ანტონ ჩეხოვი - პალატა ნომერი 6

I

   საავადმყოფოს ეზოში პატარა ფლიგელია. მის გარშემო ბირკის, ჭინჭრის და კანაფის მთელი ტყეა. სახურავი მისი ჟანგს შეუჭამია. წყლის მილი სანახევროდ ჩამოქცეულა. პარმაღის ჩამომპალ საფეხურებზე ბალახს გადაუვლია. ხოლო ბათქაშისგან ნაკვალევიღა შთენილა.

ფლიგელის წინა მხარე საავადმყოფოსკენაა მიქცეული, უკანა კი მინდვრისკენ, რისგანაც ნაცრისფერი, ლურსმნებით შეჭედილი ღობე ჰყოფს. ამ ლურსმნებს, მაღლა აჩხვერილ წვეტებით, ამ ღობეს და თვით ფლიგელს ისეთი განსაკუთრებულად ნაღვლიანი და სამწუხარო ელფერი დაჰკრავს, რითაც ჩვენში საავადმყოფოსა და საპატიმროს ნაკეთობანი გამოირჩევა ხოლმე.

თუ ჭინჭრისა არ გეშინიათ, გავყვეთ საცალფეხო ბილიკს ფლიგელისკენ და ერთი შევიხედოთ, რა ხდება შიგ. როგორც კი პირველ კარს გავაღებთ, აღმოვჩნდებით წინკარში. აქ კედლებთან ჰყრია საავადმყოფოს ნაყარ-ნუყარის მთელი გროვა: ლეიბები, ძველი, გაქუცული ხალათები, საცვლები, ლურჯზოლიანი პერანგები, სრულიად ყავლგასული, გაცვეთილი ფეხსაცმლები. მთელი ეს ძონძები ერთადაა დაყრილი, არეულ-დარეულა, ლპება და გამოსცემს მახრჩობელა სუნს.

ამ ნაყარ-ნუყარზე კბილებში მუდამ ჩიბუხგაჩრილი დარაჯი ნიკიტა წევს – დიდი ხნის გადამდგარი სალდათი, გამოხუნებული და დაკერებული ტანისამოსით. პირქუშია და გალეული. დაბლა დახრილი წარბებით ტრამალის ქოფაკსა ჰგავს. ცხვირი წითელია. ტანად დაბალი ეთქმის. უხორცოა და დაძარღვული.

მაგრამ შესახედაობა მაინც შთამბეჭდავი აქვს და მუშტებიც მაგარი უჩანს. მიეკუთვნება იმ გულუბრყვილო, მორჩილ და ჩლუნგ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც ამქვეყნად ყველაზე მეტად წესრიგი უყვართ. ამიტომ დარწმუნებულნი არიან, რომ მათ უნდა ურტყა.

თვითონაც ურტყამს: სახეში, გულმკერდში, ზურგზე. ურტყამს ყველაფრით, რაც ხელში მოჰყვება. თან სწამს, რომ სხვაგვარად წესრიგი ვერ დამყარდება.

კიდევ ერთ კარს შეაღებთ და თქვენ შედიხართ დიდ, ვრცელ ოთახში. მას უკავია თითქმის მთელი ფლიგელი, თუ წინკარებს არ ჩავთვლით. კედლები აქ მოთხუპნულია უფერულ საღებავით. ჭერი გაჭვარტლულია, როგორც შუაცეცხლისგანაა ხოლმე უსაკვამურო ქოხში.

ეტყობა, აქ ზამთარში ღუმელები ბოლავს და სუნთქვა ჭირს. ფანჯრებს შიგნიდან რკინის გისოსები ამშვენებს.

იატაკი ნაცრისფერია და ხიწვიანი.

ჰყარს აქაურობა მჟავე კომბოსტოთი, პატრუქის ნამწვით, ბაღლინჯოებითა და ამიაკით. ეს სუნი იმთავითვე გაფიქრებინებთ, რომ თქვენ შეაბიჯეთ სამხეცეში.

ოთახში საწოლებია. ისინი იატაკზეა მიხრახნილი. მათზე სხედან და წვანან ადამიანები. აცვიათ საავადმყოფოს ლურჯი ხალათები. თავზე ძველებური ჩაჩი ახურავთ. ისინი გიჟებია. სულ ხუთნი არიან. ერთი კეთილშობილი წოდებისა ურევიათ, დანარჩენი მდაბიოებია.

კარიდან პირველი მაღალი, ხმელ-ხმელი მდაბიო, წითური, მბზინავი ულვაშებით და ნამტირალევი თვალებით, ზის თავდახრილი და ერთ წერტილს მიშტერებია.

დღე და ღამე შავნაღვლიანობს, თავს აქნევს, ამოიოხრებს და მწარედ გაიღიმებს. საუბრებში იშვიათად ერთვება და კითხვებზე პასუხს არ იძლევა. ჭამს და სვამს მექანიკურად, როცა აძლევენ. თუ ვიმსჯელებთ მტანჯველი, დაძაბული ხველების, სიგამხდრისა და შეწითლებულ ღაწვების მიხედვით, მას ჭლექი ეწყება.

მის გვერდით პატარა, მკვირცხლი, ძალიან მოძრავი მოხუცია. წაწვეტებული წვერი აქვს და შავი,

ხუჭუჭა თმები, ვითარცა ზანგს. დღისით ბოლთასა სცემს პალატაში ფანჯრიდან ფანჯრამდე ან ზის თავის ლოგინზე, თურქულად ფეხმორთხმული. განუწყვეტლად უსტვენს ჩიტივით, ხმადაბლა ღიღინებს და თავისთვის ხითხითებს.

ბავშვურ მხიარულებასა და ცოცხალ ხასიათს ამჟღავნებს ღამითაც. ადგება ხოლმე სალოცავად ანუ იწყებს მკერდზე მუშტების ბრაგუნს და კარებში თითებით ფხაკუნს. ეს მოსე ურიაა. ჭკუიდან შეიშალა ოცი წლის წინ, როცა ქუდების სახელოსნო დაეწვა.

მეექვსე პალატის მობინადრეთაგან მას ერთს რთავენ ფლიგელიდან გასვლის ნებას. ხანდახან ქუჩაშიც კი უშვებენ საავადმყოფოს ეზოდან. ამ შეღავათით ის კარგა ხანია სარგებლობს; ალბათ იმის გამო, რომ საავადმყოფოს ძირძველი მკვიდრია და თანაც წყნარი, უწყინარი ავადმყოფია. ქალაქის მასხარასავითაა. მიეჩვივნენ მის ხილვას მოჟრიამულე ბიჭუნებსა და აყეფებულ ქუჩის ძაღლებს შორის.

საავადმყოფოს ხალათში გამოწყობილი, სასაცილო ჩაჩითა და ღრანჭმოქცეულ ფეხსაცმლით, ხანდახან ფეხშიშველა და ქვედა საცვლის გარეშეც კი, დაეხეტება იგი ქუჩებში და მოწყალებას ითხოვს. ერთგან ბურახით გაუმასპინძლდებიან, სხვაგან პურით, ზოგან გროშით. ასეა, ბრუნდება იგი ფლიგელში, როგორც წესი, დანაყრებული და გამდიდრებული.

მონაგარს იქვე ართმევს ნიკიტა და თვითონ ითვისებს. შვრება ამას ტლანქად და გემოს ჩატანებით. ამოუტრიალებს ჯიბეებს და ღმერთს ჰფიცავს, რომ ამიერიდან თავის დღეში აღარ გამოუშვებს ურიას ქუჩაში. დიახ, ასე იზამს, რადგან უწესრიგობა ყველაზე საძაგელი რამ არი ამქვეყნად!

მომსახურება უყვარს მოსეს. ამხანაგებს წყალს დაალევინებს ხოლმე; საბანს გაუსწორებს, როცა მათ სძინავთ; ჰპირდება, რომ ნაშოვარ გროშებით ახალ ქუდებს შეუკვეთავს მათთვის.

ის აჭმევს ხოლმე კოვზით თავის მეორე მეზობელს ხელმარცხნივ, დამბლიანს. ასე იქცევა არა თანაგრძნობის, ან რაიმე კეთილშობილური მოსაზრების, არამედ წამხედურობის გამო – ჰბაძავს და უნებლიედ ემორჩილება მისგან ხელმარჯვნივ მწოლიარე მეზობელს, გრომოვს.

ივან დმიტრიჩ გრომოვი ოცდაცამეტი წლისაა, კეთილშობილთა წრიდან, ყოფილი სასამართლოს ზედამხედველი და საგუბერნიო მდივანი. შეპყრობილია დევნის კვიატით. წევს ლოგინზე მოკუნტულად ან ბოლთასა სცემს ერთი კუთხიდან მეორემდე, თითქოს გასაკაჟებლად. ძალიან იშვიათად თუ ჩამოჯდება. სულ აგზნებულია, ღელავს და რაღაც ბუნდოვანის, გაურკვევლის მოლოდინითაა დაძაბული. საკმარისია რაღაც გატოკდეს წინკარში ან ვიღაცამ დაიძახოს ეზოში, რომ ცქვიტოს ყური და სმენად იქცეს: მას ხომ არ ეძებენ?! ამ დროს მისი სახე გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და ზიზღს.

მომწონს მისი ფართო, ღაწვმაღალი პირისახე, მუდამ ფერმკრთალი და უბედური. ირეკლავს იგი, ვითარცა სარკე, ბრძოლით და ხანგრძლივი შიშით დატანჯულ სულს. სახე უცნაურად და ავადმყოფურად ემანჭება. მაგრამ ნატიფ ნაკვთებს ღრმა და გულწრფელი ტანჯვის, გონიერების ბეჭედი აზის. თვალებშიც თბილი და ჯანსაღი სხივია ჩამდგარი.

მომწონს იგი თავად, მისი პიროვნება – ზრდილი, თავაზიანი, ყველასთან უჩვეულოდ დელიკატური. ოღონდ არა ნიკიტასთან! როცა ვინმეს დაუვარდება ღილი ან კოვზი, ის სწრაფად წამოდგება ლოგინიდან და აიღებს. ყოველ დილით ამხანაგებს «მშვიდობის დილას» მიულოცავს, ხოლო დასაძინებლად დაწოლისას «ღამე მშვიდობისა»-ს ეტყვის.

გარდა მუდმივად დაძაბული მდგომარეობისა და სახის მანჭვისა, მისი შეშლილობა კიდევ ერთ რამეში იჩენს თავს. ხანდახან საღამოობით გაეხვევა თავის ხალათში, აცახცახდება მთელი ტანით, აუკაწკაწდება კბილები, იწყებს სწრაფი ნაბიჯებით ბოლთისცემას კუთხიდან კუთხეში და საწოლებს შორის. გეგონება, ძლიერმა ციებ-ცხელებამ თუ დარიაო ხელი.

უცბად შეჩერდება და ჩააცქერდება ამხანაგებს. ეტყობა, რაღაც მნიშვნელოვანის თქმა სურს. მაგრამ, როგორც ჩანს, არა აქვს იმედი, რომ მოუსმენენ ან გაუგებენ. ამიტომ მოულოდნელად აიქნევს თავს და განაგრძობს ბოლთისცემას.

ისევ, მალევე სურვილი თქმისა იძალებს და ისიც იწყებს ლაპარაკს მხურვალედ და ვნებით. ამ დროს მისი მეტყველება არეულია, ვითარცა ბოდვა და ალაგ-ალაგ გაუგებარია. მაგრამ სიტყვებშიც და ხმაშიც ჩამდგარია რაღაც ძალიან კარგი.

როცა ის ლაპარაკობს, ერთდროულად ხედავთ შეშლილსაც და ადამიანსაც. ძნელია ქაღალდზე გადმოსცე მისი უგონო სიტყვა.

ლაპარაკობს ის ადამიანთა უსინდისობაზე; ძალადობაზე, რაიც ფეხქვეშ თელავს სიმართლეს; მშვენიერ ცხოვრებაზე, ერთხელ რომ დადგება დედამიწაზე; ფანჯრის გისოსებზე, მას რომ თურმე მიწყივ მოძალადეთა სიჩლუნგესა და სისასტიკეს აგონებს.

გამოდის უწესრიგო, დაულაგებელი პოპური ძველ, მაგრამ ბოლომდე ამოუთქმელ სიმღერებისა.

 

II

ასე თორმეტი-თხუთმეტი წლის წინ ქალაქში, უმთავრეს ქუჩაზე, საკუთარ კერძო სახლში ცხოვრობდა ჩინოვნიკი გრომოვი – კაცი, სოლიდური და შეძლებული.

ორი ვაჟი ჰყავდა: სერგეი და ივანე. სერგეი მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა სწრაფი ჭლექი შეეყარა და მიიცვალა.

აქედან წაეწყო და წაეწყო უბედურებათა მთელი წყება, სეტყვასავით რომ დაატყდა გრომოვების ოჯახს. კვირაც არ გასულა სერგეის დასაფლავებიდან, რომ მოხუცი მამა სამართალში მისცეს სიყალბეებისა და გადახარჯვებისთვის. იგი მალევე მოკვდა ციხის საავადმყოფოში ტიფისგან. სახლი და მთელი მოძრავი ქონება აუქციონზე გაუყიდეს. ივანე, დედასთან ერთად, სრულიად უსახსროდ დარჩა.

აქამდე ივანეს წარმოდგენაც კი არა ჰქონდა გაჭირვებაზე. ცხოვრობდა პეტერბურგში. იქვე სწავლობდა უნივერსიტეტში. ოჯახიდან თვეში სამოც-სამოცდაათ რუბლს უგზავნიდნენ. ახლა კი მისი ცხოვრება მკვეთრად იცვლებოდა.

გაკვეთილები აიღო, გადამწერობაც იკისრა და დილიდან საღამომდე დოღის ცხენივით

დარბოდა გროშის ფასად. მაინც მშიერი რჩებოდა, რადგან წვალებით ნაშოვნ გროშებს დედას უგზავნიდა გამოსაკვებად.

ასეთ ცხოვრებას ვეღარ გაუძლო. გული გაუტყდა, დაუძლურდა, თავი დაანება უნივერსიტეტს და შინ დაბრუნდა. აქ, თავის პატარა ქალაქში, ახლობლის დახმარებით, მასწავლებლის ადგილი მიიღო სამაზრო სასწავლებელში. მაგრამ ვერ შეეწყო ამხანაგებს. მოსწავლეებსაც არ მოეწონათ. ამიტომ მალევე გაეცალა იქაურობას.

ამასობაში დედა გარდაეცვალა. ივანე ნახევარი წელი დადიოდა უმუშევრად. დარჩა პურის და წყლის ამარა. შემდეგ სასამართლოს ზედამხედველად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მუშაობდა, სანამ არ გაუშვეს ავადმყოფობის გამო.

იგი არასოდეს, ახალგაზრდობის წლებშიც კი, არ ტოვებდა ჯანმრთელი კაცის შთაბეჭდილებას. სულ ფერმკრთალი და გამხდარი იყო. ადვილად ცივდებოდა. ცოტას ჭამდა. ცუდად ეძინა. ერთი ტოლჩა ღვინისგან უკვე თავბრუ ეხვეოდა და ისტერიკა ემართებოდა.

ადამიანებისკენ მიუწევდა გული, მაგრამ ფიცხი ხასიათისა და ეჭვიანობის გამო ვერავის უახლოვდებოდა. ამიტომ მეგობრები არა ჰყავდა. თანაქალაქელებს აუგად იხსენიებდა. ამბობდა, რომ მათი ტლანქი უმეცრება და მთვლემარე ცხოველური ყოფნა ზიზღსა ჰგვრიდა.

ლაპარაკობდა გამკივანი ხმით, მხურვალედ; როგორც წესი, ან გულისწყრომითა და აღშფოთებით, ანაც აღტაცებითა და განცვიფრებით; და ყოველთვის – გულწრფელად.

რაზეც უნდა ჩამოგეგდო ლაპარაკი, მაინც იმით დაამთავრებდა, რომ ქალაქში სულის შემხუთველი და მოსაწყენი ცხოვრებაა; საზოგადოებას არ გააჩნია მაღალი ინტერესები, ჩაფლულია უღიმღამო, უაზრო ყოფაში და თავს ირთობს ძალადობით, ტლანქი გარყვნილებით და თვალთმაქცობით; რომ ნაძირალები ჭამენ და სვამენ, იცვამენ და იხურავენ, პატიოსანი ხალხი კი ნამცეცებით იკვებება; რომ საჭიროა სკოლები, ადგილობრივი გაზეთი პატიოსანი მიმართულებისა, თეატრი, სახალხო კითხვები, გონიერ ადამიანთა ერთობა, რათა საზოგადოებამ როგორმე მოჰკრას თვალი საკუთარ თავს და თავზარი დაეცეს.

თავის მსჯელობებში ადამიანის შესახებ ის სქლად უსვამდა ხოლმე საღებავებს; თან მხოლოდ შავსა და თეთრს. არა სცნობდა არავითარ სხვა ფერს. კაცობრიობას შეადგენდნენ პატიოსნები და ნაძირალები. არავითარი შუალედური მდგომარეობა! ქალებსა და სიყვარულზე ყოველთვის გულანთებულად და აღტაცებით ლაპარაკობდა, მაგრამ შეყვარებული არასოდეს ყოფილა.

მიუხედავად მისი მსჯელობების სიმკვეთრისა და აგზნებულობისა, იგი ქალაქში უყვარდათ და ზურგს უკან ვანიად მოიხსენიებდნენ. მისი თანდაყოლილი დახვეწილობა, თავაზიანობა,

წესიერება, ზნეობრივი სიწმინდე, აგრეთვე მისი გაცვეთილი სერთუკი, ავადმყოფური სახე და ოჯახური უბედურებანი იწვევდა კარგ, თბილ და სევდიან გრძნობას.

ყოველივე ამასთან ერთად, ის იყო განათლებული და წიგნიერი. ქალაქში ფიქრობდნენ, რომ მან იცოდა ყველაფერი და უყურებდნენ, როგორც ერთგვარ საცნობარო ლექსიკონს.

კითხულობდა მართლაც უზომოდ ბევრს. მომხდარა, რომ ზის და ზის კლუბში, ნერვიულად იწიწკნის წვერს, ფურცლავს და ფურცლავს ჟურნალებსა და წიგნებს. სახეზე ეტყობა: კი არ კითხულობს, ნთქავს; ისე, რომ გაღეჭვას ძლივსღა ასწრებს.

უნდა ვიფიქროთ, რომ კითხვა იყო მისი ერთერთი ავადმყოფური ჩვევა. მართლაც, ერთნაირად ხარბად ეწაფებოდა ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდებოდა; წინა წლის გაზეთებსა და კალენდარებსაც კი.

სახლში ის მუდამ წამოწოლილი კითხულობდა.

 

III

ერთხელ შემოდგომის დილით ივან დმიტრიჩს მაღლა აეწია თავისი პალტოს საყელო და მიტყაპუნობდა ტალახიან გზებით. სააღსრულებო ფურცელი უნდა მიეღო ერთი მდაბიოსგან. გუნება მოშხამული ჰქონდა, როგორც ყოველთვის დილაობით. ერთერთ შესახვევში შემოხვდა ორი ხელბორკილდადებული პატიმარი ოთხი შეიარაღებული ბადრაგის თანხლებით.

უწინაც ხშირად უნახავს ივან დმიტრიჩს პატიმრები. ისინი ყოველთვის იწვევდნენ მასში თანალმობის და უხერხულობის გრძნობას. ახლა კი ამ შეხვედრამ რაღაც განსაკუთრებულად და უცნაურად იმოქმედა. უცებ რატომღაც მოეჩვენა, რომ მასაც შეიძლება დაადონ ხელბორკილები და ასევე წაიყვანონ ტალახიან გზებით საპატიმროსკენ.

მდაბიოსთან ცოტა ხანი დაჰყო. შინისკენ რომ ბრუნდებოდა, ფოსტასთან ახლოს დაინახა ნაცნობი, პოლიციის ზედამხედველი. ერთმანეთს მიესალმნენ და რამდენიმე ნაბიჯი ერთად გაიარეს. აი ეს რატომღაც საეჭვოდ ეჩვენა.

სახლში მთელი დღე თავიდან ვერ ამოიგდო ის პატიმრები და თოფიანი სალდათები. გაუგებარი სულიერი ფორიაქი ხელს უშლიდა კითხვაში და გულისყურის მოკრებაში. საღამოთი ღუმელი

აღარ აუნთია, ღამით კი არ უძინია. ვერა და ვერ იცილებდა შესაძლო დაჭერის, ხელბორკილების დადების და დაპატიმრების შესახებ ფიქრს.

იცოდა, რომ სრულიად არაფერი დაუშავებია. შეეძლო დაეფიცა, რომ არც არასოდეს არავის მოჰკლავს, ცეცხლს არაფერს წაუკიდებს და არ მოიპარავს. მაგრამ განა არ შეიძლება დააშავო უცაბედად, უნებლიედ? განა გამორიცხულია, რომ ცილი დასწამონ ან ბოლოს და ბოლოს სასამართლო შეცდეს? ხომ ღაღადებს უძველესი ხალხური სიბრძნე, რომ ლაფაროდან ციხემდე ერთი ნაბიჯია? ხოლო სასამართლოს შეცდომა თანამედროვე საქმის წარმოებაში ძალიანაც მოსულა და არაფერი შეუძლებელი ამაში არაა.

მოსამართლეებს, პოლიციელებს, ექიმებს სამსახურებრივი, საქმიანი დამოკიდებულება აქვთ სხვის ტანჯვასთან. დროთა განმავლობაში, შეჩვევის ძალით, ისინი ისე გამოიწრთობიან, რომ არ ძალუძთ არ იყვნენ უგულონი თავიანთი მუშტრის მიმართ; არ ძალუძთ-მეთქი, ძალიანაც რომ სურდეთ. ამ მხრივ ისინი არაფრით განსხვავდებიან იმ გლეხისგან, ვინც სახლის ლაფაროში ყელს ჭრის ცხვარსა და ხბოებს, სისხლს კი ვერ ამჩნევს.

ხოლო პიროვნებისადმი ასეთი უსულგულო დამოკიდებულების დროს ადვილია ყველაფერი წაართვა უდანაშაულო ადამიანს და კატორღა მიუსაჯო. ამისათვის მოსამართლეს ერთადერთი

რამ სჭირდება – დრო. მხოლოდ დრო ამა თუ იმ ფორმალობის დასაცავად. ამისთვის მას ჯამაგირს უხდიან.

ჰოდა ყველაფერიც მორჩა. ეძებე მერე სამართალი ამ პატარა, ტალახიან, მიყრუებულ დაბაში; რკინიგზისგან ორასი ვერსის მოშორებით! მართლაცდა განა სასაცილო არაა ოცნებაც კი სამართალზე, როცა ყოველგვარ უსამართლობას ხალხი გონივრულ და მიზანშეწონილ აუცილებლობად აღიქვამს. ხოლო ყოველი შეწყალების აქტი, სიტყვაზე, გამამართლებელი განაჩენი, იწვევს უკმაყოფილებას და შურისძიების ტალღის აგორებას. დილით ივან დმიტრიჩი ლოგინიდან საშინელ გუნებაზე ადგა.

შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა. უკვე სრულიად დარწმუნებული იყო, რომ შეიძლება წუთი-წუთზე დაიჭირონ. რაღაი გუშინდელი მძიმე ფიქრები არა და არ ტოვებდნენ წამითაც, ეტყობა, რომ არის მათში სიმართლის ნაწილი. ან კი როგორ შეეძლოთ ამ ფიქრებს თავში შემოსვლა და მყარად დამკვიდრება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე? აი ასე ფიქრობდა იგი.

ქალაქის პოლიციელმა აუჩქარებლად ჩაიარა ფანჯარასთან. ეს შემთხვევით არაა. აი ორი კაცი გაჩერდა სახლთან ახლოს და სდუმან. რატომ სდუმან ისინი?

ივან დმიტრიჩისთვის დაიწყო მტანჯველი დღეები და ღამეები. ყველა, ვინც ფანჯარასთან ამოივლიდა და ჩაივლიდა, ან ეზოში შემოვიდოდა, ჯაშუშად და პოლიციის მოგზავნილად ეჩვენებოდა.

შუადღისას, ჩვეულებრივ, სამაზრო პოლიციის უფროსი ორთვალათი ჩამოივლიდა ქუჩაზე. გარეუბანში მამული ჰქონდა და იქიდან მოემართებოდა პოლიციის სამმართველოში. მაგრამ ივან დმიტრიჩს სულ ეჩვენებოდა, რომ ის მიდის ზომაზე უფრო ჩქარა და სახის რაღაცნაირი გამომეტყველებით. უეჭველია, ეჩქარება განაცხადოს, რომ ქალაქში გამოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი დამნაშავე.

ივან დმიტრიჩი შეკრთებოდა ხოლმე სადარბაზოს კარის ყოველ ზარზე და დაკაკუნებაზე. იტანჯებოდა, როცა დიასახლისთან უცხო კაცს მოჰკრავდა თვალს. პოლიციელებთან და ჟანდარმებთან შეხვედრისას იღიმებოდა და ჩაუსტვენდა ხოლმე, აქაოდა სრულიად მშვიდადა ვარო.

ღამეებს თეთრად ათენებდა დაჭერის მოლოდინში. მაგრამ ხმამაღლა ხვრინავდა და ზომიერად სუნთქავდა, რათა დიასახლისს მძინარე ჰგონებოდა. მართლაც, თუ კაცს არ სძინავს, ეტყობა, სინდისი ქენჯნის. ეს კი ნამდვილი სამხილია.

ფაქტები და საღი აზროვნება არწმუნებდა, რომ ეს შიშები სისულელე და ფსიქოპათიაა; რომ პატიმრობა, თუ საკითხს ფართოდ შევხედავთ, არც ისე დიდი უბედურებაა – კაცს სინდისი დაგიმშვიდდება. მაგრამ რაც უფრო ჭკვიანურად და ლოგიკურად მსჯელობდა, მით უფრო ძლიერი და აუტანელი ხდებოდა სულიერი განგაში.

ეს იმას ჰგავდა, რომ ერთ მეუდაბნოეს ნდომებია გამოეკაფა თავისთვის ადგილი უღრან ტყეში. მაგრამ დახეთ უბედურებას! რაც მეტს ჰკაფავდა, მით უფრო ხშირი ხდებოდა ტყე. ივან დმიტრიჩი დარწმუნდა, რომ ფიქრი უსარგებლოა. თავი ანება მას და მთლიანად დანებდა სასოწარკვეთილებასა და შიშს.

მან იწყო განმარტოება და ხალხისგან განრიდება. სამსახური აქამდეც ეჯავრებოდა, ახლა კი აუტანელი შეექნა. ეშინოდა, რომ რაღაცნაირად უმუხთლებდნენ, შეუმჩნევლად ჩაუდებდნენ ჯიბეში ქრთამს და მერე ამხელდნენ; ან რომ თვითონვე უნებლიედ მოუვიდოდა სიყალბის ტოლფასი შეცდომა სახელმწიფო ქაღალდებში ან დაკარგავდა სხვის ფულს.

უცნაურია, რომ არასოდეს მანამდე მისი აზრი არ ყოფილა ასე მოქნილი და გამჭრიახი. ყოველდღე იგონებდა ათას სხვადასხვა საბაბს, რომ სერიოზულად შინებოდა თავისუფლების დაკარგვისა და ღირსების აყრისა. სამაგიეროდ მნიშვნელოვნად შესუსტდა ინტერესი გარესამყაროს, კერძოდ, წიგნების მიმართ და აშკარად დაუქვეითდა მეხსიერება.

გაზაფხულზე, როცა თოვლი გადნა, ხრამში, სასაფლაოს მახლობლად, ორი ნახევრად ხრწნილი გვამი იპოვნეს, დედაბრისა და ბიჭუნასი, ძალადობრივი მკვლელობის ნიშნებით. ქალაქში ყველას ეს ამბავი ეკერა პირზე. დიდი და პატარა ამ გვამებზე და უცნობ მკვლელებზე მსჯელობდა.

ივან დმიტრიჩმაც უხშირა ქუჩაში გამოსვლას გაღიმებული სახით; ემანდ არავის ეფიქრა, რომ ისაა მკვლელი. ნაცნობებთან შეხვედრის დროს კი ფითრდებოდა, წითლდებოდა და ირწმუნებოდა, რომ არ არსებობს უმწეო და დაუცველ ადამიანთა მოკვლაზე დიდი დანაშაული. მაგრამ ამ სიცრუემ მალე დაქანცა იგი. ხანმოკლე განსჯის მერე გადაწყვიტა, რომ მის მდგომარეობაში ყველაფერს სჯობდა დედაბრის სარდაფში მიმალვა.

სარდაფში დაჰყო მან დღე, მერე ღამე და მეორე დღეც. ძლიერ გაითოშა და შებინდებისას უჩუმრად, ვითარცა ქურდი, თავის ოთახში შემოძვრა. გათენებამდე იდგა შუაგულ ოთახში გაშეშებული და ყურადღებად ქცეული.

დილაადრიან, უთენია დიასახლისთან მეღუმელეები მოვიდნენ. სამზარეულოში ღუმელი ხელახლა უნდა ამოეშენებინათ. ივან დმიტრიჩმა ეს კარგად იცოდა, მაგრამ შიშმა სხვა რამ უკარნახა: ესენი მეღუმელეებად გადაცმული პოლიციელები არიან! ამიტომ ფეხაკრეფით გამოვიდა ბინიდან და თავზარდაცემული გავარდა ქუჩაში, ქუდისა და სერთუკის გარეშე.

ძაღლები ყეფით გამოენთნენ. სადღაც უკან მუჟიკი ყვიროდა. ყურებში ქარი უწიოდა. ივან დმიტრიჩს ეგონა, რომ მთელი სამყაროს ძალადობა შეიკრა მის ზურგსუკან და ფეხდაფეხ გამოეკიდა.

დაიჭირეს, შინ მოიყვანეს და დიასახლისი ექიმთან აფრინეს. ექიმმა ანდრეი ეფიმიჩმა, ვისაც მალე გავეცნობით, გამოუწერა ცივი სველსაფენები თავზე და წყავის წვეთები, ნაღვლიანად გააქნია თავი და წავიდა. დიასახლისს კი დაუბარა, რომ მეტად აღარ მოვა; ადამიანებს ხელი არ უნდა შევუშალოთო ჭკუიდან შეშლაში.

სახლში ცხოვრებისა და მკურნალობის საშუალება არ იყო. ივან დმიტრიჩი საავადმყოფოში წაიყვანეს და ვენერიულად დაავადებულთა პალატაში მოათავსეს. ღამე ვერ იძინებდა, ჭირვეულობდა და ავადმყოფებს აწუხებდა. ამიტომ მალე, ანდრეი ეფიმიჩის განკარგულებით, მეექვსე პალატაში გადაიყვანეს.

ერთ წელიწადში ქალაქს აღარც ახსოვდა ივან დმიტრიჩი. ხოლო მისი წიგნები დიასახლისმა წინკარში გამოჰყარა ჩარდახის ქვეშ და ბიჭუნებმა დაიტაცეს.

 

IV

მარცხენა მხრიდან ივან დმიტრიჩს, როგორც უკვე მოგახსენეთ, მოსე ურია მეზობლობს, ხოლო მარჯვენა მხრიდან – მეტისმეტად ქონმორეული, თითქმის ჩამრგვალებული მუჟიკი ჩლუნგი, სრულიად უაზრო გამომეტყველებით. იგი უძრავი, ღორმუცელა და უწმიდური ცხოველია, რომელსაც კარგა ხანია დაუკარგავს აზროვნებისა და გრძნობის უნარი. მას მუდმივად ასდის სიმყრალის მწარე სუნი.

ნიკიტა, ვისაც პალატის მილაგება ევალება, სცემს მას საშინლად, მთელი ძალით; ისე, რომ არ ზოგავს თავის მუშტებს. საშინელი აქ ის კი არაა, რომ მას სცემენ, – ამას შეიძლება შეეჩვიო, – არამედ ის, რომ ეს დაჩლუნგებული ცხოველი არ უპასუხებს დარტყმებს არც ბგერით, არც მოძრაობით, არც თვალების გამომეტყველებით; ეგაა, რომ ოდნავ შექანდება ხოლმე მძიმე კასრივით.

მეექვსე პალატის მეხუთე და უკანასკნელი ბინადარი მდაბიოა, ვისაც ერთ დროს ფოსტაში უმუშავია დამხარისხებლად. ეს გახლავთ გამხდარი ქერა კაცი, კეთილი, ოღონდ რამდენადმე ცბიერი სახით. მისი ჭკვიანი, მშვიდი თვალები ნათლად და მხიარულად იყურებიან. კაცი იფიქრებ, სრულ ჭკუაზეა და მალავს რაღაც ძალიან მნიშვნელოვან და სასიამოვნო საიდუმლოსო.

ბალიშისა და ლეიბის ქვეშ რაღაც ისეთი აქვს, რასაც არავის უჩვენებს; განა შიშის გამო, რომ წაართმევენ ან მოჰპარავენ; არა, სიმორცხვის გამო. ხანდახან ფანჯარასთან მივა და ამხანაგებისგან ზურგით დადგება, მკერდზე იდებს რაღაცას და უყურებს თავდახრილი. ამ დროს მასთან რომ მიხვიდე, შერცხვება და რაღაცას ჩამოიგლეჯს მკერდიდან. მაგრამ მისი საიდუმლოს ამოცნობა ძნელი არაა.

– მომილოცეთ, – ეტყვის-ხოლმე ივან დმიტრიჩს, – წარმადგინეს სტანისლავის მეორე ხარისხის ვარსკვლავიან ორდენზე. მეორე ხარისხს ვარსკვლავითურთ ანიჭებენ მხოლოდ უცხოელებს, მაგრამ ჩემთვის რატომღაც გამონაკლისი დაუშვეს.

– იღიმება და გაუგებრობისგან მხრებს იჩეჩავს. – რაც მართალი, მართალია, არ ველოდი!

– მე ამეების არაფერი გამეგება. – პირქუშად აცხადებს ივან დმიტრიჩი.

– მაგრამ იცი, რას მივაღწევ ადრე თუ გვიან? – განაგრძობს ყოფილი დამხარისხებელი და ეშმაკურად ჭუტავს თვალებს. – მე უეჭველად მივიღებ შვედურ «პოლარულ ვარსკვლავს». ისეთი ორდენია, რომ ღირს თავის შეწუხებად. თეთრი ჯვარი და შავი ბაფთა! ეს ძალიან ლამაზია!

ალბათ, არსად ცხოვრება ისე ერთფეროვანი არაა, როგორც ფლიგელში. დილით ავადმყოფები, დადამბლავებულისა და სქელუას გარდა, პირს იბანენ წინკარში დიდი გოვზიდან და პირს იმშრალებენ ხალათის ზურგის კალთით. ამის შემდეგ კალის ტოლჩით სვამენ ჩაის, რაიც მთავარი კორპუსიდან მოაქვს ნიკიტას. თითოეულს თითო ტოლჩა ეკუთვნის. შუადღეზე ჭამენ მჟავე კომბოსტოს წვენს და ფაფას. საღამოს ვახშმობენ სადილიდან მორჩენილ ფაფით. დანარჩენ დროს წვანან, სძინავთ, ფანჯარაში იყურებიან და ბოლთასა სცემენ. ასე ყოველდღე. ყოფილი დამხარისხებელიც კი სულ ერთი და იმავე ორდენების შესახებ ლაყბობს.

სხვა ადამიანებს იშვიათად თუ მოჰკრავენ თვალს მეექვსე პალატაში. ახალ შეშლილებს ექიმი დიდი ხანია აღარ იღებს. ხოლო საგიჟეთის დათვალიერება ცოტა ვინმეს თუ უყვარს ამქვეყნად.

თვეში ერთხელ ან ორჯერ ფლიგელს დალაქი სემიონ ლაზარიჩი მოაკითხავს ხოლმე. აქ იმის მოყოლას არ შევუდგები, თუ როგორ კრიჭავს იგი გიჟებს; როგორ ეხმარება მას ნიკიტა ამ საქმეში და როგორ განგაშს ატეხავენ-ხოლმე ავადმყოფები მთვრალი და გაღიმებული დალაქის გამოჩენაზე.

დალაქის მეტი არავინ შემოიხედავს ფლიგელში. ავადმყოფებს მისჯილი აქვთ ნიკიტას და მხოლოდ ნიკიტას უყურონ ყოველ ცისმარე დღეს.

მაგრამ არც თუ დიდი ხნის წინ საავადმყოფოს კორპუსში ერთობ უცნაური ხმა გავარდა. გაჩნდა მითქმა-მოთქმა, რომ მეექვსე პალატაში სიარული იწყო ექიმმა.

 

V

უცნაური მითქმა-მოთქმა!

ექიმი ანდრეი ეფიმიჩ რაგინი – შესანიშნავი ადამიანი! ამბობენ, რომ სიჭაბუკეში ღვთისმოშიშობით გამოირჩეოდა და სასულიერო კარიერისთვის ემზადებოდა. 1863 წელს, გიმნაზიის კურსის დასრულების შემდეგ, სასულიერო აკადემიაში ჩაბარება განუზრახავს; მაგრამ თითქოს მამას, მედიცინის დოქტორს და ქირურგს, გესლიანად დაუცინია და დაბეჯითებით განუცხადებია, რომ ასეთ შემთხვევაში შენს მამობაზე უარს ვიტყვიო.

ნამდვილად ასე იყო თუ არა, ვერ გეტყვით. მაგრამ თვითონ ანდრეი ეფიმიჩს არაერთხელ უთქვამს, რომ არასოდეს უგრძვნია მოწოდება მედიცინისკენ და საერთოდ სპეციალურ მეცნიერებისკენ.

ასე იყო თუ ისე, სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებული მღვდლად არ აღკვეცილა; ღვთისმოშიშობა აღარ გამოუვლენია და სასულიერო პირს ნაკლებად ჰგავდა საექიმო კარიერის დასაწყისშიც და ახლაც.

მძიმე, მოუხეშავი და გლეხური გარეგნობისაა. პირისახით, წვერით, მოკლეზე შეჭრილი თმებით

და მაგარი, მოუქნელი აღნაგობით მიკიტანსა ჰგავს, ნაჭამ-ნასვამს, თავშეუკავებელსა და სასტიკს. სახე – სუსხიანი და დაძარღვული, თვალები – წვრილი, ცხვირი – წითელი. ახმახსა და მხარბეჭიანს დიდრონი კიდურები აქვს. იფიქრებ: მუშტის ერთი მოქნევით კაცს სულს გააფრთხობინებს.

მაგრამ სიარული მშვიდი და ფრთხილი იცის, თითქოს რაღაცას ეპარებაო. თუ ვიწრო დერეფანში მის მოპირდაპირედ ვინმე მოაბიჯებს, ის, როგორც წესი, პირველი ჩერდება და გზას უთმობს; თან არა ბასით, როგორც მოსალოდნელია, არამედ ნაზი, რბილი ტენორით ამბობს: «ბოდიშს ვიხდი!»

კისერზე პატარა სიმსივნე აქვს, რაიც ხელს უშლის ატაროს გახამებული სახელო. ამიტომ თავის დღეში რბილი ტილოს ან ჩითის პერანგს ატარებს ხოლმე.

კაცმა რომ თქვას, ექიმის შესაფერისად არ იცვამს ხოლმე. მთელი ათი წელი ერთი და იგივე აცვია. ხოლო ახალი რამ, რასაც იგი, ჩვეულებრივ, ურიების ფარდულში ყიდულობს, მის ტანზე მაინც გაცვეთილი და ძველმანი ჩანს. ერთი და იგივე სერთუკი აცვია, როცა ავადმყოფებს იღებს, სადილობს ან ვინმესთან სტუმრად მიდის. ოღონდ ეს სიძუნწის გამო როდი მოსდის. უბრალოდ, არავითარ ყურადღებას არ აქცევს თავის გარეგნობას.

როცა ანდრეი ეფიმიჩი ქალაქში ჩამოვიდა ექიმად, «ღვთისშვილთა დაწესებულება» საშინელ დღეში იყო: პალატებში, დერეფნებში და საავადმყოფოს ეზოში სიმყრალისგან სუნთქვა ჭირდა. საავადმყოფოს მუშები, მომვლელი ქალები და მათი შვილები პალატებში იწვნენ ავადმყოფებთან ერთად. ყველანი ჩიოდნენ, რომ ტარაკანების, მღილებისა და თაგვებისგან მოსვენება არა ჰქონდათ. ქირურგიულ განყოფილებაში ვერაფერს უხერხებდნენ წითელ ქარს. მთელ საავადმყოფოში ორადორი სკალპელი ჰქონდათ და არცერთი თერმომეტრი. კარტოფილს აბაზანებში ინახავდნენ. ზედამხედველი, მეთეთრეულე ქალი და ექთანი ძარცვავდნენ ავადმყოფებს. ძველი ექიმის, ანდრეი ეფიმიჩის წინამორბედის შესახებ კი ჰყვებოდნენ, თითქოს ის ჩუმად ჰყიდიდა საავადმყოფოს სპირტს; ხოლო მომვლელი ქალებისა და ავადმყოფი დედაკაცებისგან მთელი ჰარამხანა გაიჩინა.

ქალაქში მშვენივრად იცოდნენ ამ უწესობათა შესახებ; კი არა და ცოტას აზვიადებდნენ კიდეც, ამ მხრივ. მაგრამ ყოველივე ამას მშვიდად უყურებდნენ.

ერთნი ამას იმით ამართლებდნენ, რომ საავადმყოფოში წვებიან მხოლოდ მდაბიოები. ისინი კი უკმაყოფილონი არ უნდა იყვნენ, რადგან სახლში გაცილებით უარესად ცხოვრობენ. ბოლოს და ბოლოს ჩახოხბილს ხომ არ მოართმევენ?!

მეორენი კი იმას იტყოდნენ, რომ ქალაქს, ერობის დაუხმარებლად, არ ძალუძს შეინახოს კარგი საავადმყოფო. სულ არქონას კი ისევ ეს სჯობიაო. ხოლო ახალბედა ერობა არ ხსნიდა სამკურნალო დაწესებულებას არც ქალაქში და არც ქალაქგარეთ; აქაოდა ქალაქს უკვე აქვსო თავისი საავადმყოფო.

ანდრეი ეფიმიჩმა დაათვალიერა საავადმყოფო და დაასკვნა: ეს დაწესებულება უზნეოა და უაღრესად საშიშია მის ბინადართა ჯანმრთელობისთვის. უმჯობესიაო შინ გავუშვათ ავადმყოფები და დავხუროთ საავადმყოფო.

მაგრამ მან ისიც განსაჯა, რომ ამისათვის მხოლოდ მისი ნება-სურვილი არ კმარა. ეს უსარგებლო იქნებოდა. თუ ფიზიკურ და ზნეობრივ უწმინდურობას ერთი ადგილიდან განდევნი, ის მეორეგან მოიკალათებს. უნდა უცადო, სანამ თვითონ გაიწმინდება.

ერთიც არი: თუ ადამიანებმა გახსნეს საავადმყოფო და ითმენენ მას, ეტყობა, სჭირდებათ კიდეც. ცრურწმენები და მთელი ეს ცხოვრებისეული სისაძაგლეები, ეტყობა, საჭიროა. ისინი, დროთა განმავლობაში, რაიმე სიკეთედ გადამუშავდება, ვითარცა ნაკელი – შავმიწა ნიადაგად. დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება არანაირი სიკეთე, რის პირველწყაროში რაღაც საზიზღარი არ ერიოს.

ანდრეი ეფიმიჩი მუშაობას შეუდგა. უწესრიგობათა გამო რაიმე ხმაური არ აუტეხია. მხოლოდ სთხოვა საავადმყოფოს მუშებსა და მომვლელ ქალებს, რომ ღამე პალატებში არ სძინებოდათ. დადგა ორი კარადა, რაშიც საექიმო იარაღები ინახებოდა. ხოლო ზედამხედველი, თეთრეულის ქალი, ექთანი და ქირურგიული წითელი ქარი თავთავის ადგილებზე დარჩნენ.

ანდრეი ეფიმიჩი მეტისმეტად აფასებს ჭკუას და პატიოსნებას. მაგრამ თავის გარშემო ჭკვიანური და პატიოსანი ცხოვრების მოსაწყობად თვითონ მას არ ჰყოფნის ხასიათის სიმტკიცე და თავისი სიმართლის რწმენა. ბრძანება, აკრძალვა და თავისის გატანა, უბრალოდ, არ ეხერხება. გეგონება, აღთქმა თუ აქვსო დადებული, რომ არასოდეს აუწიოს ხმას და არ იხმაროს ბრძანებითი კილო.

უჭირს თქვას «მომეცი» ან «მოიტანე». როცა ჭამა უნდა, გაუბედავად დაახველებს და მზარეულს ეუბნება: «ეგებ მე ჩაი...» ან «იქნებ მესადილა». ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ზედამხედველს ქურდობა აუკრძალოს ან გააგდოს სამსახურიდან; ან სულაც გააუქმოს ეს ყოვლად უსარგებლო პარაზიტული თანამდებობა – ყოველივე ეს სრულიად აღემატება მის ძალებს.

როცა ანდრეი ეფიმიჩს ატყუებენ ან ეპირფერებიან, ანდა ხელმოსაწერად აშკარად ყალბ ქაღალდს აძლევენ, ის კიბოსავით წითლდება და თავს დამნაშავედ გრძნობს. ქაღალდს კი მაინც აწერს ხელს. როცა ავადმყოფები შესჩივლებენ შიმშილის ან მომვლელთა უხეშობის გამო, ის

დარცხვენილი ბუტბუტებს: «კარგი, კარგი, მე გავარკვევ მერე... ეტყობა, მანდ რაღაც გაუგებრობაა...»

პირველ ხანებში ანდრეი ეფიმიჩი ძალიან გულმოდგინედ მუშაობდა. ავადმყოფებს იღებდა ყოველდღე, დილიდან საღამომდე; აკეთებდა ოპერაციებს და მეანობასაც კი ეწეოდა. ქალბატონები ამბობდნენ, რომ ის ყურადღებიანი ექიმია და სწორ დიაგნოზს სვამს; განსაკუთრებით, ბავშვებისა და ქალების დაავადებებზე.

მაგრამ თანდათან საქმემ თავი მოაწყინა თავისი ერთფეროვნებით და აშკარა უსარგებლობით. დღეს მიიღებ, სიტყვაზე, ოცდაათ ავადმყოფს. ხვალ კი გაიხედავ და ოცდათხუთმეტი მოგდგომია კარს; ზეგ – ორმოცი. ასე ყოველდღე, წლითიწლობით.

ქალაქში კი სიკვდილიანობა არ მცირდება; ხოლო ავადმყოფები მოდიან და მოდიან. ორმოც ავადმყოფს დილიდან შუადღემდე სერიოზულ დახმარებას ვერ გაუწევ. ეს, უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია. ასეა, სრული სიყალბე და მოტყუება გამოდის.

წელიწადში თორმეტი ათასი ავადმყოფის მიღება ხდება. მარტივად რომ ვიანგარიშოთ, მოტყუებულია თორმეტი ათასი ადამიანი. სერიოზულად დაავადებულთა მოთავსება პალატაში

და მათი მეცნიერული წესებით მკურნალობა ასევე შეუძლებელია, რადგან წესები არის, მეცნიერება კი არა.

ხოლო თუ ფილოსოფიას განზე გადავდებთ და ზეპირად მივყვებით წესებს, როგორც იქცევიან ხოლმე ექიმები, ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სისუფთავე და ვენტილაცია, არა – ტალახი და ჭუჭყი; ჯანსაღი საკვები, არა – აყროლებული მჟავე კომბოსტოს წვნიანი; რიგიანი თანამშრომლები, არა – ქურდები.

ან კი რად არ ვაცლით ადამიანებს სიკვდილს? აკი სიკვდილი ყველა ადამიანის ნორმალური და კანონიერი დასასრულია! დიდი ამბავი, თუ რომელიმე ვაჭარი ან ჩინოვნიკი იცოცხლებს ხუთი ან ათი წლით მეტხანს. თუ მედიცინის მიზანი ისაა, რომ წამლებით შეამსუბუქოს ტანჯვა, მაშინ ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: რა საჭიროა მათი შემსუბუქება? ხომ ამბობენ, რომ ტანჯვას სრულყოფილებამდე მივყავართ?

მეტიც, თუ ადამიანი მართლა ისწავლის ტანჯვის შემსუბუქებას აბებითა და წვეთებით, მაშინ ის საბოლოოდ მიაგდებს რელიგიასა და ფილოსოფიას. არადა დღემდე სწორედ მათში ნახულობდა არა მხოლოდ ყოველი უბედურების წამალს, არამედ ბედნიერებასაც კი.

პუშკინმა სიკვდილის წინ საშინელი ტანჯვა გამოსცადა! საბრალო ჰაინე რამდენი წელიწადი იწვა დადამბლავებული! მაშ, რატომ ვიღაც ანდრეი ეფიმიჩი და მატრენა სავიშნა კი არ უნდა გახდნენ ავად? ვითომ რომელი წითელი კვერცხები ეგენი არიან? აკი მათი ცხოვრება, პირიქით, უშინაარსოა და სულაც ცარიელი, ერთუჯრედოვან ამების სიცოცხლისნაირი იქნებოდა, ტანჯვა რომ არა.

ამგვარ მსჯელობებით დათრგუნულმა ანდრეი ეფიმიჩმა ხელი ჩაიქნია და ყოველდღე საავადმყოფოში იწყო სიარული.

 

VI

მისი ცხოვრება ასე ედინება:

ჩვეულებრივ, დგება დილით რვაზე, იცვამს და ჩაის სვამს. შემდეგ ჯდება თავისთან კაბინეტში წიგნის საკითხავად ან მიდის საავადმყოფოში. აქ, საავადმყოფოში, წვრილ, ჩაბნელებულ დერეფანში სხედან საამბულატორიო ავადმყოფები და ელოდებიან მიღებას.

იქვე, აგურის იატაკზე ჩექმებით დაბაკუნობენ მუშები და მომვლელი ქალები. აივლიან და ჩაივლიან გაძვალტყავებული ავადმყოფები ხალათებში; ჩაატარებენ გარდაცვლილთა ცხედრებს, ჭურჭელს სიბინძურეებით. ტირიან ბალღები. უბერავს გამჭოლი ქარი. ანდრეი ეფიმიჩმა იცის: ციებიანი, ჭლექიანი და, საერთოდ, მგრძნობიარე ავადმყოფებისთვის ასეთი ვითარება აუტანელია. მაგრამ რა გაეწყობა?

მისაღებში მას ხვდება ექთანი სერგეი სერგეიჩი, პატარა და სქელი კაცი. ფაფუკი პირისახე სუფთად აქვს გაპარსული. მისი მანერები რბილი და ნარნარია. ახალი, ფართო კოსტუმი აცვია. სენატორს უფრო ჰგავს, ვიდრე ექთანს. დიდი პრაქტიკა აქვს. ატარებს თეთრ ჰალსტუხს და ექიმზე უფრო მცოდნედ მოაქვს თავი, რადგან ექიმს საერთოდ არა აქვს პრაქტიკა.

მისაღების კუთხეში სახატეა, სადაც დიდი ხატი დგას მძიმე კანდელით. გვერდით თეთრშალითიანი დარაბაა. კედლებზე ჰკიდია მღვდელმთავართა პორტრეტები, სვიატოგორსკის მონასტრის ხედი და გამომშრალ ღიღილოებისგან დაწნული გვირგვინები.

სერგეი სერგეიჩი ღვთისმოშიშია და უყვარს სიწმინდეები. ხატი მისი ხარჯით დაიდგა. კვირაობით მისაღებში მისი რომელიმე ავადმყოფი, მისივე ბრძანებით, ხმამაღლა კითხულობს საგალობელს. ამის მერე თვითონ სერგეი სერგეიჩი შემოივლის ყველა პალატას წმინდა ჭურჭლით და შიგ აკმევს სურნელოვან ზეთს.

ავადმყოფები მრავლადაა, დრო კი ცოტაა. ამიტომ ყველაფერი შემოიფარგლება მხოლოდ მოკლე გამოკითხვით და რაიმე წამლის, ვთქვათ, აქროლადი მალამოს ან სასაქმებლის გაცემით. ანდრეი ეფიმიჩი ზის მუჭზე ლოყადაყრდნობილი, ჩაფიქრებული და მექანიკურად იძლევა კითხვებს. სერგეი სერგეიჩიც ზის, იხოცავს ხელებს და შიგადაშიგ ერთვება საუბარში.

«ავადა ვართ და გაგვჭირვებია იმად, – ამბობს იგი, – რომ ცუდად ვლოცულობთ. დიახ!»

მიღების დროს ანდრეი ეფიმიჩი არავითარ ოპერაციას არ აკეთებს. დიდი ხანია გადაეჩვია ამას და სისხლის დანახვა გუნებას უფუჭებს.

აი ბავშვს პირი უნდა გააღებინოს, რათა ხახაში ჩახედოს. ბავშვი კი ჩხავის და თავს იცავს პაწაწა ხელებით. ამ დროს ექიმს ხმაურისგან თავბრუ ესხმის და თვალები უცრემლდება. ის ჩქარობს წამლის გამოწერას და ხელით ანიშნებს ქალს, რომ ჩქარა მოაშოროს ბავშვი აქედან.

ჩქარა სწყინდება ავადმყოფთა დამფრთხალი სიფათები, მათი აბდა-უბდა, ღვთისმოშიშ სერგეი სერგეიჩის სიახლოვე, კედლებზე დაკიდებული პორტრეტები და თავისი საკუთარი კითხვები, რასაც ოცი წელია უსვამს ავადმყოფებს უცვლელი თანმიმდევრობით. მიიღებს ხუთ-ექვს ავადმყოფს და მიდის. დანარჩენებს უმისოდ იღებს ექთანი.

ღმერთს მადლობას სწირავს, რომ კერძო პრაქტიკა დიდი ხანია აღარა აქვს და არავინ უშლის ხელს შინ დაბრუნებისთანავე დაუყოვნებლივ მოიკალათოს თავის კაბინეტში, მიუჯდეს საწერ მაგიდას და დაიწყოს კითხვა.

კითხულობს ძალიან ბევრს და ყოველთვის დიდი სიამოვნებით. ჯამაგირის ნახევარი წიგნების ყიდვაზე ეხარჯება. მისი ბინის ექვსი ოთახიდან სამი წიგნებითა და ძველი ჟურნალებითაა ჩახერგილი. ყველაზე მეტად იზიდავს თხზულებები ისტორიასა და ფილოსოფიაში. მედიცინის განხრით კი გამოწერილი აქვს მხოლოდ «ექიმი», რის კითხვასაც ყოველთვის ბოლოდან იწყებს.

კითხვა მუდამ რამდენიმე საათი გრძელდება შეუსვენებლივ. მაგრამ იგი არ იღლება. კითხულობს არა ისე სწრაფად და აღტყინებით, როგორც ერთ დროს ივან დმიტრიჩი. არა, ის კითხულობს ნელა, გულისყურით. ხშირად შეჩერდება იმ ადგილებზე, რომლებიც მოსწონს ან გაუგებარია.

წიგნის სიახლოვეს ყოველთვის უდგას პატარა სურა არყით და იქვე მჟავე კიტრი ან დამწნილებული ვაშლი პირდაპირ მაუდზე, უთეფშოდ. ყოველ ნახევარ საათში, წიგნისგან თვალის მოუშორებლად, დაისხამს ერთ სირჩა არაყს და გადაჰკრავს. შემდეგ ხელის ცეცებით მოძებნის კიტრს და ცოტას მოკბიჩავს.

სამ საათზე ფრთხილად მიდის სამზარეულოს კართან, ჩაახველებს და ამბობს: «დარიუშკა, იქნებ მესადილა...»

უგემური და რამდენადმე უსუფთაო სადილის მერე ანდრეი ეფიმიჩი დადის თავის ოთახებში. ხელები გულზე დაუკრეფია და ფიქრებს მისცემია. რეკავს ოთხი საათი, მერე ხუთი. ის კი სულ დადის და ფიქრობს.

ხანდისხან გაიჭრიალებს სამზარეულოს კარი და გამოჩნდება დარიუშკას წითელი, ნამძინარევი სახე.

– ანდრეი ეფიმიჩ, დროა ლუდი მიირთვათ, არა?

– არა, ჯერ არა... – უპასუხებს იგი. – მე დავიცდი... დავიცდი...

საღამოთი, ჩვეულებრივ, მოდის ფოსტის უფროსი, მიხაილ ავერიანიჩი. ის ერთადერთია მთელ ქალაქში, ვისთანაც ანდრეი ეფიმიჩს არ უმძიმს ურთიერთობა.

მიხაილ ავერიანიჩი ერთ დროს ძალიან მდიდარი მემამულე იყო და კავალერიაში მსახურობდა. მერე გაკოტრდა და სიბერეში ფოსტის უწყებაში გამწესდა. მხნედ და ჯანმრთელად გამოიყურება. ხშირი და ჭაღარა ბაკენბარდები აქვს. მისი მანერები ზრდილია, ხმა – ბოხი და სასიამოვნო.

კეთილი და მგრძნობიარეა, ოღონდ ფიცხი. როცა ფოსტაში ვინმე პროტესტით მოდის, უკმაყოფილოა, ან უბრალოდ რაღაცის გარკვევა სურს, მიხაილ ავერიანიჩი წამოჭარხლდება, მთელი ტანით აცახცახდება და მჭექარე ხმით ყვირის: «ხმა გაიკმინდეთ!». ამიტომ საფოსტო განყოფილებას დიდი ხანია დაუმკვიდრდა რეპუტაცია დაწესებულებისა, სადაც მოხვედრა ერთობ საშიშია. მიხაილ ავერიანიჩი პატივსა სცემს ანდრეი ეფიმიჩს და უყვარს იგი მისი განათლებისა და სულიერი კეთილშობილების გამო. სხვებს კი ზემოდან უყურებს, ვითარცა ხელქვეითებს.

– აი, მოვედი, – ამბობს იგი, როცა ანდრეი ეფიმიჩს ესტუმრება. – გამარჯობა, ჩემო ძვირფასო! ალბათ, თავი მოგაწყინეთ, არა?

– პირიქით, ძალიან მიხარია. – უპასუხებს ექიმი. – მე ყოველთვის მიხარია თქვენი მოსვლა.

მეგობრები სხდებიან კაბინეტში დივანზე და ერთხანს ხმაამოუღებლად ეწევიან.

– დარიუშკა, იქნებ ლუდი!.. – ამბობს ანდრეი ეფიმიჩი. პირველ ბოთლს სვამენ ისევ მდუმარედ: ექიმი – ჩაფიქრებულად, მიხაილ ავერიანიჩი კი – მხიარული, ხალისიანი გამომეტყველებით; როგორც კაცი, ვისაც რაღაც ძალიან საინტერესო სათქმელი აქვს. საუბარს ყოველთვის ექიმი იწყებს.

– რაოდენ დასანანია, – ამბობს ის ნელა და წყნარად. თან თავს იქნევს და თვალს არიდებს თანამოსაუბრეს. ის არასოდეს არ უსწორებს ადამიანს თვალებს. – რაოდენ ღრმად დასანანია, პატივცემულო მიხაილ ავერიანიჩ, რომ ჩვენს ქალაქში სრულებით არ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ და უყვართ ჭკვიანური და საინტერესო საუბარი. ეს ვეებერთელა ხარვეზია ჩვენი. ინტელიგენციაც კი უხამსობაში ცხოვრობს. მისი განვითარების დონე, მერწმუნეთ, ოდნავაც არ აღემატება მდაბიოებისას.

– სრული ჭეშმარიტებაა! გეთანხმებით.

– თავადაც მოგეხსენებათ, – განაგრძობს ექიმი წყნარად და თანმიმდევრულად, – რომ ამქვეყნად ყველაფერი უმნიშვნელო და უინტერესოა, გარდა ადამიანური გონების უმაღლესი სულიერი ნათებისა. გონებაა მკვეთრი საზღვარი ცხოველსა და ადამიანს შორის. ის მიანიშნებს ადამიანის ღვთაებრიობაზე და რამდენადმე უკვდავების მაგივრობასაც კი უწევს მას; უკვდავებისა, რაიც არ არსებობს. რაკი ასეა, გონება ერთადერთი წყაროა ტკბობისა. ჩვენ კი გონებისგან ასე შორსა ვართ. ამიტომ ტკბობის უნარიც არა გვაქვს. მართალია, გვაქვს წიგნები, მაგრამ ეს სად შეედრება საუბარს და თანაზიარობას. თუ ნებას დამრთავთ არც თუ მარჯვე შედარებისა, მაშინ ასე ვიტყოდი: წიგნები ნოტებია, საუბარი კი მუსიკა.

– სრული ჭეშმარიტებაა!

დგება სიჩუმე. სამზარეულოდან დარიუშკა გამოდის. სახეზე ჩლუნგი ჭმუნვა აღბეჭდვია. კარებში ჩერდება მუჭზე სახეჩამოყრდნობილი, რათა უსმინოს.

– ეჰ! – ამოიოხრებს მიხაილ ავერიანიჩი. – მოთხოვეთ გონება დღევანდელ ადამიანებს!

და ის ყვება, თუ რა ჯანსაღად, ხალისიანად და საინტერესოდ ცხოვრობდნენ ძველად; როგორი ჭკვიანი ინტელიგენცია ჰყავდა რუსეთს და რაოდენ ძვირად ფასობდა პატიოსნება და მეგობრობა. ფულის გასესხება უთამასუქოდ იცოდნენ და სასირცხვო საქმედ ითვლებოდა გაჭირვებულის მიტოვება ჭირში. ან რა ლაშქრობები იყო, რა თავგადასავლები, რა შეტაკებები, როგორი ამხანაგობა, რა ქალები! ხოლო კავკასია? – საოცარი მხარე!

– ბატალიონის უფროსი იყო ერთი; – განაგრძობს მოყოლას მიხაილ ავერიანიჩი. – უცნაური ცოლი ჰყავდა. გამოეწყობოდა ოფიცრის ფორმაში და საღამოობით მთებში მიდიოდა მარტო, გამცილებლის გარეშე. ამბობენ, აულებში რომანი ჰქონდაო ვიღაც ყმაწვილთან, მაშ?...

– ციური დედოფალი ყოფილა, დედილო!... – ოხრავს დარიუშკა.

– და როგორ სვამდნენ! – განაგრძობს სტუმარი აღტაცებით.

– როგორ ჭამდნენ! როგორ თავგანწირულად უყვარდათ თავისუფლება!

ანფრეი ეფიმიჩი უსმენს და არა ესმის რა. ის რაღაც სხვას ფიქრობს და ლუდსა ხვრეპს.

– მე ხშირად მესიზმრება ჭკვიანი ადამიანები და მათთან საუბრები. – იწყებს ის მოულოდნელად და აწყვეტინებს მიხაილ ავერიანიჩს. – მამაჩემმა მშვენიერი განათლება მომცა. მაგრამ, სამოციანელთა იდეების გავლენით, მაიძულა ექიმი გავმხდარიყავი.

იცით, რას ვფიქრობ? მაშინ რომ არ დავყოლოდი, ახლა გონებრივი მოძრაობის შიგ შუაგულში ვიქნებოდი. ალბათ, რომელიმე ფაკულტეტში გავწევრიანდებოდი.

მართალია, არც გონებაა მარადიული; ისიც წარმავალია. მაგრამ თქვენ უკვე იცით, რატომაც მიზიდავს იგი. როცა მოაზროვნე ადამიანი დაკაცდება და შეგნებას აღწევს, ის ძალაუნებურად თითქოს ხაფანგში გრძნობს თავს; ხაფანგში, საიდანაც გამოსავალი არა ჩანს. ის ხომ რაღაც შემთხვევითობებმა გამოსტაცეს არყოფნას და ჩაითრიეს ამ აურზაურში მის უკითხავად, მისივე ნების საწინააღმდეგოდ.

რისთვის? – იკითხავს ის, რადგან სურს გაიგოს თავისი არსებობის აზრი და მიზანი. მაგრამ პასუხი არ ისმის ან პასუხად სისულელეებს ეუბნებიან. აკაკუნებს, მაგრამ კარებს არ უღებენ. ბოლოს ესტუმრება სიკვდილი, ისევ მისი ნების საწინააღმდეგოდ. ციხეში საერთო უბედურებით გადაჯაჭვულ ადამიანებს შვებასა ჰგვრის ერთად თავმოყრა. ასეა ცხოვრებაშიც. ხაფანგს ვეღარ ამჩნევ, როცა ფიქრისა და აზროვნებისკენ მიდრეკილი ადამიანები ერთად

მოიყრიან თავს და ამაყი, თავისუფალი იდეების გაცვლა-გამოცვლაში ატარებენ დროს. ამიტომ გონებით ტკბობას ვერაფერი შეედრება ქვეყნად, ვერც რამე ჩაანაცვლებს მას.

– სრული ჭეშმარიტებაა!

ანდრეი ეფიმიჩი თანამოსაუბრეს თვალებს ვერ უსწორებს. წყნარად, სვენებ-სვენებით განაგრძობს ლაპარაკს ჭკვიან ადამიანებზე და მათთან საუბრებზე. მიხაილ ავერიანიჩი ყურადღებით უსმენს და კვერს უკრავს: «სრული ჭეშმარიტებაა!»

– სულის უკვდავება არა გწამთ? – მოულოდნელად ეკითხება ფოსტის უფროსი.

– არა, პატივცემულო მიხაილ ავერიანიჩ, არა მწამს და არცა მაქვს საფუძველი ვირწმუნო.

– გამოგიტყდებით, რომ მეც მეეჭვება. თუმცა, სხვათაშორის, ისეთი შეგრძნება კი მაქვს, თითქოს არასოდეს მოვკვდები. «ოჰ, – ვფიქრობ ჩემთვის, – ბებრუხანავ, დროა ჩაბარდე პატრონს!». სულში კი რაღაც ხმა ისმის: «არ დაიჯერო, არ მოკვდები!»

ცხრა რომ შესრულდება, მიხაილ ავერიანიჩი მიდის წინკარში, ქურქს იცვამს და ამოიოხრებს:

«მაინც ეს რა მიყრუებული მხარე გვარგუნა ბედმა?! ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ სულიც აქ უნდა ამოგვხდეს. ეჰ!»

 

VII

მეგობრის გაცილების მერე ანდრეი ეფიმიჩი მაგიდას მიუჯდება და ისევ განაგრძობს კითხვას. საღამოს, შემდეგ კი უკვე ღამის სიჩუმეს არ არღვევს არანაირი ჩქამი. დრო გაჩერდაო თითქოს და ექიმთან ერთად ზედ დააკვდაო წიგნს. თითქოს არც არაფერი არსებობს ქვეყნად ამ წიგნის და ლამფის გარდა, რაზეც მწვანე ქაღალდია ჩამოცმული.

ექიმის მოუხეშავ, მუჟიკურ სახეს ხანდახან ღიმილი გაანათებს. ეს სხვა ღიმილია; ადამიანის გონების ნატიფ მოძრაობათა წინაშე გულის აჩუყებისა და აღტაცების ღიმილი.

«ოჰ, რატომ ადამიანი უკვდავი არაა? – ფიქრობს იგი. – რისთვის იყო საჭირო ტვინის ცენტრები და ხვეულები, მხედველობა, მეტყველება, გრძნობა, გენია, თუკი ყოველივე ეს მიწამ უნდა შეჭამოს და ბოლოს გაქვავდეს დედამიწის ქერქთან ერთად, შემდეგ კი მილიონობით წელი უაზროდ და უმიზნოდ იხეტიალოს დედამიწასთან ერთად მზის გარშემო?

მაგრამ იმისთვის, რომ მიწად იქცეს და იხეტიალოს, სულაც არ იყო აუცილებელი ადამიანის გამოხმობა არარას წიაღიდან; ჯერ მაღალი, თითქმის ღვთაებრივი გონებით დაჯილდოება, შემდეგ კი, თითქოს დასცინესო, ტალახის გუნდად გადაქცევა.

ნივთიერებათა ცვლა?

სილაჩრეა თავი ინუგეშო უკვდავების ამგვარი სუროგატით! უგონო პროცესები, ბუნებაში რომ მიმდინარეობს, ადამიანის სისულელეებსაც კი ვერ გაუტოლდება. აკი სისულელეში რაღაც ცნობიერება და ნება მაინცაა, პროცესებში კი – სრულიად არაფერი!

მხოლოდ ლაჩარს, ვისაც ღირსებებზე მეტად სიკვდილის შიში ამოძრავებს, შეუძლია ინუგეშოს თავი ზემოხსენებულ სუროგატით; იმითი, რომ მისი სხეული გაერევა ბალახში, ქვაში, გომბეშოში... ხედავდე შენს უკვდავებას ნივთიერებათა ცვლაში – ეს იგივეა, რომ გჯეროდეს ვიოლინოს ბუდის ბრწყინვალე მომავალი თვით ვიოლინოს დამსხვრევის მერე.

როცა საათი დარეკავს, ანდრეი ეფიმიჩი გადაწვება-ხოლმე სავარძლის საზურგეზე და თვალებს ხუჭავს, რათა ჩაფიქრდეს. მეყვსეულად, წიგნიდან ამოკითხული კარგი აზრების გავლენით, თვალს გადაავლებს თავის წარსულს და აწმყოს.

წარსული საძაგელია. მასზე არცა ღირს ფიქრი.

აწმყოშიც იგივეა, რაც წარსულში. მან იცის: როცა მისი აზრები გაციებულ დედამიწასთან

ერთად ეხეტებიან მზის გარშემო, აქვე ახლოს, ექიმის ბინის სიახლოვეს, დიდ კორპუსში ადამიანები იტანჯებიან ავადმყოფობისგან და უსუფთაობისგან.

იქნებ ვიღაცას არ სძინავს და იგერიებს აბეზარ მწერებს; ხოლო ვიღაც ავადდება წითელი ქარით ან კვნესის ზედმეტად მოჭერილ სახვევისგან. იქნებ ავადმყოფები ქაღალდს თამაშობენ მომვლელ ქალებთან და წრუპავენ არაყს...

ამ წელს მოტყუებულია თორმეტი ათასი ადამიანი. საავადმყოფოს მთელი საქმიანობა, ისევე როგორც ოცი წლის წინათ, აწყობილია ქურდობაზე, კინკლაობაზე, ჭორაობაზე, ნათლიაობაზე, უხეშ შარლატანობაზე; დიახ, საავადმყოფო კვლავაც რჩება უზნეო, მაცხოვრებელთა ჯანმრთელობისთვის უაღრესად საზიანო დაწესებულებად. მან იცის, რომ მეექვსე პალატაში, გისოსებს იქით, ნიკიტა უბრახუნებს ავადმყოფებს. ხოლო მოსე ურია ყოველ დღე დაძრწის ქალაქში და მოწყალებას აგროვებს.

არადა მას ისიც მშვენივრად ესმის, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მედიცინამ ზღაპრული ნაბიჯები გადადგა წინ. უნივერსიტეტში სწავლის დროს მას ეჩვენებოდა, რომ მედიცინა მალე გაიზიარებს ალქიმიისა და მეტაფიზიკის ბედს. ახლა კი, ღამეული კითხვების ჟამს, მედიცინა აღელვებს და აკვირვებს მას, აღტაცებასაც კი ჰგვრის!

მართლაც, რა მოულოდნელი გაბრწყინებაა, რა რევოლუცია!

ანტისეპტიკის წყალობით, ისეთ ოპერაციებს აკეთებენ, რასაც დიდი პიროგოვი ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა. ჩვეულებრივი ერობის ექიმები ბედავენ მუხლის სახსრების ამოკვეთას. ყოველი ასი მუცლისგაჭრიდან მხოლოდ ერთი მთავრდება სიკვდილიანობით. კენჭებით დაავადება კი ისეთ უბრალო რამედ ითვლება, რომ მის შესახებ არც არაფერს წერენ. ძირფესვიანად იკურნება ათაშანგი. ამას მიუმატე მემკვიდრეობის თეორია, ჰიპნოტიზმი, პასტერის და კოხის აღმოჩენები, სტატისტიკური ჰიგიენა!

ახლა ჩვენს რუსულ საერობო მედიცინას არ იკითხავ? ფსიქიატრია თანამედროვე კლასიფიკაციებით, დიაგნოზისა და მკურნალობის მეთოდებით – ეს ნამდვილი იალბუზია იმასთან შედარებით, რაც იყო. შეშლილებს უკვე აღარ ასხამენ თავზე ცივ წყალს და აღარ აცვამენ ციებ-ცხელებიანთა პერანგს. მათ ეპყრობიან, ვითარცა ადამიანებს. გაზეთებში წერენ, რომ მათთვის სპექტაკლებსა და ბალებსაც კი მართავენ.

ანდრეი ეფიმიჩმა იცის, რომ ყოველივე ამის მერე მეექვსე პალატა წარმოუდგენელი სისაძაგლეა და ასეთი რამე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ძალიან შორს რკინიგზის ხაზიდან, მიყრუებულ ადგილას; პატარა დაბაში, რასაც გაუნათლებელი მეშჩანები განაგებენ; უწიგნური ხალხი, ვისაც

ექიმი ქურუმი ჰგონია; ქურუმი, ვისაც ბრმად უნდა ენდო, თუნდაც ავადმყოფს ადუღებულ კალას ასხამდეს ხახაში. სხვაგან პუბლიკა და გაზეთები დიდი ხნის წინ დაბდღვნიდნენ და მუსრს გაავლებდნენ ამ პატარა ბასტილიას.

«მაგრამ რა? – ეკითხება თავის თავს ანდრეი ეფიმიჩი და თვალებს ახელს. – რა გამოვიდა აქედან? ანტისეპტიკა ანტისეპტიკად, კოხი და პასტერი კოხად და პასტერად, საქმის არსი კი ოდნავაც არ შეცვლილა. დაავადება და სიკვდილიანობა ისევ იგივეა. კი უმართავენ გიჟებს სპექტაკლებსა და ბალებს, მაგრამ თავისუფლებაზე მაინც არ უშვებენ. მაშასადამე, ყველაფერი სისულელე და ამაოებაა. ხოლო განსხვავება საუკეთესო ვენურ კლინიკასა და ჩემს საავადმყოფოს შორის თითქმის არაფერია.» მაგრამ წუხილი და შურისმაგვარი გრძნობა არ ასვენებს. ეს დაღლილობის გამოა, ალბათ. დამძიმებული თავი ისევ წიგნისკენ იხრება. სახეს ხელებში რგავს და ფიქრობს.

«მე საზიანო საქმეს ვემსახურები და ჯამაგირს ვიღებ იმ ხალხისგან, ვისაც ვატყუებ. მე არ ვარ პატიოსანი კაცი. მაგრამ თავად მე ხომ არარაობა ვარ? მხოლოდ ნაწილაკი აუცილებელი სოციალური ბოროტებისა! მაზრის მოხელეები ყველანი მავნებლები არიან და ტყუილად იღებენ ჯამაგირს... მაშასადამე, ჩემს უპატიოსნობაში დამნაშავე მე კი არა ვარ, არამედ დრო... ორასიოდე წლით გვიან რომ გავჩენილიყავ, სულ სხვა ვიქნებოდი.»

საათი რეკავს. სამია. ის აქრობს ლამფას და მიდის საძინებელში, მაგრამ ძილი არ ეკარება თვალს.

 

VIII

ორიოდე წლის წინ ერობამ ხელგაშლილობა გამოიჩინა და დაადგინა ყოველწლიურად სამასი რუბლის გამოყოფა სამედიცინო პერსონალის დასახმარებლად ქალაქის საავადმყოფოში, საერობო საავადმყოფოს გახსნამდე. ჰოდა ანდრეი ეფიმიჩის დასახმარებლად ქალაქმა მოიწვია მაზრის ექიმი ევგენი ფიოდორიჩ ხობოტოვი. კაცი ერთობ ახალგაზრდა, არც კი ოცდაათისა, მაღალი, შავტუხა, ფართოღაწვებიანი და წვრილთვალება. მისი წინაპრები, ალბათ, არარუსები იყვნენ.

ჩამოვიდა იგი ჯიბეგახვრეტილი, პატარა ჩემოდნით ხელში და ახალგაზრდა შეუხედავი ქალის თანხლებით, ვისაც თავის მზარეულს ეძახის. ქალს ძუძუთა ბავშვი ჰყავს.

დადის ევგენი ფიოდორიჩი კეპიანი ქუდით და მაღალი ჩექმებით. ზამთარში მოკლე ქურქი აცვია ხოლმე. დაუახლოვდა ფერშალ სერგეი სერგეიჩს და ხაზინადარს. დანარჩენ მოხელეებს რატომღაც არისტოკრატებად იხსენიებს და თავს არიდებს.

მთელ ბინაში ერთადერთი წიგნი მოეპოვება «ვენის კლინიკის უახლესი რეცეპტები 1881 წელს». როცა ავადმყოფთან მიდის, ყოველთვის ეს წიგნიც თან მიაქვს.

საღამოობით კლუბში ბილიარდს თამაშობს. კარტი არ უყვარს. ძალიან უყვარს საუბრის დროს ისეთი სიტყვების ხსენება, როგორიცაა: ოქრომკედი, მანტიფოლია ძმრით და სხვა.

კვირაში ორჯერ უწევს მოსვლა. დაივლის პალატებს და იღებს ავადმყოფებს. საავადმყოფოში ანტისეპტიკებისა და სისხლის გამწოვი კოტოშების უქონლობას მოთმინებიდან გამოჰყავს, მაგრამ ახალი წესრიგის დამყარებისგან თავს იკავებს; ერიდება ანდრეი ეფიმიჩის შეურაცხყოფას.

ისე კი ძველ გაიძვერად თვლის მას. ჰგონია ბევრი ფული აქვსო და ჩუმ-ჩუმად შურს მისი. დიდი სიამოვნებით კი დაიკავებდა მის ადგილს.

*გაგრძელება*

ტეგები: Qwelly, მოთხრობები, ნოველები, ჩეხოვი

ნახვა: 20

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 1 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 5 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters