წმინდა ბასილი დიდი - ჰომილიები ექვსთა დღეთათვის
(ჰომილია IV, ჰომილია V, ჰომილია VI)

ჰომილია IV

წყალთა შესაკრებელის შესახებ

      1. არის ზოგიერთი ქალაქი, სადაც საკვირველ საქმეთა მოქმედნი ადრიანი დილიდან ვიდრე საღამომდე მაყურებელთა მზერას მრავალფეროვანი სანახაობებით ასაზრდოებენ; და რამდენადაც არ უნდა ისმინონ მათ საჩოთირო და განმხრწნელი მელოდიები, რომელნიც სულთა შინა უცილობლად მრავალი სახის გარყვნილებას წარმოშობენ, მაინც ვერ ძღებიან. ბევრი ასეთ ადამიანებს შენატრის კიდევაც, რადგან მიატოვეს რა სავაჭრო მოედანი და ხელობა, რომლითაც ცხოვრობდნენ, მათთვის განსაზღვრულ სიცოცხლის ჟამს გართობასა და უქმად ყოფნაში ატარებენ. მათ არ იციან, რომ თეატრი, სავსე ურცხვი სანახაობებით, მათთვის, ვინც ამ სანახაობებს ესწრება, გარყვნილების საერთო-სახალხო სასწავლებელს წარმოადგენს და რომ თვით მწყობრი ხმები ფლეიტისა და ბილწი სიმღერები, რომლებიც მსმენელთა სულებზე აღიბეჭდება, სხვა არაფრისაკენ აქეზებენ მათ, თუ არა ურცხვობისა და იმისაკენ, რომ ფლეიტასა და ქნარზე დამკვრელებს მიბაძონ, ხოლო ცხენთა რბოლის თავდავიწყებით მოყვარულნი ცხენებს ერთმანეთს სიზმარშიც კი აჯიბრებენ, ეტლებში ხელახლა აბამენ და ცვლიან მეეტლეებს, ასე რომ, მთელი დღის უგუნურება მათ არც ძილის ოცნებებში ტოვებს. ჩვენ კი, რომელთაც დიდმა საკვირველთმოქმედმა ხელოვანმა უფალმა მისთა საქმეთა სახილველად მოგვიწოდა, შეიძლება მათმა ჭვრეტამ მოგვქანცოს ან სულიწმიდის სიტყვების მოსმენისათვის ვიზარმაცოთ? თუ პირიქით, ღმრთის მიერ შექმნილ ამ დიდსა და მრავალფეროვან სამყოფელს გარს უნდა შემოვუაროთ, ყოველი აზრით დროზე უნდა ავმაღლდეთ და სამყაროს სამკაულები ვიხილოთ? კერძოდ, როგორ დგას ცა, წინასწარმეტყველის სიტყვისაებრ ვითარცა თაღი (ეს. 40.22) და დედამიწა – მისი უსაზღვრო სიდიდითა და სიმძიმით, თავისთავზევე დაყრდნობილი და ჰაერი განფენილი, ბუნებით ლბილი და ნოტიო, ყველას, ვინც კი სუნთქავს, ბუნებრივსა და უცილობელ საზრდელს რომ აწვდის. თავისი სირბილის გამო მოძრავ სხეულებს რომ ემორჩილება და ადვილად განიპობა მათ მიერ (ისე რომ, მასში მავალთათვის არავითარ დაბრკოლებას არ წარმოადგენს), და ყოველთვის ადვილად გადაადგილდება და განეფინება მათ უკან, რომელნიც კვეთენ. და ბუნება წყლისა, მასაზრდოებელი და ჩვენი სხვა საჭიროებებისათვის გამზადებული, მისი მოწესრიგებული შეკრება შემოსაზღვრულ ადგილთა შინა – ამას ყოველივეს დაინახავ იმისაგან, რაც ახლახან წავიკითხეთ.

      2. და თქუა ღმერთმან: შეკერბიდ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდინ ჴმელი! და იქმნა ეგრეთ: და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანა და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ (შესაქ. 1.9-10). რა დიდი ჯაფა დამაყენე წინა საუბრებში, ეძიებდი რა მიზეზს იმისა, რატომ იყო დედამიწა უხილავი, მაშინ, როცა ყველა სხეულს ბუნებრივად აქვს ფერი, ხოლო ყველა ფერი მზერით აღიქმება?

      შესაძლოა, შენ საკმარისად არ გეჩვენება ნათქვამი იმის თაობაზე, რომ დედამიწა უხილავი იყო არა ბუნებით, არამედ მხოლოდ ჩვენთვის, მიზეზით წყლისა, რომლითაც მაშინ მთელი ხმელეთი იყო დაფარული. აჰა, ახლა თვით წმიდა წერილს მოუსმინე, რომელიც თავისთავს თვითონვე განმარტავს: შეკრბა წყალი და გამოჩნდა ხმელეთი. გადაიხსნა კრეტსაბმელი, რათა ის, რაც მანამდე უხილავი იყო, გამოჩენილიყო.

      ეგების ვინმემ ისიც იკითხოს, პირველ რიგში, იმას, რაც წყლის ბუნებაა – დაბლა დაქანება, წმ. წერილი შემოქმედის ბრძანებას რატომ მიაწერსო? წყალი ხომ, რომელიც აქამდე ვაკეზე წევს, უძრავია იმიტომ, რომ სადინარი არსაით აქვს, ხოლო თუ დაქანებული ადგილი შეხვდა, მისი პირველი ნაკადი მსწრაფლ ამოძრავდება, მის ადგილს მომდევნო დაიჭერს, ხოლო მომდევნოს მომდევნო მოჰყვება, ასე რომ წინა ნაწილი მუდმივად გარბის, მომდევნო კი მისდევს და მათი დინება მით უფრო სწრაფია, რაც უფრო დიდია სიმძიმე დაქანებული წყლისა და დაფერდება იმ ადგილისა, საიდანაც ჩამოედინება. და მართლაც, უკეთუ წყალი ბუნებითაა ამგვარი, ბრძანება იგი – შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა, ზედმეტი ყოფეილა, რამდენადაც ბუნებით დაღმა მავალი, ყველა ფერდიდან თავისთავად უნდა ჩაღვრილიყო ჩაღრმავებულ ადგილებში და მანამდე უნდა ედინა, ვიდრე არ მოვაკდებოდა ზურგი მისი, რადგან არაფერია უფრო ბრტყელი, ვიდრე ზედაპირი წყლისა. შემდეგ: იმასაც ამბობენ, წყალს ერთ ადგილას შეკრება როგორ ებრძანა, როცა მრავალ ზღვას ვხედავთ და თანაც ერთმანეთისაგან ფრიად დიდი მანძილით დაშორებულსო.

      გამოსაძიებელი პირველი საკითხის შესახებ ვიტყვით შემდეგს: წლის მოძრაობანი, რომ იგი ყოველმხრივ მიედინება, დაუდგრომელია და ბუნებით უფსკრულებისა და ჩაზნექილი ადგილისაკენ მიექანება, შენთვის უფრო მეტად ცნობილი უფლის ბრძანების შემდეგ გახდა, ხოლო როგორი ძალა ჰქონდა მას ადრე და რომ არა ეს ბრძანება, ექნებოდა თუ არა მას ასეთის წრაფვა მოძრაობისაკენ, ეს არც შენ იცი და არც თვითმხილველისაგან მოგისმენია.

      მოიაზრე, რომ ხმა ღმრთისა შემოქმედია ბუნებისა და რომ ბრძანებამ, რომელიც მაშინ ქმნილებებს მიეცა, წესრიგი მათ შორის (შესაქმისა) ვიდრე აქამომდე განსაზღვრა. დღე და ღამე ერთგზის შეიქმნა, მაგრამ ისინი იმიერიდან ვიდრე ამჟამამდე ენაცვლებიან ერთმანეთს, ყოფენ რა დროს მარადის თანაბარ ნაწილებად.

      3. შეკერბიდ წყალნი – ებრძანა წყლის ბუნებას, რათა მდინარებდეს და ამ ბრძანებისამებრ განუწყვეტელი სწრაფვისათვის არასოდეს დაიღალოს. როცა ამას ვამბობ, წყალთა იმ ნაწილს ვგულისხმობ, რომელნიც მდინარებენ, რადგან ზოგიერთნი თავისით დიან, როგორც მაგალითად წყალნი წყაროთა და მდინარეთანი, ხოლო სხვები, ერთ ადგილას შეკრებილნი, უძრავად დგანან. ამჯერად ჩემი სიტყვა იმ წყლებს შეეხება, რომელნიც მოძრაობენ.

      შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა. თუ ოდესმე წყაროსთან მდგარხარ, რომელიც წყალს უხვად იძლევა, გონებაში არ დაგბადებია კითხვები: ვინ არის აღმომაცენებელი დედამიწის სიღრმიდან ამ წყლისა? ვინ აიძულებს წინ ისწრაფვოს? როგორია ის საგანძურნი, საიდანაც ამოედინება? რას წარმოადგენს ადგილი, საითკენაც მიისწრაფვის? ან საგანძურებს რატომ არ აკლდება, ან ის ადგილები, სადაც ჩაედინება, რატომ არ ივსება? ყოველივე ეს იმ პირველ ხმაზეა დამოკიდებული. მან მისცა წყალს ძალა ამოძრავებისა. წყლის შესახებ ყოველგვარი თხრობისას პირველი ხმა გაიხსენე:შეკერბიდ წყალნი და ისიც უნდა ამოძრავებულიყო, რათა თავისი ადგილი დაეკავებინა, ხოლო რაჟამს შემოსაზღვრულ ადგილებს მიაღწევდა, დამდგარიყო და აღარ გადმოსულიყო. ამიტომაც ვითარცა ეკლესიასტე ამბობს: ყოველი ჴევნები შესდის ზღუასა და ზღუა ვერ განძღების (ეკლ. 1.7), რადგანაც დინება წყალთა შედეგია ღმრთის ბრძანებისა, ხოლო ზღვის საზღვრებით შემოზღუდვა – პირველი სჯულდებულებისა.

      შეკერბიდ წყალნი შესაკრებელს ერთსა. იმისათვის, რომ მდინარე წყალი თავისი ადგილებიდან არ გადმოღვრილიყო, უფრო და უფრო შორს არ წასულიყო, ერთი-მეორის მიყოლებით არ აღევსო ყოველი და მთელი ხმელეთი არ დაენთქა, ებრძანა წყალთა შეკრება შესაკრებელსა ერთსა. ამიტომაც ხშირად ქარებისაგან გაგიჟებული ზღვა და ფრიად მაღალი, ყალყზე წარმომართული ზვირთები ნაპირს შეეხებიან თუ არა, სწრაფად ქაფად ექცევათ და უკან იხევენ. არა გეშინისა ჩემგან, ამბობს უფალი, რომელმაც შევქმენ ქვიშაჲ საზღვრად ზღვისა? (იერ. 5.22). იმ ქვიშით, რომელიც ყველაზე უსუსურია, გაუსაძლისი ძალაა აღვირამოდებული. რა დააყენებდა მეწამულ ზღვას ეგვიპტეზე გადმოსასვლელად, რომელიც მასზე დაბალია მდებარეობითა და რა შეუშლიდა ხელს ეგვიპტესთან მიმდებარე ზღვებთან შეერთებაში, დაბორკილი რომ არ ყოფილიყო ბრძანებით თავისი შემოქმედისა?

      რომ ეგვიპტე მეწამულ ზღვაზე დაბლაა, ამაში საქმით დაგვარწმუნეს იმათ, რომელთაც სურდათ ერთმანეთთან შეეერთებინათ ზღვები ეგვიპტისა და ინდოეთისა, რომელზეც მეწამული ზღვაა.

      ამავე მიზეზით თქვეს უარი თავიანთ წამოწყებაზე ეგვიპტელმა სესოტორისმა, რომელმაც საქმე პირველად დაიწყო და შემდეგ მიდიელმა დარიოსმაც, რომელსაც მისი დამთავრება სურდა. ამას ვამბობ, რათა შევიცნოთ ძალა ბრძანებისა:შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა, ანუ ამიერიდან ისინი სხვაგან უკვე ვეღარ გადავიდოდნენ, არამედ შეკრებილნი მათ პირველსავე შესაკრებელსა შინა უნდა დარჩენილიყვნენ.

      4. შემდეგ, ვინც თქვა: შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა, გვიჩვენა, რომ წყალი ფრიად ბევრი იყო და მრავალ ადგილას გაბნეული, რადგან მთათა ხეობები და ღრმა უფსკრულები წყალთა შესაკრებელნი იყვნენ. ასევე მრავალი დაბლობი და ვაკე ადგილი, რომელნიც სივრცელით უდიდეს ზღვებსაც კი არ ჩამოუვარდებიან, ურიცხვი სიმრავლე ველებისა და ღარტაფებისა, რომლებიც სხვადასხვა სახის ღრმულებს ქმნიდნენ და მაშინ წყლით სავსენი იყვნენ, ღმრთის ბრძანებით დაცარიელდნენ და ყოველი მხრიდან ერთი შესაკრებელისაკენ ისწრაფეს. ნურავინ იტყვის, რომ რადგანაც წყალი მიწაზე მაღლა იყო, ყველა ღრმული, რომელნიც ახლა ზღვებს იტევენ, ისედაც უკვე სავსე იქნებოდა, და რომ, რამდენადაც უკვე წინასწარ იყვნენ დაკავებულნი, წყალთა შესაკრებელნი ვერ გახდებოდნენ. ამის თაობაზე ვიტყვით, რომ მაშინ, როცა წყალს ერთად შეკრება ებრძანა, ჭურჭლები უკვე გამზადებული იყო, რადგან არც ზღვა გადირის მიღმა და არც ის დიდი და მენავეთაგან შეუკადრებელი ზღვა, რომელიც ბრეტანიის კუნძულსა და დასავლეთის იბერიას ადგას გარს, ჯერ კიდევ არ არსებობდა; ხოლო როცა ღმრთის ბრძანებით ვრცელი სათავსი შეიქმნა, სიმრავლე წყალთა მასში ჩაედინა.

      მათ, რომელნიც შეგვეპასუხებიან და გვეტყვიან, რომ სამყაროს შესაქმეზე ჩვენი სწავლება გამოცდილებას ეწინააღმდეგება (რადგან ვხედავთ, რომ მთელი წყალი ერთ შესაკრებელსა შინა არ შეკრებილა), შეიძლება მრავალი რამ ვუთხრათ და თანაც ყველასთვის თავისთავად ცნობილი. მათთან კამათი სასაცილოც კია, ნუთუ ისინი ჩვენ ჭაობებსა და წვიმისაგან შეკრებილ წყლებზე მიგვითითებენ და იფიქრებენ, რომ ჩვენს სწავლებას ამით ამხელენ?

      მაგრამ ერთი შესაკრებელი ხომ წყალთა ყველაზე დიდსა და სრულ შესაკრებელს ეწოდა. ასე ხომ ჭებიც ხელითქმნილი შესაკრებლებია წყლისა, რომელიც მიწის სიღრმეში გაფანტული სინოტივისაგან წარმოიშობა. ამიტომ სიტყვაშესაკრებელი ეწოდება არა წყალთა რომელიმე თავმოყრას საერთოდ, არამედ უპირატესსა და უდიდესს, რომელშიც მთელი ეს სტიქია აღმოჩნდა შეკრებილი. ისევე როგორც ცეცხლი აქაურ საჭიროებათათვის უმცირეს ნაწილებადაა დამსხვრეული, მაშინ როცა ეთერში მთლიანობაში განიფინება და ვითარცა ჰაერი, წვრილ-წვრილად დაყოფილი, ერთობლიობაში მიწის ზედა სივრცეს ავსებს, წყლის შესახებაც ამგვარად უნდა მოვიაზროთ: თუმცა იგი პატარ-პატარა შესაკრებლებადაა დაცალცალკევებული, მაგრამ შესაკრებელი, რომელიც მთელ ამ სტიქიას დანარჩენი სტიქიებისაგან გამოყოფს, ერთია.

      ტბანი, რომელნიც ჩრდილოეთის მხარეში, საბერძნეთის საზღვრებთან, მაკედონიაში, ბითვინიასა და პალესტინაშია, რაღა თქმა უნდა, შესაკრებელნი არიან; მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში იმ შესაკრებელზე ვლაპარაკობთ, რომელიც ყველას აღემატება და სიდიდით დედამიწასაც კი უთანაბრდება. არავინ კამათობს იმის თაობაზე, რომ ამ ტბებში წყალთა სიმრავლეა, მაგრამ მათ ზღვას, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით არავინ უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი, მსგავსად დიდი ზღვისა, მარილსა და მიწის ნაწილებს შეიცავს, როგორც, მაგალითად მკვდარი ტბა იუდეაში და სერბონი, რომელიც ეგვიპტესა და პალესტინას შორის, არაბეთის უდაბნოშია გადაჭიმული. ესენი ტბები არიან, ზღვა კი ერთია, როგორც ამას ისინი მოგვითხრობენ, რომელთაც დედამიწა შემოიარეს.

      თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჰირკანიისა და კასპიის ზღვები მხოლოდ საკუთარ საზღვრებში არიან მოქცეულნი, მაგრამ თუ დედამიწის აღმწერელთა მონათხრობი ყურადღების ღირსია, კავშირი მათ შორისაც არსებობს და ყველანი ერთად დიდ ზღვაში ჩაედინებიან, ისევე როგორც მეწამული ზღვის შესახებ ამბობენ, რომ იგი უერთდება ზღვას, რომელიც გადირის უკან მდებარეობს.

      მაგრამ იტყვიან: რატომ უწოდა ღმერთმა წყალთა შესაკრებლებს ზღვები? იმიტომ, რომ თუმცა წყალნი ერთი შესაკრებლისაკენ მიისწრაფოდნენ, უფალმა იმ შესაკრებლებსაც ანუ უბეებს, რომელთაც გარემომცველი მიწისაგან განსაკუთრებული სახე მიიღეს, ზღვები უწოდა: ზღვა ჩრდილოეთისა, ზღვა სამხრეთისა, ზღვა აღმოსავლეთისა და აგრეთვე დასავლეთისა. ზღვებს საკუთარი სახელებიც მიეცა: ევქსინოს პონტო, პროპონტისი, ჰელესპონტი, ზღვები ეგეოსისა, იონიისა, სარდიისა, სიცილიისა და ტვირონისა. კიდევ მრავალია სახელი ზღვებისა, რომელთა ზუსტი აღრიცხვაც ამჟამად შორს წაგვიყვანდა და შეუფერებელიც იქნებოდა. ამიტომაც უწოდა ღმერთმა წყალთა შესაკრებლებს ზღვები; მაგრამ ეს ყველაფერი სიტყვამ მოიტანა, ჩვენ კი იმას დავუბრუნდეთ, საიდანაც დავიწყეთ.

      5. და თქუა ღმერთმან: შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდინ ჴმელი. როგორც ვხედავთ, არ უთქვამს მიწა გამოჩნდესო, რათა განუმზადებელი, წყალთან არეული თიხა არ ეჩვენებინა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული არც საკუთარი სახე და არც ძალი. და კიდევ: მზე რომ არ გვგონებოდა მიზეზი გახმობისა, შემოქმედმა უწინარესად მზის დაბადებისა შექმნა სიხმელე მიწისა.

      გონებით წარმოიდგინე დაწერილი, კერძოდ, არა მხოლოდ ჭარბი წყალი ჩამომდინარდა დედამიწიდან, არამედ ისიც გამოვიდა, რომელიც მის სიღრმეში თიხასთან აღრეული იყო, დაემორჩილა რა უფლის გარდაუვალ ბრძანებას.

      და იქმნა ეგრეთ. ეს სიტყვა საკმარისია, რათა გვაჩვენოს, რომ შემოქმედის ხმა საქმედ იქცა. თუმცა, ნუსხათაგან მრავალში მათ დართული აქვს: “შეკრბეს წყალნი იგი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცასა შესაკრებელსა თჳსსა და გამოჩნდა ჴმელი”, მაგრამ ეს სიტყვები არც რომელიმე განმმარტებელს მოუცია და როგორც ჩანს, არც ებრაულში იკითხება, რადგან იმის დამოწმების შემდეგ, რომ ასე მოხდა (და იქმნა ეგრეთ), კვლავ ახსნა-განმარტების მოცემა მართლაც ზედმეტია. გამართულ ნუსხებში ამ სიტყვებზე ოველისკოსია[1], რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი უარყოფილია.

      და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანა და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. რატომაა ნათქვამი ამის წინ:შეკერბიდ წყალნი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდა ჴმელი, ისევე როგორც აქაც: და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანა? იმიტომ, რომ სიხმელე თვისებაა, რომელიც საგნის ბუნებას განმასხვავებელი ნიშნით გამოარჩევს, მიწა კი რაღაც შიშველი სახელწოდებაა ქმნილებისა. ისევე როგორც მეტყველება დამახასიათებელი თვისებაა ადამიანისა, ადამიანი კი არის სიტყვა, რომელიც მიგვანიშნებს ცოცხალზე, რომელიც მეტყველია, ასევე სიხმელე თვისებაა მიწისა, ამასთან უპირატესი. ვისთვისაც სიხმელე საკუთარი თვისებაა, იმას მიწა ეწოდა, ისევე როგორც მას, ვისი საკუთარი თვისებაც ჭიხვინია – ცხენი.

      და ეს მხოლოდ დედამიწასთან მიმართებით როდია ასე, არამედ დამახასიათებელი და განმასხვავებელი თვისება ყველა სხვა სტიქიასაც აქვს, რომელიც სხვებისაგან გამოარჩევს და ყოველივე მათგანის რაგვარობას შეგვაცნობინებს. ასე მაგალითად, წყლის საკუთარი თვისებაა სიცივე, ჰაერისა – სინოტივე, ცეცხლისა – სიმხურვალე. მათი, როგორც შედგენილ საგანთა პირველადი სტიქიების, დასახელებული თვისებები მხოლოდ გონებით განიჭვრიტება, ხოლო სხეულებში შეპირისპირებისას, რაჟამს შეგრძნებებს ემორჩილებიან, შეუღლებული თვისებები აქვთ. ხილული და შეგრძნებადი ნივთიერებებიდან არცერთი არაა განცალკევებულობის თვალსაზრისით მარტო, მარტივი და შეურევნელი. არამედ დედამიწა ხმელია და ცივი, წყალი ნოტიო და ცივი, ჰაერი მხურვალე და ნოტიო, ცეცხლი მხურვალე და ხმელი. ასე რომ, თვისებათა შეუღლებით სტიქიებში წარმოიშობა ძალა თითოეულის თითოეულთან შეერთებისა, რადგანაც ყოველივე რომელიც საერთო თვისებით მოსაზღვრე სტიქიას შეერევა, მონათესავესთან ზიარების შედეგად საპირისპიროსაც შეუერთდება. მაგალითად მიწა, რომელიც ხმელია და ცივი, საზიარო თვისებით – სიცივით შეერევა წყალს, წყლის საშუალებითYკი – ჰაერს, რადგანაც წყალი ორივეს შორისაა განწესებული და თავისი თვისებებით, თითქოს ორი ხელით, მისი მეზობელი სტიქიებიდან ერთსაც და მეორესაც ეხება: სიცივით მიწას, ხოლო სინოტივით – ჰაერს. და კიდევ: ჰაერი თავისი შუამავლობით შემარიგებელია ბუნებით ერთმანეთთან მებრძოლი წყლისა და ცეცხლისა; ცეცხლი კი, რომელიც ბუნებით მხურვალეა და ხმელი, სიმხურვალით ჰაერს შეეყოფა, სიხმელით კი ისევ დედამიწასთან შესაერთებლად მიიქცევა. ასე წარმოიშობა წრე და მწყობრი ქორო შედეგად სტიქიათა შორის თანხმობისა და შესაბამისობისა. ამიტომაც ეწოდათ მათ ფრიად შესაფერისი სახელი – სტიქია.

      ყოველივე ეს ვთქვი, რათა წარმომეჩინა მიზეზი, რის გამოც ღმერთმა ხმელს უწოდა მიწა და არა მიწას ხმელი, რადგან სიხმელე დედამიწის შემდეგ კი არ წარმოიშვა, არამედ დასაბამიდანვე იყო აღმავსებელი მისი არსისა ის, რაც არსებულის ერთგვარი მიზეზია, ბუნებით უწინარესი და უპირატესია შემდეგ დაბადებულზე. ამრიგად, ღმერთმა დედამიწის თვისებანი მასზე უწინარეს და უხუცეს საქმეთაგან მართებულად წარმაოჩინა.

      6. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. ეს სიტყვები იმას კი არ მოასწავებს, რომ ღმერთს ზღვა თითქოსდა სახილველად მოეწონა, რადგან შემოქმედი თვალებით კი არ ხედავს ქმნილების სილამაზეს, არამედ დაბადებულებს გამოუთქმელი სიბრძნით ჭვრეტს. თუმცა დიდად სასურველია ხილვა ქაფით გადათეთრებული ზღვისა, რაჟამს იგი დამტკბარი, მშვიდად და უძრავად დგას და სახილველად ამაოა მაშინაც, რაჟამს ალერსიანი ნიავქარისაგან აქოჩრილი მისი ზურგი იისფერი და მუქი ლურჯია და რაჟამს გამეტებით კი არ შოლტავს მეზობელ ნაპირს, არამედ მშვიდობიანად ეხვევა, მაგრამ ასე როდი უნდა გავიგოთ წმიდა წერილის სიტყვები, როდი უნდა ვიფიქრით, რომ ღმერთს ზღვა ამ გაგებით მოეწონა, არამედ კეთილი აქ შესაქმის გონებით განსჯაზე მიუთითებს.

      ჯერ ერთი, წყარო ყოველგვარი სინესტისა დედამიწაზე ზღვის წყალია, რომელიც დაფარული სადინარებიდან გამოდის, როგორც ამას ხმელეთის ფხვიერი და ქვაბოვანი ადგილები გვაჩვენებენ, რომლებშიც ზღვის მდინარე წყალი აღწევს. და რაჟამს იგი მიმოქცეულსა და ხვეულ სადინარებში ჩაიკეტება, მისივე სულით აღძრული გარეთ ისწრაფვის და დედამიწის ზედაპირს ამოხეთქს. ამ დროს მას სადინარები მარილისა და სიმწარისაგან წურავს და სასმელად ვარგისს ხდის. ხოლო როცა მიმოქცევისას მეტალებიდან სითბოს თვისებას იძენს, მაშინ იმავე მიზეზით, რომელიც მოძრავ სულში მდგომარეობს, ხშირად დუღილს იწყებს და ცეცხლივით მწველი ხდება, რაც შეიძლება მრავალ კუნძულსა და ზღვისპირა ქვეყანაში ვიხილოთ. ზოგჯერ ხმელთის შუაგულში მდინარე წყალთა მახლობლად ზოგიერთი ადგილი თითქმის იმავეს განიცდის, რათა ამ მცირე საქმეებით დიდ-დიდნი წარმოვიდგინოთ.

      და ყოველივე ეს რისთვის ვთქვი? იმისათვის, რომ მთელი დედამიწა გასასვლელებითაა სავსე, სადაც წყალი ზღვის დასაბამიდან დაფარული სადინარებით ჩაედინება.

      7. ამრიგად, ზღვა მშვენიერია წინაშე ღმრთისა, რადგან ტენი დედამიწის სიღრმეში მისგან მოედინება, მშვენიერია იმიტომაც, რომ ჭურჭელია მდინარეთა და ყოველი მხრიდან ღვარებს იღებს, ისე რომ კვლავინდებურად თავისსავე საზღვრებში რჩება და კიდევ: მშვენეირია, რადგან დასაბამი და წყაროა ჰაერის წყლებისა, რაჟამს მზის მცხუნვარებისგან გათბება, წყლის ნაწილაკები ორთქლად ამოდის და ზესკნელისაკენ მიიტაცება, მზის სხივებით აკრეფილი სიმაღლეში ცივდება, ხოლო როცა ღრუბელთა ჩრდილი კიდევ უფრო გააცივებს, წვიმად იქცევა და დედამიწას ასუქებს.

      თუ ვინმე ამას არ ირწმუნებს, შეხედოს ცეცხლზე შედგმულ წყლით სავსე ქვაბებს, რომელნიც ხშირად ცარიელდებიან, რადგან დუღილის შედეგად ის, რაც მათშია, ორთქლად განილევა.

      და კიდიევ: იგივე შეიძლება ვიხილოთ სხვაგანაც, კერძოდ, მეზღვაურები, როცა წყალი შემოაკლდებათ, ზღვის წყალს ადუღებენ, რათა გასაჭირი რამდენადმე მაინც შეიმსუბუქონ.

      ზღვა სხვა მხრივაც მშვენიერია წინაშე ღმრთისა. იგი გარს ადგას კუნძულებს და არა მხოლოდ სამკაულია მათი, არამედ სიმტკიცეც. და კიდევ: ერთმანეთთან აკავშირებს ყველაზე დაშორებულ ხმელეთებს, დაუბრკოლებელი მგზავრობის საშუალებას აძლევს მენავეებს, რომელთა მეშვეობითაც გვახარებს ცოდნით იმის შესახებ, რაც ჩვენთვის უცნობია, საფასეს მოაგებინებს ვაჭრებს, ადვილად აწესრიგებს ცხოვრებისეულ საჭიროებებს, მისით გამოაქვთ თუ რამ სადმე ჭარბადაა და მიაქვთ იქ, სადაც მისი საჭიროებაა.

      და საიდან მექნება მე ძალა ყოველი სიკეთე ზღვისა ისეთი სიზუსტით ვიხილო, როგორც ეს დამბადებლის თვალებს წარმოუდგა? და თუ ზღვა მშვენიერია და საქებარი წინაშე ღმრთისა, რამდენად უფრო მშვენიერი იქნება მის წინაშე კრება იმგვარი ეკლესიისა, რომელშიც მსგავსად ტალღისა ნაპირს რომ ეხლება, შეერთებული ვდრება კაცთა, ქალთა და ყრმათა ღმრთის ჩვენისა მიმართ აღევლინება?

      დაე ღრმა სიმშვიდემ დაიცვას იგი ურყევად და სულთა უკეთურთა ვერ შეძლონ ერეტიკული სწავლებებით შფოთის ჩამოგდება მასში. იყავით თქვენ ღირსნი უფლისაგან შეწყნარებისა და მცველნი ამ სიმწყობრისა და მშვენიერებისა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წყალობით, რომლისა არს დიდება და მეუფება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰომილია V

დედამიწისაგან აღმოცენებულთა შესახებ

      1. და თქუა ღმერთმან: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი და მსგავსებისაებრი და ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, რომელისა თესლი მისი მის თანა (შესაქ. 1.11). შემდგომად დედამიწის განსვენებისა და წყლის სიმძიმის განგდებისა, ებრძანა მას, რათა პირველად გამოეღო ბალახი, ხოლო მერმე ხე, როგორც ამას აქამდე ვხედავთ. რადგანაც მაშინდელი ხმა და ეს პირველი ბრძანება, როგორც რაღაც ბუნებითი კანონი იქმნა და დედამიწაზე დარჩა, იქიდან მოყოლებული დღემდე აძლევს მას შობისა და ნაყოფის გამოღების ძალას.

      ქუეყანამან გამოიღედ. დასაბამი მცენარის წარმოშობისა აღმოცენებაა: რაჟამს მცირედ ამოყოფს თავს, მორჩია, ხოლო რაჟამს გაიზრდება, ბალახად იქცევა, ვიდრე თანდათანობითი გასრულებით თესლის გამოღებამდე მიაღწევდეს, რადგანაც სინორჩე და მომწიფება ყველას ერთნაირი აქვს.

      ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა. ეს ნიშნავს, რომ დედამიწამ თავისით გამოიღოს ნაყოფი, ისე რომ სხვისი მხრიდან შემწეობა არ დასჭირდეს, თუმცაღა ზოგიერთი ფიქრობს, რომ მიზეზი დედამიწისაგან მცენარეთა აღმოცენებისა მზეა, რადგანაც იგი მხურვალებით ამოზიდავს მის წიაღში დაფარულ ძალას ვიდრე არ წარმოაჩენსო. მაგრამ დედამიწა სამკაულებით მზეზე ადრე იმიტომ დამშვენდა, რომ შეცდომილებს თაყვანისცემა მზისა და აღაირება იმისა, რომ იგია მიზეზი სიცოცხლისა, შეეწყვიტათ.

      თუკი ირწმუნებენ, რომ მთელი დედამიწა მზის დაბადებამდე გამშვენდა, მისით უზომო გაკვირვება შეუმცირდებათ და მოიაზრებენ, რომ თავისი წარმოშობით იგი უმრწემესია მორჩსა და ბალახზე. ამიერიდან, როცა პირუტყვთათვის განმზადდა საზრდელი, ჩვენც ხომ ვიქნებოდით ღირსი ზრუნვის გამოჩენისა? ვინც ხარებსა და ცხენებს განუმზადა საკვები, შენთვის კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე და განსაცხრომელი განამზადა, რადგან იმით, რომ საქონელს არჩენს, ამით სასიცოცხლოდ აუცილებელ სახმარსაც გიმრავლებს. და კიდევ: თესლთა აღმოცენება სხვა რა არის, თუ არა მარაგი სურსათ-სანოვაგისა? გარდა ამისა, მრავალი მხალიცა და მწვანილიც ხომ ადამიანთა საზრდელს წარმოადგენს.

      2. ნათქვამია: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი. თუმცაღა ზოგიერთი ჯიშის ბალახი სხვებისთვისაა განკუთვნილი, სარგებელი მაინც ჩვენ გვიბრუნდება და თესლის გამოყენებაც ჩვენთვისაა განსაზღვრული. ამიტომაც ნათქვამის შინაარსი ასეთია: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი, რადგან ამგვარად შეიძლება აღდგეს თანმიმდევრულობა სიტყვაში, რომელიც ახლა შეუთანხმებლად გვეჩვენება და დაცულ იქნას იგი მათ შორის, რასაც ბუნება წარმოშობს: პირველად აღმოცენებაა, მერმე მორჩი, შემდგომად მისა გაზრდა ბალახისა და ბოლოს ზრდის გასრულება თესლით.

      ამბობენ: როგორღა ითქვა, რომ ყოველი, რასაც მიწა აღმოაცენებს, თესლოვანია, მაშინ, როცა ლერწამი და ნამიკრეფია, პიტნა და ზაფრანა, ნიორი და ჭილი და კიდევ სხვა მრავალი ჯიში მცენარეთა, როგორც ვხედავთ, უთესლოა? ამის თაობაზე ვიტყვით, რომ მრავალი რამ აღმოცენდება მიწიდან, რომელსაც ძალა თესლისა ძირსა და ფესვში აქვს; როგორც მაგალითად, ლერწამს; ერთი წლის რომ გახდება, იგი ფესვისაგან გამოიღებს ყლორტს, რაც მომავალი წლისათვის მისი თესლია. ასევეა მრავალი სხვაც, რომელნიც დედამიწაზე ცხოვრობენ და ჯიშის გაგრძელების ძალა ფესვებში აქვთ. და მართლაც, ყოველ მცენარეს ან თესლი აქვს, ან სათესლე ძალა. სწორედ ამას ნიშნავს ნათესავობისაებრი, რადგან ლერწმის ყლორტი ზეთისხილს ვერ გამოიღებს, არამედ ლერწმისაგან ლერწამი გამოვა და დათესილი თესლიდან მსგავსი თესლისა აღმოცენდება. რაც კი დედამიწამ თავდაპირველი შობისას აღმოაცენა, დღემდეა შემონახული, რადგან ჯიშს მემკვიდრეობის გადაცემით ინახავს.

      ქუეყანამან გამოიღედ. მოიაზრე, თუ ვითარ მსწრაფლ აღიძრა ცივი და ბერწი დედამიწა მცირე ხმისა და მოკლე ბრძანების შედეგად მშობიარობის ტკივილისა და ნაყოფის გამოღებისათვის, განიძარცვა სამოსელი გლოვისა და მწუხარებისა, ბრწყინვალე სამოსელით შეიმოსა, საკუთარი სამკაულებით გაიხარა და მცენარეთა მრავალი ჯიში გამოიღო.

      მსურს უფრო მტკიცედ ჩაგინერგო დაბადებულით გაკვირვება, რათა სადაც არ უნდა იყო და რომელი ჯიშის მცენარეც არ უნდა შეგხვდეს, ცხადად გაიხსენო დამბადებელი მისი. პირველ რიგში, რაჟამს ბალახის მორჩს ან ყვავილს იხილავ, გულისხმაჰყავ ადამიანის ბუნება და გაიხსენე სახისმეტყველება იგი ბრძენი ესაიასი: ყოველი ხორციელი თივა არს და ყოველი დიდება კაცისაჲ ვითარცა ყუავილი თივისაჲ (ეს. 40.6), რადგანაც სიცოცხლის დროისა და კაცობრივი კეთილდღეობის ხანმოკლე სიხარულსა და შვებას წინასწარმეტყველის მიერ ჭეშმარიტად შესაფერისი ხატი მოეძებნა.

      დღეს ვინმე სხეულით განცხრომაშია, ფუფუნებისაგან ხორცითაა დამძიმებული, ჭაბუკური ასაკის შესაფერისად კეთილფეროვნებით ჰყვავის, ძლიერია, სიცოცხლით აღსავსე და სურვილებში დაუმარცხებელი, ხვალ კი, ან დროისაგან ჩამომჭკნარი, ან სატკივარით დაუძლურებული მხოლოდ სიბრალულსღა იწვევს.

      დღეს ვინმე ცნობილია დიდი სიმდიდრით, მის ირგვლივ სიმრავლეა პირფერთა და მცველთა, რომელნიც მეგობრობის პატივს იჩემებენ და მისი წყალობის მოსაპოვებლად თავს არ ზოგავენ; უამრავი ნათესავი და მრავალრიცხოვანი გუნდი მსახურთა, რომელიც ან მისი საჭმლისათვის ზრუნავს, ან მის რომელიმე სხვა მოთხოვნას აღასრულებს, სახლიდან გასვლისას თუ შინ დაბრუნებისას თან მიჰყვებ-მოჰყვებიან და შემხვედრთა შორის შურს აღძრავენ. ამასთან, სიმდიდერეს რომელიმე სამოქალაქო ძალაუფლებაც დაუმატე, ან პატივი მეფეთაგან, ან მმართველობა ხალხებისა, ან კიდევ წინამძღოლობა ლაშქრისა, მაცნე, რომელიც მის წინაშე ხმამაღლა ღაღადებს, კვერთხოსანნი, რომელნიც ქვეშევრდომთა ზედა ისეთ საშინელ მღელვარებასა და გვემას მოაწევენ, როგორიცაა ქონების ჩამორთმევა, დაპატიმრება და საპყრობილე, რაც აუტანელ შიშს ხელქვეითთა შორის კიდევ უფრო ზრდის. მაგრამ რაღაა შემდგომად ამისა? ერთი ღამე, ერთი ხურვება, ჭვალი გვერდებისა ან ანთება ფილტვებისა მას კაცთაგან წარიტაცებს და სცენიდან გაიყვანს, მყის დაცარიელდება სამოქმედო ადგილი მისი და დიდება მისი, ვითარცა სიზმარი წარხდება. ამიტომაც შეადარა წინასწარმეტყველმა კაცობრივი დიდება უუძლურეს ყვავილს.

      3. ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი და მსგავსებისაებრი.მცენარეთა წესი დღემდე თავდაპირველ წესრიგზე მოწმობს, რადგანაც ყოველგვარ მწვანილსა და ბალახს წინ აღმოცენება უძღვის. გამოვა რა ფესვიდან მიწისქვეშა ყლორტი, ვითარცა მაგალითად ზაფრანისა და ნამიკრეფიასი, ღივი ზევით ამოიწვერება; ასევეა თესლის შემთხვევაშიც, პირველად აუცილებელია აღმოცენება, შემდეგ მორჩად ქცევა, შემდეგ მწვანე ბალახად და ბოლოს გამხმარსა და გამსხვილებულ ღეროზე ნაყოფის მომწიფება.

      ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა. რაჟამს თესლი მიწაზე დავარდება, რომელსაც სითბო და სინოტივე თანაბრად აქვს, გაიბერება, ფორები გაუმრავლდება და შემოწოლილი მიწით გარემოცული მისთვის დამახასიათებელსა და ნათესაურს ფორებში მიიტაცებს; ხოლო როცა მათში მიწის უწვრილესი მტვერი შეიჭრება, მოცულობით გაზრდილი თესლი ქვემოთ ფესვებს გამოიღებს, ხოლო ზემოთ ამოიწვერება. რამდენი ფესვიც ქვემოთ აქვს, ზემოთაც იმდენი ღერო ექნება; მუდმივად გამთბარი მორჩი ფესვებით სინოტივეს შეიწოვს და სითბოს საშუალებით მიწიდან იმდენ საზრდელს ამოიღებს, რამდენიც სჭირდება და მას როგორც ღეროს, ქერქსა და მარცვლის ბუდეს, ასევე თავად მარცვალსაც და ფხებსაც გაუნაწილებს. ამგვარად, ყოველი მცენარე მარცვლეულთა, პარკოსანთა, ბოსტნეულთა თუ ბუჩქნართა ჯიშიდან თანდათანობითი ზრდისას მისთვის ჩვეულ ზომას მიაღწევს.

      ერთი ბალახი, მისი ერთი ღეროც საკმარისია, რომ მთელი შენი გონება მოიცვას და განჭვრიტო ხელოვნება შემოქმედისა, რომელმაც იგი შექმნა; მაგალითად, როგორ შეირტყამს სარტყლად ხორბლის ღერო მუხლებს, რათა მათ, ვითარცა საკრველთა, სიმძიმე თავთავისა, რაჟამს მარცვლებით სავსე მიწისაკენ დადრკება, ადვილად იტვირთონ; შვრიის ღერო კი ცარიელია იმიტომ, რომ მის წვერს სიმძიმე არა აქვს. ბუნებამ ხორბლის ღერო ამგვარი მუხლებით დაიცვა, მარცვალი ბუდეში მოათავსა, რათა ფრინველებს არ წარეტაცათ, ხოლო ნემსივით წამახული ფეხები პატარა ცხოველებისაგან მიყენებული ზიანისაგან დავდასაცავად მისცა.

      4. რაღა ვთქვა, ან რის შესახებ დავდუმდე? ქმნილებათა მდიდარ საგანძურში სხვაზე აღმატებული პატივის მქონის პოვნა ძნელია, ხოლო რომელიმეს უყურადღებოდ დატოვება – შემაწუხებელი დანაკლისი.

      ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა და საზრდელთან ერთად მომაკვდინებელიც ამოვიდა: ხორბალთან შხამა, ხოლო სხვა საზრდელთან: ლემი, ხარისძირა, ვაშლაძილა და ხაშხაში. რა ვქნათ? მადლობა აღარ შევწიროთ დამაბდებელს იმისათვის, რომ ბევრი რამ სასარგებლო მოგვცა და ბრალი დავდოთ იმისათვის, რაც ჩვენი სიცოცხლისათვის დამღუპველია? თუ მოვიაზროთ, რომ ყოველი, რაც შეიქმნა, ჩვენი მუცლისათვის არ შექმნილა? მაგრამ ჩვენთვის განმზადებული საზრდელი ხომ ჩვენს ხელთაა და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, ხოლო რაც შეეხება სხვებს, ქმნილებათაგან თითოეული დაბადებულთა შორის თავის საკუთარ დანიშნულებას აღასრულებს. მაგალითად, რადგანაც ხარის სისხლი შენთვის სასიკვდილოა, ამიტომ იგი ან საერთოდ არ უნდა დაბადებულიყო, ან უსისხლო უნდა ყოფილიყო? მისი ძალა ხომ ესოდენ საჭიროა ჩვენი ცხოვრებისათვის? შენთვის საკმარისია გონება, რომელიც შენში ცოცხლობს, რათა იმისგან, რაც სასიკვდილოა, თავი დაიცვა. თუ ცხვრებიც და თხებიც კი გაურბიან იმას, რაც მათი სიცოცხლისათვის საშიშია, მაშინ როცა მავნებელს მხოლოდ ალღოთი არჩევენ, შენთვის, რომელსაც გონება და კურნების ხელოვნება მოგენიჭა, რომელიც სასარგებლოზე მიგითითებს და თანაც მავნებლისაგან მორიდებას წინაპართა გამოცდილებაც გასწავლის, მითხარი, ძნელი უნდა იყოს განშორება იმისაგან, რაც სასიკვდილოა? არცერთი ამათგანი არ შექმნილა ამაოდ და უსარგებლოდ, რადგან ისინი ან საკვებია ზოგიერთი ცხოველისა, ან კიდევ: სამკურნალო ხელოვნების მიერ რომელიმე სატკივარის შესამსუბუქებლად თავად ჩვენთვისაა აღმოჩენილი. შხამას შაშვები ძოვენ. ისინი სხეულის აგებულების წყალობით საწამლავისაგან ვნებას არ განიცდიან, რამდენადაც ფორები გულისა წვრილი აქვთ და შთანთქმულს მანამდე ალხვობენ, სანამ მის მიერ წარმოშობილი სიცივე გულამდე მიაღწევდეს. ხარისძირათი (ელევანი) კი მწყრები საზრდოობენ, რომელნიც ვნებას ასევე თავიანთი აგებულებით ირიდებენ. მაგრამ ზოგჯერ ეს მცენარენი ჩვენთვისაც სასარგებლონი არიან. მკურნალნი ვაშლიძალათი (მანდრაგორა) აძინებენ, ხოლო ოპიუმით სხეულის ძლიერ ტკივილებს აყუჩებენ. ზოგიერთებმა შხამათი გაუმაძღრობის სიცოფე განკურნეს, ვაშლაძილათი კი მრავალი დაძველებული სენი ამოძირკვეს. ამრიგად, რისთვისაც შენ დამბადებლისათვის ბრალის დადებას ფიქრობ, ისინი უმეტესი მადლობის მიზეზად გექცა.

      5. ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისაჲ. თქვა და რამდენი საზრდელი წარმოაჩინა იმათ ძირებსა, თვითონ მცენარეებსა თუ ნაყოფებში, რომელნიც ან თავისით აღმოცენდნენ, ან კიდევ შრომისა და მიწის დამუშავების შედეგად. თესლისა და ნაყოფის გამოღება მაშინვე კი არ ბრძანა, არამედ ჯერ აღმოცენება და გადამწვანება დედამიწისა, ხოლო შემდეგ თესლით გასრულება ზრდისა, რათა ეს პირველი ბრძანება ბუნებისათვის შემდგომშიაც მორჩილების შეგონება ყოფილიყო.

      ამბობენ: როგორღა გამოაქვს დედამიწას ჯიშის მიხედვით თესლი, მაშინ, როცა ხშირად ხორბალს ვთესთ და შავ მარცვალს ვიმკითო, მაგრამ ეს შეცვლას კი არ ნიშნავს ჯიშისა, არამედ თესლის რაღაც სენსა და უძლურებას, მან ხორბლის ბუნება კი არ განაგდო, არამედ, როგორც ამაზე მისი სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ხვატისაგან გაშავდა, დაიწვა რა გარდამეტებული ყინვისაგან, სხვა ფერი და გემო შეიძინა. ამბობენ, რომ თუკი იგი კვლავ კეთილ ნიადაგში მოხვდება და ჰაერიც შეზავებული იქნება, ძველ სახეს დაიბრუნებსო. ამგვარად, მცენარეთა შორის ვერაფერს იპოვი ისეთს, ამ ბრძანების საწინააღმდეგოდ რომ ხდებოდეს. ე.წ. ჭიოტა და სხვა ამდაგვარ სარეველთა თესლნი, რომელნიც საკვებად ვარგისებს შეერევიან და რომელთაც წმ. წერილში ჩვეულებრივ ღვარძლი ეწოდება, ხორბლის გარდასახვის შედეგად კი არ არიან წარმოშობილნი, არამედ საკუთარი დასაბამიდან წარმოდგებიან და საკუთარი ჯიში აქვთ. ესენი სახეა იმათი, რომელნიც უფლის მოძღვრებას ამახინჯებენ და სიტყვას ჭეშმარიტად კი არ ემოწაფებიან, არამედ ბოროტი სწავლებისაგან წამხდარნი ეკლესიის ჯანსაღ სხეულს შეერევიან, რათა თავიანთი ვნებანი უდანაშაულოებს ფარულად გადადონ. შეადარა რა მისი მორწმუნეების სრულყოფა თესლის აღორძინებას, უფალმა თქვა: ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა და დაიძინის, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ, რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფს გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა (მარკ. 4.26-28).

      ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი. – დედამიწამაც, რათა დაეცვა სჯული დამბადებლისა, აღმოცენებიდან მოკიდებული თვალის დახამხამებაში გაიარა ყველა სახე ზრდისა და ამონაყარნი გასრულებამდე მიიყვანა: და იქმნა ვრცელი მდელონი უხვი სიმწვანით და ნაყოფიერი მინდვრები აქოჩრილი პურის ყანებით, ღელვა თავთავთა – ვითარცა ღელვა ზღვის ტალღებისა.

      ყველა ამგვარი მცენარე და მწვანილი ყველა ჯიშისა, ზოგიც დატოტვილი და ზოგიც პარკოსანი, დედამიწაზე მაშინ უხვად აღმოცენდა, რადგან აღმოცენება იმ დროს ვერაფერმა ვერ შეაჩერა; ვერც მუშაკთა გამოუცდელობამ, ვერც შეუზავებელმა ჰაერმა და ვერც სხვა რომელიმე მიზეზმა აღმოცენებულებს ვნება ვერ მიაყენეს. დედამიწის ნაყოფიერებას მსჯავრდება ჯერ კიდევ არ აბრკოლებდა, რადგანაც ეს უწინარეს ცოდვისა იყო, რომლის გამოც ჩვენ პურის ჩვენი ოფლით ჭამა მოგვესაჯა.

      6. ითქვა: და ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. ამ სიტყვის შედეგად გახშირდა ბუჩქნარი, ამოიტყორცნა ყოველი ხე, რომელთაც ზრდისას დიდ სიმაღლეს მიაღწიეს: ნაძვი და კედარი, კვიპაროსი და ფიჭვი. ყოველი ჩირგვი მსწრაფლ დაიტოტა და უხვად გაიფოთლა; გამოჩნდნენ მცენარენი საგვირგვინონი: ვარდი, მურტი და დაფნა. ყოველივე, რაც მანამდე დედამიწაზე არ ყოფილა, თითოეული საკუთარი თვისებით ყოფიერებაში თვალისდახამხამებაში მოვიდა, სხვა ჯიშის მცენარეთაგან თვალსაჩინო სხვაობებით გამოყოფილი. ყოველი მათგანი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებით გამოიცნობა. მაგრამ, ვარდი მაშინ უეკლო იყო, ყვავილის სილამაზეს მხოლოდ შემდეგ შეერთო ეკალი, რათა ტკბობის სიამესთან ახლოს გვქონდეს მწუხარებაც, შემხსენებელი იმ ცოდვისა, რომლის გამოც დედამიწას ჩვენთვის “ეკალისა და კუროჲსთავის” აღმოცენება მიესაჯა (შესაქ. 3.18).

      უკეთუ ვინმე იტყვის: დედამიწას ებრძანა გამოეღო ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, რომლისა თესლი მისი მის თანა, ჩვენ კი მრავალ ხეს ვხედავთ, რომელთაც არც ნაყოფი აქვთ და არც თესლიო, რა უნდა ვუპასუხოთ? ის, რომ უპირატესად ის მცენარეები არიან მოხსენიებულნი, რომელნიც ბუნებით უფრო კეთილშობილურნი არიან და კიდევ: უკეთუ წვრილად შეისწავლი, აღმოჩნდება, რომ ყოველ მცენარეს ან თესლი, ან რაღაც თესლის თანაბარი ძალის მქონე აქვს. შავსა და თეთრ ალვებს, ტირიფებს, ძელქვებსა და სხვა ამდაგვარებს, მართალია, არა აქვთ ნაყოფი თვალსაჩინო, მაგრამ თუ დაწვრილებით გამოვიძიებთ, ვნახავთ, რომ თესლი ყოველ მათგანს აქვს, რადგანაც მარცვალი, რომელიც ფოთლის ქვეშაა და რომელსაც მათ, ვინც ყოველივეს თავის სახელს არქმევს “მისხონ” (μισχον) უწოდეს, თესლის ძალის მქონეა. ის ხეები კი, რომელნიც ტოტებისაგან აღმოცენდებიან, მათგან მრავალ ფესვს გამოიბამენ. შესაძლებელია თესლის მნიშვნელობა ჰქონდეთ ფესვებიდან ამონაყარებსაც, რომელთა გადანერგვითაც მებაღენი ჯიშს ამრავლებენ. მაგრამ, როგორც ითქვა, პირველად მოხსენიების ღირსნი ისინი გახდნენ, რომელნიც ჩვენი სიცოცხლისათვის უფრო საჭირონი არიან, ადამიანებს თავიანთ ნაყოფს აწვდიან და უხვ საზრდელს უმზადებენ. ასეთია ვაზი, რომლისაგანაც იქმნება ღვინო, რომელიც ახარებს გულსა კაცისასა, ასეთია ზეთისხილიც, მას გამოაქვს ნაყოფი, რომელიც საცხებელითა მხიარულ-ყოფს პირს (ფს. 103.15). და ბუნებისაგან დაბადებული რამდენი მოაწყდა ასეთი სისწრაფით? ძირი ვენახისა და მის ირგვლივ მიწაზე განფენილი მწვანე და დიდი რტოები, რქა, ხვიარა ულვაშები, ისრიმი და მტევნები. საკმარისია შეხედო და ვენახის გონივრული ჭვრეტა შთაგაგონებს შენ, რა უნდა მოგაგონოს ბუნებამ, რადგან, რაღა თქმა უნდა, გახსოვს იგავი უფლისა, რომელმაც თავისთავს ვენახი, მამას მოქმედი, ხოლო ყოველ ჩვენგანს, ვინც ეკლესიაში სარწმუნოებითაა დანერგილი, რტო გვიწოდა და კეთილი ნაყოფის გამოღებისაკენ მოგვიწოდა, რათა უსარგებლობისათვის ცეცხლისთვის მიცემა არ მოგვესაჯოს (ინ. 15.16). საერთოდაც ადამიანთა სულები ვენახთან მრავალგზისაა შედარებული: ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და კიდევ: ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი (ეს. 5.2).

      ცხადია, იგი ვენახში ადამიანთა სულებს გულისხმობს, რომელთათვისაც აღმართა ზღუდე – მცნებათა სიმყარე და დაცვა ანგელოზთაგან, რამეთუ დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაჲ გარემოს მოშიშთა მისთა (ფს. 33.8) და კიდევ: თითქოსდა სანგარით შემოგვზღუდა, როცა ეკლესიაში პირველად მოციქულნი, მეორედ წინაჲსწარმეტყუელნი და მესამედ მოძღუარნი (I კორ. 12.28) დაადგინა. ამაღლებს რა ჩვენს აზრებს ძველი ნეტარი კაცების მაგალითებით, არ მიატოვა ისინი მზაკვრობისთვის დასამორჩილებლად და ფეხქვეშ გასათელად. მოითხოვს, აგრეთვე, ჩვენგან, რომ შევიწყნაროთ, როცა სანგარს გვავლებენ, რადგან სანგარი ამსოფლიურ საზრუნავთა განდევნით გვევლება, რომელნიც ჩვენს გულებს ამძიმებენ. ამრიგად, ვინც ხორციელ სიყვარულს განაგდებს, სიმდიდრის წადილსა და მისწრაფებას ამქვეყნიური უბადრუკი დიდებისაკენ საძაგლად და სასაცილოდ მიიჩნევს, ვითარცა სანგარშემოვლებული, შვებით ამოისუნთქავს, მოიხსნის რა ფუჭ ტვირთს მიწიერი სიბრძნისა. იგავის სიტყვისამებრ: ნურავინ განდიდდება, ანუ, რაც იგივეა, მოსაჩვენებლად არ უნდა მოქალაქობდეს და არც გარეშეთა ქებამ უნდა მოინადიროს, არამედ კეთილი ნაყოფი გამოიღოს და ჭეშმარიტ მუშაკს დაუნჯებული თვისნი საქმენი აჩვენოს.

      ხოლო იყავი შენ ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა (ფს. 51.10), სასოებისაგან ნურასოდეს განიძარცვები, არამედ მუდამ ჰყვაოდეს შენში რწმენით მოპოვებული იმედი ხსნისა, რადგანაც ამით მიბაძავ მარადიულ სიმწვანეს ამ მცენარისა, ნაყოფის სიმრავლეში გაეჯიბრები და უხვად გასცემ ყოველ ჟამს მოწყალებას.

      7. მაგრამ მივუბრუნდეთ გამოკვლევას განბრძნობილ საქმეთა, კერძოდ, რამდენგვარი მცენარე აღმოცენდა, ზოგი ნაყოფის მომცემი, ზოგიც ვარგისი სახლებისა და ხომალდთა ასაგებად და ზოგიც დასაწველად. და კიდევ: მრავალფეროვანია ნაწილთა მოწყობა თითოეულ ხეშიც, ძნელია პოვნა თითოეულის საკუთარი თვისებისა და განჭვრეტა იმისა, რაც სხვადასხვა ჯიშის ხეებს ერთმანეთისაგან განასხვავებს. როგორ ხდება, რომ ზოგ მათგანს ფესვები ღრმად აქვს გადგმული, ზოგს კი, პირიქით, ზოგი სწორად იზრდება და ერთი ღერო აქვს, ზოგი კი დაბალია და პირდაპირ ძირიდანვე განტოტვილი? როგორ ხდება, რომ ისინი, რმელთაც გრძელი და ჰაერში შორს გაწვდილი რტოები აქვთ, ძირებსაც სიღრმეში იდგამენ, რომელთა ირგვლივაც მრავალი წვრილი ფესვია, ვითარცა ბუნებისაგან შექმნილი შესაბამისი საფუძველი, რომელმაც ზემო ნაწილის სიმძიმე უნდა იტვირთოს?

      და ქერქთა რამდენი სხვადასხვა სახეა! ხეებიდან ნაწილს გლუვი ქერქი აქვს, ნაწილს კი ნაოჭებიანი. ამასთან, ზოგის ქერქი ერთფენიანია, ზოგის კი – მრავალფენიანი. და რაც საოცარია, მცენარეებში იპოვნი ნიშნებს, რომლებიც კაცობრივ სიჭაბუკესა და სიბერეს ემსგავსებიან; ნორჩსა და ჯანსაღ ხეებს ქერქი მჭიდროდ ეკვრით, ბებერ ხეებში კი იგი დაღვლარჭნილი და გამაგრებულია. ზოგიერთი მოჭრის შემდეგ ისევ აღმოცენდება, ზოგი კი, თითქოს მოკვეთა მისთვის სიკვდილს ნიშნავდა, უმემკვიდროდ რჩება. ზოგიერთებმა ისიც კი შეამჩნიეს, რომ მოჭრილი ან დამწვარი ნაძვები ძირებისაგან კვლავ აღმოცენდებიან და ტევრად იქცევიან. მიწადმოქმედთა ზრუნვის წყალობით მრავალ ბუნებით ბოროტ ხეს განკურნებულს ვხედავთ, როგორც მაგალითად, მჟავე ბროწეულსა და მწარე ნუშს, კერძოდ, მათ ძირთან ტანს უხვრეტენ და ზუსტად გულში ნაძვის მსხვილ სოლს არჭობენ, რის შედეგადაც კეთილად იცვლებიან და ნაყოფსაც კეთილს გამოიღებენ, რომელსაც უსიამოვნო გემო აღარ აქვს.

      მათ მსგავსად, უკეთუ ვინმე ბოროტებასა შინაა, სასოს ნუ წარიკვეთს, რადგან უნდა იცოდეს, რომ ვითარცა მიწადმოქმედი ცვლის მცენარეთა რაგვარობას, ასევე ზრუნვას სულის სიქველეზე შეუძლია ყოველგვარი სენი დაამარცხოს.

      ნაყოფის გამომღებელ ხეთა ნაყოფთა შორის სხვაობანი ისე დიდია, რომ არავის შეუძლია სიტყვით გადმოსცეს მათ შესახებ, რადგან სხვაობანი არა მხოლოდ სხვადასხვა ჯიშის მცენარეთა ნაყოფთა შორის არსებობს, არამედ თვით ერთ სახეობაშიც კი ხისა მრავალფეროვნებაა, მაგალითად, სხვაგვარია ნაყოფი მამრი ხისა და სხვაგვარი მდედრისა, როგორც ამას მებაღენი განარჩევენ, რომელნიც ფინიკის ხეებს მამრებად და მდედრებად ყოფენ.

      შესაძლებელია შენც ნახო, რომ ზოგჯერ მცენარეს, რომელსაც ისინი მდედრს უწოდებენ, თითქოს გულისთქმით ანთებულს მამრისაგან მოხვევა სურსო, ტოტები დაშვებული აქვს. მცენარეთა მკურნალნი რტოებზე მას რაღაც მამრის თესლის მსგავსს აყრიან, რომელსაც “ფსინს” უწოდებენ, ხეც, თითქოს ტკბობა შეიგრძნოო, ტოტებს აღმართავს და მისი აგებულება ჩვეულებრივ სახეს იბრუნებს. იმავეს ამბობენ ლეღვის შესახებაც. ამიტომაც ზოგიერთები ბაღის ლეღვებთან ველურ ლეღვს რგავენ, ხოლო სხვები კეთილი ნაყოფის მომცემი ბაღის ლეღვის უძლურებას იმით კურნავენ, რომ მასზე ველური ლეღვის მკვახე ნაყოფს ჰკიდებენ და ამით ინარჩუნებენ უმწიფარ ნაყოფს, რომელსაც ჭკნობა და ჩამოცვენა უკვე დაწყებული ჰქონდა.

      რას ფიქრობ, რისთვისაა ეს იგავი ბუნებისა? იმისათვის, რომ ჩვენ ხშირად გულმოდგინებას კეთილ საქმეთა ჩვენებაში უცხო სარწმუნოების ადამიანებს უნდა დავესესხოთ.

      რაჟამს იხილავ წარმართობაში მყოფს ან მაცდუნებელი ერესის გამო ეკლესიისაგან განდგომილს, რომელიც უბიწოდ ცხოვრობს და ხასიათის კეთილკრძალულებაზე ზრუნავს, მეტი მისწრაფება შეიძინე, რათა ნაყოფიერ ლეღვს დაემსგავსო, რომელიც ძალას ველური ლეღვის სიახლოვით იკრებს და ნაყოფი კი აღარ სცვივა, არამედ უფრო დიდი მზრუნველობით ზრდის.

      8. ასეთია სხვაობანი ნაყოფთა წარმოშობის სახეთა შორის, რის შესახებაც მრავალისაგან მცირედი ვთქვით. მაგრამ ვინ მოგვითხრობს მრავალფეროვნებაზე თვითონ ნაყოფთა? მათ ფორმაზე, ფერზე, თითოეულის გემოზე ან სარგებლობაზე? რატომ ხდება, რომ ზოგიერთ მათგანს მზე შიშველს ამწიფებს, ზოლო ზოგიც ბუდეში დაფარული აღივსება? მათ, რომელთაც ნაყოფი ნაზი აქვთ, ფოთოლთა საბურველი რატომღა აქვთ სქელი, როგორც მაგალითად ლეღვს? ხოლო მაგარნაყოფიანებს ფოთოლთა სამოსელი მსუბუქი – ვითარცა კაკალს? იმიტომ, რომ პირველს დიდი შემწეობა სჭირდება თავისი უძლურებისა გამო, ხოლო მეორეს უფრო სქელი საბურველი ავნებდა იმით, რომ ჩრდილში მოაქცევდა. როგორაა ვაზის ფოთოლი დაპობილი ისე, რომ მტევანს ჰაერისაგან ვნებაც ააცილოს და სითხელის გამო მზის სხივებიც უხვად მიაღებინოს?

      არაფერია უმიზეზოდ და არაფერია შემთხვევითი. ყველაფერში რაღაც გამოუთქმელი სიბრძნეა, რომელი სიტყვა მისწვდება, ან კაცობრივმა გონებამ ყოველივე ზუსტად როგორ გამოიკვლიოს, რათა თითოეულის თავისებურებანი დაინახოს, მათ შორის არსებული სხვაობებით ერთმანეთისაგან გაყოს და დაფარული მიზეზებიც სრულად წარმოადგინოს?

      ერთი და იგივე წყალი, რომელსაც ფესვი შეიწოვს, სხვაგვარად კვებავს თვითონ ძირს, სხვაგვარად ქერქს ტანისა, სხვაგვარად მერქანს და კიდევ სხვაგვარად გულს. ერთი და იგივე ფოთლადაც იქმნება, წვეროებადაც და ტოტებადაც იყოფა და ნაყოფსაც ზრდის, მცენარეთა ცრემლი და წვენიც ამავე მიზეზიდან მომდინარეობს. მაგრამ ყოველივე ამათ შორის როგორი სხვაობანი არსებობს, ამის გამოთქმას ვერანაირი სიტყვა ვერ შესწვდება, რადგან სხვაა ცრემლი ფისის ხისა და სხვა წვენი ბალზამისა, ხოლო ეგვიპტესა და ლიბიაში ქოლგისებური მცენარეები სულ სხვაგვარ წვენს გამოყოფენ. იმასაც ამბობენ, რომ ქარვა ხეების წვენია, გაყინვის შედეგად გაქვავებული. ამას ადასტურებს წვრილი ღეროები და პაწაწინა ცხოველები, რომელნიც ვიდრე წვენი ნედლია, ეკრობიან და მასში რჩებიან. და საერთოდ, ვინც გამოცდილებით არ იცის თვისებათა მიხედვით როგორია სხვაობა წვენთა შორის, მათი მოქმედების წარმოსაჩენად სიტყვებს ვერ იპოვნის. და კვლავ: რატომაა, რომ ერთი და იმავე ტენისაგან ვაზი ღვინოს იძლევა, ზეთისხილი კი ზეთს? საკვირველი მხოლოდ ის როდია, რომ ტენი ერთში სიტკბოდ იქცა, ხოლო მეორეში ცხიმად, არამედ ისიც, რომ თვისებათა სხვაობა თვით ტკბილ ნაყოფთა შორისაც აღურაცხელია, რადგან სხვაა სიტკბო ყურძნისა და სხვა ვაშლისა, სხვა ლეღვისა და სხვა ფინიკისა.

      კიდევ მსურს, რომ შენ საქმის ცოდნით გამოიკვლიო, თუ რატომაა, რომ ერთი და იგივე წყალი, რაჟამს ამ მცენარეთა შინა დატკბება, ლბილია შეგრძნებისათვის, ხოლო რაჟამს იგი სხვა მცენარეთა შინაა, მჟავდება და სასას კბენს. როცა აბზინდასა და სკამონეაშია, აუტანლად მწარდება და შეგრძნებას აღიზიანებს, რკოსა და წაბლის ნაყოფში სიცხარეს იძენს, ხოლო სკიპიდრის ხესა და კაკალში რბილდება და ზეთს ემსგავსება?

      9. რა საჭიროა შორს წასვლა, როცა თვითონ ლეღვში წყალი ურთიერთსაპირისპირო თვისებებში გადადის? ხის წვენში იგი უმწარესია, ხოლო ნაყოფში – უტკბესი. იგივე ითქმის ვაზზეც, წვეროებში იგი ფრიად მწკლარტეა, მტევნებში კი – დიდად სასიამოვნო.

      და რა სიუხვეა ფერებისა! ერთი და იგივე წყალი მდელოთა შინა ერთ ყვავილში რომ წითელია, მეორეში მეწამული, მესამეში ცისფერი, სხვაში კიდევ სპეტაკი, და კვლავ: ფერთა სიჭრელეზე მეტია მრავალფეროვნება სურნელებათა, რომელსაც იგი გვფენს. მაგრამ ვხედავ, რომ ჩემმა სიტყვა ყოველივეს გამოკვლევის გაუმაძღარი სურვილის გამო ზომიერებას გადააჭარბა და თუ არ შევკრავ, არამედ დაბადებულთა თანამიყოლას ვაიძულებ, დღე დაილევა, ვიდრე თქვენ შემოქმედის დიდ სიბრძნეს უმცირესი საქმეებით წარმოგიდგენდეთ.

      ქუეყანამან გამოიღედ ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, ქუეყანასა ზედა. – და მსწრაფლ შეიმოსა ხშირი ტყეებით მთათა მწვერვალები, გამშვენდნენ ბაღები და მდინარეთა ნაპირები ათასგვარი ჯიშის მცენარემ შეამკო. ზოგიერთი მათგანი კაცთა სუფრის გასამშვენებლად გამზადდა, მეორენი ფოთლებითა და ნაყოფებით პირუტყვებს ასაზრდოებენ, ხოლო სხვანი წვენებით, ტენით, რტოებით, ქერქითა თუ ნაყოფით ჩვენი მკურნალობისთვის არიან სასარგებლონი. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც კი ჩვენ ხანგრძლივმა გამოცდილებამ აღმოგვაჩენინა, შევკრიბეთ რა ცალკეული შემთხვევებიდან სასარგებლონი, ეს ყოველი შემოქმედის მსწრაფლმა განგებულებამ თავიდანვე განჭვრიტა და ყოფიერებაში მოიყვანა.

      რაჟამს იხილავ ხეებს ბაღისა და ხეებს ველურებს, წყლის მოყვარეთა და უწყლობის გამძლეთ, ყვავილოვნებსა და უყვავილოებს, მცირეთაგან დიდი შეიცანი, მარადის გაოცებული დარჩი და სიყვარული დამბადებელისა ააღორძინე. გამოიძიე, როგორ შექმნა ზოგი მარადმწვანე და ზოგიც განშიშვლებული. მარადმწვანეთაგან ნაწილს ფოთლები სცვივა, ნაწილიც მარადფოთლოვანია. თუმცა ზეთისხილის ხესა და ფიჭვს წიწვები სცვივა, მაგრამ მათი ახლით შეცვლა ისე შეუმჩნევლად ხდება, რომ სამოსისაგან განძარცვულად არასოდეს გვეჩვენებიან. მარადფოთლოვანია ფინიკი, რადგან ფოთლები, რომელთაც პირველად გამოიღებს, ბოლომდე მასთან რჩება.

      და კიდევ: დააკვირდი კურდღლისცოცხის ბუჩქს, როგორ ცხოვრობს ორგვარი ცხოვრებით, რადგან წყლის მოყვარულთა შორისაც ირიცხება და უდაბნოშიც მრავლდება. ამიტომაც იერემიამ ცბიერი და ორპირი ბუნების მქონე ამ მცენარეს სამართლიანად შეადარა (იერ. 17.6).

      10. ქუეყანამან გამოიღედ. ეს მოკლე ბრძანება მყის დიდ ბუნებად და დახელოვნებულ სიტყვად იქმნა და ჩვენს ფიქრზე უსწრაფესად მცენარეთა ურიცხვი თვისება წარმოშვა. იგივე ბრძანება დედამიწაზე მოაქჟამამდე არსებობს და აგულიანებს მას, თავისი ძალა, რამდენიც აქვს, წელიწადის ყოველი მოქცევისას გამოიღოს ბალახების, თელსებისა და ხეების შობისათვის.

      ვითარცა ბზრიალა, მიეცემა რა პირველად ბიძგი, ტრიალს აგრძელებს და წრეების შემოწერისას ცენტრს თავისთავში ურყევად ინარჩუნებს, ასევე თანმიმდევრული წესრიგიც ბუნებისა, რომელმაც დასაბამი პირველი ბრძანებით მიიღო, იქედან მოყოლებული, ყველა დროში იარსებებს, ვიდრე ყოველთათვის საერთო აღსასრული არ მოიწევა. მისკენ მივისწრაფვით ჩვენ ყოველნი, აღსავსენი ნაყოფიერნი და კეთილი საქმეებით, რათა დავინერგოთ სახლსა შინა უფლისასა ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა (ფს. 91.14), ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰომილია VI

მნათობთა დაბადების შესახებ

      1. მას, ვინც მორკინალთ უყურებს, თავად მხნეობა შეეფერება. ამის დანახვა ყველას შეუძლია სანაოხაობათა წესებიდან, რომელნიც მოითხოვდნენ, რომ ასპარეზობაზე მყოფნი თავშიშველნი მსხდარიყვნენ. მე ვფიქრობ, ამით სურდათ, რომ ყოველი მორკინალთა არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ რამდენადმე მათი თანამებრძოლიც ყოფილიყო. მსგავსად ამისა, ვინც დიდსა და აღმატებულ სანახაობებს იძიებს და ჭეშმარიტად მაღალსა და გამოუთქმელ სიბრძნეს ისმენს, შეჰფერის თვითონაც რამდენადმე ისწრაფოდეს წინამდებარე სანახაობათა ჭვრეტისათვის, რათა შეძლებისდაგვარად ჩემი მოღვაწეობის თანამონაწილე გახდეს და არა მსაჯული, არამედ უფრო თანამოღვაწედ მექცეს, რათა ჭეშმარიტების პოვნის შესაძლებლობა არ დავკარგოთ და ჩემმა შეცდომამ საერთოდ მსმენელებს ზიანი არ მოუტანოს.

      რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ რამდენადაც წინ გვიძევს გამოკვლევა სამყაროს მოწყობისა და შემეცნება ყოველივესი, რასაც სათავე არა ამქვეყნიური, არამედ იმ სიბრძნისაგან დაედო, რომლითაც ღმერთმა თავისი მსახური განსწავლა, ესაუბრებოდა რა მას პირისპირ და არა იგავითა (რიცხვ. 12.8), ამდენად აუცილებელია, რომ დიდი სანახაობების მოყვარულთა გონება განუწვრთნელი არ იყოს ჩვენთვის შემოთავაზებულის შესამეცნებლად.

      ამგვარად, თუკი ოდესმე ნათელ ღამეში ვარსკვლავთა მიუთხრობელი მშვენება გიხილავს, უთუოდ გულისხმაგიყვია ყოველთა შემოქმედი, ვინც ზეცა იმგვარი ყვავილებით მოხატა, რომ ხილულთა შორის მათ მშვენებას სარგებლობა აღემატება და კიდევ: თუკი დღის მანძილზე მღვიძარე გონებით საკვირველებანი დღისა შეგისწავლია და ხილულთა მეშვეობით უხილავი განგიჭვრეტია, მაშინ მოსულხარ განმზადებული მსმენელი და ღირსი იმისა, რომ ეს პატიოსანი და ნეტარი სანახაობა შენითაც შეავსო.

      მოდით, და ვითარცა ქალაქს შეჩვეულებს ხელჩაკიდებულებს დაატარებენ, ასევე მეც ამ დიდი ქალაქის დაფარულ საკვირველებათა შორის შეგიყვანთ. ამ ქალაქში, ჩვენს ძველ სამშობლოში, რომელსაც ადამიანის მკვლელმა ეშმაკმა განგვაშორა, დაიმონა რა იგი თავისი ცბიერებით, იხილავ პირველ დაბადებას კაცისას და ცოდვისაგან ნაშობ სიკვდილს, რომელიც მსწრაფლ გვეწია და რომელიც პირმშოა ბოროტების დასაბამის – ეშმაკისა. აქ შეიცნობ შენს თავს, ვითარცა მიწიერი ბუნების მქონეს, მაგრამ ქმნილებას ღმრთეებრივი ხელისა, რომელიც ძალით პირუტყვებს დიდად ჩამოუვარდება, მაგრამ პირუტყვთა და უსულოთა მეუფედაა დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ საჭურველთაგან ნაკლულევანია, გონების აღმატებულობით თვით ზეცამდე ამაღლება შეუძლია. თუ ამას შევიცნობთ, საკუთარ თავსაც შევიცნობთ და ღმერთსაც, თაყვანს ვცემთ დამბადებელს, დავემონებით უფალს, განვადიდებთ მამას, შევიყვარებთ გამომზრდელს ჩვენსას, მოკრძალება გვექნება წინაშე კეთილისმყოფელისა, არ დავსცხრებით თაყვანისცემად ჩვენი აქაური და მომავალი ცხოვრების წინამძღოლისა, ვინც უკვე მონიჭებული სიმდიდრით აღთქმულსაც სარწმუნოყოფს და განგვაცდევინებს რა აწმყოს, მოსალოდნელსაც გვიმტკიცებს.

      უკეთუ საწუთრო ამგვარია, მარადიული როგორიღა იქნება? თუკი ხილული ასე მშვენიერია, რამდენად უფრო მშვენიერი იქნება უხილავი? და თუ სიდიდე ზეცისა კაცობრივი განსჯის საზომს აღემატება, რომელ გონებას შეუძლია გამოკვლევა მარადიულად არსებულთა ბუნებისა? უკეთუ ვერ ვძღებით ცქერით ამ მზისა, რომელიც გახრწნას ემორჩილება და რომელიც ასე მშვენიერი, ასე დიდი, სწრაფი მოძრაობით მოქცევათა წესიერად აღმასრულებელია, სამყაროს შესაფერისი სიდიდე აქვს და არ წყვეტს ურთიერთობას მთელთან, ხოლო თავისი ბუნების სილამაზით თითქოსდა ნათელ თვალს წარმოადგენს, რომელიც ქმნილებას ამკობს, როგორიღა იქნება მშვენიერება სიმართლის მზისა? თუკი ბრმისთვის სასჯელია ის, რომ მას ვერ ხედავს, რამდენად დასჯილი იქნება ცოდვილი, რომელსაც ჭეშმარიტი ნათელი მოაკლდება?

      2. და თქუა ღმერთმან: იქმნნედ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა, განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა (შესაქ. 1.14). ცამ და დედამიწამ დაასწრეს, ნათელი მათ შემდეგ შეიქმნა, გაიყო დღე და ღამე; კვლავ სამყარო და გამოჩენა მყარისა; შემდეგ წყალი შეიკრიბა თავის მუდმივსა და განსაზღვრულ შესაკრებელსა შინა. დედამიწა აღივსო საკუთარი ნაშობით, აღმოაცენა ათასგვარი ბალახი და მრავალი ჯიშის მცენარე ააყვავა. ამ დროს კი, ჯერ არც მზე იყო და არც მთვარე, რათა ღმრთის უმეცართ მზისთვის დასაბამი და მშობელი ნათლისა არ ეწოდებინათ და არც მიწისაგან აღმოცენებულთა დამბადებლად მიეჩნიათ. ამისთვის იქმნა დღე მეოთხე, როცა თქვა ღმერთმა:იქმნნედ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა. რაჟამს მთქმელს შეიცნობ, მასთან ერთად გონებით მყისვე მსმენელიც წარმოიდგინე. თქუა ღმერთმან: იქმნნედ მნათობნი. და შექმნნა ღმერთმან ორნი მნათობი (შესაქ. 1.16).

      ვინ თქვა და ვინ შექმნა? ვერ ხვდები, რომ ამაში ორი პირი იგულისხმება? თხრობის წყალობით ღმრთისმეტყველების ეს დოგმატი ყველგან ფარულადაა დათესილი. მითითებულია მოთხოვნილებაც, რომლის გამოც მნათობები შეიქმნენ, რადგან ნათქვამია: რაჲთა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. თუ ნათლის დაბადება წინ უსწრებდა, მაშინ რატომღა ითქვა, რომ ახლა მზე დაიბადა განმანათლებლად ქვეყნისა? ჯერ ერთი, თავისებურება სიტყვისა შენში ღიმილსაც კი ნუ გამოიწვევს, რადგანაც არ მივსდევთ ჩვენ თქვენს მოთხოვნებს და სიტყვის თხზვისას არც სიმწყობრის დაცვაზე ვზრუნავთ; ჩვენთან არ არიან მძერწველნი სიტყვისა და ყოველთვის უფრო დიდ პატივს არა მის კეთილხმოვანებას, არამედ სახელდებათა სიცხადეს მივაგებთ. მაგრამ დაუკვირდი, ის, რაც სურდა, მოსემ საკმარისად გამოხატა, რადგან განათლების წილ ნათობენო თქვა, რაც სრულიადაც არ ეწინააღმდეგება მას, რაც ნათლის შესახებაა თქმული. მაშინ ხომ ნათლის თვით ბუნება შეიქმნა, ახლა კი მზის ეს სხეული გამზადდა, ვითარცა ეტლი, რომელსაც ის პირველქმნილი ნათელი უნდა ეტვირთა.

      ისევე როგორც სხვაა ცეცხლი და სხვა ლამპარი, რამდენადაც პირველს განათების ძალა აქვს, ხოლო მეორე იმისათვის შეიქმნა, რომ ვისაც სჭირდება, გაუნათოს, ასევე გამზადდა მნათობები ეტლად და მტვირთველად ამ წმინდა, შეურევნელი და უნივთო ნათელისა; ისევე როგორც სხვაა, როცა მოციქული უწოდებს ვინმეს სოფლისა მნათობს(ფილლიპ. 2.15) და სხვაა ჭეშმარიტი ნათელი სოფლისა, რომელთან ზიარებითაც წმინდანები მათ მიერ დამოძღვრილი და უმეცრების სიბნელისაგან დახსნილი სულებისათვის მნათობებად იქმნენ, ასევე ყოველთა დამბადებელმა ეს მზე ახლა იმ ბრწყინვალე ნათელით აღავსო და აანთო სოფელსა შინა.

      3. ნურავის მოეჩვენება არასარწმუნოდ თქმული იმის თაობაზე, რომ სხვაა ბრწყინვალება ნათლისა და სხვა – ნათლის მტვირთველი სხეული. ჯერ ერთი, ყოველში, რაც შედგენილია, ჩვენ შემწყნარებლის არსებასა და შეწყნარებულის თვისებას ვარჩევთ. ისევე როგორც სხვაა ბუნებით სისპეტაკე და სხვა განსპეტაკებული სხეული, ასევე რაზეც ახლა ვსაუბრობდით, ბუნებით სხვადასხვანი არიან, მაგრამ შეერთებულნი დამბადებლის ძალით.

      ნუღარ მეტყვი: შეუძლებელიაო მათი ერთმანეთისაგან გამოყოფა და არც მე გეტყვი, რომ მე და შენ შემძლენი ვართ ერთმანეთისაგან გავყოთ ნათელი და სხეული მზისა, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ რის გაყოფასაც ჩვენ გონებით წარმოვიდგენთ, მათი ბუნებათა გაყოფა შემოქმედს საქმით შეუძლია.

      შენ უძლური ხარ გამოყო შემწველი ძალა ცეცლისა მისი ნათლისაგან, მაგრამ რაჟამს ღმერთმა ინება საკვირველი ხილვით მოექცია მსახური თვისი, მაყვლის ბუჩქში დაანთო ცეცხლი, რომელშიც მხოლოდ ნათელი მოქმედებდა, ხოლო შემწველი ძალა კი უქმად იყო, როგორც ამას ფსალმუნიც გვიმოწმებს: ხმამან უფლისამან განკვეთის ალი ცეცხლისა (ფს. 28.7). აქედან ზოგიერთი მოძღვრება ჩვენი ცხოვრების საქმეთათვის საზღაურის მიგების თაობაზე დაფარულად გვასწავლის, რომ ცეცხლის ბუნება ორად განიყოფება: სინათლედ, რომელიც შვება იქნება მართალთათვის და მტკივნეულ შემწველობად დასჯილთა ტანჯვისათვის.

      შემდეგ: ჩვენ შეგვიძლია სარწმუნო მტკიცება იმისა, რასაც ვიძიებთ, მთვარის სახეცვლილებაშიც ვიპოვოთ, რადგან რაჟამს აკლდება, სხეული კი არ ილევა მისი, არამედ ნათელს, რომელიც მასშია, განიშორებს, შემდეგ კვლავ შეიმოსს და ამგვარად ჩვენ მოკლებისა და ავსების საოცრებას წარმოგვიდგენს. იმას, რომ თვითონ მისი სხეული მოკლებისას არ განილევა, ცხადად გვიმოწმებს ის, რასაც ვხედავთ. რაჟამს ჰაერი წმინდაა და ყოველგვარი ნისლისაგან თავისუფალი, მაშინაც კი, როცა ყველაზე წვრილი ნამგლის სახე აქვს, შეგიძლია მისი უნათლო და გაუნათებელი ნაწილის იხილო იმავე რკალით შემოხაზული, რომლითაც სისავსის ჟამს მთელი მთვარეა შემოწერილი. ასე რომ, უკეთუ მზერას მთვარის როგორც განათებულ, ასევე გაუნათებელსა და ბნელ ნაწილებს ერთად მივაპყრობთ, მთელ წრეს ცხადად დავინახავთ. ნუ მეტყვი, რომ რამდენადაც მზესთან მიახლოებისას მცირდება, ხოლო განშორებისას ისევ იმატებს, ამიტომ მთვარის ნათელი ნასესხებია. ჩვენ ახლა ამას კი არ ვეძებთ, არამედ იმას, რომ სხეული მისი სხვაა, განმათებელი კი, სხვა. მსგავსად მოიაზრე მზის შესახებაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ განაზავა რა ერთხელ მიღებული ნათელი თავის თავში, აღარ განუშორებია, მთვარე კი მუდმივად ნათელს თითქოს ხან განიძარცვავს, ხანაც შეიმოსავს და ამგვარად გვიდასტურებს იმას, რაც მზის შესახებ ითქვა.

      ამათ ებრძანა განყოფა შორის დღისა და შორის ღამისა; ზევით კი, განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა. მაშინ მან ისინი ბუნებით დააპირისპირა, რათა ერთმანეთს არ ზიარებოდნენ და ნათელს არაფერი ჰქონოდა საერთო ბნელთან. რაც დღისით ჩრდილია, უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ღამით ბნელის ბუნებაა. უკეთუ ყოველგვარი ჩრდილი რომელიმე ნათლით განათებული სხეულებისა, ნათლის საპირისპირო მხარეს ეცემა – დილდილობით დასავლეთისაკენ გრძელდება, საღამოობით აღმოსავლეთისაკენ მიდრკება, ხოლო შუადღისას – ჩრდილოეთისაკენ, ღამეც ნათლის საწინააღმდეგო მხარეს მიდრეკას წარმოადგენს და ბუნებით არაფერია, თუ არა ჩრდილი დედმიწისა. ისევე როგორც დღისით ჩრდილს სინათლისათვის გზის გადაღობვა ქმნის, ასევე ღამეც მაშინ იშვება, როცა ჰაერი დედამიწაზე ბნელდება. ამას ნიშნავს თქმული: განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა. ბნელი გაურბის ნათლის მოსვლას შედეგად ერთმანეთისაგან იმ ბუნებრივი გაუცხოებისა, რომელიც მათ შესაქმეშივე იყო ჩადებული. ახლა კი, ღმერთმა მზეს დღეთა გაზომვა უბრძანა, ხოლო მთვარე მისი სავსების ჟამს ღამის მეგზურად აქცია, რადგან ამ დროს მნათობები ერთმანეთს თითქმის დიამეტრულად უპირისპირდებიან – სისავსის ჟამს მთვარე მზის ამოსვლისთანავე შეუმჩნევლად ჩადის, ხოლო მზის ჩასვლისას აღმოსავლეთიდან ამოდის. იმას, რომ მთვარის სხვა სახეებისას მისი ნათელი ღამესთან ერთად არ ჩნდება, ჩვენს ნათქვამთან კავშირი არა აქვს, ყოველ შემთხვევაში, რაჟამს იგი სავსეა, იწყებს ღამეს, აღემატება რა თავისი ნათელით ვარსკვლავებს და ანათებს დედამიწას და ასევე, თანასწორად მზისა, დროის საზომებსაც განსაზღვრავს.

      4. და იყვნედ სასწაულებად და დღეებად და წელიწადებად (შესაქ. 1.14). ადამიანთა ცხოვრებისათვის აუცილებელია მნათობთა ნიშნები, რადგან თუკი ვინმე მათი გამოძიებისას ზომას არ გადავა, ხანგრძლივი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად მრავალ სასარგებლო რამეს აღმოაჩენს. ბევრ რამეს ისწავლის თავსხმა წვიმებზე, ბევრსაც გვალვებზე და როგორც ადგილობრივ, ისე იმ ქართა აღძვრის თაობაზე, რომელნიც ყველგან ქრიან, როგორც ძლიერებზე, ასევე სუსტებზეც. მზისაგან ნაჩვენებ ნიშანთაგან ერთ-ერთი უფალმან გვასწავლა, როცა თქვა:ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ (მთ. 16.3). რადგან რაჟამს მზე ნისლში აღმოხდება, მის სხივებს ძალა ეკარგება და ნაკვერჩხლის მსგავსი მეწამეული ფერი ედება. ამგვარ სანახაობას მზერისათვის ჰაერის სისქე ქმნის. უკეთუ სქელი და დამდგარი ჰაერი მზის სხივებმაც არ გაფანტა, ცხადი ხდება, რომ ვერ დაძლია იგი. დედამიწიდან ავარდნილი ორთქლის და ტენის სიჭარბე იმ ადგილებში, სადაც იგი დაგროვდა, ავდარიანობას გამოიწვევს. მსგავსად ამისა, რაჟამს მთვარე თითქოსდა წყლითაა გარემოცული, ხოლო მზეს ირგვლივ ე.წ. შარავანდედი აკრავს, ეს ან ჰაერის წყალთა სიმრავლეს ან კიდევ მძვინვარე ქართა აღძვრას მოასწავებს; ან კიდევ: რაჟამს მზესთან ერთად მის სარბიელზე ე.წ. თანამდევი შარავანდებიც ამოდიან, ისინი ჰავის ცვლილებაზე მიგვანიშნებენ. ასევე ღრუბლებიდან სწორად ჩამოშვებული სვეტები, რომელთაც ცისარტყელას ფერები აქვთ, ან წვიმებს, ან მკაცრ ქარებს, ან კიდევ საერთოდ, ჰაერის დიდ გარდატეხას მოასწავებენ. და კიდევ მრავალი ნიშანი შეუცვნია მათ, რომელთაც მთვარის ავსება და მოკლება უკვლევიათ, როგორც მაგალითად ის, რომ მის სახეცვლილებასთან ერთად დედამიწის გარემმცველი ჰაერიც უცილობლად იცვლება.

      თუ სამი დღის მთვარე წვრილი და დაწმენდილია, მშვიდსა და ნათელ ამინდს გვაუწყებს; ხოლო თუ მისი რქები შესქელებული და მეწამული ფერის ჩანს, ღრუბლებიდან დიდძალ წყალს, ან მძვინვარე ქართა აღძვრას გვპირდება.

      ვინ არ იცის, რამდენი სარგებელი მოაქვს ამ ნიშნებს ჩვენი ცხოვრებისათვის?

      მეხომალდეს შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს ქარის ამოვარდნა და ხომალდი ნავსადგურში დააყენოს, მოგზაურს – რაჟამს მოღუშულ ჰაერს იხილავს, რომელიც ცვლილების მოლოდინშია, თავიდან აიცილოს ზიანი; მიწადმოქმედნი კი, რომელნიც თესვითა და მცენარეთა მოვლით არიან დაკავებულნი, ამათგან პოულობენ მარჯვე დროს ყოველგვარი საქმიანობისათვის. უფალმაც ხომ იწინასწარმეტყველა, რომ მზეში, მთვარესა და ვარსკვლავებში სოფლის წარხდომის ნიშნებიც გამოჩნდება. მზე გადაიქცევა სისხლად და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი (მთ. 24.29). ასეთი იქნება ნიშნები ყოველივეს აღსასრულისა.

      5. მაგრამ მათ, რომელთაც ზომიერების საზღვრები გადალახეს, მოსეს სიტყვები შობის დღეთა შესახებ მეცნიერების დასაცავად მოიხმეს და ამბობენ, რომ ჩვენი ცხოვრება ციურ სხეულთა მოძრაობებზეა დამოკიდებული. ამიტომაც ჰგონიათ ქალდეველებს, რომ ვარსკვლავები მიგვანიშნებენ იმაზე, რაც უნდა შეგვემთხვეს.

      წმინდა წერილის მარტივ სიტყვაში იყვნედ სასწაულებად მათ არა ჰაერის ცვლილება და ჟამთა მიმოქცევა, არამედ ცხოვრებისეული ხვედრი გულისხმაყვეს, და რას ამბობენ? რომ შობის ამა თუ იმ სახეს ზოდიაქოს ვარსკვლავებთან ამოძრავებული ვარსკვლავების შეერთება განსაზღვრავს, როცა ისინი ერთმანეთთან შეხვედრის შედეგად რაღაც გარკვეულ სახეს ქმნიან, ხოლო სხვაგვარად განლაგებით საპირისპირო ცხოვრებისეულ ხვედრს იწვევენ.

      შესაძლოა, უსარგებლო არ იყოს, თუ ამ საკითხზე მსჯელობას მეტი სიცხადისათვის, ცოტა ზემოდან დავიწყებ. მაგრამ ვიტყვი არა რაიმეს ჩემს საკუთარს, არამედ მათი მხილებისათვის მათივე სიტყვებით ვისარგებლებ, რათა ისინი, რომელნიც უკვე ჩავარდნილნი არიან საცდურში, რამდენადმე განვკურნო, ხოლო დანარჩენები დავიცვა რათა მათ მსგავსად არ დაეცნენ.

      შობის დღეთა შესახებ ამ მეცნიერების გამომგონებლებმა შეიცნეს რა, რომ ვრცელი დროის მანძილზე მრავალი სახე უსხლტებოდათ, დროის საზომის საზღვრები, რაც შეიძლებოდა, დაავიწროვეს, რადგანაც ყველაზე მცირესა და უმოკლეს დროში ანუ როგორც მოციქული ამბობს: მეყსა შინა წამსა თუალისასა (I კორ. 15.52), სხვაობა შობიდან შობამდე მეტად დიდია. ამ წამში რომ ქალაქთა მფლობელი, ხალხთა მთავარი, ფრიად მდიდარი და ძალაუფლების მქონე იბადება, მეორე წამში დაბადებული ღატაკია და მოწყალების მთხოვნელი, კარიდან კარზე მოხეტიალე დღიური საზრდოს მოსაპოვებლად. ამიტომაც ზოდიაქოდ წოდებული წრე თორმეტ ნაწილად გაყვეს, რამდენადაც მზე ე.წ. უძრავი სფეროს მეთორმეტედ ნაწილს ოცდაათი დღის მანძილზე გადის, თითოეული მეთორმეტედთაგანი ოცდაათ ნაწილად, შემდეგ ყოველი ასეთი ნაწილი სამოც ნაწილად, ხოლო თითოეული მესამოცედი კიდევ სამოცად დაანაწევრეს.

      განვიხილოთ ახლა დაბადებულთა შობანი და ვნახოთ, შეუძლია თუ არა ვინმეს ზედმიწევნით ზუსტად მისწვდეს დროის ამ დანაყოფებს. რაჟამს ჩვილი დაიბადება, ბებია ქალი დახედავს, ვაჟია იგი თუ ქალი, ხოლო შემდეგ დაელოდება ტირილს, როგორც ნიშანს ახალშობილის სიცოცხლისა და როგორ ფიქრობ, ამ დროისათვის რამდენი მესამოცედი ჩაიქროლებდა? აი, უკვე უთხრა მან ქალდეველს ახლადშობილის შესაებ. რამდენი უმცირესი ნაწილი დასჭირდებოდა ბებია ქალის თხრობას, კიდევაც რომ გამართლებოდა მას და საქალებოს გარეთ მდგომი ვინმე ჟამის დამდგენელი ეპოვა? რადგან მას, ვისაც ჰოროსკოპის შეცნობა სურს, ზუსტად უნდა ეცნობოს შობის დრო, დღისა იქნება ის თუ ღამისა და კიდევ რამდენი მესამოცედი ნაწილი გაირბენდა ამასობაში? აუცილებლად უნდა იქნეს ნაპოვნი შობის განმსაზღვრელი ვარსკვლავი, კერძოდ, რომელია იგი არა მხოლოდ ერთ მეთორმეტედ ნაწილში, არამედ მეთორმეტედის რომელიღაც ნაწილის რომელიღაცა მესამოცედში, რადაც იგი იყოფა, როგორც ვთქვით, რათა ზუსტად იქნეს ნაპოვნი პირველი მესამოცედიდან მოყოლებული რომელიღაცა მესამოცედი. ამგვარად, მათი თქმით, ყოველი პლანეტისათვის ასეთი უმცირესი და შეუცნობელი დრო უნდა იქნეს გამოთვლილი, რათა ვიპოვნოთ, რა მდგომარეობა ეკავათ მათ უძრავ ვარსკვლავებთან მიმართებაში და ჩვილის შობის ჟამს როგორი სახე შეადგინეს.

      რამდენადაც ამ დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, ხოლო მისი ერთი მცირე ნაწილის შეცვლა მეორეთი დიდ ცდომილებას ქმნის, სასაცილონი არიან ისინი, რომელნიც ამ სინამდვილეში არარსებული მეცნიერებისათვის იცლიან და კიდევ უფრო ისინი, რომელნიც პირდაღებულნი უსმენენ, თითქოს მათგან იმის გაგება შეეძლოთ, რა ელოდებათ.

      6. და როგორია დასკვნები? ისინი ამბობენ: ეს თმახუჭუჭა და თვალმშვენიერი იქნება, რადგან ვერძის დროს დაიბადა, და ამ ცხოველს კი ასეთი შესახედაობა აქვსო; დიდსულოვანიც იქნება, რამდენადაც ვერძი წინამძღოლიაო; და კიდევ: ხელგაშლილიცა და მომგებელიც, რადგანაც ეს ცხოველი უმტკივნეულოდ განიყრის რა მატყლს, ბუნებისაგან კვლავ ადვილად იმოსებაო, ხოლო კუროს დროს ნაშობნიო, - ამბობენ ისინი, - ჯაფის დამთმენნი და მსახურნი არიან, ისევე როგორც კურო, რომელიც უღლის ქვეშაა; მორიელის დროს დაბადებული მსგავსად ამ ცხოველისა, შფოთისთავია, ხოლო სასწორის ჟამს შობილი კი – სამართლიანი, ვითარცა ჩვენი სასწორი.

      და რაღა უნდა იყოს ამაზე სასაცილო? ვერძი, რომლისგანაც შენ ადამიანის დაბადების დროს იღებ, ერთი მეთორმეტედი ნაწილია ზეცისა, და მასში ყოფნისას მზე გაზაფხულის ნიშნებს ეხება. ასევე სასწორიცა და კუროც, თითოეული მათგანიც ერთი მეთორმეტედი ნაწილია ზოდიაქოდ წოდებული წრისა. ამბობ რა, რომ ძირითადი მიზეზები კაცობრივი ცხოვრებისა იქედანაა, ჩვენთან შობილ მძოვართაგან ადამიანთა ზნეს როგორ ახასიათებ? უკეთუ ვერძის დროს შობილი გულუხვია არა იმიტომ, რომ ეს თვისება ზეცის ამ ნაწილმა მისცა, არამედ იმიტომ, რომ ცხვარია ბუნებით ასეთი, რატომ გვაშინებ ვარსკვლავთა ნიშნების უეჭველობით და ცდილობ დაგვარწმუნო მძოვართა ბღავილით? თუკი ზეცამ ხასიათის ამგვარი თავისებურებანი ცხოველთაგან ისესხა, მაშინ იგი, რამდენადაც მიზეზებით მძოვარზე ყოფილა დამოკიდებული, თვითონაც უცხო საწყისებს უნდა ემორჩილებოდეს. და თუ ამის თქმა სასაცილოა, კიდევ უფრო სასაცილოა ძალისხმევა, დამაჯერებლობა მიანიჭო სწავლებას საგნებზე, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ.

      მათი ამგვარი ბრძნობანი ობობას ქსელს ჰგავს. თუ მას კოღო, ბუზი ან სხვა ამათი მსგავსი უძლურთაგანი მიეახლება, გაებმება და დამარცხდება; მაშინ, როცა, თუ რომელიმე ძლიერი ცხოველი მიუახლოვდა, თავს ადვილად გააღწევს, სუსტ აბლაბუდას გაგლეჯს და გაანადგურებს.

      7. მაგრამ ისინი მხოლოდ ამაზე როდი ჩერდებიან, არამედ იმის მიზეზებსაც, რისი არჩევაც ყოველი ჩვენგანის ხელთაა, - მე ვლაპარაკობ იმაზე, რას ავირჩევთ, სიკეთესა თუ ბოროტებას, - ზეციურ სხეულებს მიაწერენ. თუ ერთი მხრივ მათთვის პასუხის გაცემა სასაცილოა, მეორე მხრივ, რამდენადაც ამ ცდომილებით მრავალნი დასნეულდნენ, საჭიროება მოითხოვს, რომ დუმილი დავარღვიოთ.

      უპირველესად ეს ვკითხოთ მათ: განა ვარსკვლავები სახეს ყოველდღე ათასჯერ არ იცვლიან? რადგანაც ცდომილებად წოდებულნი მუდმივად მოძრაობენ, თუ ერთნი სწრაფად ხვდებიან ერთმანეთს, მეორენი მოქცევებს უფრო ნელა აღასრულებენ, ერთსა და იმავე დროში ხშირად ორივე იხილვება, ხშირად კი ერთმანეთს ფარავენ, ხოლო, შობის ჟამს კი, როგორც ისინი ამბობენ, დიდი ძალა აქვთ, რომ ან კეთილისმყოფელ, ან კიდევ ბოროტ ვარსკვლავთა გვერდით გამოჩნდნენ. ხშირად, ერთი უმცირესი ნაწილის შეუცნობლობის გამო, ვერ იპოვეს რა დრო, რომელშიც ვარსკვლავი თავის კეთილისმყოფელობას დაამოწმებდა, იგი უკეთურთა შორის აღწერეს. მე იძულებული ვარ, რომ მათივე გამოთქმებით ვისარგებლო.

      ამგვარ მსჯელობაში ფრიად დიდია უგუნურება, და კიდევ უფრო დიდი უღმერთოება, რადგან უკეთურ ვარსკვლავებს თავიანთი უკეთურობის მიზეზი შემოქმედზე გადააქვთ. თუ ისინი ბუნებით არიან ბოროტნი, მაშინ დამბადებელი ბოროტების შექმნელი ყოფილა, ხოლო თუ ბოროტება ნებაყოფლობით აირჩიეს, მაშინ ჯერ ერთი, ისინი ნების მქონე ცოცხალი არსებანი ყოფილან, რომელნიც იძულების გარეშე, თავისუფლად მოძრაობენ; მეორეც, მტკიცება ამგვარი სიცრუისა უსულოთა შესახებ, ნამდვილ სიგიჟეს წარმოადგენს.

      შემდეგ: რა დიდი უგუნურებაა თქმა იმისა, რომ სიკეთე და ბოროტება თითოეულ ვარსკვლავს წილად ღირსებისამებრ კი არ ხვდა, არამედ ამ ადგილას იგი კეთილისმყოფელი იყო, ხოლო სხვა ადგილას ბოროტი გახდა, რადგან რომელიღაცა ვარსკვლავის ქვეშ იხილვებოდა და კვლავ; გარკვეული მდგომარეობიდან რამდენადმე გადაიხარა თუ არა თავისი ბოროტება მყისვე დაივიწყა.

      ამის შესახებ საკმარისად ითქვა. უკეთუ დროის ყოველ წამს ვარსკვლავთა ურთიერთგანლაგება ერთი სახიდან მეორეში გადადის, და ურიცხვი შეცვლისას დღეში ხშირად იქმნება იმგვარი სახე, რომელიც მეფის დაბადებას გვიჩვენებს, რატომ ყოველდღე არ იბადებიან მეფენი? და რატომ ერგებათ მათ სამეფო მამისაგან მემკვდირეობით? რა თქმა უნდა, მეფეთაგან ყოველი ხომ არ იაზრებს თავისი შვილის დაბადებას გამომდინარე ვარსკვლავების სამეფო განლაგებიდან? და კაცთაგან ვინ შეიძლება იყოს უფალი ამისა? როგორ შვა ოსიამ იოათამი, იოათამმა აქაზი და აქაზმა ეზეკია ისე, რომ ამათგან არცერთს არ დაემთხვა ჟამი მონად დაბადებისა? შემდეგ: უკეთუ ბოროტსა და სათნო საქმეებს ჩვენგან კი არ ეძლევა დასაბამი, არამედ დაბადებიდანვე აუცილებლობით დაგვყვება, ზედმეტნი ყოფილან სჯულისმდებელნი, რომელთაც განგვისაზღვრეს, რა უნდა გავაკეთოთ და რას უნდა გავექცეთ, ზედმეტნი ყოფილან მსაჯულნი, რომელნიც სათნოებას პატივს სცემენ, ხოლო უკეთურებას სჯიან; მაშინ ბრალი აღარც ქურდს უნდა დაედოს და აღარც კაცის მკვლელს, რადგანაც კიდევაც რომ სდომებოდა, არ შეეძლო დაეჭირა თავისი ხელი, რომელსაც ამის ჩადენისაკენ აუცილებლობა აქეზებდა. და მაინც, ყველაზე ამაოდ ხელოსნები და მიწადმოქმედნი შვრებიან, რომელთაც თურმე თესვისა და მკის გარეშეც შეეძლოთ მიეღოთ უხვი მოსავალი. ასევე ვაჭარიც, მიუხედავად იმისა, მოისურვებდა იგი ამას თუ არა, გამდიდრდებოდა, რადგანაც ქონებას ბედი შეუკრებდა. ქრისტიანთა დიდი სასოებაც უნდა განქარდეს, რადგან იქედან გამომდინარე, რომ ადამიანები საკუთარი ნებით არაფერს აკეთებენ, აღარც სამართლიანობას მიეგება პატივი და აღარც ცოდვა განისჯება; იქ, სადაც აუცილებლობა და ბედისწერა მძლავრობს, ადგილი არა აქვს ღირსების მიხედვით მიგებას, რაც უპირატესად მართლმსაჯულების თვისებას წარმოადგენს.

      მათ შესახებ, რაც ითქვა, საკმარისია. ამასთან, არც თქვენ გჭირდებათ მრავალსიტყვაობა, რადგანაც სულით ჯანსაღნი ხართ და არც დრო გვაძლევს საშუალებას, რომ მათ წინააღმდეგ ზომაზე მეტი ვთქვათ.

      8. კვლავ მივუბრუნდეთ სიტყვას, რომელზედაც შევჩერდით: იყვნედ სასწაულებად და დღეებად და წელიწადებად.ნიშნებზე უკვე ვთქვით, ხოლო რაც შეეხება დროებს, მასში, ვფიქრობ, წელიწადის დროთა მონაცველობა იგულისხმება: ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა, რომელთა უცვლელი წესრიგით მიმოქცევას მნათობთა დადგენილი მოძრაობა გვანიჭებს. ზამთარი მაშინ დგება, ოდეს მზე სამხრეთისაკენ მიიქცევა და ჩვენს ადგილებში ღამის აჩრდილი გადიდდება, რის შედეგადაც ჰაერი დედამიწის გარშემო გაცივდება, ტენიანი ორთქლი ჩვენს ზემოთ შეიკრიბება და წვიმების, ყინვისა და გადაუღებელი თოვის მიზეზი ხდება. როცა მზე სამხრეთის ადგილებიდან კვლავ დაბრუნდება, შუაში დადგება და ამგვარად დროს ღამესა და დღეს შორის თანაბრად გაყოფს, მაშინ, რამდენადაც მეტ ხანს გაჩერდება დედამიწის რომელიმე ადგილის ზემოთ, იმდენად მეტად წარმოშობს იქ კეთილშეზავებულობას; და დადგება გაზაფხული, დასაბამი ყოველგვარი მცენარის აღმოცენებისა, გამაცოცხლებელი ხეთა უმეტესი ნაწილისა და მემკვიდრეთა შობით შემნარჩუნებელი ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ყველა ჯიშისა. აქედან მზე გადავა რა უკვე უკიდურესი ჩრდილოეთით, ზაფხულის მოქცევისაკენ, ყველაზე გრძელ დღეებს შეგვიმზადებს და იმის გამო, რომ დიდხანს დგას, ჩვენს თავს ზემოთ ჰაერს გააცხელებს, ხოლო მიწას გამოაშრობს, რითაც თესლს ამოსვლაში, ხოლო ხეთა ნაყოფებს დამწიფების დაჩქარებაში შეეწევა. თვითონ მზე ამ დროს უმხურვალესია, შუადღისას ჩრდილებს ამოკლებს, რადგან სიმაღლეზე აწეული, ადგილს ჩვენს ირგვლივ მთლიანად ანათებს. ყველაზე გრძელი ის დღეებია, რომლებშიც ჩრდილები უმოკლესია, ხოლო უმოკლესია დღეები, რომლებშიც ჩრდილები ყველაზე გრძელია. ეს ხდება ჩვენთან,ერთჩრდილიანებად წოდებულებთან, რომელნიც დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში ვცხოვრობთ. იმათ შორის, რომელნიც სამხრეთში ცხოვრობენ, ისეთებიც არიან, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში ჩრდილი საერთოდ ორი დღეც არა აქვთ. იქ მზე, რომელიც ზენიტში ბრწყინავს, ყოველმხრივ თანაბრად ანათებს, ასე რომ, ვიწრო პირებიდან უსულო სხივებით ჭათა სიღრმეში მდგარი წყალიც კი განათებულია. სწორედ აქედან ეწოდათ მათ უჩრდილოები. მათ, რომლებიც სურნელოვან მცენარეთა მშობელი ქვეყნის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობენ, ჩრდილი მონაცვლეობით ოროივე, ხან ერთი და ხან მეორე მხრიდან აქვთ და, რადგანაც ჩვენს მიერ დასახლებულ სამყაროში ერთადერთნი არიან, რომელნიც შუადღისას ჩრდილს სამხრეთისაკენ იძლევიან, ამიტომაც ირგვლივჩრდილიანებს უწოდებენ. ეს ყოველივე მაშინ ხდება, როცა მზე უკვე ჩრდილოეთ ნაწილში გადადის. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რა სიმხურვალე აქვს ჰაერს მზის სხივებისგან და ამით რა მოვლენები აღესრულება.

      ჟამი შემოდგომისა, რომელიც ჩვენთან ამათ შემდეგ დგება, ზედმეტ სიცხეს ასუსტებს, განზავებულობის მეშვეობით სითბოს თანდათანობით ამცირებს და უვნებლად გადავყავართ ზამთარში, მაშინ, როცა მზე ჩრდილოეთის ქვეყნებიდან ისევ სამხრეთში გადადის. ეს წრიული მოქცევანი წლის დროებისა, რომელიც მზის მოძრაობას მისდევს, ჩვენს ცხოვრებასაც განაგებს.

      ნათქვამია იყვნედ დღეებადო, არა იმიტომ, რომ მნათობებმა დღეები შექმნან, არამედ რათა მათზე იმეუფონ. დღეცა და ღამეც ხომ მნათობთა უწინარესად იშვნენ. ამასვე გვიდასტურებს ფსალმუნიც, რომელიც ამბობს: დაადგინა მზე მფლობელად დღისა, მთოვარე და ვარსკვლავები – ხელმწიფებად ღამისა (ფს. 135.8-9). რატომ აქვს მზეს მეუფება დღისა? იმიტომ, რომ მან ნათელი იტვირთა, რაჟამს ჩვენს ჰორიზონტზე ამობრწყინდება, სიბნელეს ფანტავს დად ღეს გვანიჭებს. ამიტომ შემცდარი არ იქნება, თუ ვინმე დღეს, როგორც მზით განათებულ ჰაერს, ისე განსაზღვრავს, ან კიდევ იტყვის, რომ დღე დროის საზომია, რომლის განმავლობაშიც მზე დედამიწის თავზე, ნახევარსფეროში იმყოფება. მაგრამ მზესა და მთვარეს წელიწადებად ყოფნაც ებრძანათ. მთვარე აღასრულებს რა თორმეტჯერ თავის სვლას, სრულ იქმნება წელიწადი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წელიწადის დროების ზუსტი სვლისათვის ხშირად დამატებითი თვე ხდება საჭირო. ასე ითვლიდნენ წელიწადს ებრაელები ძველ აღთქმაში და ძველი ელინები. მზის წელიწადი კი მისი საკუთარი მოძრაობის შედეგად განსაზღვრული ნიშნიდან კვლავ იმ ნიშანში დაბრუნებაა.

      9. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდინი (შესაქ. 1.16). სიტყვა დიდს ზოგჯერ აბსოლუტური შინაარსი აქვს; მაგალითად: დიდი ცა, დიდი დედამიწა, დიდი ზღვა; ბევრ შემთხვევაში კი იგი სხვასთან შესადარებლად იხმარება, როგორც მაგალითად: დიდი ცხენი და დიდი ხარი (რადგანაც ისინი სიდიდეს სხეულის მოცულობით კი არ ამოწმებენ, არამედ შედარებით თავიანთ მსგავსებასთან). ამიტომ, როგორ მოვიაზროთ დიდის შინაარსი ამ შემთხვევაში? ნუთუ ისე, როგორც ჭიანჭველას ან სხვას, ბუნებით პატარას, დიდს ვუწოდებთ მაშინ, რაჟამს მათ სიდიდეს მათივე ჯიშის სხვა წარმომადგენელთან შედარებით ვამოწმებთ? თუ ამჯერად დიდი ისე გავიგოთ, რომ ეს მნათობები დიდებად შეიქმნენ? მე ასე ვფიქრობ: ისინი დიდნი არიან არა სხვა, უფრო პატარა ვარსკვლავებთან შედარებით, არამედ იმიტომ, რომ საკმარისი მოცულობა აქვთ იმისათვის, რათა მათგან გადმოღვრილმა ნათელმა ცა და ჰაერიც გაანათოს და მთელ დედამიწასა და ზღვაზეც მყისვე გავრცელდეს. ცის რომელ ნაწილზედაც არ უნდა იყვნენ ისინი (მზე და მთვარე), თუნდაც ამოდიოდნენ, თუნდაც ჩადიოდნენ და თუნდაც შუაში იდგნენ, კაცთათვის ყოველი მხრიდან ერთი სიდიდის მქონენი ჩანან, რაც მათ უჩვეულო სიდიდეს ამტკიცებს, რომელთან შედარებითაც დედამიწის სივრცელე არაფერს ნიშნავს და მათ ვერც უფრო დიდად და ვერც უფრო მცირედ ვერ წარმოაჩენს. ჩვენგან დაშორებულ საგნებს რამდენადმე დაპატარავებულს ვხედავთ და რაც უფრო მივუახლოვდებით, მათ სიდიდეს უფრო და უფრო აღმოვაჩენთ. მაგრამ მზესთან მიმართებაში უფრო ახლოს და უფრო შორს არავინაა, არამედ პირიქით, დედამიწის ყველა ნაწილის მცხოვრებთ თანაბრად დაშორებული წარმოუდგება. ნიშანდობლივია, რომ მას ინდოელებიცა და ბრიტანელებიც ერთნაირს ხედავენ. არც აღმოსავლეთში მცხოვრებთათვის კლებულობს მისი სიდიდე, რაჟამს დასავლეთში ჩადის და არც დასავლეთში მცხოვრებთ ეჩვენებათ უფრო მცირე, რაჟამს აღმოსავლეთიდან ამოდის. მისი შესახედაობა უცვლელია ორივე მხარის მცხოვრებთათვის მაშინაც, როცა იგი ზეცის შუაში დგას.

      ნუ მოგატყუებს ის, რაც ჩანს და ნურც ის, რომ მხილველთათვის მოცულობით ერთი წყრთაა მხოლოდ და ნუ დაასკვნი, რომ მართლაც ესაა სიდიდე მისი. სიდიდე საგნებისა, რომელთაც დიდ მანძილზე დაშორებულებს ვხედავთ, ჩვეულებრივ მცირდება, რადგან მხედველობის ძალა არასაკმარისია, რათა გააღწიოს სივრცეს, რომელიც გვაშორებს. იგი გზადაგზა თითქოს განილევა და სახილველ საგნებამდე მისი მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს. შემცირებული ძალა ჩვენი მხედველობისა, გადააქვს რა საკუთარი ნაკლი სახილველ საგნებზე, გვაიძულებს ისინიც შემცირებულად აღვიქვათ. თუ მხედველობა ტყუვდება, იგი არასანდო კრიტერიუმი ყოფილა. საკუთარი შეცდომები გაიხსენე და ნათქვამის დამოწმებას შენს თავშივე იპოვი. თუკი ოდესმე მაღალი მთის მწვერვალიდან გიხილავს ველი, ვრცელი და გაშლილი, რამხელა მოგჩვენებია უღელში შებმული ხარები? და რამხელა თვითონ მხვნელები? ხომ ვითარცა ჭიანჭველანი? თუკი სათვალთვალო კოშკიდან მზერა ზღვის სივრცისაკენ წარგიმართავს, რამხელა მოგჩვენებია თვით ყველაზე დიდი კუნძულები და რამხელა ერთი სატვირთო ხომალდთაგანი მუქ ლურჯ ზღვაზე თეთრი იალქნებით რომ მიცურავს? ხომ მტრედებზე უფრო მცირედ წარმოგდგომია, არა? რადგანაც, როგორც ვთქვი, ჰაერის მიერ შთანთქმული მზერა, სუსტდება და სახილველის ზუსტად აღქმისათვის არასაკმარისი ხდება. ასევე მთათა შორის უდიდესს, რომელიც ღრმა ხეობებითაა დასერილი, მზერა ყოველმხრივ ამობურცულად და გლუვად წარმოადგენს, რადგანაც მხოლოდ გამოწეულ ადგილებს სწვდება, და მათ შორის არსებული ღარტაფების წვდომა უძლურებისა გამო არ შეუძლია. ამიტომაც მხედველობა სხეულებს ვერც იმგვარ მოხაზულობას უნარჩუნებს, რომელიც სინამდვილეში აქვთ, არამედ, პირიქით, ოთხკუთხა კოშკებს მრგვალებად წარმოგვიდგენს. ამგვარად, ყველაფრიდან ჩანს, რომ მზერა დიდი მანძილით დაშორებულ სხეულებზე არა ჭეშმარიტ, არამედ შერეულ წარმოდგენას იღებს. ასე რომ, მნათობი იგი დიდია, როგორც ამას წმინდა წერილი გვიმოწმებს და განუსაზღვრელად უფრო დიდი, ვიდრე ჩანს.

      10. და კიდევ ესეც იყოს შენთვის ცხადი ნიშანი მისი სიდიდისა: თუმცა ურიცხვია სიმრავლე ზეცაში ვარსკვლავთა, მაგრამ ყველა მათგანის ნათელი რომ შევკრიბოთ, საკმარისი არ იქნება ღამის სიბნელის გასაფანტავად. ეს კი ერთი, გამოჩნდება თუ არა ჰორიზონტზე, მაშინაც კი, როცა მის ამოსვლას მხოლოდ ველოდებით, ჯერ დედამიწაზე მთლიანად არც კი ამაღლებულა, რომ სიბნელე უკვე ქრება, ვარსკვლავთა ნათელი ფერმკრთალდება და დედამიწის ახლოს მანამდე გამკვრივებული და შეკუმშული ჰაერი შეთხელდება და ამდინარდება. აქედან არიან დილის ნიავნი და ცვარნი, რომელნიც მოწმენდილ ამინდში დედამიწას ასველებენ. როგორ შეუძლია მზეს მთელი დედამიწის, რომელიც ასე ვრცელია, თვალის დახამხამებაში განათება, სხივებს რომ დიდი სფეროდან არ აგზავნიდეს? აქედან შემოქმედის სიბრძნეც შეიმეცნე, რომელმაც მას ამგვარი დაშორების შესაბამისი სიმხურვალე მისცა. მხურვალება მზისა ისეთია, რომ არცა გარდამეტებული სიცხით დაწვას ქვეყანა და არც სითბოს დაკლებით დატოვოს დედამიწა ცივი და უნაყოფო.

      მთავარის შესახებაც, მსგავსად ნათქვამისა წარმოიდგინე. მისი სხეულიც დიდია და შემდგომად მზისა ყველაზე მანათობელი. ამასთან, მისი სიდიდე ყოველთვის არ იხილვება, არამედ ზოგჯერ სავსე ჩანს სიმრგვალესა შინა, ხოლო ზოგჯერ, შემცირებული და დაკლებული, თავის ამა თუ იმ დარჩენილ ნაწილს წარმოაჩენს. როცა იზრდება, მისი ერთი ნაწილი იჩრდილება, მეორე ნაწილი კი მოკლების ჟამს იფარება. ბრძენ შემოქმედს რაღაც დაფარული მიზეზი აქვს მისი ხატის ასე მრავალფეროვანი ცვლილებისათვის. შესაძლებელია, ამით მას სურდა ნათელი მაგალითი მოეცა ჩვენი ბუნებისა, კერძოდ, რაც კაცობრივია, მათგან მარადიული არაფერია, ერთი რომ არარსებობიდან გასრულებამდე მიდის, მეორე მიაღწევს რა აყვავების ხანას და მისთვის უკიდურეს ზომამდე გაიზრდება, თანდათანობითი მოკლების შედეგად განილევა, ირღვევა და დაპატარევებული ნადგურდება. ასევე მთვარის სანახაობისგანაც ჩვენი თავი უნდა შევიცნოთ და შეგვექმნება რა აზრი კაცობრივ საქმეთა მსწრაფლ ცვალებადობაზე, მაღალი წარმოდგენა არც ცხოვრების კეთილდღეობაზე გვექნება, არც ძლიერებით გავიხარებთ და არც მერყევი სიმდიდრით აღვზევდებით; უგულებელვყოფთ ხორცს, რომელსაც ცვალებადობა ახასიათებს და ვიზრუნებთ სულზე, რომლის სიკეთეც უცვლელია. თუ შენ გამწუხრებს მთვარე, რომელსაც თანდათანობითი მოკლებისას ნათელიც უმცირდება, უფრო მეტად დაგამწუხროს სულმა, რომელმაც სათნოება შეიძინა, მაგრამ სიკეთე დაუდევრობით წარწყმიდა, არასოდეს არ რჩება ერთსა და იმავე მდგომარეობაში, უსაფუძვლო აზრების გამო აქეთ-იქით აწყდება და ხშირად იცვლება, მართლაც ისე, როგორც ნათქვამია: უგუნური იცვლება ვითარცა მთვარე (ზირ. 27.11).

      ვფიქრობ, მთვარის ცვლილებას ცოტა გავლენა როდი აქვს ცხოველთა და სხვა მიწისაგან წარმოშობილთა აგებულებაზე, რადგან სხვაგვარია სხეულთა მდგომარეობა, როცა იგი კლებულობს და სხვაგვარი, როცა იზრდება. მთვარის შემცირებასთან ერთად ისინი თხელდებიან და სუსტდებიან, ხოლო როცა იგი იზრდება და სისრულეს უახლოვდება, კვლავ ივსებიან. ეს იმიტომ, რომ მთვარე მათ რაღაც სითბოსთან განზავებულ ტენს აძლევს, რომელიც სიღრმეში აღწევს. ამას გვიმოწმებენ ისინი, რომელთაც მთვარის სინათლეზე სძინავთ და თავის არე გარდამეტებული ტენით ევსებათ; ასევე სწრაფად ფუჭდება ახლადდაკლული ცხოველის ხორცი, რაჟამს მას მთვარის სხივები დაეცემა და კიდევ: ცხოველთა ტვინი, ზღვის ცხოველები და ხეთა გულები. მაგრამ მთვარე ყოველივე ამის შეცვლას თავის ცვალებადობასთან ერთად ვერ შეძლებდა, იგი რომ, როგორც ამას წმიდა წერილიც გვიმოწმებს, ძალით რაღაც განსაკუთრებული და უჩვეულო არ იყოს.

      11. ჰაერის სახეცვლილებანი მთვარის ცვალებადობას უკავშირდება, როგორც ამას ხშირად მშვიდი და ნათელი ამინდის შემდეგ ახალი მთვარისას ღრუბლების მოძრაობისა და მათი ურთიერთშეხლის შედეგად მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხლები გვიდასტურებენ; ასევე უკუდინებანი ევრიპებისა, მიქცევა ე.წ. ოკეანისა, რომელიც, როგორც ეს სანაპირო მცხოვრებთა აღმოაჩინეს, ზუსტად მთვარის წრიული მოქცევის დროებს მისდევს. მთვარის სხვა სახეებისას ევრიპები ორივე მხარეს მიედინებიან, ხოლო მისი შობის ჟამს ერთი წუთითაც არ მშვიდდებიან, განუწყვეტლივ ღელავენ და ირყევიან, სანამ მთვარე კვლავ არ გამოჩნდება და წინა-უკმო დინებებს გარკვეულ თანმიმდევრულობას არ მიანიჭებს. დასავლეთის ზღვაც მიმოქცევას ემორჩილება, ხან იკლებს და ხანაც იმატებს, მიქცევისას თითქოს მთვარემ შეისუნთქაო, ხოლო მოქცევისას, თითქოს მთვარემ ამოისუნთქაო, მანმადე ივსება, ვიდრე ჩვეულ ზომას არ მიაღწევს.

      ყოველივე ეს იმიტომ ვთქვი, რომ მნათობების სიდიდე მეჩვენებინა და დამემტკიცებინა, რომ ღმრთივსულიერ სიტყვებში არაფერია ფუჭი, თვით ერთი ასოც კი, თუმცა ჩვენი სიტყვა არაფერს მთავარს თითქმის არ შეხებია. მზისა და მთვარის სიდიდესა და დაშორებაზე დასკვნების საშუალებით მრავალი რამის პოვნა შეიძლება, თუკი მათ მოქმედებასა და ძალას ზედაპირულად არ განვიხილავთ. ჩვენი უძლურება ჩვენვე გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რათა ვინმემ უდიდესი ქმნილებანი ჩვენი სიტყვების მიხედვით კი არ გაზომოს, არამედ, პირიქით, იმ მცირედან, რაც მათ შესახებ ითქვა, გამოიტანოს დასკვნა იმის თაობაზე, თუ უთქმელი რამდენი მნიშვნელოვანი რამ დაგვრჩა.

      ამგვარად მთვარე არა თვალით, არამედ გონებით გაზომე, რომელიც ჭეშმარიტების აღმოჩენისას თვალზე ბევრად უფრო ზუსტია. ახლა ყველგან გავრცელდა სასაცილო ზღაპრები მთვრალი დედაბრებისა, იმის თაობაზე, რომ რაღაც გრძნეულებით თავისი საფუძვლიდან დაძრული მთვარე დედამიწაზე ჩამოვარდება. მაგრამ როგორ შეუძლია გრძნეულთა შელოცვას ადგილიდან დაძრას ის, რაც უზენაესმა დააფუძნა? და თუ მაინც ჩამოვარდა, რომელი ადგილი დაიტევს მას?

      გსურს, მისი სიდიდის შესახებ მტკიცებულება მცირე ნიშნებიდან ისესხო? სამყაროში ერთმანეთისაგან დიდად დაშორებული ქალაქები აღმოსავლეთისაკენ მიქცეულ ქუჩებში მთვარის ნათელს თანაბრად იღებენ. მთვარე რომ ყველას პირისპირ არ იდგეს, იგი უეჭველად მხოლოდ იმ ქუჩებს გაანათებდა, რომლებიც მის პირდაპირ მდებარეობენ, ხოლო ქუჩებს, რომლებიც მისი მოცულობის გარეთ არიან, დახრილ, ირიბად წამოსულ სხივებს ესროდა.

      იგივე შეიძლება ვიხილოთ ლამპრებშიც, რომლებსაც სახლებში ანთებენ. როცა მის ახლოს მრავალი დგას, ჩრდილი პირდაპირ მდგომთა პირდაპირვე წაგრძელდება, ხოლო დანარჩენთა ჩრდილები ამა თუ იმ მხარეს მიდრკებიან, აქედან გამომდინარე, მთვარის სხეული რომ უზარმაზარი არ იყო და აღმატებული სიდიდე არ ჰქონდეს, ერთი ყველას პირდაპირ ვერ აღმოჩნდებოდა. იმ ადგილებში, სადაც დღეები თანაბარია, ამოსულ მთვარეს ერთნაირს ხედავენ როგორც მცხოვრებნი ცივ სარტყელში, დათვის თანავარსკვლავედის ქვეშ, ასევე ისინიც, რომლებიც სამხრეთის სიღრმეში ცხოვრობენ, მეზობლები მზიანი ადგილებისა. მისი სივრცელე ყოველი მათგანის მიმართ პირდაპირაა მიქცეული, რითაც იგი თავის სიდიდეს ცხადად ამოწმებს. ვინღა იკამათებს ისევ იმის თაობაზე, რომ სხეული მისი, რომელიც ასე ბევრ საგანს უთანაბრდება და თანაც მისგან ასე დაშორებულს, მართლაც რომ ფრიად დიდია. მზისა და მთვარის სიდიდეზე საკმარისად ითქვა.

      ვინც ჩვენ მოგვმადლა გონება, რათა მცირე ქმნილებათაგან შემოქმედის სიბრძნე შევიცნოთ, დაე მოგვანიჭოს ძალა დიდი ქმნილებებისაგან დამბადებლის შესახებ კიდევ უფრო მეტის შეცნობისა, თუმცაღა მზეცა და მთვარეც შემოქმედთან შედარებით კალიასა და ჭიანჭველაზე უფრო მცირენი არიან. ამიტომაც შეუძლებელია მათგან ისეთი დასკვნის გამოტანა, რომელიც ყოველთა ღმერთის სიდიადის შესაფერისი იქნებოდა; მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ რამდენადმე მცირე და ბუნდოვან წარმოდგენებამდე მიგვიყვანონ, ისევე როგორც ყოველს პატარა ცხოველებისა და მცენარეებისგან.

      დავკმაყოფილდეთ იმით, რაც ითქვა და მადლობა შევწიროთ მას, ვინც მე სიტყვის ეს მცირე მსახურება მომმადლა, ხოლო თქვენ – მას, ვინც სულიერი საზრდეელით გზრდით. მან ჩემი მწირი სიტყვებით, ვითარცა რაღაც ქერის პურით, ახლაც გვასაზრდოვებს, რწმენის შესაფერისად მოგვცემს რა გამოცხადებას სულისა (I კორ. 12.7) ჩვენი უფალი ქრისტე იესოს მიერ, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


[1] გრაფიკული ნიშანი საეჭვო ადგილების აღსანიშნავად.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

ტეგები: Qwelly, ბასილი_დიდი, ბიბლია, ეგზეგეტიკა, ძვ.აღთქმა, ჰომილიები

ნახვა: 490

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters