ფერისცვალებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი

      ბრწყინვალე არს ჩუენდა კრებაჲ ესე დღისაჲ ამის, საყუარელნო, ბრწყინვალე არს დღესასწაული ესე ჭეშმარიტისა ამის ტალავრობისაჲ უფროჲს ძუელისა მის. ბრწყინვალე არს კარავი ესე ჩუენი უფროჲს პირველისა მის. არა ფურცელთაგან ხეთაჲსა შექმნულ არს, რომელსა წარმავალი საჭმელი გამოაქუს, არამედ საღმრთოთაგან წესთა შემკულ არს, რომელსა სულიერი და წარუვალი საზრდელი გამოქუს. არა საწუთროჲ ტალავარი არს, რომელი დაშთის ოჴერი მყოფთა მისთაგან,არამედ საუკუნოჲ კარავი არს, რომელი მოუკლებელ არს მკჳდრთა მისთაგან.

      არა თუ ცეცხლითა განი\ლევის, არამედ მადლითა განმტკიცნების, რომლისათჳს იტყოდა წინაწარმეტყუელი:

      "უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა?".

      ტაძარი არს სამეუფოჲ და ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცჱ ჭეშმარიტებისაჲ, რომელსა შინა ვდღესასწაულობთ დღესასწაულსა სიხარულისასა. დღეს თაბორი ცათა მობაძავ იქმნების, რამეთუ ხედავს დიდებასა შემოქმედისა თჳსისასა, დღეს შეიმკვების ღრუბლითა ნათლისაჲთა და იხარებს ჴმითა მამისაჲთა.

      დღეს მოსე რჩულისმდებელი გჳრგჳნოსან იქმნების წამებითა მამისაჲთა, რამეთუ რომლისათჳს-იგი წინა-აუწყა ისრაჱლსა, ვითარმედ: "წინაწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე, მისი ისმინეთ" ამას დაამტკიცებს მამაჲ და იტყჳს: "ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. მაგისი ისმინეთ". იგი იტყოდა, ვითარცა მომავალსა, ვითარმედ: მისი ისმინეთ. ესე იგი არს. ოდეს მოვიდეო. ხოლო ესე უწამებს, ვითარცა თანამდგომარესა, ვითარმედ: მაგისი ისმინეთ, ესე იგი არს, რომელი მოვიდა და თქუენ შორის დგას.

      დღეს ელიაცა, ეტლი იგი ისრაჱლისაჲ და მჴედარი მისი ფრიად იხარებს, რამეთუ რომელმან-იგი ჴორცითა საკრველთა შინა საყოფელთა დაჰმარხა, იხილა იგი ჴორცშესხმული ჭეშმარიტად, და რომელმან-იგი უკუდავებისა სახჱ უჩუენა მას, იხილა იგი ვნებად და სიკუდიდ მოსრული ნებსით. დღეს თავნი იგი მოწაფეთანი აღმაღლდებიან, რამეთუ იხილეს მიუწდომელი დიდებაჲ. უკუეთუ ქუეყანისა მეფემან უშინაგანჱსთა მსახურთა აუწყის საიდუმლოჲ თჳსი და უხარინ, რამეთუ ღირს იქმნეს ცნობად საიდუმლოსა უფლისა თჳსისასა, რომლისაჲ ქერობინთაჲცა შეუძლებელ არს თუალთა შედგმაჲ, რამეთუ უფროჲს მათსაცა ღირს იქმნნეს ესენი: იგინი საყდართა ქუეშე ეტლისთუალთა იფარვიან და არავის მიუთხრობენ დიდებასა მისსა, რამეთუ ესენი არა ხოლო თუალით ხილვად, არამედ ჴელით მსახურებადცა და უფროჲსღა ყოველთა კიდეთა აუწყებენ დიდებასა მისსა. რამეთუ ესენი მიუთხრობენ ყოველთა საკჳრველებათა მისთა. იგინი, ვთქუათ, ხოლო ურთიერთას იტყჳან ქებასა მათსა, ხოლო ამათ ყოველი სოფელი აღავსეს ღმრთის მეცნიერებითა, და ყოველნი მათ თანა სამსა მას წმიდასა გალობასა აქებენ.

      რაჲ-მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი ღმრთის შუენიერისა მისთჳს საკჳრველებისა?

      "რამეთუ გონებაჲ გულსმოდგინე არს, ხოლო ენაჲ უძლური". არამედ შემინდვეთ მე სიტყუად, რამეთუ არა მნებავს მე დუმილი. ხოლო შემეწიენით, რაჲთა არა მოვმედგრდე. ლოცვა ყავთ ჩემთჳს, რაჲთა ვიტყოდი თქუენ თანა ამისთჳს, რომელი-ესე გუესმა დღეს წმიდისა სახარებისაჲ, ვითარმედ: "შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანე".

      რაჲ-მე არს "შემდგომად ექუსისა დღისა", რომელ თქუეს? _ არამედ პირველთა მათ სიტყუათა შემდგომად ექუსთა დღეთა, ვითარცა-იგი მათე და მარკოზ აუწყებენ. ხოლო კუალად ლუკა იტყჳს, ვითარმედ: "შემდგომად სიტყუათა მათ, ვითარ რვა ოდენ დღჱ". ნუ ვინმე რიცხჳს ამის განყოფილად თხრობითა უმეცარ იყოს დღესა ამის, რამეთუ ჭეშმარიტად მართალ გჳთხრეს მახარებელთა მათ, რამეთუ მათე და მარკოზ არა თანა-შეჰრაცხენ პირველსა მას დღესა, რომელსა სიტყუანი იგი ითქუნეს და არცა უკუანაჲსკნელსა მას, რომელსა შინა იცვალა ხატი იგი დიდებისაჲ, არამედ საშუვალ პირველისა და მეორისა ექუსთა ხოლო დღეთა გჳთხრობენ, ვითარმედ: შემდგომად ექუსისა დღისა. ხოლო ლუკა პირველსაცა და უკუანაჲსკნელსა თანაშეჰრთავს და ერთბამად აჰრაცხს, ვითარმედ: შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, გინა თუ მერვესა დღესა. აწ უკუე დღეთა მათთჳს ესოდენ იყავნ სიტყუაჲ ესე. არამედ მასვე სიტყუასა მოვიდეთ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე, იაკობ და იოვანე".

      ჵ სამგზის სანატრელთაჲ მათ მოწაფეთა სამგზის პატივი უფროჲს სხუათასა: რამეთუ პირველ, ოდეს-იგი ასული შესაკრებელთმთავრისაჲ მის აღადგინა, ოდეს-იგი მივიდოდა მათ თანა მკჳრცხლ, ვითარცა კაცი, ხოლო მას გინა მკუდარი იგი მხოლოჲთა სიტყჳთა, ვითარცა ღმერთ არს. და მერმე მას დიდებულსა ხილვასა, ოდეს-იგი აღვიდოდა მათ თანა მთასა მას ლოცვად ვითარცა კაცი, ხოლო გამობრწყინდა დიდებითა ღმრთეებრ. და მერმე კუალად ოდეს-იგი მოვიდოდა ცხორებისა ვნებასა მას ნეფსით და განზრახვით და მას ღამესა, რომელსა მისცემდა თავსა თჳსსა, და მივიდოდა მათ თანა გესმანიად ვითარცა კაცი, რომლისათჳს იტყოდა: "მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდე", და ილოცვიდა: "მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს თანაწარსლვად სასუმელი ესე ჩემგან", ხოლო განუმზადებდა ყოველთა ცხორებასა და უკუდავებასა, ვითარცა ღმერთ არს, რაჲთა სამთა ამათ სამგზის პატივითა სამებისა სარწმუნო იყოს ყოველთა საიდუმლოჲ, რამეთუ იგი არს, რომელი შორის სამების იდიდების, რომელი მათ შორის მონისა ხატითა იქცეოდა.

      ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ სხუათა მოწაფეთა პატივსა დავამცირებ, ვითარმცა იგინი უპატიო იყვნეს, არამედ რომელთა-იგი იხილეს მიუწდომელი საკჳრველებაჲ, ვაქებ, ვითარცა იგივე ნეტარი იოვანე ღმრთისმეტყუელი ითქუმის საყუარელად უფროჲს სხუათასა, რამეთუ იტყჳს: "მოწაფჱ, რომელი უყუარდა იესუს". არა თუ სხუანი იგი უყუარდეს, არამედ მათცა იგივე ზოგადი მადლი აქუნდა და თქუა: "უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, ვითარმცა ვინ სული თჳსი დადვა მეგობართა თჳსთათჳს. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ". და კუალად ვითარმედ: "მამასა ჩემსა უყუართ თქუენ". აწ უკუე, არა თუ შეასმენს სიტყუაჲ იგი მათ, არამედ მისსა მას სიტყუასა უფროჲსად ბრწყინვალე ჰყოფს.

      არამედ კუალად მასვე სიტყუასა მოვიდეთ. აღვიდა იესუ მთასა მას ლოცვად, რომელ-იგი სხუასაცა ჟამსა ოდესმე ილოცვიდა, უფროჲსღა იორდანეს ნათლისღებასა მისსა, ჟამსა მას, ოდეს-იგი განეხუნეს ცანი და სული წმიდაჲ გარდამოჴდა და მამისა მიერ იწამა ძედ საყუარელად.

      ესევე დღესცა ილოცვიდა ჟამსა მას დიდებისა თჳსისა[სა], ოდეს-იგი გამობრწყინდა მამულისა მის დიდებისა ბრწყინვალებითა. და კუალად მამისა მიერ იწამა მითვე ჴმითა ძედ საყუარელად. არა თუ ლოცვით მოიგებდა ღმრთისაგან და მამისა დიდებასა და პატივსა და არცაღათუ ვედრებითა იწამებო\და იგი ძედ, რამეთუ იგი თჳთ არს, რომელი-იგი შეიწირავს ყოველთა ვედრებასა და მისსა მოდრკეს ყოველი მუჴლი ზეცისათანი და ქუეყანისათა და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აღუვაროს მას, რამეთუ უფალი იესუ ქრისტჱ არს, და სადიდებელად ღმრთისა, მამისა, არამედ რაჲთა აჩუენოს სრული მსგავსებაჲ ჩუენისა მის ბუნებისაჲ თჳნიერ ცოდვისა და რაჲთა ლოცვათა ჩუენთა წინამძღუარ ექმნას მამისა მიმართ, ვითარცა იგი შუვამდგომელ არს მღდელთმოძღუარს ღმრთისა მიმართ, რაჲთა შესწირვიდეს ლოცვათა ჩუენთა და გჳლხინებდეს ცოდვათა ჩუენთა.

      და იგი ნათლისღებითა მითა არა თუ განწმედასა მიიღებდა წყალთა მათგან, არამედ უფროჲსღა სიწმიდესა მისცემდა, ეგრეცა ლოცვითა მით არა თუ წყალობასა და შეწყნარებასა მიიღებდა, არამედ უფროჲსთა ყოველთა შეწყნარებულს ჰყოფდა და მლოცველთა მათ მიჰმადლებდა წყალობასა.

      რამეთუ მუნ ნათლისღებასა მას ახალი იგი ელია იყო თჳთმხილველ და მსახურ და ქადაგ, ხოლო აქა ძუელი იგი ელია განახლებული წინაშემდგომელ, მგალობელ და თაყუანისმცემელ და თანაზიარ და თანამზრახვალ საიდუმლოჲსა მის.

      ჵ საკჳრველი და მიუწდომელი ხილვაჲ! რამეთუ იხილეს ოდეს წინაწარმეტყუელთა მათ მოციქულთა თანა მთასა თაბორსა უფროჲს მთისა სინაჲსა. რამეთუ მუნ ალი იგი ცეცხლისაჲ, ხოლო აქა ნათელი ღმრთეებისაჲ. მუნ მაყუალი, ხოლო აქა ღრუბელი. მუნ მოსე შეშინებული, ხოლო აქა თანამდგომარე და ზრახვისა ზიარი. მუნ მონაჲ დიდებული, ხოლო აქა უფალი დიდებისაჲ. მუნ სახჱ, ხოლო აქა ჭეშმარიტებაჲ. ამიერითგან არღარა შჯული მოსჱსგან მოეცემის, არამედ მადლი და ჭეშმარიტებაჲ იესუ ქრისტესგან დაემტკიცების.

      და რაჲსაღა უმეტჱსი ვთქუა? არღარა მოსე იტყჳს, ვითარმედ "წინაწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ ღმერთმან და მისი ისმინეთ". არამედ თავადი მამაჲ თჳთ წამებს, ვითარმედ: "ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ". რამეთუ უფროჲს მოსჱსსა არს, რამეთუ აქა დღეს გამოჩნდა დიდებითა, რომელმანცა-იგი დიდებულ-ყო პირი მოსჱსი, ვითარმედ ვერ შემძლებელ იყვნეს ძენი ისრაჱლისნი თუალთა შედგმად პირსა მოსჱს დიდებითა მით პირისა მისისაჲთა, რომელი განქარვებადღა იყო. უკუეთუ განქარვებადი იგი დიდებით იყო, რავდენ უფროჲს, რომელ-იგი ჰგიეს დიდებითა?

      ჵ დიდისა მის ჴელმწიფებისა საკჳრველებაჲ! რამეთუ დღეს იწოდნეს ცხოველნი და მკუდარნი მსაჯულისა მის მიერ ცხოველთა და მკუდართაჲსა, რამეთუ იგი არს, რომელსა ცხორებისა და სიკუდილისა ჴელმწიფებაჲ აქუს და ნეფსით მოვიდა მოსიკუდიდ ჯუარითა და ესენი თავით ეტყჳან მას, რომელცა-იგი ეგულების ყოფად. ღმრთეებისასა მას ხედვენ საკჳრველებასა და კაცობრივსა მას იტყჳან ვნებასა.

      ჵ მიუწდომელისა მის სიმაღლისა გამოუთქუმელი სიმდაბლჱ! რამეთუ რომელი-იგი პირველითგან იყო სიტყუაჲ და ღმერთი და ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონებისაჲ მოიღო და მსგავს კა\ცთა იქმნა. და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი, დაიმდაბლა თავი თჳსი, იქმნა მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითაღა ჯუარისაჲთა. პეტრე, თავი იგი მოციქულთაჲ და კლდე სიმტკიცისაჲ, იტყჳს: "უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ". ნანდჳლვე კეთილ არს ყოფაჲ, სადა ღმრთის მეცნიერებაჲ ეწამების და ნათელი ღმრთეებისაჲ იხილვების, და სასუფეველი ცათაჲ ეუწყების. მერმე იტყჳს: "ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსჱსა და ერთი ელიაჲსა".

      რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა, არამედ არა უმეცარ იყო, რომელსა-იგი ზრახვიდა, რამეთუ იტყჳს: "ერთი შენდა", ვითარცა ღმრთისა და ერთი მამისა, რომელი-ეგე ხატი და ბრწყინვალებაჲ დიდებისა მამისაჲ ხარ, ვითარცა სთქუ: "რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი". და ერთი მოსჱსა, ვითარცა შენ მხოლოჲსა ძისათჳს, რომელმან მსგავსებაჲ მისი შეიმოსე განკაცებითა და შჯულისდებითა და სიკუდილითა. და ელიაჲსა, ვითარცა სულისა წმიდისათჳს, რომელი-იგი ცეცხლისა ეტლითა და ზეაღფრენითა და უკუდავებისა მის სახელითა ცხოვრებისა საუნჯეთა შინამსგავსად გამოისახვის. რამეთუ სამითა მით სახელითა საცნაურსა მას ტალავარსა აღაშჱნებს, რომელ არს სამოციქულოჲ კათოლიკეჱ ეკლესიისაჲ, რომელსა შინა სამებაჲ იქადაგების, დაღათუ მან სამი თქუა, არამედ ღრუბელი იგი ერთობასა აჩუენებს, რამეთუ არა უმეცარ იყო საიდუმლოჲსა მის, ვითარცა-იგი არა კაცობრივმან სიბრძნემან ასწავა მას თქუმად, ვითარმედ: "შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ", არამედ მამამან ზეცათამან, ვითარცა-იგი თავადი უფალი ეწამების, რომლისათჳსცა კლიტენი სასუფეველისანი მიიხუნა. და რამეთუ ხატ და ბჭჱ სასუფეველისა ცათაჲსა ეკლესიაჲ, ვითარცა მამათმთავარი იაკობ იტყჳს: "ვითარ საშინელ არას ადგილი ესე! არა არს ესე სხუა, არამედ სახლი ღმრთისაჲ და ბჭჱ ცათაჲ". რამეთუ ლოდი იგი სასთუნალი აუწყებდა დაფუძნებასა ეკლესიისასა, ხოლო აღმართებითა მით და ცხებითა აღშჱნებასა და დიდებასა აუწყებდა. ამისთჳსცა უწოდა ბეთელ, რამეთუ ბეთელ ითარგმანების: სახლი ღმრთისაჲ. ხოლო კიბეთა აღმართებაჲ და ანგელოზთა გარდამოსლვაჲ და აღსლვაჲ მოასწავებდა, ვითარმედ ესე არიან ბჭენი უფლისანი, და მართალნი შევლენედ ამას, რომელნი სარწმუნოებითა განმართლებულ იქმნეს ანგელოზთა თანა გალობისა და ქებისა შეწირვად ცათა შინა. რომლისათჳსცა ეტყჳს უფალი მოციქულსა მას, ვითარმედ: "შენ ხარ კლდჱ, და მაგას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი არა ერეოდიან მას, და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი, და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, იყოს იგი კრულ ცათა შინა, და რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა".

      აწ უკუე ვერ ერეოდიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი ეკლესიასა, დამყარებულ არს იგი კლდესა მას ზედა. რომელსა-მე კლდესა? არამედ ამასო, რომელსა პეტრე იტყჳს, ვითარმედ: "შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ".

      და რომელსა პავლე იტყჳს: "ხოლო კლდჱ იგი იყო ქრისტჱ". აწ უკუე "რომელმან აღაშჱნოს სახლი თჳსი კლდესა მას ზედა, რავდენვეღა თუ იყვნედ წჳმანი და წარმოეცნენ მდინარენი და ქროდიან ქარნი და ეკუეთნენ სახლსა მას, ვერ დაეცეს, რამეთუ დამყარებულ არს კლდესა ზედა" და აღშჱნებულ არს იგი საფუძველსა ზედა წმიდათა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტჱ იესუ. ხოლო რომელნი ორგულებით შებრკოლდეს ურწმუნოებითა, მან კუალად მსგავსი იგი ისმინენ, რამეთუ "აღაშჱნა მან სახლი თჳსი მქჳშასა ზედა, და ვითარცა იყო წჳმაჲ, აღდგეს ნაღუარევნი, ანქრევდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა, და იყო დაცემაჲ მისი დიდი". რამეთუ იტყჳს: "აჰა ესერა, დავსდებ სიონს შინა ლოდსა დაბრკოლებისა და კლდესა საცთურებისასა, და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა ჰრცხუენეს". და ყოველსა, რომელსა დაეცეს, იგი განინქრიოს და რომელი ეკუეთოს, იგი შეიმუსროს*.

      ამისთჳს უკუე მოციქული იგი საღმრთოჲსა მის დიდებისა ხილვასა ქადაგებს განცხადებულად და იტყჳს: "რამეთუ არა მეცნიერებისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრიტჱსი ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ ვხედევდით მისსა მას სიმდიდრესა".

      რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაჲ, ჴმაჲ, რომელი მოიწია მისა ესევითარისაგან დიდად შუენიერებისა დიდებისაჲ: "ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ". და "ეს ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით გამოსრული, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა." იტყჳს, ვითარმედ: "მის თანა რაჲ ვიყვენით". არა თუ მარტოჲ დაამტკიცებს, არამედ ნეტარ იგი მოციქული და მარტჳლი, რომელი ხედვიდა და ესმოდა, რომელმანცა ამას ჭეშმარიტებისათჳს
წარუღერა ქედი თჳსი მახჳლსა ჰეროდჱსსა, რამეთუ ეჴსენა მას ჭეშმარიტი იგი აღთქუმაჲ, რომელი აღუთქუა უფალსა თჳსსა, ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: "მიძლავს სასუმელი, რომელი შენდა შესუმად არს". და რამეთუ საყუარელი იგი მოწაფჱ იოვანე და ღმრთისმეტყუელი, რომელი-იგი მიეყრდნა მკერდსა მისსა სერობასა მას და აღმოივსო სიღრმისაგან სარწმუნოებისა და წამა ჭეშმარიტი, ვითარმედ: "ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ, ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა".

      სარწმუნო არიან მოწამენი ესე და ჭეშმარიტ არს წამებაჲ ესე მათი, რამეთუ "პირისაგან ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ". ამისთჳსცა მამაჲ ზეგარდმო სამგზის წამებს: პირველად იორდანეს ზედა, ვითარცა იგი დიდებასა ძისასა აუწყებს, რამეთუ უწინარჱს თქუა, მეორედ მთასა ზედა თაბორსა, რომელსა-ესე ვდღესასწაულობთ, და მესამე იერუსალჱმს, ოდეს-იგი ჴმაჲ იყო და თქუა: "გადიდე და მერმე გადიდო". რომელისათჳსცა ეტყოდა უფალი ერსა მას: "არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს", რაჲთამცა არწმუნა ერსა მას ამისგან და უწამა მათ: "აწ საშჯელი არს სოფლისაჲ". რაჲ-მე არს საშჯელი იგი? _ არამედ ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოივლინა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ, ვითარცა-იგი პირველ ვთქუ: "რომელსა არა ჰრწმენეს იგი, აწვე დაშჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა მას სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა". სარწმუნო არს იოვანჱსისა, დიდისაჲ მის შორის წინაწარმეტყუელთა და უფროჲსისა მის ნაშობთა დედათაჲსაჲ და უფლისა წინამორბედისაჲ და მქადაგებელისაჲ, რომელსა-იგი ესმოდა იოვანეს მამისა მიერ წამებაჲ და იტყოდა: "რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს მას ცხოვრებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყო ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ" დაადგრეს მის ზედა, უკუეთუ რომელმან შეურაცხ-ყოს შჯული მოსჱსი, თჳნიერ წყალობისა ორითა ანუსამითა მოწამითა მოკუდეს. რაოდენ უფროჲსისა ტანჯვისა ღირს არს მისა, რომელმან ძჱ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყოს და წამებაჲ იგი მამისაჲ არა შეიწყნაროს და მოციქულთა ქადაგებაჲ არა შეჰრაცხოს სარწმუნოდ.

      რამეთუ ვიცით, რომელმან-იგი თქუა: "ჩემი არს შურისგებაჲ და მე მივაგო, იტყჳს უფალი". და განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა.

      აწ მოვედით დასასრულსა ამის სიტყჳსასა, რამეთუ გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნებდა იესუ, ვითარმედ: "ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს".

      რაჲ-მე რაჲ არს მცნებაჲ ესე, ვითარმედ: "ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას", რომელი უფროჲს ყოვლისა ხილვისა ქადაგებად ჯერ-არს? არამედ მისითა მით განაჩინა დროჲ იგი ჟამისაჲ მის და წესი თხრობისაჲ, რამეთუ თქუა: "ოდეს ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს", რომლისათჳს სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: რომელი გრქუან ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი ყურთა გესმეს, ქადაგებდით ერდოთა ზედა. და ვითარცა იგივე კუალად ეტყჳს მათ და ასწავებს: გზასა წარმართთა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ. ხოლო რაჟამს მოიწიოს ჟამი იგი, ოდეს ჯერ-იყოს მისლვაჲ, ეტყჳს მათ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა". ხოლო თჳნიერ ჟამისა თხრობაჲ სიტყჳსაჲ უწესო არს და თჳნიერ წესისა კეთილი რაჲმე უჟამო არს და თჳნიერ კეთილისა სათნოებაჲ შეუზძლებელ არს, ხოლო თჳნიერ სათნოებისა სრულებასა ვერ მიიწიოს. აწ უკუე ვისწავოთ მოციქულისაგან, რომელი-იგი ჩუენ, ვითარცა კეთილისა თანამზრახვალი, გუსწავებს და იტყჳს: "რაჲთა გამოიცადა... ღმერთისაჲ"... და მადლსა წმიდისა სულისასა და სახარებისა ქადაგებითა და მოციქულთა მოძღურებითა, ვითარცა შვილნი მორჩილებისანი. რაჲთა შვილებაჲ იგი დავიმკჳდროთ აღთქუმული და ძმობისაჲ იგი მოვიღოთ პატივი.

      ვითარცა იგი მადლითა თჳსითა გჳწესს ჩუენ ძმად და იტყჳს: მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა. რამეთუ იგი თავადი არს, რომელ კაცთმოყუარებით იქმნა ჭეშმარიტად ჩუენდა ძმად და ნათესავ ძირისაგან იესჱსისა და ტომისაგან დავითისა. გამობრწყინდა ნათლითა დიდებისა თჳსისაჲთა, რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და მყოფ არს ნათელსა მიუწდომელსა, რომელი კაცთაგანმან არავინ იხილა და არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს დი\დებაჲ და მადლი და პატივი და თაყუანისცემაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

თქუმული იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ

ტეგები: Qwellyland, holy_bible, თაბორი, ფერისცვალება, წმინდა_წერილი

ნახვა: 309

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პარკიპელაგი - მოტივტივე კუნძულები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2020.
საათი: 10:52pm 0 კომენტარი

      მთელს მსოფლიოში, უამრავი კუნძულია, რომლის ყიდვაც შეგიძლია და დასახლება, მაგრამ ზოგჯერ გამოუსაგარი და შეუძლებელი ხდება კუნძულზე ცხოვრება. ოცნებების ასასრულებლა კი კოპენჰაგენში ხელოვნური კუნძულები შექმნეს, რომელსაც სადაც გინდა იქ წაიღებ. მოტივტივე კუნძულების პარკი სულ მალე გაიხსნება კოპენჰაგენის ნავსადგურში. დანიურმა კომპანიამ, სტუდიო ფოკსტროტმა (Studio Fokstrot) და ავსტრალიელმა არქიტექტორმა მარშალ ბლეჩერმა (Marshall Blecher) მოიფიქრეს…

გაგრძელება

პოპულარობა ტერორიზმით, მეორე ტური და ელჩობა ოპოზიციაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2020.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      ერთ კვირაში შემოდგომაც მიილევა. მიწურულს კი თოვლმა გაამშვენა წითელი ფოთლების ფრენა და ნარნარი. კორონასგან მიყენებული ლეტალური ზიანი არ კლებულობს, ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება. ხვალ ისევ არჩევნებია და ოპოზიცია ისევ უარზეა. ტერორიზმი კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვირუსი სტატისტიკა - 96860 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 77932, გარდაცვლილი - 894, კარანტინში - 2226. დოლარი 3.3073 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს…

გაგრძელება

არჩევნები უკორიდოროდ იქნება, დღგ დაბრუნდება და თოვლიც უფრო მოიმატებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      პირველი თოვლით დავსაჩუქრდით ნოემბერში - თბილისში უკვე ჩამოთოვა, ჯერ მხოლოდ წავკისსა და წყნეთში, მაგრამ ალბათ მალე რუსთაველზეც მოთოვს. იქამდე კი აქციებით დაიფარება ეს ქუჩა - ამას პროგნოზირებენ ოპოზიციონერები. იცოდით რომ კეთილდღეობით ვცხოვრობთ? - საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-იანი შკალიდან 61.8% მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა. ვირუსი სტატისტიკა - 93092 კოვიდ დადასტურებული, აქედან…

გაგრძელება

ოპოზიციისა და პოზიციის დანახული პომპეო

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 18, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ყოველგვარი შესავლის გარეშე - დღის მთავარი ამბავი პომპეოს ვიზიტი იყო და მისი პოზიციურ-ოპოზიციური მხარეები, განაზრებანი, განმარტებანი, განზრახვანი, თარგმანნი და ა.შ. კორონა მატულობს და მატულობს სიცივეც - მომდევნო ორი დღე თოვლჭყაპი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჩინეთი ჩამოვიტოვეთ მსოფლიო კოვიდ სტატისტიკაში - 89395 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 71468, გარდაცვლილი - 815, კარანტინში - 2370. დოლარი 3.2919 ლარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters