Qwelly, art, iconography, ავგაროზი, ეზეკიელი, ეკლესია, ესაია, თელოვანი, მოხატულობა, სვანეთი, ტაძრის, ხატწერა, ხელოვნება, ჯვარიპატიოსანი

      ე.წ. "გარდამავალი ხანა" საქართველოში შემოქმედებითი ძიებების ხანადაა ცნობილი. VIII-IXსაუკუნეების ისტორიულმა ვითარებამ არაბეთის მომძლავრება და ბიზანტიაში მიმდინარე ბრძოლამ ხატმებრძოლეთა და ხათთაყვანისმცემელთა შორის საქართვლო ერთგვარად მოსწყვიტა ბიზანტიას. ამ პერიოდში იქმნება გურჯაანის, ვაჩნაძიანის ყველაწმინდა, თელოვანი თუ კაბენი, არმაზი, წირქოლი, და სხვა ღირშესანიშნავი არქიტექტურული ძეგლები, რომლებზეც შემოქმედებითი ძიების პროცესია არეკლილი. გამომსახველობითი ენის ძიების ნათელი მაგალთია ამ ეპოქის ქართული კედლის მხატვრობის ძეგლებიც.

      ადრეული შუასაუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობა ქვეყნის ტერიტორიის სამ ძირითად რეგიონს მოიცავს. ორ მათგანში – სვანეთსა და დავით გარეჯში, ადგილობრივი სკოლის ჩამოყალიბება დაახლოებით IX-X საუკუნეებში იწყება, ქართლში კი თუმცაღა კედლის მხატვრობის ნიმუშები ძლიერ ფრაგმენტული სახითაა შემორჩენილი, მათი ადრეულობა და შესრულების მაღალი დონე ეჭვს არ იწვევს. ამ უკანასკნელთაგან თელოვანის ჯვარიპატიოსანის VIII საუკუნით დათარიღებული ტაძრის საკურთხევლის მოხატულობის I ფენა, რომელიც IX ს-ის დასაწყისით თარიღდება, კედლის მხატვრობის ერთ-ერთი უადრესი და უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. X საუკუნეში თელოვანის ჯვარიპატიოსანის ტაძრის მთელი ინტერიერი მოიხატა ხატის მსგავსი გამოსახულებებით, XVI საუკუნეში კი როდესაც ტაძარი ადგილობრივ მმართველთა რატიშვილთა საძვალედ იქცა, მთელი ძველი მოხატულობა ახალი ბათქაშით დაფარეს. 1980 წლისათვის ინტერიერში ბათქაშის ჩამოშლის შემდეგ გამოჩნდა საკურთხევლის სარკმლის თავზე მოთავსებული კომპოზიცია - ოთხი მოციქულის ფიგურით ფლანკირებული მედალიონში ჩაწერილი ქრისტეს გამოსახულება.

      1989 წელს გადაწყდა მოეხსნათ საკურთხევლის ბათქაშის მეორე ფენა, რამაც შესაძლებელი გახადა მრავალი ახალი საინტერესო დეტალის გამოჩენა და საკურთხევლი აფსიდის მოხატულობის პროგრამის მეტნაკლებად აღდგენა:

      აფსიდის კონქში მთავსებულია ტახტზე მჯდომარე ქრისტე მანდორლის გარეშე, გვერდზე მლოცველი ანგელოზებით. სტილიზებული ფოთლებით შექმნილი ორნამენტული სალტე და ფერადი მოჩარჩოება გარს ერტყმის კომპოზიციას და გამოჰყოფს ქვედა რეგისტრის გამოსახულებისაგან. გამოსახულება ძლიერ დაზიანებული სახითაა მოღწეული. კონქის ქვემოთ, მეორე რეგისტრში საკურთხევლი აფსიდის სარკმლის ორსავე მხარეს, გამოსახულნი იყვნენ მოციქულები. თორმეტთაგან დღესდღეისობით განირჩევა წმ. პეტრე და წმ. ანდრია მარჯვნივ, ხოლო წმ. პავლე და წმ. ბართლომე მარცხნივ. ფიგურებს ახლავს ასომთავრული წარწერები. დანარჩენი ფიგურებიდან მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტები და შარავანდედებიღა განირჩევა. მოციქულებს შორის, სარკმლის თავზე მოთავსებულია ქრისტეს გამოსახულება მედალიონში. მედალიონი ქრისტეს ფიგურისათვის ერთგვარი შარავანდედის ფუნქციასაც ასრულებს, იქვეა ასომთავრული წარწერა – "წმინდაი პირი ღვთისაი".

      წმ. ანდრიას ფიგურის თანმხლები წარწერის თავზე მოცემულია სხვა შედარებით მცირე ზომის ასოებით დაწერილი წარწერის ნაშთი: "დ…… მოიხსენეთ". სავარაუდოდ, ეს მხატვრის სახელი უნდა იყოს.

      კომპოზიციის ნათელ ფონზე მოცემულია ვარსკვლავების გამოსახულება. ქვედა რეგისტრი სქელი ზოლითაა გამოყოფილი, ქვემოთ კი სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული ჯვრებია გამოსახული.

      თელოვანის ტაძრის საკურთხევლის მოხატულობის პროგრამა: ქრისტეს დიდება საკურთხევლის კომპოზიციის ერთ-ერთი უადრესი და საკმაოდ გავრცელებული პროგრამაა მთელს აღმოსავლეთ ქრისტიანულ ხელოვნებაში. სირიის, პალესტინის, მესოპოტამიის და კოპტური ეგვიპტის ძეგლების გვერდით შეიძლება მოვიხსენიოთ ქართული ადრეული მოხატულობები, მოყოლებული წრომიდან (626-634წწ). ხშირად ქრისტეს დიდების სცენის გართულება წინასწარმეტყველთა (ისაიას, იეზეკიელის და იოანეს) ხილვების ელემენტების დამატებითაც ხდებოდა. შემორჩენილი ძეგლთა მოხატულობის პროგრამათაგან არც ერთი არ მისდევს რომელიმე კონკრეტული წინასწარმეტყველის (ისაიას, იეზეკიელის ან იოანეს) ხილვას – ყველა მათგანიდან ცალკეული ელემენტებია შეკრებილი. სავარაუდოა, რომ მათი სინთეზის მიზეზი იმ პერიოდში გავრცელებული ის ლიტურგია უნდა ყოფილიყო, რომელშიც სწორედ ასეთი სახით იყო შერწყმული ზემოხსენებული ხილვები, ამის გამო ქრისტეს დიდების ასეთი ვერსია "ლიტურგიული მაესტას" სახელითაც მოიხსენიება. საკურთხეველში ქრისტეს დიდების კომპოზიციებს ვხვდებით გარეჯის ადრეულ მოხატულობებში, სვანეთის და ტაო-კლარჯეთის ძეგლებში. მიუხედავად იმისა, რომ თელოვანის აფსიდის კონქის მოხატულობა ძლიერაა დაზიანებული, ძნელად სავარაუდოა, აქ ქრისტეს და ანგელოზების გარდა სხვა გამოსახულებებიც ყოფილიყო მოცემული - კომპოზიცია ისეა განთავსებული, რომ მათთვის უბრალოდ ადგილი აღარ რჩება. თელოვანის მოხატულობაში ქრისტეს ფიგურის გარშემო მანდორლის არარსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იკონოგრაფიული დეტალია. ეს განასხვავებს ძეგლს ბიზანტიური მოხატულობებისაგან და ამასთანავე ხაზს უსვამს იმ ტრადიციასთან კავშირს, რომელიც ადრეულ შუასაუკუნეებში მტკიცედ იყო დამკვიდრებული საქართველოში. ანალოგიურ შემთხვევას (მანდორლის არარსებობას) ვხვდებით წრომის (VIIIს) აფსიდის დეკორში, შემდგომში წებელას (VII_XIIIსს.) კანკელის რელიეფზე, საბერეების # 5, 6, 7, ეკლესიების საკურთხევლის მოხატულობების პროგრამებში, ასევე ნესგუნში, აცში და ტბეთში (XIს). თელოვანის მოხატულობის პროგრამაში მეორე მნიშვნელოვანი დეტალი - მოციქულებით ფლანკირებული ქრისტეს მედალიონია. მსგავსი კომპოზიციის უადრესი ნიმუშები შემორჩენილია მემორიალურ ძეგლებზე _ სარკოფაგების სკულპტურულ მორთულობაზე, სადაც მედალიონში ჩაწერილი მაცხოვრის სახე ხშირად მოწაფეთა რიგის შუაშია მოთავსებული.

      თელოვანის საკურთხევლის ორრეგისტრიანი მოხატულობის პროგრამა შეიძლება თეოფანიის ორიგინალურ ნიმუშად მივიჩნიოთ - ღვთისმშობლის ტრადიციული ფიგურა აქ წმ. მანდილიონის გამოსახულებითაა შეცვლილი. სწორედ ამიტომ ეს კომპოზიცია თავისი ხასიათით განსხვავდება ე.წ. "ისტორიული თეოფანიისაგან". ქრისტეს სახის – "ხელთუქმნელი ხატის – მანდილიონის" ჩართვა თეოფანიის კომპოზიციაში აფსიდალური პროგრამებისათვის არ არის სახასიათო. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებულ გამოსახულებას ხშირად ვხვდებით საკურთხევლის ისეთ მოხატულობებში, რომელზეც ქრისტეს დიდების ნაცვლად ვედრების - დეისუსის კომპოზიციაა მოცემული. ცნობილი კაპადოკიური და ბალკანური ძეგლების გვერდით შეიძლება დავასახელოთ ისეთი ქართული ნიმუშები, როგორიცაა: წმ. გიორგის ტაძარი წვირიმში (XII ს), მაცხოვრის ტაძარი ქალდაში (XIIს.), ოზაანის, შიომღვიმის, ზენობანის, ქობაირის (XIII ს) უბისას ტაძრები და სხვა. ძეგლთა სიმრავლე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ "წმინდაი პირი ღვთისაის" თემა საკმაოდ გავრცელებული იყო საქართველოში და მნიშვნელოვან ტრადიციებს ეფუძვნებოდა. ეს ტრადიცია საქართველოში კერამიონისა და ხელთუქმნელი ხატის (ანჩის ხატის) არსებობის ლეგენდებს უნდა უკავშირდებოდეს. ერთ-ერთის თანახმად ასურელმა მამამ – ანტონ მარტყოფელმა VI საუკუნეში ედესიდან საქართველოში ჩამოიტანა კერამიონი, რომელზეც მანდილიონი აღიბეჭდა. ამის შესახებ მოგვითხრობს "ქართლის ცხოვრება" და XVII ს. "წმ. ანტონის ცხოვრება". მეორე კი უკავშირდება გადმოცემას ანჩის ხელთუქმნელ ხატზე, რომლიც ედესიდან კონსტანტინეპოლში, ხოლო შემდეგ კი, ხატმებრძოლეობის პერიოდში, კონსტანტინეპოლიდან საქართვლოში აღმოჩნდა.

      გადმოცემის თანახმად, სირიაში მაცხოვრის ქადაგების დროს ქალაქ ედესის მმართველი იყო ავგაროზი. იგი უკურნებელ სენს შეეპყრო. ექიმებმა დავრდომილის გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. ავგაროზმა, რომლის ყურამდეც მიაღწია ხმამ იესო ქრისტეს სასწაულების შესახებ, ირწმუნა მისი, როგორც მესიისა და გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და დაეხსნა სნეულებისაგან; თან იუდეველთაგან დევნილსა და შევიწროებულს, თავის ქალაქს სთავაზობდა საცხოვრებლად. ეს ეპისტოლე ედესის მთავარმა მხატვარ ანანიას გაატანა იუდეაში და თან ქრისტეს სახის დახატვაც დაავალა. მხატვარი ჩავიდა მაცხოვართან, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო მასთან მიახლოება. მაშინ იგი შემაღლებულ ადგილას დადგა და შეეცადა, ქრისტეს სახე ქარტაზე გადაეტანა. მისი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა – არაამქვეყნიური მადლით გაბრწყინებული სახის დახატვა ვერ ხერხდებოდა. ამასობაში იესომ, რომელიც ხედავდა ანანიას მცდელობას, სახელით მოუხმო მას და ავგაროზის წერილი მოსთხოვა. მთავარის სათხოვარი რომ წაიკითხა, ქრისტემ წყალი და პირსახოცი მოატანინა, პირი დაიბანა და ოთხად გაკეცილი ტილოთი შეიმშრალა. მასზე სასწაულებრივ გამოისახა მაცხოვრის სახე. ამ ხელთუქმნელ ხატთან ერთად იესომ ავგაროზს გამოუგზავნა ეპისტოლე, რომელშიც წერდა: ნეტარ ხარ შენ, ავგაროზ, რამეთუ არა გიხილავ და გრწმენე... შენთან მოსვლას მთხოვ, მაგრამ მე იმ საქმის აღსრულება მმართებს, რომლისათვისაც მოვლენილი ვარ, შემდეგ კი ჩემს წარმომგზავნელ მამასთან უნდა დავბრუნდე. მასთან ამაღლების შემდეგ გამოგიგზავნი ჩემს ერთ–ერთ მოწაფეთაგანს, რომელიც სრულიად განგკურნავს და სიცოცხლეს მოგანიჭებს შენ და შენთან ერთად სხვებსაც. გახარებული ანანია ედისისკენ გაემართა. იერაპოლთან მას შემოაღამდა და ქალაქის განაპირას მცხოვრებ მექოთნესთან გაათენა ღამე, ხატი კი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომომწვარ კეცს შორის ჩაასვენა. შუაღამისას ხატს ცეცხლის სვეტი დაადგა, რომელმაც ქალაქის თავის ყურადღებაც მიიქცია. მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს, ხოლო როცა იგი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის სახე ზემო კეცზეც გადასულიყო. გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. VI საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ხელში მოხვდა. წმიდა ანტონ მარტყოფელმა, ათცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა, ეს დიდ სიწმინდე მწვალებელთა ხელში რომ არ დარჩენილიყო, ხატი ფარულად საქართველოში წამოაბრძანა. ცნობილია, რომ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიდან კეცზე გადასული ასლი ანტონ მარტყოფელის გარდაცვალების შემდეგ მარტყოფში ინახებოდა. მასთან მიახლოებით სასწაულებრივ განკურნებულა საქართველოს დასნეულებული მეფე დავით მე-7 ულუ(1246-1270); საქართველოს მეფის, გიორგი მე-7-ს (1393-1407) მეფობაში, თემურ ლენგის შემოსევებისას, გიორგი მარტოდმყოფელმა კეცი მაცხოვრის გამოსახულებით უსგულოთა შიშით ყველასთვის უცნობ ადგილას გადამალა. მოგვიანებით გიორგი მარტოდმყოფელი მოწამეობრივად აღესრულა და თან წაიღო ამ დიდი სიწმინდის ადგილსამყოფელის საიდუმლო. რაც შეეხება ხელთუქმნელი ხატის პირველ პირს, იგი ანანიამ ედესაში ჩაასვენა. ავგაროზმა, რომელიც უკვე ექვსი წელი იყო, რაც საწოლს მიჯაჭვოდა, სიხარულით მიიღო მაცხოვრის წერილი და ხატი და იმავ წამს ტკივილისგან განთავისუფლდა, მაგრამ მის სახეზე კეთრის კვალი მაინც დარჩა უფლისაგან აღთმული მოწაფის, სამოცდაათდაგანი მოციქულის, თადეოზის ჩასვლამდე., რომელმაც სახარება უქადაგა და ნათელსცა ქალაქის მმართველსაც და მთელ მის სახლეულსაც. ავგაროზმა ხელთუქმნელი ხატი ფიცარზე დააკვრევინა, ზედ წააწერა: "ქრისტე ღმერთო, ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს შენი, არასადა რცხუენეს". შეამკო იგი და ქალაქის ბჭეებს ზემოთ გამოკვეთილ ნიშში დააბრძანა, იქ, სადაც უწინ კერპი იდგა. მრავალი წლის მანძილზე ედესაში არსებობდა წმიდა ჩვეულება, რომ ქალაქში ყოველ შემსვლელსა და გამომსვლელს თაყვანი ეცა ამ დიდი სიწმინდისათვის; მაგრამ შემდგომ ავგაროზის ერთ–ერთმა კერპთმსახურებაში ჩავარდნილმა შვილთაშვილმა გადაწყვიტა, ჩამოეხსნა ხატი და მის ნაცვლად კვლავ ცრუღმერთის ქანდაკი აღემართა. ამ განზრახვის შესახებ უფალმა წინასწარ განუცხადა ედესის ეპისკოპოსს, რომელიც ღამით თავის მღვდელმსახურთა დასთან ერთად მივიდა კარიბჭესთან, ხატის წინ კანდელი დაანთო და ნიში თიხის ფირფიტითა და აგურებით ამოაშენა.

      გადმოცემით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთა სწორი წმ. ნინოც მისულა გაიანესთან და რიფსიმესთან ერთად.გავიდა მრავალი წელი. ქალაქის მაცხოვრებლებმა სრულებით დაკარგეს ღვთის შიში, ისიც გადაავიწყდათ, თუ რა სიწმინდის მფლობელები იყვნენ.539 წლის სხვა ცნობით 545 წელს სპარსთა მეფე ხოსრო თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით მოადგა ედესას. ქალაქის მდგომარეობა უიმედო ჩანდა. სწორედ ამ დროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ეპისკოპოს ევლავიოსს და უბრძანა, ამოქოლილი ნიშიდან გამოესვენებინა ხატი, რომელიც მათ გადაარჩენდა. მღვდელთმთავარმა ხილვაში მინიშნებულ ადგილას კედელი გამოარღვია და სიწმინდე გამოასვენა. მის წინ კვლავ ენთო კანდელი, თიხის ფირფიტაზე კი სხვა, ხელთუქმნელი ხატის მსგავსი გამოსახულება გაჩენილიყო. ლოცვისა შემდეგ მტრის ბანაკში არეულობა გაჩნდა და ხოსრო იძულებული გახდა, მეომრებისათვის უკან დახევა ებრძანებინა. 630 წელს ედესა უკვე არაბებმა დაიპყრეს. ისინი ხელს არ უშლიდნენ ხელთუქმნელი ხატის თაყვანისცემას, რომლის დიდებაც უკვე მთელს აღმოსავლეთს მოედო. 944 წელს იმპერატორმა კონსტანტინე მე-7 პორფიროგენეტმა (912 -959) გადაწყვიტა, სიწმინდე მართლმადიდებლური სამყაროს მაშინდელ ცენტრში – კონსტანტინეპოლში გადაესვენებინა. ედესის ამირა დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს ორასი სარკინოზი ტყვის განთავისუფლების, 12 ათასი ვერცხლის მონეტისა და ედესაზე თავდაუსხმელობის პირობის საზღაურად დათმო ხელთუქმნელი ხატი და ავგაროზისადმი მიწერილი წერილი, რომლებიც 944 წლის 16 აგვისტოს სამღვდელოებამ დიდი პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში. ერთი ცნობით, იგი წმიდა სოფიას ტაძარში დააბრძანეს, სხვა წყაროთა მოწმობით კი – ფაროსის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. მაცხოვრის ხატი კონსტანტილოპოლში მე-13 საუკუნის დამდეგამდე ინახებოდა. ამ პერიოდისათვის ტილო- ხელთუქმნელი ხატი მოაშორეს ფიცარს, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება სასწაულებრივად იყო გადასული. მე-13 საუკუნის დასაწყისში კონსტანტილოპოლში მწვავე პოლიტიკური ვითარება 1204 წელს კონსტანტილოპოლი ევროპელმა ჯვაროსნებმა აიღეს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ამ ხანებში ტილო მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატით ვენეციის დოჟს, დონდოლოს გადაეცა. ამ უკანასკნელმა სიწმინდე ვენეციაში გააგზავნა გემით, რომელიც მარმარილოს ზღვაში ჩაიძირა. სხვა მოსაზრებით, შესაძლებელია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი იმ სიწმინდეთა შორის მოხვდა, რომელიც საფრანგეთის მეფემ, ლუი მე-9 კონსტატინოპოლში შეიძინა და პარიზში წაიღო. რაც შეეხება ფიცარს, რომელზეც ხელთუქმნელი ხატი იყო დაკრული და რომელზეც გამოსახულება სასწაულებრივ გადავიდა; იმ მიზნით, რომ ეს უდიდესი სიწმიდე მართლმადიდებლურ სამყაროს როგორმე შეენარჩუნებინა, იგი კონსტანტინოპოლიდან საქართველოში, კერძოდ, მთიან კლარჯეთში გადაასვენეს და ანჩის საყდარში დააბრძანეს.

      ამ პერიოდიდან ხელთუქმნელ ხატს ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში მას პირი ღვთის ხატსაც უწოდებდნენ. ანჩელმა მთავარეპისკოპოსმა იოანემ თამარ მეფეს ხელთუქმნელი ხატის ძვირფასი თვლებით შემკობის ნებართვა სთხოვა. ხატი დიდი ხელოვნებით მოჭედა სახელოვანმა ოქრომჭედელმა ბექა ოპიზარმა, ხოლო იოანე ანჩელმა კლარჯეთში შემობრძანებულ ამ უდიდეს სიწმინდეს საგალობელი მიუძღვნა. ანჩში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად საქართველოს ყოველი კუთხიდან მიდიოდნენ ქართველი ერის ყველა ფენისა და წოდების წარმომადგენლები. 1453 წელს კონსტანტინოპოლი ოსმალთა ხელში გადავიდა. ამის შემდეგ უსჯულოებმა საქართველოს სამხრეთ პროვინციებსაც შემოუტიეს. ამ დროს ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ახალციხეში გადაუსვენებიათ, საიდანაც იგი ჯერ სოფელ ჭალაში მოხვდა, იოთამ ამილახვარის ოჯახში, შემდეგ კი – თბილისში ჩამოაბრძანეს და საკათალიკოსო ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ამის შემდეგ საკათედრო ტაძარსაც, რომელიც მე-7 საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე იქნა აგებული, ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ანჩისხატი სახელმწიფო მუზეუმში გადაასვენეს, სადაც იგი დღესაც ოქროს საცავშია დაბრძანებული.

      ზემოთხსენებული ორი ლეგენდა ერთმანეთთანაა შერწყმული. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართულ საეკლესიო ტრადიციაში მანდილიონის დღესასწაული – 16 აგვისტო – ერთის მხრივ ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს, მეორეს მხრივ კი ანჩისხატის დღესასწაულს ემთხვევა. "წმინდაი პირი ღვთისაის" თემის პოპულარობაზე მეტყველებს ქართულ კოდექსთა მინიატურები, რომლებშიც ხშირად ვხვდებით ავგაროზის ლეგენდასთან დაკავშირებული აპოკრიფის ილუსტრაციებს: ალავერდის (1054), გელათის (XII) ხელნაწერები და სხვა. მრავალად გვხვდება მანდილიონისადმი მიძღვნილი ჰიმნებიც. ყოველივე ეს საბოლოო ჯამში საკმაოდ ნათელ სურათს ქმნის და ხაზს უსვამს მანდილიონის გამოსახულების ეროვნულ ტრადიციებთან კავშირს და გარკვეუწილად ხსნის მის ფართო გავრცელებას ადრეული ხანის ქართულ ხელოვნებაში. თელოვანის ჯვარიპატიოსანის ტაძრის საკურთხეველში მანდილიონის გამოსახვას სხვა დამატებითი მიზეზებიც შეიძლება ჰქონოდა: ამ პერიოდში ბიზანტიაში ხატმებრძოლეთა და ხატთაყვანისმცემელთა შორის მიმდინარე მწვავე თეოლოგიური დავისას ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის არსებობა ხატთაყვანისმცემელთათვის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი იყო. მანდილიონი მათთვის განსხეულებული ლოგოსის სიმბოლოდ აღიქმებოდა. ცნობილია, რომ საქართველოს ხატმებრძოლებობა ფაქტიურად არ შეჰხებია. აქ ხატთაყვანისცემის ტრადიციების უწყვეტი ხაზია დაფიქსირებული, თუმცა სრულიად არ არის გამორიცხული, მანდილიონის საკურთხეველში გამოსახვა გარკვეული გამოძახილიც ყოფილიყო ქვეყნის გარეთ მიმდინარე თეოლოგიური ბრძოლისა. თავად იკონოგრაფიული ტიპი მაცხოვრისა, მხრებზე ჩამოშლილი თმით, ნახევრადდაფარული შუბლითა და გრძელი წვერით ადრეულია და ისიც ხატმებრძოლეობის პერიოდზე მიუთითებს. მსგავსს სახეებს ვხვდებით ხლუდოვოს და პანტოკრატორის 61 კოდექსთა მინიატურებში. მსგავსს იკონოგრაფიულ ტიპს უფრო გვიან პერიოდშიც ვხვდებით.

      ქართულ კედლის მხატვრობაში მანდილიონი ძირითადად საკურთხეველში, ტრაპეზის თავზე, ქვედა რეგისტრში გამოისახება. ეს ძველი ედესური ლიტურგიის წესიდან გამომდინარეობდა. მანდილიონის დღესასწაულზე "წმინაი პირი ღვთისაი" გამოჰქონდათ და ტრაპეზზე ასვენებდნენ. ის ფაქტი, რომ ძირითადად, ქართულ ძეგლებში მანდილიონი ქვედა რეგისტრში ფლანკირებულია ეკლესიის მამების გამოსახულებით, კიდევ ერთხელ მიუთითებს მის უძველეს ლიტურგიასთან კავშირზე, რომელიც მთელს აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროსთან ქვეყნის აქტიური ურთიერთობის ანარეკლია. რაც შეეხება თავად თელოვანის მოხატულობას - აქ მანდილიონი ტრაპეზიდან საკმაოდ მაღლა, მესამე რეგისტრშია მოცემული. არსებობს მანდილიონის გამოსახვის აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში შედარებით გვიან გავრცელებული ტრადიციაც, რომელიც ხელთუქმნელი ხატის ტაძრის ზედა რეგისტრში მოთავსებას გულისხმობს. ასეთი არჩევანი განაპირობა იმ ლეგენდამ, რომლიც მოგვითხრობს, რომ 544 წელს მანდილიონის ედესისი კარიბჭის თავზე დაასვენეს და ამ გზით დაიცვეს თავი მტრისაგან. თელოვანის მაგალითის ამით ახსნა ძნელია, რადგან ამ შემთხვევაში მანდილიონი ძირითადად სატრიუმფო თაღზე ან შესასვლელის ტიმპანზე გამოისახებოდა. თელოვანის მოხატულობაში მანდილიონის მოთავსება ამ თემის ორიგინალურ გადაწყვეტას წარმოადგენს.

      აფსიდის მხატვრობა ჯვარიპატისანის ტაძრის მორთულობის მხოლოდ ერთი ნაწილია - რელიეფური ჯვარი გუმბათში, რომელიც შეიძლება დაფერილიც ყოფილიყო, მორთულობის სისტემის უმნიშვნელოვანესი დომინანტია. საკურთხევლისა და გუმბათის გამოსახულებათა ერთიანობა ხაზგასმულია, როგორც მხატვრული, ისე შინაარსობრივი მხარითაც. დეკორის მსგავსი ტიპი ფართოდ იყო გავრცელებული კაბადოკიის სამონასტრო ცენტრებში. თელოვანის დეკორის მთელი სქემა – რელიეფური ჯვარი გუმბათში და ორიგინალური თეოფანია საკურთხეველში იმ ტიპის პროგრამებს უახლოვდება, რომლებშიც მთავარ დომინანტს ძელიჭეშმარიტი – წმინდა ჯვრის განდიდება წარმოადგენს. ეს იკონოგრაფიული პროგრამა სანტა პუდენციანას საკურთხევლის მოზაიკიდან უნდა იღებდეს სათავეს. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ იკონოგრაფიულ პროგრამას ორგვარი ახსნა ეძებნება: პირველი მათგანი დაფუძვნებულია ე. პეტერსონის მოსაზრებაზე, რომლის აზრითაც ამ პროგრამას ესქატოლოგიური ხასიათი აქვს და ქრისტედ მეორედ მოსვლისა და უკანასკნელი სამსჯავროს იდეას ატარებს. მეორე მოსაზრებას ავითარებს ა. გრაბარი, რომლისთვისაც ზემოთხსენებულ პროგრამაში ჩადებულია გოლგოთის ჯვარზე ვნებული მაცხოვრის "სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველის" ტრიუმფის იდეა. ეს ორი განსხვავებული მოსაზრება ერთგვარად გააერთიანა ჯ. ენგემანმა, მისი აზრით ამ კომპოზიციაში ქრისტე ერთდროულად გვევლინება, როგორც მაცხოვარი და როგორც მსაჯული. თელოვანის ინტერიერის მოხატულობა ამ უკანასკნელის მოსაზრების მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ. აქ სართო იდეააა გატარებული: გუმბათის წმინდა ჯვრის ქვეშ მოთავსებული მაცხოვრის დიდების სცენა ტრიუმფალური ხასიათისაა, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს ":განსხეულებული ლოგოსის"- მანდილიონისა და სულ ქვედა რეგისტრში ორი გოლგოთის ჯვრის გამოსახულება. ჯვრის თემის მნიშვნელოვნება თელოვანის ტაძრის სკულპტურულ მორთულობაშიც ფიგურირებს: შესასვლელის ტიმპანზე მოცემულია სამი ჯვარი, აქედან შუა წრეშია ჩაწერილი. მსგავსი გამოსახულებანი ადრეულ ეტაპზევე ვრცელდება საქართველოში და იესოს და ავაზაკების ჯვარცმის სიმბოლოს წარმოადგენს. დასავლეთ შესავლელის თავზე მოცემულია რელიეფი, რომლის ცენტრში მოცემულია ჯვარი, აქეთ - იქიდან მავედრებელი ფიგურებით, ჯვრის ქვეშ კი თევზის გამოსახულებაა წარმოდგენილი. მის მარცხენა მხარეს პალმის ხეა ირმებით გარსშემორტყმული – სიცოცხლის ხის სიმბოლო, მარჯვნივ კი დანიელი ლომებთან. ჯვარცმის, აღდგომის (დანიელი ლომებთან) და სიცოცხლის ხის ანუ მარადიული ცხოვრების თემების გაერთიანება, მაცხოვრის ტრიუმფის იდეითაა გამსჭვალული, რაც ტაძრის სკულპტურულ მორთულობას ორგანულად აკავშირებს ინტერიერის მთელს სისტემასთან. ჯვრის ტრიუმფი ქართულ ადრეშუასაუკუნეების ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თემათაგანია, რაც ისევ ადგილობრივ ტრადიციას უნდა ეფუძვნებოდეს. ამ მხრივ ნიშანდობლივია მირიან მეფის ხილვის და მის მიერ სამი ჯვრის აღმართვის შესახებ არსებული ლეგენდა, რომელიც ერთგვარად მოგვაგონებს კონსტანტინე იმპერატორის ხილვის ისტორიას. ამ პარალელს ისიც ამოწმებს, რომ ქართული საეკლესიო ტრადიცია ახლადმოქცეულ ქართლში ჯვრის აღმართვის დღეს და ჯვართამაღლების დღესასწაულსერთ რიცხვში აღნიშნავს. ყოველივე ეს კი წარმართობაზე გამარჯვებისა და ქრისტიანობის ტრიუმფის იდეის მატარებელია. ჯვრის ტრიუმფის გარკვეულ "სიმბოლოდ" შეიძლება მივიჩნიოთ ამ პერიოდის არქიტექტურაში გაჩენილი "ტრიუმფალური ჯვრის" ტიპი, რომელმაც სხვა სახელგანთქმულ ძეგლებთან ერთად თხოთის მთის ტაძარიც მიეკუთვნება, იმ მთისა, რომელზეც მირიან მეფესთან დაკავშირებული სასწაული მოხდა. საბოლოოდ კი შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ თელოვანის ტაძრის ადგილას აღმართული იყო ჯვარი, რომელიც შემდგომ პერიოდში ჯვარიპატიოსანის ეკლესიით შეიცვალეს, ახლადაღმართული ტაძრის მორთულობის ერთიანი სისტემა კი ჯვრის ტრიუმფის იდეით გამსჭვალეს.

ნახვა: 1315

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters