თავი 1


მხ.1. 'იყო უფლის სიტყვა იონაზე, ამითაის ძეზე" .
იონას წიგნის ბერძნული რედაქცია ‘და" კავშირით იწყება , ამიტომაც მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასწარმეტყველებამ ჩვენამდე დასაწყისი ნაწილის გარეშე, არასრული სახით მოაღწია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ძველი აღთქმის წიგნებში მსგავს დასაწყისებს ხშირად ვხვდებით.‘უფლის სიტყვაში" იგულისხმება, რომ ღმერთმა იონას გარკვეული ქმედებისკენ მოუწოდა. ეკლესიის მამათა განმარტებით, საუფლო გამოცხადება წინასწარმეტყველის შინაგან სამყაროში, მისი სულის სიღრმეში ყოველგვარი გარეგნული გამოვლინებების გარეშე აღესრულა .
დეკან. იოანე სოლოვიოვი: ტექსტში იონას შესახებ თხრობა მესამე პირშია წარმოდგენილი, რამაც განმმარტებელთა ნაწილს აფიქრებინა, რომ საწინასწარმეტყველო მოძღვრება არ ეკუთვნის უშუალოდ იონას და იგი სხვა, გარეშე პირისგანაა დაწერილი. აღნიშნულის საპირისპიროს უძველესი იუდაური ეკლესიის გადმოცემები ამტკიცებს, რაც თავის მხრივ იოსეფ ფლავიუსმაც დაიმოწმა ‘სიძველეებში", სადაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ნინევში განხორციელებული სამოციქულო საქმინობა იერობოამ II-ის დროს მოღვაწე იონას მიერ ჩაიწერა. წარმოდგენილ ცნობას ადრექრისტიანული ეპოქის მრავალი წყარო ეთანხმება. რაც შეეხება მესამე პირში საუბარს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიური წიგნების ავტორთა უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით ისტორიული მოვლენების აღმწერელნი, როგორც წესი, საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობენ, თუმცა მათი წიგნების ავოტორებთან დაკავშირებით არასოდეს გამოთქმულა ეჭვები. ძველი აღთქმის აღმწერთა ამგვარი ჩვეულება, რასაც ხსენებული ადამიანების სიმდაბლე განაპირობებდა, მოვლენის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას იძლეოდა და, ამასთანავე, ისინი საკუთარი წიგნების ავტორად როდი მიიჩნევდნენ თავს, არამედ საღვთო სულით აღძრულნი, მოძღვრების შემოქმედად მხოლოდ უზენაესს სახავდნენ.
ძნელია ზუტად განისაზღვროს წიგნის დაწერის დრო. სავარაუდოდ, იონამ ნინევში მოგაზურობის შემდეგ, მალევე წერილობითი სახით ჩამოაყალიბა საკუთარი თავგადასავალი).
პავლე იუნგეროვი: იონას წიგნში იმდენად მწირი და უმნიშვნელო მოვლენებია გახმიანებული ‘ვიწრო-პარტიკულარული" იუდაური აზროვნების წინააღმდეგ და ისე ბევრი რამაა ნათქვამი რელიგიური ‘უნივერსალიზმის" შესახებ, რომ არც ერთ გამყალბებელს აზრადაც არ მოუვიდოდა მსგავსი რამ დაეწერა, ვინაიდან განა წმინდა წიგნების ავტორთა შორის განაჩინებდნენ მას, არამედ, დიდი ალბათობით, ქვით განიტვინებოდა გაშმაგებულ თანამოქალაქეთა მიერ იგი. მეორე მხრივ, აქ იმდენად მცირედი ცნობაა წარმოდგენილი იონას განსადიდებლად და, პირუკუ, მრავლადაა მისი ხასიათის მამხილებელი და ნინეველთა საქებარი უწყება, რომ ავტორი იუდეველთა წმინდა ისტორიის აღმწერებს მოგვაგონებს, რომლებიც დღემუდამ რისხავდნენ საკუთარ მეფეებსა და თანატომელებს. კონკრეტულ ქმედებებში იმდენად ბევრი ფსიქოლოგიური ჭეშმარიტებაა ნაჩვენები, ობიექტურად შეუძლებელია მათი მოფიქრება და შეთხზვა. აქ ღრმა სინამდვილითა და წმინდა უბრალოებით, ცბიერების გარეშე სუნთქავს ყოველივე).
მხ. 2. ‘ადექი, წადი ნინევში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი ბოროტების ამბავი" .
ნინევი სამარიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით ცხრაასი კილომეტრის დაშორებით, მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა . მშვენიერი ასურული ქალაქი სიდიდით მხოლოდ ბაბილონს ჩამორჩებოდა. დაცემული, გაუკაცრიელებული და ნანგრევებად ქცეული ნინევის მახლობლად აღმოჩენილი ბერძენი ისტორიკოსის, ქსენოფონტეს (V-IV სს.) ცნობით, ქალაქის დამცავი გალავანი სიმაღლეში ცამეტს, ხოლო სიგანეში ხუთ მეტრს აღწევდა. კედლის დასაწყისი ნაწილი, ხუთი მეტრის სიმაღლეზე ერთიანი მასიური ქვით აეგოთ, ხოლე შემდგომ მზეზე გამომშრალი აგურებით გაეგრძელებინათ შენება. ნებისმიერისთვის, ვინც ასურეთის დედაქალაქის დაუფლებას განიზრახავდა, ამგვარი წინაღობა საკმაოდ ძნელად გადასალახ დაბრკოლებას წარმოადგენდა .
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ღმერთმა მარადიული ცხოვრებისთვის შექმნა ადამიანი და საკუთარი ხატება და მსგავსება უბოძა მას. პირველქმნილი ადამიანი სიწმინდესა და ნეტარებაში მოქალაქეობდა, მაგრამ ეშმაკის მანქანებით მოტყუებული ცოდვისკენ მიიზიდა და წყევლასა და ხრწნას დაექვემდებარა. კაცთმოყვარე უფალმა სამყაროს შექმნამდე წინაგანსაზღვრა კაცობრიობის გამოსყიდვის საიდუმლო საკუთარი ძის მიერ, მაგრამ არც უწინარეს დაუკლია მზრუნველობა, სანამ დადგებოდა ჟამი ამ უაღმატებულესი მოვლენის აღსრულებისა. საღვთო მზრუნველობის საყოველთაობა რომ ჭეშმარიტად მარადიული უზენაესი ზრახვაა, რაც კაცობრიობის ისტორიას მუდმივად თან ახლავს, ძველი აღთქმის ეპოქაშიც საქმით დასტურდება. ამიტომაც მოუწოდა უფალმა იონას ნინევში წასასვლელად. ეს იყო აღმოსავლეთით მდებარე ასურული ქალაქი, რომელსაც იერემია „კერპების ქვეყანას" უწოდებს . ისრაელის სამეფოს მახლობლად არაერთი სახელმწიფო მდებარეობდა, სადაც კერპთაყვანისმცემლობა უმაღლეს ნიშნულს აღწევდა. იქ მრავალი წარმართული საკურთხეველი, ბომონი თუ კერპი იყო აღმართული. რატომ იგზავნება იონა ყველა ამ ქალაქის გვერდის ავლით ნინევიაში, ქალაქში, რომელიც საკმაოდ შორს მდებარეობდა იუდეიდან და ამავდროულად უხეში, არამეგობრული და მზის, ვარსკვლავებისა თუ ცეცხლის მადიდებელი ხალხით იყო დასახლებული? იონას ქადაგებით, ვფიქრობ გაცხადდა, რომ წარმართი ხალხი, რომელიც ცდომილებათა მორევში მიმოეხეტებოდა, გარკვეულ ჟამს ჭეშმარიტებას შეიმეცნებდა.
წინასწარმეტყველი ნინევში საღვთო გულმოწყალების წარმოსაჩენად იგზავნება. კაცობრიობამ უნდა იგრძნოს, რომ მასზე უზენაესი ზრუნავს, მაგრამ ამავდროულად მისი მოღვაწეობა ისრაელის მხილებასაც ემსახურება. ნინეველებმა ერთი ქადაგებით შეინანეს, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს ცდომილებაში იმყოფებოდნენ, ხოლო იუდეველები მოსესა და სხვა წმინდა ადამიანების უარყოფით თავად უზენაესს უპირისპირდებოდნენ, მათ განკაცებული ღმერთი არ მიიღეს, რომელიც გარდა ქადაგებისა უამრავ სასწაულს აღასრულებდა (რაც იონას შემთხვევაში არ მომხდარა). იუდეველნი იონას მიერ რომ იმხილებოდნენ, ამას მაცხოვრის პასუხიც ცხადყოფს: ‘ნინეველნი აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ არის იონაზე დიდი" . როგორ მოხდა, რომ ქრისტეზე მეტად იონამ იმუშაკა, როდესაც წინასწარმეტყველი მხოლოდ მუქარით მიმართავდა მსმენელს, ხოლო მარადის მშვიდი უფალი უდიდესი სითბოთი და იმედით აღსავსე სიტყვებით უხმობდა ადამიანებს?!).
არქიეპის. იოანე სმირნოვი: იონას უცხოტომელთა შესახებ თანამემამულეთა მსგავსი შეხედულება ჰქონდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ არავის ეკუთვნოდა ზეციური წყალობა გარდა იუდეველი ხალხისა, ურჯულონი კი მხოლოდ რისხვას განიკუთვნებდნენ. წინასწარმეტყველი ნინევში გაიგზავნა არა იმისთვის, რომ წარმართები საბოლოოდ მოქცეულიყვნენ და ჭეშმარიტი ღმერთი ერწმუნათ, რადგან ეს არც ქადაგების შემდეგ მომხდარა და ამას მომდევნო ისტორიაც ცხადყოფს , არამედ ასურელთა დედაქალაქში მივლინების მიზეზი ზემოხსენებული იუდაური გაუკუღმართებული შეხედულების აღმოფხვრა იყო. ებრაელებს ნათლად უნდა ენახათ, რომ ‘ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს" ).
ნეტარი იერონიმე: იონა წარმართებთან იუდეველთა განკითხვის მიზეზით იგზავნება, რადგან წინასწარმეტყველის თვისტომნი უკეთურებაში გაკერპებულან, ხოლო ნინეველნი სინანულის საოცარ მაგალითს იძლევიან).
მხ. 3. ‘ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშს მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა შიგ და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ უფლის პირისგან გადახვეწილიყო" . საღვთო მოწოდებაზე უარის თქმა, წმინდა წერილის თანახმად, სხვა ბიბლიური პირების ცხოვრებაშიც გვხვდება. მაგალითად, მოსე საკუთარ თავს ენებრგვილს უწოდებდა და ამით დაკისრებული მოვალეობიდან გათავისუფლებას ცდილობდა, ხოლო იერემია უფალს ასე მიმართავდა: ‘უფალო ღმერთო, მე ხომ ლაპარაკი არ ვიცი, რადგან ყმაწვილი ვარ" . მიუხედავად წარმოდგენილი მაგალითებისა, იონას შემთხვევა სრულიად განსხვავებული მოვლენაა და წმინდა წერილში თავისი ფორმით ანალოგს ვერ პოულობს.  წინასწარმრტყველი გარბის, რადგან არ სურს ნინევის გადარჩენა, თანაც უშუალოდ საკუთარი მონაწილეობით. იონა ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაცვლად დასავლეთისკენ მიემართება, რითიც კარგად წარმოაჩენს საღთო სიტყვისადმი საკუთარ შეუთავსებლობას. ისმის კითხვა: რატომ ამბობს ძველი აღთქმის მართალი ადამიანი სხვების გადარჩენაზე უარს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუნდაც რომ საქმე ბიბლიურ წმინდანს ეხებოდეს, ვითარების სწორად შეფასებაა აუცილებელი. ისინიც ადამიანები არიან და რიგ შემთხვევაში გარკვეულ სისუსტეს ავლენენ, თუმცა მოღვაწეობითა და საღვთო მოშურნეობით განიწმინდებიან დაცემული ბუნებისთვის მახასიათებელი სისუსტეებისგან და სულიერების უმაღლეს საფეხურს აღწევენ. წინასწარმეტყველი იონაც თანამედროვე იუდაური საზოგადოების წევრია. მასაც, როგორც თვისტომთ, მიაჩნია, რომ გარდა იუდეველებისა სხვა ხალხები ღვთის რისხვას იმსახურებენ. ამგვარ აზრს ძველი აღთქმის რჯულში წარმოდგენილი კანონებიც განამტკიცებდა, უკრძალავდა რა რჩეული ერის წარმომადგენლებს ურთიერთობას უცხოტომელებთან.  საღვთო მოწოდებამ წინასწარმეტყველის სულში ძლიერი ორთაბრძოლა აღძრა. იონას საკუთარ თავში სიყრმიდან ფესვგადგმული რელიგიური შეხედულებები უნდა დაეთრგუნა და მისთვის სრულიად ახალი რეალობა გაეცნობიერებინა: რომ უზენაესი არსი საღვთო მზრუნველობას ყველას მიმართ იჩენს.  სანამ იონა სულის სიღრმეში აღძრული მღელვარების მიზეზებში გამორკვეულა, უარს ამბობს ნინევში გამგზავრებასა და ქადაგებაზე. წინასწარმრტყველი უზენაესის თვალსაჩინო მოწმობის გარეშე საკუთარ თავს ვერ ერევა, შინაგან ჭიდილში კვლავ ძველი კაცი იმარჯვებს და იონა გარბის. იუდაური წარნმოდგენების თანახმად, მხოლოდ აღთქმული მიწა მიიჩნეოდა ღვთის განსაკუთრებული მყოფობისა და გამოცხადების ადგილად, ხოლო წარმართული სახელმწიფოები ასეთ სიკეთეს მოკლებული იყვნენ. იონაც მსგავსი შეხედულებებით ხელმძღვანელობს და მიემართება თარშში, რომელიც იმ დროისთვის დასავლეთით ქვეყნიერების დასასრულად მიიჩნეოდა , რადგან ფიქრობდა, რომ მასში აღძრული საღვთო სიტყვა შორეულ თარშში შეწყვეტდა მოქმედებას.
გავა რამდენემე ათეული წელი და ოსია საღვთო განჩინებით მეძავ გომერზე დაქორწინდება. აღნიშნული მოქმედება უზენაესის რჩეული ერისადმი განუსაზღვრელი სიყვარულის სიმბოლოა, მოცემულ შემთხვევაში კი უფლის პირისაგან გაქცეული იონა იმავე რჩეული ერის ურჩობასა და უგრძნობლობას განასახიერებს. წინასწარმეტყველის თავს თევზის სახით მოვლენილი სასჯელიც იუდეველთათვის განკუთვნილი საღვთო რისხვის წინასახეა, თუმცა იონა უვნებელი გადარჩება, რითიც იმავე ერისადმი შემოქმედის უზომო სიყვარული და მზრუნველობა დასტურდება.
დეკან. იოანე სოლოვიოვი: წინასწარმეტყველის გაქცევა არ იყო საღვთო ხმობის შეგნებული, შინაგანად დაგეგმილი უარყოფა. პირიქით, მის საქციელში უზენაესისა და თანატომელებისადმი უანგარო სიყვარული ვლინდება. ეს იყო ელიას მოშურნეობა, რომელიც საკუთარი თავისთვის სიკვდილს ითხოვდა, ოღონდაც ისრაელის მოსახლეობის მიერ იაჰვეს უარყოფა არ ენახა. ეს იყო მოსეს გულმოდგინება, ებრაელთა გადარჩენის წილ ცოცხალთა წიგნიდან რომ ევედრებოდა ამოშლას. ფსიქოლოგიური განწყობით იონას გაქცევა სახარებაში მოთხრობილი, მამის ნების თავდაპირველად უარმყოფელი, ხოლო შემდგომ იმავე ნების აღმსრულებელი ძის საქციელს ემსგავსება. ასეთი ადამიანისგან, განა ვითარცა გაავებული ღვთისმგმობისა და ეგოისტისგან უნდა გარემივიქცეთ, როგორც ეიხგორნი ფოქრობდა, არამედ უნდა გვიყვარდეს და ვაფასებდეთ მას, რადგან ასეთი პიროვნების გრძნობა და მრწამსი არასოდეს განეკრძალვის სიტყვასა და საქმეს, ამასთანავე არც აზრების გამოთქმას ერიდება და უფრთხის იგი, რადგან იცის, რომ პირფერობისა და ცბიერების გარეშეა ეს ყოველივე. მართალი, ჭეშმარიტი და პატიოსანი გმირი შეიძლება ვუწოდოთ მას, რადგან მზადაა სიცოცხლე ამსხვერპლოს საკუთარ მრწამსსა და გრძნობებს. ჭეშმარიტად ღვთის რჩეულია იგი, წინასწამრეტყველი მესიისა, უფლის სადიდებლად სიკვდილამდე მოშურნე).
თეოდორიტე კვირელი: თარში კართაგენია, აფრიკის წამყვანი ქალაქი. ესაიასთან ერთგან ნათქვამია: ‘იტირეთ კართაგენის ხომალდებო" . აკვილა, სიმაქოსი და თეოდოტიანე მოხმობილი წინადადების თარგმნისას ნაცვლად კართაგენისა თარშს ახსენებენ (შდრ. ‘იტირეთ თარშის ხომალდებო"), რადგან სწორედ ეს სახელი იყო მითითებული ებრაულ ტექსტში, რომელსაც ისინი ეყრდნობოდნენ. მსგავსადვე, როდესაც ეზეკიელი ქალაქ კართაგენს იგონებს, ებრაულსა და სირიულ ბიბლიაში იმავე ადგილას ვკითხულობთ თარშს. ვხელმძღვანელობთ რა წარმოდგენილი ცნობებით, ვამბობთ, რომ იონა მიემართებოდა არა ინდოეთისკენ, არამედ კართაგენში).
ნეტარი იერონიმე: იონამ სულიწმინდის ძალით იცის, რომ წარმართთა მონანიება იუდეველთა დაცემას ნიშნავს. ამიტომაც სამშობლოსა და თანატომელების ძლიერ მოყვარული წინასწარმეტყველი არცთუ დიდი მონდომებით თანაუგრძნობს ნინევიას, არ სურს რა საკუთარი ხალხის დაღუპვა. იონამ უწყის, რომ ყველა წინასწარმეტყველი ისრაელის სახლის წარმწყმედილ ცხვრებთან მიივლინებოდა და წუხს, რადგან თავად იუდეველთა მოძულე სახელმწიფოს ყველაზე დიდ ქალაქში იგზავნება და ღვთის სიტყვა სწორედ რომ ებრაელთა არაერთგზის ამაოხრებელ ასურელებს უნდა უქადაგოს. ამასთანავე მას ეშინოდა, რომ ქადაგებისას, ნინეველთა მხრიდან სინანულის გამოვლინების შემთხვევაში, უზენაესს იუდეველი ერი არ დაეტევებინა და სხვა ერის მფარველი არ გამხდარიყო, რადგან იონამ იმავე სულით, რითიც წინასწარმეტყველად დადგინდა, უწყოდა, რომ რაჟამს წარმართნი ირწმუნებდნენ, სწორედ მაშინ განუდგებოდა ღმერთს ისრაელის სახლი და შიშობდა, მის დროს არ აღსრულებულიყო ის, რაც მომავალში განხორციელდა. იგი გარბის და იოსებ ფლავიუსის ცნობით, კილიკიის ტარსში მიემართება.  ებრაელებს მიაჩნიათ, რომ სიტყვა თჰარსის ნიშნავს ზღვას. როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: ‘მუნ სალმობაჲ, ვითარცა შობადისა. ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნეს ნავნი თარშისანი" . ესაიასთან: ‘იტირეთ თარშის ხომალდებო" . შესაბამისად, იონა არა რომელიმე კონკრეტული ადგილისკენ მიემგზავრებოდა, არამედ სურდა, აღთქმულ ქვეყანას ზღვით გარიდებოდა ნებისმიერი მიმართულებით, საითაც განგება წაიყვანდა. შეშინებული ადამიანისთვის ბუნებრივი იყო პირველივე შემხვედრ ხომალდზე ასვლა განუსაზღვრელად გეზისა, რადგან ადგილისა და მიმართულების დადგენას გარკვეული დრო დასჭირდებოდა.
უფალთან, ჩვენს მხსნელთან, მიმართებით კი ვიტყვით, რომ მან დაუტევა სახლი და მამისეული წიაღი და მიიღო რა კაცება, ზეციდან გარდამოსული თარსში მოვიდა, რაც ამა ქვეყნის სახეა. იოპე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე იუდეის ერთ-ერთი ქალაქია, სადაც ტვიროსის მეფე ხირამი ლიბანში მოჭრილ ხეებს ტივად შეკრული სახით აგზავნიდა. ამ ხეებს შემდეგ იოპედან სახმელეთო გზით იერუსალიმში ეზიდებოდნენ).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: იოპე პალესტინის ქალაქია. იგი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე საპორტო პოლისი იყო. იონა თარშში მიმავალ ხომალდს მიჰყვება. იგი საფასურს იხდის და სხვებთან ერთად მიემგზავრება. ზოგიერთს თარში ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქად მიაჩნია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ასეთი ქალაქი იქ მართლაც იყო. ვფიქრობ, მოცემულ შემთხვევაში არ იგულისხმება ინდოეთის თარში, რადგან მასში გამგზავრების მსურველს არა ხმელთაშუა, არამედ მეწამული ზღვით უნდა ესარგებლა. რაც შეეხება ხსენებულ თარშს, ის კილიკიაში მდებარე თანამედროვე ტარსუსი მგონია. იონას სურს, „უფლის პირისგან" გაიქცეს. რას უნდა ნიშნავდეს წმინდა წერილის ეს სიტყვები? რატომ გარბის წინასწარმეტყველი საკუთრივ თარშში? ამის თქმა საკმაოდ რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ წინასწარმეტყველს ღმერთის შესახებ არ ჰქონდა სრულყოფილი ცოდნა, რადგან ზოგიერთს მიაჩნდა, თითქოს საღვთო ძალაუფლება მხოლოდ იუდეველთა ქვეყანაზე ვრცელდებოდა და სხვას არანაირად არ ეხებოდა. უწინარეს ამ მოვლენებისა იაკობ მამამთავარი მშობლიური სახლიდან მესოპოტამიისკენ მიემართებოდა და ღამის გასათენებლად ერთგან შეჩერდა. ჩვეულებისამებრ მან ძილის წინ თავქვეშ ქვა ამოიდო, ჩასთვლიმა და ზეცად აღმართული კიბე იხილა, რომელზეც უფლის ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ, ხოლო კიბის თავში თავად უზენაესი იდგა. გამოღვიძებულმა პირველი ეს სიტყვები წარმოთქვა: „ამ ადგილზე უფალი ყოფილა, მე კი არ ვიცოდი" . ვფიქრობ, მსგავს რამეს იზრახავდა წინასწარმეტყველი, რაჟამს საკუთარ სამშობლოს ტოვებდა და ელინურ ქალაქში მიემართებოდა. თუ რატომ არ სურდა იონას მასზე დაკისრებული ღვაწლის აღსრულება, მისივე სიტყვებიდან ვგებულობთ: „ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე, ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას. ახლა ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია" . იონამ მის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების საბოლოო ხვედრი არ უწყოდა, მაგრამ რაჟამს იხილა, რომ ქალაქი გადარჩა, ნინეველების შეეშინდა, რადგან ამ უკანასკნელთ, შესაძლოა, იონას წარმოდგენით, იგი მოეკლათ, როგორც სიცრუის მქადაგებელი).
დეკან. იოანე სოლოვიოვი: იოპე იუდეველთა ერთადერთი საპორტო ქალაქი იყო. აღნიშნული ნავსადგურის შესახებ ცნობებს საომარი და საზღვაო საქმეების უბადლო მცოდნე იოსებ ფლავიუსი გვაუწყებს. ისტორიკოსი ამბობს, რომ რეიდი იოპეს სანაპიროზე ყველაზე საშიში მოვლენაა, რადგან ნავსადგურს არ გააჩნია მუდმივი სადგომი და ამ არეალში მოხვედრილი გემი არაფრითაა დაცული ზღვის ტალღებისგან. ფლავიუსის სიტყვების კომენტირებისას დე-სოლსი ამბობს : ‘საკმარისია იაპის ან იოპეს სანაპიროს ხომალდით მხოლოდ ერთხელ ესტუმრო, თუნდაც წელიწადის ყველაზე საუკეთესო დროს, რომ გააცნობიერო, რა არის საზღვაო საფრთხე. მთელი წლის მანძილზე აქ საშინლად ღელავს ზღვა". ხსენებული ავრტორი აგრძელებს ფლავიუსის ცნობების განხილვას და ამბობს: ‘მას შემდეგ, რაც ხალხმა ღია ზღვაში საკუთარ ნავებზე მთელი ღამე გაატარა, განთიადისას მძლავრმა ქარმა დაქროლა. მეზღვაურებმა მას მე`ლან ბო`რიან (შავი ბორიონი - ჩვეულებისამებრ, დღევანდელ დღემდე ასე უწოდებენ ჩრდილოეთის ქარს) შეარქვეს. სულ რაღაც ერთ წამში ნავების ნაწილი სანაპიროზე იქნა გარიყული, სხვები წყალქვეშა ქვებთან შეჯახებით დაიმსხვრა. მესამე, ყველაზე დიდი ჯგუფი, ცდილობდა ღრმად შესულიყო ზღვაში, ანაც როგორმე ნაპირისთვის მიეღწია, მაგრამ ნავები პირქვე ტრიალდებოდა, ზოგი იძირებოდა, ზოგიც კლდეებს ეხეთქებოდა და იმსხვრეოდა". ხსენებული პორტი ხომალდებისთვის დღემდე იმავე საშიშროებას წარმოადგენს. ‘კორალური რიფები, ამბობს რუსი მოგზაური ნოროვი, აქედან (იოპედან) მთელი სანაპიროს გასწვრივ ღაზამდეა გადაჭიმული. ისინი ნავსადგურში მდგომი ხომალდების ბაგირებს კვეთენ და ხომალდებს ზღის ანაბარა ტოვებენ. ასე რომ, ქარის ამოვარდნისას ღია ზღვაში გასვლა ერთადერთი საშუალებაა ხომალდის გადასარჩენად, რაც გრიგალის სიმძლავრის მიზეზით ხშირად ვერ ხერხდება" ).
ფრიდრიხ რუჟემონტი: იუდეველები სიამოვნებით წარმოიდგენდნენ, როგორ მუსრავდა წარმართებს უფალი და ჯიუტად უარყოფდნენ აზრს იმის შესახებ, რომ რჩეულობა მათ ღვთის სიტყვის სხვა ერებისთვის საქადაგებლად მიენიჭათ. წინასწარმეტყველთა დევნისა და შევიწროების მიზეზიც სწორედ ეს იყო, რადგან ისინი ისეთ რამეს აუწყებდნენ თვისტომთ, რისი არათუ შესრულება, ყურისგდებაც კი არ სურდათ ამ უკანასკნელთ. კერძოდ, რომ ურჩობაშია ისრაელი და ამის გამო დაისჯება, ხოლო წყალობა ღვთისა ყოველ ერს თანაბრად მიეფინება. იონაც გარკვეულწილად საკუთარი ერის ეგოისტურ მდგომარეობას იზიარებს და არ სურს, ღმერთი ნინეველთა გადარჩენით დაკავდეს, თავად კი აღნიშნულ საქმეში საღვთო იარაღად იქცეს. ასე რომ, ეს ადამიანი, რომელმაც დიდი სიხარულით მიიღო ღვთისაგან უწყება, იერობოამ II-ის სირიელებზე გამარჯვება გაეცხადებინა, იმავე ღმერთს წინააღუდგება, რაჟამს აღმოსავლეთში გამგზავრების შესახებ გებულობს და გარბის ღვთის პირისაგან, რადგან დარწმუნებულია, აღთქმული მიწის საზღვრებს გარეთ ის აღარ იქნება წინასწარმეტყველი და არც უფალი დაედევნება შურეულ თარსამდე. ამრიგად, მიუხედავად ჭეშმარიტების ცოდნისა, მრავალი გამოცდილებისა და საღვთო სულის მიერ მოწოდებისა, შესაძლოა, მარავალი ქრისტიანი გულში კვლავაც ინარჩუნებდეს ურჩობისა და სიამაყის განცდას).
მხ. 4. 'ამოაგდო უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა ააბობოქრა ზღვა; ცოტაც და, უნდა დალეწილიყო ხომალდი" .
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ღვთის განგებით ძლიერმა ქარმა დაქროლა, ხომალდი დაღუპვის პირას იყო მისული. ის იმგვარად მიმოექცეოდა ტალღებზე, რომ მეზღვაურებს ყოველგვარი იმედი წარეკვეთათ. ჩვეულებისამებრ ამ მდგომარეობისა მთელი ტვირთი ზღვაში გადაყარეს, რათა შემსუბუქებული გემი აზვირთებულ ტალღას ზემოდან მოჰქცეოდა. სასტიკი ქარის ამოვარდნას მეზღვაურთა შეძრწუნებაც ადასტურებს. ისინი მთელს იმედს საკუთარი „ღმერთებისკენ" მიმართავდნენ).
თეოდორიტე კვირელი: წინასწარმეტყველი ასე იმიტომ მოიქცა, რომ ვითრცა ჭეშმარიტი ღმერთის აღმსარებელმა, მისი ყველგანმყოფობა იცოდა, მაგრამ ვარაუდობდა, თითქოს უზენაესი საკუთარ თავს მხოლოდ აღთქმულ ქვეყანაში განაცხადებდა. გაქცევის მიზეზი არ ყოფილა სიზარმაცე ან შიში. პირიქით, მან უწყოდა, თუ როგორი მოწყალეა უფალი და სინანულის შემთხვევაში ნინეველნი უცილობლად მოიპოვებდნენ წყალობასა და ცოდვათა შენდობას, ხოლო ამ ფონზე მისი წინასწარმეტყველება ფუჭად ჩაითვლებოდა, იონას კი სიცრუის მქადაგებლად გამოაცხადებდნენ. აღნიშნულ აზრს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უზენაესის მიერ ნინეველთა გაფრთხილება განუმტკიცებდა მას, რადგან თუკი უფალი დასჯას ინებებდა, წინასწარ არ განაცხადებდა ამის შესახებ. დასჯის თაობაზე უწყება კი თავისთავად სინანულისკენ აწვევდა ქალაქის მკვიდრთ. ასევე ნინეველთა კეთილგანწყობა მათთვის სრულიად უცხო და უცნობი ადამიანის ქადაგებისადმი, იუდეველთა წინააღმდეგ ბრალდების მიზეზი გახდებოდა, იუდეველებისა, რომლებსაც წინასწარმეტყველთა არა მარტო სიტყვა, არამედ აღურიცხავი სასწაულებიც უხილავთ, მაგრამ ურჩობის წყვდიადიდან მაინც არ გამოსულან და არავითარი სულიერი სარგებელი საღვთო სიტყვის მოსმენით არ მიუღიათ. ამიტომაც იონა უარს ამბობს ღვთის ნების აღსრულებაზე და გარბის, რომ განეკრძალოს მოწოდებულ მსახურებას. თუმცა ცისა და ქვეყნის შემოქმედი უდიდეს ღელვას აღძრავს და იმ დროს, როცა ყველა სხვა ხომალდი ზურგის ქარით მშვიდად მიაპობდა ტალღებს, ზღვა მხოლოდ იონას ხომალდის ირგვლივ ბობოქრობდა და შთანთქმას უქადდა. ამას წილისყრაც ადასტურებს, რადგან ზღვის მღელვარება რომ საზოგადო ყოფილიყო, მეზღვაურები არ გადაწყვეტდნენ, წილისყრით გამოევლინათ დამნაშავე, მაგრამ ხედავდნენ რა, რომ სხვა ხომალდები უდრტვინველად მიაპობდნენ ტალღებს, ხოლო მათი გემი კი დაღუპვისთვის განწირულიყო, ჯერ თავიანთ ღმერთებს მიმართავენ ლოცვით, ხოლო შემდეგ სხვა ხერხსა და საშუალებას ირჩევენ).
ნეტარი იერონიმე: იონას გაქცევა ღვთის მცნებათა უარმყოფელი ადამიანის მდგომარეობას განასახიერებს, რომელმაც ზეცა დაუტევა და ამ ქვეყანას შეერთო, თუმცა მოგვიანებით შეჭირვებისა და განსაცდელების შედეგად იძულებული გახდა, ღვთის ძლიერება ეღიარებინა და კვლავ დაბრუნებოდა იმას, ვისაც გაექცა. იონამ იცოდა, რომ ღმერთს შესცოდა, ხოლო სხვებმა არსებული ღელვის შესახებ არაფერი უწყოდნენ. წინასწარმეტყველი დარწმუნებული იყო სტიქიის გამომწვევ მიზეზში).
მხ. 5. ‘შეშინდნენ მეზღვაურები, ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა; ზღვაში გადაყარეს, რაც რამ საქონელი ჰქონდათ ხომალდზე, რომ შეემსუბუქებინათ იგი. იონა კი ხომალდის ბანქვეშ ჩასულიყო, იწვა და ეძინა" .
წმ. კირილე ალექსანდრიელი: იონას ქარის ამოვარდნამდე დაეძინა, სხვაგვარად აუხსნელი იქნებოდა, როგორ შეეძლო ამ მდგომარეობაში მშვიდად ყოფნა. წინასწარმეტყველი გემის ყველაზე დაბალ ნაწილში იმყოფებოდა, რაც მისი სიწმინდის მანიშნებელია, რადგან ასეთებს მარადის მარტოობისთვის უთქვამთ გული. ისინი ერიდებიან ფუფუნებას, ხალხში ხშირ გამოჩენას. იერემია ერთგან ამბობს: „კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში; ზის სიმარტოვეში და დუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი" . სხვაგან იტყვის: „ლაზღანდარებში არ ვმჯდარვარ და არ გავლაღებულვარ; ცალკე ვიჯექი შენს ხელქვეშ, რადგან ამავსე ბრაზით" . მარტო ყოფნა კი ვფიქრობ, ცხოვრების მშვიდად გატარებას, საკუთარი თავის ქვეყნიური და ამაო საზრუნავებისგან გათავისუფლებას გულისხმობს, განმარტოებას იმ ადამიანთაგან, რომელთაც ვნებიანი ყოფა შეიყვარეს).
ნეტარი იერონიმე: სძინავს მას არა უზრუნველობის, არამედ მწუხარების გამო, როგორც მოციქულთა შემთხვევაში, როდესაც გეთსიმანიის ბაღში მაცხოვრის ლოცვისას მისი პირისახიდან ოფლთან ერთად დაღვრილმა სისხლმა პეტრე, იაკობი და იოანე მოსალოდნელ განსაცდელში დაარწმუნა და სწორედ ამ საკითხზე ფიქრით დამაშვრალებს, გრძნობენ რა ისინი უდიდეს გადაღლას, ბუნებრივად ჩაეძინებათ).
მხ. 6. ‘მივიდა მასთან ხომალდის უფროსი და უთხრა: რას დაგიძინია? ადექი, შენც შეჰღაღადე შენს ღმერთს, ვინძლო შეგვიწყალოს ღმერთმა და არ დავიღუპოთ" .
მოცემულ შემთხვევაში ჩვეულებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე. წარმართები საკუთარი ღვთაებების გარდა სხვა ღმერთების არსებობასაც აღიარებდნენ და სწორედ ამიტომ მიმართავენ წინასწარმეტყველს, იქნებ მის მიერ რწმენილმა უფალმა წყალობით მოხედოს სიკვდილისთვის განწირულებს.
მხ. 7. 'თქვა ერთმანეთში ხალხმა: მოდით, წილი ვყაროთ და გავიგოთ, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში. ყარეს წილი და შეხვდა წილი იონას" .
გამოთქმულია მოსაზრება, რომ წილისყრისას შესაძლოა, დანიშნული ქვა გამოიყენეს. მიმდინარე განსაცდელში დამნაშავედ იონა გამოვლინდა. ძველ დროში ხალხი უბედურებას კონკრეტულად რომელიმე პიროვნებას და მის მიერ აღსრულებულ ცოდვას უკავშირებდა. მართალი იობის განსაცდელი ამის ნათელი დასტურია.
ნეტარი იერონიმე: მეზღვაურები, რომელთაც ხომალდზე ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნდათ, ზედმიწევნით ზუსტად ცნობდნენ ზღვის ბუნებას. მათ ჩვეულებრივი ტალღები რომ ენახათ, როგორც უწინარესაც არაერთხელ მომხდარა, არ დაუწყებდნენ ძიებას დამნაშავეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ გაუგონარი ზღვის ღელვა იხილეს და მიხვდნენ, რომ ეს ვიღაცის ფრიად დიდი შეცოდების შედეგი იყო. ამიტომაც შეეცადნენ, წილისყრით გამოეკვლიათ დამნაშავე).
მხ. 8-10. ‘ჰკითხეს: გვითხარი, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში; რა ხელობის კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ, რა რჯულისა? მიუგო: ებრაელი ვარ, მოშიშარი უფლისა, ცათა ღმერთისა, რომელმაც ზღვა და ხმელეთი შექმნა. დიდად შეეშინდათ ამ კაცებს, უთხრეს: ეს რა ჩაგიდენიაო, როცა გაიგეს, რომ უფლის პირისგან იყო გაქცეული; რადგან თვითონვე გამოუტყდა" .
მართალია, მეზღვაურებისთვის გაცემული იონას პასუხი ტექსტში საკმაოდ მოკლედაა წარმოდგენილი, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ყველაფრის შესახებ დეტალურად უყვება მსმენელს: თუ როგორ მოუწოდა უზენაესმა ნინევში გასამგზავრებლად და რა მოიმოქმედა მან ამის საპირისპიროდ.
ნეტარი იერონიმე: მეზღვაურები ძლიერ შეშინდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ ხომალდზე მყოფი პიროვნება წმინდა ადამიანია წმინდა მოდგმიდან. დიდია ის, ვინც გარბის, მაგრამ უზომოდ აღმატებულია ის, ვინც გაქცეულს დასდევნებია).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ხომალდზე მყოფი ადამიანები დამნაშავის გამოვლენისას ძლიერ დაინტერესდნენ, თუ რაში მდგომარეობს ბრალდებულის შეცოდება. ისინი ითხოვენ, რომ იონამ საკუთარი წარმომავლმობა, საცხოვრებელი ქალაქი, ეროვნება გაამხილოს, რათა ამის მიხედვით გაიგონ, რომელი ღმერთი მრისხანებს ეგზომ ძლიერად. მეზღვაურებს ეგონათ, გამოიკვლევდნენ რა იონას ღმერთის ვინაობას, თაყვანს მიაგებდნენ და ამით მის რისხვას დააცხრობდნენ. რაჟამს იონამ საკუთარი თავი ზეცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთის მონად გამოაცხადა, მაშინვე გულისხმაჰყვეს, რომ მათ წინაშე მდგომი ადამიანი უზენაესს გაურბოდა. როგორ მიხვდნენ ამას? იმით, რომ იუდეველებს ეკრძლებოდათ საკუთარი სამშობლოს მიტოვება და წარმართებთან აღრევა).
მხ. 11. ‘ჰკითხეს: რა უნდა გიყოთ, რომ ზღვა დაგვიწყნარდეს? რადგან ზღვა კვლავინდებურად ღელავდა" .
მეზღვაურები ფიქრობენ, თუ რა მოუხერხონ წინასწარმეტყვრელს. ჩვეულებრივ შემთხვევაში ისინი ყოველგვარი გამოძიების გარეშე გაუსწორდებოდნენ ღვთის განმარისხებელს, მაგრამ ხედავენ, რომ მათ წინაშე უფლის რჩეული იმყოფება და ვერ ბედავენ, განაჩენი თავად გამოიტანონ.
ნეტარი იერონიმე: ასეთია მეზღვაურების იონასადმი მიმართვა: ამბობ, რომ შენ გამო აღელვდა ზღვა, აღიძრა გრიგალი, ავადმყოფობის მიზეზს შენ ასახელებ?! მაშ, მისი კურნების გზაც თავად გვიჩვენე).
მხ. 12. ‘მიუგო: ამიღეთ, გადამაგდეთ ზღვაში და ზღვა დაგიწყნარდებათ, რადგან ვიცი, ეს დიდი ქარიშხალი ჩემს გამო დაგატყდათ თავს" .
იონა ღვთის წინაშე დანაშაულს განიცდის და საკუთარი თავისთვის ამ განცდის შესაბამისი სასჯელი გამოაქვს: წინასწარმეტყველი მზადაა, დათმოს ის, რაც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასია სიცოცხლე. ამავდროულად ჩანს მისი მზრუნველობა გემზე მყოფი ადამიანების მიმართ. თუ იონა ხომალდზე დარჩება, მთელი შემადგენლობა დაღუპვისთვისაა განწირული. იგი თანახმაა, თავი გასწიროს სხვათა გადასარჩენად.
მხ. 13-14. ‘მოუსვეს ნიჩბები, რომ ხმელეთს მისდგომოდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან ზღვა კიდევ უფრო აუბობოქრდათ. მაშინ შეჰღაღადეს უფალს და უთხრეს: ჰე, უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის გამო, მაგრამ ნურც მართალ სისხლს მოგვკითხავ. რადგან ისე მოაწყვე, უფალო, როგორც გინდოდა"  მეზღვაურები ძალას არ იშურებდნენ, რომ იონა ნაპირზე გადაესვათ, მაგრამ რაჟამს ჩანაფიქრის განუხორციელებლობაში დარწმუნდნენ, უფალს თხოვნით მიმართეს, რათა მართალი კაცის მოკვდინებისთვის პასუხი არ მოჰკითხოდათ. ებრაული გადმოცემის თანახმად, ამ ადამიანებმა იუდაური რჯული მიიღეს და შემდგომში მათგან რწმენილი ღმერთი იქადაგეს.
ნეტარი იერონიმე: ღვთის რჩეული ერი თავის დროზე იძახდა: 'ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი" , ხოლო მეზღვაურებს წინასწარმეტყველის მოკვდინება დაბრკოლების გარეშე ძალუძთ, ისინი კი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებენ და მთელი ძალით ცდილობენ მის გადარჩენას).
მხ. 15-16. 'აიღეს და ზღავაში გადააგდეს იონა და ზღვამ შეწყვიტა ღელვა. დიდად შეეშინდათ ამ კაცებს უფლისა; მსხვერპლი შესწირეს და აღთქმები დაუდეს" .
ნეტარი იერონიმე: მსხვერპლი იგულისხმება არა პირადპირი მნიშვნელობით, არამედ ამით ნაუწყებია, რომ მეზღვაურებმა ღმერთს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული მიუძღვნეს).
არსებობს უწყება, რომ ამ ადამიანებმა დადეს აღთქმა, იერუსალიმის ტაძარში იუდაური რჯულის შესაბამისად განედიდებინათ ღმერთი, რაც მოგვიანებით აღასრულეს.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ხომალდზე მყოფნი, ხედავენ რა ზღვის დამშვიდებას, თავიანთ ცდომილ რელიგიურ შეხედულებებს დაუტევებენ და ჭეშმარიტ ღმერთს აღიარებენ).


თავი 2


მხ. 1. ‘მოავლინა უფალმა დიდი თევზი და შთაანთქმევინა იონა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო იონამ თევზის სტომაქში" .
ხმელთაშუა ზღვაზე გასულ ხომალდებს, როგორც წესი, დიდი ზომის თევზები - ვეშაპები და ზვიგენები გვერდიგვერდ მიჰყვებოდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წყლის ბინადრები მოსალოდნელი საფრთხის მოახლოებას გრძნობდნენ. ასევე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ზღვაში გადაგდებისთანავე წინასწარმეტყველი ერთ-ერთმა თევზმა უმალვე შთანთქა. ბიბლიური თხრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მკვლევარნი იონას თევზის მუცელში ყოფნას არარეალურ მოვლენად მიიჩნევენ და ცდილობენ, წარმოდგენილი უწყება სიმბოლურ-ალეგოლიური მნიშვნელობით მიმოიხილონ, ნაწილმა კი ხსენებული ადგილი მითად გამოაცხადა. ებრაელი რაბინები და პროტესტანტი ეგზეგეტები თვლიან, რომ წიგნს ზღაპრული ელფერის მქონე ცნობები უნდა გამოეყოს და შედეგად რეალურ ისტორიას მივიღებთ. მათი თქმით, წინასწარმეტყველი ნამდვილად გაიგზავნა ნინევში საქადაგებლად, მაგრამ მან ურჩობა გამოიჩინა და თარშში გაიქცა. მგზავრობისას ძლიერი გრიგალი ამოვარდა, ხომალდი დაიმსხვრა, ზღვაში აღმოჩენილი იონა კი მეორე ხომალდის გემბანზე აიყვანეს, რომელსაც სახელად ‘ვეშაპი" ერქვა. სწორედ ამ ‘ვეშაპში" იმყოფებოდა წინასწარმეტყველი სამი დღის მანძილზე. გემიდან იონა ნაპირზე გადადის, მომხდარით შეძრწუნებული და ღვთის ურჩობის გამო სინანულით აღსავსე ასურეთის დედაქალაქისკენ მიემართება. არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ თითქოს იონა გემის დაღუპვის შემდეგ იქვე, ზღვაში მოცურავე მკვდარ ვეშაპს ჩაეჭიდა და ტალღებმა იგი ერთ-ერთ სანაპიროზე გარიყა. მორიგი განმარტების თანახმად, იონა თარშში მიცურავდა და გემის ქვედა ნაწილში განმარტოებულს ეძინა. სწორედ ამ დროს ამოვარდა ძლიერი ქარი. წინასწარმეტყველი, რეაგირებს რა ბუნებრივ მოვლენებზე, სიზმრადაც სტიქიის შემოტევას განიცდის. სიზმარშივე ხედავს იონა, როგორ მიმდინარეობს გემზე წილისყრა და უბედურების მიზეზად სწორედ ის სახელდება. შემდგომ მას ზღვაში გადაისვრიან და იქვე მოცურავე ვეშაპი შთანთქავს, თუმცა მისდა გასაკვირად, ვეშაპის მუცელშიც აგრძელებს სიცოცხლეს და თევზის წიაღიდან შეჰღაღადებს უზენაესს ხსნას. უფალი ისმენს ვედრებას და ვეშაპი იონას ერთ-ერთ ნაპირზე ამოსვამს. წინასწარმეტყველს ეღვიძება. იგი ხედავს, რომ რეალურად საფრთხე დიდია. სიზმარსა და ცხადში მიღებული შთაბეჭდილებებით შეძრწუნებული იონა ღვთის წინაშე აღიარებს საკუთარ შეცოდებას, უკან ბრუნდება და საუფლო მოწოდებას აღასრულებს…
დეკან. იოანე სოლოვიოვი: იონას წიგნთან დაკავშირებულ საკუთარ ბოლო შრომაში: Aენიგმატე პრისცი ორბის Iონას ინ Iუცე ინ ჰისტორია Mანასსის ეტ Iოსიაე, გარდტი იონას წიგნის ავტორად იუდეის მეფე იოშიას თანამედროვე მღვდელმთავარ ხელკიას ასახელებს, რომელმაც მეფეების - მანასესა და იოშიას დროინდელი იუდეის სამეფოს მდგომარეობა თითქოსდა ალეგორიულად აღწერა და იონას წიგნს ორ ტოლ ნაწილად ყოფს. პირველ ნაწილში (თავები 1, 2), გარდტის აზრით, მანასეს ისტორიაა მოთხრობილი, ხოლო მეორეში (თავები 3, 4) – იოშიას შესახებ ამბები. ისტორიული მოვლენები, გარდტის თქმით, იონას წიგნში შემდეგნაირად გადმოიცემა: კერპმსახურებისკენ მიდრეკილი უკეთური მანასე საკუთარ სამეფოში კერპების სახელზე საკურთხეველთა აღმართვის ნებართვას იძლევა, რითიც უზომოდ განარისხებს უფალს. ასურელთაგან შეჭირვებული მეფე იაჰვეს ნების წინააღმდეგ მათთან დაპირისპირებას განიზრახავს, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველთაგან არაერთგზის მოისმენს ასურეთის ძლიერების ზეგარდამო ზღვარდადებული აღსასრულის შესახებ. ღვთისაგან შემწეობის იმედის არმქონე მანასე კავშირს სარდეს ძლევამოსილ მეფესთან ამყარებს. ურჩობისა და ურწმუნოების გამო არ დააყოვნა იაჰვემ მისი დასჯა: როგორც კი ასურელმა იერარქმა განდგომის შესახებ გაიგო, მყისვე თავს დაატყდა იუდას. მიუხედავად ყველანაირი ძალისხმევისა, რომ თვიდმყოფადობა შეენარჩუნებინათ, რჩეული ერის სამეფოს არაფერმა უშველა. იერუსალიმიც გარემოიცვა მტერმა, ხოლო მანასე მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბებით განიზრახავდა ქალაქიდან გაქცევას. ასურელებმა იუდეველი მეფის ჩაბარება მოითხოვეს. იერუსალიმის მოსახლეობამ მომხდურის სურვილი აღასრულა და საკუთარი მეფე მტერს გადასცა, როგორც მიზეზი თავსდატეხილი განსაცდელისა. ბორკილდადებული მანასე მდინარე ორონტის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ლიბონში წაიყვანეს, სადაც გულმოდგინე ვედრებით მიმართა მან ღმერთს და შედეგად კვლავ სამშობლოში დააბრუნეს. იონას წიგნის მესამე და მეოთხე თავებში, გარდტის თქმით, ალეგორიული თხრობა ამჯერად მეფე იოშიას უკავშირდება: რაჟამს მიდიელი მეფე ფრაოტი ასურელთა დედაქალქს დაესხა თავს და ალყაში მოაქცია, იოშია ფიქრობდა, რომ ნინევი დაეცემოდა, ხოლო იუდეა დაუძინებელი მტრისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდებოდა. მაგრამ ასურელებმა შეწყალების სურვილით ლოცვა აღუვლინეს ღმერთს. ფრაოტმა ქალაქის გარშემო არსებული ალყა მოხნა, ხოლო თავად ჯარის უდიდეს ნაწილთან ერთად დაიღუპა. ასურელთა დედაქალაქი გადარჩა. ძლიერ დამწუხრდა იოშია, რადგან მტრის უღლისგან საკუთარი სამშობლოს გათავისუფლების იმედი დაკარგა. როდესაც ფრაოტის ვაჟი ქსერქსე სკვითთა ურიცხვი ჯარით კვლავ ნინევს მიადგა, მამის გამო რომ შური ეძია, იოშიას ისევ იმედი მოეცა, თუმცა საკმაოდ ხანმოკლედ, რადგან სკვითების არმიამ, ისარგებლა რა ქსერქსეს არყოფნით, მიდიაში შეიჭრა და ნინევიური ლაშქრობის გეგმა ჩაშალა. მეხის ხმასავით ესმა იოშიას ახალი ამბავი, რადგან სკვითებმა არა მარტო ასურელთა დედაქალაქი გაათავისუფლეს, არამედ პალესტინამდეც მოაღწიეს. იუდეველი წინასწამრეტყველები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილ მეფეს ასურელთა დედაქალაქის მომავალი დაცემის გარდაუვალობით ამშვიდებდნენ. თითქოს ასეთია იონას წიგნის საფუძვლად გამოყენებული ნამდვილი ისტორია, სადაც იონა იუდეველი მეფეების სახეა, ხომალდი – იუდეის სამეფოსი, მეზღვაურები ამ სახელმწიფოს მკვიდრნი არიან, სარდე – თარშთანაა კავშირში, ნინევი – ნინევიასთან, ვეშაპი – ასურელების სიმბოლოა, აყირო – მიდიელების, დანარჩენი კი თავისთავად გასაგებია).
უწყებას წინასწარმეტყველის საკუთრივ ვეშაპის მიერ შთანთქმის შესახებ შუასაუკუნეების დასასრულს მოღვაწე რიგი განმმარტებლებისა მცდარ ინფორმაციად მიიჩნევს, რადგან მათი თქმით, ვეშაპი არის არსება, რომელსაც ვიწრო საყლაპავი მილი გააჩნია, იგი მხოლოდ მცირე ზომის თევზებით იკვებება და, შესაბამისად, წარმოუდგენელია, მას ადამიანის გადაყლაპვა შესძლებოდა. ‘უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მოსაზრება ვეშაპებთან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც მეცნიერთაგან დადასტურებულია ვეშაპთა ისეთი სახეობების არსებობა, რომლებსაც საკმაოდ განიერი საყლაპავი გააჩნიათ და დაუბრკოლებლად ძალუძთ ადამიანის შთანთქმა" . ხმელთაშუა ზღვაში ბინადრობს ვეშაპის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც ერთი უცნაური თავისებურებით გამოირჩევა სხვათაგან. ესაა ეგრეთწოდებული რორკვალი, ანუ ‘ნაკეცებიანი ვეშაპი". მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნულ სახეობას ქვედა ყბის ქვეშ უზარმაზარი ზომის ნაოჭებიანი ტომარა გააჩნია, სადაც თავისუფლადაა შესაძლებელი საკმაოდ მოზრდილი სხეულების განთავსება, ისე რომ გადამუშავებას ისინი არ ექვემდებარებიან. რორკვალები სიგრძეში ხშირად ოც მეტრს აღემატებიან და მათი ტომრის სიდიდე ოთხ მეტრამდე აღწევს, სადაც, ბუნებრივია, თავისუფლად განთავსდება ადამიანი
მკვლევართა ნაწილის აზრით, თევზი, რომელმაც შთანთქა წინასწარმეტყველი, ზვიგენის გვარს განეკუთვნებოდა და ‘კაცისმჭამელი ზვიგენის" სახეობას წარმოადგენდა. ხსენებული სახეობა ხმელთაშუა ზღვაში მრავლად ბინადრობს. მათი სიდიდე ათ მეტრს აღემატება. საფრთხის მოახლოებისთანავე ისინი საკუთარ შვილებს ყლაპავენ და მოგვიანებით კვლავ უკან ამოანთხევენ.
დეკან. იოანე სოლოვიოვი: წინასწარმეტყველის თავსგადამხდარი ისტორიის შესახებ მკვლევარი გოლხორდი ამგვარ მსჯელობას გვთავაზბს: ‘იონას წიგნში გვიან ჩაწერილ ხალხურ ლეგენდას ასეთი ფაქტი უდევს საფუძვლად. ერთ-ერთმა ასურელმა მეფემ, სავარაუდოდ ფულმა, ისრაელს ომი გამოუცხადა. ისრაელის მეფე იერობოამ II მასთან მოსალაპარაკებლად იონას აგზავნის, რომელმაც მოსალოდნელი საფრთხე უნდა დაძლიოს. მიემართებოდა რა ფულისკენ, უეცრად წინასწარმეტყველს, დავალების უკეთ წარმართვისთვის, აზრად მოუვიდა, რომ ასურელი მეფის წინაშე საკუთარი თავი წარედგინა არა როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, არამედ იაჰვესგან წარგზავნილს. და მან გადაწყვიტა სწორედ ასე ემოქმედა. მაგრამ უეცრად შიში დაეუფლა, რადგან მოფიქრებული გეგმა, შესაძლოა, უშედეგო აღმოჩენილიყო. და აი, იოპეში გარბის იგი, იქიდან კი - თარსისში, საკუთარ თანამემამულეთა მზერას რომ მიემალოს. ზღვაზე გრიგალისას, წილისყრის მიერ განსაცდელში დამნაშავედ გამოვლენელი იონა, ნავზე გადასვეს. მოულოდნელად ნაპირსაც მიაღწია მან. იონამ მომხდარი შემთხვევა დაგეგმილი საქმის აღსასრულებელ მითითებად მიიღო, კვლავ ნინევისკენ გაემართა და ფულს ისეთი შემართებით ესაუბრა ყოვლისშემძლე იაჰვეს შესახებ, რომ ცრუმორწმუნე დესპოტი ძლიერ დაფრთხა და ღვთისადმი საყოველთაო მიმართვის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. რაჟამს იონა განმარტოებით მოელოდა საქმის დასასრულს, კვლავ მღელვარება დაეუფლა, ისევ გაგრილდა ჩაფიქრებული საქმისადმი იგი, მაგრამ აყიროს საამო ჩრდილთან დაკავშირებული მოვლენის გზით მინიჭებულმა სიამოვნებამ მას მწუხარება მალევე შეუმსუბუქა და შეჭირვებულ სულში კვლავაც მშვიდობამ დაისადგურა").
ნეტარი იერონიმე: ღმერთმა სიკვდილსა და ქვესკნელს იონას მიღება უბრძანა. რამდენადაც ხარობდა სიკვდილი წინასწარმეტყველის შთანთქმისას, იმდენადვე მწუხარებდა მისი განტევებისას. თევზის მუცელში სამდღიანი ყოფნის მნიშვნელობა თავად მაცხოვარმა განმარტა, ამიტომაც მასზე რაიმეს დამატება აღარაა საჭირო. აღნიშნული მოვლენა თითქოს, ერთი შეხედვით, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ არაერთი მოწმობა გვაქვს წმინდა წერილში ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. გავიხსენოთ სამი ყრმა – ანანია, აზარია და მისაელი, რომლებიც გახურებულ ღუმელში ჩააგდეს და გადარჩნენ. ორად გაყოფილი მეწამული ზღვა, სადაც იუდეველნი ვითარცა ხმელეთზე გავიდნენ. მშიერი ლომები, რომელთაც ხაროში ჩაგდებულ დანიელს არაფერი ავნეს და პირიქით, შიშით უმზერდნენ. რაჟამს იონა მიხვდება, რომ თევზის მუცელში მყოფს სიცოცხლე შეუნარჩუნდა, მხნეობამოკრებილი უფალს სასოებს და ლოცვით მიმართავს მას).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ღმერთი თავისი ყოვლისშემძლე ძალით ვეშაპს ხომალდისკენ მიმართავს, რადგან საკმარისია, მხოლოდ რამ ინებოს მან, რომ ნანებები მყისვე აღესრულება. ჩვენ არ ვამბობთ, თითქოს ღმერთი ვეშაპს იმგვარად უხმობს, როგორც ადამიანებს ან ანგელოზებს, რადგან ამ უკანასკნელთ უზენაესი მათი გონიერების შესაბამისად ეურთიერთობება, ხოლო უსულო არსებებს, სტიქიებს განსხვავებულად იმორჩილებს.
ვეშაპმა გადაყლაპა წინასწარმეტყველი და საკუთარი წიაღით სამი დღე-ღამე ატარა. მრავალი იკითხავს: როგორ შეიძლებოდა ადამიანი სამი დღის მანძილზე ასეთ ვითარებაში ცოცხალი დარჩენილყო? ასეთებს ამგვარად ვუპასუხებთ: ეს უდიდესი სასწაულია, რის არსშიც წვდომა და განჭვრეტა ადამიანის გონებისთვის შეუძლებელია, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ეს ღმერთმა აღასრულა, განა ძალუძს მასში ვინმეს ეჭვის შეტანა? ყოვლისშემძლე არსს ბუნებათა თვისებების ცვალებადობა ხელეწიფება; მისი ნებით ხრწნადი უხრწნელებით იმოსება და პირუკუ, მყარი, უხრწნელი საპირისპირო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ყოველი ქმნილება იმგვარ ბუნებას ფლობს, როგორსაც ღმერთი ინებებს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, თუ როგორ ყვებიან ელინები თავიანთ მითებში, რომ ჰერაკლე, ზევსისა და ალკმენეს ძე, ვეშაპმა გადაყლაპა, მოგვიანებით კი მან თავი დაიხსნა, მაგრამ ვეშაპის კუჭში არსებული სიცხისგან მთლიანად დაკარგა თმები. ახალშობილიც დედის წიაღში ყოფნისას მოკლებულია სუნთქვის რამ ძალას, მაგრამ მიუხედავად ამისა არაფერი მოსდის, პირიქით, იზრდება და ვითარდება ღვთის სასწაულმოქმედებით დაცული. არავის გამოუთქვამს ეჭვი ამის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ვერც ზემოხსენებულ მოვლენას სწვდება ადამიანის გონება.
იონა ქრისტე მაცხოვარს განასახიერებდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მთელი სამყარო საფრთხის წინაშე იყო, კაცობრიობა ცოდვის წყვდიადსა და უკეთურებას აბობოქრებული ტალღების მსგავსად დაენთქა. ვნებები ზღვაზე აზვირთებული ძლიერი ტალღების დარად ეკვეთებოდნენ ადამიანს და ძირფესვიანად ეუფლებოდნენ მას. ყოველივე ეს დემონისა და მისი ხელმწიფების ქვეშ მყოფი ადამიანის საქმეებია. ვიმყოფებოდით რა ამგვარ მდგომარეობაში, შემოქმედი ღმერთი და მამა მოწყალე გვექნა და თავისი კურთხეული ძე გარდამოგვივლინა, რომელმაც მიიღო ადამიანური ბუნება, მოვიდა ქვეყნად, საკუთარი ნებით იტვირთა სიკვდილი, რითიც მყუდროჰყო ტალღების მღელვარება, დააცხრო გრიგალი, რადგან მისი სიკვდილით ვართ დახსნილნი).
დეკან. იოანე სოლოვიოვი: 1758 წლის ერთ ჩვეულებრივ დღეს მოვლენები ასე განვითარდა: ხმელთაშუა ზღვაში გასული ხომალდიდან ერთერთი მეზღვაური უეცრად გემბანის მიღმა აღმოჩნდა. მას მყისვე ზვიგენი მიუახლოვდა და ადამიანი უზარმაზარი ურჩხულის ხახაში გაუჩინარდა. ტრაგიკულად განვითარებული მოვლენების თვითმხილველმა მენავეთმოძღვარმა ბრძანა, ზვიგენისთვის ყუმბარა ესროლათ. გაშვებული ტყვია ზღვის ბინადარს ისეთი მოხერხებით მოხვდა, რომ მან მაშინვე უკან ამოანთხია ხახაში გაუჩინარებული მეზღვაური. იგი წყალში ჩაშვებულ ნავზე ცოცხალი ამოიყვანეს, მხოლოდ მცირეოდენი ჭრილობა და დაბეჟილობა ჰქონდა. რაც შეეხება მონადირებულ ზვიგენს, მისი სიგრძე 7 მეტრს აღწევდა, სიგანე – 3-ს და 380 კგ-მდე იწონიდა).
დეკან. ალექსანდრე მენი: პირველი ქრისტიანები იონას თავსგადამხდარ მოვლენებს ხშირად გამოსახავდნენ კატაკომბების კედლებზე, ღვთისადმი ზღვის უფსკრულიდან აღმომხდარი წინასწარმეტყველის ვედრება კი ახალი აღთქმის ეკლესიაში საცისკრო საგალობლის მეექვსე კანონს დაედო საფუძვლად . საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები არსებობს, როდესაც ადამიანი ვეშაპის მუცელში ყოფნის მიუხედავად ცოცხალი გადარჩენილა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ ცნობა ბრიტანული ადმირალიტეტის არქივებშია დაცული. საუბარია მეზღვაურ ჯეიმს ბარტლის გადარჩენის თაობაზე, რომელიც მსახურობდა ხომალდზე სახელწოდებით ‘აღმოსავლეთის ვარსკვლავი". 1891 წელს იგი მონაწილეობას ღებულობდა ვეშაპებზე გამართულ ნადირობაში. საარქივო მასალების თანახმად, უეცრად ჯეიმსი ხომალდიდან ღია ზღვაში გადავარდა და მოულოდნელად გამოჩენილმა დიდმა თევზმა გადაყლაპა, რომლის წიაღშიც მეზღვაურმა რამდენიმე საათი გაატარა. მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის დანარჩენმა წევრებმა აღნიშნული ზღვის ბინადარი მოაკვდინეს, დაკარგული მეგობარი ცოცხალი აღმოაჩინეს. ჯეიმსმა ამ ვითარებაში მხოლოდ მხედველობა დაკარგა. გარდაიცვალა იგი აღნიშნული შემთხვევიდან 15 წლის შემდეგ საკუთარ სამშობლოში, გლოჩესტერში). მხ. 2-3. ‘ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან. თქვა: ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. ქვესკნელის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება" . იონას ლოცა (მხ. 2-10) სამადლობელი ფსალმუნია, რომლის თითოეული სტრიქონი დავითის ფსალმუნის ამა თუ იმ შესაბამის ადგილს გვაგონებს . არაფერია გასაოცარი, თუკი წინასწარმეტყველმა თავსგადამხდარი საოცარი მოვლენების აღწერისას ნაცნობსა და, ამავდროულად, მისი სულისთვის მრავლისმთქმელ ფსალმუნებს მიმართა. თევზის მუცელში მყოფი იონა ღმერთს გარდაუვალი სიკვდილისგან გამოიხსნის მიზეზით მადლობს.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ვეშაპის წიაღში მყოფი იონა, ინარჩუნებს რა სრულ შემეცნებას, საღვთო მზრუნველობას გულისხმაჰყოფს. ის რწმუნდება, ღმერთი მოწყალეა. წინასწარმეტყველმა იცის, რომ ეს განსაცდელი მის მიერ საღვთო მსახურებაზე უარის თქმის შედეგია და ლოცვას მიმართავს, ლოცვას, რომელშიც უდიდეს მადლიერებას გამოხატავს და ამასთან სიკვდილისგან მხსნელ უზენაესს სადიდებელს აღუვლენს. გაოცებულია რა მისი ხელმწიფებით, საღვთო სიმდაბლეს აქებს. იონა ამბობს, რომ ვედრება შესმენილია. ვფიქრობ, რომ ვითარცა წინასწარმეტყველმა მან ეს მოვლენაც განჭვრიტა).მხ. 4-5. ‘როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა, ვთქვი: გაგდებული ვარ შენი პირისგან, ნუთუ ოდესმე მეღირსებამეთქი შენი წმიდა ტაძრის ხილვა?"
წმ. კირილე ალექსანდრიელი: იონა გადმოგვცემს, რომ ზღვის უფსკრულამდე დამდაბლდა. იფიქრა, ღვთის მზერა მისგან სამუდამოდ გარემიიქცა და სასოწარკვეთამდე მივიდა, რადგან საშინელი და შემაძრწუნებელი საქმეა უფლის მზერის მიღმა დარჩენა. ამიტომაც ევედრებოდა დავითი: ‘ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევი რისხვით მონისა შენისაგან" . უფლის სახის განდრეკას აუცილებლად საღვთო რისხვა ახლავს, უფრო სწორად კი, რისხვა უწინარეს ჩნდება და ღვთაებრივ მზერას გარემიაქცევს. იონამ იცის, რომ საღვთო მზრუნველობით ვეშაპის წიაღში მას სიცოცხლე მიენიჭა, მაგრამ წინასწარმეტყველი ეჭვობს, შეძლებს კი ოდესმე უფლის ტაძარში წარდგომას და ამგვარად ლოცვას).
თეოდორიტე კვირელი: მე მეგონა, ამბობს იონა, ღმერთი მხოლოდ იერუსალიმში ეცხადებოდა ადამიანებს, ხოლო მოხდა ისე, რომ ვეშაპის მუცელში აღვლენილი ლოცვაც შესმენილია. „ჯოჯოხეთის მუცლად" მოიხსენია იონამ ვეშაპის წიაღი, რადგან განწირული იყო სიკვდილისთვის და მხოლოდ საღვთო მადლით ინარჩუნებდა სიცოცხლეს. ამასთანავე ეს მოვლენა მაცხოვრის სამდღიან დაფლვას განასახიერებს).
მხ. 6-7. ‘სულამდე მიწია წყალმა, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა, მთების ფესვებამდე ჩავედი; მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ქვესკნელს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, უფალო, ღმერთო ჩემო! როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმინდა ტაძარში" .
იონა გულისხმაჰყოფს, რომ დაღუპვისთვის განწირულ ადამიანს ღმერთმა ხელი აღუპყრა და მადლიერების გრძნობით სავსე სიტყვებს ზეცად აღავლენს. მხ. 9-10. ‘ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას! მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!"
წმ. კირილე ალექსანდრიელი: იონა წინასწარმეტყველი იესო ქრისტეს წინასახეა. მისი ლოცვა სიმბოლურად მაცხოვრის მიერ გეთსიმანიის ბაღში აღვლენილ ვედრებას განასახიერებს: ,,უფალო, უკეთუ შესაძლებელარს, თანაწარხედინ ჩემგან სასუმელი ესე" . მაცხოვრის ადამიანური ბუნება უდიდეს შიშსა და შეძრწუნებას მოეცვა, მაგრამ ჯოჯოხეთში ჩასვლისას გამოთქვა თუ არა მან რამ ადამიანური, ეს მხოლოდ თავად უწყის, რადგან საშიშია ამის შესახებ რაიმეს მტკიცება. ჩვენ ვხედავთ, რომ პეტრე მოციქული მაცხოვარს განუკუთვნებს ფსალმუნის სიტყვებს: ‘არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს შინა, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი" ).
მხ. 11. ,,უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე გადმოანთხია იონა" .
იოსებ ფლავიოსის ცნობით ვეშაპმა იონა შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყა, ხოლო მეორე მოსაზრების თანახმად, წინასწარმეტყველი ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, პალესტინის კუთვნილ მიწაზე უბრუნდება ხმელეთს.
დეკან. იოანე სოლოვიოვი: იონას ვეშაპის მუცელში სამდღიანი ყოფნის შესახებ წარმოდგენილ უწყებას მრავალი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათმა ნაწილმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ბიბლიური თხრობა სხვა არაფერია, თუარა ცნობილი ბერძნული მითის ინტერპრეტაცია: პოსეიდონმა და აპოლონმა ზეცის მბრძანებლის, ზევსის დავალებით მეფე ლაომედეს ქალაქი ტროა გარშემო მძლავრი კედლების აგების საშუალებით გაამაგრეს. როდესაც ისინი სამუშაოს დაასრულებენ, ლაომედე დაპირებულ გადასახადზე უარს განუცხადებს და პოსეიდონსა და აპოლონს საკუთარი სახელმწიფოდან გააძევებს. განრისხებულმა ღმერთებმა სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტეს: აპოლონმა მომაკვდინებელი წყლულებით შემუსრა ქალაქი, ხოლო პოსეიდონმა ზღვის სიღრმიდან ადამიანთა შთანმთქმელი საშინელი ცხოველი მოავლინა. ორაკულის რჩევის თანახმად ტროის მოსახლეობა მხოლოდ ერთი ხერხის გამოყენებით თუ დაიხსნიდა თავს: მეფე ლაომედეს ზღვის ურჩხულისთვის საკუთარი ქალიშვილი - გეზიონა უნდა გადაეცა. შეჭირვებულმა ქალაქის მოსახლეობამ საკუთარი მეფე აიძულა, რომ შვილი მხეცისთვის შესაჭმელად გაეწირა. და აი, გეზიონას ზღვის სანაპიროზე, ერთ-ერთ კლდეზე მიამაგრებენ. სადაცაა შიშის მომგვრელი ზღვის ბინადარიც უნდა გამოჩნდეს და მშვენიერი ასული გადაყლაპოს, რომ უეცრად ტროაში არგონავტების მიერ ამაზონკების წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობიდან ჰერაკლე ჩამოდის. როდესაც სახელგანთქმული გმირი მშვენიერ ასულს იხილავს და მისი მოსალოდნელი ბედის შესახებ მოისმენს, გეზიონას გადარჩენის პირობას იძლევა, თუმცა სამაგიეროდ ტროელ მეფეს ზევსის მიერ ნაჩუქარ ცხენს მოსთხოვს. ლაომედე შემოთავაზებას თანხმდება. მახვილით შეიარაღებული ჰერაკლე ზღვის ურჩხულს ხახაში ჩაუხტება და სამი დღის მანძილზე მის შიგნეულობას მუსრს ავლებს, რის შემდეგაც მოკლული ცხოველიდან გარეთ გამოდის. უშიშარ გმირს მხოლოდ ერთი ზიანი მიადგა: მას მხეცის წიაღში ყოფნისას თმები მთლიანად დასცვივდა და გამელოტდა…
უწყება ჰერაკლეს მიერ ზღვის ურჩხულის წიაღში სამი დღისა და ღამის მანძილზე ყოფნის შესახებ პირველად იუსტინე ფილოსოფოსთან გვხვდება ნაშრომში ‘შეგონება ელინებისადმი" (თავი 14), რაც შემდეგ სხვებთანაც მეორდება. თუკი აღნიშნულ მოვლენას წარმართი მწერლები არ იცნობდნენ და იგი მხოლოდ ქრისტიან მოღვაწეებთან აისახა, საიდან უნდა აეღოთ ამ უკანასკნელთ მსგავსი თხრობა, თუარა ბიბლიური ისტორიიდან? მართალია, ეს ვარაუდია, მაგრამ სავსებით საფუძვლიანი. იუსტინე ჭეშმარიტების მაძიებელი ფილოსოფოსი იყო და როდესაც სინამდვილეს ქრისტიანობაში მიაკვლია, იგი ბუნებრივად დაუპირისპირდა წარმართობას და მისი უსუსურობის დადასტურებას შეეცადა. იუსტინეს ნაშრომებში ხაზგასმით ჩანს აზრი იმის შესახებ, რომ წარმართული ფილოსოფია ღვთაებრივი გამოცხადებიდანაა დასესხებული. შესაბამისად, იმავე ლოგიკით ბერძნული მითი ჰერაკლეს შესახებ იონას ისტორიის გადაკეთებული ვერსიაა. როდესაც იუსტინე აღნიშნულ ორ მოვლენას შორის პარალელს ავლებდა, შესაძლოა, ურჩხულის მუცელში სამდღიანი ყოფნის თაობაზე თხრობა ჰერაკლეს ისტორიას თავად ბუნებრივად შეჰმატა, რაც ადრეულ წყაროებში არსად ასახულა, ხოლო შემდეგ იგივცე ცნობა სხვათაგანაც იქნა გამეორებული…
ზემოხსენებული მითის გამოკვლევისას დგინდება, რომ თავდაპირველ, ჰომეროსის დროინდელ შინაარსში ჰერაკლეს მიერ გეზეონას გათავისუფლების შესახებ თხრობა განსხვავებული სახით იყო წარმოდგენილი და არაფერი თქმულა უმამაცესი გმირის ურჩხულის წიაღში ყოფნის თაობაზე, პირიქით, ბრძოლა ჰერაკლესა და ზღვის მხეცს შორის ერთმანეთის პირისპირ მიმდინარეობდა).

თავი 3


მხ. 1-3. ‘იყო მეორედ უფლის სიტყვა იონაზე: ადექი, წადი ნინევში, დიდ ქალაქში, და იქადაგე საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი. ადგა იონა და წავიდა ნინევში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევი, სამი დღის სავალი" .
ამჯერად წინასწარმეტყველი საღვთო ნებას აღარ ეურჩება, რადგან თავსგადამხდარი განსაცდელები მას საუფლო ნების უზენაესობაში არწმუნებს. განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ სამი დღის სავალ გზაში იგულისხმება არა ქალაქის სიგანე, არამედ მისი გარშემოწერილობა. საშუალო გათვლით ეს მანძილი დაახლოებით 7590 კმ-ს შორის მერყეობს. თუ ძველ ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, რომლებიც ბიბლიურ მონაცემებთან ზედმიწევნით თანხმობაში არიან, ნინევის გარშემოწერილობა 80 კილომეტრი იყო, ხოლო დიამეტრი 30 კმ-ს აღწევდა.
დეკან. იოანე სოლოვიოვი: ‘დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევი". აღნიშნული სიტყვები არა მარტო სხვა ქალაქებთან მიმართებით წარმოაჩენს ნინევის სიდიდეს, არამედ ღვთისადმი მის დამოკიდებულებას განსაზღვრავს. უზენაესის წინაშე დიდი იყო ის არა იმ მიზეზით, რომ სამი დღე სჭირდებოდა შემოვლას, არამედ აღნიშნულ სიტყვებში, ერთი მხრივ, ქალაქის მკვიდრთა სიამაყით განპირობებული დაპირისპირებაა ნაჩვენები შემოქმედისადმი, ხოლო მეორე მხრივ, დიდია იგი ღვთისაგან მისდამი გამოვლენილი წყალობის მიზეზით.
ზემოციტირებულ ბიბლიურ წინადადებაში გამოყენებულია ზმნა, რომელიც წარსულ დროზე მიგვითითებს (‘იყო"), და მასზე დაყრდნობით მკვლევართა ნაწილმა იონას წიგნი გვიანდელ, ტყვეობის შემდგომ ეპოქას განუკუთვნა, რადგან, მათი თქმით, წიგნში გადმოცემული მოვლენების აღწერისას ასურეთის დედაქალაქი აღარ არსებობდა და, ბუნებრივია, მოძღვრების შემდგენელმა ქალაქის შესახებ საუბარში წარმოადგინა ზმნა ‘იყო". მაგრამ უსამართლოა ამგვარი მსჯელობა. საქმე ისაა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულია შესაბამისი ფორმა პრატერიტუმ, ანუ აწმყო დაკავშირებული წარსულთან. აქ პრატერიტუმ ფორმით მოხმობილი ზმნა ‘იყო" გვიჩვენებს, რომ წინასწამრმეტყველი ისტორიას წარსულის სახით გვთავაზობს და საუბრობს იმის შესახებ, რაც თითქოს ოდესღაც მომხდარი ფაქტია, მაგრამ სინამდვილეში სწორედაც რომ აწმყოს გულისხმობს. ავტორმა უბრალოდ სხვა ზმნებთან შესაბამისობაში წარმოგვიდგინა ნინევის თაობაზე უწყება, რადგან იქვეა ნათქვამი: ‘ადგა" და ‘წავიდა" (შდრ. ‘ადგა იონა და წავიდა ნინევში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევი, სამი დღის სავალი"). ამრიგად, განხილული ზმნის წარსულ ფორმას სინქრონული იმპერფექტი ეწოდება და მისი გამოყენებით წიგნის ავტორი საკუთარ თავს აწმყოზე ყოველგვარი მითითებისგან ათავისუფლებს. წარმოდგენილი ბიბლიური ციტატის პერიფრაზი იქნება: დგება იონა და მიდის ნინევში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქია ღვთის წინაშე ნინევი, სამი დღის სავალი).
წმ. ეფრემ ასური: ზღვაში შევიდა იონა და ააბობოქრა იგი, ხმელეთზე გადმოვიდა და უდიდესი მღელვარება დათესა. აღელვდა ზღვა, რაჟამს გარბოდა წინასწარმეტყველი, ხოლო შეძრწუნდა ხმელეთი, როდესაც იქადაგა მან. ზღვა ვედრებამ დაამშვიდა, ხმელეთი კი - სინანულმა. ლოცულობდა იონა ვეშაპის წიაღში, ლოცულობდნენ ნინეველნი დიდ ქალაქში. ლოცვამ გამოიხსნა იონა, ლოცვამ გადაარჩინა ნინეველნიც. ღმერთს გაურბოდა იონა, სიწმინდეს განდგომოდნენ ნინეველნი. დანაშაულის გამოისობით ორივენი მართლმსაჯულებამ დააკავშირა ურთიერთს. იონამაც და ნინეველებმაც სინანული მიიტანეს ღვთისა წინაშე და წყალობა მიიღეს. კეთილმა აღსარებამ წინასწარმეტყველი ზღვაზე დაიცვა, ნინეველნი კი ხმელეთზე. საკუთარ თავზე შეიმეცნა იონამ, რომ მონანული შეწყალებული იქნება. თავად მასზე გაცხადდა მაგალითი უაღმატებულესი ზეგარდამო სახიერებისა ცოდვილებისადმი, რითიც მიეთითა წინასწარმეტყველს, რომ ცოდვათა შინა დანთქმული ქალაქიც იქნებოდა შეწყალებული).
დეკან. იოანე სოლოვიოვი: ნინევის აღმოჩენის მიზნით თავდაპირველად, 1842 წელს, არქეოლოგიური გათხრები ფრანგმა კონსულმა, ბოტიუმ ჩაატარა, შემდეგ, 1845 წელს - ინგლისელმა ლეიარდმა და რავლინსონმა და ბოლოს, 1853 წელს - პლასმა. გათხრების შედეგად ასეთი მონაცემები ჯამდება: ნინევიად იწოდებოდა არა მხოლოდ ერთი, კედელმოზღუდული, გამაგრებული ქალაქი, არამედ რამდენიმე მსგავსი საცხოვრისი, რომლებსაც საკმაოდ დიდი მოცულობის ფართობი ეკავა. აღნიშნული დასახლება სამი მხრიდან მდინარით იყო შემოსაზღვრული: ჩრდილოეთით - კოსრა, დასავლეთით – ტიგროსი, სამხრეთ-დასავლეთით - გაცრ-სუ და დიდი ცაბი, ხოლო მეოთხე მხრიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთით მთები ებჯინებოდა. მჭიდროდ იყო გამაგრებული იგი მდინარეების მხრიდან კაშხლებით, წყალგამტარებითა და არხებით, მთების მიმართულებით კი მიწაყრილებითა და ციხესიმაგრეებით, რაც ნანგრევების გროვიდანაც აშკარად ჩანს. და სწორედ ამ მიდამოში, არათანაბარკუთხა ოთკუთხედის, ან ტრაპეციის ფორმის სივრცის ირგვლივ იყო განლაგებული დიადი ქალაქის - ნინევის ოთხი დიდი უბანი, როგორც მათ ლეიარდი უწოდებს. ხსენებულ უბანთაგან პირველი იყო საკუთრივ ნინევი, მეორე - კალახი, მესამე – დღემდე შეუსწავლელი და გამუკვლეველი უბანი და მეოთხე – სარკინი. ყველა ხსენებულ უბანში განსაკუთრებული სამეფო სასახლეები მდებარეობდა. ისინი წლის შესაბამისი დროის მიხედვით სამეფო რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდნენ. ოთხივე საცხოვრისი მთლიანობაში კედლებითა და სიმაგრეებით იყო შემოზღუდული, ხოლო უბნებს შორის დარჩენილ სივრცეებში კერძო, სასოფლო-სამეურნეო დასახლებები მდებარეობდა…).
მხ. 4. ‘იარა იონამ ერთი დღე ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევი" .
წმინდა ეფრამ ასური გვაუწყებს, რომ იონას ქადაგების დაწყებისთანავე ნინევის თავზე შავი ღრუბელი ჩამოწვა. მხოლოდ ორმოცი დღის შემდეგ გაიფანტა სიბნელე და მზის ნათელმა კვლავ გაანათა ასურელთა დედაქალაქი. წინასწარმეტყველი ლოცულობს, სინანულისკენ მოუწოდებს ისრაელის სამეფოს დაუძინებელ მტერს, რითიც ძველ აღთქმაში სახეობრივად ვლინდება ახალაღთქმისეული მოძღვრება მტრის სიყვარულის შესახებ.
დეკან. იოანე სოლოვიოვი: როგორც პავლე მოციქული ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად ისეთი ადგილებისკენ მიიჩქაროდა, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბებოდა, მსაგვსადვე, იონასაც შესაბამისი გარემო უნდა შეერჩია, ხოლო ასეთი გარემო ნინევში ზემოხსენებული ოთხი უბანი იყო. სავრაუდოდ, წელიწადის სხვადასხვა დროს მეფე საცხოვრებლად განსხვავებულ ადგილებს ირჩევდა და მას თან ახლდა სახელმწიფოს უმაღლესი იერერქიაც. თითოეულ უბანს საკუთარი მოედანი გააჩნდა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იმ ადგილიდან, საიდანაც იონა ქალაქში შევიდა, უბნამდე, რომელშიც წელიწადის მოცემული დროისთვის მეფე ცხოვრობდა, ფეხით მოსიარულე ადამიანი ერთ დღეში ჩააღწევდა.
ლეიარდის მოსაზრებით, იონამ ქალაქში ჩრდილო-დასავლეთიდან, საკუთრივ ნინევად წოდებულ უბანში შეაბიჯა. ამასთანავე უნდა ვივარაუდოთ, რომ წინასწარმეტყველის ასურელთა დედაქალაქში აღმოჩენისას მეფე კალახად წოდებული უბნის რეზიდენციაში იმყოფებოდა და იგი სარდანაპალის ვაჟი უნდა ყოფილიყო (სარდანაპალი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც კალახში სამეფო სასახლე ააგო). ქალაქის უშუალოდ ეს ნაწილი ესაზღვრებოდა უდაბნოს, საიდანაც ცხელი ნიავი ქროდა, ხოლო ნინევიდან გასული წინასწარმეტყველის შესახებ მოთხრობილია, რომ ძლიერ შეაწუხა იგი მზის ცხუნვარებამ და მხურვალე ქარმა . შესაბამისად გამოდის, რომ იონას მთელი ნინევის გავლა მოუწია კალახამდე მისაღწევად, რისთვისაც ერთი დღე დასჭირდა. ხსენებულ უბნამდე მიმავალი წინასწარმეტყველი გზაში ქადაგებდა. ღვთისაგან მოვლენილი მოძღვრის სიტყვების მსმენელი მოსახლეობა, განურჩევლად ასაკისა, ძლიერ შეძრწუნებულიყო და ჯვალოშემოსილი უკან მიჰყვებოდა სტუმარს. ბუნებრივია, ადამიანების რაოდენობა მატულობდა და კალახში ჩასვლისას არნახული იყო საზოგადოების სიმრავლე, რამაც მეფის და მთელი კალახის ყურადღება მიიქცია…
‘კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევი", - ასე მიმართავდა წინასწარმეტყველი ხალხს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იონა არ შემოფარგლულა მხოლოდ წარმოდგენილი სიტყვებით. ისინი გამოთქმული წინასწარმეტყველების თავში იყო მოქცეული და მის დასაწყის ნაწილს შეადგენდა. იონასთან დაკავშირებული ბიბლიური თხრობის კითხვისას უეცრად ნათლისმცემელი გაგონდება, რომელიც მწიგნობრებსა და ფარისევლებს იქედნეთა ნაშობებს უწოდებდა და მისი სიტყვები ჭექა-ქუხილის დარად ჟღერდა, რასაც ვერავინ ეწინააღმდეგებოდა. თუკი იონას სიტყვაში სინანულისკენ მოწოდება არ ყოფილა, განა საჭირო იყო მისი ნინევში მივლენა? სხვაგვარად წინასწარმეტყველის საქმიანობა ყოველგვარ აზრს იქნებოდა მოკლებული).
უცნობია, თუ რა ენაზე მიმართავდა მსმენელს წინასწარმეტყველი. ასურული ენა, როგორც ძლევამოსილი დამპყრობელი ერის ენა, ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ აზიაში და შესაძლოა, იონაც ფლობდა მას. დავუშვათ, რომ წინასწარმეტყველის მხოლოდ ებრაულ ენაზე საუბარობდა, ამ შემთხვევაშიც ნინეველებისთვის სრულიად გასაგები იქნებოდა მოსმენილი მოძღვრება, რადგან ასურული სემიტურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნებოდა და დიდ სიახლოვეს ავლენდა ებრაულთან არა მარტო გრამატიკულად, არამედ სინტაქსის დონეზეც. ასე რომ, ასურული გრამატიკა, კომპეტენტური მკვლევარების აზრით, სხვა არაფერია, თუარა ებარულის კოპირებული ფორმა. აღმოჩენილია მთელი რიგი ასურული წერილობითი წყაროები, რომლებშიც არა მხოლოდ ცალკეული სიტყვები, არამედ წინადადებებიც კი სრულ იდენტურობას ინარჩუნებენ ებრაულთან მიმართებით .
წმ. ეფრემ ასური: საშინელი მკურნალი მიევლინა სნეულ ქალაქს სასტიკი სამკურნალო ხერხებით, რომელმაც გააცხადა და ყველას აჩვენა მკურნალობის შემაძრწუნებელი ხელოვნება. განა იმიტომ წარგზავნა ღვთის სახიერებამ წინასწარმეტყველი, რომ ქალაქი დაღუპულიყო. არაფერს ამბობდა იგი სინანულის შესახებ, რითიც მიანიშნებდა, რომ ყოველმა სნეულმა საკუთარ უძლურებებზე თავად უნდა იზრუნოს. იონამ ნინეველთა წინაშე სინანულის კარი დახურა, რათა სახილველი გამხდარიყო, როგორი გულმოდგინებით დაეშურებოდნენ მის გაღებას ისინი).
ნეტარი იერონიმე: ზოგიერთების აზრით, იონამ ქალაქის მესამედი მოიარა, ხოლო ნაქადაგები მთელს ქალაქში ელვის სისწაფით გავრცელდა. ვერ გამიგია, რატომ ითარგმნა ბერძნულად 40 დღე (შდრ. ‘კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევი"), მაშინ როცა ებრაულ სიტყვებს სამსა (სალოს) და ორმოცს (არბაიმ) შორის მსგავსება არ არსებობს).
თეოდორიტე კვირელი: აკვილა, სიმაქოსი და თეოდოტიანე სამის ნაცვლად 40 დღეს უთითებენ. მათ ეთანხმება სირიული თარგმანი და ებრაული ტექსტი. ამას სამი დღის სიმცირეც ადასტურებს, რადგან ესოდენ დიდი ქალაქის შემოვლა დროის მცირე მონაკვეთში შეუძლებელი იქნებოდა. სავარაუდოა, რომ 70-თა პირვანდელ თარგმანშიც 40 დღე იქნებოდა, მაგრამ არსებული განსხვავება მოგვიანებით გადამწერთა მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად მივიღეთ).
სეპტანტაში ნაცვლად ორმოცისა სამი დღეა ნახსენები . მკვლევართა აზრით, ბერძნულ ტექსტში თავდაპირველად რიცხვი ორმოცი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ბგერითი აღნიშვნით მ (=40), ხოლო მოგვიანებით გადამწერის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად ორმოცი დღე სამით შეიცვალა, რაც სხვა ხელნაწერებშიც მცდარად აისახა .
მხ. 5-10. ‘იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიანპატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა. გამოაცხადებინა ნინევში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: @არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული. ვინ იცის, კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!^ შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ და აღარ უყო" . წარმოდგენილი ადგილი გვაუწყებს, თუ როგორი გულშემუსვრილობით შეინანეს ნინეველებმა. მათზე ძლიერი გავლენა უნდა მოეხდინა წინასწარმეტყველის მიერ ზღვაზე გადახდენილი სასწაულებრივი მოვლენების თხრობას და სწორედ იონას უზაკველი, ჭეშმარიტი ქადაგება მათი გულებისკენ პოულობს გზას, რასაც შედეგად მარხვისა და გლოვის არნახული გამოვლინება მოჰყვა: ნინევის მეფის ბრძანებით, ქალაქის მკვიდრნი ცხოველებსაც ამარხულებენ. ისმის კითხვა: რამდენად გულწრფელია ნინეველთა სინანული? თუკი ჭეშმარიტად გულწრფელია, გაუგებარი ხდება, რატომ არ შეიცვალა სისასტიკისა და ძალადობისკენ მიდრეკილი ასურელების ბუნება, რომლებმაც გარკვეული დროის შემდეგ მიწასთან გაასწორეს იონას მშობლიური ისრაელის სამეფო. ისტორიული ცნობების გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ წინასწარმეტყველის ნინევში ჩასვლამდე ქალაქის მოსახლეობამ ორგზის უმძესი შიმშილობა იწვნია, რასაც მზის სრული დაბნელებაც დაერთო. ერთი სიტყვით, ხალხმა გადატანილი განსაცდელები, ბუნებრივი კატაკლიზმები ღვთის რისხვის გამოვლინებად მიიჩნია და მომხდარი მოვლენებით ძლიერ შეშინებული, იონას ქადაგებას ერთგვარი ფსიქოლოგიური მზაობით შეეგება, რამაც საყოველთაო სინანული გამოიწვია.
ეპისკოპოსი პალადი: იონას ნინევში ქადაგებისას, სავარაუდოდ, ასურეთში სარდანაპალი მეფობდა).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: მიუხედავად იმისა, რომ ნინევი მრავალსახოვან წარმართულ უკეთურებებში შთანთქმულიყო, იონას ქადაგება ყველამ როგორც ერთმა ირწმუნა, დაწყებული მდიდარი და შეძლებული მაღალჩინოსნებიდან, ვიდრე უმდაბლესი სოციალური ფენის წარმომადგენლებით დასრულებული. ქადაგებამ მეფის ყურამდეც მიაღწია, საოცარი მოშურნეობა გამოავლინა უკანასკნელმა. მან ტახტი დაუტევა, სამეფო ომოფორი გაიხადა და, მსგავსად საკუთარი მოსახლეობისა, ძაძებში მოსილი ნაცარში ჩაჯდა. ამასთანავე გამოსცა ბრძანება და მარხვა და გლოვა საყოველთაო აუცილებლობად გამოაცხადა. გასაოცარია მათი გულისხმიერება, არა მარტო თავად იტვირთეს თავშეკავება, არამედ საკუთარ ქალაქში პირუტყვებიც ამარხულეს. ღმერთი არავისგან ითხოვს მსგავს ქმედებას და არც ნინეველები დაუვალდებულებია ამაში. ეს მოსახლეობის პიროვნული გადაწყვეტილება იყო, რითიც თვალნათლივ დადასტურდა მათი შინაგანი შემუსრვილობა. ვიცი ისეთნიც, რომლებიც ამბობენ, რომ პირუტყვებში ნინევში მცხოვრები პირუტყვული ვნებებით შეპყრობილი ადამიანები მოიაზრებიან).
წმ. ბასილი დიდი: ბავშვებს მოზარდებთან ერთად გლოვა იმიტომ განეწესათ, რომ მათი მწუხარება ყველასთვის მაგალითი გამხდარიყო და გადამდები ძალა ჰქონოდა).
ნეტარი იერონიმე: მსმენია, რომ ზოგიერთები ნინევის მეფეში, რომელმაც მოისმინა რა ქადაგება, ტახტიდან გადმოვიდა, განიმოსა სამეფო სამოსი, ჯვალო შეიმოსა და ნაცარში მჯდომი გლოვობდა, ამასთან, გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხალხს, პირუტყვს, ძროხასა თუ ცხვარსაც უნდა ემარხულა, დემონს მოიაზრებენ, დაცემულ სულს, რომელიც, მათი აზრით, ქვეყნიერების აღსასრულს დაუტევებს საკუთარ ქედმაღლობას, შეინანებს და ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება, რადგან არ შეიძლება ღვთის ქმნილი გონიერი არსება დაიღუპოს. წარმოდგენილი მოსაზრების დასადასტურებლად დანიელის წიგნის იმ ადგილსაც იშველიებენ, სადაც ნათქვამია, რომ ნაბუქუდუნოსორს შვიდწლიანი უძლურების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ადამიანური გონი . წარმოდგენილი მსჯელობის საპირისპიროდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სახარების თანახმად, მცოდველი და მოუნანიებელი ადამიანები 'ცეცხლსა მას საუკუნესა" იგზავნებიან, რომელიც 'გამზადებულია ეშმაკისა და მისი მსახურებისთვის" და სწორედ ამაზეა ნაუწყები: 'მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს" . თუ საყოველთაო გამართლების შესახებ მოსაზრება სწორია, რა განსხვავება იქნება უფლის დედასა და მეძავ ქალებს შორის (რისი თქმაც კი დანაშაულია. ნუ იყოფინ!)? ნუთუ ერთნი იქნებიან გაბრიელი და დემონი? არაფრით განირჩევიან ეშმაკი და მოციქულები? წინასწარმეტყველნი თუ ცრუწინასწარმეტყველნი? მოწამენი და მდევნელნი? თუკი ტანჯვის ჟამი დროშია მოქცეული და გარკვეულ ჟამს ყველანი ერთნაირ მდგომარეობას დაიმკვიდრებენ, არაფერს ჰქონია მნიშვნელობა, რადგან ჩვენ მივილტვით იქითკენ, თუ რანი ვიქნებით მარადიულად, ხოლო ამ მოსაზრებით მარადისობა ყველასთვის ერთნაირი ყოფილა. ხალხსა და პირუტყვს, მმარხველსა თუ ჯვალოთი მოსილს მე გონიერ და უგუნურ ადამიანთა შესახებ მითითებად მივიჩნევ. იონას ქადაგებით, მათ, ყველამ, როგორც ერთმა, შეინანეს).
დეკან. იოანე სოლოვიოვი: ნინეველებმა რომ პირუტყვებიც ამარხულეს და ამაში არაფერია გასაკვირი, დასტურად არაერთი დღევანდელი უწყებაც გამოდგება. მაგალითად, გარდაცვლილის დაკრძალვისას შავებში არა მარტო ჭირისუფალნი, არამედ ცხენებიც იმოსებიან, რომლებიც ცხედარს მიასვენებენ. ამ ყოველივეს მიზანი ადამიანთა შორის მწუხარების გამძაფრებაა. როგორც ნეტარი თედორიტე აღნიშნავს: ნინეველებმა თავიანთ მწუხარებას პირუტყვები იმისათვის აზიარეს, რომ რაჟამს შიმშილისაგან შეჭირვებულნი, ისინი იღმუვლებდნენ, ადამიანები ცხარე ცრემლებს მეტად დაღვრიდნენ და ღვთისაგან შეწყალებას უფრო გულმოდგინედ გამოითხოვდნენ).
წმ. ეფრემ ასური: როდესაც დასასრულს უახლოვდებოდა განსაზღვრული დღეები, ნინეველებმა ურთიერთს ხელი ჩაჰკიდეს და სიკვდილისთვის მზადება დაიწყეს. ბოლო, მეორმოცე დღეც გათენდა, დღე, როდესაც ღვთის საშინელი რისხვა საქმედ უნდა ქცეულიყო. დღეს ღამე მოჰყვა. ცრემლდადენილნი ბჭობენ ყველანი: რა დროზე დაიქცევა ქალაქი, ღამით თუ გამთენიისას? საშინელ ხმას როდის მოვისმენთ? ფიქრობენ, რომ საღამოს განადგურდება ნინევი, მაგრამ საღამო უკვე დამდგარა და ჯერაც არაფერია. ფიქრობენ, მოსახდენი ღამე მოხდება, თუმცა კვლავაც სიმშვიდეა. ზრახავენ, რომ შუაღამისას დადგება შესაბამისი ჟამი, მაგრამ დრო გადაცდა, კვლავაც სიმშვიდეა. ალბათ დილით დაეცემა ქალაქი, - ბჭობენ ისინი. ღამეც გათენდა, იმედი მოეცათ, რადგან სწორედ მაშინ, როდესაც საკუთარი თავი უეჭველი დაღუპვისთვის განწირულად მიიჩნიეს, უეცრად აღმოცისკრდა ხსნა. ძმა ძმას ხვდებოდა და ვერ კი ცნობდნენ ურთიერთს. მეგობარს ეგებებოდა მეგობარი, მაგრამ ერთურთს ვერ არჩევდნენ. სმენას არ ძალუძდა ერთი ხმა მეორისაგან განესხვავებინა, თვალსაც უუნარობა დაუფლებოდა, რომ სახეები გაერჩია ერთმანეთისგან, რადგან მწუხარებისა და გლოვის მიზეზით ფერმკრთალ აჩრდილებს დამსგავსებოდა ყველა, მღვიძარებისგან გალეულიყო მათი სხეული. გაუბრწყინდათ სახეები ნინეველებს. ყველას ეუწყა გადარჩენის შესახებ, რაჟამს ნინევის თავზე დღის სინათლე იხილეს. მუხლი მოიდრიკეს სალოცავად, ხელები ზეცად აღაპყრეს, ბაგეები მადლობდნენ და განადიდებდნენ იმას, ვინც საკუთარი რისხვით კვლავ სიცოცხლე მიჰმადლა მათ სინანულის გზით).
ანდრია სმირნოვი: საინტერესო ფაქტია, ნინევში ჩასული სრულიად უცხო ადამიანი ადგილობრივი მოსახლეობის გულებს რომ იპყრობს და უდიდეს ნდობას იმსახურებს. რას უნდა განეპირობებინა ადგილობრივთა ესოდენი გულისხმიერება? არსებობს ერთი ლეგენდა, რომელიც შუამდინარეთში ცივილიზაციის წარმოშობის შესახებ გვაუწყებს. იონას დროინდელ ნინეველებს აღნიშნული მითი ღრმად სწამდათ და მის ჭეშმარიტებაში არავის ეპარებოდა ეჭვი. ასეთია აღნიშნული ისტორია: ოდესღაც, ათასწლეულებით ადრე, მესოპოტამიაში (და ზოგადად, მთელს სამყაროზე) განუვითარებელი, პირველყოფილი წესებით მცხოვრები ადამიანები ბინადრობდნენ. ერთ მშვენიერ დღეს სპარსეთის ყურიდან ღმერთის მიერ წარმოგზავნილი უცნაური გარეგნობის მქონე არსება ამოვიდა. მას თევზის სხეული და, ამავდრულად, ადამიანის გამოსახულება ჰქონდა. იგი შუამდინარეთში მიდის და ადგილობრივ მოსახლეობას ცივილიზაციას აზიარებს: განუმარტავს მათ სახელმწიფოს არსსა და დანიშნულებას, ურთიერთთან დამოკიდებულების ფორმებს, ასწავლის მიწათმოქმედებას, მშენებლობას… უცნაურ არსებას სახელად ოანესი ერქვა. იგი ღამით წყალში ჩადიოდა, ხოლო დღისით კვლავ უბრუნდებოდა ხმელეთს და ხალხის დამოძღვრას განაგრძობდა.
ამ ყოველივეს შემდეგ, ძვ. წ. აღ-ის მე-9 საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქ ნინევში (შუამდინარეთში) გამოჩნდა უცხო ადამიანი, რომელიც ყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ გადაყლაპა იგი დიდი ზომის თევზმა და მესამე დღეს კვლავ ამოსვა ერთ-ერთ სანაპიროზე. ნინეველნი იმასაც გებულობენ, რომ ახლადმოსულ სტუმარს სახელად იონა ჰქვია. ყოველივე ამან ასურეთის დედაქალაქის მკვიდრებს ენითგამოუთქმელი რელიგიური ძრწოლა და შიში მოჰგვარა, რადგან იონას თავსგადამხდარი ისტორიისა და მისი სახელის მოსმენისას (მითიური ოანესი და იუდეველი წინასწარმეტყველი იონა - პირველი ზღვიდან ამოდის და მოსახლეობას მოძღვრავს, მეორე თევზის წიაღიდან უკუმოქცეული, საღვთო მსჯავრის შესახებ იუწყება) პირველი ასოციაცია სწორედაც რომ ძველ ლეგენდას დაუკავშირდა, რომელიც ცხოველი ძალით განაგრძობდა არსებობას წინასწარმეტყველის თანამედროვე შუამდინარელთა მოგონებებში, და მათ იუდეიდან ჩამოსული უცხოტომელი ღვთისაგან მოვლენილ მქადაგებლად მიიჩნიეს. ასე რომ, უზენაესმა განგებულებამ იონას თევზის მუცელში სამდღიანი ყოფნა, გარდა მაცხოვართან დაკავშირებული წინასწარმეტყველებისა, ნინეველთა გულშემუსვრილობისკენაც მიმართა. საღვთო სიბრძნეს წარმართთა ჩვეულებანი, ტრადიციები ჭეშმარიტი სწავლების გასაცხადებლად მრავალგზის გამოუყენებია. მაგალითისთვის საპყრობილეში აღმოჩენილი იოსების შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ და მის თანამესენაკეთათვის გაცხადებული წინასწარმეტყველებითი სიზმრები, რომელთა ახსნითაც შემდგომში თავად იოსები განადიდა ღმერთმა. მსგავსი რამ მოხდა რამდენიმეგზის ნაბუქოდონოსორის შემთხვევაშიც: ქალდეველთა ღრმა რწმენის თანახმად სიზმრებით ადამიანებთან ღმერთი შედიოდა ურთიერთობაში. ბიბლიაში მრავალგზის გვხვდება უწყება, როდესაც უზენაესი სიბრძნე სწორედ ამგვარ შესაძლებლობებს იყენებს, რომ ღვთაებრივი განგებულება აღესრულოს).


თავი 4


მხ. 1-4. ‘ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა. ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე; ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას. ახლა ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. უთხრა უფალმა: მაგრად გამწარდი?"
ორმოცი დღის გასვლის შემდეგ ქალაქი ნინევი დაუსჯელი რჩება, რამაც იონა ძლიერ გაანაწყენა. წინასწარმეტყველი ისე შეწუხდა, რომ უფალს სულის ამოხდა სთხოვა. საინტერესოა, რატომ არ სურს ძველი აღთქმის მართალს სხვათა გადარჩენა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ იონამ ვერ ირწმუნა ნინეველთა სინანულის გულწრფელობა, მან ქალაქის მკვიდრთა ზემოხსენებული ქმედებანი მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებად მიიჩნია და სწორედ ამან შეაწუხა. იონა ერთგვარად ელიას ემსგავსება, ადამიანს, რომელიც ფიქრობდა, რომ ისრაელის მთელი მოსახლეობა ბაალს ეთაყვანებოდა. თუმცა უფალი მას სხვაგვარ ჭეშმარიტებას უცხადებს: ისრაელში 7000 ადამიანია, რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს სასოებენ და არა კერპებს.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: მას შემდეგ, რაც განვლო იონას მიერ ნახსენებმა დრომ, მაგრამ ქალაქს არაფერი შეემთხვა, წინასწარმეტყველი გამწარდა, თუმცა გულისტკივილი მოსახლეობისა და ქალაქის გადარჩენით როდი იყო განპირობებული, რადგან ასეთი რამ მხოლოდ გულარძნილ და უკეთურ ადამიანს ახასიათებს, იონა იმან დაამწუხრა, რომ ის მატყუარად და ამაომეტყველად წარმოჩნდებოდა ხალხის წინაშე, რადგან ფუჭად შეაშფოთა ქალაქის მკვიდრნი და არათუ საღვთო ნებას განაცხადებდა, არამედ საკუთარი ზმანებებით ხელმძღვანელობდა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ იონა სრულიად სხვა რამემ, ბიბლიაში მიუთითებელმა ცნობებმა ააფორიაქა. კერძოდ, მან შეიტყო ისრაელის სამეფოში დიდი რაოდენობით კერპმსახურთა ჩასვლის შესახებ. წინასწარმეტყველმა საბოლოოდ დაკარგა იმედი იმისა, რომ მისი თანატომელები ჭეშმარიტ ღმერთს შეიმეცნებდნენ და ვითარცა მიცვალებულნი დაიტირა ისინი).
ნეტარი იერონიმე: იონა უზომოდ შეწუხდა, მაგრამ ეს მწუხარება, როგორც მრავალს ჰგონია, არა წარმართების მოქცევამ განაპირობა, არამედ იმან, რომ წინასწარმეტყველი საკუთარი ხალხის დაღუპვას გლოვობდა. სწორედ ამ მიზეზით დასტიროდა მაცხოვარი იერუსალიმს; არ სურდა პურის მიღება შვილთაგან და დაგება ძაღლთათვის; მოციქულებიც პირველად ისრაელის წარწყმედილ ცხვრებთან საქადაგებლად იგზავნებოდნენ…).
ეპისკოპოსი პალადი: ნინევის გადარჩენის მხილველი იონა დამწუხრდა, მაგრამ სხვისი შეწყალების მიზეზით მხოლოდ უკეთური ადამიანი თუ დანაღვლიანდება. სინამდვილეში წინასწარმეტყველის გულისტკივილი ერთი რამით იყო განპირობებული: ნინეველნი მას ცრუ მოძღვრად მიიჩნევდნენ, ხოლო ღმერთი, ვისი სახელითაც იონამ იქადაგა, შესაძლოა, ასევე უძლურ არსებად ჩაეთვალათ. დიდმა წუხილმა მას დროებით გონება დაუბინდა და სწორედ ამ მდგომარეობაში წარმოთქვა ლოცვა: ‘ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი…". იონა ფიქრობს, რადგან მის მიერ ნაქადაგები სიტყვა არ აღსრულდა, გარკვეული დროის შემდეგ ნინევის მკვიდრნი და ქალაქის გარეთ მცხოვრებნი წინასწარმეტყველის მომავლინებელ ღმერთს არაფრად ჩათვლიან და, შესაბამისად, აღნიშნული მოვლენა წარმართების უზენაესთან მიახლებას მეტად დააბრკოლებს).
მხ. 5. ‘გავიდა ქალაქიდან იონა და ქალაქის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს" .
წმ. კირილე ალექსანდრიელი: იონა ამგვარად ზრახავდა: მართალია, ღვთის რისხვა მოწყალებით შეიცვალა, მაგრამ ეს მოწყალება მხოლოდ იმ ნინევილებს განეკუთვნებათ, რომელთაც მთელი გულით შეინანეს. მართალია, დათქმული ვადა გავიდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ საღვთო უწყება მაინც აღესრულება. სწორედ ამიტომ გადის იგი ქალაქიდან და ბანაკდება უდაბნოში, რომ იქიდან ადევნოს თვალყური ნინევს. იონა ელოდა, რომ ქალაქი ან მიწისძვრით განადგურდებოდა, ან, მსგავსად სოდომისა, ცეცხლით დაიწვებოდა).
არქიეპისკ. იოანე სმირნოვი: მას შემდეგ, რაც ორმოცი დღე გავიდა და ნინევი გადარჩა, წინასწარმეტყველმა მოიწყინა. უფლისგან მოსმენილმა სიტყვებმა - ‘მაგრად გამწარდი?" იონაში ასურელთა დედაქალაქის მახლობლად დარჩენის სურვილი აღძრა, რადგან ზეგარდამო გაჟღერებული კითხვა კვლავაც ტოვებდა საღვთო მსჯავრის აღსრულების შესაძლებლობას. ამიტომაც, იგი ნინევის აღმოსავლეთით, მთიან მიდამოში გავიდა და კარვის ქვეშ დაბანაკდა).
თეოდორიტე კვირელი: იონას ქალაქიდან გასვლა და კარვის შექმნა უფრო ადრე ხდება, მაგრამ წიგნში ასეთი ქრონოლოგიით განთავსდა).
მხ. 6. 'მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო და იგი იონას თავსზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა " .
წიგნის ბოლო ნაწილში გადმოცემულია უწყება, თუ როგორ განსწავლის უფალი იონას, რათა ეს უკანასკნელი საკუთარი შეხედულებების სიმცდარეში დარწმუნდეს. სწორედ ამ მიზნით ქალაქგარეთ, უდაბურ ადგილას გასულ წინასწარმეტყველთან ახლოს, აღმოცენდება მცენარე აყირო , რომელიც მალევე გახმება. ტექსტის თანახმად, აღმოცენებაც და გახმობაც თითო ღამეში ხდება, თუმცა, შესაძლოა, მითითებული დროის ხანგრძლივობა ბუკვალურად არ გვესმოდეს და ერთ ღამეში გაცილებით მეტი რაოდენობა იგულისხმებოდეს, რადგან წიგნში წარმოდგენილი ცნობებით არ ირკვევა, თუ რა ჟამის მანძილზე იმყოფებოდა წინასწარმეტყველი ქალაქგარეთ.
აყირო აღწერილი აქვთ ჰეროდოტეს, პლინიუსს, ნეტარ იერონიმეს. მათი ცნობებით, აღნიშნული მცენარე სამ მეტრამდე აღწევს, საკმაოდ სწრაფად იზრდება და მალევე ხმება, გააჩნია დიდი, მაჩრდილებელი ფოთლები. ბოტანიკოსები მას Pალმა კრისტი-ს უწოდებენ.
ნეტარი იერონიმე: ამ ადგილის გამო ვინმე კანტერიოსი უძველესი საგვარეულოს კორნელიელთა მოდგმიდან ბრალს მდებდა სიწმინდეთმკრეხელობაში, რადგან მე გოგრის წილ სუროდ ვთარგმნე მითითებული მცენარე. ნაცვლად გოგრისა თუ სუროსი ებრაულ ტექსტში გვხვდება ტერმინი ციცეიონ. იგი მცირე ზომის ხეა, ვაზის მსგავსი განიერი ფოთლებით. მცენარის ეს სახეობა მრავლად იზრდებოდა პალესტინაში, ძირითადად უდაბნოში. თუკი მის თესლს მიწაში ჩავაგდებთ, სითბოს ზემოქმედების შედეგად საოცარი სისწრაფით აღმოცენდება. რამდენიმე დღეში, ბალახის სახით ნანახი მცენარე, მცირე ზომის ხეს ემსგავსება. წინასწარმეტყველთა წიგნების თარგმნისას განვიზრახე, მითითებული მცენარის ებრაული სახელი დამეტოვებინა, რადგან ლათინურში მისი შესატყვისი არ გაგვაჩნია, მაგრამ შემეშინდა, რომ გრამატიკოსები, თუკი განმარტების სრული თავისუფლება მიენიჭებოდათ, აღნიშულ ებრაულ ტერმინს ან ინდოეთში მობინადრე ცხოველებად, ან ბიოტიის მთებად, ანთუ განსხვავებული რამ სახით აღიქვამდნენ და ტექსტის შინაარსს სრულად დასცილდებოდნენ. სწორედ ამ მიზეზით ძველ მთარგმნელებს მივბაძე, რომელთაც ასევე სუროდ ეთარგმნათ ხსენებული ებრაული ტერმინი, რაც ბერძნულად გადმოიცემა სიტყვით კისსო`ჯ).
ფრიდრიხ რუჟემონტი: ხსენებულ მცენარეს საკმაოდ მსხვილი ტანი და მრავალი ტოტი გააჩნია, საიდანაც განიერი ფოთლები იზრდება და სასიამოვნოდ აჩრდილებს. ტოტებსა და ფოთლებს შორის ყვითელი ყვავილები აღმოცენდება, რომლის თესლიც სისიხლის გამწმენდ ზეთს შეიცავს. საკმარისია ტოტებს მოწყდეს ყვავილი და ფოთოლი, რომ რამდენიმე წუთში ჭკნებიან ისინი, როგორც ყველა სწრაფად მზარდ მცენარეს ემართება).
მხ. 7. ‘მოავლინა ღმერთმა მეორე დღეს, განთიადისას, მატლი, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი" .
ნეტარი იერონიმე: მცირე ზომის ხე ციცეიონ, რომელიც მალე იზრდება და მალევე ხმება, შეგვიძლია ისრაელს შევადაროთ, რომელმაც უმნიშვნელო ფესვი გაიდგა სულიერ ნიადაგში და მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლეზე ასვლა იზრახა, ვერ მიემსგავსა საღვთო კედარსა და ნაძვს.
სანამ მზე ამობრწყინდებოდა, ის, რაც იონას აჩრდილებდა, სიმწვანით იყო აღსავსე, და აყირო, სიმბოლო იუდეველი ერისა, არ გამხმარა, მაგრამ რაჟამს სიმართლის მზე აღმოცისკრდა, ანუ ქრისტე ღმერთი წუთისოფელს მოევლინა, მისი ბრწყინვალებისა და სხივების ქვეშ ნინევიური სიბნელე, ძველი აღთქმის სულიერი წყვდიადი, განქარდა, ხოლო იონას მაჩრდილებელი მცენარე, იუდეველი ერი, გახმა. მატლსა და ხორშაკ ქარში რომაელ მხედართმთავრებსა და ჯარს მოიზრებენ, რომელთაც ქრისტეს აღდგომის შემდეგ პირწმინდად გაანადგურეს ისრაელი).
მხ. 8-11. ‘მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ მან, ღონემიხდილმა, სიკვდილი ინატრა, თქვა: ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია^. უთხრა ღმერთმა იონას: მაგრად გამწარდი ამ აყიროს გამო?^ მიუგო: @მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე. უთრა უფალმა: შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა. აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევი, სადაც ასოცი ათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია?^" .
ეპისკოპოსი პალადი: აყიროს გახმობის შემდეგ ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი მოავლინა. ანატოლიის ქვეყნებში ქარის აღნიშნული სახეობა უმძიმეს შედეგებს იწვევს, მას თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანის მოკვდინება ხელეწიფება).
ტექსტში მითითებული 120 000-ის შესახებ განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა. ზოგიერთი თვლიდა, რომ ამ ადამიანებში ყრმა ასაკის ბავშვები მოიაზრებიან. შესაბამისად, საშუალო გათვლებით ნინევისა და მისი შემოგარენის მოსახლეობა 600 000-ს აღწევდა. სხვათა ვარაუდით, აღნიშნულ რიცხვში ზრდასრული ადამიანები იგულისხმებიან, რომლებსაც არ გააჩნიათ ცოდნა ცოდვა-მადლის შესახებ. ამ შემთხვევაში ადამიანების რაოდენობა, დაახლოებით, 300 000-მდე უნდა ყოფილიყო.
ნეტარი იერონიმე: ნინევი, უმშვენიერესი და ულამაზესი ქალაქი, ქრისტეს ეკლესიის წინასახეა, სადაც ადამიანებს გადარჩენის შესაძლებლობა ეძლევათ. რაც შეეხება 120 000 ადამიანს, ვისაც მარჯვენა მარცხენისგან ვერ გაურჩევია, მათში მცირეწლოვანი ბავშვები უნდა მოვიაზროთ, თუმცა შესაძლოა, ესაა ხალხი, რომლებსაც იონას ქადაგებამდე ბოროტებასა და სიკეთეს, კარგსა თუ ცუდს შორის სხვაობა ვერ შეემეცნებინათ).
საკუთრივ ნინევის შესახებ მხოლოდ ორი წინასწარმეტყველი, იონა და ნაუმი, საუბრობს, და ორივე მათგანი თხრობას დასმული კითხვით ასრულებს . იონას წიგნის ბოლო ნაწილი მკითხველში თითქოს ერთგვარ გაურკვევლობას ბადებს, რადგან ვერ გებულობს, უპასუხა თუ არა წინასწარმეტყველმა კითხვას და თუნდაც ეპასუხა, წიგნში ეს არ ასახულა. როგორ უნდა გვესმოდეს იონას დუმილი? აქ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ წინასწარმეტყველმა მთელი არსებით აღიქვა ის, რისი გაცხადებაც სურდა მისთვის შემოქმედს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ეს წიგნი დაიწერებოდა, და გააცნობიერა რა საკუთარი დანაშაული უზენაესის წინაშე, იონამ ისტორიულ-ბიოგრაფიულ-წინასწარმეტყველებითი უწყება დასამოძღვრად შემდგომ თაობებს შემოუნახა.
წმ. ეფრემ ასური: იონა ქალაქგარეთ იმყოფებოდა. მთელი ნინევის მოსახლეობა გავიდა მასთან და ყველას ესმოდა, რომ წინასარმეტყველი ვიღაცას რაღაცას ეკითხებოდა და, ამასთანავე, თავადაც პასუხობდა შემკითხველს… ხალხმა სიყვარულით ხელში აიტაცა იგი ვითარცა მეფე და ქალაქში შეიყვანა. დიდი თუ პატარა ცდილობდა პატივი მიეგო მისთვის. როდესაც იონამ სამშობლოში წასვლა გადაწყვიტა, ნინევილებმა მისი გაცილება განიზრახეს. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველს არ სურდა მათი თანხლება, ასურელები მაინც გაჰყვნენ. რაჟამს აღთქმულ მიწას მიაღწიეს, იონამ თანამგზავრთა განტევება განიზრახა და მშვიდობიანი მგზავრობა უსურვა, რადგან ეშინოდა, ისრაელში არსებული კერპმსახურების ენითგამოუთქმელი სიმრავლე არ ენახათ და სინანულის გზით განწმენდილი ადამიანები კვლავ უკეთურებას არ ზიარებოდნენ. შიშობდა წინასწარმეტყველი, რომ ნინევილთა ახლადშეხორცებული სულიერი წყლული კვლავაც არ გახსნილიყო. საზიანოა უკეთური მაგალითი მდაბალი ადამიანისა, მაგრამ რაოდენ დამღუპველია მაგალითი იმისა, ვისაც განვითარების მაღალი საფეხურისთვის მიუღწევია და მერე დაცემულა. უსურცხვილო ცოდვილი თითქოსდა შეგნებულად საკუთარ საფუარს სხვის ცომს თანაშეურთავს და თავისი სიახლოვითა თუ თანაზიარებით სხვებსაც თავხედობამდე მიიყვანს…  როგორ უნდა დაემალა იონას თანატომელთა უკეთურება? იგივე ხერხი, რაც ზღვაზე გამოეყენებინა, ამჯერად ხმელეთზეც აამოქმედა. როდესაც გარბოდა, მეზღვაურები დაარწმუნა, ხომალდზე გამგზავრების უფლება მიეცათ მისთვის. ახლაც დააჯერა ნინეველნი, რომ განშორებოდნენ, რადგან ამგვარად მიმართა: ‘დიდი დღესასწაულია ჩვენს მიწაზე, სადაც შეუძლებელია წარმართების ყოფნა. ჩემი ერის ძეებს ზეიმი აქვთ, რომელშიც არც ერთი უცხოტომელი არ უნდა მონაწილეობდეს. დიდ ლხინს გადაიხდიან წინადაცვეთილები, ხოლო ეკრძალებათ მიახლება მათთან წინადაუცვეთელებს. თქვენ, მართალია, მონანულნი ხართ, მაგრამ არა წინადაცვეთილნი. ამიტომაც შეირყვნება წმინდა დღესასწაული წინადაუცეთელთა მონაწილეობით. წადით მშვიდობით, დაუბრუნდით თქვენს სამშობლოს და რაჟამს დღესასწაული დასრულდება, მაშინ მობრძანდით. მიიღეთ რჩევა და არ უარყოთ ჩემი ვედრება". ნინევილებმა ირწმუნეს იონას სიტყვა, თაყვანი სცეს მას, კურთხევაც გამოითხოვეს და განშორდნენ. მწუხარებდა მთელი საკრებულო, დამშვიდობებისას ყველა ტიროდა, რადგან დღესასწაული აღმოჩნდა ხელისშემშლელი აღთქმული მიწის მოსახილავად.  იონა ტყუილის თქმაზე მეტად იმას უფრთხოდა, რომ ასურელებს შესაძლოა მისი სიტყვა არ დაეჯერებინათ. შორს წასულიყო წინასწარმეტყველი, ისინი კი კვლავაც საზღვართან რჩებოდნენ. უეცრად მოპირდაპირე მხარეს დიდი მთა შენიშნეს და გადაწყვიტეს, უმალ ასულიყვნენ მასზე, რომ თუნდაც მცირედი ნაწილი ენახათ იმ მიწისა, სადაც დიდი გულმოდგინებით მიემართებოდნენ. და მთაზე ზეაღსვლა დაიწყეს. აი, მწვერვალსაც მიაღწიეს. მართალია, ეკრძალებათ ნინევილებს შესვლა აღთქმულ მიწაზე, მაგრამ თვალით მაინც მოიხილავენ მცირედს. მაღლიდან მზერა მთელს პალესტინას მოატარეს. უეცრად შეძრწუნდა ხალხი და ძლიერ შეშინდა, საშინელმა სულიერმა ტკივილებმა განმსჭვალა ისინი, რადგან აი, მთებზე საკურთხევლებია აღმართული, სიმაღლეებზე – წარმართული კერპები, ჭალებში გაუკუღმართებული მსახურებები აღესრულება, ტყეებში მრუშობას მისცემია საზოგადოება. ურიცხვია შეცოდებანი, დაუთვლელია უკეთურებანი. თვალწინ გადაშლილმა სანახაობამ ძრწოლა მოჰგვარა ნინევილბს და ასე მიმართავენ ერთმანეთს: ‘ნუთუ სიზმარია? აღთქმული მიწაა თუ სოდომია? ჩვენ წინაშე აბრაამის ძენი არიან თუ დემონები? მართლა ადამაინებს ვხედავთ? იქნებ სულები არიან, კაცთა გამოსახულებით? ნუთუ აქ გადმოინაცვლა ჩვენ მიერ ჩვენივე ქვეყნიდან განდევნილმა უკეთურებამ? ისეთ ურჯულოებას ვხედავთ, როგორიც ჩვენს სამშობლობშიც არ გვენახა! ისეთი ცოდვები აღესრულება, რასაც ჩვენში ვერასოდეს გაიგებ! არასოდეს შეგვიწირავს ბავშვები დემონებისთვის, აქ კი ვხედავთ, რომ ჩვილები დაიკვლიან! ჩვენში მსხვერპლად პირუტყი იწირება, ამათთან საკუთარ ასულებს აღავლენს ხალხი!"
ურთიერთში ამგვარად ბჭობდნენ მონანული ნინევილენი და როგორი მძაფრი გულისთქმითაც სურდათ აქამდე აღთქმული ქვეყნის მოხილვა, ნანახით შეძრწუნებულებმა ზუსტად ისეთივე გულმოდგინებით მოიძულეს იგი, სირბილით უკუიქცნენ და ამბობდნენ: ‘მარადის იყოს ჩვენს ქვეყანაში ნეტარი წინასწარმეტყველის ხსოვნა, რადგან ისაა მიზეზი ჩვენი გადარჩენისა და სწორედ მისგან მივიღეთ ყოველივე სასარგებლო").
დეკან. იოანე სოლოვიოვი: ფსევდოეპიფანესა და ფსევდოდოროთეს ცნობებით, სამშობლოში დაბრუნებულ იონას თანატომელები ნინევიის დაქცევასთან დაკავშირებული უწყების შეუსრულებლობის მიზეზით ისე დასცინოდნენ, კიცხავდნენ და შეაჭირვებდნენ, რომ წინასწარმეტყველმა იუდეა დატოვა და საკუთარ დედასთან ერთად ფინიკიის ტვიროსში გაიხიზნა, სადაც გარდაიცვალა. ასევე გავრცელებულია სხვა ცნობებიც. ერთ-ერთი ასეთი გადმოცემის თანახმად, ღვთის ნების აღმსრულებელი იონა ნინევში დარჩა და იქვე აღესრულა. მეორე ცნობის მიხედვით, იგი გეთხოფერში დაბრუნდა და ვიდრე გარდაცვალებამდე მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა. ძნელია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი უწყებაა ჭეშმარიტი, რადგან 1842 წელს ქალაქ მოზულში აღმოჩენილ ნინევის ნანგრევებსა და სოფელ ელ-მეშახში (გადმოცემის თანახმად სწორედ აქ მდებარეობდა გეთხოფერი), ორივეგან იონას საფლავების არსებობაზე მიუთითებენ).

ნახვა: 1254

გამოხმაურებები!

კახა!ქედს ვიხრი შენს წინაშე ძალიან მაგარია...(მარა რა ბევრიაააა:D)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters