თავი 51

მხ. 1-2. 'მისმინეთ, სიმართლის მადევარნო, უფლის მძებნელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი, და ორმოს ღრმულს, საიდანაც ხართ ამოთხრილნი! შეხედეთ აბრაამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს მშობელს, რადგან როცა ერთი იყო, მაშინ მოვუწოდე მას, ვაკურთხე და გავამრავლე".

ესაიას ბაგეებით კვლავ უფალი მეტყველებს. წინასწარმეტყველი სანუგეშებლად იუდეველთა დიდი მამამთავრის ცხოვრებას იხსენებს. როგორც თავის დროზე უნაყოფო აბრაამისა და სარასგან აღმოცენდა ისრაელი, ასევე ძალუძს იმავე შემოქმედს სიონის მთა, ძველი აღთქმის სულიერად უნაყოფო ეკლასია, ულამაზეს ბაღად და ედემად, ე. ი. ახალი აღთქმის ეკლესიად გარდაქმნას. წარმოდგენილი სიტყვები სიმართლის მიმდევრებს განეკუთვნება. ხსენებულ ტერმინში წმინდა წერილი ღვთის მცნებებთან შესაბამისობაში ცხოვრების მსურველ ადამიანებს მოიაზრებს. კლდეში და ორმოში აბრაამი და სარა იგულისხმებიან. როგორც უნაყოფო, ასაკს გარდასრულ ადამიანთაგან უდიდესი იუდეველი ერი დასაბამიერდა, ასევე გამრავლდებიან და იკურთხებიან ღვთის სიმართლის მაძიებელნი.

მხ. 4. 'გამიგონე, ჩემო ერო, და ჩემო ტომო, ყური დამიგდე, რადგან ჩემგან გამოვა რჯული და სინათლედ დავუდგენ ხალხებს ჩემს სამართალს".

საუბარია რჯულისა და სამართლის შესახებ, რომელსაც უფალი საკუთარ ერს ობოძებს. მაგრამ ესაიამდე, მოსეს დროს, იუდეველი ერი სინას მთასთან ეუფლა უზენაესის რჯულს, წინასწარმეტყველი კი აღნიშნულ უწყებას მომავლს უკავშირებს. მამათა განმარტებით, წინამდებრე სიტყვა მოსესთვის მიცემული რჯულდებისგან განსხვავებული ახალი აღთქმის სახარებისეულ სულიერ კანონსა და სიმართლეს გულისხმობს. მოციქულის სიტყვისამებრ, თუ ძველი რჯული კაცობრიობას იმისთვის მიეცა, რომ ცოდვა-მადლის შესახებ ჰქონოდა ცოდნა[1], ახალი აღთქმა ადამიანს მარადიული სიცოცხკისკენ წინამძღვრობს, რადგან საკუთარ თავში ფლობს საუკუნო ცხოვრებას. 'სინათლედ დავუდგენ ხალხებს ჩემს სამართალს" - სწორედ ამ სიმართლეს გულისხმობდა სვიმეონ მიმრქმელი, როდესაც ამბობდა: 'აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა"[2].

მხ. 7. 'მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ვისაც გულში გაქვთ ჩემი რჯული. ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხყოფისა და მათი ლანძღვა-გინება ნუ შეგაკრთობთ".

თუ აქამდე წარმოთქმული მიმართვები ღვთის სიმართლის მაძიებელ ადამიანებს განეკუთვნებოდათ, წარმოდგენილი მუხლი ამ სიმართლის მცოდნეებს უკავშირდება და მასში ახალი აღთქმის ეკლესიის წევრები მოიაზრებიან.

51-ე თავში გადმოცემული მოძღვრება ერთგვარი გრადაცია უმცირესიდან უმაღლესისკენ, ძველიდან ახალი აღთქმისკენ. 'ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხყოფისა და მათი ლანძღვა-გინება ნუ შეგაკრთობთ" - ესაია ამ სიტყვებით ქრისტეს გზაზე შემდგარ იუდეველებს მიმართავს, რომლებმაც უდიდესი დევნა გადაიტანეს თვისტომათაგან. იგივე სიტყვები ზოგადი მნიშვნელობით ყველას მიემართება, ვისზეც მაცხოვარი ამბობს: 'ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს"[3]. იმავეს გვამცობს წმინდა პავლე მოციქული: 'და ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ"[4].

მხ. 12-13. 'თავად მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინა ხარ, რომ გეშინია მკვდარი კაცისა და ადამის ძისა, ბალახად რომ შეირაცხება? დაგვიწყებია უფალი, შენი შემქმნელი, ცათა გარდამრთხმელი და მიწის დამფუძნებელი, და გეშინია მუდამდღე, გამუდმებით, მჩაგვრელის რისხვისა, დასაღუპავად რომ ემზადება. მაგრამ სად არის მჩაგვრელის რისხვა?"

წარმოდგენილ მუხლებში გადმოცემული სწავლება მსმენელს ხორციელი ცხოვრების უსარგებლობაზე მიუთითებს, რადგან ადამიანი მოკვდავი არსებაა, რომელიც დროს ექვემდებარება და წარმავალია მსგავსად ბალახისა.

თავი 52

ესაის წიგნის 52.13\53.12 ნაწილი წინასწარმეტყველური ჭვრეტის ძალითა და სიღრმეებით, ისტორიული მოვლენების გასაოცარი სიზუსტით, განკაცებისა და გამოსყიდვის უდიდეს საიდუმლოებებში წვდომით ძველი აღთქმის წიგნებს შორის აღმატებულია და მესიანური წინასწარმეტყველების კულმინაციას წარმოადგენს. მითითებული მუხლების უდიდესი ნაწილი ღვთის მორჩილი მსახურის უმძიმეს ტანჯვას, შეურაცხყოფას, კაცთაგან ზურგშექცევას გვაუწყებს, თუმცა ყოველივე ეს გზაა დიდებისკენ, რადგან იაჰვეს მსახური ღვთის ნებას აღასრულებს.

მხ. 14. 'როგორ განცვიფრდნენ მრავალნი, შენი მნახველნი, რადგან დამახინჯებული იყო მისი პირისახე ისე, როგორც არავისი, და მისი იერი ადამის ძისას არ ჰგავდა".

ესაია მაცხოვრის ჯვარცმისას განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. მესიიის ამგვარმა შეურაცხყოფილმა სიკვდილმა უამრავ ადამიანს გაურკვევლობა მოჰგვარა, რადგან მოლოდინი ძლევამოსილ მხსნელს უკავშირდებოდა, ხოლო ადამიანებმა ჯვარცმული იესო იხილეს, მათი წარმოდგენა კი ვერაფრით ეთვისებოდა მომხდარის არსს.

მხ. 15. 'ასე შეაშფოთებს ის ბევრ ხალხს, პირს მოკუმავენ მეფეები, რადგან მოუთხრობელს იხილავენ და ჯერარსმენილს გაიგონებენ".

წინასწარმეტყველი წინარეს საპირისპირო მოძღვრებას გადმოგვცემს: თუ აქამდე მესიის პირისახე დამახინჯებული იყო, ამიერიდან 'მოუთხრობელს იხილავენ და ჯერარსმენილს გაიგონებენ".

თავი 53

მხ. 1. 'ვინ ირწმუნა ჩვენს მიერ მოსმენილი? და ვისზე გამოჩნდა მკლავი უფლისა?"

ეკლესიის მამათა განმარტებით, ესაია არა მარტო საკუთარი სახელით საუბრობს, არამედ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სწავლებას მესიის შესახებ თავადაც უერთდება და ნაცვალსახელში ჩვენ ყველას აერთიანებს. მოსმენილში მესიისა და მისი მომავალი სამეფოს თაობაზე მოძღვრება იგულისხმება, მაგრამ მიუხედავად ამისა ესაია თითქოს რიტორიკულ შეკითხვას სვამს: ირწმუნა კი ვინმემ ჩვენ მიერ ნაქადაგები?! და უარყოფით კონტექსტში იუდეველ ერს მოიაზრებს, რადგან მათ, მრავალგზის მოსმენილი ქადაგების მიუხედავად, არ შეიწყნარეს ჭეშმარიტება. აღნიშნულის სინამდვილეს იოანე მახარებელიც ადასტურებს: 'და ესოდენნი სასწაულნი ქმნნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? ამისთჳს ვერ ჰრწმენდა, რამეთუ მერმეცა თქუა ესაია: დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი. ესე თქუა ესაია, ოდეს-იგი იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს "[5]. სხვაგან ვკითხულობთ: 'არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის, რამეთუ ესაია იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი?" [6] რაც შეეხება ტერმინს უფლის მკლავი, წმინდა წერილში იგი საღვთო ყოვლისშემძლეობას გულისხმობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მასში ისრაელის განსამტკიცებლად მომოქმედებული ყველა ნიშანი და სასწაული იგულისხმება, რასაც ადგილი ჰქონია იუდეველი ერის ცხოვრებაში.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წმინდა წინასწარმეტყველებთან მრავალად თქმულა ჩვენი მხსნელის შესახებ და მათ არასოდეს შეუწყვიტავთ ამის შესახებ უწყება. წინასწარ გამოთქვამდნენ ისინი, რომ ღმერთი ადამიანად მოევლინებოდა სოფელს და ყველას თავისკენ მოუწოდებდა. მაგრამ იუდეველთათვის ამას სარგებელი მაინც არ შეუძენია, რადგან დიდი დაუმორჩილებლობისკენ იყვნენ მიდრეკილნი. მიუხედავად იმისა, რომ მათ წინასწარმეტყველება უნდა მიეღოთ, ცხოველმყოფელი ცოდნა შემოეკრიბათ და გულში დაევანებინათ, პირიქით ხდებოდა ყოველივე: ეს ადამიანები მუდმივად თავს ესხმოდნენ საიდუმლოთა შინა მეწინამძღვრე მოღვაწეებს და ასე მიმართავდნენ მათ: ‘ნუ გვიწინასწარმეტყველებთ სიმართლეს, გვითხარით საამური სიტყვები, სასეიროდ გვიწინასწარმეტყველეთ!”[7] სწორედ ამ მიზეზით, იუდეველთა უგულისხმობით შეჭირვებული იერემია გოდებდა და ასე მოთქვამდა: ‘ვაიმე, დედაჩემო, მთელი ქვეყნის მბრალდებელად და მოდავედ რომ გიშობივარ! არც გამისესხებია და არცვის უსესხებია ჩემგან, და მაინც ყველანი მე მწყევლიან”[8].

უფლის მკლავს, როგორც წესი, წერილი ძე ღმერთს უწოდებს. აღნიშნული სიტყვები შემდეგს გვაუწყებს: თქვენ, წინასწარმეტყველნო, ვინც საიდუმლო სწავლება სულიწმინდით მიიღეთ და ამ ცოდნით გამდიდრდით, აუწყებდით კი სხვას ამის შესახებ? ისინი პასუხობდნენ: დიახ, ჩვენ ვაუწყებდით და ყოველივე ვუთხარით!).

მხ. 2. 'ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ".

წარმოდგენილ მუხლში გადმოცემულია სწავლება იმის შესახებ, რომ მარადიულმა, აღმატებულმა არსმა ისე დაიმდაბლა თავი, რომ ხატი მონისა მიიღო. ესაია ამბობს: 'არც ტანადობა ჰქონია მას, არც დიდებულება“. იუდეველები მაღალი იერარქიისთვის დამახასიათებელი ამაყი გარეგნობის, გსაოცარი ძალმოსილების მქონე მესიას მოელოდნენ, მაგრამ ამ ფონზე იხილეს სიკვდილამდე მორჩილი მაცხოვარი, ვის სიტყვაშიც ქვეყნიური საზრუნავები სრულად იყო უგულვებელყოფილი და ამასოფლის დიდება სისაძაგლედ ირაცხებოდა[9]. წინასწარმეტყველი სწორედ ამ კონტრასტს წარმოადგენს - განსხვავებას რეალობასა და იუდაურ შეხედულებებს შორის.

წმ. იოანე ოქროპირი: ესაია ურწყულ მიწაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მოიაზრებს, რომელმაც სულიწმინდის ძალით ზებუნებრივად შვა ღვთაებრივი ყრმა).

'არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება ... არც იერი, რომ მივეზიდეთ". წარმოდგენილი სიტყვები არ გულისხმობს მესიის გარეგნულ შეუხედაობას. პირიქით, სახარებისეული უწყება თუ უძველესი ქრისტიანული სამყარო ერთხმად ადასტურებს ქრისტეს ფიზიკურ მშვენიერებას, რაც ტურინის სუდარამაც ცხადყო. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა, მაცხოვრის გარეგნობა აღდგენილიყო, რამაც კიდევ ერთხელ დაამოწმა ეკლესიის წიაღში დაცული სწავლება მხსნელის უდიდებულესი აღნაგობის შესახებ.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ესაია წინამდებარე მუხლში შემდეგს გვაუწყებს: ჩვენ, წინასწარმეტყველებმა, ყოველივე გავაცხადეთ, რომ თავის ჟამს მოვიდოდა იგი. მაგრამ შესაძლოა, ამ დროს ვინმეს ეკითხა: სინას მთაზე უფლის გარდამოსვლა ცეცხლისა და საშინელი ქუხილის თანამოქმედებით ხდებოდა, ნუთუ იგივე რამ კვლავ განმეორდება? ამას კი ასე პასუხობს წინასწარმეტყველი: ‘არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ”. ის არ ყოფილა ღვთაებრივი სიდიადით წარმოჩენილი. ადამიანთა შორის მრავალი ისეთია, ვინც სხვადასხვა მიზეზით გამოირჩევა: სიმდიდრით, წარმომავლობით, გვარიშვილობით, თანამდებობით… მაგრამ მსგავსი არაფრი გააჩნია ემანუელს, პირიქით, მას ყოველ ადამიანზე დამდაბლებული მდგომარეობა ექნება).

მხ. 3. 'საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და დასნეულებული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით".

თუ წინარე მუხლში საუბარი იყო იმაზე, რომ მესია არაფრით სხვაობს ჩვეულებრივ მოკვდავთაგან, მოცემულ შემთხვევაში უარყოფითი შაფასება პროგრესირდება: ‘შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული”. ესაიას მიერ გამოთქმული სიტყვები გვამცნობენ იმ უდიდესი სიმდაბლის შესახებ, რომლითაც მხსნელმა ამაქვეყნიური ცხოვრება გაატარა: გამოქვაბულში შობა, ბაგაზე მიწვენა, ნაზარეთში ცხოვრება, მეზვერეებთან და მძიმე ცოდვილებთან ურთიერთობა... სწორედ ამის თაობაზე იტყობინება წინასწარმეტყველი. ნეტარი იერონიმე: „გატანჯული და დასნეულებული“ – ესაია ამ სიტყვებით მიუთითებს, რომ მესია ჭეშმარიტი ადამიანური სხეულისა და სულის მფლობელი იქნება. იგი ჩვნეულ უძლურებებს იტვირთავს და თავისი ღვთაებრიობით გაიმარჯვებს მათზე. ესაა სწავლება განკაცების საიდუმლოს შესახებ, რადგან წუთისოფლად მოსულმა ღმერთმა ჩვენი დაცემული ბუნაბა იტვირთა, თავისი გამომხსნელობითი სიკვდილით რომ განეწმინდა, აემაღლებინა და განედიდებინა იგი.

'საძულველი იყო და არაფრად ვაგდებდით". ჯვარცმული მესია, მსგავსად კეთროვნისა, მიტოვებული იყო საზოგადოებისგან და სწორედ აქ წარმოჩნდა ქმნილების მიერ შემოქმედის ენითგამოუთქმელი დამდაბლება, რასაც ესაია წარმოდგენილი სიტყვებით გადმოგვცემს.

მხ. 4-6. 'მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული, მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება".

იობის ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ძველი აღთქმის კაცობრიობას ტანჯვისადმი. მათ მიაჩნდათ, რომ მართალ ადამიანს მუდამ სიკეთე მიეგება და, როგორც წესი, ასეთი მარადის დაცულია განსაცდელებისგან, ხოლო თუ ვინმე იგვემება, ეს მხოლოდ საკუთარი ცოდვების შედეგია. იგივე ლოგიკა ამოქმედდებოდა ჯვარცმულ მესიასთან მიმართებაში. ამიტომაც ესაია მითითებულ მუხლებში წარმოდგენილი სწავლებით არასწორი შეხედულებების აღმოფხვრას ცდილობს: მესია უდიდეს ტანჯვა-წამებას დაექვემდებარება, მაგრამ არა პიროვნული ცოდვების მიზეზით, არამედ კაცთა მოდგმის დანაშაულებების გამო.

'ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული". ესაია საკუთარ თავს იუდაური საზოგადოების გვერდით აყენებს და მათი სახელით ამბობს, რომ ისინი ყველანი ცდებოდნენ მესიის შესახებ შეფასებისას, რადგან ხედავდნენ რა მხსნელის მიერ გადატანილ საშინელ ტანჯვასა და დამდაბლებას, მას უდიდეს ცოდვილად მიიჩნევდნენ და ყოველივე ის, რაც მის თავს ხდებოდა, ლოგიკურ კანონზომიერებად მიაჩნდათ.

'მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი" (მხ. 5). წინასწარმეტყველი წინა მუხლში გამოთქმულ ჭეშმარიტებას მეტად აცხადებს. ტერმინი დაჭრილი რომაელი ჯარისკაცის მიერ მაცხოვრის ფერდში მიყენებული ჭრილობის შესახებ მიუთითებს. ტურინის სუდარის მიხედვით დადგინდა, რომ უსასტიკესი ძალადობით მაცხოვარს პირი-სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული, დაზიანდა გულმკერდის მიდამოში მდებარე ძვლებიც.

'მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ". წარმოდგენილი წინასწარმეტყველება გასაოცარი სიზუსტით გადმოგვცემს მესიის განკაცების მთავარ მიზანს - ადამის მოდგმის გამოხსნის საიდუმლოს, როდესაც ღმერთკაცის ლურსმნით შემშჭვალული ხელ-ფეხიდან დაღვრილი სისხლი კაცობრიობას ცოდვის მომაკვდინებელი შედეგებისგან წმენდდა. ქრისტესმიერი კურნების არსი არა მარტო ცოდვისგან მიყენებული ჭრილობის გარეგნული მხარის ექიმობაა, არამედ ამოძრიკვულია ადამიანური ბუნების სიღრმეში ჩაკირული უკეთურების ფესვი.

'ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით..." (მხ. 6.). ესაია მთელი კაცობრიობის სახელით ლაპარაკობს. წარმოდგენილი მუხლი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც კარგად გადმოგვცემს ძველი აღთქმის ადამიანთა მოდგმის სულიერ, ზნეობრივ, რელიგიურ გაუკუღმართებას. წინასწარმეტყველის მიერ გამოყენებული უმწყემსოდ დარჩენილი ცხვრის ფარის მაგალითი ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში ხშირად მოხმობილი ალეგორიაა.

'უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება".

ნეტარი იერონიმე: ღმერთმა იგი ჩვენი ცოდვების გამო განსაჯა, რათა ადამიანთა მაგივრად ეტვირთა ის, რასაც ჩვენი უძლურების მიზეზით თავად ვერ ვზიდავდით).

ერთგვარი პარალელი ძველი აღთქმის რიტუალურ ქმედებასთან გაივლება: მღვდელმთავარი განწმენდის დღეს მთელი ისრაელის ცოდვებს განტევების ვაცს აკისრებდა.

მხ. 7-8. ‘ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა”[10].

მე-7 მუხლი გარკვევით გადმოგვცემს სწავლებას მესიის მიერ უმძიმესი განსაცდელების ყოველგვარი იძულების გარეშე, თვითნებურად ტვირთვის თაობაზე.

'ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა" (მხ. 8.). ის, ვინც ყველას და ყველაფერს სამართლიანად განსჯის, თავად უსამართლოდ განიკითხება. წარმოდგენილი სიტყვები სწორედ მაცხოვართან მიმართებით ჩატარებული სასამართლოს უსამართლობაზე მიუთითებს, რადგან სინედრიონის სამსჯავრო მთავარი კრიტერიუმების დაცვის გარეშე წარიმართა: იუდაური სამართლის თანახმად, როდესაც საქმე ადამიანის მოკვდინებას ეხებოდა, გადაწყვეტილება არ უნად ყოფილიყო მყისიერი. პირიქით, ყველას, ვისაც მსჯავრდებულის სასარგებლოდ შეეძლო რამე ეთქვა, საკუთარი არგუმენტაცია უნდა წარმოედგინა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა განაჩენის გამოტანა. თუმცა მახარებელთა თხრობა ცხადყოფს, თუ როგორი სისწრაფით, ერთხმად იქნა მიღებული სასიკვდილო მსჯავრი.

‘ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე” (შდრ. ძვ. ქართ. ‘ნათესავი მისი ვინ მიუთხრას”). განმმარტებელთა ნაწილის თქმით, წარმოდგენილ სიტყვებში იგულისხმებოდა, რომ მესიას არ ეყოლებოდა მემკვიდრე. სხვათა ვარაუდით, მისი ცხოვრება და სიკვდილი მრავალი ადამიანისთვის საიდუმლოდ დარჩება.

ნეტარი იერონიმე: წინასწარმეტყველი ძის მამისაგან დაუსაბამო შობის შესახებ საუბრობს, რაც ქვეყნიურ შობაზე აღმატებული მოვლენაა და არავის ძალუძს, იგი განმარტოს).

მხ. 9. 'მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში, რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა".

მას შემდეგ რაც ესაიამ მე-8 მუხლში მესიის სიკვდილზე ილაპარაკა, მომდევნო მუხლი მისი განსასვენებლის თაობაზე გვამცნობს. წინასწარმეტყველი წარმოდგენილი წინადადებით იუდეველთა უკეთური ჩანაფიქრის ძლიერ ანტითეზას გვთავაზობს: გამძვინვარებული ბრბო მაცხოვრის სიკვდილის შემდეგაც არ იოკებდა მრისხანებისა და კაცთმოძულეობის ვნება. მათ სურდათ, პოლიტიკურ-რელიგიური ბრალდებით ჯვარცმული ქრისტეს ცხედარი საკუთარი შეხედულებისამებრ უპატიობით დაკრძალულიყო.

იუდაური რჯულის თანახმად, სიკვდილით დასჯილთა ცხედრების წინაპრთა განსასვენებელში დაკრძალვა აკრძალული იყო. ასეთებისთვის ორი ადგილი გამოიყოფოდა:

1). ქვით ჩაქოლილებისა და დამწვარი ცხედრების გვერდით განთავსება.

2). თავმოკვეთილებსა და ჩამოხრჩობილებთან ერთად დაფლვა.

იოსებ ფლავიუსის ცნობით, ღვთისმგმობი ქვებით იქოლებოდა, ცხედარი მთელი დღის მანძილზე უყურედღებოდ რჩებოდა და ყოველგვარი პატივის გარეშე იკრძალებოდა. იუდეველები, როგორც ჩანს, მსგავს, ან კიდევ უფრო დამამცირებულ ქმედებას აპირებდნენ მაცხოვრის სხეულთან მიმართებაში, მაგრამ საღვთო განგებულებით მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.

ესაია ზემოთ წარმოდგენილ ცნობებს განმარტების სახით ამატებს: 'სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა“, რადგან შესაძლოა, კეთილმორწმუნე იუდეველს ეფიქრა, რომ ჯვარცმული ქრისტეს პატივით დაკრძალვა რჯულის საპირისპირო ქმედებაა. სწორედ ამ მიზნით ამბობს წინასწარმეტყველი, რომ მესიას არაფერი ჩაუდენია გასაკიცხი. პირიქით, მართალმა და წმინდამ იდო თავს ტანჯვა-წამება.

მხ. 10. 'უფალმა ინება მისი ტანჯვა და მისი დასნეულება".

ესაია კვლავ ამოწმებს, რომ მესიის ტანჯვა-წამება სწორედაც რომ ღვთის ნების შესაბამისად მოხდება. ამიტომაც ვინმემ არ ჩათვალოს, თითქოს ეს ყოველივე უზენაესის განგებულების გარეშე აღსრულდება.

'როცა გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის შთამომავლობას, გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება". მითითებულ შთამომავლობაში, რა თქმა უნდა, ქრისტეს სამწყსო მოიაზრება, რომლებზეც წმინდა იოანე ღვთისმეტყველი შემდეგს ამბობს: 'ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი, რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს"[11].

მხ. 11. 'თავისი სულის ჯაფისაგან იხილავს ნათელს და დაკმაყოფილდება".

წარმოდგენილი წინადადება გვამცნობს, რომ მესიის დამდაბლებისა და შეურაცხყოფის შემდეგ დადგება მისი მარადიული დიდების ჟამი.

'მისი სიბრძნით მრავალს გაამართლებს ჩემი მართალი მსახური, და სხვათა შეცოდებებს ის იტვირთავს". სიბრძნეში მოიაზრება კაცობრიობისთვის ჭეშმარიტი ღმერთის განცხადების ჟამი და ამავდროულად - საღვთო განგებულება, რომლითაც ადამის მოდგმა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან გმოიხსნება.

„მართალი ჩემი მსახური“ - მაცხოვარის სიმართლეს მისი გამცემი იუდაც ადასტურებს, როდესაც ამბობს: ‘ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი"[12]. იქვეა პილატეს მეუღლის მოწმობაც: 'არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს"[13].

მხ. 12. 'ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა ტვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა”.

ესაია კვლავაც შეაგონებს მსმენელებს მესიის გამომხსნელობითი ღვაწლის შესახებ. 'ცოდვილთა შორის შეირაცხა", მახარებლებმა აღნიშნული სიტყვები ქრისტეს ავაზაკთა შორის ჯვარცმის შესახებ წინასწარმეტყველების დასამოწმებლად წარმოადგინეს[14].

თავი 54

მხ. 1. 'გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი."

ეკლესიის მამათა განმარტებით, ბერწში ძველი აღთქმის წარმართული კაცობრიობა მოიაზრება, ხოლო გათხოვილი იუდეველი ერის სიმბოლა.

მხ. 2. 'გააფართოვე შენი კარვის ადგილი და ფარდები შენი საცხოვრებლისა გადაჭიმე. ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი თოკები და გაამაგრე შენი პალოები".

ჭეშმარიტი ისრაელი საკმაოდ მცირერიცხოვანი აღმოჩნდა[15], მაგრამ დადგება ჟამი, როდესაც, სიმცირე უდიდეს სიმრავლედ გარდაიქმნება. წინასწარმეტყველის მიერ ნახსენებ კარავში ახალი აღათქმის ეკლესია მოიაზრება[16].

ნეტარი იერონიმე: ეკლესია მარჯვნივ და მარცხნივ უნდა განივრცოს, არ უნდა ჰგავდეს სიმცირით აღთქმის კიდობანს).

თეოდორიტე კვირელი: არავინ შეცდება, თუ პალოებში წმინდა წინასწარმეტყველებს, მოციქულებსა და მოწამეებს მოიაზრებს, რადგან მათ, მსგავსად მიწაში ჩამაგრებული პალოებისა, ღვთაებრივი სწავლებით, როგორც რამ თოკებით შეკრული ქრისტეს ეკლესიის კიდობანი უჭირავთ).

მხ. 9-10. 'რადგან ეს ნოეს წყლებია ჩემთვის: როგორც დავიფიცე, რომ აღარ მოვავლენდი ნოეს წყლებს ქვეყანაზე, ასე ვფიცავ, რომ აღარ განვრისხდები შენზე და აღარ დაგემუქრები, რადგან მთები შეიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი შენდამი წყალთბა კი არ შეიძვრის და ჩემი სამშვიდობო აღთქმა არ შეირყევა, ამბობს შენი მწყალობელი უფალი".

წარმოდგენილი ორი მუხლი ჭეშმარიტად ერთგული ისრაელის მისამართით ნათქვამი უზენაესის მარადიული წყალობის თაობაზე გვამცნობს: როგორც ნოეს დროს დაიფიცა ღმერთმა, რომ წყლით რღვნა აღარასოდეს მოხდებოდა, ასევე ესაიას ბაგეებით უზენაესი თავის ერთგულებს პირობას აძლევს: ისინი არასოდეს იქნებიან მიტოვებულნი და მარადის ღვთის საფარველქვეშ დაივანებენ.

თავი 55

მხ. 1. 'ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო, წადით, იყიდეთ და ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე".

პალესტინის ცხელი და ურწყული ადგილები, სადაც, განსაკუთრებით ზაფხულოში, წყალი შრებოდა და გარემო უდაბურდებოდა, მსმენელისთვის კარგი მაგალითი და ადვილად აღსაქმელი სურათი იყო. წყალი წმინდა წერილის ენაზე ხშირ შემთხვევაში საღვთო მადლის სინონიმია. ამას თავად მაცხოვარიც ამოწმებს, როდესაც ამბობს: 'და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღატ-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი"[17]. იგივე დასტურდება ქრისტესა და სამარიტელი დედაკაცის შეხვედრიდან: 'ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ"[18].

თავი 56

მხ. 1-2. 'ასე ამბობს უფალი: შეინახეთ რჯული და ქმენით სამართალი, რადგან სადაც არის, მოვა ჩემი ხსნა და ჩემი სამართალი გაცხადდება. ნეტარია ის კაცი, ასე რომ იქცევა და ადამის ძე, ვინც ამას ეჭიდება; უმწიკვლოდ შემნახველი შაბათისა და ყოველი ავის ქმნისგან ხელის დამყენებელი".

წარმოდგენილი მუხლის შინაარსი გარკვეულწილად დავითის ფსალმუნს ემსგავსება[19].

რატომ გამოყოფს ესაია რჯულით გათვალისწინებულ მრავალ დღესასწაულს შორის მხოლოდ შაბათის დაცვის აუცილებლობას? განმმარტებელთა თანახმად, წინასწარმეტყველი წინდაწინ ხედავს იუდეველთა მომავლს: ტყვეობის შემდგომ პერიოდში ტაძრისა და სამსხვერპლოს არარსებობის გამო ღვთისმსახურებით გათვალისწინებული ქმედებები ობიექტური მიზეზების გამო გარკვეულ ჟამამდე შეწყვეტილი იყო. ამიტომაც საწინასწამეტყველო სიტყვაში ხმოვანდება მსახურების ის ფორმა, რომელიც არ საჭიროებს რაიმე სახის სპეციფიურ მომზადებას (ტაძართან დაკავშირებული რიტუელებისგან განსხვავებით). ამავდროულად, სწავლება შაბათის შესახებ უძველესი თეოკრატიული დადგენილებაა. იგი სამყაროს შექმნიდან იღებს დასაბამს[20] და მრავალი წინასწარმეტყველი სწორედ ამ მცნებაზე ამახვილებს ყურადღებას.

საინტერესოა ესაიას შეხედულება შაბათის დაცვის შესახებ: ‘ნეტარია ის ადამიანი, რომელიც შეუბღალავად იცავს შაბათს და ბოროტის ქმნისაგან თავის ხელს”. შესაბამისად, შაბათის დაცვა, წინასაწარმეტყველის სიტყვით, არა იმდენად ფიზკური ხასიათისაა, რამდენადაც მორალური.

მხ. 3-4. 'ნუ იტყვის უცხოტომელის შვილი, უფალს შემოერთებული, უფალმა ჩემს ხალხს მომწყვიტაო, და ნუ იტყვის საჭურისი, აჰა, გამხმარი ხე ვარო, რადგან ამბობს უფალი: საჭურისებს, რომლებიც ინახავენ ჩემს შაბათებს, ირჩევენ ჩემთვის სასურველს და მტკიცედ უჭირავთ ჩემი აღთქმა..."

ძველი აღთქმის ეკლესიის წევრობა მხოლოდ იუდეველებს ხელეწიფებოდათ, მაგრამ აქაც ერთგვარი შეზღუდვა მოქმედებდა: ფიზიკური ნაკლის მქონე პირებს უფლის კრებულში გაერთიანება ეკრძალებოდათ. მათ ვერ შეურეთებოდნენ: 1). დასაჭურისებული ადამიანები; 2). უკანონო შვილები, რომელთაც არ ჰქონდათ აღიარება თავიანთი მამებისგან; 3). ამონიტელები და მოაბელები[21]. იუდეველებს შორის დასახლებულ ედომელთა და ეგვიპტელთა შთამომავლებს მესამე თაობაში ნება ეძლეოდათ, იუდაურ კრებულის წევრები გამხდარიყვნენ.

ქრისტეს მიერ დაარსებულ ეკლესიაში, ესაიას თქმით, ასე როდი იქნება, მასში ყველა ხსენებული დაბრკოლება აღმოიფხვრება და არ იარსებებს დაყოფა ერებს, საზოგადოებებს, პიროვნებებს შორის.

თავი 57

მხ. 1. 'იღუპება მართალი კაცი და არავინ არის, გულთან რომ მიიტანოს; ქველი ხალხი იხოცება, მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ ბოროტების მიზეზით იღუპება მართალი".

ესაია, მიუთითებს რა მისი თანამედროვე იუდეველების ღრმა რელიგიურ-ზნეობრივ დეგრადაციას, ამავე ხალხის მართალი ადამიანის გარდაცვალებისადმი გამოჩენილ უგულისხმობას ამხელს. იუდეველთა წარმოდგენით, მართალი კაცი ღვთისგან ყველანაირი სიკეთით, კეთილდღეობით, დღეგრძელობით ჯილდოვდებოდა[22], ხოლო თუ პიროვნებას ცხოვრებაში განსაცდელები, უსიამოვნებები შეაჭირვებდა, ეს ცოდვილიანობის მიზეზით ხდებოდა. ესიას სიტყვით, თუკი საყოველთაოდ აღიარებული მართალი ღვთის განგებულებით საზოგადოებას დროზე ადრე ტოვებს და მარადისობაში გადაინაცვლებს, მომხდარი არა თუ მისი დანაშაულის მიზეზია, არამედ ჩვენი ცოდვების სიმრავლის, რადგან ასეთი მუდმივად მძიმე მდგომარეობაშია და უჭირს უკეთურებით დასნეულებულ გარემოში ყოფნა. სწორედ ამიტომ მიჰყავს იგი შემოქმედს თავისთან. ამასოფელში დარჩენილნი კი უდიდეს სიკეთეს აკლდებიან და ეს სასჯელია მათთვის.

მხ. 2. 'ის გადის სამშვიდობოს; განისვენებენ თავ-თავიანთ საწოლებში წრფელი გზით მავალნი".

მართალი ადამიანისთვის ადრეული გარდაცვალება და ამაქვეყნიური მწუხარებებისა და განსაცდელების დატევება არა თუ უარყოფითი მოვლენაა, არამედ პირიქით - დადებითი[23].

მხ. 3-11. წინასწარმეტყველი დაწყებულ აზრს ავითარებს და მკაცრად ამხელს იუდეველებს.

თავი 58

მხ. 1-2. 'ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს მისი ცოდვები. ყოველდღე მეძებენ მე და ჩემი გზების გაგება სურთ იმ ხალხის მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან და თავიანთი ღმერთის სამართალს არ ივიწყებენ; მართალს სამართალს მეკითხებიან და ღმერთთან სიახლოვე სურთ".

წინამდებარე თავში ესაია იუდეველ ერს მამხილებელი სიტყვებით მიმართავს, რადგან ისინი, განსაკუთრებით ტყვეობის შემდგომ პერიოდში, მოსეს რჯულს ოდენ ბუკვალურად, ყოველგვარი შინაარსობრივი დატვირთვის გარეშე ასრულებდნენ და ამ ფონზე ვერ გებულობდნენ, თუ რატომ უნდა ყოფილიყო მათ წინააღმდეგ წამოყენებული რაიმე სახის ბრალდება.

მხ. 3-4. 'რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ და ყოველგვარ ჟინს იკლავთ".

იუდაურ მსოფლმხედველობაში ადამიანის გადარჩენის შესახებ წმინდა წყლის მექანიკური შეხედულებები ბატონობდა: თუკი პიროვნება რჯულით გათვალისწინებულ დადგენილებებს აღასრულებდა, არა მარტო გამართლდებოდა, არამედ უზენაესისადმი გარკვეული კადნიერი მოთხოვნებიც შეეძლო ჰქონოდა. მოხმობილი შეხედულებების მსგავსი ტიპური მაგალითია ლუკა მახარებელის უწყება მეზვერისა და ფარისევლის შესახებ. ამგვარი გაუკუღმართებული შეხედულებების სამხილებლად ესაია ამბობს: 'თქვენ ხომ დავისთვის და ჩხუბისთვის მარხულობთ ... ნუ იმარხულებთ, როგორც დღეს, რათა შესმენეილ იქნეს თქვენი ხმა ცაში".

მხ. 6-7. 'განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო ბორკილები უღლისა, თავისუფლად გაუშვა დათრგუნულნი და დალეწო ყველა უღელი? რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?".

ძველი აღთქმის რჯულის თანახმად, მარხვისთვის წელიწადში მხოლოდ ერთი დღე იყო გამოყოფილი[24], დამატებითი დღეები კი იერუსალიმის დაცემის შემდეგ, იუდეველთა ბაბილონში ყოფნისას დადგინდა[25]. წარმოდგენილ ორ მუხლში მარხვის შინაგანი, ზნეობრივი მხარე - სამართლიანობა, სიყვარული და გულმოწყალებაა ნაჩვენები. ამგავრი მარხვის ძირითადი დანიშნულებაა ბრძოლა ეგოიზმის წინააღმდეგ და მსახურება მოყვასისთვის.

მხ. 8-12. 'მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება. მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობასთუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება. უფლის მიერ იქნები მუდამ ნატარები და გვალვებში სულს დაგიამებს; ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლები არასოდეს დაშრება. აგიშენდება ძველი ნაოხარნი, აღადგენ ძველისძველ საძირკვლებს და დაგერქმევა დანგრეულის ამშენებელი, გზათა განმაახლებელი მკვიდრი ხალხისათვის".

წინამდებარე სწავლება ყოველგავრი განმარტების გარეშე ცხდად გვამცნობს ჭეშმარიტი მარხვის შედეგზე, თუ როგორ წყალობას მიიღებს ის, ვინც ღვთის მიერ დადგენილ ხსენებულ კურთხევას აღასრულებს.

თავი 59

ესაია წინამდებარე თავში მოსეს რჯულის ფორმალურად აღმსრულებელ იუდეველებს ამხელს და ცდილობს, დაანახოს, რატომ არ მართლდებიან ისინი უზენაესის წინაშე. ნუთუ ამ ყოველივეს მიზეზი თავად შემოქმედია? ასე ფიქრობდნენ განსაკუთრებული კადნიერების მქონე ადამიანები.

მხ. 1. 'აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი რომ ხსნა არ შეეძლოს, და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ვერ ისმინოს".

წინასწარმეტყველი მსმენელს ღვთის ძლევამოსილებას განუმარტავს, მიუთითებს, რომ ზეცა ყველა გულწრფელად მვედრებელი ადამიანის თხოვნას იწყნარებს, ხოლო თუ ვინმე იღუპება, ეს არა უზენაესის მიზეზით ხდება, არამედ თავად ამ ადამიანის მზაკვრული დამოკიდებულების, მისი პიროვნული არჩევანის შედეგია.

მხ. 3-4. 'რადგან თქვენი ხელები სისხლით არის შებღალული და თითები თქვენი - უკეთურებით; თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა სიბილწეს ლაპარაკობს. არავინ მოითხოვს სიმართლით და არავინ განიკითხვის ჭეშმარიტებით; ფუჭია მათი სასოება და ცრუობენ; ჩაესახვით ამაოება და ტყუილს ბადებენ".

სისხლით ხელების გასვრაში უშინაარსოდ აღსრულებული მსხვერპლშეწირვები მოიაზრება, ანთუ იმ მართალთა სისხლი იგულისხმება, რომლებიც ყველა ეპოქაში გამძვინვარებული ბრბოს მიერ ვითარცა ზვარაკნი შეიწირებოდნენ თავიანთი ღვთისმოსაობის გამო[26].

მხ. 16. 'ხედავს, რომ არ არის კაციშვილი, და უკვირს, რომ არავინაა ქომაგი. მაშინ მისი მკლავი ეშველება და მისი სიმართლე განამტკიცებს მას".

ზემოთ წარმოდგენილი სწავლებით წინასწარმეტყველმა ცხადყო, რომ ისრაელი ღვთის სამართლიან სამსჯავროზე ვერაფრით გამართლდება. შესაბამისად, ვინმე ისეთი უნდა მოეძებნათ, ვინც იშუამდგომლებდა მათთვის, როგორც თავის დროზე აბრაამი ითხოვდა უზენაესისგან სოდომისა და გომორის გადარჩენას, სინას მთასთან მოსე ევედრებოდა იუდეველი ერის შეწყალებას.

'მაშინ მისი მკლავი ეშველება და მისი სიმართლე განამტკიცებს მას". ესაიას თქმით, ისრაელს არ ჰყავს შემწე და შუამავალი უზენაესთან. ამიტომაც ხსენებული შუამავლის ღვაწლს მომავალი მესია იტვირთავს და აღადგენს დაკარგულ კავშირს უზენაესსა და სულიერ ისრალეს შორის.

მხ. 21. 'აჰა, ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, ამბობს უფალი: ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩავდევი შენს ბაგეებში, არ მოსცილდება შენს ბაგეებს, შენი ნაშიერის ბაგეებს, შენი ნაშიერის ნაშიერის ბაგეებს, ამბობს უფალი ამიერიდან და უკუნისამდე".

წინასწარმეტყველის სიტყვებში უზენაესის მიერ სულიერ ისრაელთან დადებული ახალი აღთქმა იგულისხმება.

თავი 60

მხ. 1. 'აღდექ, განათდი, იერუსალიმ, რადგან მოვიდა შენი ნათელი და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე".

წმინდა იოანე დამასკელმა სააღდგომო კანონის მე-9 ირმიოსი ესაიას წარმოდგენილი სიტყვების გამოყენებით აღწერა[27].

მხ. 2. 'რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი - ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება".

როგორც ღვთის სიტყვამ - ‘იყავ ნათელი“ პირველქმნილ ქაოსში დავანებული სიბნელე გარდაქმნა, ამგვარად ღვთის განკაცებამ მთელი სამყარო გარდასახა და განაახლა. ჭეშმარიტი საღვთო სწაველების ნათელი, მართალია, თავდაპირველად კონკრეტულ გეოგრაფიულად შემოსაზღვრულ ადგილს, აღთქმულ მიწას, მოიცავდა, მაგრამ ღმერთის განკაცებისას მთელს სამყაროს მოეფინა და ყველანი თავისკენ მიიზიდა.

მხ. 13. 'ლიბანის დიდება შენთან მოვა, კვიპაროსი, ნეკერჩხალი და წიფელი - ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო".

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს, მითითებული სამი ხისაგან (კვიპაროსი, ნეკერჩხალი და წიფელი) იყო დამზადებული.

თავი 61

მხ. 1-3. ‘სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად, გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა, დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი - მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო ნერგი, რომ იდიდონ"[28].

საუკუნეების შემდეგ ნაზარეთის სინაგოგაში წარმოთქმული ქადაგებისას მაცხოვარი ესიას სიტყვებს (მხ. 1-2) საკუთარ თავს განუკუთვნებს[29]. მოხმობილი სწავლება ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოს განაცხადებს: სულის მომავლინებელი - მამა ღმერთი. ის, ვისზეც სული დაივანებს - ძე ღმერთი. თავად სული კი - სულიწმინდა. ბიბლიური ტერმინი ცხება გადმოგვცემს ცნობას ზეთის თავზე გადაღვრის შესახებ. აღნიშნული ქმედება სიმბოლურად მიანიშნებდა, რომ ცხებული საღვთო მადლს ღებულობდა და მსახურებისთვის ამ ფორმით მოიხმობოდა. ცხება კონკრეტული პიროვნებების შემთხვევაში ფიზიკური ნივთიერების გამოყენებით აღესრულებოდა, ხოლო ძე ღმერთი მამისგან ბუნებითად არის ცხებული.

მაცხოვარი ნაზარეთის სინაგოგაში ესაიას სიტყვების ციტირებისას მეორე მუხლის შუაში შეჩერდა და ეს არ იყო შემთხვევითი, რადაგნ უფალმა წინასწარმეტყველების მხოლოდ ის ნაწილი ამოიკითხა, რომელიც დედამიწაზე მის პირველ მოსვლას, განკაცების საიდუმლოს შედეგად აღსრულებულ მოვლენებს უკავშირდებოდა და არ გაახმოვანა ის, რაც მეორედ მოსვლისას უნდა აღესრულოს, მაგარმა ამის შესახებ ესაია გვაუწყებს.

მხ. 10. 'ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით, სიმართლის მოსასხამი მომასხა; როგორც სიძე იმკობა გვირგვინით და როგორც დედოფალი ირთვება სამკაულებით".

მომავალის მჭვრეტელი ესაია ვერ მალავს საკუთარ სულში განცდილ უდიდეს სიხარულს და სურს, რომ იმავე ბედნიერების თანაზიარი სხვებიც გახადოს.

თავი 62

მხ. 1. 'სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოჩნდება მისი სიმართლე და ანთებული ლამპარივით მისი ხსნა".

ესაის ბაგეებით უფალი ღაღადებს და ამბობს, რომ არ შეწყვეტს ზრუნვას სულიერი სიონის გადარჩენისთვის, სანამ მიზანს, მის განწმენდასა და გამართლებას, არ მიაღწევს. მოცემულ შემთხვევაში სიონი და იერუსალიმი სინონიმებია.

მხ. 2. 'დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს - და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ".

იუდაური მსოფლხედველობით, სახელი საკუთარ თავში კონკრეტული მოვლენის არსს მოიცავდა. შესაბამისად, ცალკეული პიროვნებისა თუ მთელი ერის სახელის ცვლილება, მათი მომავლის ძირფესვიან გარდაქმნას გულისხმობს. ესაია ამბობს, რომ იმას, ვისაც გარკვეულ ჟამამდე წარმართი ერქვა, მოვა დრო და წმინდა ერი ეწოდება.

თავი 63

მხ. 1. 'ეს ვინ არის, ედომიდან რიამ მოდის, ბოცრადან - მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, მოხრილი თავისი დიადი ძალით?" ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი!".

ესაია მესია-მხსნელს ძლევამოსილ მპყრობელად წარმოადგენს, რომელიც გამარჯვებული ბრუნდება ბრძოლიდან. არაკეთილგანწყობილ ქვეყნებად, საიდანაც მითითებული მებრძოლი მოემართება, დასახელებულია ედომი და ბოცრა. წინასწარმეტყველის მიერ მოხმობილი სახელმწიფოები კრებსითი სახით იმ ბნელ ძალთა კრებულს წარმოგვიდგენს, რომელიც ქრისტეშობამდე მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა კაცობრიობას ღვთისკენ სავალ გზაზე.

წმინდა კირილე ალესანდრიელი, ნეტარი თეოდორიტე და ნეტარი იერონიმე 63-ე თავის პირველ მუხლს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას და ზეცად ამაღლებას უკავშირებენ, როდესაც ანგელოზები და ზეციური ძალები გაოცებულნი კითხულობდნენ: 'აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა. ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა, უფალი ძლიერი ღა მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა? აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა. ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა? უფალი ძალთა თავადი არს მეუფჱ დიდებისა. დიდება"[30].

მხ. 2-3. 'რატომ არის წითელი შენი სამოსელი და შენი ტანსაცმელი საწნახელში მწრავივით?".

კვლავ ისმის მორიგი კითხვა გამარჯვებულისადმი და აქვეა პასუხიც: 'მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს ტანსაცმელი და შევბღალე ჩემი სამოსელი". ის, რაც ქრისტე ღმერთმა გათელა, ჯოჯოხეთის ხელმწიფებაა. მართალია, თხრობა იმგვარადაა გადმოცემული, თითქოს უკვე მომხდარ მოვლენას ასახავდეს, მაგრამ ეს საწინასწარმეტყველო მოძღვრების გადმოცემის ერთ-ერთი ხერხია.

მხ. 16. 'შენა ხარ ჩვენი მამა, რადგან აბრაამმა არ უწყის ჩვენი თავი და ისრაელი არა გვცნობს ჩვენ; შენ, უფალი, ხარ ჩვენი მამა. ჩვენი გამომსყიდველია შენი სახელი უკუნითსიდან".

წინამდებარე მიმართვაში ისრაელის ჭეშმარიტი შვილების უზენაესისადმი მხურვალე და გულწრფელი აღიარებაა გადმოცემული. მიუხედავად ერზე ღვთის განგებულებით აღძრული მრავალი განსაცდელისა, ამ ერის გარკვეული ნაწილი არასოდეს კარგავდა იმედს, მარადის შემოქმედისკენ მიმართვდა სულიერ მზერას, მოუხმობდა და მამას უწოდებდა მას.

'აბრაამმა არ უწყის ჩვენი თავი და ისრაელი არა გვცნობს ჩვენ". აბრაამი და ისრაელი სინონიმებია. ისინი ისტორიული ისრაელის შესახებ გვამცნობენ, ან უკეთ რომ ვთაქვათ, იუდეველთა იმ უდიდესი ნაწილის შესახებ, რომელთაც ვერ იცნეს და არ მიიღეს ქვეყნად მოსულ მესია.

მხ. 17. 'რისთვის გადაგვახვევინე, უფალო, შენი გზებიდან, რისთვის გაგვიქვავე გულები, რომ აღარ გვეშინია შენი? მობრუნდი შენს მორჩილთან შენი სამკვიდროს შტოთა გულისათვის!"

ბიბლია მსგავს მიმართვს, მსგავს თხრობას მრავალგზის წარმოგვიდგენს. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია ადამიანის თავისუფალი ნება, რომ ღმერთი არავის აიძულებს და თუ ვინმე გულს ისასტიკებს, ეს მისი პიროვნული არჩევანია, რაზეც უზენაესი ძალადობრივ ზეგავლენას არასოდეს ახდენს. პირიქით, მიუშვებს ამგვარ ადამიანს და მოქმედების სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

თავი 64

წინამდებარე თავის 1-9 მუხლები ბაბილონური ტყვეობის შესახებაა, ხოლო დასასრული ნაწილი (მხ. 10-11) მოგვიანებით პერიოდს, რომის იმპერიის მიერ იერუსალიმის განადგურებას უკავშირდება.

თავი 65

წინასწარმეტყველის ლოცვას უფალი პასუხობს, რაც წიგნის ავტორის მიერ მკითხველის წინაშე მიტანილი პირადი განცდების, აზრებისა და ზეგარდამო მიღებული გამოცხადებების ერთგვარი შეჯამებაა.

მხ. 1. 'მე შევაცნობინე ჩემი თავი მათ, ვისაც არ ვუკითხივარ; მიპოვეს მათ, ვისაც არ ვუძებნივარ; მე ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი, ხალხს, რომელსაც არ უხსენებია ჩემი სახელი".

ესაიას თქმით, ისრაელის წილ მთელი წარმართული კაცობრიობა იქნება გამორჩეული. იუდეველები თავიანთ ღმერთს ბრალდებას უყენებდნენ, რომ მან მიატოვა რჩეული ერი და აღარ ზრუნავს მათზე. სინამდვილეში კი საპირისპირო რამ ცხადდება: უზენაესი მარადის ზრუნავს კაცთა მოდგმაზე, მაგრამ საჭიროა შემხვედრი ნაბიჯები ადამიანთა მხრიდანაც გადაიდგას. შესაბამისად, ის, ვინც, თუნდაც მცირედით, მიილტვის ჭეშმარიტებისკენ, თავად ამ ჭეშმაიტების მიერ იქნება შეწყნარებული.

მხ. 2. 'დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი ზრახვების კვალზე".

წინა მუხლში გადმოცემული სწავლება ამჯერად უფრო გასაგებადა ნაუწყები: არა თუ ღმერთმა დაივიწყა ისრაელი, პირიქით, ხელები ჰქონდა დღენიადაგ გაწვდილი მათკენ, მაგრამ თავად ისრაელი აღმოჩნდა სულიერ სიბრმავეში, რისთვისაც უკეთური გზით მოსიარულე ხალხის სახელი ეწოდა.

დარჩენილი ნაწილი ბოროტების საბოლოო დათრგუნვასა და სიკეთის მარადიულ ზეიმს გვაუწყებს.

თავი 66

მხ. 1-2. 'ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი. სად არის სახლი, რომელსაც მიშენებთ მე და სად არის ადგილი, ჩემი დასავანებელი?"

მოსეს რჯულის ფორმალურად აღმსრულებელი იუდეველებისთვის უცხო იყო ამავე რჯულის სულიერ-ზნეობრივი მხარე. მათ მთელი ყურადღება დიდებული და ძვირფასი ტაძრის აშენებისკენ მიემართათ, რომ ამგვარად სათნოჰყოფდნენ ღმერთს ან შესაწირ მსხვერპლთა სიმრავლით მოეხიბლათ იგი. არაჯანსაღი დამოკიდებულების აღმოფხვრის მიზნით უზენაესი ესაიას ბაგეებით ყოველივე ზემოთქმულის უსარგებლობას ამხელს. ამავეს განმარტავს სტეფანე პირველდიაკონი, როდესაც ამბობს: 'არამედ არა თუ მაღალი იგი ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, ვითარცა წინასწარმეტყუელი იტყჳს..."[31]. იგივეს იმეორებს პავლე მოციქული არეოპაგში: 'ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳრდებულ არს, არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამე იყო, რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო" [32].

მხ. 2. 'ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყველაფერი და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. აი, ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს".

წარმოდგენილი მუხლი ესაიას წიგნის და, ზოგადად, ძველი აღთქმის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია: მასში გაცხადებულია ადამიანის ის ჭეშმარიტი მდგომარეობა, რაც სათნოა უზენაესისთვის, რასაც ზეარსი ეძიებს - არა ამა თუ იმ მსახურების მექანიკური შესრულება, არამედ ცოდვათა გამო ადამიანის შინაგანი შემუსვრილობა და ღვთიური ნების ნებისმიერი გამოვლინებისადმი მორჩილება.

მხ. 5. 'ისმინეთ უფლის სიტყვა, მისი სიტყვის მოშიშნო: ამბობენ თქვენი ძმები - თქვენი მოძულენი და ჩემი სახელისთვის თქვენი უარისმყოფელნი: გამოაჩინოს უფალმა თავისი დიდება, რომ ვიხილოთო თქვენი სიხარული. მაგრამ შერცხვებიან ისინი".

ესაიას თქმით, ქვეყნად მოსული მესიის მაღიარებელი ხალხი დევნასა და შევიწროებაში აღმოჩნდება. აღნიშნული წინასწარმეტყველება ქრისტეს აღმსარებლებზე I\III საუკუნეებში აღსრულდა, სანამ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა.

მხ. 7. 'ვიდრე ასტკივდებოდა, დაბადა; ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი გააჩინა".

გადმოცემულია სწავლება ახალი აღთქმის ეკლესიის თაობაზე, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში შეიძენს უდიდეს სულიერ შთამომავლობას და, რა თქმა უნდა, შობის ეს სახე სულიერია. აღნიშნული მოვლენის აღსრულებას წმინდა წერილი ცხადად ამოწმებს: პეტრე მოციქულის პირველი ქადაგებით ეკლესიას 3 000 ადამიანი შეემატება, მეორე ქადაგებისას 5 000 კაცი ინათლება. წარმოდგენილი მსჯელობა გასაგები გახდება, თუ ხორციელ და სულიერ ისრაელს შევადარებთ ერთურთს: პირველმა (ხორციელმა ისრაელმა) მრავალი იტანჯა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერაფერი შვა, ხოლო მეორე (სულიერი ისრაელი) ყოველგავრი ტანჯვის გარეშე მრავალრიცხოვანი ხალხების საკრებულო შეიქმნა.

მხ. 13. 'როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი".

უფალი სულიერი ისრაელისადმი საკუთარ დამოკიდებულებას შვილის სიყავრულს ადარებს და ამით ყოველი ადამიანისკენ მიმართულ უდიდეს მზრუნველობას წარმოაჩენს.

მომდევნო მუხლებში გადმოცემულია სწავლება, თუ როგორ მოემართებიან ხალხები ახალი აღთქმის ეკლესიიაში და როგორ იმკვიდრებენ მასში ადგილს.

მხ. 21. 'მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი".

თუ ძველი რჯულის თანახმად სასულიერო დასში მსახურების უფლება მხოლოდ ლევიტელებს ეკისრებოდათ, ახალი აღთქმის ეკლესიაში კარები ყველსათვის ღიაა. ვინც გულწრფელი და ერთგული იქნება, ნება ეძლევა, სასულიერო ხარისხს შეუერთდეს და ღვთის საკურთხევლის მსახური გახდეს.

მხ. 24. 'გამოვლენ და იხილავენ ჩემდამი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის".

წინასწარმეტყველი წიგნს მკაცრი განაჩენით ასრულებს და შეუნანებელ ცოდვილთა მდგომარეობის წარმოსაჩენად იუდეველებისთვის ცნობილ მოვლენას იშველიებს. კერძოდ, იერუსალიმიდან სამხრეთის კარით გასული ადამიანი ენნომის უდაბნოში ხვდებოდა. ეს იყო ნაგავსაყრელი, სადაც ქალაქიდან გატანილ უსარგებლო ნივთებს ათავსებდნენ და განადგურების მიზნით ცეცხს უკიდებდნენ. აღნიშნული ადგილი იუდეველთა ცნობიერებაში მარადიულ სატანჯველს განასახიერებდა და მისი მოგონება სინანულის აუცილებლობას მიანიშნებდა.

 ← დასაწყისი || 6-7 || 8-20 || 21-40 || 41-50



[1]რჯულის გზით საცნაური გახდა ცოდვა, რადგან მანამდე კაცობრიობა მხოლოდ ბუნებითი რჯულით ხელმძღვანელობდა.

[2] ლკ. 2. 29-32.

[3] მთ. 5.11.

[4] 2 ტიმ. 3.12.

[5] ინ.12. 37-41.

[6] რომ. 10.16.

[7] ეს. 30.10

[8] იერ. 15.10

[9] შდრ. 'ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ. ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი” (მთ. 6. 31-34.); ‘და ეტყოდა მათ: თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავსა თჳსთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცნის გულნი თქუენნი, რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა” (ლკ. 16.15).

[10] ძვ. ქართ.: ’და იგი განბოროტებისათჳს არა აღაღებს პირსა თჳსსა, ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა და, ვითარცა კრავი, წინაშე მრისველისა თჳსისა უჴმოჲ, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. სიმდაბლესა შინა მსჯავრი მისი აღებულ იქმნა, ნათესავი მისი ვინ მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანისაგან ცხოვრებაჲ მისი".

[11] ინ. 1. 12-13.

[12] მთ. 27.4.

[13] მთ. 27.19.

[14] შდრ. 'და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა" (მკ. 15.28);

'გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა, და რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს" (ლკ. 22.37).

[15] იგულისხმებიან ქრისტეს მაღიარებელი იუდეველები.

[16] შდრ. 'მას ჟამსა შინა აღვადგინო კარავი დავითისი დაცემული და აღვაშენნე დარღვეულნი მისნი და დათხრილნი მისნი აღვადგინნე და აღვაშენო იგი, ვითარცა დღენი საუკუნისანი" (ამოს. 9.11). განმარტების თანახმად, დავითის აღმართულ კარავში ქრისტეს ეკლესია იგულისხმება.

[17] ინ. 7. 37-38.

[18] ინ. 4.14.

[19] შდრ. 'ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა, და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა, არამედ შჯულსა უფლისასა არს ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე" (ფს. 1. 1-2).

[20] დაბ. 2.2.

[21] იგულისხმება ლოთისა და მისი ორი ქალიშვილისგან წარმომდგარი ხალხი, რადგან მათი მამამთავრების შობა ძალზე მძიმე ცოდვასთან იყო დაკავშირებული.

[22] შდრ. გამოს. 20.12; 3 მეფ. 3.14; ფს. 96.16.

[23]პავლე მოციქულის ეპისტოლე ფილიპეთა მიმართ კარგად ეხმიანება წარმოდგენილ სწავლებას. მოციქული ამბობს: 'ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად, ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უნებელადრე თქუენთჳს. და ესე სასოებით უწყი, რამეთუ დავადგრე და გგებდე თქუენ ყოველთა წარმატებისა თქუენისათჳს და სიხარულისა მის სარწმუნოებისა, რაჲთა სიქადული ეგე თქუენი აღემატოს ქრისტე იესუჲს მიერ ჩემდა მომართ ჩემითა მით მისლვითა კუალად თქუენდა მიმართ" (ფილ. 1. 22-26).

[24] შდრ. ლევ. 16. 29-31.

[25] შდრ. ზაქარ. 7. 3-5; 8.19.

[26] შდრ. 'რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა" (მთ. 23-35).

[27] შდრ. ‘განათდი, განათდი ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა. განსცხრებოდე და იხარებდ, სიონ, და აწ შენცა იშვებდი, ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა”.

[28] ძვ. ქართ. ‘სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათBს მცხო მე, მახარებელად გლახაკთა. მომავლინა მე, განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვისა, წოდებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული, და დღე ნაცვლისმოგებისა ღმრთისა ჩემისა, ნუგეშინის-ცემად ყოველთა მგლოვარეთა, მიცემად მგლოვარეთა სიონი დიდებად, ნაცრისა წილ საცხებელი შუებისაჲ მგლოვარეთა, სამკაული დიდებისაჲ სულისა წილ მოწყინებისა, და იწოდნენ: ნათესავებ სიმართლისა, დანერგულ უფლისა სადიდებელად".

[29] შდრ. ლკ. 4. 18-19.

[30] ფს. 23. 7-8.

[31] საქ. მოც. 7.48.

[32] საქ. მოც. 17. 24-25.

ტეგები: Bible, Esaia, Holy, Prophet, Qwelly, ბიბლია, განმარტება, ეგზეგეტიკა, ესაია, წინასწარმეტყველი

ნახვა: 1369

გამოხმაურებები!

ლაშა მადლობა რომ არ გითხრა არ შემიძლია.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters