ფრანსუა რენე შატობრიანი - უკანასკნელი აბენსერაჟი


   როდესაც გრენადის უკანასკნელ მეფეს ბოაბდილს, თავის წინაპართა სამეფო იძულებით დაატოვებინეს, ის პადულის მთის მწვერვალზე შეჩერდა. აქედან მოჩანდა ზღვა, საიდანაც უბედური გვირგვინოსანი აფრიკაში გემით უნდა გამგზავრებულიყო. მოჩანდა აგრეთვე გრენადა, ვეგა და ხენილი, რომლის ნაპირზე ფერდინანდისა და იზაბელას კარვები იყო გაშლილი. ამ მშვენიერი მხარის და კვიპაროზთა დანახვამ, რომლებიც აქა-იქ კიდევ აღნიშნავდა მუსულმანთა საფლავებს, ბოაბდილს ცრემლი დააფრქვევინა. მას განდევნის ადგილს მიჰყვებოდა დედა - სულთანის მეუღლე აიქსა და დიდებულთა დასი, რომელიც ოდესღაც სასახლის კარს შეადგენდა. დედამ ასე მიმართა შვილს: „როგორც დიაცმა, დაიტირე ახლა სამეფო, რომლის დაცვაც შენ, როგორც ვაჟკაცმა, ვეღარ შესძელი“. გადაიარეს მთა და გრენადა სამუდამოდ გაქრა მათი თვალიდან.
  ესპანეთის მავრები, მეფის ბედის მოზიარენი, აფრიკაში მიმოიფანტნენ. ზეგრის და გომელის ტომები დასახლდნენ ფეცის სამეფოში, თავიანთ უძველეს კერასთან. საიდანაც ისინი ოდესღაც გამოვიდნენ. ვანეგები და ალაბესები შეჩერდნენ ზღვის სანაპიროზე. ორანიდან მოყოლებული ვიდრე ალჟირამდე და, ბოლოს, აბენსერაჟები დაბინავდნენ ტუნისის მიდამოებში. კართაგენის ნანგრევთა მახლობლად მათ მოაწყვეს ახალშენი, რომელიც ახლაც განირჩევა თავისი ზნე-ჩვეულებათა დახვეწილობითა და კანონთა ლმობიერებით.
განდევნილმა ოჯახებმა ახალ სამშობლოში მოიტანეს მოგონებები ძველ მიწა-წყალზე. გრენადის სამოთხე მათ ხსოვნაში მუდამ ცოცხლობდა. დედები ჯერ კიდევ ძუძუმწოვართა ბავშვებს ხშირად უმეორებდნენ მის სახელს, აკვანზე დამღეროდნენ ზეგრებისა და აბენსერაჟების რომანსებს. ყოველ ხუთ დღეში ერთხელ ისინი ლოცულობდნენ, გრენდისაკენ მიბრუნებულნი ევედრებოდნენ ალაჰს, რომ ეს ნეტარების მხარე ისევ დაებრუნებინა თავისი რჩეული შვილებისათვის.
  ლოტოპაგების ქვეყანა გაძევებული ამაოდ სთავაზობდა თავის ხილს, წყალს, მწვანე მინდვრებსა და ბრწყინვალე მზეს - წითელი კოშკებიდან შორს მყოფთათვის არც ხილი იყო სასიამოვნო, არც შადრევნები ანკარა, არც მოლი ქორფა და თვით მზეც კი არ იყო ღირსი ცქერისა. თუ რომელი ლტოლვილს ბაგრადის ველებს დაანახებდნენ, ის თავს გაიქნევდა და ოხვრით წამოიძახებდა „გრენდა“.
  უნაზესი მოგონება სამშობლოზე განსაკუთრებით მტკიცედ გულში აბენსერაჟებმა შეიანახეს, მომაკვდინებელი სინანულით თავიანთი დიდების ასპარეზი და მიდამოები, სადაც ასე ხშირად მათი ბრძოლის ყიჟინი გაისმოდა: „დიდება და სიყვარული“. რადგან მათ უდაბნოში შუბების ტყორცნა აღარ სჭირდებოდათ და არც მიწის მუშათა ახალშენში მუზარადების ტარება, მდაბიოთა ხელობის შესწავლას მიჰყვეს ხელი. არაბთა შორის ეს ხელობა სამხედრო საქმეზე ნაკლებ პატივში არ იყო. ამრიგად, მეომართა ეს ტომი, რომელიც ოდესღაც სხვებს აჭდობდა ჭრილობებს, ახლა ოსტატობას იჩენდა ჭრილობათა მკურნალობაში. ამით თავიანთი პირვანდელი უნარისაგან ცოტა რამ მაინც შეინარჩუნეს, რადგან ხშირად რაინდები დამარცხებულ მტრებს თვით უხვევდნენ ჭრილობას.
  ამ ოჯახს, რომელიც ოდესღაც სასახლეში ცხოვრობდა, ქოხი ჰქონდა არა სხვა განდევნილთა სოფელში მთა მამელიდის ძირში, არამედ თვით კართაგენის ნანგრევთა შორის, ზღვის პირად, სადაც წმინდა ლუი ფერფლზე გარდაიცვალა. იქ დღესაც მოჩანს მაჰმადიანთა სენაკი. ქოხის კედლებზე მიმაგრებული იყო ლომის ტყავის ფარები, მათ ლაჟვარდ არეზე გამოხატული იყო ორი ველური, რომელნიც კეტით ქალაქს ანგრევდნენ. ამ დევიზის გარშემო ეწერა: „ეს ცოტა რამ არის!“ ასეთი იყო აბენსერაჟების ღერბი და დევიზი. თეთრი და ლურჯი დროშებით მორთული შუბები, ალბურნოსები. ატლასის კაბები ფარებთან იყვნენ ჩამწკრივებული და სატევართა, დაშნათა შორის ბრწყინავდნენ. აქა-იქ ჩამოკიდებული მოჩანდნენ სამკლავეები, ძვირფასი ქვებით მოჭედილი ლაგამები, განიერი ვერცხლის უზანგები, გრძელი ხმლები, რომელთა ქარქაში დიდებულ ასულთა მიერ იყო შემკული და ოქროს დეზები, რომლებსაც იზოები, ჟენიევრები, ორიანები ოდესღაც გულად რაინდებს, ფეხზე აკრავდნენ.
   ამ დიდების ნადავლთა ქვემოთ, მაგიდაზე მშვიდობიანი ცხოვრების ნადავლი ელაგა. ეს იყო ატლასის მწვერვალებზე და ზაარის უდაბნოში დაკრეფილი მცენარეები, ბევრი გრენადის ველიდანაც იყო მოტანილი. ზოგი სხეულის ტკივილებს ამშვიდებდა, ზოგს ძალა შესწევდა, სევდიან გულს სალბუნად დასდებოდა. აბენსერაჟები განსაკუთრებით იმ მცენარეებს სცემდნენ პატივს, რომელიც ამაო სინანულს აქარვებდნენ, გიჟურ ზმანებასა და დაუცხრომელ, მაგრამ მარად გაცრუებულ იმედებს ფანტავდნენ. სამწუხაროდ, ამ მცენარეებს საწინააღმდეგო თვისებებიც ჰქონდათ, და ხშირად წარჩინებულ გადმოხვეწილთათვის მშობლიური ყვავილის სურნელება შხამად იქცეოდა.
   გრენადის აღების შემდეგ ოცდაოთხმა წელმა განვლო. ამ მცირე ხნის განმავლობაში დაიღუპა თოთხმეტი აბენსერაჟი ახალი ჰავის, მოხეტიალე ცხოვრებისა და განსაკუთრებით, სევდის ზეგავლენით, რომელიც უჩინრად ფიტავს ადამიანის ძალას. ამ სახელოვანი ოჯახის იმედი ერთადერთი შთამომავალი იყო. აბენ ჰამეტი ატარებდა იმ აბენსერაჟის სახელს, რომელიც დედოფალ ალფაიმას შეცდენისათვის ზეგრებმა დასაჯეს. აბენ ჰამეტში თავი მოეყარა თავის წინაპართა გულადობას, მშვენიერებას, დარბაისლობასა და სულგრძელობას. მას იმ მსუბუქი სევდის გამომეტყველება ჰქონდა, რომელსაც ადამიანს კეთილშობილად განცდილი უბედურება ანიჭებს. მამა რომ გარდაეცვალა, მხოლოდ ოცდაორი წლისა იყო, მაშინ გადაწყვიტა თავის წინაპართა ქვეყანაში გამგზავრება, გულის წყურვილის მოსაკლავად და ერთი განზრახვის შესასრულებლად, რომელსაც დედასაც კი უმალავდა.
იგი ტუნისის ნავსადგურში ჩაჯდება გემში. ზურგის ქარი კართაგენს მიიყვანს. გემიდან ჩამოვა და მაშინვე გრენადისკენ გაეშურება. ყველას თავს აცნობდა მკურნალ არაბად, რომელიც სიერა-ნევადას კლდეებში ჩამოვიდა ბალახების დასაკრეფად. მას თვინიერი ჯორი დაატარებდა წყნარად იმ ქვეყანაში, სადაც ოდესღაც აბენსერაჟები ბრძოლის ჟინით ანთებულ ბედაურებზე დაქროდნენ. წინ მეგზური მიუძღოდა, რომელსაც ეჟვნებით მორთული და ფერად-ფერადი მატყლით ატვირთული სხვა ორი ჯორი მოჰყავდა. აბენ ჰამეტმა გადაიარა მურსიის სახელმწიფოს დიდი ბუჩქნარები და პალმის ტყეები. ამ ხნიერმა პალმებმა აფიქრებინა, რომ ისინი აბენსერაჟის წინაპრების ხელით უნდა ყოფილიყო დარგული. და გული სევდით განემსჭვალა. ერთ ადგილად აღმართული იყო კოშკი, სადაც მავრებისა და ქრისტიანების ბრძოლის დროს გუშაგი ფხიზლობდა, მეორე ადგილას მოჩანდა ნანგრევები, რომლის არქიტექტურა მოწმობდა, რომ ის მავრული წარმოშობისა უნდა ყოფილიყო. აბენსერაჟის მწუხარებას ახალი საგანი მიეცა. ჯორიდან ჩამოხტებოდა, ვითომდა მცენარეების საძებნელად, მცირე ხნით ამ ნანგრევებს შეაფარებდა თავს, რათა ცრემლთა ნიაღვარს ხალვათად ედინა და შემდეგ ისევ გზას გაუდგებოდა. ქარავნის ეჟვნები ჟღერდა და მეგზური ერთფეროვნად მიიმღეროდა, ის კი თავის ფიქრებში იყო გართული. მეგზური თავის სიმღერას მხოლოდ მაშინ შეწყვეტდა, თუ ჯორებს გამხნევება დასჭირდებოდა. ეძახოდა მათ „მშვენიერს“, „ახოვანს“, ხოლო როცა დატუქსვა უნდოდა, „ზარმაცის“, „ჯიუტის“, სახელით მონათლავდა.
მწყემსი გაყვითლებულსა და დაუმუშავებელ ველებზე ცხვრის ფარას ისე მიუძღვებოდა, თითქოს ლაშქარი ყოფილიყოს. გზაზე თითო-თითო განმარტოებული მგზავრი თუ ჩაივლიდა, მაგრამ ამ მიდამოს სიცოცხლის ელფერს მაინც ვერ აძლევდა. პირიქით, უფრო მოსაწყენად თუ უდაბურად ხდიდა. ყოველი მგზავრი წამოსასხამში იყო გახვეული, წელზე ხმალი ეკიდა, განიერი ფარფლებიანი ქუდი სახეს ნახევრად უფარავდა. გვერდს რომ ჩაუვლიდნენ, აბენ ჰამეტს სალამს აძლევდნენ. ამ კეთილშობილი მისალმების დროს მავრი მხოლოდ ღვთის, სენიორისა და რაინდის სახელებს არჩევდა. აბენსერაჟი საღამო ჟამს ვენტაში უცხოელთა შორის თავის ადგილს იჭერდა. ურიცხვი ცნობისმოყვარეობით არავინ აწუხებდა. არავინ ესაუბრებოდა, არც არვინ ეკითხებოდა რასმე, ყურადღებას არ აქცევდნენ მის ჩალმას, კაბას და იარაღს, რადგან ალაჰმა ინება, რომ ესპანეთის მავრებს მშვენიერი სამშობლო დაეკარგათ, აბენ ჰამეტმა ვერ შესძლო პატივისცემა არ ეგრძნო დარბაისელ დამპყრობთა მიმართ.
   მგზავრობის დასასრულს აბენსერაჟს უფრო ძლიერი მღელვარება მოელოდა. გრენადა გაშენებულია სიერა-ნევადას ძირში, ველით დაშორებულ ორ მაღალ გორაკზე. ფერდობებზე და ველის წიაღში აშენებული სახლები ქალაქს შუაზე გაპობილი ბროწეულის სახესა და ფორმას აძლევს. მისი სახელწოდებაც აქედან წარმოდგება. ორი მდინარე, ხენილი და დუერო, რომელთაგანაც პირველს ოქროსი, ხოლო მეორეს ვერცხლის ქვიშა მოაქვს, ძირსა ჰბანენ ამ გორაკებს და შემდეგ ერთდებიან ვეგად წოდებული წარმტაცი ველის შუაგულში. ეს ველი, რომელსაც გრენდა ზემოდან დასცქერის, დაფარულია ვენახებით, ნარინჯის, ბროწეულის, ლეღვისა და თუთის ხეებით; გარემოცულია საუცხოო მოხაზულობისა და ფერის მთებით. მომაჯადოებელი ცა, სუფთა, გამჭირვალე ჰაერი სულს იდუმალად ადუნებს. ამ მოდუნებისაგან თავის დაცვა გავლით მყოფ მგზავრსაც კი გაუჭირდებოდა. ფიქრობ, ამ ქვეყანაში გმირულ აღტკინებას ნაზი ვნება დააცხრობდაო, რომ სიყვარული, როცა ეს ჭეშმარიტია, ყოველთვის არ ითხოვდეს სახელის მოხვეჭასაც.
   გრენადის პირველ შენობათა სახურავების დანახვამ აბენ ჰამეტს გული ისეთი სიმძლავრით აუძგერა, რომ იძულებული შეიქნა ჯორი შეეჩერებინა. გულზე ხელებდაკრეფილი დიდხანს იდგა მდუმარედ, უძრავად, წმინდა ქალაქზე თვალმიპყრობილი. მეგზურიც შედგა: ესპანელი ყველა დიდ განცდას ადვილად ხვდება ხოლმე. ეტყობოდა, ისიც წუხდა, რადგან იგრძნო, რომ მავრი თავის ძველ სამშობლოს ახლად ხედავდა. სიჩუმე ბოლოს აბენსერაჟმა დაარღვია.
- მეგზურო, - წამოიძახა, - ბედნიერი იყავ! ჭეშმარიტებას ოდნავადაც ნუ დამიმალავ. რადგან შენი დაბადების დღეს ტალღებს მშვიდად ეძინათ და ცაზე ახალი მთვარე ამოდიოდა. ეს რა კოშკებია, ვარსკვლავებით რომ ბრწყინავენ მწვანე ტყის ზემოთ?
- ეს ალჰამბრაა, - უპასუხა მეგზურმა.
- და ის მეორე სასახლე მეორე გორაკზე? - ჰკითხა აბენ ჰამეტმა.
- ეს ჟენერალიფია, - მიუგო ესპანელმა, - ამ სასახლეში არის მირსინით გაშენებული ბაღი, სადაც, გადმოცემით, აბენსერაჟს მოუსწრეს დედოფალ ალფაიმასთან. დაშორებით თქვენ ხედავთ ალბაიზინს, ჩვენკენ უფრო ახლოს კი წითელ კოშკებს.
მეგზურის ყოველი სიტყვა აბენ ჰამეტს გულს უკლავდა. საშინელებაა, როცა მამა-პაპათა გასაცნობად უცხოელთა დახმარება გჭირდება და შენი ოჯახის, მეგობრის ამბავს გარეშეს აამბობინებ. აბენ ჰამეტის ფიქრთა დენა მეგზურმა შეწყვიტა.
- გავსწიოთ, სენიორო მავრო, გავსწიოთ. ღმერთმა ასე ინება, - უთხრა მეგზურმა აბენ ჰამეტს - გამხნევდით.... განა დღესაც ფრანსუა პირველი ჩვენს მადრიდში ტყვედ არ არის? ღმერთმა ასე ინება.
ქუდი მოიხადა, პირჯვარი ფართოდ გადაისახა და ჯორებს გაუტყლაშუნა. აბენსერაჟმაც ააჩქარა თავისი ჯორი და წარმოთქვა: - ასეთია ბედისწერა.[1]
და ისინი გრენადისკენ დაეშვნენ.
გვერდით ჩაუარეს დიდ რცხილას, სახელგანთქმულს იმ ბრძოლით, რომელიც აქ მოხდა გრენადის უკანასკნელი მეფის დროს მუსასა და კალატრავის დიდ ოსტატს შორის. შემოიარეს ალამეიდას სასეირნო და ელვირის კარიბჭით ქალაქში შევიდნენ. რამბლანზე ავიდნენ და მიაღწიეს მავრული ხუროთმოძღვრების სტილზე აშენებული სახლებით შემოფარგლულ ადგილს. აქ იყო სასტუმრო აფრიკიდან ჩამოსული მავრებისთვის, რომელთაც გრენდაში მრავლად იზიდავდა ვეგის აბრეშუმის ვაჭრობა. მეგზურმა აბენ ჰამეტი აქ მოიყვანა.
   აბენ ჰამეტი ისე იყო აღელვებული, რომ ახალ ბინაზე ვერ მოისვენა: სამშობლო სტანჯავდა. ვეღარ გაუძლო გრძნობებს, მის გულს რომ აფორიაქებდნენ, და შუაღამისას გრენდას ქუჩებში გავიდა სახეტიალოდ. ცდილობდა ცქერით ან ხელის შეხებით გამოეცნო რომელიმე იმ ძეგლთაგანი, მოხუცები ასე ხშირად რომ აღუწერდნენ. ის მაღალი შენობა, რომლის კედლები სიბნელეში მოჩანდა, ერთ დროს შეიძლება აბენსერაჟების ბინა იყო. შეიძლება, მეჯლისები სწორედ ამ განმარტოებულ ადგილას, იმართებოდა და გრენადის დიდება ღრუბლებამდე აჰქონდა. აქ გამოდიოდა ბრწყინვალე ფარჩებით მოკაზმული რაინდების ოთხეული. აქ გამოჰქონდათ ვარდებითა და იარაღებით დატვირთული გემები - ურჩხულები, ცეცხლს რომ აფრქვევდნენ, გვერდებში კი სახელოვანი მეომრები ჰყავდათ დამალული. ეს იყო დროსტარებისა და დარდიმანდობის ოსტატური გამოგონება.
აჰა, საკრავთა ჟღერის, საყვირთა ძახილისა და სიყვარულის სიმღერის მაგიერ აბენ ჰამეტის გარშემო ახლა ღრმა დუმილი სუფევდა. ამ დამუნჯებულ ქალაქს მცხოვრებლები გამოუცვლია და დამარცხებულთა სარეცელზე ახლა გამარჯვებულნი ნებივრობენ: შეურაცხყოფილმა ახალგაზრდა მავრმა წამოიძახა: „მაშ, გულზვიად ესპანელებს იმ ჭერქვეშ სძინავთ, საიდანაც ჩემი წინაპრები განდევნეს, მე კი აბენსერაჟი, უცნობი, მიტოვებული, მარტოკა ვფხიზლობ ჩემს წინაპართა სასახლის კარებთან!“
   აბენ ჰამეტი ფიქრობდა ადამიანის ბედისწერასა და მის უკუღმართობაზე. იმპერიათა დამხობაზე, დაბოლოს ისევ გრენდას დაუბრუნდა, რომელსაც თავდავიწყებული განცხრომის დროს მტრები თავს დაესხნენ და ანაზდად ყვავილთა გირლანდები ბორკილებით შეუცვალეს. მას ეგონა, თითქოს ხედავდა, როგორ სტოვებდნენ სადღესასწაულოდ მოკაზმული მოქალაქენი თავიანთ კერას, ისინი ისე თავპირის მტვრევით, თავგზააბნეული გარბოდნენ, როგორც ხანძრით დაფეთებული სტუმრები სანადიმო დარბაზიდან.
აბენ ჰამეტის გონებაში ყველა ეს სურათი და ფიქრი ერთიმეორეს აწყდებოდა. სევდითა სიხარულით შეპყრობილი, განსაკუთრებით იმ თავის განზრახვის შესრულებაზე ფიქრობდა, რომლისთვისაც გრენდაში ჩამოვიდა. თავს დაათენდა. აბენსერაჟს გზა დაჰკარგოდა. სასტუმროდან შორს იყო. ქალაქის გარეუბანში. ყველაფერი ძილს მოეცვა. ქალაქის მყუდროებას ოდნავი ხმაურიც არ არღვევდა. სახლების კარ-ფანჯარა გამოეკეტათ. მხოლოდ მამლის ყივილი აუწყებდა ღარიბის ბინას შრომისა და ჭირ-ვარამის დაბრუნებას.
გზის გასაგნებად ხანგრძლივი და ამაო ხეტიალის შემდეგ აბენ ჰამეტმა ყური მოჰკრა კარის ჭრიალს. დაინახა მომავალი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ჩვენი ძველი მონასტრების ძეგლებზე გამოკვეთილ გუთთა და დედოფალივით იყო ჩაცმული. მის წერწეტ ტანს გიშრით მორთული შავი კორსეტი სალტავდა. მოკლე და ვიწრო, უნაოჭო კაბიდან მოჩანდა თლილი წვივები და წარმტაცი ფეხი; თავზე ეხურა შავი ფერისავე მანდილი, რომელიც ნიკაპქვეშ გამოესკვნა და მარცხენა ხელით ეჭირა. სახეზე მხოლოდ დიდი თვალები და ვარდისფერი ტუჩები უჩანდა. უკან დუენია მისდევდა, წინ კი პაჟს საეკლესიო წიგნი მიჰქონდა. მშვენიერ უცნობს ცოტა დაშორებით იმავე ფერის ტანისამოსში გამოწყობილი ორი ვარლეტი მიჰყვებოდა. ქალს დილის ლოცვაზე მიეჩქარებოდა, სადაც მეზობელი მონასტრის ზარი მოუხმობდა.
აბენ ჰამეტმა იფიქრა, რომ ანგელოზ ისრაფილს ან ყველაზე უფრო ახალგაზრდა ჰურაის ვხედავო. ვაჟზე ნაკლებად განცვიფრებული არც ესპანელი ქალი იყო. შესცქეროდა აბენსერაჟს, რომლის მოხდენილ ტანს ჩალმა, კაბა და იარაღი კიდევ მეტად ამშვენებდა. პირველ გაკვირვებას ქალმა თავი დააღწია და ამ ქვეყნის ქალებისთვის ჩვეული სიკეკლუცითა და სითამამით უცხოელს ანიშნა, მასთან მისულიყო.
- სენიორ მავრო, - უთხრა მან. - გეტყობათ, გრენდაში ახალჩამოსული ბრძანდებით, მხარი ხომ არ გექცათ?
- ყვავილთა დედოფალო, - უპასუხა აბენ ჰამეტმა, - ადამიანთა თვალის ნეტარებავ, ჰოი, ქრისტეს მხევალო, საქართველოს ქალწულებზე უფრო მშვენიერო, შენ სწორედ მიხვდი: ამ ქალაქში მე უცხოელი ვარ. ამ სასახლეთა შორის დაკარგულმა ვერ შევძელი მავრთა სასტუმროს მიგნება. დაე, შენს გულს მაჰმადი შეეხოს და სტუმართმოყვარეობა გიზღოს.
- მავრები განთქმულები არიან თავაზიანობით, - უნაზესი ღიმილით მიუგო ესპანელმა ასულმა. - მაგრამ მე არა ვარ არც ყვავილთა დედოფალი, არც მხევალი, არც მაჰმადთან წარდგინებით კმაყოფილი. მომყევით, სენიორო რაინდო, მავრების სასტუმრომდე მიგიყვანთ.
აბენსერაჟების წინ ქალი მსუბუქად მიირხეოდა. მან მგზავრი სასტუმროს კარამდე მიიყვანა, თვითონ კი ერთ სასახლეს შემოუარა და თვალს მიეფარა.
რას ეყრდნობა ცხოვრების სიმშვიდე! ამიერიდან აბენსერჟის სულის მპყრობელი მხოლოდ სამშობლო არაა. გრენადა მისთვის აღარ არის უდაბური, მიტოვებული, დაქვრივებული. ის ახლა უფრო ძვირფასია, ვიდრე ოდესმე იყო. ეს ახალი ჯადოა, გრენადას ნანგრევებს რომ ამშვენიერებს. წინაპართა ხსოვნას ახლა უფრო მიმზიდველობა ჩაექსოვა. აბენ ჰამეტმა სასაფლაოს მიაგნო, სადაც აბენსერაჟთა ნეშტი განისვენებდა. მაგრამ დამხობილი ლოცულობდა თუ ცრემლსა ღვრიდა, როგორც შვილს შეჰფერის, ის ფიქრობდა, რომ ხანდახან, ალბათ, ამ საფლავებთან ახალგაზრდა ესპანელ ქალს ჩაუვლიაო, ამიტომ აბენ ჰამეტი თავის წინაპრებს ისევ უბედურად აღარა სთვლიდა.
   ამაოდ ცდილობდა, რომ მხოლოდ მამა-პაპათა ქვეყანაში მგზავრობით გართულიყო, დუეროსა და ხენილის ნაპირებზე ამაოდ დადიოდა, რათა იქ გარიჟრაჟზე მცენარეები დაეგროვებინა: ყვავილი, რომელსაც ახლა ის დაეძებს, მშვენიერი ქრისტიანი ასულია. რამდენჯერ ამაოდ შეეცადა თავისი მომხიბვლელის სასახლე ეპოვა, რამდენჯერ შეეცადა კვლავ გაევლო ის გზა, რომელიც თავისი ღვთაებრივი მეგზურის დახმარებით გაიარა. რამდენჯერ მოეჩვენა, რომ კვლავ ესმოდა იმ ზარის რეკვა და მამლის ყივილი, ესპანელი ასულის ბინასთან რომ გაიგონა. მიმსგავსებული ხმებით მოტყუებული იქით გარბის, მაგრამ ჯადოსნურ სასახლეს მისი თვალი მაინც ვერ ხედავს. ხშირად გრენადელ ქალთა ერთფეროვანი ტანისამოსი წამიერ იმედს აძლევდა. შორიდან ყოველი ქრისტიანი ქალი მისი გულის დიუფალს ჰგავდა, ახლოს კი არც ერთი არ იყო მასავით მშვენიერი და ნარნარი. დაბოლოს უცხო ქალის საპოვნელად აბენ ჰამეტმა ყველა საყდარი დაიარა. ფერდინანდისა და იზაბელას საფლავებამდეც კი მიაღწია. ეს უდიდესი მსხვერპლი იყო, რაც კი თავის ტრფობისთვის აქამდე მიეტანა.
   ერთ დღეს დუეროს ველზე ბალახებს აგროვებდა. სამხრეთ გორაკის აყვავებულ ფერდობზე ალჰამბრას კედლები და ჟენერალიფის ბაღები ჩანდა. ჩრდილოეთის ბორცვი მოერთო ალბაიზინს, მოცინარ ხილნარს და გამოქვაბულებს, სადაც უამრავი ხალხი ბინადრობდა. ამწვანებულ მუხებსა და კვიპაროზთა შორის, ველის დასავლეთ ნაპირზე ჯგუფად აღმართული გრენადის სამრეკლოები მოჩანდა. მეორე განაპირზე, აღმოსავლეთით, კლდეთა მწვერვალებზე თვალს ხვდებოდა მონასტრები, განდევნილთა სენაკები, ხოლო კიდევ უფრო შორს სიერა-ნევადის მწვერვალები. ველის შუა გულზე მომდინარეობდა, რომლის დაყოლებით ტრიალებდა ახალი წისქვილები, ისმოდა ჩანჩქერთა ხმაური. თვალი სწვდებოდა აგრეთვე რომაული წყალსადენების დანგრეულ თაღებსა და მავრების დროინდელ ხიდის ნაშთებს.
   რათა მარტოობის სიამით დატკბობა შესძლებოდა, ამისათვის აბენ ჰამეტი არც საკმაოდ უბედური იყო, არც საკმაოდ ბედნიერი. ამ წარმტაც მიდამოებში უხალისოდ, უგულისყურად დაეხეტებოდა. ალალბედს მინდობილი მიდიოდა. ერთ ხეივანში მოხვდა, ალბაიზინის გორაკის ფერდობებს რომ უვლიდა ფორთოხლის წალკოტში თვალი მოჰკრა სააგარაკო სახლს. წალკოტის ახლოს გიტარის ჟღერა და სიმღერა მოესმა. ქალის ხმასა, იერსა და გამოხედვაში არის რაღაც ურთიერთობა, რომელსაც არასდროს შეცდომაში არ შეჰყავს სიყვარულით შეპყრობილი ადამიანი. „ეს ჩემი ჰურია“, - ამბობს აბენ ჰამეტი. გულის ფანცქალით უსმენს აბენსერაჟების სახელის მრავალჯერ გამეორებას. გული კიდევ უფრო აჩქარებით უწყებს ცემას. უცნობი კასტილურ რომანსს მღეროდა, რომელიც აბენსერაჟების და ზეგრების ამბავს გადმოცემდა. აბენ ჰამეტი თავის მღელვარებას ვეღარ სძლევს, მირსინის ღობეს გადაევლება და შეშინებულ ასულთა კრებულის შუა გულში დაეცემა. ქალები წივილ-კივილით გარბიან, მომღერალ ესპანელ ასულს გიტარა ჯერ კიდევ ხელში უჭირავს. შეჰკივლებს: „ეს სენიორი მავრია“, - და თავის ტოლებს ეძახის. აბენსერაჟი მიმართავს: „ღვთაებათა მიერ გამორჩეულო, სამხრეთის სიცხეში წყაროს მაძებარ არაბივით ვეძებდი შენს კვალს. შენი გიტარის ჟღერა გავიგონე. ჩემი ქვეყნის გმირებს ადიდებდი. მშვენიერ ხმაზე გიცანი, და აბენ ჰამეტის გული მომაქვს შენს ფერხთა წინაშე.
- აბენსერაჟების რომანსს რომ ვმღეროდი, მეც თქვენზე ვფიქრობდი, - უპასუხებს დონა ბლანკა. - თქვენი ნახვის შემდეგ წარმოვიდგინე, რომ ის რაინდი მავრები სწორედ თქვენი მსგავსნი იქნებოდნენ.
ამ სიტყვების წარმოთქმამ ბლანკას შუბლს მსუბუქი სიწითლე მოჰფინა. აბენ ჰამეტი უკვე მოემზადა ახალგაზრდა ქრისტიანი ასულის მუხლთან დაცემულიყო და მისთვის გაენდო, რომ თვითონ იყო უკანასკნელი აბენსერაჟი, მაგრამ შეაჩერა სიფრთხილემ, რომელიც ოდნავღა შერჩენოდა. შეეშინდა, გრენდაში ფრიად სახელგანთქმულ თავის გვარს არ შეეშფოთებინა ქვეყნის მმართველი. მავრებთან ომი დიდი ხანი არ არის რაც დასრულდა. ასეთ დროს აბენსერაჟის აქ ყოფნას შეეძლო საფუძვლიანი შიში გამოეწვია ესპანელთა შორის. აბენ ჰამეტი საფრთხეს კი არ გაურბოდა, მაგრამ მას სტანჯავდა აზრი, ვაითუ იძულებული გავხდე. სამუდამოდ გავშორდე დონ როდრიგოს ასულსო.
   დონა ბლანკა იმ ოჯახის შთამომავალი იყო, რომელსაც სიდ დე ბივარმა და გრაფ გომეც დე გორმაზის ასულსა შიმენმა ჩაუყარეს საძირკველი. მშვენიერი ვალენსიის დამპყრობელის შთამომავლობა კასტილიის სასახლის უმადურობით უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ეს გვარი სრულიად გადაშენდაო, იმდენად დაქვეითდა იგი. მაგრამ გრენადის დაპყრობის დროს დე ბივარის ოჯახის უკანასკნელმა წარმომადგენელმა, ბლანკას პაპამ, კვლავ გაითქვა სახელი, უფრო თავისი ბრწყინვალე გმირობით, ვიდრე გვარიშვილობით. ურწმუნოთა განდევნის შემდეგ სიდის შთამომავალს ფერდინანდმა მავრთა მრავალი ოჯახის დოვლათი უბოძა და დე დაში დაბინავდა, სადაც ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. დარჩა ერთადერთი უკვე დაოჯახებული ვაჟი დონ როდრიგო, ბლანკას მამა.
დონ როდრიგოს მეუღლეს დონა ტერეზა დე ხერესს, ვაჟი შეეძინა, რომელსაც დაბადებისთანავე, როგორც ყველა მის წინაპარს. დონ როდრიგოს სახელი დაარქვეს, მაგრამ მამისგან გამოსარჩევად უწოდეს აგრეთვე დონ კარლოსიც.
დონ კარლოსი ჯერ კიდევ ნორჩი იყო, როცა მის თვალწინ დიდი ამბები დატრიალდა. ბავშვობის ასაკს არც კი გასცილდებოდა, რომ მრავალი ხიფათი გადაიტანა. ამის გამო ისედაც ბუნებით პირქუში ხასიათის, კიდევ უფრო დინჯი და მკაცრი გახდა. დონ კარლოსი თოთხმეტი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა კორტეცს მექსიკაში გაჰყვა. იქ მრავალი ფათერაკი შეემთხვევა და ამ საოცარი ავანტიურის ყველა საშინელება განიცადა. დაესწრო მანამდე ჯერ კიდევ უცნობი ქვეყნის უკანასკნელი მეფის დამხობას. ამ კატასტროფიდან სამი წლის შემდეგ დონ კარლოსი ევროპაში მოხვდა პავიის ბრძოლაში, თითქოს იმისთვის, რომ ენახა უბედობის მიერ ქედმოხრილი დიდება და გმირობა. ახალი ქვეყნებისა და რევოლუციების ნახვამ, უვალ ზღვებზე ხანგრძლივმა მოგზაურობამ, ბედის უკუღმართობამ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინეს დონ კარლოსის მელანქოლიურ და რელიგიურ ფანტაზიაზე. შევიდა კალატარავის რაინდულ ორდენში. მამის მუდარის მიუხედავად ცოლის შერთვაზე ხელი აიღო და მთელი თავისი ავლადიდება დას დაულოცა.
ბლანკა დე ბივარ, დონ კარლოსის ერთადერთი და იყო, ძმაზე დიდად უმცროსი და მამის სათაყვანებელი არსება როცა აბენ ჰამეტი გრენდაში გამოჩნდა, ბლანკა მეთვრამეტე წელში გადადიოდა, და დედა ცოცხალი აღარა ჰყავდა. ყოველმხრივ მომხიბვლელი იყო ეს წარმტაცი ქალი: საუცხოო ხმა ჰქონდა, ნიავზე უმსუბუქესად ცეკვავდა. უყვარდა გართობა: ხან ეტლით დაქროდა, როგორც არმიდა, ხან უსწრაფესი ანდალუზიური მერანით დანავარდობდა იმ ტურფა ფერიებივით, ტრისტანსა და გალაორს ტყეში რომ ევლინებოდნენ. ათინა მას ასპაზიად მიიღებდა, პარიზი კი დიანა დე პუატიედ, რომელიც სასახლის კარზე ის-ის იყო ბრწყინვას იწყებდა. ფრანგი ქალის ეშხთან ერთად ბლანკას ესპანელი ქალის ვნებიანობაც ჰქონდა, მაგრამ ბუნებრივი კეკლუცობა ვერას აკლებდა მის კეთილშობილი გრძნობის ძალა-სიმტკიცეს.
აბენ ჰამეტის ხეივანში გადმოხტომით გამოწვეულ კივილზე დონ როდრიგომ მოირბინა.
- მამაჩემო, - თქვა ბლანკამ, - აი ეს სენიორი მავრი, რომლის შესახებაც მე გიამბეთ, მან ჩემი სიმღერა გაიგონა და მიცნო. ბაღში შემოვიდა, რათა მადლობა ეთქვა, რომ გზა ვაჩვენე.
ჰერცოგმა დე სანტა ფემ აბენსერაჟი ესპანელთა დინჯი და იმავე დროს გულუბრყვილო ზრდილობით მიიღო. ამ ერთში ვერ შენიშნავთ ვერც მონურ ქცევას და ვერც ისეთ სიტყვა-პასუხს, რომელიც ქვენა ფიქრებსა და სულმდაბლობას სჩვევია. დიდი სენიორისა და უბრალო გლეხის საუბარი და სალამი ერთნაირია. ზნეობითა და ზნე-ჩვეულებებითაც ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. უცხოელთადმი ამ ხალხის ნდობა და გულკეთილობა იმდენად უსაზღვროა, რამდენადაც საშინელია შურისძიება, თუ მას უმუხთლეს. გმირული გამბედაობით იტანს ყოველ განსაცდელს. შავი ბედის წინ ქედს არ მოიხრის: ან ბედი უნდა დაიმორჩილოს, ან ემსხვერპლოს. გონებამახვილობით არ არის ცნობილი, მაგრამ აღგზნებული ვნება სწევს აზრთა სიუხვისა და გამჭრიახობის მაგივრობას. ესპანელი მთელი დღეობით ხმას არ ამოიღებს, არაფერი უნახავს, არც თავს იტკიებს, რომ რაიმე ნახოს და შეისწავლოს. არაფერი წაუკითხავს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დროს იპოვის ძალ-ღონეს, რათა განსაცდელს თავი დააღწიოს.
   დონ როდრიგოს დაბადების დღე იყო, და ბლანკამ თავის მამას ამ წარმტაც განმარტოებაში ტერტულია ანუ პატარა ლხინი გაუმართა. ჰერცოგმა დე სანტა ფემ აბენ ჰამეტი მოიპატიჟა, დამჯდარიყო ახალგაზრდა ქალთა შორის, რომელნიც უცხოელის კაბისა და ჩალმის დათვალიერებით გაერთნენ. მოიტანეს ხავერდის ბალიშები, რომლებზედაც აბენსერაჟმა მავრულ ყაიდაზე მოისვენა. მისი ქვეყნის ამბავი და თავგადასავალი გამოჰკითხეს. ის მოსწრებულად და მხიარულად უპასუხებდა. ზედმიწევნით წმინდა კასტილურს ლაპარაკობდა. მას კაცი ესპანელად მიიღებდა, თუ თითქმის სულ მუდამ თქვენობის მაგივრად შენობით არ ელაპარაკა. მის ბაგეთგან სიტყვა ტკბილად მოისმოდა, რომ ბლანკას უნებურად სწყდებოდა გული, როცა სტუმარი რომელიმე მის მეგობართან საუბრობდა.
   მსახურებს მოჰქონდათ შოკოლადი, ნამცხვრები, ხილი და მალაგური პატარა ტკბილი კოკორი, თოვლივით თეთრი, ფუნთუშა და ღრუბელივით მსუბუქი. ტკბილეულის შემდეგ ბლანკას სთხოვეს, ეჩვენებინა ერთ-ერთი თავისებური ცეკვა, რომელსაც დახელოვნებულ ბოშის ქალზე უკეთ ასრულებდა. ქალი იძულებული შეიქნა მეგობართა ხვეწნას დამორჩილებოდა. აბენ ჰამეტი სდუმდა. მაგრამ მისი მომუდარე თვალები ტუჩებზე უფრო მჭერმეტყველად ლაპარაკობდა. ბლანკამ ამოირჩია ზამბარა. მეტყველი ცეკვა, რომელიც ესპანელებმა მავრებისაგან გადმოიღეს.
   ერთმა ახალგაზრდა ქალმა გიტარაზე როკვის ჰანგი ააჟღერა. დონ როდრიგოს ასული მოიხდის პირბადეს, თეთრ ხელებზე აბანოზის ჯიმჯიმებს დაიმაგრებს, შავი თმა ალამასტრის კისერზე ზილფებად ეფინება. მისი ტუჩები და თვალები შეთანხმებულად იღიმიან. გულის მღელვარებით სახე უელვარებს. უეცრად ამღერებულ აბანოზს აახმაურებს, სამჯერ ჰანგს დაამუხლებს, ზამბარას სიმღერას დაამღერებს, თავის ხმას გიტარის ჟღერას ჩააქსოვს და ელვასავით მოწყდება ადგილს.
   რა მრავალფერადობაა მის ფერხთა რონინში! რა საოცრად მოხდენილია მისი მიმოხვრა! ხან ხელებს მკვირცხლად აიქნევს, ხან დაუშვებს მოდუნებულად. დროგამოშვებით წინ მიისწრაფვის სიამოვნებით დამთვრალი, შემდეგ უკან დაიხევს, ვით სევდისგან ძალაწართმეული. თავს მიაბრუნებს, თითქოს ვიღაც უხილავს უხმობდეს. კდემამოსილი საქმროს კოცნას მიუშვერს ლოყას - მწიფე ბროწეულს, დარცხვენით გარბის. აღტაცებული, ნუგეშცემული ისევ ბრუნდება... მოდის კეთილშობილი, დინჯი ნაბიჯით, თითქოს მეომარი იყოს. შემდეგ კვლავ ნავარდობს ველად. ფეხთა რონინი, სიმღერა, გიტარის ჟღერა სმენის დამთბობი სრულყოფა იყო. ბლანკას ოდნავ მიბნედილი ხმა დამათრობელ ბგერად იშლება, სულის ფსკერს სწვდება და იქ ვნების ტალღებს ამოძრავებს. ოხვრითა და მკვირცხლი მოძახილით, წყვეტილი ჰანგებით, სევდიანი გადამღერებით შემდგარი ესპანური მუსიკა წარმოადგენს მხიარულებისა და მწუხარების უცნაურ აღრევას. ამ მუსიკამ და ცეკვამ გარდაუვლად გადაწყვიტეს უკანასკნელი აბენსერაჟის ბედი. იბან ჰამეტზე უფრო ნაკლებად დაავადებული გულის პატრონსაც კი დაურღვევდა იგი მყუდროებას...
   მავრი საღამოს დუერის ველით გრენდაში დაბრუნდა. აბენ ჰამეტის კეთილშობილი და თავაზიანი ქცევით მოხიბლული დონ როდრიგო გამოთხოვებისას აბენსერაჟს მანამდე არ მოეშვა, სანამ პირობა არ ჩამოართვა, რომ მათთან ხშირად ივლიდა და ბლანკას გაართობდა საოცარი აღმოსავლეთის მოთხრობათა მოყოლით. ჰერცოგ დე სანტა ფეს გულწრფელ სურვილს მავრი დაემორჩილა და მეორე დღეს კვლავ გამოცხადდა სასახლეში, სადაც ის ქალი სუნთქავდა, რომელიც დღის სინათლეზე უფრო მეტად უყვარდა.
   ბლანკაც მალე აღმოჩნდა ძლიერი ვნებით შეპყრობილი, თუმცა მას ეგონა არასოდეს დავემორჩილები ამ ვნებასო. ურჯულოს, უცნობის, ვიღაც მავრის სიყვარული იმდენად წარმოუდგენელი იყო მისთვის, რომ არავითარი სიფრთხილე არ გამოიჩინა ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც მის სხეულში იჭრებოდა. იგრძნო თუ არა მისი შემოტევა, ბედისწერას შეურიგდა, როგორც ჭეშმარიტ ესპანელ ქალს შეეფერება. მოსალოდნელი განსაცდელისა და მწუხარების წარმოდგენამაც კი ვერ აიძულა უფსკრულის ნაპირიდან უკან დაეხია. არც გულთან ჰქონია დიდხანს თათბირი. თავის თავს უთხრა: „ოღონდ აბენ ჰამეტი ქრისტიანი გახდეს, ოღონდ ვუყვარდე და მას ქვეყნის კიდემდე წავყვები“.
   თავის მხრივ აბენსერაჟიც გრძნობდა დაუძლეველი ვნების სიძლიერეს: მხოლოდ ბლანკასთვის ცოცხლობდა, უკვე თავის თავს აღარ იწუხებდა იმ გეგმით, რომელმაც გრენდაში ჩამოიყვანა. ადვილად შეეძლო იმის გაგება, რისთვისაც მოილტვოდა აქეთ, მაგრამ სიყვარულის გარდა მის თვალწინ ყველაფერი წაიშალა. მზის ამოსვლისაც კი ეშინოდა, რადგან ამას შეეძლო მის ცხოვრებაში რაიმე ცვლილება შეეტანა. არაფერს ითხოვდა, არც რისიმე გაგება სურდა, თავის თავს ეუბნებოდა: „ოღონდ ბლანკა მუსლიმანი გახდეს, ოღონდ ვუყვარდე და მას სიკვდილამდე ვემსახურები“.
ასეთი გადაწყვეტილებით შეჩერებულნი - აბენ ჰამეტი და ბლანკა მხოლოდ შემთხვევას უცდიდნენ, რათა ერთმანეთისათვის თავიანთი გრძნობა გაენდოთ. წელიწადის უმშვენიერესი დრო იდგა მაშინ.
- თქვენ ჯერ ალაჰამბრა სრულიად არ გინახავთ, - უთხრა ჰერცოგ დე სანტა ფეს ასულმა აბენსერაჟს, - თუ დავუჯერებთ რამდენიმე სიტყვას, უნებლიეთ რომ წამოგცდათ, თქვენი გვარი გრენადის მკვიდრი მცხოვრები უნდა ყოფილიყო. იქნებ გესიამოვნოთ თქვენი ძველი მეფეების სასახლის ნახვა? ამ საღამოს მსურს თვითონ მე ვიყო თქვენი მეგზური.
აბენ ჰამეტმა წინასწარმეტყველი დაიფიცა, რომ ამაზე უფრო სასიამოვნო სეირნობას ვერც კი წარმოიდგენდა.
   ალაჰამბარში წასასვლელად დანიშნულ დღეს დონ როდრიგოს ასული შეჯდა თეთრ იორღა ცხენზე, რომელიც კლდეებზე შველივით მარდად დადიოდა. ბრწყინვალე ესპანელ ასულს აბენ ჰამეტი მიჰყვებოდა თურქულ ყაიდაზე შეკაზმული ანდალუზიური ცხენით. ჭენების დროს ახალგაზრდა მავრს წითელი კაბა ზურგს უკან ებერებოდა, მისი მოკაუჭებული ხმალი მაღალ უნაგირზე ჟღერდა და ქარი არხევდა მის ჩალმაზე აღმართულ ჯიღას. მისი მშვენიერებით მოხიბლული, გზად შეხვედრილი ხალხი ამბობდა: „ეს ურჯულო პრინცია, რომელსაც დონა ბლანკა ჩქარა მოაქრისტიანებს“.
მგზავრები პირველად ჩაჰყვნენ გრძელ ქუჩას, რომელიც ჯერ კიდევ ერთი ბრწყინვალე მავრის ოჯახის სახელს ატარებდა. ეს ქუჩა ალჰამბრას გარე გალავანს ებჯინებოდა. შემდეგ მთელი ტყე გადასჭრეს, ერთ შადრევანს მიადგნენ და მალე ბოაბდილის სასახლის შიდა გალავნის წინ მოექცნენ. კოშკებით დაცულ, სათოფურებიან სქელ კედლებში იღებოდა კარი, განკითხვის კარად წოდებული. ეს პირველი კარი განვლეს და გასწიეს ვიწრო გზით. რომელიც მაღალ კედლებსა და ნანგრევთა შორის მიიკლაკნებოდა. ამ გზამ ისინი მიიყვანა ალჟიბის მოედანთან, რომლის მახლობლად კარლოს მეხუთეს ბრძანებით სასახლეს აშენებდნენ. აქედან ჩრდილოეთით შეუხვიეს და ერთ უდაბურ ეზოში ჟამთა სიავით შელახულ და უჩუქურთმო კედელთან შეჩერდნენ. აბენ ჰამეტი მიწაზე მსუბუქად დაეშვა და ბლანკას ცხენიდან გადმოსახტომად ხელი მიაშველა. სტუმრებმა ერთ მიტოვებულ კარს დაუკაკუნეს, რომლის ზღურბლს ბალახი ფარავდა. კარი გაიღო და უეცრად თვალწინ გადაეშალათ ალჰამბრის საიდუმლო დარბაზები.
სიყვარულის ჯადო-ბადეში ჩაქსოვილმა სამშობლოს დარდმა და მომხიბვლელობამ შებოჭეს გული უკანასკნელი აბენსერაჟისა. გაოცებული უხმოდ, უძრავად შესცქეროდა გენიათა ამ საცხოვრებელს. მას ეგონა, რომ არაბულ ზღაპრებში აღწერილი ერთ-ერთი სასახლის კარის წინაშე იდგა. საითაც მიიხედავდა, მსუბუქ აივნებს ხვდებოდა, მჩქეფარე შადრევანს, აყვავებული ლიმონისა და ფორთოხლის ხეებით ჩამწკრივებულ თეთრი მარმარილოს არხებს, მყუდრო ეზოებს. დერეფანთა გრძელ თაღებს იქით ხედავდა სხვა ლაბირინთებს და აღტაცებით თვრებოდა. გადაჯაჭვულ გუთურ თაღებქვეშ შეყენებულ სვეტებს შორის უმშვენიერესი ცის ლაჟვარდი იცქირებოდა. არაბული ხლართებით მორთული კედლები ჰგავდა აღმოსავლური ქსოვილების ქარგას, რომელსაც ჰარამხანის მოწყენილობის გასაქარვებლად მონა ქალი ქსოვს, როგორც მოესურვება. ამ გრძნეულ შენობაში რაღაც ვნებიანი, ღვთაებრივი და მხედრული სუფევდა. ეს იყო სიყვარულის სავანე, საიდუმლო თავშესაფარი. სადაც მავრთა მეფენი სტკბებოდნენ ყოველგვარი სიამითა და ცხოვრების ყოველგვარ მოვალეობას ივიწყებდნენ.
   ხანმოკლე გაოცებისა და დუმილის შემდეგ ორივე მიჯნური ჩამქრალი ძლიერებისა და წარსული ნეტარების სამფლობელოში შევიდა. ჯერ მეზუკარის დარბაზი დაიარეს, ყვავილთა სურნელებითა და წყალთა სიგრილით აღვსილი, შემდეგ ლომების ეზოში შევიდნენ. აბენ ჰამეტის აღელვება ფეხის ყოველ გადადგმაზე მატულობდა. ბოლოს ვაჟმა ბლანკას მიმართა: - ჩემს სულს ნეტარებით ავსებ, თორემ რა დიდი სევდა შემიპყრობდა იმის გამო, რომ იძულებული ვარ ამ ბინათა ამბავი შენ, ესპანელ ქალს, გამოგკითხო, ეჰ, ეს ადგილები შექმნილია ბედნიერების თავშესაფრად, მე კი....
აბენ ჰამეტმა შენიშნა მოზაიკაში ჩაჭედილი ბოაბდილის სახელი.
- ოჰ, ჩემო ხელმწიფევ, - წამოიძახა, - რა ბედი გეწვია! სად გიპოვე შენს უბედურ ალჰამბრაში?!- ერთგულების გამომხატველი, გულწრფელი, პატიოსანი ცრემლები ფარავდა ახალგაზრდა მავრის თვალებს.
- თქვენი ძველი ბატონები, - თქვა ბლანკამ, - ანდა უფრო სწორედ რომ ვთქვათ, თქვენი მამების მეფენი უმადურნი იყვნენ.
- რა ვუყოთ, - მიუგო აბენსერაჟმა, - ისინი უბედურნი იყვნენ.
როცა ამ სიტყვებს ამბობდა, ბლანკამ ის სხვა დარბაზში შეიყვანა, რომელიც სიყვარულის ტაძრის საკურთხეველი გეგონებოდათ. ამ დარბაზის მოხდენილობას ვერაფერი შეედრებოდა. მთელი თაღი, არაბესკებით დაფარული, ოქროთი და ლაჟვარდით იყო ნახატი, საიდანაც, როგორც ყვავილთა ქსოვილიდან, დაბლა ეშვებოდა სინათლე. შენობის შუაგულში შადრევანი სცემდა და, ნამად უკუქცეული, ალაბასტრის ნიჟარას ეფრქვეოდა.
- აბენ ჰამეტ, - მიმართა თავად დე სანტა ფეს ასულმა, - კარგად დაათვალიერე ეს შადრევანი, რომელმაც აბენსერაჟების დამახინჯებული თავები მიიღო. მარმარილოზე კიდევ ხედავთ უბედურთა სისხლის კვალს, რომელიც ბოაბდილმა თავის ეჭვებს შესწირა. თქვენს ქვეყანაში ასე ეპყრობიან გულუბრყვილო მანდილოსანთა შემცდენელ მამაკაცებს.
აბენ ჰამეტი ბლანკას აღარ უსმენდა. მიწაზე განერთხო და თავის წინაპართა სისხლის კვალს პატივისცემითა ეამბორა. მერე წამოდგა და გაშმაგებით წამოიძახა: - ბლანკა, ამ რაინდთა სისხლსა ვფიცავ, რომ მეყვარები აბენსერაჟის გამტანობით, სიფიცხით და ერთგულებით.
- თქვენ გიყვარვართ? - ჰკითხა ბლანკამ. თავისი ლამაზი ხელები გადახლართა და ცას შეხედა. - მაგრამ ფიქრობთ თუ არა, რომ ურჯულო ხართ, მავრი, მტერი, მე კი ქრისტიანი და ესპანელი ქალი ვარ.
- ოჰ, წმინდა წინასწარმეტყველო, - თქვა აბენ ჰამეტმა, - ჩემი ფიცის მოწმე იყავ... - ბლანკამ შეაწყვეტინა: - თქვენ გნებავთ, რომ ჩემი ღვთის მდევნელის ფიცს ვერწმუნო? თქვენ გგონიათ, მეც მიყვარხართ? ამაში ვინ დაგარწმუნათ, ასეთი სიტყვებით რომ მელაპარაკებით?
შეშფოთებულმა აბენ ჰამეტმა უპასუხა: - მართალია, მე მხოლოდ შენი მონა ვარ. შენს რაინდად არ ამოგირჩევივარ.
- მავრო, - თქვა ბლანკამ, - ნუ თვალთმაქცობ: შენ ჩემს თვალებში ამოიკითხე, რომ მიყვარხარ. ჩემი სიგიჟე შენი გულისთვის საზღვარს სცილდება. გახდი ქრისტიანი და ვეღარავინ შემიშლის ხელს, შენ გეკუთვნოდე. მაგრამ თუ დე სანტა ფეს ასული ბედავს შენთან ასე გულწრფელად ლაპარაკს, ამით შეგიძლია დარწმუნდე, რომ ის შურისძიებასაც შეძლებს და ვერასოდეს ქრისტიანთა მტერი მასზე უფლებას ვერ მოიპოვებს.
ვნებით შეპყრობილმა აბენ ჰამეტმა ბლანკას ხელები დაუჭირა. თავის ჩალამზე დაასვენა, შემდეგ გულზე მიიკრა.
- ალაჰი ძლიერია, - წამოიძახა, - ხოლო აბენ ჰამეტი ბედნიერია. ოჰ, მაჰმადო, ამ ქრისტიანმა ასულმა აღიაროს შენი რჯული და ვერარა შესძლებს...
- ნუ სცოდავ, - თქვა ბლანკამ, - გავიდეთ აქედან.
ქალი მავრის მკლავს დაეყრდნო და თორმეტი ლომის შადრევანს მიუახლოვდა, რომლის სახლი ალჰაბრას ერთ-ერთი ეზოსთვის დაურქმევიათ.
- უცხოელო, - მიმართა გულუბრყვილო ესპანელმა ასულმა, - როდესაც შენს კაბას, ჩალმას და იარაღს ვუცქერი და ჩვენს სიყვარულზე ვფიქრობ, ასე მგონია, თითქოს ამ მიტოვებულ ადგილას უბედურ ალფაიმასთან მოსეირნე ლამაზი აბენსერაჟის აჩრდილს ვხედავ. ამიხსენ ამ შადრევანის მარმარილოზე ამოკვეთილი არაბული წარწერა.
აბენ ჰამეტმა ეს სიტყვები ამოიკითხა: „მარგალიტებით შემკული თავადის ასული, რომელიც თავის ბაღში სეირნობს, ჯადოსნურ ეშხს ჰმატებს ბაღის სილამაზეს...“ დანარჩენი წარწერა წაშლილი იყო.
- ეს წარწერა სწორედ შენთვის გაუკეთებიათ, - თქვა აბენ ჰამეტმა, - საყვარელო დედოფალო, უკვე ნანგრევად ქცეული ეს სასახლეები თავის სიჭაბუკეშიც არ ყოფილან ასე მშვენიერი, როგორც დღეს არიან. ყური დაუგდე შადრევანთა შხუილს, რომლისთვისაც ხავს წყალთა დენა შეუცვლია. უცქირე იმ ბაღებს, ნახევრად ჩამონგრეული თაღებიდან რომ მოჩანს. დატკბი დღის მნათობის მზერით, ამ ტალანებს რომ ეფინება. რა ნეტარებაა შენთან ერთად ამ ადგილებში ხეტიალი. შენი სიტყვები ჰიმენეს ვარდებივით სურნელს აფრქვევს ამ თავშესაფარს. შენს მომხიბლავ საუბარში ჩემი წინაპრების ზოგიერთი ბგერა მესმის. შენი კაბის ოდნავი შრიალი ამ მარმარილოზე ჟრუანტელს მგვრის. ჰაერი ასე სურნელოვანია მხოლოდ იმიტომ, რომ ის შენს დალალს შეხებია. მშვენიერი ხარ, როგორც ჩემი სამშობლოს გენია ამ ნანგრევთა შორის. მაგრამ, შეუძლია აბენ ჰამეტს იმედი იქონიოს, რომ გულს არ შეიცვლი? ის შენთან რას წარმოადგენს? თავის მამასთან ერთად მას დაუვლია მთები. უდაბნოს მცენარეებს იცნობს. მაგრამ, ეჰ, მათ შორის ერთიც არ მოიპოვება ისეთი, რომ შენგან მიყენებული ჭრილობის განკურნება შეეძლოს. ის იარაღს ატარებს, მაგრამ რაინდი არ არის. ზოგჯერ ფიქრად მომსვლია: ზღვის წყალი, კლდის ნაპრალს რომ შეჰფარებია და სძინავს, მუნჯია და წყნარი მაშინაც კი, როცა სულ ახლოს დიდი ზღვა მძვინვარებს და ბობოქრობს. აბენ ჰამეტ, შენი ცხოვრებაც ასე წყნარი, მშვიდობიანი, მივიწყებული იქნება უცნობი ქვეყნის რომელიმე კუთხეში იმ დროს, როდესაც სულთნის სასახლე ქარიშხალმა დაამხო. ახალგაზრდა ქრისტიანო ქალო, ჩემს თავს ასე ვესაუბრებოდი, მაგრამ შენ დამიმტკიცე, რომ ქარიშხალს წყლის წვეთის აღელვება კლდის ნაპრალშიაც შესძლებია. ბლანკა აღფრთოვანებით უსმენდა მისთვის უცხო საუბარს, რომლის აღმოსავლური იერი ასე კარგად ეგუებოდა ფერიათა ამ სამფლობელოს, თავის სატრფოსთან ერთად რომ ათვალიერებდა. ყოველი მხრიდან იჭრებოდა მის გულში სიყვარული. ქალმა იგრძნო, მუხლები ეკვეთებოდა და იძულებული შეიქმნა თავის შესამაგრებლად უფრო ძლიერ დაყრდნობოდა თანამგზავრის მკლავს. აბენ ჰამეტს ხელთ ეპყრა სასიამოვნო არსება და იმეორებდა: - ეჰ, რად არა ვარ ბრწყინვალე აბენსერაჟი!
- ჩემთვის მაშინ ნაკლებად მოსაწონი იქნებოდი, - უთხრა ბლანკამ, - რადგან ეს მე უფრო დამტანჯავდა. სახელმოხვეჭილი იყავ და ჩემთვის იცოცხლე. სახელოვანი რაინდი ხშირად დიდების გულისთვის სიყვარულს ივიწყებს.
- შენთვის არ იქნებოდა საშიში ეს საფრთხე, - ფიცხლად მიუგო აბენ ჰამეტმა.
- აბენსერაჟი რომ ყოფილიყავ, მაშინ როგორ გეყვარებოდი? - ჰკითხა შიმენის შთამომავალმა. - მეყვარებოდი სახელის მოხვეჭაზე უფრო მეტად, მაგრამ ადამიანურ ღირსებას კი ვერ დავთმობდი, - მიუგო მავრმა.
შეყვარებულთა სეირნობის დროს მზე ჰორიზონტს მიეფარა. ალჰამბრა სულ მთლიანად დაიარეს... რა მოგონებებმა არ შეიპყრო აბენსერაჟის ფიქრი ამ სასახლეში. დედოფალი სარკმლიდან იღებდა სურნელებას, რომელსაც ქვედა სართულში აბოლებდნენ. აქ, დედოფალი ირთვებოდა აღმოსავლური მოკაზმულობით. და ყოველივე ამას კი ბლანკა თავისი გულის კერპად აღიარებულ ახალგაზრდა მშვენიერ ვაჟს უამბობდა.
ამომავალმა მთვარემ მკრთალი შუქი მოჰფინა ალჰამბრას მიტოვებულ საკურთხეველსა და კარიბჭეს. ბაღის ხალიჩისებურ მოლზე და დარბაზების კედლებზე მთვარის თეთრი სხივები ანათებდა ჰაეროვანი არქიტექტურის ჩუქურთმას. დარბაზთა თაღებს, მჩქეფარე წყალთა მოძრავ ჩრდილსა და ნიავისაგან დარხეულ ბუჩქნარს. დანგრეული მეჩეთის გუმბათებს შორის თავმოყრილ კვიპაროსზე ბულბული მღეროდა და მის ჩივილს გამოძახილი იმეორებდა. აბენ ჰამეტმა მთვარის შუქზე „ორი დის დარბაზის“ მარმარილოს ბლანკას სახელი დააწერა. იგი არაბული ასოებით ამოჰკვეთა, რათა ამ საიდუმლოებათა სასახლეში მოგზაურისთვის ერთი ზედმეტი საიდუმლოება კიდევ შეექმნა გამოსაცნობად. - მავრო, ულმობელია ეს თამაში, დავტოვოთ ეს ადგილები, - თქვა ბლანკამ. - ჩემი ცხოვრების ბედი სამუდამოდ გადაწყვეტილია. ეს სიტყვები კარგად დაიხსომე: თუ მუსულმანი დარჩი, შენი უიმედო სატრფო ვიქნები. თუ ქრისტიანობას მიიღებ შენი ბედნიერი ცოლი გავხდები. აბენ ჰამეტმა მიუგო: - თუ ქრისტიანი დარჩი, შენი მონა ვიქნები გულგატეხილი, თუ მუსულმანი გახდი, შენი ქმარი ვიქნები სახელოვანი.
და ეს კეთილშობილი შეყვარებულნი გამოვიდნენ ამ სახიფათო სასახლიდან.
ბლანკას ვნება დღე-დღეზე იზრდებოდა, აბენ ჰამეტის ვნებამაც ასეთივე გაშმაგებით იმატა. ვაჟი იმით იყო აღფრთოვანებული, რომ ის უყვარდათ თავისთავად, როგორიც იყო, და ამ გრძნობაში არავითარი ანგარება არ ერია. თავისი წარმოშობის საიდუმლოება ჰერცოგ დე სანტა ფეს ასულისთვის არ გაუმჟღავნებია, წინასწარ სტკბებოდა აზრით, რომ ბლანკას იმ დღეს გაანდობდა თავის ბრწყინვალე გვარიშვილობას, როდესაც ცოლად გაყოლაზე დაითანხმებდა. მაგრამ უეცრად ტუნისში გაიწვიეს: უკურნებელი სენით დაავადებულ დედას სურდა სიცოცხლის განშორების წინ თავის შვილს ჩაჰკონებოდა და დაელოცა. აბენ ჰამეტი ბლანკას სასახლეში ეახლა.
- დედოფალო, დედაჩემი სიკვდილის პირზეა. თვალების დასახუჭავად მეძახის, შემინახავ სიყვარულს?
- მტოვებ? - უპასუხა ბლანკამ და გაფითრდა, - კიდევ გიხილავ ოდესმე?
- წამო, მინდა ისეთი ფიცი ჩამოვართვათ ერთმანეთს, რომლის დარღვევას მხოლოდ სიკვდილი შესძლებს, მომყევი...
გამოდიან. მივლენ ერთ სასაფლაოსთან, რომელიც ოდესღაც მავრებს ეკუთვნოდა. აქა-იქ კიდევ მოჩანდა პატარა სამგლოვიარო სვეტები, რომლებზედაც ოდესღაც მოქანდაკეს ჩალმა ამოეჭრა. მაგრამ შემდეგ ქრისტიანებს ჩალმა ჯვრით შეეცვალათ. აბენ ჰამეტმა ბლანკა ამ სვეტებთან მიიყვანა. - ბლანკა, - წარმოთქვა მან. - ჩემი წინაპრები განისვენებენ აქ. იმათ ნეშტს ვფიცავ, მანამდე მეყვარები, ვიდრე განკითხვის ანგელოზი ალაჰის სამსჯავროს წინაშე არ დამიძახებს. აღთქმას გაძლევ, რომ არასოდეს დავუმონებ ჩემ გულს სხვა ქალს. მაშინვე ცოლად შეგირთავ, რა წამსაც წინასწარმეტყველის წმინდა ნათელს აღიარებ. ყოველწლიურად ამ დროს გრენდაში დავბრუნდები იმის გასაგებად, დაიცავი თუ არა სიტყვა და გადაწყვიტე თუ არა უარჰყო შენი ყალბი სარწმუნოება.
- მეც, - მიუგო ცრემლმორეულმა ბლანკამ, - მეც გელოდები უკანასკნელ ამოკვნესამდე, დავიცავ ჩემს ფიცს და ვით ქმარს მიგიღებ, როდესაც ქრისტიანთა ღმერთი, რომელიც შენს სატრფოზე უფრო ძლიერია, შენს ურწმუნო გულს შეეხება.
   აბენ ჰამეტი გაემგზავრა. ქარმა აფრიკის ნაპირებამდე მიიყვანა. დედა ახლად გარდაცვლილი დახვდა. დაიტირა, მის კუბოს დაემხო. გადის თვეები: ხან კართაგენის ნანგრევთა შორის დაეხეტება, ხან წმინდა ლუის საფლავზე ზის. გადმოხვეწილი აბენსერაჟი იმ დღეს მოუხმობს, რომელმაც ხელახლა გრენდაში უნდა მიიყვანოს. დაბოლოს, ეს დღეც თენდება. აბენ ჰამეტი გემზე ადის და მალაგისკენ გაემგზავრება. რა აღტაცებით და შიშნარევი სიხარულით შენიშნა ესპანეთის პირველი კონცხები. ამ ნაპირებზე უცდის თუ არა ქალს საწყალი არაბი, რომელიც უდაბნოს პალმის ქვეშაც კი განაგრძობდა თავისი სატრფოს თაყვანისცემას?
   თავად დე სანტა ფეს ასულს ფიცის გატეხა აზრადაც არ მოსვლია. მამას სთხოვა მალაგაში გაჰყოლოდა. იმ მთების თხემიდან, რომლებიც ზღვის უდაბურ ნაპირას იყო ამართული, ბლანკა თვალს არ აცილებდა შორეულ გემებსა და იალქნების სრბოლას. ქარიშხლის დროს აბობოქრებულ ზღვას შეშინებული შესცქეროდა. მაშინ სურდა ღრუბლებს ჩაჰკვროდა, ხიფათს მისცემოდა, იმავე ტალღებსა და ორომტრიალში მოჰყოლოდა, რომელიც აბენ ჰამეტს ემუქრებოდა. როდესაც აფრიკის ნაპირებისკენ მფრინავ მკვნესარე თოლიას დაინახავდა, რომელიც მოხრილი დიდი ფრთებით ტალღებს სერავდა, ბლანკა ფრთოსანს აბარებდა ყველა იმ სატრფიალო სიტყვას და გიჟურ აღთქმას, რაც კი მხოლოდ ვნებით დაფლეთილ გულს აღმოხდებოდა.
ერთ დღეს, როცა ნაპირზე დაეხეტებოდა, გრძელი ხომალდი შენიშნა, რომლის აწეული ქიმი, გადახრილი ანძა და ლათინური იალქანი მავრების დახვეწილ ნიჭს ამჟღავნებდა. ბლანკა ნავსადგურს მიაშურებს და მალე დაინახავს, რომ ბარბათის გემი მოდის სწრაფი სრბოლით და ტალღებს აქაფებს. გემის ქიმზე დგას ჩინებულ ტანისამოსში გამოწყობილი ვიღაც მავრი, მის უკან ორ შავ მონას ლაგამით არაბული ცხენი უჭირავს, მქშინავი ნესტოები და გაშლილი ფაფარი ერთსა და იმავე დროს გამოხატავენ ცხენის სიფიცხესაც და ტალღების ხმაურით გამოწვეულ შიშსაც. გემი ნაპირს მოაღწევს, იალქანს დაუშვებს, ჯებირთან მოდის. მავრი ნაპირზე გადმოდის და მის იარაღს ჩხარუნი გააქვს. მონებს გადმოჰყავთ ჯიქივით აჭრელებული რაში, რომელიც ხტის და ჭიხვინებს, როცა დედამიწაზე ხელახლად ფეხს იკიდებს. სხვა მონებს ფრთხილად ჩამოაქვთ კალათი, რომელშიც პალმის ფოთლებში ჩაწოლილი ნიამორი ისვენებდა. ცხოველის სათუთი ფეხები ქვეშ შემოეკეცათ და აეკრათ, რათა გემის ქანაობის დროს არ მოსტეხოდა. ალოეს ხის მარცვლების მძივი ყელს უმშვენებდა, მძივების ბოლოების დასამაგრებლად ოქროს ფირფიტაზე არაბულად ამოეჭრათ ერთი სახელი და თილისმა.
   ბლანკამ აბენ ჰამეტი იცნო. სახალხოდ ვერ ბედავს თავისი გრძნობის გამომჟღავნებას. შორდება და ერთ-ერთ თავის მოახლეს, დოროთეს, გზავნის აბენსერაჟს შეატყობინოს, რომ მავრთა სასახლეში მოვიდეს. ამ დროს აბენ ჰამეტი გუბერნატორს უდგენდა ძვირფას ეტრატზე ლაჟვარდი ანბანით დაწერილ და აბრეშუმის ბუდეში ჩასმულ ფირმანს. დოროთე მიუახლოვდება და ბედნიერ აბენსერაჟს ბლანკასთან მიიყვანს. აუწერელ სიხარულს მიეცნენ, რომ ერთმანეთისადმი ასეთი ერთგულება გამოიჩინეს. ხანგრძლივი განშორების შემდეგ, რა დიდი ბედნიერებაა ხელმეორედ შეხვედრა! კვლავ მრავალჯერ შეჰფიცეს ერთმანეთს სიყვარული. ორ შავ მონას მოჰყავს ნუმიდიური ცხენი, რომელსაც უნაგირის ნაცვლად ზურგზე მხოლოდ მეწამული ფერის მოსართავით დამაგრებული ლომის ტყავი ჰქონდა გადაფარებული. შემდეგ ნიამორი მოიყვანეს.
- დედოფალო, - ეუბნება აბენ ჰამეტი, - ეს ჩემი ქვეყნის შვილია, შენსავით ჰაეროვანი. ბლანკა თავისი ხელით აუშვებს წარმტაც ცხოველს, რომელიც ისეთი მშვიდი თვალებით შესცქერის მას, თითქოს მადლობას უხდისო. აბენსერაჟის აქ არყოფნის დროს ჰერცოგ დე სანტა ფეს ასულმა არაბული შეისწავლა: გულაჩვილებულმა ნიამორის მძივზე საკუთარი სახელი ამოიკითხა.ხანგრძლივი დაბორკვის შემდეგ ცხოველი ფეხზე ძლივს დგებოდა, მიწაზე ეცემოდა და თავის ახალ პატრონს მუხლებზე თავს აყრდნობდა. ბლანკა ახალმოწყვეტილ ინდის ხურმას აწვდიდა და ეალერსებოდა უდაბნოს დედალ თხას, რომლის ნაზ ტყავს შეენახა ალოეს ხისა და ტუნისის ვარდის სურნელება. აბენსერაჟი, ჰერცოგი დე სანტა ფე და მისი ასული გრენადაში ერთად გაემგზავრნენ. ბედნიერმა წყვილმა შარშანდელივით ბედნიერად გაატარა დღეები: იგივე სეირნობა, სამშობლოს ნახვით გამოწვეული, იგივე სიხარული, იგივე ტრფობა, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა და რომელსაც ორივე იზიარებდა, მაგრამ ორივე მიჯნური თავის წინაპართა სარწმუნოებასთან ისევე მტკიცედ იყო დაკავშირებული. „გახდი ქრისტიანი“, - ამბობდა ბლანკა. „გახდი მუსულმანი“, - უმეორებდა აბენ ჰამეტი; და კიდევ ერთხელ გაშორდნენ მიჯნურნი ერთმანეთს: ქედი არ მოუხარეს ვნებას. რომელიც მათ ერთმანეთისკენ ეწეოდა.
   აბენ ჰამეტი მესამე წელსაც დაბრუნდა მძლევარი ფრინველით, რომელსაც გაზაფხულზე სიყვარული იზიდავს ჩვენი ჰავისკენ. ბლანკა ახლა აღარ დახვედრია ნაპირზე, მაგრამ ძვირფასი ქალის ბარათმა ერთგულ არაბს გააგებინა, რომ ჰერცოგი დე სანტა ფე მადრიდს გამგზავრებულიყო, ხოლო დონ კარლოსი გრენდაში ჩამოსულიყო. დონ კარლოსს თან ჩამოეყვანა ტყვე ფრანგი, ბლანკას ძმის მეგობარი. ეს რომ მავრმა წაიკითხა, გული შეეკუმშა, მეტად სევდიანი წინაგრძნობით გაემგზავრა მლაგიდან გრენდაში. მთები საშინლად განმარტოებულად ეჩვენა, ხშირად იცქირებოდა უკან, რათა ახალგადმოლახული ზღვისთვის შეეხედნა.
მამის შინ არყოფნის გამო ბლანკას არ შეეძლო თავისი საყვარელი ძმის მიტოვება, რომელსაც სურდა მთელი თავისი ქონება დისთვის გადაეცა. შვიდი წლის განშორების შემდეგ ეს პირველი შეხვედრა იყო. დონ კარლოსს ესპანური გულადობა და სიამაყე ჰქონდა. საშინელი იყო, როგორც ახალი ქვეყნის დამპყრობი, სადაც მისი ხმალი პირველად გამოიცადა. მავრების წინააღმდეგ მებრძოლი რაინდებივით ღვთის მორწმუნე, თავის მკერდში ურჯულოთა მიმართ აღვივებდა სიდისგან მემკვიდრეობით გადმოსულ სიძულვილს.
   თომას დე ლოტრეკ დე ფუა ბრწყინვალე ოჯახის შთამომავალი იყო, სადაც ქალთა მშვენება და ვაჟთა გმირობა სამემკვიდრეო განძივით თაობიდან თაობაზე გადადიოდა: ის უმცროსი ძმა იყო კონტეს დე ფუასი და გულად, უბედურ ოდეტ დე ფუასი, სენიორ ლოტრეკისა. თომას თვრამეტი წლის იქნებოდა, როცა ბაიარდმა რაინდობა უბოძა იმ ბრძოლიდან უკან დახევის დროს, რომელიც უშიშარს და უებრო რაინდს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ცოტა ხნის შემდეგ თომასი ომში დასჭრეს და პავიაში ტყვედ ჩაიგდეს, როცა თავის რაინდ მეფეს იცავდა, რომელმაც მაშინ ყველაფერი დაჰკარგა სახელის გარდა.
ლოტრეკის ვაჟკაცობის მოწმე დონ კარლოს დე ბივარმა ბრძანება გასცა, ახალგაზრდა ფრანგისთვის ჭრილობები შეეხვიათ. და მათ შორის მალე გმირული მეგობრობა დამყარდა, რომელსაც პატივისცემა და კეთილშობილება დაედო საფუძვლად. ფრანსუა პირველი საფრანგეთში დააბრუნეს, სხვა ტყვეები კი კარლოს მეხუთემ დაიტოვა. ლოტრეკს პატივი დასდეს, თავის მეფესთან ატარებდა ტყვეობის დღეებს და ციხეში ლოგინი მის ფეხთან ჰქონდა გაშლილი. მონარქის გამგზავრების შემდეგ ესპანეთში დარჩენილ ლოტრეკს პატიოსანი სიტყვა ჩამოართვეს და დონ კარლოსს ჩააბარეს. მან ტყვე გრენადაში ჩამოიყვანა.
   როცა აბენ ჰამეტი დონ როდრიგოს სასახლეში გამოცხადდა, ის შეიყვანეს დარბაზში, სადაც ჰერცოგ დე სანტა ფეს ასული იმყოფებოდა. არაბმა მისთვის უჩვეულო ტანჯვა განიცადა. დონა ბლანკას ახალგაზრდა კაცი უჯდა ფეხთან და ქალს თვალებში მდუმარე აღტაცებით შესცქეროდა. ახალგაზრდა ვაჟს ეცვა შემოსალტული რუხი შარვალი იმავე ფერის კურტაკი, რომლის სარტყელზე შროშანის ყვავილებიანი ხმალი ეკიდა. მხრებზე აბრეშუმის წამოსასხამი მოესხა, თავზე ფრთებით დაჩრდილული ვიწრო ფარფლებიანი ქუდი ეხურა. მკერდზე დაშვებული მაქმანის საყელოდან ღია კისერი მოუჩანდა. აბანოზისფერი ულვაში მის ბუნებრივად მშვიდ სახეს ვაჟკაცურსა, და მხედრულ იერს აძლევდა, რაინდობის ნიშანი - ოქროს დეზები ეკრა.
ცოტა დაშორებით, ფეხზე მდგომი მეორე რანდი თავისი გრძელი ხმლის რკინის ჯვარს დაყრდნობოდა. მასაც პირველი რაინდივით ეცვა, მაგრამ უფრო ხნიერი ჩანდა. მისი მრისხანე, ფიცხი და ვნებიანი გამომეტყველება შიშსა და პატივისცემის გრძნობას იწვევდა. კურტაკზე კალატრავის წითელი ჯვარი ჰქონდა ამოქარგული დევიზით: „ჩემი სატრფოსა და ჩემი მეფისთვის“.
ბლანკამ აბენ ჰამეტს რომ თვალი მოჰკრა, უნებურად შეჰკივლა.
- რაინდებო, - თქვა მან, - აი ის ურჯულო, რომლის შესახებაც ამდენი გელაპარაკეთ. უფრთხილდით არ გაჯობოთ. აბენსერაჟები ამ ვაჟკაცით სრულყოფილნი იყვნენ . მათ ვერავინ სჯობნიდა ვერც ერთგულებით, ვერც დარდიმანდობით და მამაცობით.
დონ კარლოსი აბენ ჰამეტს მიუბრუნდა.
- სენიორო მავრო, - თქვა მან ,- ჩემმა დამ და მამაჩემმა თქვენი სახელი მითხრეს. დიდებული და გმირული გვარის შთამომავლად გთვლიან. პირადად თქვენ ცნობილი ხართ ზრდილობით. კარლოს მეხუთემ, ჩვენმა ბატონმა, მალე ტუნისში ომი უნდა დაიწყოს, და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბრძოლის ველზე შევხვდებით ერთმანეთს.
აბენ ჰამეტმა მკერდზე ხელი დაიდო და უსიტყვოდ დაჯდა იატაკზე. თვალს ვერ აშორებდა ბლანკასა და ლოტრეკს, რომელიც ფრანგის თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობით და აღტაცებით ათვალიერებდა ჩინებულ კაბას, ბრწყინვალე იარაღსა და მავრის მშვენიერებას. ბლანკა არ შეკრთა. მისი ნათელი სული თვალებში გამოსჭვიოდა. გულწრფელი ესპანელი ასული სრულიად არ ცდილობდა თავისი გულის საიდუმლოების დაფარვას. რამდენიმე წამს სდუმდნენ. შემდეგ აბენ ჰამეტი წამოდგა, დონ როდრიგოს ასულის წინაშე თავი დახარა და განშორდა. მავრის ქცევითა და ბლანკას გამომეტყველებით გაოცებული ლოტრეკი გარეთ გავიდა. ეჭვმა შეიპყრო, რაც ჩქარა დადასტურდა.
დონ კარლოსი მარტოკა დარჩა თავის დასთან.
- ბლანკა, - უთხრა დონ კარლოსმა. - ამიხსენი, ამ უცხოელის დანახვამ ასე რად შეგაკრთო?
- ჩემო ძმაო, - უპასუხა ბლანკამ, - აბენ ჰამეტი მიყვარს და თუ ქრისტიანობას მოისურვებს, ჩემს ხელს მას მივაკუთვნებ.
- როგორ, - შესძახა დონ კარლოსმა, - თქვენ აბენ ჰამეტი გიყვართ! ბივართა ასულს უყვარს მავრი, ურჯულო, მტერი, რომელიც ამ სასახლეებიდან განვდევნეთ!
- დონ კარლოს, - მიუგო ბლანკამ, - აბენ ჰამეტს ვუყვარვარ. სამი წლის განმავლობაში ჩემი გულისთვის თავის წინაპართა რჯული ვერ დათმო. დიდბუნებოვანი და პატიოსანი რაინდია. უკანასკნელ ამოკვნესამდე ვაღმერთებ მას.
დონ კარლოსმა იგრძნო აბენ ჰამეტის განზრახვის კეთილშობილება, დაენანა ურჯულოს ასეთი დაბრმავება.
- უბედურო ბლანკა, - თქვა მან, - სადამდე მიგიყვანს ეს სიყვარული? მე კი თავი დავაიმედე რომ ჩემი მეგობარი ლოტრეკი ჩემი ძმა გახდებოდა.
- შენ ცდებოდი, - უპასუხა ბლანკამ, - მე არ შემიძლო ამ უცხოელის შეყვარება. რაც შეეხება ჩემს გრძნობებს აბენ ჰამეტის მიმართ, თავს ვალდებულად არა ვთვლი ამის შესახებ ვინმეს ანგარიში ჩავაბარო. რაინდული ფიცი შენ ისე დაიცავი, როგორც მე სიყვარულის ფიცს დავიცავ. მხოლოდ ნუგეშად გქონდეს, რომ ბლაკნა არასოდეს ურჯულოს ცოლად არ გაჰყვება.
- დედამიწის ზურგიდან ჩვენი გვარი აღიგვება, - წამოიძახა დონ კარლოსმა.
- შენ გმართებს მისი გამოცოცხლება, ან კი რას სჩივი შვილებს, რომელთაც ვერ მოესწრები და რომელნიც შენს ქველობას გადააგვარებენ. დონ კარლოს, მე ვგრძნობ, რომ ჩვენი გვარის უკანასკნელი შთამომავალი ვართ. ჩვენ იმდენად მაღლა ვდგავართ ჩვეულებრივ დონეზე, რომ საეჭვოა, ჩვენმა სისხლმა გაფურჩქვნა შესძლოს. სიდი იყო ჩვენი წინაპარი, შთამომავალიც ის იქნება. - ბლანკა გარეთ გავიდა.
დონ კარლოსი აბენსერაჟს დაეწია.
- მავრო, - უთხრა მავრს, - ან ჩემს დაზე აიღე ხელი ან შემებრძოლე.
- ბლანკამ მოგანდო, რომ მისგან მოცემული ფიცი დავუბრუნო?
- არა, - მიუგო დონ კარლოსმა, - შენ მას უწინდელზე უფრო მეტად უყვარხარ.
- ოჰ, ბლანკას ღირსეულო ძმაო, ჩემი ნეტარება შენი სისხლით უნდა მოვიპოვო? ჰოი, ბედნიერო აბენ ჰამეტ! ჰოი, კურთხეულო წუთო! მე კი მეგონა, რომ ბლანკამ იმ ფრანგი რაინდის გულისთვის გატეხა ფიცი.
- ეს შენი უბედურებაა, - თავის მხრივ მიაძახა მოთმინებიდან გამოსულმა დონ კარლოსმა, - ლოტრეკი ჩემი მეგობარია და, შენ რომ არ ყოფილიყავი, ის ჩემი ძმაც გახდებოდა. პასუხი აგე იმ ცრემლებისთვის, ჩემს ოჯახს რომ დააფრქვევინე.
- მზად ვარ, - მიუგო აბენ ჰამეტმა, - მე ვეკუთვნი იმ გვარს, რომელსაც, იქნება, შენ გვართან უბრძოლია, მაგრამ მაინც რაინდი არა ვარ. აქაც ვერავის ვხედავ, რომ ორდენში მიმიღოს და ამით ჩემთან შებრძოლების უფლება მოგეცეს შენი ღირსების შეულახავად.
გაოცებული დონ კარლოსი მავრს შეაშტერდა ერთსა და იმავე დროს აღტაცებითა და გაბოროტებით. შემდეგ უცებ წამოიძახა: - აი, აქ ვარ და მე გაგხდი რაინდად. შენ ამის ღირსი ხარ.
დონ კარლოსის წინაშე აბენ ჰამეტმა მუხლი მოიდრიკა. რაინდის წოდების მისაცემად. ესპანელმა მავრს სამჯერ დაჰკრა ხმალი სიბრტყით მხარზე. შემდეგ დონ კარლოსი წელზე ხმალს შემოარტყამს, იმ ხმალს, რომლითაც იქნება აბენსერაჟმა მკერდი გაუპოს: ასეთი იყო პატიოსნება!
მოახტებიან თავიანთ ბედაურებს, გრენადის კედლებს გასცდებიან და ფიჭვის წყაროსკენ მიჰქრიან. დიდი ხანია, ამ წყაროს მავრთა და ქრისტიანთა დუელებმა სახელი გაუთქვეს. მალიქ ალაბესი აქ შეებრძოლა პონს დე ლეონს და კალატრავის დიდმა ოსტატმა უშიშარი აბეიადო სიცოცხლეს აქვე გამოასალმა. ამ არაბი რაინდის იარაღის ნაშთი კიდევ ჩანდა ფიჭვის ტოტებზე ჩამოკიდებული და ხის ქერქს კიდევ ემჩნეოდა სამგლოვიარო წარწერის რამდენიმე ასო. დონ კარლოსმა აბეიადოს საფლავზე მიუთითა აბენსერაჟს და მიაძახა: - მიბაძე ამ გულად ურწმუნოს. მიიღე ჩემი ხელით ნათლობა და სიკვდილი.
- შეიძლება სიკვდილი მივიღო, - მიუგო აბენ ჰამეტმა, - მაგრამ დიდება ალაჰს და წინასწარმეტყველს.
გაიმართა ბრძოლა, და ერთმანეთს გაშმაგებით ეკვეთნენ. მათ მხოლოდ ხმლები ჰქონდათ. აბენ ჰამეტი ბრძოლაში დონ კარლოსზე ნაკლებად დახელოვნებული იყო, მაგრამ მტრის წინაშე უპირატესობას აძლევდა დამასკოში გამოწრთობილი იარაღის გამძლეობა და არაბული ცხენის სიმკვირცხლე. მან თავისი ბედაური მიუშვა მავრულად და ფართო მჭრელი უზანგით დონ კარლოსის ცხენს მუხლს ზემოთ მარჯვენა ფეხი გადაუჭრა. დაკოდილი ცხენი ჩაიკეცა და დონ კარლოსი იძულებული შეიქნა დაქვეითებულიყო. ის ხმალაღმართული მიიწევდა აბენ ჰამეტისაკენ. აბენ ჰამეტიც ცხენიდან ჩამოხტა და წარბშეუხრელად ეკვეთა დონ კარლოსს. ესპანელის პირველ მოქნევას აიცდენს. ესპანელის ხმალი დამასკოს რკინაზე იმსხვრევა, ორჯერ ბედნამტყუნები დონ კარლოსი ცოფის ცრემლებს ღვრის და მტერს უყვირის: - დამკარ, მავრო, დამკარ! იარაღაყრილ დონ კარლოსს შენც ეზიზღები და მთელი შენი ურჯულო მოდგმაც.
- შენ შეგეძლო მოგეკალ, - უპასუხებს მავრი, - მე კი არასოდეს მიფიქრია შენი ოდნავი დაჭრაც კი. მხოლოდ მსურდა დამერწმუნებინე, რომ შენი მოყვასობის ღირსი ვიყავ და შენგან ზიზღი არ მმართებდა.
იმავე წამს შორს გამოჩნდა მტვრის ღრუბელი: ლოტრეკი და ბლანკა მოაჭენებდნენ ქარზე უფრო მსუბუქ ფეცის ფაშატებს, ფიჭვის წყაროს მოაღწევენ და შეწყვეტილ ბრძოლას მიუსწრებენ.
- დავმარცხდი, - ამბობს დონ კარლოსი, - ამ რაინდმა სიცოცხლე მაჩუქა. ლოტრეკ, იქნებ შენ ჩემზე ბედნიერი გამოდგე.
ლოტრეკმა კეთილშობილურად და მოხდენილად უპასუხა: - ჩემი ჭრილობები ნებას მაძლევს ამ დარბაისელ რაინდს არ შევებრძოლო. მე სრულიად არ მსურს ვიცოდე თქვენი შეტაკების მიზეზი. - დაუმატა მან და გაწითლდა. - არ მინდა ჩავწვდე საიდუმლოებას, რომელმაც შეიძლება ჩემს მკერდში სიკვდილი დაასადგუროს. მალე გაგშორდებით და თქვენს შორის ზავი ჩამოვარდება, თუ ვინიცობაა, ბლანკა არ მიბრძანებს, მის ფერხთან დავრჩე.
- რაინდო, - წარმოთქვა ბლანკამ, - თქვენ ჩემ ძმასთან დარჩებით. ღვიძლ დასავით შემხედეთ. ყველა აქ მყოფთ გული ტანჯვას მოუცავს, თქვენ ჩემგან ისწავლით ცხოვრების უკუღმართობის ატანას.
ბლანკას უნდოდა სამივე რაინდი შეერიგებინა და სთხოვა ერთმანეთისთვის ხელი მიეცათ. მაგრამ ყველასაგან უარი მიიღო.
- მე მძაგს აბენ ჰამეტი, - წამოიძახა დონ კარლოსმა.
- მისი ბედი მშურს, - თქვა ლოტრეკმა.
- მე კი, - თქვა აბენსერაჟმა, - დონ კარლოსს პატივსა ვცემ და ლოტრეკი მენანება, მაგრამ მათ შეყვარებას მაინც ვერ შევძლებ.
- კვლავ ხშირად შეხვდებით ერთმანეთს, - თქვა ბლანკამ, - და ადრე თუ გვიან პატივისცემას მეგობრობაც მოჰყვება. ეს საბედისწერო შემთხვევა, ჩვენი აქ შეკრების მიზეზი არავინ გაიგოს გრენდაში.
ჰერცოგ დე სანტა ფეს ასულისთვის ამიერიდან აბენ ჰამეტი ათასჯერ უფრო ძვირფასი შეიქნა: სიყვარულს უყვარს გმირობა. აბენსერაჟს უკვე არაფერი აკლდა: ის გულადი იყო და დონ კარლოსს სიცოცხლეც აჩუქა. აბენ ჰამეტი, ბლანკას რჩევით, რამდენიმე დღის განმავლობაში თავს იკავებდა და სასახლეში არ ცხადდებოდა, რათა დონ კარლოსს ბრაზი დაცხრომოდა. ტკბილ-მწარე გრძნობათა ნარევით ივსებოდა აბენსერაჟის სული. ერთი მხრით, ნეტარების დაუშრეტელ წყაროდ იქცეოდა ის რწმენა, რომ ბლანკას ასეთი ერთგულებით და სიმძაფრით უყვარდა იგი. მეორე მხრით კი ეჭვგარეშე იყო, რომ ბედნიერებას ვერ მიაღწევდა, თუ წინაპართა რჯულს არ უღალატებდა. აბენ ჰამეტის მხნეობას ეს ადუნებდა. უკვე მრავალმა წელმა განვლო, მაგრამ დროთა დენამ მის ტანჯვას წამალი ვერ მოუტანა: ნუთუ ასე უიმედოდ ჩაივლის დარჩენილი ცხოვრების დღეებიც?!
უნაზესსა და უღრმეს ფიქრთა უფსკრულში იყო დაძირული, რომ ერთ საღამოს ქრისტიანთა მწუხრის ზარის რეკვა მოესმა. აზრად მოუვიდა, ბლანკას ღვთის ტაძარში შესულიყო და ბუნების მბრძანებლისათვის რჩევა ეკითხა.
ბინას სტოვებს და მორწმუნეთა მიერ საყდრად გადაკეთებული ძველი მეჩეთის კარს მიადგება. სევდითა და სარწმუნოებით შეპყრობილი შედის იმ ტაძარში, რომელიც ოდესღაც მისი ღვთისა და სამშობლოს ტაძარი იყო, ლოცვა ახალგამოსული იყო. არავინ არ იყო საყდარში. უამრავ ბოძთა შორის, რომელიც მწყობრად დარგულ ხეებს ჰგავდა, ღვთაებრივი სიბნელე მეფობდა. არაბთა მსუბუქი არქიტექტურა დაქორწინებულიყო გოთურ არქიტექტურაზე და ამით არაფერი დაჰკლებია მის ჰაეროვნებას, მხოლოდ იდუმალ გულისთქმათათვის უფრო შესაფერისი სიდარბაისლე მიეღო. რამდენიმე სანათური ძლივს აშუქებდა კამარებს, თაღებს, მხოლოდ ანთებულ მრავალ კელაპტართა შუქზე მოჩანდა მბრწყინავი ტრაპეზი, ციმციმებდა ოქროთი და ძვირფასი თვალებით. ესპანელისთვის დიდ სახელად ითვლება თავისი სიმდიდრე დასთმოს, ოღონდ კი ამით თავისი რჯულის ნივთები შეამკოს. ბაბთების რიდეში მოთავსებულ შემოქმედის ხატს, ლალის ძნებითა და მარგალიტებით შემკულს, თაყვანს სცემს ნახევრად ტიტველი ხალხი.
ამ ვრცელ საყდარში ერთი დასაჯდომიც არ ჩანდა. საფლავებზე დაგებული ქვაფენილი უფლის წინაშე განსართხმელად ერთნაირად ემსახურებოდა დიდებულსაც და მდაბიოსაც. აბენ ჰამეტი ნელა მიდიოდა უკაცურ დერეფანში, სადაც მისი მორიდებული ნაბიჯის ხმა ისმოდა. აბენსერაჟის სული გაორდა. მრავალ მოგონებას უღვიძებდა მავრთა სარწმუნოების ეს ძველი შენობა. ქრისტიანთა რჯული კი მის გულში ახალ გრძნობებს იწვევდა. ერთი სვეტის საძირკველთან შენიშნა ვიღაც უძრავად მდგომი, რომელიც პირველად საფლავზე აღმართულ ქანდაკებად მიიღო. მიუახლოვდა და იცნო ახალგაზრდა რაინდი, დაჩოქილი, მოწიწებით თავდახრილი, მკერდზე ხელდაკრეფილი. აბენ ჰამეტის ფეხის ხმაზე რაინდი არც კი განძრეულა. მის ყურადღებას ვერაფერი იპყრობდა, გარეშე ცხოვრება მის ღრმა ლოცვას ვერ ეხებოდა. მლოცველს მოხსნილი ხმალი წინ დაესვენებინა, ხოლო ფრთებით შემკული ქუდი იქვე, გვერდით მარმარილოზე დაედო. მოჯადოებულს ჰგავდა. ეს ლოტრეკი იყო. „ოჰ, - გაივლო გულში აბენსერაჟმა, - ეს ახალგაზრდა მშვენიერი ფრანგი რაღაც განსაკუთრებულ წყალობასა სთხოვს ზეცას. ეს მხედარი, თავისი გმირობით უკვე სახელგანთქმული, ზეციურ მეფეს ფიანდაზად უგებს თავის გულს, როგორც კაცთა შორის ყველაზე უფრო უკანასკნელი და უსაწყლესი. ჩვენც შევევედრებით რაინდებისა და დიდების ღმერთს“. აბენ ჰამეტი მარმარილოზე დასაშვებად ეშურებოდა, როცა ნათურის სინათლეზე ნახევრად ჩამოცლილი კირის ქვეშ არაბული ასოები და ყურანის ერთი სურა შენიშნა. სინდისის ქენჯნამ შეიპყრო. იმწამსვე მიატოვა შენობა, სადაც თავისი რჯულისა და სამშობლოს ღალატს ლამობდა.
სასაფლაო, ამ მეჩეთის გარშემო რომ უვლიდა, წარმოადგენდა ფორთოხლების, კვიპაროსებისა და პალმების ბაღს, რომელიც ორი შადრევნით ირწყვებოდა. ბაღს ირგვლივ ფარდული უვლიდა. ერთ-ერთ დერეფანთან გავლის დროს აბენ ჰამეტმა საყდარში მიმავალი ქალი შენიშნა. თუმცა პირბადით იყო მობურული აბენსერაჟმა მაინც იცნო ჰერცოგ დე სანტა ფეს ასული.
- ამ ტაძარში ლოტრეკის საძებრად მობრძანდით? - ჰკითხა აბენ ჰამეტმა.
- თავი დაანებე ამ მდაბალ ეჭვიანობას, - უპასუხა ბლანკამ, - რომ არ მყვარებოდი, ამას თვითონ გეტყოდი. შენი მოტყუება ზიზღს მომგვრიდა. აქ იმისთვის მოვდივარ, რათა შენთვის ვილოცო. ჩემი ვედრების საგანი ახლა მხოლოდ შენა ხარ. შენი გულისთვის თავს ვივიწყებ, ან სიყვარულის შხამით არ უნდა დაგეთვრე, ან უნდა იწამო ის ღმერთი, მე რომ ვემსახურები. მთელ ჩვენს ოჯახს აღელვებ, ძმას სძულხარ, მამაჩემი დარდით არის მოტეხილი იმის გამო, რომ ქმრის ამორჩევაზე უარს ვეუბნები. ჩემი ჯანმრთელობა რომ უარესდება ვერ ამჩნევ? ამ სიკვდილის თავშესაფარს შეხედე. მალე მეც იქ დავისვენებ, თუ არ ისწრაფე და ქრისტიანთა ტრაპეზის წინაშე ჩემი სარწმუნოება არ აღიარე. ასეთი მღელვარება ჩემ სიცოცხლეს ნელ-ნელა ძირს უთხრის, და ჩემ სუსტ არსებას სულ მუდამ ვერ გაამაგრებს ვნება, რომლითაც შენ მასულდგმულებ. შენივე ენის სიტყვებით რომ გითხრა, მავრო, ცეცხლი, რომლითაც ჩირაღდანი ინთება, იგივე ცეცხლია, რომელიც მას სწვავს.
ბლანკა საყდარში შევიდა და ამ უკანასკნელი სიტყვებით განადგურებული აბენ ჰამეტი მიატოვა.
აღსრულდა. აბენსერაჟი დამარცხდა, ის უარყოფს თავისი რჯულის შეცდომებს. საკმაოდ დიდხანს იბრძოდა. იმის შიში, რომ ბლანკა მოკვდებაო, აბენ ჰამეტის გულში ყველა სხვა გრძნობას ახშობს. და ბოლოს თავის თავს ეუბნება: ქრისტიანთა უფალი შეიძლება, მართლაც იყოს ღმერთი ჭეშმარიტი. ის არის მარად ღმერთი კეთილშობილ ადამიანთა, რადგან მას აღიარებს ბლანკა, დონ კარლოსი და ლოტრეკი.
ამ ფიქრებით შეპყრობილი აბენ ჰამეტი მოუთმენლად მოელოდა მეორე დღეს, რათა თავისი გადაწყვეტილება ბლანკასთვის ეცნობებინა და სევდა-ცრემლით აღვსილი მისი სიცოცხლე შეეცვალა მხიარულად და ნეტარებად ჰერცოგ დე სანტა ფეს სასახლეში მისვლა მხოლოდ საღამოს შეიძლებოდა. იქ გაიგო, რომ ბლანკა და მისი ძმა ჟენერალიფს გამგზავრებულიყვნენ, სადაც ლოტრეკს მათთვის ნადიმი გაემართა.
ახალი ეჭვებით აღელვებული აბენ ჰამეტი ბლანკას მისდევს. ლოტრეკი გაწითლდა, მასთან მისული აბენსერაჟი რომ დაინახა, დონ კარლოსმა კი მავრი ცივი თავაზიანობით მიიღო, მაგრამ ასეთ მიღებაშიც პატივისცემა გამოსჭვიოდა: თავისი სტუმრებისთვის ლოტრეკის ესპანეთის და აფრიკის საუკეთესო ხილი მიემართა ჟენერალიფის დარბაზში, რომელსაც რაინდთა დარბაზი ერქვა. ამ დარბაზის ყოველ მხარეს მავრების დამმარცხებელი პრინციპებისა და რაინდების, პელასგის, სიდის, გონზალვო კორდოველის სურათები ეკიდა. ამ სურათების ქვემოთ გრენადის უკანასკნელი მეფის ხმალი ჩამოეკიდათ. აბენ ჰამეტი თავისი ვარამი გულში ჩაიკლა და ამ სურათის მაცქერალმა მხოლოდ მრისხანედ წარმოთქვა: - ჩვენ ხატვა არ ვიცით.
აბენსერაჟს გული უკვდებოდა, მაგრამ ბოაბდილის ხმალს თვალს მაინც ვერ აშორებდა. დიდსულოვანმა ლოტრეკმა ეს შეამჩნია და უთხრა: - რაინდო მავრო, თუ წინასწარ გათვალისწინება შემძლებოდა, რომ პატივს მცემდით და ჩემს წვეულებაზე მობრძანდებოდით, მე თქვენ ამ დარბაზში არ მიგიღებდით. ხმალის დაკარგვა ადვილია, მე ვნახე მეფეთა შორის ყველაზე უგულადესი, რომელმაც თავისი ხმალი მასზე უფრო ბედნიერ მტერს ჩააბარა.
- ეჰ, - წამოიძახა მავრმა და კაბის კალთით დაიფარა სახე, - ფრანსუა პირველივით შეიძლება ხმლის დაკრგვა, მაგრამ ბოაბდილივით!..
დაღამდა, ჩირაღდნები მოიტანეს. საუბრის საგანი შესცვალეს, დონ კარლოსს სთხოვეს, მექსიკის აღმოჩენის ამბავი გვიამბეო. ამ უცნობი ქვეყნის შესახებ ის ლაპარაკობდა ესპანელი ერისთვის ბუნებრივი ბრწყინვალე მჭვერმეტყველებით. მოიგონა მონტეზუმის უბედურება, ამერიკელთა ჩვეულებანი, კასტიელთა გულადობის სასწაული. უამბო მათ, დაუფარავად, თანამემამულეთა სისასტიკეც, რომელიც, მისი აზრით, არ იყო არც საძაგელი, არც საქებარი. ეს მოთხრობები ხიბლავდა აბენ ჰამეტს. საოცარი ამბებით გატაცება მის არაბულ სისხლს ამჟღავნებდა. აბენსერაჟის ჯერიც მოვიდა. კონსტანტინეპოლის ნანგრევებზე, ოტომანთა იმპერიის დამკვიდრების ამბავი იყო მისი საუბრის საგანი. სინანულით მოიგონა მაჰმადის პირველი იმპერია. ბედნიერი იყო ის დრო, როდესაც მართლმორწმუნეთა მბრძანებელი თავის გარშემო ხედავდა, როგორ ბრწყინავდა ზობეიდი, მშვენიერების ყვავილი, გულთა ძალა, ტანჯვა და სიყვარულით დატყვევებული, დიდსულოვანი განემი. ლოტრეკმა კი გაიხსენა თავაზიანობით განთქმული ფრანსუა პირველის სასახლე: როგორ აღორძინდა ბარბაროსების წიაღიდან ხელოვნება, აღსდგა ძველებური დიდება, თავდადება და რაინდობა, განათლებულ საუკუნესთან დაკავშირებული. როგორ მოირთო გოთური კოშკები ბერძნული ხუროთმოძღვრების სტილზე და როგორ მატებდნენ ბრწყინვალებას გალთა მანდილოსნები ათინური სინარნარით თავიანთ მდიდარ მოკაზმულობას.
ამ ამბების შემდეგ ლოტრეკმა მოისურვა ნადიმის ღვთაების გართობა, გიტარა აიღო და თავისი ქვეყნის მთების სიმღერის ჰანგზე აწყობილი რომანსი დაამღერა: ტკბილ მოგონებით ივსება გული, ცოცხლდება არე გადაქარგული, ტურფა დღეები, ლხენა ფრანგული...
ეჰ, საფრანგეთო!
ჩემი ტრფიალის ხარ თაიგული, ეშხით ნაკვეთო...
დაო, ხომ გახსოვს ქოხი, ავდარი
და დედა ჩვენი კერასთან მჯდარი, რომ გვიხუტებდა სიამით მკერდზე
თვალებანკარა?
კოცნას ვაბნევდით მშობლის თეთრ თმაზე, ორი პატარა.
დაო, ჩვენს კოშკს ხომ იგონებ კიდევ, დორის ტალღები რომ ჰბანდა კიდეს...
მავრის ძველ კოშკსაც ფიქრს ვერ ვარიდებ, იმისი ზარი
განთიადისას ფანტავდა ბინდებს, ვით აბეზარი.
ხომ გაგონდება ჩვენი ტბა წყნარი, ზედ მერცხლის ქროლა მოუწყინარი, მზე ჩამავალი ანკარა ტბაში, წყალთა კამკამი
და მოქანავე სიოს თამაშით
სუსტი ლერწამი.
ეჰ, ჩემს ელენეს ვინ შემახვედრებს, მიჩვენებს მუხას და მთის ხავედრებს?
მოგონებებმა გულს დააბუდა
სევდის ყვავები, მამულო ჩემო, ახლა და მუდამ
შენ მეყვარები.
ლოტრეკმა უკანასკნელი ტაეპი დაათავა და ხელთათმანით ცრემლი მოიწმინდა, ძვირფასი ქვეყნის, საფრანგეთის მოგონებამ რომ გამოსტაცა. მშვენიერი ტყვის სინანული აბენ ჰამეტმაც მწვავედ განიცადა: ისიც ლოტრეკივით სამშობლოს დაკარგვას დასტიროდა. ჯერი აბენსერაჟზედაც მიდგა, და მას სთხოვეს გიტარა აეღო. მავრმა ბოდიში მოიხადა, რომ მხოლოდ ერთი რომანსი იცოდა, რომელიც ქრისტიანისთვის სასიამოვნო არ იქნებოდა: - თუ მასში ჩვენი გამარჯვების გამო ურჯულოთა კვნესა ისმის, შეგიძლიათ იმღეროთ. დამარცხებულს ცრემლთა ფრქვევის უფლება აქვს.
- დიახ, - თქვა ბლანკამ, - ამის გამოა, რომ ერთ დროს მავრთა უღელქვეშ მყოფმა ჩვენმა მამებმა ამდენი სევდიანი სიმღერა დაგვიტოვეს.
აბენსერაჟთა ტომის ერთი მგოსნისგან ნასწავლი ბალადა ასე იმღერა აბენ ჰამეტმა: არხეინად ცხენოსნობდა
ერთხელ მეფე დონ-ჟუანი, ესპანეთის მთის ფერდობზე
გრენადას რომ მოჰკრა თვალი.
მეყვსეულად მიმართა მას: „თვალწარმტაცო ტურფა მხარევ, აჰა, ჩემი სული, გული....
ქორწინებით გამახარე.
და შენს ქალაქს შევთავაზებ
სევილს, კოოდოვს, მარგალიტებს.
სულ ბრწყინვალე მორთულობას -
ის ჩემს ტრფობას ვერ დაიტევს“.
„დიდო მეფევ ლეონისა, -
გრენდა მას უპასუხებს, -
უკვე მავრის მეუღლესთან
ტყვილად იჩენ იმ სიუხვეს.
ისევ შენთვის შეინახე
ეს აღთქმული საჩუქარი.
მორთულობად შვილები მყავს
და მდიდრული მაქვს ქამარი“.
თვალთმაქცობდი ასე ურცხვად, გარდაიქეც მთლად ენადა.
ოჰ, სირცხვილო, დამცირებავ!..
ფიცგამტეხი ხარ გრენადავ!
ჰფლობს წყეული ქრისტიანი
აბენსერაჟთ მამულ-კერას.
გარდაუვალს ვინ გადავა, ბედის წიგნში ეს ეწერა.
ემბაზსა და სასაფლაოს
თავის ხალხი განერიდა, მაღალ აქლემს აღარ მოჰყავს
ხაჯი წმინდა მედინიდან.
ჰფლობს წყეული ქრისტიანი
აბენსერაჟთ მამულ-კერას.
გარდაუვალს ვინ გადავა.
ბედის წიგნში ეს ეწერა.
ოჰ, ალჰამბრა მშვენიერო, ოჰ, ალაჰის სასახლენო, შადრევანთა აგარაკო, და მდინარევ, გულსახელნო!
ჰფლობს წყეული ქრისტიანი
აბენსერაჟთ მამულ-კერას.
გარდაუვალს ვინ გადავა.
ბედის წიგნში ეს ეწერა.
მიუხედავად ქრისტიანთა მიმართ წარმოთქმულ წყევლა-კრულვისა, ამ მოთქმის გულუბრყვილობა ამაყ დონ კარლოსის გულსაც ჩასწვდა. მას ძალიან არ უნდოდა, რომ ემღერა, მაგრამ ლოტრეკის დაეხათრა და საჭიროდ სცნო, მის თხოვნას დამორჩილებოდა. აბენ ჰამეტმა გიტარა გადასცა ბლანკას ძმას, რომელმაც ხოტბა შეასხა თავისი წინაპრის, სიდის გმირობას: აფრიკისაკენ გასამგზავრებლად
აბჯარასხმული მამაცი სიდი
შიმენის ფერხთან თავის გიტარას
დამღერის ლექსებს, როგორც რაინდი.
შიმენმა უთხრა: მავრს შეებრძოლე, ბრძოლიდან მოდი შენ ქვეყნის თვალად.
ვირწმუნებ მაშინ: ვუყვარვარ როდრიგს, დიდებას ტრფობა თუ ანაცვალა.
მომეცით ჩქარა ჩაჩქანი, შუბი...
ყველა იხილავს ჩემს გულადობას, მავრს რომ შევძახებ: ჩემი სატრფოსთვის
და ღირსებისთვის მტრის არდანდობა.
დარბაისელო მავრო, შენ მოსთქვამ, მე ავმღერდები გამარჯვებული, და ესპანეთსა გააგიჟმაჟებს
დიდება ჩემი და სიყვარული.
ჩვენს ანდალუზელ მოხუც ქრისტიანთ
ამბები ჩემზე არ მოსწყინდებათ, რომ თქვან: სიცოცხლეს მან ამჯობინა
ღმერთი და მეფე, შიმენ, დიდება.
დონ კარლოსი ამ სიტყვებს მღეროდა ვაჟკაცური მჟღერი ხმით და ისე ამაყად ეჭირა თავი, რომ თვითონ მას ჩათვლიდნენ სიდად. მეგობრის მხედრულ აღტაცებას ლოტრეკიც იზიარებდა, მაგრამ სიდის ხსენებაზე აბენსერაჟი გაფითრდა.
- ამ რაინდს, - თქვა მან, - ქრისტიანები ბრძოლის ყვავილს ეძახიან, ჩვენში კი ის ულმობელის სახელს ატარებს. სიდის დიდსულოვნება მის გმირობას უნდა გატოლებოდა...
დონ კარლოსი აბენ ჰამეტს სიტყვა შეაწყვეტინა და ფიცხად მიუგო: - სიდის დიდსულოვნება მის გულადობას სჭარბობდა. მხოლოდ მავრებს შეუძლიათ იმ გმირს ცილი დასწამონ, რომლისგანაც ჩვენი გვარი მომდინარეობს.
- რას ამბობ? - წამოიძახა აბენ ჰამეტმა და საინახედან წამოიჭრა, რომელზედაც მიწოლილი ისვენებდა, - სიდი შენი წინაპარია?
- მისი სისხლი სჩქეფს ჩემს ძარღვებში, - უპასუხა დონ კარლოსმა, - ამ კეთილშობილ გვარს რომ ვეკუთვნი, ვგრძნობ იმ სიძულვილითაც, რომელიც გულში მიღვივის ჩემი ღვთის მტრების მიმართ.
- მაშ, - თქვა აბენ ჰამეტმა და ბლანკას შეხედა, - მაშ თქვენ იმ ბივართა ოჯახიდან ბრძანდებით, გრენადის დაპყრობის შემდეგ უბედურ აბენსერაჟთა კერას რომ დაეუფლა და მოჰკლა ამავე გვარის მოხუცი, როდესაც იგი თავის წინაპართა საფლავს იცავდა?
- მავრო, - შესძახა სიბრაზით ანთებულმა დონ კარლოსმა, - იცოდე, ჩემი დაკითხვის უფლებას არავის ვაძლევ. თუ დღეს მე აბენსერაჟისეულ მამულს ვფლობ, ის ჩემმა წინაპრებმა სისხლის ფასად შეიძინეს, ამას მხოლოდ თავიანთ ხმალს უმადლიან.
- კიდევ ერთი სიტყვა, - უთხრა უფრო მეტად აღელვებულმა აბენ ჰამეტმა, - განდევნილებმა არ ვიცოდით, რომ მავრები დე სანტა ფეს გვარს ატარებდნენ. ჩემი შეცდომა ამან გამოიწვია.
- სწორედ ამ ბივარს აბენსერაჟებზე გამარჯვებისთვის ფერდინანდ კათოლიკემ უბოძა ეს წოდება.
აბენ ჰამეტმა თავი დახარა. გაქვავებულივით იდგა გაკვირვებული დონ კარლოსის, ლოტრეკის და ბლანკას შორის. მას თვალებს ცრემლის ორი ნაკადული მოსკდა და ქამარზე ჩამოკიდებულ ხანჯალს დაედინა.
- მომიტევეთ, - თქვა მან, - ვიცი, რომ ვაჟკაცი ცრემლს არ უნდა ღვრიდეს, ამიერიდან ჩემი ცრემლი არ დაიფრქვევა, თუმცა ბევრი მრჩება კიდევ სატირალი. მომისმინეთ: ბლანკა, ჩემი შენდამი სიყვარული არაბეთის მწველ ქართა სიცოცხლეს ეთანაბრება. დამარცხებული ვიყავი. უშენოდ სიცოცხლე აღარ შემეძლო. გუშინ ამ ფრანგი რაინდის ლოცვად ნახვამ, ტაძრის სასაფლაოზე შენგან მოსმენილმა სიტყვებმა გადამაწყვეტინეს შენი ღვთის აღიარება.
დონ კარლოსი გაოცდა, ბლანკა წამოიჭრა სიხარულისგან, აბენ ჰამეტი ამან დაადუმა, ლოტრეკმა ხელებით სახე დაიფარა. მავრი ფიქრს მიუხვდა და გულის დამფლეთი ღიმილით გაიქნია თავი.
- რაინდებო, - წარმოთქვა მან,- ნუ დაჰკარგავ სავსებით იმედს და შენ, ბლანკავ, სამუდამოდ გამოიტირე უკანასკნელი აბენსერაჟი.
ბლანკამ, დონ კარლოსმა, ლოტრეკმა ცისკენ ხელები აღაპყრეს და წამოიძახეს: „უკანასკნელი აბენსერაჟი!“ მერე დუმილი გამეფდა. შიში, იმედი, მძულვარება, სიყვარული, გაკვირვება, ეჭვი აღელვებდა ყველას გულს. ბლანკა მუხლზე დაეცა.
- ღმერთო, კეთილო, კურთხეულ არს ჩემი არჩევანი. როგორ შემიყვარდებოდა სხვა, თუ არ გმირთა შთამომავალი.
- დაო, - შესძახა გულმოსულმა დონ კარლოსმა, - დაფიქრდით მაინც, რომ აქ ლოტრეკის წინაშე ხართ.
- დონ კარლოს, - უთხრა აბენ ჰამეტმა, - რისხვა დაიცხრეთ: ჩემი ვალია, სიმშვიდე დაგიბრუნოთ, - შემდეგ ბლანკას მიუბრუნდა, რომელიც ისევ დამჯდარიყო.
- ზეციურო ჰური, მშვენიერებისა და სიყვარულის ღვთაებავ, უკანასკნელ ამოკვნესამდე აბენ ჰამეტი შენი მონა იქნება, მაგრამ იცოდე მისი უსაზღვრო უბედურებაც: შენი წინაპრის მიერ მოკლული მოხუცი, რომელიც თავის კერას იცავდა, მამაჩემის მამა იყო. ერთი საიდუმლოება კიდევ გაიგე, მე ის დაგიმალე, ან, მართალი რომ ვთქვათ, ის შენ დამავიწყებინე. პირველად ამ სევდიან სამშობლოს სანახავად რომ ჩამოველ, მიზნად მქონდა დასახული, მომენახა ბივართა რომელიმე ვაჟიშვილი, რომელსაც თავის მამა-პაპათა მიერ დაღვრილი სისხლისთვის ჩემს წინაშე პასუხი უნდა ეგო.
- და მერე? - თქვა ბლანკამ სევდიანი ხმით. - რა გვაქვს გადაწყვეტილი, როგორც დიდსულოვან ადამიანს.
- მხოლოდ ის, რაც შენი ღირსი იქნება, - უპასუხა აბენ ჰამეტმა, - ჩემი სამუდამო განშორებით და სიკვდილით პასუხი ვაგოთ იმისთვის, რაც ვალად გვაწევს ჩვენი ღმერთებისთვის, სამშობლოსა და გვარების ქიშპობის გამო. თუ ჩემი სახე შენი გულიდან ოდესმე აღმოიფხვრევა, თუ დრო, რომელიც ყველაფერს მუსრავს, შენი ხსოვნიდან ამოშლის, გაფანტავს მოგონებას აბენსერაჟზე... ეს რაინდი ფრანგი შენი ძმის გულისთვის ეს მსხვერპლი უნდა გაიღო.
ლოტრეკი წამოიჭრა, მავრს ჩაეკრა.
- აბენ ჰამეტ, - წამოიძახა, - დიდსულოვნებით ჩემს დამცირებას ნუ ფიქრობ, მე ფრანგი ვარ. რაინდად ბაიარდმა შემაიარაღა. ჩემი მეფისთვის სისხლი დამიღვრია. მე ვიქნები უშიშარი და უებარი რაინდი, როგორც ჩემი აღმქმელი და ჩემი მეფე იყო. თუ ჩვენს შორის დარჩები, დონ კარლოსს შევევედრები, რომ თავისი და მოგათხოვოს. თუ გრენდას დასტოვებ, არც ერთი ჩემი სასიყვარულო სიტყვა არასოდეს შეაკრთობს შენს სატრფოს. გარდახვეწაში სევდიან ფიქრს ნუ წაიღებ, რომ შენს კეთილშობილებას ლოტრეკი გულცივად აფასებს და ცდილობს, შენი უბედურებით ისარგებლოს.
ახალგაზრდა რაინდი მავრს მკერდში იკრავდა ფრანგის სიფიცხითა და გატაცებით.
- რაინდო, - თქვა დონ კარლოსმა, - თქვენი სახელოვანი გვარისგან ამაზე ნაკლებს არ მოველოდი. აბენ ჰამეტ, რა ნიშნით შემიძლია თქვენი ცნობა უკანასკნელ აბენსერაჟად?
- ჩემი ქცევით, - უპასუხა აბენ ჰამეტმა.
- აღტაცებული ვარ, - თქვა ესპანელმა,- მაგრამ სანამ ჩემს აზრს მოგახსენებთ, თქვენი შთამომავლობის რაიმე ნიშანი მიჩვენეთ.
აბენ ჰამეტმა გულის უბიდან აბენსერაჟთა საგვარეულო ბეჭედი ამოიღო, ძეწკვზე დაკიდებულს რომ ატარებდა.
ამ ნიშნის დანახვის შემდეგ დონ კარლოსმა ხელი ჩამოართვა უბედურ აბენ ჰამეტს.
- დიდებულო რაინდო, ვაღიარებ, რომ თქვენ პატიოსანი ადამიანი და მეფეთა ჭეშმარიტი შვილი ბრძანდებით. პატივსა მდებთ თქვენი განზრახვით: ბრძოლისთვის მზად ვარ, რომლისთვისაც საიდუმლოდ ჩამოსულხართ. თუ დავმარცხდები, მთელი ჩემი ქონება, ოდესღაც თქვენი საკუთრება, უკლებლად გადმოგეცემათ. თუ ჩემთან ბრძოლის განზრახვას უკუაგდებთ, მაშინ ჩემი წინადადება მიიღეთ გაქრისტიანდით და ინებეთ ჩემი დის ხელი, თქვენთვის, ლოტრეკმა რომ მთხოვა.
ცთუნება მეტად ძლიერი იყო. მაგრამ მან აბენ ჰამეტი ვერ გასტეხა. თუ, ერთი მხრით, აბენსერაჟის გული სიყვარულს მთელი ძალოვნებით შეებოჭა, მეორე მხრით, მას საშინელებად მიაჩნდა ფიქრიც კი, რომ მდევნელთა სისხლი დევნილთა სისხლს შეერთებოდა. ეჩვენებოდა, რომ თავისი პაპა საფლავიდან ამოდიოდა და ჰკიცხავდა ამ უწმინდური კავშირისთვის. სევდით გულდაკოდილმა აბენ ჰამეტმა წამოიძახა: - ოჰ, ნუთუ მისთვის შევხვდი ამდენ კეთილშობილ, დიდბუნებოვან ადამიანებს, რომ უფრო მწვავედ მეგრძნო, თუ რასა ვკარგავ, რომ უფრო მეტად ვიქნე ღირსი მისი სიყვარულისა.
- უდაბნოს დაუბრუნდი, - შესძახა ბლანკამ და გული წაუვიდა.
აბენ ჰამეტმა თაყვანი სცა ბლანკას უფრო მეტად. ვიდრე ზეცას და სიტყვის უთქმელად გავიდა. იმ ღამესვე მალაგისაკენ გაემგზავრა და ორანს მიმავალ გემში ჩაჯდა, იქ ორანის მახლობლად ქარავანს შეხვდა, რომელიც ყოველ სამ წელში ერთხელ მარკოდან გამოდის, გადაჭრის აფრიკას, ეგვიპტეს მიაღწევს და იემენში მექას მიმავალ ქარავანს უერთდება. აბენ ჰამეტი მლოცველებს გაჰყვა.
ბლანკა, რომელსაც პირველ ხანად სიკვდილი ემუქრებოდა, ცხოვრების დაუბრუნდა. ლოტრეკმა დაიცვა აბენსერაჟისთვის მიცემული სიტყვა, ბლანკას გაერიდა. თავისი სიყვარული და ვარამი გულში ჩაიხშო, რათა ჰერცოგ დე სანტა ფეს ასულის სევდა არ შეეშფოთებინა. ბლანკა ყოველ წელს მიდიოდა მალაგის მთებზე სახეტიალოდ იმ დროს, როცა სატრფოს ჩვეულებად ჰქონდა აფრიკიდან დაბრუნება. კლდეზე ჩამოჯდებოდა, ზღვას, შორეულ გემებს გასცქეროდა და შემდეგ ისევ გრენდაში ბრუნდებოდა. სხვა დღეებს ალჰამბრას ნანგრევთა შორის ატარებდა. არავის ესმოდა მისი წუწუნი, ტირილი. არც აბენ ჰამეტზე წამოსცდენია ოდესმე სიტყვა. გარეშე კაცი მას ბედნიერად ჩასთვლიდა. ოჯახში მხოლოდ ის დარჩა. მამა დარდისგან გარდაეცვალა, დონ კარლოსი დუელში მოჰკლეს, სადაც ლოტრეკი მოწმედ იყო, არავინ იცოდა აბენ ჰამეტს რა ბედი ეწვია.
ტუნისიდან რომ გამოხვალთ კარიბჭით, საიდანაც კართაგენის ნანგრევების სანახავად დადიან, იქ სასაფლაოს შეხვდებით. ამ სასაფლაოს ერთ კუთხეში, პალმის ქვეშ, სამარე მიჩვენეს: რომელსაც უკანასკნელი აბენსერაჟის სამარეს ეძახიან. ის არაფრით არის საყურადღებო. მთლიანი ლოდი ადევს. მხოლოდ მავრთა ჩვეულებისამებრ ქვის შუაგულში საჭრელეთით პატარა ფოსო ამოუკვეთიათ. ამ საფლავის თასის ფსკერში წვიმის წყალი გროვდება, რომლითაც თაკარა სიცხეში ზეცის ფრინველნი წყურვილს იკლავენ...

ტეგები: Qwelly, ესპანეთი, მოთხრობები, ნოველები, შატობრიანი

ნახვა: 107

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მქარგავი ფუტკრები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2019.
საათი: 3:19pm 1 კომენტარი

      ამჯერად ერთობლივი თანამშრომლობა უნდა გაგიზიაროთ. როგორც წესი ფუტკრებს არ სჭირდებათ დამატებით დახმარება იმისთვის, რომ ოჯახები შექმნან, სახლები აიშენონ, თაფლი მოაგროვონ და გამოიკვებონ ახალ…

გაგრძელება

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 2 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 7 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters