← განმარტების დასაწყისი

თავი 5

მხ. 1. ‘ისმინეთ ეს, მღვდლებო, გაიგონეთ, ისრაელის სახლო, ყურადიღე, მეფის სახლო! რადგან მსჯავრი გადევთ, რადგან მახედ ექეცით მიცფას და თაბორს - მოსროლილ სათხევლად".

მე-5 თავში ოსია მეფისა და მღვდლების მხილებაზე გადადის. ისრაელზე საუბრისას წინასწარმეტყველი იქ მოღვაწე მღვდლებს მოიხსენიებს, თუმცა ტერმინ ‘მღვდელში" ოსია კერპმსახურ ქურუმებს მოიაზრებს. მათი ასპარეზზე გამოჩენა იერობოამ I-ის მიერ გატარებულ რეფორმას უკავშირდება, ხსენებულმა მეფემ მუისურვა, რომ მისი სამეფოს მკვიდრებს იუდასთან ყველანაირი კავშირი გაეწყვიტათ. იერობოამმა ყველაზე დიდ საფრთხედ იერუსალიმის ტაძარი მიიჩნია, რადგან თუ ჩრდილოეთ პალესტინის მკვიდრნი ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღების მიზნით იუდეის დედაქალაქში ივლიდნენ, შესაძლოა, გაყოფილი სამეფოების გაერთიანების სურვილი გასჩენოდად. სწორედ ამ მიზნით მეფემ დანსა და ბეთილში ოქროს ხბოს კერპები განათავსა, რითიც პოლიტიკურ საზღვრებთან ერთად რელიგიური ზღუდე შემოავლო საკუთარ სახელმწიფოს.
ოსია ზემოთნახსენებ იერარქებთან ერთად ყველა ფენის წარმომადგენლებს მიმართავს. სწორედ ესაა წინასწარმეტყველის საღვთო მოწოდების ჭეშმარიტების მადასტურებელი ერთ-ერთი ნიშანი: ის ყოველგვარი შიშისა და დაბრკოლების გარეშე ერთნაირად ამხელს როგორც რიგით, უბრალო მოქალაქეს, ასევე ამაქვეყნის ძლიერთ და ამას გარეშე თვალისთვის გასაოცარი მოშურნეობით აკეთებს, რადგან ამგვარი ქმედების საჭიროება ღვთისგან აქვს ნაუწყები.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: სიტყვა მღვდლებისკენაა მიმართული. ტექსტში ნახსენები მღვდლები ასე პირობითად იხსენიებიან, რადგან სინამდვილეში ისრაელში ლევიტელები როდი მსახურობდნენ. ისინი ჩვეულებრივი ქურუმები არიან, რომლებიც კერპებს ეთაყვანებიან. აქვეა მიმართვა მეფეებისადმი, რადგან კერპმსახურება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე იყო აყვანილი და სწორედ უმაღლესი ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა).
იოსებ ბროდოვიჩი: ამ ეგრეთწოდებულ მღვდლებს დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ერში ცოდვები გამრავლებულიყო, რადგან ცოდვათა მატება შეწირული პირუტყვის რაოდენობას გაზრდიდა, ხოლო შედეგად სამსხვერპლოდ მიტანილი ხორცის ნაწილი ‘მღვდლების" საკუთრება გახდებოდა).
მხ. 10. ‘სამანის გადამნაცვლებლებივით არიან იუდას მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას".
ნეტარი იერონიმე: იუდას სამეფოში მცხოვრები დიდებულები ისრაელის დასუსტებით დიდად ხარობდენენ. მეტიც, სულმოუთქმელად ელოდნენ ჩრდილოეთის სამეფოს აღსასრულს, რომ მათ კუთვნილ მიწებს დაუფლებოდნენ და საკუთარი საზღვრები გაეფართოვებინათ. თუმცა უფალი ამგვარი გულქვაობის გამო ჰპირდება, რომ წყალივით გადაიღვრება მათზე საღვთო რისხვა, რაც ბაბილონელთა ტყვეობის ჟამს აღესრულა).

თავი 6

მხ. 1-2. ‘წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს. მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას, ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე".
იოსებ ბროდოვიჩი: უწყებაში ორი დღის შემდეგ მესამე დღეს გაცოცხლების თაობაზე იუდეველი რაბინების დიდი ნაწილი რჩეული ერიც ცხოვრების სამ პერიოდს ხედას: 1. ეგვიპტური, 2. ბაბილონური და 3. რომაული ტყვეობა (მათი აზრით, სწორედ მესამე, რომაული ტყვეობის ჟამს უნდა მომხდარიყო მესიის მოსვლა). ოსიას აღნიშნულ უწყებას რაბინი რაში იუდეველი ერის ისტორიის განსხვავებულ სამ მონაკვეთს უკავშირებს: 1. სოლომონისეული ტაძრის დროება; 2. ზორუბაბელისეული ტაძრის პერიოდი და 3. ტაძარი, რომელიც მესიის მიერ იქნება აგებული. ეკლესიის მამათა ნაწილი იმავე უწყებაში კაცობრიობის ისტორიის სამ ეპოქას ხედავს: 1. ძველი აღთქმა, როგორც რჯულისა და ცოდვისადმი მონობის დრო; 2. ახალი აღთქმა, რგორც სახარებისა და მადლის მეუფების ჟამი და 3. საყოველთაო აღდგომა).
ნეტარი იერონიმე: როგორც გონიერი მკურნალი არ ჩქარობს და ხელსაყრელ დროს ელოდება ავადმყოფობის დასამარცხებლად, ასევე განკაცებულმა ძე ღმერთმა, განგებულებით შერჩეულ ჟამს განხორციელებულმა, სიკვდილი დაითმინა და მესამე დღეს აღდგომით მთელი კაცობრიობა მკვდრეთით ზეაღმართა. ებრაელები სამ დღეზე მსჯელობისას ამბობენ, რომ მეორე დღეში მესიის წუთისოფლად მოსვლა იგულისხმება, ხოლო მესამეში - სამსჯავრო , სადაც ისინი გადარჩებიან, მაგრამ თუ მათ სურთ, წარმოდგენილ განმრტებას ჩვენც დავთანხმდეთ, უნდა გვითხრან, რა იგულისხმება პირველ დღეში, ნუთუ მესია-მაცხოვრის პირველი მოვლინება დედამიწაზე? რადგან ამ კითხვაზე პასუხი არ გააჩნიათ, ჩვენი მხრიდან ვიტყვით, რომ პირველ დღეში მხსნელის სიმდაბლით განკაცება მოიზრება, მეორეში - დიდებით მოსვლა, ხოლო მესამეში - საყოველთაო სამსჯავრო. ვინაიდან ებრაელები მხოლოდ მეორესა და მესამე დღეს აღიარებენ, ამით პირველის გაურკვევლობას წარმოაჩენენ, ხოლო სადაც დასაბამია გაუგებარი, იქ მომდევნოც ბორუსითაა მოცული).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ოსიას სიტყვები ორი დღის შემდეგ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქრისტეს წუთისოფელში მოსვლასა და ჩვენი სულიერი ცხოველმყოფელობის აღდგენას მოასწავლებს. მესამე დღეში სწორედ ძე ღმერთის განკაცების ჟამი მოიაზრება. წინარე ორი დღე ეკლესიის მამათა მიერ რჯულის მიღებამდე და რჯულის მიღების შემდგომ პერიოდად არის გააზრებული).
წარმოდგენილი ადგილის შესახებ რამდენემე განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა. განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ორი დღის სიკვდილსა და მესამე დღეს აღდგომაში ასურულ-ბაბილონური ტყვეობის შემდეგ ებრაელი ერის სამშობლოში დაბრუნების თაობაზეა მითითება. ამავდროულად ოსია ტყვეობის ვადის სიმცირეზეც მიუთითებს. შესაძლოა, 70 წელი, ერთი შეხედვით, არცთუ მცირე ჟამია, მაგრამ თუ პარალელს გავავლებთ ტიტესა და ადრიანე იმპერატორის დროს იუდეველთა მიერ განცდილ უბედურებასთან, ნათელია, რომ ხსენებული პერიოდი მართლც ხანმოკლე გამოდგა.
განსხვავებული კომენტარი წმინდა პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ მიწერილი ეპისტოლედან მომდინარეობს (რაც პირველთან შედარებით მეტად საყურადღებოა). მოციქული ერთგან შენიშნავს: ‘რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს, და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს" . ვინაიდან ძველი აღთქმის წიგნთა შორის მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ უფრო ნათელი უწყება არსადაა წარმოდგენილი, მიიჩნევა, რომ მოციქულის ცნობა მაცხოვრის თაობაზე, რომ ის ‘აღსდგა მესამე დღეს ვითარცა წერილ-არს", სწორედ ოსიას წინასწარმეტყველიბის მითითებულ ადგილს ეხმიანება. შესაძლოა, ვინმემ თქვას რომ ძველ აღთქმაში მაცხოვრის სამდღიანი სიკვდილისა და აღდგომის შესახებ სხვა ცნობაცაა , მაგრამ პირდაპირი უწყება უშუალოდ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომის თაობაზე მხოლოდ ოსიასთანაა წარმოდგენილი.
მართალია, წინასწარმეტყველი ისრაელის აღდგომაზე საუბრობს, მაგრამ თავად სიტყვა ‘ისრაელი" არაერთგვაროვნად განიმარტება. წმინდა წერილი ხსენებულ ტერმინს რიგ შემთხვევაში იაკობ მამამთავრის გენეტიკურ მემკვიდრეებს განუკუთვნებს, ხოლო სხვაგან იმავე სახელში ქრისტეს ეკლესიის წევრები მოიაზრებიან. ამასთანავე, ებრაელი ერის, ისრაელის, ცხოვრებაში მომხდარი ესა თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენა, ქრისტე ღმერთის ქვეყნიური ცხოვრების წინასახეა. შესაბამისად, ეკლესიის მამათა განმარტებით, ოსიას მიერ ისრაელის მისამართით ნათქვამი სიტყვები სულიერი მნიშვნელობით მაცხოვარს უკავშირდება.
მხ. 4. ‘რა გიყო ეფრემ? რა გიყო იუდა? თქვენი სიკეთე დილის ნისლივითაა, ცვარივითაა, ადრე რომ ქრება".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: მიუხედავად ყველაფერისა, რაც უზენაესმა იუდეველი ერისთვის გააკეთა, მათ ის მაინც ვერ შეიმეცნეს. მართალია, მესამე დღეს აღდგომა იქნება, მაგრამ არა ეფერემისა და იუდასთვის, რადგან მათ ცხოვრების მიმნიჭებელი უფალი უარყვეს).
მხ. 5. ‘თავისი სიამპარტავნე ამხილებს ისრაელს. წაიფორხილებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ცოდვების გამო, წაიფორხილებს იუდაც მათთან ერთად".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: იმისთვის, რომ ჭეშმარიტება შეემეცნებინათ, არა ერთი წინასწარმეტყველი იქნა მოვლენილი, რომლებიც უმკაცრეს ზომებს ღებულობდნენ ერის სულიერი კურნების განზრახვით. ელიამ დიდი რაოდენობით ბაალის მსახრუები ერთ დღეში დაახოცინა. მსგავსადვე მოიქცა მეფე იეჰუ, როდესაც სამარიაში შეკრებილი ბაალის ყველა ქურუმი მოაკვლევინა, ხოლო თავდ კერპი და მისი საკურთხეველი გაანადგურა და დაამხო).
მხ. 6. ‘რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის შემეცნება და არა აღსავლენი" .
წინამდებარე მუხლი უმნიშვნელოვანეს მოძღვრებას გადმოგვცემს საღვთო განუზომელი კაცთმოყვარებისა და მოწყალების შესახებ. მეზვერეებსა და ცოდვილებს შორის მჯდომმა მაცხოვარმა ფარისეველების შეკითხვას: ‘რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?" , პასუხი ოსიას წინასწარმეტყველებიდან მოხმობილი სტყვებით გასცა: ‘წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი" .
დეკან. ალექსანდრე მენი: ელია და ამოსი ისრაელს სამართლიანი ღმერთის შესახებ უქადაგებდნენ, რომელიც ადამიანისგან ერთგულებასა და სიმართლეს მოითხოვს. ასეთად წარმოჩინდება იგი წმინდა ისტორიაში, როდესაც მართლმსაჯულებას აღასრულებს. ადამიანთა სრული გახრწნისას უფალი საყოველთაო წარღვნას მოავლენს, ანადგურებს სოდომსა და გომორს, ამარცხებს ეგვიპტელებს, ამალეკსა და ქანაანელებს. არც რჩეულ ერს ინდობს, რაჟამს ეს უკანასკნელი მის მცნებებს უგულებელყოფს. ამგვარი შემაძრწუნებელი უწყება გამწმენდელ ცეცხლს ემსგავსება… . და აი, ასპარეზზე გამოდის ოსია, და ამბობს სიტყვებს, რომლის მსგავსიც ადამიანის ყურს ჯერ არ სმენია: ის კაცობრიობას სიყვარულისა და მოწყალების ღმერთს განუცხადებს. ოსიას ქადაგებას ჭეშმარიტად შეიძლება ეწოდოს ძველაღთქმისეული სახარება, რომელიც ადამიანს მიწის მტვერიდან საფეხურებით ღვთის ძეობილობის მწვერვალამდე აღამაღლებს. ნიშნავს კი ეს იმას, რომ ოსია ამოსის მოძღვრებას უგულებელყოფდა? რა თქმა უნდა, არა. ორივე მათგანი ერთსა და იმავე საფუძველზე დგას. ოსია ბევრ რამეს ამოსისგან გებულობს და სწავლობს, მაგრამ თავად ამოსზე მეტს გამოთქვამს, რადგან ღვთის მიუწვდომელი სისავსიდან ისეთ რამეს იმეცნებს, რაც აიძულებს ილაპარაკოს არა მარტო განკითხვის შესახებ, არამედ აღმატებულ საღვთო მოწყალებაზე… .
ტერმინი ხესედ, რომლითაც ოსია აღმატებულ საღვთო თვისებას გადმოგვცემს, მრავალი მნიშვნელობისაა და ჩვეულებრივ ითარგმნება როგორც ‘წყალობა", ‘მოწყალება", ‘სიყვარულ-სიბრალული", ‘სიყვარული და სიკეთე". ეტიმოლოგიურად იგი დაკავშირებულია ზმნასთან ხასად (ვეშურები, ვგულმოდგინეობ) და წინასწარმეტყველებთან თანამგრძნობი, ქმედითი, უანგარო სიყვარულის აღმნიშვნელია … ხესედ – ესაა ღვთისაგან გარდამოსული ძალა. არაა შემთხვევითი, რომ წმინდა ისტორიაში უფალს ‘რაბ ხესედ" (‘მრავალმოწყალე") ეწოდება).
მხ. 7. ‘ადამივით გადავიდნენ ჩემს აღთქმას, იქ მიღალატეს მე".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: როგორც ადამი, რომელმაც იცოდა ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მადლით საზრდოობდა, მაგრამ ღვთის უარმყოფელი შეიქმნა და შემოქმედს განუდგა, ასევე იუდეველი ერი, ერთადერთი ცისქვეშეთში, ვისაც ჰქონდა ცოდნა ცხოველმყოფელი უზენაესის შესახებ, მსგავსად ადამისა, დაუპირისპირდა და ზურგი აქცია მას).
მხ. 8 ‘ბოროტისმოქმედთა ქალაქი გალაადი, კვალსისხლიანი".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: გალაადი იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე მიდამოა, სადაც მრავალი ლევიტელი სახლობდა. შესაბამისად, ეს, იმ ხალხის სამკვიდრებელია, რომლებიც სხვების სულიერ სიკეთეზე, სიწმინდეზე უნდა ზრუნავდნენ, სინამდვილეში კი კერპებს ემსახურებიან და უკეთურებას ამრავლებენ ისინი. ამით ოსია ნათლად აჩვენებს ისრაელისა და იუდას სულიერ სახეს. ერის წინამძღვრების მდგომარეობით ნათელი ხდება თავად ამ ერის ყოფა).
იოსებ ბროდოვიჩი: ტერმინით გალაადი წმინდა წერილში ორი გეოგრაფიული არეალი იწოდება: 1. მდინარე იორდანის აღმოსავლეთ სანაპირო, სადაც რუბენის, გადისა და მანასეს ტომის ნახევარი მკვიდრობდა. 2. მთიანი რეგიონი, მდინარე იაბოკიდან ესევონის მაღლობებამდე. აღნიშნული სახელით არსად იხსენიება რომელიმე ქალაქი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გალაადში ისრაელის სამეფოს აღმოსავლეთ-იორდანიული ნაწილი მოიაზრება).
მხ. 9-10. ‘ყაჩაღებივით არიან ჩასაფრებულნი მღვდლები და ხოცავენ სიქემის გზაზე".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ქ. სიქემი იორდანის აღმოსავლეთით, გალაადის მახლობლად განთავსებული ქალაქია, რომელიც ლევის ჩამომავლებს გადაეცათ, როდესაც ისუ ნავესი მიწებს ანაწილებდა. წმინდა დღესასწაულისას, ვგულისხმობ კარვობას, როდესაც ყველანი იერუსალიმში იყრიდნენ თავს რჯულის მოთხოვნისამებრ, სიქემში მცხოვრებნიც გაემართნენ დედაქალაქში, რომ მსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა. თავის დროზე ჩვენ ვთქვით, რომ სამეფოს გაყოფისას იერობოამმა ორი კერპი აღმართა და ამით პოლიტიკურთან ერთად რელიგიური საზღვრებიც განუწესა საკუთარ სამეფოს. იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე მიწებიც ისრაელის სამეფოს ეკუთვნოდა. სწორედ იქ მდებარეობდა გალაადი და სიქემი. ისრაელის სამეფოში მცხოვრები ლევიტელები სამეფოს გაყოფის შემდეგ კერპმსახურებად გვევლინებიან. როდესაც სიქემის მოსახლეობის ნაწილმა იერუსალიმში დაიწყო სიარული და დღესასწაულების აღნიშვნა, უზრუნველად მცხოვრები ლევიტელები, რომლებსაც ისრაელის მეფეები არაფერს აკლებდნენ, მათ შეჩერებას შეეცადნენ. აღნიშნული მიზნით ლევიტელები ავაზაკებს ქირაობდნენ, იერუსალიმში მიმავალ სიქემის გზაზე ასაფრებნენ და დიდი დღესასწაულებისას, თუკი ვინმე გაბედავდა და იუდას დედაქალაქისკენ იბრუნებდა პირს, ჩასაფრებულები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გვემდნენ ‘ურჩებს", რასაც მრავალი ადამიანი შეეწირა).

თავი 7

წინასწარმეტყველი კვლავ აგრძელებს ისრაელის მხილებას. ოსია ეფრემს ბრიყვსა და უგუნურ ფრინველს ადარებს, რომელიც საკვების მოსაპოვებლად ხაფანგში ებმება. მთელი ძალისხმევა ისრაელმა ეგვიპტისა და ასურეთისკენ მიმართა, მათგან დახმარების მოლოდინი კი მალე უდიდეს განსაცდელად იქცევა.
მხ. 11. ‘ბრიყვი და უგნური მტრედივით იქცა ეფრემი: ეგვიპტეს უხმობენ, აშურში კი მიდიან".
ეფრემი ანუ ისრაელის სამეფო ბრიყვსა და უგუნურ მტრედსაა შედარებული, რომელიც ხან ეგვიპტის და ხანაც ასურეთის ბადეში აღმოჩნდება გაბმული ნაცვლად იმისა, რომ ხსნა უზენაესისგან ითხოვოს. მენახიმის მეფობისას ისრაელი ასურეთის ვასალობას დათანხმდა. ხუთი წლის შემდეგ, ფეკახის მმართველობისას, ათტომიანი სამეფო ასურელთა წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას შეუერთდა, რისთვისაც თეგლათ-ფალასარ III ამბოხებულები სასტიკად დასაჯა . ისრაელის უკანასკნელმა მეფე ოსიამ (ჰოშეაყი) დროებით კვლავ სუვერენად აღიარა ასურელი მმართველი, თუმცა მოგვიენებით გადასახადზე უარი განაცხადა და პოლიტიკური სიმპატიები ეგვიპტის სასარგებლოდ შეცვალა . ხსენებულმა მიზეზმა ისრაელის სამეფოს საბოლოო განადგურება განაპირობა , რაც ხელისუფალთა მიერ ბოლო ოცი წლის მანძილზე არასათანადოდ წარმართული საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე გარდაუვალი რეალობა აღმოჩნდა.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინამდებარე თავში წინასწარმეტველი იუდეველი ხალხის პოლიტიკური არჩევანის მცდარობას წარმოაჩეს. იუდეველნი ხან ეგვიპტეს უხმობენ, ხანაც ასურში მიდიან, შემწეობა და დახმარება რომ მიიღონ. ოსია მათ უზენაესის მოხმობისკენ აწვევს, ვისაც ძალუძს ყოველი განსაცდელი დაძლიოს. იუდეველთა მხრიდან მოკავშირის ძიება და ამ საკითხთან მიმართებით წინასწარმეტყველთა სიტყვები თუ ქმედებანი წითელ ზოლად გასდევს ბიბლის საწინასწარმეტყველო წიგნებს).

თავი 8

ოსია წარმართული მსახურებების უკეთურებაზე ამახვილებს ყურადღებას და სამარიის ხბოს ახსენებს, რომელსაც დანაკუწებას ჰპირდება, როგორც ოდესღაც მოსემ მოიმოქმედა ეს სინას მთასთან.
მხ. 5-6. ‘დაგაგდო შენმა ხბომ, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ წინააღმდეგ. როდემდის უნდა იყო უწმიდური? რადგან ისრაელის საქმეა ეს: ოსტატის ნახელავია, ღმერთი არ არის; ამიტომაც დანაფოტდება სამარიის ხბო".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინამდებარე თავში ოსია ისრაელში მიმდინარე კერპმსახურების ერთ-ერთ ფორმას - ხბოს თაყვანისცემას ახსენებს და მსმენელებს სასჯელის გარდაუვალობას ჰპირდება. როგორც თავის დროზე სინას მთასთან აარონის მიერ ჩამოსხმული კერპი განადგურდა, იგივე დაემართება დანისა და ბეთილის ბომონებს. აქვეა ცნობა ისრაელის ასურეთში გადასახლების შესახებ.
ოსია ორივე სამეფოს უყენებს ბრალს: ისრაელი იმ ბომონების იმედზეა, რომლებიც მრავლადაა აგებული ჩრდილოეთის სამეფოში, ხოლო იუდა კი დიდ და ძლიერ ქალაქებს აშენებს და საკუთარ სასოებას მათზე ამყარებს. ორივე მათგანს დავიწყებია ღმერთი და ადამიანური შესაძლებლობების ეიმედება. მაგრამ უფალი აქვე ჰპირდება იუდას, რომ მას ცეცხლი შთანთქავს. ჩვენ ქალდეველთა მიერ იერუსალიმის დაპყრობა უნდა გავიხსენოთ, რადგან ეს სიტყვები სრული სიცხადით სწორედ მაშინ ახდა და ქალაქი იერუსალიმი პირწმინდად განადგურდა).
იოსებ ბროდოვიჩი: სამარიაში ოქროს ხბოს არსებობის შესახებ ისტროიამ არაფერი იცის, აღნიშნული ცნობა არ დასტურდება. შესაბამისად, სამარიის კერპში დანსა და ბეთილში აღმართული ბომონების მიზეზით, ზოგადად, მთელი ისრაელის სამეფო მოიაზრება. ყურადღებას იქცევს უწყება ხბოს დანაწევრების შესახებ. ებრაულ ბიბლიაში გამოყენებულია სიტყვა (იგულისხმება ‘დანაფოტდება სამარიის ხბო"), რომელსაც ეგზეგეტები განსხვავებულად განმარტავენ. ნაწილი ებრაული ზმნის – ‘ანთების" ფუძეს უკავშირებს მას და ნაპერწკლად, ალად თარგმნის, აქედან შესაბამის შინაარს გვთავაზობენ: ხბო ნაპერწკლად, ალად იქცევა, ე. ი. დაიფერფლება. სხვანი სხვა ფუძეს ასახელებენ, რაც გაპობას, გახლეჩვას ნიშნავს და ასეთ ფრაზას ვღებულობთ: დანაფოტდება, დანაწევრდება, სამარიის ხბო).
მხ. 8-9. ‘ჩაიყლაპება ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის ხალხთა შორის. აშურში წავიდა თავისთვის გარეული ვირივით; გასცემდა სასიყვარულო საჩუქრებს".
იოსებ ბროდოვიჩი: გარეული ვირი უდაბურ ადგილებში მობინადრე წყნარი არსებაა, რომელსაც ღმერთმა ხმაურიანი დაბებიდან განცალკევებით ცხოვრება განუწესა. ხსენებულ პირუტყვს თავისუფლების განსაკუთრებული სურვილი გააჩნია. ამგვარი თვისებებით აღჭურვილი, იგი ადამინაებთან შეხვედრას გაურბის, რითიც საკუთარ თავისუფლებას უფრთხილდება. ამრიგად, ისრაელის მოსახლეობა, გონიერი არსებები, ყურად არ იღებენ მათთვის განკუთვნილ საღვთო მოძღვრებას, მაშინ როდესაც გარეული ვირი, უგუნური პირუტყვი, შემოქმედისგან დადგენილ წესებს ემორჩილება. მოცემულ შემთხვევაში ოსიას მიერ ისრაელთან მიმართებით გამოყენებულ ძლიერ ირონიასთან გვაქვს საქმე, ისრაელისა, რომელიც შემწეობასა და კეთილდღეობას წარმართ ხალხებთან დაეძებს).

თავი 9


წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინამდებარე თავში დაწყებული მსჯელობა გრძელდება. ოსია იუდეველებზე ამბობს: ‘ეგვიპტე თავს მოუყრის მათ და მემფისი დამარხავს მათ". ისრაელის სამეფოს დაცემისას (722 წ.) მოსახლეობის ნაწილი ეგვიპტეში გაიქცა და იქ დასახლდა. იგივე მოხდა 586 წელს იერუსალიმის დაპყრობის დროსაც. შესაბამისად, იუდეველთა ნაწილმა ეგვიპტეს შეაფარა თავი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა ეგვიპტეზე გაილაშქრა და დაიმორჩილა, უამრავი ადამიანი მახვილით აღესრულა, მათ შორის იუდეველნიც. ვინც გაქცევა მოასწრო, თავი გამაგრებულ ქალაქ მემფისს შეაფარა და სწორედ ორგზის ლტოლვილობაში, სრულიად უცხო ქალაქში მოუსწრო გარდაცვალებამ).
მხ. 3-5. ‘არ იცხოვრებენ უფლის ქვეყანაში; ეფრემი ეგვიპტეში დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში. არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და თავიანთი მსხვერპლით არ აამებენ მას; მათი პური მგლოვიარეთა პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მხოლოდ მათთვის არის, და არ შედის საუფლო სახლში. რას იზამთ დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს?"
იოსებ ბროდოვიჩი: წინამდებარე სამი მუხლით (ასევე ოს. 2.11; 4.8; 5. 6-7) ირკვევა, რომ ათტომიანი სამეფოს საკულტო მსახურება მოსეს რჯულდებაზე იყო დამყარებული: აღესრულებოდა ზუსტად იგივე დღესასწაულები, იწირებოდა სისხლიანი და უსისხლო მსხვერპლი, მღვდლებთან მიჰქონდათ პირველნაყოფი, იცავდნენ წესს მიცვალებულთან შეხების შედეგად გაუწმინდურების შესახებ. ისრაელში მოღვაწე მღვდლები ლევიტელი სამღვდელოების უფლებებით სარგებლობდნენ).
მხ. 9. ‘ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში. მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს".
წინასწარმეტყველი მოცემულ შემთხვევაში ისრაელის სამეფოს ქ. გიბყას მოსახლეობას ადარებს, რომლებიც უზნეო ცხოვრების წესით გამოირჩეოდნენ და აღსრულებულ ცოდვას უფრო დიდ უკეთურებას ჰმატებდნენ, რისთვისაც მათი დანაშაული ასე განისაზღვრა: ‘ყოველი, ამის მნახველი, ამბობდა: მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დღევანდელ დღემდეო. ჩაუკვირდით, ითათბირეთ და თქვით" .


თავი 10


ოსია წინასწარმეტყველი ისრაელს ამხელს და მათ მიერ თაყვანისცემულ ხბოს კერპს ახსენებს. ეგვიპტელები ამბობდნენ, რომ აპისი მთავრის შვილი და მზის შვილიშვილია, ხოლო თავად მზეს ონს უწოდებდნენ. იერობოამის მიერ ჩამოსხმული ხბოები სწორედ ეგვიპტურ აპისს განასახიერებდა.
მხ. 2. ‘ორგულნი არიან, მაგრამ ახლა კი მსჯავრი დაედებათ. შემუსრავს მათ სამსხვერპლოებს, დალეწავს მათ სვეტებს".
ნეტარი იერონიმე: ებრაელები, ეყრდნობიან რა წმინდა წერილის ავტორიტეტს, შემდეგი სახის განმარტებას გვთავაზობენ. მათი თქმით, სანამ ისრაელის მოსახლეობა და მეფეები თანამოაზრეები იყვნენ და ერთნაირად მიაგებდნენ პატივს ხბოს კერპებს, ჩრდილოეთის სამეფო არ დაცემულა. უკანასკნელი მეფე ოსიაა (ჰოშეაყი). მასზე დაწერილია, რომ მართალია, ცუდს აკეთებდა უფლის თვალში, მაგრამ არა ისე, როგორც მისი უწინარესი მეფენი. სწორედ ოსიას მმართველობის მეცხრე წელს გადაასახლა სალმანასარმა ისრაელის მოსახლეობა ასურეთში.
მაშ ასე, ისმის კითხვა: რატომ მოხდა ისე, რომ ჩრდილოეთის სამეფოს მკვიდრნი ტყვეობაში აღმოჩნდნენ არა წინარე უკეთურებით განთქმული მეფეების, არამედ ოსიას (ჰოშეაყი) დროს, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობდა მაინც მცირედით გამოსწორებას? ამაზე იგივე იუდეველები პასუხობენ: ხალხი ურჯულოების აღსრულების გამო ბოდიშს იხდიდა. ისინი ამბობდნენ, რომ ვერ ვეწინააღმდეგებით ისრაელის მეფეთა განჩინებას და კერპებს იძულების წესით ვემსახურებით. ოსიას მმართველობისას ხსენებული მიმართულებით არსებული ადრინდელი ვალდებულებანი მოიხსნა. ‘რელიგიური თავისუფლების" მიუხედავად, ისრაელის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იერუსალიმის ტაძარში სიარულის განმზრახ თანატომელებს სიძულვილით უყურებდა. სწორედ ამაზეა ნათქვამი, გაყოფილია მათი გულები, ე. ი. გული მეფისა და გულები ხალხისა. ამიერიდან ვეღარავინ გაიმართლებს თავს, რადგან სწორედაც რომ არა იძულებით, არამედ საკუთარი თავისუფალი ნებით აღსრულებული უკეთურებების გამო დაისაჯა ისრაელი).
მხ. 5. ‘შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბოების გამო, რადგან იგლოვებენ მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით ხომ ხარობდნენ. გამოიგლოვენ მის დიდებას, რადგან განეშორა მას".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: სირიის მეფემ სამარიის დამორჩილება მოინდომა და უზარმაზარი ჯარით გამოემართა მისკენ, ისრაელის მეფე მენახემმა ასურეთში გაგზავნა ელჩობა მეფე ფულთან და მას საფასურის წილ დახმარება სთხოვა. ფულმა სირია დაიპყრო, ხოლო მათი მეფე მოკლა. როდესაც ასურელებისთვის გაწეული შემწეობისთვის გასამრჯელოს გადახდის ჟამი დადგა, გადმოცემის თანახმად, მენახემი შესაბამისი თანხის არაარსებობის გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ მიზეზით მან ერთ-ერთი ოქროს ხბო დანარჩენ ძვირფასეულობასთან ერთად ელჩის ხელით გაუგზავნა ფულს. გლოვობდა მთელი ისრაელი, თუმცა თავს იმით ინუგეშებდა, რომ ასურეთში ჩატანილი კერპი, მათი ვარაუდით, საუკეთესო ადგილას განთავსდებოდა და მეტი ადამიანი მიაგებდა თაყვანს. მოლოდინის საპირისპიროდ ასურელ მეფეს ხბოს კერპი გაუტეხავს, დაუნაწევრებია. ამბობენ, რომ ის სულაც არ ყოფილა ოქროსი, არამედ სპილენძისგან გამოექანდაკებინათ და მხოლოდ გარედან მოეოქროვებინათ. ფულს დაუცინია და აბუჩად აუგდია ისრაელიანები. ასეთია იუდაური გადმოცემა).

თავი 11


მხ.1. ‘როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა იგი, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე" .
ოსიას წინასწარმეტყველების წარმოდგენილი წინადადება მათე მახარებლის მიერაა ციტირებული და ეგვიპტიდან ყრმა მაცხოვრის პალესტინაში დაბრუნების შესახებ გვაუწყებს. ოსია, მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ისრაელზე საუბრობს მაგრამ, როგორც ადრეც შევნიშნავდით, ისრაელი რიგ შემთხვევაში ქრისტეს წინასახეს წარმოადგენს. მაგალითად, მამამთავარი იაკობი ოჯახითურთ ჩადის ეგვიპტეში და სწორედ მათგან ღებულობს დასაბამს იუდეველი ხალხი. საცხოვრისის შეცვლა ერად ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ძვ. აღთქმის რჩეული გენის ქანაანური ტომების სულის მომწყლველი უკეთურებების ზეგავლენისგან დაცვამ განაპირობა. ასევე ქრისტეს ყრმობის ასაკში მოუწია ეგვიპტეში განლტოლვა, რათა ჰეროდეს საშინელი რისხვისთვის დაეღწია თავი და საღვთო განგებულება აღესრულებინა. იუდეველები მანამ იმყოფებოდნენ ეგვიპტეში, სანამ აღთქმულ მიწაზე მცხოვრები, მათთვის ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი ამორეველები არ აღმოფხვრა უფალმა ქანაანიდან. სწორედ ამის მერე ჩადიან ისინი პალესტინაში. ასევე რჩება უფალი იესო ქრისტე ეგვიპტეში, ვიდრე ჰეროდეს გარდაცვალებამდე...
ნეტარი იერონიმე: აღნიშნული ადგილი მათე მახარებელმა წარმოადგინა როგორც წინასწარმეტყველება მაცხოვრის ეგვიპტიდან დაბრუნების შესახებ. ივლიანეს მიერ მახარებლის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებანი, რომ თითქოს ოსიას ეს სიტყვები სინამდვილეში არ უკავშირდება ახალ აღთქმას და მხოლოდ იუდეველი ერის წარსულს გვახსენებს , არასწორია, რადგან წმინდა წერილი თითქმის ყოველ ნაბიჯზე სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათის სწავლებას გადმოგვცემს. მაგ., ისააკი, რომელიც მორიას მთაზე მსხვერპლშეწირვისას გამოსაყენებელ შეშას თავად ეზიდებოდა, ქრისტეს განასახიერებდა. მაცხოვრის წინასახეა მამამთავარი იაკობიც, რადგან მისი პირველი მეუღლე უფროსი თვალებმტკივანი და - ლეა იუდაური სინაგოგის სიბრმავის სიმბოლოა, ხოლო რაქელი ახალი აღთქმის ეკლესიის მშვენიერებაზე მიგვანიშნებს. ასეთივე მოვლენას ვხვდებით მოცემულ შემთხვევაშიც, სადაც ისრაელი ქრისტეს წინასახეს წარმოადგენს).


თავი 12


ოსია წინამდებარე თავში იხსენებს, თუ როგორ მოიპოვა თავის დროზე პირმშოობის ღვთაებრივი კურთხევა მამამთავარმა იაკობმა, როგორ შეერკინა იგი ღამით უფლის ანგელოზს. სწორედ ამგვარი შეუპოვრობის გამო განიკუთვნა მან საღვთო კურთხევა. ოსია ყოველივე ამას იმიტომ იგონებს, რომ მამამთავრის მიერ ესოდენ დიდი შრომის შედეგად მოპოვებული მადლი, რომელიც მთელი ერის კუთვნილებას წარმოადგენს , შესაძლოა, უგულისხმობის მიზეზით მათთვის სრულიად უცხო გამხდარიყო. უფლის კურთხევა მარადიულია, ვისაც ის აკურთხებს, კურთხეული იქნება უკუნისამდე, რადგან ღმერთში არ არსებობს ცვალებადობა. მაგრამ შესაძლოა, თავად კურთხევის მიმღებმა საკუთარი თავი ამ კურთხევის მიღმა დააყენოს, ხოლო უფლის მადლი, რომელიც მარადიულია, სხვაზე დაივანებს, იმაზე, ვინც მიმღები იქნება საღვთო კურთხევისა.
ოსია ყურადღებას ამახვილებს იაკობის ბრძოლისუნარიანობაზე, შეუპოვრობაზე. ხსენებული მამათმთავარი ამ კუთხითაც იმსახურებს დიდ ყურადღებას. იაკობი საკუთარი ძმისაგან (ესავისგან) სიმშვიდით, მყუდროებით გამოირჩეოდა. ერთი შეხედვით, მებრძოლი და შეუპოვარი ესავია, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული მხარეა. ჭეშმარიტად სულიერ მოშურნეობას, რაც ღვთისკენ სწრაფვასა და ცოდვასთან დაპირისპირებაში გამოვლინდება, სწორედაც რომ მამამთავარი იაკობი ავლენდა.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ოსია იუდეველთა მამამთავარ იაკობს იგონებს, თუ როგორ შეერკინა იგი მდინარე იაბოკის ნაპირზე უფლის ანგელოზს. ამ ადგილის გახსენებით წინასწარმეტყველი ცდილობს, მსმენელს მათი მძიმე სულიერი მდგომარეობა დაანახოს. კერძოდ, იაკობი მოცემულ შემთხვევაში იუდეველი ერის სახეა. ანგელოზი, რომელსაც მამამთავარი ერკინება, იესო ქრისტეს სიმბოლოა, რადგან ესაია წინასწარმეტყველი ერთგან მას შემდეგნაირად მოიხსენიებს: ‘დიდისა ზრახვისა ანგელოზი" . დიდ ზრახვაში კაცობრიობის გამოხსნა ანუ განკაცებისა და ჯვარცმის საიდუმლო მოიაზრება, ხოლო მისი განმზრახი ანგელოზი უფალი, ძე ღმერთია. იაკობის ანგელოზთან ჭიდილი სიმბოლოა იმისა, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ იუდეველები განკაცებულ ღმერთს. ოსიას სიტყვით, ის ხალხი, რომელმაც პირველ საუკუნეში უარი თქვა ქრისტესა და მის გამომხსნელობით საიდუმლოზე, წინასწარმეტყველის თანამედროვე იუდეველების სულიერი მდგომარეობის მემკვიდრენი არიან.
ოსია იაკობის ცხოვრების მეორე ეპიზოდსაც იგონებს, როდესაც მამამთავარი ლაბანთან ჩავიდა და ლეასა და რაქელისთვის თავგამოდებით იღვაწა. წინასწარმეტყველი ამჯერად მამამთავრის საოცარ გულმოდგინებაზე ამახვილებს ყურადღებას. ერთი ადამიანის, მის მიერ შეყვარებული რაქელის, გამო მან თავდაუზოგავი ღვაწლი აღასრულა და ამით საკუთარი პატიოსნება დაამოწმა, ხოლო იუდეველებმა, მამათავრის მემკვიდრეებმა, ღვთის სიტყვა უარყვეს, ღმერთს განუდგნენ და მისი მცნებები არაფრად შერაცხეს).

თავი 13


მხ. 1-2. ‘როცა დასძრავდა სიტყვას ეფრემი, შიშის ზარი იყო. იგი აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაალის გამო და მოკვდა. ახლა უმატეს ცოდვას, ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისგან, ოსტატურად, კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს. ისინი ამბობენ მათზე: კაცის შემწირველნი ხბოებს კოცნიანო!"
ოსია ბაალის კერპებისადმი მსახურებისთვის ადანაშაულებს ეფრემს. აქვეა ნახსენები ოქროს ხბოები. რჯული, რომელიც მსხვერპლშეწირვის სხვადასხვა ფორმას ითვალისწინებდა, იუდეველებს მოსე წინასწარმეტყველის შუამავლობით უზენაესისგან გადაეცათ, მაგრამ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების წესები მათ კერპებს მიუსადაგეს და ამით ყოვლითურთ შერყვნეს იგი. ამგვარი უკუღმართობით ისე გაუკეთურდნენ, რომ კერპებს საკუთარ შვილებს მსხვერპლად სწირავდნენ მაშინ, როდესაც ღმერთს მსგავსი სახის შესაწირი არასოდეს მოუთხოვია.
იოსებ ბროდოვიჩი: ამბორის მნიშვნელობა იმის მიხედვით განისაზღვრებოდა, თუ ვის მიემართებოდა იგი. მშობლებისა და შვილების ამბორი სიყვარულის გამოხატულებად ითვლებოდა. მეფის ამბორი – მოკრძალებისა და პატივისცემის სიმბოლოდ; ხოლო კერპებთან მიმართებით – კეთილკრძალულების გამოვლინებად. კერპებს ამბორს ასე უძღვნიდნენ: ხელს მისკენ მიმართავდნენ, შემდეგ საკუთარ ბაგესთან მიჰქონდათ და დიდი მოწიწებით ეამბორებოდნენ. მსგავსადვე გამოხატავდნენ კრძალვას ციური სხეულების მიმართ, რომლებსაც საჰაერო ამბორს აღუვლენდნენ .
მხ.14. ‘ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!"
მე-13 თავში გადმოცემულია წინასწარმეტყველება სიკვდილის დათრგუნვის შესახებ. მითითებული წინადადება პავლე მოციქულმა კორინთელთა მიმართ მიწერილი I ეპისტოლის მე-15 თავში გაიმეორა (მხ. 55).
წარმოდგენილ ციტატას განმმარტებლები არაერთგვაროვნად აღიქვამენ. რადგან წინარე მუხლებში საუბარი იყო ისრაელის მიერ აღსრულებულ უკეთურებებზე, კომენტატორთა ერთი ნაწილი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დასმულია რიტორიკული შეკითხვა: ჯოჯოხეთის ხელიდან განა გამოვისყიდი მათ?! ნუთუ სიკვდილისაგან ვიხსნი?! რაშიც თავისთავად მოიზრება შემდეგი პასუხი: არა, არ გამოვისყიდი! არ დავიხსნი! რადგან ‘შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!" ხსენებული კომენტატორები მსჯელობას ლოგიკურად აგრძელებენ და ამბობენ, რომ სიკვდილსა და ჯოჯოხეთს წინასწარმეტყველი ეფრემის დასასჯელად უხმობს.
საპირისპირო განმარტებას ახალი აღთქმის ეკლესიაში დასაბამი პავლე მოციქულმა დაუდო, რომელმაც კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში ოსიას სიტყვები ქრისტე ღმერთის მიერ ჯოჯოხეთისა და სიკვდილის დათრგუნვის შესახებ წინასწარმეტყველებად წარმოადგინა .
ნეტარი იერონიმე: ‘ჯოჯოხეთის ხელი" ადამიანის სულიერად მომაკვდინებელ საქმეებს ეწოდება, როგორც, მაგალითად, იგავთა წიგნში ვკითხულობთ ენის შესახებ ამას: ’სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ" . ჯოჯოხეთი და სიკვდილი მაცხოვრის ჯვარცმისას დაღვრილმა სისხლმა და ქვესკნელში ჩასულმა მისმა სულმა დათრგუნა, როდესაც ასე მიმართა მათ: სიკვდილი ვიქნები შენთვის, სიკვდილო, რადგან მოვკვდი, რომ ჩემი სიკვდილით შენ განიგმირო. ნესტარი ვიქნები შენთვის, ჯოჯოხეთო, ვინც განურჩევლად ყველას შთანთქავდი) .
იოსებ ბროდოვიჩი: ოსიას აღნიშნული სიტყვები ისრაელის ასურული ტყვეობიდან გათავისუფლებისას აღესრულა, თუმცა იგივე ცნობა, ეკლესიის მამათა განმარტებების თანახმად, მესიანური ხასიათის მოძღვრებასაც გადმოგვცემს. კეილის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს ოსიას დროს მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომის თაობაზე გამოთქმული სწავლება გაუგებარი მოვლენა იყო თანამედროვეთათვის და, შესაბამისად, წინასწარმეტყველი ვერაფერს ეტყოდა ამაზე თვისტომთ, ძველი აღთქმის წიგნების მრავალი ადგილით იმხილება, განსაკუთრებით ისეთი ციტატების მიხედვით, სადაც აღდგომა მთელი არსებით სასიხარულო უწყებადაა წარმნოდგენილი . ზოგიერთი განმმარტებელი კითხვითი წინადადების სახით თარგმნის ოსიას სიტყვებს: განა უნდა დავიხსნა ისინი ჯოჯოხეთის მეუფებიდან? განა უნდა გავათავისუფლო სიკვდილისაგან? და ასკვნის, რომ უფალი არასოდეს შეეწევა ისრაელს, რადგან სამარადჟამო დაღუპვისთვის გაიმეტა იგი.
‘შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!" ხაზგასმული სიტყვა ორმაგი მნიშვნელობისაა: შებრალება და შენანება. მოცემულ შემთხვევაში ბოლო, მეორე მნიშვნელობა გაცილებით ლოგიკურია. მსმენელთა შორის მომავალი გამოხსნის გარდაუვალობა რომ დაამოწმოს, ოსიას ბაგეებით უფალი ბრძანებს: განზრახულში სინანული აღარ მექნება, ე. ი. ჩემი სურვილი გამოხსნისა და გამოსყიდვის თაობაზე უეჭველად აღსერულება).

თავი 14


წიგნის ბოლო ნაწილში ოსია კიდევ ერთხელ მოაგონებს მსმენელს, თუ რა სახით დასრულდება უზენაესის სიტყვის ურჩობა. თუმცა აქვე ახსენებს და განმარტავს, როგორი მრავალმოწყალეა უფალი, რომელსაც არ უნდა ადამიანის დაღუპვა და მზადაა, მონანულს ყოველივე მიუტეოს.
მხ. 10. ‘ვინც ბრძენია, შეიგნოს ეს. ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი ადგანან მას, განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე" .
ნეტარი იერონიმე: წინამდებარე მუხლი წიგნის სირთულესა და მისი განმარტების სიძნელეზე მიგვითითებს. თუ თავად წინასწარმეტყველების აღმწერი ასეთ შეფასებას აძლევს მისსავე დაწერილს, ჩვენ, ცოდვითა და უკეთურებით მოწყლულებს, ვისაც მზისთვისაც არ ძალგვიძს თვალის გასწორება, არაფერი გვრჩება სხვა სათქმელი, გარდა წმინდა წერილის შემდეგი სიტყვებისა: ‘ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი - მისი გზანი!" რადგანდ არავის ხელეწიფება საღვთო განცხადების გარეშე გამოიკვლიოს სიღრმეები, მაგრამ თუკი დავითთან ერთად შეჰღაღადებს: ‘განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი" , ‘უფლის გზებზე" ისრბოლებს, ქრისტეს იპოვის და იხილავს, რომ ‘აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის და სასწაულად სიტყჳს-საგებელად" ).

ნახვა: 312

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters