ნოველები - Qwelly2024-03-29T04:39:10Zhttps://www.qwelly.com/group/literature/forum/topic/listForTag?groupUrl=literature&tag=%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noმოგვთა საჩუქრებიtag:www.qwelly.com,2023-05-26:6506411:Topic:15479772023-05-26T12:14:52.482ZGeorgehttps://www.qwelly.com/profile/qwelly

ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი. სულ ეს იყო. აქედან სამოცი ცენტი ბაყლებთან და ყასბებთან ნაყიდი საქონლის ზუსტ საფასურზე ატეხილი დავის შედეგად რუდუნებით შეგროვილი ერთპენიანი მონეტებისგან შემდგარი წვრილი ფული იყო.

დელამ სამჯერ გადათვალა ეს ფული - ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი…

ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი. სულ ეს იყო. აქედან სამოცი ცენტი ბაყლებთან და ყასბებთან ნაყიდი საქონლის ზუსტ საფასურზე ატეხილი დავის შედეგად რუდუნებით შეგროვილი ერთპენიანი მონეტებისგან შემდგარი წვრილი ფული იყო.

დელამ სამჯერ გადათვალა ეს ფული - ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი.

მეორე დღეს კი ქრისტეშობის დღესასწაული იყო. ამ ფულით იგი ვერაფერს იყიდდა.

დელა თავის დანჯღრეულ ტახტზე დაეგდო და მწარედ აქვითინდა. მძიმე წუთებში ადამიანი სულიერი მდგომარეობის სამ ეტაპს გაივლის: ჯერ სასოწარკვეთილება იპყრობს, მერე მშვიდდება, შემდეგ კი ეღიმება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იგი საბოლოოდ შეეგუა თავის მდგომარეობას. ამ ეტაპებიდან მთავარია მეორე - დამშვიდება.

ვიდრე ჩვენი გმირი დამშვიდდებოდეს, ე.ი. პირველიდან მეორე ეტაპზე გადავიდოდეს, თვალი შევავლოთ ოთახს, რომელშიც იგი ცხოვრობდა. ოთახი მას ავეჯთან ერთად ჰქონდა დაქირავებული რვა დოლარად თვეში.

ოთახი არ იყო მათხოვრული ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, მაგრამ დიდადაც არ განსხვავდებოდა.

ქვემოთ, ვესტიბულში შემოსასვლელ კარზე დამაგრებული იყო საფოსტო ყუთი, რომელშიც დიდი ხანია აღარავინ აგდებდა წერილებს; კარის ზემო ნაწილში ელექტროზარის ღილაკი მიემაგრებინათ, რომლითაც ვერც ერთი მოკვდავი ვერ დარეკავდა ზარს; ღილაკსა და საფოსტო ყუთს შორის კი მიკრული იყო დაფა წარწერით: "მ-რ ჯეიმს დელინგენ იუნგი."

სიტყვა "დელინგენი" ლამაზი ხელნაწერის სტილით იყო შესრულებული. დაფა კეთილდღეობის დროს იყო გაკეთებული, როდესაც ოჯახს კვირაში ოცდაათი დოლარი შემოსავალი ჰქონდა. ახლა კი, როცა შემოსავალი მხოლოდ ოც დოლარს შეადგენდა კვირაში, სიტყვა "დელინგენის" ასოებმა დაკარგა ბრწყინვალება და იქნებ საკმარისიც კი იყო, რომ მხოლოდ ასო "დ" ყოფილიყო ამოტვიფრული. მაგრამ ყოველთვის, როცა კი დელინგენ იუნგი სახლში ბრუნდებოდა, ოთახში შესვლისას მას ეგებებოდა მეუღლე - დელა შეძახილით "ჯიმ" და ნაზად მოხვევდა ხოლმე მკლავებს კისერზე.

დელამ ტირილით გული იჯერა და ცრემლიანი ლოყები ჩვრით შეიმშრალა. იგი ფანჯარასთან იდგა და უაზროდ შეჰყურებდა ნაცრისფერ კატას, ეზოში ნაცრისფერ კედელთან რომ სეირნობდა. ხვალ ქრისტეშობის დღე იყო, მას კი მხოლოდ ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი ჰქონდა ჯიმისთვის საჩუქრის საყიდლად.

ის ყოველთვიურად ზოგავდა ფულს და მხოლოდ ამ თანხის დაგროვება მოახერხა, რადგან რეალური ფასები ყოველთვის უფრო დიდი იყო, ვიდრე ის ანგარიშობდა.

ჯიმისთვის კი აუცილებლად უნდა ეყიდა საჩუქარი. ჯიმი - მისი ჯიმი. ადრე რამდენი სასიამოვნო წუთები გაუტარებია იმაზე ფიქრით, როგორი საჩუქარი ეყიდა მისთვის.

საჩუქარი ლამაზი, გამორჩეული და ჯიმის შესაფერისი უნდა ყოფილიყო.

ფანჯრებს შორის კედელში სარკე იყო ჩამაგრებული. გინახავთ ოდესმე ფანჯრებს შორის სარკე რვადოლარიან ოთახში? საკმაოდ გამხდარი და მოძრავი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ამ ვიწრო სარკეში მოეხერხებინა თავის გარეგნობის დათვალიერება.

დელა გამხდარი იყო და ამას ახერხებდა.

უცებ დელა მოსცილდა ფანჯარას და გაჩერდა სარკის წინ.

მას თვალები გაუბრწყინდა, სახე გაუფითრდა და სწრაფად ჩამოუშვა თმა.

ახლა ის ნათლად ხედავდა, რომ მის ოჯახში ორი ძვირფასი ნივთი იყო, ერთი - ჯიმის ოქროს საათი, რომელიც ადრე მისი მამის, უფრო ადრე კი პაპის საკუთრება იყო, მეორე კი - მისი თმა.

მოპირდაპირე სახლში მის უდიდებულესობას სავოიის დედოფალს რომ ეცხოვრა, დელა თავს რომ დაიბანდა, თმას გასაშრობად ფანჯარაზე გადმოჰფენდა, რათა ამ თმის სილამაზეს დაეჩრდილა დედოფლის გარეგნობა. ხოლო სოლომონ მეფეს ამავე სახლში შვეიცარად რომ ემსახურა და მთელი თავისი განძი სახლის სარდაფში ჰქონოდა შენახული, ჯიმი ყოველთვის, როცა კი ამ სახლს ჩაუვლიდა, ამოიღებდა თავის საათს, რათა დაენახა, შურისაგან როგორ დაიგლეჯდა წვერს სოლომონი.

დელას ჩამოშვებული ტალღისებური თმა წაბლისფერ ჩანჩქერს მოგაგონებდათ. თმა მუხლებს ქვემოთ მთავრდებოდა და თითქმის მთლიანად ფარავდა მის სხეულს. დელამ სწრაფად აიკეცა თმა. იგი ერთხანს ყოყმანობდა და გაუნძრევლად იდგა. რამდენიმე კურცხალი მისი ცრემლისა გაცვეთილ წითელ ხალიჩას დაეცა.

ბოლოს დელამ, რომელსაც თვალებზე ცრემლები ჯერ არ შეშრობოდა, ჩაიცვა თავისი ძველი ყავისფერი ჟაკეტი, დაიხურა ძველი ყავისფერი ქუდი, ხელის სწრაფი მოძრაობით გაისწორა ქვედატანის მაქმანი, გაიჯახუნა კარი, ჩაირბინა კიბეები და ქუჩაში გავიდა.

იგი ერთ შენობასთან გაჩერდა და წაიკითხა წარწერა: "მადამ სოფრონი.

თმისაგან დამზადებული ნაკეთობანი." იმ წამსვე ავარდა ზემო სართულზე, ძლივს დაიცხრო მღელვარება და ოთახში შევიდა. მის წინ სქელი, მეტისმეტად თეთრი, ცივი და მკაცრი გამომეტყველების ქალბატონი სოფრონი იდგა.

- ხომ არ შეისყიდით ჩემს თმას? - შეეკითხა დელა.

- შევისყიდი. - მიუგო ქალბატონმა, - მოიხადეთ ქუდი და მაჩვენეთ!

დელამ მოიხადა ქუდი... და წაბლისფერი ჩანჩქერი გადმოიფრქვა ქვემოთ.

- ოც დოლარად ვიყიდი. - თქვა ქალბატონმა და გამოცდილის ხელით ასწია თმა.

- მომეცით ახლავე. - უთხრა მას დელამ.

მომდევნო ორმა საათმა ვარდისფერი ფრთებით გაიფრინა (მაპატიეთ გადაჭარბებული მეტაფორისათვის). დელა დაეხეტებოდა მაღაზიებში ჯიმისათვის საჩუქრის საყიდლად.

ბოლოს როგორც იყო მიაგნო.

საჩუქარი ზედგამოჭრილი იყო ჯიმისათვის, თითქოს სპეციალურად მისთვის დაემზადებინათ. სხვა მაღაზიებში მსგავსი რამ ვერ აღმოაჩინა. ეს იყო პლატინისგან დამზადებული, სადა და მკაცრი სტილით შესრულებული ჯიბის საათის ძეწკვი. მისი ღირსება ის იყო, რომ მასში ხაზგასმული იყო მხოლოდ შინაარსი და არ შეიცავდა ყალბ, ზიზილ-პიპილო ორნამენტებს. ასეთი უნდა იყოს ხელოვნების ყველა ჭეშმარიტი ნიმუში!

ძეწკვი ისეთივე მაღალი ხარისხისა იყო, როგორიც ჯიმის საათი. დელამ როგორც კი ეს ძეწკვი დაინახა, გაიფიქრა, ეს მხოლოდ ჯიმის უნდა ეკუთვნოდესო. ძეწკვი რაღაცნაირად ჯიმის ჰგავდა, რადგან მასშიც, ისევე როგორც ჯიმიში, შერწყმული იყო ღირსება და სისადავე.

დელამ ამ ძეწკვში ოცდაერთი დოლარი გადაიხადა და სახლში მხოლოდ ოთხმოცდაშვიდი ცენტით ბრუნდებოდა. ჯიმის ამ ძეწკვით ნებისმიერ საზოგადოებაში შეეძლო ამაყად ამოეღო ჯიბიდან საათი და გაეგო დრო. ახლა კი ამ ჯიბის საათს, ნაცვლად ძეწკვისა, ძველი ტყავის ზონარი ჰქონდა გამობმული, ამიტომ, როცა დროის გაგება სურდა, ჯიმი სხვებისათვის შეუმჩნევლად ამოიღებდა ხოლმე საათს.

დელა შინ დამშვიდებული დაბრუნდა და იმ ურთულესი ამოცანის გადაწყვეტაზე დაიწყო ფიქრი, როგორ აღედგინა ის სილამაზე, კეთილშობილებისა და სიყვარულისათვის მსხვერპლად რომ გაიღო.

აიღო თმების დასახუჭუჭებელი მაშა, დადო გაზქურაზე და აანთო გაზქურა.

ორმოცი წუთის შემდეგ მისი თავი ხშირი კულულებით დაიფარა. ახლა იგი გაკვეთილიდან გაპარულ მოსწავლე ბიჭუნას ჰგავდა. დელა დიდხანს კრიტიკულად და გულმოდგინედ აკვირდებოდა თავის თავს სარკეში.

"როგორც კი შემომხედავს, ჯიმი ან მომკლავს, ან მეტყვის, კონი-აილენდის გუნდის მომღერალ გოგონას ჰგავხარო. მაგრამ რა უნდა მექნა ერთი დოლარით და ოთხმოცდაშვიდი ცენტით?" - ფიქრობდა იგი.

შვიდი საათისათვის მას ყავა უკვე მოდუღებული ჰქონდა, გაზქურაზე გახურებული ტაფა კი მზად იყო კატლეტების შესაწვავად.

ჯიმი არასდროს იგვიანებდა.

დელამ ხელში დაიკავა ნაყიდი ძეწკვი და დაჯდა მაგიდის კუთხეში, შემოსასვლელ კართან ახლოს. ერთი წუთის შემდეგ მას კიბეებიდან ნაბიჯების ხმა მოესმა. იგი გაფითრდა. დელას ჩვეულებად ჰქონდა უხმოდ გასაუბრებოდა თავის თავს უბრალო, ყოველდღიური საკითხების გამოც კი. ახლა კი ჩურჩულით წარმოთქვა: "ღმერთო, შთააგონე მას, რომ წინანდებურად ლამაზი ვარ."

კარი გაიღო და ოთახში ჯიმი შემოვიდა. იგი იმედგაცრუებული და დაღონებული ჩანდა.

საბრალო ჭაბუკი! მხოლოდ ოცდაორი წლისა იყო და უკვე ოჯახის რჩენის სიმძიმე აწვა კისერზე.

არ ჰქონდა ხელთათმანები, პალტოც საკმაოდ დაძველებოდა.

ჯიმი მწყერის სუნნაკრავ სეტერივით შეჩერდა კართან და უძრავად იდგა. ისეთი გამომეტყველებით მიაჩერდა დელას, რომ ქალმა ვერ შეძლო მისი ამოკითხვა. ეს გამომეტყველება არ გამოხატავდა არც გაბრაზებას, არც განცვიფრებას, არც გაკიცხვას, არც თავზარდაცემას და არც სხვა რამ ისეთს, რაც ასეთ ვითარებაში შეიძლება დაეუფლოს კაცს. იგი დაჟინებით მისჩერებოდა ცოლს ამ რაღაც განსაკუთრებული, გამოუცნობი გამომეტყველებით.

დელა სასწრაფოდ მოსცილდა მაგიდას და მასთან მივიდა.

- ჯიმ, ძვირფასო, - უთხრა მას ტირილით, - ასე ნუ მიყურებ! თმა შევიჭერი და გავყიდე იმიტომ, რომ არ შემეძლო შენთვის საშობაო საჩუქარი არ მომერთმია. თმა ისევ გამეზრდება, განა ასე არაა?! ვალდებული ვიყავი, ეს გამეკეთებინა. მომილოცე შობა, ჯიმ! მოდი, ბედნიერად გავატაროთ ეს დღე. შენ არც კი იცი, რა ლამაზი, რა დიდებული საჩუქარი მოგიმზადე.

- ესე იგი თმა შეიჭერი, არა? - იკითხა ჯიმიმ ისეთი გამომეტყველებით, თითქოს ვერა და ვერ შეეძლო დაეჯერებინა ეს ამბავი.

- შევიჭერი და გავყიდე.

განა აღარ მოგწონვარ ისე, როგორც ყოველთვის მოგწონდი? მე ხომ ისევ ის დელა ვარ.

ჯიმმა უცნაურად მოავლო თვალი ოთახს.

- ესე იგი შენი თმა აღარ არსებობს? - უაზროდ იკითხა მან.

- ნუ კითხულობ თმას, ხომ გითხარი, შევიჭერი და გავყიდე-მეთქი. დღეს შობის წინა დღეა, მომეალერსე! ეს ხომ შენი გულისათვის გავაკეთე. იქნებ თმის დათვლაც კი შეიძლებოდეს, - განაგრძო მან სერიოზული და ნაზი ტონით, - მაგრამ ვერავინ წარმოიდგენს, როგორ მიყვარხარ. ეს სიყვარული უსაზღვროა. ჯიმ, დავაწყო კატლეტები ტაფაზე?

ჯიმი უცებ გამოფხიზლდა და გადაეხვია დელას.

მოდით, ათიოდ წამით ყურადღება გადავიტანოთ სხვა საგანზე და დავსვათ ასეთი კითხვა: რომელი უფრო მეტია - რვა დოლარი ერთ კვირაში, თუ მილიონი წელიწადში? მათემატიკოსი ან ფილოსოფოსი ამ კითხვას არასწორად უპასუხებს. მოგვებმა მოიტანეს ძვირფასი საჩუქრები... ამ ბუნდოვან კითხვას მოგვიანებით გავცემთ პასუხს.

ჯიმმა ამოიღო შეკრულა პალტოს ჯიბიდან და მაგიდაზე დააგდო.

- სწორად გამიგე, დელა, - თქვა მან, - ვერც თმის შეჭრა, შეკრეჭა და ვერც სხვა რამ ვერ შეასუსტებს ჩემს სიყვარულს შენდამი, მაგრამ გახსენი ეს შეკრულა და მიხვდები, რატომ მოვიქეცი ასე უცნაურად.

დელამ ხელების მსუბუქი მოძრაობით სწრაფად შემოხსნა შეკრულას ზონარი და... აღტაცების შეძახილი აღმოხდა, შემდეგ კი სინანულის ამოკვნესა და ქვითინი. ქალის სულიერი მდგომარეობის ასეთმა სწრაფმა ცვალებადობამ საჭირო გახადა მის დასამშვიდებლად ყველა იმ დამამშვიდებელი საშუალების გამოყენება, რაც კი სახლის პატრონს გააჩნდა.

მაგიდაზე იდო ძვირფასი სავარცხლების კომპლექტი - სავარცხლები გვერდზე და უკან გადავარცხნილ თმაზე დასამაგრებლად. ეს სავარცხლები დელას ადრე ნანახი ჰქონდა ბროდვეის ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში და დიდხანს ტკბებოდა მათი ცქერით.

სავარცხლები ლამაზი იყო, დამზადებული იყო ნატურალური კუს ჯავშნისგან და ძვირფასი თვლებით იყო შემკული. ისინი ძალიან მოუხდებოდა დელას ნაწნავებს.

დელამ იცოდა, რომ სავარცხლები ძალიან ძვირი ღირდა. როგორ უნდოდა მისი ყოფილიყო და გული ეტანჯებოდა, რომ ეს აუსრულებელი ოცნება იყო.

და აი ახლა, როცა ეს სავარცხლები მისი იყო, აღარ არსებობდა ნაწნავები, სავარცხლებს რომ უნდა დაემშვენებინა.

მაგრამ მან მაინც გულში ჩაიკრა სავარცხლები. ბოლოს, როგორც იყო, ცრემლიანი თვალებით ამოიხედა მაღლა და თქვა:

- თმა სწრაფად მეზრდება, ჯიმ!

შემდეგ დელა დაშანთულ კატასავით სწრაფად წამოხტა ადგილიდან და ამოიკვნესა:

- ოჰ, ღმერთო ჩემო!

ჯიმის ხომ ჯერ არ ენახა მისი საჩუქარი. დელამ სწრაფად გაუწოდა მუჭაში ჩაბღუჯული საჩუქარი და გაშალა, რომ ჯიმის ხელის გულზე მოქცეული დაენახა. მქრქალი ძვირფასი ლითონი დელას უსაზღვროდ მოსიყვარულე სულის ანარეკლი უნდა ყოფილიყო.

- ხომ შესანიშნავია, ჯიმ. მთელი ქალაქი მოვიარე მის საპოვნელად. მომეცი შენი საათი. მინდა ვნახო, როგორ მოუხდება.

იმის ნაცვლად, რომ შეესრულებინა ეს თხოვნა, ჯიმი მოწყვეტით დაეშვა ტახტზე, ხელები თავს უკან შემოიწყო და გაიღიმა.

- დელა, - თქვა მან.

- მოდი, შევინახოთ ჩვენი საშობაო საჩუქრები. ისინი მეტისმეტად ძვირფასია ჩვენთვის.

მე საათი გავყიდე, რომ შენთვის ეს სავარცხლები მეყიდა. ახლა კი დააწყე კატლეტები შესაწვავად.

მოგვები, რომლებმაც ახლადშობილ ქრისტეს საჩუქრები უძღვნეს, ბრძენი ადამიანები იყვნენ. სწორედ მათ დაუდეს სათავე საჩუქრის მიძღვნის ჩვეულებას ქრისტეშობის დღეს.

და რადგან ისინი ბრძენნი იყვნენ, მათ საჩუქრებსაც ბრძნული შინაარსი ჰქონდა:

ადამიანმა თავის ახლობელს საჩუქარი უნდა უძღვნას არა იმ მიზნით, რომ იგი გაამდიდროს და თვითონაც მდიდარი დარჩეს. საჩუქრის არსი სულ სხვაა.

იმის გასარკვევად, თუ როგორი უნდა იყოს საჩუქარი, მე თქვენ გიამბეთ გამოგონილი თავგადასავალი ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა, რომლებმაც იმ მიზნით, რომ შინაარსი მიენიჭებინათ საჩუქრებისთვის, მსხვერპლად გაიღეს ყველაზე საუკეთესო, რაც კი გააჩნდათ.

ჭეშმარიტად ბრძენია ყველა ის, ვინც ასე გასცემს და ღებულობს საჩუქრებს. ისინი მოგვები არიან.

თარგმნა ზურაბ ცერცვაძემ

ღამით მესიზმრა...tag:www.qwelly.com,2021-06-05:6506411:Topic:14928582021-06-05T08:46:32.684Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

1917 წლის დეკემბრის ღამეებო! ლაზარეთის კვნესითა და განწირული გოდებით სავსე ღამეებო! რა აზრი აქვს თქვენს გახსენებას დღეს, იმ დროში, რომელიც ისევ ომისკენ ლტოლვითა და შეურიგებლობითაა აღსავსე! ხომ არ დაგვავიწყდა ყველაფერი, რაც ფერფლისა და უბედურებისაგან აღდგა. ისევ ხომ არ წაიშალა ის წლები, როდესაც მიწაში წვიმის წყალს სისხლი ჭარბობდა.

ღამეებო, როდესაც ტანჯვა, სიკვდილი, ნოსტალგია და უიმედობა ყველას საერთო, შავბნელი თანმხლები იყო!…

1917 წლის დეკემბრის ღამეებო! ლაზარეთის კვნესითა და განწირული გოდებით სავსე ღამეებო! რა აზრი აქვს თქვენს გახსენებას დღეს, იმ დროში, რომელიც ისევ ომისკენ ლტოლვითა და შეურიგებლობითაა აღსავსე! ხომ არ დაგვავიწყდა ყველაფერი, რაც ფერფლისა და უბედურებისაგან აღდგა. ისევ ხომ არ წაიშალა ის წლები, როდესაც მიწაში წვიმის წყალს სისხლი ჭარბობდა.

ღამეებო, როდესაც ტანჯვა, სიკვდილი, ნოსტალგია და უიმედობა ყველას საერთო, შავბნელი თანმხლები იყო! ღამეებო, როდესაც სიტყვებს „მშვიდობა დედამიწაზე“ ბრალეულობის და საშინელი სევდის ელფერი დაჰკრავდა! თქვენი დავიწყება არაფრით არ შეიძლება. ამ არეულ-დარეულ დღეებში არ უნდა განელდეს თქვენი ფიქრი მუდმივ საფრთხეზე, არასოდეს!..

წითელი გამომწვარი აგურით ნაშენი საავადმყოფო ღრმად იყო თოვლში ჩაფლული. ქარი ფანჯრებს აზანზარებდა, დერეფნებში ლამპის სუსტი შუქი ბჟუტავდა, გათბობის მილებში წყალი ჩხრიალებდა, ჩემ გვერდით პალატაში კი უკვე რამდენიმე კვირაა კვდებოდა უნტერ-ოფიცერი გერჰარტ ბროკმანი, რომელსაც ჭრილობიანი ზურგის ქვეშ ბალიშები ჰქონდა შეწყობილი.

ომამდე სტეპის პატარა სოფელში მუშაობდა მასწავლებლად. სანამ ლაპარაკი შეეძლო, ხშირად გვიყვებოდა იმ პერიოდზე. მაშინ პალატაში ოთხნი ვიწექით და ბროკმანს ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ რამდენიმე თვეში გამოჯანმრთელდებოდა და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვდნენ. სკოლაში აპირებდა დაბრუნებას, რომელიც სოფლის ძველი სასაფლაოს გვერდით, დაბალ შენობაში იყო განთავსებული, სადაც ფუტკრები ბზუოდნენ, პეპლები კი ორდენებივით ისხდნენ საფლავის ქვებზე. უნდოდა, დაჰბრუნებოდა არყების ხეივნებს, ზაფხულის ნათელ საღამოებს, მასწავლებლის ოთახს, სადაც პიანინო იდგა და წიგნებით სავსე თაროები ეწყო, დაჰბრუნებოდა ადრინდელ მშვიდობიან ცხოვრებას.

- ბავშვები და კიდევ სიმღერის გაკვეთილები! - ამბობდა ის და იდაყვებზე დაყრდნობილი ზევით იწეოდა. პერანგის რუხი სახელოები გამხდარ მკლავებზე ეშვებოდა, - ეს საუკეთესო რამაა. ერთ სიმღერას ვსწავლობდით... სამ ხმაშიც კი ვიცოდით... გინდ დამიჯერეთ, გინდ არა. ჩვენს სკოლაში მხოლოდ ერთი კლასი იყო, მაგრამ ისე ვმღეროდით სამ ხმაში, როგორც პროფესიულ სიმღერის გუნდში. არ ვიცი, იცით თუ არა ეს სიმღერა „ღამით მესიზმრა...“. აუცილებლად უნდა მოვისმინო კიდევ ერთხელ.

ძნელი იყო გაგეძლო მისი მოციმციმე თვალებისთვის, დაჟინებული მზერისთვის. როგორც ჩანს, ეს სიმღერა მისთვის ბევრს ნიშნავდა, რადგან ხშირად იხსენებდა მას. იქნებ, ოდესღაც იმ გოგოს უმღერია, რომელიც მას უყვარდა. მოგვიანებითაც, პეტერსონისა და ფიშერის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად იწყებდა ამ სიმღერაზე საუბარს. სწრაფად ვუპასუხებდი ხოლმე:

- ჰო, გერჰარდ, ვიცი. ყოველი სტროფიც კი ზეპირად ვიცი.

მაშინ ჩუმდებოდა და მედდის მოსვლას უცდიდა, რომ მისთვის მოეყოლა ამის შესახებ. ზოგჯერ ცდილობდა, თავისი ჩახლეჩილი, გაბზარული ხმით მედდისთვის მელოდია ემღერა. მაგრამ ეს თითქოს აღარ ჰგავდა ხმას, თითქოს ეს მისი ბოლო აზრები იყო, რომლებიც დაღლილი ბუზებივით ბზუილით დაფრინავენ ერთმანეთის მიყოლებით კანით დაფარულ მის თავის ქალაში. გერჰარდ ბროკმანი ოცდაათი წლის იყო, ტყვია ფილტვებში რომ ჩარჩა და ტუბერკულოზი განუვითარდა. ახლა ოთხმოცი წლისას ჰგავდა.

1917 წლის დეკემბრის ღამეებო! ოქტომბერში, როდესაც ფოთოლცვენა დაიწყო, ჩვენი ამხანაგებიც გამოგვეცალნენ ხელიდან. პალატაში ოთხნი ვიყავით, ახლა კი მე და ბროკმანი დავრჩით. ფანჯრებს ათოვდა და ხმაური უხილავი საათის ხმას გვაგონებდა, კარი მუდმივად იღებოდა, სახლის გარშემო სიკვდილი დაძრწოდა, კუთხეებიდან ციებ-ცხელება მოძვრებოდა და ძილი არ გვეკარებოდა. ძლივს ჩამეძინებოდა ხოლმე და მძიმე სიზმრებით გატანჯულს, მოულოდნელად ისევ მაღვიძებდა ჩუმი, სუსტი ხმა ოთახის კუთხიდან. ბროკმანი ჩურჩულებდა, შიშისაგან ხმა უწყდებოდა:

- სინათლე, სინათლე აანთეთ, თუ ღმერთი გწამთ!..

შემდეგ ღამის ლამპის შუქი ბროკმანის თვალებში ირეკლებოდა - მის მუქ, იდუმალ თვალებში, რომლებსაც ნელა და ყურადღებით აცეცებდა აქეთ-იქით, თითქოს ვიღაცას ეძებსო. მას არ უნდოდა დაძინება. ფიქრობდა, რომ ასე არ მოკვდებოდა.

რუხი და მოღუშული შობის დილა გათენდა. მედდებმა ლაზარეთის დიდ დარბაზში საშობაო საჩუქრები დაარიგეს, ნაძვის ხე ნათურებით, ბურთებითა და „წვიმებით“ იყო მორთული. თითოეულმა ჩვენგანმა საჩუქრად ვაშლები, ორცხობილა, სიგარეტი და ერთი წყვილი მაღალი წინდაც კი მიიღო. შუადღეს სტუმარი მეწვია, ჩემი მეგობარი ლუდვიგ ბრეიერი. ფლანდრიაში შეტევის დროს დავკარგეთ ერთმანეთი. შემდეგ გავიგე, დაიღუპაო. ახლა კი ჩემ წინ იდგა უვნებელი, ორკვირიანი შვებულება მიეღო და სახლისაკენ მიემგზავრებოდა. სიხარული მაინც ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო, რადგან შობის წინადღეს უკვე ყველამ იცოდა, რომ ბროკმანი კვდებოდა.

კანცელარიაში ამაოდ ცდილობდნენ მისი ნათესავების პოვნას და მათთვის დეპეშის გაგზავნას, რათა უკანასკნელ დღეებში მის გვერდით ვინმე მაინც ყოფილიყო. არაფერი გამოვიდა. მისი მშობლები გარდაცვლილი იყვნენ, დედმამიშვილი არ ჰყავდა, სხვა შეკითხვებზე კი ვერანაირი პასუხი ვერ მიიღეს. ბროკმანი მთელი დღე ხრიალებდა.

ლუდვიგ ბრეიერი შებინდებამდე დარჩა ჩემთან, მაგრამ მეტხანს ვეღარ შეძლო. წასვლაც უნდოდა სახლში, დედამისთან.

- არ გეწყინოს, - მითხრა მან, - არ ვარ ამას შეჩვეული. იერიშისას, კი ბატონო, ყველაფერი სწრაფად ხდება და ამას სხვა თვალით უყურებს კაცი. აქ კი ეს ყველაფერი უფრო მეტად მოქმედებს ნერვებზე, ვიდრე მთელი პოლკი რომ აღმოჩენილიყო ტყვიამფრქვევის ცეცხლის ქვეშ.

თავი დავუქნიე და მანამ ვუყურებდი ფანჯრიდან, ვიდრე თვალს მიეფარებოდა. შემდეგ შუქი ავანთე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შემოვლისას მედდა იჩხუბებდა. სინათლე უნდა დაგვეზოგა და ჯერ საკმაოდ ადრე იყო. შემეძლო, საღ ფეხზე ხტუნვით გავსულიყავი სხვა პალატაში, სადაც მსუბუქად დაჭრილები იწვნენ, მაგრამ ბროკმანის მარტო დატოვება არ მინდოდა. მეორე მხრივ, სიბნელეშიც არ მინდოდა მასთან ერთად მარტო ყოფნა. ისედაც სულ იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, რომლებიც აქ გარდაიცვალნენ. ამიტომ ჩაცმული წამოვწექი ჩემს საწოლზე. ვფიქრობდი, რომ მწოლიარე უფრო ადვილად ავიტანდი ხრიალის მოსმენას. როცა ვიწექით, თითქოს ერთნაირები ვიყავით.

ამ დღეს მედდა ჩვეულებრივზე უფრო ადრე შემოვიდა პალატაში. მინდოდა სწრაფად მივწვდომოდი ლამპას, მაგრამ მას საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება სინათლისთვის. ბროკმანის საწოლისკენ გაემართა და მისკენ დაიხარა. ერთი ხანობა უსმენდა, მერე კი მხრები აიჩეჩა. ახლა კარში საოპერაციოს მედდის ფერმკრთალი, ვიწრო სახე გამოჩნდა.

ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. შეუძლებლად მიმაჩნდა, რომ ახლა გერჰარდისთვის ოპერაციის გაკეთებას აპირებდნენ! სწრაფად წამოვიმართე. საოპერაციოს მედდამ გამიღიმა. ეს საეჭვოდ მომეჩვენა, როდესაც ის იღიმოდა, ამას რაღაც სახიფათო მოჰყვებოდა ხოლმე. იქნებ მე მგულისხმობდა და მეც კიდევ ერთხელ უნდა დავეწვინე „ყასბის“ მაგიდაზე.

მაგრამ ისიც ბროკმანისკენ გაემართა. შემდეგ შემოტრიალდა და თქვა: - შეიძლება მოსინჯვა.

გაოცებული ავდექი. ნახევრად ბნელ დერეფანში ღია კარის წინ ბავშვების გუნდი იდგა. მათ გოგონა ახლდა.

- მასწავლებელია, - ჩამჩურჩულა მედდამ, - ერთი კვირაა, გვერდითა პალატაში, ქალების განყოფილებაში წევს. მას ბროკმანის შესახებ მოვუყევით. დღეს კი მთელი თავისი კლასი აქ დაიბარა, რათა ბროკმანისთვის შობაზე სიამოვნება მიენიჭებინა. იმედია, გაიგებს.
- რაა? - ვიკითხე მე. რაღაც წინათგრძნობამ სუნთქვა შემიკრა.

და აი, წკრიალა ხმებით დაიწყეს სიმღერა: "ღამე მესიზმრა - ისეთი ცუდი სიზმარი..."

თითქოს რაღაცა დამეცა და წამაქცია. ხედავ? ამაზე უფიქრიათ! ნახევრად განათებულ ოთახში, რომელშიც უკვე სიკვდილის მოტკბო სუნი ტრიალებდა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს დავიწყებული სამშობლო კიდევ ერთხელ გამოგვეცხადა, რომ მოგვსალმებოდა. რაღაც მახრჩობდა. მაგრამ შემდეგ თავი ხელში ავიყვანე და ბროკმანს გადავხედე. მაინტერესებდა, ესმოდა თუ არა სიმღერა.

პირველი სტროფის დროს გაუნძრევლად იწვა. მედდამ ბავშვებს ხელი დაუქნია, ისინი ახლოს მოვიდნენ და კარის ქვეშ დადგნენ. მათ მეორე სტროფის სიმღერა დაიწყეს.

ბროკმანის ხელები წრიული მოძრაობებით თაგვებივით დასრიალებდნენ საბანზე. შემდეგ კი ხელები გაშალა და გააჩერა, თითქოს ბედისწერას ურიგდებაო. უკვე ვფიქრობდი, რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ ბროკმანმა თვალები გაახილა, რომლებიც ახლა ნაზი, დიდი და საოცრად მეტყველი იყო. სახე ვულკანის კრატერივით გაშეშებული, გატანჯული და რუხი ჰქონდა, მაგრამ თვალები იმ გოგონაზე უფრო ლამაზი გახდომოდა, რომელიც ბავშვებთან ერთად მღეროდა. თვალებში უკვე იმ სიმშვიდეს დაესადგურებინა, რომელიც ჯერ სახეზე არ იყო გავრცელებული.

სიმღერა დამთავრდა. ბროკმანი არ იძვროდა. გასუსული იწვა. მასწავლებელმა ბავშვებს თავი დაუქნია და მათ თავიდან დაიწყეს სიმღერა. გერჰარდმა თავი მოატრიალა, თითქოს ისმენსო, სახეზე რაღაც გაუბედავმა, სუსტმა ღიმილმა გადაურბინა. ტუჩები აამოძრავა. მისკენ დავიხარე. თავიდან კარგად ვერ ვიგებდი, რას ამბობდა, ამიტომ ბალიში ცოტა ზემოთ ავუწიე. „სამ ხმაში, - ჩურჩულებდა ის, - სამ ხმაში...“

შემდეგ გაჩუმდა და გოგონას შეხედა. ის ძალიან ახალგაზრდა იყო და ვერ ვიჯერებდი, რომ უკვე მასწავლებელი იყო. მე თვითონაც ჯერ ცხრამეტი წლის ვიყავი, მაგრამ მასთან შედარებით უკვე მოხუცად გამოვიყურებოდი. ის ჯერ ბავშვი იყო და ნამდვილად არ იცოდა, რა ხდებოდა აქ. ალბათ, უნდოდა, ავადმყოფი ადამიანისათვის სიკეთე გაეკეთებინა, მაგრამ ნამდვილად არ ფიქრობდა იმაზე, რომ აქ სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი კიდევ ერთხელ ხედავდა თავის ახალგაზრდობას.

საღამოს ცხრა საათზე გერჰარდი აფორიაქდა. ათის ნახევარზე უკვე თვალში საცემი იყო, რომ მისი სხეული უკანასკნელ რეზერვებს იკრებდა. ათ საათზე ორთქლმავალივით მუშაობდა. სახეზე ოფლი გადასდიოდა, კანკალებდა და იხუთებოდა, ფილტვები ხიხინებდნენ, დაფჩენილი პირით ჰაერის ჩასუნთქვას ლამობდა. ნელა იხრჩობოდა, მაგრამ გონებაზე იყო.

- დაო, გაუკეთეთ რა იმდენი მორფი, რომ მაშინვე დამშვიდდეს, - ვთხოვე მე.

თავი გადააქნია.

- ეს რწმენის წინააღმდეგაა, - მიპასუხა მან.

- მაშინ მე მომეცით, - ვუპასუხე, - გამოიჩინეთ გულმოწყალება. აქ დადეთ და აქედან რომ გახვალთ, დაივიწყეთ.

მედდამ შემომხედა.

- სიკვდილი მხოლოდ ღმერთის ხელშია, - მიპასუხა მან და ჩუმად დაამატა: - ასე რომ არ იყოს, მაშინ აქ ყოფნა ხომ გაუსაძლისი იქნებოდა.

თერთმეტის ნახევარზე ისე გაუარესდა გერჰარდის მდგომარეობა, რომ ამის ყურება აღარ შემეძლო. რაღაც უნდა გამეკეთებინა და უცებ იდეა მომივიდა.

აღარ მახსოვს, როგორ გამოვედი გარეთ. ისიც არ მახსოვს, როგორ გავიგე, რომელ პალატაში იწვა გოგონა. საბედნიეროდ, დერეფანში ვერავინ დამინახა. ისიც აღარ ვიცი, რა ვუთხარი გოგონას, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მიმიხვდა, რადგან ზედმეტი კითხვების გარეშე გამომყვა.

გოგონა ბროკმანის საწოლთან ჩამოჯდა და მისი ნესტიანი ხელები აიღო. დავინახე, როგორ გააჟრჟოლა შეძრწუნებისგან, მაგრამ არ შეიმჩნია. გოგონა ახლა ნამდვილად მის პალატაში იყო და მოხდა ის, რისიც ახლა თითქმის აღარ მჯეროდა: გერჰარდი დამშვიდდა. კი აგრძელებდა ხროტინს, მაგრამ ისე აღარ იტანჯებოდა.

მორიგე მედდა თორმეტ საათზე მოვიდა. ეს მსუქანი მედდა ერთადერთი იყო, რომელსაც ვერავინ იტანდა. გოგონას დანახვისას შეკრთა. შევეცადე, ყველაფერი ამეხსნა მისთვის, მაგრამ ის მხოლოდ თავს აქნევდა უარის ნიშნად. ჰოსპიტალი კათოლიკური იყო და მსგავს რაღაცებს ძალიან მკაცრად უყურებდნენ. მედდა ყოველდღე ხედავდა ვიღაცის სიკვდილს. მისთვის უფრო უჩვეულო ის იყო, რომ ღამით ჩვენთან გოგონა იყო.

- ქალიშვილო, აქ ვერ დარჩებით! - თქვა მან და შემომხედა.

- მაგრამ... - ვუპასუხე მე და საწოლისკენ მივუთითე.

მედდამ ცალი თვალით გაიხედა იქით.

- ახლა ხომ მშვიდადაა, - მოუთმენლად თქვა მან, - ქალიშვილი უნდა გავიდეს! ახლავე! ნათესავი ხომ არ არის.

გოგონა გაწითლდა. ხელები გაითავისუფლა და წამოდგომას შეეცადა. მაგრამ ბროკმანის ტუჩებს ხორხისმიერი ბგერა მოსწყდა, სახე აუტანელი შიშით დაემანჭა. მომეჩვენა, თითქოს სახელი „ანა“ დაიძახა. - დარჩით! - ვთქვი გაცოფებულმა და გოგონასა და მედდას შორის ჩავდექი. ახლა ჩემთვის სულერთი იყო, რა მოხდებოდა.

მედდა აღშფოთებისგან კანკალებდა. ის გოგონას მიუბრუნდა.

- ქალიშვილო, დატოვეთ პალატა! მმე თვითონ დავრჩები პაციენტთან.

- არ არის საჭირო, - უხეშად ვუთხარი მე, - თქვენზე საკმაოდ ბევრჯერ გაბრაზებულა.

მედდა კარისკენ გაექანა.

- ამის შესახებ განვაცხადებ! ახლავე ბატონ დირექტორთან წავალ!

- ეშმაკსაც წაუღიხარ, ბებერო ჭოტო...- მივალანძღე მე.

დაძაბული და აღელვებული ველოდი, რა მოხდებოდა. გადაწყვეტილი მქონდა, აღარავინ შემომეშვა. ახლა ეს ჩემი და გერჰარდის საქმე იყო და სხვას არავის ეხებოდა.

მაგრამ აღარავინ მოსულა.

გერჰარდი შობის მეორე დილას გარდაიცვალა. ის მშვიდად მოკვდა, თითქოს დაიძინაო. გოგონა გარდაცვალებამდე მის გვერდით დარჩა. ამის შემდეგ მდუმარედ გავიარეთ მკრთალად განათებული დერეფანი. ახლა, როდესაც ყველაფერი დასრულდა, მედდის ამბავი მძიმედ დამაწვა გულზე. ჰოსპიტალში ასეთ რაღაცებთან დაკავშირებით არ ხუმრობდნენ. ჩემთვის კი სულერთი იყო, მაგრამ სრულიად შესაძლებელი იყო, რომ გოგონა საავადმყოფოდან გაეშვათ.

- იმედია, დიდი პრობლემები არ შეგექმნებათ, - შეწუხებულმა ვუთხარი მე.

ხელი აიქნია, პირდაპირ იყურებოდა.

- ეს ხომ არაფერია, იმასთან შედარებით...

შევხედე. სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა. საღამოს, თავის კლასთან ერთად რომ მღეროდა, ბავშვური სახე ჰქონდა. ახლა მას ისეთი ადამიანის სერიოზული გამომეტყველება მიეღო, რომელმაც ბევრი რამ იცის და ტანჯვაც უცხო არ არის მისთვის.

უკან რომ ვბრუნდებოდი, სულ ამაზე ვფიქრობდი. უცნაური შეგრძნება მქონდა. გარეთ ცისკრის ლოცვის მაუწყებელი ზარების რეკვის ხმა გაისმა. მას შემდეგ, რაც ჯარისკაცი გავხდი, პირველად მქონდა მშვიდობის შეგრძნება. ვგრძნობდი, რომ რაღაც კარგი მოხდა, რომ ომისა და განადგურების გარდა, კიდევ რაღაც არსებობდა, და ეს რაღაც დაბრუნდებოდა. დამშვიდებული და მობილიზებული დავბრუნდი ჩემს პალატაში, რომელსაც დილის მონაცრისფრო-მოოქროსფრო შუქი ანათებდა.მ იქ, საწოლში, აღარ იწვა უბრალო ჯარისკაცი გერჰარდ ბროკმანი, იქ სამუდამო მეგობარი იწვა და მისი სიკვდილი უკვე აღარ მაძრწუნებდა - ეს ანდერძი და აღთქმა იყო. დამშვიდებული და დაცული დავწექი ისევ მის გვერდით.

1917 წლის დეკემბრის ღამეებო! ტანჯვით აღსავსე და შემაძრწუნებელო ღამეებო! თქვენს განუზომელ ნაღველში იმედმა და ადამიანურობის სურვილმა გაიღვიძა! თქვენი დავიწყება არ შეიძლება. ამ არეულ-დარეულ დღეებში არ უნდა განელდეს თქვენი ფიქრი მუდმივ საფრთხეზე, არასოდეს!

ერიხ მარია რემარკი

იოჰან ბარტოკის უცნაური ბედიtag:www.qwelly.com,2021-05-22:6506411:Topic:14921052021-05-22T11:20:55.101Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ომი რომ დაიწყო, სანტექნიკოსი და მემონტაჟე იოჰან ბარტოკი ხუთი თვის დაქორწინებული იყო. მაშინვე ომში გაიწვიეს და საზღვართან, ავსტრიულ გარნიზონში გაგზავნეს. გამგზავრების დღეს თავისი საქმეები მოაწესრიგა და პატარა მაღაზია ცოლსა და თავის ქარგალს გადააბარა. ისიც კი მოახერხა, რომ ორი დამატებითი შეკვეთა მიეღო. ამ ყველაფერს ნაშუადღევამდე მოუნდა, კმაყოფილი იყო, რომ შობამდე მაინც, ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა. როდესაც მოსაღამოვდა, თავისი საუკეთესო…

ომი რომ დაიწყო, სანტექნიკოსი და მემონტაჟე იოჰან ბარტოკი ხუთი თვის დაქორწინებული იყო. მაშინვე ომში გაიწვიეს და საზღვართან, ავსტრიულ გარნიზონში გაგზავნეს. გამგზავრების დღეს თავისი საქმეები მოაწესრიგა და პატარა მაღაზია ცოლსა და თავის ქარგალს გადააბარა. ისიც კი მოახერხა, რომ ორი დამატებითი შეკვეთა მიეღო. ამ ყველაფერს ნაშუადღევამდე მოუნდა, კმაყოფილი იყო, რომ შობამდე მაინც, ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა. როდესაც მოსაღამოვდა, თავისი საუკეთესო კოსტიუმი ჩაიცვა და, ცოლთან ერთად, ფოტოგრაფთან წავიდა. აქამდე ვერ მოუხერხდათ სურათის გადაღება. თავი რომ გაეტანათ, მძიმე მუშაობა უწევდათ. ამიტომ ამისათვის ფულის დახარჯვა ზედმეტ ფუფუნებად ეჩვენებოდათ. მაგრამ ახლა ამ საქმეს სხვა თვალით შეხედეს. ფოტოგრაფმა მეორე დღეს ფოტოები მატარებელთან მიუტანა. მიუხედავად იმისა, რომ სურათები ცოტა უფრო დიდი ზომის აღმოჩნდა, ვიდრე ბარტოკი მოელოდა, ის შეეცადა, ისე ამოეჭრა ორივეს სახე, რომ ფოტო საათის თავსახურში ჩატეულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. ამიტომ თავისი დანა აიღო, საკუთარი სურათი მოაჭრა და მხოლოდ ცოლისა დაიტოვა. ახლა ის ზუსტად ჩაეტია თავსახურში.

ბარტოკის პოლკი მალე ფრონტზე გადაისროლეს. 1914 წლის ზამთარში შეტევაზე გადავიდნენ და ღამით გააფთრებულ ბრძოლაში ჩაებნენ. მტერმა საფლანგო მანევრი შეასრულა და სამ ასეულს ალყა შემოარტყა. მთელი დღე თავს იცავდნენ. როდესაც ტყვია-წამალი გაუთავდათ, იძულებული გახდნენ, მტერს ტყვედ ჩაჰბარებოდნენ. მათ რიგებში ბარტოკიც იყო. ტყვეებმა რამდენიმე თვე ბანაკში გაატარეს. ბარტოკი მთელი დღეები ქოხში იჯდა ჩაფიქრებული. აინტერესებდა, როგორ იყო მისი ცოლი, შეძლო თუ არა ახალი შეკვეთების მიღება, რადგან ახლა ამით უნდა გამოეკვება თავი. მაგრამ მთელ ბანაკში წერილი არავის მიუღია. ბარტოკს ერთადერთი იმის გაკეთება შეეძლო, რომ თვითონ გაეგზავნა სახლში წერილები, რომლებშიც ცოლს რჩევებს მისცემდა და ასევე, იმ ადამიანების მისამართებს აცნობებდა, რომლებსაც, შესაძლოა, მაგალითად, ახალი რკინის კარი ან უნიტაზი დასჭირვებოდათ. აპრილის დასაწყისისთვის 1800-კაციანი რაზმი შექმნეს და სანაპიროზე გადაისროლეს. მათ შორის ბარტოკი და მისი ამხანაგებიც იყვნენ. ისინი გემის ბორტზე აიყვანეს. გავრცელდა ჭორი, რომ აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ ბანაკში უნდა გადაეყვანათ.

პირველ დღეებში თითქმის ყველა ზღვის ავადმყოფობით იტანჯებოდა. შემდეგ შეძლებისდაგვარად განთავსდნენ. ბნელ, დახუთულ ტრიუმში ისხდნენ და სანამ სიგარეტი ჰქონდათ, ეწეოდნენ. მხოლოდ რამდენიმე ვიწრო ილუმინატორიდან შეეძლოთ, ზღვისთვის თვალი შეევლოთ. რიგრიგობით იყურებოდნენ ხოლმე. წყალი ლურჯი და გამჭვირვალე იყო, ზოგჯერ თეთრ ფრთას ან დიდი თევზის ჩრდილს მოჰკრავდნენ თვალს. დრო გავიდა და ზედამხედველებმა ყურადღება მოადუნეს. ტყვეებმა ეს შეამჩნიეს და შეიმუშავეს გეგმა, თუ როგორ დასხმოდნენ თავს ეკიპაჟს და გემის კონტროლი თვითონ ჩაეგდოთ ხელში. ზოგიერთმა მათგანმა ის ოთახები დაზვერა, სადაც იარაღი ინახებოდა, სხვები კი საიდუმლოდ იარაღდებოდნენ ნაგელებით, ბაგირებითა და დანებით.

მალევე, ერთ შტორმიან ღამეს დაიწყო ყველაფერი. სამი გოლიათივით უნტერ-ოფიცერი ხელმძღვანელობდა რაზმს, რომელსაც ბარტოკიც მიეკუთვნებოდა. ვითომ უსაქმოდ დაეხეტებოდნენ, ისე გაემართნენ კაიუტის კიბისკენ და უცებ კატებივით დაესხნენ თავს გაოცებულ ზედამხედველებს, რომლებმაც წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს. რამდენიმე წამის შემდეგ ლიუკები ამოამტვრიეს და გემბანზე აღმოჩნდნენ.

ეკიპაჟის ნაწილს ეძინა და ისინი ადვილად დაიმორჩილეს, დანარჩენები კი ჩაჰბარდნენ. მხოლოდ კაპიტანი და ორი ოფიცერი დაიმალნენ და ცეცხლი გახსნეს. სამი ტყვე რევოლვერიდან გასროლას ემსხვერპლა. მაგრამ როცა ტყვეებმა ტყვიამფრქვევი მოიყვანეს პოზიციაში, მძიმედ დაჭრილი კაპიტანიც დანებდა.

ტყვეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომელიმე ნეიტრალურ ნავსადგურამდე მიეღწიათ, რადგან კარგად იყვნენ უზრუნველყოფილი იარაღითა და სურსათით. ამასთან, მათ შორის ყოფილი მეზღვაურებიც იყვნენ. გემის მეთაურობა თავის თავზე ყოფილმა ოფიცერმა აიღო. ყოველდღე სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ, ბარტოკი ტყვიამფრქვევის მოხმარებას სწავლობდა. მეთაური ვარაუდობდა, რომ შემდეგ პორტამდე მისაღწევად სრული ერთი კვირა დასჭირდებოდათ, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. მეოთხე დღეს ჰორიზონტზე სამხედრო ხომალდის დაბალი, რუხი კორპუსი გამოჩნდა. მისი მილებიდან კვამლი ამოდიოდა და პირდაპირ მათკენ მოემართებოდა.

შეეცადნენ, გასცლოდნენ, მაგრამ სიჩქარე არ აღმოჩნდა საკმარისი. მაშინ კი ყველაფერი მოამზადეს, რომ თავი დაეცვათ. იმედი ჰქონდათ, დაღამებამდე გაუძლებდნენ და შემდეგ, ნისლისა და სიბნელის დახმარებით ხელიდან დაუსხლტებოდნენ.

ოღონდ არ გაუმართლათ. ავტომატები კი ჰქონდათ, მაგრამ გემს ვერ მიაწვდენდნენ. ერთი საათის შემდეგ უკვე ბევრი დაღუპული ჰყავდათ და იძულებული გახდნენ, თეთრი დროშა აღემართათ. როდესაც სამხედრო ხომალდის პირველი ნავი გვერდიდან მოუახლოვდათ, გემის ოფიცერმა თავი მოიკლა. კრეისერის კაპიტანმა ტყვეები ჯარისკაცებად კი არა, ამბოხებულებად ჩათვალა. ამიტომ ისინი ერთ-ერთ კუნძულზე სადამსჯელო კოლონიაში მიიყვანეს. რამდენიმე მეთაური დახვრიტეს, მათ შორის იყო ბარტოკის მეგობარი მიხაელ ჰორვათი. მან ბარტოკს თავისი საათი და საფულე გადასცა.

- წარმატებას გისურვებ, იოჰან, - უთხრა მან და გამომშვიდობებისას ხელი ჩამოართვა, - არა აქვს მნიშვნელობა, როგორ მოვკვდები, საბოლოოდ ხომ შედეგი ერთია. იმედი ვიქონიოთ, რომ გამოძვრები! თუ დედაჩემი კიდევ ცოცხალი იქნება, ეს ნივთები გადაეცი, კარგი?

დანარჩენი ტყვეები ამბოხებაში დაადანაშაულეს. ყოველ მეხუთეს "უვადო" პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო დანარჩენებს - 15 წლით იძულებითი მუშაობა. გადათვლისას ბარტოკს გაუმართლა - მას მხოლოდ თხუთმეტი წელი მიუსაჯეს.

"თხუთმეტი წელი, - ფიქრობდა ის პირველსავე საღამოს. სახსრები სტკიოდა და გოფრირებული თუნუქის გახურებული ქოხის კუთხეში მიწოლილიყო, - თხუთმეტი წელი. ახლა ოცდათორმეტი წლის ვარ. ესე იგი, იმ დროს ორმოცდაშვიდის ვიქნები. - საათის თავსახურიდან ცოლის სურათი ამოიღო და დიდხანს უყურა. შემდეგ თავი გადააქნია და დაძინებას შეეცადა.

სამუშაო მძიმე იყო, ხოლო კლიმატი - აუტანელი. პირველ წელს ას ოთხმოცი კაცი გარდაიცვალა, მეორე წელს - ას ათი. მეოთხე წელს ბარტოკი ბანატელ გლეხს, ვილცეკს დაუმეგობრდა, მეექვსე წელს კი ის დაასაფლავა. მეშვიდე წელს წინა კბილები დაკარგა. მერვე წელს გაიგო, რომ ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო. მეცხრე წელს გაჭაღარავდა. მეათე წელს თექვსმეტი კაცი გაიპარა, მაგრამ ისევ დაიჭირეს. მეთორმეტე წელს აღარავინ ლაპარაკობდა სახლზე. სამყარო მათთვის მხოლოდ ამ კუნძულს წარმოადგენდა, ცხოვრება კი - ტანჯვასა და ღრმა ძილს. მონატრება გაქრა, ტკივილი დაჩლუნგდა, მოგონებები წაიშალა. ამ, ჯერ კიდევ გადარჩენილ აპათიურ არსებებზე, რომლებიც ღამით უსიტყვოდ წვებოდნენ, რომ მომკვდარიყვნენ, მაგრამ დილით ისევ ეღვიძებოდათ, მხოლოდ ახოვანი და პირქუში ზედამხედველები ბატონობდნენ, და კიდევ ციებ-ცხელება და სასოწარკვეთილება.

როდესაც ერთ დღეს მათ ზედამხედველმა უთხრა, თავისუფლები ხართო, თავიდან არ სჯეროდათ. უკანასკნელ დღემდე ფიქრობდნენ, - ზედამხედველი მოვიდოდა და ეტყოდა, რომ კიდევ დამატებითი ხუთი წელი მოუწევდათ იქ დარჩენა. უკვე თითქმის ვერ წარმოედგინათ, რას ნიშნავდა თავისუფლება. თავიანთი უბადრუკი ქონება ჩაალაგეს და ქვემოთ, ნავსადგურისკენ გაეშურნენ. ბარტოკმა კიდევ ერთხელ მიიხედა უკან. იქ, ქოხების წინ, ის გადარჩენილი ამხანაგები დაინახა, რომლებსაც უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი და კუნძულზე დარჩენა უწევდათ. ისინი მდუმარედ უყურებდნენ გათავისუფლებულ ტყვეებს. წასვლამდე ბარტოკმა ორ მათგანს ჰკითხა, სახლიდან რაიმე ხომ არ გამოეგზავნა მათთვის. - მოკეტე! - უპასუხა ერთ-ერთმა, მიბრუნდა და წავიდა. მეორეს უკვე აღარაფერი ესმოდა. პირველი მაინც გაეკიდა მათ და დაიყვირა:

- ერთხელ ჩვენც წამოვალთ! სხვები არ განძრეულან. ისინი გაქვავებული მზერით იდგნენ.
გემისკენ მიმავალმა ბარტოკმა საათი ამოიღო. ჯერ კიდევ ჰქონდა ცოლის სურათი, რომელიც ისეთი გახუნებული იყო, რომ აღარაფერი ეტყობოდა. მაგრამ მაინც ამოიღო და შეეცადა, წარსული გაეხსენებინა. დიდი ხანია აღარ უფიქრია იმ პერიოდზე და იმდენად გადაჩვეული იყო, რომ მალე თავი ასტკივდა.

ხმელეთზე რომ გადავიდნენ, რამდენიმე ამხანაგთან ერთად განაგრძო გზა. მათ აღმოაჩინეს, რომ მათი სამშობლო ახლა იმ ქვეყნის ნაწილი იყო, რომელიც ადრე მათ წინააღმდეგ იბრძოდა. სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე, ეს ტერიტორია სხვა ქვეყნისთვის მიეკუთვნებინათ. ვერ გაიაზრეს ეს ფაქტი, მაგრამ დასაწყისისთვის შეეცადნენ, შერიგებოდნენ ამას, რადგან მათთვის განვლილი თხუთმეტი წლის განმავლობაში მთელი სამყარო შეცვლილიყო. ისინი ხედავდნენ სახლებს, ქუჩებს, მანქანებს, ადამიანებს - ესმოდათ ნაცნობი სახელები, მაგრამ მაინც ყველაფერი უცხო იყო. ქალაქები გაზრდილიყვნენ, ტრანსპორტის მოძრაობა აშინებდათ, უჭირდათ იმის გაგება, თუ რა ხდებოდა მათ გარშემო. ყველაფერი სწრაფად მოძრაობდა, ისინი კი ნელა ფიქრს იყვნენ მიჩვეულები.

ბოლოს და ბოლოს, ბარტოკი თავის მშობლიურ ქალაქში ჩავიდა. აღელვებისგან მუხლები ისე უკანკალებდა, რომ ნელა მიდიოდა და ჯოხს ეყრდნობოდა. იპოვა სახლი, რომელშიც ცხოვრობდა. მაღაზია ისევ ადგილზე იყო, მაგრამ მისი ცოლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში მაღაზია სხვას ჰქონდა იჯარით აღებული. როგორც ჩანს, მისი ცოლი უკვე დიდი ხანია, სხვაგან იყო გადასული. ბარტოკი ყველგან ეძებდა მას. ბოლოს გაიგო, რომ ცოლი ახლა, სავარაუდოდ, დასავლეთში, უფრო დიდ ქალაქში ცხოვრობდა.

იმ ქალაქისკენ აიღო გეზი, რომელიც დაუსახელეს. სხვადასხვა სახლის კარზე აკაკუნებდა და ცოლს კითხულობდა. ვერსად ვერაფერი გაიგო და, დაქანცული და იმედგადაწურული, უკვე უკან გამგზავრებას აპირებდა, როცა უეცრად რაღაც აზრი მოუვიდა თავში. შეტრიალდა და მოხელეს თავისი ყოფილი ქარგლის გვარი დაუსახელა. მოხელემ კიდევ ერთხელ ჩაიხედა წიგნში და იპოვა ის. მისი ცოლი ქარგალს შვიდი წლის წინ გაჰყოლოდა ცოლად. ბარტოკმა თავი დაუქნია. ახლა მისთვის ნათელი გახდა, რატომ არ იღებდა წერილებს, რატომ არ მოსდიოდა ცნობები სახლიდან. ყველას უფიქრია, რომ ის დაიღუპა.

ნელა აუყვა კიბეს და ზარი დარეკა. კარი ხუთი წლის ბავშვმა გაუღო. შემდეგ მისი ცოლიც გამოვიდა. შეხედა მას, არ იყო დარწმუნებული, რომ ქმარი ედგა წინ, ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.

- იოჰანი ვარ, - თქვა ბოლოს კაცმა.

- იოჰან! - ქალმა უკან დაიხია და მძიმედ ჩაეშვა სავარძელში. - ღმერთო ჩემო! - თქვაქ ქალმა და ტირილი დაიწყო. - მაგრამ ჩვენ ხომ მაშინ ცნობა მივიღეთ, საბუთი, რომ დაიღუპე!

ქალმა უჯრა გამოაღო და აკანკალებული ხელებით დაიწყო ქექვა. თითქოს მისი ცხოვრება იმაზე იყო დამოკიდებული, იპოვიდა თუ არა ამ ცნობას.

- კარგი, კარგი, თავი დაანებე... - ბარტოკმა აპათიური მზერით გაიარა სამზარეულოში. - შენი ბავშვია? - იკითხა მან. ქალმა თავი დაუქნია. - კიდევ გყავს?

- ორი.

- ესე იგი, ორი. - მექანიკურად გაიმეორა მან. შემდეგ დივანზე დაჯდა და თვალი გაუშტერდა.

- ახლა რა იქნება, იოჰან? - ჰკითხა თვალცრემლიანმა ცოლმა. ბარტოკმა ამოიხედა.

მის წინ, დაბალ კამოდზე მოოქრულ ჩარჩოში ჩასმული ფოტო იდო. ეს ის ფოტო იყო, რომელიც ფრონტზე გამგზავრებამდე გადაიღეს. ბარტოკმა ფოტო ჩამოიღო და დიდხანს უყურა. შემდეგ ისევ ცოლს შეხედა და შუბლზე ხელი გადაისვა.

- ხუთი თვე ვიყავით ერთად, არა?

- ჰო, იოჰან.

- ახლა?

- შვიდი წელია, - უპასუხა მან წყნარად. კაცმა თავი დაუქნია და წამოდგა. ქალი მოეხვია. - ხომ არ დაგვტოვებ?

- არა, წავალ, - თქვა ბარტოკმა და თავისი კეპი აიღო.

- ვახშმამდე მაინც დარჩი, - სთხოვა ცოლმა, - სანამ ალფრედი მოვა.

კაცმა თავი გააქნია.

- არა, არა, ასე ჯობია. შენ თავად უნდა გაერკვე ამ საქმეში. ასე უფრო სწორი იქნება.

გარეთ ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა სახლის წინ. შემდეგ ისევ სადგურში წავიდა და თავის მშობლიურ ქალაქში გაემგზავრა. იქ სამსახურის შოვნას და ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებდა.

ერიხ მარია რემარკი

გზაშიtag:www.qwelly.com,2021-02-06:6506411:Topic:14805352021-02-06T10:59:37.046Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

მას შემდეგ, რაც ოთხი დღის განმავლობაში მხოლოდ მკვახე ქლიავით ვიკვებებოდი, გრძნობა დავკარგე. კუჭი გახურებულ რკინასავით მქონდა, სოფლის შარაგზის ყურებისას თვალები მიჭრელდებოდა. ვიცოდი, რომ ნათელი შუადღე და მწველი მზე იყო, მაგრამ მე ყველაფერი მაინც ფერფლივით ნაცრისფრად მეჩვენებოდა, მუხლები კი ისე მიკანკალებდა, თითქოს ჭაობში უნდა გამევლო. გადმოვედი გზიდან და ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. ფიჭვის ქვეშ დავწექი, პერანგზე ღილები შევიხსენი და ისეთი…

მას შემდეგ, რაც ოთხი დღის განმავლობაში მხოლოდ მკვახე ქლიავით ვიკვებებოდი, გრძნობა დავკარგე. კუჭი გახურებულ რკინასავით მქონდა, სოფლის შარაგზის ყურებისას თვალები მიჭრელდებოდა. ვიცოდი, რომ ნათელი შუადღე და მწველი მზე იყო, მაგრამ მე ყველაფერი მაინც ფერფლივით ნაცრისფრად მეჩვენებოდა, მუხლები კი ისე მიკანკალებდა, თითქოს ჭაობში უნდა გამევლო. გადმოვედი გზიდან და ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. ფიჭვის ქვეშ დავწექი, პერანგზე ღილები შევიხსენი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს უფსკრულში ვეშვებოდი. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა.

როდესაც გრძნობაზე მოვედი, უკვე მოსაღამოებული იყო. ჩემ გვერდით ვიღაც გლეხი იდგა და მაჯანჯღარებდა. ვგრძნობდი, რომ სახე სველი მქონდა. ტუჩები მეწვოდა და ენით წვეთები მოვილოკე. არაყი იყო. გლეხს ჩემს პირთან ბოთლი ეჭირა. წამოვიმართე და ერთი ყლუპი მოვსვი. შემდეგ თავი გავაქნიე - მეტის დალევა არ შემეძლო. ეს ერთი ყლუპიც თავში ამივარდა.

გლეხი თავისი სოფლისკენ მიდიოდა. მისი ცხენი ფრუტუნებდა და ქუჩის განაპირას მდგარი ფურგონის წინ ტლინკებს ისროდა. ბორბლებს შორის ფარანი ქანაობდა. ფარნის ყვითელი შუქი ბინდში, ცხენის თბილი სუნი, გლეხის მაღალი, მუქი ფიგურა - ეს ყველაფერი სახლს მაგონებდა და ძალას მაცლიდა. ტუჩზე ვიკბინე და წამოვდექი.

გლეხმა მკითხა, რა გჭირსო. ვუპასუხე, რომ უმუშევარი ვარ და ერთი კვირის წინ გზაში ვიღაცამ უკანასკნელი ფული მომპარა. მან ფურგონიდან ორი უმი კვერცხი ამოიღო, გატეხა, ცოტა არაყი დაამატა და ეს ნაზავი მომცა. ნელა დავლიე. შემდეგ ჩანთიდან პური ამოიღო, რომელსაც ცოტა მოვატეხე და შევჭამე.

მითხრა, ჩემთან ერთად წამოდიო. შევეკითხე, სამუშაოს მოცემა თუ შეეძლო. უარი მითხრა. მკითხა, რისი გაკეთება შეგიძლიაო.

- ყველაფრის, რასაც დიდი სწავლა არ სჭირდება, - ვუპასუხე მე.

ერთი წუთით დაფიქრდა და მითხრა, სადღაც ახლოს რკინიგზაზე მუშების ჯგუფი მუშაობსო. გაეგო, რომ ბრიგადირი რამდენიმე დამატებითი მუშის დაქირავებას აპირებდა, მაგრამ ეს სამუშაო ალბათ ჩემთვის მძიმე იქნებოდა. ვუპასუხე, რომ ცოტა ძალას აღვიდგენდი და შევძლებდი მუშაობას. ვუთხარი, რომ ხვალ მოვსინჯავდი და შეეძლო, აქ დავეტოვებინე. ამიხსნა, სად უნდა წავსულიყავი. ის ადგილი აქედან მხოლოდ სამი მილით იყო დაშორებული. შემდეგ კიდევ რამდენიმე კვერცხი, მთელი პური და ძეხვი დამიწყო გვერდზე. პატარა ჯიბის დანის გარდა, არაფერი გამაჩნდა, რომ მისთვის მიმეცა. არ უნდოდა გამორთმევა, მაგრამ ბოლოს მაინც აიღო. ალბათ მიხვდა, რატომ დავიჟინე ასე. წასვლისას ცხენის ძველი ასალიც მომცა.

კვერცხები ხავსის ქვეშ დავმალე. პური და ძეხვი ჩემთან ახლოს ასალის ქვეშ დავიდე. ღამით ხშირად მეღვიძებოდა და ხელით ვსინჯავდი, ადგილზე იყო თუ არა ეს ყველაფერი. ასალის უხეში ნაპირი კისერზე მეხახუნებოდა და ცხენის სუნს ვგრძნობდი. ახლა ჩემი მდგომარეობა არც ისე სავალალო იყო.

როგორც კი ინათა, გზისპირიდან დავეშვი. ჩემი ქონების შენარჩუნებაზე ფიქრი მაღელვებდა. ტყეში პატარა ველობი ვნახე, რომელზეც ნაკადული მიედინებოდა. იქ დავრჩი.

შიმშილის გრძნობა ახლა უფრო მეტად მტანჯავდა, ვიდრე ბოლო ორი დღის განმავლობაში. მაგრამ ჩემი მარაგი გულდასმით გავანაწილე. ვერ გავრისკავდი, რომ ჩემს კუჭს ერთ ლუკმაზეც კი უარი ეთქვა. საჭმლის ყოველი ნამცეცი მჭირდებოდა, რათა მუშაობისთვის ძალა მომეკრიბა. პირველ დღეს ძალიან ცოტას ვჭამდი და სულ ჩრდილში ვიყავი. მეორე დღეს თავს კარგად ვგრძნობდი, ვიბანავე და ცოტა ხნით მზეს მივეფიცხე, თუმცა ვცდილობდი, რომ თავი მზისგან დაცული მქონოდა. ვშიშობდი, რომ სანამ დანიშნულების ადგილას ჩავიდოდი, სამუშაო უკვე გაცემული იქნებოდა; მიუხედავად ამისა, მესამე დღესაც ველობზე დავრჩი, მეძინა და ვჭამდი, ვიდრე საჭმელი არ გამითავდა.

მომდევნო დილას რკინიგზაზე წავედი. ბრიგადირმა ეჭვის თვალით შემომხედა, მაგრამ გამიმართლა. ორი მუშა ავად გამხდარიყო და სამსახურში ამიყვანეს.

დაახლოებით ოცი კაცი ვიყავით, ლიანდაგებთან ახლოს ვცხოვრობდით, გოფრირებული თუნუქის ფირფიტებით ნაშენ ბარაკებში. პირველ დილას თავაუღებლად ვმუშაობდი, რადგან ვხედავდი, როგორ მაკვირდებოდა ბრიგადირი. შუადღეს ძლივს ვინძრეოდი და ისეთი დაქანცული ვიყავი, რომ ძალიან ცოტა ვჭამე. სასოწარკვეთამ მომიცვა, რადგან ვიცოდი, რომ მალე გამომეცლებოდა ძალა. სიბრალულის იმედი არ უნდა მქონოდა. ერთ-ერთი მუშა, დაკუნთული, უჟმური ტიპი, რომელსაც მეკს ეძახდნენ, თავიდანვე მტრულად განეწყო ჩემ მიმართ და მაგრძნობინა კიდეც ეს. ისე გამეტებით ურტყამდა წერაქვს მიწას, რომ ქვები პირდაპირ ფეხებში მხვდებოდა. გარდა ამისა, გამუდმებით შენიშვნებს იძლეოდა იმ მუშების მისამართით, რომლებსაც ამ სამუშაოს შესრულება ეთაკილებოდათ, - ეშმაკსაც წაუღია ისინიო.

პაპანაქება სიცხე იყო. თუნუქის ფირფიტების ბარაკები გახურებული იყო, ჩვენი შიშველი ზურგები ოფლისაგან ლაპლაპებდა, ლიანდაგები მზეზე ვარვარებდა. ჩემ გვერდით ბიჭი მუშაობდა, რომელიც ცხენივით ძლიერი იყო და ხშირი ულვაში ჰქონდა. არაფერს ამბობდა, მაგრამ შიგადაშიგ ჩემკენ გადმოიხედავდა ხოლმე. ამჩნევდა, რა მოუხერხებელი ვიყავი. ბოლოს მუშაობა შევწყვიტე. ხელები მიკანკალებდა. უცებ ცივმა ოფლმა დამასხა. მან რაღაც ჩაიბურტყუნა და გვერდზე გამიყვანა, წერაქვი გამომართვა და მაჩვენა, რა უნდა გამეკეთებინა, რომ მუშაობისას ნაკლებად დავძაბულიყავი.

- გმადლობ, - ვუთხარი მე.

- მოკეტე, - მიპასუხა მან, თუმცა უხეშად არ უთქვამს ეს.

ისევ შევუდექი მუშაობას. დღეს დასასრული არ უჩანდა, მაგრამ ახლა უკვე ვიცოდი, რომ გავუძლებდი.

საღამოს ბრიგადირთან წავედი და ავანსად ორი მარკა მივიღე. სასადილოში ორი კოლოფი სიგარეტი ვიყიდე. კაცი, რომელიც დამეხმარა, ბარაკების გვერდით ხის კუნძზე იჯდა. მას ჰაინრიხ თიესი ერქვა. თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს შემთხვევით ჩავიარე, სიგარეტს მოვუკიდე და მასაც შევთავაზე.

- არა, გმადლობ, - მითხრა მან და ყავისფერი თუთუნი გადმოაფურთხა. მას თამბაქოს ღეჭვა ერჩივნა.

ბრიგადირთან დავბრუნდი და რამდენიმე სიგარეტი ერთ დასაღეჭ თამბაქოზე გადავუცვალე. ერთი საათის შემდეგ ჰაინრიხს მივუტანე.

- თხელი, მუქი სახეობაა, - ვუთხარი მე, - რომის გემოთი.

- ერკვევი ამაში? - მკითხა და თამბაქო გამომართვა.

- ცოტათი, - ვუპასუხე მე, - მაგრამ ღეჭვა არ მიყვარს.

- ჰო, მიჩვევის ამბავია, - მიპასუხა თიესმა.

ამ დღის შემდეგ საღამოობით ერთად ვვახშმობდით ხოლმე. ზოგჯერ მდინარეში თევზს იჭერდა, ჯოხზე ავაგებდით და ცეცხლზე ვწვავდით. ასეთ რაღაცებში კარგად ერკვეოდა. ერთხელ თიხაში ზღარბი გამოაცხო. მითხრა, ბოშების სადღესასწაულო საჭმელიაო. უცნაური გემო ჰქონდა, მაგრამ ცუდი არ იყო. უფრო მომეწონებოდა, რომ არ მცოდნოდა, ზღარბი იყო. ჯარისკაცობის პერიოდში ერთხელ კატა ვჭამე ისე, რომ არ ვიცოდი, რა იყო. შესანიშნავი გემო ჰქონდა.

საღამოობით, ჭამის შემდეგ, ჰაინრიხი თავისი მოგზაურობის შესახებ მიყვებოდა. მოხეტიალე იყო და ერთ ადგილას დიდხანს არ მუშაობდა. საუცხოო ღამეებს ვატარებდით. ჰაერი თბილი იყო, უფრო მკვეთრად იგრძნობოდა ყვავილების სურნელი, ვიდრე დღისით. ჩვენს ბარაკებთან ახლოს ერთი ბაღი იყო, რომელიც ლიანდაგის დარაჯს ეკუთვნოდა. პატარა, საყვარელი ბაღი იყო, როგორებსაც მუდმივად ხედავს კაცი მატარებლის ფანჯრებიდან. ბაღში ვარდები აყვავებულიყო. სურნელი ქარს ხშირად ჩვენკენ მოჰქონდა. ახოვანი ჰაინრიხი ფეხზე წამოდგა, ჰაერი ჩაისუნთქა და ნერვიულად დაიწყო ბოლთის ცემა, თავი დახრილი ჰქონდა.

შემდეგ ლიანდაგის დარაჯის სახლისკენ გაიხედა. ჯანმრთელობაშერყეული დარაჯი იქ თავის ცოლთან ერთად ცხოვრებდა. როგორც წესი, ქალი დილაობით ფანჯრის წმენდისას მღეროდა ხოლმე. ქმარზე ბევრად უმცროსი იყო, ჯანმრთელი და ლამაზი. ჰაინრიხ თიესი ას ოთხმოც ფუტს იწონიდა. ერთი გრამი ცხიმიც არ ჰქონდა ზედმეტი.

უჟმური მეკი არ მეშვებოდა. ფეხში ისე ჩამარტყა ნიჩაბი, რომ მთელი ორი დღე მტკიოდა. საჭმლის კონტეინერი გადამიყირავა. როგორც კი საბაბი ეძლეოდა, მეჩხუბებოდა. თავიდან ჰაინრიხ თიესმა რამდენჯერმე დაუცაცხანა, მაგრამ ის მაინც არ მანებებდა თავს. ვძულდი, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი, თვალში არ მოვხვედროდი.

- აზრი არა აქვს, - მითხრა ბოლოს ჰაინრიხმა, - ბრძოლაში უნდა დაამარცხო. შემეძლო, შენ მაგივრად გამეკეთებინა ეს, მაგრამ შედეგი არ ექნებოდა. მაშინ მთელი ბრიგადა შენ წინააღმდეგ განეწყობოდა. წამოდი.

ტყეში წავედით. იქ მიჩვენა, რა უნდა გამეკეთებინა.

- თავი მაგარი აქვს, ვიცი ეს. სამაგიეროდ, მუცელი აქვს კარაქივით. ისე უნდა ჩასცხო მუცელში, რომ ჰაერისგან დაეცალოს.

იმ პერიოდში ბარაკებში ხშირი იყო მუშტი-კრივი მუშებს შორის ან სოფლის გლეხის ბიჭებთან. ბევრი მათგანი ქალებზე იყო გაგიჟებული. ყოველ კვირადღეს ჩხუბი იყო. ჰაინრიხი მეკს ყურადღებით აკვირდებოდა.

- ის დაიხრება და ქვემოდან შემოგიტევს, - მითხრა ჰაინრიხმა, - პანჩური უნდა ამოარტყა და რომ გაიმართება, მაშინ დაესხა თავს.

ყოველ საღამოს ვვარჯიშობდით.

- მიდი, დამარტყი, - მითხრა ჰაინრიხმა ერთხელ, - გავუძლებ.

მუცლის კუნთები მიჩვენა. როდესაც დაჭიმა, რკინასავით გაუხდა.

კიდევ ერთი კვირა მოვიცადე. და ერთ კვირადღეს მოხდა ეს ამბავი. ბარაკებში დაძაბული სიტუაცია სუფევდა. მეკი გაცოფებული იყო. ერთ-ერთმა გოგონამ, რომელსაც დასდევდა, უარი უთხრა. ნაშუადღევიდან მოყოლებული, ჩხუბის მიზეზს ეძებდა. მე რომ გამოვჩნდი, ჩემზე გადაწყვიტა ბრაზის ამონთხევა. ეგონა, რომ, როგორც ყოველთვის, მშვიდად ვიქნებოდი, მაგრამ ამჯერად არ შევეპუე.

- მოკეტე, შე ბინძურო ძაღლო! - ვუთხარი მე.

ბარაკში მაშინვე ყველა გაისუსა. მეკი დაიხარა და მომიახლოვდა. ჭარბშეჭმუხნილს, პირი ოდნავ გახსნილი ჰქონდა. ეტყობოდა, გახარებული იყო, რომ, ბოლოს და ბოლოს, მიეცა მიზეზი, გამსწორებოდა.

- რა? - მკითხა მან და პირქუშად მომაშტერდა. - რა მითხარი, შე სულელო?

მოსაღამოებული იყო და ნახევრად ბნელ ბარაკში სახეებს მზერა შევავლე. ზოგიერთები გულგრილად იყურებოდნენ, ზოგიერთები - გაოცებული, მაგრამ ყველას გამოხედვაში იგრძნობოდა ცივი, დაუოკებელი წყურვილი, რომ ვინმეს ცემისათვის ეყურებინა.

მაგრამ მე ჰაინრიხ თიესის სახეც დავინახე.

- გითხარი, შენი ბინძური პირი დახურე-მეთქი! - დავუღრიალე მეკს.

დაღრიალება ჰაინრიხის იდეა იყო. ამან გაამართლა. ერთი წამით მეკი გაოგნდა, მერე კი თავს დამესხა. მან მხრებში დამარტყა, მე კი - კეფაში. შემდეგ დაიხარა, რომ მუხლებში მწვდომოდა, ზუსტად ისე, როგორც ჰაინრიხმა მითხრა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, წინასწარ რომ არ მცოდნოდა, რეაგირებას ვერ მოვასწრებდი. უკან გადავხტი და ფეხი დავარტყი. ოდნავ ბორძიკით წამოიმართა და ვიდრე მკლავების დაფარებას მოასწრებდა, ეგრევე მუცელში ვუთავაზე. ძირს დაეცა, მძიმედ სუნთქავდა და არ ინძრეოდა.

- ეყოფა! - დაიძახა ვიღაცამ კუთხიდან. - თავი დაანებე.

ჰაინრიხს გადავხედე. თავი დამიქნია. ჩემ ირგვლივ სახეები დავინახე, ჩალით გამოტენილი ტომრები, კედელზე წერაქვები და ნიჩბები ეკიდა. ფანჯრიდან მოსაღამოებულზე მზით განათებული მდელოები მოჩანდა, თითქოს პირველად ვუყურებდი ყველაფერს. უცებ ვიგრძენი, რომ ვკანკალებდი. ახლა მეკი ნამდვილად გამიერთიანებდა ძვალ-რბილს.

ჰაინრიხისკენ წავედი. უცებ ვიღაცამ წამოიძახა:

- ფრთხილად!

გვერდზე გადავხტი, მეორე წამსვე ჰაინრიხი წამოხტა და ჩემკენ გამოიქცა. დარტყმა, გულის გამგმირავი ყვირილი და მეკი დანით ხელში დაჩოქილი აღმოჩნდა.

- ეშმაკმა დასწყევლოს! - დაიძახა კაცმა, რომელმაც გამაფრთხილა. - დანების ტრიალი?! ეს არ უნდა შერჩეს.

ჰაინრიხი მისკენ წავიდა. ისე ურტყამდა, თითქოს დიდი ურო უჭირავსო ხელში. საშინელი სანახაობა იყო. ბარაკი გმინავდა. ჰაინრიხი კი ცემას განაგრძობდა. რაღაც პერიოდი მეკი ძირს იწვა. აღარ შემეძლო ამის ყურება.

- შეეშვი, - ვთქვი მე.

ჰაინრიხმა ისე შემომხედა, თითქოს არ მიცნობდა და თავი გააქნია.

- დაივიწყე. ეს ისეთი რამაა, რაც შენ არ გესმის.

სხვები არ განძრეულან.

მოგვიანებით გავიგე, რომ ასე ჩემ გამო კი არა, დანის გამო მოიქცა. ჰაინრიხი ბარაკებში ყველაზე ძლიერ კაცად ითვლებოდა და ეს მას გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს აკისრებდა. ამას ყველა აღიარებდა. ისევე, როგორც არ შეეძლო დამხმარებოდა ერთი ერთზე ბრძოლაში, არც ზურგიდან დანით თავდასხმა შეეძლო, დაუსჯელი დაეტოვებინა.

აგვისტო დადგა. მე და ჰაინრიხს დახუთულ ბარაკებში აღარ გვეძინა. ჩვენი ჩალით სავსე ტომრები გარეთ გავიტანეთ და ღია ცის ქვეშ ვიწექით. დაუვიწყარი ღამეები იყო. ლიანდაგები მთვარის შუქზე ლაპლაპებდა. ზოგჯერ მაშუქებითა და მწვანე ფარნებით განათებული მატარებელი ჩაიქროლებდა ხოლმე. ვარსკვლავები კიაფობდნენ, არასდროს მინახავს ასეთი უკიდეგანო და დიდებული ცა, როგორიც ამ მდელოს თავზე. ირმის ნახტომის იდუმალი შუქი ჩვენს თავზე ჰორიზონტს მიღმა გაუჩინარებული უზარმაზარი გემის კვამლივით მიიკლაკნებოდა.

ზოგჯერ, როცა მეღვიძებოდა, ვარსკვლავებს ადგილი ჰქონდათ შეცვლილი, ცა გადაბრუნებულივით მეჩვენებოდა - დიდი დათვის თანავარსკვლავედი ყალყზე იყო შემდგარი, ორიონი კი მეორე მხარეს ეკიდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დედამიწა ეულად მიფრინავდა კოსმოსში, უხმაუროდ პატარავდებოდა, ბურთის ზომას იღებდა, უსასრულო მრუდზე მოსახვევში ჰორიზონტის მიმართულებით მიიჩქაროდა და სიცარიელეში ვარდებოდა. ეს ზმანება იმდენად მკვეთრი იყო, რომ ხშირად მინდოდა, რაღაცას ჩავჭიდებოდი, რომ უფსკრულში არ გადავჩეხილიყავი. სიზმრიდან რომ ვფხიზლდებოდი, ვხედავდი, ჰაინრიხი ჩემ გვერდით აღარ იყო. ხშირად დიდხანს ვიჯექი და მუქ ტყეებს გავცქეროდი, რომლებიც ისე ლივლივებდნენ დაბლობის თავზე, როგორც ძროხები დანისლულ მდელოზე. დილისკენ, როდესაც მიწა უცებ ნამის დიდი რაოდენობით დაიფარებოდა ხოლმე, მეღვიძებოდა და ზოგჯერ ვხედავდი, როგორ ბრუნდებოდა ჰაინრიხი, ვიცოდი, საიდან მოდიოდა - ლიანდაგის დარაჯის ცოლისგან. როდესაც წვებოდა, მე თავს ვიმძინარებდი ხოლმე.

ერთ საღამოსაც ლიანდაგის დარაჯი მოვიდა ჩვენთან. მე და ჰაინრიხი ცეცხლთან ვისხედით. ჰაინრიხს კალმახი დაეჭირა და ხარშავდა. დარაჯი გვერდზე მოგვიჯდა, სახე ფერმკრთალი და გაოფლილი ჰქონდა. ჰაინრიხი ისე იქცეოდა, თითქოს ვერ შეამჩნია ის. დარაჯი ამინდსა და სიცხეზე ლაპარაკობდა. გარეგნულად აღელვება არ ეტყობოდა, მაგრამ რატომღაც უმიზეზოდ იქექებოდა ცეცხლში.

- ახლავე დავბრუნდები, - ვთქვი მე.

მოგვიანებით გავიგე, რა მოხდა. დარაჯმა ჰაინრიხს მოუყვა, რომ ომში ფილტვში დაიჭრა.

- სად? - ჰკითხა ჰაინრიხმა.

- არასში.

- მეც ვიყავი იქ, - უთხრა ჰაინრიხმა.

დარაჯი ტუბერკულოზიყ იყო ავად. ექიმის დასკვნაც აჩვენა, რომელიც თან წამოეღო. ჰაინრიხს ცნობისათვის არ შეუხედავს. სრულებით არ ცდილობდა, ჩვენში სიბრალული გამოეწვია, მშვიდად თქვა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენოდა. ისიც თქვა, რომ ცოლის გარდა არავინ ჰყავდა ქვეყანაზე. კარგად იცოდა, რომ მეტისმეტად ავად იყო მისთვის. მაგრამ ახლა სულ ცოტა ხანი ჰქონდა დარჩენილი. თანაც, სხვა არავინ გააჩნდა... აინტერესებდა, ესმოდა თუ არა ჰაინრიხს მისი.

- ჰო, - თქვა თიესმა. ამის შემდეგ დარაჯს ბევრი აღარაფერი უთქვამს. ის ჰაინრიხის პასუხს ელოდებოდა.

ერთხანს ყველა დუმდა. ჰაინრიხი ცეცხლს ჩაჰყურებდა. შემდეგ კიდევ ერთხელ იკითხა:

- მეგობარო, სად დაიჭერი? არასთან? - დარაჯმა თავი დაუქნია. ჰაინრიხი ისევ ცეცხლს ჩააშტერდა, თითქოს საკუთარი შეკითხვაც არ გაუგონია.

ცეცხლში ტოტმა დაიტკაცუნა. ჰაინრიხმა ამოიხედა.

- კარგი მაშინ... - თქვა მან, თითქოს ყველაფერი დაავიწყდაო. - მხოლოდ მე თვითონ ვეტყვი მას.

- კარგი, - თქვა დარაჯმა და წამოდგა.
მომდევნო ღამეს ჰაინრიხი უფრო ადრე დაბრუნდა, ვიდრე მოველოდი. ზუსტად იმ მომენტში ვარშავა-პარიზის ჩქარმა მატარებელმა ჩაიგრიალა. ორთქლმავალი შადრევანივით აფრქვევდა ნაპერწკლებს. ჰაინრიხი ბალახზე დაეგდო.

- ხვალ მოვტყდები, პაულ, - თქვა მან.

ვდუმდი. ვიცოდი, ასე დამთავრდებოდა, მაგრამ მაინც ისე ძლიერად მომხვდა გულზე, რომ ხმა ვერ ამოვიღე.

- მაინც უკვე დროა, - თქვა ჰაინრიხმა ცოტა ხნის შემდეგ. - მეტისმეტად დიდხანს დავრჩი ერთ ადგილას.

- ქალს უთხარი? - ვკითხე მე.

- ჰო.

დანისლულ მდელოებს გადავხედე.

- იმ საცოდავს მაინც დიდად არ უშველის შენი წასვლა. ცოლი იჯდება და იტირებს.

- არ იტირებს, - თქვა ჰაინრიხმა.

შევხედე. მკვეთრად შემოტრიალდა ჩემკენ.

- უკვე ყელში ამოვუვედი, - თქვა მან. - მოვუყევი, რომ დაქორწინებული ვარ და სახლში მინდა წასვლა, ჩემს ცოლთან.

თავი დავუქნიე.

- ამის მერე დიდხანს აღარ უტირია, - თქვა მან. - გაცოფებული იყო, ბრაზი, გესმის? ბრაზი! ეს დაეხმარება. ეშმაკმა დალახვროს, ისეთი ხასიათის ქალია...

გავჩუმდით.

- მართლა დაქორწინებული ხარ? - ვკითხე ცოტა ხნის შემდეგ.

- ახ, რა აზრი მოგივიდა თავში?!.. - თქვა ჰაინრიხმა და ერთი ბღუჯა ბალახი მოგლიჯა.

მეორე დილას წავიდა.

- ცოტას გაგაცილებ, - ვუთხარი მე.

თავი გააქნია.

- არ გინდა. ასე ჯობია.

გარეთ მოწმენდილი ამინდი იდგა. კარგა მანძილზე ჩანდა ყველაფერი.

- მეკთან ფრთხილად იყავი, - თქვა ჰაინრიხმა, - ჯობია, ჩემს ადგილას დაწვე, კუთხეში. თუმცა არა მგონია, რამე პრობლემა შეგიქმნას.

- მეც არა მგონია, - ვუპასუხე მე.

- მაშინ, წარმატებები, პაულ.

- წარმატებები, ჰაინრიხ.

ბარაკების წინ ვიდექი, სანამ ტყეში შევიდოდა. უკან არ მოუხედავს.

სამი კვირის შემდეგ მეც წავედი.

ერიხ მარია რემარკი

ანეტეს სიყვარულის ამბავიtag:www.qwelly.com,2020-10-17:6506411:Topic:14440572020-10-17T18:57:39.740Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ანეტე შტოლი ცენტრალური გერმანიის პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში გაიზარდა. ის ნორჩი გოგონა იყო, ღია ფერის პირისახით, უდარდელი და კისკისა. სკოლაში ზომიერად ბეჯითი იყო, ტკბილეულისა და ფილმების მიმართ კი სისუსტით გამოირჩეოდა. ბავშვობაში მასზე სამიოდე წლით უფროს, გამხდარ და მოუხერხებელ გერჰარდ იეგერთან ერთად თამაშობდა ხოლმე. ბიჭი წიგნებისა და სერიოზული საუბრების მოყვარული იყო.

მეზობლები იყვნენ და მათი მშობლებიც მეგობრობდნენ. ამიტომ…

ანეტე შტოლი ცენტრალური გერმანიის პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში გაიზარდა. ის ნორჩი გოგონა იყო, ღია ფერის პირისახით, უდარდელი და კისკისა. სკოლაში ზომიერად ბეჯითი იყო, ტკბილეულისა და ფილმების მიმართ კი სისუსტით გამოირჩეოდა. ბავშვობაში მასზე სამიოდე წლით უფროს, გამხდარ და მოუხერხებელ გერჰარდ იეგერთან ერთად თამაშობდა ხოლმე. ბიჭი წიგნებისა და სერიოზული საუბრების მოყვარული იყო.

მეზობლები იყვნენ და მათი მშობლებიც მეგობრობდნენ. ამიტომ და-ძმასავით იზრდებოდნენ. ერთის თავგადასავალი მეორისაც იყო - მიტოვებული ბაღები, მიხვეულ-მოხვეული ქუჩები, კვირადღეები და ზარების ხმა, ზაფხულის მდელოები, ბინდი, ვარსკვლავები, სურნელი და ახალგაზრდობის თავბრუდამხვევი, იდუმალი ხიბლი - ეს ყველაფერი მათ საერთო ჰქონდათ.

მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა. ლამაზი და ნაადრევად მომწიფებული თექვსმეტი წლის კეკლუცი გოგონა ცივი და თავშეკავებული გახდა. ბავშვური მეგობრობის გახსნილი, ნაცნობი ბაღიდან ის უცებ მომაჯადოებელ, საიდუმლოებებით მოცულ გარემოში მოხვდა. ახალგაზრდა გერჰარდი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მისი ბავშვობის უფროსი მეგობარი და დამცველი იყო, ახლა უსუსურად, მასზე ბევრად უმცროსად ეჩვენებოდა, მისი გაუბედაობა და ჩაფიქრებული გამომეტყველება კი - თითქმის სასაცილოდ. გოგონას ცხოვრებაში ისეთი რაღაცები მოსწონდა, რაც ადვილად, უპრობლემოდ გამოსდიოდა. ამიტომ არ იყო რთული მისი მომავლის განჭვრეტა - მას ექნებოდა უსაფრთხო, მშვიდი და ჩვეულებრივი ცხოვრება, ეყოლებოდა პატივსაცემი მეუღლე და ჯანმრთელი შვილები.

როდესაც გერჰარდმა უნივერსიტეტში პირველი სემესტრი დახურა, ისინი ერთმანეთის მიმართ უკვე გაუცხოებული იყვნენ.

შემდეგ ომი დაიწყო. ქალაქი საყოველთაო აჟიოტაჟმა მოიცვა. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი და მეტი უფროსკლასელი და ახალბედა სტუდენტი ეწერებოდა მოხალისედ და სტუდენტურ ქუდებს სამხედრო კეპებში ცვლიდა. მათ ბიჭურ სახეებს რაღაცნაირი გაუცხოებული გამომეტყველება გაუხდა. უფრო სერიოზულები გახდნენ, თითქოს გაიზარდნენ. მოსაწონი იყო მათი ახალგაზრდული შემართება, გაეწირათ თავი. თუმცა ისინი ჯერ კიდევ ახლოს იყვნენ სკოლის მერხთან, ნიჩბოსანთა კლუბებთან და საღამოს გართობასთან. მეტისმეტად ახლოს იყვნენ მშვიდობიან პერიოდთან, რომ სერიოზულად აღექვათ, თუ რას ნიშნავდა ომი და სად მიდიოდნენ.

გერჰარდ იეგერი პირველ მოხალისეებს შორის იყო. მშვიდი, გაუბედავი, მეოცნებე ბიჭი თითქოს გარდაიქმნა. თითქოს შინაგანი ცეცხლი წვავდა, თუმცა ეს შორს იყო ომით გამოწვეული იმ უზომო აღფრთოვანებისგან, რასაც პროფესორები მოეცვა. ის და მისი მეგობრები ომში მეტს ხედავდნენ, ვიდრე მხოლოდ ბრძოლასა და თავდაცვას. მათთვის ეს იყო დიადი შეტევა, რომელსაც უნდა მოეშორებინა თვითკმაყოფილი და მოწესრიგებული ყოფის მოძველებული იდეალები და მობერებული ცხოვრება გაეახალგაზრდავებინა.

ერთ კვირადღეს ყველანი ერთად გაეშურნენ ფრონტზე. სადგურზე ბევრი მტირალი, აღელვებული და აღფრთოვანებული მეგობარი და ნათესავი იყო. იქ თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი. ყველგან ყვავილები იყო, ნორჩი მწვანე ტოტები თოფების ლულებში ჩარჭოთ, სამხედრო ორკესტრი უკრავდა, ყვირილი და შეძახილები ისმოდა. ის იყო, მატარებელი დაიძრა, რომ გერჰარდმა უეცრად თავისი კუპეს ფანჯრის წინ ანეტე დაინახა. ის სხვა ვაგონში ვიღაცას ხელს უქნევდა. ბიჭმა ხელზე ხელი წაავლო.

- ანეტე...

ანეტემ გაიცინა და მას დარჩენილი ყვავილები ესროლა.

- რაიმე ლამაზი ჩამომიტანე პარიზიდან!

გერჰარდმა თავი დაუქნია, მაგრამ მეტი ვეღარაფერი უთხრა, რადგან მატარებელმა სიჩქარეს უმატა, სადგურში კი სიმღერისა და სასულე ორკესტის ხმამაღალი გუგუნი ისმოდა. გოგონას მოფრიალე, თეთრი საზაფხულო კაბა ბოლო მოგონება იყო, რომელიც თან წაიყოლა. პირველი თვეების განმავლობაში ანეტე იშვიათად თუ გაიგებდა რამეს გერჰარდის შესახებ. შემდეგ კი გახშირდა მისი წერილები და ღია ბარათები ფრონტიდან. კაცმა რომ თქვას, ანეტეს აკვირვებდა ეს. ვერ გაეგო, რა გახდა ასე ერთბაშად ამის მიზეზი, მაგრამ ყველაზე მეტად ის აოცებდა, რომ თვეების განმავლობაში გამოგზავნილი ყველა წერილი მხოლოდ მათი საერთო ბავშვობის მოგონებებს ეხებოდა. ანეტე მოელოდა გაბედული შეტევების ხატოვან აღწერას და ყოველთვის იმედგაცრუებული რჩებოდა, როცა იმ ამბების შესახებ უწევდა წაკითხვა, რომლებიც უკვე იცოდა და უინტერესოდ ეჩვენებოდა.

გერჰარდის ბრიგადამ ფლანდრიის ბრძოლაში საშინელი დანაკარგი განიცადა. რამდენიმე დღის შემდეგ მისმა ოჯახმა მხოლოდ მოკლე შეტყობინება მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ ორასი ჯარისკაცისგან მხოლოდ გერჰარდი და კიდევ ოცდაშვიდი მეომარი გადარჩა უვნებლად.

ანეტემ კი გრძელი წერილი მიიღო, რომელშიც გერჰარდი თითქმის თავდავიწყებით იხსენებდა მაისის რომელიღაც დილას და თეთრად აყვავილებულ ალუბლის ხეს ტაძრის გალერეის უკან. წერილის კითხვისას გერჰარდის მამამ გაოცებულმა გადააქნია თავი. ის უფრო მაღალი იდეალებით იყო შეპყრობილი და ბედნიერი იქნებოდა, მის ვაჟს უფრო გმირული კუთხით რომ წარმოეჩინა თავი. ანეტემ მხრები აიჩეჩა და საგულდაგულოდ ჩაწიკწიკებული წერილი გვერდზე გადადო - მან ვერაფერი გაიხსენა მაისის იმ დილის შესახებ.

ამიტომაც უფრო მეტად გააოცა ორივე ცოტა ხნის შემდეგ მიღებულმა ცნობამ - გერჰარდს ფლანდრიის ბრძოლაში ისეთი სიმამაცე გამოუჩენია, რომ ბრძოლის ველზევე დაუჯილდოებიათ და სამხედრო წოდება მოუმატებიათ.

მალევე შვებულებით ჩამოვიდა სახლში დაკუნთული, ტანადი და გარუჯული გერჰარდი, სრულიად სხვანაირი, ვიდრე ანეტეს წერილების მიხედვით წარმოედგინა. მამისგან განსხვავებით, რომელსაც ქედმაღლური ლაპარაკი უყვარდა, ის ორმაგად სერიოზული, ზოგჯერ ფიქრებში ჩაძირული და უცნაურად დაბნეული იყო. როდესაც პირველად დარჩა მარტო ანეტესთან, საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. თითქმის ერთი საათი ხმას არ იღებდა, უსუსურად იხედებოდა აქეთ-იქით, მერე მოულოდნელად შეხედავდა ხოლმე ანეტეს. უცებ ხელზე ხელი წაავლო და ჰკითხა, ხომ არ დავქორწინდეთო. დაჟინებით, თუმცა მშვიდად იდგა თავის აზრზე. მაშინაც კი, როცა ანეტე შეეკამათა და უთხრა, ძალიან ახალგაზრდები ვართო. გერჰარდი ცხრამეტი წლის, ანეტე კი ჯერ ჩვიდმეტისაც არ იყო.

იმ პერიოდში დაჩქარებულ ქორწინებებსა და ნიშნობებში არაფერი იყო უჩვეულო. ესეც საყოველთაო აღტაცების შემადგენელი ნაწილი იყო. პირველი წამიერი გაოცების შემდეგ ანეტე სწრაფად შეეჩვია ამ აზრს - მიმზიდველად ეჩვენებოდ, რომ კლასში პირველი გათხოვილი ქალი იქნებოდა. მამაკაცური, ახალგაზრდა ოფიცერიც საკმაოდ მოსწონდა, რომლადაც გადაიქცა მისი ბავშვობის მეოცნებე მეგობარი გერჰარდი. ეს ყველაფერი კი მისთვის საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად. ანეტეს შეძლებულმა, კეთილგანწყობილმა და, ამასთან, პატრიოტმა მშობლებმაც თანხმობა განაცხადეს. გაუხარდათ კიდეც - ქორწილი დიდი დღესასწაულის საბაბს იძლეოდა.

ღონისძიება შუადღეს დაიწყო. ნაშუადღევს, საქორწილო სადილის დროს, გაზეთის სპეციალური გამოშვება გამოვიდა, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე ახალ დიდ გამარჯვებას იტყობინებოდა. გერჰარდის მამამ ყველა გაზეთი მოატანინა და შეკრებილ საზოგადოებას ხმამაღლა წაუკითხა ცნობები. ათი ათასი რუსი აუყვანიათო ტყვედ! ქორწილის სტუმრები სიხარულისაგან მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ. სიტყვები წარმოითქვა, პატრიოტული სიმღერები შესრულდა, რუხ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გერჰარდი კი იმ იდეალების განსახიერებას წარმოადგენდა, რომლებსაც თითქოს ყველა დაეთრო.

მღვდელმა გერჰარდს ხელი ჩამოართვა, მასწავლებელმა მხარზე ხელი დაუტყაპუნა, მამამ კი გაამხნევა, რომ ისეთივე შემართებით შებმოდა მტერს. ყველა დამსწრე წამოდგა, რომ მასთან ერთად დაელიათ "ბრძოლაში გამარჯვების, დიდებისა და გამართლების" სადღეგრძელო. გერჰარდი, რომელიც უფრო მოიღუშა და სიტყვაძუნწი გახდა, უცებ ფეხზე წამოხტა და თავის ჭიქას ხელი დაავლო. მისი სიტყვის მოლოდინში სტუმრები გაირინდნენ. მან კი მათ თვალწინ ისე მაგრად დასცხო ჭიქა მაგიდას, რომ ნამსხვრევებად აქცია.

- თქვენ, - თქვა მან, - თქვენ, - მისი მუქი, მოელვარე თვალების მზერა ერთი სტუმრიდან მეორეზე გადადიოდა, - რა იცით საერთოდ ამის შესახებ?

და გარეთ გავიდა.

ამ საღამოს და მთელი ღამე აღელვებული ელაპარაკებოდა ანეტეს, თითქოს უნდოდა, რომ რაღაც მომენტი დაეჭირა, რომელიც ხელიდან შეიძლება დასხლტომოდა. ის ლაპარაკობდა ახალგაზრდობაზე, მიზანზე, ცხოვრებაზე. სულ ანეტეზე ლაპარაკობდა, მაგრამ გოგოს ხშირად ეჩვენებოდა, რომ მას არ გულისხმობდა.

მეორე საღამოს გერჰარდი ფრონტს დაუბრუნდა, მაგრამ გამგზავრებამდე მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, მარტო დარჩენილიყო ანეტესთან. თითქოს ციებ-ცხელება ჰქონდა. მის გარდა არავის დანახვა არ სურდა. მხოლოდ მასთან უნდოდა მოედნებსა და ბაღებში ხეტიალი, მდინარესთან მდელოზე ყოფნა, სანამ განშორების დრო დადგებოდა. ანეტეს ეს უჩვეულოდ ეჩვენებოდა და ცოტათი ეშინოდა კიდეც მისი. დამშვიდობებისას ძლიერად მოეხვია, სწრაფად ესაუბრებოდა, სიჩქარისგან ენა ებმოდა, თითქოს ბევრი რამ უთქმელი, გაუკეთებელი რჩებოდა. შემდეგ უკვე დაძრულ მატარებელს შეახტა.

ოთხი კვირის შემდეგ გერჰარდი ომში დაიღუპა და ანეტე ჩვიდმეტი წლისა დაქვრივდა.

ომი გრძელდებოდა და წლები სულ უფრო და უფრო სისხლიანი ხდებოდა. ბოლოს პატარა ქალაქში თითქმის აღარ დარჩა სახლი, რომელშიც ვინმეს არ გლოვობდნენ. ანეტეს უბედურება კი, რის შესახებაც თავიდან ხშირად საუბრობდნენ, იმ ოჯახების უფრო მძიმე ხვედრმა გააუფერულა, რომლებშიც მამები და შვილები დაიღუპნენ ომში. თანდათანობით თვითონაც აღარ გრძნობდა სევდას. ანეტე მეტისმეტად ახალგაზრდა იყო და ის რამდენიმე დღე, რომლებიც ერთად გაატარეს, არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ გერჰარდი ქმრად აღექვა. ის მისთვის მხოლოდ ბავშვობის მეგობარი იყო, რომელიც ომში დაიღუპა - ისევე, როგორც ბევრი სხვა.

თვალში მოსახვედრი იყო, რომ ის გარკვეულწილად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ძველ მეგობრებთან, ფაქტობრივად, აღარაფერი აკავშირებდა - მათსავით პატარა გოგო აღარ იყო. მეორე მხრივ კი, მოზრდილებსაც არ ეკუთვნოდა - მათთვის მეტისმეტად პატარა იყო. აღმოჩნდა, რომ აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ძალიან ბევრი რამ მოხდა და ძალიან მალე ჩაიარა ყველაფერმა.

თუმცა ომის ბოლო წლების მოვლენები მას დროს არ უტოვებდნენ დასაფიქრებლად. დილიდან საღამომდე ერთ-ერთ საავადმყოფოში მედდის დამხმარედ მუშაობდა მოხალისედ. დროის ორომტრიალმა ირგვლივ ყველა შთანთქა.

შემდეგ იყო ცეცხლის შეწყვეტა, რევოლუცია, პუტჩის პერიოდი, ინფლაციის კოშმარი - ბოლოს კი, როცა ყველაფერი დასრულდა და ანეტე გონს მოეგო, მან თითქმის გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ ოცდახუთი წლის ქალი გამხდარიყო, მისი ცხოვრება კი არაფრით გამდიდრებულიყო. ის ახლა გერჰარდზე თითქმის აღარ ფიქრობდა.

მალე მშობლები გარდაეცვალნენ. მისი ქონება იმდენად შემცირდა, რომ ანეტე მადლობელი უნდა ყოფილიყო, როცა ერთ-ერთ ჩრდილოგერმანულ ქალაქში მედდის ადგილი მიიღო. რამდენიმე თვის შემდეგ ერთი კაცი გაიცნო, რომელსაც მოეწონა და მასზე დაქორწინება მოინდომა. ანეტე თავიდან ჭოჭმანობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში თაყვანისმცემლის მიმართ კარგად განეწყოა და ქორწილის დღეც დაინიშნა.

ახლა კი ნამდვილად ბედნიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ანეტემ სიმშვიდე დაკარგა. თვითონაც არ იცოდა, რატომ. იყო მასში რაღაც, რის გამოც ამ ქორწინების ეშინოდა. საკუთარ თავს ამჩნევდა, რომ უნებლიეთ ფიქრებში იძირებოდა, როდესაც ვინმე ესაუბრებოდა, და დაბნეული უსმენდა. აზრები ებინდებოდა და მძიმე მელანქოლიაში ვარდებოდა. ღამღამობით უმიზეზოდ იღვიძებდა ტირილით. შემდეგ გაუჩნდა მგზნებარე სურვილი, რომ სინაზე და ზრუნვა სხვაზე გადაეტანა და მის წინ თანდათან წამომართული ეს უცნაური ბარიერი ასე გადაელახა.

ზოგჯერ, როდესაც ოთახში მარტო იყო და ფანჯრიდან შიშველ, რუხ სახლებს უყურებდა, ეჩვენებოდა, თითქოს კედლები გამჭვირვალე კვამლში უჩინარდებოდა, მათ უკან კი კარები იღებოდა, საიდანაც მოჩანდა ქუჩები და ორფერდა სახურავები, ზაფხულის მდელოები და მიტოვებული ბაღები - ამ დროს მას მშობლიური სახლის მძაფრი მონატრების გრძნობა იპყრობდა. დაბოლოს, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველა მისი სირთულე სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული, ეს მხოლოდ ნოსტალგია იყო. ამის გადასალახავად სახლში უნდა დაბრუნებულიყო და თავიდან აღექვა ყველაფერი.

ანეტემ გადაწყვიტა, რამდენიმე დღით თავისი სამშობლო მოენახულებინა. მოგზაურობისას საქმრო თან ახლდა.

საღამოს ჩავიდნენ. ანეტე ძალიან აღელვებული იყო. ნივთები სასტუმროში დააბინავა თუ არა, საქმრო დატოვა და მარტო წავიდა.

ის იდგა შენობის წინ, რომელიც ოდესღაც მისი მშობლიური სახლი იყო. ბაღში შეირბინა და თანდათან უფრო აღელდა. მთვარე ანათებდა და სახურავები ელვარებდა. ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა და ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მის წინ რაღაც იხსნებოდა, რაღაცის დასაწყისი, რომელიც უკვე ჰორიზონტზე ამოდიოდა, მისკენ მოემართებოდა, რაღაც უნდა გახსენებოდა და მისთვის სახელი დაერქმია.

მდელოებზე დასეირნობდა. ბალახი ნამისაგან დამძიმებულიყო. ალუბლის ხეები ახალი თოვლივით ბრწყინავდნენ. და აი, უცებ ჩაესმა ხმა - გარიყული, დავიწყებული, ჩაძირული ხმა, გარიყული, დავიწყებული, ჩაძირული სახე. შინაგანად რაღაც გაეხსნა, რაღაც უსაზღვროდ შორეული, წარმოუდგენლად დაღლილი, მძიმე, სევდიანი, რაზეც უკვე აღარ ფიქრობდა. ახლა კი ამოძრავდა და უფრო გაძლიერდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა მის ცხოვრებაში - უცებ გახდა ძალიან საყვარელი, სამუდამოდ დაკარგული, თუმცა არასოდეს დანამდვილებით მისი - გერჰარდ იეგერი.

სასტუმროში ბარბაცით, დათრგუნვილი დაბრუნდა. საქმროს შეხედა - რა უცხო იყო იგი მისთვის! მის წინ იდგა ცოცხალი და ჯანმრთელი, მას კი თითქმის ეზიზღებოდა უკვე. ძლივს უთხრა რამდენიმე აუცილებელი სიტყვა. კაცს უნდოდა დალაპარაკებოდა, დაჟინებით სთხოვდა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო, ჰპირდებოდა, რომ დაელოდებოდა. ქალი მხოლოდ თავს უქნევდა და სთხოვდა, მარტო დაეტოვებინა.

გერჰარდთან ერთად გატარებული რამდენიმე დღე ანეტესათვის მტანჯველ საიდუმლოდ იქცა. გერჰარდის წერილები ამოიღო და ატირებული, მანამდე კითხულობდა, სანამ ცრემლები დაუბინდავდა თვალებს. მისი რამდენიმე ამხანაგი მოძებნა და გაუჩერებლად ეკითხებოდა გერჰარდის შესახებ. ერთ-ერთს ბევრი უსაუბრია გერჰარდთან, იმ დღესაც კი, როდესაც ის დაიღუპა. ახლა პირველად გაითავისა ანეტემ, რა იყო სინამდვილეში ომი. პირველად გაიაზრა, რაზე ელაპარაკებოდა გერჰარდი გამგზავრების წინაღამეს, როგორ ცხოვრებაზე ოცნებობდა მასთან ერთად - ნატრობდა წყნარ ადგილს, ნავსაყუდელს, სიყვარულის პატარა ცეცხლს ამდენი სიძულვილის შუაგულში, ადამიანობის ნაპერწკალს ურთიერთგანადგურების შუაგულში; სითბოს, ნდობას, საძირკველს, რომელზეც შეძლებდა დგომას; მიწას, სამშობლოს, ხიდს, რომლითაც შეძლებდა უკან დაბრუნებას.

სინანულისა და სიყვარულის გრძნობამ მოიცვა. ანეტეს, რომლისთვისაც ეს ყველაფერი მხოლოდ მცირედი პატივმოყვარეობა, ქარაფშუტული მიდრეკილება უჩვეულო რაღაცებისადმი, ოდნავი მეგობრობა და ცოტაც ქალიშვილის სურვილების დაკმაყოფილება იყო, მას, რომელმაც ასე ჩქარა დაივიწყა და თითქმის აღარ ახსენდებოდა გერჰარდი, ახლა უცებ შეუყვარდა - მისი ჩრდილი შეუყვარდა.

ყველასგან განმარტოებული ცხოვრება დაიწყო. მისი ნაცნობები ცდილობდნენ, გადაეფიქრებინათ მისთვის ასეთი ცხოვრება, დახმარებოდნენ, ეპოვა საკუთარი თავი, მაგრამ არაფერი ჭრიდა. ცოცხალ ადამიანთან ერთად რომ ეცხოვრა, იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო, იქნებ გამოსწორებულიყო მისი მდგომარეობა, მაგრამ ის მოგონებებით ცხოვრობდა.

სულ უფრო და უფრო უცნაური ხდებოდა. ხშირად, როცა ოთახში მარტო იყო, ხმამაღლა ესაუბრებოდა თავის თავს. მალე დაკარგა სამუშაო ადგილი. მოგვიანებით პატარა სექტას შეუერთდა, რომელიც სპირიტუალურ სეანსებს აწყობდა. ერთხელ თქვა, რომ მისკენ მომავალი გერჰარდი დაინახა. ასე გადიოდა წლები... ერთ დღესაც აღესრულა... ბოლო რამ, რაც დაინახა, ფანჯრის ჩარჩოს მუქი ჯვარი იყო, რომლის უკანაც ჩამავალი მზე ეკიდა.

ერიხ მარია რემარკი

იოზეფის ცოლიtag:www.qwelly.com,2020-10-10:6506411:Topic:14397552020-10-10T16:30:10.055Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

1919 წელი იდგა, ანწლი უკვე აყვავილებული იყო, როდესაც უნტერ-ოფიცერი იოზეფ თიდემანი სახლში დაბრუნდა. სადგურზე მას ცოლი დახვდა ეტლით, მარტო, მეეტლის გარეშე.

ცოლ-ქმარი მთელი გზა ჩუმად იჯდა ერთმანეთის გვერდით. მათ თვალწინ მსუბუქად ირწეოდნენ ცხენების მოელვარე ყავისფერი ზურგები. სოფლის ქუჩაზე შეუხვიეს, ნელა მიიწევდნენ წინ. მზე ჩადიოდა და ხალხი თავისი სახლების წინ გამოფენილიყო, ცოლი ქმარს შიგადაშიგ მკლავზე ხელს წაავლებდა ხოლმე, მაგრამ…

1919 წელი იდგა, ანწლი უკვე აყვავილებული იყო, როდესაც უნტერ-ოფიცერი იოზეფ თიდემანი სახლში დაბრუნდა. სადგურზე მას ცოლი დახვდა ეტლით, მარტო, მეეტლის გარეშე.

ცოლ-ქმარი მთელი გზა ჩუმად იჯდა ერთმანეთის გვერდით. მათ თვალწინ მსუბუქად ირწეოდნენ ცხენების მოელვარე ყავისფერი ზურგები. სოფლის ქუჩაზე შეუხვიეს, ნელა მიიწევდნენ წინ. მზე ჩადიოდა და ხალხი თავისი სახლების წინ გამოფენილიყო, ცოლი ქმარს შიგადაშიგ მკლავზე ხელს წაავლებდა ხოლმე, მაგრამ თიდემანი ვერავის ცნობდა, თავის ცოლსა და ცხენებსაც კი.

1918 წლის ივლისში ბომბსაფარს, რომელშიც თიდემანი რამდენიმე ამხანაგთან ერთად იმყოფებოდა, ნაღმი მოხვდა და მიწით დაფარა. მისი გადარჩენა წმინდა წყლის შემთხვევითობა იყო. ბომბსაფრის დალეწილი ძელჭერის ერთ-ერთმა კოჭმა, რომელიც მას გარდიგარდმო დაეცა, იოზეფი გაჭყლეტისაგან გადაარჩინა. რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს. ყველა ფიქრობდა, რომ უკვე გაგუდული იქნებოდა, მაგრამ ორი დალეწილი ბოძი ისე იყო ჩაჭედილი, რომ მათ შორის ვიწრო ხვრელიდან ცოტა ჰაერი შედიოდა. ამან სიკვდილს გადაარჩინა.

როდესაც იქიდან ამოიყვანეს, თიდემანი ჯერ კიდევ გონებაზე იყო, გარეგნულად დაზიანება, პრაქტიკულად, არ ეტყობოდა. ცოტა ხანი სანგრის პირას იჯდა აპათიური გამომეტყველებით და დაბნეული დაშტერებოდა თავისი ამხანაგების ცხედრებს. ერთ-ერთმა სანიტარმა შეანჯღრია და შეეცადა, ერთი ფინჯანი არყიანი ყავა დაელევინებინა. შემდეგ კი თიდემანმა ღრმად ამოიოხრა და ძალაგამოცლილი დაეცა.

როგორც ჩანს, ძლიერი შოკი ჰქონდა მიღებული. მთელი ერთი წლის განმავლობაში ერთი ფსიქიატრიული კლინიკიდან მეორეში გადაჰყავდათ. ბოლოს კი მისმა ცოლმა, როგორც იქნა, მიიღო ნებართვა, სახლში წამოეყვანა.

როდესაც ეტლმა იმ გზაზე შეუხვია, რომელიც მისი კარ-მიდამოსკენ მიდიოდა და სათავსისკენ წარახრახდა, თიდემანი წამოიმართა. ცოლს ფერი წაუვიდა და სუნთქვა შეეკრა. ბოსელში ღორები ღრუტუნებდნენ, მათკენ ცაცხვების სურნელი მოდიოდა. თიდემანმა თავი ჯერ აქეთ მოაბრუნა, მერე - იქით, თითქოს რაღაცას ეძებდა. შემდეგ კვლავ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა და ისევ გულგრილი გახდა. მაშინაც კი არ ჰქონდა რეაქცია, როდესაც მაგიდასთან იჯდა და დედამისი შემოვიდა. რაც კი შესთავაზეს, შეჭამა და სახლის შემოვლას შეუდგა. ყველგან კარგად ახდენდა ორიენტაციას, იცოდა, სად ჰყავდათ პირუტყვი და სად იყო საძინებელი, მაგრამ ვეღარაფერს ცნობდა. ძაღლი, რომელმაც თავიდან აღელვებულმა დაყნოსა, ისევ ღუმლის გვერდით დაწვა და წკმუტუნი დაიწყო. არც ხელები აულოკა მას და აღარც შეახტა.

პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში თიდემანი ხშირად იჯდა განმარტოებით მზეზე, ბეღლის გვერდით. ყურადღებას არავის აქცევდა. არც უშლიდნენ იმის კეთებას, რაც უნდოდა. ხშირად ღამღამობით თითქოს იხრჩობოდა. წამოხტებოდა ხოლმე, ხელებს აქეთ-იქით იქნევდა და ყვიროდა. ერთხელ, როდესაც ფანჯარა ჩაამტვრია და მაჯა დაიზიანა, თითქმის სისხლისაგან დაიცალა. ამის შემდეგ ცოლმა გისოსებიანი ფანჯრები ჩაასმევინა.

მოგვიანებით თიდემანი ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც ბავშვებთან თამაშობდა. მათ პატარა ქაღალდის გემებს უკეთებდა, მტირალა ტირიფის ტოტებისგან სასტვენებს უჭრიდა. ბავშვებს უყვარდათ ის და როდესაც მოცვი დამწიფდა, ტყეში წაიყვანეს შესაგროვებლად. უკან რომ ბრუნდებოდნენ, გზის შემოკლება უნდოდათ და რაღაც მანძილი გაშლილ მინდორზე უნდა გაევლოთ. ცოტა ხნის გამოსულები იყვნენ ტყის საფრიდან, რომ თიდემანი აღელდა. შეშინებული და განერვიულებული რაღაცას ეძახდა ბავშვებს, შემდეგ მიწაზე დაეცა. ბავშვებმა გაკვირვებულებმა შეხედეს. მან ერთ-ერთ პატარა ბიჭსაც წაავლო ხელი და თავის გვერდით დაიწვინა. ვერაფრით ვერ დაითანხმეს, რომ წამომდგარიყო და გაშლილ მინდორზე გაევლო. ხოხვა უნდოდა და მუდმივად იკუზებოდა. ბავშვებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ და მისი ცოლის მოსაყვანად წავიდნენ. როგორც კი დაინახა, რომ ბავშვები მინდორში გაიქცნენ, აღელვებულმა თიდემანმა რაღაცის ძახილი დაუწყო და თვალები დახუჭა, თითქოს რაღაც საშინელება უნდა მომხდარიყო.

დროთა განმავლობაში გასუქდა და გასივდა - არაფერს აკეთებდა და უაზროდ და მეტისმეტად ბევრს ჭამდა. ნელ-ნელა გაიცნო ადამიანები, რომლებიც ამ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რომ თვითონაც ერთი მათგანი იყო. მათი გარეგნობა მისთვის უცხო იყო. თითქმის ყოველთვის მეგობრული და კმაყოფილი, მხოლოდ ზოგჯერ, როდესაც შემთხვევით ახალდაჩეხილ ღია ფერის შეშას დაინახავდა, ტიროდა და ძლივს აწყნარებდნენ.

ცოლი მარტო უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას. დამხმარე გაუშვა, რადგან მან ერთხელ მაგიდასთან თიდემანის უსუსურ ჟესტს დასცინა. რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭი უკან დაბრუნდა იმის ასახსნელად, რომ ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ ქალმა არც მოუსმინა, მხოლოდ გასამრჯელო მისცა და ოთახიდან გავიდა. ერთ საღამოს ადგილობრივი მეწისქვილის შვილი შეეცადა გაარშიყებოდა და ზურგს უკან კარი ჩაკეტა. ქალმა სპორტულ თოფს წაავლო ხელი, რომელიც კედელზე ეკიდა და მის წინ დადგა. ბიჭი სულელური ღიმილით გაიძურწა. სხვებსაც ჰქონდათ ანალოგიური მცდელობები, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. თიდემანის ოცდათხუთმეტი წლის ცოლი მკაცრი, ღირსებით აღსავსე სილამაზით გამოირჩეოდა. მას მძიმე მუშაობა უწევდა, მაგრამ მაინც მარტო დარჩენა ამჯობინა.

პირველ თვეებში ექიმები ხშირად მოდიოდნენ მათ სახლში. ყოველ ჯერზე თიდემანი იმალებოდა და მისი ძებნა უწევდათ. მხოლოდ ცოლის დაძახილზე გამოდიოდა. ერთი ექიმი თითქმის ნახევარი წელი გაჩერდა მათ კარ-მიდამოში თიდემანის სამკურნალოდ. როდესაც ექიმი გაემგზავრა, ქალს რამდენიმე პირუტყვის გაყიდვა მოუხდა. იმ წელს ზაფხულის თავსხმა წვიმებმა მარცვლეულის მოსავალი დააზიანა, კარტოფილსაც არ დაადგა კარგი დღე. რთული წელი იყო.

თუმცა თიდემანის მდგომარეობა არ იცვლებოდა. ცოლი აუღელვებლად ისმენდა ექიმების დიაგნოზებს, თითქოს ეს მისთვის სულერთი იყო. მაგრამ როდესაც თიდემანი ღამღამობით ძილში გაურკვეველ სიტყვებს ბუტბუტებდა და საწოლში ბორგავდა, ქალი ეკვროდა ხოლმე ქმარს, თითქოს მისი სხეულის სითბო შეძლებდა მის დახმარებას. ის უსმენდა კაცს, კითხვებს უსვამდა და ცდილობდა, ესაუბრა მასთან. კაცი არ პასუხობდა, მაგრამ მშვიდდებოდა და მალე იძინებდა.

ასე გადიოდა წლები.

ერთხელ თიდემანს რამდენიმე დღით ერთ-ერთი ამხანაგი ეწვია. ომის დროს გადაღებული რამდენიმე ფოტო ჰქონდა თან და ბოლო საღამოს უჩვენა ქალს. სურათებს შორის იყო თიდემანის ოცეულის ჯგუფური ფოტო. წელს ზევით შიშველი კაცები ბომბსაფრის წინ ისხდნენ და იკრიჭებოდნენ, იმავდროულად კი პერანგებს ტილებს აშორებდნენ. თიდემანი მარჯვნიდან მეორე იყო და იღიმებოდა, ერთი ხელი ზემოთ ჰქონდა აწეული და ცერა და საჩვენებელ თითებს ერთმანეთს მაგრად უჭერდა.

ცოლი ერთმანეთის მიყოლებით ყურადღებით ათვალიერებდა სურათებს. ამ დროს თიდემანი შემოვიდა ოთახში, მძიმე ნაბიჯებით მივიდა ღუმელთან და სკამზე ჩამოჯდა. ცოლმა ჯგუფური ფოტო აიღო და ცოტა ხანს ხელში ეჭირა. სპონტანურად გადაღებული ფოტოდან მზერა ღუმელთან მჯდარ აპათიურ ფიგურაზე გადაიტანა.

- აქ იყო, ესე იგი, არა? - იკითხა მან. ქმრის მეგობარმა თავი დაუქნია.

ცოტა ხანს ცოლი დუმდა. სიჩუმეში მხოლოდ თიდემანის მძიმე სუნთქვა ისმოდა. ფანჯრიდან ფარვანა შემოფრინდა და ლამპის გარშემო ფარფატებდა. მისი ფრთების მოკანკალე ჩრდილი მაგიდისა და ფოტოების თავზე ციმციმებდა და მათ მოძრაობისა და სიცოცხლის ილუზიას სძენდა. ცოლმა საფლავებისა და დანგრეული სოფლების სურათებზე მიუთითა და ჰკითხა:

- ახლაც ასეა?

- უთუოდ, - უპასუხა ქმრის ამხანაგმა. ცოლმა სწრაფი მოძრაობით მისცა მას ფანქარი და შაქრის დაჭმუჭნილი პაკეტი გაასწორა, რომელიც იქვე ფანჯრის რაფაზე იდო.

- იმ ადგილის სახელი დამიწერეთ, და როგორ მივიდე იქ.

ამხანაგმა თავი ასწია.

- იქ წასვლა გინდათ?

ცოლი სურათს დააცქერდა, რომელზეც თიდემანი, ჯერ კიდევ ჯანმრთელი და მოღიმარი ბომბსაფრის წინ იდგა. შემდეგ მშვიდად ამოიხედა.

- ჰო, - უპასუხა მან.

- ჩვენ, ყველანი, სიამოვნებით გავემგზავრებოდით იქ კიდევ ერთხელ, - თქვა ამხანაგმა ფრთხილად, თან ნელა გამოჰყავდა ასოები. - მეტცის გავლით უნდა გაემგზავროთ.

გასამგზავრებელი სამზადისი დიდხანს გაგრძელდა. ხალხს არ ესმოდა, რატომ უნდოდა ქალს იქ წასვლა და ცდილობდნენ, გადაეფიქრებინათ მისთვის. მაგრამ ის არავის აზრს არ აქცევდა ყურადღებას, მტკიცე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული და ალაგებდა ყველაფერს, რაც კი მგზავრობისათვის აუცილებელი იყო. ხალხის შეკითხვებს მოკლედ პასუხობდა. მხოლოდ ამას ამბობდა: - ასეა საჭირო.

მოგზაურობა რთული გამოდგა. თიდემანს მგზავრობისაგან თავი ასტკივდა, ქალს კი გვერდზე არავინ ჰყავდა ისეთი, ვინც დაეხმარებოდა. არც ენა იცოდა. უბრალოდ, იდგა და ხალხს თვალებში შესცქეროდა, ვიდრე ისინი მიხვდებოდნენ, რა უნდოდა.

მესამე დღის ნაშუადღევს ჩავიდნენ იმ ადგილას, სადაც თიდემანის ასეული იყო განლაგებული. უკაცრიელი, პირქუში სოფელი იყო რუხი სახლების გრძელი რიგებით. ფოტოზე გამოსახული ნანგრევები არსად ჩანდა. ადგილი მთლიანად იყო აღდგენილი.

სასტუმროს წინ რამდენიმე ეტლმა ჩაიარა, რომელშიც ტურისტები ისხდნენ. ქალს თარჯიმანი მიუახლოვდა და გამოელაპარაკა. იოზეფის ცოლმა ჰკითხა, იცოდა თუ არა რაიმე ფრონტის იმ მონაკვეთის შესახებ, სადაც თიდემანი ჩაიმარხა მიწაში. თარჯიმანმა მხრები აიჩეჩა, - ახლა ყველგან მინდვრებიაო, გარკვეული ხანია, ისევ დაუწყიათ მიწის დამუშავებაო.

- ყველგან? - იკითხა ქალმა.

- ოჰ, არა! - თარჯიმანი, როგორც ჩანს, მიუხვდა ქალს და თქვა, რომ იქვე ახლოს, დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით ტერიტორიაა, სადაც საფლავები და ჭურვების მიერ ამოთხრილი ორმოები ყოფილა. იქ ყველაფერი თითქმის ისე გამოიყურება, როგორც ადრე ყოფილაო. ჰკითხა, იქ ხომ არ მიგიყვანოო?

ქალმა თავი დაუქნია. როგორც კი ბარგი სასტუმროში დააბინავეს, გზას გაუდგნენ.

ნათელი და ლამაზი დღე იდგა. ფერდობებზე მსუბუქი სიო უბერავდა და პაწაწინა ლურჯი პეპლები საფლავებსა და მავთულხლართებს შორის დაფარფატებდნენ. ორმოების პირას ყაყაჩოები და გვირილები ამოზრდილიყვნენ. თანდათან უკან დარჩა მდელოები, რომლებიც აქა-იქ ჯერ კიდევ ეწერებოდნენ ამ პეიზაჟში. სოფელი თვალს მიეფარა. ერთი ბორცვის თხემიც გადაიარეს და უცებ ირგვლივ ბრძოლის ველების სამარისებური სიჩუმე გამეფდა, რასაც მხოლოდ ადამიანთა მეორე ჯგუფების ხმაური არღვევდა, რომლებიც აქა-იქ ორმოებს შორის მუშაობდნენ. როგორც გიდმა უთხრა, ისინი მეტალის შემგროვებლები იყვნენ და რკინას, ალუმინსა და ფოლადს ეძებდენ.

- აქ? - იკითხა ქალმა. გიდმა თავი დაუქნია.

- მიწა საბრძოლო მასალითაა სავსე, - უპასუხა თარჯიმანმა, - ამიტომ მთელი ეს ტერიტორია მეტალის გადამამუშავებელ ფირმას აქვს იჯარით აღებული. ნაპოვნ ცხედრებს აგროვებენ და ახლომდებარე სხვადასხვა სასაფლაოზე მარხავენ. - მან მარჯვნივ გაახედა ქალს, სადაც მზეში მოელვარე თეთრი ჯვრების გრძელი რიგები მოჩანდა.

ქალი თიდემანთან ერთად საღამომდე ამ ადგილზე დარჩა. მასთან ერთად ბევრი საფლავი და ორმო მოიარა, ბევრი ჩამოშლილი და დანგრეული ბომბსაფრის წინ გაჩერდა. ხშირად შეხედავდა ხოლმე, მერე კი ისევ გზას აგრძელებდა. მაგრამ თიდემანი უემოციოდ მიჰყვებოდა უკან. მისი ჩამქრალი სახის გამომეტყველებას სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

მეორე დილას ქალი ისევ წავიდა იმ ადგილას. ახლა გზა უკვე იცოდა. ყოველდღე ხედავდნენ მათ, თუ როგორ მიუყვებოდნენ ნელა თიხიან გადათხრილ მინდვრებს - დაღლილი, მოხრილი კაცი და მაღალი, მდუმარე ქალი. საღამოს უკან, სასტუმროში, ბრუნდებოდნენ და თავიანთ ოთახში ადიოდნენ.

ზოგჯერ მათ თარჯიმანი მიჰყვებოდა ბრძოლის ველზე. ერთხელ ისეთ ადგილას მიიყვანა, სადაც ტურისტები იშვიათად მიდიოდნენ. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, გარდა მუშაობაში გართული შემგროვებლების რამდენიმე მეორე ჯგუფისა.

ერთ ადგილას სანგრების ლაბირინთი, პრაქტიკულად, ხელშეუხებლად იყო დარჩენილი. თიდემანი ერთი ბომბსაფრის წინ გაჩერდა და დაიხარა. ეს ხშირად გაუკეთებია, მაგრამ ამჯერად ცოლს სუნთქვა შეეკრა და თარჯიმანს მკლავზე წაავლო ხელი. შესასვლელიდან ამოჩრილი იყო რამდენიმე დამპალი ფიცარი, რომლებითაც ადრე ბომბსაფრის კედლები იყო შეკრული. თიდემანი ხელებით ფრთხილად შეეხო მათ, თითქოს იკვლევსო.

ამ მომენტში უცებ დარტყმის მკვეთრი ხმა გაისმა, შემგროვებლებმა რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით თხრა დაიწყეს. ქალს ისე აუტანლად ხმამაღალი მოეჩვენა ეს ხმაური, რომ უნებლიეთ ხელის ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ამით ხმაურის შეჩერება უნდაო. ამ დროს ძლიერმა გრუხუნმა მიწა ააზანზარა. ამას მოჰყვა სტვენა, ღმუილი, შიშინი, შემდეგ კი შემგროვებელთა ჯგუფიდან ვიღაცის სასოწარკვეთილი, გამგმირავი ყვირილი.

- აფეთქება! - იყვირა თარჯიმანმა და იქით გაიქცა. - თხრის დროს ჭურვს გამოედნენ!

თიდემანის ცოლი თავისდა უნებურად მუხლებზე დაჩოქილი აღმოჩნდა კაცის გვერდით, რომლის ფეხი დაფლეთილი იყო. ვიღაცის სამუშაო ქურთუკს სახელო მოაგლიჯა და ბარძაყი გადაუხვია. ძირიდან რკინის ნაჭერი აიღო, ნასკვში გაატარა და კაცს ჭრილობა მჭიდროდ შეუკრა. დაჭრილი იდაყვებზე წამოიწია, რომ ჭრილობა ენახა, მაგრამ გრძნობა დაკარგა. ამხანაგებმა ის ბარაკებისკენ წაიყვანეს. ქალი წამოდგა. თარჯიმანი შეუსვენებლივ ელაპარაკებოდა მას, - ეს უკვე მეშვიდე აფეთქებაა ამ ორი კვირის მანძილზეო! ქალმა მიმოიხედა, ბალახს ეძებდა, რომ ხელებიდან სისხლი მოეწმინდა. უცებ გამოფხიზლდა და მიაყურადა. დაჭრილი კაცი უკვე ისე შორს იყო, რომ მისი ხმა, წესით, ვეღარ უნდა გაეგონა, მაგრამ ჯერ კიდევ ისმოდა ყრუ, მოგუდული ყვირილი. ის უკან გაიქცა.

ეს თიდემანი ყვიროდა. მიწაზე პირქვე იყო გაწოლილი. როგორც ჩანს, შიშისგან შეშლილი რაღაცნაირად შეეცადა, შეუმჩნეველი გამხდარიყო. მხრები უცახცახებდა და მიწაზე პირქვედამხობილი ყვიროდა. თარჯიმანი გაოცებული უყურებდა და უნდოდა წამოეყენებინა, მაგრამ ქალმა შეაჩერა.

ბარაკებიდან რამდენიმე მუშამ მოირბინა. ისინი ფიქრობდნენ, რომ თიდემანი დაჭრილი იყო და მისი წაყვანა უნდოდათ. თუმცა ქალმა არავინ მიუშვა. თითქოს სრულიად გარდაიქმნაო, სწრაფად მოძრაობდა და მისი თვალებიდან ისეთი ძალა, ვედრება და შიში გამოსჭვიოდა, რომ ყველა იძულებული გახდა, წასულიყო. თავის ქნევით დატოვეს ადგილი, თარჯიმანიც კი წავიდა. ქალი უყურებდა, როგორ გაუჩინარდნენ ისინი საფლავების ლაბირინთში. შემდეგ ბომბსაფრის კიბეზე ჩამოჯდა და ლოდინი დაიწყო.

ბინდი ჩამოწვა და თიდემანი გაჩუმდა. ახლა ის მიწაზე იწვა ისე, როგორც მაშინ. ბანაკის თავზე რეკავდნენ ეკლესიის ზარები, რომლებიც საღამოს ლოცვის დაწყებას იუწყებოდნენ. ქალი კი იჯდა და ადგილიდან არ იძვროდა.

ბოლოს თიდემანი გაინძრა. შეეცადა იდაყვებზე წამომჯდარიყო, მაგრამ ისევ უკან გადავარდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მეორედ შეეცადა. ცოლი არ ეხმარებოდა. ის უფრო უკან, ბომბსაფრის სიბნელეში მიიყუჟა.

თიდემანი მიწაზე გახოხდა. ხელებით ხის ყალიბის ნაწილი მოარყია. შეეცადა ამდგარიყო, მაგრამ ამაოდ. შემდეგ დაჯდა და ხელებს ბალახს უსვამდა. თავი ასწია და ნელა ატრიალებდა აქეთ-იქით. დიდხანს გაგრძელდა ასე.

ცოლ-ქმრის თავებზე ჩიტი აჭიკჭიკდა. თიდემანმა ხელები გააჩერა.

- ანა! - თქვა მან ცოტათი გაოცებულმა.

ცოლი ჯერ კიდევ არაფერს ამბობდა. მაგრამ როდესაც თიდემანს ხელი ჩაჰკიდა, რომ წაეყვანა, უცებ სახე შეუკრთა, თითქოს ნაწილებად დაეშლებაო. მერე კი ერთი წამით შეტორტმანდა.

რამდენიმე კვირის შემდეგ თიდემანმა შეძლო კარ-მიდამოს მოვლის თავის თავზე აღება.

ცოლს კარგად მოევლო მეურნეობისათვის. საქონლისთვის თოთხმეტი დეკეული შეემატებინა და, გარდა ამისა, რამდენიმე საძოვარი და სახნავი ნაკვეთიც ჰქონდა ნაყიდი.

ერიხ მარია რემარკი

კარლ ბროეგერი ფლერიშიtag:www.qwelly.com,2020-09-26:6506411:Topic:14304212020-09-26T09:02:18.693Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

მანქანა ქუჩის გასწვრივ მიქრის. გზა სწორია. საბურავები ჭრაჭუნობენ, ფანჯრები ჩუმად ზრიალებენ, სტრასბურგი და მეტცი უკვე დიდი ხანია უკან ჩამოვიტოვეთ. ჩემ გვერდით კარლ ბროეგერი ზის და ბუტერბროდს მიირთმევს, მაგრამ ის ამ საქმიანობაზე მთლიანად კონცენტრირებული არ არის. მისი აზრები სხვაგანაა.

ორი საათია, რაც ვისადილეთ. სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყვეს. ამ დაუვიწყარ სადილზე აპეტაიზერად მაიონეზიანი ნახევარი ომარი და ყველის ასორტის უზარმაზარი…

მანქანა ქუჩის გასწვრივ მიქრის. გზა სწორია. საბურავები ჭრაჭუნობენ, ფანჯრები ჩუმად ზრიალებენ, სტრასბურგი და მეტცი უკვე დიდი ხანია უკან ჩამოვიტოვეთ. ჩემ გვერდით კარლ ბროეგერი ზის და ბუტერბროდს მიირთმევს, მაგრამ ის ამ საქმიანობაზე მთლიანად კონცენტრირებული არ არის. მისი აზრები სხვაგანაა.

ორი საათია, რაც ვისადილეთ. სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყვეს. ამ დაუვიწყარ სადილზე აპეტაიზერად მაიონეზიანი ნახევარი ომარი და ყველის ასორტის უზარმაზარი ლანგარი მხოლოდ ოცდახუთ ფრანკად მოგვართვეს - სხვა, მადისაღმძვრელ გემრიელ რაღაცებზე აღარ ვლაპარაკობ. ცოტა აზრზე რომ მოვედით, კარლმა დეტალურად დაიწყო იმის მოყოლა, თუ რა გეგმები და მოლოდინი ჰქონდა სამომავლოდ.

ამის ბევრი არაფერი მესმის, რადგან ამ გეგმებთან ბევრი „თუ“ და „მაგრამ“, გათვლები და ხალხი არის დაკავშირებული.ა არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი - ომარი, ღვინო თუ ის, რომ ყველაფერი ეს საოცრად იაფი იყო, კარლი იმდენ სამომავლო ოცნებას ახვავებს, რომ მალე ევერესტის მთის მწვერვალზე ღრუბლებში იკარგება - ათ წელიწადში საწარმოს ხელმძღვანელი იქნება, ოც წელიწადში - დირექტორი, გენერალური დირექტორი, პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ამჟამად კარლი კიბის იმდენად დაბალ საფეხურზე დგას, რომ ნამდვილად შეუძლია სერიოზული დაშავების გარეშე ჩამოვარდნა. ის ბანკის მოსამსახურეა და საკმაოდ ჯანმრთელია. ამიტომ შეუძლია, ომარის მიღებიდან უკვე ორი საათის შემდეგ უპრობლემოდ მიირთვას კარაქიანი პურის მოზრდილი ნაჭერი. ამასობაში, თავისი იდეალების განხორციელებაზე ფიქრს არ წყვეტს და იმაზე ოცნებობს, თუ რას გააკეთებს, როცა საწარმოს ხელმძღვანელი იქნება. ასეთია კარლი.

მანქანა ისევ მიქრის, სხვადასხვა სოფელს გავდივართ. ფანჯრებიდან ვიყურებით, ერთმანეთს ენაცვლებიან წვეტიანი სახურავები, ძროხები, ქალების ჭრელი კაბები და ნეხვის გროვები. შემოდგომის ქარი უბერავს. მოსახვევს მოსახვევი მოსდევს, ბორცვს ბორცვი, მერე კი ხეივნები და ხეები აღარ ჩანს. ქუჩები იტოტება და ვიწროვდება, გვიახლოვდებიან მოუხეშავი, მორახრახე ავტობუსები, რომლებზეც დიდი ასოებია გამოსახული და კიდევ რაღაც მოწოდებები აწერია. დასახლებული პუნქტების მაჩვენებელ აბრებზე კი ისეთი სახელები ჩნდება, რომელთა წინაშე ყველაფერი უნდა გაჩერდეს.

კარლი თავის საფულეს აწესრიგებს. ბანკნოტებს შორის ჩატენილია ამონაჭრები სპორტული გაზეთიდან, რომლებშიც აღწერილია სახელგანთქმული ფეხბურთის მატჩი რეინე მიუნსტერის წინააღმდეგ (კარლის გუნდმა დიდი უპირატესობით, 6:0 გაიმარჯვა და კარლიც საქებარი სიტყვებით იყო მოხსენიებული), მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მომხიბლავი ქალბატონების რამდენიმე ფოტოსურათი, რომლებსაც ის დესერტის მირთმევის დროს აკვირდებოდა.

ჩვენ წინ გზა მთავრდება. მანქანა მუხრუჭების ხრჭიალით ჩერდება. მოედანზე გადმოვდივართ, სადაც ქალაქის ბაზარია. აქ მანქანებია გაჩერებული, გვერდით შეფიქრიანებული მძღოლები დგანან საქმიანი სახით, თავზე მძღოლის წვეტიანი კეპები ახურავთ, ადამიანების ჯგუფები ერთ ადგილას გროვდებიან, გიდები აქეთ-იქით დარბიან, თავიანთ "ცხვრებს" აგროვებენ და მიდიან.

ადამიანები ჩვენ ირგვლივ თავიანთი საქმეებით არიან დაკავებული, ერთმანეთში მოგუდულად და სწრაფად საუბრობენ. გუშინდელი სიკვდილის ქუჩები ბულვარებად გადაქცეულან, რომლებსაც ომის შემდგომ პატივსაცემი მნახველები სტუმრობენ. იქ, სადაც ადრე ყოველი ფეხის ნაბიჯი სისხლთან ასოცირდებოდა და საზარელი შიში ადამიანს გულს უკუმშავდა, ახლა ქუჩებში ხეფენილებია, ტურისტებს ფეხსაცმელები რომ არ გაუჭუჭყიანდეთ. კარგად მომზადებული თარჯიმნები კი სტუმრებს წინ მიუძღვიან, რათა ყველამ ყველაფერი დაინახოს - გარანტირებულად ყველაფერი. დუომონი....

ჩვენ გარშემოც დაქრის ვიღაც სწრაფად, აღელვებული და მონდომებულია. უნდა, რომ აგვიხსნას, როგორი სტრატეგია გამოიყენებოდა აქ, ასე ვთქვათ, საქმის კურსში შეგვიყვანოს. ომარითა და ბუტერბროდით მოძლიერებული კარლი მეგობრულად უღიმის მას და ყურადღებით უსმენს. გიდს კარბიდის შუქზე ფორტის დასათვალიერებლადაც მივყვებით. ვუსმენთ მის მონაყოლს, თუ როგორი პრაქტიკულები იყვნენ გერმანელები. როგორც კი ფორტი დაუკავებიათ, სარდაფში მანქანა-დანადგარები დაუმონტაჟებიათ, სინათლე გაუყვანიათ და ამწეები დაუყენებიათ საბრძოლო მასალის ზევით ასაწევად. მანამდე ასეთი რამ არ ყოფილა.

თანხმობის ნიშნად კარლი თავს უქნევს: "ჰო, ასე იყო". მაგრამ როცა დაჟანგული ფოლადის ჩაფხუტების, ავტომატის მოღუნული ლულებისა და აუფეთქებელი ჭურვების წინაშე აღმოვჩნდებით, ჩვენი გიდი კი ისევ ლაყბობას განაგრძობს, ხოლო იქვე მეორე გიდი იმავე ამბავს ჰყვება ინგლისურად, კარლი თავით მანიშნებს, საკმარისიაო. ხალხში ვერევით და გარეთ გამოვდივართ. ქვემოთ ნანახი ჩაფხუტების, ჯავშანჟილეტებისა და ჭურვის ნამსხვრევების გამო კარლი დადუმებულია.

გვირაბის მხუთავი ჰაერის შემდეგ გარეთ ქარი ისე ნაზად და რბილად გველამუნება, რომ სიამოვნებით მივეყრდნობოდით მას. ჯერ კიდევ საკმაო სინათლეა, მაგრამ უკვე დგება ის საიდუმლოებით მოცული საათი, როდესაც დღე და ეღამე თანაბრდება, სასწორის თეფშებმა თითქოს უსასრულო რწევა შეწყვიტესო, ერთი წამით ჩერდებიან - კიდევ ერთი ამოსუნთქვა და, ჯადოქრობამ ჩაიარა. უცებ საღამოს სუსტი შუქი ჩამოდგება, მდელოზე ძროხა ბღავის, დაღამდა.

ჩვენ წინ სიმაღლეების იისფერი ჩრდილი იქოჩრება. გიდი გამოგვყოლია და ჩვენს ზურგს უკან მოყოლას განაგრძობს: "ეს კოშკი, რომელსაც "საპილპილეს" უწოდებდნენ, სტრატეგიული თვალსაზრისით მეტად საინტერესო წერტილი იყო".

მეტის თქმის შესაძლებლობა აღარ ეძლევა. გაღიზიანებული კარლი უკან მოიხედავს და კატეგორიულად ეუბნება: "მოკეტეთ!.."

ბოროტად არ ამბობს ამას, უფრო მშვიდად, მაგრამ საბოლოო სიტყვასავით.

ამის შემდეგ წინ მიდის, შორდება ბრძოლის სტრატეგიულ დაგეგმარებას, ტურისტების ჯგუფების გაურკვეველ მუსაიფს, ომარს, ბუტერბროდს, ქალბატონების სურათებს და საბანკო საქმეებს, შორდება მშვიდობის ათ წელს.

ის მიდის და სახე სულ უფრო და უფრო უსერიოზულდება. თვალები უწვრილდება, დაძაბული იყურება მიწისკენ, ბალახი შრიალებს, ქვები ხრაშუნობენ, სადღაც გამაფრთხილებელი აბრაა, რომელიც იმ საშიშროებაზე მიგვანიშნებს, ჯერ კიდევ რომ არსებობს. თუმცა კარლს ეს ყველაფერი აღარ აინტერესებს. ის რაღაცას დაეძებს.

გზას ჭურვებისგან გადათხრილ მინდორზე და მავთუხლართების გროვასთან მივყავართ. თარჯიმანი გვეძახის, გაფრთხილებებით გვავსებს და საკმაო მანძილით ჩამოგვრჩება. უკვე მოჩანს ბომბსაფრები, რომლებიც ოდესღაც მიწით დაფარულა და შემდეგ ისევ ამოუთხრიათ. ირგვლივ მიმოფანტულია გრძელტარიანი ჭურვები, მთლიანად დახვრეტილი კარდალები, ყვითელ თიხაში ჩარჭობილია გასაცოდავებული დაჟანგული ჩანგალი, და მის ბოლოზე ჩამოკიდებული კოვზის ნახევარი.

რაღაც პერიოდი გზას ვაგრძელებთ. კარლი ხშირად ჩერდება და საგნების მდებარეობას ამოწმებს. შემდეგ თავს აქნევს და ისევ წინ მიიწევს. რომელიღაც ტრანშეის მიმართულების მოძებნა უნდა. მხოლოდ მიმართულება - ჭურვებისგან ამოთხრილ ორმოებს შორის ბილიკი მიიკლაკნება და შემდეგ მკვეთრად უხვევს კუთხეში.

კიდევ რამდენიმე ნაბიჯი. კიდევ ერთი მზერა და კარლმა იპოვა, რაც უნდოდა.

ერთი წამით დუმს, შემდეგ კი ამბობს:

პ- აქ, - ჩერდება და შემდეგ ისევ წინ მიდის, - დაახლოებით აქ იყო, მაშინ აქ ვიყავით, ირგვლივ ყველაფერი ზანზარებდა, რამდენიმე გასროლა გაისმა და შემდეგ შეტევა... - ის იმეორებს, - და შემდეგ შეტევა...

ის ტრანშეას უკან იტოვებს, ფეხზე წამოხტება და თითქოს შეტევაზე გადადის. მაგრამ ახლა ის აღარ არის კარლ ბროეგერი, კაცი, რომელსაც საბანკო საქმეები და ფეხბურთის შესახებ ცნობები აინტერესებს. ის სრულიად სხვა, ათი წლით გაახალგაზრდავებული უნტეროფიცერი ბროეგერია, რომელიც ისევ აიტაცა მიწამ, ბრძოლის ველის ველურმა ფერფლის სუნმა და მოგონებამ, რომელიც ქარიშხალივით უტევს მას.

მისი მოძრაობა ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო: გაუბედავად აღარ ეძებს რაღაცას; სიარულის მანერაც აღარაა ისეთი, როგორსაც მიჩვეული ვიყავი. გაუცნობერებლად, უნებურად ისევ მკვეთრად, ყურადღებით, მიპარვით მოძრაობს, ცხოველის ინსტინქტურ სიფრთხილეს გაუღვიძია მასში; თავად ვერ ამჩნევს, როგორ ჩარგო თავი მხრებში, რა მოშვებულად აქვს ჩამოკიდებული ხელები, მზად არის, დაეცეს. იმასაც ვერ ამჩნევს, როგორც ცდილობს, რომ არ გამოჩნდეს. თითქოს უნდა, რომ არავინ დაინახოს, თუმცა სულ საფარში რჩება.

ასე მივიწევთ წინ. რამდენიმე საათის წინ ნამდვილად ვერ შეძლებდა გზის გაკვლევას. ახლა მიწის ყოველ კუნჭულს ცნობს. წარსულმა ისევ მოიცვა მისი გონება. ასე მივდევთ ნაკვალევს, შეკვეთით შეკერილ კოსტიუმებში გამოწყობილი ორი მამაკაცი, შლაპებითა და სასეირნო ჯოხებით, მივდევთ კვალს, სადაც იმ საშინელ ღამეს კარლი და მისი ოცეული მიხოხავდა, როდესაც მანათობელი რაკეტები უზარმაზარი რკალური ნათურებივით დასცქეროდნენ განადგურების პროცესს. მიწა ტიომონისა და ფლერის გარშემო აფეთქებების შადრევნების ქვეშ ზღვასავით ღელავდა - ჩვენ ისევ ამ გზას გავდივართ. ჩვენ გარშემო საღამოს უსაზღვრო სიმშვიდეს დაუსადგურებია, მაგრამ უნტერ-ოფიცერ ბროეგერის ყურებში ბრძოლა გუგუნებს, სასეირნო ჯოხი ჭურვივით უჭირავს ხელში, კიდევ ერთხელ მიუძღვება თავის ჯარისკაცებს ჭურვებით ამოთხრილ ორმოებში ქალაქზე შტურმის მისატანად.

ქალაქი კი აღარ არსებობს. ის გაქრა, აღიგავა პირისაგან მიწისა. აღარ აღადგინეს, იმიტომ, რომ მიწა ჯერ ისევ დანაღმულია, სავსეა ფეთქებადი ნივთიერებებით, მეტისმეტად სახიფათოა აქ ისევ რაიმეს აშენება.

კარლი ძეგლს ეყრდნობა. ის იმ ადგილს აღნიშნავს, სადაც ოდესღაც ფლერი იყო, საშინელებათა სოფელი, რომლის ნანგრევები ერთ ღამეში ექვსჯერ აიღეს შტურმით და ბოლოს მაინც დაკარგეს.

- იქ ერთი ახალგაზრდა ახალწვეული იყო, - ამბობს ის, - მთელი იმ ხნის განმავლობაში ჩემს სიახლოვეს იყო. როდესაც უკან ვიხევდით, ვეღარ დავინახე. მოგვიანებით კი...

მოგვიანებით, როდესაც ეს ადგილი დაიკავეს, ცხედრის მხოლოდ ერთი ნაწილი იპოვეს, მაგრამ არ იცოდნენ, ის იყო თუ არა. ამიტომ "დაკარგულად" გამოაცხადეს. დედამისს დღემდე იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მის წითელი პლუშით გაწყობილ მისაღებ ოთახში შევა, გაზრდილი, ღონიერი, მხარბეჭიანი და მის გვერდით დაჯდება დივანზე.

- არ არსებობს მიზეზი, რატომ არ შეიძლება, ჯერ კიდევ ცოცხალი იყოს... - ფიქრობს კარლი და მოღუშული შემომყურებს. - როგორ გგონია, შეიძლება, რომ მუსიკოსი გამხდარიყო? მაშინ ეს უნდოდა.

ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს და გზას ვაგრძელებთ. ბბინდმა მუქი ლურჯი შეფერილობა მიიღო. კარლი კიდევ ერთხელ ჩერდება, ხელით გაურკვეველ ჟესტს აკეთებს და ამბობს:

- შეხედე, უბრალოდ არ მესმის, აქ ისეთი ამბავი ხდებოდა, რომ ფიქრის უნარიც კი გერთმეოდა კაცს, ჯოჯოხეთი იყო, ნამდვილი ჯოჯოხეთი, ბოლო წერტილი, დასასრული, კუპრით სავსე უზარმაზარი ქვაბი, სრულიუ უიმედობა. ამ ქვაბში ადამიანი იყო და არც იყო. ახლა კი აქ დავბოდიალებთ, მხოლოდ პატარა ხეობაა, იქ კი, სიბნელეში, უწყინარი ბორცვი...

სიბნელეში თეთრად ამომართულა მავზოლეუმი. ავტობუსები გასამგზავრებლად მზადყოფნაში არიან. ხმაურით მიდიან, თავიანთი რბილი სავარძლების რიგებით.

მანქანას ისევ მუქი ლანდშაფტი მისდევს. ფარების შუქზე მემორიალები მისრიალებენ, ბევრი მემორიალი. მათზე უმეტესად საუბარია Gloire-ზე და Victoire-ზე(Gloire, Victoire - დიდება, გამარჯვება (ფრანგ.)).

კარლი თავს აქნევს.

- ეს მთელ ისტორიას არ გვიყვება. არა, სრულიადაც არა. თუმცა ისინი მართლები არიან, ძეგლებს რომ აღმართავენ, რადგან იმაზე მეტი ტანჯვა, რაც აქ და მიმდებარე ტერიტორიებზე განიცადა ხალხმა, არსად ყოფილა. მხოლოდ ერთი რამ გამორჩათ: აღარასოდეს. აი, ეს აკლია. შენ...

ჩვენ წინ გზა თეთრად იშლება და ნელ-ნელა ზემოთ მიუყვება. ღრუბლების მიღმა წითელი და მოწყენილი მთვარე ამოდის. თანდათანობით პატარავდება და ღიავდება, ბოლოს კი რომანის ამერიკულ სასაფლაოს ვერცხლისფრად ანათებს. სუსტ შუქზე თოთხმეტი ათასი ჯვარი კიაფობს. თოთხმეტი ათასი ჯვარი ერთმანეთის უკან რიგებშია აღმართული. თვალები აგეწვება კაცს, ისე გამაოგნებლად სწორად არიან განლაგებულნი, ვერტიკალურად, დიაგონალურად. ყოველი ჯვრის ქვეშ საფლავია. ყოველ მათგანზე - წარწერა:

"ჰერბერტ კ. ვილიამსი, ლეიტენანტი, ქიმიური სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელი, კონექტიკუტი, 13 სექტემბერი, 1918 წ."

"ალბერტ პეტერსონი, 137-ე ქვეითთა დანაყოფი, 35-ე პოლკი, ჩრდილოეთი დაკოტა, 28 სექტემბერი, 1918 წ.".

თოთხმეტი ათასი... - ოცდახუთი ათასი იყვნენ. მონფოსონის შტურმისას დაიღუპნენ, ომის დამთავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ეს მხოლოდ ერთი სასაფლაოა ამდენი კაცისთვის. ყველგან, ასობით ადგილას, სხვები წვანან. ფრანგებისათვის თეთრი ხის, ხოლო გერმანელებისათვის შავი ჯვრები აღუმართავთ.

ამ თოთხმეტი ათასი ჯვრის შუაგულში, ფართო მთავარ გზაზე, ერთი კაცი სცემს ბოლთას, შორიდან პატარად მოჩანს. ეს უფრო ამძიმებს გულს, ვიდრე არავინ რომ არ ყოფილიყო იქ. კარლი მაჩქარებს.

ქალაქებში ბავშვები მოედნებზე თამაშობენ, მათ გარშემო მაღაზიები, სახლები, ეკლესიის ეზოები, გაზეთები, ხმაური, ყვირილი, ქუჩები, მთელი სამყაროა, მაგრამ ისინი თამაშს განაგრძობენ, ჩაძირულები არიან თავიანთ მარტივ თამაშებში. ისინი ამქვეყნად ყველგან თამაშობენ.

- ბავშვები... - ამბობს კარლი და სიბნელეში ვერ ვხედავ, რა სჭირს, - ბავშვები ყველგან ერთნაირები არიან, არა? ბავშვებმა ჯერ არაფერი იციან.

სანამ ამ ყველაფერს გავაანალიზებდე და შევხედავდე, ის ჩემკენ ბრუნდება:

- ახლა წავიდეთ, რატომღა ვდგავართ აქ?

ის თავს აბრუნებს და დარჩენილი მგზავრობისას დაძაბული იყურება ფანჯრიდან.

ერიხ მარია რემარკი

მდუმარება ვერდენის გარშემოtag:www.qwelly.com,2020-09-19:6506411:Topic:14290182020-09-19T06:46:15.036Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ვერავინ იტყვის, ზუსტად როდის იწყება ეს, მაგრამ გლუვი, ოდნავ მომრგვალებული ხაზები ჰორიზონტზე უეცრად იცვლებიან. ყავისფერი და წითელი ფერები, ტყის ფოთლების კაშკაშა, მოელვარე ტონები მოულოდნელად განსაკუთრებულ შეფერილობას იძენენ, მინდვრები ფერს კარგავენ და ჟანგმიწისფრად ჭკნებიან. პეიზაჟი რაღაცნაირი უჩვეულოდ მშვიდი, ფერმკრთალი ხდება და ამის ახსნა არავის შეუძლია.

იგივე ქედებია, იგივე ტყეები, იგივე მინდვრები და მდელოები, როგორც უწინ, ისევ…

ვერავინ იტყვის, ზუსტად როდის იწყება ეს, მაგრამ გლუვი, ოდნავ მომრგვალებული ხაზები ჰორიზონტზე უეცრად იცვლებიან. ყავისფერი და წითელი ფერები, ტყის ფოთლების კაშკაშა, მოელვარე ტონები მოულოდნელად განსაკუთრებულ შეფერილობას იძენენ, მინდვრები ფერს კარგავენ და ჟანგმიწისფრად ჭკნებიან. პეიზაჟი რაღაცნაირი უჩვეულოდ მშვიდი, ფერმკრთალი ხდება და ამის ახსნა არავის შეუძლია.

იგივე ქედებია, იგივე ტყეები, იგივე მინდვრები და მდელოები, როგორც უწინ, ისევ იგივე პეიზაჟია, როგორიც ერთი საათის წინ იყო. აი, უსასრულოდ გრძელი და განიერი თეთრი გზატკეცილი, გვიანი შემოდგომის ოქროსფერი შუქი, რომელიც ისევ ტკბილ ღვინოსავით იღვრება დედამიწაზე. და მაინც, თითქოს რაღაც უხილავი და ჩუმი შემოიჭრა შორიდან; ის აქვეა, გვერდით, უზარმაზარი, გამარჯვებული, ძლიერი, და ჩრდილავს ყველაფერს.

საქმე იმ, გზის ნაპირას ამომართულ თხელ და შავ ჯვრებში არ არის, რომლებიც ყოველ წამს გვხვდება გზად. გადაქანებულები და გადაღლილები ამოჩრილან ბალახებიდან, ქარისგან შელანძღულები, წვიმის ნაკადებისგან გაცვეთილები - 1870 წლის ომის ჯვრები. წვრილი, ნორჩი ხეები, რომლებიც მაშინ ჯვრებს შორის ჩარგეს, უკვე დიდი ხანია სქელტოტებიან ხეებად გადაიქცნენ, რომლებიც მოჭიკჭიკე ჩიტებითაა სავსე. მსროლელთა სანგრები აღარ გვაშინებენ, ისინი თითქმის აღარ გვაგონებენ სიკვდილს, ისინი პარკის თვალწარმტაც და ლამაზ პეიზაჟს შერწყმიან. ნაყოფიერი ნიადაგი და კარგი მხარე.

საქმე ამ ლამაზი, ამ საშინელი მიდამოს ხასიათში არაა, რომელიც ყოველთვის ბრძოლის ველს წარმოადგენდა და სადაც ომი საუკუნეების მანძილზე ახვავებდა თავის ნარჩენებს, როგორც სხვადასხვა ფენას კლდის ქანებში, ერთ ნალექს მეორეზე, ერთ ფენას მეორეზე, ერთი ომის ნარჩენებს მეორე ომისაზე... დღესაც კი ზუსტად შეგიძლია შეიტყო ყველაფერი - ფრანგი მეფეების ბრძოლებზე, მარს ლა ტურის სამარხებსა და დუომონის საერთო საფლავებზე.

საქმე არც ამ მიწის საიდუმლოებით მოცულ, გაორებულ იერსახეშია. რბილი, ლურჯი ხაზები, ჰორიზონტზე რომ მოჩანს, არა უბრალოდ ბორცვები და ტყის მასივები, არამედ შენიღბული ფორტებია. მათ წინ აღმართული გლუვი მწვერვალები არა უბრალოდ ქედებია, არამედ - ძლიერ გამაგრებული სიმაღლეები. იდილიური ხეობები იმავდროულად მსროლელთა სანგრების ფუნქციასაც ასრულებენ, როგორც სიკვდილის ხეობები, და ჯარისკაცთა შემკრები პუნქტებისა და სტრატეგიული პლაცდარმების ფუნქციასაც; პატარა ბორცვები ქვემეხების ან ტყვიამფრქვევების ჩაბეტონებულ სასროლო პოზიციებს წარმოადგენდნენ, ან საბრძოლო საშუალებების საწყობებს და მიწისქვეშა გასასვლელებს, რადგან აქ ყველაფერი სტრატეგიად იყო გადაქცეული - სტრატეგიად და საფლავებად.

საქმე მდუმარებაშია, შემაძრწუნებელ მდუმარებაში ვერდენის გარშემო. მდუმარება ბრძოლის შემდეგ. მდუმარება, რომლის მსგავსი სამყაროში არ არსებობს. აქამდე ყველა ბრძოლაში საბოლოოდ ბუნება იმარჯვებდა. განადგურების შემდეგ სიცოცხლე ისევ ბრუნდებოდა, ქალაქებს ისევ აღადგენდნენ, ტყეები კვლავ იზრდებოდა, რამდენიმე თვის მანძილზე ყანებში ისევ ამოდიოდა ახალი მარცვლეული. მაგრამ ამ ბოლო, ყველაზე საშინელ ომში პირველად გაიმარჯვა განადგურებამ. აქ იყო სოფლები, რომლებიც აღარ აღუდგენიათ: სოფლები, რომლებისგანაც ქვა ქვაზე აღარ დარჩა. მათ ქვეშ ნიადაგი იმდენადაა გაჟღენთილი მომაკვდინებელი საშიშროებით, ცოცხალი ასაფეთქებელი ძალით, ჭურვებით, ნაღმებითა და მომწამვლელი გაზით, რომ თოხის ერთი დარტყმა ან ნიჩბის ერთი მოსმაც კი სახიფათოა. აქ ხარობდნენ ხეები, რომლებიც აღარასოდეს ამოიყრის, რადგან არა მარტო მათი კენწეროები და ტანი, არამედ მათი ყველაზე ღრმა ფესვებიც კი ამოიძირკვა, განადგურდა და ნაფლეთებად იქცა. აქ იყო მინდვრები, რომლებზეც ვეღარასოდეს გადაატარებ გუთანს, რადგან იქ დათესილია ფოლადი, ფოლადი და კიდევ ერთხელ ფოლადი.

თუმცა ჭურვებისგან ამოთხრილ ორმოებში, რომლებითაც მთლიანადაა დაცხრილული მიწა, მართლაც იზრდება აბურდული, უფერული სარეველა. მათ ნაპირებთან წითელი ყაყაჩოები და გვირილები ყვავის; ზოგჯერ ნარჩენების შუაგულში, გაუბედავად და მორცხვად, უსწორმასწორო ბუჩქიც კი ამოიწვერება, მაგრამ ეს მწირი მცენარეული საფარი კიდევ უფრო აძლიერებს მდუმარებისა და უიმედობის შეგრძნებას. თითქოს ცხოვრებისეული მოვლენების კონვეიერში ხვრელი გაჩენილა და დრო გაჩერებულა; თითქოს დროს, რომელიც არა მარტო წარსულს, არამედ მომავალსაც მოიცავს, თანაგრძნობის გამო ძრავა გამოურთავს. დედამიწაზე არსად არის ასეთი მხარე. უდაბნოც კი უფრო ცოცხალია, რადგან მისი მდუმარება ორგანულია.

არსად სამყაროში არ არის ასეთი მდუმარება, რადგან ეს მდუმარება შემაძრწუნებელი, გაქვავებული ყვირილია. სასაფლაოს სიმშვიდეც არ იგრძნობა აქ, რადგან ბევრ დაღლილ, ღონემიხდილ ადამიანს შორის, აქ რომ დაუდვიათ საბოლოო განსასვენებელი, ცოტა თუ იყო ჭეშმარიტად ახალგაზრდა და შთაგონებით აღსავსე; ათიათასობით ადამიანის ის დიდი ძალა, რომელიც თვალებში ჰქონდათ და რომელიც სუნთქვის, დანახვის, დამალვისა და ბრძოლის საშუალებას აძლევდა, აქ უცებ ატომებად დაიშალა. ადამიანები ამ გაშმაგებული, გამძაფრებული თავდაცვისას აღმერთებდნენ და ელოლიავებოდნენ სიცოცხლეს, ისე მგზნებარედ, ძლიერად, გაგიჟებით, თითქოს დამ აზრით შეპყრობილებს, როგორც არასდროს, სჯეროდათ მისი. ამ სასოწარკვეთილი, მობილიზებული ნებისყოფის, ამ მოქმედების, ტანჯვის, იმედის, შიშის, სიცოცხლის წყურვილის მოთუხთუხე მორევის თავზე იფრქვეოდა ნამსხვრევებისა და ტყვიების სეტყვა. სიცოცხლე, ეს ყველაზე გამძლე და სათუთი რამ, რაც კი არსებობს ამქვეყანაზე, სისხლისაგან იცლებოდა; რვაასი ათასი კაცის თავზე უკუნი სიბნელე ვრცელდებოდა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ მინდვრების თავზე გრძელდება დაკარგული წლების ათვლა, წლებისა, რომლებიც არ ყოფილან, რომლებიც სიმშვიდეს ვერ პოულობენ - ახალგაზრდობის ძახილი მეტისმეტად ადრე ჩაიხშო, მეტისმეტად სწრაფად დასრულდა. ღამე ისინი მიწიდან ამოდიან და მოჩვენებებივით დახეტიალებენ.

სიმაღლეებიდან რუხი, მძიმე ქარი უბერავს და შემოდგომის სიცხეს, მის კაშკაშა ცეცხლსა და ოქროსფერ შუქს ერწყმის. სიმაღლეებიდან მდუმარება ეშვება, რომელიც სასიამოვნო დღეებს უღონოს და უსიცოცხლოს ხდის, თითქოს მზე დაბნელდაო, ისე, როგორც იმ ნაშუადღევს გოლგოთაზე. სიმაღლეებიდან მოგონებები ეშვება, მეხსიერებაში აქაური ადგილების დასახელებები ამოტივტივდება: ვო, ტისმონი, ბელევილი, ცივი მიწა, მკვდრების ხეობა, ბორცვი 304, მკვდარი კაცი... რა სახელებია! ოთხი გაწელილი წლის განმავლობაში ისინი სიკვდილის დაუსრულებელი ზუზუნის პირობებში არსებობდნენ. დღეს კი ამ მდუმარების უსასრულობა გიპყრობს. და ამას ვერც სამოგზაურო ბიურო "კუკის" ტურისტული ჯგუფები შეცვლის, ვერც სასიამოვნო ექსკურსიები შეღავათიან ფასად, ღრმა ბომბსაფრების დათვალიერება კარბიდის რომანტიკული შუქის ფონზე. ეს მხარე მიცვალებულებს ეკუთვნით.

მაგრამ ყველა კალიბრის ჭურვებით მუდმივად ფეთქებად ამ მიწაში, ამ გაშეშებულ საშინელებათა ქვეყანაში, ამ კრატერებიან ლანდშაფტში ადამიანები ცხოვრობენ. მათ ძლივს შეამჩნევს კაცი. დროთა განმავლობაში მიდამოს ისე კარგად მიესადაგნენ, გარემოსგან თითქმის არ განსხვავდებიან. მათი ტანსაცმელი მძიმე ჯაფისაგან ყვითელი, რუხი და ჭუჭყიანია. ზოგჯერ ასობით არიან, ზოგჯერ შეიძლება ათასობითაც იყვნენ, მაგრამ ინდივიდუალურად შრომობენ და ისე გაბნეულები არიან, რომ გეჩვენება, თითქოს ცოტანი არიან - შრომისმოყვარე პატარა ჭიანჭველები ცარიელ ორმოებში. თავისთვის ცხოვრობენ, ხშირად თვეობით რჩებიან თავიანთ ბნელ ბარაკებში და სოფლებში იშვიათად მიდიან. ისინი "მაძიებლები" არიან.

ბრძოლის ველები სპეკულაციის ობიექტებად გადაქცეულან. ერთ-ერთმა მეწარმემ მთავრობისგან ძვირფასი მეტალის შეგროვების ნებართვა მიიღო. ამ სამუშაოსათვის მაძიებლებს ქირაობს. ისინი ყველაფერზე ნადირობენ, რასაც მეტალის ღირებულება აქვს - ძველ შაშხანებზე, აუფეთქებელ ჭურვებზე, ბომბებზე, რკინიგზის რელსებზე, მავთულის ხვეულებზე, ნიჩბებზე. მოგონებების, სიჩუმისა და გლოვის ეს მინდვრები მათთვის რკინის, ფოლადისა და სპილენძის მოპოვების წყაროა. განსაკუთრებით სპილენძი უყვართ - მასში უკეთეს ფასს იღებენ.

მაძიებლების უმეტესობა რუსია. ამ მდუმარებაში ისინიც სიტყვაძუნწები გახდნენ. უმეტესად ერთმანეთში ურთიერთობენ. არც არავინ ცდილობს მათთან კონტაქტში შესვლას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ათასობით ნებართვა გასცა, მაინც ისეთი განცდა გაქვს კაცს, რომ რასაც აკეთებენ, კარგი არ არის.

ამ მიწაში მილიონობით ფრანკის ღირებულების მეტალია, მაგრამ იქ ასევე მილიონობით ადამიანის ცრემლი, სისხლი და შიშია.

შემოსავლიანი საქმეა, ბევრი მაძიებელი მალევე ახერხებს მანქანის ყიდვას. წლების განმავლობაში ზრუნავდა არტილერია იმაზე, რომ მათ ახლა მოგება ენახათ. პირველი ნაჩქარევი, ზედაპირული შეგროვება დასრულდა, ახლა კი მათ უფრო ღრმად თხრა მოუწევთ, რომ შემდეგ ფენაში ჩამარხულ განძს მიაგნონ. ნიადაგი მაგარია, რამდენიმე კვადრატული მეტრი ზომის ორმოს გათხრას ერთი კვირა მოანდომეს. ამიტომ აუცილებელია ზუსტი ადგილების მიგნება. ამას კი გამოცდილება სჭირდება.

ჩვეულებრივად, მიწაში თავიდან რკინის გრძელ ღერებს არჭობენ და ისე ეძებენ მეტალს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჩხირი ჩექმას გამოედოს, რომელიც წინააღმდეგობას გაგიწევს, რადგან მიცვალებულის ჩექმა მიწის ქვეშ, ზოგადად, კარგადაა შემონახული. თუმცა მაძიებელი ხვდება ამას, მას ხომ გამოცდილება აქვს. საერთოდ, მას ზემოდან შეუძლია განსაზღვროს, ღირს თუ არა თხრა. თუ ჩხირი ფოლადის ჩაფხუტს მოხვდება, ეს ძალიან კარგია. ეს ღირებულია იმდენად, რამდენადაც შესაძლო ნადავლზე მიანიშნებს.

არსებობენ ასაკოვანი, გამოცდილი მაძიებლები, რომლებიც მხოლოდ იმ ადგილას თხრიან, სადაც ბუჩქია ამოსული. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავს ადგილებში ცხედრებით სავსე ბომბსაფრებია დამარხული. სხვა შემთხვევაში ბუჩქი ასე კარგად არ იხარებდა. ბომბსაფრებში კი ყველანაირი მეტალის შოვნა შეიძლება.

თუ გაგიმართლა, ტყვიამფრქვევს ან საბრძოლო მასალის მცირე საწყობსაც კი წააწყდები. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ერთი ხელის მოსმით რამდენიმე ათას ფრანკს იშოვი. აღმოჩენა, რომელზეც დღესაც ლაპარაკობენ, გერმანული თვითმფრინავი იყო. პილოტის სავარძელში ჩონჩხი იჯდა, მის ფეხებს შორის კი - ყუთი, 15 000 ოქროს მარკით.

ყველგან ერთნაირად ხდება. თავიდან მიწას აფხვიერებენ და თხრიან, შემდეგ ხელებს აფათურებენ. გერმანული გრძელსახელურებიანი ხელყუმბარები და კარდალა ამოაქვთ. ამეებით დიდად არ ინტერესდებიან. მოღუნულ და კოროზიით შეჭმულ თოფის ლულას კი დაჟანგული რკინის გროვაზე ისვრიან. ჩაფხუტი - შემდეგ გახუნებული, ნესტიანი მორუხო-მომწვანო, გაცვეთილი ძონძი, ნახევრად თიხად გადაქცეული, შემდეგ თავის ქალა, ჯერ კიდევ თმით, ქერა თმით, თავის ქალა ნახვრეტით, ტყვია პირდაპირ შუბლში მოხვედრია. მაძიებელი მას პატარა ყუთში ათავსებს, რომელიც უკან უდევს. ლაქებიან ყავისფერ ძვლებს გასაცოდავებული, ჭუჭყიანი მწვანე ძონძებიდან ფერთხავს. დარჩენილ ძვლებს ჩექმის ცხვირებიდან ყრიან. ყველაფერი ყუთში ხვდება, რომ საღამოს ამოსაცნობად გაიგზავნოს მთავარ ბაზაში. დამპალი ქისა, რომელშიც ცოტათი გაშავებული ფულია, ადგილზე რჩება. ასევე საკმაოდ დაშლილი საფულის ნარჩენები. მაგრამ ახლა ნიჩაბი კიდევ ერთხელ, ჟღარუნით ხვდება მეტალს, რკინის ბოძები და მავთულის ხვეულები მოჩანს - კარგი აღმოჩენაა.

სულ ერთი და იგივე სურათია, ასჯერ, ათასჯერ მეორდება; შემოდგომის მზის ქვეშ წევს ჯარისკაცი, რამდენიმე დამპალი ძონძი, რამდენიმე ძვალი, თავის ქალა, რაღაც აღჭურვილობა ქამრის დაჟანგული ბალთისა და სავაზნე ჩანთის ჩათვლით. ისიც ბედნიერი იქნებოდა, ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო.

ზოგიერთი მაძიებელი დარწმუნებულია, რომ ნიკაპის ძვლის ფორმის მიხედვით შეუძლია თქვას, გერმანელის თავის ქალა უდევს წინ თუ ფრანგის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძვლები საღამოს მთავარ შტაბში წაიღონ, თორემ დილამდე მელიები შეჭამენ. უცნაურია, რომ აქ მელიები ძვლებს ჭამენ. ნამდვილად მეტი არაფერი აქვთ საჭმელი. აქ კი ბევრი მელა ცხოვრობს. მაძიებლები თავიანთ უთვალავ პატარა ორმოებში სხედან და თხუნელებივით თხრიან. ძვლებს, რომლებსაც პოულობენ, იდენტიფიცირება უტარდება. მათ სასაფლაოებზე, მავზოლეუმებში, ქვის უზარმაზარ კუბოებში აგროვებენ. თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ ამ ჯარისკაცებისათვის თავი დაენებებინათ. ისინი ხომ უკვე ათი, თორმეტი წელია აქ განისვენებენ. ისინი ხომ, ყველანი, ამხანაგები იყვნენ.

თითქოს თვითონაც არ უნდოდათ, რომ სხვანაირად ყოფილიყო საქმე. თითქოს თვითონ მიწა დარაჯობს მათ და იცავს იმ ხელებისაგან, რომლებიც მათ შორის მეტალს და ფულს ეძებენ, რადგან მკვდარი ჯარისკაცების გვერდით მათი იარაღია. ხშირად ამ იარაღს შენარჩუნებული აქვს მოქმედების ძალა.

საკმარისია თოხის ერთი დარტყმა მიწაზე, ნიჩბის ერთი მკვეთრი მოსმა და მიწა ყრუდ აგუგუნდება, ნამსხვრევები ამოფრინდება და მიწიდან ამოსული სიკვდილი სწრაფად ჩაავლებს ხოლმე ბრჭყალებს მაძიებლებს. უკვე ბევრი იქცა ნაფლეთებად, ბევრი დასახიჩრდა, მათი რიცხვი ყოველკვირა იზრდება. სიკვდილი, რომელმაც თავიდან ჯარისკაცები მოცელა, ახლა მოკლულების საფლავებს დარაჯობს. მიწა ინახავს მათ, თითქოს ისინი დიდებულ მავზოლეუმებში კი არ უნდა იწვნენ, არამედ იქ დარჩნენ, სადაც დაიღუპნენ.

ამ სუდარის თავზე კი თითქოს დრო გაჩერებულა, იმ ტანჯვის წინაშე, რომელიც ჰორიზონტებს შორის გაშეშებულა. ამ სუდარის თავზე მდუმარება, გლოვა და მოგონებები ჩამოწოლილა.

ერიხ მარია რემარკი

მტერიtag:www.qwelly.com,2020-09-06:6506411:Topic:14280872020-09-06T12:50:49.689Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

როდესაც ჩემს სკოლის ამხანაგს, ლეიტენანტ ლუდვიგ ბრეიერს ვკითხე, ომის რომელი მოვლენა ჩარჩა ყველაზე ნათლად მეხსიერებაში, მოველოდი, რომ მომიყვებოდა ვერდენის, სომეს ან ფლანდრიის შესახებ, რადგან ის ყველაზე მძიმე თვეების დროს ამ სამივე ფრონტზე იმყოფებოდა. თუმცა, ნაცვლად ამისა, მან ეს ამბავი მომითხრო:

"ყველაზე ძლიერი არა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი შთაბეჭდილებები იმით დაიწყო, რომ ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მოშორებით, ერთ პატარა ფრანგულ…

როდესაც ჩემს სკოლის ამხანაგს, ლეიტენანტ ლუდვიგ ბრეიერს ვკითხე, ომის რომელი მოვლენა ჩარჩა ყველაზე ნათლად მეხსიერებაში, მოველოდი, რომ მომიყვებოდა ვერდენის, სომეს ან ფლანდრიის შესახებ, რადგან ის ყველაზე მძიმე თვეების დროს ამ სამივე ფრონტზე იმყოფებოდა. თუმცა, ნაცვლად ამისა, მან ეს ამბავი მომითხრო:

"ყველაზე ძლიერი არა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი შთაბეჭდილებები იმით დაიწყო, რომ ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მოშორებით, ერთ პატარა ფრანგულ სოფელში წაგვიყვანეს დასასვენებლად. მანამდე რთულ მონაკვეთზე ვიყავით, სადაც ძალიან ძლიერი საარტილერიო ცეცხლი იყო გახსნილი. ჩვენ ჩვეულებრივზე უფრო შორს გადაგვიყვანეს, რადგან დიდი დანაკარგი გვქონდა და ძალების მოკრება გვჭირდებოდა.

აგვისტოს სასიამოვნო კვირა იყო. შესანიშნავი, ბიბლიური ზაფხული. ეს ყველაფერი თავში იმ მძიმე ოქროსფერ ღვინოსავით მოგვაწვა, რომელიც ერთხელ შამპანის სარდაფში ვიპოვეთ. დეზინფექცია ჩაგვიტარეს. ზოგიერთმა ჩვენგანმა სუფთა თეთრეულიც კი მიიღო, დანარჩენებმა პატარა ცეცხლზე საფუძვლიანად გამოხარშეს თავიანთი პერანგები. ყველგან სისუფთავე სუფევდა - ამ ნეტარებას მხოლოდ ჭუჭყის სქელი ფენით დაფარული ჯარისკაცი იცნობს. ეს დღე იმ შორეული, მშვიდობიანი, შაბათ საღამოსავით სასიამოვნო იყო, როდესაც ბავშვობაში დიდ აბაზანაში ვბანაობდით, დედა კი კარადიდან სუფთა თეთრეულს გვაძლევდა, რომელსაც სახამებლის, კვირადღისა და ნამცხვრის სუნი ასდიოდა.

ხომ იცი, არ მოგატყუებ, თუ გეტყვი, რომ აგვისტოს იმ საღამომ მთელ სხეულში ძლიერი და სასიამოვნო გრძნობა აღმიძრა. უმეტესი ადამიანებისგან განსხვავებით, ჯარისკაცს სრულიად სხვა დამოკიდებულება აქვს ბუნებასთან. ყველა ის ათასობით აკრძალვა, დაბრკოლება, რომელიც სიკვდილის ზღვარზე მკაცრი, საშინელი არსებობის პირობებში გბოჭავს, ერთბაშად ქრება და შესვენების წუთებისა და საათების განმავლობაში, იმ დღეებში, როდესაც სულის მოთქმის შესაძლებლობა გეძლევა, ფიქრი სიცოცხლის შესახებ ზოგჯერ უსაზღვროდ ძლიერდება. უზარმაზარ სიხარულს განიჭებს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ აქ ხარ, გადარჩი, რომ შეგიძლია, დაინახო, ისუნთქო და თავისუფლად იმოძრაო.

ჩამავალი მზით განათებული მინდორი, ტყის ლურჯი ჩრდილები, ალვის ხის ფოთლების შრიალი, ანკარა ნაკადულის ჩუხჩუხი აუწერელ სიხარულს გვანიჭებდა, მაგრამ გულის სიღრმეში ეკალივით გვესობოდა ძლიერი ტკივილი, რადგან ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე საათში, რამდენიმე დღეში დამთავრდებოდა და სიკვდილის გადამხმარი პეიზაჟებით შეიცვლებოდა. ეს გრძნობა, რომელიც ბედნიერების, ტკივილის, მელანქოლიის, სევდის, მონატრებისა და უიმედობის უცნაური ნარევი იყო, ყოველი ჯარისკაცისთვის ჩვეულებრივი იყო დასვენებისას.

ვახშმის შემდეგ, რამდენიმე ამხანაგთან ერთად, სოფლის ფარგლებს გარეთ გავედი. ბევრს არ ვლაპარაკობდით; პირველად, კვირების განმავლობაში სრულიად კმაყოფილები ვიყავით და მზის დამრეც სხივებს ვეფიცხებოდით, რომლებიც სახეში გვანათებდნენ. ბოლოს ფაბრიკის პატარა, უბადრუკ ყშენობასთან აღმოვჩნდით, რომელიც დიდი შემოღობილი ნაკვეთის შუაგულში იდგა. მის გარშემო საგუშაგოები იყო განთავსებული. ეზო ტყვეებით იყო სავსე, რომლებიც გერმანიაში გაგზავნას ელოდებოდნენ.

გუშაგებმა უპრობლემოდ შეგვიშვეს და შეგვეძლო, იქაურობა დაგვეთვალიერებინა. იქ რამდენიმე ასეული ფრანგი იყო, რომლებიც ისხდნენ ან იწვნენ, ეწეოდნენ, საუბრობდნენ ან თვლემდნენ. თითქოს თვალები ამეხილა. აქამდე მხოლოდ მწირი, ზედაპირული, ცალკეული, წარმოსახვითი წარმოდგენა მქონდა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მტრის სანგრებში იყვნენ. მაგალითად, ჩაფხუტი, რომელიც ერთი წამით ბრუსტვერის ზედაპირზე ამოიწეოდა ხოლმე, ან ხელი, რომელიც რაღაცას ისროდა და ისევ უჩინარდებოდა, ან მონაცრისფრო-მოლურჯო ქსოვილის პატარა ნაწილი, ფიგურა, რომელიც ჰაერში გაიელვებდა - თითქმის აბსტრაქტული საგნები, ავტომატური ცეცხლის, ხელყუმბარებისა და მავთულხლართების უკან ჩასაფრებულები.

აქ პირველად ვნახე ტყვეები, ბევრი ტყვე, რომლებიც ისხდნენ, იწვნენ, ეწეოდნენ - ფრანგები იარაღის გარეშე.

უეცრად თითქოს შოკში ჩავვარდი. მერე კი საკუთარ თავზე გამეცინა. განმაცვიფრა უბრალოდ აზრმა, რომ ისინი ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორიც ჩვენ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა, ღმერთმა იცის, საკმაოდ უცნაურ ფაქტად, რომ ეს აზრი ადრე არასდროს მომსვლია თავში. ფრანგები? ისინი ხომ მტრები იყვნენ, რომლებიც უნდა მოგეკლა, რადგან მათ გერმანიის განადგურება უნდოდათ. მაგრამ აგვისტოს იმ საღამოს ჩემთვის საზარელ საიდუმლოს აეხადა ფარდა - იარაღის მაგიური ძალის საიდუმლოს. იარაღი ცვლის ადამიანებს. ისინი ხომ უწყინარი ადამიანები არიან - ფაბრიკის მუშები, დამხმარეები, ბიზნესმენები, სკოლის მოსწავლე ბიჭები, რომლებიც ასე ჩუმად ისხდნენ, ბედს შეგუებულნი. იარაღი რომ მიგეცათ, იმ წამს მტრებად იქცეოდნენ.

ისინი მხოლოდ იარაღის მიღების შემდეგ გახდნენ მტრები. აი, ამან დამაფიქრა, თუმცა ვიცოდი, ჩემი ლოგიკა შეიძლება მთლად სწორი არ იყო, მაგრამ იმ გაურკვეველ აზრს ვყავდი შეპყრობილი, რომ სწორედ იარაღმა მოგვახვია თავს ომი. მსოფლიოში იმდენი იარაღი დაგროვდა, რომ ბოლოს ადამიანებზე გაბატონდა და ისინი ერთმანეთის მტრებად აქცია.

მოგვიანებით, ფლანდრიაში ყოფნისას, იმავე სიტუაციას შევესწარი. ბრძოლის მიმდინარეობისას, რომელშიც დიდი რაოდენობის ტექნიკა იყო ჩართული, ადამიანების იქ ყოფნას, პრაქტიკულად, არანაირი სარგებელი აღარ მოჰქონდა. ერთმანეთს გავეშებული ტექნიკა ეომებოდა. ადამიანს ისეთი გრძნობა გიჩნდებოდა, რომ მაშინაც კი, თუ ცოცხალი აღარავინ დარჩებოდა, იარაღები თვითონ განაგრძობდნენ ომს სამყაროს სრულ განადგურებამდე.

მაგრამ აქ, ფაბრიკის ეზოში, მხოლოდ ჩვენნაირ ადამიანებს ვხედავდი. პირველად გავიაზრე, რომ ადამიანების წინააღმდეგ ვიბრძოდი. ადამიანებისა, რომლებიც ჩვენსავით ხმამაღალი სიტყვებითა და იარაღით მოაჯადოეს; ადამიანებისა, რომლებსაც ცოლები და შვილები, მშობლები ჰყავდათ, პროფესია ჰქონდათ. როგორც მე გამინათდა გონება მათი მეშვეობით, შესაძლოა, ისინიც გამოფხიზლდებიან, ირგვლივ მიმოიხედავენ და იკითხავენ: "ძმებო, რას ვაკეთებთ? რას ჰგავს ეს?"

რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ შედარებით მშვიდ მონაკვეთზე გადაგვისროლეს. ფრანგების წინა ხაზი საკმაოდ ახლოს იყო ჩვენთან, მაგრამ ჩვენი პოზიციები კარგად იყო გამაგრებული, საერთოდ კი, ვიტყოდი, რომ აქ განსაკუთრებული თითქმის არაფერი ხდებოდა. ყოველ დილით, ზუსტად შვიდ საათზე ორივე მხარის არტილერია ერთმანეთს რამდენიმე გასროლით ესალმებოდა. შუადღისას კიდევ მოკლე სალუტს უშვებდნენ, საღამოსთვის კი, ჩვეულებრივ, რამდენიმე გასროლა ისმოდა ხოლმე. ჩვენი ბომბსაფრების წინ მზის აბაზანებს ვიღებდით და ღამით, დაძინების წინ, ჩექმების გახდასაც კი ვბედავდით.

ერთ დღეს, უეცრად, ნეიტრალური ზონის მეორე მხარეს ბრუსტვერის თავზე აბრა გამოჩნდა წარწერით: Attention! ადვილი წარმოსადგენია, როგორი განცვიფრებულები შევაშტერდებოდით მას. ბოლოს ის დასკვნა გამოვიტანეთ, რომ მათ მხოლოდ ჩვენი გაფრთხილება უნდოდათ. ალბათ, ჩვეულებრივი პროგრამისგან განსხვავებით, განსაკუთრებული საარტილერიო შეტევა იყო მოსალოდნელი. მოვემზადეთ, რომ პირველივე გასროლისას ჩვენს ბომბსაფრებში გავმქრალიყავით.

მაგრამ სიტუაცია ისევ მშვიდი იყო. აბრა გაქრა. რამდენიმე წამის შემდეგ ზევით ნიჩაბმა ამოიწია, რომელზეც სიგარეტის დიდი კოლოფი იყო მიმაგრებული. ერთ-ერთმა ჩვენმა ამხანაგმა, რომელსაც ცოტათი ესმოდა ფრანგული, ტოპოგრაფიული რუკის პლანშეტს უკანა მხარეს ფეხსაცმლის საცხით მიაწერა სიტყვა "Compris!" პლანშეტი მაღლა ავწიეთ. მეორე მხარეს სიგარეტისკოლოფიანი ნიჩბის აქეთ-იქით ქნევა დაიწყეს. პასუხად ჩვენ პლანშეტი დავაქნიეთ. ამის შემდეგ თეთრი ქსოვილი ააფრიალეს.

უფროს ეფრეიტორ ბიულერს, რომელიც იმ დროს ტილებს იშორებდა, სასწრაფოდ ავაცალეთ მუხლებიდან პერანგი და პასუხად ავაფრიალეთ.

ცოტა ხნის შემდეგ მეორე მხარეს ისევ ამოსწიეს თეთრი ქსოვილი, შემდეგ ჩაფხუტი გამოჩნდა. უფრო ძლიერად დავაქნიეთ ჩვენი პერანგი და ტილები აქეთ-იქით მიმოვფანტეთ.

ბოლოს ხელი გამოჩნდა ზევით აწეული პაკეტით. შემდეგ კი მავთულხლართში ნელა გამოძვრა კაცი, ხელებსა და მუხლებზე მოხოხავდა ჩვენკენ, დროდადრო ცხვირსახოცს გვიქნევდა და აღელვებული იცინოდა. ნეიტრალური ზონის დაახლოებით შუაში შეჩერდა და პაკეტი ძირს დადო. რამდენჯერმე მიგვითითა მასზე, იცინოდა, თავს აქნევდა, მერე კი უკან გახოხდა.

ამ სანახაობამ უჩვეულოდ აგვაღელვა. თითქმის ბავშვურმა გრძნობამ აგვიტაცა, გაგვეკეთებინა რაღაც აკრძალული, ვინმე გაგვემასხარავებინა. რა თქმა უნდა, ამას ემატებოდა ძლიერი სურვილი, ხელში ჩაგვეგდო ჩვენ წინ დადებული კარგი რაღაცები. მსუბუქად დაგვიარა თავისუფლების, სიკვდილის მთელ მექანიზმზე ტრიუმფის სიომ. იგივე გრძნობა მქონდა მაშინაც, როცა ტყვეებს შორის ვიყავი, და ჩემს გონებაში შემოიჭრა რაღაც ადამიანური, რომელმაც დაამარცხა წარმოდგენა "მტრის" შესახებ. მინდოდა, ამ ტრიუმფში ჩემი წვლილი შემეტანა.

სასწრაფოდ მოვძებნეთ რამდენიმე საჩუქარი, სრულიად უბადრუკი ნივთები, რადგან ჩვენ ბევრად ნაკლები სასაჩუქრე რაღაცები გვქონდა, ვიდრე ჩვენს ამხანაგებს ფრონტის მეორე მხარეს. შემდეგ პერანგით კვლავ მივეცით სიგნალი და მაშინვე მივიღეთ პასუხი. ნელა წამოვიწიე, თავი და მხრები უკვე ბომბსაფრის ზემოთ მქონდა. ნამდვილად საშინელი წუთი იყო, ბრუსტვერის თავზე ასე დაუცველი, სამიზნესავით რომ ვიდექი.

შემდეგ პირდაპირ გავხოხდი. ახლა კი აზრები სრულიად შემეცვალა, თითქოს უკან გადაახვიესო. ამ უცნაურმა სიტუაციამ დამატყვევა. ვგრძნობდი, როგორ იზრდებოდა ჩემში სიხარულის ძლიერი გრძნობა, თითქოს გადმოსვლას აპირებსო. ბედნიერი, სიცილით მარჯვედ მივრბოდი ოთხზე. და განვიცადე მშვიდობის საუცხოო წამი - ცალკეული ადამიანის, პირადი მშვიდობისა, მშვიდობისა მთელ სამყაროში, მხოლოდ ჩემთვის დამყარებული მშვიდობისა.

ჩვენი ნივთები დავაწყვე, სხვები ავიღე და უკან გავხოხდი. და იმ წამს დაიმსხვრა მშვიდობის შეგრძნება. ისევ ცხადად ვგრძნობდი, თუ როგორ იყო ასობით ავტომატის ლულა ჩემი ზურგისკენ მომართული. საშინელმა შიშმა შემიპყრო, ოფლი წურწურით ჩამომდიოდა შუბლზე. თუმცა სანგარს მშვიდობით მივაღწიე და სუნთქვაშეკრული დავწექი.

მეორე დღეს უკვე საკმაოდ მივეჩვიეთ სიტუაციას, თანდათანობით კი საქმე გავამარტივეთ. ერთმანეთის შემდეგ კი არ გავდიოდით, არამედ ორივე მხრიდან ერთდროულად ვძვრებოდით ხოლმე სანგრებიდან. აშვებული ძაღლებივით მივხოხავდით ერთმანეთის შესახვედრად და საჩუქრებს ვცვლიდით.

როდესაც ერთმანეთს პირველად შევხედეთ სახეში, მხოლოდ მორიდებულად გავიღიმეთ. ის ამხანაგი ჩემსავით ახალგაზრდა ბიჭი იყო, ასე ოცი წლისა. სახეზე ეტყობოდა, როგორ მოსწონდა ეს წამოწყება. Bonjour, camerade!, მითხრა მან. ისე გავოგნდი, რომ ვუპასუხე Bonjour, bonjour, ორჯერ, სამჯერ გავიმეორე იგივე, თავი დავუქნიე და სწრაფად შემოვბრუნდი.

შეხვედრისათვის განსაზღვრული დრო გვქონდა დათქმული. წინასწარ სიგნალის მიცემა აღარ გვჭირდებდა, რადგან ორივე მხარე ვიცავდით ამ დაუწერელ სამშვიდობო ხელშეკრულებას. ერთი საათის შემდეგ კი ჩვეულებრივ ისევ ვესროდით ერთმანეთს. ერთხელ იმ ამხანაგმა ჭოჭმანით გამომიწოდა ხელი და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. ეს ისეთი უცნაური იყო!

იმ დროს ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც ხდებოდა მსგავსი შემთხვევები. შტაბის ხელმძღვანელობასაც მიუვიდა ხმები ამის შესახებ და ბრძანება გამოსცეს, რომლის მიხედვითაც, მსგავსი რამ კატეგორიულად იკრძალებოდა, რადგან, ზოგიერთ შემთხვევაში ამან ყოველდღიურ საომარ მოქმედებებზე მოახდინა გავლენა. თუმცა ეს ჩვენ ხელს არ გვიშლიდა.

ერთ დღეს ფრონტზე მაიორი ჩამოვიდა და პირადად ჩაგვიტარა ლექცია. ძალიან მონდომებული და ენერგიული იყო და გვითხრა, რომ საღამომდე ფრონტზე დარჩენას აპირებდა. საუბედუროდ, იმ ადგილთან ახლოს დაბინავდა, საიდანაც გავდიოდით, და იარაღიც კი მოითხოვა. ძალიან ახალგაზრდა მაიორი იყო, საგმირო საქმეებისთვის მოწოდებული.

არ ვიცოდით, რა გვექნა. იმის შესაძლებლობა არ იყო, რომ ჩვენი იქაური ამხანაგებისათვის ნიშანი მიგვეცა. გარდა ამისა, ვფიქრობდით, რომ მტერთან საქმის დაჭერის გამო ადგილზე დაგვხვრეტდნენ. ჩემი საათის წუთების ისარი ნელა მოძრაობდა წინ. არაფერი ხდებოდა და საქმეს თითქოს ისეთი პირი უჩანდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდებოდა.

ცხადია, მაიორმა მხოლოდ ზოგადად იცოდა ფრონტის გასწვრივ დაძმობილების შესახებ. კონკრეტულად კი არ ეცოდინებოდა იმის შესახებ, რასაც აქ ვაკეთებდით. ნამდვილად არ გაგვიმართლა, რომ სწორედ ახლა გამოუშვეს აქ და ეს დავალება მისცეს.

ვფიქრობდი, ხომ არ მეთქვა მისთვის: "ხუთ წუთში იქითა მხრიდან ვიღაც გამოვა. არ უნდა ვესროლოთ. ის ჩვენ გვენდობა". მაგრამ ვერ გავბედე. აზრიც არ ექნებოდა. ასე რომ მოვქცეულიყავი, მაიორი შეიძლება ზუსტად ამ ადგილას დარჩენილიყო და დაეცადა. ასე კი შანსი მაინც იყო, რომ აქედან წავიდოდა. გარდა ამისა, ბიულერმა ჩამჩურჩულა, რომ ბრუსტვერის უკან გახოხდა და ავტომატით ანიშნა, სროლისას "ააცილა" (ასე ტირში მიანიშნებენ იმაზე, რომ ვერ მოარტყეს). იქითა მხრიდანაც ნიშანი მოუციათ. თითქოს მიმხვდარან, რომ გამოსვლა არ შეიძლებოდა.

საბედნიეროდ, მოღრუბლული დღე იყო. ცოტა წვიმდა და უკვე ჩამობნელდა. ჩვენი შეხვედრისთვის დათქმული დროიდან თხუთმეტი წუთი იყო გასული. ნელ-ნელა ამოვისუნთქეთ. უცებ მზერა გამიშტერდა. ენა დამიმძიმდა, წამოყვირება მინდოდა და არ შემეძლო. შეძრწუნებისგან გაშეშებული ვხედავდი, როგორ გამოჩნდა ნელა ხელი, შემდეგ კი სხეული, ბიულერი ბრუსტვერის გასწვრივ დარბოდა და სასოწარკვეთილი ცდილობდა გამაფრთხილებელი ნიშნის მიცემას. მაგრამ მეტისმეტად გვიან იყო. მაიორმა უკვე გაისროლა. გაისმა სუსტი ხმით წამოყვირება და სხეული უკან ჩაეშვა.

ერთი წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ღრიალი გავიგეთ და ძლიერი ცეცხლი ატყდა.

- ისვრიან! თავს გვესხმიან! - იყვირა მაიორმა.

პასუხად ჩვენც გავხსენით ცეცხლი. გიჟებივით ვტენიდით ავტომატებს და ვისროდით, ვტენიდით და ვისროდით, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საშინელი წუთები გადაგვეგორებინა. მთელი ფრონტი ამოძრავდა, ქვემეხებიც ჩართეს და ასე გაგრძელდა მთელი ღამე. დილისთვის თორმეტი კაცი დავკარგეთ, მათ შორის მაიორი და ბიულერი.

ამის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები წესდების შესაბამისად განახლდა. სიგარეტებს აღარ ვგზავნიდით აქეთ-იქით. დანაკარგის რაოდენობაც გაიზარდა. მას შემდეგ ბევრი რამ გადამხდა. ბევრი ჯარისკაცის სიკვდილი ვნახე. მეც არაერთი მოვკალი. სასტიკი და გულქვა გავხდი. წლები გავიდა, მაგრამ მთელი ეს პერიოდი ვერ ვბედავდი, გამეხსენებინა სუსტი ხმით წამოყვირება წვიმაში.

ერიხ მარია რემარკი

ახალგაზრდა მასწავლებელიtag:www.qwelly.com,2020-04-29:6506411:Topic:14161562020-04-29T15:28:27.117Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ომგამოვლილი მასწავლებლის გულისნადები

გარეთ თავსხმა წვიმაა და ქარიშხალი ბობოქრობს. ჩემი პატარა სახლის გარშემო ღამე მძვინვარებს, ღრუბლები და ქარი გრიალით მოძრაობენ უსასრულობისკენ - ზამთრის ქარიშხალია!

ჩემს მაგიდასთან მოწითალო ლამპა ბჟუტავს. რა სიმყუდროვეა ჩემს პატარა ოთახში! ვდგები, რომ ღუმელში ტორფის რამდენიმე ნაჭერი დავამატო. ქარი საკვამურში უბერავს…

ომგამოვლილი მასწავლებლის გულისნადები

გარეთ თავსხმა წვიმაა და ქარიშხალი ბობოქრობს. ჩემი პატარა სახლის გარშემო ღამე მძვინვარებს, ღრუბლები და ქარი გრიალით მოძრაობენ უსასრულობისკენ - ზამთრის ქარიშხალია!

ჩემს მაგიდასთან მოწითალო ლამპა ბჟუტავს. რა სიმყუდროვეა ჩემს პატარა ოთახში! ვდგები, რომ ღუმელში ტორფის რამდენიმე ნაჭერი დავამატო. ქარი საკვამურში უბერავს და ღუმლის კარიდან ნაპერწკლებს ყრის. უნებურად ორი წლის წინანდელი ღამეები მახსენდება, როდესაც ფლანდრიის წვიმა ჩვენს ბომბსაფრებში ჩამოდიოდა და ჭურვების ხმა ქარიშხლისას ახშობდა. მთელი ღამეები მიწაში, სანგრებში ვიყავით ჩაფლული, გულში სამშობლოზე ვოცნებობდით, ხელებში იარაღი და ხელყუმბარები გვქონდა ჩაბღუჯული. ზამთრის ღამის ქარიშხალი შიშს გვგვრიდა, შეძრწუნებისაგან სუნთქვა გვეკვროდა. ჩვენდა უნებურად ხატოვნად წარმოგვიდგებოდა აზრები სიკვდილის შესახებ. ეს საშინელი იდუმალი გრძნობა, რომელიც ვეფხვის კლანჭებით, კატასავით ფეხაკრეფით გვეპარებოდა, ნერვებს გვაწყვეტდა - საშინელი შიში ომის წინაშე!

მოგონებებში ჩაძირულს ზურგში მსუბუქი სიგრილე მივლის. თითქმის ნაზად ვუსვამ ხელს ძველ, გაცვეთილ, სხვადასხვაფრად მოხატულ ფოლადის ჩაფხუტს, რომელიც წიგნების თაროს ამძიმებს.

თანდათან მახსენდება ერთი წლის წინანდელი ქარიშხლიანი ღამეები...

თეთრი საწოლები ნათელ დარბაზებში, გვერდიგვერდ ჩამწკრივებული საწოლები, თაბაშირი, გორგოლაჭებიანი საკაცეები, ბინტები, თეთრი ფიგურები, რომლებიც აქეთ-იქით მიიჩქარიან. ლაზარეთი. მუდმივი ყრუ ტკივილი მუხლში, მკლავსა ან თავში, ნაოპერაციები ჭრილობების გაუთავებელი პულსაცია და ფეთქვა. ოჰ, ტანჯვაში გატარებული უძილო ღამეები, სიბნელეში რომ არ მთავრდებიან, ტვინის მბურღავი ბობოქარი ბრძოლა, ტკივილები, ტკივილები, ტკივილები, რამდენ ხანს გრძელდებოდა? ლოდინი, რომ ტანჯვა შეგიმსუბუქდებოდა, დროდადრო ტკივილისგან მოულოდნელი წამოყვირება და ზარის მკვეთრი ხმა... ზამთრის ქარიშხალი ტკივილებით სავსე შენობის გარშემო წუოდა და დარაბებსა და ფანჯრებს აწყდებოდა...

ახლა ჩემს საყვარელ, წყნარ სტეპში ვარ. რამდენიმე თვეა, სოფლის სკოლის მასწავლებელი ვარ. თავიდან ვფიქრობდი, რომ აქ ვერ ვიცხოვრებდი, ქალაქისა და ხმაურისგან ასე შორს, თეატრების, კონცერტებისა და კოლეგების გარეშე. მეგონა, სულიერად დავიმშეოდი და ჩემი პროფესია ვერ შემივსებდა ცხოვრებას. უკვე შიშით ვფიქრობდი ზამთრის გრძელ საღამოებზე დაცარიელებულ სოფელში.

რა სხვაგვარად მოხდა ყველაფერი! უკვე მიყვარს ასეთი ჩუმი მარტოობა სტეპში! აქ ყველაფერი უფრო სიღრმისეული და ლამაზია, ვიდრე ქალაქში. აზრები უწინდელივით სწრაფად აღარ მომდის თავში, ისინი ჩქარი ნაბიჯებით აღარ მესხმიან თავს. პირიქით, აზრები მშვიდად და ჩუმად მოაბიჯებენ, მიღიმიან და მესალმებიან. ვხედავ, რომ ეს ჩემი აზრები მოემართებიან ჩემკენ. რა კარგია ეს ყველაფერი! საკუთარ თავს ყურს ვუგდებ და სულიერ ზრდას ვგრძნობ. კვლავ სიამოვნებით ვეკიდები პატარ-პატარა საქმეებს, რომლებსაც ადრე ამპარტავნულად ვარიდებდი თავს. აქ იმას ვპოულობ, რისკენაც ადრე ამაოდ მივილტვოდი - ღმერთთან ჰარმონიას!

აქ, მარტოობაში ისევ შემიძლია დავფიქრდე საკუთარ თავზე. ყველაფერი ხომ თავისებურად ლამაზია... ადრე ჩემთვის სამუშაო, განსაკუთრებით კი, საკირკიტო სამუშაო ტანჯვას წარმოადგენდა. ახლა ვგრძნობ, რომ მუშაობა შეიძლება დღესასწაული იყოს.

ჯერ კი მენატრება ხალხი და მჩქეფარე ცხოვრება, მსურს ჭაღებით გაჩახჩახებულ დარბაზებში ჯდომა, სისხლში გამჯდარი მსუბუქი საცეკვაო მუსიკის მოსმენა, მაგრამ როდესაც ჩემი კლასის წინ ვდგავარ და ამ, ჩემკენ მოპყრობილ, ჩემდამი რწმენით სავსე, მიმნდობ სახეებს ვუყურებ, ყველაფერი მავიწყდება და თავი მთესველი მგონია, რომელიც თავის თესლს სერიოზულად და აუჩქარებლად აბნევს ნიადაგში. ცხოვრების მთესველი! ლამაზი სახელია მასწავლებლისათვის!

ახლა ჩემი აზრები ისევ ჩემს სახლს უკავშირდება. წვიმის მონოტონური წკაპაწკუპი ისმის. გარედან შიგადაშიგ ძაღლის ყეფის ხმა აღწევს, ვიღაც მძიმე ნაბიჯებით მოდის, ეს ხმაც მალევე მიჩუმდება. ჩემი ძაღლი ჩემს ფეხებთან ღრენას იწყებს, შემდეგ წამოიყეფებს, წამოიმართება და თავს მაგიდის კიდეზე ჩამოდებს, ლამპაში იყურება, შემდეგ მუხლებზე მადებს თავს და ერთგული თვალებით შემომცქერის. ვეფერები.

ჩემ წინ ყავისფერი რვეულები დევს - ბევრი რვეული. ისინი წითელ მელანს ელოდებიან, რომელსაც გააფრთებული ბრძოლა მოუწევს ურჩ შეცდომებთან. როდესაც რვეულების დასტას ვუყურებ, სათუთი გრძნობა მიპყრობს. ამ რვეულების, ამ დამახასიათებელი შეცდომების, ამ მოუქნელი ასოების ცქერისას თვალწინ ურჩი ბიჭუნას, მორცხვი გოგონას სახეები წარმომიდგება, იმ პატარა საყვარელი ადამიანებისა, რომლებიც დილაობით გაოცებული, დიდი თვალებით მიყურებენ და საოცრად სჯერათ ჩემი. ერთი ღიმილი, ჩემი ტკბილი სიტყვა, თბილი შეხედვა მთელ დღეს ულამაზებს მათ.როდესაც ამაზე ვფიქრობ, ძალიან მენატრება ბავშვობა. ყურში ჩუმად ჩამესმის ბრამსის სიმღერის საუცხოო სევდიანი ფრაზა და ჰაეროვანი აკომპანემენტი:

„ეჰ, ნეტავ ვიცოდე უკან დასაბრუნებელი გზა,

გზა ბავშვური სამყაროსკენ...“

ჩაფიქრებული ვფურცლავ რვეულებს.

მათი თვალიერებისას ცოტათი მეღიმება.

აი, ექვსი წლის გრაველი! "ით"-ს "ტ"-თი წერს, სამაგიეროდ, სწორად წერს სიტყვას "ცხენი". ის ცხენების მოყვარულია, მთელ დღეებს საჯინიბოებსა და მდელოებზე ატარებს და სოფლის ყველა ცხენის დეტალური აღწერა შეუძლია. ზუსტად იცის მათი ყველა ლაქა, ყოველი თეთრი ნიშანი. იცის, როდის აკრავენ ცხენებს ნალებს, და რა შეუძლია თითოეულ მათგანს.

აი, პატარა როზა, რომელიც თოჯინასავით ეხება ხოლმე დაფას. ყოველთვის, როცა ამბობს სიტყვას "თოჯინა," ღრმად ისუნთქავს ჰაერს და თვალები უბრწყინდება. ჰო, ჩემო გოგონა, შენს თვალებში ჯერ კიდევ თოჯინების მთელი სამყაროა. როდესაც ასეთი გაბრწყინებული მიყურებ, ჩემს სულში ისევ იღვიძებს რაღაც, წყვდიადში გამქრალი, დიდი ხნის წინ მივიწყებული; ჩუმად ჟღერს რაღაც ძველი, გარდასული, დაკარგული; ახალგაზრდობის, ბედნიერი ახალგაზრდობის ზარები რეკავენ ისევ. მახსენდება ყაჩაღობანა და თევზის ჭერა, ჩიკორი და ხეებზე ძრომიალი. მაშინ კი ვხვდები, რომ თოჯინაზე საუბრის შემდეგ შეიძლება, ცოტა ხანი უყურადღებოდ იჯდე და ვეღარაფერს აღიქვამდე, რაც შენ გარშემო ხდება.

იქ კი პატარა მენგერია, რომელსაც ყველაზე დიდი ბუტერბროდები და კარნახში ყველაზე უხეში შეცდომები აქვს. მის თემების რვეულს, რა თქმა უნდა, ისევ ბეჭედი აქვს დასმული - ცხიმის ლაქები.

აი, პატარა რუპენი, ყოველთვის მორცხვად რომ მიყურებდა და როცა რამეს შევეკითხებოდი, მაშინვე ტირილს იწყებდა. ახლა ნორჩი ვარდივით ყვავის. მისი მეოცნებე სული ჭუპრიდან გამომძვრალ პეპელასავით ვითარდება. ახლა თავისი წკრიალა ხმით მხიარულად ამბობს სხვა ბავშვებთან ერთად, რომ: 1-ს რომ 1 მივუმატოთ - 2-ია, 2-ს რომ 1 - 3, 3-ს რომ 1 - 4 და ა.შ. ან როდესაც სახუმარო სიმღერას "რა" ვმღერით, რომ ჩვენს მდელოზე რაღაც დადის, ბაყაყებს - ყლაპ, ყლუპ, ყლაპ - იჭერს, წითელი მაღალი წინდები და შავ-თეთრი ქვედაკაბა აცვია.

ჰო, შემდეგ მზერას მაგიდას ვაპყრობ. იქ ქალაქიდან ჩამოსული ჟურნალები აწყვია. წიგნები - წითელი, ყვითელი, მწვანე წიგნები, ლექსები, რომანები, რაც ჩაგაფიქრებს.

გარეთ წვიმა ხმაურობს...

ქარიშხალი ბობოქრობს...

ჩემს საყვარელ ოთახში კი სიჩუმე და სიმშვიდეა.

ფიქრებში ვიძირები.

ადრე მჯეროდა, რომ ცხოვრება წარმოუდგენლად, შეუძლებლად, უზომოდ დიდი უნდა ყოფილიყო, ახლა კი ვხედავ - სულ ცოტაა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანის ცხოვრება სიხარულით აღსავსე, მშვიდი და სასარგებლო გახადო. იმაზე მეტიც კი არა, რა ფართობსაც ჩემი ლამპის შუქი ანათებს.

ვაგრძელებ ოცნებას, ბავშვებზე, სამშობლოზე, ერთგულებაზე, ვიდრე კარი გაიღება და ორჯერ უშედეგო დაკაკუნების შემდეგ ჩემი ძვირფასი მზარეული, შომაკერების დედა, ვახშმით ხელში შემოვა და ისევ რეალობაში დამაბრუნებს.

ერიხ მარია რემარკი