pavle mociquli | egzegetika | pavle mociqulis epistoleebis ganmarteba | epistoleebis ganmarteba | pavleni | axali agtqma | wminda werili | წმინდა წერილი | ახალი აღთქმა | პავლე მოციქულის ეპისტოლეების განმარტება | პავლენი

ეპისტოლე რომაელთა მიმართ

ეგზეგეტიკური განხილვა

რომის ეკლესიის დაარსება და მისი წევრების შემად გენლობა.

   რომის ეკლესიის დაარსების შესახებ, რომელმაც შემდგომში ესოდენ დიდი მნიშვნელობა შეიძინა ეკლესიის ისტორიაში, არავითარი ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის აგება შეიძლება, თუმცა საკმაოდ სარწმუნო ვარაუდისა. თავად პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს, რომ ქრისტიანებს შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც მასზე ადრე ირწმუნეს ქრისტე (კერძოდ, ანდრონიკე და იუნიანი რომ. 16, 7), და რომ რომაელთა რწმენა უკვე მთელ მსოფლიოში იდიდება ("...სარწმუნოებაი ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა" რომ. 1, 8). კლიმენტის რეკოგნიციებში ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ უფალი იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს, მის შესახებ ცნობები რომამდე აღწევდა და ადგილობრივ მოსახლეობაში არამხოლოდ გაკვირვებას იწვევდა, არამედ რწმენასაც. ამაში უცხო არაფერია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ პომპეუსის მიერ იუდეას რომისადმი დამორჩილების დროიდან, (ქრისტეს ხორციელად შობამდე 63 წელი), რომში მრავალი იუდეველი დამკვიდრდა; შემდგომში, მათთვის, განსაკუთრებული კვარტალიც კი გამოიყო. ისინი დღესასწაულზე იერუსალიმში ადიოდნენ და, რა თქმა უნდა, იქიდან დაბრუნებულებს შეეძლოთ, რომში მოეყოლათ იქაური ამბები. მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს, როგორც ამას ჟამთააღმწერელი მოწმობს, ამ უდიდესი მოვლენის მოწმენი რომაელებიც გახდნენ (საქმ. 2, 10). მათ შორის, სავსებით შესაძლოა, მორწმუნენიც და ნათელღებულნიც ყოფილიყვნენ, რომლებიც, მერმედ, რომში პირველი ქრისტიანული საზოგადოების დამაარსებლები გახდნენ. ჩნდება კითხვა, საიდან და რომელი მოციქულისგან იღებს დასაბამს ამ პირველი რომაული თემის საეკლესიო იერარქია? რომის ეკლესიის გადმოცემა ამბობს, რომ რომში იყო წმინდა პეტრე მოციქული, რომელიც იქ იერუსალიმიდან ჩავიდა 43 წელს საპყრობილედან სასწაულებრივად გათავისუფლების შემდეგ და სამღვდელმთავრო მსახურებას ეწეოდა 25 წლის განმავლობაში, ვიდრე მოწამეობრივად აღესრულებოდა 67 წელს; მაგრამ ეს არ ეთანხმება ჩვენს ხელთ არსებულ სხვა მონაცემებს. არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ წმინდა პეტრე რომში არ იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც წმინდა პავლე რომაელების მიმართ ეპისტოლეს წერდა. წმინდა პეტრე მოციქული რომ იმ დროს რომში ეპისკოპოსად ყოფილიყო, მაშინ, ნუთუ, წმინდა პავლე გაკადნიერდებოდა დაემოძღვრა მისი სამწყსო? მაგრამ თუკი მაინც საჭიროდ ჩათვლიდა რომის სამწყსოსათვის ეპისტოლეთი მიემართა, მაშინ, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებდა არა წმინდა პეტრეს გვერდის ავლით, და რამე სახით მაინც მოიხსენიებდა მას თავის ეპისტოლეში. გარდა ამისა, წმინდა პავლე თავად ამბობს, რომ მას არ ჰქონდა ჩვეულება "ეშენებინა სხვის საფუძველზე" (შდრ. რომ. 15, 20) და "ექადაგა სხვის სამთავროში" (შდრ. 2 კორ. 10, 16). არ შეეცდებოდა წმინდა პავლე რომში წასვლას, იქ რომ უკვე ყოფილიყო წმინდა პეტრე; არ ყოფილა იმ დროს რომში წმინდა პეტრე, შესაბამისად არც წმინდა პავლეს პირველი ტყვეობის დამთავრებამდე. შეუძლებელია, რომ ჟამთააღმწერელს, რომელიც გადმოგვცემს წმინდა პავლეს რომში ჩასვლას და იქ მის ქადაგებას, არ ეხსენებინა, რომ იმ დროს იქ იმყოფებოდა წმინდა პეტრე მოციქული. აქედან ცხადია შემდეგი დასკვნა: წმინდა პეტრე მოციქული რომში შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ წმინდა პავლე მოციქულის პირველი ტყვეობის შემდეგ, ანუ თავის მოწამეობრივ აღსრულებამდე ცოტა ხნით ადრე. მაშ, ვინ იყო რომის ეკლესიის დამაარსებელი? უნდა ვივარაუდოთ: წმინდა პავლე მოციქულის მოწაფენი. რომაელთა მიმართ ეპისტოლეს ბოლოში, წმინდა პავლე მოციქული მოკითხვას უთვლის მთელ რიგ პირებს, როგორც ჩანს, მისთვის ძალიან ახლობელ და კარგად ნაცნობ ადამიანებს. ვინ არიან ეს პირები და როგორ შეეძლო წმინდა პავლე მოციქულს, რომელიც მანამდე რომში ნამყოფი არ იყო, გაცნობოდა მათ? ეჭვი არ არის, რომ ყველა ისინი განდევნილნი იყვნენ რომიდან იმპერატორ კლავდიოსის მიერ და გაბნეულნი საბერძნეთის, მაკედონიისა და მცირე აზიის ტერიტორიებზე, სადაც გაეცვნენ პავლე მოციქულს. მათგან ერთნი, მის მიერ იქნენ ნათელღებულნი, მეორენი მისი თანამუშაკნი გახდნენ, კლავდიოსის სიკვდილის შემდეგ კი კვლავ რომში დაბრუნდნენ და სულიერად მართავდნენ რომის საეკლესიო თემს. წმინდა პავლე მოციქული ამიტომაც ილტვოდა რომისკენ ასე სურვილანთებული, რომ მოემკო თავისი მოწაფების მიერ დათესილიდან აღმოცენებული ნაყოფი. გადმოცემა კი იმის შესახებ, თითქოს რომის ეკლესია წმინდა პეტრე მოციქულმა დაარსა, შეიძლება აიხსნას იმით, რომ რომის პირველმორწმუნეებს წარმოადგენდნენ ერგასის დღეს მოქცეული პირები, რომლებმაც მოისმინეს წმინდა პეტრე მოციქულის სიტყვა და, ბუნებრივია, იგი თავის სულიერ მამად მიაჩნდათ. ამას ისიც დაემატა, რომ წმინდა პეტრე მოციქულმა სწორედ რომში მიიღო მოწამეობრივი სიკვდილი. რომის ეკლესიის შემადგენლობაში თავდაპირველად, უმეტესწილად, იუდეველები შედიოდნენ, მაგრამ შემდეგ, ბევრმა წარმართმა ირწმუნა და, ამდენად, მათმა რიცხმა იუდეველებისას გადააჭარბა კიდეც. ეს ჩანს რომაელთა მიმართ ეპისტოლედანაც. ადგილობრივი წარმართები, წარმართულ ცრურწმენაში გაცბუნებულნი, იუდეველებთან შეხებაში პროზელიტები ხდებოდნენ, რაც მათ ქრისტიანობაში გადასვლას უადვილებდათ, რადგან ეს უფრო მეტის მომტანი იყო, რამეთუ სრულიად უკმაყოფილებდა მათ სულიერ მოთხოვნილებას. ამასთან დაკავშირებით, რომაელი ფილოსოფოსი სენეკა ამბობდა, რომ დამარცხებულები აძლევენ სარწმუნოების რჯულს გამარჯვებულებს, ხოლო იუბენალი დასცინოდა იუდაური წეს-ჩვეულებების დამცველ რომაელებს, განსაკუთრებით ქალებს. სვეტონიუსის მოწმობით, იუდეველები რომიდან გააძევა იმპერატორმა კლავდიოსმა, იმ მიზეზით, რომ მათ შორის ხშირად ჰქონდა შფოთს ადგილი იესო ქრისტეს სახელთან დაკავშირებით. ამ დროს, წარმართობიდან მოქცეული მორწმუნენი ვერ დაზარალდებოდნენ, რადგან დევნა მხოლოდ იუდეველებს შეეხოთ, თანაც არა სარწმუნოებისათვის, არამედ საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევის მიზეზით. ყოფილი წარმართების თემი იზრდებოდა და ვითარდებოდა უკვე დამოუკიდებლად და, ამგვარად, სრულიად გამოცალკევდა იუდეველებისაგან. შემდეგ, როდესაც იუდეველთაგან მოქცეული ქრისტიანენი დაბრუნდნენ, ისინი მჭიდროდ შეერწყნენ წარმართთაგან მოქცეულთ და მათთან ერთად შეადგინეს ერთობა და საბოლოოდ გამოეყვნენ იუდეველებს. მორწმუნეთა ეს გამოცალკევება იუდეველებისაგან მკაფიოდ გამოჩნდა რომში წმინდა პავლეს შესვლისას, როდესაც მორწმუნენი მის შესახვედრად გამოვიდნენ "ვიდრე აჰპიოფორადმდე და მესამე ღვინის საფარდულად" (საქმ. 28, 15), იუდეველები კი სამი დღის განმავლობაში ერთხელაც არ მისულან მასთან, სანამ პავლემ თავად არ მიიწვია ისინი სასაუბროდ. ეპისტოლეს დაწერის მიზეზი და მიზანი. რომაელთა მიმართ ეპისტოლედან არ ჩანს, რომ მათ თავად მისცეს პავლეს რამე საბაბი მის დასაწერად. ეპისტოლე სრულიად ზოგადი ხასიათისაა და არ მიუთითებს კონკრეტულად რომაელ ქრისტიანეთა ცხოვრების კერძო მახასიათებელზე. ტყუილად ფიქრობენ, რომ საბაბი იყო რამე სახის კამათი ან დაყოფა მათ შორის, როდესაც მიუთითებენ მე-16 თავის მე-17 მუხლზე ("გლოცავ თქუენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღურებისა, რომელი თქუენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან") ეს ადგილიც ზოგადი ხასიათისაა, როგორც ყველა სხვა შეგონება. მიზეზი, რამაც პავლე მოციქული ამ ეპისტოლეს დასაწერად აღძრა, თვით წმინდა პავლეში იყო, რომელიც მას შემდეგ რაც გაიგო, რომ რომაელები მოექცნენ ესწრაფვოდა შეემოწმებინა, ყველაფერი სათანადოდ ვითარდებოდა თუ არა მათთან. იგი ხომ "წარმართთა მოციქული" იყო, და მისთვის ბუნებრივი იყო ეზრუნა მთელი მაშინდელი კულტურული სამყაროს დედაქალაქის მცხოვრებთა ქრისტიანულ წარმატებაზე. აპირებდა რა რომაელთა მონახულებას, მან მათ თავისი გამგზავრების წინ ეპისტოლეთი მიმართა, რათა მისი მეშვეობით თავისთან შესახვედრად შეემზადებინა. ეპისტოლეში წმინდა პავლე აყალიბებს მთელი ქრისტიანული სწავლების საერთო პროგრამას და აფრთხილებს, არ დასნებოვდნენ იმათგან, ვინც იუდაურად მოქმედებს. საბაბი იმისა, რომ სწორედ ამ დროს გაიგზავნა ეპისტოლე, იყო კორინთოდან, სადაც პავლე იმყოფებოდა, რომში გამგზავრება ღრმად პატივცემული კენქრელი დედათდიაკვნის ფიბესი, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია სარწმუნოებასა და ეკლესიას და სახარების გავრცელებაში უშუალოდ ეხმარებოდა პავლე მოციქულს, რასაც წმინდა პავლე თავად ამოწმებს (16, 1, 2). მას რომში საქმე ჰქონდა და წმინდა პავლე მოციქულმა, აფასებდა რა მის დამსახურებას, თავის მოვალეობად ჩათვალა წარედგინა იგი რომაელი ქრისტიანებისთვის. ეპისტოლეს დაწერის დრო და ადგილი. თვით ეპისტოლეს მონაცემებით, შეიძლება ზუსტად დავადგინოთ, რომ ის კორინთოშია დაწერილი. ეს იქიდან ჩანს, რომ წმინდა პავლე რომაელებს მოკითხვას გადასცემს გაიოსისგან, ვისთანაც ის ცხოვრობდა, და ერასტოსგან ქალაქის ხაზინისმცველისგან (16, 23), ხოლო მისი სხვა ეპისტოლედან (1 კორ. 1, 14 და 2 ტიმ. 4, 20) ჩანს, რომ ეს პირები კორინთოში ცხოვრობდნენ. ზუსტად ასევე, ფიბეც, ვისი ხელითაც ეპისტოლე გაიგზავნა, იყო კენქრის დედათდიაკონი, კენქრე კი კორინთოს გარეუბანს წარმოადგენდა (მისი ნავსაყუდელი იყო ეგეოსის ზღვისპირზე). წმინდა პავლე მოციქული არაერთხელ ყოფილა კორინთოში და ამიტომაც ჩნდება კითხვა: კორინთოში, კერძოდ, მისი რომელი ყოფნისას დაწერა მან ეპისტოლე რომაელთა მიმართ? თვით ეპისტოლეში ამაზეც არის ზუსტი მინიშნება. მოციქული რომაელებს ამცნობს, რომ აპირებს იერუსალიმში ასვლას იმ შემოწირულობებით, რაც მან მაკედონიასა და აქაიაში შეაგროვა, ხოლო იერუსალიმიდან რომსა და შემდეგ, ესპანეთში (15, 25-28). თუ ამას შევადარებთ "საქმე მოციქულთა"-ში მონათხრობს (19, 21 და 20, 3), დავადგენთ, რომ რომაელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულის მიერ დაწერილია მისი მესამე სამოციქულო მოგზაურობისას, როდესაც მან სამი თვე დაჰყო ელადაში ანუ, დაახლოებით, 59 წლის გაზაფხულზე. ეპისტოლეს ნამდვილობა. ყველაზე მკაცრმა კრიტიკამაც კი ვერ შესძლო ეჭვი გამოეთქვა, რომ ეს ეპისტოლე პავლეს არ ეკუთვნის. წმინდა კლიმენტი რომაელი, წმინდა პოლიკარპე სმირნელი, წმინდა ირინეოს ლიონელი, ტერტულიანე და წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი, ასევე, ბოლო დროის ყველა მწერალი და მწვალებელიც კი, იცნობს ამ ეპისტოლეს და მის ციტირებას ახდენს. მხოლოდ მწვალებელი მარკიონი უარყოფდა ბოლო ორი თავის ნამდვილობას, დაწყებული მე-14 თავის 24-ე მუხლიდან. ამას მოჰყვა უახლესი კრიტიკა, თითქოს ეს ორი თავი გვიანდელი დამატება ყოფილიყოს, რისთვისაც ორიგენე განიკითხავდა მარკიონს. ამ ორი თავის არსებობა უძველეს ხელნაწერებში, ისევე როგორც მათი შინაარსი, სადაც არაფერია წმინდა პავლე მოციქულის სულის, სწავლისა და ცხოვრების მდგომარეობის საწინააღმდეგო, გვარწმუნებს მის უეჭველ ნამდვილობაში. ეპისტოლეს შინაარსი და შემადგენლობა. რომაელთა მიმართ ეპისტოლე 16 თავისგან შედგება. მისი შინაარსის მთავარ საგანს წარმოადგენს წარმოჩენა იმისა, რომ ცხონების ერთადერთი გზა, როგორც წარმართების, ისე იუდეველებისათვის, არის უფალი იესო ქრისტე. ამ თემის განხილვა შეადგენს ეპისტოლეს უმეტეს ნაწილს 11 თავს. ამას შემდგომ თავებში, მე-12-დან მე-15 თავის მე-13 მუხლის ჩათვლით, გადმოცემულია ქრისტიანული ცხოვრების ზოგადი ზნეობითი შეგონებანი. ეპისტოლე იწყება ჩვეულებრივი შესავლით, რომელიც წარმოდგენილია ზედწარწერითა და მისალმებით, ხოლო მთავრდება ბოლოსიტყვაობითა და მასში სხვადასხვა პირის მოკითხვით. ეპისტოლეს ეგზეგეტიკური განხილვა. რომაელთა მიმართ ეპისტოლე იწყება საკმაოდ ვრცელი ზედწარწერითა და მისალმებით: "პავლე, მონაi იესუ ქრისტესი, ჩინებული ი მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღვთისასა". უწოდებს რა თავმდაბლობით თავის თავს "ქრისტეს მონას", ამის შემ- დეგ პავლე მოციქული ამბობს, რომ იგი რომაელებს თავისი მზრუნველობის ქვეშ აიყვანს, თვით უფალი იესო ქრისტეს მიერ მისი მოციქულად მოწოდების საფუძველზე, "რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაi დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათვის", რომელთა შორის ისინიც რომაელებიც არიან. შემდეგ, ჩვეულების თანახმად, მოციქული მათ გადასცემს "მადლსა და მშვიდობას" (მუხ. 1-7). ამის შემდეგ, პავლე მოციქული წერს, რომ რომაელებთან ერთობაში შესასვლელად იგი აღძრა იმან, რომ სარწმუნოება მათი `განითქუმის ყოველსა სოფელსა", ანუ მოციქულისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ქრისტეს ასეთ ღირსეულ მიმდევრებთან გაცნობა იმისათვის, რომ მათი რწმენა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანოს: "რაითა მი-რაიმე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა. ხოლო არს ესე თანანუგეშინისცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაი თქუენი და ჩემი" (მუხ. 8-10). წმინდა პავლე ამბობს, რომ არაერთხელ დააპირა მათთან მისვლა, მაგრამ დაბრკოლებებს ხვდებოდა. ეს დაბრკოლებებია ყველა იმ ერში ქადაგების წარმატების სურვილი, სადაც კი მანამდე მოციქულს უქადაგია, და აქედან გამოწვეული მოუცლელობა. მე-16 მუხლიდან იწყება სარწმუნოებრივი, დოგმატური ნაწილი ეპისტოლესი, სადაც მოციქული ამტკიცებს, რომ ღმერთის წინაშე ყველა ცოდვილია და თავის გასამართლებელიც არაფერი აქვთ, როგორც წარმართებს, ისე იუდეველებს, და რომ ადამიანს აცხონებს მხოლოდ უფლის იესო ქრისტეს ცოცხალი რწმენა: "...მართალი ჩემი სარწმუნოებისაგან ცხონდეს" (აბაკ. 2, 4). უპირველესად, მოციქული საუბრობს წარმართთა ცოდვის შესახებ, რომლებმაც არ იზრუნეს შეეცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი მისი შემოქმედების საშუალებით, რამეთუ მისი ძალა და ღმრთეება "დაბადებითგან სოფლისაით ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების" (მუხ. 18-20). ჭეშმარიტი ღმერთის შეუცნობლობამ ისინი კერპთთაყვანისმცემლობამდე მიიყვანა, კერპთთაყვანისმცემლობამ კი, თავის მხრივ, ყოველგვარ უვარგისობამდე და ბიწიერ უზნეო ცხოვრებამდე (მუხ. 21-32). მეორე თავში წმინდა მოციქული გადადის იუდეველებზე; ამბობს, რომ წარმართებთან ერთად საღვთო სამსჯავრო იუდეველებსაც მოელით, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ რჯული გაცხადებული ჰქონდათ, მაინც არც ერთ დროში წარმართებზე უკეთესნი არ ყოფილან: განიკითხავდნენ რა წარმართებს მათი უკეთურობის გამო, თავადაც იგივეს იქმოდნენ. თუმცა ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული," წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებაზე დაყრდნობით, შენიშნავს, რომ ამ თავის პირველ 16 მუხლში იგულისხმება არა მხოლოდ იუდეველები, არამედ საერთოდ ყველა ადამიანი, ვინც სხვებს განიკითხავს ცოდვებისთვის, თვითონ კი, ამ დროს, სრულებითაც არ ზრუნავს ცოდვებისგან განრინებას. ეს განსაკუთრებით ეხება ხელისუფალთ, სახალხო მმართველებს, ყველას, ვისაც გასამართლების უფლება აქვს. ასეთებმა უნდა იცოდნენ, რომ `არა არს თუალთღებაი ღვთისა თანა", და ყოველი შემცოდებელი, ვინც არ უნდა იყოს იგი, დამსახურებისამებრ მიიღებს სასჯელს. აქ მთავარია იმის აღნიშვნა, რომ წარმართები, რომლებსაც ღვთივგაცხადებული რჯული არ გააჩნიათ, ღმერთის მიერ განისჯებიან მათ გულებში დაწერილი" როდესაც ავტორი წინამდებარე ნაშრომზე მუშაობდა, ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული ჯერ კიდევ არ იყო წმინდანად შერაცხული; იგი წმინდანად შერაცხეს 1988 წელს. რედ. ერილი სინდისის კანონით: `როდესაც წარმართები, რომლებსაც რჯული არა აქვთ, ბუნებითად რჯულისმიერ მოქმედებენ, მაშინ, არა აქვთ რა რჯული, თავად არიან თავისთვის რჯული: ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმენი მათ გულზე უწერიათ, რასაც მათი სინდისი და გონება მოწმობს, რომლებიც იმ დღეს, როდესაც სახარების თანახმად ღმერთი კაცთა დაფარულ საქმეებს განსჯის, ხან ბრალს დასდებენ ერთიმეორეს, ხან გაამართლებენ" (შდრ. მუხ. 1-16). 17-29 მუხლში წმინდა პავლე მოციქული საუბრობს გამორჩეულად იუდეველთა შესახებ, რომ მათ ამაო იმედი აქვთ თავიანთი წინადაცვეთისა და ამაოდ იქადიან ღვთივგაცხადებული რჯულით, რამეთუ მათი წინადაცვეთა და მათთვის მიცემული საღვთო რჯული მეტი სასჯელის მომტანია მათთვის, თუკი ისინი, იქადიან რა რჯულით, რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფენ (მუხ. 17-29). მესამე თავში წმინდა მოციქული აჩვენებს, რომ იუდეველებს არავითარი უპირატესობა არ გააჩნიათ წარმართების წინაშე, `რამეთუ როგორც იუდეველები, ისე ელინები, ყველანი ცოდვის ქვეშ არიან" (მუხ. 9), "ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღვთისა" (მუხ. 23). ამიტომ, გამართლების მიღება ადამიანს შეუძლია მხოლოდ "სარწმუნოების გზით", "გამოხსნითა მით იესუ ქრისტესითა" (მუხ. 24, 25). და მაინც, იუდეველებს აქვთ ის უპირატესობა, რომ მათ "ერწმუნათ ღვთის სიტყვა" (მუხ. 2), რომელიც შეიცავს ზეციურ აღთქმას მესიის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ იუდეველები არ აღმოჩნდნენ ერთგულნი, დაეცვათ ეს უდიდესი საღვთო საუნჯე, ღმერთი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მაინც აუცილებლად შეასრულებს მათთვის მიცემულ აღთქმას. იუდეველებისთვის მიცემული რჯული კიდევ უფრო ამძიმებს მათ პასუხისმგებლობასა და დანაშაულს. ხოლო, რადგანაც ღმერთი არ არის მხოლოდ იუდეველების ღმერთი, არამედ წარმართებისაც, ამიტომ როგორც ერთთათვის, ისე მეორეთათვისაც ცხონების მხოლოდ ერთი გზა არსებობს სარწმუნოება. მაგრამ ამით არ აღმოიფხვრება რჯულის მნიშვნელობა, პირიქით მტკიცდება, რამეთუ ღვთის მადლმა საშუალება მისცა ადამიანებს აღესრულებინათ რჯულის მოთხოვნილებანი. მეოთხე თავში მოციქული იხსენებს ძველაღთქმისეულ მართლებს აბრაამსა და დავითს, და მათი სახით აჩვენებს, რომ არა მხოლოდ რჯულის განწესებათა ფორმალური შესრულება ამართლებს ადამიანს ღმერთის წინაშე, არამედ რწმენა ღმერთის ყოვლადძლიერი მადლისა, რომელიც ადამიანს საღვთო წყალობით ეძლევა: "ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" (მუხ. 3). მეხუთე თავში მოციქული გადმოგვცემს ქრისტიანული სწავლების ძირითად ჭეშმარიტებას ცოდვისა და გამოხსნის შესახებ. როგორც ადამიდან, კაცობრიობის ბუნებრივი თავიდან, ცოდვა მთელ კაცთა მოდგმაზე გავრცელდა "ამისთვის, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5, 12), ასევე ქრისტემ, კაცობრიობის ახალმა სულიერმა თავმა, თავისი გამომსყიდველი ღვაწლით უბოძა ხსნა მთელ კაცთა მოდგმას. ამ თავის მე-12_21-ე მუხლები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს დოგმატური შინაარსის სიღრმით. იმის მტკიცებულებას, რომ ადამის ცოდვა ნამდვილად გადავიდა მის ყველა შთამომავალზე, ემსახურება სიკვდილის ფაქტი, რომელიც ადამის ცოდვას მოჰყვა შედეგად, ანუ ეგრეთ წოდებულ პირველქმნილ ცოდვას. მოციქული მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს: მოსემდე რჯული არ არსებობდა, შესაბამისად, ადამიანებს მათი ცოდვები არ მოეკითხებოდათ: "ხოლო ცოდვად არად შერაცხილ იყო თვინიერ შჯულისა" (მუხ. 13), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადამიანები მოსემდეც კვდებოდნენ. აქედან ბუნებრივია დასკვნა, რომ ისინი სიკვდილით ისჯებოდნენ არა საკუთარი ცოდვების გამო, არამედ მათზე მამამთა ვარ ადამისგან გადასული პირველქმნილი ცოდვის მიზეზით. ხოლო როდესაც რჯული მიეცათ და ადამიანებმა მაინც არ დაანებეს თავი ცოდვებს, ამით მათი დანაშაული ღმერთის წინაშე კიდევ უფრო გაიზარდა (მუხ. 20). როდესაც ამგვარად ცოდვა გამრავლდა, ქრისტეს გამომსყიდველი ღვაწლის წყალობით ადამიანებს მომეტებული ღვთის მადლი მიეცათ "სადა-იგი განმრავლდა ცოდვაი, მუნ უფროისად გარდაემატა მადლი," (მუხ. 20). ქრისტეს გამომსყიდველი ღვაწლით აღიხოცება არამარტო ადამის პირველქმნილი ცოდვა, არამედ ადამიანთა ყველა კერძო ცოდვაც (მუხ. 16). მეექვსე მუხლში, იმისათვის, რომ ცრუ დასკვნა არ იყოს გამოტანილი, თუკი ცოდვის გამრავლებამ ღვთის ყოვლადძლიერი მადლის მოქმედება გამოიწვია, მაშინ ხომ არ სჯობს ცოდვაში დარჩენა, რათა კვლავ გამოვიწვიოთ ღვთის წყალობაო, მოციქული მოუწოდებს ქრისტიანებს წმინდა, კეთილმოქმედი ცხოვრებისაკენ. ნათლისღების მომენტიდან ქრისტიანი ცოდვისთვის კვდება და ხელახლა იბადება ახლი წმინდა ცხოვრებისათვის; მსგავსად იმისა, როგორც ქრისტე მაცხოვარი ჩვენი, ვნებული და ჯვარზე მომკვდარი, მკვდრეთით აღდგა და ცხოვრობს "მარადის ღმერთისთვის" ("რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღვთისა" მუხ. 10), "ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათვის და ცხოველად ღვთისა ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა" (მუხ. 11). ეს ადგილი (6 3-11) იკითხება საღვთო ლიტურგიაზე დიდ შაბათს, როდესაც მოიხსენიება ქრისტეს მოკვდინება და დაფლვა და მისი საფლავად ყოფნა. ჩვენი "ძუელი იგი კაცი" (ანუ ცოდვილი, ცოდვისკენ მიდრეკილი), ჯვარს უნდა ეცვას ქრისტეს თანა, რათა `განქარდეს ხორცი იგი ცოდვისაი, რაითა აღარ ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა". ცოდვის მონობიდან გათავისუფლება ქრისტიანს ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს. თუკი ამის შემდეგ ქრისტიანი მაინც არის მონა, ის უკვე სიმართლის მონაა, მაგრამ ეს მონობა მხოლოდ მოჩვენებითია: ასეთად ის მხოლოდ უძლურთათვის ჩანს, რომლებიც სრულიად ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულან ცოდვის მონობისაგან, იმიტომ რომ სიმართლის მსახურების დასაწყისში საჭიროა საკუთარ თავზე ძალდატანება, ცოდვით მიდრეკილებებთან ბრძოლა. მაგრამ, სამაგიეროდ, სიმართლის მონობის, ანუ ღმერთის მონობის ნაყოფი არის სიწმინდე და საუკუნო ცხოვრება, ხოლო ცოდვის მონობის შედეგი ისეთი ნაყოფია, "რომლისათვის აწ ეგერა გრცხუენის, რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს" (მუხ. 16-22). მეშვიდე თავში მოციქული გვიხსნის, რომ ცოდვის მონობისაგან გათავისუფლებული ქრისტიანი მოსეს რჯულის შესრულებიდანაც თავისუფალია. `შჯული უფლებს კაცსა ზედა", სანამ იგი ცოცხალია. მაგალითად, ქმრის სიკვდილი ცოლს ათავისუფლებს მეუღლეობის კანონიერი ვალდებულები საგან და მას შეუძლია სხვაზე გათხოვდეს. "ამისთვის თქუენცა, ძმანო ჩემნო, ამბობს მოციქული, მოჰკუედით შჯულისაგან ხორცითა მით ქრისტესითა, რაითა იყვნეთ თქუენ სხვისა მის მკუდრეთით აღდგომილისა,"რაითა ნაყოფი " მკვდარნი ხართ რჯულისთვის ქრისტეს ხორცით, რათა უკვე სხვას ეკუთვნოდეთ, მკვდრეთით აღმდგარს გამოვიღოთ ღვთისა" (მუხ. 4). მოსეს რჯული დროებითი მნიშვნელობისა იყო, რათა გამოეჩინა ცოდვის მთელი ძალა და კაცობრიობა მიეყვანა იმ აზრამდე, რომ შეუძლებელია ცხონება ღვთის განსაკუთრებული მადლმოსილი შეწევნის გარეშე. რჯულს მხოლოდ ცოდვითი წყლულების წარმოჩენა შეეძლო, მაგრამ არ იძლეოდა მისგან განკურნებას: იგი ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ უძლურების მწარე შეგრძნებას აძლევდა, იმის გამო, რომ არ შეეძლო რჯულის ყველა მოთხოვნა შეესრულებინა და ამით ღმერთისგან გამართლება მიეღო. ახლა კი ჩვენ, ქრისტიანები, რჯულისგან გავთავისუფლდით იმიტომ, რომ ვემსახუროთ ღმერთს "განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა", ანუ არა რჯულის გარეგანი, ფორმალური განწესებებით. აქვე მოციქული გვაფრთხილებს, რომ არ გამოვიტანოთ ცრუ დასკვნა, თითქოს კანონი შეიცავდეს ცოდვის მიზეზს: რჯული რომ არ ყოფილიყო, არც ცოდვა იქნებოდაო. არა, ცოდვის მიზეზი თვით ადამიანშია. რჯული თავისთავად წმინდაა, და წმინდაა მისი მცნებებიც სამართლიანია და კეთილისკენ არის მიმართული. რჯული მხოლოდ ავლენს ადამიანის ბუნებაში ფესვგამდგარ ცოდვას, ბუნებაში, რომელიც შერყვნილია პირველქმნილი ცოდვით. მეშვიდე თავის მეორე ნახევარში (მუხ. 13-25) მოციქული განმარტავს მოჩვენებით შეუსაბამობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსეს წმინდა რჯულის პირობებში ადამიანის ცოდვიანობა არამცთუ შემცირდა, პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდა. რის გამოც, საჭირო გახდა განსაკუთრებული მადლმოსილი საშუალება ადამიანთა გამოხსნისათვის მხოლოდშობილი ძე ღვთისას გამომსყიდველი ღვაწლის მეშვეობით. ეს წმინდა წერილის ახალაღთქმისეული წიგნების არცთუ ბევრ ადგილთაგან ერთ-ერთია, სადაც ასეთი ძალითა და სიღრმით არის გამოხატული ადამიანის ზნეობრივი ბუნების ცოდვიანი გარყვნილობა: "რამეთუ რომელსა-იგი ვიქმნ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ" (მუხ. 15). მხოლოდ საკუთარი ძალებით, საღვთო მადლის გარეშე, ადამიანისთვის შეუძლებელია მასში დამკვიდრებული ცოდვის დაძლევა, "რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ. ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა ცოდვა" (მუხ. 19, 20). წმინდა მოციქული მთელი სიცხადით წარმოაჩენს გაორების იმ სურათს, რასაც ქმნის ცოდვა ჩვენს დაცემულ ბუნებაში: "ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც? რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღვთისასა შინაგანითა მით კაცითა. და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინაგანეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისავითა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა" (მუხ. 21-23); "უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიხსნეს ხორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?" (მუხ. 24). აღგვიწერა რა ადამიანის ცოდვისადმი დამონების ეს სავალალო მდგომარეობა, წმინდა პავლე ამის შემდეგ მიგვითითებს ჩვენი მაცხოვრის ყოვლადძლიერ შეწევნაზე: "ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა (ჩემსა) ქრისტე იესუვის მიერ უფლისა ჩუენისა..." (მუხ. 25). უფალ გამომსყიდველს, ჩვენი უბადრუკობის პირობებშიც კი, შეუძლია ჩვენში დამკვიდრებულ ცოდვაზე გაგვამარჯვებინოს. დაწვრილებით ამის შესახებ საუბარია ამის შემდგომ (მერვე) თავში. გამოიკვლია რა ცოდვის ძალა და ქრისტე მაცხოვრის გამომსყიდველი ღვაწლის სიდიადე, რომელმაც გაგვათავისუფლა ცოდვის ხელმწიფებისაგან და გვიბოძა საშუალება ვიცხოვროთ სულით და არა ხორცით, წმინდა პავლე მოციქული მერვე თავში გვარწმუნებს ვებრძოლოთ ცოდვას, რამეთუ ახლა უკვე ვერაფრით გავიმართლებთ თავს, თუ ამ ბრძოლას თავს ავარიდებთ. ჩვენთან არის ქრისტეს ყოვლად- ძლიერი სული, რომელიც სულიერ ცხოვრებაში გვეწევა, და არა ხორციელში. ხოლო "უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი~ (მუხ. 9). ხოლო რაკი ღვთის სულით დავდივართ, ესე იგი, ღვთის შვილები ვართ (მუხ. 14-16), "ხოლო უკუეთუ შვილ, მკვიდრცა," მკვიდრ ღვთისა თანა და თანა-მკვიდრ ქრისტესა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ" (მუხ. 17). სულიერი ცხოვრების სურვილსა და ცოდვასთან ბრძოლას თან ახლავს ტანჯვა, მაგრამ ქრისტიანს ამისი არ უნდა ეშინოდეს, რამეთუ ეს ტანჯვა არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რაც ჩვენ მომავალ საუკუნეში გველოდება: "რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ" (მუხ. 18). ამ მომავალ დიდებას ჩვენთან ერთად ყველა ქმნილება ელოდება, რამეთუ ისინიც გათავისუფლდებიან სიკვდილის კანონისა და ხრწნილებისაგან, რაც ადამიანის ცოდვით დაცემამ გამოიწვია. ცოდვასთან ბრძოლაში ჩვენ სულიწმიდა გვეხმარება: "...სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაიმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თვითთ იგი სული მეოხ არს ჩუენთვის სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა~ (მუხ. 26). ცხონების სასოებაში გვამტკიცებს წინასაუკუნეთა წინასწარგანჩინება ღმერთისა ჩვენი გამოხსნის შესახებ: "...რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თვისისა, რაითა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა; ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა" (მუხ. 29, 30). წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეს ამ ადგილის სწორად აღქმისათვის, საღვთო წინასწარგანჩინების შესახებ, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მოციქული საუბრობს არა უპირობო წინასწარგანჩინებაზე, როგორც ამას კალვინისტები ასწავლიან, არამედ ღმერთის ყოვლისმცოდნეობაზე დაფუძნებული წინასწარგანჩინების შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთმა, ადამიანთა ნების გარეშე, ზოგს ცხონება განუწესა, სხვებს წარწყმედა, არამედ იმას, რომ მან, ყოვლისმცოდნეობით იცის, ადამიანთაგან ვინ გამოიყენებს თავის თავისუფალ ნებას სასიკეთოდ და ვინ ბოროტებისთვის. სწორედ ამის მიხედვით განაჩინებს წინასწარ თითოეულის ხვედრს. შეგონების დასასრულს ვიყოთ მტკიცენი ცხონების სასოებაში წმინდა მოციქული ღაღადებს: "ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა...?" (მუხ. 35) და აღფრთოვანებული აღიარებს თავის სიყვარულსა და ერთგულებას ქრისტე მაცხოვრის მიმართ; ამისკენ მოუწოდებს ყველა მორწმუნესაც (მუხ. 35-39). სამ შემდგომ თავშიმეცხრე, მეათე და მეთერთმეტეში წმინდა მოციქული გამოხატავს თავის "დიდ მწუხარებას" და "მოუკლებელ სალმობას გულისას" ქრისტე მაცხოვრის მიმართ იუდეველთა ჯიუტი ურწმუნოებისა და ქრისტეს ეკლესიისგან ღმერთის მიერ მათი განყენების გამო და ამტკიცებს, რომ თვით ისრაელია ამაში დამნაშავე, რადგან გამართლებას ეძებს არა ქრისტე მაცხოვრის სარწმუნოებაში, არამედ მოსეს რჯულის გარეგან წეს-ჩვეულებათა შესრულებაში. ამასთან, წმინდა მოციქული გამოთქვამს რწმენას, რომ ვინაიდან განდგომა არ ეხება ყველა იუდეველს, რამეთუ მათ შორის მორწმუნენიც არიან ("ნეშტი" დარჩა 11, 5), ამიტომ ეს განყენება მარადიული არ იქნება იუდაური ერისთვის: თავის დროზე იუდეველებიც ირწმუნებენ ქრისტეს და შევლენ მის ეკლესიაში. იუდეველების დროებით უარყოფაში, რაც მათ სავსებით დაიმსახურეს, წმინდა მოციქული ხედავს საღვთო სიბრძნის განსაკუთრებულ გამოვლინებას მთელი კაცობრიობის გადარჩენასთან დაკავშირებით. იუდეველების ფანატიზმმა, რაც ქრისტეს, როგორც მესიის ჯიუტად მიუღებლობაში გამოიხატა, პავლე მოციქული აიძულა წარმართებისთვის მიემართა ქრისტეს შესახებ ქადაგებით და, ამგვარად, იუდეველთა გულის გასასტიკებამ მოციქულის ქადაგებასთან მიმართებით, წარმართების ქრისტესკენ მოქცევა გამოიწვა (მუხ.25). ქრისტეს სარწმუნოების წარმატება წარმართებს შორის და ის სულიერი სიკეთენი, რასაც ისინი იღებენ, იუდეველებში საბოლოოდ მოშურნეობას აღძრავს და შედეგად "ყოველი ისრაელი ცხონდეს" (11, 26). ამიტომ, წმინდა მოციქული მორწმუნე წარმართებს შეაგონებს, რომ ქედი არ აიმაღლონ იუდეველთა წინაშე ცოდვის მონობიდან თავიანთი გამოხსნით. ადარებს რა იუდაურ ერს ბაღის კეთილშობილ ზეთისხილის ხეს, რომელსაც "ურწმუნოებითა მათითა" მხოლოდ რტონი გარდატყდა, მაგრამ ძირი მისი მთელი და "წმიდა არს", იმავდროულად, პავლე მოციქული წარმართებს ადარებს "ველური ზეთის ხილს", დამყნობილს ზეთისხილის ხეზე ნაცვლად გარდამტყდარი რტოებისა: "ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა და თანა-ზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთის ხილისა იქმენ, ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ შენ ძირი იგი გიტრთავს, არამედ ძირსა მას შენ" (11, 17, 18). ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ "...შემძლებელ არს ღმერთი კუალად დამყნად მათდა" (მუხ. 23), რამეთუ "...შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე ველურისა ზეთის ხილისა და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რავდენ უფროს იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თსსავე მას ზეთის ხილსა!" (11, 24). საღვთო განგებულების სიდიადე, რომელსაც ბრძნულად მიჰყავს ყველა ერი გადასარჩენად ადამიანთათავის უხილავი ზემოქმედებით ერების ისტორიულ ბედზე, წმინდა მოციქულში აღფრთოვანებულ ღაღადისს იწვევს: " სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღვთისა! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონება უფლისა? ...მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ" (11, 33-36). ამით მთავრდება სარწმუნოებრივი დოგმატური ნაწილი რომაელთა მიმართ ეპისტოლესი. მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე თავები (მე-13 მუხლის ჩათვლით), შეადგენენ ეპისტოლეს ზნეობით ნაწილს. აქ წმინდა მოციქული აღწერს ქრისტიანის ზნეობრივი ცხოვრების იდეალს. მეთორმეტე თავში იგი საუბრობს ქრისტიანის, როგორც ეკლესიის წევრის მოვალეობაზე ღმერთსა (მუხ. 1, 2) და მოყვასთან (მუხ. 3-5) დამოკიდებულებით; სხვადასხვა ზებუნებრივი ნიჭისა და ჩვეულებრივი მსახურების შესახებ; ქრისტიანის გრძნობასა და განწყობაზე (მუხ. 8-21). მეცამეტე თავში წმინდა მოციქული განიხილავს ქრისტიანის, როგორც სახელმწიფოს მოქალაქისა და საზოგადოების წევრის მოვალეობებს. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეგონება მთავრობისადმი დამორჩილების შესახებ: "ყოველი სული ხელმწიფებასა მას უმთავრესი სასა დაემორჩილენ... (მუხ. 1). ამ შეგონების სწორად გაგებისათვის, გულისხმა უნდა ვყოთ იმ აზრისადმი, რომელსაც შეიცავს მე-3 და მე-4 მუხლები: "ღვთისა მიერ განწესე ბულ არიან" ის ხელისუფლებანი, რომლებიც ხელს უწყობენ სიკეთის ქმნას და სჯიან ბოროტებას. "ამიტომ ჩვენ შეგვი ძლია ვთქვათ, ამბობს ღირსი ისიდორე პელუსიელი, რომ თვით საქმე, ვგულისხმობ ხელისუფლებას, ანუ სამეფო მთავრობასა და ხელმწიფებას, დადგენილია ღმერთისგან, მაგრამ თუ რომელიმე ურჯულო ბოროტმოქმედი მიიტაცებს ამ ხელმწიფებას, მაშინ არ ვამტკიცებთ, რომ იგი ღმერთისგან არის დადგენილი, მაგრამ ვამბობთ, რომ დაშვებულია ამოანთხიოს მან ეს მზაკვრობა, როგორც ფარაონის შემთხვევაში, რათა დაისაჯონ ან განიბრძნონ ისინი, ვისთვისაც სისასტიკეა საჭირო, როგორც ბაბილონის მეფემ განაბრძო იუდეველები~ (ნაწ, II, წერილი მე-6). მეთოთხმეტე თავში და მეთხუთმეტე თავის პირველ 13 მუხლში წმინდა მოციქული იძლევა შეგონებას, როგორ უნდა მოვეპყრათ სარწმუნოებაში ჯერ კიდევ უძლურებს, რადგან ამასთან დაკავშირებით რომის ეკლესიაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. წარმართობისგან მოქცეული რომაელი ქრისტიანების უმრავლესობა იქადდა თავისი ქრისტიანული თავისუფლებით იმასთან დაკავშირებით, რომ განურჩევლად იღებდა ყოველგვარ საჭმელსა და სასმელს, რამეთუ ქრისტიანული სარწმუნოება არ ავალდებულებდა რაიმე განსაკუთრებულ აკრძალვას საკვებთან მიმართებით, როგორც არ ავალდებულებდა დღეების განსხვავებას წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, იუდეველთაგან მოქცეულნი კვლავ მიიჩნევდნენ უწმინდურად საკვების ზოგიერთ სახეობას და ეშინოდათ მისგან არ შებილწულიყვნენ. ასევე, ყველასთვის სავალდებულოდ მიაჩნდათ ზოგიერთი ძველაღთქმისეული დღესასწაულის აღნიშვნა. წმინდა პავლე მოციქული მოუწოდებს შეწყვიტონ კამათი და განხეთქილება ყოველივე ამის ნიადაგზე, რამეთუ სარწმუნოებაში მართებულია უძლურების მიმართ სულგრძელობის გამოჩენა, ხოლო კერძო აზრები და შეხედულებები უნდა მიენდოს თითოეულის სინდისს. მთავარია, არ განიკითხონ და გაკიცხონ ერთმანეთი და საცდურის მიზეზი არ მისცენ ერთიმეორეს. ქრისტიანისთვის ყოველივე წმინდაა, მაგრამ თუ შენი ძმა ბრკოლდება, მაშინ სჯობს არ ჭამო ხორცი და არ სვა ღვინო, რათა არ დააბრკოლა ძმა შენი (მუხ. 14, 1-21). მეცამეტე თავის მე-12_მე-14 და მეთოთხმეტე თავის 1-4 მუხლები, იკითხება საღვთო ლიტურგიაზე დიდმარხვის წინ ყველიერის კვირაში და აჩვენებს, როგორი განწყობით უნდა შეუდგეს ქრისტიანი დიდმარხვის ღვაწლს. ეპისტოლეს დასკვნით ნაწილში (15, 14_16) წმინდა მოციქული გვიცხადებს იმ მიზეზს, რის გამოც მიმართავს იგი რომაელებს თავისი ეპისტოლეთი, აგრეთვე რეკომენდაციას უწევს მათ წინაშე კენქრის ეკლესიის დედათდიაკვან ფიბეს და გადასცემს მთელ რიგ კერძო მისალმებას რომში მცხოვრებ ქრისტიანებს.

პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

კორინთოს ეკლესიის დაარსება

  კორინთო მდებარეობს სრუტეზე,რომელიც საბერძნეთის მორასთან ანუ პელოპონესთან აერთებს, ის აშენდა 1500 წლით ადრე ქრისტეს ხორციელი შობამდე. 44 წელს იულიუს კეისრის დროს კორინთო ნანაგრევებიდან აღადგინეს და ის ყველაზე მშვენიერი ქალაქი გახდა მთელ აქაიაში - რომის ერთ-ერთ პროვინციაში. სილამაზის გარდა,ქალაქი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მასში პროკონსულების რეზიდენცია მდებარეობდა. ის სახელგანთქმული იყო,აგრეთვე, მეცნიერებით,ხელოვნებითა და მხიარული ცხოვრებით,რაც მასში მოსახლეობის სიმრავლეს იწვევდა. ქალაქში იმართებოდა ე.წ. „ისტმიის თამაშობანი“ მის განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაოვობას აფროდიტეს ტაძარი წარმოადგენდა, შეიძლება ითქვას, რომ სამოციქულო ქადაგების პერიოდში კორინთო იყო ბერძნული მსუბუქაზროვნების,ქარაფშუტობის და ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებელი ადგილი.

   კორინთოში ეკლესია დაახლოებით 53 წელს დაარსა სახარების საქადაგებლად მეორედ გამგზავრებულმა წმინდა პავლე მოციქულმა,მას შემდეგ რაც მან ქადაგებით დაიარა ფილიპე,თესალონიკი,ბერია და ატენი. დატოვა რა მაკედონიაში სარწმუნოების განსამტკიცებლად თავისი მოწაფენი შილა და ტიმოთე, წმინდა პავლემ გეზი საბერძნეთისაკენ აიღო,როგორც ამის შესახებ წიგნი „სამე მოციქულთა“ მოგვითხრობს(18,1). კორინთოში წმინდა მოციქული შეხვდა კეთილ და სტუმართმოყვარე პომტოელ იუდეველებს  - აკვილასა და პრისკილას,  რომლებიც ადრე რომში ცხოვრობდნენ,მაგრამ როდესაც იმპერატორმა კლავდიოსმა იქიდან ყველა იუდეველი გააძევა, ისინი კორინთოში გადასახლდნენ, აკვილას საქმიანობა კარვების დამზადება იყო, ხოლო ვინაიდან წმინდა პავლემ ეს ხელობა კარგად იცოდა,ამიტომ ის მათთან დაბინავდა,რათა ერთად ეშრომათ და სარჩო საკუთარი შრომით მოეპოვებინა, თუკი აკვილა და პრისკილა მანამდე  მონათლულნი არ ყოფილან, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი პავლე მოციქულმა მოაქცია, მანვე მონათლა და ამის შემდეგ ორივენი მისი თანამუშაკნი გახვდნენ სახარების ქადაგებისა და გავრცელების საქმეში.

   ყოველ შაბათს წმინდა მოციქული ქადაგებდა იუდეველტა სინაგოგაში, არწმუნებდა იუდეველებს და ელინ პროზელიტებს, რომ არ არსებობს ცხონების სხვა გზა, თუ არა უფალ იესო ქრისტეს მიერი, როდესაც მაკედონიისან შილა და ტიმოთე მოვიდნენ, წმინდა პავლეს შესაძლებლობა მიეცა,გაეძლიერებინა და გაეფართოვებინა თავისი ქადაგებითი მოღვაწეობა, თუმცაღა ამ ქადაგებას იუდეველებში დიდ წარმატება არ მოყოლია, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მოციქულს,ბოროტსიტყვაობდნენ როგორც მისი ისევე, მის მიერ ქადაგებული  უფლის გზის მიმართ, მაშინ წმინდა პავლემ დატოვა წინაგოგა იუდეველებისათვის გასაგები მოქმედებითა და სიტყვით: განიყარა(დაიბერტყა) მტვერი თავისი სამოსელიდან და უთხრა მათ :სისხლი თქვენი თავთა ზედა თქვენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე (საქმ.18,6) ამ სიტყვების აზრი შემდეგია:“თქვენს წარწყმენდაში ბრალი თავად მიგიძღვით:მე წმინდა ვარ ამ საქმეში. მე თქვენ ხსნის გზას გიჩვენებდით, თქვენ კი მისი მიღება არ გსურთ, მაშ დარჩით თქვენ მიერვე არჩეულ წარსაწყმენდელში“.

შემდგომი ქრსიტიანული შეკრების მოწყობა, ქრისტეს შესახებ ქადაგებით, წმინდა პავლემ დაიწყო სინაგოგასთან იქვე ახლოს ვინმე ტიტოსთან, იოსტოსის ძის სახლში, რომელიც ჭეშმარიტი ღვთისმსახური იყო, იქვე იკრიბებოდნენ ქარმართებიც და სახარების ქადაგების საქმე უკეთ წარიმართა : მრავალმა ირწმუნა და მოინათლა, მოქცეულთა შორის იყო თვით სინაგოგის მთავარიც კრისპოსი, ყოვლითურთ სახლეულით მისით (საქ, 18,8)  და მაინც, როგორც ჩანს,ქადაგებამ დიდ წარმატებას  ვერ მიაღწია და წმინდა პავლემ საერთოდ  გადაწვიტა  გარყვნილი კორინთოს დატოვება, სადაც მისი სიცოცხლის ხელყოფაც კი განიზრაზხეს (2 თეს.3,2) ამიტომ თავად უფალი გამოეცხადა მას ღამის ხილვაში, რათა გაემხნევებინა და ძალა შეემატა მისთვის კორინთოში შემდგომი მსახურებისთვის(საქმ. 18. 9,19) ამ გამოცხადებით განმტკიცებული წმინდა  მოციქული კორინთოში კიდევ წელიწად-ნახევარი დარჩა და ამ ხნის განმავლობაში მისმა ქადაგებამ იქ უხვი ნაყოფი გამოიღო,რამაც კორინთოს ეკლესიას უხვი სულიერი ნიჭის მქონე ეკლესიის ნსახელი შესძინა (1კორ.1,5-7)

   კორინთოს ეკლესიის მოწმობის შემდეგ,წმინდა პავლე მოციქული უკვე სხვა ადგილებს უნდა სწვეოდა სახარების საქადაგებლად. კორინთოდან მისი გამგზავრება დააჩქარა ერთმა სამწუხარო შემთხვევამ: მისი ქადაგებით გაღიზიანებულა იუდეველებმა შეიპყრეს იგი და პროკონსულ გალიონის სამსჯავროზე მიიყვანეს იმ საჩივრით, რომ ის „თვინიერ სჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღვთისა“ (საქმ. 18, 13) ამ ბრალდების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ პავლე თითქოს გახდა რაღაც ახალი ლექტის დამაარსებელი, რომელიც არ ჯდებოდა რომის იმპერიის კანონებით ნებადართული რჯულაღმსარებლობის ჩარჩოებში, ფრიად განათლებული და კეთილშობილი გალიონი, ცნობილი რომაელი ფილოსოფოსის სენეკას ძმა და პოეტ ლუკანას ბიძა იყო. მან უარი თქვა გამოეკვლია საქმე, რომელიც სარწმუნოებას ეხებოდა და არა სამოქალაქო საკითხს და იუდეველები სასამართლოდან გააძევა. ელინებმა,რომლებსაც იუდეველები  სძაგდათ, გალიონის ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ იქვე სასამართლო დარბაზში მიიტანეს მათზე იერიში,შეიპყრეს შფოთის მოთავე  სოსთენი,სინაგოგის მთავარი „და სცემდეს საყდარსა წინაშე და არარას ზრუნავდა ამათგანსა გალიონ“ (საქმ. 18, 14-17) შესაძლოა, ამის შემდეგ სოსთენი ქრისტესკენ მოქცეულიყო და სწორედ მას მოიხსენიებდეს მოციქული კორინთელთა მიმართ თავის ეპისტოლეში )1 კორ. 1,1)

   ეჭვგარეშეა, რომ განსაკუთრებული საღვთო განგებით გამოჩნდა კორინთოში პავლეს საქმის გამგრძელებლად ვინმე იუდეველი სახელად  - აპოლო, იგი დაიბადა და აღიზარდა ალექსანდრიაში,საიდანაც ჯერ ეფესოში  ჩავიდა, შემდეგ  - კორინთოში, ჟამთააღმწერელის სიტყვებით, ის იყო მჭერმეტყველი და წმინდა წერილში გაცნობიერებული ადამიანი (საქმ. 18,24). კორინთოდან წმინდა პავლე გემით გაემგზავრა ეფესოში, იქ მან მცირე ხანს დაჰყო, ადგილზე დატოვა აკვილა და პრისკილა, თავად კი ჯერ იერუსალიმში ავიდა , მერე კი  - ანტიოქიაში, საიდანაც დაიწყო ტავისი მესამე სამოციქულო მოგზაურობა, ეფესოდან მისი გამგზავრების  შემდეგ, იქ ჩავიდა აპოლო, რომელიც უკვე ქრისტიანი იყო და სულანთებული,მაგრამ იცოდა მხოლოდ იოანეს ნათლისღება, მან გაბედულად დაიწყო სინაგოგაში ქადაგება, „ ესმა მისი აკვილას და პრისკილას და მოიყვანეს იგი უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაი უფლისაი“ (საქმ.18, 26) როდესაც მას აქაიაში გამგზავრება  დასჭირდა, რომლის დედაქალაქიც იმ დროს კორინთო იყო, ეფესელმა მორწმუნეებმა მას სარეკომენდაციო წერილი მისცეს იქაურ ქრისტიანებთან, კორინთოში ის ფრიად შეეწია მორწმუნეებს, საჯაროდ ეპაექრებოდა იუდეველებს და „უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრსიტე იესუ“ (საქმ.18,27-28). აპოლოს ქადაგება კორინთოში ქრისტიანობის განსამტკიცებლად იმდენად დიდი მნიშვნელობისა იყო, რომ წმინდა პავლე მოციქული მას უწოდებს თავის მიერ ქრსტიანული სარწმუნოების დანერგილი თესლის  მომრწყველს: მე დავასხ, აპოლომ მორწყო,ხოლო ღმერთმან ააღორძინა“ (1 კორ. 3-6) რამდენად დიდხანს დაჰყო აპოლომ კორინთოში ცნობილი არ არის, მაგრამ კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს დაწერის დროს, ჩვენ მას კვლავ ეფესოში ვხედავთ მოციქულთან ერთად (1 კორ. 16, 12).

ეპისტოლეს დაწერის მიზეზი

აპოლოს კორინთოში ყოფნის დროს,მას შემდეგ რაც წმინდა პავლემ შეასრულა თავის მიერ  დასახული გეგმა - იერუსალიმში პასექის დრესასწაულს დასწრებოდა, მან დაიწყო თავისი მესამე სამოციქულო მოგზაურობა ანტიოქიიდან „მიმოვიდოდა შემდგომითი-შემდგომად გალატელთა სოფელსა და ფრიგვიაისსა“ )საქმ.18, 22-23) და ჩავიდა ეფესოშიო ქრსიტეს ეკლესიის დასაარსებლად (საქმ. 19, 1) აქ მის ყურამდე მიაღწია არასასიამოვნო ხმებმა მის მიერ დატოვებული კორინთოს ეკლესიასთან დაკავშირებით, რის გამოც დააპირა დაბრუნებულიყო კორინთოში ზღვით, პირდაპირ ეფესოდან (2 კორ. 1,15,16) მაგრამ ეფესოს დატოვება საბოლოოდ მაინც ვერ გადაწყვიტა და თავის ნაცვლად  ტიმოთე წარგზავნა, რომელსაც დაავალა ჯერ მაკედონია გაევლო და შემდეგ მოეხსენებინა მისთვის ყოველივე,რაც კორინთოს ეკლესიაში ხდებოდა. იმავდროულად, არასასიამოვნო ხმები კორინთოს ეკლესიის შესახებ, კიდევ უფრო მატულობდა:თითქოს ერთ-ერთი კორინთოელი ქრისტიანი ისეთი სახის სიძვას კადრულობდა,რომელიც წარმართებთანაც კი დაუშვებლად მიიჩნეოდა (1კორ, 5,1) შემდგომ ეფესოში მოვიდნენ ერთ-ერთი ქრისტიანი დედაკაცის ქლოვეს სახლეულნი, რომლებმაც მოციქულს დაუდასტურეს არსებული ხმები და ამასთანავე უამბეს მას ბევრი სხვა უკეთური საქმეების შესახებ, რაც კორინთოელ ქრისტიანებში ხდებოდა, განსაკუთრებით დაამწუხრა მოციქული იქ წარმოებულმა სხვადასხვა სახის რელიგიურმა დავამ და პაექრობამ (1 კორ. 1,11,12) ისეთი შეხედულება იქმნებოდა რომ კორინთოში წარმოიშვა სხვადსხვა სახის რელიგიური პარტიები თუ სექტები. ქმინდა პავლესთან კორინთოს ეკლესიიდან წარმოგზავნილმა სტეფანემ,ფურტონატემ და აქაიკემ რამდენადმე დაამშვიდეს მოციქულის სული (1 კორ. 16-17), თუმცა მაინც დადასტურდა ეკლესიის მოწყობასთან დაკავშირებული მრავალი დარღვევის არსებობა,წარმოგზავნილებმა დაადასტურეს ხმები სიძვისა და ერთმანეთში უთანხმოების შესახებ და სხვა ამბებიც მოიტანეს: ქრისტიანებს შორის წარმოებული სადავო საკითხების წარმართულ სასამართლოებში განხილვა,უწესრიგობები სიყვარულის სერობებზე, დედაკაცების ტავდაუბურავობა ეკლესიებში,ზოგიერთების მხრიდან მკვდრეთიოთ აღდგომის ურწმუნოება. მოციქულს ასევე საგანგებო ეპსიტოლეში ეკითხებოდნენ ქორწინებისა და ქალწულობის შესახებ,კერპებისათვის შეწირულის ქამასთან დაკავშირებით,ენების ნიჭთან მიმართებით და ასე შემდეგ. ამის გამო პავლე მოციქულმა გადაწყვიტა,გაეგზავნა კორინთოში ეპისტოლე, რათა აღმოეფხვრა ყოველგვარი მოუწყობლობა და გაეცა პასუხები მათთვის გაურკვეველ საკითხებზე, ამასთან აღუთქვა, რომ პირადადაც ეწვეოდა (1კორ. 4,19-21). ეპისტოლეს დაწერის დამატებითი მიზეზი,როგორც ეს 1 კორ. 16, 1_დან ჩანს იყო ის, რომ შეეგროვებინათ იქ ფულადი შესაწირი პალესტინელი ქრისტიანების დასახმარებლად.

 

დაწერის დრო და ადგილი

როგორც ეს ნათლად ჩანს თვით ეპისტოლეად, ის დაწერილია ეფესოში. „არა მნებასვს აქ მგზავრ ხილვაი თქვენი; ხოლო ვესავ რაოდენისამე ჟამისა დაყოფასა თქვენ თანა, უფალმან თუ გვიბრძანოს.ხოლო დავადგრე ეფესოს შინა ვიდრე მარტვილიამდე“  (1 კორ. 16,7-8) წმინდა  პავლე წერს, რომ მან კორინთოში წარგზავნა წმინდა ტიმოთე (1 კორ. 16, 7-8) ხოლო „საქმეებში“ ჩვენ ვხედავთ, რომ მან იგი ეფესოდან მაშინ წარგზავნა,როდესაც თავად იქიდან წასვლას აპირებდა (საქმ.19,21-22) წლების მიხედვით ეს არის 58 ან 59წ.

ბიბლიოგაფია:

წმინდა წერილის ახალი აღთქმის წიგნების შესასწავლად.მთავარეპისკოპოსი ამბერკი(ტაუშევი).თბილისი.2013

ნახვა: 7180

გამოხმაურებები!

გაიხარე ამის დადებისთვის

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters