თავი 1


       მხ. 1-2. უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორაშეთელ მიქას მიმართ იუდას მეფეების - იოთამის, ახაზის და ეზეკიას დროს, და რომელიც იხილა სამარიასა და იერუსალიმის გამო. ისმინეთ, ხალხებო, ყველამ! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან".
მიქა იუდეის სამეფოში იოთამის, აქაზისა და ეზეკიას მეფობისას მოღვაწეობდა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველი ორივე სამეფოს შესახებ საუბრობს, მხოლოდ იუდეველ მეფეებს ასახელებს, რადგან, განმმარტებელთა ვარაუდით, ჩრდილოეთის სახელმწიფოს მმართველები არ განეკუთვნებიან დავითის შთამომავლებს და შესაბამისად, კანონს გარეშე არიან. ნეტარი იერონიმე: წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მან საღვთო განჩინება სამარიისა და იერუსალიმის შესახებ იხილა და ამგვარ თანმიმდევრობას შეგნებულად გვთავაზობს, რადგან ჯერ ისრაელის სამეფოს დედაქალაქი დაეცა, ხოლე მოგვიანებით - იერუსალიმი).
განმმარტებელთა ნაწილი სეპტანტაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ტექსტში ნახსენები ‘მორაშეთი" მიქას მამის სახელია, მაგრამ იუდეველნი მორაშეთის ნაცვლად წერენ მორაშეთელს, რაშიც გულისხმობენ არა წინასწარმეტყველის მამის სახელს, არამედ მის საცხოვრებელ ადგილს, რადგან ამასთანავე ამბობენ, რომ მორაშეთი იუდეის სამეფოს ერთ-ერთი ქალაქი იყო . ამგვარად, მორაშეთი წინასწარმეტყველის საცხოვრებელი ადგილის სახელია. მიქას სიტყვები სამარიასა და იერუსალიმისკენაა მიმართული.
პავლე იუნგეროვი: განმმარტებლებმა ყურადღება იმას მიაქციეს, რომ სამარიის სახელი მიქას მშობლიურ იერუსალიმზე ადრეა გაჟღერებული. ერთნი აღნიშნულს ისრაელის სამეფოს განსაკუთრებულ ცოდვილიანობას უკავშირებდნენ იუდასთან შედარებით. მეორენი იმავე უწყებას სამარიის იერუსალიმზე უწინარესი დაცემით ხსნიდნენ. შესაძლოა, სამარიის ხსენება პირველი თავის ზოგადი შინაარსიდან გამომდინარეობდეს, სადაც ისრაელის სამეფო იმხილება და სწორედ ამ მიზეზით იერუსალიმს წინ უსწრებს სამარია).
       ნეტარი თეოდორიტე: რადგანაც წინასწარმეტყველემა გვაუწყა, რომ ღვთისაგან სამარიისა და იერუსალიმის შესახებ განეცხადა, სამართლიანად შემოიკრებს ხალხებს და არა ხალხს, რადგან ორ სამეფოდ გაყოფილ იუდეველებს მიმართავს).
       მხ. 3-4.  რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და თელავს დედამიწის გორაკებს. მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან ვარდნილი წყალი". მიქა ისრაელის სამეფოს დაცემის თანადროულად მოღვაწეობს და ამ სიტყვებს ჩრდილოეთის სახელმწიფოს განადგურებამდე მცირე ჟამით უწინარეს წარმოთქვამს. ამავდროულად, ისრაელთან ერთად უმძიმეს დღეში აღმოჩნდა იუდეა. უფლის გამოსვლა თავისი ადგილიდან სწორედაც რომ იუდას სამეფოზე მოწევნად განსაცდელებს გულისხმობს. მეორე მხრივ, იგივე სიტყვები მაცხოვრის შესახებ გვაუწყებენ. ‘უფალი გამოდის თავისი ადგილიდან" ანუ განკაცების გზით ევლინება წუთისოფელს. ‘მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან", წინასწარმეტყველი წარმოდგენილი ცნობებით დემონების დათრგუნვის შესახებ გვამცნობს, რაც განკაცების შედეგად განხორციელდა.
ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველის სიტყვა ალეგორიული შინაარსისაა. უფლის გარდამოსვლა ნიშნავს, რომ ღვთის ძვირუხსენებლობამ ზღვარს მიაღწია და დადგა ჟამი იუდეველთა დასჯისა. მთები, გორაკები – ამპარტავანი მმართველები არიან, რომლებსაც მაღალი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, მთების დადნობა მტრების თავდასხმას ნიშნავს, რომლებიც ძლიერ აშფოთებდნენ სამეფოებს, ველების დასკდომა ციხესიმაგრეებისა და ხალხის სიმტკიცის აღმოფხვრის მიმანიშნებელია, მთების დამადნობელი ცეცხლი - ღვთის რისხვა და მტრების მიერ სამეფოების განადგურების სიმბოლოა, ქარაფებიდან ვარდნილი წყალი – საღვთო განაჩენის დადგომის სიჩქარეზე მიუთითებს. ყოველივე ზემოთქმული მიქას მიერ წარმოსათქმელი მოძღვრების წინმსწრები ერთგვარი შესავალი ნაწილია, რაც წინასწარმეტყველის სიტყვებისადმი ყურადღების მიპყრობასა და ხალხის სინანულს იზრახავდა მიზნად).
თეოფილაქტე ბულგარელი: აქამდე ღმერთი ადამიანთა უკეთურებას ურისხველად უცქერდა და არავის განიკითხავდა, ამიერიდან კი შემცოდეთა დასასჯელად მოემართება).
        მხ. 5. იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდას გორაკები? იერუსალიმი ხომ არა?"
წინასწარმეტყველი მსმენელს კერპმსახურების შესახებ შეახსენებს. დანი და ბეთილი ამოსისა და ოსიას წიგნებში ბრალდების ობიექტად ცნობილი მიზეზების გამო არაერთხელ დასახელებულა. იმავე ბრალდების ქვეშ ექცევა იერუსალიმიც. საქმე ისაა, რომ სანამ მეფე დავითი აღთქმის კიდობანს იერუსალიმში განათავსებდა, იუდეველნი ღმერთს აღთქმული ქვეყნის სხვადასხვა ადგილზე აგებულ სამსხვერპლოებში აღუვლენდნენ შესაწირს. მოგვიანებით არსებული რეალობა შეიცვალა და საღვთო მსახურების ადგილად ყოველი იუდეველისთვის ოდენ იერუსალი გამოცხადდა. მიუხედავად ამგავრი განჩინებისა, საკუთარი ‘ღმერთებისადმი" სიმაღლეებზე მომსახურე წარმართთა ჩვეულებით ‘ცდუნებულმა" მრავალმა იუდეველმა უარი თქვა ახალ განჩინებაზე, ძველი ტრადიციის ერთგული დარჩა და იაჰვეს წარმართთაებრ ემსახურებოდა. მიქა სწორედ ამ მიზეზის გამო ამბობს: ‘რა არის იუდას გორაკები? იერუსალიმი ხომ არა?"
პავლე იუნგეროვი: მიქა საღვთო მრისხანების მიზეზებს განსაზღვრავს. ღვთის მოსალოდნელ გარდამოსვლას იუდეველი ერის უკეთურება განაპირობებს, რაც იუდასა და ისრაელის დედაქალაქებიდან ვრცელდება. წინასწარმეტყველი განსაკუთრებით იუდაურ სიმაღლეებს განაქიქებს. სიმაღლეებად მთები და გორაკები იწოდებოდნენ ადგილები, სადაც სამსხვერპლოებს განათავსებდნენ და მსხვერპლს ხან იაჰვეს, ხანაც წარმნართულ კერპებს სწირავდნენ.

        სიმაღლეებზე მსახურება იუდეველებმა ქანაანელთაგან გადაიღეს. სიმაღლეებს ხშირად ისტორიული მოვლები და საღვთო გამოცხადებები უკავშირდებოდა, ამიტომაც ხსენებულ ადგილებზე აღსრულებულ მსახურებებში რიგ შემთხვევაში მღვდლები, ლევიტელები და წინასწარმეტყველებიც მონაწილეობდნენ . სიმაღლეებზე მსახურებას გარკვეულწილად პრაქტიკული რეალობაც განაპირობებდა, რადგან იერუსალიმიდან შორს მცხოვრებ მოსახლეობას საკმაოდ უჭირდა მუდმივად სოლომონიდსეულ ტაძარში ეარა მსხვერპლის შესაწირად, ხოლო ახლოსმდებარე სიმაღლესთან მისვლა და ლიტურგიკული მსახურების აღსრულება შედარებით იოლი იყო. მაგრამ ხსენებულ ადგილებში სასულიერო პირების კონტროლის გარეშე ღვთისმსახურება გარკვეულ საფრთხესაც შეიცავდა, რადგან იუდეველთა რიტუალში ღვთისადმი ჭეშმარიტ პატივმიგებასთან ერთად ხშირად ოდესღაც იმავე აგილზე ქანაანური ტომების მიერ მომოქმედებული უკეთურებანიც იჩენდა თავს და საბოლოოდ წარმართულ შინაარსს იძენდა. ამოტომაც ძველი აღთქმის წიგნთა ავტორები ხშირად მკაცრად ამხელედნენ სიმაღლეებზე მიმდინარე მოვლენებს, ხოლო კეთილკრძალული იუდეველი მეფენი ძირფესვიანად აღმოფხვრიდნენ ხსენებულ მიდამოებში განთავსებულ სამსხვერპლოებს. მიქას დროს უკეთურმა მეფე აქაზმა იერუსალიმში არაერთი მსგავსი სიმაღლე აღადგინა.
        წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ისრაელისა და იუდას სამეფოებში უკეთურება მათივე დედაქალაქებიდან ვრცელდება. აღნიშნული შენიშვნა სავსებით სამართლიანია, რასაც ბიბლიური ისტორიაც ადასტურებს: ებრაელ იერარქთაგან იერუსალიმში და სამარიაში დათესილი ყველა სახის უზნეობა შემდგომში ხსენებული ქალაქების გავლით მთელს სამეფოებში ვრცელდებოდა). ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველი საღვთო რისხვის მიზეზზე მიუთითებს. ეს მიზეზი ისრაელისა და იუდას უკეთურება და ცოდვებია, ხოლო თუ რაში მდგომარეობდა აღნიშნული გაუკუღმართებანი, მიქა თავადვე ასახელებს: მთავარი დანაშაული კერპმსახურებაა. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები ‘რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა?" სამარია ისრაელის სამეფოს დედაქალაქი იყო, სადაც გამუდმებით მიმდინარეობდა კერპების მსახურება, აქვე მდებარეობდა წარმართული ადმინისტრაციის ცენტრი, საიდანაც კერპმსახურებასთან დაკავშირებული ყველანაირი განკარგულება გაიცემოდა. წინასწარმეტყველთა მოძღვრებაში დედაქალაქი ხშირად მთელი სამეფოს მაგივრად სახელდება. აქაც იგივე ვითარებაა და სამარიის ხსენება ზოგადად მთელი ისრაელის სამეფოს დადანაშაულებას გულისხმობს. იმავე უკეთურებების მიზეზით ღმერთი იუდასაც დასჯით ემუქრება. იერუსალიმმა მთელი იუდეა გარყვნა, ამიტომაც ხსენებული სამეფოს დედაქალაქზე საღვთო მრისხანების ღრუბელი შეიკრიბება).
        მხ. 6. ქვების გროვად ვაქცევ ტრამალზე სამარიას, ვენახის ჩასაყრელ ადგილად; ველად გადავყრი მის ქვებს და გავაშიშვლებ მის საძირკველს".
ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველმა ზოგადად ისაუბრა ისრაელისა და იუდას უკეთურების შესახებ, საკუთარი მამხილებელი მოძღვრებისთვის სამხილებელი საკითხი გამოკვეთა, ამჯერად, მე-6 მუხლიდან, სამსჯელო თემის გაშლას იწყებს. ‘ქვების გროვად ვაქცევ ტრამალზე სამარიას": ისეთ ნანგრევებად ვაქცევ დედაქალაქს, - ამბობს მიქას ბაგეებით უფალი, - რომ ქვა ქვაზე არ დარჩება. ადგილზე, სადაც ის იყო გაშენებული, სიცარიელე დაისადგურებს. ისრელის მთავარი ქალაქი მაღალ გორაკზე იყო გაშენებული და დიდი ველები მოიცავდა გარშემო. ასურელთა მიერ მისი დაპყრობისას სახლებისა თუ გალავნის კუთვნილი ქვები ქვევით მიგორავდა და ველზე იშლებოდა, სამწლიანი ალყის დასასრულს სამარია ნანგრევების გროვად იყო ქცეული).
       მხ. 7. ყველა მისი კერპი გაცამტვერდება, ყველა მისი ნამსხვერპლი ცეცხლში დაიწვება და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან ბოზობის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ; ამიტომაც ბოზობის გასამრჯელოდ შეიქნებიან".
ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველი იუწყება, რომ ასურელთაგან სამარიის დაპყრობისას ყველანაირი კერპი, ქანდაკი განადგურდება და მისი გასამრჯელო გაცამტვერდება. ძველი სამყაროს აღმოსავლელ ხალხებს ჩვეულებად ჰქონდათ შესაწირის მიტანა ბონებსა და ქურუმებთან მათი ღვთაებების ‘მფარველობის წილ". ხშირად ისეც ხდებოდა, რომ ღვთაების სასარგებლოდ მრუშობისა და სიძვის გზით ახდევინებდნენ გადასახადს. მსოფლიოს მრავალ ქალქში (ბაბილონი, ნინევი, ფინიკია და ა.შ.), ასტარტას სახელზე აგებულ წარმართულ ტაძრებში ხსენებული ღვთაებისადმი მიძღვნილი ტყეები (ჭალები) არსებობდა, სადაც განსაკუთრებული დღესასწაულებისას სიძვა-მრუშებანი აღესრულებოდა. მისული ხალხი გადასახადებს ბომონების ასაგებად, მათ შესანარჩუნებლად, კერპების მოსავლელად, მომსახურე პერსონალის შესანახად ქურუმს უხდიდა. სწორედ ამგვარი ბომონების არსებობაზე მიუთითებს მიქა, როდესაც ‘ბოზობის გასამრჯელოზე" საუბრობს. ყოველივე ამას, - ამბობს წინასწარმეტყველი, - მტრები ან დაწვავენ და გაანადგურებენ, რადგან უწმენდურებითაა შეძენილი და აგებული, ანაც ასეთივე გარყვნილი საჭიროებისთვის, იმავე სამეძაო საჩუქრების სახით გამოიყენებენ საკუთარ სამშობლოში. ასურელები, რასაც დაუწველად ტოვებდნენ, იმას იტაცებდნენ. მათ ოქროს ხბო გაიტაცეს, რომელსაც ტირილით მიაცილებდა ისრაელის ერი).
        მხ. 8-9. ამაზე ვგლოვობ და მოვთქვამ, ფეხშიშველი და ტიტველი დავდივარ, ტურასავით ვკივი და სირაქლემასავით ვკვნესი. რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები; რადგან მიადგა იუდას და ჩემი ერის კარიბჭეს - იერუსალიმსაც უწია".
ბერძნული და ებრაული ბიბლიის შესაბამისი ადგილები ერთმანეთისგან სხვაობენ. ებრაულის მიხედვით, მოსალოდნელი განსაცდელის გამო ფეხშიშველი და ტანშიშველი დადის, გლოვობს და მოთქვამს მიქა. ბერძნულის თანახმად კი, ყველა ხსენებული მოვლენა სამარიას განეკუთვნება.
ეპისკოპოსი პალადი: რადაგან ისრაელის მოსახლეობამ ღმერთს ზურგი აქცია და უწმინდურობას ეზიარა, ამიტომაც ფეხშიშველსა და ტანშიშველს მოუწევს ასურულ ტყვეოაბში წასვლა, როგორც ჩვეულებისამებრ აღმოსავლეთში ხდებოდა ეს. ტყვეობის ჟამი ისეთი მძიმე იქნება, რომ ხალხი მწარედ გლოვასა და მოთქმას შეუდგება მსგავსად რიგი არსებებისა. მიქა განსაკუთრებული მწუხარების მიზეზზეც საუბრობს: ღვთისგან განკუთვნილი წყლული არა მარტო ისრაელს დატანჯავს, არამედ იუდასაც შეეხება და თავად ღვთის ქალაქს იერუსალიმს მიაღწევს. აღნიშნული წინასწარმეტყველების აღსრულება ასურელთა თავდასხმას უკავშირდება, რომლებსაც ისრაელისკენ გზას თავად იუდეველები მიუთითებდნენ, ეძახდნენ რა მათ დასახმარებლად. ხსენებულმა მტრებმა მეფე ფულისა და ტიგლათფალასარის დროს ჯერ დააცარიელეს ისრაელი, ხოლო მოგვიანებით, ასურეთში სალმანასარისა და სარგონის ზეობისას, საერთოდ გაანადგურეს იგი, საიდანაც იუდაშიც შეიჭრნენ და მეფე ეზეკიას ზეობისას მართლაც იერუსალიმის კარიბჭემდე მიაღწიეს, ყველგან უბედურება და სიკვდილი დათესეს, მოსახლეობის ნაწილი კი ტყვედ წაასხეს (იგულისხმება სენნახირიმის თავდასხმა). რა თქმა უნდა, ამ დროს მოთქმა-გოდების ხმა ისმოდა იუდაში).
       მხ. 10. ნუ ამცნობთ გათში, ტირილს ნუ გამართავთ! მტვერში გაგორდით ბეთ-ლეყაფრაში".
აღნიშნული ადგილი მეფეთა წიგნებს ეხმიანება. თავის დროზე, როდესაც მეფე დავითმა საულისა და იონათანის სიკვდილის შესახებ შეიტყო, შემდეგი სამგლოვიარო სიტყვები წარმოთქვა: ‘ნუ გაამხელთ გათში, ნუ გამოაცხადებთ ასკალონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა, არ იზეიმონ წინდაუცვეთელთა ასულებმა" . დავითს არ სურდა, რომ დაუძინებელ მტრებს იუდეველთა მეფისა და ოჯახის ტრაგიკული ბედი შეეტყოთ და ამით გაეხარათ. იმავე ხერხს მიმართავს მიქაც. მოცემულ შემთხვევაში წინასწამრტყველი სიტყვათა თამაშს იყენებს და ირონიის საშუალებით მსმენელს მომავალი უბედურებების გარდაუვალობას უქადაგებს. ხსენებული მეორე ქალაქი ლეყაფრა ბენიამინის კუთვნილ მიწაზე მდებარეობდა, ბეთილთან ახლოს. ბეთ-ლეყაფი ითარგმნება როგორც ‘მტვერის სახლი" . მიქა ხსენებული ქალაქის მკვიდრებს მოუწოდებს, გლოვის ნიშნად მტვერით დაიფარონ საკუთარი თავი.
        მხ. 11. ჩაიარეთ თქვენთვის, შაფირელნო, სამარცხვინო სიშიშვლეში! ვერ დააღწევს თავს ცაანანელი; ბეთეცელში გლოვა არ გაგაჩერებთ".
ეპისკოპოსი პალადი: შინაარსი ასე შეიძლება გვესმოდეს: თქვენ, დიდებულ ქალაქ შაფირში მცხოვრებნო, ძვირფასი სამოსის მოტრფიალენო, უდიდესი სირცხვილით, განმოსილებს მოგიწევთ ტყვეობაში წასვლა. ცაანანში მცხოვრებნიც ვერ გაექცევიან მტერს, ბეთეცელშიც გლოვა და მოთქმა დაისადგურებს).
        მხ. 12. ‘რადგან სწუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე".
ნეტარი თეოდორიტე: წინასწარმეტყველი ამჯერად სიტყვას იერუსალიმისკენ მიმართავს, მაგრამ სიტყვათა წყობა საკმაოდ რთულია და ბურუსითაა მოცული. ამიტომაც თქმულის შინაარსი სიტყვათა ამგვარ წყობაში უნდა ვეძებოთ: ვინ არის კეთილმოწყობილ და მშვიდობით დამტკბარ ქალაქზე მოწეული უბედურების მიზეზი? მიქას სურს აჩვენოს, რომ არა თუ ადამიანი, არამედ თავად უფალი ღმერთი განუკუთვნებს სასჯელს ქალაქს, მასში არსებული უკეთურებებისთვის შურისძიების მიზნით).
        მხ. 13. შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი სიონის ასულისთვის!), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი!"
ეპისკოპოსი პალადი: ზემოთ მიქა ასურელების იუდას სამეფოზე, იერუსალიმზე, თავდასხმის შესახებ საუბრობდა, მაგრამ იერუსალიმამდე სენნახირიმმა ქალაქი ლაქიში მოაქცია ალყაში და დაიპყრო იგი, ხოლო აქედან საკუთარი მხედართმთავარი რაბშაკე მიავლინა ეზეკიასთან დედაქალაქის ჩაბარების მოთხოვნით. სწორედ ამიტიმ, წინასწარმეტყველი ლაქიშის მკვიდრებს მიმართავს და მტრის თავდასხმის შესახებ აუწყებს. მას ცხენებისა და ეტლების ხმაური ესმის, რომლებიც საშინელი ძალით ხსენებული ქალაქისკენ მიემართებიან, რადგან ცოდვის სათავეა ლაქიში, სწოერედ აქედან დაიწყო ურჯულოება – ხბოების თაყვანისცემა, რამაც უმძიმესი ცოდვები შისძინა იუდასა თუ ისრაელს).
პავლე იუნგეროვი: წინამდებარე თვაში გადმოცემულ შემაძრწუნებელ უწყებებს მსმენელთა ყურადღება უნდა მიეპყრო და საღვთო მსჯავრის დადგომის შესახებ თხრობას საზოგადოებისთვის საკუთარი ქმედებების ავკარგიანობის შეფასების სურვილი უნდა აღეძრა. წარსულში საღვთო მრისხანების მრავალგზის დამაცხობელი სინანულის გახსენება ხალხს კვლავაც შენანების აუცილებლობაში დაარწმუნებდა. შემდგომი მამხილებელი სიტყვები კი სწორედ ამ საშუალებების გაცხადებას ემსახურება).

თავი 2


       მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა წინარე თავში მომავალი უბედურებების შესახებ ისაუბრა, ამჯერად ამ უბედურებათა მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას და მთელი იუდეველი ერის, მოქალაქეთა ყველა ფენის ზნეობრივ გაუკუღმართებას წარმოაჩენს: მმართველებს დაუნდობლობაში, მოსახლეობის დაბალი ფენის ძარცვაში ადანაშაულებს. ცრუ წინასწარმეტყველებს თანატომელთა მოტყუებისთვის ამხელს, ხოლო ზოგადად მთელს ერს მორალურ გახრწნაში სდებს ბრალს.
       მხ. 1. ვაი ავისმზრახველთ და ბოროტისმოქმედთ, განთიადისას რომ სჩადიან თავიანთ საწოლებზე, როცა ძალა აქვთ ხელებში! მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს".
მიქა კვლავ მამხილებელ სიტყვებს წარმოთქვამს. ადამიანები, რომლებსაც გარკვეული თანამდებობები ჰქონდათ და ხელეწიფებოდათ სხვისი ბედი განეგოთ, ღამე უკეთურ ჩანაფიქრს იზრახავდნენ, ხოლო ალიონზე, როდესაც ყოველ იუდეველს იერუსალიმში აღსრულებული დილის მსხვერპლშეწირვისას ხელები ზეცად უნდა აღეპყრო და ღმერთისთვის ლოცვით მიემართა, ჩანაფიქრის განხორციელებას იწყებდნენ.
       მხ. 3-5. ‘ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ბოროტს ვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლისგანაც ვერ გაითავისუფლებთ კისრებს და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება. იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის ხვედრი სხვას შეხვდა! როგორ გამცილდა! ჩვენ დამატყვევართ დაუნაწილდა ჩვენი ყანები. ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი".  წინასწარმეტყველი უსამართლობის ჩამდენებს სასჯელების შესახებ აუწყებს, რაშიც იუდეის სამეფოს მომავალი ბაბილონური ტყვეობა იგულისხმება. მართალია, აღნიშნულ ჟამამდე ჯერაც საკმაო დრო რჩება, მაგრამ იუდეველ ერს ცოდვის გზა აურჩევია და არც კი ფიქრობს რაიმე შეცვალოს, რაც შესაბამისი შედეგით უნდა დასრულდეს.
მიქა თხრობის იგავურ ფორმას იყენებს, რაც ძველ ისრაელში ქალაქების დაცემისა და ცნობილი გმირების გარდაცვალებისას სამგლოვიარო საგალობლების სახით წარმოითქმოდა. ამავდროულად, იმავე სიტყვებში მწარე ირონიაც ხმიანდება: დადგება ჟამი, როდესაც თანამემამულეებზე მოძალადე იუდეველები თავდაც დაკარგავენ ყველაფერს; სხვისი მიწის ნაკვეთის მიმთვისებელნი საკუთარი მინდორ-ველების გარეშე დარჩებიან.
ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველის თქმით, რჩეული ერის წინააღმდეგ მომართული ასურული და ბაბილონური განსაცდელები ისეთი შემაძრწუნებელი იქნება, რომ მყისვე შეიტყობენ ამის შესახებ მსოფლიოს ხალხები და აღნიშნული მოვლენა მათ იგავურ თქმაშიც კი აისახება. ყველას გაუკვირდება მომხდარი და საკუთარი თუ სხვისი განსაცდელისას ასე იტყვიან: ჩვენ ვივნეთ მსგავსად ისრელისა).
        მხ. 6. ‘ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს".
ებრაელი ერის მარავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთა გვერდით მუდმივად ჩნდებოდნბენ სიყალბის მქადაგებელი ადამიანები. პირველნი, რომლებიც ღვთის კურთხევით გამოიხმობოდნენ ასპარეზზე, ხალხს საღვთო რჯულით გაცხადებული ზნეობრივი და ეთიკური ღირებულებების შეწყნარების თაობაზე აუწყებდნენ. მეორენი კი ცდილობდნენ, საზოგადოებაში ცრუ განწყობები, წარმოდგენები შეექმნათ. ისინი ამბობდნენ, რომ სანამ იუდეველი ერი რჯულიერ რიტუალურ მსახურებას აღასრულებს, საფრთხე არ ემუქრება, რადგან ღმერთი ყოველგვარი ბოროტებისგან დაიცავს მას.
ხალხს კეთილდღეობას ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებიც ჰპირდებიან, მაგრამ ეს, მათი თქმით, მომავალში მოხდება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც რჩეული ერი მთელი გულით საკუთარი უფლისკენ მიიქცევა და მოცემულ რჯულს გულწრფელად აღასრულებს. ამ ადამიანთა მიერ წარმოთქმულ სიტყვაში არსად ისმის ყურის საამებელი მოძღვრება, არსად ჩანს განსახილავი საკითხისადმი მშვინვიერი, გრძნობადი დამოკიდებულება, ხოლო საპირისპიროდ ამისა ცრუ წინასწარმეტყველები საზოგადოებაზე განწყობის შესაბამისად მანიპულირებენ, მათთვის მოსაწონის თქმას ცდილობენ. მიქა მოცემულ შემთხვევაში სწორედ სიყალბის მქადაგებელთა შესახებ საუბრობს.
        ნეტარი იერონიმე: ო, იაკობის სახლო! თავი არ მოიტყუო, ნუ იტყვი სიცრუით: ‘ხომ მოწყალეა ღმერთი?! ტყვეობა, რისიც გვეშინია, განგვერიდება. განა დაკნინდება მისი უსაზღვრო მოწყალება და მიმტევებლობა, რაც ყველა თაობამ საკუთარ თავზე იწვნია, და განა სისასტიკით მოგვეპყრობა?" ხალხის ამგვარ განსჯაზე უფალი პასუხობს: ჭეშმარიტად სახიერი ვარ და ჩემი სიტყვები წყალობითაა აღსავსე, მაგრამ მათთვის, ვინც სათნოდ ცხოვრობს, ხოლო ვინც მე მემტერება, ღარეიბსა და გლახაკს შეურაცხყოფს, კერპებს ეთაყვანება… საღვთო რისხვას განიკუთვნებს ასეთი). პავლე იუნგეროვი: მიქა ცრუწინასწარმეტყველებს ამხელს, რადგან გულგრილად უცქერდნენ ისინი საკუთარ თანატომელთა შეცოდებებს, ხოლო მოწევნილ განსაცდელებს წარმართულ ღვთაებებთან შედარებით იაჰვეს სისუსტეს მიაწრედნენ. მოუძლურდა იაჰვეს სული, - ამბობდნენ ისინი, - მისი ძალა უღონოიქმნა და ამიტომაც არ ძალუძს იუდეველთა ხსნა წარმართი ხალხებისგან.
        მიქა წარმოდგენილ ცრუ შეხედულებებს უარყოფს. წინასწარმეტყველის აზრით, იუდეველთა განსაცდელები არა თუ იაჰვეს სისუსტის, არამედ თავად ამ ერის შეცოდებების შედეგია. ყოვლისშემძლეა ღმერთი, მისი სიტყვა და განჩინება სიკეთესა და წყალობას ანიჭებს ადამიანებს, რაც მხოლოდ მართალთ მიემადლება, ხოლო იუდეველებს არ გააჩნიათ სათნოება. ისინი მხოლოდ სახელით არიან იაკობის მემკვიდრენი, ცხოვრებით კი არანაირად არ იმსახურებენ მსგავს მაღალ წოდებას. ამიტომაც აწმყოსა თუ მომავალში მოწევნადი განსაცდელები ერის შეცოდებათა შედეგია და არა იაჰვეს სისუსტის გამოვლინება).
       მხ. 7. ‘ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემ სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად იქცევა".
ნეტარი იერონიმე: ჭეშმარიტად სახიერი ვარ, ამბობს ღმერთი, მაგრამ მათთვის, ვინც ჩემს მცნებებს იმარხავს, ხოლო ისინი, ვინც კერპებს ეთაყვანება, ღარიბის, ქვრივისა და ობლის ქონებას ძალით ეპატრონება, საკუთარ შემოქმედს უპირისპირდება და აღსრულებულ უკეთურებათა გამო სინანულს არ განიცდის, საღვთო რისხვას განიკუთვნებენ).
         მხ. 9. ‘ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით; მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას".
ეპისკოპოსი პალადი: რადგანაც უმაღლესი ხელისუფალნი რიგითი მოსახლეობის მიმართ საშინელ სისასტიკეს იჩენდნენ და ქონების დასაკუთრების მიზნით საკუთარი სახლებიდან აძევებდნენ მათ, დადგება დრო, როდესაც თავადვე განიდევნებიან უსამართლო მონაპოვარით აგებული მშვენიერი საცხოვრისებიდან, მტრის მიერ გაიძარცვულნი იქნებიან, რადგან უკეთური საქმეების მიზეზით, სისასტიკის გამო გარემიიქცა მათგან უფალი).
         მხ. 10. ‘ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი; უწმიდურობის გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი".
ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველი კვლავ აგრძელებს მსჯელობას უდეველთა განდევნის შესახებ. მაშ ასე, - ამბობს ის, - აღდექ ისრაელის ერო, აღთქმული მიწიდან გაიქეცი, რადგან აღარ არის თქვენთვის აქ მეტად მშვიდობა და ბედნიერება, პირიქით, დაქცევა და მხოლოდ განსაცდელები მოგელის მტრებისგან. შემდეგ მიქა იმასაც მიუთითებს, თუ რა მიზეზით მოუწევს რჩეულ ერს აღთქმული ქვეყნის დატოვება: ეს მიწა ღვთის საკუთრებაა და წმინდაა იგი, ხოლო წმინდა მიწაზე წმინდანები უნდა მკვიდრობდნენ. თქვენ კი, ამბობს მიქა, - სულაც არა ხართ ასეთნი, უწმიდურობის გამო გაიტანჯებით და მწარე იქნება სატანჯველი, ე.ი. ბოლომდე ხართ შერყვნილნი და საკუთარი გარყვნილების მიზეზით სრულად გადაცდით ჭეშმარიტების გზას. გარყვნილებაში კერპმსახურება და უწმინდური ცხოვრება იგულისხმება. ‘წინასწარმეტყველი გვასწავლის, ამბობს წმინდა ეფრემ ასური, რომ წმინდანთა მიწაზე არ უნდა სახლობდეს უწმინდური ერი, რომ საკუთარი მკვიდრების მიერ უკეთურებით შერყვნილი მიწა მათივე სისხლით უნდა იქნას განწმენდილი").
         მხ. 12. ‘მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან".
ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველი იუდეველთა ყველა ტომის შემოკრების შესახებ საუბრობს. აღნიშნული მოვლენა უცხოობაში, ტყვეობის ჟამს აღესრულა, როდესაც ასურეთი და ბაბილონი ერთიან სახელმწიფოდ, ასურეთ-ბაბილონად, გარდაიქმნა, ხოლო ეს უკანასკნელი დარიოს მიდიელისა და კიროსის, დაახლოებით ძვ. წ. აღ. 550 წელს სპარსეთის იმპერიის დამაარსებელის, მიერ იქნება დამორჩილებული. სწორედ მაშინ შემოიკრიბნენ ისრაელიანნი და იუდეველები ერთი სპარსული მმართველობის გარშემო, როგორც ცხვარი იკრიბება ფარეხში. რჩეული ერის დამატყვევებელი ხალხები ღვთის ნებსს აღასრულებდნენ, ხოლო მთავარი მოქმედი სწორედაც რომ უფალი იყო).
        მხ. 13. ‘მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან და უკანვე გამოვლენ; ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი მათ სათავეში".

თავი 3


        მხ. 1. ‘ვთქვი: ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა?"
პირველი ოთხი მუხლის თანახმად მიქა კვლავ აგრძელებს იუდეველი იერარქების მხილებას, ხოლო მომდევნო ნაწილში მისი ყურადღება ცრუ წინასწარმეტყველებისა და ყალბისმქადაგებელი მოძღვრებისკენაა მიპყრობილი.
         მხ. 2-3. ‘სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ. ვინ არიან, ჩემი ხალხის ხორცს რომ ჭამენ და აძრობენ ტყავს? ვინ არიან, რომ ამტვრევენ მათ ძვლებს და აქუცმაცებენ როგორც ქვაბში და ხორცს როგორც ქოთანში?"
პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი იუდეველი დიდებულების მხრიდან ღარიბებისადმი გამოვლენილ სისასტიკეზე მიუთითებს. ისინი ხალხს არა მხოლოდ კანსა და ხორცს აცლიდნენ, არამედ აქუცმაცებდნენ მათ და ხორცსა და ძვლებს ჭურჭელში ათავსებდნენ. მიქას მიერ გამოყენებული მეტაფორა წარჩინებული ფენის ენითგამოუთქმელ დაუნდობლობას წარმოაჩენს).
ეპისკოპოსი პალადი: მას შემდეგ, რაც წინა თავში მიქამ ტყვეობის შესახებ ისაუბრა, ამჯერად მიზეზებზეც მიუთითებს. წინასწარმეტყველის თქმით, ტყვეობას იერარქების, მოსამართლეების, ცრუმქადაგებლებისა და მღვდლების უკეთურებანი განაპირობებს. უფალი მიქას ბაგეებით ასე მიმართავს ხელისუფალთ: ისმინეთ, უკეთურების მოქმედნო! ისე გარყვნილხართ, რომ ბუნების საპირისპიროდ, ნაცვლად სიკეთის სიყვარულისა შეგძულებიათ იგი და ბოროტებას ეტრფით, რისგან განკრძალვას თავად ბუნება გასწავლით. ისეთ სისასტიკემდე მისულხართ, რომ მსგავსად მტაცებელი მხეცებისა ტყავსა და ხორც აგლეჯთ მოსახლეობას, ანუ ცხოვრების ყველანაირ პირობებში ეცილებით მათ და უმძიმეს ტკივილებს აყენებთ. მაგრამ ესეც მცირედია თქვენთვის. უფალი ამ ადამიანებს სისხლისმჭამელ ცხოველებს ადარებს, რომლებიც ნაკუწებად გლეჯენ საკუთარ მსხვერპლს და ძვლებსაც კი დაუნდობლად ამსხვრევენ. სწორედ იგივე დაუნდობლობით მოქმედებდნენ ხელისუფალნი და ანადგურებდნენ იმას, ვისაც მათთან მოუწევდა შეხება).
         მხ. 5-8. ‘ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს; მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან; თუ ვინმემ რამე არ ჩაუდო პირში, ომს უცხადებენ. ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვების გარეშე და სიბნელე - მისნობის გარეშე; მზე ჩაესვენება წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაუბნელდებათ; გაწბილდებიან მისნები, შერცხვებიან მკითხავები და პირს დამუწავენ ყველანი, რადგან პასუხს არ გაიღებს ღმერთი. მე კი აღვსებული ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს მისი ცოდვა".
ცრუ წინასწარმეტყველთა ერთადერთი მამოძრავებელი ძალა ვერცხილისმოყვარეობა იყო. მიქა ამბობს, რომ ამ ადმიანთა მიერ განხორციელებული უკეთურებების გამო დადგება დრო, როდესაც ზეგარდამო საიუდუმლოებების გაცხადება საბოლოოდ შეწყდება .
ნეტერი იერონიმე: წინამდებრე მუხლებიდან ვგებულობთ, რომ ხალხში ყალბი წინასწარმეტყველები მიმოდიოდნენ და საჩუქრების სანაცვლოდ მშვიდობას ქადაგებდნენ, მაგრამ თუკი მავანი მათ ძღვენზე უარს ეტყოდა, ასეთს ღვთის საშინელი რისხვით ემუქრებოდნენ, თუნდაც რომ ეს ადამიანი წმინდა ცხოვრებით ყოფილიყო გამორჩეული. ამიტომაც დადგება ჟამი, როდესაც ფსევდო მოძღვართა დანაპირების საპირისპირო რამ მოხდება და უმძიმესი განსაცდელების ფონზე ამ ადამიანთა თავზე მშვიდობის მზე ჩაესვენება).
         პავლე იუნგეროვი: ფსევდომქადაგებლები საზოგადოების წინაშე რიგ შემთხვევაში განსაცდელების შესახებაც იუწყებოდნენ, მაგრამ როგორც კი მსმენელები მოსმენილით შეძრწუნდებოდნენ და პატივის ნიშნად მქადაგებლებს გარკვეულ ძღვენს მიართმევდნენ, ცრუმოძღვართა დამოკიდებულება მყისიერად იცვლებოდა და ისინი მშვიდობისა და კეთილდღეობის თაობაზე იუწყებოდნენ, ხოლო ვინც მათ სურვილს არ მორჩილებდა, ასეთს ღვთის სახელით ომის გარდაუვალობას ატყობინებდნენ). ეპისკოპოსი პალადი: მიქა ასე მიმართვს მსმენელს: ცრუ მოძღვარნი, მკითხავები და მოგვები უბედურებას მოიწევენ და მათზე მიმნდობებსაც ძვირს შეამთხვევენ. თქვენ ღვთისაგან მოვლენილი წინასწარმეტყველების წილ, რომლებიც მხოლოდ ზეგარდამო მოძღვრებას გაუწყებენ, თვითნებურად მქადაგებელნი აგირჩევიათ. არ ძალუძთ მათ, სიმართლე გაუწყონ, თქვენი უკეთურება და ცოდვა ამხილონ, ჭეშმარიტ მოძღვარს კი ზეციდან აქვს ამგვარად მოქმედების ნიჭი მოცემული. ერთნი სიცრუის სულით წინამძღვრობენ, ხოლო მეორენი, საღვთო სულით აღვსილნი, ღვთისაგან მადლით ცხებულნი, ოდენ ჭეშმარიტებას ღაღადებენ).
         მხ. 9-12. ‘ისმინეთ ეს, იაკობის სახლის თავკაცნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ. სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით - იერუსალიმს. მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ; უფალს ემყარებიან, ამბობენ: განა ჩვენს შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწევაო. ამიტომ შენს გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი - ტყიან ბორცვად". წინამდებარე მუხლებში წინასწარმეტყველი გარკვეული კატეგორიის ადამიანებს უსამართლობაში ადანაშაულებს. როდესაც იუდეველი მოსამართლე განსაკუთრებული სირთულის მომცველი საქმის განხილვას შეუდგებოდა, საკითხის გამორკვევის მიზნით მღვდლებისთვის უნდა მიემართა, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას მოსეს რჯულში წარმოდგენილი შესაბამისი კანონები გათვალისწინებული ყოფილიყო . სწორედ ამ დროს იერუსალიმელი მღვდლები სასამართლო დავაში მონაწილე პირთაგან გასამრჯელოს ღებულობდნენ და რჯულის ინტერპრეტაციას ქრთამის გადამხდელთა ინტერესების გათვალისწინებით ახდენდნენ, რაც საბოლოო ჯამში სასამართლოს მიერ არასწორად გამოტანილი განაჩენით სრულდებოდა. ტყუილად როდი ამბობს რჯული: ‘სამართალს ნუ გაამრუდებ, მიკერძოებული ნუ იქნები და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და ასხვაფერებს მართალთა სიტყვებს" .
მიქას უწყება სიონის, იერუსალიმისა და ტაძრის განადგურების შესახებ (მხ. 12) იერემიას წინასწარმეტყველებაში მეორდება. კერძოდ, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: რჩეული ერის შეუნანებლობის შემთხვევაში იერემია იერუსალიმის დაქცევას იუწყებოდა. იუდეველებმა, რომლებსაც მოსმენილი სიტყვები არ ეამათ, შეიპყრეს იგი და მისი მოკლვა გადაწყვიტეს, რადგან მღვდლები და ცრუ მოძღვრები იუდას დედაქალაქის შესახებ გამოთქმულმა მოსალოდნელმა მკაცრმა ხვედრმა ძლიერ აღაშფოთა. წინასწარმეტყველი განსასჯელად იძულების წესით ტაძრის ეზოსკენ წაიყვანეს.

        იქვე მოიყარეს თავი იუდეველმა მთავრებმაც. გამძვინვარებულ ბრბოში რამდენიმე გონიერი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებმაც მაშინვე მოიაზრეს, თუ რა ხერხი გამოეყენებინათ იერემიას გამოსახსნელად. მათ სწორედ მიქას წინასწამრტყველება გაიხსენეს. ისინი ამბობდნენ, რომ იუდეველი მეფეების - იოთამის, აქაზისა და ეზეკიას თანამედროვე მიქაც იუწყებოდა იერუსალიმის დაქცევას, თუმცა ეზეკიას ამის გამო წინასწარმეტყველი სიკვდილით არ დაუსჯია. პირიქით, მეფემ მამხილებელი სიტყვები შეისმინა, დაიჯერა და მითითებული უკეთურებანი დაუტევა. შესაბამისად, არ იმსახურებს სიკვდილს იერემიაც .
ბიბლიის მკვლევარნი მიქასა და იერემიას წიგნის შესაბამის ადგილებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ უზენაესი რიგ შემთხვევაში მიმართავდა მომავლის გაცხადების ხერხს, რომელსაც პირობითი წინასწარმეტყველება ეწოდება. ხსენებულ ხერხში იგულისხმება, რომ ამა თუ იმ წინასწამრტყველის მიერ გამოთქმული მოვლენა სინამდვილეში არ აღსრულდება და ღმერთი ქადაგების ასეთ ფორმას ადამიანებში სინანულის აღძვრის მიზეზით მიმართავს. მოცემულ შემთხვევაში, იერემიას წიგნის თანახმად, მიქას მიერ იერუსალიმის განადგურების შესახებ გამოთქმული წინასწამრტყველება არ შესრულდა, რადგან მეფე ეზეკიამ ხალხთან ერთად შეგონება შეისმინა და გაუკუღმართებული გზების გამოსწორებას შეეცადა. იგივე ხდება იონას მოღვაწეობისას. ნინევში ჩასული წინასწამრტყველი ქადაგებს: ‘კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევი" . ხსენებული ვადის გასვლის შემდეგ ასურეთის დედაქალაქი გადარჩა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, პირობითია წინასწამრტყველება, რომელიც მითითებულ დროს არ აღესრულება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ ნიშნავს მის საბოლოო გაუქმებას. მიქასა და იონას შემთხვევაში, მართალია, ღმერთმა საწინასწარმეტყველო სიტყვაში გაჟღერებული სასჯელი არ მოავლინა, მაგრამ ეს ერთგვარი გადავადება აღმოჩნდა და როგორც ერთი, ისევე მეორე მოვლენაც (ნინევისა და იერუსალიმის დაცემა) მოგვიანებით მაინც აღესრულა.
        ეპისკოპოსი პალადი: ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნები ხალხის დათრგუნვით, ძალადობით, ძარცვით საკუთარ ქონებას ამრავლებდნენ, სახლებს განივრცობდნენ და სიმდიდრის ნაწილი ტაძარში საღვთო შესაწირად მიჰქონდათ, რისი მიზეზითაც იუდეველებს მიქა და მრავალი სახვა მოღვაწე ამხელდა. წინასწარმეტყველი ხელისუფალთა და სასულიერო პირთა შემოსავლის წყაროსაც უთითებს: ეს სხვადასხვა სახის საჩუქრები და ქრთამია. ყველა, ვისაც კი რაიმე სახის ძალაუფლება გააჩნდა, მაქსიმალურად იყენებდა საკუთარ მდგომარეობას: მოსამართლეები მხოლოდ საჩუქრების სანაცვლოდ განსჯიდნენ, მღვდლებს სასყიდლისა და გარკვეული შესაწირის გარეშე ხალხის განსწავლისა და კითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი არ გააჩნდათ. ცრუ წინასწარმეტყველები ოდენ ვერცხლის ფასად ‘იუწყებოდნენ მომავალს" და ადამიანები, რომლებიც მათ მიმართავდნენ, უდიდესი იმედით იყვენენ აღსავსე, რომ ღმერთი არასოდეს გარემიაქცევდა რჩეული ერისგან საკუთარ წყალობას პატრიარქებთან დადებული აღთქმების მიზეზით. ამიტომაც, არ სჯეროდათ რა ჭეშმარიტი მქადაგებლებისა, რომლებიც ისრაელის, იერუსალიმისა და იუდას დაღუპვას იუწყებოდნენ, ასე მიმართავდნენ მიქასა და სხვა მოღვაწეებს: ცრუობთ თქვენ, რაჟამს ღვთის რისხვაზე გვესაუბრებით, იერუსალიმის განადგურებასა და სამეფოს დაცემაზე გვიქადაგებთ. განა მარადის ჩვენთან არ არის დამკვიდრებული უფალი თავისი მადლმოსილებით მისსავე ტაძარში, აღთქმის კიდობანზე ვითარცა საკუთარ საყდარზე დაბრძანებული, მისგანვე ამორჩეული ერის წიაღში? შეუძლებელია, ჩვენ რამე ცუდი გვეწიოს, რადგან ღმერთია ჩვენი მფარველი!
        არასწორად განსჯით ღმერთის შესახებ, - ამბობს მიქა, თითქოს ვალდებულია იგი გიხსნათ, თუნდაც რომ არ იმსახურებდეთ ამას. სწორედ თქვენი უკეთურების, ცოდვების გამო გეწევათ დიდი რისხვა: ტაძარი, რომელსაც ეგზომ სასოებთ, იერუსალიმი, სადაც მკვიდრობთ, მტრების მიერ განადგურდება, სიონი ცარიელ მინდვრად იქცევა, რომელსაც მხვნელები გადახნავენ, იერუსალიმი ნაყოფის ჩამოკრეფის შემდეგ დაცარიელებულ ხილის ბაღს დაემსგავსება და ასევე დაიცლება იერუსალიმი დარბევისა და იავარქმნის შემდეგ. უფლის სახლის მთა (მორია, რომელზეც ტაძარი იყო აღმართული) ბორცვად იქცევა, სადაც მხოლოდ ტყე იხარებს და ქვების გროვა დარჩება. აღნიშნული წინასწარმეტყველება ბაბილონელმა მეფემ, ნაბუქოდონოსორმა აღასრულა საკუთარი დაცვის უფროსის – ნაბუზარდანის მიერ, რომელმაც იერუსალიმი და ტაძარი მიწასთან გაასწორა).

თავი 4


       მიქას წიგნის მე-4 და მე-5 თავებში ნაუწყებია მომავალი სამეუფოს შესახებ, რაც წითელ ხაზად გასდევს საწინასწარმეტყველო წიგნებს.
მხ. 1-2. ‘უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები. მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა".
       წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებაა. ‘მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ხაზგასმული ტერმინებით (მთები და გორაკები) ელინური ფილოსოფია აღინიშნება, რადგან იგი ზეაზიდული მწვერვალის დარად ჩანდა ძველი აღთქმის ეპოქაში. საოცარია ფილოსოფიურ სამყაროში დავანებული სიბრძნე, განსაკუთრებით პლატონი და მისი მოძღვრება ღმერთის შესახებ. ეს იყო მაქსიმუმი, რისი მოპოვებაც ადამიანს საკუთარი ძალებით ხელეწიფებოდა. მიქა ამბობს, რომ დადგება ჟამი, როდესაც კაცობრივი სიბრძნის წილ სამყაროს შეეძლება აღმატებული ღვთაებრივი ჭეშმარიტება მოისმინოს და თანაეზიაროს მას.
‘მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში…" თავის დროზე, როდესაც მეფე სოლომონი ტაძარს აშენებდა, 150 000 უცხოტომელი ქვისმთლელი და მუშა მოიწვია . აღნიშნული მოვლენა დიდი საიდუმლოს წინასახე იყო, რადგან მომავალში უფლის ჭეშმარიტი სახლი, ანუ ახალი აღთქმის ეკლესია, სწორედაც რომ წარმართებს უნდა აეგოთ და არა იუდველებს.
       სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა". წარმოდგენილი უწყება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველასთვის ცხადია, რომ ძველი აღთქმის ეპოქაში სწორედ სიონიდან და იერუსალიმიდან ღაღადებდა ჭეშმარიტება, რადგან იქ იყო აგებული ტაძარი, იქ მსახურებდნენ ჭეშმარიტი სასულიერო პირები. მოცემულ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ რჯული და უფლის სიტყვა სიონიდან გამოვა ანუ არ დარჩება მასში, რადგან იქ მას არავინ შეიწყნარებს. სწორედ ეს გამოსული სიტყვა და ქრისტიანული რჯული მოეფინება წარმართობას, რომელმაც ირწმუნა და ისათნოვა ზეციური მოძღვრება.
ბოლო მუხლებში გადმოცემულია წინასწარმეტყველება სენნახირიმის 185 000 ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ).
პავლე იუნგეროვი: იერუსალიმის სიწმინდეების შეურაცხმყოფელი თანამედროვე საზოგადოებიდან მიქა სულიერ მზერას მომავალი კეთილი დროებისკენ მიმართავს. შესიტყვება ‘უკანასკნელი დღეები" ბიბლიურ ენაზე მესიასთან დაკავშირებულ მომავალ ჟამს უკავშირდება. მიქას წარმოდგენილი უწყება ფორმით სინაური კანონმდებლობის ისტორიას გვაგონებს. როგორც უფალი გარდამოდიოდა ხსენებული მთიდან და რჩეულ ერს საკუთარ გზებსა და რჯულდებას უცხადებდა, ზუსტად ასევე გარდამოვა იგი, რომ მთელს კაცობრიობას აუწყოს სიცოცხლის გზა. როგორც სინადან გაისმოდა საღვთო ხმა, ასევე უფლის მთიდან მოისმენენ ადამიანები ღვთის სიტყვას. განსხვავება უზენაესი არსის ადამიანებისადმი ენითგამოუთქმელ სიახლოვეში გამოვლინდება. მაშინ როდესაც სინას მთასთან აკრძალული იყო მიახლოება, უფლის მთას ყოველი ადამიანი მიეახლება და იაჰვეს სიმდაბლით აღსავსე სიტყვებს მოისმენს. სინას მისადგომებთან მხოლოდ ერთი იუდეველი ერი იმყოფებოდა, უფლის მთასთან კი ყველა ხალხი შეიკრიბება. ასე ნელნელა ეუფლებოდა ღვთივგანათლებული ისრაელი მოძღვრებას ღმერთის კაცთა შორის გამოჩინებისა და ღვთის სასუფევლის საყოველთაობის შესახებ).
        ეპისკოპოსი პალადი: წინა თავში მტრების მიერ იერუსალიმისა და ტაძრის განადგურების თაობაზე ისაუბრა წინასწარმეტყველმა, რამაც დიდად დაამწუხრა იუდეველნი, განსაკუთარებით კი კეთილკრძალული მეფე ეზეკია. ღვთისადმი ერთგული ებრაელებისა და მეფის სანუგეშებლად მიქა სასიხარულო უწყებას წარმოთქვამს ამჯერად მომავლ დროებაში ტაძრისა და იერუსალიმის აღდგენის შესახებ. განა მარადის მწუხარება, უბედურება და ნგრევა იქნება, - ამბობს წინასწარმეტყველი, - არამედ იუდასთვისაც დადგება დიდებული დროება.
ბიბლიაში ‘უკანასკნელ დღეებად" ხშირად ძველი აღთქმის უკანასკნელი ჟამი და მესიის წუთისოფელში მოვლინების დრო იწოდება. მაშ ასე, დედამიწაზე სამყაროს მხსნელის მოსვლისას უფლის სახლის მთა გამოჩნდება, რაშიც ბუკვალური გაგებით იგულისხმება ადგილი (სიონი ან მორია), სადაც იერუსალიმის ტაძარი იყო აგებული და საღმრთოდ იწოდება იგი მასზე აღმართული ტაძრის მიზეზით, მაგრამ განა თავისთავად მთა იყო ისეთი მნიშვნელობის, რომ ყველა ხალხს, მთელს სამყაროს გაცხადებოდა მომავალში, არამედ იერუსალიმის ტაძრმა, რომელიც ხსენებულ გორაზე აეგოთ, დიდება და სახელი მიანიჭა სიონის მთას. თუმცა თავად ტაძარიც მასში დამკვიდრებული ღმერთის მიზეზით თაყვანისიცემოდა. როგორც მზე საკუთარი სხივებით მთელს სამყაროს აცისკროვნებს, სწორედ ასევე ჭეშმარიტი და მარადიული მზის მიერ იყო გაბრწყინებული იერუსალიმის ტაძარი, რომელიც იუდეველი ერის ცოდვების გამო დააქციეს ბაბილონელებმა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა, მეორედ, რჩეული ერის ბაბილონური ტყვეობიდან დაბრუნებისას აგებული ტაძარი იგულისხმებოდეს. განმმარტებელთა ნაწილი სწორედ ასე ვარაუდობს. ‘მიქა წინასწარმეტყველებს, - ამბობს წმინდა ეფრემ ასური, - რომ 70-წლიანი ტყვეობის დასასრულს ტაძარი იმ მთის მწვერვალებზე აღზევდება, რომლებზეც ქალაქი იერუსალიმი იყო აგებული, და უფლის სახლის მთა მასზე აგებული ტაძრის მიზეზით გარშემო არსებულ ყველა გორაზე მაღლა აღიმართება. სწორედ მაშინ შეიკრიბებიან სიონზე ხალხები". მაგრამ იგივე მოძღვარი მსჯელობას ასე აგრძელებს: ’70-წლიანი ტყვეობის დასასრულს იერუსალიმის დროებითი ტაძრის აგების შესახებ ნათქვამი სიტყვები ქრისტეს ეკლესიის საიდუმლოს გამოსახავს საკუთარ თავში, რომელიც ჭეშმარიტად უკანასკნელ დღეებშია დაფუძნებული. სწორედ მასში შემოიკრიბა და ემსახურება ღმერთს ღვთისშემეცნებით განსწავლული ყველა მოდგმა".

        ნეტარი თეოდორიტე მიქას წინასწარმეტყველებას უშუალოდ ქრისტეს ეკლესიას აკუთვნებს და იმ ქრისტიან განმმარტებლებს საყვედურებს, რომლებიც იუდეველებთან ერთად აღნიშნულ უწყებას ტყვეობიდან დაბრუნების პერიოდს უკავშირებდნენ. მისი თქმით, არაჯეროვანია ამგვარი კომენტარი: ‘განა იუდეველთა ტაძარში შეიკრიბნენ შორეული თუ ახლობელი ხალხები ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ? განა სიხარულით მიიღეს კი რჩეული ერის რჯული და სიონიდან გამოსული სიტყვა მათ?" ესაიასთანაც იკითხება მცირეოდენი განსხვავებით მსგავსი წინასწარმეტყველება: ‘უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან" . წმინდა ბასილი დიდი წარმოდგენილი ბიბლიური წინადადების კომენტირებისას შემდეგს გვაუწყებს: ‘როგორ დადგინდება უფლის მთა? როგორ აიგება მთათა სათავეში უფლის სახლი? ხორციელი ისრაელი არც სხვა მთის გამოჩენას და არც სხვა მთებზე უფლის მეორე სახლის აგებას მოელის, ხოლო სიონი და ტაძარი ესაიას მიერ წინასწარემტყველების წარმოთქმისას უკვე გამოჩენილი იყო. მაშ, რას უნდა ნიშნავდეს ნათქვამი? განა იმას, რომ უკანასკნელ დღეებში მთა და სახლი გამოჩნდება, არამედ სწორედ უკანასკნელ ჟამზე მიგვანისნებს, როდესაც კაცობრიობის გამოხსნის დიდი და ენითგამოუთქმელი განგებულება გაცხადდება… მოციქულის სიტყვისამებრ, ‘უფლის სახლის მთა მთათა სათავეში" ეკლესიაა" . რადგან ეკლესია მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძველზეა დამყარებული, იმავე მამის მოსაზრებით, მთებში მოციქულები, წინასწარმეტყველები და ‘ღვთისშემცნების საიდუმლოს დაუფლებული ყველა ადამიანი იგულისხემბა, ვინც გონების სიმრთელითა და გონიერი საქმეებით, მართალ ცხოვრებაში სრულყოფილნი, მთათა სათავეში დამკვიდრებული მთები არიან, რომელზეც უფლის სახლი დაშენდება".
       მაშ ასე, მიქას წინასწარმეტყველების საერთო შინაარსი ასეთია: რაჟამს ძველაღთქმისეული დროის აღსასრული დადგება, მაშინ მთელი სამყაროსთვის გაცხადდება კაცობრიობის გამოხსნის საღვთო განგებულება და წმინდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებზე, როგორც რამ მთებზე, დაფუძნებული ქრისტეს ეკლესია გამოჩნდება და ეს ეკლესია ყველაზე აღმატებული, ყველა საზოგადოებასა და მიწიერ სამეფოზე დიდებული იქნება, რწმენითა და იმედით იდინებენ მისკენ ხალხები...
ვინმეს რომ არ ეფიქრა, თითქოს ჩვენ თავად ძალგვიძს ღვთის ტაძრის მიღმამოვიძიოთ ჭეშმარიტი სიცოცხლის გზა, წინასწარმეტყველი ადასტურებს, რომ სიონის მთაზე, იერუსალიმში დამკვიდრებულ ქრისტეს ეკლესიაში უნდა შევიდეთ, რადგან სწორედ სიონიდან გამოდის რჯული და ღვთის სიტყვა – იერუსალიმიდან. არ არსებობს ჭეშმარიტ სიცოცხლესთან მიმყვანებელი რჯული, – ამბობს მიქა, – გარდა თავად ღვთის სიტყვისა, რაშიც სახარებისეული სწავლება იგულისხმება და ხსენებული სწავლება სიონიდან, ანუ იუდეველთა ეკლესიიდან, იერუსალიმიდან, უნდა გამოვიდეს).
        მხ. 3. ‘გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე; თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს - ნამგლებად; ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან".
ეპისკოპოსი პალადი: ყველასთვის ცხადია, მოცემულ შემთხვევაში საუბარია ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არსებულ მადლისმიერ და არა გარეგნულ მშვიდობაზე, რომელიც ბეთლემში სიმდაბლით შობილმა მიანიჭა სამყაროს. ‘ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ, - შენიშნავს ნეტარი თეოდორიტე, - იუდეველებს მრავალ სხვა ერთან ერთად თავს დაატყვდათ გოგი და მაგოგი (სკვითი ხალხები), გამუდმებით ეომებოდნენ მეზობელი სახელმწიფოები, ერთი მხრივ, ედომელები, მოაბელები, ამონელები, მეორე მხრივ, ფილისტიმელები და სამარიელები, ხოლო მცირეოდენი დროის შემდეგ რისხვა მაკედონელთაგან იწვნიეს, რაც მაკაბელთა წიგნებშია აღწერილი". შესაბამისად, თავად ნეტარი თეოდორიტე აღნიშნულ წინასწარმეტყველებას ქრისტეშობის დროისთვის რომალეთა მიერ დამყარებულ მმართველობას უკავშირებს, როდესაც საყოველთაო მშვიდობამ დაისადგურა უკიდეგანო იმპერიაში. მაგრამ უნდა ითქვას, რომ გაცილებით ლოგიკურია, მიქას სიტყვები ყველა დროის ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს განვუკუთვნოთ, რადგან საღვთო სულით განმსჭვალულნი, ისინი მარადის სიყვარულსა და სიმდაბლეს იზრახავენ, არავისთან სურთ დაპირისპირება, ამიტომაც არავის ებრძვიან, თუკი ამის გარდაუვალი აუცილებლობა არ დადგება, კერძოდ, რაჟამს ეკლესიას, სამშობლოს, ახლობელთა გადარჩენას ეხება საკითხი).
       მხ. 9. ახლა რად გაჰყვირი? მეფე არ არის შენში? იქნებ დაგეღუპა მრჩეველი, რომ კრუნჩხვა დაგმართნია მშობიარესავით?"
პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი ღვთივგანათლებული სულით იუდეველთა წინააღმდეგ ბაბილონიდან მომდინარე მომავალ განსაცდელებს ჭვრეტს და თითქოსდა სიკვდილისწინა კვნესას ისმენს. მას მკაფიოდ ესმის სიონისა და მთელი იუდეველი ერის გოდება და ამის მიზეზებს კითხულობს. შეძახილები, ერთი მხრივ, საომარ ყიჟინასა და განგაშს ჰგავს, ხოლო მეორე მხრივ, მშობიარის ყვირილს. სამეფო მმართველობას შეჩვეულ იუდეველ ერი, რომლის წიაღშიც მესიასთან დაკავშირებული მოვლენა სწორედ ამ მოდგმას, დავითის სამეფო შტოს, შეუკავშირდა, უდიდეს მწუხარებას მოეცვა მეფეების არყოლის მიზეზით, რადგან მეფეები სიცოხლესა და სუნთქვას უთანაბრდებოდა მათთვის. ამიტომაც ვარაუდობს მიქა, რომ მისგან მოსმენილი გოდება მეფეთა დაღუპვითაა განპირობებული).
მხ. 10. ‘იტანჯე და იკვნესე, სიონის ასულო, მშობიარესავით, რადგან ახლა გახვალ ქალაქიდან და ველზე იცხოვრებ; ბაბილონამდე ივლი და იქ გადარჩები, იქ გამოგისყიდის უფალი მტრების ხელიდან".
პავლე იუნგეროვი: საკუთარ შეკითხვას წინასწარმეტყველი თავადვე პასუხობს. იუდეველი ერის მწუხარება და გოდება არა მხოლოდ მეფეებისა და მათი მრჩევლების დაკარგვის შედეგი იქნება, არამედ გაცილებით მძიმე განსაცდელებისა: იერუსალიმიდან და სხვა ქალაქებიდან გადასახლებით, მშვიდი და კეთილმოწყობილი ცხოვრების დასრულებით, რაც იძულებით იქნება განპირობებული. სამშობლოდან გახიზნული ებრაელები ველად იცხოვრებენ მსგავსად მომთაბარე ტომებისა, სანამ ბაბილონს არ მიაღწევენ. მაგრამ მწუხარებას ნუგეში ჩაენაცვლება, რადგან ბაბილონში აღმოჩენილნი ყველა მტერს გადაურჩებიან. თანამედროვეთა ქედმაღლობის დამამდაბლებელი მიქას სიტყვები მორწმუნე ებრაელებს მომავლის იმედს ჩაუსახავდა გულებში. როგორც მშობიარობას ახლავს უდიდესი ტკივილი და შეჭირვება, მაგრამ ჩვილის დაბადებისას მწუხარება სიხარულით იცვლება, ასევე იუდეველთა განსაცდელს გადარჩენის იმედი გააცისკროვნებს. ბაბილონში გადასახლების საუწყებლად გამოყენებული ფორმა რჩეული ერის ეგვიპტიდან გამოსვლისას უდაბნოში ორმოცწლიანი მოგზაურობის ისტორიიდანაა გადმოღებული.
       განმმარტებელთა ნაწილი (პროტესტანტი ეგზეგეტები) მიიჩნევდა, რომ ბაბილონურ ტყვეობამდე ერთი საუკუნით ადრე მცხოვრები მიქა ვერაფრით განჭვრეტდა გადასახლებისა და განთავისუფლების საიდუმლოს. შესაბამისად, მათი თქმით მოცემულ შემთხვევაში ისრაელის სამეფოსა და ასურეთის მიერ მის დაპყრობაზეა საუბარი, რაც წინასწარმეტყველისთვის, როგორც თანამედროვეობაში არსებული რეალობა, მარტივად მისახვედრი მოვლენა იყო. მაგრამ ტექსტი ამგვარი კომენტირების შესაძლებლობას არ იძლევა, ვინაიდან მიქა პირდაპირ ასახელებს ბაბილონს და არაფერს ახსენებს ასურეთის შესახებ).
        მხ. 13. ‘მიდექი და ლეწე, სიონის-ასულო, რადგან რკინის რქებს დაგასხამ და სპილენძის ჩლიქებს გაგიკეთებ, რომ გააცამტვერო უამრავი ხალხები და შესწირო უფალს მათი მონახვეჭი და მათი დოვლათი მთელი ქვეყნიერების უფალს".
ეპისკოპოსი პალადი: მიქა მომვალის შესახებ საუბრობს. მოვლენები ისეა წარმოდგენილი, თითქოს იუდეველთა მტერი პალესტინაში შემოჭრილა, თუმცა წინასწარმეტყველი მხნეობას სძენს თანამემამულეებს და აუწყებს მათ, რომ თუნდაც სძლიოს რჩეულმა ერმა მტერს, ეს არა საკუთარი ძალებით, არამედ ღვთის შემწეობით მოხდება. მსგავსად ზოგიერთი უძლეველი მხეცისა, რომლებსაც რქები და ჩლიქები გააჩნიათ, იუდეველნი ისეთ ძალას შეიძენენ, ნებისმიერ წინააღმდგომს დათრგუნავენ. ღმერთი ჰპირდება მათ, რომ ხსენებულ რქები რკინის, ხოლო ჩლიქები სპილენძის იქნება, ანუ გაცილებით უფრო ძლიერი და საშიში. სწორედ ასეთი ძალით შეგაიარაღებთ, - ეუბნება უფალი იუდეველებს, - თქვენი მტერბის წინააღმდეგ).
       მხ. 14. ‘ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო, ალყა შემოგვარტყი; კვერთხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს" .
ისმის კითხვა: ვინ არის ისრაელის მსაჯული, რომელსაც კვერთხს შემოჰკრავენ სახეში? მიქა მოვლენას არ აზუსტებს. განმმარტებელთა მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება გამოითქვა. ნაწილი ფიქრობს, რომ მსაჯულში მაცხოვარი მოიზრება და ორ არგუმენტს გვთავაზობენ: 1. მახარებელთა თანახმად, კვერთხით სწორედ მაცხოვარს სცემდნენ სახესა და თავში . 2. ქრისტე ღმერთის შესახებ თხრობა შემდეგ თავში გრძელდება, რაც შესაბამისად, დაწყებული წინასწარმეტყველების ლოგიკური გაგრძელებაა.
განმმარტებელთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მიქას მიერ ხსენებული მსაჯული იუდას ბოლო მეფე სედეკიაა . ამ აზრის დასამოწმებლად მათ რამდენიმე არგუმენტი მოჰყავთ: 1. მოხმობილი მუხლის პირველ ნაწილში ბაბილონელთა იერუსალიმზე თავდასხმა იგულისხმება (შდრ. ‘ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო, ალყა შემოგვარტყი"). 2. ტერმინი ’მსაჯულის" შესატყვისად ებრაულში გვხვდება ‘სოპეტ", ხოლო წინასწარმეტყველების შემდგომ ნაწილში, სადაც მაცხოვრის შესახებაა უწყება, გამოყენებულია სიტყვა ‘მოშელ". 3. წარმოდგენილი მუხლის პირველი სიტყვაა ‘ტეპერ", რაც ნაუწყები მოვლენის უახლოეს დროში აღსრულებას გულისხმობს და არა ისეთ შორეულ მომავალს, როგორიცაა ახ. წ. აღ.-ის I საუკუნე.

თავი 5


       მხ. 1. ‘შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან" .
მოხმობილი წინასწარმეტყველება მათე მახარებელმა წარმოგვიდგინა როგორც უწყება ქრისტეშობის ადგილის შესახებ. ეფრათა ქ. ბეთლემის ძველი სახელწოდება იყო. იგი იერუსალიმიდან დაახლოებით რვა კილომეტრში მდებარეობდა.
       თავის დროზე მოსემ თანამემამულეების უკეთ დახმარების მიზნით ებრაელები ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაჰყო . ამგვარი დაყოფა შემდეგშიც შენარჩუნდა. სწორედ აქედან მოდის შესიტყვება ‘იუდას ათასეულთა შორის" . მიქას სურდა, ქ. ბეთლემის სიმცირეზე გაესვა ხაზი, სადაც ათასი ადამინიც კი არ სახლობდა და, სავარაუდოდ, მეზობლად არსებული ორი ან მეტი დასახლების გაერთიანების შედეგად ქმნიდა ‘ათასეულს".
‘ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან". აღნიშნული ფრაზა გვაუწყებს, რომ უწინარეს ჟამს იმან, ვისზეც წინასწარმეტყველი საუბრობს, არაერთხელ წარმოაჩინა საკუთარი თავი ვითარცა მამის თანამოქმედმა.
       ნეტარი იერონიმე: მათეს სახარებაში მოთხრობილია მოგვების იერუსალიმში ჩამოსვლის შესახებ, რამაც ჰეროდე და მთელი იერუსალიმი შეაძრწუნა. მეფის მიერ მოხმობილმა მწიგნობრებმა მოგვების შეკითხვაზე განაცხადეს, რომ იუდველთა მეფე ბეთლემში უნდა შობილიყო . სახარებისეული მოწმობა არ თანხვდება არც ებრაულისა და არც სეპტანტის რედაქციების შესაბამის ადგილებს . ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მახარებელთა მიერ ძველი აღთქმის წიგნებიდან ციტირება ხშირად ზეპირად, მეხსიერებაზე დაყრდნობით ხდებოდა და რიგ შემთხვევაში მსგავსი სახის უზუსტობებს სწორედ ეს განაპირობებდა. ვფიქრობ, მახარებელმა მოცემული უწყება ამ სახით შეგნებულად წარმოგვიდგინა, რომ მწიგნობართა და სამღვდელოთა უგულისხმობა ეჩვენებინა, ადამიანებისა, რომლებიც რჯულის ზედმიწევნით განსწავლულობას იჩემებდნენ, ამგვარი ცდომილებით კი წმინდა წერილისადმი მათი ზერელე დამოკიდებულება წარმოჩინდება).
ბეთლემი მაცხოვრის შობის ადგილია. იგი იუდეაში მდებარეობდა. სწორედ აქედან იყო წარმოშობით დიდი მეფე დავითი. ქალაქის სახელწოდება ადგილის ნაყოფიერების მიმანიშნებელია, მაგრამ ამავდროულად სიმბოლურადაც გაიგება, რადგან განკაცებულმა ღმერთმა ადამიანებს საკუთარი სხეული ვითარცა ცხოველი პური მიჰმადლა. ტექსტში ნახსენები ეფრათა იგივე ბეთლემია, რადგან სახელი ეფრათა ითარგმნება როგორც Kარპოფო`რონ - ნაყოფმსხმოიარე . ამავდროულად ეფრათა ბეთლემში მცხოვრები ხალხის მამათავრის სახელია და ეს ხალხი ეფრათიანელებად იწოდებოდნენ .
       პავლე იუნგეროვი: განსაცდელებზე საუბრის პარალელურად მიქა მსმენელებს მომავალი სასიხარულო მოვლენის შესახებ აუწყებს და ეს მოვლენა იქიდან აღმოცისკრდება, საიდანაც, ადამიანური განსჯის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად ელიან მას. პატარა იუდაური ქალაქი - ბეთლემი-ეფრათა იუდეველთათვის ნუგეშის წყარო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბეთლემში ათასი მოსახლეც არ მკვიდრობდა, იგი საკუთარი წიაღიდან ისრაელს მეუფეს მიანიჭებს. ხსენებული მეუფე ბუნებით ზეჟამიერია. მისი ხორციელი შობა არაფრით ჰგავს მამისაგან უდროოდ შობას, რადგან პირველი ჟამიერია, ხოლო მეორე მარადიული.
ეფრათას ბეთლემში იუდეის ბეთლემი იგულისხმება, რომელიც იერუსალიმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი საათის მანძილზე მდებარეობდა. სწორედ აქედან იყო წარმოშობით დავითი და მისი ოჯახი, რამაც აღნიშნულ ქალაქს დავითის ქალაქის სახელი განუკუთვნა. სახელი ბეთლემი პურის სახლს ნიშნავს, მაგრამ იმავე სახელს სინონიმური წოდებაც ემატება: ეფრათა – ნაყოფიერი. ორივე სახელის წარმომავლობა ხსენებული ქალაქის გარშემო არსებულ ნაყოფიერ ველებს უკავშირდებოდა და, ამავდროულად, ამ ქალაქის პირველმოსახლეთა სახელებიდან მომდინარეობდა . მიუხედავად პალესტინაში არსებული სიღარიბისა და დაუსახლებლობისა, ხსენებული ქალაქი ახლაც, მშვენიერი ველებითაა შემოსაზღვრული . ბიბლიური უწყება (ებრ.) ‘უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის" (Gრ. ოჯლიგოსტოსინ Iოუდა. შდრ. ‘მცირე ხარ, რომ იუდას ათასეულთა შორის იყო". ძვ. ქართ. ‘მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა") ასე უნდა გვესმოდეს: მოსე წინასწარმეტყველმა თავის დროზე იუდეველი ერი ორმოცდაათეულებად, ასეულებად და ათასეულებად დაყო, სათავეებში წინამძღოლები-მსაჯულები დაუდგინა. ამგვარი კლასიფიკაცია უდაბნოში მოგზაურობის დროს მოქმედებდა და აღთქმული მიწის დაპატრონების შემდეგაც გაგრძელდა. წმინდა წერილის ავტორებს არაფერი უთქვამთ, თუ როგორ ფუნქციონირებდა ხსენებული დაყოფა ქალაქებსა და სოფლებში. შესაძლოა, ათასეულით წარმოდგენილი საზოგადოება ქალაქებში სახლდებოდა, ხოლო ორმოცდაათეულებად და ასეულებად დაყოფილი ოჯახები - სოფლებსა და დაბებში. თუკი ამგვარ კლასიფიკაციას გავითვალისწინებთ, მაშინ მიქას სიტყვები ასეთ შინაარს გადმოგვცემს: ქალაქი ბეთლემი უმნიშვნელო იყო მასში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. მას არ ჰყავდა ათასი მამაკაცი, რომელთა აღრიცხვა ოცი წლიდან ზევით ხდებოდა და, შესაბამისად, საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე ცალკეულ ათასეულსაც ვერ მოიცავდა. იგი, სავარაუდოდ, რამდენიმე ქალაქის შემადგენლობაში შედიოდა, რომლებიც ერთობლივად ქმნიდნენ ათასეულს. და სწორედ ეს ქალაქი, რომელმაც საკუთარ სამეფოს ოდესღაც მეფე დავითი და სამეფო მოდგმა უბოძა, გარკვეულ ჟამს არა მარტო ებრაელებს, არამედ მთელს კაცობრიობას ბუნებით მეუფეს მოუვლენს.
მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებამ უარყო თეოდორე მოპსუესტიელის აზრი, რომელიც მიქას ზემოთმოტანილ წინასწარმეტყველებას ზორუბაბელს განუკუთვნებდა).
        ეპისკოპოსი პალადი: უფლის სული ახალი ნათლით განაცხოველებს წინასწარმეტყველს და უცხადებს მას, თუ როგორ მხსნელს და საიდან უნდა მოელოდნენ იუდეველნი, ან უკეთ რომ ვთქვათ, მთელი კაცობრიობა. მიქას ეუწყება, რომ მხსნელი ბეთლებიდან აღმოცისკრდება. ამიტომაც სასიხარულო გაკვირვებით ჭვრეტს მორაშეთელი მქადაგებელი ხსენებული ქალაქის მომავალ დიდებას, რომელიც გარეგნულად არაფრით სხვაობს სხვა იუდაური ქალაქებისგან, პირიქით, ბევრ მათგანს ჩამორჩება კიდეც სიმდიდრით, სილამაზით თუ მოსახლეობის რაოდენობით. ბეთლემი (‘პურის სახლი") იერუსალიმთან ახლოს მდებარე მცირე ზომის ქალაქი იყო. ამიტომაც უწოდებს მას მიქა ‘უმცირესს", რაშიც საცხოვრისებისა და მოსახლეობის სიმწირე იგულისხმება, თუმცა, მისივე თქმით, არაფრითაა იგი იუდეველთა მთავარ ქალაქებზე უმცირესი საკუთარი მაღალი დანიშნულების მიზეზით, რადგან სწორედ იქ უნდა იშვას ხორციელად კაცობრიობის მხსნელი. ბეთლემს უძველესი დროიდან ეფრათას, ანუ ნაყოფმსხმოიარესაც უწოდებდნენ. ‘მოკვდა რახელი, - ვკითხულობთ დაბადების წიგნში, - და დაიმარხა ეფრათის გზაზე. ეს არის ბეთლემი" . იგი დავითის სახლადაც მოიხსენიება, რადგან სწორედ იქ დაიბადა და მეფედ იქნა ცხებული დავითი , იმავე ქალაქში ცხოვრობდნენ დავითის წინაპრები . უნდა ვიცოდეთ, რომ სხვაა იუდეის ბეთლემი და სხვა გალილეაში არსებული იმავე სახელის მქონე ქალაქი ბეთლემი .
       ‘შენგან გამოვა მთავარი". აღნიშნულ სიტყვებთან დაკავშირებით წმინდა ეფრემ ასური ასე მსჯელობს: ‘აქ ეფრათას ბეთლემში ქალწულისაგან ღვთის სიტყვის ხორციელ შობაზეა საუბარი. წინასწარმეტყველს არ უთქვამს: ის შენგანაა, არამედ: შენგან გამოვა, ე.ი. ხორციელად მოევლინება, ხოლო ბუნება, რითიც მარადიული და დაუსაბამო ღმერთია იგი, სამყაროში მოსვლისას განა შენგან მიიღო, რადგან ზეჟამიერია საღვთო ბუნებით". მოცემულ შემთხევაში რომ ღვთის ძის, ღმერთკაცის, სამყაროს მხსნელის, უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტად ხორციელ შობაზეა საუბარი, ამას უცხადესად თავად მათე მახარებელი ადასტურებს. ვინმეს რომ არ ეფიქრა, თითქოს აქ ჩვეულებრივი მეფის შესახებაა უწყება, წინასწარმეტყველი მოხმობილ სიტყვებს ამატებს: ‘ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან". აი ასეთი მეფე უნდა გამოვიდეს ბეთლემიდან, რომელიც უდროობაში იშვება და მარადიული მეფეა! ‘წინასწარმეტყველი აღნიშნული სიტყვებით მეუფის ღვთაებრიობაზე მიუთითებს, რომელიც ბეთლემში უნდა შობილიყო. მართალია, ხორციელად დროში იშვა, თუმცა ბუნებით დაუსაბამოა იგი". და ბოლოს, მოცემულ შემთხვევაში მიქა არათუ ზორუბაბელის შესახებ საუბრობს, როგორც იუდეველებს მიაჩნიათ, არამედ მარადიული მეუფეს გვახარებს, რომელიც უჟამოდ მამისაგან იშვება და ხილული თუ უხილავი მტრებისგნა დაიხსნის ადამიანებს).
       მხ. 2. ‘ამიტომ მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს; დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელიანებთან".
სანამ განკაცების ჟამი დადგებოდა, უზენაესი ძველი აღთქმის ეპოქაში რჩეულ ერთან წმინდა წერილის, წინასწარმეტყველების, წმინდა ადამიანების საშუალებით შედიოდა ურთიერთობაში. წინამდებრე მუხლში გადმოცემული შინაარსი გვაუწყებს, რომ უფალი იუდეველ ერს გარკვეულ ჟამამდე მიუშვებს, ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოების მფლობელი რაღაც დრომდე სწორედ ეს ერი იქნება, ‘ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს" და სწორედ მაშინ დაუბრუნდება გაბნეული სამწყსო ზეციური მამის წიაღს.
პავლე იუნგეროვი: მეფე აქაზის წინაშე წარმოთქმული ესაიას წინასწარმეტყველება ცნობილი იყო მიქას თანამედროვე საზოგადოებისთვის . ამიტომაც მიქა აიგივებს რა ბეთლემელ მეუფეს ესაიას მიერ ნაუწყებ ემანუელთან, მისი დედის შესახებ დეტალურ აღწერილობას აღარ იძლევა, ვისი ენითაღუწერელი დიდებულება მშვენივრად უწყოდა მსმენელმა).
       მხ. 3-5. ‘ის დადგება და დამწყემსავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის სახელის დიდებით, და მობრუნდებიან; რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდმე და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარბაზებში, მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს. დამწყემსავენ აშურის ქვეყანას მახვილით და ნიმროდის ქვეყანას მის კართან, და იხსნის აშურისგან, როცა ის მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ჩვენს საზღვრებში შემოდგამს ფეხს".
       წმ. კირილე ალექსანდრიელი: ასურის შესახებ უწყება სხვა წინასწარმეტყველებთანაც არაერთგზის გვხვდება და ძირითად მასში, როგორც წესი, ასურეთის იმპერია, გარკვეული დროის მანძილზე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, იგულისხმება, მაგრამ მიქასთან იმავე ასურში დემონი და დაცემული სულები მოიაზრებიან. დარბაზები ქრისტეს ეკლესიას განასახირებენ, ხოლო დარბაზებში ფეხის ჩადგმა ეკლესიის წიაღში მყოფ წმინდა ადამიანებთან დაპირისპირებას გულისხმობს. მაგრამ როდესაც ასური ჩვენს ქვეყანაში მოვა და დარბაზებში ფეხს ჩაადგანს, წინასწარმეტყველის სიტყვით, მის წინააღმდეგ შვიდი მწყემსი და რვა ცხებული აღიძვრება . შვიდი მწყემსში ძველი აღთქმის მართალნი მოიაზრებიან, ისინი, ვისაც ჰქონდათ ხელმწიფება, ღვთის სიტყვა ექადაგათ და ცოდვისმიერი გზიდან სიმართლისკენ მოექციათ ადამიანები. რვა ცხებულში ახალი აღთქმის მართალნი იგულისხმებიან: მოციქულები, მოძღვრები, ხუცესები, რომლებსაც სამების სახელით ნათლისღება დაევალათ. ასური ასევე ნებროთის ქვეყნადაა სახელდებული, რადგან იგი ამ ხალხის მამამთავარი იყო. აქვეა ნახსენები, რომ ‘დამწყემსავენ ასურის ქვეყანას მახვილით". მახვილში ყოველგვარი უკეთურების განმკვეთელი ღვთის სიტყვა იგულისხმება).
       ნეტარი იერონიომე: როდესაც დემონი მორწმუნეთა ქვეყანში მოვა და ღვთისგან დამწყემსილ ადამიანთა შეჭირვებას მოისურვებს, ჩვენი სულების სამკვიდროს ანუ სხეულს (შდრ. ‘როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარბაზებში") დაიკავებს და შეეცდება, დაგვთრგუნოს და ღმერთს დაგვაპირისპიროს, უფლის სიყვარულს ნუ განვეშორებით, მაშინ კი ქრისტე ღმერთის მშვიდობა ან თავად ქრისტე უფალი დამკვიდრდება ჩვენში და იტყვიან: ვერაფერს გახდა მტერი მასთან ბრძოლაში.
შვიდი ცხებული, ჩემი აზრით, პატრიარქები, წინასწარმეტყველები და წმინდა ადამიანები არიან, რომლებმაც შვიდეულში ანუ ძველი აღთქმის ეპოქაში იმოღვაწეს, ხოლო რვა ცხებული ან რვა წყლული ყველა ის ადამინია, ვინც ვიდრე დღევანდელ დღემდე იმუშაკა ახალი აღთქმის ეკლესიის წიაში და დათრგუნა და ბოლომდე დაუპირისპირდა ასურს ანუ დემონს).


თავი 6


        მხ. 1-2. ‘ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღდეგ, დავა გაუმართე მთებს და ასმინე შენი ხმა გორაკებს! ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს".
პავლე იუნგეროვი: იუდეველები სასამართლო შეკრებებს ღია ცის ქვეშ: ზოგჯერ ხის ჩრდილში, ზოგჯერაც ქალაქის კარიბჭესთან, მოედნებზე აწყობდნენ. ბრალდებული და ბრალმდებელი მოსამართლის წინაშე წარდგებოდნენ. აქვე მოჰყავდათ ორი ან მეტი მოწმე. განაჩენს მოსამართლე ყველა მხარის მოსმენის შემდეგ, მაშინვე აცხადებდა. თუკი საჭიროება მოითხოვდა, ხშირად ბრალდებულის დასჯის განჩინება ადგილზე, მოსამართლის თანდასწრებით ხდებოდა).
ეპისკოპოსი პალადი: მას შემდეგ, რაც მიქამ ახალი ისრაელის მომავალი კეთილდღეობის შესახებ ისაუბრა, ამჯერად მამხილებელი სიტყვებით მიმართვას რჩეული ერის წარმომადგენლებს. ‘რადგანაც გონიერი არსებანი უგუნურებით იტანჯებიან, - ამბობს ნეტარი თეოდორიტე კვირელი, - ამიტომაც უსულო სხეულები სულიერთა მსაჯულები ხდებიან". წინასწარმეტყველი მთებს, გორაკებს, დედამიწის მყარს მიმართავს და ღვთის მსჯავრის მოწმეებად გამოჰყავს ისინი. ხსენებულ ადგილებზე იუდეველი ერი მრავალ სულიერ სიკეთეს ზიარებია, მაგრამ მიუხედავად ამისა იმავე ერს იგივე ადგილები უკეთურებისა და საშინელი კერპმსახურების ცენტრებად უქცევია. უსულო არსებებისადმი ამგვარი მიმართვით მიქა ირიბად ისრაელის ძეებს მოუწოდებს სინანულისაკენ).
        მხ. 3-4. ‘ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი. ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიძღოლე მოსე, აარონი და მირიამი".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: უფალი იუდეველებს ეგვიპტიდან გამოხმობას შეახსენებს, სადაც ებრაელები უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. წარმოდგენილი მუხლები შეიძლება ასე გვესმოდეს (მიმართვა იუდეველებისადმი): ნუთუ მოსეზე მოგიბრუნდებათ ენა და ცუდს იტყვით მასზე? ადამიანზე, ვინც საშინელი სიმდაბლიდან და უპატიობიდან გამოგიხსნათ, ან იქნებ მღვდლების მიმართ გრძნობთ უკმაყოფილებას, რომლებიც აარონის ჩამომავალნი არიან და თავად უფალმა გამოირჩია შუამავლად ღმერთსა და ადამიანებს შორის? რაღას იტყვით მირიამზე? ვინც, ეგვიპტელთა დაღუპვით ფრიად აღტაცებული, სადიდებელ ჰიმნებს გალობდა და სხვა მგალობლებსაც წინამძღვრობდა.
       ეს სიტყვები ჩვენც განგვეკუთვნება, რადგან უფალმა სულიერი ეგვიპტის ტყვეობიდან გამოგვიხსნა, აგურისა და თიხის დამუშავებაზე ანუ ვნებებსა და ცოდვებზე უარის თქმის ხელმწიფება მოგვიბოძა. მოსე განკაცებული ღვთის ძის წინასახეა, აარონი ახალი აღთქმის ეკლესიის სასულიერო იერარქიის სიმბოლოა, ხოლო მირიამი ეკლესიას განასახირებს. როგორც იგი ხარობდა მტრებზე გამარჯვებას, ასე ხარობს, აქებს და განადიდებს ეკლესია უფალ ღმერთს, უკეთური ძალის შემმუსვრელ იესო ქრისტეს).
ეპისკოპოსი პალადი: სურს რა უმადური ერის გულს შეეხოს, ღმერთი წყალობისა და სიყვარულის სიტყვებით მიმართავს მას. ქვის გული უნდა გქონოდა, რომ აღნიშნული სიტყვებით სირცხვილი და სინდისის ქენჯნა არ განგეცადა. უფალი ღმერთი თავად საკუთარ თავს სთავაზობს რჩეულ ერს სამსჯავროდ და კითხულობს, თუ რით შეურაცხყო მან ისინი, რომ მიატოვეს და კერპებს ეთაყვანებიან.
იუდეველთა ეგვიპტური ტყვეობიდან გათავისუფლება უდიდესი სასწაულებით გამოირჩეოდა, რითიც ისრაელის კეთილდღეობასა და დამოუკიდებლობას დაედო დასაბამი, რაც იუდეველი ერის ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული მონაკვეთია. ამიტომაც ახსენებს უფალი მსმენელს განვლილ დროებას, რომ უმადური ადამიანები საკუთარი დანაშაულის ჩემეცნებამდე მიიყვანოს).
       მხ. 5. ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი, მოაბის მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბალაამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: უფალი კიდევ ერთ შემთხვევას იგონებს. მოაბელი ბალაკი ბალაამს მიიწვევს იუდეველთა დასაწყევლად, თუმცა ნაცვლად წყევლისა ბალაამი ყველგან კურთხევას გამოთქვამს. უფალი მოგვ ბალაამს იუდეველი ერის სიტყვიერი შეურაცხყოფის უფლებასაც არ აძლევს. როგორია საპასუხო ქმედება? ისინი პირველივე შემთხვევისას ოქროს ხბოს კერპს სცემენ თაყვანს). ეპისკოპოსი პალადი: უფალი ამჯერად რჩეული ერის ცხოვრებაში განვითარებულ სხვა მოვლენას შეახსსენებს მსმენელს, როდესაც იუდეველები აღთქმული ქვეყნისკენ მიიწევდნენ არაბეთის უდაბნოს გავლით. ამორეველთა დათრგუნვის შემდეგ მოაბელთა მიწას მიუახლოვდნენ ისინი. ებრაელთა გამარჯვებების შესახებ ამბავმა ეს უკანასკნელნი შეაძრწუნა და ენითგამოუთქმელი შიში მოჰგვარა. ასე ამბობდა მოსახლეობა: როგორც კალია ბალახს, იუდეველნი ყველაფერს ნთქავენ ჩვენ ირგვლივ. საკუთარი სამეფოს ბედზე დადარდიანებულმა მეფე ბალაკმა იუდეველთა დაღუპვა მესოპოტამიაში, ხარანთან ახლოს მცხოვრები ბალაამის დახმარებით მოინდომა, რადგან სჯეროდა, რომ თუ ხსენებული მოგვი ვინმეს დაწყევლიდა, უეჭველად დაიღუპებოდა ასეთი. მოიპატიჟა იგი და ებრაელთა შეჩვენება სთხოვა, მაგრამ ზეგარდამო შთაგონებული ბალაამი ნაცვლად წყევლისა სამგზის აკურთხებს იუდეველ ერს და კეთილ მომავალს, მტრების დამარცხებასა და მესიის მოსვლას უწინასწარმეტყველებს, რომელიც იაკობისგან აღმოცისკრებული ვარსკვლავი და ისრაელის კვერთხი იქნება. ასე რომ, ღმერთმა ბალაამის ხელით არა მარტო დაღუპვას გადაარჩინა იუდეველი ერი, არამედ უსაზღვრო ნუგეში აღუთქვა მათ. ამავდროულად უფალი რჩეული ერს სიტიმიდან გილგალამდე მოგზაურობისას მრავალგზის მინიჭებული წყალობის შესახებ მოაგონებს მსმენელს და ასე მიმართავს: გაიხსენეთ, როგორი განსაცდელებისგან მიხსნია თქვენი წინაპრები, მოაბელთაგან გადავარჩინე და სასწაულებრივად გადავალახინე მდინარე იორდანე. წინადაცვეთის გზით თქვენი წინაპრები და მათთან ერთად თქვენც შეგიწყნარეთ, სისხლისღვრის გარეშე გიბოძეთ იერიქონი, რომ ღვთის სიდიადე შეგეცნოთ. იმისთვის მოგანიჭეთ ესოდენი წყალობა, რათა ჩემი აღთქმების ჭეშმარიტება გულისხმაგეყოთ. რაც თქვენს წინაპრებს დავპირდი, აღვუსრულე კიდეც და აღთქმული მიწა ვუბოძე).
        მხ. 6-7. რით წარვდგე უფალთან და თაყვანივსცე მაღალ ღმერთსო? სრულადდასაწველებით, წელგამოვლილი ხბორებით ხომ არ წავრდგეო? ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილო?" წარმოდგენილ მუხლებში წინასწარმეტყველი განმარტავს, თუ რას ელის ღმერთი ადამიანისგან. იუდეველთა წარმოდგენით, უფალთან ურთიერთობის დასამყარებლად ტაძარში აღვლენილი მსხვერპი იყო საკმარისი. ამის საპირისპიროდ დიდი მეფსალმუნე ბრძანებდა: ‘მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს". დავითის მიერ გაცხადებულ სწავლებას მიქა თანადაურთავს და ამბობს, რომ უზენაესი ადამინისგან ელოდება ‘მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე". პავლე იუნგეროვი: იუდეველები, რომლებსაც არც წარსულში და არც აწმყოში უზრუნიათ საკუთარი უკეთურებების გამოსასწორებლად, მომავალში იზრახავენ ამის აღსრუელბას. ისინი აცნობიერებენ დანაშაულს ღვთისა წინაშე, მაგრამ არ გააჩნიათ რა თავიანთი გადაწყვეტილება, რჩევისთვის მიქას მიმართავენ და ეკითხებიან, თუ როგორ სათნოეყონ ღმერთს. ეს ხალხი მზადაა, ტაძარში იაროს და, მოსეს რჯულდების თანახმად, ყველაზე ძვირადღირებული ძღვენი შესწიროს შემოქმედს. თუმცა ეეჭვებათ მსგავსი მსხვერპლით უფალთან კავშირის დამყარების შესაძლებლობა. წარმოდგენილ ბიბლიურ უწყებაში შვილების მსხვერპლად მოტანის შესახებაა უწყება. ეს არა იმის გამო ითქმება, რომ ადამიანთა მსხვერპლშეწირვაა ნებადართული, არამედ ერთგვარი ჰიპერბოლაა გამოყენებული, ვინაიდან შვილი მშობლის ყველაზე ძვირფასი შენაძენია.
წინასწარმეტყველი იუდეველთა შეკითხვებს პასუხობს და ღმერთთან შერიგების გზებს უცხადებს. დიდი ხანია, რაც ამ ადამიანებს ეუწყა, თუ რას ითხოვს უზენაესი: სიმართლეს, წყალობასა და სიმდაბლეს. ხსენებულ სათნოებათა გარეშე უსარგებლოა ნებისმიერი მსხვერპლი. მათ შესახებ უწყება ჯერ კიდევ შორეულ წარსულში მიიღო ისრაელმა და იგივე რჯულდება ბიბლიურ წიგნებში მრავალგზის გამეორდა, მაგრამ მიქას თანამედროვეებს არც კი ახსოვდათ იგი. ისინი პირიქით, სიკეთეს დაუპირისპირდნენ, სიმართლე შეურაცხყვეს და საკუთარი თვალთმაქცური ღვთისმსახურებით იწონებდნენ თავს. თუკი ეს ხალხი უკეთურებას დაუტევებს და სიმართლეს, წყალობასა და სიმდაბლეს შეიმოსავს, კვლავაც ძალუძს, სათნოეყოს ღმერთს…
        წინასწარმეტყველი განა მოსეს მიერ დადგენილ რჯულდებას უპირისპირდება მსხვერპლშეწირვის თაობაზე, არამედ საზოგადოების ზნეობრივ სახეს წარმოაჩენს, რომლებსაც ზემოხსენებული სათნოებები არაფრად მიაჩნდათ და, პირიქით, საკუთარი უკეთურ მეფეებს - აქაბსა და ამბრის ბაძავდნენ და ცბიერებითა თუ სიცრუით ცხოვრობდნენ. ამიტომაც მათგან შეწირული ძვირფასი ძღვენი არაფრად ფასობს უფლის წინაშე. მით უმეტეს უსარგებლოა შენაწირი, თუკი იგი ბეთილსა და დანში აღელინება).
ეპისკოპოსი პალადი: მიქას წიგნში წარმოდგენილი სიტყვები ხალხს ეკუთვნის, რომელიც წინასწარმეტყველის ქადაგების გავლენაში მოექცა და ღვთის წინაშე საკუთარი დანაშაულის შემსუბუქების სურვილი გაუჩნდა. რა გავაკეთოთ, - კითხულობენ ისინი, - რომ ღმერთი მოვიმადლიეროთ? როგორი მსხვერპლი შევწიროთ? რა გზით მოვიპოვოთ მისი კურთხევა? განა ვპოვებთ ღვთის კეთილგანწყობას, თუკი ყოვლადდასაწველ მსხვერპლსა და ერთი წლის კრავს მივიტანთ სამხვერპლოზე? იუდეველები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ამიერიდან საკუთარ თავს ყოვლითურთ ღმერთს მიუძღვნიან, რადგან სწორედ ამას ნიშნავდა ყოვლადდასაწველი მსხვერპლი. თუმცა აქვე გარკვეულ ეჭვობენ, ესათნოვება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარე? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ? - კითხულობენ ისინი, ანუ მივცთ ჩვენი პირმშონი, პირველშობილი ვაჟები, ჩვენი ცოდვების წილ? ამას ამბობენ იუდეველნი, მაგრამ ამბობენ და აზროვნებენ როგორც წარმართები, რომლებიც მოლოქის სამსხვერპლოზე საკუთარი შვილების შეწირვით ხსენებული ღვთების მომადლიერებას იზრახავდნენ, რისთვისაც ცოცხალ ბავშვებს სპილენძის კერპის ხელში განათავსებდნენ, ხოლო საცოდავი მსხვერპლი აქედან კერპის შიგნით ჩაგორდებოდა და ცეცხლში იწვოდა. ჩვილთა საშინელი გოდება მაღალხმიანი მუსიკით იფარებოდა. აღნიშნული მსახურება საყოველთაო იყო და იუდეისა და ისრაელის სამეფოში თანადროულად მიმდინარეობდა. იგივე, მიწიერი დამოკიდებულება აქვს ხალხს მოცემულ შემთხვევაშიც და მიუხედავად ცხოველი ღმერთის შესახებ მოსმენილი სიტყვისა, შინაგანი განწყობა კვლავაც უცვლელი რჩება).
        მხ. 8. ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე".
ეპისკოპოსი პალადი: ამჯერად თავად უფალი პასუხობს მიქას ბაგეებით შემკითხველ ხალხს: ფუჭად გგონიათ, – ამბობს წინაწარმეტყველი, რომ ღმერთს მხოლოდ მსხვერპლშეწირვით მოიმადლიერებთ. გაცხადებულია თქვენთვის ღვთის რჯულსა და წინასწარმერტყველთა წიგნებში, თუ რა ესათნოვება და რით აღიხოცება მისი რისხვა. უფალი ღმერთი მოწყალებით შეცვლის საკუთარ გულისწყრომას, რაჟამს სამართლიან საქმეს მოიმოქმედებთ: ჯეროვნად მიაგებთ განურჩევლად ნებისმიერს, დამნაშავეს დასჯით, ხოლო მორთალს გაამართლებთ და დაიცავთ, უსამართლო სასამართლოთი არ დაამწუხრებთ ახლობელს. მაგრამ ეს ყოველივე არასაკმარისია. მრავალმოწყალე ღმერთისთვის სათნოა, რომ ვმორჩილებდეთ და გულმოდგინებით ვიცავდეთ მის მცნებებს. სწორედ ასე ძალგვიძს წყალობის მოპოვება).
        მხ. 9.უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის. გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს".
ეპისკოპოსი პალადი: უფალი იერუსალიმის მკვიდრებს მიმართავს და მომავალი განსაცდელის, ტყვეობის შესახებ აუწყებს მათ. მაგრამ განა ვინ იქნება, ხსენებულ ქალაქს სინანულითა და კეთილკრძალულებით რომ გაამშვენებს? ვინ შეიცნობს გულით საღვთო უწყებას იერუსალიმის მკვიდრთაგან?!).
       მხ. 10-11. ‘თუ არის კიდევ ბოროტეულის სახლში ბოროტეული განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი? როგორ გავამართლო ბოროტეული სასწორი და ქისა მატყუარა საწონით?"
პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი იმ მიზეზებს განმარტავს, რისთვისაც დაისჯება ისრაელის სამეფო. ისინი სიმართლის მოთხოვნას არღვევენ, რადგან სახლებში უკანონოდ შეძენილი დიდძალი ქონება აქვთ დაუნჯებული. მოვაჭრენი ყალბ სასწორს იყენებენ, რაც სისაძაგლეა უფლის წინაშე . ებრაელები და აღმოსავლეთის სხვა ხალხები დღევანდელ დღემდე საკუთარი სასწორით დადიან საყიდლებზე. გირებად ქვის ნატეხებს იყენებენ. თაღლითები ორნაირ ქვას დაატარებენ: ერთს პირადი შენაძენისას სწორი წონის დასადგენად, ხოლო მეორეს შეძენილი ნივთის გაყდვისას, სხვისი მოტყუების მიზნით).
        მხ. 12-13. ‘რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით; მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ და ცრუა მათი ენა მათ პირში. და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო".
პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი კვლავ იმის შესახებ საუბრობს, თუ რაში ვლინდება იუდეველთა მხრიდან მომოქმედებული უკეთურება. სწორედ ტყუილითა და ცბიერებით გამდიდრდა ბევრი მათგანი, თუმცა არც მოსახლეობის სხვა სოციალური ფენები ჩამორჩებოდნენ მდიდრებს ბოროტმოქმედებაში. სიცრუის თქმას ისე შესჩვეოდნენ, რომ მათი ენა სხვას ვერაფერს ზრახავდა და უსინდისოდ ტყუოდნენ ღვთისა და კაცთა წინაშე. სწორედ ამ დმგომარეობის მიზეზით უფალი გარდაუვალ სასჯელს ჰპირდება შემცოდეებს, რისგანაც ვერავინ დაიხსნის თავს.
მუდმივად ამხელდნენ წინასწარმეტყველები სიცრუეს . როგორც ჩანს, ეს ცოდვა იუდეველი ერის მარად თანმხლები მოვლენა იყო და საზოგადოების დიდი ნაწილი, ღვთივსულიერ მქადაგებელთაგან განსხვავებით, არ მიიჩნევდა მას მძიმე დანაშაულად. მაგრამ თუკი ხსენებული ცოდვა ადამიანსა და საზოგადოებაში ღრმად გაიდგამს ფესვებს, ასეთი პირისა თუ საზოგადოების სრულ ზნეობრივ გადაგვარებაზე მიუთითებს. შეუძლებელია, ცრუ ადამიანს ენდობოდე, პატის მიაგებდე, რაიმე სიკეთეს ელოდე მისგან. პირიქით, საშიშია იგი და საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ ბოროტება მოაქვს, რადგან უზნეობაში სხვებსაც განსწავლის. თუ ასეთი ადამიანები რომელიმე სახელმწიფოს მართვის სათავეებთან აღმოჩნდებიან, უეჭველი დაღუპვა ელის მათი ხელით ქვეყანას. ‘სიცრუე სიყვარულის მტერია და ღვთისაგან განაშორებს ადამიანს. გონიერთაგან არავინ მიიჩნებს, რომ სიცრუის ცოდვა უმნიშვნელოა, რადგან სულიწმინდამ საშინელი მსჯავრი გამოთქვა მასზე: ‘წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა. კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა" . ასე რომ, ცრუ ადამიანი სულს წარიწყმედს", ბრძანებს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. წმინდა ეფრემ ასური უფრო მკვეთრ შეფასებას გამოთქვამს: არ არსებობს ამაზე ღრმა წყლული, არ არსებობს ამაზე დიდი სირცხვილი. მატყუარა ყველასთვის მოსაბეზრებელია და სასაცილო.
მიქას მხილების ჭეშმარიტება ისტორიული ცნობებითაც დასტურდება. ოსიას თანახმად, ხსენებული ეპოქის ისრაელის მმართველები ყალბისმოქმედი ადამიანები იყვნენ, რომლებიც მეფის დაღუპვას იზრახავდნენ, თუმცა სამეფო სუფრაზე ასე გაიძახოდნენ: ‘ჩვენი მბრძანებლის დღეა!").


თავი 7


        მხ. 1.ვაგლახ, რომ ნაყარი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მცვრეველს დავემსგავსე! ერთი მტევანიც არ შერჩენია საჭმელად; პირველმოწეულ ხილს ნატრობს ჩემი სული".
ბოლო თავის დასაწყისში წინასწარმეტყველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მსმენელებს იუდეის დაქცევის შესახებ და ამის მიზეზად მართალი ადამიანის არარსებობას ასახელებს (შდრ. ‘აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის…"). პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი უდიდესი მწუხარებით დასტირის გარშემო არსებულ სათნოებათა სიცარიელეს. მისი თქმით, სახიერი ადამიანების რაოდენობით იუდეველი ერი ნაყოფშემოძარცვულ ვენახს ემსგავსება. როგორც ასეთ სავენახეში ვერ მიაგნებ ყურძენს, რომ დააგემოვნო იგი, ვერც იუდეველთა შორის აღმოაჩენ სათნო და კეთილისმზრახველ ადამიანს. კონტექსტიდან ჩანს, რომ მიქა იუდეის სამეფოზე, საკუთარ თანამოქალაქეებზე საუბრობს და მათ ზნეობრივ სახეს წარმოაჩენს, როგორც ისრაელთან დაკავშირებით აკეთებდა ამას წინარე თავში. სახელმწიფოს, ერის ვენახთან შედარება იუდეველთათვის ნაცნობი და გასაგები ფორმა იყო, რასაც მიქას პარალელურად ესაიაც მიმართავდა).
        მხ. 4. უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, სამართლიანი კი ძეძვზე უარესია; დადგება შენი მოთვალყურის დღე, შენი მონახულების დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი".
პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი, აერთიანებს რა იუდეის სამეფოს როგორც მმართველ ფენას, ასევე ზოგადად მთელი სახელმწიფოს მოსახლეობას, ამბობს, რომ მათ შორის საუკეთესო ნარ-ეკალს, ხოლო ყველაზე სამართლიანი ძეძვს დამსგავსებია. ამგვარი მდგომარეობა კი, მიქას თქმით, საღვთო რისხვის გარდაუვალობის უეჭველი დასტურია. იუდეველ ერს წინასწარმეტყველთაგან ნაუწყები განგაშის, დარდისა და უდიდესი განსაცდელების დრო დაუდგა. ებრაელები სავენახესა და ხეხილის ბაღს ქურდებისა და მხეცებისგან დაცვის მიზნით ნარ-ეკლებით ღობავდნენ. ასეთი ღობეების ეკლიანობა განსაკუთრებით შემოდგომაზე, ნაყოფის დაკრეფისა და ფოთოლცვენის შემდეგ შეინიშნებოდა. წინასწარმეტყველი სწორედ ასეთი სახის ღობეს ადარებს იუდეველებს, რომლებიც უკეთურებას აღარც კი მალავენ. ნარ-ეკალი პალესტინაში ერთ-ერთ ყველაზე მავნე მცენარედ მიიჩნევა. მის სიახლოვეს ვერაფერი ხარობს, რადგან ძლიერ ნაყოფიერია და მიწაში ღრმად იდგამს ფესვებს. სადაც ფეხს მოიკიდებს, მალევე მრავლდება და მთელს ფართობს მოიცავს. ისეთი ხშირი და მასიური ეკლები აქვს, რომ ხელის დაუზიანებლად ვერსაიდან შეეხები. ნარ-ეკლის ბუნებრივი თავისებურებანი სიმბოლური მნიშვნელობით კარგად წარმოაჩენს უკეთურ ადამიანთა მდგომარეობას.
       მიქა მეთვალყურეებზე საუბრობს (შდრ. ‘დადგება შენი მოთვილყურის დღე") და მათში წინასწარმეტყველები იგულისხმებიან. ეზეკიელის წიგნში დეტალურადაა განმარტებული ხსებული ტერმინი. ისრაელის სახლის მოდარაჯედ განწესებულ წინასწარმეტყველს უკეთურების მოქმედი საზოგადოებისთვის საღვთო რისხვის შესახებ უნდა ეუწყებინა და სინანულისკენ ეწვია ისინი. თუკი იგი, ღვთის ნების შემეცნების შემდეგ, არაფერს აუწყებდა შემცოდეს და ეს შემცოდე საკუთარ ცოდვაში გარდაიცვლებოდა, მეთვალყურე-წინასწარმეტყელზე იქნებოდა მისი სისხლი. მაგრამ თუ წინასწარმეტყველი უფლის ნებას განაცხადებდა, ხოლო ცოდვილი არ შეისმენდა მისას და ასე აღესრულებოდა, ღვთისკაცი არაფერში დადანაშაულდებოდა. წინასწარმეტყველის მზრუნველობა – მოდარაჯეობა მთელს სამეფოზე ვრცელდებოდა. მქადაგებელს ზეგარდამო მსჯავრი უკეთურების მოქმედ სახელმწიფოებზეც უნდა გამოეთქვათ. თუკი არ შეისმენდნენ ისინი, მაუწყებელი თავისუფალი იყო ბრალისგან, მაგრამ საღვთო ნების გაუცხადებლობის შემთხვევაში სწორედ მქადაგებელს მოეკითხებოდა მსჯავრი . ასე რომ, წინასწარმეტყველები მოწოდებულნი იყვნენ, რომ ხალხის ცხოვრების წესს დაკვირვებოდნენ, მათი დანაშაულებანი ემხილებინათ და მოსალოდნელი განსაცდელები გაეცხადებინათ).
       მხ. 5-6. ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენი ბაგეთა კარი, რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი - თავის დედამთილს; კაცის მტრები არიან მისი შინაურები".
იუდაურმა საზოგადოებამ ძლიერი ზნეობრივი დეგრადაცია განიცადა. მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ წინასწარმეტყველი მსმენელს ურჩევს, უახლოეს ადამიანებსაც კი არ ენდოს. მიქას წინასწრმეტყველების წინამდებარე ნაწილი, ‘და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი", ახალ აღთქმაში მეორდება . ნეტარი იერონიმე: წარმოდგენილი სიტყვები მიგვანიშნებს, რომ ადამინი ერთადერთ ღმერთს უნდა სასოებდეს. არავინ გაიგოს ისე, თითქოს მიქა დაპირისპირებასა და წინააღმდეგობას შეაგონებს ვინმეს. წმინდა წერილის მიზანია, ადამიანს სწორი სულიერი ცხოვრება ასწავლოს და ღმერთის მარადიული თანაზიარი გახადოს. მცირე დროის შემდეგ, მართალია, ოდნავ განსხვავებულად, იმავეს იტყვის იერემიაც: ‘ესრეთ იტყჳს უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ, და განიმტკიცოს ჴორცი მკლავისა თჳსისაჲ, და უფლისაგან განდგეს გული მისი" . ამავდროულად იგივე სიტყვები სხვაგვარადაც განიმარტება: ‘ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენი ბაგეთა კარი". ახლობელი, მეგობარი, გვერდით მწოლი ჩვენი ხორციელი ბუნება, სხეულია, ვისი ნდობაც ადამიანს დაღუპვას უქადის.
კაცის მტრები არიან მისი შინაურები". ჩვენი აზრით, ამ სიტყვების სიმბოლური მნიშვნელობა შემდეგია: ყოველი მამაკაცის თავი ისევე, როგორც ეკლესიისა, ქრისტეა. კაცში სწორედ მაცხოვარი მოიზრება, ხოლო მისი შინაური მტრები ეკლესიის წიაღში მყოფი ადამინები არიან, რომლებმაც წმინდა წერილი საკუთარი შეხედულებისამებრ განმარტეს და ეკლესიას მტრებად გაუხდნენ). პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი გულისტკივილით აფრთხილებს მსმენელს, რომ გრძნობები ახლობლობისა, მეგობრობისა, ნათესაობისა იმდენად მოუძლურებულა, შეუძლებელია ვინმესი გჯეროდეს. მეგობრები და ნაცნობები არ იმსახურებენ ნდობას: ვერაფერში დაეყრდნობი მათ და ფრთხილად უნდა იყო ურთიერთობისას. არც საკუთარი ოჯახიც იმსახურებს სასოებას. ცოლი მზადაა, ქმრის საიდუმლო გასცეს, შვილები არა მარტო უდიერად ეპყრობიან მშობლებს, არამედ უპირისპირდებიან და შეურაცხყოფენ მათ. ოჯახი, ნაცვლად მოსიყვარულე ადამინაების ერთობისა, ურთიერთთან დაპირისპირებული მტრის ორ ბანაკს ემსგავსება. მიქას მიერ აღწერილი თანამედროვე იუდეველი ერის სახე, მისი კერძო თუ საზოგადო გამოვლინებებითურთ, იმდენად სამწუხაროა, მაცხოვარმა სწორედ აღნიშნული წინასწარმეტყველებიდან მოიხმო მაგალითი, როდესაც მეორედ მოსვლის წინ კაცობრიობის ზნეობრივი მდგომარეობის შესახებ სწავლება წარმოაჩინა მსმენელის წინაშე ).
       მხ. 7. ‘მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი". პავლე იუნგეროვი: მიუხედავად იუდეველი ერის ზნეობრივი გარყვნილებისა და ურთიერთისადმი გულში დამარხული დიდი მტრობისა, წინასწარმეტყველი სიმშვიდეს ინარჩუნებს. იგი ღვთის იმედსა და რწმენას სასოებს, უფალს სიყვარულით უმზერს და იცის, რომ მისი ვედრება შესმენილი იქნება. მიქას მდგომარეობა გარკვეულწილად ესაიას ყოფას ემსგავსება, როდესაც იუდეის სამეფოს ერთ შემთხვევაში სირიისა და ისრაელის გაერთიანებული სამხედრო ძალები, ხოლო მეორედ ასურეთის ძლევამოსილი ჯარი უტევდა. მეფე აქაზი ქარისაგან შერყეული ლერწმის მსგავსად მიმოიქცეოდა, ეზეკია კი მოთქვამდა, გოდებდა და ღმერთს ხსნას ევედრებოდა. სწორედ ამ ურთულეს ჟამს შეურყეველი სიმტკიცით ასპარეზზე გამოსული ესაია სულიერი თვალით ზეცას უმზერდა და საკუთარი სიმშვიდიდ შიშისაგან გონებადაბინდულ თანატომელებს განამტკიცებდა. ესაია თანამედროვე იუდეველთა მწუხარებას განიცდიდა და, ამავდროულად, მომავალში მოწევნად მძიმე განსაცდელებს ჭვრეტდა, მაგრამ საკუთარ თავსა და თანატომელებს ამშვიდებდა, რადგან იცის წინასწარმეტყველმა, რომ ყველა სახის განსაცდელი ადამიანისა თუ საზოგადოების ზნეობრივ გაჯანსახებას ემსახურება. მსგავსადვე მწუხარებდა მიქა აწმყოსა თუ მომავალში მოსახდენი მოვლენების მიზეზით, მაგრამ გამოუთქმელი საღვთო განგებულების გარდაუვალობად მიიჩნევდა მათ და ყოველივე ამაში უზენაესის სიყვარულს ხედავდა რჩეული ერისა თუ, ზოგადად, მთელი კაცობრიობისადმი. შესაძლოა, წინამდებარე მეშვიდე თავი იუდას სამეფოზე ასურელთა თავდასხმის დროსაა წარმოთქმული. შესაბამისად, ამ უმძიმეს ვითარებაში სარწმუნოების ორი ბურჯი, ესაია და მიქა, იუდეველებს განამტკიცებდა და სასოებას სძენდა).
        მხ. 8-9. ‘ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი! დავითმენ უფლის რისხვას (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ გაიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს".
პავლე იუნგეროვი: თავად რწმენით გამტკიცებული წინასწარმეტყველი მთელს ისრაელს იმავეს შთააგონებს. უფალზე დაიმედებული იგი იუდეველთა მტრებს მიმართავს და ეუბნება, რომ ებრაელთა განსაცდელში, პოლიტიკურსა თუ ზნეობრივ განრღვეულობაში არაფერია მათთვის სასიხარულო. დაცემას აღდგომა და განდიდება მოჰყვება, სიბნელესა და მწუხარებაში დროებით ყოფნას ღვთისაგან გაცისკროვნება ენაცვლება. მიმართავს რა იუდეველებს, მიქა იაჰვის რწმენით განატკიცებს მათ. მომავალი ღვთის რისხვა, როგორც ცოდვათა მიზეზით მოწევნადი სასჯელი, სიმშვიდიდითა და უყვედრელად უნდა დაითმინო ისე, რომ უფლისადმი სასოება არასოდეს დაკარგო. იუდეველთა საღმრთო ერად გამორჩევა ცოდვათა გამრავლებისას ამავდროულად განსაცდელთა სიჭარბესაც განაპირობებს, მაგრამ ღვთისაკენ მიქცევის შემთხვევაში ცოდვილს გადარჩენის იმედსაც ანიჭებს). მორიგ მუხლებში მიქა იუდეველთა სამშობლოში დაბრუნებას წინასწარმეტყველებს და ამისთვის ხატოვან გამოთქმას მიმართვას: ‘ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო, თუმც დაცემული ვარ, აღვდგები…" მიქა ბაბილონს მიმართავს და ეუბნება, რომ არაა საჭირო სიხარული, რადგან არათუ მათი ძლიერების გამო დაატყვევეს იუდეველნი, არამედ იმიტომ, რომ თავად რჩეული ერი განუდგა ღმერთს. მაგრამ დადგება ჟამი, როდესაც ისინი კვლავ ფეხზე დადგებიან.
        მხ. 10. ‘დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ მეუბნებოდა, სად არის უფალი, შენი ღმერთიო? მაშინ იხილავენ მას ჩემი თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება".
ბაბილონელები თვლიდნენ, რომ თუნდაც იუდეველთა ღმერთს მოენდომებინა რჩეული ერის გამოხსნა და ხალხის შინ დაბრუნება, ისინი მაინც ტყვეობაში დარჩებოდნენ. მიქა ძლევამოსილ იმპერიას დაცემას უწინასწარმეტყველებს, რაც სრული სიზუსტით ახდა 539 წელს. მეფე კიროსი სპარსული და მიდიური ჯარით ბაბილონში შეიჭრა და წერტილი დაუსვა ძლევამოსილი სახელმწიფოს არსებობას. მანვე იუდეველები 538 წელს გამოცემული ბრძანებით სამშობლოში დააბრუნა.
       მხ. 11. ‘შენი კედლების აშენების დღე შენი რჯულის გავრცელების დღე იქნება". პავლე იუნგეროვი: შემდეგ მუხლში გადმოცემული შინაარსის გათვალისწინებით მიქას წარმოდგენილი უწყება მოსეს რჯულით რჩეულ ერსა და წარმართობას შორის დადებული ზღუდის გაუქმების შესახებ გვატყობინებს. დამცავი კედლების აღმოფხვრა ყველა ხალხს მისცემს შესაძლებლობას, იერუსალიმში მოიყარონ თავი და თაყვანი მიაგონ იაჰვეს, იუდეველთა ღმერთი ყოვლეთა ღმერთი გახდება).
       მხ. 12. ‘იმ დღეს შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან, ეგვიპტიდან ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე". პავლე იუნგეროვი: როდესაც დადგება ჟამი იუდეველთა წარმართთაგან დამცავი ზღუდის აღებისა, მაშინ ეს უკანასკნელნი ებრაელებთან შესაერთებლად იჩქარებენ. სიონისკენ იდინებენ ხალხები ასურეთიდან, ეგვიპტიდან და ყველა ზღავასა და მთას შორის არსებული სახელმწიფოებიდან. წინასწარმეტყველი არ საუბრობს იმის შესახებ, თუ რა მიზეზით დაიძვრებიან ხსენებული ხალხები იუდეისკენ, რადგან ამის თაობაზე უწინარეს ჰქონდა მსჯელობა).
        მხ. 14. ‘დამწყემსე შენი კვერთხით შენი ერი, შენი სამკვიდრო ფარა, ტყეში მცხოვრები მარტოდმარტო, შუაგულ ქარმელში. იბალახოს ბაშანში და გალაადში ძველებურად!"
პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი ლოცვით მიმართავს ისრაელის ღმერთს, რომ მწყემსი არ მოაკლოს ამ ხალხს. მართალია, მიქა არ აკონკრეტებს, თუ ვის მოიაზრებს იგი მწყემსში, მაგრამ მიუხედავად ამისა იუდეველ თუ ქრისტიან განმმარტებელთა შორის ერთგვაროვანი პასუხი არსებობს ამის თაობაზე და მწყემსში თავად უფალი მოიაზრება. მიქა იერუსალიმის საყოველთაო მეუფების, მისკენ მომავალი ერების, იუდეველთაგან ასირიელებისა და ბაბილონელების დამარცხების შესახებ საუბრობს და, ერთი შეხედვით, თითქოს რჩეული ერის მსოფლიო ბატონობის იდეას წარმოადგენს, მაგრამ საქმე ისაა, რომ პარალელურად ყველგან და ყოველთვის განმარტებას იძლევა, რომ ზოგიერთი იუდეველის მოლოდინისამებრ, ამაში სულაც არ იგულისხმება ამასოფლიური მეუფება. მაშ ასე, იუდეველი ერის მომავალი ნეტარება და ბედნიერება, მიქას აზრით, ამ ერისადმი ღვთის სიყვარულსა და ხალხის ღვთისადმი ტრფობაში მდგომარეობს და ასეთი სიყვარულის გარეშე არაფერს ნიშნავს ერის გარეგნული კეთილდღეობა: მასთან ერთობით უდაბნოშიც კი შესაძლოა ბედნიერი იყო, ხოლო სიყვარულის არარსებობა, თუნდაც მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოდაც რომ იქცე, გარდაუვალ შინაგან ტანჯვას განიჭებს. მსგავსი სახის უწყება წმინდა წერილის მრავალ წიგნში გვხვდება. აღნიშნული განცდები თავად ძველი აღთქმის მართალთა მამოძრავებელი ძალაა, რომლებიც სიყვარულით სუნთქავდნენ და თვინიერ ამ გრძნობისა არაფერი სურდათ ცათა შინა, თუ ქვეყანასა ზედა. სწორედ იმავე გრძნობით ხელმძღვანელობდნენ მოგვიანებით ასპარეზზე გამოსული ქრისტიანი მოღვაწეები, როდესაც ყოველივეს დაუტევებდნენ და საკუთარ ცხოვრებას უძღვნიდნენ შემოქმედს).
        წმ. ეფრემ ასური: ისტორიული მნიშვნელობით, - ბრძანებს წმინდა ეფრემ ასური, - წინასწარმეტყველი მოცემულ შემთხვევაში ზორუბაბელის შესახებ საუბრობს, რომელიც იუდეველთა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელად იქნა დადგენილი, რომ საკუთარი ერი ეწინამძღვრა და დაეცვა. დამწყემსე, ზორუბაბელ, ამბობს მიქა, სიმდაბლის ხელმწიფებით. სულიერი მნიშვნელობით კი იგივე უწყება ქრისტე ღმერთზე განხორციელდა).
       მხ. 15. ‘გაჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გაჩვენე, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდი".
პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველის გულმოდგინე ლოცვას უფალი ეხმიანება და განწმენდილ ისრაელს ისეთივე ენითგამოუთქმელ შეწევნას ჰპირდება, როგორც რჩეულ ერად დადგინებისას არაერთგზის გაუწევია მისთვის. ვითარცა ეგვიპტიდან გამოსვლისას ებრაელთა გადარჩენისა და მტრების დათრგუნვის მიზეზით მრავალი სასწაული გამოვლენილა, მომავალ ჟამს იგივე უფალი ასევე მზადაა, ნიშანთა სიმრავლე გამოუცხადოს იუდეველთ. ეს ნიშები დაამდაბლებს რჩეული ერის მტრებს, მათ დიდებულებას დათრგუნავს და იაჰვესადმი შიშს შთაუნერგავს. მიქას მიერ ლოცვაზე ზეგარდამო მიღებული სწრაფი პასუხი არ არის გამონაკლისი, რადგან უფალი ესაიას ბაგეებით იუწყებოდა, რომ ‘წყალობით შეგიწყალებს შენი ღაღადების ხმაზე, როგორც კი მოესმება, პასუხს გაგცემს" . ღვთივსათნო საქმეების აღმსრულებელმა და მისი მცნებების დამცველმა წინასწარმეტყველმა ლოცვაზე მიიღო პასუხი.
        მხ. 16-17. ‘დაინახავენ ხალხები და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა; ხელს პირზე მიიდებენ და სასმენელნი დაუყრუვდებათ. მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა და შენიც შეეშინდებათ". პავლე იუნგეროვი: ღვთის დანაპირებში დარწმუნებული მიქა მომავალი სასწაულების შესახებ იუწყება. როგორც ეგვიპტიდან იუდეველთა გამოსვლისას დამარცხდა და დაითრგუნა ეგვიპტე, ზუსტად ასევე ებრაელთა მისამართით გაღებული საღვთო შეწევნით დაიძლევიან მძლავრი წარმართი ხალხები. დაინახავენ ისინი, რომ ყველანაირი დიდება, ძალა და სიმტკიცე სრული არარაობაა რჩეული ერისა და მისი ღმერთის წინაშე. მიქა ზედმიწევნით ზუსტად აღწერს მტრების გაოგნებასა და შიშს: მათ სხეულის ყველა ორგანო მოუდუნდებათ, დაუუძლურდებათ და გაუქვავდებათ. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ქანაანში მცხოვრები ტომები, რაჟამს იუდეველებმა მდინარე იორდანე გადალახეს. იმავეს განიცდიდნენ ეგვიპტელები, როდესაც ათი სასჯელი დაეშვა მათზე და განსაკუთრებით მეწამულ ზღვაზე ფარაონისა და მისი ჯარის გარდაცვალების ამბავი რომ შეიტყვეს. როგორც მიქას მორიგი მსჯელობიდან იკვეთება, ხსენებული სასწაულების მომავალში მოსახდენი ანალოგი მაცხოვრის მიერ კაცთათვის ცოდვათა მიტევება და ადამის მოდგმის საყოველთაო გამოსყიდვა იქნება და, ზოგადად, ყველა იმ დანაპირების აღსრულება, რაც პატრიარქთათვის აღუთქვამს ოდესმე შემოქმედს.  წინასწარმეტყველი ისრაელის მტრების სირცხვილითა და შიშით გამოწვეული გაოგნების შედეგს აღგვიწერს: გველის მსგავსად იცოცებენ ისინი მიწაზე და მტვერს მოლოკავენ, როგორც მიწის მატლი გამოვლენ საკუთარი გამაგრებული საცხოვრისებიდან და იაჰვესა და რჩეული ერის წინაშე წარდგებიან, დაინახავენ საკუთარ უძლურებას. ძველ ხალხებში ასეთი ტრადიცია არსებობდა: დამარცხებული მეფეები და მხედართმთავრები გამარჯვებულის წინაშე პირქვე ემხობოდნენ და მიწას კოცნიდნენ. მიქას თანამედროვე ასურელი იერარქი - სარგონი შენიშნავს, რომ დამარცხებული ბაბილონის მეფე მეროდან ბალადანი ასურეთის მორჩილების ნიშნად მიწას ემთხვია. სწორედ აღნიშნულ ჩვეულებას იშველიებს მიქა, მაგრამ იუდეველებმა საკუთარ თავს არ უნდა მიაწერონ გამარჯვება, რადგან ძლევა და დამდაბლება ღვთისაგან იქნება მოვლენილი ).
        მხ. 18-19. ‘რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია. კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ, დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას". პავლე იუნგეროვი: უდიდესი კაცთმოყვარების მიზეზით უფალი კვლავ წყალობას გაიღებს იუდეველებზე და მათ უშჯულოებებს აღხოცავს. როგორც ოდესღაც ფარაონი დანთქა მეწამულ ზღვაში, ასევე დანთქავს რჩეული ერის ცოდვებს. ებრაელთა უკეთურებებზე მხოლოდ ესოდენ ენითგამოუთქმელი ძვირუხსენებლობის მიზეზია რჩეული ერის მომავალი კეთილდღეობის განმაპირობებელი). ეპისკოპოსი პალადი: ესოდენ უმადური იუდეველი ერის მისამართით გამოვლენი საღვთო სახიერების შესახებ საუბრისას წინასწარმეტყველი უდიდეს გაოგნებას განიცდის ცოდვილებისადმი ღვთის ენითგამოუთქმელი წყალობის მიზეზით. განა ვინ არის ღმერთი ვითარცა შენ! – ამბობს მიქა. ანუ შესაძლებელია კი, სხვა ღმერთი იყოს, რომელიც მოწყალებაში შენ დაგემსგავსება, იმას, ვინც განაქარვებს უკეთურებას, ცოდვას მიუტევებს საკუთარ ნატამალს… რადგანაც ადამიანი ცოდვათა მიტევებასა და ურჯოლოებათა გამო განუკითხველობას მხოლოდშობილი ძე ღმერთის ჯვარზე გაღებული გამომსყიდველი მსხვერპლის გზით ეზიარა, თავისთავად ცხადია, რომ წინასწარმეტყველი, საუბრობს რა იუდეველთა შეწყალებაზე, ამავდროულად გოლგოთაზე აღსრულებულ მოვლენას გულისხმობს. ასე რომ, მიქა ღვთის ძის მიერ სამყაროს გადარჩენის შესახებ წინასწარმეტყველებს და მთელ კაცთა მოდგმას ამშვიდებს. ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია. - მიზეზი, რისთვისაც უფალი იუდეველებს იბრალებს და ცოდვილებს შეუნდობს, ნებელობაა, რადგან წყალობის მოყვარულია იგი, თავად არის ბუნებითი სიყვარული, ამიტომაც არ მრისხანებს ცოდვილზე მარადის, არამედ დასჯის და იბრალებს მათ და ჩვენს ყველა ურჯულოებას საკუთარი კაცთმოყვარების ოკეანეში დანთქავს. როგორც წყალში ჩაძირული ქვა ადამიანთა მზერას მიეფარება, ასევე ყველა ჩვენი ცოდვა ღვთის მოწყალებით გაუჩინარდება, აღიხოცება და სამარადისო დავიწყებას მიეცემა და ეს მოხდება მაშინ, როდესაც ადამიანის გამოსყიდვის საიდუმლო ღვთის ძის მიერ აღესრულება).
       მხ. 20. ‘დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს - სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შეჰფიცე ძველთაგანვე".
პავლე იუნგეროვი: წიგნის დასასრულს წინასწარმეტყველი მამამთავრებისა და რჩეული ერისათვის მიცემული აღთქმების გარდაუვალობას ადასტურებს. ‘შენ, - შეურყეველი რწმენით მიმართავს მიქა უზენაესს, - უეჭველად აღასრულებ ყველა იმ დაპირებას, რომლებიც ძველ დროს ფიცით მიგიცია ჩვენი პატრიარქებისთვის". აღნიშნული აღთქმები არა მარტო იუდეველთა საკუთრება იყო, არამედ მთელს კაცთა მოდგმას მოიცავდა. დანაპირების აღსრულება მაცხოვრის წუთისოფელში მოვლინებით დაიწყო, მაგრამ ისრაელთან მიმართებით, პავლე მუციქულის თანახმად, სრული სახით ქრისტეს მეომარი ეკლესიის ისტორიის დასასრულს უნდა განხორციელდეს (შდრ. რომ. 11. 7-36).
მაშ ასე, წინასწარმეტყველი (მხ. 18-20) აღიარებს, რომ ყრმობიდანვე ცოდვით ძლეულ ადამიანს არ შესწევს უნარი, საკუთარი ძალებით გათავისუფლდეს უკეთურების მონობიდან და საღვთო სიმართლეს შეურიგდეს. უსაზღვრო კაცთმოყვარების მიზეზით მხოლოდ ღმერთს შეუძლია უწყალობოს მას მიტევება და შერიგება. ცოდვამ ყოვლითურთ განმსჭვალა ადამიანური ბუნება და საკუთარი ბორკილებით შებოჭა იგი. მხოლოდ მთელი სამყაროს მეუფეს ხელეწიფება მისი საკვრელების დახსნა და ტყვეობაში მყოფთა გათავისუფლება. გამეფებული ცოდვის ძალისა და სიმძიმის შემმეცნებელი წინასწარმეტყველი ერთადერთ გამოსავალს ხედავს: დადგება ჟამი, როდესაც უფალი სიყვარულის მიზეზით ამგვარი სირთულიდან დაიხსნის ადამიანებს და სწორედ ეს იქნება უმაღლესი ნეტარება ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსებისთვის...
        16-20 მუხლებში გადმოცემული წინასწარმეტყველება განა მარტო იუდეველთა ეგვიპტური კირთებიდან გათავისუფლებას უტოლდება, არამედ ამ მოვლენაზე გაცილებით აღმატებულია. ეგვიპტის ტყვეობიდან მხოლოდ ერთი ერი, იქნა გამოხსნილი, ისიც ხორციელი მონობიდან და ეს ერი სულიერი თავისუფლებისთვის იწყებდა მზადებას, ხოლო მიქა საკუთარ წინასწარმეტყველებაში კაცთა მოდგმის საყოველთაო გამოხსნა-გათავისუფლებას იუწყება, რამაც, ენითგამოუთქმელი საიდუმლოს მიზეზით, ბუნებრივია, განცვიფრება უნდა მოჰგვაროს ადამიანსა თუ ანგელოზს).

ტეგები: Old_Testament, bible, holy, propets, qwelly, აქაზი, ბიბლია, ეზეკია, ეპისკოპოსი, თეოდორიტე, მეტი...იერუსალიმი, იუდეველნი, მიქა, ნეტარი, პალადი, ძველი_აღთქმა, წერილი, წინასწარმეტყველი, წმინდა

ნახვა: 275

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბებით და ევროსაბჭოს ქართული განხილვა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 27, 2020.
საათი: 11:24pm 3 კომენტარი

      იანვრის ვირუსებმა შიდა ზამთრის ციება აღმოსავლეთიდან მოიტანეს და სიცივის ნაცვლად, ცხოველების ჭამისგან აკიდებული სასიკვდილო შხამი გაავრცელეს მსოფლიოში. ამიტომ ჩინური კორონავირუსის ამბავი დიდი ხანია გასცდა რომელიმე ქვეყნის შიდა პრობლემას. საქართველოშიც ერტ-ერთი ყველაზე აქტუალური აბავი სწორედ ამ თემას უკავშირდება, დღის მეორე თემა ამერიკასა და ევროპაში ქართული სახელმწიფოს იმიჯი და პრობლემების მათეული ხედვა-შეფასება-განხილვა…

გაგრძელება

ყინვის მოლოდინი, პოლიტიკური ტემპერატურა საკრებულოში, სასამართლოსა და ომბუდსმენთან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2020.
საათი: 11:30pm 5 კომენტარი

      იანვარში ზამთარმა კუდი იმდენად მოიქნია, რამდენადაც საშინელი ყინვა, ქარი და სიცივე გაუჯდა ძვალ-რბილს, თოვლი და წყაპი არ გვაქვს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 25-27 იანვარს ყინვაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემაო. ტემპერატურამ ძალიან აიწია ბარში - მაღალი ტემპერატურის თემები - მაღალი ჩინის ოჯახის წევრობა, მოზარდების ზრდასრული დანაშაული, ნაცემი დეპუტატი, ძვირი რეკლამა და კონგრესმენების ახალი…

გაგრძელება

კონგრესმენის კრიტიკა, ჩინური ვირუსი და ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებულები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 23, 2020.
საათი: 11:30pm 5 კომენტარი

      ჩვენი სწრაფვა დასავლეთისკენ იმდენად დიდია, რომ საკმარისია რომელიმე კონგრესმენმა 535_დან, რამე დაწერს ჩვენზე, მთელი დღის მეინსტრიმი სწორედ კონგრესმენის წერილს ეძღვნება - ასე იყო დღესაც, როდესაც კონგრესმენისგან კრიტიკული წერილი დავიმსახურეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. დღის ამბებში აქტიურად დაბრუნდა სარალიძე-კალანდიების ამბები, ასევე, ავსტრალიიდან უკვე ჩინეთში გადავიდა მსოფლიო ყურადღება და ამჯერად ახლადგამოჩეკილი ვირუსის…

გაგრძელება

მონატრება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2020.
საათი: 5:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (დასასრული)

      უკვე მერამდენედ ვინატრე გველთან საუბარი... სიზმრად ნანახმა ფრინველ-ღრუბელმა ძალიან დამაფიქრა.

      უპირველეს ყოვლისა, იმის შესახებ ვკითხავდი, თუ რად განშტოვდა სიზმარ-ცხადი ამ ზომამდე, რომ ხანდახან სრულებითაც აღარ ჰგვანან ერთმანეთს.

      თუნდაც ის საშიშარი ფრინველ-ღრუბელი ვთქვათ, სიზმარში რომ ვნახე... ფრინველ-ღრუბელის მსგავსი არსება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters