ერთი ჩემი ჩილელი მეგობარი მწერდა, აქ, ჩვენთან ერთი-ორ თქვენს ისეთ მკითხველსაც შევხვედრივარ, რომელსაც შემოუჩივლია: კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ამ სენიორ უნამუნოს რელიგიისა ვერაფერი გავიგეო. არ მიკვირს, აქაც, ჩვენთანაც არაერთხელ უთქვამთ იგივე, მაგრამ ფიქრადაც არ გამივლია, პასუხი გამეცა მათთვის და არც ვაპირებ, სანამ ღრმად არ გავიაზრებ თვითონ კითხვას.

     განა ამქვეყნად ცოტანი არიან სულით უქნარა ადამიანები, ან თუნდაც ხალხი, რომელთაც სულაც არ უშლის ეს ხელს, ბეჯითად იმოღვაწეონ ეკონომიკურსა თუ სხვა მსგავს სფეროებში, რადგან ისინი, ეტყობა, უფრო დოგმატიზმისკენ არიან მიდრეკილი ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რაღაც მიზნით, თუ სულაც უმიზნოდ. სულით უქნარობა კი მათს კრიტიკულსა თუ სკეპტიკურ პოზიციაზეც მიგვანიშნებს.

     სკეპტიკურს-მეთქი, რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს ამ სიტყვის ეტიმოლოგიური და ფილოსოფიური მნიშვნელობა, რამეთუ სკეპტიკოსი მარტო დაეჭვებულ კაცს როდი გულისხმობს, არამედ ისეთსაც, ვინც იკვლევს და იძიებს, ვინც საპირისპიროსაც ამტკიცებს და ზოგჯერ კიდეც ჰგონია, რაღაცას მივაგენი, რაღაცა ამოვხსენიო. მაგრამ არიან ისეთებიც, პრობლემებს რომ ეჭიდებიან და არიან კიდევ სხვებიც, პირდაპირ, მზამზარეულ ფორმულებს რომ გვთავაზობენ, სულერთია, სარწმუნო იქნება თუ არა.

     წმინდა ფილოსოფიური თვალსაზრისით, ნამდვილად წინდაუხედაობა იქნებოდა რამის ხელაღებით მტკიცება, მით უმეტეს, რომ საკითხის დასმა უკვე შემდგომი ნაბიჯის პირობაა.

     როცა ანგარიში აგვერევა, წავშლით და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ, ეს მაინცდამაინც საქმის დიდი დაწინაურება არ არის, მაგრამ თუ სახლი დანგრევის პირზეა მისული, ანუ საცხოვრებლად უვარგისია, ჯობია დავანგრიოთ, ვიდრე შევაკეთოთ და გავამაგროთ; ამას გვირჩევნია, ძველი მასალა გამოვიყენოთ და ახალი ავაშენოთ, ოღონდ დანგრევით კი უეჭველად უნდა დავანგრიოთ. ამასობაში მობინადრეებმა შეიძლება სადმე შეაფარონ თავი, თუნდაც ქოხი იყოს, ხოლო თუ ქოხიც ვერ მოიძებნება, პირდაპირ მინდორში, ცის ქვეშაც კი გაათენონ.

     ამავე დროს – ჩვენი პრაქტიკული ცხოვრებიდან გამომდინარე – არც ის დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ გარკვეული მეცნიერული დასკვნებიც გავითვალისწინოთ. ადამიანები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ჰიპოთეზებისა და საკმაოდ მყიფე განმარტებების იმედად და ზოგჯერ უიმისოდაც. როცა საქმე დამნაშავის დასჯას ეხება, ხშირად იმაზეც კი ვერ მორიგებულან, აქვს თუ არა კაცს თავისუფალი ნების გამოვლინების უფლება; ასეა, ხან იმასაც ვერ ვხვდებით, ცემინებას ხახის გაღიზიანება რომ იწვევს.

     ვინც იმ აზრზე დგას, ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვის შიში რომ არა, ადამიანები უფრო უკეთურები იქნებოდნენო, მათ გასაგონად ვიტყოდი, ცდებიან-მეთქი; კიდეც რომ აიღონ ხელი იმქვეყნიური ცხოვრების რწმენაზე, იმის გამო კი არ გახდებიან უარესები, არა, პირიქით, უმალ სხვა გზებს დაუწყებენ ძებნას თავის გასამართლებლად; ხოლო ვინც უზაკველია, ის ისედაც უზაკველია და არა ამ მოარული რწმენის შიშით. ამდაგვარი სჯა-ბაასი იმათთვისაა ძნელიც და ბნელიც, ვისაც ეს კითხვები მოსდის თავში და ეჭვიც არ მეპარება, ის სულის სიზანტითაც იქნება შეპყრობილი.

     „კარგი, მაგრამ, – ვეკითხები საკუთარ თავს, – მაინც რა არის შენი რელიგია?“ – და თავადვე ვპასუხობ – ჩემი რელიგია არის ჭეშმარიტების ძიება ცხოვრებაში და ცხოვრებისა – ჭეშმარიტებაში, თუნდაც ვიცოდე, ჩემს სიცოცხლეში ამას ვერ მივაღწევ, ჩემი რელიგია არის დაუცხრომელი და დაუსრულებელი ბრძოლა იდუმალებასთან. ჩემი რელიგია არის ბრძოლა ღმერთთან მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, სწორედ ისეთი ბრძოლა, იაკობი რომ ებრძოდა მას. არაფერს დავთმობ იდუმალებისა თუ შეუცნობელის წინაშე, – როგორც წერენ ხოლმე პედანტები, – ვერც იმას დავჯერდები, „ბედს ვერსად წაუხვალო“, რომ აუკვიატებიათ. ვგმობ ამ თქვენს გაქვავებულ იგნორაბიმუს-ს, სულერთია, ვერავინ და ვერაფერი ამაღებინებს ხელს ამ ბრძოლაზე; დიახ, მე ვბედავ მივწვდე მიუწვდომელს.

    „იყავით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცითაი სრულ არს“, – გვიბრძანა ქრისტემ და თუმცა ეს მიუწვდომელი იდეალია, სწორედ ამ მიუღწეველით დაუდო ზღვარი ჩვენს შესაძლებლობას. და ასეცააო, იტყვიან თეოლოგები ჩვეული შემწყნარებლობით, მე კი მაინც ჩემსას ვეცდები და ვიბრძოლებ, სანამ სული მიდგას და ძალა შემწევს, გამარჯვებაზე არც ვიფიქრებ. მაგრამ განა არსებულა კი ოდესმე ჯარი, თუნდა ხალხი, დამარცხებამდე რომ დაეყარა ფარ-ხმალი? ან თუ საქებარ-სადიდებლად გაგვიხდია ვინმე, სიცოცხლის ფასად რომ დანებებია მტერს.

    მაშინ ეს ყოფილა ჩემი რელიგიაც!

    რაკი მაინც მაძლევენ ასეთ კითხვას, მაშასადამე, პასუხად ან დოგმას ელოდებიან, ან ამომწურავ პასუხს, მერე შვებით რომ ამოისუნთქონ და კვლავაც იმ თავიანთ სულიერ მცონარობას მიეცნენ. მაგრამ მარტო ამას როდი სჯერდებიან, ერთი სული აქვთ, სანამ დამშლიდნენ, დამანაწევრებდნენ და თავიანთი კლასიფიკაციის მიხედვით იმ უჯრედში მომათავსებდნენ, სულებისთვის რომ აქვთ განკუთვნილი. ამიტომაა ხან ლუთერანს რომ მიწოდებენ, ხან კალვინისტს, ხან კათოლიკედ მნათლავენ და ხანაც ათეისტად, ზოგჯერ რაციონალისტობას მწამებენ, ზოგჯერ მისტიკოსად მაცხადებენ და ვინ იცის, კიდევ რას არ მაბრალებენ, თუმცა, ეჭვიც არ მეპარება, არცერთი ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ ესმით და არ ესმით იმიტომ, რომ ფიქრით თავს არ აიტკივებენ. მძულს ყოველგვარი კლასიფიკაცია, რამეთუ მე, მიგელ დე უნამუნო, თანაბრად სხვა ყველა ადამიანისა, ნებისმიერი ადამიანისა, ვინც კი სრულყოფილებას ელტვის, უნიკალურ მოდგმას ვეკუთვნი. „ არ არსებობს სნეულება, არსებობენ სნეულები“, – იტყვიან ექიმები, მე კი ჩემსას დავძენდი – „არ არსებობს აზრი, არსებობენ მოაზროვნენი.“

     რელიგიის სფეროში თითქმის არაფერია ისეთი, რაციონალური ახსნა რომ არ მოეძებნებოდეს, მაგრამ მე არც სურვილი მაქვს და არც შემიძლია ლოგიკურ კავშირებს დავუწყო ჩხრეკა, აკი რაციონალისტური სწორედ ლოგიკაა. დიახ, ქრისტიანი გახლავართ, მტკიცედ ვდგავარ ქრისტიანულ რწმენაზე.

     დიახ, მთელი გრძნობითა და გულით, მაგრამ ქრისტიანული აღმსარებლობის ერთი რომელიმე დოგმა მაინც არ არის ჩემთვის ამოსავალი. ასევე ქრისტიანად მიმაჩნია ყველა, ვინც ქრისტეს მიმართ მოწიწებითა და სიყვარულითაა გამსჭვალული, ეგ არის, ორთოდოქსებს ვერ ვეგუები, თუნდა კათოლიკები იყვნენ და თუნდაც პროტესტანტები, – თუმცა ისინი ვერც ერთმანეთს ეგუებიან, – ამის გარდა, ისინი ხომ ქრისტიანებად არ მიიჩნევენ მათ, ვისაც მათებურად არ ესმის სახარება; ისეთი პროტესტანტი ქრისტიანებიც ვიცი, უნიტარისტებს ქრისტიანებად რომ არ თვლიან.

     გულახდილად ვამბობ, ვერანაირი რაციონალისტური მტკიცებულება ღმერთის არსებობა-არარსებობის შესახებ, ვერაფერში მარწმუნებს. რაგინდ გონივრული დასკვნები მომიტანონ ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად, მე მაინც ვიტყვი, ეს ყველაფერი პარალოგიზმზეა აგებული-მეთქი და ამოსავალი დებულებაც საკამათოა. ამ საკითხში კანტს ვეთანხმები; მაგრამ ამ თემაზე კამათს თავს ვარიდებ, რადგან ხარაზს ხარაზის ენაზე უნდა ელაპარაკო.

     ვერასოდეს ვერავინ დამარწმუნა, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ვერც მისი არარსებობა დამაჯერა ვინმემ გონივრულად. ათეისტების აზრები კიდევ უფრო ზერელე და უნიადაგო მეჩვენება, ვიდრე მათი მოპაექრეებისა და თუ მე მაინც მწამს ღმერთი, ანდა ყოველ შემთხვევაში, მწამს მისი რწმენა, ყველაზე უფრო იმიტომ მწამს, რომ თავად მე მინდა ღმერთი არსებობდეს და მერე კიდევ იმიტომაც, რომ მე მას ვჭვრეტ გულით, იგი გაცხადებულია სახარებაში და ისტორიაში, თუმცა, ბოლოსდაბოლოს, ეს მაინც გულიდან მოდის.

    ამით ის მინდა ვთქვა, რომ ისე მაინც არა ვარ დარწმუნებული, როგორც, ვთქვათ იმაში, ორჯერ ორი რომ ოთხია.

    ამდენს რომ ვმსჯელობ, იმიტომ ვმსჯელობ, რომ ჩემმა ცნობიერებამ მოსვენება დაკარგა და ვერც სანუგეშოს რასმე ვხედავ ჩემს გაჩენაში, თორემ ამაზე ფიქრით თავს ასე რიგად არ ავიტკივებდი. მაგრამ ვაი რომ, მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი სულიერი ცხოვრება ამ ფიქრებში გადის, რომ მთელი ჩემი მოღვაწეობის მამოძრავებელი ძალა ესაა; ვერც იმით ვანუგეშებ თავს ზოგიერთებივით, ერთთავად რომ გაიძახიან, არ ვიცი და სულერთია, მაინც ვერაფერს გავიგებო. ცხადია, არც მე ვიცი და ეგებ მართლა ვერც ვერასოდეს ვერაფერი გავიგო, მაგრამ მე მაინც მინდა ვიცოდე! მინდა და მორჩა!

     და აი, ასე, ამ ბრძოლაში გადის ჩემი ცხოვრება, ამ იდუმალებასთან, ამოუცნობთან ბრძოლაში ილევა ჩემი დღენი და თუმცა კი იმედი არცა მაქვს, ოდესმე თუ ჩავწვდები ამ საიდუმლოს, ჩემი მასულდგმულებელი და მანუგეშებელი მაინც ეს ბრძოლაა. დიახ, ბრძოლაა ჩემი ერთადერთი იმედი, უკვე იმასაც შევეგუე, რომ ვეძიო იმედი თვით უიმედობაში; დაე ნუ აყაყანდებიან უბირები და ჩიტირეკიები ეს ხომ პარადოქსიაო!

     არ მახსენდება არცერთი კულტურული ადამიანი, ვისაც ეს პრობლემა არ აფიქრებდეს, თუმცა არც თუ დიდი იმედი მაქვს კულტურისა – კულტურა და ცივილიზაცია ხომ ერთი და იგივე მაინც არ არის, – დიდი იმედი არა მაქვს-მეთქი იმათი, ვინც ისე ცხოვრობს, ეს პრობლემა მეტაფიზიკური თვალსაზრისით რომ არ აინტერესებდეს და მარტო ერთ, სოციალურსა თუ პოლიტიკურ ასპექტში განიხილავდეს; კიდევ უფრო ნაკლები იმედი მაქვს იმ ადამიანებისა, ანდა ხალხისა, ვინც გონებრივი სიზანტის, ზერელობის, მეცნიერებისა და ვინც იცის, კიდევ რამდენი სხვა მიზეზის გამო, სულ არ ზრუნავენ სულის გამდიდრებაზე და ყურსაც არ ათხოვებენ გულის უწყვეტ შფოთვას; არც იმათგან ველოდები რასმე, ვინც ნიადაგ გაიძახის: „ამაზე ფიქრი არც ღირს!“ ძალიან ცოტა იმედი მაქვს იმათიც, ვისაც ზეცის და ჯოჯოხეთის ისევ ისე სჯერა, ბავშვობაში რომ გვჯეროდა, ხოლო არავითარი იმედი არა მქვს იმათი, ვინც უბირის თავდაჯერებით ამტკიცებს, „ეს ყველაფერი მითია და ზღაპარი, კაცი რომ მოკვდება, მიწაში ჩაფლავენ და ყველაფერი ამითი მთავრდებაო!“ და თუ სულ ერთი ბეწო იმედი მაინც მაქვს, ისევ იმათი იმედი მაქვს, ვინც უარყოფით კი უარყოფს, მაგრამ ვერ ისვენებს, ვინც გამუდმებით იბრძვის ჭეშმარიტებისთვის და ამისთვის სიცოცხლესაც არ იშურებს, იბრძვის თვითონ ბრძოლისთვის და არა გამარჯვებისთვის.

     მე თავად ნიადაგ იმას ვცდილობდი და ვცდილობ, ავაფორიაქო მოყვასი ჩემი, შევაშფოთო მისი გული და თუ შევძლებ, შიშიც კი აღვუძრა. მე უკვე ვთქვი ჩემს „დონ კიხოტისა და სანჩოს ცხოვრებაში“, რომ ეს ჩემი ყველაზე გულწრფელი აღსარებაა.

     სხვებიც რომ ჩემსავით ეძიებდნენ და იბრძოდნენ, ეგებ ყველა ერთად სულ პაწაწა საიდუმლოს მაინც გამოვტყუებდით უფალს. თუ არადა, ეს ბრძოლა ოდნავ მაინც ხომ გაგვაკეთილშობილებს და სულით აღგვამაღლებს.

     ამ ნაშრომის, ამ რელიგიური ნაშრომის გულისთვის, იძულებული გავხდი ჩემს კასტილიურ სოფლებში, კასტილიურად მოლაპარაკე ხალხში თავი ისე წარმომეჩინა, ვითომ ერთი ვინმე უსულგულო, რეგვენი და უკმეხი კაცი ვიყავი, ხანაც ჯიუტი და მოურიგებელი. ამ ხალხს ხომ სულის სიზანტისა და უხალისობის ჭია ღრღნის, კათოლიკური დოგმებისა, თავისუფალი აზროვნებისა თუ მეცნიერებისგან ერთიანად გამოთაყვანებულები არიან. ჩვენს უნიათო ლიტერატურაშიც ძლივს გაიგონებთ გულის სიღრმიდან ამოხეთქილ, აღშფოთების ყვირილს, ჩვენი მწერლებისთვის ასეთი რამ სრულიად უცხოა, რადგან სულ იმის შიში აქვთ, ვაითუ სასაცილო გამოვჩნდეთო, სულ იმის ფიქრში არიან, ვინმემ მასხრად არ აგვიგდოსო, ვინმეს თვალში არ მოვხვდეთო. მე კი ასე ერთი დღეც ვერ გავძლებ, თუ საყვირელია, კიდეც ვიყვირებ, ქცევის წესებს დიდად არ დაგიდევთ. ხოლო ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც არ მწყალობენ ეს ჩვენი ზრდილი, წესიერი, თადარიგიანი, ჭკუადამჯდარი თანამოკალმეები; ის კი არადა, კიდევ დაგარიგებენ, მიგითითებენ, ჭკუას გასწავლიან, ასე და ასე უნდა მოიქცეო.

     ეს ანარქისტი ლიტერატორები ყველაზე მეტად ვითომ სტილსა და სინტაქსზე რომ ზრუნავენ, თვითონ როგორც უნდა დაარღვიონ რითმისა თუ რიტმის კანონები, თავი მაინც ისე უჭირავთ, თითქოს ასეც იყოს საჭირო, თავიანთ დისჰარმონიასაც ჰარმონიად მოგაჩვენებენ და კიდეც დაგაჯერებენ.

     როცა კი რამე მტკენია, კიდეც მიყვირია და მიყვირია საჯაროდ. თუ რამ ფსალმუნები მაქვს ჩემი „პოეზიის“ წიგნში, ყველა ჩემი გულიდან ამოხეთქილი ყვირილია. ვფიქრობდი ასე მაინც შევარხევდი სხვათა გულის სიმებს, მაგრამ თუ მათ ასეთი სიმები და მით უმეტეს, მტკივნეული სიმები არ გააჩნიათ, ან თუ გააჩნიათ, ისე აქვთ გახევებული, რომ ვერაფერი შეარხევთ, მაშინ ვერც ჩემი ყვირილი უშველით რამეს, იქნება ისიც კი თქვან, ეს რა პოეზიააო და მისი აკუსტიკის შესწავლასაც კი შეუდგნენ. ეს იმას ჰგავს, შვილის ყვირილის აკუსტიკა შეისწავლოს კაცმა, როცა მის თვალწინ მოულოდნელად უსულოდ დაეცემა მამა, მაგრამ თუ ადამიანს არც გული აქვს და არც მამა ჰყავს, იყოს თავისთვის.

     ჩემი „პოეზიის“ ფსალმუნები, სხვადასხვა კომპოზიციებთან ერთად, არის კიდეც ჩემი რელიგია, მაგრამ ისინი სიმღერებად გამოვთქვი და არა ლოგიკურად, ანდა რაციონალურად, დიახ, ესაა ჩემი სიმღერა, კარგია თუ ცუდი, მე ასე ვმღერი და ისეთი ხმა მაქვს, რაც უფალმა მომმადლა და ამის მსაჯული თავად ვერ ვიქნები. მაგრამ თუ ვინმე მათში ლოგიკას ან მეთოდს აღმოაჩენს და არა ცხოვრებას, რაკი იქ თვალსაც ვერ მოჰკრავს ვერც ფავნებს, ვერც დრიადებს, სილვანებს, დუმფარებს, აბსენტსა თუ აბზინდას, მწვანე თვალებსა და სხვა ზიზილპიპილებს, ასე თუ ისე მოდერნისტულს, რა გაეწყობა, იყოს ისიც თავისთვის, მისი გულის სიმებს ვერც ვიოლინოს ხემი ააჟღერებს და ვერც ჩაქუჩი შეარხევს.

     თუკი რამ არ მომწონს, ისევ და ისევ ჩემი კლასიფიცირებაა და სიკვდილი მირჩევნია, ვიდრე ვიღაც სულით მცონარამ გამაგონოს, „ეს სენიორი ვიღა ბრძანდებაო!“ ლიბერალები თუ პროგრესისტები შესაძლოა რეაქციონერადაც კი მთვლიან, ან იქნებ მისტიკოსად, თუმცა დარწმუნებული ვარ, არც ამისა გაეგებათ რამე, ხოლო მათზე უფრო უარესი კონსერვატორები და რეაქციონერები კი სულიერი ანარქისტის იშვიათ ნიმუშად მიიჩნევენ, და ბოლოს, ყველას ერთად უთუოდ ერთი ახირებული ვინმე ვგონივარ, თავში რომ ჭრიჭინები უჭრიჭინებენ და იმის სურვილი კი აქვს, გამოჩენილი და განსაკუთრებული კაცის სახელი მოიპოვოსო, მაგრამ განა შეიძლება კაცი ამ რეგვენთა აზრებმა დააფრთხოს, თუნდა კონსერვატორები დაარქვით და თუნდა ლიბერალები, ანდა რეაქციონერები.

     რაც გინდა იყოს, კაცი მაინც ჯიუტია და რამდენიც გინდა უჩიჩინო, მაინც თავისას იზამს; ასე რომ, ამ კითხვის ავტორი თუ მაინც წაიკითხავს ჩემს პასუხს, ოთხი საათის შეგონების მიუხედავად, კვლავ გაიმეორებს: „კარგი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, რა დასკვნა გამოიტანეთ?“ მეც ავდგები და დასკვნის მაგივრად ვიტყვი, თუ მაინცდამაინც დასკვნა გნებავთ, მოპირდაპირე მაღაზიაში მიბრძანდით, ჩემთან ასეთი საქონელი არ იყიდება-მეთქი. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, არის და იქნება ის, რომ ჩემი მკითხველი თვითონვე მიხვდეს და შეიგნოს, მე მას არასოდეს შევთავაზებ მზამზარეულ აზრებს. თავად ნიადაგ შფოთიანი და მღელვარე ცხოვრებით რომ ვცხოვრობ, სხვასაც ამასვე ვკარნახობ და ამისკენ ვუბიძგებ, ჭკუას კი არ ვასწავლი?! და თუ მაინც ვყიდი პურს, ყველამ კარგად იცოდეს, რომ ეს მარტო პური როდია, უფრო მეტად საფუარია ან ფერმენტი.

     ისეთი მეგობრებიც მომეპოვება, კარგი მეგობრები რომ ჰქვიათ, რომლებიც მირჩევენ, ამ საქმეს მოეშვი და რაიმე ისეთს მოჰკიდე ხელი, რეალური რომ იყოს, რაღაც გარკვეული, კონსტრუქციული, მყარი რომ ერქვასო; ეტყობა, დოგმატურიო, უნდოდათ ეთქვათ. მე კი ყველას გასაგონად ვაცხადებ, რაც არ შემიძლია, არ შემიძლია, მე მოვითხოვ თავისუფლებას, ჩემს წმინდა თავისუფლებას, დაე, საკუთარ თავს დავუპირისპირდე, თუკი ასეთი რამეც მოხდება. ვერ ვიტყვი, სიკვდილის შემდეგაც შემორჩება თუ არა წლებსა და საუკუნეებს ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი, მაგრამ ის კი დაბეჯითებით ვიცი, ზღვა რომ ღელავს და ტალღები ნაპირს აწყდება, ხანდახან შენელდება, მაგრამ ზღვა მაინც სულ ბორგავს და ახალ-ახალ ტალღებს წარმოქმნის.

     მაშინ ჩემი ნაფიქრ-ნააზრევიც თუ ერთხანს მიყუჩდა, კვლავ აზავთდება და არ ექნება დასასრული.

      განა დიდი სიკეთე და მადლი არ არის, რომ მთვლემარე გამოაფხიზლო, მცონარი შეანჯღრიო, ანდა უდიდესი რელიგიური სათნოება არ არის, რომ მიწყივ ეძიო ჭეშმარიტება და სადაც მოგხვდება, ყველგან და ყოველჟამს ამხილო სიცრუე, სიბრიყვე და უზნეობა!

     ასე და ამგვარად, ჩემმა ჩილელმა მეგობარმა უკვე იცის, რა პასუხი უნდა მიაგოს იმ აბეზარ ხალხს, ვინც კვლავაც დაიჩივლებს ჩემი რელიგიის გაუგებრობის თაობაზე, მაგრამ თუკი ერთ ისეთ ბრიყვს მაინც გადააწყდება, ვისაც ჰგონია, ვითომ მე ავი თვალით ვუყურებ ჩემს ხალხს ანდა ჩემს ქვეყანას, როცა მის რომელიმე უბირსა და გონდახშულ შვილზე ამდენს გავყვირი, მაშინ ჯობია, არც არაფერი უპასუხოს.

ტეგები: Literature, Miguel, Qwelly, Unamuno, de, literature, miguel de unamuno, qwelly, ადამიანი, ავტორი, მეტი...აღმსარებლობა, დე, ლიტერატურა, მიგელ, მიგელ დე უნამუნო, პროზა, რელიგია, უნამუნო, ქველი, ჩემი

ნახვა: 266

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters