიაში ახსნა-განმარტების წერილი აფრინეს მომხდარ გაუგებრობაზე, თითქმის ალერსიანი წერილი. მზრუნველობით ეკითხებოდნენ, როგორ იმგზავრა, როგორ გრძნობდა თავს, უცბად დათმობაზე მიდიოდნენ და სწერდნენ, ყოველ წუთს მზადა ვართ ჩვენი მოგზაურობა საზღვარგარეთ დავასრულოთო. მაგრამ პასუხი არ ჩანდა. ისევ სწერდნენ დაჟინებით, დეპეშებს უგზავნიდნენ, მაგრამ პასუხი არ იყო და არა... ერთ წერილში ფულს სთხოვდნენ და იმის პასუხად კონტორიდან მიიღეს ფული ფოსტის ნიშნით, ფირმის ბეჭდით, არც ერთი სიტყვა მისი ხელით ნაწერი, არც მოკითხვა.

   ამ გაუგებარმა და მძიმე ვითარებამ დააჩქარა იმათი დაბრუნება სამშობლოში. თუმცა დეპეშით შეატყობინეს, მაგრამ არავინ დახვედრიათ სადგურში. სახლშიც თავი არავის შეუწუხებია. მსახურები ამბობდნენ, დაბნეულმა მოხუცმა დეპეშა მაგიდაზე მიაგდო და არავითარი განკარგულება არ მოუცია, ისე წავიდაო. საღამოთი, ვახშამს რომ უსხდნენ, როგორც იქნა, გაისმა კარის ჯახუნი. წამოცვივდნენ შესაგებებლად. მოხუცმა განცვიფრებით შეავლო თვალი. ეტყობოდა, დეპეშა სულ დავიწყებოდა, არავითარი გრძნობა არ გამოუმჟღავნებია, უგულოდ შეხვდა ქალიშვილის მოხვევნას, გაჰყვა სასადილოში და გულგრილად მოისმინა იმათი საუბარი. არაფერი უკითხავს. უხმოდ სწიწკნიდა თავის სიგარას. ხან მოკლედ უპასუხებდა, ზოგჯერ ყურს მოიყრუებდა იმათ შეკითხვებზე. გეგონებოდათ, თვალებგახელილს სძინავსო. ბოლოს წამოდგა მძიმედ და თავისი ოთახისაკენ წალასლასდა.

   ასე გრძელდებოდა შემდეგაც. ამაოდ ცდილობდა შეწუხებული ცოლი, აეხსნა ყველაფერი. რაც უფრო ცდილობდა, მით უფრო ჯიუტად ყურს უყრუებდა ქმარი. ჩაიკეტა საკუთარ თავში, მიუწვდომელი გახდა. უფსკრული გაჩნდა იმასა და შინაურებს შორის. ჯერ ისევ სადილობდა იმათთან, გამოდიოდა როცა სტუმრები ჰყავდათ, მაგრამ მთელი ეს ხანი იჯდა საკუთარ ფიქრებში გართული, არავითარ მონაწილეობას არ იღებდა იმათ საუბარში. თუ რომელიმე სტუმარი შემთხვევით თვალს შეავლებდა, უსიამოვნო გრძნობა შეიპყრობდა. სივრცეში მიპყრობილი მისი უაზრო თვალები ვერაფერს ამჩნევდნენ გარშემო. მალე უცხოებსაც ხვდებოდათ თვალში მოხუცის უცნაურობა. ნაცნობები ქუჩაში ჩუმ-ჩუმად ერთმანეთს მუჯლუგუნს ჰკრავდნენ ხოლმე: მოხუცი, ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი ამ ქალაქში, მათხოვარივით კედელს ეკვროდა. დაჭმუჭნული ქუდი გვერდზე მოქცეოდა, სერთუკზე სიგარის ფერფლი დასცვენოდა, ყოველ ნაბიჯზე უცნაურად ბარბაცებდა და ძლივს გასაგონად რაღაცას თავისთვის ბურტყუნებდა. ვინმე რომ მიესალმებოდა, შეშინებული ახედავდა, თუ დაელაპარაკებოდა, უაზრო თვალებს მიაპყრობდა მოსაუბრეს და ავიწყდებოდა ხელის ჩამორთმევა. ჯერ ეგონათ, მოხუცი დაყრუვდაო და ხმამაღლა უმეორებდნენ ნათქვამს, მაგრამ ყურს არ აკლდა. დრო სჭირდებოდა, რომ სიზმრისაგან გამორკვეულიყო და საუბარში ისევ მისცემოდა თავის უცნაურ თავდავიწყებას. თვალები უბნელდებოდა, საჩქაროდ სწყვეტდა ლაპარაკს და ვერც კი ამჩნევდა მოსაუბრის განცვიფრებას, ისევ განაგრძობდა ბარბაცით გზას. ეტყობოდა, ნიადაგ თავს ძალას ატანდა, რომ გარინდებიდან გამორკვეულიყო. საკუთარ თავში ჩაკეტილი ვერ ხედავდა ადმიანებს, მისთვის ისინი არ არსებობდნენ. არავის დარდი არ აწუხებდა, შინ ვერ ამჩნევდა ცოლის უხმო სასოწარკვეთილებას, ქალიშვილის დაბნეულ შეკითხვებს. გაზეთებს არ კითხულობდა, ყურს არ უგდებდა სხვების საუბარს. არ არსებობდა სიტყვა, ან რაიმე კითხვა, რომ წუთით მაინც გაეხვრიტა მისი არსების გულგრილობის ქუფრი კედელი. საკუთარი სამყაროც, მისი საქმიანობაც უცხო გახდა მოხუცისათვის. ზოგჯერ იჯდა ხოლმე მდუმარედ კონტორაში, რომ ხელი მოეწერა ბარათებისათვის, მაგრამ როდესაც ერთი საათის შემდეგ მდივანი ხელმოწერილი ფურცლების წასაღებად შემოივლიდა, მოხუცი ისევ ისე დახვდებოდა - უაზრო თვალებით მისჩერებოდა წაუკითხავ ბარათებს. ბოლოს მოხუცი მიხვდა, რომ ზედმეტი იყო და თავი მიანება იქ სიარულს.

   მაგრამ უჩვეულო და მთელი ქალაქისათვის საოცარი ის იყო, რომ მოხუცი, რომელიც არასოდეს არ ეკუთვნოდა მორწმუნეთა საზოგადოებას, უცბად ღვთისმორწმუნე გახდა. თუმცა გულს ვერაფერს უდებდა, არც სადილად, არც ვინმესთან მოსალაპარაკებლად დროულად არ მივიდოდა, მაგრამ დანიშნულ დროს სინაგოგაში წასვლა არ ავიწყდებოდა. იდგა იქ, თავზე შავ ჩაჩწამოდებული, მხარზე მლოცველის მანტიაგადაგდებული, იდგა იმავე ადგილას, საცა ოდესღაც მამამისი, დაღლილი, თავს აქეთ-იქით აქნევდა და ლოცვებს ბუტბუტებდა. აქ, ამ ნახევრად დაცარიელებულ სინაგოგაში, მის გარშემო ხმათა უცხო და იდუმალ გუგუნში ყველაზე მეტად გრძნობდა სიმარტოვეს. სიმშვიდე ჰფანტავდა ბურუსს და საკუთარ მკერდში ნაკლებ შეიგრძნობდა სიბნელეს. სულთათანას რომ კითხულობდნენ, იგი ხედავდა ნათესავებს, ბავშვებს, განსვენებულის მეგობრებს, მწუხარენი გულმოდგინედ რომ ასრულებდნენ წესსა და უფრო მეტი თავგამოდებით შესთხოვდნენ ღმერთს მიცვალებულის შეწყალებას, და თვალები ეცრემლებოდა. იცოდა, ის ყველაზე უკანასკნელი იყო, არავინ ილოცებდა იმისი სულისათვის. მოხუცი მოწიწებით ბუტბუტებდა ლოცვებსა და საკუთარი თავი მკვდრად მიაჩნდა.

   ერთხელ, გვიან საღამოს, თავისი უჩვეულო სეირნობიდან რომ ბრუნდებოდა, წვიმა წამოეწია. მოხუცს ჩვეულებისამებრ, ქოლგის წაღება დავიწყებოდა. კარეტები იაფად სთავაზობდნენ მგზავრებს წაყვანას, სადარბაზო შესასვლელები და მინის ჯიხურები იპატიჟებდნენ, რომ თავი შეეფარებინათ მოულოდნელი თავსხმისაგან, მაგრამ ახირებული მოხუცი ბარბაცით მიდიოდა ამ დელგმაში. დაჭმუჭნულ ქუდში ტბა ჩაუდგა. სახელოებიდან მთელი ნაკადულები ჩამოსდიოდა ფეხებთან, მაგრამ აინუნშიაც არ აგდებდა, მიბაკუნობდა თითქმის მარტოდმარტო დაცარიელებულ ქუჩაში. თავით ფეხამდე გაწუწული უფრო მაწანწალას ჰგავდა, ვიდრე მშვენიერი ვილის პატრონს. სწორედ იმ დროს მიუახლოვდა თავის სახლს, როდესაც შუქფარებიანი მანქანა გაჩერდა და გაუფრთხილებელ მგზავრს ლაფი შეასხა. კარი გაიღო და განათებული მანქანიდან საჩქაროდ გამოვიდა იმისი ცოლი ვიღაც საპატიო სტუმრის თანხლებით, რომელსაც დიდი მოწიწებით ეჭირა მისი ქოლგა, უკან კიდევ მეორე მამაკაცი მოჰყვებოდათ. სწორედ კარებთან შეეჩეხნენ ერთმანეთს. ცოლმა იცნო და თავზარი დაეცა მის შემხედვარეს: თავით ფეხამდე სველი, ტანისამოსდაჭმუჭნული წყლიდან ამოღებულ ფუთასა ჰგავდა. მოხუცი მაშინვე მიხვდა, რომ ცოლს ერცხვინებოდა მისი სტუმრებთან გამოჩენა. არც აღელვებულა, არც გაბრაზებულა და რომ ცოლი უხერხული მდგომარებიდან ეხსნა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მსახურთა შესასვლელისაკენ და მშვიდად ავიდა კიბეზე.

   ამ დღიდან მოხუცი საკუთარ სახლში მხოლოდ მსახურთა შესასვლელიდან შედიოდა. იცოდა, იქ არავინ შეხვდებოდა, არავინ შეუშლიდა ხელს და მასაც არავინ შეაწუხებდა. ამ დღიდან სადილობისასაც აღარ გადიოდა მათთან, მოხუც მსახურს ოთახში შემოჰქონდა საჭმელი. თუ ცოლი ან ქალიშვილი ინებებდნენ იმასთან შესვლას, საჩქაროდ გამოისტუმრებდა და ოდნავ შემკრთალი, მაგრამ ურყევი გადაწყვეტილებით. ბოლოს მიანებეს თავი, მთლად მიივიწყეს, არაფერს ეკითხებოდნენ, ისიც არაფერს კითხულობდა. ხშირად კედელს იქით, მისთვის უცხო ოთახებიდან ესმოდა სიცილი, მუსიკის ხმა. შუაღამემდე ესმოდა, როგორ ჩერდებოდა და მიდიოდა კარეტები, მაგრამ ისე გულგრილად უყურებდა ყველაფერს, ერთხელაც არ გადაუხედავს ფანჯრიდან. ან რა ესაქმებოდა? მხოლოდ ძაღლი თუ შემოვიდოდა ხანდახან და ყველასაგან მივიწყებული პატრონის საწოლთან დაწვებოდა.

   მოხუცი უკვე აღარ გრძნობდა ტკივილს გაციებულ გულში, მაგრამ შავ მაჯლაჯუნას ჩაებუდებინა მის სხეულში და უღრღნიდა სისხლიან შიგნეულს. შეტევებმა იძალეს, ბოლოს ნაწამები მოხუცი დაჰყვა ექიმის რჩევას, საგულდაგულო გამოკვლევა ჩავატაროთო. პროფესორი ჩაფიქრდა: ავადმყოფს ჯერ ნელი-ნელა აჩვევდა და ერთ დღეს განუცხადა კიდეც, ოპერაცია აუცილებელიაო. მოხუცი არ შემკრთალა, მხოლოდ ნაღვლიანად გაიღიმა. ღმერთს მადლობა შესწირა, დადგა ჩემი აღსასრული, სიკვდილის აღსასრული, ახლოვდება ნანატრი სიკვდილიო. ექიმს აუკრძალა, კრინტი არ დასძრათ ჩემიანებთანო, დაანიშვნინა ოპერაციის დღე და მოემზადა. უკანასკნელად წავიდა თავის კონტორაში (სადაც არავინ ელოდა და უცხოსავით შეხვდნენ), ერთხელ კიდევ ჩაჯდა შავი ტყავის სავარძელში, რომელშიც ოთდაათ წელიწადს, მთელი თავისი სიცოცხლე, ვინ იცის, რამდენი საათი მჯდარა, მოითხოვა ქვითარი, ერთი ფურცელი შეავსო და გადასცა თანხის სიდიდით განცვიფრებულ მორწმუნეთა თემის წინამძღვარს. ეს თანხა განკუთვნილი იყო საქველმოქმედო საქმეებისა და მისი საფლავისათვის. მადლობა რომ არ მოესმინა, საჩქაროდ წამოდგა და გამობარბაცდა. ქუდი გადასძვრა, მაგრამ არ დახრილა მის ასაღებად. ასე თავშიშველი, თვალებამღვრეული, სახედანაოჭებულ-ჩაყვითლებული წაცუხცუხდა სასაფლაოზე, თავისი მშობლების საფლავებისაკენ. ცნობისმოყვარენი განცვიფრებით შესცქეროდნენ მოხუცს: იგი კარგა ხანს ელაპარაკებოდა ხავსმოდებულ ქვებს, თითქოს ადამიანები არიანო. თავის მოსვლად ატყობინებდა თუ კურთხევას შესთხოვდა? არავის ესმოდა მისი სიტყვები, უხმოდ აცმაცუნებდა ტუჩებს და ლოცვაში თანდათან ძირს ხრიდა თავს. გასასვლელთან მათხოვრები შემოეხვივნენ მათთვის კარგად ცნობილ კაცს. საჩქაროდ ამოიქექა ჯიბეები, ამოიღო მონეტები და ქაღალდის ფული და როცა სულ დაარიგა, ერთი მიხრწნილი დედაბერი მოუახლოვდა კოჭლობით და სლუკუნი მორთო. დაბნეულმა მოხუცმა ყველა ჯიბე გადმოიბრუნა, მაგრამ რაღას ნახავდა. მხოლოდ თითზე რაღაც უცხო და მძიმე უჭერდა. ეს მისი ნიშნობის ბეჭედი იყო. მოაგონდა განვლილი დღენი, საჩქაროდ წაიძრო თითიდან და აჩუქა განცვიფრებულ დედაბერს. ასე მათხოვარივით ღარიბ- ღატაკი, მთლად სულ-გულ ამოცლილი, ეული დაუწვა ქირურგს დანის ქვეშ.

   ნარკოზის შემდეგ გონს რომ მოეგო, ავადმყოფი მძიმე მდგომარეობაში იყო, ექიმებმა მისი ცოლი და ქალიშვილი შემოიყვანეს, რომელთაც უკვე გაეგოთ ეს ამბავი. მოხუცმა ძლივძლივობით ასწია ჩალურჯებული, დაჩრდილული ქუთუთოები.

„სადა ვარ?“ - თვალი მოავლო მისთვის უცხო ოთახის თეთრ კედლებს.

   საცოდავად ჩავარდნილი სახისკენ მისაალერსებლად დაიხარა ქალიშვილი. უცბად, თითქოს იცნოო, რაღაცამ გაიელვა მოხუცის ჩამქრალ თვალებში. ნაპერწკლები აენთო, აი, მისი ბავშვი, მისი თვალისჩინი, მისი ნაზი, მშვენიერი ბავშვი! სულ ნელ-ნელა შეინძრა, ღიმილმა, ღიმილმა გაუპო მაგრად მოკუმული ტუჩები. ამ უძლური სიხარულის გამომჟღავნებით აღელვებული ერნა უფრო დაიხარა მამის სისხლისაგან დაცლილ ლოყებზე საამბორებლად.

   მაგრამ უცბად... სუნამოს მოტკბო სურნელმა აღუძრა მოგონებანი თუ ნახევრადმიბინდულ გონებაში მივიწყებულმა ფიქრმა გაიღვიძა? ერთი წუთის წინ ბედნიერი სახე უცბად შეეცვალა: ჩატეტკილი ბაგეები კუშტად შეეკრა, საბანქვეშ ხელი აუცახცახდა, თითქოს ცდილობს წამოდგომას, რომ რაღაც საზიზღარი საგანი მოიცილოსო. მღელვარებისაგან მთელი დაფლეთილი სხეული უცახცახებდა.

- შორს ჩემგან! შორს ჩემგან! - ბუტბუტებდა ნაწყვეტ-ნაწყვეტად, მაგრამ მაინც გასაგებად მისი ჩალურჯებული ბაგეები.

   ისეთი უსაზღვრო სიძულვილი და გაქცევის შეუძლებლობის მტანჯველი შეგრძნება აღბეჭდილიყო მის სახეზე, რომ შეწუხებულმა ექიმმა ქალები გვერდზე გასწია.

- ბოდავს, - ჩურჩულით თქვა მან, - ჯობს მარტო დატოვოთ!

   გავიდნენ თუ არა ორივენი ოთახიდან, მის ნატანჯ, დამანჭულ სახის ნაკვთებზე კვლავ სიმშვიდე და დაღლილობა გამოიხატა, ხიხინით სუნთქავდა, მკერდი აუდ-ჩაუდიოდა, რათა მაცოცხლებელი ჰაერი ჩაესუნთქა, მაგრამ მალე დაიღალა ამ მწარე საზრდოს სუნთქვისაგან, და როდესაც ექიმმა გულზე ხელი დაადო, იგი უკვე აღარ აწამებდა მოხუცს.

ნახვა: 260

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters